შრომის გმირობის სოცრეალისტური განზომილება და ელიტარულობის საბჭოთა დეკონსტრუქცია

ლიტერატურას, როგორც განსაკუთრებულ რეალობას, საზოგადოებრივ ცხოვრებაში ყოველთვის გამორჩეული ადგილი უჭირავს. საბჭოთა ტოტალიტარიზმის ეპოქა ამ გამოცდილებას ამდიდრებს ლიტერატურისა და მწერლებისადმი თავისებური დამოკიდებულებითა და მათთვის მინიჭებული უფლება-მოვალეობებით – შექმნას ახალი გმირები განსხვავებული იდენტობებითა და ღირებულებათა სისტემით. სტატიაში ვისაუბრებთ ლიტერატურის, კერძოდ სოცრეალიზმის როლზე ახალი საბჭოთა ელიტის ჩამოყალიბების პროცესში, რომელიც შრომის გმირობის ტიტულის მინიჭებას დაეფუძნა. რუსთავის მეტალურგიული ქარხნის მაგალითზე განვიხილავთ, თუ რა ადგილი დაიკავა ლიტერატურამ ახალი გმირების ყოვედღიურობაში და როგორ იქცა მშორმელთა ყოველდღიურობა ლიტერატურად, სოცრეალიზმი კი თავისებურ განზომილებად ახალი გმირებისათვის, რომელთა ასპარეზი ფაბრიკა-ქარხნებსა და ველ-მინდვრებში გაიშალა. საბჭოთა რეპრესიების, ახალი წოდების დაარსებისა და ერთიანი მხატვრული მეთოდის, სოცრეალიზმის ჩამოყალიბების დროში თანხვედრა ახალი საბჭოთა იდენტობების ქვაკუთხედად იქცა 30-იანი წლების ბოლოდან (გაფრინდაშვილი.. 2010). სოცრეალიზმი განსხვავებული გმირების წარმოჩენით მოემსახურა ახალი ტიპის ელიტის ჩამოყალიბებას, რომელიც თვისობრივად განსხვავდებოდა ამ კატეგორიის გაგებისგან [Kamushadze, 2015: 246]. სტატიის პირველ ნაწილში ვისაუბრებთ სოციალისტური შრომის გმირის წოდების ჩამოყალიბებისა და განვითარების თავისებურებაზე და მის, როგორც ელიტური კატეგორიის, შესაძლო კონცეპტუალიზებაზე. ხოლო სტატიის ძირითად ნაწილში შევეხებით სოციალისტური შრომის გმირისსოცრეალისტურდარეალურთავგადასავალსა და მის ანთროპოლოგიურ კველევას. დასკვნით ნაწილში კი წარმოვადგენთ კვლევის შედეგებს.

უმაღლესი ჯილდო, სოციალისტური შრომის გმირის წოდება, 1938 წლის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის დადგენილებით დაწესდა, საბჭოთა კავშირის გმირის ტიტულის საფუძველზე. ამ წოდების სრულიად განსაკუთრებულობასა და არაორდინარულობაზე საბჭოთა კავშირის მასშტაბით რამდენიმე დეტალი მიუთითებს. საგულისხმოა, თუ ვინ გახდა მისი პირველი მფლობელი და როგორია ზოგადი სტატისტიკა ჯილდოების მიღება-დაბუნება/უარის თქმის შესახებ. ჯილდოს დაწესების ინიციატორებს ერთი წელი დასჭირდათ გადაწყვეტილების მისაღებად, თუ ვინ შეიძლებოდა გამხდარიყო მისი პირველი მფლობელი. 1939 წლის 20 დეკემბერს თავად იოსებ ბესარიონის ძე სტალინი გახდა პირველი საბჭოთა მოქალაქე, რომელსაც სოციალისტური შრომის გმირის წოდება დაბადების დღეზე, 60 წლის იუბელეზე მიანიჭეს,  ხოლო უკანასკნელი, ვინც ეს წოდება დაიმსახურა, იყო ყაზახი ოპერის მომღერალი – ბიბიგულ ტულიგენოვა. რაც შეეხება მისი ფლობის სტატისტიკას მისი დაარსებიდან 1991 წლამდე, საბჭოთა კავშირის მასშტაბით სხვადასხვა წყაროს მიხედვით ორი ციფრი – 20605 და 21560 – სახელდება, რაც უდავოდ მ წოდების ექსკლუზიურობაზე მიუთითებს. 1938 წლის გაზეთიპრავდისმიხედვით, სოციალისტური შრომის გმირის წოდება სახელმწიფოს მიმართ განსაკუთრებული დამსახურებისათვის ენიჭებათ პირებს, რომლებმაც ეროვნული მეურნეობის, კულტურის, მეცნიერებისა და სსრკ- დიდების გაზრდისათვის იღვაწეს. საგულისხმოა, რომ სოციალისტური შრომის გმირთა სიაში მოხვედრის ისტორიები განსხვავებულია და ხშირად წინააღმდეგობებითაც ხასიათდებოდა. მაგალითად, 1943 წლამდე ამ სიაში არ მოხვედრილა არც ერთი მუშა და გლეხი. ხოლო რაც შეეხება შემოქმედებით ელიტას, მათი გვარები უფრო მოგვიანებით, 60-იანი წლებიდან გამოჩნდა სოცილისტური შრომის გმირების გვერდით. აღსანიშნავია, რომ ამავე ჯგუფში მოხვდა ორი მოზარდი, რომლებმაც ეს წოდება სკოლაში სწავლის პერიოდში შრომითი გეგმების გადაჭარბებით შესრულებისათვის მოიპოვეს. აქვე კიდევ ერთი საგულისხმო დეტალი: 95 ადამიანს ეს წოდება ჩამოერთვა და მათგან რამდენიმეს ისევ უკან დაუბრუნდა. 16 შემთხვევაა, როცა ეს ტიტული პირებს გარდაცვალების შემდგომ მიენიჭათ (Славин, 2009). სურათი, რომელიც ამ წოდების გარშემო იხატება, მიგვანიშნებს იმ სირთულეებზე, რომლებიც ამ ტიტულის გარშემო ხალხის გაერთინების დროს დგებოდა. ასევე საგულისხმო ფაქტორია დრო და ეპოქა, რომელიც ტენდენციებს ქმნიდა და ცვლიდა ამ ტიტულის მაძიებელი ხალხისათვის.

არსებითი, რაც ამ ტიტულს, როგორც ელიტარულს, გამოჰყოფს და წარმოადგენს, არის თავად დასახელება, რომელშიც სიტყვა გმირი ფიგურირებს. გმირი, როგორც ადამიანური ყოფის გამორჩეული კატეგორია, ტრადიციული გაგებით ცალკეული პირის თავგანწირვას უკავშიდება და ძირითადად მაღალი იდეალებისათვის ადამიანის ტრაგიკული აღსასრულის შემდგომ დგება როგორც ფაქტი. ამ თვალსაზრისით, კომუნისტებმა ერთგვარი გარღვევა მოახდინეს საზოგადოების ცნობიერებაში, როცა გმირების ძიება ქარხნებში, მინდვრებსა და ვენახებში დაიწყეს, რითაც შრომა ადამიანურ ღირებულებათა სათავეში მოაქციეს. ამ წოდებაში საკვანძო სიტყვად იქცა შრომა, რომელიც უნდა გამხდარიყო გმირობის საფუძველი. შრომა, როგორც განსაკუთრებული ღირებულების დასაბუთება, ახალი იდენტობების ჩამოყალიბების პროცესსაც გულისხმობდა. საბჭოთა მოქალაქის იდენტობის ფორმირებაში გადამწყვეტი როლი სწორედ სამუშაოს უნდა ეთამაშა [ქამუშაძე, 2015:170]. ახალი იდენტობების ჩამოყალიბება უნდა გამხდარიყო რეალური საფუძველი შესაბამისი ელიტის ფორმირებისათვის. ღირებულებათა რეორგანიზაციის პროცესში გადამწყვეტი როლი კი შესაბამისი მეთოდის საშუალებით ლიტერატურას უნდა აეღო თავის თავზე. მწერლებს ელიტარულობის გაგების განსხვავებული მაგალითები უნდა მოეძიათსოციალისტურ რეალობაში”.

ჯილდო პოლიტიკოსებს, მუშებს, გლეხებს, მეცნიერებსა და ხელოვან ადამიანებს თანაბრად უნაწილდებოდათ. ამ ჯილდოს მეშვეობით კომუნისტური სისტემა თავისებურ ელიტურ ჯგუფს გამოყოფდა, თუმცა ამავდროულად მიანიშნებდა, რომ ამ სიაში მოხვედრის პოტენციალი ნებისმიერ მოქალაქეს ჰქონდა. შესაბამისად, ელიტად გახდომის შესაძლებლობა მერიტორიალ და არა შთამომავლობით პრინციპს ემყარებოდა. სოციალისტური შრომის გმირთა ჩამონათვალში მწერლებთან, კომპოზიტორებთან და უბრალო მუშებთან ერთად ქვეყნის პირველი პირებიც ხვდებოდნენ.

სოციალისტური რეალიზმი საბჭოთა სისტემამ ახალი რეალობის სახით შესთავაზა საზოგადოებას, რომელშიც რეპრეზენტაციის ფორმა მნიშვნელოვნად აღემატებოდა მის შინაარსს. ევგენი დობრენკოს აზრით, სოციალისტურ რეალიზმს უნდა შევხედოთ არა როგორც ბედნიერების ფაბრიკას ან ილუზიების ლაბორატორიას, არამედ როგორც საწარმოო ქარხანას, რომელიც თავისებურ რეალობას სოციალიზმს ̶ აწარმოებს. მისი აზრით, სოციალისტური რეალიზმის მთავარი ფუნქცია ტყული კი არა, რეალობის ჩანაცვლებაა [Dobrenko, 2007: 158]. სოციალიზმის თავისებურ პროდუქტად საბჭოთა გმირები გვევლინებიან, რომელთა გამორჩევისა და წარმოჩენის ფუნქცია სოცრეალიზმს ეკისრება.

მოცემულ სტატიაში წარმოდგენილია სოციალისტური შრომის გმირის თავგადასავალი წოდების მინიჭებამდე და შემდგომ. ერთი გმირის პირობითადსოცრეალისტურიდარეალურიამბავი ნაკლებად წინააღმდეგობრივია და შეიძლება ითქვას, რომ ერთი მეორეს ავსებს კიდეც. ამგვარად, როდესაც რეალურ პიროვნებებთან საბჭოთა რეალობაზე ვსაუბრობთ, მათი მეტყველება და ფიქრი მნიშვნელოვნად სოციალისტური რეალიზმის ლექსიკითა და წარმოდგენებითაა გაჯერებული. ამის მიუხედავად, გმირის მიერ მოთხრობილი ისტორიები, მაინც იძლევა საშუალებას სოციალისტური რეალიზმის დისკურსის მიღმა განვიხილოთ ერთი კონკრეტული შრომის გმირის ამბავი, გამოვყოთ ცალკეული ნარატივი. გმირის რეალური ისტორიები ეთნოგრაფიული კვლევის საშუალებით მოგროვდა და გმირის უშუალო თხრობას ეყრდნობა. იმავე გმირის სოცრეალისტურ ისტორიაში მის შესახებ დაწერილი ბიოგრაფიული ხასიათის თხზულებას ვგულისხმობთ, რომელიც პირველ პირში მომავალი გმირისრეალურისტორიას გვიყვება, გვაცნობს თავის ოჯახს, სამუშაო გარემოს და ყოველდღიურ თუ მარადიულ თემებთან  პირად დამოკიდებულებებს. კარპე მუმლაძის „გაზაფხულის ათი დღე“, იგივე მეფოლადის დღიური, რუსთავის მეტალურგიული ქარხნის მომავალ სოციალისტურ შრომის გმირს, ჩვენს მთხრობელს წარმოგვიდგენს. ამ ნაწარმოებთან დაკავშირებით თავად ავტორი მწერალთა კავშირის თავმჯდომარესთან, გიორგი ლეონიძესთან, შეხვედრას იხსენებს: „ცოტა ხანს ჩაფიქრდა და მითხრა: ერთი ზაფხული რუსთავში არც ერთ მწერალს არ ეყოფა. თუ გინდა რაიმე გააკეთო, იქ უნდა იცხოვრო და იმუშაო. ეს მარტო შენთვის კი არაა საჭირო, ეს სჭირდება რუსთავსაც. გმირების გვერდით მწერლის ცხოვრება და მუშაობააი, რა არის დამახასიათებელი ჩვენი დროისათვისო“ [მუმლაძე, 1982:37]. მწერლისა და მუშის სიახლოვე, გვერდიგვერდ თანაცხოვრება არა მხოლოდ სოცრეალიზმის მწერლობაში გამარჯვებას მოემსახურებოდა, არამედ ელიტარულობის ტრადიციულ გაგებაშიც მნიშვნელოვან კორექტივებს შეიტანდა. ერთი მხრივ, ვხვდებით მწერლებისა და პოეტების ფაბრიკა-ქარხნებთან დაახლოებას, ხოლო, მეორე მხრივ, მუშების მცდელობებს, თავად აღწერონ და გადმოსცენ ახალი რეალობა. ახალ დროში მწერლების რჩეული გმირები მუშები და გლეხები ხდებოდნენ. მწერლის არჩევანი პოლიტიკური ელიტისთვისაც შეიძლება საყურადღებო გამხდარიყო. ამის მაგალითად ჩვენი მთხრობელი, სოციალისტური შრომის გმირიც, გამოდგება. მან გმირის წოდება აღნიშნული ნაწარმოების არაერთგზის გამოქვეყნების შემდგომ მიიღო. ამ ფაქტიდან ჩანს, რომ იგი ჯერ მწერალმა და შემდგომ პარტიულმა ნომენკლატურამ შეამჩნია. იგი ჯერ ლიტერატურულ და შემდგომ რეალურ გმირადაც მოგვევლინა. თხზულების ავტორთან ამ საკითხზე საინტერესო რეფლექსიას ვხვდებით: მე კი ვეძებდი გმირს, რომელიც ჯერჯერობით არ იყო ეგრეთ წოდებულ ოფიციალურ რჩეულთა შორის, მაგრამ დაბეჯითებით მეცოდინებოდა, რომ ხვალ და ხვალზევით იგი იქნებოდა ყველასთვის მაგალითი ....  მართლაც რომ სანუკვარი მისია აკისრია მწერალს, აღმოაჩინოს გმირი და დაასაბუთოს მისი გმირობა [მუმლაძე,  1982:45]. ამგვარად, მწერალი კარგად აცნობიერებს საკუთარ როლსა და მისიას, რეალობისგან შექმნას სოციალისტური რეალობა, რომელიც რეალობად იქცევა. იგი ირიბად მისი გმირის ელიტის წარმომადგენლად ქცევის პოტენციალზეც მიანიშნებს. მთხრობელის საუბრიდანაც ჩანს, რომ გმირობის მინიჭების საკითხი წლების მანძილზე განიხილებოდა და გაურკვეველ მიზეზთა გამო ფერხდებოდა. შესაძლოა ნაწარმოების შექმნასა და მის გამოქვეყნებას გმირობის მინიჭების საქმეში გადამწყვეტი როლი არ ეთამაშა, თუმცა ამ ფაქტორის უგულებელყოფაც შეუძლებელია.

სოციალისტური შრომის გმირის წოდების მინიჭების ისტორიები თავისებურებად   გამოხატავს ახალი ელიტის ფორმირების წინააღმდეგობრივ ფარულ პროცესებს. ერთი ასეთი შემთხვევის შესახებ მოვისმინეთ საჩხერის რაიონში, სოციალისტური შრომის გმირობის მიღებასთან დაკავშირებით. იგი ჭიათურის მაღაროში მუშაობდა. იმისათვის, რომ სხვა რაიონებიდან ჩამოსულ მუშებს ყოველდღიურად არ ევლოთ თავიანთ სახლებში, მათ ქალაქ ჭიათურაში ბინები დაურიგდათ. მის გვერდით მუშაობდა ადამიანი, რომელიც გეგმებს შესაშური გადაჭარბებით ასრულებდა. სწორედ ის განიხილებოდა გმირობის კანდიდატად, თუმცა, როდესაც მას ჭიათურაში ეწვივნენ ბინაზე, მისი ოთახის სანიტარული მდგომარეობა არადამაკმაყოფილებლად ჩათვალეს და ყურადღება სხვაზე შეაჩერეს, ვისაც ზედმიწევნით მოწესრიგებული პირადი ნივთები და ოთახი აღმოაჩნდა [ედელაშვილი, 2011: 5]. ამ კონკრეტულ შემთხვევაში სტატუსის მინიჭებისას გადამწყვეტი არა შრომითი მიღწევები, არამედ ჰიგიენური ნორმების დაცვა აღმოჩნდა. ამგვარად, ვაწყდებით მერიტორიალური პრინციპების განსხვავებული ინტერპრეტაციების შემთხვევებს.

. მუმლაძის ნაწარმოებში კი გმირის მსჯელობები სოციალისტური რეალიზმის კვალდაკვალ საბჭოთა იდენტობების გამყარებას ემსახურება, რომლის უკან გმირი, ავტორიტეტი იდგა. ამ სახით გმირი მეფოლადემორალური ელიტის“ კატეგორიაში თავსდება.

ბევრი ჩემი ამხანაგი მუშაობს, მაგალითად, გარდაბანში. ლეგირებული ფოლადის მაგივრად მუყაოს უშვებენ. ალბათ, მუყაოც საჭიროა, მაგრამ... ნუ ვიქნებით გულუბრყვილონი, თითქოს გაიოლებული შრომა და ცხოვრება ადამიანის მიზანი და ამოცანა იყოს! სიამოვნება სიძნელის გადალახვაა. ადამიანი ვაჟკაცად უნდა იყოს დაბადებული და ბოლომდე ასე დარჩეს... კაცს რაც შეგიძლია, ის უნდა აკეთო. თუ მეტი შეგიძლია და ნაკლებს აკეთებ, ლაჩარი ყოფილხარ, დეზერტირი ყოფილხარ!” [მუმლაძე 1977:6].

აქვე შეიძლება შევნიშნოთ, რომ სხვადასხვა ტიპის სამუშაოებთან დაკავშირებით ვხვდებით ურთიერთსაწინააღმდეგო მიდგომას, ერთი მხრივ, ყველა სამუშაოს თანაბარი ღირებულების დეკლარირებას და, მეორე მხრივ, საქმიანობათა იერარქიზებას, რომლის დროსაც მძიმე ფიზიკური შრომა სიის სათავეში ექცევა და ვაჟკაცობას უტოლდება. შესაბამისად, მსუბუქი სამუშაოს შესრულება ნაკლებად საამაყოდ და სამარცხვინოდაც კი შეიძლება ჩაითვალოს მაღალი ფიზიკური შესაძლებლობების მამაკაცისათვის.

ამ მონაკვეთში ავტორი მთავარი გმირის სახელით საუბრობს შრომაზე, რომელიც ყველასათვის ცხოვრების მიზანი უნდა იყოს და იმაზე, რომ საქმეში თავი არ უნდა დაზოგო. შრომაში თავგანწირვა კი მას ვაჟკაცობად მიაჩნია, რომლის საპირისპიროდაცაა მოხმობლი სიტყვადეზერტირი“. შრომაში მაქსიმალიზმი – ესაა რეალურად მთავარი კრიტერიუმი, რომელიც ამ სიტყვების ავტორს გმირობის, ელიტის წევრობის კანდიდატად აქცევს. ამ ექსპრესიულად გამოხატულ სიტყვებში დიდაქტიკური ტონიც აშკარაა, რაც ასევე რჩეულების ხვედრია.

ერთერთ მნიშვნელოვან ადგილად საკუთარი იდენტობის მანიფესტაციისათვის საქართველოში ითვლებოდა სუფრა, რომელიც ძირითადად გაჯერებული იყო (უნდა ყოფილიყო) ჰეროიკული ნარატივებით. სუფრა – ესაა თავშეყრის ადგილი, სადაც იდენტობები ფიქსირდება და მყარდება. მეფოლადის დღიურში საინტერესოდაა მოყვანილი პურობის სცენა, რომელშიც ნაწაროების მთავარ გმირს თამადობას, სუფრის ხელმძღვანელობას სთხოვენ, მისი ლოგიკა კი ასე ლაგდება:

„ ... შენ უნდა იყოო. მე სამუშაოზეც მეყოფა ბრიგადირობა, ახლა სუფრაზეც გაუჭირე საქმე!.. თუმცა, ისინიც მართლები არიან: თუ საქმეში ხარ მეთაური, სუფრაზეც მეთაურობა გეკუთვნის[მუმლაძე 1977:35].

გმირის ლიდერობის ხაზგასმა ასევე გზის გახსნაა რჩეულობისკენ, რომელზედაც არსებობს კონსესუსი. ნაწარმოების მთავარ პერსონაჟს, თამადას, სუფრაზე, გიორგი ჭავჭანიძის თამადა ახსენდება და გვაცნობს ლექსს, რომელიც ასეთი სტროფით სრულდება:

სად გიდევს შენი წილი აგური, შენი ხარაჩო სად აღმართულა?

საით მიგიდის გზა წაღმართული. რა არის შენი ოფლით ნაპკური:

ჩაი კოლხური, ვაზი კახური, იქნებ ფოლადის მილი ქართული?

გვითხარი, რაა შენში ქართული?“ [მუმლაძე 1977:35].

ამ ლექსში პრაქტიკულად ვხვდებით იდენტობის ახალსაბჭოთაფიქსირებულ მარკერებს, რომლებიცქართველობასგანაპირობებს. აღსანიშნავია, რომ აქ პირდაპირ მონაცვლეობს ბრძოლა და შრომა, შესაბამისად, სამშობლოსათვის სისხლის დაღვრა ჩანაცვლებულია შრომაში ოფლის დაღვრით. თუ სამშობლოსათვის ფიზიკური თავგანწირვა არისტოკრატიის პრივილეგიას წარმოადგენდა, მისთვის შრომითი თავგანწირვა მშრომელთა უპირატესობა გახდა.

ამას მოჰყვება თამადის მიერ წარმოთქმული სადღეგრძელოების რიგი, რომელთა თემატიკა ტრადიციულად ისევ შრომის პროცესი და მისი შედეგების მნიშვნელობის წარმოჩენაა.

ჩვენს შრომას გაუმარჯოს, დღევანდელ გამარჯვებას გაუმარჯოს! იმ ფოლოდების სხმულებს გაუმარჯოს, დუღაბად რომ ჩაეკირება კომუნიზმის საძირკველს!” [მუმლაძე 1977:36].

გმირი საგანგებოდ აღნიშნავს, რომ ღვინოს ბევრს არ სვამს, ხოლო არაყს საერთოდ არ ეტანება და აკრიტიკებს გადაჭარბებულ ღვინის სმას.

ამის შემდგომ სვამენ წინაპრების სადღეგრძელოს, რომელშიც ხაზგასმულია, რომ მათი კარგი ჩვევები და ტრადიციები უნდა გაგრძელდეს.

ჩვენი წინაპრებისა იყოს, სულით წმინდა, უმანკო წინაპრებისა! მათი კარგი ჩვევების და ტრადიციების გაგრძელებისა იყოს! მშობლების სადღეგრძელო იყოს!“ [მუმლაძე, 1977:36].

როცა ნაწარმოების გმირი მარტენში თავისი მოგვარეების სიმრავლეზე საუბრობს, იქვე უთითებს, რომ ერთ-ერთი მათგანი მუშა პოეტია, იგი ხშირადაც იბეჭდება და მისი ზოგიერთი ლექსი მან ზეპირადაც იცის.

ნაწაროების გმირი დღიურის ერთ-ერთ ეპიზოდში აღწერს ქარხანაში პიონერთა სტუმრობას და გვიყვება, თუ როგორი ინტერესით ადევნებენ თვალს ფოლადის დნობის პროცესს ახალგაზრდები, რომელთაგან ზოგი გალაკტიონივით პოეტი, ზოგიც მასავით მეფოლადე გამოვა. ამის შემდგომ იგი იხსენებს გალაკტიონის ვიზიტს ქარხანაში და მასთან შეხვედრას, რომლის დროსაც პოეტმა მას ნამდვილი გმირი უწოდა. ამის საპასუხოდ მეფოლადე აცხადებს, რომ გმირი თავად იყო გალაკტიონი.

შეიძლება ამ პიონერებს შორისაც არის ვინმე, რომელიც სამშობლოს ასახელებს გალაქტიონივით!.. არც სახელიანი მეფოლადე წააგებდა. ყოველ შემთხვევაში მე არ ვემდური ბედს: როცა შრომა სიხარულს განიჭებს, რა ძნელიც უნდა იყოს, მაინც ბოლომდე უნდა გაიტანო ლელო, თუ სავაჟკაცოცაა, ხომ კმაყოფილი ხარ და კმაყოფილი!” [მუმლაძე, 1977: 55]

ნაწარმოების გმირისა და გალაკტიონის ამგვარი საუბარი მათ თანასწორებად, მეგობრებად წარმოაჩენს. შემთხვევითი არ უნდა იყოს, რომ ნაწარმოების გმირი  თხრობას პოეტ ალიო მირცხულავას ლექსით ასრულებს:

გაზაფხულია, მოდის მაისი,

სურნელს მოაფრქვევს ბაღში, ყანაში.

მოდის ქართული სიდარბაისლით,

გაზაფხულია ჩემს ქვეყანაში!“  [მუმლაძე, 1977:90].

ნაწარმოების კითხვისას რამდენიმე წინააღმდეგობას ვაწყდებით, რაც თავად გმირის წარმოდგენის საკითხს ეხება. ერთი შეხედვით, იგი არფრით გამორჩეული, ჩვეულებრივი ადამიანია, ამავდროულად ის ლიდერად და ინიციატორად გვევლინება. წიგნში გადმოცემული მისი ისტორიები არ გვაოცებს და უბრალო ლოგიკური დაუკმაყოფილებლობის გრძნობით გვასრულებინებს მონოტონურ ამბავს. როგორც ჩანს, გმირის ამგვარად წარმოჩენა შემთხვევითობა ან მწერლის გემოვნების გამოხატულება არ უნდა იყოს მხოლოდ. ჩვეულებრივი ადამიანების გმირებად ქცევა საბჭოთა იდეოლოგიის ნაწილად და საბჭოთა ელიტის ფორმირების საშუალებადაც შეიძლება განვიხილოთ. რჩეული შეიძლება გახდეს ყველა, ვისაც შეამჩნევენ და გამოყოფენ, იგი ვერ შეიცვლება, იქნება რჩეული და დარჩება ჩვეულებრივი. სწორედ მასის ნაწილი შეიძლება გახდეს კარგი მისაბაძი მაგალითი საზოგადოებისათვის.

საგულისხმოა გმირის პოეზიაში განსწავლულობა, მის მიერ მოხმობილი ლექსის სტრიქონები. მუშა-პოეტების ციტირება, დიდი პოეტების ქარხნებში სტუმრობა ამავე იდეის განვითარებას ემსახურება. ეს ყველაფერი რომ გეგმაზომიერი იდეოლოგიის ნაწილს წარმოადგენდა, ის ფაქტიც მოწმობს, რომ რუსთავის მეტალურგიულ ქარხანასთან მისი დაარსების დღიდან ლიტერატურული წრე და კულტურის სასახლე ფუნქციონირებდა. ამ გაერთიანების ბაზაზე გამოიცემოდა ლიტერატურული ჟურნალირუსთავის ჩირაღდნები“, რომელშიც ქარხნის მუშათა შემოქმედება იბეჭდებოდა (ჯახუა, 1958). ასევე საგულისხმოა, რომ ნაწარმოების გმირი, რეალურ ცხოვრებაშიც ლიტერატურული წრის შეხვედრებში მონაწილეობდა. თუმცა, როგორც თავად აღნიშნა, იგი ბოლომდე მაინც ვერაიყოლიესდა მწერლობაზე პრეტენზიას არ აცხადებს. ამის მიუხედავად, ცხოვრებაში იგი არაერთ მწერალთან თუ პოეტთან მეგობრობდა. ამდენად, ლიტერატორებისა და მუშების დაახლოების პროექტი საბჭოთა ელიტარულობის გაგების კიდევ ერთ საგულისხმო მხარეა.

ელიტარულობის სხვა მხარეს მშრომელი გმირებისთვის რესურსებზე წვდომის უზრუნველყოფა წარმოადგენდა. სოციალისტური შრომის გმირებს შეეძლოთ ჰყოლოდათ ავტომობილი, ჰქონოდათ დიდი ბინა პრესტიჟულ უბანში, რაზეც ყველა ოჯახს, ბუნებრივია, ხელი არ მიუწვდებოდა. ჩვენი გმირის ოჯახისათვის მეგობრობის გამზირზე ბინის გადაცემა ერთ-ერთი გადამღები ჯგუფის მუშაობას უკავშირდება. ისტორია კი ასეთია: რუსეთიდან ჩამოსული რეჟისორი ქალი ქალაქკომში მისულა და უთქვამს, რამდენიმე დღეა ვიტანჯებით ამ კაცის ბინაში არსებული სივიწროვით, ეს ფილმი საფრანგეთში უნდა ვაჩვენოთ და რას იტყვიანო. ამ ფაქტის შემდგომ მყისიერად გადასცესდიდიბინა გმირის ოჯახს. მის საკუთრებაში არსებული ვოლგისგამო შრომის გმირს ნათესავები ხშირად სთხოვდნენ ქორწილებში წაყოლას, რაც ასევე ოჯახისა და მის ის სტატუსს უსვამდა ხაზს. ვინც არ იცის, ვოლგის ყიდვა საბჭოთა კავშირში იოლი რამ არ იყო. ხელზე ანუ ბაზარზეგაზ 24 ვოლგაოცდაათი ათასი მანეთი ღირდა კლასიკურ დროს, სახელმწიფო ფასი კი თხუთმეტი ათასი იყო. მაგრამ სად იყო სახელმწიფო ფასი. სახელმწიფო რომ ვოლგის ყიდვის უფლებას მოგცემდა, დეკლარაციები უნდა გევსო და სახელმწიფოსთვის ახლო მუშაკი უნდა ყოფილიყავი[მორჩილაძე, 2014: 171]. კიდევ უფრო მნიშვნელოვანი რესურსი, რა თქმა უნდა, სოციალური ქსელი, საკავშირო მასშტაბით სანაცნობო წრე გახლდათ, სადაც მის სიტყვასა და სატელეფონო ზარს თავისი წონა ჰქონდა. რა თქმა უნდა, ხალხიც პატივს მცემდა. რა დასამალია და, დეპუტატი რომ გავხდი მერე, შეიძლება ბევრს კი არ ვაკეთებდი, მაგრამ, უბრალო მაგალითი ავიღოთ. უბრალო ვიღაცა რო დაეჭირათ, გეგონება გენერალური პროკურორი ვიყავი, მირეკავდნენ...“ [რესპოდენტი, 2012: 6].

შრომის გმირმა[1] ჩემთან საუბარში ორი ფაქტი გაიხსენა: მისი შუამდგომლობით ირკუტსკის ციხიდან ქართველი ახალგაზრდა გაათავისუფლეს და ქალაქში წვრილმანი ხულიგნობისათვის დაკავებული მოზარდთა ჯგუფი პროკურატურისგან იხსნა. ირკუტსკის შემთხვევასთან დაკავშირებით მან ისიც აღნიშნა, თუ რა მარტივი იყო მისთვის საბჭოთა კავშირის ფარგლებში ნებისიერი მიმართულებით გაფრენა: ნახევარი საათით ადრე მივიდოდა აეროპორტში და სადაც უნდოდა, უპრობლემოდ გააფრენდნენ [რესპოდენტი, 2012: 7].

სოციალისტური შრომის გმირობას უმაღლესი საბჭოს დეპუტატობის სტატუსიც მოჰყვა, რომელიც ფორმალურად მას პოლიტიკური პროცესის ნაწილად და გადაწყვეტილების მიმღებად წარმოაჩენდა. დეპუტატობა ბუნებრივია, გულისხმობდა სხვადასხვა სახელმწიფო დონის ვიზიტებსა თუ ექსკურსიებს ქვეყნის პოლიტიკურ ელიტასთან ერთად. საგულისხმო ფაქტია, რომ, უმაღლესი რეგალიების მიუხედავად, იგი ქარხნის მშრომელთა სიაში კვლავ ირიცხებოდა და იმავე ფიზიკურ სამუშაოს ასრულებდა, რასაც მანამდე.

ელიტის ნაწილად გახდომის შესაძლებლობისა და ამ ცნების დეკონსტრუქციის კიდევ ერთი საგულისხმო მაგალითი მუშის სახელმწიფოს პირველ პირთან ურთიერთობის შესაძლებლობა იყო. ჩვენმა გმირმა ქარხნის პარტიული ნომენკლატურისგან მითითება მიიღო, ბრეჟნევისათვის წერილი გაეგზავნა, რომელშიც მის მიერ საფრანგეთის ტელევიზიისათვის მიცემულ ინტერვიუს გამოეხმაურებოდა. რუსულ ენაზე დაწერილი წერილი მომავალმა გმირმა პარტკომში საჩვენებლად მიიტანა. ერთმა ქალბატონმა წერილის ენობრივი თვალსაზრისით გასწორება დაიწყო, რითაც ავტორის გულისწყრომა გამოიწვია. აბა, მე ვუთხარი, არ წაშალოთ! უნდა ეტყობოდეს, რომ მუშის დაწერილია, თან ქართველის-თქო!“ [რესპოდენტი, 2012:6]. იმ დღეს წერილის გაგზავნა დავიწყებია და რამდენიმე დღის შემდეგ შვილისთვის წერილის სპეციალურ საფოსტო ყუთში ჩაგდება უთხოვია. ზუსტად ორი დღის შემდეგ უთხრეს, რომ ბრეჟნევისგან პირადი წერილი მიიღო. როგორც საუბარში მითხრა, ამ ამბავზე თავიდან უფიქრია,რა ეშმაკად მინდა მისი წერილიო“, მაგრამ როცა ეს წერილი გაზეთებში დაიბეჭდა და შემდგომ სოციალისტური გმირის წოდებაც მიიღო, მიხვდა, რომ ასეთი რამეები შემთხვევით არ ხდებოდა. ასეთ ვითარებაში საქმე გვაქვს დემონსტრაციულ აქტთან, რომლის მიხედვითაც საზოგადოებაში არ უნდა არსებობდეს სოციალური ბარიერი, რომ სახელმწიფოს ხელმძღვანელ პირებთან შესაძლებელია უშუალო კომუნიკაცია, თუნდაც წინასწარ გაწერილი და ფორმალური.

როგორც ზემოთ დავინახეთ, მომავალ გმირს სურდა, პირველი პირისადმი გაგზავნილ წერილს მუშის ხელი დასტყობოდა, მაგრამ მუშის ტანისამოსი და შესაბამისი გარემო მას გარკვეულუხერხულობებსუქმნიდა საზოგადოებისა და მეგობრების წრეში. იგი ერთ ასეთ ამბავს იხსენებს: მაშინ ბევრი იწერებოდა ჩემზე, ახლა ჩემს ამხანაგებს, რომელთაგან ზოგი უნივერსიტეტში, ზოგი გეპეიში სწავლობდა, უთქვამთ, ჩავიდეთ ერთი, ჩვენი მეგობარი ვნახოთ, ამდენს რომ წერენო. შემოვიდნენ საამქროში. ახლა, რა დასამალია, ზოგს სახელო გვაქვს მოგლეჯილი, ზოგს დამწვარი გვაქვს. დავინახე, ეს ბიჭები მოდიან, თან ცვლა მთავრდებოდა, ერთ ჩვენებურ ბიჭს ვუთხარი, ესენი მოდიან ჩემთან, არ მინდა, რომ ასე მნახონ გამურული, ჩემი სახლი ხომ იცი, მე სახლში ვიქნები და შენ წამოიყვანე ესენი-თქო[რესპოდენტი, 2014: 8].  აქედან ნათლად ჩანს, რომ ასეთ სახელოვან კაცს, რომელზედაც გაზეთები წერდნენ, რომლის ფოტოებსაც აქვეყნებდნენ, არ სურდა მოუწესრიგებელ სამუშაო ფორმაში ენახათ ახლობლებს.

ცნობილი ფაქტია, რომ მეფოლადეები, როგორც რთული სამუშაოს შემსრულებლები, პენსიაზე შედარებით ადრე, 50 წლის ასაკში გადიოდნენ. სწორედ ამის შემდეგ ხდებოდა ქარხნის სოციალისტური შრომის გმირების ჩაწერარეალურელიტაში, ისინი სხვადსხვა ორგანიზაციის ხელმძღვანელი პირები ხდებოდნენ. მაგალითად, არჩილ ძამაშვილი, მეტალურგიული ქარხნის პირველი გმირი, საპენსიო ასაკში რუსთავის კინოთეატრის დირექტორი გახდა, ამირან ფანცულაია – „დომბიტას  დირექტორი, ვარდიშ კობერიძე კი – ჯერ პროფკავშირების, შემდეგ კი – „დოსააფისკომიტეტის თავმჯდომარე. რაც შეეხება ჩვენს მთხრობელს, მას რუსთავის ახალადაშენებული სასტუმროს დირექტორობა ერგო. სოციალისტური შრომის გმირების გავლენა საზოგდოებაში და მათ მიმართ გამოვლენილი დამოკიდებულება მათი ცხოვრების საპენსიო ასაკს უფრო შეეფერებოდა, ვიდრე მათ მდგომარეობას ქარხანაში. თუმცა, ამ ყველაფერმა მხოლოდ საბჭოთა კავშირის დანგრევამდე გასტანა. მერე იქ, რომ მოვიდა ახალი მთავრობა, კომუნისტი ხარო. კომუნისტი თუ ვარ-თქო და წავედი უკან[რესპოდენტი, 2012:5]. ამ დროისათვის, მეტალურგიული ქარხნის სამი სოციალისტური შრომის გმირი იყო ცოცხალი და ყველა მათგანს მოუწია თანამდებობის დატოვება, როგორც იგი ამბობს, სხვა გმირებმაც მისი ბედი გაიზიარეს.

პარადოქსულად მოჩანს რეალობა, რომლის მიხედვითაც დროის მცირე მონაკვეთში პოლიტიკური ტრანსფორმაციის შედეგად ელიტარულობის გაგება და მისი კომპოზიცია მნიშვნელოვნად იცვლება საზოგადოებაში. ყოველივე სწორედ სოციალისტური ელიტის დაკომპლექტების, კონსტრუირების თავისებურებებზე შეიძლება მიუთითებდეს საბჭოთა ეპოქაში. ამის მიუხედავად, საბჭოთა საზოგადოებაში, არ გვხვდება ელიტურობის ფორმალიზებული სახე, მისი ცალკეული მახასიათებლების გამოვლინებების მიუხედავად, მისი გაგება ძირითადად კულტურულ ინტელიგენციასთან იყო დაკავშირებული. სოციალისტური შრომის გმირის აღქმა, მის მიერ რესურსებზე წვდომის მიუხედავად, მაინც ვერ ჩაეწერა ელიტურობის კატეგორიაში, ვერც საბჭოთა და მით უფრო – ვერც პოსტსაბჭოთა პერიოდში.

შრომის გმირი თუ მეგობრებთან შეხვედრის ისტორიას ხალისით იხსენებდა, მას გული ატკინა სხვა შემთხვევამ, რომელიც 40 წლის მანძილზე ისე დაამახსოვრდა, როგორცმწარე ნაკბენი“. ამ ამბის მთავარი გმირი ერთ-ერთი სკოლის მოსწავლის მშობელი იყო. როგორც იგი იხსენებს, მათ (კომკავშირელებს) რუსთავში საშეფო სკოლები ჰქონდათ, საიდანაც პერიოდულად მოსწავლეები ქარხნის დასათვალიერებლად მიჰყავდათ. მე-10 სკოლიდან მიმყავს ბავშვები, ჩემთან მოვიდა ერთი გაბღენძილი მშობელი, ბოდიში მომითხოვია დაპივის გამყიდველი“დვაციტადინით“. ჩვენ ავტობუსით მივედით ქარხნამდე. ამ კაცმა მითხრა, ჩემს გვერდით დაჯექითო მანქანაში. ქარხნის ტერიტორიაზე რომ შევედით, რა თქმა უნდა, ეს მატალურგიაა და მუშები თავისებურ სამოსში იყვენენ. აბა ჰალსტუხით, ხომ არ იქნებოდნენ?! ეს რომ დაინახა, თავის შვილს ეუბნება: ამას ხომ ხედავ? თუ არ ისწავლი, აქ მოგიწვს მუშაობაო!“[რესპოდენტი, 2014: 3]. ამ სიტყვებზე გაბრაზებულმა და გულნატკნმა მთხრობელმა მანქანა გააჩერებინა და უთხრა, რომ ჯგუფთან ერთად შეხვდებოდა. შეძლებული საქმოსანი, რომელსაც ელიტის მსგავსად ხელი მიუწვდება გარკვეულ რესურსებზე (ამ შემთხვევაში ჰყავს ძვირფასი მანქანა), შვილს უსწავლელობის შემთხვევაში აქ მოხვედრით აშინებს. ამ მამაკაცის ერთი ფრაზა არღვევს აწყობილ სოციალისტურ რეალობას, რომლითაც ახალგაზრდები უნდა მოხიბლულიყვნენ. კიდევ ერთი საინტერსო ფაქტი ისაა, რომ სოციალისტურ შრომის გმირს, იგი ამ ქარხნის ნაწილად არ აღიქვამს და მასთან არ ერიდება საკუთარი აზრის გამოხატვა, რომლის მიხედვითაც ფიზიკური შრომა ინტელექტუალური საქმიანობის საპირისპიროა და სათაკილოდ წარმოუდგენია.

ამ პიროვნებისადმი მთხრობელის დამოკიდებულება საინტერესოდ ეხმიანება თანამდროვეობასაც. იგი ამბობს, რომ ამ ტიპის ადამიანების საქმიანობებს დღეს პროფესიებს ეძახიან, სპეკულიანტი მოვაჭრე გახდა, „ხალტურისტი“ - ბიზნესმენი [რესპოდენტი, 2014: 2]. როგორც ჩანს, დღეისათვის სწორედ ამ ტიპისანტიელიტამ“, ჩვენი მთხრობელისა და რუსთავის სოციალისტური შრომის სხვა გმირებისაგან განსხვავებით, ახალ გარემოსთან ადაპტაცია მოახერხა და რესურსებისადმი წვდომა შეინარჩუნა. იმის საილუსტრაციოდ, თუ რამდენად შეიცვალა მთხრობელის ოჯახის მატერიალური და, შესაბამისად, სოციალური მგომარეობა, ერთ ფაქტს გავიხსენებთ: მასთან პირველად 2012 წლის 29 ნოემბერს მივედი სტუმრად. ძალიან ცივი  და ქარიანი დღე იყო,  გმირი სქელ ქურთუკში დამხვდა. სახლში გათბობა არ ჰქონდა და არც მე მიფიქრია ლაბადის გახდა. ასე ვისხედით და ვსაუბრობდით დაახლოებით სამი საათი. 87 წლის გმირი, რომელიც დღემდე მეტალურგიულ ქარხანაში მუშაობს, ჩემთვის საუკეთესო მეგზური აღმოჩნდა საბჭოთა კავშირის ლაბორატორიის ლაბირინთების დასალაშქრავად, რომლის ვიზუალიზაციისათვის მათი სასტუმრო ოთახიც გამოდგება, სადაც წარმოდგენილია გმირის საბჭოთა დიდების კუთხე, რომლის ქვეშ ზამთრისათვის მომზადებული კომპოტის ქილები და ბოსტნეულის კონსერვები ელაგა. წინააღმდეგობები, რომლებსაც საბჭოთა და პოსტსაბჭოთა რეალობის აღრევა ქმნიდა, დამატებით შეკითხვებს აღმიძრავდა. რას წარმოადგენდა ეს ადამიანი იმ სისტემისათვის – რჩეულ გმირს თუ მსხვერპლს?

დაბოლოს, რუსთავის სოცილისტური შრომის გმირების შესახებ თხრობას ერთი სიურრეალისტური ამბით დავასრულებთ, რომელიც სხვა სოციალისტური შრომის გმირს  ეხება. სურამში, ჩუმათელეთს უძახიან, იქ არის ეკლესია, მარიამობას აღნიშნავენ ხოლმე 28 აგვისტოს. მეუღლე ახალი შერთული მყავდა და რადგან მე იქიდან ვარ წარმოშობით, წავიყვანე იქ. ის ძველი ეკლესიაა, განათება არ იყო. ერთ კუთხეში სურათი იდო, როგორც ხატი. იქვე სანთლებსაც ანთებდნენ და ეს იყო არჩილ ძამაშვილი თავისი ბრიგადით გადაღებული. ჟურნალიმეტალურგის“ გარე ყდა ვიცანი. ჯამებივით ქუდები ეხურათ. ხალხს ეგონათ, ანგელოზებს უნთებდნენ სანთლებს. მე ვიცანი ფოტო, იმიტომ, რომ სახლში მქონდა ეგ ჟურნალი[რესპოდენტი, 2014:7]. ამ ფაქტის სიღრმისეული ინტერპრეტაცია რთულია, რადგან სურათის სრულად აღდგენა შეუძლებელია და მხოლოდ სპეკულაციისათვის ტოვებს ადგილს. ამის მიუხედავად, კარგად ასახავს რეალობის სხვა გაბუნდოვანებულ მხარეს, რომელსაც სისტემა გმირების ამორჩევითა და მათი საზოგადოებისთვის შეთავაზებით ქმნიდა, რაც მათ გაყალბებულიხატისმდგომარეობაში ამყოფებდა: მათზე ლოცულობდნენ და მერე მათი არსებობა არავის გახსენებია, თითქოს არც არაფერი ყოფილა.

დასკვნა

სოციალისტური შრომის გმირების, როგორც ელიტური კატეგორიის, გამოყოფა საშუალებას გვაძლევს, ვიმსჯელოთ სოციალისტური იდენტობების ჩამოყალიბების პოლიტიკასა და სოცრეალიზმზე, როგორც რეალობის კონსტრუირებაში გადამწყვეტი როლის მქონე მეთოდზე. სწორედ ამ რეალობის ნაწილს წარმოადგენდა ახლადფორმირებული ელიტა. სოციალისტური იდენტობების ფორმირებისათვის აქტიურად გამოიყენებოდა მილიტარისტული სულისკვეთებით გაჯერებული ნაციონალური ნარატივები. ამგვარად, ბრძოლისა და თავდადებისათვის გამოიყო ახალი ასპარეზი, სამუშაო ფრონტი. შესაბამისად, ელიტის დაკოპლექტება ხდებოდა იმ ადამიანებით, რომლებიც მუშაობისას გმირობას იჩენდნენ გეგმების შესრულებით. ერთი მხრივ, ხდებოდა სხვადასხვა სამუშაოს გათანაბრება, მეორე მხრივ, იქმნებოდა სამუშაოთა იერარქია, რომლის სათავეში ექცეოდა მძიმე ფიზიკური შრომა. ღირებულებათა ფორმირებასა და მაგალითების შექმნაში სოცრეალიზმი და მწერლები გადამწყვეტ როლს თამაშობდნენ, ხშირად ისინი ანაცვლებდნენ რეალობას სოციალისტური რეალობით და ამზადებდნენ ახალ რეალობას. ამის მაგალითად გამოდგება მწერალი, რომელმაც მეტალურგიული ქარხნიდან აირჩია მუშა/გმირი, რომელიც მოგვიანებით ნომენკლატურის რჩეული გახდა და სოციალისტური შრომის გმირის წოდება მიიღო. კონკრეტული სოციალისტური შრომის გმირების ისტორიის მაგალითზე შეგვიძლია დავაკვირდეთ იმ წინააღმდეგობებს, რომლებსაც ტიტულის მინიჭების ლოგიკა წარმოშობდა. სოციალისტური შრომის გმირის ტიტულის მინიჭება ერთგვარ წყალგამყოფად იქცეოდა ადამიანის ცხოვრებაში, რომელიც მას, ერთი მხრივ, ელიტური ცხოვრების სტილს სთავაზობდა და, მეორე მხრივ, იმავე სამუშაოზე დარჩენას და რუტინაში მონაწილეობას აიძულებდა. მიუხედავად იმისა, რომ ამ ჯგუფში მოხვედრილი ადამიანები მნიშვნელოვან ადგილს იკავებდნენ საზოგადოებაში, რასაც მათი რესურსებისადმი წვდომა და ნომენკლატურასთან სიახლოვე განაპირობებდა, მათ ვერ შეინარჩუნეს თავიანთი მდგომარეობა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომ. აღმოჩნდა, რომ ღირებულებათა დონეზე ამ ადამიანების ელიტურობა არ იყო გაზიარებული საზოგადოების მიერ და, შესაბამისად, ახალ დროში მათიგმირებადფუნქციონირებაც შეწყდა.


[1] ჩემი კვლევის მთავარ რესპოდენტს მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა საზოგადოებრივ ცხოვრებაში, იგი იყო სოციალისტური შრომის გმირი. დღეს იგი ოჯახთან ერთად საქართველოში ცხოვრობს. ანთროპოლოგიური კვლევის ეთიკის გათვალისწინებით მას არ მოვიხსენიებ საკუთარი სახელითა და გვარით, რადგან იგი ჩემი სტატიისთვისაც მთავარი გმირია, მას მთხრობელად მოვისხენიებთ.

ლიტერატურა

Dobrenko E.
2007
Political economy of Socialist Realism. 1st ed. London:Yale University Press New Haven.
გაფრინდაშვილი ნ. მირესაშვილი მ. წერეთელი ნ.
2010
სოციალისტური რეალიზმის თეორიული ისტორია ქართული ლიტერატურის მაგალითზე. გამომცემლობა
მორჩილაძე ა.
2014
ჩრდილი გზაზე, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, თბილისი.
მუმლაძე კ.
1977
გაზაფხულის ათი დღე: მეფოლადის დღიური. „საბჭოთა საქართველო“, თბილისი.
მუმლაძე კ.
1982
მხატვრული ნაწარმოების გმირი – უმტკიცესი რვალისა, „მერანი“. თბილისი.
ნოდია გ.
2002
ძველი ინტელიგენცია და ახალი ინტელექტუალები საქართველოში: პარადიგმის ცვლა? თავი I, თბილისი.
ჯახუა ა.
1958
„რუსთავის ჩირაღდნები“, მეტალურგთა ლიტერატურული ალმანახი, №1, მეტალურგიული ქარხნის სტამბა, რუსთავი.
ჯახუა ა.
1958
„რუსთავის ჩირაღდნები“, მეტალურგთა ლიტერატურული ალმანახი, №1, მეტალურგიული ქარხნის სტამბა, რუსთავი.
Славин
2009
Стаханов – Забытый герой, ВГТРК. დოკუმენტური ფილმი.
ქამუშაძე თ.
2015
ახალი იდენტობების ფორმირების თავისებურებანი საბჭოთა საქართველოში ქალაქ რუსთავის მაგალითზე, საქართველოს უნივერისტეტის კონფერენციის მასალები ჰუმანიტარულ მეცნიერებებში, საქართველოს უნივერისტეტის გამომცემლობა, თბილისი.
ქამუშაძე თ.
2012
ინტერვიუ სოციალისტური შრომის გმირთან, 26 ნოემბერი, რუსთავი.
ქამუშაძე თ.
2013
ინტერვიუ სოციალისტური შრომის გმირთან, 16 იანვარი, რუსთავი.
ქამუშაძე თ.
2014
ინტერვიუ სოციალისტური შრომის გმირთან, 10 თებერვალი, რუსთავი.
ქამუშაძე თ.
2011
ინტერვიუ საჩხერის მკვიდრთან, 18 თებერვალი, თბილისი.
Kamuhsadze T.
2016
Playing with Title: How to be the Elite in a Socialist Way, In the Book: “Elites and “Elites” Transformations and Social Structures in Post-Soviet Armenia and Georgia” ed. Yulia Antonyan, Erevan, YSE Publishing House.