ბაირონის ლირიკის მოსე ქარჩავასეული თარგმანების დედანთან შეპირისპირებითი ანალიზი

XX საუკუნეში მოსე ქარჩავას ძალისხმევით ქართულ ლიტერატურას არაერთი შესანიშნავი თარგმანი შეემატა. ისინი დღესაც პოპულარულია, მაგრამ დღემდე არავინ დაინტერესებულა ამ შესანიშნავი  მთარგმნელითა და იუმორისტით. ჩვენი მიზანი სწორედ მისი ბიოგრაფიისა და თარგმანების შემოქმედებითი ხელწერის კვლევაა.

დიდი გულმოდგინებით ვეძებეთ ინფორმაცია მოსე ქარჩავას შესახებ. XX საუკუნეში არავინ დაინტერესებულა ამ ნიჭიერი შემოქმედითა და მთარგმნელით, მხოლოდ 2009 წელს ვ. როდონაიამ წიგნ ,,ფესვებში“ 4 გვერდი დაუთმო მას, როგორც ჩხოროწყუელ ლიტერატურულ მოღვაწეს. ,,ჭოღელი ,,მაჩაბელი“ – ასე ასათაურებს ის მ. ქარჩავასადმი მიძღვნილ სტატიას. იგი შემოქმედს უწოდებს სახელოვან თანამემამულეს, მწერალს, ჟურნალისტსა და მთარგმნელს და მიიჩნევს, რომ ,,დროის ძალიან მცირე მონაკვეთში ქართულ ლიტერატურას მან ფასდაუდებელი სამსახური გაუწია. დიდი ერუდიცია,  ფასდაუდებელი ნიჭი... და უანგარობა - აი, რა იყო მისი ცხოვრების თანამგზავრი. ჩვენს მთარგმნელობით ლიტერატურას ყოველთვის დაამშვენებს შექსპირის, ბაირონის, შოუს... და სხვათა ნაწარმოებები, რომლებიც თარგმნა ბატონმა მოსემ. სწავლულთა და სპეციალისტთა აზრით, ივანე მაჩაბლის შემდეგ, მოსე ქარჩავა იყო პირველი მთარგმნელი, რომელსაც ყველაზე უკეთ შეეძლო ინგლისური მწერლობის მარგალიტების თარგმნა“ [როდონაია, 2009:505]. 

მოსე ქარჩავა ჭოღაში დაუკრძალავთ. დავუკავშირდით ჩხოროწყუელებს, მაგრამ  ოჯახის წევრებსა და შთამომავლებს ვერ მივაკვლიეთ. მოსე ქარჩავაზე ინფორმაცია ვეძებეთ ქ. ჩხოროწყუს მუზეუმშიც, მაგრამ არც იქ აღმოჩნდა რამე მნიშვნელოვანი. მხოლოდ ,,ნიანგის“ ერთი ნომერი მოგვაწოდეს. 1985 წელს ჩხოროწყუელებს მოსე ქარჩავას გარდაცვალებიდან 20 წლისთავი აღუნიშნავთ. ამავე წლის სატირულ-იუმორისტულ ჟურნალ ,,ნიანგის“ № 9-10-ში იბეჭდება სევდიანი ღიმილით სავსე პატარა სტატია სათაურით – ,,ომგადახდილი ნიანგელები.“ აქ მოსე ქარჩავას სიკეთესა და რაინდულ თვისებებზე მეტყველებს მცირე, თუმცა დიდი სითბოთი და სიყვარულით აღსავსე მოგონებები: ,,რედაქციაში შემოსულ ყველა მთხოვნელს მ. ქარჩავა ახლობელივით იღებდა, ეხმარებოდა, ამხნევებდა, შუამდგომლობდა...“ [ნიანგელები, 1985:4]. 

მ. ქარჩავა დაიბადა 1914 წელს [ნეკროლოგი, 1965:8] (სხვა ვერსიით 1916 წ.). 1935 წელს, ზუგდიდის პედაგოგიური ტექნიკუმის დამთავრების შემდეგ, გახდა მასწავლებელი. 1937 წელს ჩაირიცხა თსუ-ს დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტის ინგლისური ენის სპეციალობაზე, რომელიც ომის გამო 1948 წელს დაამთავრა. ის მონაწილეობდა II მსოფლიო ომში, მ. ქარჩავას ცხოვრების კვლევით დავადგინეთ, რომ 1943 წლის მარტში დაუმთავრებია თელავის სამხედრო სასწავლებელი და ომის წინა ხაზზე გაუმწესებიათ. 1943 წლის მაისში ქერჩის ბრძოლებში ტყვედ ჩავარდნილა. მერე რუმინეთში ტყვეთა ბანაკიდან გაქცეულს ფრონტის ხაზი გადაუკვეთავს და კვლავ მებრძოლთა რიგებში აღმოჩენილა; საქართველოში 1946 წელს დაბრუნებულა წითელი ვარსკვლავის ორდენით.

1948-1952 წლებში მ. ქარჩავა მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინგლისური ენის კათედრაზე, მერე - საქართველოს რადიომაუწყებლობისა და ტელევიზიის სახელმწიფო კომიტეტში, 1958 წლიდან იყო ჟურნალ ,,ნიანგის“ პასუხისმგებელი მდივანი და სარედაქციო კოლეგიის წევრი,  წერდა ,,ქარაშოტის“ ფსევდონიმით; იყო თავმდაბალი და კეთილშობილი, დიდი სულიერი კულტურისა და მხატვრული გემოვნების ლიტერატორი, ბრწყინვალე მოქართულე, სრულყოფილად ფლობდა ინგლისურ ენას. ამას ადასტურებს მისი ,,ინგლისურ-ქართული ანდაზები და ხატოვანი თქმები“ და მხატვრული თარგმანები – უილიამ შექსპირის ,,ტიმონ ათენელი“, ჯონათან სვიფტის ,,გულივერის მოგზაურობა“, ოსკარ უაილდის ,,თავდადებული მეგობარი“, ჯორჯ ბაირონის ,,სარდანაპალი“ და ლირიკული ლექსები და სხვა. მასვე ეკუთვნის წერილები საზღვარგარეთის პროგრესულ მწერლობაზე, ბოლოს იგი მუშაობდა დრაიზერის ,,გენიოსის“ თარგმანზე და ისტორიკოს ვ. მაჭავარიანთან ერთად წერდა კინოსცენარს ბესიკის ცხოვრებაზე. 

ჩვენი კვლევის საგანია მ. ქარჩავას მიერ თარგმნილი ლირიკული ნიმუშების შეპირისპირება ორიგინალთან და მთარგმნელის ოსტატობის თავისებურებების ანალიზი. კვლევის შედეგები წარმოდგენილია თარგმანმცოდნეობის მნიშვნელოვანი ასპექტების გათვალისწინებით.

1965 წელს გამომცემლობა ,,ნაკადულმა“ გამოსცა ბაირონის ლირიკის თარგმანები, რომელშიც მ. ქარჩავას 7 თარგმანია წარმოდგენილი, კვლევისათვის ავირჩიეთ ოთხი. 

ბაირონის განხილული ლექსების დედნებისა და ქარჩავასეული თარგმანების კვლევისას გამოვიყენეთ მხატვრულ-ლინგვისტური ანალიზისა და ინტერდისციპლინური მეთოდი. მხატვრულ-ლინგვისტური ანალიზი გულისხმობს ორიგინალისა და თარგმანის შეპირისპირებისას ენობრივი შესატყვისობების სიზუსტის გათვალისწინებას მხატვრულ-გამომსახველობითი ხერხების (ეპითეტი, მეტაფორა, შედარება, ჰიპერბოლა და სხვ.) თავისებურებების გათვალისწინებით. ინტერდისციპლინური მეთოდი ითვალისწინებს ერთდროულად ისეთ დისციპლინათა მონაცემებს, როგორებიცაა: ლინგვისტიკა, ლიტერატურათმცოდნეობა და კულტუროლოგია.

 

სტრიქონები მიძღვნილი მისი უწმინდესობის ჯ. ტ. ბიჩერისადმი, რომელმაც ავტორს ურჩია, საზოგადოებაში უფრო ხშირად გაერიოს / Lines addressed tu the REV. J.T. BECHER on his advising the author to mix more with society

 

ბაირონის ლირიკაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს პოლიტიკურ თემას. რომანტიკოსი შემოქმედი, რომლისთვისაც მიუღებელი იყო ინგლისის არისტოკრატიულ წრეებში გამეფებული პირფერობა და უსამართლობა, მძაფრი მხატვრული სიტყვით ებრძოდა მოწინააღმდეგეებს. ამიტომაც არაერთხელ აღმოჩენილა უსამართლო გაკიცხვისა თუ ცილისწამების ობიექტი. პოეტის იმედგაცრუებამ და უკმაყოფილებამ გამოძახილი პოეზიაშიც პოვა. სწორედ ასეთ თემაზეა დაწერილი ბაირონის ეს ლექსი.

ნეტარი ჯონ ტომას ბიჩერი (1770-1848 წწ.) იყო ინგლისელი სასულიერო პირი, სოციალური რეფორმატორი და საუთველმინსტერის გენერალური ვიკარი 1818–1840 წლებში. ბიჩერი ბაირონს დამეგობრებია, როცა პოეტი კემბრიჯის უნივერსიტეტიდან არდადეგების დროს რჩებოდა საუთველში. ბიჩერის, როგორც ავტორიტეტული პიროვნების, შეხედულებები პოეტისთვის მნიშვნელოვანი იყო.

ლექსი დაწერილია მეორე პირში. მასში აშკარად ჩანს აწმყოთი უკმაყოფილო პოეტის სევდა და იდეური მრწამსი – იმდროინდელი ინგლისის სინამდვილე მისთვის მეტაფორულად ,,ეტნას ხახაა.“ მ. ქარჩავა დიდი სერიოზულობით მოჰკიდებია ლექსის თარგმანს და გულმოდგინედ წარმოუჩენია გენიოსი ავტორის ნააზრევი. თარგმანში შენარჩუნებულია ორიგინალის თემა და იდეა, პოეტის თბილი დამოკიდებულება ბიჩერისადმი, ითვალისწინებს მის რჩევებს, გულწრფელად ესაუბრება, რომ მას არ შეუძლია შეეგუოს უსამართლობას, მლიქვნელობას და გაერიოს ისეთ საზოგადოებაში, რომელიც უღირსია, მდაბიო სულისაა. ბაირონი მიმართავს ბიჩერს:

                 5                                     7                           2

,,ძვირფასო ბიჩერ, / ჭკვიანურად მარიგებ, / მირჩევ,

               5                                  4                         5

ხალხს გაერიე / -  განდეგილად / განზე ნუ დგახარ,

               5                          7                                       2

მაგრამ მე მაინც / მარტოობის სიყვარულს / ვირჩევ,

                      5                          4                        5

რად მივეტმასნო, / ვისიც ისეც  / შემზარავს ნახვა“  [ბაირონი, 1965:12].

             4                         3                        5

Dear BECHER, / you tell me / to mix with mankind;

              5                       5                   2

I cannot deny / such a precept is / wise;

               5                        3                          5

But retirement / accords with / the tone of my mind:

                  5                      5                2

I will not descend / to a world I / despise [Byron, 2012:756].

ლექსის ორიგინალის სტრიქონები 12-მარცვლიანია, გამონაკლისია III – ცამეტმარცვლიანი. გამოყენებულია ჯვარედინი რითმა. თარგმანი 14-მარცვლიანია, რითმა კი – კვლავ ჯვარედინი, რაც მას თავისთავად  უნარჩუნებს ბაირონისეულ მუსიკალობას. ბაირონისეული განწყობისა და შემართების ქართულად გადმოსაცემად მთარგმნელი არქაიზმებს იყენებს, რაც ტექსტს სიძველის ელფერს ანიჭებს და თავისებურად ამსგავსებს XIX საუკუნის ქართველ რომანტიკოსთა ნაღვაწს.

     მ. ქარჩავას თარგმანში ბიჩერი პოეტს ხალხში გარევას ურჩევს, ორიგინალში კი – კაცობრიობაში გარევას, რაც უფრო ფართო ცნებაა. ეს მიანიშნებს იმაზე, რომ ბაირონმა უნდა გაითვალისწინოს კაცობრიობის ზრახვები, მთარგმნელი კი ამ სიტყვას ცვლის ცნებით – ხალხი, რაც თავისებურად ავიწროებს ჩარჩოებს და თარგმანის მკითხველს ექმნება შთაბეჭდილება, რომ მხოლოდ ინგლსელ ხალხზეა საუბარი. აქ თავისებურად ჩანს, რომ ბაირონს ჰქონდა თავისი გენიალობისა და მსოფლიო მნიშვნელობის შეგრძნება (ისე, როგორც გოეთეს, პუშკინს, გალაკტიონს...).

მ. ქარჩავა აკვირდება ორიგინალის ,,მელოდიას“ და სწორადაც განსაზღვრავს, რომ ბაირონი უმთავრეს აქცენტს სრტიქონის დასაწყისზე აკეთებს. ეს არის მიმართვა, ემოციური წამოძახილი, რომელიც განსაკუთრებული ტონალობით გამოირჩევა. შესაბამისად, თარგმანშიც სტრიქონის დასაწყისი, პირველი ტერფია ინტონაციურად გამოყოფილი, ყოველი სტრიქონი იყოფა სამ ტერფად, რაც პოეზიაში იშვიათობაა, პირველი ტერფის შემდეგ არის ძლიერი ცეზურა, რომელიც მიმართვასა და ავტორის ემოციურ ,,წამოძახილს“ გამოხატავს, მე-2 ცეზურა კი სუსტია, თუმცა სტროფს მელოდიურობას უნარჩუნებს და აიძულებს, შინაგანად დაემორჩილოს პოეტურ კანონზომიერებას. მთარგმნელსაც სამტერფიანი სტრიქონები აურჩევია და ზუსტად იმეორებს ორიგინალის ცეზურის სახეებსაც. შიგადაშიგ ბაირონი ცვლის სტრიქონებში მარცვალთა რაოდენობას ისე, რომ ლექსის რიტმსა და მელოდიურობას არ აზიანებს:

         5                                  7                                    2

,,რომ ფოქსივით და / ჩათამივით ვიცოცხლო, / მოვკვდე,

             5                          4                         5

გადავიტანდი / ყოველნაირ / ხიფათს და ურვას,

             5                                       7                                  2

თვით სიკვდილითაც / უკვდავების სფეროში / მოხვდნენ,

                   5                          4                           5

შარავანდედად / იმათ საფლავს / დიდება ხურავს“  [ბაირონი,1965:13].

                                                              4                   3                          5

„For the life / of a Fox, / of a Chatham the death,

            4                                        6                               3

What censure, what / danger, what woe would / I brave!

         4                           3                          5

Their lives did / not end, when / they yielded their breath,

              4                         6                       3

Their glory / illumines the gloom / of their grave [Byron, 2012:756].

საინტერესოა ბაირონის მიერ ორი ცნობილი ინგლისელი პოლიტიკოსის მოხსენიება. პოეტი წერს, რომ მას სურს, იცხოვროს ფოქსივით და მოკვდეს, როგორც ჩათამი, თუმცა მთარგმნელი ამბობს, რომ ავტორს სიცოცხლეცა და სიკვდილიც მათნაირი უნდა. ეს არ არის მნიშვნელოვანი შეცდომა. ორივე პოლიტიკოსის ცხოვრების გზის გაცნობა ააშკარავებს, რატომ ხიბლავდა ბაირონს ფოქსის ცხოვრების გზა და ჩათამის აღსასრული.

ორიგინალიც და თარგმანიც ცხრასტროფიანია. თარგმანი მიჰყვება ორიგინალის შინაარსს და მთარგმნელს არ უხდება მნიშვნელოვანი ცვლილებების შეტანა. ის ცდილობს, ქართულ გემოვნებას მოარგოს ბაირონის ნააზრევი და მცირედი გადახვევით შემოიფარგლება. მაგ., ეტნას გამოქვაბულის ნაცვლად იყენებს გამოთქმას – ეტნას ხახა, რითაც საინტერესო მეტაფორულ სახეს ქმნის. ბაირონისეულ ფრაზას – საზღვრები ვერ დაიჭერს, ავტორი შეუსაბამებს განსხვავებულ გამოთქმას – ვერ მოთოკავს. ბაირონისეულ შორისდებულების ნაცვლად ემოციის გაძლერებას მ. ქარჩავა მხატვრულ განმეორებითა და თხრობის ხალხური სტილით აღწევს. მაგ., ,,არ შეიძლება მოითოკოს, არა და არა...“ ,,ჰოდა, რად უნდა გავერიო მე მონებს შორის...“ ,,ავიტანო სხვის კუდში თრევა...“ ,,რად გავიყრუო მე ყურები ზვიადთა ბოდვით...“ იყენებს სიტყვას ,,ძმადნაფიცი“, რაც უცხოა ინგლისური ლექსიკისა და კულტურისთვის, მაგრამ ასეთი ქართული ეროვნული კალმის მოსმით ლექსის ,,თავისებურ გაქართულებას“ ლამობს, თუმცა დედნის სიზუსტის დაცვას შეძლებისდაგვარად ცდილობს.

ამრიგად, ამ ლექსის თარგმანი შესაძლებელია დადებითად შეფასდეს, რადგან მას  ატყვია მთარგმნელის გულმოდგინება და პროფესიონალიზმი.

 

სტანსები ლედის (ქ.-ნ   მასტერსს)   ინგლისიდან გამგზავრებისას / Stanzas To A Lady, On Leaving England

 

როგორც ბაირონის ,,მესაიდუმლე“ თანამედროვენი გადმოგვცემენ, ლედი მასტერსს ბაირონი ეძახდა მერი ჩევორსს, თავის განუმეორებელ სიყვარულს. ლექსი სწორედ მას ეძღვნება და სატრფიალო-სამიჯნურო შინაარსისაა. მასში, ქალისადმი სიყვარულის გარდა, აშკარად იგრძნობა პოეტის პატრიოტული განწყობა და დაუმორჩილებელი სული, რაც ლექსს შინაარსობრივად ძალიან საინტერესოს ხდის. ამას ადასტურებს ალეგორიული სახეები: სპეტაკი აფრა (პოეტის სული) და ანძაზე მაღალი ტალღა (ცხოვრებისეული წინააღმდეგობა).  ლექსის თითოეულ სტროფში 6 სტრიქონია. ასეთ ლექსებს საქართველოში მუსტაზადებს ეძახდნენ.  როგორც ა. სილაგაძე განმარტავს, ქართული მუსტაზადები, ,,სხვადასხვა სიგრძის სტროფებისგან (ოთხსტრიქონიანი, ხუთსტრიქონიანი, ექვსსტრიქონიანი და ა.შ.) აგებული ფორმები, ემთხვევა აღმოსავლურ პოეზიაში გავრცელებულ მუსამმატის ფორმებს...“ [სილაგაძე, 2016:131]. ის ძალიან მოსწონდათ ქართველ რომანტიკოსებს.

ლექსი ბაირონისეული პოეტური შეძახილით იწყება, რომელსაც მოსდევს გაპიროვნების საინტერესო მაგალითი: ,,ტალღას სიმღერით ეხვევა ტალღა,“ ავტორის ემოციის სიმძაფრე ჩანს სტრიქონებში და მოულოდნელ მხატვრულ სახეებში: ,,სპეტაკ აფრებს შლის ხომალდი ჩემი და ავარდნილი ანძაზე მაღლა... ტალღა.“ სიტყვებს შორის გაკრთება იდუმალი სატრფოს ხატება, რომელის სიყვარული ამძაფრებს განშორებით გამოწვეულ დარდსა და პატრიოტულ განცდას. ავტორი ტოვებს ინგლისს. ქართულ ვარიანტს ეტყობა მთარგმნელის განწყობა. ქარჩავას თარგმნის სტილი ეხმიანება მსგავსი განწყობით შექმნილ ალ. ჭავჭავაძის ლექსს – ,,მე იგივე ვარ მარად და მარად...“ ეს ჩანს თარგმანის მუსიკალობასა და სალექსო წყობაშიც. მთარგმნელმა ოსტატურად ამოიცნო 2 დიდი რომანტიკოსის  ერთნაირი განწყობა. მათს სულიერ მდგომარეობაში სატრფოს ხატება და სამშობლო ერთმანეთშია გადახლართული. ბაირონი აცხადებს:

                5                      3               2                                5            3                  1

,,კვლავაც რომ ვიყო, / რაც ვიყავ / წინათ,          ,,But could I be / what  I have / been, (შიდა რითმა)

                5                              3                2                          5                1        3

კვლავაც რომ მქონდეს / მის გულში / ბინა,       And could I see what / I / have seen (შიდა რითმა)

                5                            3                2                        5             3               1

კვლავაც რომ შევძლო, / მას ვანდო / თავი,       Could I repose / upon  the / breast

          5                          3             2                                      5                         3          1

ვინც მაგრძნობინა /კარგი და / ავი,                    Which once my warmest / wishes / blest(შიდა რითმა)

       5                       3                2                                   5                  3           1

არ ვეძიებდი / სხვა მხარეს, / რადგან                I should not seek / another / zone,

      5                          3                   2                               5                1         2

ვერ შევიყვარებ / სხვას, ერთის / გარდა“         Because I cannot / love / but one

                                   [ბაირონი,1965:46].                                            [Byron, 2012:913].

ასეთი განწყობა ჩანს ორიგინალისა და თარგმანის სხვა სტრიქონებშიც. თითქოს ბაირონს ტანჯავს არა მარტო სატრფოს (მერი ჩევორსის), არამედ ინგლისის, ძველი ალბიონის, სიყვარული. ლექსში იგრძნობა ორივე ,,აკრძალული სიყვარულის“ ხიბლი და სიმწვავე. პოეტმა თავი ვეღარ დააღწია ამ სულიერ ტანჯვას, თუმცა...

                 5                           3             2                                5                    1        3

,,...და ბევრიც ვცადე, /მოწმეა /ღმერთი,          „And I have striven, / but / in vain, (შიდა რითმა)

         5                         3                2                                     5                1      3

რომ მასზე აღარ/მეფიქრა/ მეტი                        Never to think of / it / again:

              5                          3                2                             5                    1            3

და მაინც ვტოვებ /ალბიონს, /რადგან              For though I fly / from / Albion,

        5                                3                2                                5                1         2

ვერ შევიყვარებ /სხვას, ერთის /გარდა“           I still can only / love / but one

                      [ბაირონი,1965:46].                                                                   [Byron, 2012:913].

პოეტი საკუთარ თავს ,,მარტო შთენილ ფრინველს“ (არქაიზმი) ადარებს და ბარათაშვილისეული მარტოობის განცდა იპყრობს: ,,ხალხის ბრბოშიაც მარტო ვარ...“ ეს ფრაზა, ასევე, იწვევს გალაკტიონის განწყობის ალუზიას. ავტორის მარტოობის განცდა კულმინაციას აღწევს. მგოსანს უკანასკნელი ბოგანოც კი მასზე ბედნიერად მიაჩნია. ის რჩება არა მარტო სატრფოსა და სამშობლოს, არამედ მეგობრის გარეშეც. თარგმანში მაინც იგრძნობა ბაირონის საბრძოლო განწყობა:

                     5             3                2                                           5                     2        3

„გადაიყოლოს / სხვა იქნებ / დარდმა                  Yet wish I not those /eyes / to weep

                         5             3                    2                                       5                       2          3

       ვაგლახ, მე კი რას / დამაკლებს / დარტყმა...“        For him that wanders / o'er / the  deep

                                           [ბაირონი, 1965: 47].                                            [Byron, 2012:914].

ლექსის ორიგინალი 11 სტროფია, ბაირონისათვის ჩვეული სამტერფიანი სტრიქონები ათმარცვლიანია და ამშვენებს წყვილადი ზუსტი რითმა. სტროფები ექვსსტრიქონიანია და დაბოლოება წარმოადგენს ერთსა და იმავე რეფრენს: ,,ვერ შევიყვარებ სხვას, ერთის გარდა...“ ან ,,და არვინ მიყვარს, შენ ერთის გარდა...“  თარგმანი კვალავ აჩენს ალ. ჭავჭავაძის ლექსისი ალუზიას: ,,მე იგივე ვარ მარად და მარად, არ ვსდევ ჟამთა ცვლას, მე იგივე ვარ მარად და მარად [ქართული მწერლობა, 1992:48].

ლექსის ქართული თარგმანი რვა სტროფია. ჩანს მსგავსება არა მარტო შინაარსში, არამედ – ფორმაშიც. ორიგინალიც ექვსსტრიქონიანია (მუსტაზადია), ათმარცვლიანი საზომით, რითმებიც წყვილადია: aa bb cc. ვინაიდან მე-5 და მე-6 სტრიქონები გარითმულია, თანაც მე-6 სტრიქონის დაბოლოება ყველაგან მეორდება, ამით ძლიერდება ლექსის რიტმი და მუსიკალური ჟღერადობა. ეს საერთო რითმა სტროფებს ერთ მთლიანობად კრავს. მუსტაზადი არ არის დამახასიათებელი ინგლისური ლიტერატურისთვის. ლექსი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ბაირონი გატაცებული იყო აღმოსავლური ლიტერატურით და მოსწონდა მუსტაზადი. მის პოეტურ ექსპერიმენტებს დიდი მნიშვნელობა ჰქონდა.

 

 ბალთაზარის ჩვენება / To Belshazzar 

ლექსი ბაირონის ერთ-ერთი საინტერესო ნაწარმოებია, რომელშიც ავტორი აკრიტიკებს ადამიანის თავგასულობას, სიხარბეს, სიმდიდრით უაზრო გატაცებასა და თავხედობას. ტექსტი ბიბლიურ თემაზეა შექმნილი. დედანი მე-2 პირშია დაწერილი და ბაირონი მიმართავს ბალთაზარ მეფეს, თარგმანი კი მე-3 პირშია შესრულებული და ხელოვნურად არის გავრცობილი. თითქოს შენარჩუნებულია ნაწარმოების თემა და კონტენტი, მაგრამ ორიგინალისა და თარგმანის შეპირისპირება საერთოდ ვერ ხერხდება, რადგან, ფაქტობრივად, მოსე ქარჩავას ლექსი ბალთაზარის თემაზე დაწერილი სრულიად ახალი ნაწარმოებია.

  ლექსის მითოლოგიური ქარგა ხაზს უსვამს ბაირონის იდეურ პოზიციას, რომ არავინ, თუნდაც მეფემ, არ უნდა განადიდოს საკუთარი თავი. ყოველი ადამიანი უნდა დაემორჩილოს ღვთიურ წესებსა და განგებას, წინააღმდეგ შემთხვევში მას სასჯელი ელოდება სააქაოსა და საიქიოში. ლექსის თარგმანი მ. ქარჩავასათვის არადამახასიათებელი სტილით არის შესრულებული. თუ სხვა თარგმანებს ეტყობა მთარგმნელის მონდომება და შესაბამისობების ძიების სიღრმე, ,,ბალთაზარის ჩვენება“ უკიდურესად თავისუფალ სტილშია შესრულებული. მთარგმნელმა საჭიროდ მიიჩნია, რატომღაც მკითხველისათვის თარგმანში მოეთხრო ბიბლიური ისტორია, როცა ბაირონის ნაწარმოები მხოლოდ ბალთაზარის აღსასრულზე მოგვითხრობს.

  ლექსის ორიგინალში ბაირონი მიმართავს ბალთაზარ მეფეს. ლექსი მეორე პირშია დაწერილი, თარგმანი კი მესამე პირშია შესრულებული. ბაირონი მიმართავს ბალთაზარს, რომ ის სულიერად დაცემულია, რაც აშკარად ჩანს წვეულებაზე. ქვეყნად არსებობს ბევრი დესპოტი ადამიანი, უსამართლო გვირგვინოსანი, თუმცა უფლისგან ,,მადლით ცხებული,“ მაგრამ ბალთაზარი ყველაზე უარესი და სუსტია, თუმცა თავხედი და გაიძვერაა. ბაირონი თარგმანში წარმოგვიდგენს მეტაფორის საინტერესო ნიმუშს:

 ,,და როგორ.. შენ უნდა მოკვდე?

წადი! ვარდები სწრაფად გაიცალე,

გააშრიალე შენი წარბებიდან...“ (თარგმანი ჩვენია).

  ეს  მეტაფორის საინტერესო ნიმუშია, რომელიც ინგლისურად ძალიან ლამაზად ჟღერს, მაგრამ ქართულად მისი გადმოცემა მთარგმნელს ვერ მოუხერხებია. ,,ბალთაზარის ჩვენება“ სრულიად დამოუკიდებელ ნაწარმოებად აღიქმება და ,,თარგმანად“ მისი მოხსენიება პირობითია, ამიტომაც მხოლოდ კრიტიკას იმსახურებს.

 

ინეზას / To Inez 

ლექსი რომანტიკულ მოტივზეა დაწერილი, აღსავსეა სევდითა და განცდებით. ავტორი მიმართავს ლამაზ ქალს, რომელიც მას თითქოს ნიშნისმოგებით უყურებს. ,,ნუ მოგგვრის ღიმილს ჩემი მოწყენა, ვერ შეგაგებებ პასუხად ღიმილს...“ – ეუბნება ქალს პოეტი. ჩანს, მანდილოსანი მგოსნის სევდიან განწყობას არ თანაუგრძნობს. ლექსში იგრძნობა მსუბუქი წყენა. აშკარაა, რომ ავტორი ქალისგან ემპათიას  ელოდა, მაგრამ იმედი გაუცრუვდა. მიუხედავად გულდაწყვეტისა, ის მაინც ლმობიერად უყურებს ქალს  და ეუბნება: ,,...და ღმერთმა ნუ ქნას, აცრემლდე შენაც და ჩემებრ თავი ჩაქინდრო შენაც.“ მთარგმნელი საინტერესო მეტაფორით იწყებს სატრფოსთან დიალოგს: ,,ნუ მეკითხები, დარდი რად მნისლავს, რად ვკლავ ჭაბუკურ სიხარულს ბოღმით...“ მისთვის სიყვარული მძიმე ლოდია, რომლის ქვეშ ,,მოღლილს“ არ სურს გაქცევა. ამას ვერც სიყვარული  ან სიძულვილი აიძულებს და ვერც დამცირების შიში. რომანტიკული გრძნობებით აღსავსე პოეტი ამბობს:

                                5                    3             2                                     5                  1          2 

      ,,მე მბუგავს  სევდა, /რომელიც/ ჩნდება               It is that weariness/which/ springs 

                               5               3                 2                                          5               3          1

      ყოვლისგან რასაც /ვისმენ და /ვხედავ,               From all I meet, or/ hear,or /see:

                           5                    2             3                                          5                   3           1

      არ მგვრის  სიამე /თავად /მშვენება                       To me no pleasure/Beauty /brings;

                      5                        3                     2                                  5                              2            2        

      და შენი მზერაც /არ მიქრობს/ სევდას“     Thine eyes have scarce/ a charm/ for me

                                            [ბაირონი,1965: 52].                                  [Byron,2012:102].

       შედარების იშვიათი სახის გამოსაძერწად მთარგმნელი ქმნის საინტერესო ქართულ ვარიანტს:

                                          5                       3            2                          5                  3            1

                 ,,ვით ლეგენდარულ /ებრაელს /თურმე    It is that settled, /ceaseless/gloom

                            5               2              3                                          5                     3             1

                 აყიალებდა/ბედი /წყეული,                          The fabled Hebrew/wanderer/bore,

                       5                    2              3                                          5                      3              1

                 საიქიოსაც /ეჭვით  /შევყურებ,                    That will not  look/beyond the/ tomb,

                        5                        2            3                                       5                 2            2        

                ქვეყნად სიამეს  /არა /ჩვეული“                  But cannot hope/for rest/ before

                                                       [ბაირონი, 1965: 52-53].                            [Byron, 2012:103].

ლექსის ორიგინალი ცხრასტროფიანია, სამტერფიანი სტრიქონები 9-მარცვლი-ანია – ზუსტი ჯვარედინი რითმით.  იგრძნობა მძაფრი ემოცია და ამაღლებული სიყვარული.

აქ ისევ თავს იჩენს ბაირონისეული დაეჭვება. პოეტისთვის იმდენად მიუღებელია გარშემო არსებული სინამდვილე, რომ ეეჭვება, რომ საიქიოშიც კი შესაძლებელია სიამის, სიმშვიდისა და ბედნიერების პოვნა. პოეტურ სტრიქონებში კვლავ ჩნდება ავბედითი დემონი, რომელიც ბარათაშვილის შავ ყორანს გვაგონებს. ბაირონმა იცის, რომ მას ისე ვერ გაექცევა, როგორც საკუთარ თავს, რადგან ის თავისი შავბნელი ფიქრია, დარდი და ნაღველია, რომელიც ფეხდაფეხ დასდევს და სამსალას ასმევს.

მ. ქარჩავას თარგმანი ორიგინალივით ცხრასტროფიანია და შესრულებულია სამტერფიანი 10-მარცვლიანი საზომითა და ჯვარედინი რითმით, რაც მის გულმოდგინებაზე მიგვითითებს.  ის კვლავ მიმართავს  თხრობის ემოციურ სტილსა და არქაულ ფორმებს, იყენებს გაქვავებულ მხატვრულ სახეებს (,,ჭმუნვის ისარი,“ ,,ბედი ტიალი,“ ,,გულის გადახსნა“...). პოეტი შესთხოვს სატრფოს, არ ინდომოს მისი „გულის გადახსნა“, რადგან იქ მხოლოდ ,,ჯოჯოხეთის ტრიალი“ ჩანს. უნდა აღინიშნოს, რომ საზომი, რითმა და ქართული ვარიანტის განწყობა სრულიად შეესაბამება ორიგინალს.

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ თარგმანის შესაძლებლობები უსაზღვროა. 21-ე საუკუნეში ისევ ჩნდება ბაირონის ამ ლექსის ახალი ქართული ვარიანტი, რომელიც პროფ. ინესა მერაბიშვილს ეკუთვნის და  ქართულ ენაზე ორიგინალის უფრო ხატოვანი წარმოჩენაა [Merabishvili, 2014:271].

საინტერესო აღმოჩნდა კვლევის შედეგები და დასკვნა. XIX-XX საუკუნეთა თარგმანები აშკარად განიცდის რუსული  ლიტერატურული ტრადიციების გავლენას. ხშირად ინგლისური ნაწარმოებები რუსული ვარიანტებიდან ითარგმნებოდა. თანდათან XX საუკუნის მთარგმნელთა ძირითადი პრინციპი  გახდა ის, რომ ქართულ ლიტერატურაში უნდა აღკვეთილიყო თარგმანის თარგმანი. მოსე ქარჩავამ კვლავ ააღორძინა თარგმანის ძველი ქართული ტრადიციები (მაგ., მთაწმინდელების სკოლა - XI ს., სიზუსტისა და ,,შემატების“ პრინციპი... სარგის თმოგველი, ს. ს. ორბელიანი...) და თანამედროვე გადასახედიდან საინტერესო მთარგმნელობით ტრადიციას ჩაუყარა საფუძველი. მოსე ქარჩავამ ინგლისური კულტურისა და ლიტერატურის მშვენიერებას ორიგინალიდან აზიარა ქართველი მკითხველი.

ორიგინალებისა და თარგმანების შეპირისპირებამ დაგვარწმუნა, რომ მთარგმნელი კარგად ფლობდა ინგლისურ ენას და ტექსტებს ორიგინალებიდან თარგმნიდა. ქარჩავა კარგად იცნობდა ინგლისური ლექსის თავისებურებებს, საზომს, ბაირონის პოეტურ სტილს... თარგმანებში ჩანს, რომ მთარგმნელი ითვალისწინებდა მკითხველის გემოვნებას, შეხედულებებსა და ინტელექტსაც კი. ამას მოწმობს ,,ბალთაზარის“ თარგმანი. მ. ქარჩავამ იცის, რომ თანამედროვე მკითხველს არ გააჩნია სათანადო რელიგიური ცოდნა და თარგმანში ვრცლად წარმოგვიდგენს ბალთაზარის ბიბლიურ ისტორიას, რათა უკეთ წარმოაჩინოს პრობლემის არსი, ლექსის მთავარი სათქმელი და ავტორის განწყობა. ბაირონი ლექსის ორიგინალში მხოლოდ ბალთაზარის სულიერ მდგომარეობასა და აღსასრულზე საუბრობს, რადგან დარწმუნებულია, რომ საზოგადოებამ კარგად იცის მისი თავგადასავალი. ალბათ, ამის შედეგია, რომ ამ ლექსის თარგმანი სხვებთან შედარებით სუსტია.

კვლევის შედეგებმა ცხადყო, რომ მ. ქარჩავას აქვს თარგმანის შესრულების საკუთარი სტილი. იგი ხშირად იყენებს არქაიზმებს, რითაც ცდილობს ბაირონის ეპოქისა და ენის უკეთ წარმოჩენას, ასევე, დიდ ყურადღებას აქცევს ლექსის საზომს, რითმის სახეობას და ინგლისურ ლექსს ოსტატურად უძებნის ქართულ შესატყვისებს. ის ცდილობს ზუსტად გადმოსცეს ტექსტის შინაარსი და იდეა, მაგრამ ამავე დროს ითვალისწინებს ორიგინალის სტრუქტურასა და მხატვრულ-გამომსახველობით საშუალებებს.

ამრიგად, მოსე ქარჩავა XX საუკუნის ერთ-ერთი გამორჩეული მთარგმნელია, მისი ცხოვრება და შემოქმედება სერიოზულ კვლევას მოითხოვს. გულდასაწყვეტია, რომ ამ ადამიანის ღვაწლი სათანადოდ არ არის დაფასებული და წარმოდგენილი ნაშრომი პირველი მცდელობაა, საზოგადოებამ გაიცნოს მისი შემოქმედება. მხატვრული თარგმანი – ეს არის რთული გზა მთარგმნელობიდან თანაავტორობამდე... ეს ძალიან კარგად გამოჩნდა მ. ქარჩავას თარგმანების კვლევისას.

მ. ქარჩავას თარგმანები ცხადყოფს, რომ მთარგმნელი ბაირონის ლირიკას ქართველი რომანტიკოსების გადასახედიდან აღიქვამს. მის თარგმანთა ქვეტექსტებში სწორედ მათი ლექსების ჟღერადობა ისმის. მოსე ქარჩავა – „ქართული ლიტერატურის ჩუმი და უანგარო მუშაკი, შესანიშნავი მთარგმნელი და ჟურნალისტი...“ [ნეკროლოგი, 1965:8]სერიოზულ მონოგრაფიას იმსახურებს... იმედია, შევძლებთ ამ ჩანაფიქრის განხორციელებას.

ლიტერატურა

ბაირონი ჯ.
1965
ლირიკა, თბილისი.
გაჩეჩილაძე ს.
1966
ლიტერატურის თეორია, თბილისი.
ლიტერატურის...
1995
ლიტერატურის თეორიის საფუძვლები, თბილისი.
უბილავა- ანდრონიკაშვილი ნ.
2008
ინგლისური ლიტერატურის ქართული თარგმანები, თბილისი.
როდონაია ვ.
2009
ფესვები, ქუთაისი.
ქართული....
1992
ქართული მწერლობა, ტ. 9, თბილისი.
სილაგაძე ა.
2016
ქართული მყარი სალექსო ფორმების აღმოსავლური წყაროები. ჟურნალი „სჯანი,“ №17, თბილისი. http://sjani.ge/?page_id=4148
ნიანგელები
1985
ომგადახდილი ნიანგელები, ჟურნალი ,,ნიანგი,“ №9-10, თბილისი.
ნეკროლოგი...
1965
ნეკროლოგი, გაზეთი ,,ლიტერატურული საქართველო“, № 41 (1470),08.10.1965 წ.
ნეკროლოგი...
1965
ნეკროლოგი, გაზეთი ,,სახალხო განათლება“ №40 (1880), 06.10.1965წ.
Byron G.
2012
Poems, Publisher:Poemhunter.com - The World's Poetry Archive.
Merabishvili I.
2014
Encounter with Lord Byron, Tbilisi.
Alexander. M.
2000
A History of English Literature, London.