სამკუთხა ფორმის საკიდები წინარეანტიკური ხანის კოლხეთში
ოქრომჭედლობის განვითარებას საქართველოში დიდი ხნის ისტორია აქვს. მისი უძველესი ნიმუშები აღმოჩენილია აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე გავრცელებულ, ადრებრინჯაოს ხანით დათარიღებულ (ძვ. წ. III ათასწლეული) ადრეყორღანული კულტურის ძეგლებზე, რომელიც განვითარების პირველ ზენიტს შუაბრინჯაოს ხანის (ძვ. წ. III ათასწლეულის დასასრული – ძვ. წ. II ათასწლეულის პირველი ნახევარი) თრიალეთის ბრწყინვალე ყორღანულ კულტურაში აღწევს.
თრიალეთის კულტურის შემდეგ, გვიანბრინჯაოს ხანის ძეგლებზე, ოქრომჭედლობის ნმუშებს თითქმის არ ვხვდებით. მისი ხელახალი გამოჩენა უკვე წინარეანტიკური ხანის (ძვ. წ. VIII-VII სს.) საქართველოს დასავლეთ ნაწილში იწყება. ეს გახლავთ ერთ-ერთი გარდამტეხი და მნიშვნელოვანი პროცესებით გამორჩეული პერიოდი: ვითარდება მესაქონლეობა და მიწათმოქმედება, ხდება ხელოსნობის ცალკე დარგად გამოყოფა, ნელ-ნელა ვლინდება სახელმწიფოებრიობის პირველი ნიშნები, რაც ძალზე კარგადაა ასახული საზოგადოების მოთხოვნილებებსა და გემოვნებაში.
ქართული ოქრომჭედლობის განვითარების ისტორიაში ეს არის ეტაპი, რომლის საფუძველზეც შემდეგ იქმნება ვანში, საირხეში, ითხვისსა და სხვა რეგიონებში მოპოვებული კოლხური ოქრომჭედლობის შედევრები, რომლებიც საქართველოში საიუველირო საქმის აყვავების მეორე ეტაპადაა მიჩნეული და ჩვენი ქვეყნის საგანძურის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს.
წინარეანტიკური ხანის ოქრომჭედლობა უკანასკნელ ათწლეულებში ჩატარებული არქეოლოგიური კვლევა-ძიების საფუძველზე გახდა ცნობილი – მას შემდეგ, რაც ჩამოყალიბდა კოლხეთის არქეოლოგიური ექსპედიცია თ. მიქელაძის ხელმძღვანელობით და საფუძვლიანი კვლევა-ძიების ობიექტი სხვადასხვა ხასიათის ძეგლებთან ერთად კოლექტიური სამარხი-ორმოები გახდა. ამ პერიოდის ოქროს ნივთების უმეტესობა სწორედ ამ ორმოსამარხებშია აღმოჩენილი, მანამდე ოქროს ნივთები ცნობილი იყო შემთხვევით აღმოჩენილი განძების სახით.
კოლხეთში ოქრომჭედლობის ხელახალი აყვავება, სავარაუდოდ, ზოგად ეპოქალურ მოვლენებთანაც იყო კავშირში – ამ დროს, დიდი ომებისა და კულტურული ცვლილებების შემდეგ, არაერთ კულტურულ არეალში (საბერძნეთი, ეტრურია, ფინიკია, ლიდია) ხდება საიუველირო საქმის ხელახალი აყვავება ან ჩამოყალიბება. ეს ფაქტი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ჩვენი ქვეყნის, განსაკუთრებით კი კოლხეთის, აქტიურ ჩართვას გარე სამყაროს კულტურულ თუ სავაჭრო-ეკონომიკურ პროცესებში. ამასვე ადასტურებს კოლხეთის პირველი მოხსენიება ბერძნულ და ურარტულ წერილობით წყაროებში.
წიანარეანტიკური ხანის კოლხური ოქრომჭედლობა მაღალტექნოლოგიური და მხატვრული ღირებულების მქონე ბევრ ისეთ ნივთს მოიცავს, რომ ძნელი წარმოსადგენია იგი ოქრომჭედლობის საწყის ეტაპად მივიჩნოით. მათი შემქმნელი ოსტატები უთუოდ დიდი გამოცდილების მქონენი უნდა ყოფილიყვნენ [პაპუაშვილი... 2015:22], მაგრამ, სამწუხაროდ, უფრო ადრეული ოქროს ნივთები კოლხეთში ჯერ მიკვლეული არ არის.
წინარეანტიკური ხანის კოლხურ ოქრომჭედლობაში ოქროს ნივთებს ძირითადად სამკაულის სახით ვხვდებით – საყურე, საკიდი, მძივი, სასაფეთქლე ხვიები და დიდი რაოდენობით ფირფიტები გაურკვეველი დანიშნულების ნივთების შესამკობად. ტექნოლოგიის თვალსაზრისით, ვადასტურებთ გრანულაციას, ფილიგრანს, მოოქროვებას და ინკრუსტაციას. ამათგან გრანულაცია გახლავთ წამყვანი ხერხი ოქროს ნივთების შემკობისა (ისევე როგორც მომდევნო ეპოქის ოქრომჭედლობაში).
წინამდებარე ნაშრომის მიზანია განვიხილოთ წინარეანტიკური ხანის კოლხურ ოქრომჭედლობაში გავრცელებული ერთი ჯგუფის ნივთები – სამკუთხა ფორმის საკიდები, რომლებიც რიგ შემთხვევაში ბოლოებგახსნილ და თავებგახვრეტილ რგოლებზეა დამაგრებული. აღნიშნული საკიდები საყურის ან სასაფეთქლის დეტალს უნდა წარმოადგენდნენ, თუმცა ზოგი შესაძლოა საკიდებადაც ყოფილიყო გამოყენებული.
ძველ კოლხეთში საყურეები და სასაფეთქლეები თავსამკაულის ერთ-ერთი აუცილებელი ატრიბუტი იყო.
დღევანდელი მონაცემებით, მსგავსი სახის საკიდები საკმაოდ ფართო ტერიტორიაზეა გავრცელებული (საქართველოს საზღვრებს გარეთ – სომხეთსა და აზერბაიჯანში) და, სხვადასხვა კომპლექსის თარიღებიდან გამომდინარე, მოიცავს დროის დიდ მონაკვეთს - ძვ. წ. VIII-III სს. ისინი დასტურდება ნამოსახლარზე, სამარხებში და განძების სახით ცნობილ შემთხვევით აღმოჩენილ ნივთებში.
ერთ-ერთი ძეგლი, სადაც მსგავსი ტიპის საკიდია აღმოჩენილი, მდებარეობს დას. საქართველოში, მდ. რიონის მარცხენა სანაპიროზე, სოფელ საქორქიოს უკიდურეს აღმოსავლეთ ნაწილში. იგი წარმოადგენს ანტიკურ ხანაში ხელოვნურად შექმნილ ნამოსახლარ ბორცვზე გამართულ ნამოსახლარს, სადაც ხის სახლები (ჯარგვალები) იყო განლაგებლი. აქ არქეოლოგიურად გამოვლენილია სამი კულტურული ფენა [მიქელაძე, 1978: 47-53]. სიმაგრის ნამოსახლარზე ჩვენთვის საინტერესო ოქროს საკიდი აღმოჩენილია II კულტურულ ფენაში, რომელიც მონაპოვრით ყველაზე საინტერესო და მრავალფეროვანია. ფენას კარგად ათარიღებს ფრაგმენტების სახით აღმოჩენილი იმპორტული ჭურჭლის დიდი ნაწილი და საკმაოდ მრავალფეროვნად წარმოდგენილი რკინის ნივთები [მიქელაძე, 1978: 58]. სამკაულის სახით ამ ფენაში, ოქროს საკიდთან ერთად, აღმოჩენილია სხვადასხვა მასალისგან (გიშერი, სარდიონი, ყავისფერი მინარელი თეთრი ძარღვით, მინა) დამზადებული მძივები და ვერცხლის დაღარული რგოლი [მიქელაძე, 1978: 60].
ჩვენთვის საინტერესო ოქროს საკიდი დამზადებულია სამკუთხა ფორმის ერთმანეთზე მირჩილული ოქროს ფირფიტებისგან, რომელთა ქვედა ბოლოები შემკულია გავარსით გამოყვანილი ხარის თავებით (სურ. 1). გავარსით გამოყვანილი ასეთივე თავებითაა შემკული მთლიანად საკიდის ზედაპირის ერთი მხარე. ძეგლის გამთხრელის, თ. მიქელაძის აზრით, საკიდის ფორმაც ხარის პირსახის კონტურს უნდა გადმოსცემდეს. ზედაპირის მეორე მხარე შემკულია ასევე გავარსით გამოყვანილი მეანდრის ორნამენტით. ამგვარი ორნამენტით და ტექნოლოგიური ხერხით (გავარსით) არის შემკული ვანის N24 სამარხში აღმოჩენილი მსგავსი ტიპის საკიდის რევერსი, ცხინვალის განძში შემავალი სამკუთხა საკიდი და ცაიშის N2 სამარხში აღმოჩენილი საკიდი, ოღონდ ეს უკანასკნელი ცვარათი არ არის გაფორმებული, მასზე მეანდრის გამოსახულება რელიეფურადაა დატანილი.
კიდევ ერთი ძეგლი, რომელზეც ჩვენთვის საინტერესი საკიდებია მოპოვებული, ვანის ანტიკური ხანის ნაქალაქარია. იგი მდებარეობს იმერეთის დაბლობზე, მდ. სულორის ნაპირას. ანტიკურ ხანაში აქ მდებარეობდა კოლხეთის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქალაქი, რომელმაც აყვავებას ძვ. წ. III-I სს-ში მიაღწია. ძვ. წ. IV საუკუნის დასასრულით არის დათარიღებული სამარხი (N24), სადაც ორი ანალოგიური ტიპის სამკუთხა საკიდია აღმოჩენილი (სურ. 1). ისინი ზემოაღნიშნული საკიდის მსგავსი ტექნოლოგიით არის დამზადებული – სამკუთხა ფორმის ერთმანეთზე მირჩილულ ოქროს ფირფიტებს შემოუყვება წნულის იმიტაციის მქონე ჩარჩო. მისი წინა მხარე შემკულია თაგვის მსგავსი ხთონური არსებებით და ვერძის გამოსახულებებით (კუთხეებში), უკანა მხარეს ცვარათი გამოყვანილია მეანდრული ორნამენტით (ისევე როგორც სიმაგრის საკიდზე). სამარხში, როგორც ჩანს, წარჩინებული პიროვნება იყო დაკრძალული, რაზეც მეტყველებს აქ აღმოჩენილი განსაკუთრებულად მდიდრული და მრავალრიცხოვანი სამკაული. მსგავს სამარხში ამ ტიპის საკიდის აღმოჩენის ფაქტი ხაზს უსვამს მის განსაკუთრებულ მნიშვნელობასა და ღირებულებას. გამომდინარე იქიდან, რომ საკიდს კარგად ეტყობა ცვეთის კვალი, იგი, სავარაუდოდ, სამარხზე რამდენიმე საუკუნით ადრე უნდა იყოს შექმნილი. ამ აზრს ამყარებს აქ აღმოჩენილი ქალცედონის მესოპოტამიური საბეჭდავი, რომელიც ახალ-ბაბილონურ (ძვ.წ. 626 - ძვ.წ. 539) ეპოქასთანაა დაკავშირებული და ძვ. წ. VI საუკუნით თარიღდება [Kacharava... 2008:175-182; Kacharava... 2009:237-315].
კოლხური ოქრომჭედლობის მსგავსი ნივთების საკმაოდ მრავალფეროვან კოლექციას შეიცავს თანამედროვე სომხეთის ჩრდილო ნაწილში, ლორი-ბერდში, აღმოჩენილი სამაროვანი, რომელიც წინარეანტიკურ ხანაში კოლხური კულტურის იფილტრაციის ერთ-ერთი პუნქტიც უნდა ყოფილიყო. ლორი-ბერდის ძვ. წ. VII საუკუნით დათარიღებულ N3, N4 და N56 სამარხებში აღმოჩენილია თითქმის ანალოგიური სტილის ექვსი საკიდი [Khanzadyan, 2007: ტაბ. CX-CXI] – ოთხი საკიდის რევერსზე დატანილია თაგვის მსგავსი არსებები, მსგავსად ვანის საკიდისა. საქართველოში აღმოჩენილი საკიდებისგან მათ განასხვავებს რევერსზე გამოსახული რელიეფურად დარჩილული წრეები, რომლებიც ტიპურია აღმოსავლური ოქრომჭედლობისთვის. ამგვარი წრეები დატანილია ლორი-ბერდის ხუთი საკიდის რევერსზე (მათგან ოთხი საკიდის რევერსი თაგვის მსგავსი არსებებითაა შემკული, ხოლო ერთის – წვერით ქვემოთ მიმართული მცირე ზომის სამკუთხედებით). ასევე, აქვე გვაქვს ერთი, სხვებთან შედარებით მომცრო ზომის, სამკუთხა საკიდი, რომელიც ორივე მხარეს შემკულია ცვარათი შედგენილი წვერით ქვემოთ მიმართული სამკუთხედებით. აღსანიშნავია ზოგიერთ საკიდზე დამაგრებული რგოლები, გახსნილი, ოდნავ დაბრტყელებული თავებით და გახვრეტილი ბოლოებით, რომლებიც გველის თავის იმიტაციებს წარმოადგენენ. ამგვარი რგოლები კოლხური ოქრომჭედლობის ერთ-ერთ სახასიათო დეტალია და ვხვდებით როგორც ოქროს, ისე ვერცხლის და ბრინჯაოს ნიმუშების სახით.
აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე ამგვარ საკიდებს ვხვდებით ძველი მცხეთის ჩრდილოეთ განაპირა მხარეს მდებარე ძეგლზე – სამთავროს სამაროვანზე. აქ, N206 სამარხში, აღმოჩენილია ვერცხლის ორი სამკუთხა ფორმის საკიდი მათში გაყრილ რგოლებთან ერთად (სურ.1). ორივე რგოლი გახსნილი და ბოლოებგახვრეტილია. ერთში ჩასმულია სარდიონის ქვა, რომლის ფუნქცია გაუგებარია. შესაძლია ის შემთხვევითაც იყოს მოხვედრილი [ლორთქიფანიძე, 2015: 198]. აღნიშნული საკიდების რევერსზე მეორდება ლორი-ბერდში აღმოჩენილი საკიდის ორნამენტი – წვერით ქვემოთ მიმართული, ცვარათი შედგენილი, მცირე ზომის სამკუთხედები – ხოლო ავერსზე გამოსახულია წვერით ცენტრისკენ მიმართული სამკუთხედები, რომლებიც ქმნიან მზის მსგავს ორნამენტს. მსგავსი კომპოზიცია დამახასიათებელია ძვ. წ. VIII-VII საუკუნეების როდოსული და ეტრუსკული ფირფიტოვანი დისკოსებური საკიდებისთვის, რომლებიც კვიპროსული ან სირიული გავლენითაა დამზადებული, თუმცა ამ საკიდებზე ცვარათი შემკობის ხერხს ვერ ვხვდებით. ეს ორნამენტი ფართოდ არის გამოყენებული წინააზიურ და სომხურ ძეგლებზე [ლორთქიფანიძე, 2015:198]. წინარეანტიკური ხანის საქართველოში ამგვარი ორნამენტი ოქრომჭედლობის სხვა ნიმუშებზეც დასტურდება (ფარცხანაყანევის მძივი, ცხინვალის მძივები, ურბნისის საკინძი), რაც მოწმობს იმას, რომ შემკობის ეს ფორმა, ზოგადად ცვარათი შედგენილ სხვა სახის სამკუთხედებთან ერთად, წიანრეანტიკური ხანის კოლხური ოქრომჭედლობის შემქმნელ ოსტატებს აქტიურად გამოუყენებიათ საკუთარი, ინდივიდუალური სტილით შექმნილი ნივთების შესამკობად. სამთავროს საკიდები ცვარათი შემკული ვერცხლის ნივთის ერთ-ერთი იშვიათი ნიმუშია. ვერცხლის შედარებით დაბალ ტემპერატურაზე მალე დნობის გამო გრანულაციის ტექნიკის გამოყენება ამ ლითონზე კიდევ უფრო რთულია, ვიდრე ოქროს შემთხვევაში. ცვარათი შემკული ვერცხლის სამკაული, სამთავროს სამარხის გარდა, ცნობილია ვანიდან - ძვ. წ. V საუკუნის ორი მძივი [ჭყონია, 1981:230] – და ცაიშის სამაროვნიდან – ძვ. წ. VIII-VII საუკუნის საყურე [პაპუაშვილი... 2015: სურ.7416], რომლის სამკუთხა საკიდი შედგენილია ვერცხლის გრანულებით.
რაც შეეხება სამთავროს სამარხის თარიღს, რომელშიც ვერცხლის აღნიშნული ტიპის საკიდები აღმოჩნდა, რ. აბრამიშვილს იგი მოქცეული აქვს რკინის ფართო ათვისების სამარხების უგვიანეს ჯგუფში და მას ძვ. წ. VI საუკუნით ათარიღებს აქ აღმოჩენილი სამფრთიანი სკვითური ისრისპირების, პეპლისებურვადიანი აკინაკების და იმპორტული ნივთების ანალიზის საფუძველზე [აბრამიშვილი, 1957: 134], თუმცა, მათი სტილისტური მახასიათებლებიდან გამომდინარე, ვფიქრობთ, ისინიც ძვ. წ. VII ნაწარმს უნდა განეკუთვნებოდეს.
ამრიგად, როგორც ვნახეთ, მსგავსი საკიდების საერთო სახასიათო ნიშნებია ფურცვლოვანი ოქროსგან/ვერცხლისგან დამზადებული სამკუთხედების ჩასმა ფილიგრანის წნულ ჩარჩოში. სამკუთხედის თითქმის ყველა ნიმუშზე (გარდა სამთავროს სამაროვნის ვერცხლის საკიდებისა და ლორი-ბერდში აღმოჩენილი ერთი ოქროს საკიდისა) მირჩილულია ფურცვლოვანი ოქროსგან დამზადებული რელიეფური ზოომორფული გამოსახულებები, რომელთა სახე შემკულია ცვარათი და ფურცვლოვანი ოქროთი გამოყვანილი დეტალებით. ცხოველის სახის მსგავსი შემკულობა არ არის უცხო კოლხური ოქრომჭედლობის სხვა ჯგუფის ნაწარმისთვისაც. მაგ., მას ვხვდებით ამავე პერიოდის დრაკონის გამოსახულებით დაბოლოებულ ურეკის წნულღეროიან რგოლებზე. ნ. ლორთქიფანიძე ამ საკიდთა შემკულობის ტიპს – ფილიგრანის ჩარჩოს, მათში ჩასმული გეომეტრიული სახეებითა და ოქროს თხელი ფურცლისგან დამზადებული რელიეფური გამოსახულებებით შემკულ ფირფიტებს – უკავშირებს ძვ. წ. VII-VI საუკუნეების საბერძნეთის კულტებსა და ეტრურიაში მოქმედ საოქრომჭედლო სკოლებისთვის დამახასიათებელ ძირითად ელემენტებს (ცხოველის სახისა და სხეულის გავარსით დამუშავება და მირჩილული ყურები), რომლებიც საქართველოს სხვადასხვა ძეგლზე აღმოჩენილ ოქროსა და ვერცხლის სამკაულზე წარმოდგენილია თავისებური, ორიგინალური სტილით [ლორთქიფანიძე, 2015: 196; Despini, 1996: 144 N131, 146 N133, 148 N134; Higgins, 1980: ტაბ. 36-37]. ნიშანდობლივია, რომ მხოლოდ ვანში და ლორი-ბერდში აღმოჩენილი სამკუთხა საკიდებისთვისაა დამახასიათებელი თაგვის მსგავსი ზოომორფული გამოსახულებები. რაც შეეხება ფილიგრანის წნულს, მათ ვხვდებით როგორც თანადროულ ოქროს სხვა სახის ნივთებზე, ისე – წინა ეპოქის საქართველოშიც. იგი გვხვდება, ჯერ კიდევ თრიალეთის ოქროს თასის შემკულობაში.
მეანდრის გამოსახულება, რომლითაც ამ ჯგუფის საკიდების უმეტესობაა გაფორმებული – სამთავროს სამაროვნის ვერცხლის ორი საკიდი, ვანის N24 სამარხში აღმოჩენილი ორი საკიდი, ცხინვალის განძში შემავალი სამკუთხა საკიდი და ცაიშის N2 სამარხში აღმოჩენილი საკიდი – გახლავთ გეომეტრიული პერიოდის საბერძნეთის ერთ-ერთი პოპულარული ორნამენტული სახე, როემლიც სათავეს ძვ. წ. IX საუკუნის ატიკური ოქრომჭედლობის ნიმუშებში იღებს - მას თავდაპირველად გრავირების ტექნიკით ამუშავებდნენ, ხოლო შემდგომ, გავარსითა და ფილიგრანით [ლორთქიფანიძე, 2015: 194]. დამზადების ტექნიკის თვალსაზრისით, ამ საკიდებთან ახლოს დგას ძვ. წ. VIII-VII საუკუნეებით დათარიღებული ნოსირის განძის რომბული ფორმის საკიდი, ცვარათი შედგენილი სვასტიკის გამოსახულებით და ფილიგრანის წნული ჩარჩოთი და ცაიშის N2 სამარხ-ორმოში აღმოჩენილი, ამავე პერიოდის, ასევეთივე საკიდი, მხოლოდ ნოსირისგან განსხვავებით ჭვირული. გამომდინარე ზემოდთქმულიდან, შეგვიძლია ვთქვათ, რომ აღნიშნული ორნამენტი – მეანდრის გამოსახულება – ამ საკიდებისთვის ტიპური და კოლხური ოქრომჭედლობითვის დამახასიათებელი ერთ-ერთი მთავარი მხატვრული ელემენტია და მათი დამზადების თარიღი ძვ. წ. VII საუკუნეზე გვიანდელი არ უნდა იყოს.
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, კიდევ ერთი სახასიათო დეტალია ზოგიერთ საკიდზე მოთავსებული რგოლი, გველის თავის იმიტაციის მქონე, დაბრტყელებული და გახვრეტილი ბოლოებით (ალბათ, ასეთი რგოლი ყველა საკიდს უნდა ჰქონოდა, მაგრამ შემორჩენილი არ არის). აღნიშნული ტიპის რგოლები მხოლოდ კოლხური საიუველირო ნაწარმისთვისაა დამახასიათებელი და სამკუთხა საკიდებთან მათი აღმოჩენა, ვფიქრობთ, კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს საკიდების კოლხურ წარმომავლობას. მოგვიანებით, კლასიკური პერიოდის ოქრომჭედლობაში, ამგვარ რგოლებს უჩნდებათ დამატებითი დეკორაციული დეტალი – წინა მხრიდან დატანილი სარტყელი და ვარდული, რომელზეც ზოგჯერ ფრინველის გამოსახულებაა დამაგრებული.
რაც შეეხება ორნამენტს, როგორც ვნახეთ, კოლხეთის საკიდებისგან განსხვავებით, ლორი-ბერდის და სამთავროს სამარხებში აღმოჩენილი ნიმუშები შემკულია უფრო აღმოსავლური ოქრომჭედლობისთვის დამახასიათებელი ელემენტებით – რელიეფური წრეებით და წვერით ცენტრისკენ მიმართული სამკუთხედებით – თუმცა საკიდის ზოგადი სახე და რგოლი, რომლებიც ზოგიერთ მათგანს ახლავს თან, მაინც კოლხურია.
კომპლექსების თარიღები, რომლებშიც აღნიშნული ტიპის საკიდები დასტურდება, ძვ. წ. VII-IV საუკუნეებია. ვფიქრობთ, ზოგიერთ შემთხვევაში ეს თარიღები არ შეესაბამება საკიდის დამზადების თარიღს და ისინი სამარხში გაცილებით მოგვიანებით უნდა იყოს მოხვედრილი - გამომდინარე იქიდან, რომ ვანისა და სიმაგრის საკიდებს აშკარად ეტყობათ ხმარების კვალი [ლორთქიფანიძე, 2015: 196], ისინი სამარხეული კომპლექსის თარიღზე უფრო ადრეული უნდა იყოს და ძვ. წ. VII საუკუნით მაინც უნდა დათარიღდეს.
სამკუთხა საკიდების ოდნავ განსხვავებულ სახეს წარმოაგდენს ოქროს ერთი ფირფიტისგან დამზადებული სხვადასხვა გეომეტრიული ორნამენტით გაფორმებული ხუთი ნიმუში (სურ. 2), რომლებიც დღეისათვის აღმოჩენილია ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მდებარე ცაიშის სამაროვანზე. აქ, გვიანბრინჯაო-ადრერკინის ხანით დათარიღებული ორი კოლექტიური სამარხი-ორმო იქნა შესწავლილი. ჩვენთვის საინტერესო სამკაული დადასტურებულია ძვ. წ. VIII საუკუნით დათარიღებულ N2 და ძვ. წ. VIII საუკუნის მეორე ნახევრით და VII საუკუნის პირველი ნახევრით დათარიღებულ N1 სამარხ-ორმოებში (სურ. 2). ყველა საკიდი წარმოადგენს სამკუთხა ფირფიტას, რომელსაც შემოუყვება მავთულის ჩარჩო და გაფორმებულია შემდეგი გეომეტრიული ორნამენტებით: წრეები, სამკუთხედები, სამკუთხედებში ჩასმული წრეები, სვასტიკები და მეანდრის ორნამენტი. ერთ შემთხვევაში სვასტიკები, ე. წ. არასრული ბორჯღალები, ცვარათია გამოყვანილი, ხოლო წრეები და სამკუთხედები დატანილია რელიეფურად დარჩილული მავთულის მეშვეობით. ერთ-ერთი საკიდი მთლიანად გაფორმებულია მეანდრისმაგვარი გამოსახულებებით. იგი თითქმის ანალოგიურია ცხინვალის განძში შემავალი საკიდის (მხოლოდ ცხინვალის ნიმუში, მისგან განსხვავებით გავარსითაა შემკული) და მეანდრის გამოსახვის მანერის მიხედვით მსგავსებას პოულობს ვანში, სამთავროში და სიმაგრეზე აღნმოჩენილი საკიდებთან. რაც შეეხება ფირფიტებზე დატანილ წრეებსა და სამკუთხედებს, გაფორმების მსგავსი სტილი ძვ. წ. VIII საუკუნის ბერძნული ოქრომჭედლობისთვის არის დამახასიათებელი (მაგ., ელევსისსა და სპარტაში აღმოჩენილ ნახევარმთვარისებურ საყურეებსა და ყელსაბამის შემადგენელ, აღმოსავლური გავლენით დამზადებულ ოთხკუთხა ფირფიტოვან საკიდებზე დატანილი ორნამენტი [Deppert-Lippitz, 1985: ტაბ. 32, 35, 360; ლორთქიფანიძე, 2015:197].
ცაიშის N1 სამარხ-ორმოში ასევე ვხვდებით ოდნავ განსხვავებული სტილის ფუყე, სამკუთხა საკიდს. იგი დამზადებულია ოქროს ორი თხელი ფირფიტისგან და გაფორმებულია სამკუთხედებისგან შედგენილი რელიეფურად ჩაღრმავებული ორნამენტით. სავარაუდოდ, იგი შიგნით რაღაც მასითაც იყო ამოვსებული. ამ საკიდს ჯერჯერობით ზუსტი პარალელები არ მოეძებნება, თუმცა ისიც, ცხადია, კოლხური საიუველირო ხელოვნების ნაწარმს უნდა წარმოადგენდეს. აღნიშნული საკიდიც, სამარხეული კომპლექსის თანახმად, ძვ. წ. VIII-VII საუკუნეებით თარიღდება.
სამკუთხა საკიდების კიდევ ერთ ჯგუფს შეადგენს შედარებით მომცრო ზომის, გავარსის ბურთულებით შედგენილი ან მისი იმიტაციით გაფორმებული ნიმუშები (სურ. 3). ისინი გავრცელებულია ძვ. წ. VIII-III საუკუნეებით დათარიღებულ კომპლექსებში და მოიცავს როგორც დასავლეთ (ერგეტა, ცაიში, ჭუბურხინჯი), ისე აღმოსავლეთ საქართველოს (თრელი, ვარსიმაანთკარი) ტერიტორიას და აზერბაიჯანს (მინგეჩაური, იალოილუ-თაფა), თუმცა ყველაზე მრავალფეროვნად, როგორც ფორმით, ისე მასალის მხრივ, მათ ვხვდებით კოლხეთში. გამომდინარე აქედან, აზერბაიჯანის და აღმოსავკლეთ საქართველოს ნიმუშებიც კოლხური ოქრომჭედლობის გავლენით დამზადებულ ნაწარმად მიგვაჩნია.
კოლხეთში აღნიშნული ტიპის საკიდები აღმოჩენილია ძვ. წ. I ათასწლეულის პირველი მეოთხედით დათარიღებულ [პაპუაშვილი, 2010: 32-42; პაპუაშვილი, 1998: 43-57] ერგეტა IV სამაროვნის N2 სამარხ-ორმოში; ძვ. წ. VIII საუკუნის მეორე ნახევრითა და VII საუკუნის პირველი ნახევრით დათარიღებულ ერგეტის II სამაროვნის N4 სამარხ-ორმოსა [პაპუაშვილი, 1999: 3-9] და ცაიშის N1 სამარხ-ორმოში [პაპუაშვილი... 2015: 114, 125; პაპუაშვილი...2002: 48-54]; ჭუბურხინჯის ძვ. წ. VI საუკუნით დათარიღებულ განძში [გაგოშიძე, 1976: 18-20]; აღმოსავლეთ საქართველოში მათ ვხვდებით თრელის ძვ. წ VII-VI საუკუნით დათარიღებულ კომპლექსში [ლორთქიფანიძე, 2015: სურ. 209] და ვარსიმაანთკარის ძვ. წ. V-IV საუკუნით დათარიღებულ ძეგლზე [Рамишвили... 1984: 57-66].
საყურადღებოა ამ ტიპის კალისა და ბრინჯაოსგან დამზადებული საკიდები, რომლებიც ცვარას იმიტაციითაა გაფორმებული [პაპუაშვილი, 1999: 3-9]. აღნიშნული ფაქტი მნიშვნელოვანია, რადგან მოწმობს იმას, თუ შემკობის რაოდენ პოპულარული და საყვარელი ხერხი იყო ცვარა კოლხეთში. წინარეანტიკური ხანის ოქროს ნივთების თითქმის ყველა ორნამენტული სახე ცვარათია შესრულებული. ეს ტენდენცია კიდევ უფრო აქტიურად გრძელდება შემდეგ, კოლხური ოქრომჭედლობის აყვავების ხანაში. ამ პერიოდის ოქროს ნივთებზე ცვარათი შექმნილია ისეთი მდიდრული ეფექტი, როგორსაც ბერძნები მხოლოდ პოლიქრომიულობის წყალობით აღწევდნენ.
აზერბაიჯანში ისინი საკმაოდ მრავლადაა წარმოდგენილი მინგეჩაურის ძვ. წ. VII-V, ძვ. წ. V-III და ძვ. წ. I საუკუნით დათარიღებულ სამარხებში [Асланов... 1966: 11-14,] (ტაბ. 3).
კოლხეთში მათ ვხვდებით როგორც ოქროსა და ვერცხლის, ისე – კალისა და ბრინჯაოს სახით, თუმცა, განსხვავებით ოქროსა და ვერცხლის ნიმუშებისგან, კალისა და ბრინჯაოს საკიდები ცვარის იმიტაციითაა გაფორმებული (სურ. 3). ცვარას იმიტაციებს ასევე ვხვდებით აზერბაიჯანში აღმოჩენილ შედარებით ადრეულ ნიმუშებზე [Исмизаде, 1973: 304]. ეს ფაქტი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს მათ ადგილობრივ წარმომავლობას და ასახავს ბრინჯაოს ნაკეთობებიდან ძვირფას ლითონზე გადასვლის ეტაპს.
ყველაზე ადრეული ნიმუში, დღევანდელი მონაცემებით, ერგეტის IV სამაროვნის N2 სამარხ-ორმოშია აღმოჩენილი და ის უფრო პრიმიტიული, არქაული ფორმით გამოირჩევა (სურ. 3). მისი გრანულები, სხვა საკიდებთან შედარებით, რაოდენობრივად მცირეა, არათანაბარი, შედარებით მოზრდილი და ასიმეტრიულად განლაგებული. ის არც დანარჩენი საკიდებისთვის სახასიათო გველის თავის იმიტაციის მქონე რგოლზეა მირჩილული – დამაგრებულია თავებგადასულ (თუმცა, შესაძლოა, თავდაპირველად ესეც მსგავს რგოლს წარმოადგენდა), შედარებით მსხვილ რგოლზე. აღნიშნული საკიდი, ისევე როგორც ამ პერიოდის კოლხეთის სხვა ოქროს სამკუთხა საკიდები, დაბალი სინჯის ოქროსგანაა დამზადებული.
შედარებით უფრო მაღალოსტატური ნამუშევარი ჩანს ცაიშისა და ჭუბურხინჯის ნიმუშები (სურ. 3). დახვეწილი ფორმებით გამოირჩევა თრელის სამაროვანზე აღმოჩენილი მსგავსი სახის წყვილი საყურე (სურ. 3) რომელიც ძვ. წ. VII-VI საუკუნეებით თარიღდება. ვარსიმაანთკარში აღმჩენილ მსგავს საკიდს ოდნავ განსხვავებული ფორმა აქვს და ზუსტი პარალელები ეძებნება მინგეჩაურში აღმოჩენილი საკიდებში. მათ სამკუთხედის ფუძის კუთხეებსა და შუაში სამ-სამი ცვარას ბურთულისგან შედგენილი შვერილები აქვთ დამატებული. ვარსიმაანთკარის საყურე ძვ. წ. V- IV საუკუნეების ძეგლზეა აღმოჩენილი [Рамишвили... 1984: 57-66], ხოლო მინგეჩაურის ანალოგიური ნიმუშები ძვ. წ. VII-V საუკუნით დათარიღებული გრუნტული სამარხიდან მომდინარეობს [Исмизаде, 1973: 303; Асланов,1966: 13, ტაბ. 11].
აზერბაიჯანში, კონკრეტულად კი მინგეჩაურში, საკმაოდ დიდი რაოდენობით ვხვდებით მსგავსი ტიპის საყურეებს. აქ, ძვ. წ. VII-VI საუკუნეების გრუნტულ სამარხებში აღმოჩენილია 4 წყვილი დაბალი სინჯის ოქროსგან დამზადებული სამკუთხა ფორმის საკიდიანი ოქროს საყურე [Асланов, 1966: 12-13]. გვაქვს ასევე წყვილი ანალოგიური ოქროს საყურე ძვ. წ. V-III საუკუნეებით დათარიღებული სამარხებიდან, რომელსაც იალოილუ-თაფას კულტურას უკავშირებენ, მხოლოდ, სხვა საყურეებისგან განსხვავებით, ეს ისინი შედარებით მაღალი სინჯის ოქროსგანაა დამზადებული. ასევე გხვდება არაერთი დაზიანებული სამკუთხა ფორმის ცვარათი შედგენილი საკიდი, რომელთაგან ზოგი ძვ. წ. I საუკუნის კომპლექსებშიც გვხვდება.
მინგეჩაურში აღმოჩენილი ყველა საკიდი მიმაგრებულია გახვრეტილი და დაბრტყელებული ბოლოების მქონე რგოლზე, რომელიც გველის თავის იმიტაციას ქმნის. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ზოგი საყურე ცვარას ნაცვლად მათი იმიტაციით არის გაფორმებული და განსაკუთრებით დაბალი სინჯის (375) ოქროთი გამოირჩევა. ზოგი ავტორის აზრით, აღნიშნული საკიდები, ცვარათი გაფორმებული ნიმუშების პროტოტიპებია და იმ პერიოდს განეკუთვნება, როცა ცვარას დამზადების ტექნიკა ჯერ არ იყო დამკვიდრებული აზერბაიჯანში.
დიდი ალბათობით, აზერბაიჯანში აღმოჩენილი ეს საკიდები, კოლხეთის მატერიალური კულტურის ძეგლების ფართო გავრცელების შედეგია და ბევრი მათგანის შექმნის თარიღი, მისი კომპლექსის თარიღზე გაცილებით ადრეულიც უნდა იყოს. შესაძლოა კლასიკურ ხანაში მსგავსი ტიპის საყურეები მართლაც მზადდებოდა აზერბაიჯანის ტერიტორიაზე და არ კარგავდა აქტუალურობას კლასიკურ ხანაშიც, მაგრამ მათი კოლხური ოქრომჭედლობიდან შეთვისება, ვფიქრობთ, უდავოა. ამას ადასტურებს არაერთი ფაქტი: 1) მათი უადრესი და არქაული პარალელები კოლხეთშია აღმოჩენილი, 2) კოლხეთშია აღმოჩენილი სამკუთხა საკიდის ყველა ტიპი, 3) კოლხური ოქრომჭედლობის სახასიათო ნიმუშია რგოლი, რომელზეც აღნიშნული საკიდების უმრავლესობაა მირჩილული, 4) წინარეანტიკური ხანის აზერბაიჯანში, კოლხეთისგან განსხვავებით, ოქრომჭედლობა არ ჩანს ისე განვითარებული, აქ ოქროს ნივთებს ძალიან მცირე რაოდენობით ვხვდებით, ისიც ძირითადად ზემოთ ნახსენები სამკუთხა საკიდების სახით.
ამრიგად, ვფიქრობთ, ზემოთ განხილული ჯგუფის ოქროს ნაწარმი ყველა ერთ ფუძეს – წინარეანტიკური ხანის კოლხეთში გავრცელებულ საოქრომჭედლო სკოლას უკავშირდება. მათში (ისევე როგორც ოქროს სხვა ნივთებზე) ასახულია გარე სამყაროში გავრცელებული, ეპოქის შესაბამისი ტენდენციების არაპირდაპირი გადმოტანის ფაქტი, რომელსაც კოლხური ოქრომჭედლობა მისი განვითარების ყველა საფეხურზე ატარებდა.
ორნამენტული სახის განხილვის საფუძველზე შეგვიძლია დავასკვნათ, რომ წინარეანტიკური ხანის კოლხური ოქრომჭედლობის მთავარ ტენდენციებს, რაც ასე ნათლად არის ასახული ჩვენ მიერ განხილულ საკიდებში, წარმოადგენდა: გავარსის უხვად გამოყენება, ნივთების გრეხილური ფილიგრანით შემკობა და გეომეტრიულობა. იმის გათვალისწინებით, რომ საკიდები შემკულობის მხრივ მჭიდრო კავშირს ამჟღავნებს თანადროულ კოლხურ ოქროს სხვა სახის ნივთებთან, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ყველა განხილულ საკიდს საერთო ფუძე აქვს და კოლხური ოქრომჭედლობის ნაწარმს წარმოადგენს. მათი დამზადების თარიღი ძვ. წ. VIII-VII საუკუნეებს არ უნდა სცდებოდეს. ამგვარი ფორმის საკიდებს უკვე აღარ ვხვდებით კლასიკური ხანის კოლხურ ოქრომჭედლობაში, თუმცა ცალკეულ დეტალებში (როგორებიცაა: ორნამენტული სახე, გარკვეული ფორმები, ტექნოლოგია) კავშირები მაინც შეიმჩნევა.
ლიტერატურა
აბრამიშვილი რ. 1957 |
სამთავროს სამაროვანზე აღმოჩენილი გვიანბრინჯაოს ხანისა და რკინის ფართო ათვისების ძეგლების დათარიღებისთვის. საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის მოამბე. ტ. XIX-A და XIX-B. თბილისი. |
გაგოშიძე ი. 1976 |
მასალები ქართული ოქრომჭედლობის ისტორიისთვის (ჩვენს წელთაღრიცხვამდე I ათასწლეულის I ნახევარი). საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის მოამბე, XXXII –B მეცნიერება. თბილისი. |
ლორთქიფანიძე ნ. 2015 |
ძველი ქართული სამკაული. თბილისი. |
მიქელაძე თ. 1978 |
არქეოლოგიური კვლევა-ძიება რიონის ქვემო წელზე. თბილისი. |
პაპუაშვილი რ., ესებუა თ., ჯიქია ლ., პაპუაშვილი ი. 2015 |
ცაიშის სამაროვანი. თბილისი, ზუგდიდი. |
პაპუაშვილი რ. 2010 |
კოლხურ სამაროვანთა აბსოლუტური ქრონოლოგიისათვის. „არქეოლოგიური ჟურნალი“ V. თბილისი. |
პაპუაშვილი რ., ესებუა თ. 2002 |
ცაიშის სამაროვანი. „ძიებანი“ N9. თბილისი. |
პაპუაშვილი რ. 1999 |
ერგეტის II სამაროვანი (სამარხი ორმო N4). „ძეგლის მეგობარი“ N3 (106). თბილისი. |
პაპუაშვილი რ. 1998 |
გვიანბრინჯაო-ადრერკინის ხანის კოლხეთის სამარხ ორმოთა ფარდობითი ქრონოლოგიისთვის. „ძიებანი“ N1. თბილისი. |
ჭყონია ა. 1981 |
ოქროს სამკაულები ვანის ნაქალაქარიდან. ვანი VI. თბილისი. |
Асланов Г. М. Голубкина Т. И. 1966 |
Каталог Золотых и Серебряных Предметов из Археологических Раскопок Азербайджана |
Исмизаде О. С. 1973 |
О ювелирном ремесле в древней Кавказской Албании, МКА, VII. |
Рамишвили Р. М., Джорбенадзе В. А., Глонти Н. З., Мухигулашвили Н. З., Робакидзе В.В., Чихладзе В. В., Циклаури Г. К., Маргвелашвили М. Г., Рчеулишвили Г. М., Ломидзе Ц. Ш., Циклаури И. Д., Церетели К. Б. 1984 |
Археологические исследования в Душетском районе, В: Полевые археологические исследования в 1981. Тбилиси. |
Разаев Н. И. 1976 |
Искусство Кавказской Албании (IV в. ДО Н. Э. – VII в. Н. Э.). Баку. |
Despini E. 1996 |
Ancient Gold Jewelry. Athens: Ekdotike Athenon. |
Deppert-Lippitz B. 1985 |
Griechischer Goldschmuck (Kulturgeschichte der antiken Welt) (German Edition) (German). |
Higgins R. 1980 |
Greek and Roman Jewellery, Berkeley and Los Angeles. |
Kacharava D., Kvirkvelia G. 2009 |
Recent Archaeological Finds on the Upper Terrace of the Vani Site. Ancient Civilizations from Scythia to Siberia 14. |
Kacharava D., Kvirkvelia G. 2008 |
The archaeology of Vani. In: Wine, Worship, and Sacrifice: The Golden Graves of Ancient Vani. New York University. |
Khanzadyan E. 2007 |
The gold of ancient Armenia (III mill. BCE-14 c. AD) Yerevan. |