იდეოლოგიისა და ძალაუფლების გამოხატვის ენობრივი საშუალებები პოლიტიკურ დისკურსში (ზვიად გამსახურდიასა და გიორგი მარგველაშვილის მიმართვათა ტექსტების მაგალითზე)
როგორც ცნობილია, კრიტიკული დისკურსის ანალიზი, რომელიც კვლევის ინტერდისციპლინურ მეთოდზეა დაფუძნებული, ენას ენობრივი ფორმებით გამოხატული სოციალური პრაქტიკის ერთ-ერთ ფორმად მიიჩნევს და შეისწავლის მისი საშუალებით აღწერილ იდეოლოგიურ და ძალაუფლებრივ იმპლიკაციებს (Fairclough, 1995, 2010). უფრო კონკრეტულად, კრიტიკული დისკურსის ანალიზი მიმოიხილავს საზოგადოებაში სოციალური ურთიერთობების, იდენტობის, იდეოლოგიისა და ძალაუფლების გამოხატვის გზებს ანუ იდეოლოგიის სიტყვიერი ჩვენების სპეციფიკას. აგრეთვე – წერით და ზეპირ დისკურსში მათი ინტერპრეტაციის თავისებურებებს (Fairclough, 1989, 2001, 2012).
ნ. ფეარკლოს აზრით, პოლიტიკური იდეოლოგია აქტუალიზდება და ტრანსფორმირდება დისკურსის პირობებში, რაც იმას ნიშნავს, რომ ძალაუფლება წარმოადგენს სოციალურ კატეგორიას [Fairclough, 2010]. უფრო მეტიც, ამ თეორიის მიხედვით, ძალაუფლება ენის კომუნიკაციური აქტივობის ერთ-ერთ მთავარი კომპონენტია როგორც სოციალური, ისე – ეთნიკურ-კულტურული თვალსაზრისით.
ნ. ფეარკლო კრიტიკული დისკურსის სოციალურ-ლინგვისტური პრობლემატიკის საკვლევად გვთავაზობს სოციუმზე ორიენტირებულ სამშრიან მოდელს, რომელიც შეესაბამება დისკურსის სამ, ასევე ურთიერთდაკავშირებულ მხარესა და საკომუნიკაციო აქტს. ესენია: 1). ანალიზის ობიექტი (ტექსტი, მისი ფორმალური გამოხატულების სპეციფიკა, რომელიც აღწერითი მეთოდით შეისწავლება); 2). ტექსტის ინტერპრეტაციის პრობლემატიკა, რომელიც მოიცავს ტექსტსა და ინტერაქციას შორის მიმართებებს და ეყრდნობა ფაქტების ინტერპრეტაციას და 3). სოციოკულტურული პრაქტიკა, რომელიც მოიცავს დისკურსის, მისი სოციალური განპირობებულობისა და სოციალური ეფექტების ახსნას. ეს უკანასკნელი უნდა დაუკავშირდეს ისტორიულ, სოციალურ და კულტურულ კონტექსტს. ანალიზის ეს სამი განზომილება კარგად ხსნის საუბრის დროს გაკეთებულ კონკრეტულ ლინგვისტურ არჩევანს და მის განპირობებულობას გარკვეული სოციალური მოვლენით.
დღეს მკვლევართა დიდ ინტერესს იწვევს დისკურსისა და იდეოლოგიურ სტრუქტურებს შორის მიმართების ტიპი. მაგალითად, შეისწავლიან პოლიტიკოსების მიერ გამოყენებულ ლინგვისტურ არსენალს, რომელსაც ისინი ეყრდნობიან ტერორიზმისა და ანტიტერორიზმის შესახებ საუბრისას (Sarfo E. & Krampa E., 2013). ზოგი (Ehineni, 2014) შეისწავლის მოდალური ზმნის როლს ნიგერიის პოლიტიკურ მანიფესტაციებში პერსუაზიის როლის გამოკვლევისას და მიდის დასკვნამდე, რომ ისეთი ლინგვისტური კატეგორია, როგორიცაა მოდალური ზმნა, შეიძლება იქცეს მძლავრ იარაღად პოლიტიკოსის ხელში. ვაკილი ლატიფი (Vakili Latif Sh., 2016) ეყრდნობა კრიტიკული დისკურსის ანალიზისა და ფუნქციური ლინგვისტიკის კატეგორიებს და იკვლევს, თუ როგორ განსხვავებულად წარმოაჩენს ერთსა და იმავე საკითხსა თუ მოვლენას თავისუფლების განსხვავებული ხარისხის მქონე მედია.
საქართველოში პოლიტიკური დისკურსის ტრადიცია არსებობს. მაგალითად, მ. რუსიეშვილი-კარტლეჯი შეისწავლის ქართველი ქალი პოლიტიკოსების მეტყველების თავისებურებებს ლინგვისტური არათავაზიანობის თეორიისა და კულტურათაშორისი პრაგმატიკის პოზიციებიდან (Rusieshvili-Cartledge, 2017); ასევე, ინტერესდებიან ენის სისტემური ნორმებისა და კონტექსტური ვარიაციების შესწავლით (Rusieshvili & Dolidze, 2014); გენდერისა და იდენტობის გამოხატვის თვალსაზრისით (Rusieshvili-Cartledge and Totibadze, 2018); არგუმენტაციისა და პერსუაზიის თვალსაზრისით (Keburia, 2018).
წინამდებარე სტატია ეძღვნება ორი ქართველი პრეზიდენტის სიტყვებისა და მიმართვების ლინგვისტურ ანალიზს ნ. ფეარკლოს მიერ აღწერილ მოდელზე დაყრდნობით. საანალიზო მასალად გამოყენებულია საქართველოს პირველი და მეოთხე პრეზიდენტების – ზვიად გამსახურდიასა და გიორგი მარგველაშვილის – სიტყვები და მიმართვები (1 საათი და 15 წუთი, 8500 სიტყვა). ამ მიმართვათა ანალიზისას (ახალი წლის და 26 მაისის აღლუმზე გაკეთებული მიმართვები, გ. მარგველაშვილის საინაუგურაციო სიტყვა, ზ. გამსახურდიას მიერ დევნილობაში გაკეთებული მიმართვები) ყურადღება გამახვილებულია იმ ლინგვისტურ მარკერებზე, რომელთა საშუალებითაც ორივე პრეზიდენტი ცდილობს საკუთარი მიდგომისა და იდეოლოგიის წარმოჩენას, მისი ვალიდურობის დასაბუთებასა და, შესაბამისად, საზოგადოების მხარდაჭერის მოპოვებას ან შენარჩუნებას.
როგორც აღვნიშნეთ, ნ. ფეარკლოს მიხედვით, კრიტიკული ანალიზი მოიცავს სამ ურთიერთდაკავშირებულ შრეს: მასალის აღწერის, ინტერპრეტირებისა და ახსნის შრეებს. იგულისხმება, რომ ანალიზის პირველი საფეხური არის ტექსტის ანალიზი, რომელიც ეფუძნება ენობრივი ლექსიკურ-სემანტიკური ფორმების, მათი მნიშვნელობისა და სოციალური ურთიერთობების კავშირის აღწერას, წინადადების მოდალობის შესწავლას. ანალიზის მეორე განზომილება, კერძოდ, დისკურსის ანალიზი, მოიცავს კონკრეტული დისკურსის წარმოშობის, ინტერპრეტაციის, დისტრიბუციისა და აღქმის ფაზებს. ანალიზის მესამე ეტაპი – სოციალური ანალიზი – ეყრდნობა იდეოლოგიური ძალაუფლების გამოხატვის აღწერას ენაში. ზემოთქმულიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ ტექსტის ანალიზი ეფუძნება ლინგვისტური სტრუქტურების შესწავლას დისკურსულ-სოციალურ პრაქტიკაში [Fairclough, 2001:108].
ნაშრომში ზ. გამსახურდიასა და გ. მარგველაშვილის სიტყვების ანალიზი ეფუძნება ნ. ფეარკლოს მიერ მოწოდებულ მოდელს. ანალიზის დროს ყურადღებას ვამახვილებთ იდეოლოგიისა და ძალაუფლების გამომხატველი ლინგვისტური მარკერების კავშირზე დისკურსის თავისებურებებთან და სოციალურ-კულტურულ პრაქტიკასთან.
ზვიად გამსახურდიას მიმართვების მოკლე ანალიზი ტექსტის ლექსიკურ-სემანტიკურ დონეზე
როგორც ზემოთ ითქვა, ამომრჩევლებისადმი პოლიტიკოსების მიმართვის ძირითადი მიზანია მათი დარწმუნება და მხარდაჭერის მოპოვება. ეს ეხება როგორც საარჩევნო სიტყვებს, ასევე, ჩვენი აზრით, მათ ნებისმიერ ოფიციალურ გამოსვლასა თუ მისასალმებელ სიტყვას. საიმისოდ, რომ გვენახა, როგორ უკავშირდება საქართველოს პრეზიდენტის გამოსვლები ამ მიზანს და რა ლინგვისტური მარკერებით ახერხებდა იგი ამას, გავაანალიზეთ ზ. გამსახურდიას საახალწლო მიმართვები, სხვადასხვა საჯარო ღონისძიებაზე წარმოთქმული სიტყვები, მათ შორის, საქართველოს დამოუკიდებლობის ზეიმზე წარმოთქმული სიტყვები.
ნ. ფეარკლოს მიერ მოწოდებული სქემით ზ. გამსახურდიას სიტყვებისა და მიმართვების ანალიზი დავიწყეთ საკვანძო ლექსიკურ-სემანტიკური ელემენტების მოძიებით. ამ მიმართებით კვლევამ გამოავლინა ისეთი საკვანძო ლექსიკურ-სემანტიკური ღერძული ელემენტების ხშირი გამოყენება, როგორებიცაა: ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა/დამოუკიდებლობა/თავისუფლება; საქართველო/სამშობლო/მამული; თავისუფლება; წარსული/ისტორია; ქრისტიანობა/ქრისტე / ბარაბა/ილია მართალი.
ეს ლექსიკური ერთეულები, ჩვენი აზრით, წარმოადგენს ზ. გამსახურდიას იდეოლოგიის ღერძულ სიტყვებს, მის ხერხემალს, რომლის ხორცშესხმაც ხდება პრეზიდენტის სიტყვებსა და მიმართვებში.
როგორც ცნობილია, 1990-1992 წლებში, ქვეყნისათვის ურთულეს ვითარებაში, საქართველოს პირველ პრეზიდენტად ზვიად გამსახურდია აირჩიეს. იმ პერიოდში საქართველომ საბჭოთა კავშირის ისტორიაში ერთ-ერთმა პირველმა გამოაცხადა დამოუკიდებლობა და შეეცადა აეშენებინა თავისუფალი და დამოუკიდებელი სახელმწიფო. ზვიად გამსახურდიას მოღვაწეობის ძირითადი მიზანი მის ყველა გამოსვლასა და სიტყვაში ფიქსირდება. ასევე, პრეზიდენტის გამოსვლებში დიდი ადგილი უჭირავს თავად ამ პროცესის საჭიროების, მნიშვნელობისა და აუცილებლობის დასაბუთებას; საზოგადოების დარწმუნებას, რომ არჩეული გზა განვითარების ერთადერთი სწორი გეზია; აგრეთვე იმის მტკიცებას, რომ ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა წარმმართველი ძალაა სამშობლოს განთავისუფლების პროცესში. პრეზიდენტი თავისი მიმდევრების იმდროინდელ განწყობას კარგად გრძნობს, ეფექტურად რეაგირებს და პასუხს სცემს თანადროულ მოთხოვნებს. საქართველოს უახლესი ისტორიის იმ პერიოდში ქვეყნის მოსახლეობა ნაკლები პოლიტიკური განათლებითა და გამოცდილებით გამოირჩეოდა. საბჭოთა გამოცდილების შემდეგ თავისუფლებას დანატრებული საზოგადოების მოთხოვნა უფრო მხსნელისა და მესიის მოვლენა იყო, ვიდრე – გამოცდილი პოლიტიკოსისა. აქედან გამომდინარე, ჩვენი გამოცდილება ეთანხმება აზრს, რომ ზვიად გამსახურდიამ, სწორედ მოსახლეობის მოთხოვნით, შექმნა რელიგიური სიუჟეტის სცენარი, სადაც მხსნელად მოვლენილი იღუპება, მის მცნებათა აღმსარებლები კი დევნასა და შევიწროებას განიცდიან [ინტერნეტრესურსი 1].
განვიხილოთ, როგორ ახდენს გამსახურდია საკუთარი იდეოლოგიური მიდგომის ლინგვისტურ რეალიზაციას ნ. ფეარკლოს მოდელზე დაყრდნობით, რომელიც, როგორც აღინიშნა, დისკურსული თვალსაზრისით აანალიზებს ტექსტის ლექსიკურ-სემანტიკურ და სინტაქსური დონეებს.
საკითხის კონკრეტულობისათვის ვიტყვით, რომ ზ. გამსახურდიას მიერ წარმოთქმული ტექსტების ლექსიკურ-სემანტიკური ანალიზის დონეზე ჩვენი კვლევის მიზანი რამდენიმე გზით მიიღწევა:
1. კონკრეტული მიმართვისათვის რელევანტური და მნიშვნელოვანი სემანტიკის მქონე ლექსიკური ერთეულების ხშირი გამეორებითა და მათთვის გამონათქვამის სტილისტიკური ცენტრის სტატუსის მინიჭებით. მაგალითად, ზ. გამსახურდიას მიმართვებში გამოიყოფა რამდენიმე მნიშვნელოვანი თემა: საქართველოს ისტორიული ბრძოლა თავისუფლებისათვის, მისთვის თავდადების მნიშვნელობა, ილია ჭავჭავაძის მიერ მოწოდებული ტრიადა („მამული, ენა, სარწმუნოება“). დაბოლოს, საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის როლი ამ პროცესში. 2. გარდა ამისა, თვალშისაცემია არქაული ელემენტების უხვად გამოყენება, რომლებიც პრეზიდენტის მეტყველებას იმ პერიოდში მოთხოვნად ამაღლებულ და რელიგიურ ელფერს ანიჭებს. ეს ვლინდება არა მხოლოდ ტექსტის ლექსიკურ-სემანტიკურ, არამედ მის სინტაქსურ დონეზეც. მაგალითად, „ძმანო და დანო! ქართველი ერი ქრისტეს მცნებით ვიდოდა ისტორიის ეკლიან გზაზე და მე მინდა შეგახსენოთ იგავი იოანეს სახარებისა, რამეთუ ეს იგავი მიესადაგება ჩვენს დღევანდელ მდგომარეობას, ჩვენს გუშინდელ დღეს, ჩვენს თავისუფლებას, ჩვენს დამოუკიდებლობას – იმჟამად წართმეულს, იმჟამად დამარცხებულს“ [ინტერნეტრესურსი 2].
ამ ფრაგმენტში საქართველოს პირველი პრეზიდენტი ხატოვნად ახასიათებს საქართველოს მიერ გავლილ რთულ გზას („ისტორიის ეკლიან გზაზე...) და მსმენელს შეახსენებს იოანეს სახარებიდან იგავს, რომელიც, მისი აზრით, საქართველოს წარსულისა და აწმყოს ერთიანობას მეტაფორულად განასახიერებს. აქვე ზ. გამსახურდიას დისკურსისათვის ორი მნიშვნელოვანი ცნება – თავისუფლება და დამოუკიდებლობა – პარალელური კონსტრუქციების შემადგენელ, სემანტიკურად თანასწორ ნაწილებად გვევლინება.
ამავე ფრაგმენტში საინტერესოა ზ. გამსახურდიას სიტყვებისათვის დამახასიათებელი თანასწორობისა და ერთიანობის გამომხატველი ლექსიკურ-სემანტიკური ფორმების აქტუალიზაცია: (1) თანასწორობის, ნათესაობისა და ახლობლობის გამომხატველი მიმართვის ფორმები (მეგობრებო, ძმანო და დანო, ჩემო ძვირფასებო...). ამ ხერხის გამოყენებით გამსახურდია გახაზავს თავის და მისი მიმდევრების თანასწორობასა და ერთიანობას; ზოგ შემთხვევაში დასახელებულ მიმართვის ფორმებს ენაცვლება „მამულიშვილნო“, რაც მამულის, სამშობლოს ერთობას ეხმიანება; (2) პრეზიდენტისა და ხალხის ერთიანობასა და თანასწორობას გახაზავს ასევე ზ. გამსახურდიას მიერ დეიქტური ფორმების პრაგმატული განზრახვით გამოყენება. მაგალითად, ე.წ ინკლუზიური ნაცვალსახელის „ჩვენ“ აქტიური და ხშირი აქტუალიზაცია, რომლის სემანტიკაც თავადვე შეიცავს მთქმელისა და მსმენელის ერთიანობას: „და ჩვენ დღეს უნდა გავაცნობიეროთ, თუ რა არჩევანის წინაშე ვდგავართ“, „ჩვენ, ძმანო, ვდგავართ პირისპირ სატანასთან“. (3) ზოგ შემთხვევაში ნაცვალსახელი „ჩვენ“ არა მხოლოდ ინკლუზიური, ემფატური მიზნითაც გამოიყენება გარკვეული, კონტექსტზე დამოკიდებული დაპირისპირების აღსანიშნავად, რაც ორატორს ეხმარება ეფექტურად გამოხატოს აზრი. ამავე მიზანს ემსახურება ოპოზიცია ილია/ავაზაკი: „და როდესაც ისტორიამ სამსჯავროზე ჩვენს წინაშე გამოიყვანა დიდი ილია და გამოიყვანა ავაზაკი, ჩვენ ავირჩიეთ ავაზაკი, ჩვენ უარვყავით დიდი ილია და ჩვენ ტყვია ვესროლეთ მას“[ინტერნეტრესურსი 3]. როგორც აღვნიშნეთ, აქ ზ. გამსახურდია ნაცვალსახელის „ჩვენ“ გამეორებით ხაზს უსვამს კეთილისა და ბოროტის ( ილია / ავაზაკი) ოპოზიციას და იმას, რომ, ამ შემთხვევაში, კეთილისა და ბოროტის ბრძოლა მთავრდება ავაზაკის გამარჯვებით.
ტექსტის ზედაპირზე ჩანს ოპოზიციის ორივე წყვილი ( ჩვენ/ის): „ჩვენ, ძმანო, ვდგავართ პირისპირ სატანასთან, გველეშაპთან. ან ჩვენ დავამარცხებთ მას წმინდა გიორგის ძალისხმევით, ან ის შთანთქავს ჩვენს ისტორიულ ბედ-იღბალს და გაგვთელავს ჩვენ ეს კოსმიური გველეშაპი, ეს პლანეტარული მხეცი – ანტიქრისტე, რომელიც წარმოგვიდგება და გვეუბნება: აი, ეროვნული მოძრაობა და ეროვნული მოძრაობის ნიღბით და საფარით მოდის ანტიქრისტე, მოდის ბარაბა და მოდის შეჩვენება“ [ინტერნეტრესურსი 3].
ეს ფრაგმენტი საიტერესოა იმითაც, რომ დაპირისპირება გამოიხატება არა მხოლოდ როგორც ნაცვალსახელების (ჩვენ/ის), არამედ მეტაფორულად ნახმარი არსებითი სახელების დონეზეც: ჩვენ იგივდება წმინდა გიორგისთან, ხოლო ის –კოსმიური გველეშაპი, პლანეტარული მხეცი, წარმოდგება ანტიქრისტეს სახით, რომელიც საზოგადოებას არწმუნებს, რომ ეროვნული მოძრაობა არის არა მხსნელი, არამედ „ბარაბა და შეჩვენება“.
ენის სტილისტიკურ შრეზე ასევე საინტერესოა ზ. გამსახურდიას მიერ უხვად ნახმარი გამეორებები, არქაული ჟღერადობის პარალელური კონსტრუქციები, რაც მისი, როგორც ორატორის დიდ შესაძლებლობასა და განსწავლულობაზე მიუთითებს. აღსანიშნავია ისიც, რომ ამ სტილისტიკური ხერხის გამოყენების დროს ზ. გამსახურდია აჯამებს ზემო ციტატაში აღწერილ მდგომარეობას. სწორედ ის, რომ ქართველები ბოროტს აზეიმებენ, არის მიზეზი მათი დამარცხებისა და სასჯელისა: „აი, დადგა ჟამი ჩვენი განთავისუფლებისა...აი, ამის გამო მივიღეთ, ძმანო, ეს სასჯელი...აი მიზეზი ჩვენი კატასტროფისა, აი მიზეზი 26 მაისის დამარცხებისა” [ინტერნეტრესურსი 4].
სტილისტიკური თვალსაზრისით, ასევე საინტერესოა ზ. გამსახურდიას მიმართვებსა და სიტყვებში აქტუალიზებული ბიბლიური მეტაფორული შედარებების მთელი კასკადი: „და ვიქმენით ჩვენ, ვითარცა ცხოვარნი კლვადნი, მტერთაგან ძლეულნი!“, არქაული ლექსიკური-სინტაქსური კონსტრუქციები პოსტპოზიციური განსაზღვრებებით: „მტერთაგან ძლეულნი; მაცხოვარი ჩვენი იესო ქრისტე“ და ა.შ.
ნ. ფეარკლო (Fairclough, 1996) განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ტექსტსა და დისკურსს შორის ურთიერთობის ტიპს. ამ თვალსაზრისით, შეიძლება ითქვას, რომ ზ.გამსახურდიას განხილული გამოსვლების ძირითადი ხერხემალი რელიგიურ-ფილოლოგიური დისკურსია, რაც, როგორც აღვნიშნეთ, იმ ეპოქის მოთხოვნა იყო, რომელშიც მას მოუწია მოღვაწეობა. ამგვარად, საქართველოს პირველი პრეზიდენტი გამოხატავს საკუთარ მიდგომას საქართველოს სახელმწიფოებრიობისადმი და მომხრეებს დაანახებს სამშობლოს წარსულისა და მომავლის ერთიანობის ლოგიკურ ხაზს, რომელიც რელიგიისა და ისტორიის ერთიანობაზე გადის.
გიორგი მარგველაშვილის მიმართვების ანალიზი ტექსტის ლექსიკურ-სემანტიკურ დონეზე
სურათი იცვლება გ. მარგველაშვილის მიმართვების ანალიზისას. კვლევის ამ ეტაპზე, ისევე როგორც ზ. გამსახურდიას შემთხვევაში, გავაანალიზეთ გ. მარგველაშვილის საახალწლო, სხვადასხვა საჯარო ღონისძიებაზე, მათ შორის, საქართველოს დამოუკიდებლობის ზეიმზე წარმოთქმული სიტყვები და საქართველოს მეოთხე პრეზიდენტის ინაუგურაციის დროს წარმოთქმული სიტყვა.
გ. მარგველაშვილის პრეზიდენტობის პერიოდში საზოგადოება, პოლიტიკური თვალსაზრისით, უფრო გამოცდილია და, ამდენად, ნაკლებად გულუბრყვილო. შესაბამისად, გ. მარგველაშვილის მიმართ საზოგადოების შეკვეთაც განსხვავებულია. ამის გათვალისწინებით არის აგებული მის მიერ წარმოთქმული მიმართვები საზოგადოებისადმი. უფრო კონკრეტულად, სახელმწიფოს განვითარების ამ ეტაპზე პრეზიდენტის გამოსვლების მთავარი თემატიკა მოიცავს საქართველოს ტერიტორიული გამთლიანების საჭიროებას, დემოკრატიული სახელმწიფოს აშენებასა და სახელმწიფოს ევროპულ და ტრანსატლანტიკურ სივრცეში გაწევრიანებას. ამასვე ასახავს გ.მარგველაშვილის მიმართვების საკვანძო სიტყვებიც: ტერიტორიული მთლიანობა/ დამოუკიდებლობა/თავისუფლება/თავისუფალი საზოგადოება/ღია საზოგადოება / ევროპული და ტრანსატლანტიკური სტრუქტურები.
საინტერესოა, რომ ზ. გამსახურდიასგან განსხვავებით, გ. მარგველაშვილის სიტყვებში იკვეთება სემანტიკური ზღვარი საკვანძო ლექსიკურ ერთეულებს შორის – „თავისუფლება“ და „დამოუკიდებლობა“. მაგალითად, „მაგრამ გზა დამოუკიდებლობიდან თავისუფლებამდე ჯერ კიდევ გასავლელია. თავისუფალია ქვეყანა, რომელიც ეფუძნება თავისუფალ საზოგადოებას და თავისუფალია საზოგადოება, როდესაც მისი ყოველი წევრი თავისუფალია“[ინტერნეტრესურსი 5]. ამ ფრაგმენტში, რომელიც გ. მარგველაშვილმა 2017 წლის 26 მაისს წარმოთქვა, ცხადად ჩანს განსხვავება, ერთი მხრივ, დამოუკიდებლობასა და თავისუფლებას შორის, ხოლო, მეორე მხრივ, კავშირი თავისუფალ ქვეყანასა და თავისუფალ საზოგადოებას შორის. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ თავისუფლება, მისი ღირებულება და მნიშვნელობა გ. მარგველაშვილის დისკურსის ერთ-ერთი ხერხემალია.
ისიც უნდა აღინიშნოს, რომ, საზოგადოების სოციალური განვითარებით გამოწვეული ამ ლინგვისტური განსხვავებების მიუხედავად, არ შეცვლილა ქართული საზოგადოების ლოიალური და პოზიტიური დამოკიდებულება ქვეყნის ისტორიის, მისი კულტურული იდენტობისადმი. ზ. გამსახურდიას მსგავსად, გ. მარგველაშვილიც კარგად გრძნობს ამ ვითარებას და თავის სიტყვებში დიდ ადგილს უთმობს კულტურულ-ისტორიულ რეალიებს, რომლებიდან რამდენიმეს ქვემოთ განვიხილავთ.
გ. მარგველაშვილის მიერ წარმოთქმული სიტყვები გამოირჩევა სტილისტიკური სისადავით, თუმცა აქაც გამოიკვეთება ტექსტის სპეციფიკური ლექსიკურ-სემანტიკური და სტილისტიკური მარკერები.
(1) კერძოდ, ანტითეზური სტრუქტურები და სინტაქსურ-სემანტიკური გამეორებები. „ისინი, ვისაც თავისუფლება უმაღლეს ღირებულებად მიგაჩნიათ, ნუ იფიქრებთ იმის თაობაზე, დღეს ვის მოუგეთ, ან ვისზე ძლიერები ხართ; იფიქრეთ იმაზე, დღეს ვის გაუგეთ და ვინ დაიცავით.” გარდა ზემოთქმულისა, ამ ნაწყვეტში საიტერესოდ გაისმის მგავსი ჟღერადობის სიტყვათა დაპირისპირება: მოუგეთ/გაუგეთ;
(2) მეტაფორული შედარებები და გაშლილი მეტაფორული სტრუქტურები: „როგორც ქართული სიმღერის მრავალხმოვანება თავის თავში აერთიანებს მრავალ სხვადასხვა ხმას, მაგრამ ერთ ჰარმონიას ჰქმნის, ისევე საქართველოს თითოეული მოქალაქის ხმა უნდა ისმოდეს ჩვენი ერის განვითარების ერთიან ჰარმონიაში – უზენაესი ღირებულება მაშინ იქნება ყოველდღიურობაში განხორციელებული“. ამ მონაკვეთში ქართული ფოლკლორული მუსიკის ჟღერადობასთან დაკავშირებულ მეტაფორას გ. მარგველაშვილი უზენაესი ღირებულების – თავისუფლების არსის დახასიათებისათვის იყენებს.
(3) კავშირები საქართველოს უახლეს ისტორიასთან, ლიტერატურასთან, რომლებიც გადმოსცემენ პრეზიდენტის მეტაფორულად კოდირებულ პატივისცემას საქართველოსთვის გამორჩეულად მნიშვნელოვანი ფიგურებისადმი. „პოეტმა შეაჯამა ჩვენი წარსული და მომავალი ფრაზაში: „სჯობს მონობაში გადიდკაცებულს, თავისუფლების ძებნაში მკვდარი“ და დღეს, როდესაც დამოუკიდებლობის აღდგენის დღეს ვზეიმობთ, მე მინდა ქედი მოვიხარო იმ ადამიანების წინაშე, ვინც იარაღით ხელში, ბრძოლის ველზე, ან შეიძლება თავისი პირადი მაგალითით აჩვენა უზენაესი ღირებულების მნიშვნელობა. საინტერესოა სემანტიკური კავშირები საქართველოს ისტორიის მნიშვნელოვან მომენტებთან, სადაც პრეზიდენტი, გარკვეულწილად, აჯამებს საქართველოს ისტორიის ფუნდამენტურ მომენტებს, შოთა რუსთაველიდან გიორგი ანწუხელიძის გმირობამდე, რითაც იგი გვაჩვენებს საქართველოს წარსულისა და აწმყოს ერთობას. „მე ვხედავ ენერგიას, რომელმაც რუსთაველს ,,ვეფხისტყაოსანი“ შეაქმნევინა, და რომელმაც ექვთიმე თაყაიშვილს თავგანწირვის ფასად წინაპართა საუნჯის დაცვის ძალა მისცა; ენერგიას, რომელმაც ფიროსმანს შავი ლომი დაახატინა და ექიმ იოსებ ჟორდანიას პატარა გოგონას გადასარჩენად სიცოცხლე დაათმობინა; ენერგიას, რომელმაც საოცარი ხელოვნებით გამოჭედა ხახულის კარედი და მტრის წინაშე ქედი არ მოახრევინა გიორგი ანწუხელიძეს“[ინტერნეტრესურსი 6].
ამ ციტატიდან ცხადია, რომ ის ენერგია, რომელზეც გ. მარგველაშვილი საუბრობს, მსმენელს იმედს უტოვებს, რომ საქართველო, მასზე დაყრდნობით, შეძლებს განვითარებას და გადარჩენას.
როგორც ვხედავთ, გ. მარგველაშვილის მიერ წარმოთქმული სიტყვების ანალიზი კრიტიკული დისკურსის პოზიციებიდან გვიჩვენებს, რომ პრეზიდენტი ეხმაურება თანადროული საზოგადოების „შეკვეთას“ და თავის სიტყვებს მისი მოთხოვნების მიხედვით აგებს. რაც შეეხება მისი მიმართვების ენას, იგი ხშირად ხატოვანია, დაკავშირებულია საქართველოს ისტორიასთან და გახაზავს ქართველი ერის კულტურულ იდენტობას.
დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ სტატიაში აღწერილი კვლევის ძირითადი მიზანი იყო ზ. გამსახურდიასა და გ. მარგველაშვილის სიტყვების ლინგვისტური ანალიზი კრიტიკული დისკურსის პოზიციებიდან, იმ ლექსიკურ-სემანტიკური და ხატოვანი ლინგვისტური მარკერების გამოვლენა, რომელთა საშუალებითაც ორივე პრეზიდენტი ცდილობს საკუთარი პოზიციისა და სახელმწიფოებრივი იდეოლოგიის წარმოჩენას, მისი ვალიდურობის დასაბუთებას და, შესაბამისად, საზოგადოების მხარდაჭერის მოპოვებას ან შენარჩუნებას.
ეს მარკერები, ორივე შემთხვევაში, გამოიხატება სპეციფიკური ლექსიკურ-სემანტიკური სტრუქტურებით, რომლებიც თამაშობენ მიმართვების ღერძის როლს, ხატოვანი ლექსიკურ-სემანტიკური ერთეულებით, ტროპებით, რომლებიც მეტაფორულად ასახავენ საქართველოს წარსულისა და მომავლის ერთიანობასა და კავშირს. ამასთან ერთად, ეს ლინგვისტური მარკერები ხელსაყრელ ფონს უქმნიან მოსაუბრის ძირითად გზავნილს და აადვილებენ მათ პრაგმატიკულ დეკოდირებასა და მსმენელამდე მიღწევას; ორივე პრეზიდენტი გრძნობს თანადროული საზოგადოების მოთხოვნებს და გამოსვლების დროს ითვალისწინებს მას.
ლიტერატურა
Fairclough, N. 1992 |
Critical Language Awareness. London: Longman. |
Fairclough, N. 1995 |
Critical Discourse Analysis (1st edition). London: Longman. |
Fairclough, N. 1996 |
Language and Power. London: Longman. |
Fairclough, N. 2001 |
Language and Power, (2nd edition). London: London. |
Fairclough, N. 2010 |
Critical Discourse Analysis - The Critical Study of Language (2nd edition). UK. London: Longman. |
Keburia, M. 2018 |
Practical argumentation in American Political Discourse (Analysis of President Barack Obama’s state of the Union address. Online Journal of Humanities, Issue III, July. |
Mohammadi, M. and Javadi, J. 2017 |
A Critical Discourse Analysis of Donald Trump’s Language Use in the US Presidential Campaign, 2016. International Journal of Applied Linguistics & English Literature; Vol. 6 No. 5; September 2017. |
Rusieshvili-Cartledge, M. 2017 |
Face-attack in Georgian political discourse. Using examples from TV debates between female politicians during the pre-election campaign for the Parliamentary elections of 2012. In Impoliteness in Media Discourse. Bern, Switzerland: Peter Lang. |
Rusieshvili, M. and Dolidze, R. 2014 |
(Im)politeness: norm and context (using the example of Georgian political talk-shows) Language Norms in Context. Actes du colloque VALS-ASLA 2014 (Lugano, 12-14 Février 2014). |
Rusieshvili, M. and Totibadze, S. 2018 |
Gender and Identity construction strategies, employed by women politicians in Georgian Political Discourse, IRCEELT. |
Sarfo, E. and Agyeiwaa Krampa, E. 2013 |
Language at War: A Critical Discourse Analysis of the Speeches of Bush and Obama on Terrorism. International Journal of Soc. Sci. & Education 2013 Vol.3 Issue 2. |
Vakili Lotfi, Sh. 2016 |
Discourse and Ideology Variation: A Critical, Functional Approach to Mina Stampede News Reports, Iranian Journal of Applied Linguistics (IJAL). Vol.19, No.1. |
მაისურაძის ბლოგი, |
https://www.radiotavisupleba.ge/a/giorgi_maisuradze_blog/3541099.html |
ზ.გამსახურდიას მიერ 1990 წლის 26 მაისს ქარიშხალას სტადიონზე წარმოთქმული ისტორიული სიტყვა |
http://www.ai-ia.info/online-arqivi/124-zviad-gamsaxurdias-mier-1990-clis-26-maiss-qarishxalas-stadionze-carmotqmuli-istoriuli-sitkva.htm |
http://m.geotimes.ge/news.php?news_id=70783&lang=geo | |
http://www.ai-ia.info/online-arqivi/124-zviad-gamsaxurdias-mier-1990-clis-26-maiss-qarishxalas-stadionze-carmotqmuli-istoriuli-sitkva.htm | |
გ. მარგველაშვილის სიტყვა (2107 წლის 26 მაისი), |
https://www.president.gov.ge/geo/pressamsakhuri/siakhleebi/%E2%80%8Bgiorgi-margvelashvili-qartuli-sakhelmcifo-qveynis.aspx |
გ. მარგველაშველის საინუგაურაციო სიტყვა, |
http://mfa.gov.ge/News/%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%A1-%E1%83%9E%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%96%E1%83%98%E1%83%93%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%92%E1%83%98%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%92%E1%83%98-%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%92%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%90%E1%83%A8%E1%83%95%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%98%E1%83%9C.aspx |