სიუჟეტურ-კომპოზიციური ურთიერთმიმართებანი „ცხოვრებათა“ ჟანრის ნათარგმნ აგიოგრაფიაში

აგიოგრაფიული მწერლობა სასულიერო მწერლობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დარგია. ქართულ ენაზე ითარგმნებოდა ცხოვრებათა დაწამებათა ჟანრის აგიოგრაფიული ნაწარმოებები როგორც აღმოსავლეთის, ასევედასავლეთის საქრისტიანო მწერლობიდან. მასალის ასეთი სიუხვე კი განპი­რო­ბებული იყო ქართველთა აქტიური მონაწილეობით მსოფლიო საქრისტიანო მწერლობის პროცესებში.

საქართველოში თუ მის ფარგლებს გარეთ გახსნილი იყო კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრები, რომლებშიც აქტიურად მიმდინარე­ობ­და მთარგმნელობითი საქმიანობა. გავიხსენოთ თუნდაც ტაო-კლარჯეთის, ათონის, შავი მთის საღვთისმეტყველო-ლიტერატურული სკოლები [ხინთიბიძე, 1969: 103-107]. თხზულებათა გადმოთარგმნას ენიჭებოდა დიდი მნიშვნელობა, რადგან ამით დგინდებოდა ადგილობრივი აზროვნების სოციალურ-კულტურული მოთხოვნი­ლებები, აგრეთვე ირკვეოდა კონკრეტულ დროში ამა თუ იმ ხალხის ინტელექტუალურ-მორალური, ესთეტიკურ-მხატვრული შესაძლებლობები. ნათარგმნი ლიტერატურული ძეგლებით წარმოჩინდებოდა ამა თუ იმ ხალხის კულტურული სამყარო [კეკელიძე, 1957: 5]. თანამედროვე ფილოლოგია და ლიტერატურათმცოდ­ნეობა მნიშვნელოვან ადგილს უთმობს სხვადასხვა ქვეყნის ლიტერატურათა ისტორიულ-შედარებითი მეთოდით შესწავლასა და კვლევას [Лихачев, 1963: 61], რაც თავისთავად ხელს უწყობს ლიტერატურათა შორის სტრუქტურულ, სიუჟეტურ-კომპოზიციურ მსგავსება-განსხვავებათა დადგენას. . კეკელიძეც სტატიაშიქართულ-ბიზანტიური ლიტე­რა­­ტურული პარალელები საუბრობს ბიზანტიური მწერლობის მიერ ჯერ კიდევ წინამეტაფრასულ ხანაში შემუშავებულ გარკვეულ სქემებზე, შაბლონებზე, რომლებიც შემდგომ სავალდებულო გახდა ბიზანტიურ-კულტურულ სამყაროსთან დაკავშირებული ყველა ხალხის მწერლობაში [კეკელიძე, 1945: 99].

ჩვენი კვლევის მიზანიაცხოვრებათა ჟანრის ნათარგმნი აგიოგრაფიული თხზულებების სიუჟეტურ-კომპოზიციური ასპექტით განხილვა, კერძოდ, მათი შე­და­რება, თავისებურებათა და მსგავსება-განსხვავებათა წარმოჩენა და სათანადო სქემების მიხედვით დაჯგუფება. ნაშრომში შესწავ­ლი­ლია ანტონი დიდის, იოანე ოქროპირის, ეფრემ ასურის და საბა განწმენდი­­ლისცხოვრებები. თხზულებათა შესწავლის საფუძველზე გამოიკვეთა, რომ:

1. სიუჟეტური თვალსაზრისით აგიოგრაფიულ ნაწარმოებებში თითქმის დაკანო­ნებუ­ლია ავტორის მიერ თხზულების შექმნისა და წმინდანის გარდაცვალების დროის დაზუსტება, აგრეთვე ეპოქის დახასიათება.

საბა განწმენდილის ცხოვ­რე­ბა­ში მოცემულია წმინდანის მოღვაწეობისა და აღსასრულის დრო: „აღესრუ­ლა ნეტარი ესე დეკემბერისა თუესა ხუთსა, ინდიკტიონსა ათსა დასაბამსა, ვინათგან იწყო სოფლისა შესაქმედ მზისა სლვაჲ, არიან წელნი ექუს ათას ოცდაოთხ... ხოლო ჟამნიორცი­ელად ცხოვრებისა მისისანი ესრჱთ არიან: ოდეს მოვიდა პალესტინედ, იყო იგი ათრვამეტის წლის. დაყო მონასტერსა შინა ათშჳდმეტი წელი, ხოლო უდაბნოთა და დიდსა ლავრასა ერგასის და ცხრაჲ წელი. დაასრულა ოთხმეოცდათოთხმეტი წელი ჰასაკისა მისი­სა ჟამ­ნი შემდგომად მეფობისა ლამპადისა და ორესტის მეორისა” [საბა განწმენდილი, 1975: 115].­

ასევე დათარიღებულია ეფრემ ასურის გარდაცვალებაც. ეფრემმა შეჰვედრა სული თჳსი პატიოსანიელთა შინა ანგელოზთასა თუესა ფებერვალსა და დღესა დადეგსა პირ­ველ­სა თჳსა­სა [ეფრემ ასური, 1975: 232].

რაც შეეხება ავტორის ვინაობის გარკვევას, ანტონი დიდის ცხოვრებაში გამჟღავ­ნე­ბულია, რომ თხზულება დაწერილია ათანასი ალექსანდრიელის მიერ.

2. ნათარგმნ აგიოგრაფიულ თხზულებებში აგიოგრაფი, ნიშანდობლივი თავმდაბლობით ცდილობს, განმარტოს წმინდანის ცხოვრების აღწერის სურვილი და მკითხველისგან ითხოვს მიტევებასა და უფლის შეწევნას ამ საპასუხისმგებლო საქმის წარმართვაში.

საბა განწმენ­დი­­ლის ცხოვრებაში“ აგიოგრაფი შემდეგი სიტყვებით მიმართავს მკითხველს: კურთხე­­ულ არს ღმერთი და მამაჲ უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტჱსი, რომელმან თქუენი გულსმოდ­გინებაჲ აღადგინა სრულიად და მე ღირს მყო, არაღირსი, აღწერად ღმრთის მოყუარეთა წმიდათა მათ მამათა წინა-აღსრულებულთა, ევთჳმისთჳს და საბაჲსთჳს, ზოგადყოფისა. რამეთუ მე საწყალობელსა სიმრავლითა მოწყალებისა მისისაჲთა ნაწუეთი სიტყუათა მათთაჲ დამწუთა აღებითა პირისა ჩემისაჲთა, რაჲთა ვიღუწიდე ბრძანებისაებრ“ [საბა განწმენდილი, 1975: 56].

ხოლოეფრემ ასურის ცხოვრებაში ავტორი განაცხადებს: ვიწყო შეწევნითა ღმრთისაჲთა და ძალითა უფლისა და მაცხოვრისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა და მეოხებითა წმიდისა ღმრთისმშობლისაჲთა და შოვამდგომელობითა სულისა წმიდისაჲთა, რამეთუ იგი არს დასაბამ და სრულება სიტყჳსა ამის ჩუენისა უძლურისა [ეფრემ ასური, 1975: 211].

ანტონი დიდის ცხოვრების აგიოგრაფი კი კრძალვით შენიშნავს: ითხოეთ ჩემგანცა ცხორებისათჳს ნეტარისა ანტონისა და სწავლის გინებს, ვითარ-იგი იწყო მონაზო­ნებად და რაჲ-იგი იყო უწინარჱს მისა და რაბამი აქუნდა აღსასრული ცხორებისაჲ...

რაჲთა თქუენცა მისა მობაძავად თავნი თჳსნი მოიყვანნეთ, მრავალთა უკუე გულსმოდგინებითა შევიწყნარე თქუენმიერი ესე ბრძანებაჲ, რამეთუ ჩემდაცა დიდ შესაძინელ სარგებლის არს ანტონისი ესე მოჴსენებაჲ [ანტონი დიდი, 1975: 9].

3. აგიოგრაფს, რამდენადაც ის ჭეშმარიტების მქადაგებელია, აქვს სურვილი მიუთითოს იმ სარწმუნო წყაროზე, რომელზე დაყრდნობითაც ის აღწერს ამა თუ იმ წმინ­დანის ცხოვრებას. ხოლო ამ ცნობიმომწოდებლები არიან ის პირები, ღირსი მამები,  რომლებიც ახლო ურთიერთობაში იყვნენ წმინდა მამებთან.

საბა განწმენდილის ცხოვრებაში აგიოგრაფი აღნიშნავს,  რომ ესეცა, რაოდენი აღვწერე მცირედ და შრომით, ვითარცა უფსკრულისაგან სიმრავლითა ჟამთაჲთა, ეგრე შევკრიბენ საქმენი და სიტყუანი მისნი, რაჲთა შემდგომად ჟამთა ამათ მისნი იგი სწავლანი სარგებელ ეყვნენ სულთა ჩუენთა. ან ესერა სრულიად მოვიწიე ჟამსა ამას ამისთჳს, და რაჲთა მცირედ ნურაჲ ვთქუათ, ნეტარისა მამისა ჩუენისა საბაჲსი აღვწერე, ვიზ­რუნე, დავშუერ გულსმოდგინედ ჭეშმარიტთაგან და ღირსთა მამათა თანა-მყოფთა და თანა-მოღუაწეთა მისთა [საბა განწმენდილი, 1975:56].

ხოლოიოვანე ოქროპირის ცხოვრების“ ავტორი შენიშნავს,  რომ მე არარაჲ ვიხილე ამათგანი, არამედ შევკრიბე და შევაერთე მათ მიერ, რომელთა აღეწერა. და უმრავლესი ამათ თქუმულთაგანი პალადიოს ებისკოპოზისაგან ვისწავე წიგნი სამისგან, რომელი მიეწერა მას თეოდორე დიაკონისადა, რომელი იყო ჰრომისა ეკლესიისაჲ... ზოგი ვისწავე სოკრატოჲს მიერ და სხუათა მრავალთაგან. ხოლო მე, რაჟამს წარვიკითხე ესე ყოველი, ჯერ-მიჩნდა, რაჲთამცა შევკრიბენ ესევითარნი სათნოებანი და შევაერთენ ურთიერთას“ [იოვანე ოქროპირი, 1986: 2].

„ანტონი დიდის ცხოვრების აგიოგრაფი კი მკითხველს ამცნობს, რომ იგი მე უწყი, რამეთუ მრავალგზის მეხილვა და სწავლაჲ შეუძლე მათგან, რომელნი-იგი შეუდგეს მცირედ ჟამ და წყალსაელთა სცემდეს, ესე მიწურად ღმრთის მოშიშებისა თქუენისა, ვისწრა­ფე ყოვლით კერძოვე ჭეშმარიტებისათჳს, ვიზრუნე, რაჲთა არა უმეტჱსი ვისმე ესმეს და ურწმუნო იქმნეს [ანტონი დიდი, 1975: 9-10].

4. ცხოვრებათა ჟანრის ნათარგმნ აგიოგრაფიულ თხზულებებში ფრიად გავრცე­ლებული მოტივია სიყრმეში თანატოლთაგან წმინდანის გამორჩეულობა სხვადასხვა ნიშნით, რაც მის ქარიზმატულობაზე მეტყველებს. ხოლო ეს დამა­ხასი­ათებელი ნიშან-თვისებები კი შემდეგნაირად აისახება თხზულებებში:

) აუცილებელი კომპო­ნენტია წმინდანთა ეროვნული და სოციალური წარმომავლობის აღნიშვნა. ზოგიერთი მათგანი არისტოკრატულ წრეს მიეკუთვნება, ზოგიც შედარებით დაბალ ფენას; ) მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა თხზულებებში აგრეთვე წმინდანთა გარეგნულ მონაცე­მების აღწერას; ) ისინი გამოირჩევიან სწავლისადმი განსაკუთრებული დამოკიდებულებით, ღრმა რელიგიურობით, ღვთის მოშიშობითა და ცთუნებათა დაძლევით; ) დაბადებამდე ან დაბადების შემდეგ უფლისაგან წმინდანთა გამორჩეულობა და ხელდას­მა კიდევ ერთხელ მიანიშნებს მათ განსაკუთრებულობაზე.

5. წმინდა მამებს უჩნდებათ განმარტოების სურვილი. ისინი ხშირად უარს ამბობენ ხორციელ პატივზე, დიდებაზე, გლახაკებს ურიგებენ თავიანთ ქონებას და ელტვი­ან მარტოდმყოფობას. მაგალითად, მშობლების გარდაცვალების შემდეგ ანტონი დიდმა, მსგავ­სად მო­ციქულებისა, რავდენი აქუნდა მას მამა-დედათა მისთა მოგებული ყანები სამასი ნაყოფიერნი და ფრიად კეთილნი, ესე ყოველი მიჰმადლა მდაბურთა... ხოლო სხუაჲ იგი, რაჲ იყო მათი ჭურჭელი, ყოველი განყიდა და შეკრიბა საფასჱ დიდძალი და განუყო გლახაკთა [ანტონი დიდი, 1975: 10]. შემდეგ ანტონი დიდმა იხილა მონაზონი ბერი და ჰბაძვიდა სლვასა და პირველად იწყო მანცა დადგრომად გარეშე დაბისა ადილთა და მიერ თუ ვისიმე მონაზონისაჲ ესმის, გამოვიდის და ეძიებნ მას, ვითარცა ბრძენი ფუტკარი, და არა მიიქცის თჳსსა ადგილსა, ვიდრემდის-იგი არა იხილის და რეცათუ საგზლად სათნოებისა გზისა მისგან მოიღოს [ანტონი დიდი, 1975: 11].

საბა განწმენდილმაც შეურაცხ-ყო და განიშოვრა ცხორებაჲ ამის სოფლისაჲ და შევიდა იგი მონასტერსა... [საბა განწმენდილი, 1975: 57].

6. წმინდანებს, მიუხედავად განმარტოების სურვილისა, მეგზურობას უწევენ სულიე­რი ძმე­ბი, ზოგიერთ შემთხვევაში კი ისინი წმინდანის სამყოფელშიც იდე­ბენ ბინას. ასე, მაგალითად, საბა განწმენდილი, როდესაც იმყოფებოდა „უდაბნოთა რუბას, მოვიდა ვინმე მისა მონაზონი ღირსად მოჴსენებული, რომელსა ერქუა ანთოს, და მისთანა იყოფოდა“ [საბა განწმენდილი, 1975: 63].

ხოლო, როდესაც ეფრემ ასური წავიდა „უდაბნოდ ძიებად მამათა წმიდათა განშორებულთა, რომელნი იყვნეს მუნ, და პოვა მუნ სენაკი და ქუაბი ერთი უკაცრიელი. შევი­დეს მას შინა იგი და თარგმანი მისი და დაადგრეს მას შინა მრავალ დღე“ [ეფრემ ასური, 1975: 22].

7. წმინდა მამათა ცხოვრება წარმოადგენს მუდმივ სულიერ ღვწას, რაც გამოი­ხატება მიწიერ ცთუნებათა დათრგუნვაში, გამუდმებულ ლოცვასა და მარხვაში. მთელი მათი მოღვაწეობა არის დასტური უფლისადმი სიყვარულისა.

შემდეგი სიტყვებით არის აღწერილი იოვანე ოქროპირის სულიერი მოღვა­წეობა: რამდენადაც იოვანე იყო თავისი ქმედებით მისაბაძი სხვათათვის, იგი, როგორც პავლე მოციქული, ქადაგებდა უსასყიდლოდ, „არას მიიღებდა ეკლესიისაგან, გარნა დღითი დღედ პურსა... და არა უყუარდა მას პურის ჭამაჲ ვისთანამე და თუ ვინმე ხადის, არა მივიდის ამის ესევითარისა მიზეზისათჳს ყოვლისა პირველად, რამეთუ არა სუმიდა ღჳნოსა ყოლადვე, ხოლო ზაფხულის მიიღის მცირედსა სუმელი ვარდისაჲ სიცხი­სა­თჳს... და მეორედ, ვნებისა მისთჳს, რომელი იყო სტომაქსა მისსა, რომელი შეემთხჳა სნებასამისგან... და მესამედ, რამეთუ უმრავლესნი დღენი მისნი მარხვით გარდავლნის ვიდრე მწუხრამდე და ოდესმე ყოლადვე დაავიწყდის ჭამაჲცა ურვისა მისგან, რომელი აქუნდა ეკლესიისათჳს, და მეოთხედ, მარადის კითხვითა წიგნთა საღმრთოთაჲთა და გულისჴმის-ყოფად ძალი მათი“ [იოვანე ოქროპირი, 1986: 48-49].

საბა განწმენდილმა კი „მისცა თავი თჳსი ყოვლადვე ღმერთსა... და განმზადა იგი ღუაწლსა, შრომასა ჴორცითა დღითი-დღე, უძილობით დიდებასა ღმრთისასა ღამე ყოველ სიმდაბლითა და მორჩილებითა“ [საბა განწმენდილი..., 1975: 60].

ხოლო ეფრემ ასური მონაზვნად გახდომის შემდეგ „აღსასრულადმდე დღეთა ცხორებისა მისისათა არას ჭამდა თჳნიერ პურსა ქრთილისასა და ცერცუსა და მხალსა მცირედსა და სუმიდა წყალსა. ხოლო ტყავი მისი შემჴმარ იყო ძუალთა მისთა ძლიერისა მარხვისაგან და დიდი საშრომისა. და სამოსელი მისი იყო ძუელი, დაბებკული და შეურაცხი“ [ეფრემ ასური, 1975: 221-222].

საყურადღებოა ის ფაქტი, რომ წმინდანთა „ცხოვრებებში“ სულიერი მამები მსგავსად მოწამეებისა, აცხადებენ მზადყოფნას მოწამებრივ ცხოვრებაზე. ამის ნათელი დასტურია ანტონი დიდის განაცხადი მაქსიმიანეს მეფობის პერიოდში ქრისტიანთა დევნის დროს: წარვიდეთ, რაჲთა ვიღუაწოთ ჩუენცა, ვიწოდნეთ თუ, ანუ ვიხილნეთ მოღუაწენი, რამეთუ სურვილი აქუნდა მარტჳრობად და თავით თჳსით მიცემად [ანტონი დიდი, 1975: 32].

8. წმინდა მამები, რამდენადაც უარყოფენ ხორციელ პატივს და დიდებას, უარს ამბობენ ყოველგვარ დაწინაურებაზე და ამჯობინებენ განრიდებას. ასე, მაგალითად, „იოვა­­ნე ოქროპირის ცხოვრებაში“ ეპისკოპოსმა მოისურვა იოვანეს მღვდლად კურთხე­ვა, „რაჲთა შემდგომად მისა მანდ აიპყრას საყდარი მისი ათენას შინა... და ვითარცა გულისჴმა-ყო ესე იოვანე, ივლტოდა იდუმალ და მოვიდა თჳსა ქალაქად ანტიოქიად“ [იოვანე ოქროპირი, 1986: 14].

საბა განწმენდილმაც უარი განაცხადა დაწინაურებაზე, რომელსაც მიიჩნევ­და ყოველგვარი ბოროტი სურვილების საწყისად.

მაგრამ ზოგჯერ, წმინდა მამები, დიდი, თხოვნის შედეგად საბოლოოდ თანხმდე­ბიან შედარებით მაღალ იერარქიულ საფეხურზე ასვლას. ასეთ მაგალითს ვხვდებით „ეფრემ ასურის ცხოვრებაში“: როდესაც წმ. ბასილიმ ჰკითხა ეფრემს, თუ რა­ტომ არ იკურთხა იგი ხუცად, ეფრემმა მიუგო: „რამეთუ ცოდვილ ვარ, მამაო. ... და დასდვა წმიდამან ბასილი ჴელი თჳსი თავსა ეფრემისსა და მისცა მას კურთხევაჲ დიაკო­ნობისაჲ... და უნდა წმიდასა ბასილის, რაჲთამცა აკურთხა იგი ხუცად, და არა ინება წმი­დამან ეფრემ, რამეთუ თქუა, ვითარმედ: არა ღირს ვარ, რომელი-იგი არს ჭეშმარიტად ღირ­სი ღმრთისა თანა [ეფრემ ასური, 1975: 224].

9. სულიერ მამებს, რამდენადაც უფლისაგან რჩეულნი არიან ჯერ კიდევ ადრეულ პერიოდში, ეკისრებათ გარკვეული სულიერი მისია. მათ, რამდენადაც თავიანთი სულიერი ცხოვრებით მაგალითის მიმცემ­ნი არიან საზოგადოებისთვის, ევალებათ ღვწვა ქრისტიანობის გავრცელებისა და განმტკი­ცებისათვის.

ანტონი დიდი „უფალმან დაჰმარხა ...  ჩუენთჳს და სხუათათჳს სარგებელად, რაჲთა მონაზონებით ამით, რომ ისწავა მან წიგნთაგან, იყოს იგი მრავალთა მოძღუარ, რამე­თუ რომელნი ხედვიდეს მისსა მას ცხორებასა, მრავალნი მიჰბაძვიდეს [ანტონი დიდი, 1975: 32].

ნიმუშად გავიხსენებთ კიდევ ერთ საგულისხმო ეპიზოდს „იოვანე ოქრო­პირის ცხოვრებიდან“. წმინდანს ეცხადებიან მოციქულები პეტრე და იოვანე, რომ­ლე­ბიც შემდეგი სიტყვებით მიმართავენ წმინდა მამას: „ნუ დაჰფარავ მადლსა მას ღმრთისასა, მოცემულსა შენდა, რაჲთა თქუმულითა შენითა განაბრწყინვნე და განამტკიცნე დაბადებულნი მისნი... შენ ნუ გეშინიან, რამეთუ სათნო-იყო ქრისტემან ღმერთ­მან შენ მიერ განათლებაჲ მრავალთა სულთაჲ და მოყვანებად იგინი მეცნიერებასა მას ჭეშმარიტებისასა. და მრავალნი განსაცდელნი და ჭირნი მოწევნად არიან შენ ზედა უმანკო­ებისათჳს სულისა შენისა, არამედ შეიწყნარენ იგინი ვითარცა მოღუაწემან ჭეშმარიტმან“ [იოვანე ოქროპირი, 1986: 18-19]. და მართლაც, წმინდანის სიყვარულით მრავალი ანტიოქიელი შეუდგა ქრისტეს გზას.

10. „ცხოვრებათა“ ჟანრის თხზულებებისათვის დამახასიათებელია წმინდანთა უფლის ან სულიწმინდის წინამძღოლობით სვლა. საბა განწმენდილი „გარდამოვიდა იგი ბორცჳსა მისგან წინამძღურებითა ღმრთისაჲთა“ [საბა განწმენდილი, 1975: 64].

            ეფრემ ასურსაც, როდესაც ქრისტიანობის მიმდევრებში იქნა შენიშნული და ამის გამო მამამ გააძევა სახლიდან, „მადლი იგი ღმრთისაჲ, რომელი დამკჳდრებულ იყო­მის თანა, სცვიდა მას და წარუძღუა მას ეკლესიად“ [ეფრემ ასური, 1975: 212].

11. აგიოგრაფიულ თხზულებებში გავრცელებული მოტივია წმინდანთაგან მცი­რე­წლო­­ვან ყრმათა დამოწაფება, აღსაზრდელად აყვანა. მაგალითად, ყრმა ეფრემ ასუ­რი სახლიდან გამოძევების შემდეგ „მივიდა წმიდისა ამბა იაკობის ეპისკოპოსისა ნასი­ბინ ქალაქისა... განიხარა მისთჳს ფრიად და შეიწყნარა იგი ყოვლითა სიყუარულითა და და­­ად­გინა იგი სადგურსა მას წიგნის მსმენელთათანა“ [ეფრემ ასური, 1975: 212]. ასევე და­­­წა­ფნენ საბა განწმენდილის მოძღვრებას ივლიანა პატრიკიაჲ, ვა­ლენტიანჱს მეფისა ძისწული, და ანასტასია, პატრიკიოსის ასული [საბა განწმენდილი, 1975: 92].­

12. წმინდა მამები, მიუხედავად უდაბნოსა და გამოქვაბულებში მარტოდ დაყუ­დე­ბისა, მაინც იკრებენ ირგვლივ სულიერ თანამოაზრეებს, საძმოს, რომელთა რიგები დრო­თა განმავლობაში იზრდება.

„საბა განწმენდილის ცხოვრების“ მიხედვით, საბამ იწყო შეწყნარებად, რომელნი მოვიდოდეს მისა, მრავალნი განთესულნი მეუდა­ბნოენი და მძუვარნი მოვიდეს მისა და იყოფოდეს მისთანა... და მადლითა ქრისტჱსითა შეკრიბ­ნა ძმანი ვითარ სამეოცდაათოდენ“ [საბა განწმენდილი, 1975: 64-65].

ეფრემ ასურმაც შემოიკრიბა სულიერი სამწყსო, რომელთაც მოეცა მადლი მოძღუ­რებისაგან წმიდისა ეფრემისა... და სხუანიცა მოწაფენი მრავალნი ესხნეს მას [ეფრემ ასური, 1975: 22].

ხოლო ანტონი დიდი „არწმუნებდა მრავალთა გამორჩევად და ყოფად უდაბნოსა.

და ესრჱთ მიერითგან იყო მთასა ზედა მონასტრები, და უდაბნოჲ იქმნა ქალაქ მონა­ზონთაგან“ [ანტონი დიდი, 1975: 18].

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ წმინდა მამები ყურადღებას ამახვილებენ ეკლე­სია-მონასტრების მშენებლობაზე, მაგრამ ეკლესიებს აგებენ არა იმ რაოდენობით, როგორსაც ვხვდებით ქართულ აგიოგრაფიულ თხზულებებში. ისინი უფრო სენაკთა აშენებით არიან დაკავებულნი, რაც ალბათ გამოწვეული იყო ეპოქის მოთხოვ­ნილე­ბე­ბით, რადგან იმ პერიოდში გავრცელებული იყო . . მეუდაბნოე-განდე­გილ­თა მოღვაწეობა. საბა განწმენდილმა წაიყვანა „მამანი ვინმე და აღვიდა კასტელდ და იწყო განწმედად ადგილისა მის და შენებად სენაკებისა, რომელი იპოვებოდა მუნქვაჲ. და ვი­თარ­ცა თხრიდეს ადგილსა მას, პოვეს ქუეშე სახლი დიდი კამარედად დრეკილი... და უბრძანა დარღუევაჲ მისი და მათ ქვათა განაღაშჱნა ეკლესიაჲ. და განიზრახა, რაჲთამ­ცა მონასტერ ყო ადგილი იგი, რომელცა იქმნა“ [საბა განწმენდილი, 1975: 71-72].

წმინდა მამები თავიანთი ეკლესია-მონასტრებისთვის შეიმუშავებენ გარკვე­ულ წესდებას. სწორედ ასეთი წესდება შეიმუშავა საბა განწმენდილმა საკუთარი მონასტრის აგების შემდეგ.

13. სულიერ ძმებს ახასიათებთ მორჩილება წმინდანისადმი, თავიანთი სულიერი წინამძღო­ლისადმი. ისინი უდრტვინველად ასრულებენ მოძღვრის ბრძანებას. მაგა­ლი­თისათვის მოგვყავს „საბა განწმენდილის ცხოვრებიდან“ ერთი ეპიზოდი: როდესაც მის­გან განდგომილ, მწვალებელ სულიერ ძმებზე განაწყენებული საბა ეახ­ლა იე­რუსალიმის მთავარეპისკოპოს ელიას, მთვარეპისკოპოსმა გაიხარა და შეე­ვედ­რა, „რაჲთამცა უკუნ იქცა იგი თჳსსა ლავრასა. ხოლო იგი არა-თავს იდებდა, არცა ისმენდა. ამისთჳს განრისხნა მთავარეპისკოპოსი და ჰრქუა მას: გრწმენინ, უკუეთუ არა ისმინო ზრახვისა და ვედრებისა ჩემისაჲ, არღარა იხილო პირი ჩემი, და ვერცა დავითმინო ჟამ ერთ, რაჲთა ნაშრომსა შენსა ზედა სხუანი განისუენებდენ. ესერაჲ ჰრქუა მას მთავარ­ეპისკოპოსმან, მამამან ჩუენმან საბა ნებაჲ მისცა და აღასრულა ბრძანებაჲ მისი“ [საბა განწმენდილი, 1975: 78].

იოვანე ოქროპირიც, თავის ექსორიობამდე, მოუწოდებს სულიერ შვილებს ახა­ლი ეპისკოპოსის მორჩილებისაკენ: „ამას ვითხოვ თქუენგან, რაჲთა არა დააკლოთ მოსწრა­ფებაჲ თქუენი ეკლესიისაგან მსგავსად წესისა თქუენისა და რომელი მოიყვანონ ჴელ­თა დასხმად შეერთებითა ყოველთაჲთა, დაუმდაბლენით ქედნი თქუენნი მას ვითარ­ცა იოვანეს, რამეთუ ვერ ეგების ქურივად დგომაჲ ეკლესიისაჲ ებისკოპოსისაგან“ [იოვანე ოქროპირი, 1986: 115].

აგიოგრაფიული თხზულებებისათვის დამახასიათებელია აგრეთვე წმინდა მა­მა­თაგან ერთმანეთის ხილვისას, საზრდოს მიღებამდე, საუბარი სულის მარგე­ბელ თემებზე, საღვთო წიგნების კითხვა, ლოცვა და შემდეგ საზრდოს მიღება.

14. წმინდანთა ერთ-ერთი გამორჩეული თვისებაა თავმდაბლობა. ისინი მუდ­მი­ვად ამტკიცებენ თავიანთ უსუსურობას, უძლურებას და არარაობას უფლის წინა­შე. წმინდა მამები არასდროს არ სარგებლობენ ღვთის რჩეულობით, პირიქით, ნიადაგ ეწევიან თვითგანკითხვასა და თვითგანქიქებას.

იოვანე ოქროპირს „ფრიად უყუარდა ... სიმდაბლჱ და რაჲთა ცხონდებოდის მყუდროდ და ლიტონად. და იყო იგიცა საყუარელ ყოველთა მოქალაქეთა და მეცნიერთა მისთაგან სიმდაბლისა მისისათჳს, რომელი მოეგო“ [იოვანე ოქროპირი, 1986: 7].

ასეთივე თავმდაბლობის გრძნობით ჰყავს აგიოგრაფს წარმოჩენილი ანტონი დიდი, რომელიც „გონებითაცა უწყინო იყო და სულითა მდაბალ. ესე ვითარი იყო და კანონსა ეკლესიისასა უფროჲსად პატივს-სცემდა, და ყოველთა მღდელთაჲ უნდა უწინა­რჱს თავისა პატივის-პყრობაჲ“ [ანტონი დიდი, 1975: 41].

თავმდაბლობით გამოირჩევიან აგრეთვე საბა განწმენდილი და ეფრემ ასურიც.­

15. აგიოგრაფიულ თხზულებებში ძალიან გავრცელებულია წმინდანთა მიერ თავი­ანთი ადგილ-სამყოფელისა და საქმიანობის დამალვა. მაგრამ, მიუხედავად ამისა, უფალს უყვარს თავისი სულიერი შვილები და სურს ნათელი მოჰ­ფინოს მათ ღვაწლს.

ანტონი დიდის ცხოვრებაში“ მაცხუვარმან ჩუენმან იესუ ქრისტემან მადი­დე­ბელ­ნი თჳსნი ადიდნის. და რომელნი ჰმონებედ მას ვიდრე აღსასრულადმდე, არა ხოლო თუ სასუფეველსა ცათასა შეიყვანნის, არამედ აქაცა დაფარულნი და რომელნი ისწრაფიედ განშორებად სოფლისაგან, განცხადებულ და განთქუმულ ყვნის მათითა სათნოებითა და სხუა­თა სარგებლისათჳს ყოველსა ადგილსა ადიდნის“ [ანტონი დიდი, 1975: 53].

ეფრემ ასურის ცხოვრებაშიკი მას შემდეგ, რაც ურჰაელი ხალხი კეთილად და სიყვარულით განეწყო ეფრემის მიმართ, მან გადაწყვიტა თავისი სამყოფელ­­დან მოშორება და ხევში ჩამავალს გამოეცხადა ანგელოზი და ჰკითხა, თუ სად მიისწრაფოდა, რაზეც ეფრემისგან მიიღო შემდეგი პასუხი: „ვივლტი სოფლისა შფოთი­სა­გან. ჰრქუა მას ანგელოზმან მან: ეკრძალე, რაჲთა არა აღესრულოს შენ ზედა სიტყუაჲ იგი წერილისაჲ, რომელი თქუმულ არს, ვითარმედ: ეფრემ ივლტოდა ჩემგან, ვი­თარ­ცა ჴბოჲ ... მან მიუგო ტირილით და ჰრქუა: უფალო, რამეთუ მე უძლური ვარი და არა ღირს ვარი ამას. მაშინ მიუგო ანგელოზმან და ჰრქუა: Ä, კაცო, არაჯერ-არს კაცისა აღნთებად სანთელი და დაფარვად ჴჳმირსა ქუეშე, არამედ დადებად იგი სასანთლესა ზედა, რაჲთა ხედვიდეს ყოველი კაცი ნათელსა მისსა“ [ეფრემ ასური, 1975: 219].

ასევე ბიბლიური სიტყვებით არის გადმოცემული „იოვანე ოქროპირის ცხოვ­რებაში“ უფლისაგან წმინდანის ღვაწლის გაცხადების შესახებ. მოგვყავს ციტა­ტა: იოვანე „განბრწყინდა სათნოებითა, რამეთუ ვერ შესაძლებელ არს დაფარვად ქალაქი, რომე­­ლი მთასა ზედა დაშენებულ არს, და არცა სანთელი ბრწყინვალჱ დაფარის ჴჳმირმან“ [იოვანე ოქროპირი, 1986: 128].

16. აგიოგრაფიულ თხზულებებში აღწერილია, თუ როგორ განითქვამენ სახელს წმინდა მამები თავიანთი მოღვაწეობის ფარგლებს გარე­თაც, რის შემდეგაც მათ­კენ მიისწრაფიან საერო, მათ შორის – თანამდებობის, და სასულიერო პირები და ითხო­­ვენ ლოცვა-კურთხევას.

იოვანე ოქროპირმა „განითქუა ჰამბავი  მისი ყოველსა მას ქუეყანასა, და ყოველთა შორიელთა ეუწყა მისთჳს და მოვიდოდეს სმენად სიტყუათა მისთა“ [იოვანე ოქროპირი, 1986: 20]. აგრეთვე „მოვიდა მეფჱ და მის თანა მთავარნი და მეინაჴენი და სპასალარნი ეკლესიად, რაჲთა იკურთხნენ ნეტარისა იოვანჱსგან“ [იოვანე ოქროპირი, 1986: 42].

ანტონი დიდის სანახავად კი მოდიოდნენ არა მხოლოდ ქრისტიანები, არა­მედ- წარმართებიც.

არის შემთხვევები, როდესაც წმინდა მამები თვითონვე მიდიან სულიერი შვი­ლე­ბისა და ძმების სანახავად. ასე, მაგალითად, ანტონი დიდი ვითარ მოვიდა გა­რე მონასტრებსა, ყოველნივე ვითარცა მამასა თჳსსა მიეგებვოდეს, ამბორს-უყოფდეს. და მას ვითარცა საგზალი დიდი რაჲმე მოაქუნდა მთით და ისტუმრებდა მათ ყოველთა სიტ­ყჳ­თა და მისცემდა სარგებელსა“ [ანტონი დიდი, 1975: 35].

საბა განწმენდილიც უფლის ბრძანებით წავიდა მთავარეპისკოპოს ელიას სანა­ხა­ვად, რომელიც ექსორიობაში იმყოფებოდა.

17. ნათარგმნ აგიოგრაფიულ თხზულებებში სათანადო ყურადღება მახვილდება სასუ­ლი­ერო და საერო პირთა ურთიერთდამოკიდებულების ასახვაზე. თხზუ­ლებებში აღწერილ ეპიზოდებში ჩანს, რომ სასულიერო პირებს მოწიწებითა და დი­დი პატივით ეგებებიან ხელისუფალნი.

მეფემ, როდესაც გაიგო საბა განწმენ­დილის მისვლა, „განიხარა ფრიად და ბრძანა სამეფოთა ნავთა მიგებებად მისა ... და მირბიოდა მეფჱ და თავყანის-სცა და სიხარულითა ცრემლით ამბორს-უყო თავსა მისსა“ [საბა განწმენდილი, 1975: 109].

ანტონი დიდის ცხოვრებაში“ კი საერო და სასულიერო პირებს შორის ურთიერთობის წარმოჩენისას ვხვდებით შემთხვევას, რომელიც მოგვაგონებსგრი­გოლ ხანძთელის ცხოვრებაში“ აღწერილ ერთ ეპიზოდს, კერძოდ, ბაგრატ მე­ფი­სა და საბა იშხნელის შეხვედრის ეპიზოდს. მოგვყავს ციტატა „ანტონი დიდის ცხოვრებიდან“: ანტონის ღვაწლის შესახებ როდესაც გაიგეს მეფემ და მისმა ძეებმა, ანტონს „მოსწერდეს მისა, ვითარცა მამისა. და ილოცვედ მიღებად წიგნისა მისგან. არამედ არცაღა წიგნი იგი დიდ რაჲმე შეერაცხა და არცაღა ებისტოლისა მისთჳს თავი სთნდა, არამედ იგივე იყო, ვითარცა-იგი ვიდრე მოწერადმდე მისა მეფეთა. ოდეს მუართუეს მას წიგ­ნი, მოუწოდა მონაზონთა და ეტყოდა: რაჲსა გიკჳრს, უკუეთუ მოსწერს მეფჱ ჩუენდა? რამეთუ კაცივე არს, არამედ უფროჲსღა გიკჳრდინ, რამეთუ ღმერთმან შჯული კაცთა მოუ­წერა და ძისაგან თჳსისა გუეტყოდა ჩუენ; უნდა, რაჲთამცა არცა მოიღო წიგნი“ [ანტონი დიდი, 1975: 47], მაგრამ მას შემდეგ, რაც ანტონმა შეიტყო მეფის ქრისტიანობა, საპა­სუ­ხო წერილი მისწერა, რომელშიც შეიწყნარებდა და თან აფრთხილებდა, რომ „ნუ დიდად მოგითუალავს წარმავალი ესე, არამედ უფროჲსღა მოიჴსენებდით მერმე­სამას საშჯელსა და უწყოდეთ, რამეთუ ქრისტჱ მხოლოჲ ჭეშმარიტი, საუკუნჱ მეუფჱ არს“ [ანტონი დიდი, 1975: 47].

საერო ხელისუფალნი უზრუნველყოფენ სასულიერო პირებს მატერი­ალუ­რად და ნივთიერად ეკლესიების, საავადმყოფოებისა და გლახაკთა თავშესაფარი ადგი­ლე­ბის მშენებლობის დროს, სანაცვლოდ კი ითხოვენ წმინდა მამებისგან კურთხე­ვას.

სანიმუშოდ „საბა განწმენდილის ცხოვრებიდან“ მოგვყავს ერთი ეპიზოდი, რომელ­შიც წარმოდგენილია დიალოგი საბასა და მეფეს შორის: „მოუწოდა მეფემან ნეტარ­სა საბას და ჰრქუა მას: მასმიეს მე, მამაო, ვითარმედ მრავალნი მონასტერნი აღგიშე­ნებიან უდაბნოს. უკუეთუ ჯერ-იჩინო, ითხოვე სოფლები სამსახურებელად მონასტერ­თა თჳსდა, სადაცა ინებო, მიგცეთ ჩუენ, რაჲთა გჳლოცვიდენ ჩუენ იგინი...

და რაოდენი რაჲ ითხოვა მამამან ჩუენმან საბა, ღმრთის მსახურმან მეფემან ჩუენმან გარდა­უქცე­ველად ყოველივე ყო“ [საბა განწმენდილი, 1975: 110-111].

ეფრემ ასურის ცხოვრებაში“კი აღწერილია შუამდინარეთში, შიმშილობის ჟამს, თუ როგორ მოუწოდა ეფრემმა მდიდრებს ქონების გაცემისკენ, რაც წარმა­ტე­ბით აღსრულდა, რის შემდეგაც ეფრემმა ააშენა სნეულთა და გლახაკთა თავშესაფრები.

წმინდა მამებს ეკლესიათა მშენებლობის დროს მატერიალურად ეხმარებიან აგრეთ­ვე სხვა სულიერი მამები. მაგალითად, ეკლესიის მშენებლობის დროს, როდე­საც საკმარისი საზრდელი არ ჰქონდათ საბას და მის სულიერ ძმებს, მამა­სა­ხლის მარკიანეს გამოეცხადა ანგელოზი და სთხოვა ცოტაოდენი დახმარება და შეწევ­ნა საბასთვის და სულიერი ძმებისთვის, რაც მარკიანემ შეასრულა.

18. წმინდანები ხშირად იცვლიან ადგილმდებარეობას, რის გამოც მათ უწევთ ტირი­ლით გამომშვიდობება თავის სულიერ მოწაფეებსა და ძმებთან. ცრემლით ურთი­ერთგამომშვიდობება ასევე დამახასიათებელია წმინდანის სიკვდილის მოახლოებისას.

უფლის ნებით, როდესაც იოვანე ოქროპირი ეპისკოპოს ფლაბიანეს მიერ ხუცად უნდა კურთხეულიყო და გადასულიყო ანტიოქიას, გულდაწყვეტილი სუ­ლი­­რი სამწყსო „ტიროდეს და დაალტობდეს ქუეყანასა ცრემლითა და იტყოდეს: „ვაჲ ჩუენდა, რომელსა-ესე დღეს დავაკლდებით. ვინ განკურნოს წყლულებაჲ სულთა ჩუენთაჲ და ვინ გუასწაოს ჴსნაჲ ჩუენი და ვინმ იუძღუეს სულთა ჩუენთა ცხორებად ჭეშმარიტად, რამე­თუ დავაკლდით დიდსა კეთილსა, ვინაჲთგან ობოლ ვიქმნენით მამისა ჩუენისაგან[იოვანე ოქროპირი, 1986: 30]. წმინდა მამას ასეთივე გულისტკივილით ემშვიდობებიან სულიერი ძმები და მოწაფეები მისი ანტიოქიიდან განდევნის წინ, გარდა­ცვალებამდე ცოტა ხნით ადრე.

სულიერ შვილებს, როდესაც ამცნო ანტონი დიდმაც თავისი აღსასრულის მოახლო­ება, ისინი ფრიად დაღონდნენ, მტირალნი გარს ეხვეოდნენ და ეამბორე­ბოდნენ მოძღვარს.

19. წმინდა მამათა გარდაცვალების წინ მათთან თავს იყრიან სულიერი ძმები, შვი­ლე­­ბი, რომელთაც წმინდანი ლოცავთ, აკურთხებთ და მოუწოდებთ უფლის რწმე­ნისაკენ.

ანტონი დიდმა დასნეულების შემდეგ, სიკვდილამდე, მასთან მყოფ ორ პირს მოუწოდა: „აჰა ესერა, ვითარცა წერილ არს, გზა­სა მამათასა წარვალ, რამეთუ ვხედავ მე თავსა ჩემსა წოდებულსა უფლისა მიერ, ხოლო თქუენ ფრთხილ იყვენით და მრავალთა ჟამთა შრომასა თქუენსა ნუ წარსწყმედთ... უფროჲსღა მარადის ქრისტესა გსუროდენ და მისი გრწმენინ“ [ანტონი დიდი, 1975: 51-52].

20. „ცხოვრებათა“ ჟანრის ნათარგმნ აგიოგრაფიულ თხზულებებში თითქმის ერთნა­ირად ხდება წმინდანთა გარდაცვალების, დაკრძალვისა და გლოვის რიტუ­ალის აღწერა. პროცესს, რომელშიც აღწერილია ანგელოზთა დასის მოსვლა წმინ­და მამათა სასუფეველში წასაყვანად, თან ერთვის წმინდანთა ზიარება, რის გამოც ისი­ნი სულიერად დამშვიდებულნი, სრულიად განწმენდილები ავედრებენ უფალს თავს. აგრეთვე წმინდანთა დიდი პატივით დაკრძალვის შემდეგ მორწმუნე საზო­გადოებას მიაქვს მათი სამოსლის ნაფლეთები, როგორც ევლოგია, წმინდა ნივთი.

ეფრემ ასურს ვითარცა „ეუწყა მას დღჱ განსლვისა მისისაჲ, და ბრძანა და ეზიარა წმი­და­სა საიდუმლოსა ქრისტჱსსა. ხოლო ოდეს ეზიარა, განიპყრნა ჴელნი თჳსნი ზეცად მიმართ და თქუა: უფალო ღმერთო ჩემი იესუ ქრისტე, ჴელთა შინა შენთა შევჰვედრებ სულ­სა ჩემსა. და ამას სიტყუასა თანა შეჰვედრა სული თჳსი პატიოსანი ჴელთა შინა ანგე­ლოზთასა...

მაშინ შემოკრბეს ყოველნი მოქალაქენი და მდაბიონი და დაჰმარხეს იგი დიდითა დიდე­ბითა და პატივითა, და მწუხარე იქმნნეს ყოველნივე სიკუდილისა მისისათჳს. ყოველ­სა, რომელსა მოემარჯჳს, მიიტაცებდიან სამოსლისა მისისაგან, ვითარცა ევლო­გიასა[ეფრემ ასური, 1975: 232].

საბა განწმენდილი კი „თჳსსა სენაკსა შევიდა და დაწვა გოდოლსა მას თჳსსა... და და­ყო ნეტარმან მან ოთხი დღჱ და არარაჲსაჲ გემოჲ იხილა, არცა ვის თანა ზრახვიდა. მწუხ­რი შაბათსა... მოითხოვა სიწმიდეჲ და ეზიარა და თქუა დასასრულსა: უფალო, ჴელთა შენ­თა შევჰვედრებ სულსა ჩემსა. და შეჰვედრა სული თჳსი...

და განითქუა ყოველსა ქუეყანასა გარემოჲს სიკუდილი ამისი, და შეკრბა სიმრავლჱ მონაზონთაჲ და ერისკაცთაჲ, და მოვიდა მთავარეპისკოპოსი პეტრე და სხუანიცა ეპისკოპოსნი მისთანა და წმიდისა ქალაქისა წარჩინებულნი კაცნი, და ესრჱთ პატიოსანნი ნაწილნი მისნი ლავრასა დიდსა და ჰკრძალნეს[საბა განწმენდილი, 1975: 115].

ანტონი დიდმა სიკვდილის წინ, მას შემდეგ, რაც დაიბარა მისი სამოსელის გაყოფა და მიცემა ეპისკოპოსებზე, როგორც ევლოგიად, მოწაფეებს „ამბორს-უყო მათ და განირთხნა ფერჴნი თჳსნი და, ვითარცა მეგობართა თჳსთა, ხედვიდა მომავალთა ანგე­ლოზთა და მათთჳს მხიარულითა პირითა მოაკლდა და შეეძინა იგი წმიდათა მამათა. ხოლო მათ, ვითარცა მოსცა მცნებაჲ, წარგრაგნეს გუამი იგი მისი სამოსელსა და ქუეყანასა დაჰფლეს“ [ანტონი დიდი, 1975: 52].

რაც შეეხება იოვანე ოქროპირს, იგი აღესრულა ექსორიობაში. სიკვდი­ლის მოახლოების წინ, იოვანე შევიდა ეკლესიაში, შეიმოსა „სპეტაკი“ სამოსით, ეზიარა, ილოცა და ბოლოს უფალს მიაბარა თავისი სული. მიუხედავად იოვანეს ექსორიობაში აღსრულებისა, მის დაკრძალვაზე შეიკრიბა ღვთის­ მსახურთა სიმრავლე სხვადასხვა კუთხეებიდან.

21. ნათარგმნ აგიოგრაფიულ თხზულებებში წმინდა მამათაგან ზოგიერთი იკრძა­ლება თავისი მოღვაწეობის ადგილზე, ზოგი – ექსორიობაში აღსრულების გამო – უცხო ეკლესიაში და ზოგიც – საკუთარი ანდერძის თანახმად – სრუ­ლიად უცნობ ადგილას.

საბა განწმენდილის „პატიოსანნი ნაწილნი მისნი ლავრასა დიდსა დაჰკრძალნეს შოვა სამთა ეკლესიათა, სადა-იგი წინაჲთ სუეტი ცეცხლისაჲ იხილა“ [საბა განწმენდილი, 1975: 115].

„იოვანე ოქროპირის ცხოვრების“ მიხედვით, ექსორიობაში გარდაცვლილი წმინდა­ნის ცხედარი დაფლეს და „დადვეს შეწებვით საფლავსა მის მოწამისასა, რომელი ზემო ვაჴსენეთ ბასილისკოს, ეკლესიასა შინა მისსა“ [იოვანე ოქროპირი, 1986: 131].

ეფრემ ასური კი თავისი სურვილისამებრ „დაჰმარხეს ...  უცხოთა სამარხოსა, რამე­თუ ესრჱთ დაემცნო მას“ [ეფრემ ასური, 1975: 232]. მაგრამ გარკვეული ხნის შემდეგ იგი გადაასვენეს ეპისკოპოსთა განსასვენებელ ადგილას.

რაც შეეხება ანტონი დიდს, მან ორ მოწაფეს „ვითარცა მოსცა მცნებაჲ, წარგრაგ­ნეს გუამი იგი მისი სამოსელსა და ქუეყანასა დაჰფლეს და დაფარეს. და არავინ იცის, სადა დამა­ლულ არს, თჳნიერ ორთა მათ ხოლო“ [ანტონი დიდი, 1975: 52].

22. აგიოგრაფიული თხზულებებისათვის დამახასიათებელია წმინდა მამათა ღვაწლის განდიდება და ხოტბის შესხმა.

საბა განწმენდილის ცხოვრებისავტორი აღნიშნავს: მოქალაქეობაჲ იგი მისი იყო დიდებულ და ცხოვრებაჲ მისი სანატრელ და სარწმუნოებაჲ მისი მართალ ღმრთისა მიმართ. ესე ყოველი მცირედ-მცირედ გამოცხადნების წარმართებითა ღმრთისა სიტყჳთა. წმი­დაჲ ესე საბა, ახალი ნერგი, კასტელისა მონასტერსა გამოჩნდა მძლედ სულთა ზედა მედგართა, ღმრთის მსახურებითა და შეწევნითა სულისა წმიდისაჲთა უდაბნონი ქალაქ ყვნა[საბა განწმენდილი, 1975: 80-81].

იოვანე ოქროპირის ცხოვრების აგიოგრაფი კი შემდეგნაირად განადიდებს წმინდა­ნის ღვაწლს: სხუაჲ არავინ იყო მსგავს მისსა და სრულყოვლითა და არავის დაუ­დებ­და ადგილსა, ვითარცა განგმეს სწავლაჲ მისი და წიგნნი მისნი, გინა სიტყჳს-გებანი მისნი. და ამას თანა იყო ძლიერ სულითა [იოვანე ოქროპირი, 1986: 51].

23. აგიოგრაფიულ თხზულებებში ფართოდ გავრცელებული მოტივია აგიოგრაფთა მიერ წმინ­და მამათა შედარება ბიბლიურ წინაპრებთან: ქრისტესთან, მოციქულებთან, სხვა ბიბლიურ პერსონაჟებთან და ცნობილ წმინდა მამებთან. ავტორები წმინ­დან­თა გარეგნულ მონაცემებს, თვისებებს და ქმედებებს უძებნიან ბიბლიურ პარალე­ლებს. აგრეთვე, შეიმჩნევა აგიოგრაფთაგან ბიბლიის ხშირად ციტირება.

იოვანე ოქროპირის ცხოვრებაში“ წერია: „იგი ზრუნვიდა ცხორებისათჳს კაცთაჲსა მსგავსად წმიდისა პავლე მოციქულისა ყოველსა შინა, რამეთუ თარგმნიდა წიგნ­თა და განჰმარტებდა“ [იოვანე ოქროპირი, 1986: 2]. და კიდევ, აგიოგრაფისგან შენიშნულია, რომ „იყო იგი მქადაგებელი სინანულისაჲ, ვითარცა იოვანე ნათლისმცემელი, და აქუნდა მას მოწყალებაჲ და სიმშჳდჱ, ვითარცა დავითს წინაწარმეტყუელსა“ [იოვანე ოქროპირი, 1986: 2].

ანტონი დიდის შესახებ კი შემდეგს განაცხადებს ავტორი: „ესრჱთ სამოელმან იცნა დავითი, რამეთუ მხიარული ყვნეს თუალნი მისნი, და კბილნი მისნი, ვითარცა სძჱ, სპე­ტაკ. ესრჱთცა ანტონი იცნობებოდა“ [ანტონი დიდი, 1975: 41-42].

რაც შეეხება საბა განწმენდილსა და ეფრემ ასურს, აგიოგრაფი საბას, თავმდაბლობით, სიმშვი­დი­თა და სამართლიანობით ადარებს თვით იესო ქრისტეს, ხოლო ეფრე­მს, უფლისგან გამორ­ჩე­ულს ჯერ კიდევ დედის მუცლად ყოფნის დროს –იერემია წინას­წარმეტყველს. 

24. გეოგრაფიულ აღწერილობას არცთუ ისე დიდი ადგილი ეთმობა ჩვენ მიერ განხილულ ნათარგმნ აგიოგრაფიულ ძეგლებში. საყურადღებოა ის ფაქტი, რომ თხზულებებში ბუნების აღწერილობას არ აქვს ესთეტიკური დატვირთვა, ანუ რამდენადაც აგიოგრაფიულ ნაწარმოებებში იჩრდილება ყოველგვარი ხორციელი, მიწიერი სილამაზე და უპირატესობა ენიჭება სულიერს, ბუნების აღწერილობაც განპირობებულია მხოლოდ და მხოლოდ ერთი მიზეზით, რომ დადგინდეს მდებარეობა იმ ადგილისა, სადაც უნდა განმარტოვდეს წმინდანი ან აშენდეს ეკლესია. მაგალითად, გრიგოლ ხანძთელზე მსჯელობის დროს რ. სირაძე აღნიშნავს, რომ „ნაწარმოებში გრიგოლ ხანძთელის თვალით დანახული ბუნების სურათებია მოცემული. ასეთ მიმართებას – ბუნება და ადამიანი, სჭარბობს სხვაგვარი წარმოდგენა: ბუნება და ხანძთის ტაძარი, ანდა ბუნება და შატბერდი. ესენი (ხანძთა, შატბერდი და ამგვარი ტაძრები) ანიჭებენ გარემო ბუნებას საზრისს და ესაა ბუნების „ქალაქ-ყოფაÁ“ [სირაძე, 2005: 103). და მკვლევარი ბუნების ამგვარ აღწერილობას მიიჩნევს იმდროინდელი ბუნების ესთეტიზაციის გამოვლინებად. მოგვყავს პასაჟი „ანტონი დიდის ცხოვრებიდან“: ანტონიმოვიდა მთასა ფრიად მაღალსა და პოვა წყაროჲ მთასა მას ქუეშე კეთილი, ტკბილი და ცივი ფრიად, და ველი იყო მახლობელად და დანაკისკუდოანნი უღუაწად მდგომარენი მცირედ. ხოლო ანტონი, რეცათუ ღმრთით, აღიძრა და შეიყუარა ადგილი იგი, ... და დაადგრა მთას ამას მარტო“ [ანტონი დიდი, 1975: 33-34].

            ამგვარად, წარმოდგენილ ნაშრომში შეძლებისდაგვარად მიმოვიხილეთცხოვ­რებათა“ ჟანრის ნათარგმნი აგიოგრაფიული თხზულებები, ვაჩვენეთ თხზუ­ლე­­­ბებს შორის არსებული სიუჟეტურ-კომპოზიციური პარალელები და შევეცადეთ მასალის სა­თა­ნა­დო სქემებით დაჯგუფებას მსგავსი თუ განსხვავებული კომპოზიციური შაბლონების მიხედვით.

ლიტერატურა

კეკელიძე კ.
1957
უცხო ავტორები ძველ ქართულ ლიტერატურაში. ეტიუდები. ტ. V. საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა. თბილისი.
„იოვანე ოქროპირის ცხოვრების“ ძველი ქართული თარგმანი და მისი თავისებურებანი.
1986
„იოვანე ოქროპირის ცხოვრების“ ძველი ქართული თარგმანი და მისი თავისებურებანი. ტექსტი გამოსაცემად მოამზადა, გამოკვლევა და ლექსიკონი დაურთო რ. გვარამიამ. გამომცემლობა მეცნიერება. თბილისი.
კეკელიძე კ.
1945
ქართულ-ბიზანტიური ლიტერატურული პარალელები. ეტიუ¬¬დები. ტ. II. საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა. თბილისი.
სირაძე რ.
2005
ძველი ქართული ლიტერატურის ისტორია. გამომცემლობა განათლება. თბილისი.
ცხორებაჲ და განგებაჲ წმიდისა მამისა ჩუენისა უდაბნოჲსა მთიებისა და მონაზონთა მოძღურისა ეფრემისი
1975
ცხორებაჲ და განგებაჲ წმიდისა მამისა ჩუენისა უდაბნოჲსა მთიებისა და მონაზონთა მოძღურისა ეფრემისი: მამათა ცხორებანი (ბრიტანეთის მუზეუმის ქართული ხელნაწერი XI საუკუნისა). ტექსტი გამოსაცემად მოამზადა, გამოკვლევა და ლექსიკონი დაურთო ვახტანგ იმნაიშვილმა. თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა. თბილისი.
ცხორებაჲ ნეტარისა მამისა ჩუენისა საბაჲსი
1975
ცხორებაჲ ნეტარისა მამისა ჩუენისა საბაჲსი: მამათა ცხორებანი (ბრიტანეთის მუზეუმის ქართული ხელნაწერი XI საუკუნისა). ტექსტი გამოსაცემად მოამზადა, გამოკვლევა და ლექსიკონი დაურთო ვახტანგ იმნაიშვილმა. თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა. თბილისი.
ცხორებაჲ წმიდისა მამისა ჩუენისა ანტონისი
1975
ცხორებაჲ წმიდისა მამისა ჩუენისა ანტონისი. მამათა ცხორებანი (ბრიტანეთის მუზეუმის ქართული ხელნაწერი XI საუკუნისა). ტექსტი გამოსაცემად მოამზადა, გამოკვლევა და ლექსიკონი დაურთო ვახტანგ იმნაიშვილმა. თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა. თბილისი.
ხინთიბიძე ე.
1969
ბიზანტიურ-ქართულილი ტერატურული ურთიერთობები. თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა. თბილისი.
Лихачев Д. С.
1963
Работа, которую необходимо продолжить. Вопросы литературы. №9. Москва.