„ვეფხისტყაოსნის“ ჰიპერბოლიზაცია შუასაუკუნეობრივი აზროვნების ჭრილში

შუასაუკუნეების სასულიერო ლიტერატურაში უხვად მოიპოვება სასწაულის მაგალითები, რომლებიც უფლის ძალით აღესრულება. აგიოგრაფიული ძეგლების პერსონაჟები მაღალ სულიერ საფეხურს აღწევენ.   მათ ღვთისაგან ენიჭებათ სასწაულთმოქმედების ძალა. აგიოგრაფია ჭეშმარიტების აღწერის პრინციპს ეფუძნება და, შესაბამისად, უფლისმიერი სასწაული იმ ეპოქაში (და ჭეშმარიტი მორწმუნისათვის კი მუდამ) აღიქმება რეალურ მოვლენად.

შუასაუკუნეების სასულიერო მწერლობის ნიადაგზე ყალიბდება  საერო მხატვრული ლიტერატურა. ამ საკითხს ვრცლად მიმოიხილავს და არგუმენტებით ასაბუთებს კორნელი კეკელიძე ძველი ქართული ლიტერატურის ისტორიის II ტომში: „ჩვენში ძველიდანვე, საეკლესიო მწერლობის ბატონობის ხანიდანვე და თვით ამ მწერლობის წიაღში, ისახებოდა ელემენტები და მზადდებოდა ტრადიციები საერო მხატვრული ლიტერატურისა“ [კეკელიძე, 1981: 8]. კ. კეკელიძე აგიოგრაფიული თხრობის კომპოზიციურ შაბლონში გამოყოფს ოთხ ელემენტს და შედარების საფუძველზე საერო ლიტერატურის, კერძოდ, საგმირო-სამიჯნურო პოემებისა და აგიოგრაფიული მწერლობის  „ერთობას“ გამოკვეთს:

 ა) წმიდანი ბავშვობიდან იჩენს სულიერ სიმშვენიერეს, გამორჩეულია თანატოლებისაგან. ასევეა პოემებშიც: მაგალითად, „ტარიელი ამბობს თავის თავზე: „ხუთისა წლისა შევიქენ მსგავსი ვარდისა შლილისა, ჭირად არ მიჩნდის ლომისა მოკვლა, მართ ვითა სირისა“ [კეკელიძე, 1981: 7].

 ბ) წმინდანი იზრდება და ნამდვილ სულიერ გმირად წარმოგვიდგება. იგი ამარცხებს ათასგვარ საცთურს. აღასრულებს სასწაულებს, რომლებიც მის სულიერ სიძლიერეზე მეტყველებს. მეცნიერის აზრით, ასევეა პოემებშიც: ტარიელი ამბობს: „მოვიწიფე, დავემსგავსე მზესა თვალად, ლომსა ნაკვთად“. [ამირანდარეჯანიანის] გმირები, ნამდვილი „ზეკაცები“ არიან, მათ მიერ ჩადენილი „საქმენი საგმირონი“ ისეთივე ფანტასტიკაა, როგორიც „წმიდანების“ სასწაულები“ [კეკელიძე, 1981: 7].

 გ) წმიდანის ამქვეყნიური ცხოვრება წარმოადგენს ღვთისადმი დაუღალავ სამსახურს, ღვაწლსა და შრომას. მეცნიერი ამას ადარებს „ვეფხისტყაოსნისა“ და „ამირანდარეჯანიანის“ გმირების მიჯნურობას, თავდადებას სატრფოსათვის, მათს რაინდულ სამსახურს [კეკელიძე, 1981: 7].

დ) წმიდანი ან მოწამეობრივად აღესრულება, ან ბუნებრივი სიკვდილით კვდება ხანგრძლივი ასკეტური ცხოვრების შემდეგ, მაგრამ „ორივე შემთხვევაში ის კეთილს ბოროტზე ამარჯვებინებს. ასევეა პოემებშიც: როგორიც არ უნდა იყოს გმირების ბოლო, ისინი მიზანს აღწევენ და, ბოლოს და ბოლოს, ამბობენ: „ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი გრძელია“ [კეკელიძე, 1981: 7]. 

რ. სირაძეც მიუთითებს, რომ საერო მწერლობამ ბევრი რამ ისესხა აგიოგრაფიული ნაწარმოებებისაგან [სირაძე, 1982: 161], შესაბამისად, საერო ლიტერატურის ნიმუშებში ხშირად ვხვდებით  აგიოგრაფიისათვის დამახასიათებელ ელემენტებსა თუ მოტივებს.  ერთ-ერთი ასეთი ელემენტია პერსონაჟის სასწაულებრივი მოქმედება, რომელიც ჰიპერბოლიზებითაა გამოხატული.

მართალია, აგიოგრაფიული ძეგლებისათვის დამახასიათებელი სასწაული თავისი ფორმითა და შინაარსით ნაკლებად გვხვდება საერო მწერლობის ნიმუშებში, მაგრამ ზებუნებრივის რეალურად მიჩნევის შუასაუკუნეობრივი ხედვა უდევს საფუძვლად საერო ლიტერატურის შეუძლებელი გმირობის, ჰიპერბოლური ქმედების,  მოაზრებას ავტორის მიერ და, შესაბამისად, მიღებას  მკითხველის მიერ.  ესე იგი საერო მწერლობაში ჩანს შუასაუკუნეების აზროვნების ერთიანი სტრუქტურა, კერძოდ, აგიოგრაფიული მწერლობისთვის დამახასიათებელი სასწაულის მოდელის თავისებური ტრანსფორმირება, რაც, ძირითადად, გამოხატულია საერო ნაწარმოების პერსონაჟთა გმირული მოქმედებების ჰიპერბოლიზაციით.

წინამდებარე სტატიაში ამ კუთხით განვიხილავთ შოთა რუსთველის „ვეფხისტყაოსანს“.

გვინდა აღვნიშნოთ, რომ მნიშვნელოვანია, ნებისმიერი ტექსტი შევისწავლოთ და გავაანალიზოთ უშუალოდ იმ ეპოქის ჭრილში, რომელშიც შეიქმნა, ვინაიდან ყოველი ნაწარმოები ეპოქის მსოფლმხედველობისა და  სულიერი მრწამსის გამომხატველია. სხვა შემთხვევაში შესაძლოა ვერ მივუახლოვდეთ ჭეშმარიტებას  და ჩვენ მიერ გამოტანილი დასკვნებიც არ იყოს რელევანტური.  საკითხთან დაკავშირებით მოვიხმობთ მ. გიგინეიშვილის სიტყვებს: „...ნაწარმოები სხვადასხვა ეპოქის ადამიანმა შეიძლება წაიკითხოს ახლებურად, თავისი ეპოქის ლიტერატურული გემოვნებისა და შემოქმედებითი პრინციპების შესაბამისად, მაგრამ ადრეული შუა საუკუნეების ლიტერატურული ძეგლის[1] შესასწავლად უთუოდ გვმართებს გათვალისწინება ადრეულ შუასაუკუნეთა ლიტერატურის სპეციფიკისა, ეპოქის მსოფლმხედველობისა“ [გიგინეიშვილი, 2003: 675].  შესაბამისად, როდესაც ვმსჯელობთ „ვეფხისტყაოსნის“ პერსონაჟთა გმირული მოქმედებების ჰიპერბოლიზებაზე, უნდა გავითვალისწინოთ გვიანდელი შუასაუკუნეების მსოფლმხედველობა.

რუსთველი გვიანდელი შუასაუკუნეების პოეტია. „ვეფხისტყაოსანი“ ქართული ქრისტიანული აზროვნების პროცესში გამოჩნდა იმ ეტაპზე, როდესაც  ისახებოდა იმ ტიპის მსოფლშეგრძნება, რომელმაც შემდეგში კაცობრიობა რენესანსის ეპოქამდე მიიყვანა. ამიტომ რუსთველის მსოფლმხედველობის, მისი პოზიციის სწორად აღქმა  შესაძლებელია შუასაუკუნეებიდან რენესანსზე გარდამავალი აზროვნების სიბრტყეზე. ე. ხინთიბიძე ამას უწოდებს შუასაუკუნეობრივისა და რენესანსულის ჰარმონიას [ხინთიბიძე, 2009: 60, 659].

შუა საუკუნეების დახასიათებისას  ლაურა გრიგოლაშვილი ამგვარ აზრს გამოთქვამს: „შუა საუკუნეების კულტურას მსჭვალავს თვალსაზრისი, რომ ჭეშმარიტი შემოქმედი და ერთადერთი პიროვნული ავტორი ღმერთია, სხვები ღვთაებრივი შემოქმედების ოდენ ამხსნელები, კომენტატორები არიან. ისინი თავის მიმართებას უზენაესისადმი მზა რელიგიური ფორმულებით გამოხატავენ, მხატვრული ნააზრევი ეფუძნება ამ რელიგიურ-დოგმატურ ფრაზეოლოგიას, პარადიგმულ სახეებსა და გამოთქმებს... ამიტომ ამ ეპოქაში გამოირიცხებოდა რაიმე კონფლიქტი ავტორსა და მკითხველს შორის მსოფლშეგრძნებითი ხედვისა თუ ესთეტიკური აღქმის თვალსაზრისით“ [გრიგოლაშვილი, 2008: 129].

„ვეფხისტყაოსნის“ სიუჟეტში აღწერილი გარკვეული მოვლენები, რომლებიც დღევანდელ პრაგმატულ სამყაროში ეჭვს ბადებს და მკითხველისა თუ მკვლევრისათვის მარტოოდენ ჰიპერბოლიზებად აღიქმება, არარეალური და ზღაპრულია,  რუსთველის ეპოქის მკითხველისათვის დაახლოებით ისეთივე ბუნებრივია, როგორიც აგიოგრაფიულ მწერლობაში გადმოცემული სასწაულები, რადგან საფუძვლად უდევს პერსონაჟთა ღვთისადმი ღრმა რწმენა. სტატიაში, ამგვარი მსჯელობიდან გამომდინარე, განვიხილავთ პოემის რამდენიმე ეპიზოდს, რომლებშიც, ჩვენი აზრით, ზებუნებრივ ქმედებებს ვხვდებით.

როგორც ზემოთაც აღვნიშნეთ, „ვეფხისტყაოსანში“ თითქმის არ გვხვდება ტიპური, აგიოგრაფიული სასწაული[2]. პირველად „ამირანდარეჯანიანი“[3] ამკვიდრებს ჰიპერბოლიზებას, რომელსაც აგრძელებს და კიდევ უფრო მაღალმხატვრულობას სძენს რუსთველი თავის პოემაში. ნაწარმოებში ჰიპერბოლიზებულია გმირ პერსონაჟთა ქცევა, ამგვარად გადმოსცემს შემოქმედი მათს შეუძლებელ გმირობას.

მნიშვნელოვანია ავთანდილის მეკობრეებთან შებრძოლების ეპიზოდი ამ კუთხით. გმირი რაინდის ზებუნებრივ ფიზიკურ სიძლიერესთან ერთად, აღნიშნული მონაკვეთი წარმოაჩენს მის  ღრმა რწმენას, უფლისადმი მინდობას, რითაც სასწაულებრივად ამარცხებს მეკობრეთა ლაშქარს.

როდესაც გახარებული ვაჭრები მადლობას უხდიან და ხოტბას ასხამენ, ავთანდილი ასეთ პასუხს აძლევს მათ:

ყმამან უთხრა: „მადლი ღმერთსა, შემოქმედსა, არსთა მხადსა,

ვისგან ძალნი ზეციერნი განაგებენ აქა ქმნადსა!

იგი იქმან ყველაკასა, იდუმალსა, ზოგსა ცხადსა;

ხამს ყოვლისა დაჯერება, ბრძენი სჯერა მოწევნადსა“

[რუსთაველი, 1966: სტ. 1050] .

აგრეთვე:

„ღმერთმან სულსა ეგოდენსა თქვენ გათნივა სისხლი თქვენი.

მე, გლახ, რა ვარ? მიწა ცუდი; თავით ჩემით რამცა ვქმენი?“

[რუსთაველი, 1966: სტ. 1051].

ცალსახაა, რომ ავთანდილი ამ გამარჯვებას საკუთარ თავს არ მიაწერს, იგი ღრმად არის დარწმუნებული, რომ მხოლოდ ფიზიკური ძალა ვერაფერს უშველიდა მეკობრეებთან ბრძოლისას, რომ არა უფლის დიდი შეწევნა და დახმარება. ამას უფრო თვალსაჩინოს ხდის თავად პოემის ავტორის დამოუკიდებელი ჩართვა ამ ეპიზოდში:

„კაცო, ძალსა ნუ იქადი, ნუცა მოჰკვეხ ვითა მთვრალი!

არას გარგებს ძლიერება, თუ არ შეგწევს ღმრთისა ძალი!

დიდთა ხეთა მოერევის, მცირე დასწვავს ნაბერწკალი,

ღმერთი გფარავს, სწორად გაჰკვეთს, შეშა ვის ჰკრა, თუნდა ხრმალი

[რუსთაველი, 1966: სტ. 1046].

ავთანდილი, მართალია, საერო ნაწარმოების გმირია, მაგრამ  სრულიად მინდობილია უფალს, რწმენით ამარცხებს მეკობრეებსაც, რაც, ფაქტობრივად, ზებუნებრივი ქმედებაა, მაგრამ, ამავდროულად, რუსთველი თანმიმდევრულად  აღწერს, თუ როგორ დაამარცხა რაინდმა, მარტოდმარტომ, ურიცხვი ლაშქარი. „ეს არ იყო მხოლოდ ფიზიკურ ძალაზე დამყარებული გამარჯვება, ავთანდილმა მეკობრეთა დასამარცხებლად გონებაც ჩართო, მოიფიქრა ჭკვიანური გეგმა მათ წინააღმდეგ საბრძოლველად“ [ჩაკუნაშვილი, 2011: 51]. საინტერესოა, რომ  ეპიზოდში ჩანს კონკრეტული იარაღიც, რომლითაც სასწაულებრივად იმარჯვებს პერსონაჟი – იგი რკინის კეტით მოამტვრევს სახნისიან ძელს  მეკობრეთა ნავს. ეს ეპიზოდი ჰიპერბოლიზებით ხასიათდება, მაგრამ ამ ჰიპერბოლიზების საფუძველი შუასაუკუნეობივი მსოფლმხედველობაა.

საინტერესოა ტარიელის ხატაელებთან ბრძოლის ეპიზოდიც.

ხატაეთის ომში რუსთველი გვიხატავს ტარიელის უმაგალითო გმირობას, მის შეუდარებელ ფიზიკურ სიძლიერეს, რომლის საშუალებითაც ხატაელთა ურიცხვ ლაშქარს ამარცხებს. „ხატაელებთან ბრძოლის დროს ტარიელი სასწაულებრივ ვაჟკაცობას იჩენს, შუა აპობს რა მეომრებს და ქვე-ამხობს ცხენოსნებს“ [გოლცევი, 1944: 174]:

„შიგან ასრე გავერივე, გნოლის ჯოგსა ვითა ქორი,

კაცი კაცსა შემოვსტყორცნე, ცხენ-კაცისა დავდგი გორი;

კაცი, ჩემგან განატყორცი, ბრუნავს, ვითა ტანაჯორი,

ერთობ სრულად ამოვწყვიდე წინა კერძო რაზმი ორი“

[რუსთაველი, 1966: სტ.450].

აღნიშნული ნაწყვეტი, უპირველეს ყოვლისა, წარმოაჩენს ტარიელის ზებუნებრივ ფიზიკურ სიძლიერეს, მის შეუდარებელ სიმამაცეს. ტარიელის ქმედებაც სასწაულებრივ ნიშნებს ატარებს.  გარდა ამისა, ტექსტში იკვეთება, რომ მხოლოდ ფიზიკური ძალის იმედზე არ არის გმირი. ავთანდილის მსგავსად, ტარიელიც ჭკვიანურ ხერხს მიმართავს, წინასწარ შეიმუშავებს გონივრულ გეგმას,  რომლის მიხედვითაც წარმართავს მთელ შემდგომ მოქმედებას. ორივე შემთხვევა (ავთანდილის მეკობრეებთან ბრძოლა და ხატაეთის ომი) ჰიპერბოლიზებით ხასიათდება, მაგრამ, ამასთან ერთად, ადამიანური გონება, რაციო შემოდის, რაც უკვე რენესანსული აზროვნებისთვისაა დამახასიათებელი[4]. მართალია, ავთანდილივით ღმერთს არ მიაწერს ტარიელი გამარჯვებას, მაგრამ იგულისხმება, რომ ესეც უფლისაგან მოდის, რადგან ამ ეპოქის აზროვნების მიხედვით, ღმერთია ყველაფრის შემოქმედი, უფალი ეხმარება რაინდებს სირთულეების გადალახვაში, თუმცა იქვე რუსთველი ახსნასაც გვაძლევს, თუ როგორ ხდება ესა თუ ის ზებუნებრივი ქმედება, ბრძოლისას გმირი რა ტაქტიკას იყენებს, რომლითაც იმარჯვებს სასწაულებრივად.  

ორივე  ეპიზოდში  ჩანს რუსთველის ერთიანი ხედვა, იგივე სტრუქტურა, ერთი კონცეფცია. ორივე შემთხვევა  ჰიპერბოლიზებით ხასიათდება, მაგრამ ეს  ჰიპერბოლიზებული გმირობა გვიანდელი შუასაუკუნეების მკითხველისათვის აღიქმება, როგორც რეალური, უტყუარი ფაქტი.

„ვეფხისტყაოსნის“ შემდეგი ეპიზოდი, რომელსაც განვიხილავთ წინამდებარე სტატიაში, არის ქაჯეთის ციხის აღება სამი გმირი რაინდის მიერ[ რუსთველი, 1966: სტ.1411-1426].

გავიხსენოთ, რომ ტარიელი, ავთანდილი და ფრიდონი სამასი კაცით ქაჯთა უზარმაზარ ლაშქარს ამარცხებენ. ეს ქმედება ჰიპერბოლიზებულია, რამდენადაც ვიცით, რომ ქაჯები ბოროტებაში დახელოვნებული, გრძნეული ადამიანები არიან. მაგრამ, ვფიქრობთ, როგორც მთელი პოემის, ისე ამ ეპიზოდის გააზრებაც აუცილებელია სიღრმისეულად, გათვალისწინებით ეპოქის მსოფლმხედველობისა და არეოპაგიტული სიბრძნისა, რომელიც მთელ პოემას ლეიტმოტივად გასდევს: „ბოროტსა სძლია კეთილმან არსება მისი გრძელია“ [რუსთაველი, 1966: სტ. 1361,4.]; „ღმერთი კეთილს მოავლინებს და ბოროტსა არ დაბადებს“ [რუსთაველი, 1966: სტ. 1491,2]; ავტორს ღრმად სწამს, რომ ბოროტება დროში შეზღუდულია, რადგან არარსია, უფალს არ შეუქმნია, ამიტომაც სამასი კაცით, ერთი შეხედვით, უძლეველი ქაჯთა ლაშქრის დამარცხება სრულიად შესაძლებელი ხდება, რადგან მას უპირისპირდება სამი გმირი რაინდის თავგანწირული სიმამაცე, კეთილი ნება, სიყვარული და ღრმა რწმენა უზენაესის შეწევნისა.

ამავე დროს, ეპიზოდში რენესანსული იდეალებიც ნათლად ჩანს: გმირი რაინდები  დევების გამოქვაბულიდან წამოღებული, კონკრეტულად ქაჯებთან საბრძოლველად გამოსაყენებელი იარაღითა და წინასწარ შემუშავებული გონივრული გეგმით ამარცხებენ მტერს. მათი თათბირი უშუალოდ რენესანსული მსოფლმხედველობის გამომხატველია. „ბოროტება უნდა დამარცხდეს, მაგრამ ამისათვის მოქმედებაა საჭირო. ამ მოქმედების ფილოსოფიის ერთადერთი სამოქმედო გზა ადამიანური გონება, ლოგიკა, გამოთვლა და გამორჩევაა. ამიტომ ეძებენ გმირები ქაჯეთის ციხეში შესვლის უფრო საზრიან გზას“ [ხინთიბიძე, 2009: 777]. მაშასადამე, ე. ხინთიბიძე ამ ჰიპერბოლიზმში შუასაუკუნეობრივისა და რენესანსულის შერწყმას ამგვარად ხსნის: შუასაუკუნეობრივია ის, რომ გმირების რწმენით, ეს გამარჯვება ღვთისაგან მოდის, ხოლო რენესანსულია ის, რომ გამარჯვებაში შეტანილია ადამიანური გამოთვლა, ანალიზი, ადამიანური გონების მოქმედება [ხინთიბიძე, 2009: 778].  ამით რუსთველი ახსნას უძებნის და ლოგიკურს ხდის გმირი რაინდების ზებუნებრივ ქმედებას, რომელიც მხატვრული ჰიპერბოლიზებით ხასიათდება.

ნ. ნათაძის შეფასებით, „ვეფხისტყაოსანში“ ბრძოლების სურათები ისე რეალურადაა აღწერილი, რომ ამასთან  ფიზიკური ძალის განდიდებას ოდნავაც არ ეწირება ინდივიადუალური და კონკრეტული შტრიხები. ბრძოლას აქ თავისი რეალური გეგმა, რეალური ტაქტიკა აქვს. „ამ რეალისტურ ფონზე დამაჯერებელი ხდება ის ფაქტობრივად შეუძლებელი გმირობაც, რომელსაც მისი გმირები სჩადიან და კაცის ასეთი გმირობის რწმენაც თუ მთლად არ გადმოგვედება, ყოველ შემთხვევაში, ჩვენს თვალში დასაშვები ხდება“ [ნათაძე... 1966: 108]

ამრიგად,  ჩვენ შევეცადეთ აგვეხსნა, რომ „ვეფხისტყაოსნის“ პერსონაჟთა სასწაულებრივი ქმედებების ჰიპერბოლიზების საფუძველი შუასაუკუნეობრივი მსოფლმხედველობიდან გამომდინარ

ლიტერატურა

გიგინეიშვილი მ.
2003
იაკობ ხუცესის „შუშანიკის წამება“. ნათელი ქრისტესი საქართველო. წიგნი 1. თბილისი.
გოლცევი ვ.
1944
შოთა რუსთაველი და მისი პოემა. თბილისი.
გონჯილაშვილი ნ.
2015
„ნათლის სვეტის“ პარადიგმული სახისმეტყველება „ვეფხისტყაოსანში“ (XII-XVIII ს.ს-ის ქართული მწერლობის კონტექსტში)“. „რუსთველოლოგია“. მეშვიდე ნომერი. თბილისი.
გრიგოლაშვილი ლ.
1987
ბოლოსიტყვა. ქართული მწერლობა. ტომი მეორე. თბილისი.
გრიგოლაშვილი ლ.
2008
კვლავ ძველი ქართული მწერლობის პერიოდებისა და მიჯნებისათვის. ყოველწლიური ლიტერატურულ-თეორიული ჟურნალი „სჯანი“. N9, თბილისი.
კეკელიძე კ.
1981
ძველი ქართული ლიტერატურის ისტორია. ტომი II. თბილისი.
ნათაძე ნ., ცაიშვილი ს.
1966
შოთა რუსთაველი და მისი პოემა. თბილისი.
რუსთველი შოთა
1966
„ვეფხისტყაოსანი“, ტექსტი ძირითადი ვარიანტებით, კომენტარებითა და ლექსიკონითურთ გამოსაცემად მომზადდა აკაკი შანიძისა და ალექსანდრე ბარამიძის რედაქციით. თბილისი.
სირაძე რ.
1982
სახისმეტყველება, საუბრები ქართულ ესთეტიკაზე. თბილისი.
ჩაკუნაშვილი ნ.
2011
სასწაული შუასაუკუნეების ქართულ სასულიერო და საერო ლიტერატურაში. ფილოლოგიის დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად წარმოდგენილი დისერტაცია. თბილისი.
ხინთიბიძე ე.
2009
ვეფხისტყაოსნის იდეურ-მსოფლმხედველობითი სამყარო. თბილისი.