„ახალი ყრმის“ იდეალი დავით გურამიშვილის „დავითიანის“ მიხედვით
თვითშემეცნება ადამიანის უმთავრესი მოვალეობაა. ჯერ კიდევ ანტიკურ ხანაში სწავლის მსურველ ყმაწვილებს აფრთხილებდნენ, რომ ნებისმიერი ცოდნის დაუფლების წინაპირობა, უპირველესად, საკუთარი თავის შესწავლა იყო. სოკრატეს თქმით, თვითშემეცნება გზაა, საშუალებაა სულისა, გახდეს უკეთესი და აღმოაჩინოს თავისი ღვთაებრივი საწყისი, რაც პლატონის ფილოსოფიურ მოძღვრებაშია შემონახული: „...ვინც მასში იხედება და, ამრიგად, შეიცნობს მთელს მის ღვთაებრიობას, თვით ღმერთსა და სიბრძნეს, ყველაზე უკეთ შეიცნობს საკუთარ თავსაც“ [პლატონი, 2013:240]. ეს არის აგრეთვე ქრისტიანობის – „ახალი ბუნებითი რჯულის“ – უმთავრესი მოწოდება. იგი სინანულით, სამყაროს შეცნობით და თვითდაკვირვებით ხორციელდება. დავით გურამიშვილის შემოქმედებაც თვიშემეცნების კვალობაზე შექმნილი პოეტური ნიმუშებისაგან შედგება. პოეტს სამყაროს საიდუმლოებათა ამოსახსნელად უმთავრეს გზად საკუთარი თავის შეცნობა დაუსახავს. „დავითიანში“ „შეიცან თავი შენი“ ხორციელდება „ქრისტიანული სოკრატიზმის“ ფორმით“ [სირაძე, 1980:127]. რელიგიური თვალთახედვით, თვითშემეცნება „განმღრთობის“ წინაპირობაა. „იყვენით თქუენ სრულ, ვითარცა მამაჲ თქუენი ზეცათაჲ სრულ არს“ [მათე, 5:48], – ქადაგებს უფალი. „განსრულებისთვის“ კი ავტორი, უპირველესად, პოეტური გზით აცნობიერებს თავის პიროვნულ, ეროვნულ თუ ზოგადადამიანურ „მეს“, ამიტომაც თავისი თავი თხზულების მთავარ პერსონაჟად აქცია. პროფ. რ. სირაძე შენიშნავს, რომ ფროიდისტული „მეს“ იდეალისაგან („ბავშვური ნარცისიზმი“) განსხვავებით, პოეტის ლირიკული „მე“ უფრო „ცნობიერია“; იგი „რეფლექსირებულია მსოფლმხედველობითი მთელი კომპლექსით, პირადულითაც და საზოგადოებრივითაც“ [სირაძე, 1980:127].
ადამიანის დანიშნულებაზე დაფიქრებული დავით გურამიშვილი თვითშემეცნების ოთხ ეტაპს ასახელებს:
„ყმაწვილი უნდა სწავლობდეს საცნობლად თავისადაო:
ვინ არის, სიდამ მოსულა, სად არის, წავა სადაო“ [გურამიშვილი I, 2013:19]? – სწორედ ამ ოთხი შეკითხვის დასმითა და მათი პასუხების ძიებით იმეცნებს კაცი თავის თავს. ამქვეყნიური ცხოვრება დროა, რომელსაც სულის სამარადჟამო სამყოფლამდე მიჰყავს ადამიანი. კაცი უბრუნდება თავის პირველსაწყისს, ღმერთს, შესაბამისად, მიისწრაფვის „წინ“ წარსულისაკენ. ნეტარი ავგუსტინე თავის „აღსარებანში“ შენიშნავს: „საიდან მოედინება, რა გზით მიდის და საით მიემართება დრო, როდესაც მას ვზომავთ? საიდან, თუ არა მომავლიდან? რა გზით, თუ არა აწმყოს გავლით? საითკენ, თუ არა წარსულისაკენ ?“ [ნეტარი ანგუსტინე, 2010:118]. მისი თქმით, დრო-ჟამი, შესაძლოა, „ერთგვარი განფენილობაა სულისა“ [ნეტარი ანგუსტინე, 2010:123], სულისა, რომელიც მიილტვის სათავისკენ. უფალთან, როგორც პირველსაწყისთან მისასვლელ გზაზე გავლა გულისხმობს გონებით ჭვრეტის შესაძლებლობასა და ღვთაებრივი სიყვარულით სულიერ განახლებას. ეს გზა განსაზღვრულია დრო-ჟამსა და სივრცეში და ადამიანის ამქვეყნიური ცხოვრების ოთხ ეტაპს მოიაზრებს: ეს არის დაბადება, ზრდა, სიბერე და სიკვდილი.
„დავითიანი“ ღვთისაკენ მავალი ლირიკული გმირის სულიერი განვითარების გზებს წარმოაჩენს. გარკვეული გამოცდილებით აღსავსე ავტორი მკითხველთა შორის ყრმებს, თვითშემეცნების გზაზე შემდგარ ყმაწვილებს, უძღვნის თავის წიგნს. შესაბამისად, სადა, მარტივად გასაგები ენით გადმოსცემს სათქმელს. პოეტი ირჩევს იგავურ-ალეგორიული თხრობის პრინციპს, რაც შუასაუკუნეების ლიტერატურაში სათქმელის გადმოცემის გავრცელებული ფორმა იყო. დავით გურამიშვილი ქრისტიანული თავლთახედვით აღიქვამს დრო-ჟამს. უკვე მოხუცი პოეტი არ ივიწყებს თავის განვლილ ცხოვრებას და ცდილობს, მისი გაანალიზების საფუძველზე, დასახოს ზეციერთან მისაახლებელი გზები. „დავითიანი“ არ არის პოეტის შინაგანი ევოლუციის ქრონოლოგიური პრინციპით ასახვა, არამედ – გარკვეულ სულიერ სიმაღლეს მიღწეული ადამიანის მთლიანი აღსარება. მასში გაანალიზებულია პიროვნების მთელი არსებობა“ [გრიგოლაშვილი, 1979:78]. აშკარაა, რომ ლირიკული გმირი წარმოჩნდება, როგორც ღრმად მოხუცი, რომელიც გამოცდილ და მშვიდ მზერას აგებებს მკითხველს: „თესლ-აშრეტით გამახმო და უნაყოფოდ დამაბერა” [გურამიშვილი I, 2013:137]; „ნაღვლით დღენი შემიმოკლა, აღარა მაქვს, დამელია; ყველა მწარედ გარდამექცა, რაც რამ ტკბილად დამელია“ [გურამიშვილი I, 2013:138], – სინანულით წერს დავით გურამიშვილი. ლექსში „ზუბოვკა“ ლამაზი ქალი სწორედ სიბერის და გარეგნობის გამო იწუნებს გამიჯნურებულ პოეტს: „არ მინდიხარ, არ მიყვარხარ, სხვა მყავს კარგი მყვარი, შენგან თვალად უკეთესი, ვაჟი-კაცი ქმარი“ [გურამიშვილი I, 2013:190]. ყმაწვილ კაცზე შეყვარებული ქალი იწუნებს მოხუც სატრფოს. პოემაში „კაცისა და საწუთროს ცილობა და ბჭობა, ერთმანეთის ძვირის ხსენება“ აღწერილია წუთისოფლისა და ადამიანის დიალოგი. მოპაექრე კაცს (ავტორის ლირიკული სუბიექტი) ასე ებაასება: „შვიდ-ათას-ორას-ოთხმოც-და ორისა მე ვარ წლისაო, შენ მე საწუთროს მეძახი, წლისა სამოც-და-ცხრისაო ?“ [გურამიშვილი II, 2013:25]. პოეტის ლირიკული გმირი 69 წლის მოხუცი ყოფილა. საანდერძო, საეპიტაფიო, მოსახსენებელ და ამ ტიპის სხვა ლექსებში უკვე სიკვდილს მიახლოვებული პოეტის სულის ღაღადისი ისმის. ამრიგად, „დავითიანის“ ავტორი ასაკოვანი და, შესაბამისად, გარკვეული სულიერი გამოცდილების მქონე ადამიანია.
პოეტი მომავალ თაობებს უზიარებს თავის გამოცდილებას, აფრთხილებს, რჩევა-დარიგებებს აძლევს და საკუთარ „შეცდომებზე“ წვრთნის მათ: „აწ გაფრთხილდით“, „…ჩემსავით ნუ მოსცდებით“, „…რომე არ წარწყმნდეთ“ [გურამიშვილი II, 2013:9]. ამ თვალსაზრისით, დავით გურამიშვილი მკითხველის წინაშე წარდგება, როგორც მასწავლებელი, დიდაქტიკოსი. პოეტი სინანულით იგონებს თავის განვლილ ყოფას და მოძღვრავს ახალგაზრდობას, რომელიც, თუ წინაპრის გზაზე ივლის, უკეთეს მომავალს შექმნის, თუ არა და გამოუცდელობით ადვილად დამარცხდება: „ბერს უმძიმს, ყრმას მსუბუქ უჩანს“ [გურამიშვილი II, 2013:9]. გამოცდილ ადამიანს ავ-კარგის ადვილად გარჩევის უნარი აქვს, ამიტომაც აფრთხილებს ყრმებს. ეს დამრიგებლური ტონიც მხცოვანების შედეგია. „დავითიანში“ „წარმოჩენილია საფუძველი და მოტივაცია (როგორც უფლება) დიდაქტიზმისა. ეს არის გამოცდილებით დაგროვილი ცოდნა და გარკვეული დისტანცირება პრობლემატიკისგან“ [კარიჭაშვილი, 2009]. გზაგანვლილი პოეტი მიმართავს მომავალ თაობებს, სიბრძნით მოძღვრავს და ცდილობს, საკუთარ გამოცდილებათა გაზიარებით გზა-სავალი გაუკაფოს მათ:
„...განისწავლენით, ჯამბაზთებრ არეთ.
რომ არ ჩასცვივდეთ, დაიწვნეთ მწარეთ!“ [გურამიშვილი II, 2013:192].
„მხიარულ ზაფხულშიც“ ავტორის დამრიგებლური სიტყვები მოისმის. პოემის მხცოვან გმირს სათქმელში ავტორის ლირიკული სუბიექტი ენაცვლება. იგი ზრუნავს ახალგაზრდა წყვილის უბიწოებაზე და რჩევა-დარიგებებს აძლევს მათ. სხვაგან პოეტი პირდაპირ აცხადებს, რომ მისი მიზანია ცოდვა-მადლის ერთმანეთისაგან გარჩევა, რათა „სხვა გაფრთხილდეს, მისებრ ცრემლი თვალთა არვინ ჩაიდინოს“ [გურამიშვილი I, 2013:46]. გარკვეული სულიერი გამოცდილების წყალობით, ავტორი თავის გამოცდილებას უზიარებს შთამომავლებს და „მომდევნო მაძიებელს შემეცნების ბილიკს გაუკაფავს“ [ღაღანიძე, 2002]. ამ საქმეში დავით გურამიშვილს მიმდევრები XIX საუკუნეში გამოუჩნდნენ. ნიკოლოზ ბარათაშვილის „მერანის“ მხედრის ბედის საზღვრის გადალახვის დაუოკებელი სულისკვეთება მომავალ თაობასაც უკაფავს წუთისოფლის ეკლიან გზას. ერთადერთი, რაც ამ უიმედო ბრძოლაში ანუგეშებს, ის არის, რომ მის სულიერ შთამომავალს გაუადვილდება ამ გაკვალულ გზაზე სვლა („მერანი“). პოეტის სურვილი თავისი არსით დავით გურამიშვილის სათქმელს ეხმიანება. ვაჟა-ფშაველას ახალგაზრდა მგოსნებისადმი მიძღვნილი „სიმღერაც“ გამძლეობისა და სულიერი სიმტკიცის შენარჩუნებისაკენ მოწოდებაა. პოეტის ლირიკული გმირი თვითდაკვირვების შედეგად იმეცნებს საკუთარ ცოდვებსა თუ ღირსებებს და თავისი გამოცდილების გაზიარების გზით გამოხატავს სათქმელს. ლიტერატურულ მემკვიდრეებს, უპირველესად, წინამორბედი ავტორის შინაგანი ბუნების წვდომის შესაძლებლობა აჩენს. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ „დავითიანის“ ტექსტის გაცნობა მკითხველისგან ერთგვარ მზაობას მოითხოვს. მკვლევარი ჟ. ჟენეტი შენიშნავდა, რომ ლიტერატურა თითქოს სარკეა, რომელიც მკითხველის ნაკვთებს ირეკლავს. მისი თქმით, ლიტერატურის ისტორია რეალურად „კითხვის ხერხების ისტორიაა“ [ჟენეტი, 2010].
მომხსენებლების თუ სულიერი მემკვიდრეების გაჩენის მოსურნე დავით გურამიშვილმა ყმაწვილები აირჩია მკითხველებად, ყრმათ მიუძღვნა თავისი „დავითიანი“:
„ამისთვის მე არ შევსძეძვე, რაც დავრგე იგავთ ხე ველად,
უფრო ადვილად აღვლიან ზედ ყრმანი დასარხეველად.
სასმელად უძღვენ თერმონი, არ ცუდად დასანთხეველად.
ყრმათ შევავედრე ეს წიგნი, არ შექმნან დასახეველად“ [გურამიშვილი I, 2013:4].
ყრმა, უპირველესად, ასაკობრივ სიმცირეს ნიშნავს. სულხან-საბა ორბელიანის განმარტებით, „ჩჩვილი“ ეწოდება ხუთ წლამდე ბავშვს, თხუთმეტიდან ოც წლამდე ახალგაზრდა „ყრმად“ იხსენიება, ოციდან ოცდაათ წლამდე ასაკი „ჭაბუკობის“ ხანად მოიაზრება, ოცდაათიდან ორმოცდაათ წლამდე ადამიანი იწოდება, როგორც „სრული კაცი“; ხოლო ცხოვრების შემდეგი წლები უკვე სახელდება, როგორც „მოხუცებულობის“, „სიბერის“, „მიხრწნილების“, „ჭარმაგობისა“ და „მხცოვანების“ პერიოდები [ორბელიანი I, 1991:360]. ამრიგად, ყრმობა, ერთი მხრივ, კონკრეტულ ასაკში (15-დან 20 წლამდე) მყოფი ადამიანის მდგომარეობაა. ამდენად, შესაძლოა, დავით გურამიშვილი სწორედ ასეთ ყმებს, ყმაწვილებს, ირჩევს თავის მკითხველებად.
ქრისტიანული თვალსაზრისით, „ყრმობას“ ორგვარი კონოტაცია აქვს, გარდა ასაკობრივი სიმცირისა, გარკვეული სულიერი მდგომარეობის გამომხატველია. იგი მოზარდსაც გულისხმობს და სულით წრფელ კაცსაც. „ყრმა“, მეორე მნიშვნელობით, წრფელ, უმანკო გულის ადამიანს ნიშნავს. ვინაიდან „დავითიანის“ უმთავრესი პარადიგმა ბიბლია, კონკრეტულად კი „დავითნია“ [სირაძე, 1992 : 159], პოეტის „ლირიკული აზროვნება ფსალმუნურია“ [სირაძე, 1992 : 160], „ყრმობის“ ამგვარი გაგებაც წმიდა წიგნიდან მომდინარეობს. „პირითა ყრმათა ჩჩვილთა მწოვართაჲთა დაამტკიცე ქებაჲ“ [ფს. 8:2]. ეს სიტყვები თავად იესომ დაიმოწმა, როდესაც ბზითა და ბაიის რტოებით მოფენილი გზით დიდებით შებრძანდა იერუსალიმში [მათე, 21:16]. ქალაქისკენ მიმავალ მაცხოვარს ყველაზე თავმდაბლად სწორედ პატარები მიეგებნენ. ისინი სამოსს იხდიდნენ და ფეხთქვეშ უგებდნენ წმიდა მხედარს. იესოს თქმით, სასუფევლის კარი მათთვისაა ღია. წმ. პეტრე მოციქულის სწავლებით, ქრისტიანული სარწმუნოების მიმღებმა ადამიანმა უარი უნდა თქვას ყოველგვარ უკეთურებაზე და, როგორც ახალშობილი ყრმა, მხოლოდ „სიტყვიერ რძეს“ დაეწაფოს. წმ. ბასილის დიდი 114-ე ფსალმუნის განმარტებაში წერს, რომ ყრმობა, სიჩვილე მცირეწლოვანსაც ნიშნავს და ადამიანის მიერ საკუთარი თავის „ბავშვის თვინიერებამდე“ [ბასილი დიდი, 2002:202] მიყვანასაც.
ქართულ და ბერძნულ ხატწერაში ყრმა იესოს „მოხუცებულისათვის ნიშნეული ბრძნული იერით“ [ფარულავა A, 2005:36] გამოსახვა გავრცელებული ტრადიცია იყო, რითაც მაცხოვრის ბავშვურ სახეზე აღბეჭდილი მომავალი ღვაწლის სიმძიმის მტვირთველობა გამოიხატებოდა. აგრეთვე ყრმა იესოს სახე სწორედ ღვთის მადლის ბავშვური გულით მიღებისაკენ მოუწოდებდა მორწმუნეებს. ქართულ ჰაგიოგრაფიაშიც არა ერთხელ გამოვლინდა „სიყრმის“ სულიერი სიწრფელის, ხოლო „სიბერის“ ასაკობრივი მდგომარეობის (და პირიქით) მნიშვნელობით აღნიშვნის შემთხვევა. გიორგი მერჩულე ჭაბუკ წმ. გრიგოლს ახასიათებს, როგორც „გონების მოხუცებულობით“ გამორჩეულს. წმ. გიორგი ათონელის მოხსენიებისას კი ჰაგიოგრაფი ყურადღებას ამახვილებს ბერის „მოხუცებულობით შემკულ“ სიყრმესა და „სიბერით განშვენებულ“ სიჭაბუკეზე.
დავით გურამიშვილის სააზროვნო მოდელი (იგავურ-ალეგორიული თხრობა) სწორედ სათქმელის ორმაგობას ითვალისწინებს. პირველ ყოვლისა, შესაძლოა, პოეტი მართლაც ყმაწვილებს, მოზარდებს უძღვნის თავის პოეზიას (ზემოთაც აღინიშნა, რომ გამოცდილი მოხუცი ჭკუის სასწავლებელ გაკვეთილებს უტარებს თავის ნორჩ მკითხველებს). ამასთან, მას სურს, სახელი დაიმკვიდროს მომავალ თაობებში: „მოსახსენებლად ჩემდა ყრმათ უმზადე ტკბილი მაჭარი“ [გურამიშვილი I, 2013:4], – წერს ავტორი. კარგი მკითხველის წყალობით დავით გურამიშვილი სულიერ მემკვიდრეებს შეიძენს. ისინი გაფრთხილდებიან და უკეთეს მომავალს შეიქმნიან. მათი სახით პოეტი მომხსენებლებს, მისთვის მლოცველებს შეიძენს:
„...თუ არ შევკრებ და არ უძღვნი ყრმათ ია-ვარდის კონებსა,
ცოცხალიც არვის ვახსოვარ, მკვდარს ვინღა მამიგონებსა?!“ [გურამიშვილი I, 2013:11].
„დავითიანის“ ავტორისთვის, უპირველესად, მნიშვნელოვანია პოეტური სიტყვის ღვთის სიტყვასთან, „ლოგოსთან“, თანაზიარება, ქრისტეს თავდადებისადმი მადლიერების გამოხატვა. იმავეს მოუწოდებს მკითხველებსაც, რომელთაც საამისოდ ღვთაებრივი სიყვარულით „განორჩებული“ გული უნდა ჰქონდეთ:
„დავითიანი ვსთქვი დავით გურამიშვილმან გვარადო,
ხილად ვსთქვი სიტყვა ღვთისა და ძე კაცთა ნორჩის მგვანადო;
ცხოვრების წყაროს უხსენე ხე ცხოვრებისა ღარადო,
ამად ვსთქვი ჯვარზედ ვნებული, ცრემლნი იდინოთ ღვარადო“ [გურამიშვილიI, 2013:4].
„დავითიანის“ ავტორს მიაჩნდა, რომ პოეზიამ ღმერთი უნდა „გამოთქვას“ [ფარულავაB, 2005]. ქრისტიანულად მოაზროვნე დავით გურამიშვილი წერს: „ბერს გამოცდილს არა ვჰკადრებ, მოგახსენებ ახალ ყრმათა“ [გურამიშვილი I, 2013:21]. „ახალი ყრმა“ ახალი აღთქმის ადამიანია, რომელსაც საღვთო ნათლით გული განუწმენდია და სული სიწრფელით განუახლებია. წმ. დავითიც თავის ცნობილ 50-ე ფსალმუნში „ახალი კაცის“ იდეალს წინასწარმეტყველებდა: „გული წმიდაჲ დაჰბადე ჩენთანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა“ [ფს. 50:10]. განახლება სულიერად გაჭაბუკებას ნიშნავს. ამ აზრის გამომხატველია ცნობილი ფსალმუნური სიტყვებიც: „განახლდეს, ვითარცა ორბისა, სიჭაბუკე შენი“ [ფს. 102:50]. „ახალი კაცის“ იდეალი არა ერთხელ ასახულა ქართულ მწერლობაში: „ახალი ნინო“ („ქებაჲ და დიდებაჲ ქართულისა ენისაჲ“), „ახალი პავლე“ – აბიათარი („მოქცევაჲ ქართლისაჲ“)...
„ახალი კაცის“ პირველსახე თავად ქრისტეა. სწორედ ამას გულისხმობს დემეტრე მეფის საგალობლის ცნობილი სიტყვები, რომელთა მიხედვით, ჰიმნოგრაფი ღვთისმშობელს „ახლად აყვავებულ“ ვენახს უწოდებს. „ახალი“ და „ძველი“ ღმერთი ერთი და იგივე ღმერთია, ოღონდ მამა-ღმერთში განსაკუთრებით აღნიშნულია მისი სიძველე, ხოლო ძე-ღმერთში – სიახლე“ [წერეთელი, 2005]. „ახალს“ ქრისტეს სახე-სიმბოლოდ მოიაზრებს დავით გურამიშვილიც:
„ვირემდის განახლდებოდა ძველი დღე - ღამე მზიანი,
იფქლი კალოზედ ეყარა, განურჩეველი ბზიანი,
ახალმან დღემან განწმინდა ღვარძლიან-ნაკმაზიანი,
მის დღითგან მოჩანს გარჩევით სარგებელი და ზიანი.
სანამ დღე ძველი დღეს ახალს ჩვენ დღედ არ გაგვითენებდა,
მანამდის ჩვენსა დაშლილსა ვერავინ აღაშენებდა,
რა დღე გათენდა ახალი, ქვეყანას განამშვენებდა.
ყურითაც კარგსა გვასმენდა, თვალითაც კარგს გვიჩვენებდა“ [გურამიშვილი II, 2013:10].
ყრმის მადლით სავსე სული ადვილად სწვდება საღვთო ჭეშმარიტების არსს და სწორედ ესაა ადამიანის სულიერი გაჭაბუკების საწინდარიც. ნეტარი ავგუსტინე სიჭაბუკის უპირველეს ნიშნად სიყვარულს, ადამიანში უმაღლეს ღვთაებრივ უნარს, მოიაზრებდა. წმ. დავით აღმაშენებელი კი წერდა, რომ ღვთაებრივ მადლთან წილნაყარი პიროვნება ხელახლა იბადება ქრისტეში, ზეციური ძალით ხდება მისი „ახალი ხატყოფაჲ“ („გალობანი სინანულისანი“). ქრისტიანობა უფლის ხატება-მსგავსებით შექმნილ ადამიანში ბადებს „ახალ კაცს“. მისი საშუალებით „უკუგანახლება და თითქოსდა ხელახალშექმნა მოხდა ადამიანური ბუნებისა ქრისტეში“ [ფარულავაA, 2002:55]. დავით გურამიშვილიც თავისი კრებულის ყრმათათვის შევედრებით სწორედ ქრისტიანულ ტრადიციას მიჰყვება. „დავითიანში“ ასახული საღვთო სიბრძნით ნაკარნახევი ამბები „ჭაბუკური ცნობიერებით“ [სირაძე, 1992:161] უნდა განჭვრიტოს მკითხველმა.
ყრმობის ამგვარი გაგებითაა შთაგონებული ნიკოლოზ ბარათაშვილის ლექსი „ჩვილი“. ავტორი ბავშვს „სასუფევლის ენით“ ამეტყველებულს უწოდებს. პოეტის აზრით, ყრმა უმანკო, წრფელია, შესაბამისად, ყრმობა სულის თავისუფლების ზეიმია. პოეტის თქმით, ყრმობის ხანაში ადამიანს დრო-ჟამი „დაჰხარის“ („ჩვილი“).
აქვე აღსანიშნავია გალაკტიონ ტაბიძის ლექსი „მთვარის ნაამბობიდან“, რომლის მიხედვით, შოთა რუსთაველი მეოცნებე ბავშვად იხსენიება: „რუსთაველი მახსოვს ბავშვი, ოცნებობდა ოქროს ნავში“ [ტაბიძე, 1988:415]. სამეცნიერო ლიტერატურაში არსებობს მოსაზრება, რომლის თანახმად, „რუსთაველის ოცნება იმ ახალი აზროვნების ოცნებაა, რომელიც გვიანდელ შუასაუკუნეებში იბადება, რენესანსის ეპოქაში მწიფდება და კაცობრიობის ცივილიზაციის ახალ ეტაპს დაიწყებს“ [ხინთიბიძე, 2004:121]. მიუხედავად ამგვარი შეხედულებისა, შოთა რუსთაველის ღვთაებრივი ოსტატობის წყაროდ ბავშვური გულწრფელობის დასახელებაში, შესაძლოა, პოეტის სულიერი „სიჩვილე“ იგულისხმება.
ვინაიდან „დავითიანის“ ავტორის ძირითადი მიზანი საკუთარი თავის შემეცნებაა, მას აგრეთვე სურს სულიერი განახლება და „ყრმური თვალით“ ჭეშმარიტების ჭვრეტა. ამავდროულად, პოეტი ყოფის საზრისის შეცნობას ხანში შესულიც დაუღალავად ცდილობს.
ჭეშმარიტების მიგნება მხოლოდ გაჭაბუკებული ცნობიერებისთვისაა ხელმისაწვდომი. გილგამეშის უძველესი ეპოსის თანახმად, უკვდავების მაძიებელი გმირიც, წინაპართან მისული, დარწმუნდა რა ადამიანის სისუსტეში, დაუძლურებული დაეძებდა „სიჭაბუკის ბალახს“. იგი ჩავიდა ოკეანის ფსკერამდე, „სიღრმე იხილა“ [კიკნაძე, 2009], მაგრამ იქიდან ამოტანილი ბალახი მოსტაცა გველმა; გმირმა ნახა, თუ როგორ გამოიცვალა პერანგი ქვეწარმავალმა და „განიახლა სიჭაბუკე“ (გრიგოლ რობაქიძის „გველის პერანგის“ მიხედვითაც, არჩიბალდ მეკეშის სამშობლოში დაბრუნების და, შესაბამისად, წარსულის განახლების დაუოკებელი სურვილი სწორედ ქვეწარმავლის მიერ სხეულის განახლების შემზარავ სცენაშია სიმბოლიზებული). უძველესი ეპოსი ასახავს გმირის პიროვნული სრულყოფის პროცესს და „თანდათანობით სუბლიმაციას – ფიზიკური გმირობიდან სულიერ გმირობამდე“ [კიკნაძე, 2009].
თვითშემეცნების ამგვარი კონცეფციის საფუძვლები დანტე ალიგიერის „ღვთაებრივ კომედიაშიც“ ვლინდება. ტექსტის დასაწყისშივე პოეტი წერს: „უსიერ ტყეში ცხოვრების ნახევარგზაზე ანაზდეულად გამოვფხიზლდი გზადაკარული“ [დანტე, 2012: 5]. „გამოფხიზლებული“ გმირი იწყებს სამყაროზე ფიქრსა და ადამიანის ამქვეყნიური ხვედრის განსჯას. მხცოვანი პოეტის ჭაბუკური მზერა პირველმიზეზისკენ, საწყისისკენ არის მიპყრობილი, რათა აღსასრულის წინაშე პირისპირ წარმდგარმა განწმენდილი გულით, ბავშვური გულწრფელობით „ჭაბუკურად განახლებული“ თვალი გაუსწოროს სიკვდილს.
მსგავსი შეხედულება ჩანს აკაკი წერეთლის შემოქმედებაშიც. მისი თქმით, ღვთაებრივი სიბრძნითა და სიყვარულით სავსე გულს „რას მოუშლის თმა ჭაღარა? რას დააკლებს ხნოვანება?“ („რაც არ იწვის, არ ანათებს“), სხვაგან ადამიანისა და ღმერთის სიყვარულით შერიგებით გახარებული პოეტი კი საოცარი სიცხადით გრძნობს სულის გაჭაბუკებას: „...თითქოს ჭაბუკი ვიყო მე ახლა და ვყოფილიყო მოხუცი ძველად“ („ ქებათა ქება“). სიბერის ჟამს ბავშვური გულწრფელობის შენარჩუნება სიმბოლურად ღვთის მადლის მიღების მზაობის გამომხატველია. აკაკი წერეთლის ამ სიტყვებში „იგულისხმება ის სიწმინდე, სიწრფელე და უმანკოება გულისა, რომელიც ერთადერთი მასპინძელია ღვთისა ადამიანის პიროვნებაში“ [ფარულავაA, 2005:35].
ბავშვობის ხანა ყველაზე გულწრფელ და ნამდვილ დროდ აღიქმება ლევ ტოლსტოის გმირის, ივან ილიჩის, მიერ („ივან ილიჩის სიკვილი“). ერთადერთი ნათელი კვალი მომაკვდავის სულში სწორედ ყრმობამ დატოვა.
არტურ შოპენჰაუერის თანახმად („ ცხოვრების სიბრძნის აფორიზმები“), ახალგაზრდობა ცხოვრების ნარატივად, ხოლო სიბერე – განვლილის შეფასებად მოიაზრება: „ჩვენი ცხოვრების პირველი ორმოცი წელი ტექსტია, მომდევნო ოცდაათი წელი კი – ამ ტექსტის კომენტარი, რაც საშუალებას გვაძლევს, ჩავწვდეთ მის ჭეშმარიტ აზრსა თუ თანმიმდევრობას, იმავდროულად, შევიცნოთ მისი ყველა დეტალი თუ ზნეობრივი მიმართულება“ [შოპენჰაუერი, 2010:298]. მისივე შეხედულებით, წარსული ცხოვრებისთვის თვალის დევნება ადამიანს საბოლოოდ საკუთარი თავის შემეცნებისკენ მიიყვანს.
ანალოგიურია თომას მანის რომანის „ლოტე ვაიმარში“ გმირის, გოეთეს, სათქმელიც. აღნიშნულ ნაწარმოებში უკვე ჭარმაგი მოხუცი აღნიშნავს: „ადამიანმა იცის თავის მდგომარეობათა გამეორება: სიჭაბუკე – სიბერეში და სიბერე, როგორც სიჭაბუკე; მას ძალუძს, გამოვლილი ცხოვრებით ერთხელ კიდევ იცხოვროს, ოღონდ გონებით განმტკიცებული, ამაღლებული გაახალგაზრდავება მიმადლებია, ეს კი ჭაბუკურ შიშსა და გაუბედაობაზე, უძლურებასა და უგულობაზე გამარჯვებაა, ეს სიკვდილის შემბოჭველი წრის შეკვრაა“ [მანი, 1986:254].
ამ თვალსაზრისით უაღრესად საინტერესოა ფრენსის სკოტ ფიცჯერალდის მოთხრობა „ბენჯამინ ბატონის უცნაური ისტორია“, რომელშიც მხატვრული ოსტატობითაა ნაჩვენები სულისა და ხორცის გაჭაბუკების ამბავი. საბოლოოდ, მოხუცად შობილი ბავშვად კვდება... ამავე სულისკვეთებითაა განმსჭვალული დიდი გეტსბის თავდაუზოგავი ბრძოლა წარსულის დასაბრუნებლად, ყველა გზის: კანონიერის თუ უკანონოს – გავლა დაკარგულის კვლავ მოსაპოვებლად. ფინალურ ნაწილში მთხრობელი შენიშნავს: „დინების საწინააღმდეგოდ მივცურავთ და უკანვე ვეშვებით შეუჩერებლად ჩვენს წარსულში“ [ფიცჯერალდი, 2015:176].
„დავითიანში“ რეალური გმირის ლიტერატურულ სუბიექტად გარდაქმნის მაგალითია მოცემული. ნაწარმოების მიხედვით, ხშირად ძნელია, ზღვარი გაავლო ნამდვილსა და პოეტურ წარმოსახვას შორის. მეტიც, მკითხველისთვის ძირითადად სწორედ მხატვრული სინამდვილეა მთავარი. პოეტი იხსენებს თავის წარსულს. მისთვის რეალობა მნიშვნელობს იმდენად, რამდენადაც მას აქვს სიმბოლური დატვირთვა. ეს გარემოება გარკვეულწილად განპირობებულია იმით, რომ დავით გურამიშვილი წარსულის გახსენებითა და გაცოცხლებით თავად „ფაქტს აახალგაზრდავებს და საკუთარ ახალგაზრდობასაც იბრუნებს. მოგონებათა სამყაროს ხელახალი გაცოცხლებით, თავის მიმდინარე დროში წარსულის შემოტანით პოეტი საკუთარი იმჟამინდელი დროის საზღვრებს აფართოებს“ [ღაღანიძე, 2002].
ამრიგად, დავით გურამიშვილის ლირიკული გმირი ტექსტში წარმოდგება, როგორც მხცოვანი კაცი, რომელიც, ერთი მხრივ, თავის წიგნს უძღვნის და გამოცდილებას უზიარებს ყრმებს, მეორე მხრივ, თავად სურს, ჭაბუკური სულით იცხოვროს, რადგან გულის „განახლება“, „გაჭაბუკება“ ღმერთთან ახლოს ყოფნის საწინდარია. ყრმობა, ქრისტიანული თვალთახედვით, გარდა ასაკობრივი სიმცირისა, გულწრფელობასა და უმანკოებასაც გულისხმობს. სულის გაჭაბუკების მრავალნაცადი გზა კი, საღვთისმეტყველო ტრადიციებიდან გამომდინარე, წარსულისკენ ლტოლვაა პირველსაწყისთან, ღმერთთან, დასაბრუნებლად.
ლიტერატურა
ახალი აღთქმა 2003 |
საქართველოს საპატრიარქოს გამომცემლობა; თბილისი. |
ბასილი დიდი 2002 |
თხზულებანი; საქართველოს საპატრიარქოს გამომცემლობა; თბილისი. |
გრიგოლაშვილი ლ. 1979 |
„დავითიანის“ მხატვრული სამყარო; ქართული ენა და ლიტერატურა სკოლაში; თბილისი. |
გურამიშვილი დ. 2013 |
„დავითიანი“; ორტომეული; გამომცემლობა „პალიტრა L”; თბილისი. |
დანტე ალიგიერი 2012 |
„ღვთაებრივი კომედია“; გამომცემლობა „პალიტრა L“; თბილისი. |
ლიტერატურის თეორია 2010 |
ქრესტომათია I, ლიტერატურის ინსტიტუტის გამომცემლობა; თბილისი. |
მანი თ. 1986 |
„ლოტე ვაიმარში“, გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“; თბილისი. |
ორბელიანი ს.ს. 1991 |
„ლექსიკონი ქართული“ I, გამომცემლობა „მერანი“; თბილისი. |
პლატონი 2013 |
„პირველი ალკიბიადე“; „ადრეული დიალოგები”; წიგნი I, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა; თბილისი. |
სირაძე რ. 1980 |
„დავით გურამიშვილის მეორე პოეტური „მე“; „წერილები“; გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“; თბილისი. |
სირაძე რ. 1992 |
„დავითიანი“ და ბიბლია“; „ქრისტიანული კულტურა და ქართული მწერლობა“; I; თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა; თბილისი. |
ტაბიძე გ. 1988 |
თხზულებანი ორ წიგნად; წიგნი I; ლექსები; გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“; თბილისი. |
ფარულავა გრ. 2005 |
„აკაკი წერეთლის ქრისტოლოგიური მსოფლშეგრძნებისათვის“; აკაკი; კრებული II; თსუ; თბილისი. |
ფარულავა გრ. 2002 |
„ადამიანი – ხატი და მსგავსი ღვთისა“; ლიტერატურული ჟურნალი „საგურამო“,#3. |
ფიცჯერალდი ფ.ს. 2015 |
„დიდი გეტსბი“; გამომცემლობა „პალიტრა L”;თბილისი. |
ფსალმუნნი 2000 |
საქართველოს საპატრიარქოს გამომცემლობა; თბილისი. |
ხინთიბიძე ე. 2004 |
„რუსთაველი მახსოვს ბავშვი“; გალაკტიონი და რუსთაველი; გალაკტიონოლოგია III; შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი; თბილისი. |
ჟერარ ჟენეტი 2010 |
„ლიტერატურის უტოპია“; მთ. მალხაზ ხარბედია; „ლიტერატურა - ცხელი შოკოლადი“ http://arilimag.ge/%E1%83%9F%E1%83%94%C2%AD%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%A0-%E1%83%9F%E1%83%94%C2%AD%E1%83%9C%E1%83%94%C2%AD%E1%83%A2%E1%83%98-%E1%83%9A%E1%83%98%C2%AD%E1%83%A2%E1%83%94%C2%AD%E1%83%A0%E1%83%90%C2%AD/ |
კარიჭაშვილი ლ. 2009 |
„ვეფხისტყაოსნისა“და„დავითიანის“ტიპოლოგიურიმიმართების საკითხები“; ლიტერატურათმცოდნეობისთანამედროვეპრობლემები (II საერთაშორისოსიმპოზიუმი, (ნაწილი I); საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა; თბილისი http://www.nplg.gov.ge/gsdl/cgi-bin/library.exe?e=d-00000-00---off-0civil2-civil2-01-1--0-10-0--0-0---0prompt-10--.%2e-4----4---0-0l--11-en-00---10-ru-50--00-3-help-00-0-00-11-1-0utfZz-8-00-0-11-1-1utfZz-8-00&a=d&c=civil2&cl=CL2.13&d=HASHfe019df1b0e15b319b1ff0.27#HASHfe019df1b0e15b319b1ff0.27 |
კიკნაძე ზ. 2009 |
„გილგამეშის ეპოსი“; ლიტერატურა; საუბრებილიტერატურასადა ხელოვნებაზე; სამოქალაქოგანათლებისგანყოფილება http://www.nplg.gov.ge/gsdl/cgi-bin/library.exe?e=d-00000-00---off-0civil2-civil2-01-1--0-10-0--0-0---0prompt-10--.%2e-4----4---0-1l--11-en-00---10-help-50--00-3-1-00-0-00-11-1-1utfZz-8-00-0-11-1-0utfZz-8-00&a=d&c=civil2&cl=CL2.5&d=HASH01fad321d98bef28a4f3861e.2#HASH01fad321d98bef28a4f3861e.2 |
ფარულავა გრ. 2005 |
„დავით გურამიშვილის მსოფლშეგრძნებისათვის“; „დავით გურამიშვილი – 300“; შოთა რუსთაველის სახელობის ლიტერატურის ინსტიტუტის სამეცნიერო შრომები http://www.nplg.gov.ge/gsdl//cgi-bin/library.exe?e=d-00000-00---off-0civil2--00-1----0-10-0---0---0prompt-10---4-------0-1l--10-ka-50---20-about---00-3-1-00-0-0-01-1-0utfZz-8-10&a=d&c=civil2&cl=CL2.6&d=HASH01ed6c39090ae26b3841f24a.3.8 |
ღაღანიძე მ. 2002 |
„სინამდვილედაწარმოსახვადავითგურამიშვილის„მხიარულ ზაფხულში“; თბილისი. http://www.nplg.gov.ge/gsdl/cgi-bin/library.exe?e=d-00000-00---off-0civil2--00-1----0-10-0---0---0prompt-10---4-------0-1l--10-ka-50---20-about---00-3-1-00-0-0-01-1-0utfZz-8-10&a=d&c=civil2&cl=CL2.20&d=HASHeb1227f221528c55bb6812 |
წერეთელი ლ. 2005 |
„ძველიდღეთა“ (მამა-ძეობა) დავითაღმაშენებლისცხოვრებასადა „დავითიანში“; „დავით გურამიშვილი – 300“; შოთა რუსთაველის სახელობის ლიტერატურის ინსტიტუტის სამეცნიერო შრომები http://www.nplg.gov.ge/gsdl//cgi-bin/library.exe?e=d-00000-00---off-0civil2--00-1----0-10-0---0---0prompt-10---4-------0-1l--10-ka-50---20-about---00-3-1-00-0-0-01-1-0utfZz-8-10&a=d&c=civil2&cl=CL2.6&d=HASH01ed6c39090ae26b3841f24a.4.3 |