ქართულ სამეფო საგვარეულოსთან ნადერ შაჰის ურთიერთობის ერთი უცნობი ფაქტის შესახებ ირანელი ისტორიკოსის მოჰამად ქაზემის თხზულების „ალემ არა-ი ნადერის“ მიხედვით
ნადერ შაჰ ავშარის (1736-1747წწ.) მოღვაწეობის პერიოდი ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ეპოქაა როგორც ირანის, ისე – ზოგადად ახლო აღმოსავლეთისა და კავკასიის ისტორიაში. ეს ეპოქა განსაკუთრებული მნიშვნელობისაა საქართველოსთვისაც, რადგან სწორედ ნადერ შაჰის დროს და მისი უშუალო მონაწილეობით დასრულდა ე.წ. „კომპრომისული ხანა“ ირანის და აღმოსავლეთ საქართველოს ურთიერთობაში, რომელმაც საუკუნეზე მეტ ხანს გასტანა.
ბუნებრივია, რომ ნადერ შაჰის ეპოქა, მისი მოღვაწეობის სხვადასხვა ასპექტი, მუდამ იყო და არის ისტორიკოსთა ყურადღების ცენტრში. ამ მხრივ არც ქართველი ისტორიკოსები წარმოადგენენ გამონაკლისს. ამ პერიოდის კავკასიისა და საქართველოს ისტორიასთან დაკავშირებული ერთი და იმავე მოვლენისა თუ ფაქტის გასარკვევად მეტად ფასეულია სპარსული წყაროების შესწავლა.
XVIII საუკუნის ირანის შესახებ საკმაოდ ვრცელ და საინტერესო ცნობებს გვაწვდის ირანელი ისტორიკოსი მოჰამად ქაზემი (დ.1720/21). მისი ისტორიული თხზულება „ალემარა-ი ნადერი” („ნადერის ქვეყნის დამამშვენებელი ისტორია“) შედგება სამი წიგნისგან და მოიცავს ცნობებს ამ პერიოდის კავკასიის და, კერძოდ, საქართველოს შესახებაც.
მირზა მოჰამად ქაზემი დაიბადა ქალაქ მერვში, სახელმწიფო მოხელის ოჯახში. ცნობილი არ არის, თუ რა თანამდებობა ეკავა მამამისს, თუმცა, ვიცით, რომ XVIII საუკუნის 30-იან წლებში იგი ნადერ შაჰის ძმის, იბრაჰიმ ხანის, − შემდგომში აზერბაიჯანის მმართველის, სამსახურში იდგა და უდიდესი პატივისცემით სარგებლობდა. მოჰამად ქაზემმა მერვში მხოლოდ ბავშვობა გაატარა, შემდეგ კი ოჯახთან ერთად მეშჰედში გადასახლდა. 1736 წელს იბრაჰიმ ხანი მეშჰედიდან მუღანის ველისკენ გაემართა, სადაც ნადერ შაჰი ირანის ახალ შაჰად დასვეს. ამავე წელს იბრაჰიმ ხანი აზერბაიჯანის მმართველად დაინიშნა და თავრიზში წავიდა. 1737 წელს ამ უკანასკნელს გარდაეცვალა ცოლი, რომლის ცხედრის მეშჰედში გადასვენება მან სწორედ მოჰამად ქაზემის მამას დაავალა და თან ვაჟიშვილის ჩამოყვანაც უბრძანა, რათა იგი სამსახურში მიეღო. მამამ 16 წლის ქაზემი აზერბაიჯანში ჩამოიყვანა, რის შემდეგაც იგი იბრაჰიმ ხანის სამსახურში ჩადგა. 1739 წლიდან მოჰამად ქაზემი მერვის ბეგლარბეგს ემსახურება. 1740 წელს, როგორც კანცელარიის მოხელე, იგი მონაწილეობს ნადერ შაჰის ლაშქრობაში შუა აზიაში. 1741 წელს კი ლაშქარნავისის[1] თანამდებობაზეა და მონაწილეობს ქალაქ ბალხზე ლაშქრობაში. 1744-1746 წლებში ქაზემი მერვის არსენალის საფინანსო უწყების მოხელეა. 1746-1747 წლებში კი მერვის არტილერიაში მსახურობს ბიჰბუდ ხანთან, რომელიც ირანის ჯარის სარდალი იყო თურქესტანში. იმხანად, როცა მოჰამად ქაზემმა თავისი თხზულების წერა დაიწო (დაახლ. 1749/50 წწ.), იგი, როგორც ჩანს, მერვის ბეგლარბეგის ვაზირი (ანუ ფინანსური უწყების უფროსი) იყო [Стори,1977:914].
ჩვენამდე მოღწეულია მოჰამად ქაზემის ამ თხზულების ერთადერთი ხელნაწერი. თავდაპირველად სპეციალისტებს ხელთ მხოლოდ მეორე და მესამე ტომები ჰქონდათ, რის გამოც თხზულების სათაური არ იყო ცნობილი. შემდგომ, კერძოდ 1940 წელს, მოსკოვის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის ბიბლიოთეკაში მიაგნეს ამავე ხელნაწერის I ტომს და გაირკვა მისი სათაურიც − „ალემარა-ი ნადერი”. კალიგრაფიით, სტილითა და მინიატურებით იგი აბსოლუტურად მსგავსი იყო თხზულების მეორე და მესამე ტომებისა, რომლებიც ლენინგრადის აზიის მუზეუმში ინახებოდა. პირველი ტომის დათარიღებაც − 1166 (1752/53) წელი − იმას ადასტურებს, რომ სამივე ტომი ერთსა და იმავე ხელნაწერს მიეკუთვნება.
ქაზემის პირველი ტომი ეხება პერიოდს, როცა ნადერ შაჰი ჯერ კიდევ არ იყო გამეფებული, ამიტომ, ბუნებრივია, რომ ავტორი წინამორბედი ირანელი ისტორიკოსების სათანადო წყაროებით სარგებლობდა, რადგან თავად ვერ იქნებოდა იმ მოვლენების უშუალო თვითმხილველი. მეორე ტომში აღწერილია 1736-1743 წლების მოვლენები, ხოლო, მესამე, ჩვენთვის საინტერესო ტომი მოიცავს ნადერ შაჰის მმართველობის ბოლო პერიოდს (1743-1747 წწ.)[2] [ქაზემი,2016:5].
მოჰამად ქაზემის თანამედროვეებად, გვევლინებიან მეტად ცნობილი და სანდო მემატიანეები (პაპუნა ორბელიანი, ომან ხერხეულიძე, ვახუშტი ბატონიშვილი, ჰაკობ შემახეცი, ჯონას ჰანვეი, მირზა მოჰამად მეჰდი ხან ასთრაბადი და მისთ.), თუმცა, არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ ერთი და იგივე მოვლენა ან ფაქტი იმდროინდელი ისტორიკოსების მიერ ზოგჯერ რადიკალურად განსხვავებულადაც იყოს აღწერილი. ცნობილია, რომ მოჰამად ქაზემი საკმაოდ სანდო წყაროა თუნდაც იმის გამო, რომ მის მიერ აღწერილი მოვლენების უშუალო თვითმხილველი და მონაწილეა.
ჩვენ მოგვეცა შესაძლებლობა, გვეთარგმნა ქართულად და სამეცნიერო მიმოქცევაში პირველად შემოგვეტანა მოჰამად ქაზემის ცნობები საქართველოს შესახებ[3]. წინამდებარე სტატიაში კი გამოვთქვამთ მოსაზრებას ქაზემის იმ ცნობის შესახებ, რომელიც ნადერ შაჰის და თეიმურაზ II-ის ერთ-ერთი ქალიშვილის კავშირის შესახებ მოგვითხრობს.
საქართველოს ისტორიიდან ცნობილია, რომ თეიმურაზ II-ს ხუთი ქალიშვილი ჰყავდა: ქეთევანი, ანა, ელისაბედი, ელენე და თამარი. ანა 1744 წლიდან დიმიტრი ორბელიანის ცოლი იყო; ელისაბედი (1750-1770) – ჯერ გიორგი ამილახვარისა, შემდეგ კი კაცია დადიანის [სურგულაძე,1995:62], ელენე (გარდ. 1743) – ზაზა ციციშვილის [ორბელიანი,1981:68], ხოლო ქეთევანი, 1737 წლიდან ნადერ შაჰის ძმისშვილის, ალი ყული ხანის, რომელიც შემდგომ ირანის შაჰი გახდა და ადელ შაჰის სახელით იყო ცნობილი. თამარი (დ.1749), მისი ქორწინების შესახებ ინფორმაცია არ გავქვს.
მოჰამად ქაზემი თავის თხზულებაში მოგვითხრობს თეიმურაზ II-ის ერთ-ერთი ქალიშვილისა და ნადერ შაჰის კავშირის შესახებ. ეს კონკრეტული ეპიზოდი საქართველოს ისტორიისთვის აშკარად უცნობია. ქაზემის თხზულების თითქმის მთელი ერთი თავი ეძღვნება ამ ამბავს და ვინაიდან იგი მოცულობით საკმაოდ ვრცელია, საჭიროდ ჩავთვალეთ, მასზე ყურადღება გაგვემახვილებინა.
თხზულების ერთ-ერთ თავში – „სვებედნიერი ხელმწიფის ურდოში ამირ ასლან ხანის[4] დაბრუნებისა და თაჰმურას მირზას (თეიმურაზი) ქალიშვილის ხელში ჩაგდების ამბავი“ – ვკითხულობთ: „ამ დიდებულების ფირმანი გამოვიდა, რომ თაჰმურას მირზა კაცებთან და ქალებთან ერთად მოეყვანათ დიდებულ სასახლეში“, „როდესაც თაჰმურას მირზამ უზენაესი ბრძანების შესახებ შეიტყო, თავისი პირმთვარე ქალიშვილი, რომელიც უმანკოების ფარდაში აღეზარდა და სილამაზესა, მოხდენილობასა და მიმზიდველობაში ბადალი არ ჰყავდა, − ის მზეთუნახავი გოგო, ორ ძიძასთან და თავის 30 ერთგულ მონასთან ერთად შუაღამით მთავარი ციხიდან გამოიყვანა და ელბორსის მთის მწვერვალისკენ გაგზავნა; აურაცხელი ქონებაც იმ ადგილას გადამალა, – ღმერთს არ ექნა! − ქვეყნის მპყრობლის ნაიბებს[5] ის მზეთუნახავი ხელში ჩაეგდოთ” [ქაზემი, 2016:50].
გოგოს გამგზავრება და დიდებული ჩაფარების მოსვლა ერთი იყო. მათ შეწყალების რაყამი მიჰქონდათ თეიმურაზისთვის: „ქვეყნის მპყრობლის (ნადირ შაჰის) სურვილი ისაა, რომ ერთმანეთს შორის ერთიანობა გაჩნდეს. ამისთვის საჭიროა, ქალიშვილი, რომელიც თაჰმურასმა უმანკოების ფარდაში გაზარდა, დასვას ოქროთი მოოჭვილ ტახტრევანზე და ათასი კაცის თანხლებით ყიზილბაში დიდებულებისკენ გამოუშვასო”. თაჰმურას მირზამ უწმინდესს უპასუხა: „ქალიშვილი მყავდა, რომელსაც სიცოცხლის ინდისხურმასავით ვზრდიდი, მის აღზრდაში მთელი [მისი] ცხოვრება ასე მიცდია, სრულ ზღვარამდე მიმიღწევია. ზეციური ბედისწერისგან და უფლის განაჩენისგან უფალს ეახლა (გარდაიცვალა)”. ჩაფარები გაბრუნდნენ და ცხონებული დიდებულის სიკვდილის შესახებ ამ ქვეყნის პატრონს აცნობეს. თაჰმურას მირზასაც გარკვეული რაოდენობის ყიზილბაშ ღაზიებთან ერთად ქვეყნის მპყრობლის სასახლეში მისვლის პატივი დაედო. ამის გაგონებაზე დიად ყაენს თავის მეფურ სახეზე დარდი და მწუხარება აესახა, თაჰმურას მირზას დაუტკბა, მიეფერა და ძვირფასი მეფური ბუნებით განადიდა” [ქაზემი, 2016:50].
ტექსტში ნათლად ჩანს, რომ თეიმურაზ მეფის ქალიშვილი, შესაძლოა, „უმანკოების ფარდაში აღზრდილი“ და მეტად ახალგაზრდა ქალწული ყოფილიყო. ესეც გახდა, ალბათ, ერთ-ერთი მიზეზი, რომ მამამ იგი გადამალა და ყიზილბაში დიდებულები მოატყუა, ქალიშვილი გარდამეცვალაო.
ქაზემი შემდეგ წერს, რომ ამირ ასლან ხანი მივიდა „გზის საზღვართან“ , შეყოვნდა იქ და ლამაზ ქართველ ქალებთან ერთად მიეცა განცხრომასა და სიამოვნებას. მეორე დღეს, ღაზიების (მებრძოლები) რაზმთან ერთად სანადიროდ გაემართა. უეცრად მან მოჰკრა თვალი რამდენიმე ცხენოსანს, რომლებიც მთის კალთაზე დამდგარიყვნენ. ქართველებთან ახლოს მივიდა და დაინახა გოგო, რომელსაც მოხუცი ქალის მუხლებზე დაედო თავი და თავისი სილამაზით მთელ უდაბნოს ანათებდა. ზემოთნახსენებმა სარდალმა ამ გოგოს ამბავი იკითხა. მოახსენეს, რომ ეს საქართველოს ვალის, თაჰმურას მირზას ქალიშვილია, რომელიც მამამ გადამალა, იმის შიშით, რომ დიდებულ საჰებყერანს (ნადერს) მისი წართმევა და შერთვა უსურვებია. როდესაც ამირ-ასლან ხანმა ეს ამბავი შეიტყო, წამოდგა, რამდენიმე მხედარს უკან გაჰყვა და ურდოში წავიდა ოქროთი მოოჭვილი ტატხრევანით გოგოს ჩამოსაყვანად. ის პირმთვარე გოგო ტახტრევანზე დასვეს [და წაიყვანეს] [ქაზემი, 2016: 51].
„მგზავრობის დროს, ის სახელოვანი (ამირ ასლან ხანი) იმ ტახტრევანს უკან მიჰყვებოდა და, რაც კი საჭირო იყო (სოლთნის რეპუტაციის დასაცავად), ყველაფერს ასრულებდა, იცოდა რა, რომ ქვეყნის უდიდეს სვებედნიერ [ხელმწიფეს] ამ პირმთვარის ხელში ჩაგდების ფიქრი ჰქონდა“ [ქაზემი, 2016: 52].
თხზულების მიხედვით, ნადერ შაჰმა შეიტყო სიმართლე, თაჰმურას მირზა დაიბარა და უთხრა: თქვენი ქალიშვილი, რომელიც გარდაცვლილი იყო, გაცოცხლებულა და ამიტომ ეს ამბავი მის დედას, ნათესავებსა და მოყვრებს უნდა აცნობოთო. თეიმურაზმა უკვე იცოდა, რომ მისი ქალიშვილი ყიზილბაშ ღაზიებს წაეყვანათ და ამიტომ სიმართლის თქმის გარდა სხვა გზა ვეღარ მონახა. ნადერ შაჰმა, იმის გამო, რომ ქრისტიანი ვალიების რიდი ჰქონდა, მის მიმართ დიდი ყურადღება გამოიჩინა. მისი ბრძანებით, ქალიშვილი გზიდან მამის სახლში წაიყვანეს, რამდენიმე დღის შემდეგ კი თეიმურაზმა თავისი ქალიშვილის გამზადების თადარიგი თავადვე დაიჭირა. რამდენიმე ქალი თავისი ჰარემიდან სვებედნიერის (ნადერის) ჰარემში გაუშვა, დიდებულად დააბინავა იქ შემდეგ თავისი ძმა, მოჰამად ალი-მირზა, მეფესთან გაგზავნა და თავისი ქალიშვილის მისთვის მირთმევის სურვილი აცნობა. შაჰმა მოჰამად-ყული მირზას მეფური პატივისცემა მიაგო და თავის მრჩეველებსა და ვეზირებს უბრძანა, ქალი მოერთოთ, მოეკაზმათ და ოქრო-ვერცხლში ჩაესვათ. ამ „უმანკო ქალწულისთვის“ მოამზადა სამკაულები და ძვირფასი ქვების ნაკეთობები. გოგო მორთეს, გაალამაზეს და „განსაკუთრებულ საძინებელში“ მიიყვანეს. „დიდებული სვებედნიერიც ნორჩ ქართველ ქალს შეერწყა“ [ქაზემი, 2016: 53].
„[მეორე დღეს, შაჰმა უამრავი საჩუქარი მიართვა იმ ქვეყნის მცხოვრებთ. განსაკუთრებული პატივისცემა გამოავლინა ქართველი ხალხის მიმართ. თაჰმურას მირზა იმ ველაიეთის ვალიდ და პატრონად დანიშნა (ე.ი. განუმტკიცა დიდება), ხოლო მოჰამად ყული-მირზა არაგვისხეობისა და ქართლის ოლქში განამწესა“ [ქაზემი, 2016: 53].
როგორც უკვე ვთქვით, მოჰამად ქაზემის თანამედროვე ქართველ ისტორიკოსებთან არ მოგვეპოვება ამგვარი ინფორმაცია და მით უფრო იმის შესახებ, რომ, სავარაუდოდ, ეს ქალიშვილი თვით ნადერ შაჰს მონდომებია თავისი ჰარამხანისთვის, თუ ერთი ღამისთვის.
ჩნდება შეკითხვა, რომელია თეიმურაზის ქალიშვილებისგან ეს გოგონა, რომლის შესახებაც მსგავსი ამბავი არაა ნახსენები არც მოჰამად ქაზემის თანამედროვე ქართველ ისტორიკოსებთან, არც მირზა-მაჰდი ხან ასთრაბადისთან. არ შეგვხვედრია ამგვარი ცნობა არც ჩვენს ხელთ არსებულ ევროპელ ისტორიკოსებთან. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ეს გოგო ვერ იქნებოდა ვერც ელისაბედი და ვერც თამარი, რომლებიც დაიბადნენ მაშინ, როდესაც ნადერ შაჰი უკვე გარდაცვლილი იყო, თუმცა, შესაძლოა, ყოფილიყო დანარჩენი სამიდან ერთ-ერთი.
სპარსულ წყაროებში ხშირად ვხვდებით ხოლმე გამოგონილ ამბებს, მკვლევართა შეფასებით, ლეგენდებსა და ისტორიულ ანეკდოტებს. მიუხედავად იმისა, რომ ამ შემთხვევაში საქმე გამოგონილ ამბავთან არ უნდა გვქონდეს, მაინც მოვიტანთ იტალიელი მკვლევრის, ჯორჯო როტას მოსაზრებას ამგვარ არასრულ ინფორმაციებთან დაკავშირებით, რომელსაც ვეთანხმებით. „პირველწყარო თავისი ცრურწმენებით, ვარაუდებით, დაუდევრობით, მაინც არის ანარეკლი დროებითი ადამიანური ყოფისა და ის წყაროც კი, სადაც ყველაზე ნაკლები ინფორმაციაა, შესაძლოა იყოს უფრო მეტის მომცემი, უფრო დამაჯერებელი ისეთივე ღირებული წარსულის გააზრებასთან მიმართებით, როგორც წყარო, რომელიც შეიცავს ზუსტ თარიღებსა და დოკუმენტებს.“ იგი ასევე დასძენს, რომ „ნებისმიერი მსგავსი ნაშრომი, როგორ არაადეკვატურად და არაზუსტადაც არ უნდა იყოს მოცემული მასში რაღაც დეტალები, არის ცალკეული მნიშვნელოვანი მოვლენების ამსახველი ისტორიული ფაქტი და ყველაზე მეტად გასაგები მაშინაა, როდესაც მას ვუდარებთ თანამედროვე წყაროებს და ამის შედეგად, ნათელი ხდება ზოგადი ვითარება კონკრეტული პერიოდისა, რაც, შესაძლოა, დეტალებზე უფრო მნიშვნელოვანიც კი აღმოჩნდეს ხოლმე“ [Rota, 1998:159].
ნიკოლოზ იაზიკოვს[6] თავის ჩანაწერებში საქართველოს შესახებ ნახსენები ჰყავს მეფე ირაკლის და, რომელსაც თითქოსდა ნადერ შაჰთან გაუტარებია ღამე: „როდესაც ნადერ შაჰი საქართველოს ფლობდა, იმ დროს, სადაც კი ლამაზ გოგოს ნახავდნენ (სამეფო წარმომავლობისაც), ძალით წაიყვანდნენ ხოლმე. ამბობენ, რომ მეფე ირაკლის და ნადერ შაჰთან ყოფილა (აღსანიშნავია ასევე, რომ სპარსელების წეს-ჩვეულების მიხედვით, ქალიშვილის წაყვანა შეიძლება, ხოლო გათხოვილი ქალის – არა). ამიტომაც იყო, რომ მამებმა თავიანთი ქალიშვილების ადრე გათხოვება დაიწყეს, ბავშვობიდანვე დანიშნავდნენ ხოლმე მათ“[7] [Языков,1891:183-196].
თეიმურაზ II ლექსში „თავგადასავალი“ გულისტკივილს გამოთქვამს თავისი ქალიშვილის ალი ყული ხანზე გათხოვებასთან და ვაჟიშვილის, ერეკლეს, ირანში გამოძახებასთან დაკავშირებით.
„გაგზავნეს კახეთს ჩაფარი, არ ჩემთვის მოსალხენია,
მათ დამიბარეს ქალ-ვაჟი, დღე მქონდა მოსაწყენია,
სხვა ძე არ მყვანდა, გასინჯეთ, ვინც იყო კაცი ბრძენია,
აღარვინ მრჩება ოჯახში, ვით მოვითმინო ძნელია?!”
„თვით ყეენმან უსამართლო საქმე მიყო მეტად ძნელი:
გამომართვა ქალი პირმზე, ვისგან მნათობს რამე ბნელი,
ძმისწულს მისცა შესართავად, კვლა ბოძებას აღარ ველი,
მე მისისა მოშორებით დამიწყლულდა გული მრთელი” [ქართული მწერლობა, 1990:89-90].
ამ ლექსში ქეთევანისა და ალი ყული ხანის ქორწინების ამბავია მოთხრობილი და ისტორიკოსებიც, ბუნებრივია, აღნიშნავენ, რომ თეიმურაზის ასეთი დარდი სწორედ ამ ფაქტის გამოძახილია.
საინტერესოა ასევე ისიც, რომ მოჰამად ქაზემის თხზულებაში თანმიმდევრობა ამ თავებისა ამგვარია: ჯერ არის თავი, სადაც მოთხრობილია ამ ქალიშვილის შაჰის მიერ ხელში ჩაგდების ამბავი, ხოლო ამას მოსდევს თავი, სადაც აღწერილია ქეთევანისა და ალი ყული ხანის ქორწილი.
თუკი გავითვალისწინებთ ზემოთ ჩამოთვლის ფაქტორებს, რასაც იაზიკოვი გვიამბობს ნადერისა და ერეკლეს დის შესახებ და, როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნეთ, იაზიკოვი საკმაოდ სერიოზულ ფიგურად გვევლინება, ასევე, ყურადსაღებია სიტყვა „ამბობენ“, რომელსაც ხმარობს ავტორი. ასევე ყურადსაღებია ისიც, რომ იაზიკოვის მიერ მოთხრობილი ამბავი არც თუ ისე დიდი ხნის მერეა დაწერილი. გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ იმავე ჩანაწერებში იგი ამბობს, რომ გარკვეული ინფორმაციები მას ანტონ კათალიკოსისგანაც აქვს მოსმენილი, ხოლო ანტონ კათოლიკოსი თავად იყო იმ პერიოდის მოვლენების შემსწრე, რომელთაც აღწერს მოჰამად ქაზემი თავის თხზულებაში და ამიტომ თითქმის არ გაგვაჩნია საფუძველი, რომ ეჭვი შევიტანოთ მის მიერ მოწოდებული ინფორმაციის სისწორეში.
ასევე, ჩვენი ქვეყნის ისტორიული გამოცდილებიდან გამომდინარე, ნადერ შაჰი (და არა მარტო ნადერ შაჰი) უკან არ დაიხევდა, რომ ქართველი დიდებულების ოჯახის წევრები დაესვა ხან ცოლად და ხანაც ხარჭად, თუნდაც ერთი ღამისთვის (მაგალითისთვის გავიხსენებთ ამ პერიოდის მოვლენას, რომელიც ზემოთხსენებულ ანტონ I კათოლიკოსსაც ეხება, როდესაც ნადერ შაჰმა გივი ამილახვარს, შეიძლება ითქვას, წაართვა ქალიშვილი;[8] ასევე, ევროპელი ლუი ფრანსუა დე ფერიე-სოვებეფის ცნობას[9]. თუ გავითვალისწინებთ ამ მოვლენებს, მაშინ მოჰამად ქაზემის ცნობა თეიმურაზ მეორის ქალიშვილისა და ნადერ შაჰის ამ შესაძლო კავშირის შესახებ, შესაძლოა, სიმართლეც იყოს და არა გამოგონილი ამბავი, რომელიც, როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნეთ, ხშირად სდევს ხოლმე თან სპარსულ წყაროებს. ხოლო რაც შეეხება ამ ქალიშვილის ვინაობას, ჩვენი ვარაუდით, შესაძლოა, ეს იყოს ქეთევანი, რადგან:
ა) ნადერ შაჰთან დანათესავების გამო ასეთი დადარდიანება (ვგულისხმობთ თეიმურაზის ლექსს) არ არის დამაჯერებელი, თუ გავითვალისწინებთ თეიმურაზისა და ნადერ შაჰის ურთიერთობას და ამ ურთიერთობის განმტკიცებისკენ მიმართულ გათვლებს, რომლებიც ნამდვილად ჰქონდა თეიმურაზ მეორეს, რაც შემდგომში ნათლად გამოჩნდა და დადებითად აისახა საქართველოს ისტორიაში. ამიტომ, შესაძლოა, ამ ლექსით მეფე თეიმურაზი გულისტკივილს გამოხატავდეს სწორედ იმის გამო, რომ მისი ქალიშვილი (ქეთევანი), ჯერ ნადერ შაჰთან იყო, ხოლო შემდეგ ადილ შაჰის ცოლი გახდა.
ბ) ასევე, თეიმურაზს ნაკლებად დრამატული ტონის მქონე წერილი აქვს მიწერილი ერეკლესადმი, როდესაც იგი მას სთხოვს, ეახლოს შაჰს და თან წამოიყვანოს თავისი და, რათა შაჰმა იგი (თეიმურაზი) გაათავისუფლოს: „სასურველო ძეო ჩემო! სადაც ბოროტი შეგვემთხვევის, იქ სიკეთეც მოგველის. იძულებითა მოგიწერ ესრეთ, რომ შაჰსა სურს განთავისუფლება ჩემი ტყვეობისაგან, გარნა მხოლოდ ითხოვს მოსვლას შენსა და რათა თანა წამოიყვანო ასული ჩემი და დაი შენი ქეთევან. მხოლოდ მოსვლაი შენი აქა, სპარსეთად, მომანიჭებს მე განთავისუფლებასა ტყვეობისგან. ესრეთია ნება შაჰისა” [ქიქოძე, 1941:31].
მოჰამად ქაზემის თხზულების ამ პასაჟში გამოყენებული ცალკეული შტრიხები – ყოფითი დეტალები თუ მოარული სტერეოტიპები, რომლებიც ლიტერატურულ ხერხებად შეიძლება მივიჩნიოთ და რომელთა მეშვეობით ავტორი ტექსტის ერთგვარ ბელეტრიზირებას ცდილობს, ჩვენთვის წყაროთმცოდნეობითი თვალსაზრისით იქცევს ყურადღებას, რამდენადაც ავტორი, ყოველ კერძო შემთხვევაში, აღწერილი მოვლენის დეტალიზაციას, დაზუსტებას მიმართავს და ამით ტექსტის სანდოობის ხარისხს ზრდის.
იმავე შედეგს იძლევა ამბის თხრობისას არა მშრალი აღნუსხვა ფაქტებისა, არამედ მოვლენათა შეფასების, მათი კრიტიკული განხილვის მცდელობა. ხოლო პერსონაჟების დახასიათებისას მათი არა მარტო ღირსებების, არამედ ნაკლოვანებათა აღნიშვნაც.
ჩვენი აზრით, ზოგადად, ნადერ შაჰის კავკასიური პოლიტიკა არ იყო ერთგვაროვანი და არსებული ვითარებიდან თუ კონკრეტული რეგიონებიდან გამომდინარე, სხვადასხვა ფაქტორის ზეგავლენით, ურთიერთგანსხავებულადაც შეიძლება მივიჩნიოთ.
აღმოსავლეთ საქართველოსთან დაკავშირებით ვითარება უფრო რთული ჩანს. ერთი მხრივ, მეტად ხისტმა საგადასახადო პოლიტიკამ და დაპირისპირებამ ადგილობრივ ელიტასთან, ხოლო, მეორე მხრივ, ქართული სამეფო დინასტიის წარმომადგენელთა პრაგმატულმა დამოკიდებულებამ, ასევე ნადერ შაჰის მიერ არსებული რეალობის სწორად შეფასებამ, შექმნა სეფიანთა დროს არსებული ე.წ. „კომპრომისული“ პოლიტიკის დასრულებისა და ირანის ორბიტიდან საქართველოს გამოსვლის შესაძლებლობა.
საქართველოს მიმართ ნადერ შაჰის პოლიტიკა წარმოადგენდა არა დათმობებს ერთი თუ მეორე მხარის მიერ, არამედ ასახავდა იმ პირობებს, რომლებიც განაპირობებდა ამ პოლიტიკის ამა თუ იმ ასპექტს.
ამ კონკრეტულ შემთხვევაში ერთ-ერთ გამოკვეთილ შტრიხად უნდა განვიხილოთ არსებულ პოლიტიკურ პერიპეტიებში ქართველი ქალების – ამ კერძო შემთხვევაში კი მეფის ქალის – ჩართვა. ირანის სამეფო კარზე რომ ქართველ ქალებს (ჩერქეზებთან ერთად) საგულისხმო როლი ეკისრათ, ამაზე აქ არ შევჩერდებით; თუმცა ჩვენ მიერ განხილული ეპიზოდი კვლავ მოწმობს, რამდენად პრესტიჟულად მიიჩნეოდა ქართველი მეფის ქალის გარკვეული სახით არსებობა ირანის სამეფო კარზე, რაც, თავის მხრივ, როგორც ჩანს, პრაგმატული თვალსაზრისით მეტად ხელშემწყობი ფაქტორი უნდა ყოფილიყო ქართული სამეფო კარის ამა თუ იმ პრობლემის მოსაგვარებლად.
[1] ლაშქრის ანგარიშმწარმოებელი XVII-XVIII საუკუნის ირანში.
[2] „ალემარა-ი ნადერის” მეორე და მესამე ტომების ხელნაწერები შეისწავლა ცნობილმა რუსმა მკვლევარმა, ვ.ბარტოლდმა. იგი ამ ისტორიულ თხზულებას ნადერ-შაჰის ისტორიის ძირითად წყაროდ მიიჩნევს [Бартольд,1973:349]. 1940 წელს აღმოჩენილი პირველი ტომი დაწვრილებით აქვს აღწერილი ცნობილ რუს ორიენტალისტს, ნიკოლაი მიკლუხო მაკლაის. XVIII საუკუნის პირველი ნახევრის ირანის ისტორიის შესასწავლად ქაზემის თხზულებას ეს უკანასკნელიც უმნიშვნელოვანეს წყაროდ მიიჩნევს [Миклухо – Маклаи, 1948: 11]. ასევე, რუსმა მკვლევარმა, პ.პეტროვმა „ალემ არა-ი ნადერიდან“ თარგმნა ეპიზოდი ინდოეთის ლაშქრობისა: Петров, П. 1961. Поход Надир Шаха в Индию. Москва: издательство Восточной Литературы. რუს მკვლევარს, პ.ივანოვს კი ეკუთვნის ზემოხსენებული თხზულების შემოკლებული თარგმანი II და III ტომებიდან: Иванов, П. П. 1938. Материалы по истории туркмен и Туркмении. Том II. XVI-XIX в.в. Иранские, бухарские и хивинские источники. Москва-Ленинград.
[3] მოჰამად ქაზემის ცნობები საქართველოს შესახებ, სპარსულიდან თარგმნა, შესავალი და კომენტარები დაურთო თამარ ლეკვეიშვილმა (რედაქტორი გრიგოლ ბერაძე), გამომცემლობა ინტელექტი, 2016 წ. ვისარგებლეთ ირანელი მკვლევრის, მოჰამად ამინ რიაჰის გამოცემით: Kazem, Mohammad. 1374. Alem Arai-e Naderi. Be Tasis v ba Moghadame-i Mohammad Amin Riahi. Tehran.
[4] ნადერ შაჰის მამიდაშვილი.
[5] მოადგილე, თანაშემწე.
[6] რუსეთის იმპერიის გენერალ-მაიორი, რომელიც 1770 წელს მეფის მთავრობამ საქართველოში გამოგზავნა იმ კონფლიქტების მოსაგვარებლად, რომლებიც მეფე ერეკლე II-ს ჰქონდა როგორც გენერალ ტოტლებენთან, ასევე –სოლომონ I-თან.
[7] ამ საკითხს ეხებიან ასევე ფრანგი მოგზაურები ტავერნიე და ტურნეფორი, რომელთა ცნობების თანახმადაც, იმ მშობლებს, რომლებსაც თავიანთი ქალიშვილების გათხოვებამდე სურდათ მათი უსაფრთხოების უზრუნველყოფა, მათ პატარაობიდანვე გზავნიდნენ ქალთა მონასტრებში, ან 7-8 წლის ასაკშივე ნიშნავდნენ. ამავე ტავერნიესა და ტურნეფორის ცნობებით, მონასტრებში გოგონები მღვდლებზე უფრო მეტ ცოდნას იძენდნენ, შემდეგ ისინი ან იქვე რჩებოდნენ, ან წარჩინებულების სამსახურში დგებოდნენ და იღებდნენ აღსარებას, ნათლავდნენ, ატარებდნენ ქორწინებას და ასრულებდნენ სხვა საეკლესიო წესებს. ტავერნიე წერს, ასეთი ჩვეულება მსოფლიოში სხვაგან არსად არ გამიგიაო [ნაჭყებია,2017:249]. ტურნეფორი აღნიშნავს: „ქალები მონასტერში ხდებიან მორჩილნი, შემდეგ მხევალნი, ხოლო ბოლოს უფლება აქვთ, შეასრულონ წინამძღვრის ისეთი ფუნქციები, როგორებიცაა: ნათლობა და ზიარება, მირონცხება“ [ტურნეფორი,1988:70]. ფრანგი გრაფი ლუი-ფრანსუა ფერიე დე სოვებეფის ცნობის თანახმად, ქართველი ქალები ძირითადად ლამაზები იყვნენ, მათ დიდი შავი თვალები და ვარდისფერი ღაწვები ჰქონდათ. ლეკები და ყალმუხები საქართველოდან განუწყვეტლივ იტაცებდნენ ახალგაზრდა ქალებს, რომელთა სილამაზე სპარსეთისა და თურქეთის სერალების სამკაული იყო. მისივე ცნობით, ქართველები და კავკასიის სხვა ხალხები ჰყიდდნენ თავიანთ ქალიშვილებს, მაგრამ არასოდეს არ ჰყიდდნენ თავიანთ ვაჟებს. თხზულებაში ფრანგ გრაფს შემდეგი ანდაზაც მოჰყავს: „ბედნიერებისათვის საჭიროა იაზდური პური, აზერბაიჯანული ხილი, შირაზული ღვინო და ქართველი ქალი“[ნაჭყებია,2017:249].
[8] ანტონ I (ერისკაცობაში – თეიმურაზ ბაგრატიონი, 1720-1788), ქართველი საეკლესიო და სახელმწიფო მოღვაწე, საქართველოს კათალიკოსი, მწერალი, მეცნიერი. ვახტანგ VI-ის ძმის, მეფე იესესა და ერეკლე I-ის ასულის, ელისაბედის (ელენეს) ვაჟი. მამის გარდაცვალების შემდეგ, 1727 წლიდან იზრდებოდა თელავის სასახლეში თავის ბიძაშვილთან, ერეკლე II-სთან ერთად. მის აღზრდაში მონაწილეობდა დავითგარეჯის წინამძღვარი არქიმანდრიტი სპირიდონი. მიიღო ზედმიწევნით კარგი განათლება. ამზადებდნენ დიდი საერო კარიერისთვის, დანიშნეს ქართლის მძლავრი თავადის, გივი ამილახვრის ასულზე. მაგრამ 1735 წელს თბილისში ლაშქრით შემოსულმა თამაზ-ხანმა (ნადირ-შაჰი) საცოლე წაჰგვარა და სასიმამროც აიძულა, უხმოდ დამორჩილებოდა მის ნებას. თავზარდაცემული ანტონ I ჯერ დავითგარეჯას შეეხიზნა, შემდეგ იმერეთს გადავიდა. ერთხანს რუსეთშიც იყო; 1738 წელს კი ბერად აღიკვეცა გელათის მონსტერში ანტონის სახელით. ამ საკითხთან დაკავშირებით იხ.: [ავალიანი,1987:15; გაჩეჩილაძე,2003:445].
[9] 1782-1789 წლებში ოსმალეთის იმპერიასა და სპარსეთში დიპლომატიური მისიით წარგზავნილი ფრანგი გრაფი ლუი-ფრანსუა ფერიე დე სოვებეფი. „ევროპაში თამაზ-ყოლი ხანის სახელით ცნობილმა ნადირ-შაჰმა, ინდოეთის დალაშქვრიდან სპარსეთში დაბრუნების შემდგომ, პრინც ერეკლეს საქართველოზე ინვესტიტურა მისცა მას შემდეგ, რაც მან მუსლიმობა მიიღო; ამ გზით მან გადააყენა პრინცი ალექსანდრე, რომლის ოჯახიც დიდი ხნის მანძილზე მეფობდა თბილისში და რომელიც რუსეთში გაიხიზნა, რათა თავიდან აეცილებინა ამ დამპყრობლის დევნა. ლუი-ფრანსუა დე ფერიე-სოვებეფის ცნობით, ნადირ-შაჰს თავის კარავში თავისივე ოფიცრებმა მოჰკვეთეს თავი, „როდესაც იგი ქართველი ქალის მკლავებში ისვენებდა“. ჯერჯერობით ვერ დადგინდა, რამდენად შეესაბამება სინამდვილეს გრაფის ეს ბოლო ცნობა, მაგრამ ის კვლავ მოწმობს, რომ ქართველი ქალის ყოლა ჰარამხანებში აღმოსავლელი მმართველებისათვის სასახელო უნდა ყოფილიყო [ნაჭყებია, 2017: 249].
ლიტერატურა
ავალიანი ს. 1987 |
ანტონ პირველი. თბილისი. |
გაჩეჩილაძე კ. 2003 |
ერთი ფურცელი სასულიერო ფეოდალიზმის ისტორიიდან. ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შრომები. |
ნაჭყებია ი. 2017 |
ფრანგი ავტორების ცნობები ქართველი ქალის შესახებ (XVIII-XIX სს). ახლო აღმოსავლეთი და საქართველო, X. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი. |
ორბელიანი პ. 1981 |
ამბავნი ქართლისანი. ტექსტი დაადგინა, შესავალი, ლექსიკონი და საძიებლები დაურთო ელენე ცაგარეიშვილმა. „მეცნიერება“, თბილისი. |
სურგულაძე, მ. 1995 |
ბაგრატიონთა სამეფო სახლი. გენეალოგ. ტაბულები შეადგინეს მზია სურგულაძემ და მიხეილ ქავთარიამ. „კანდელი“ . |
ტურნეფორი, ჟ. პ. 1988 |
მოგზაურობა აღმოსავლეთის ქვეყნებში. თარგმანი ფრანგულიდან, გამოკვლევა და კომენტარები მზია მგალობლიშვილისა. „მეცნიერება“, თბილისი. |
ქაზემ მ. 2016 |
მოჰამად ქაზემის ცნობები საქართველოს შესახებ. სპარსულიდან თარგმნა, შესავალი და კომენტარები დაურთო თამარ ლეკვეიშვილმა. რედ. გრიგოლ ბერაძე. „ინტელექტი“,, თბილისი. |
ქიქოძე გ. 1941 |
ერეკლე მეორე. „ ინსტიტუტის გამომცემლობა”, თბილისი. |
ქართული მწერლობა 1990 |
ტომი VIII. „ნაკადული“, თბილისი. |
Rota G. 1998 |
Three little-Known Persian Sources of the Seventeenth Century. Iranian Studies. Vol. 31, No.2. Published by: Taylor and Francis, Ltd. On behalf of International Society of Iranian Studies. |
Бартольд В.В. 1973 |
Работы по источниковедению. том VIII. “Наука”, Москва. |
Миклухо – Маклаи Н.Д. 1948 |
О первом томе Мухаммеда Казима. Советское востоковедение, V. |
Стори Ч.А. 1977 |
Персидская литература. Био-библиографический обзор, II. Москва. |
Языков Н. 1891 |
Записка капитана Языкова о Грузии. Грамоты и другие исторические документы XVIII столетия относящиеся к Грузии, Т. I : С 1768 по 1774 год : Под ред. А.А. Цагарели С.-Петербург. |