მადლიერების გამოხატვა სოციალურ ქსელებსა და ვირტუალურ მიმოწერაში (ინგლისური და ქართული ენების მასალაზე)

როგორც ცნობილია, თანამედროვე ტექნოლოგიამ კომუნიკაციის ახალი არხები შექმნა. ამასთან დაკავშირებით, ვფიქრობ, საინტერესოა იმ ვერბალური და არავერბალური საშუალებების შესწავლა, რომლებიც მადლიერების გამოსახატავად გამოიყენება ვირტუალურ კომუნიკაციაში. ემპირიული მასალა აღებულია ჩემი პირადი მიმოწერიდან, ინტერნეტ წყაროებიდან, ჩემი მეგობრების „პოსტებიდან“ და კომენტარებიდან.

მადლიერება როგორც ენის ექსპრესიული ფუნქციის გამოხატულება

ჯ. ლიჩის თანახმად, "ენა ასრულებს ექსპრესიულ ფუნქციას, ანუ გამოხატავს მოსაუბრის გრძნობებსა და დამოკიდებულებებს"[Leech, 1974:40]. 

დ. კრისტალი აღნიშნავს, რომ "ექსპრესიული ფუნქციით ენის გამოყენების მიზანია ემოციის გადმოცემა" [Crystal, 2005:228]. 

ენის ექსპრესიულ ფუნქციაზე საუბრისას, ო. ჰარგის შემდეგი მაგალითები მოყავს: "I am very happy" (ძალიან ბედნიერი ვარ) ან “I spent a wonderful vacation” (შესანიშნავად გავატარე შვებულება). ეს მაგალითები მოსაუბრის ან მწერლის გრძნობებს გამოხატავს” [Hargie, 2011:166]. 

ცნობილი ინდოელი ბრძენის - სადჰგურუს აზრით, „მადლიერება არის რაღაც, რაც თქვენგან გადმოიღვრება, როდესაც აღტაცებული ხართ იმით, რაც გებოძათ” [Sadhguru Jaggi Vasudev: 2019].[1]

ამრიგად, მადლიერება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და სასიამოვნო გრძნობაა, ხოლო მადლიერებასთან დაკავშირებული ფრაზები და გამონათქვამები ენის ექსპრესიული ფუნქციის გამოხატულებაა.

მადლიერება როგორც ენის ფატიკური ფუნქციის გამოხატულება

მადლიერებასთან დაკავშირებული გამონათქვამები ასევე გამოხატავს ენის ფატიკურ ფუნქციას. 1936 წელს ბ. მალინოვსკიმ შემოიტანა „ფატიკური კომუნიკაციის“ ცნება და ახსნა ის, როგორც "თავისუფალი, უმიზნო სოციალური ურთიერთობა", "საუბარი ჯანმრთელობასა და ამინდზე, ასევე მისალმების ფორმულები” [Malinowski 1936: 313]. ბ. მალინოვსკი აღნიშნავს, რომ “ფატიკური კომუნიკაცია ემსახურება პირადი ურთიერთობების დამყარებას იმ ადამიანებს შორის, რომლებიც ერთ სივრცეში აღმოჩნდნენ. ის არ ისახავს მიზნად იდეების გამოთქმას” [ibid: 314-316].
 
შემდგომში რ. იაკობსონმა გამოიყენა ეს ტერმინი, როდესაც ენის ექვს ფუნქციას შორის ფატიკური ფუნქციაც დაასახელა. მან აღნიშნა, რომ ენის ფატიკური ფუნქციით გამოყენება გულისხმობს „ენის გამოყენებას ურთიერთობის დამყარების მიზნით. ამდენად, ის უკავშირდება კონტაქტის/არხის ფაქტორს. ენის ფატიკური ფუნქცია ვლინდება მისალმებებში, ამინდზე საუბარში, განსაკუთრებით უცხო თანამოსაუბრეებთან. ეს ფუნქცია საშუალებას იძლევა გავხსნათ, შევინარჩუნოთ, დავადასტუროთ და დავხუროთ საკომუნიკაციო არხი” [Jakobson, 1960: 366]. რამდენადაც მადლიერების გამოხატველი ფრაზები არ გადმოსცემს ფაქტობრივ ინფორმაციას და მხოლოდ  სითბოსა და მეგობრულ დამოკიდებულებას გამოხატავს, ისინი  ფატიკური კომუნიკაციის ნიმუშებად უნდა ჩაითვალოს.

მადლიერება როგორც სამეტყველო აქტი

ქვემოთ განხილულია იმის მაგალითები, თუ როგორ ხორციელდება მადლიერების გამომხატველი ფატიკური ქმედებები სოციალურ ქსელებში. მანამდე კი უნდა აღინიშნოს, რომ ზემოხსენებული გამონათქვამები ასრულებს გარკვეულ სამეტყველო აქტებს. პერფორმატული გამონათქვამების ოსტინისეულ კლასიფიკაციაში მადლიერების გამოხატველი გამონათქვამები „ბიჰებიტივების“ ჯგუფში თავსდება. ჯ. ოსტინის თანახმად, „ბიჰებიტივები გამოხატავს რეაქციას სხვა ადამიანის ქმედებაზე, … დამოკიდებულებებს … გრძნობებს” [Austin, 1962: 159]. ბიჰებიტივების ნიმუშებად ოსტინს მოჰყავს მობოდიშება, მადლობის გადახდა, თანაგრძნობა, ქათინაური, დამშვიდება, მილოცვა, მისალმება, დამშვიდობება, დალოცვა და სხვა. ჯ. სერლის კლასიფიკაციაში კი ზემოხსენებული გამონათქვამები „ექსპრესივების“ ჯგუფს მიეკუთვნება. სერლის თანახმად, ასეთი სამეტყველო აქტები გამოხატავენ მოსაუბრის გრძნობებს გარკვეულ სიტუაციაში. „ექსპრესიული გამონათქვამებია – მადლობა, გილოცავ, ბოდიში, გითანაგრძნობ, მოგესალმები” [Searle, 1976:12]. 

მადლიერების გამომხატველი სიტყვების ეტიმოლოგია

მადლიერების გამომხატველი ყველაზე გავრცელებული ფრაზები ინგლისურ ენაში უკავშირდება ზმნას “to thank” (ვარიანტებია:“thanks”, “thank you”, “thank you very much”, “many thanks” “I can’t thank you enough”). ონლაინ ეტიმოლოგიური ლექსიკონის თანახმად, ზმნა “thank” მომდინარეობს ძველი ინგლისური სიტყვიდან: þancian, þoncian – „მადლობის გადახდა, დაჯილდოება, კომპენსაცია," პროტო-გერმანიკული სიტყვიდან *thankōjanan , *thankoz "ფიქრი, მადლიერება," პროტო-ინდოევროპული ძირიდან *tong- "ფიქრი, გრძნობა", ასევე „კარგი ფიქრები, მადლიერება."[2] ამდენად, როგორც ვხედავთ, მადლობა სემანტიკურად უკავშირდება  პოზიტიურ ფიქრებსა და გრძნობებს. 

რაც შეეხება სიტყვას „gratitude“, ის მომდინარეობს ლათინური სიტყვიდან “grattus”, რომელიც ნიშნავს „მადლიერს, სასიამოვნოს” და სემანტიკურად უკავშირდება სიტყვას “grace” – მადლი. 

ქართული სიტყვები „მადლობა“, „მადლიერება“, „გმადლობთ“ ასევე მომდინარეობს სიტყვიდან „მადლი“ (შდრ. ლათინური “grace” - მადლი). ქართულში სიტყვა „მადლობა“ გამოიყენება ზმნა „გადახდა“-სთან კოლოკაციაში: „მადლობას გიხდით“, „მინდა დიდი მადლობა გადაგიხადოთ“, რაც სემანტიკურად იმის გამომხატველია, რომ მოსაუბრე მადლით იხდის საზღაურს მისთვის გაწეული სიკეთისათვის.  

მადლიერების გამოხატვა ბიზნეს-კომუნიკაციაში 

მადლიერების გამოხატვა წერილობითი ბიზნეს-კომუნიკაციის მნიშვნელოვანი ნაწილია. ელისონ დოილის თანახმად, „მადლიერების გამომხატველი წერილი არა მარტო ვინმეს დაფასებაზე მიანიშნებს, არამედ მას შეუძლია მოგიტანოთ კარიერული წინსვლა, დაგეხმაროთ სამსახურის შოვნაში და გაამყაროს თქვენი ურთიერთობა კლიენტთან, გამყიდველთან ან თანამშრომელთან. როდესაც საქმიან წერილს წერთ და მადლიერებას გამოხატავთ, გაითვალისწინეთ, რომ მადლობის გადახდისას არა მარტო დაფასებას გამოხატავთ, არამედ თქვენს თავს შეახსენებთ წერილის ადრესატს. ასეთი წერილები შესანიშნავ საფუძველს უქმნის ახალ ურთიერთობებს” [Doyle, 2019].[3]

ქვემოთ მოყვანილია მადლიერების გამომხატველი ოფიციალური წერილების დასაწყისი და დასკვნითი ფრაზები:
1. “Dear Mr. Smith,
               I want to thank you for being our loyal customer” 
(ძვირფასო ბატონო სმით, დიდი მადლობა, რომ ჩვენი ერთგული მომხმარებელი ბრძანდებით).

2. “I am grateful to you for your advice and for recommending us new potential customers. I cannot thank you enough.
             Sincerely yours…” 
(დიდი მადლობა რჩევისათვის და იმისთვის, რომ ჩვენს ახალ პოტენციურ მყიდველებს გაუწიეთ რეკომენდაცია. უღრმესი მადლობა.
პატივისცემით...)

3. “Dear Mr. Jones,
              I am writing to thank you for the time you spent with me during the job interview 
            for the position of chief marketing manager”
(ძვირფასო ბატონო ჯოუნს,
მინდა დიდი მადლობა გადაგიხადოთ იმისთვის, რომ დრო დაუთმეთ ჩემთან გასაუბრებას მარკეტინგის მთავარი მენეჯერის თანამდებობაზე აყვანის მიზნით).

4. “Dear Mrs. Thompson.
                I would like to thank you, most sincerely, for your kind assistance in the 
                marketing project. You have helped us a great deal indeed.”

(ძვირფასო ბატონო ტომპსონ,
გულწრფელად გიხდით მადლობას მარკეტინგულ პროექტში გაწეული დახმარებისთვის. ნამდვილად ძალიან დაგვეხმარეთ).

რამდენადაც ყველა თანამშრომელს ძალიან სიამოვნებს შექება და აღიარება, მადლიერების წერილები ხშირად მოიცავს ქებას და ქათინაურებს. ქვემოთ მოყვანილია წერილის ნიმუში, რომელიც იწყება მადლიერების გამოხატვით და გრძელდება წერილის ადრესატის ნამუშევრის შექებით:

“Dear Mr. Johnson,
Thank you for your speedy and beautiful work fixing our floors after our plumbing mishap this spring.
Although I would have preferred to meet you and your crew under different circumstances – a planned renovation, say, and not during our busiest season – I am so grateful that my neighbor recommended you.
Our floors have never looked better. Customers comment on them at least once a week, which is unusual to say the least! I always make sure to give them your information and pass along my recommendation.
Thank you, again, for fitting us in at the last minute and getting us back up and running so quickly.” [4]

(ძვირფასო ბატონო ჯონსონ,
მადლობა სწრაფი და შესანიშნავი მუშაობისთვის. თქვენ ამ გაზაფხულზე არაჩვეულებრივად შეაკეთეთ ჩვენი იატაკი სანტექნიკური ავარიის შემდეგ.
მერჩივნა, თქვენ და თქვენს ჯგუფს სხვა პირობებში შევხვედროდი, მაგალითად, დაგეგმილი სარემონტო სამუშაოების ჩატარების მიზნით, თანაც უფრო თავისუფალ დროს. მაგრამ მაინც მადლობელი ვარ ჩემი მეზობლის, რომელმაც თქვენი თავი მირჩია.
ჩვენი იატაკი არაჩვეულებრივად გამოიყურება. ჩვენი კლიენტები კვირაში ერთხელ მაინც აღნიშნავენ ამას, რაც, ცხადია, უჩვეულო ამბავია. მე კი მათ თქვენს კომპანიას ვურჩევ და თქვენს კოორდინატებს ვაძლევ.
კიდევ ერთხელ უღრმესი მადლობა, რომ ბოლო წუთს გამონახეთ ჩვენთვის დრო და ასე მალე დაგვაბრუნეთ სამუშაო რეჟიმში).

მადლიერება, როგორც „სახის“ შენარჩუნების სტრატეგია

გარდა იმისა, რომ მადლიერება კომუნიკაციის პროცესში ხელსაყრელ ატმოსფეროს ქმნის, ის აგრეთვე არის „სახის შენარჩუნების სტრატეგია“, რომელიც ამცირებს სახის შელახვის საფრთხეს. ბარბარა ო’კიფის თანახმად, არსებობს სიტუაციები, როდესაც მოსაუბრეს სჭირდება სახის შენარჩუნების ხელშემწყობი გამონათქვამების გამოყენება [O’Keefe, 1991:102]. მადლიერება, როგორც სახის შენარჩუნების სტრატეგია, ხშირად გამოიყენება უარის შემცველ წერილებში. ვებგვერდის – Write Express Corporation თანახმად, „უარის შემცველ წერილში არასასიამოვნო შეტყობინება დიპლომატიურად უნდა იყოს გადმოცემული და მხოლოდ ერთი შანსი გეძლევათ, რომ ეს სწორად გააკეთოთ”..[5] ამდენად, ტაქტიანი უარის შემცველი წერილი შესაძლოა დავიწყოთ ასე: “I am most appreciative of your offer of employment” („ძალიან ვაფასებ თქვენს შემოთავაზებას სამსახურის თაობაზე“)  და დასრულდეს მადლობით: “Thank you for your time and consideration” („დიდი მადლობა, რომ დრო და ყურადღება დამითმეთ“). თუ შემოთავაზებულ სამსახურზე უარს ვამბობთ არაოფიციალურ რეგისტრში, მადლიერების გამოხატვაც შესაბამისი ლექსიკით ხდება: “I prefer not to work at week-ends, thanks anyway, it’s sweet of you to think of me though” „შაბათ-კვირას მუშაობა არ მინდა, მაგრამ მაინც დიდი მადლობა იმისთვის, რომ ფიქრობ ჩემზე“.  

ამდენად, როგორც ზემომოყვანილმა მაგალითებმა გვიჩვენა, მადლიერების გამოხატვა არის სახის შენარჩუნების წარმატებული სტრატეგია, რომელიც „შეარბილებს“ ცუდ ამბავს და   აგვარიდებს უხერხულობას.  

სახის შემლახველი კიდევ ერთი სამეტყველო აქტი არის თხოვნა. თუ გვინდა, რომ ჩვენს თხოვნას დადებითად უპასუხონ, უნდა გამოვიყენოთ თავაზიანობის სტრატეგიები, რათა ადრესატზე კარგი შთაბეჭდილება მოვახდინოთ და არ გავაღიზიანოთ იგი. ბრაუნი და ლევინსონი აღნიშნავენ, რომ „დადებითი თავზიანობა არის ჩართულობაზე დამყარებული მიდგომა, როდესაც მოსაუბრე აღიარებს და ადასტურებს ადრესატის დადებით იმიჯს” [Brown & Levinson, 1987:75]. ამდენად, თხოვნის სამეტყველო აქტის განხორციელებისას, ერთ-ერთი საუკეთესო სტრატეგიაა მადლიერების გამოხატვა იმისათვის, რასაც ვითხოვთ. ამდენად, როგორც ოფიციალურ, ასევე არაოფიციალურ რეგისტრში, გამოიყენება ფრაზები “I’ll be very grateful to you if…” (მადლობელი ვიქნები, თუ...), “thank you in advance” (წინასწარ დიდი მადლობა) ან, უფრო ოფიციალურად, „thank you in advance for your time and attention” (წინასწარ დიდ მადლობას გიხდით დათმობილი დროისა და ყურადღებისთვის). 

მადლიერების გამოხატვა სოციალურ ქსელებში

სოციალურ ქსელების მეშვეობით კომუნიკაციის პროცესში მადლიერება ხშირად გამოხატება როგორც ვერბალური, ასევე – არავერბალური საშუალებებით. ყოველდღიურად, სოციალური ქსელების მომხმარებლები მადლიერების გამომხატველ უამრავ გამონათქვამს იყენებენ პოსტებში, კომენტარებსა თუ პირად მიმოწერაში. ქვემოთ მოყვანილია რამდენიმე საინტერესო ნიმუში.

მაგალითად, ერთი ქალბატონის პოსტი, რომლის შვილიც სტუდენტი გახდა: 
„უკვე სტუდენტის დედა ვარ. დიდი მადლობა ჩემი შვილის მასწავლებლებს, რომლებიც „იბრძოდნენ“ მისი წარმატებისთვის. დიდი მადლობა ყველა ჩემს მეგობარს რჩევებისა და გამხნევებისთვის“. 

ცხადია, სოციალურ ქსელში მადლობას ხშირად ვუხდით ჩვენს მეგობრებსა და ნათესავებს მათი საჩუქრებისა და მათ მიერ გაწეული სიკეთის გამო. ასევე ძალიან ხშირია პოსტები, სადაც მეგობრებს, კოლეგებს და ნათესავებს მადლობას ვუხდით დაბადების დღის მოლოცვის გამო. მაგ.: 

„დიდი მადლობა ყველას, ვინც მომილოცა დაბადების დღე. ყველანი მიყვარხართ“. 
“Words are not enough to express my gratitude to all who remember my birthday and fill me with so much love and warmth. Thank you for your kind wishes” 

„სიტყვები არ მყოფნის იმისთვის, რომ მადლობა გადავუხადო ყველას, ვისაც ახსოვდა ჩემი დაბადების დღე და ვინც ასეთი სითბო და სიყვარული გამოხატა ჩემ მიმართ. დიდი მადლობა  კეთილი სურვილებისთვის“.

მადლიერების გამოხატვა ასევე ხშირია კომენტარებში. მაგალითად, კომენტარებში იმ პოსტის ქვეშ, სადაც დადებულია საინტერსო სტატია ან ვიდეო-მასალა, გამოთქმულია მადლიერება იმის გამო, რომ ეს მასალა გაგვიზიარეს. ღონისძიებების ამსახველი ფოტოების ქვეშ ხშირია კომენტარები, რომელშიც ღონისძიების ორგანიზატორებს უხდიან მადლობას, ხოლო წვეულებების ფოტოების კომენტარებში მასპინძლების მიმართ გამოხატავენ მადლიერებას. 

სოციალური ქსელის მეშვეობით განხორციელებულ არაოფიციალურ მიმოწერაში მადლობას ხშირად თან ახლავს დალოცვა და ქათინაურებიც. მაგ. „ღმერთმა დაგლოცოს“, „გაიხარე“, „ოქრო ხარ“, „God Bless you“, “It’s very kind of you”, “How kind of you”, “You are a star” და სხვა მრავალი. 

გარდა მადლიერების გამომხატველი ვერბალური საშუალებებისა, სოციალური ქსელის მომხმარებლები ხშირად იყენებენ არავერბალურ საშუალებებსაც, კერძოდ, ე.წ.  „ემოჯის“, „სტიკერებს“ და „გიფებს“ (graphics interchange format). მადლიერების გამომხატველი ყველაზე გავრცელებული ემოჯი არის ორი შეერთებული ხელის გული, მადლიერების ჟესტი, რომელიც იაპონური და ინდური კულტურიდან მომდინარეობს. მადლიერების გამომხატველი „ემოჯი“, „სტიკერები“ და „გიფები“ ხშირად გვხვდება კომენტარებსა და პირად მიმოწერაში, რაც სრულიად ბუნებრივია, რადგან თანამედროვე ეპოქაში ადამიანებს არა აქვთ იმის დრო, რომ გრძნობები (მათ შორის, მადლიერება) ვრცელი ტექსტების მეშვეობით გამოხატონ. შესაბამისად, მადლიერების გამომხატველი არავერბალური საშუალებები დღესდღეობით ძალიან პოპულარულია. 

დასკვნა

მადლიერება თავაზიანობის განუყოფელი ნაწილია და „სახის“ შენარჩუნების წარმატებული სტრატეგია. კვლევამ აჩვენა, რომ მადლიერება ენის ექსპრესიული და ფატიკური ფუნქციების გამოხატულებაა. კვლევის პროცეში აგრეთვე გამოვლინდა, რომ მადლიერების გამომხატველი გამონათქვემები ოსტინისეული „ბიჰებიტივებისა“ და სერლისეული „ექსპრესივების“ ჯგუფის სამეტყველო აქტებად უნდა მივიჩნიოთ. დიაქრონიულმა შესწავლამ ცხადყო, რომ მადლიერების გამომხატველი სიტყვები და ფრაზეოლოგიური ერთეულები ოდითგანვე მრავლად არსებობდა როგორც ინგლისურ, ასევე – ქართულ ენაში. ეს ლექსიკური ერთეულები დღესაც ფართოდ გამოიყენება როგორც ზეპირ კომუნიკაციაში, ასევე – ბიზნეს-მიმოწერასა და სოციალურ ქსელებში. 

დაბოლოს, უნდა აღინიშნოს, რომ მადლიერება ერთ-ერთი ყველაზე აუცილებელი და სასიამოვნო გრძნობაა. არაერთი მეცნიერი ადასტურებს, რომ მადლიერება მჭიდროდაა დაკავშირებული  ბედნიერებასთან, ოპტიმიზმთან, დადებით ემოციებთან. მადლიერება აუმჯობესებს ურთიერთობებს, დადებითად აისახება ჯანმრთელობაზე, აღძრავს ემპათიას და სხვა კეთილშობილურ გრძნობებს [Firestone: 2015].  მადლიერება ადამიანის შინაგანი მოთხოვნილებაა, რომლის გამოხატულებამაც ჩვენს ეპოქაში თანამედროვე ტექნოლოგიებში დაიმკვიდრა ადგილი. ამას ადასტურებს იმ ვერბალური და არავერბალური საშუალებების სიუხვეც, რომლებიც ფართოდ გამოიყენება ინტერნეტის მეშვეობით დამყარებულ კომუნიკაციაში. 


[2]იხ.  https://www.etymonline.com/word/thank (წვდომის თარიღი 15.10.2019)

[3იხ. https://www.thebalancecareers.com/sample-thank-you-notes-and-email-messages-2064015 (წვდომის თარიღი 15.10.2019)

[4იხ. https://www.thebalancecareers.com/sample-thank-you-notes-and-email-messages-2064015 (წვდომის თარიღი 17.10.2019)

[5]იხ. https://www.writeexpress.com/How-to-write-a-refusal-letter.html (წვდომის თარიღი 19.10.2019)


ლიტერატურა

Austin, J.
1962
How to Do Things with Words. Oxford University Press.
Brown, P. Levinson, S.
2000
Politeness: Some Universals in Language Usage. Cambridge University Press.
Crystal, D.
2005
How Language Works: How Babies Babble, Words Change Meaning, and Languages Live or Die. Woodstock, NY: Overlook
Hargie, O.
2011
Interpersonal Interaction: Research, Theory, and Practice. London: Routledge.

Leech, G.
1974
Semantics. The Study of Meaning. Pelican Books. London.
Lyons J.
1977
Semantics. Cambridge University Press.
Malinowski B.
1936
The Problem of Meaning in Primitive Languages. In C.K. Ogden & I.A. Richards. The Meaning of Meaning, [1923], Supplement I: 296-336.
O’Keefe, B. J.
1991
Message Design Logic and the Management of Multiple Goals.In K. Tracy (Ed.), Understanding face-to-face interaction: Issues linking goals and discourse (pp. 101-117). Hillsdale, NJ: Lawrence Erlbaum;
Searle, J. R.
1976
Classification of Illocutionary Acts. Language in Society, 5(01), pp. 1-23.
Jakobson, R.
1960
"Linguistics and Poetics", in T. Sebeok, ed., Style in Language, Cambridge. pp. 350-377.