რა შეიძლება იყოს წარსულის მომავალი: გრემის ისტორიული ლანდშაფტის პოტენციური ღირებულება

„ნებისმიერი ლანდშაფტი შედგება 
არა მხოლოდ
 იმისგან, რასაც ჩვენ ვხედავთ,
 არამედ იმისგან, რაც ჩვენს წარმოსახვაშია“.
D.W. Meinig, 1979 წ.
შესავალი

2000-იანი წლების დასაწყისში, იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრის მრჩეველმა ორგანიზაციამ, ძეგლებისა და ღირსშესანიშნავი ადგილების საერთაშორისო საბჭომ (ICOMOS), იუნესკოს „გლობალური სტრატეგიის“ ფარგლებში,  ჩაატარა „მსოფლიო მემკვიდრეობისა“ და „წინასწარული“ ნუსხების  ანალიტიკური კვლევა. აღნიშნული კვლევის მიზანი უფრო „წარმომადგენლობითი, დაბალანსებული და სანდო მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხის“ შექმნის უზრუნველყოფა იყო. კვლევამ, სახელწოდებით „მსოფლიო მემკვიდრეობის სია: ხარვეზების შევსება − სამოქმედო გეგმა მომავლისათვის“, სამი დამატებითი: ტიპოლოგიური, ქრონოლოგიურ-რეგიონალური და თემატური მიდგომის საფუძველზე, გამოავლინა არსებული სიის ნაკლოვანებები და შეუსაბამობები იუნესკოს სტრატეგიასთან (ICOMOS, 2004). სახელდობრ, აღმოჩნდა, რომ ზემოაღიშნულ ნუსხებში რელიგიური შენობები და ე.წ. „ელიტარული არქიტექტურის“ ძეგლები რაოდენობრივად მნიშვნელოვნად აღემატებოდა სხვა ტიპის ღირსშესანიშნავ ადგილებს, ისევე როგორც, ქრისტიანულ სარწმუნოებასთან დაკავშირებული ძეგლები სხვა რელიგიურ ძეგლებს. ICOMOS-ის კვლევის შედეგები, საფუძვლად უნდა დასდებოდა მსოფლიო მემკვიდრეობის 1972 წლის კონვენციის ხელმომწერი სახელმწიფოების გადაწყვეტილებებს „წინასწარული“ სიების გადასინჯვისა და ჰარმონიზაციის საკითხების შესახებ (ICOMOS, 2004). მიუხედავად ამისა, 2007 წელს, საქართველომ იუნესკოს მსოფლიო მემკვიდროების  „წინასწარულ“ (საცდელ) სიაში წარადგინა შვიდი ქრისტიანული ძეგლი (ეკლესია, ტაძარი და მონასტერი), მათ შორის გრემის მიქაელ და გაბრიელ მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესია, გრემის სამეფო კოშკთან ერთად (UNESCO, 2020a) [1].

ერთი მხრივ, ეს ქმედება იმ ქვეყნის მხრიდან, რომელიც ქრისტიანული ძეგლებით განსაკუთრებით მდიდარია და რომლის ბოლო ჩვიდმეტი საუკუნის ისტორია ქრისტიანობასთანაა დაკავშირებული (ის პრაქტიკულად ეროვნული იდენტობის ტოლფასია), გაკვირვებას არ უნდა იწვევდეს. მეორე მხრივ, უნდა აღინიშნოს, რომ ზემოხსენებული ქმედება არ შეესაბამება წარმომადგენლობითი, დაბალანსებული და სანდო მსოფლიო მემკვიდრეობის სიის გლობალურ სტრატეგიას [2]. ჩანს, რომ ეს ეწინააღმდეგება არსებული მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების კომპარატივისტულ ანალიზს და, სავარაუდოდ, რთული იქნება დასაბუთება იმისა თუ რა „გამორჩეულ ზოგადსაკაცობრიო ღირებულებას“ [3] შემატებს „გრემის მთავარანგელოზთა ეკლესია და სამეფო კოშკის“ ნომინაცია მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხას სხვა ღირსშესანიშნავ ძეგლებთან  შედარებით. 

2005 წლიდან მოყოლებული, მსოფლიო მემკვიდრეობის წარმომადგენლობითი, დაბალანსებული და სანდო ნუსხის შექმნისთვის ერთ-ერთ ღონისძიებას ტრანსნაციონალური ნომინაცია წარმოადგენს, რომელიც მოიცავს იმ სახელმწიფოს ღირსშესანიშნავ ადგილებს, რომელთა მემკვიდრეობა ნაკლებად არის წარმოდგენილი მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში. ამ კონტექსტში, ათწლიანი მუშაობის შედეგად ჩამოყალიბდა აბრეშუმის გზების მსოფლიო მემკვიდრეობის ტრანსნაციონალური და სერიული ნომინაციის პროექტი [Williams, 2015:1].

აბრეშუმის გზების მსოფლიო მემკვიდრეობის ნომინაცია ითვალისწინებს სხვადასხვა ქვეყნის იმ სავაჭრო ქალაქების, ქარვასლების, ფუნდუკების, ქულბაქების, სამხედრო პოსტების, საფორტიფიკაციო ნაგებობების, ბუნებრივი და კულტურული ღირშესანიშნაობებისა და სამრეწველო/საწარმოო ობიექტების ჩართვას, რომლებიც დაკავშირებულია აბრეშუმის გზების ზოგად კონცეფციასთან [Williams, 2014].

აბრეშუმის გზების იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სერიულმა და ტრანსსასაზღვრო ნომინაციის პროექტმა ისტორიული გზის გასწვრივ არსებული ქვეყნების პოლიტიკურ და კულტურულ დღის წესრიგში დიდი აქტუალობა შეიძინა. სამი ქვეყნის ჩინეთის, ყაზახეთისა და ყირგიზეთის ტერიტორიაზე მდებარე 33 კომპონენტი, მათ შორის ქალაქები, სავაჭრო დასახლებები, საფორთიფიკაციო და რელიგიური ნაგებობები, 2014 წელს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდროების კომიტეტის 38-ე შეხვედრაზე შეტანილ იქნა მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში, როგორც  აბრეშუმის გზის პირველი ტრანსსასაზღვრო კულტურული მემკვიდრეობა სახელწოდებით „აბრეშუმის გზები: სამარშრუტო ქსელი ჩანგ’ან-ტიანშანის დერეფანი“ (UNESCO, 2020b). ასევე, იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის წინასწარულ ნუსხაშია წარდგენილი ტაჯიკეთის, თურქმენეთისა და უზბეკეთის აბრეშუმის გზის საერთო ნომინაცია „ფენჯიკეთ-სამარყანდ-პოიკენტ-მერვი-ზარაფშანის მემკვიდრეობის დერაფანი“, ჩინეთის, ინდოეთის, ნეპალისა და ბუტანის „სამხრეთ აზიის აბრეშუმის გზები“ და ყაზახეთის, ყირგიზეთის, ტაჯიკეთისა და უზბეკეთის „ფერგანა-სირდარია აბრეშუმის გზების მემკვიდრეობის დერეფანი“. ამასთან, მიმდინარეობს დასავლეთის მიმართულებით სხვა დერეფნების შესწავლაც [Jing, 2019: 13]. 

სტატიის მიზანია, გრემის მაგალითის განხილვით, გავაანალიზოთ შეესაბამება თუ არა საქართველო აბრეშუმის გზის ნომინაციის აღნიშნულ სტრატეგიას. ნაშრომი განიხილავს გრემის კულტურულ ლანდშაფტს კულტურული მარშრუტის კონტექსტში. გრემის ისტორიული წარსულის დეკონსტრუქციის მეშვეობით სტატია მიზნად ისახავს, გადააფასოს ძეგლის ღირებულებები და კულტურული მნიშვნელობა, რომელიც ასოცირდება გრემის მთლიან ისტორიულ ლანდშაფტთან, თუმცა ის არ უგულებელყოფს მთავარანგელოზთა ეკლესიის მიმზიდველ არქიტექტურულ დომინანტურობას ან მის „განსაკუთრებულ მხატვრულ მნიშვნელობას და შესანიშნავ ძალას“, რომელიც ჩამოყალიბდა „მისი ადგილმდებარეობის და მიმდებარე ლანდშაფტთან ურთიერთობის შედეგად“ (UNESCO, 2020c). სტატიაში გაანალიზებულია აბრეშუმის გზების მსოფლიო მემკვიდრეობის სერიულ ნომინაციაში გრემის წარდგენის შესაძლებლობა მეზობელი ქვეყნების თანადროულ ძეგლებთან ერთად. 

2. გრემის ისტორიული წარსულის დეკონსტრუქცია

2.1 გრემის საქალაქო ცხოვრების კვლევა
არქეოლოგიური კვლევითი სამუშაოები (1939-1940; 1963-1967, 2011), რომლითაც ნათელი მოეფინა გრემის 150-წლიან საქალაქო ცხოვრებას, მისი ბიოგრაფიის განუყოფელი ნაწილია. 1939-1940 წლებში გრემში პირველი არქეოლოგიური კვლევები ჩაატარა თელავის მუზეუმის დირექტორმა ალ. მამულაშვილმა. ს. ჯანაშიას სახელობის სახელმწიფო მუზეუმის ეგიდით 1963-1967 წლებში ფართომასშტაბიანი არქეოლოგიური გათხრები აწარმოეს პ. ზაქარაიამ და ლ. ჭილაშვილმა, უკანასკნელად კი, 2011 წელს ახალი მუზეუმის მშენებლობის დაწყებამდე, ქალაქ გრემის სავაჭრო ნაწილში არქეოლოგიური კვლევა  ჩაატარა დ. მინდორაშვილმა. ზემოხსნებული მკვლევრების აღმოჩენები და პუბლიკაციები ძირითად წყაროს წარმოადგენს გრემის კომპლექსური სტრუქტურის შესწავლისა და მისი მრავალმხრივი ღირებულების აღსაქმელად.

2.3. ისტორიული მიმოხილვა: გრემის აღზევება და დაცემა
ქალაქ გრემის არსებობის ისტორია ხანმოკლეა, თუმცა მრავალფეროვანი. შუა საუკუნეების ქალაქი გრემი, როგორც კახეთის სამეფოს დედაქალაქი, აღმოსავლეთ საქართველოში, მდინარეების ინწობასა და ბოლიას შესართავთან 1466 წელს დაარსდა. უფრო ადრეული დასახლების არსებობის მოწმობა, გვიანდელი შუა საუკუნეების გრემის ტერიტორიაზე მცირე მტკიცებულებებით არსებობს. გამოვლენილია ბრინჯაოს ხანის მხოლოდ უმნიშვნელო აღმოჩენები, რომლებიც ჩვენს წელთაღრიცხვამდე XII-XIII საუკუნეებით თარიღდება [ზაქარაია, 1975: 11]. 
 
დედაქალაქის ახალ ადგილას დაარსების კონკრეტული მიზეზი უცნობია [ზაქარაია, 1975: 10].  გრემი, როგორც სამეფო რეზიდენცია, ადმინისტრაციული და ამასთანავე, სავაჭრო ცენტრი, საუკუნე-ნახევრის განმავლობაში 50 ჰექტარზე მეტ ტერიტორიას იკავებდა [ზაქარაია, 1975; ჭილაშვილი, 1980].

სავარაუდოა, რომ გრემის ხელსაყრელმა გეოგრაფიულმა მდებარეობამ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ამ ადგილის სამეფოს ცენტრად არჩევისათვის. ქალაქი ჩამოყალიბდა კავკასიონის მთებისა და ალაზნის ხეობის შეერთების ადგილას. გრემი ამ ორი განსხვავებული გეოგრაფიული ზონის გზაჯვარედინზე მდებარეობდა, როგორც დამაკავშირებელი ხიდი ორი რეგიონის სოციალურ-ეკონომიკური აქტივობისათვის [ჭილაშვილი, 1980: 12-13]. აღნიშნულმა ადგილობრივმა ეკონომიკურმა კავშირებმა, საერთაშორისო კომერციულ ურთიერთობებთან ერთად, გრემის აღმავლობა განაპირობა, მაშინ, როდესაც საქართველოს სხვა თანადროული ქალაქები დაკნინებას განიცდიდნენ [Suny, 1994: 46].  

კახეთის მთავარი უპირატესობა, საქართველოს სხვა სამეფო-სამთავროებთან შედარებით, გილან-შამახა-ასტრახანის აბრეშუმის გზასთან სიახლოვეს მდებარეობა იყო, რამაც საშუალება მისცა გრემს საერთაშორისო ხასიათის ვაჭრობაში ჩაბმულიყო [Suny, 1994: 46].  

1616 წელს ირანის შაჰის აბას I-ის გამანადგურებელი შემოსევების შედეგად, კულტურულად და ეკონომიკურად განვითარებულმა ქალაქმა გრემმა თავისი არსებობა შეწყვიტა და მას შემდეგ ვეღარ შეძლო პირვანდელი დიდების აღდგენა [Suny, 1994: 50]. შუა საუკუნეების კახეთის სამეფოს ამ სტრატეგიულ და ეკონომიკურ ცენტრს საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ხანმოკლე არსებობის საქალაქო პერიოდი, მაგრამ, ამავე დროს, ერთ-ერთი შთამბეჭდავი და საინტერესო წარსული აქვს, რის გამოც ის დღეს შესაბამის დაინტერესებას იწვევს.

2.4 გრემი როგორც ისტორიული ლანდშაფტი
გრემის ისტორიული ლანდშაფტი კულტურული მემკვიდრეობის ღირებულების, აგრეთვე, ისტორიული, არქეოლოგიური, რელიგიური, ესთეტიკური, სოციალური, ეკონომიკური, პოლიტიკური, სიმბოლური, ასოციაციური და სამეცნიერო მნიშვნელობის მქონე ძეგლია.

ნაქალაქარი ოთხი ძირითადი ნაწილისგან შედგება:  ციტადელი, სამეფო უბანი, სავაჭრო კვარტალი და წმინდა სამება [ჭილაშვილი, 1980: 44-46]. ციტადელი მოიცავს მთავარანგელოზთა ეკლესიას, სამეფო რეზიდენციას, სამეფო/საცხოვრებელ კოშკს იმავე სამრეკვლოსა და მიმდებარე თავდაცვით კედელს [ზაქარაია, 1975: 21-50]. აქ გვხვდება საწარმოო ნაშთები, როგორებიცაა: მარანი და საწნახელი [ჭილაშვილი, 1980: 44-45]. მთავარანგელოზთა ეკლესიასა და მის სამრეკვლოსთან არსებულ საცხოვრებელ კოშკს დომინირებული მდგომარეობა აქვს  შუა საუკუნეების სხვა შემორჩენილ ნაგებობებთან შედარებით [Mepishashvili, 1979]. ანსამბლი კავკასიონის მთის კლდოვანი ქედის დაბოლოებაზეა გაშენებული, რომელიც  ეკლესიის მშენებლობის დაწყებამდე მოუჭრიათ და ხელოვნურად გაუმაგრებიათ [ჭილაშვილი, 1980: 72]. 

ციხე, მთავარანგელოზთა ეკლესია და საცხოვრებელი კოშკი, რომლებიც სასწაულებრივად გადაურჩა სრულ ნგრევას სპარსელთა ლაშქრობისას, გრემის ისტორიული ლანდშაფტის საუკეთესოდ შემონახული კომპონენტებია. მთავარანგელოზთა ეკლესია, რომელიც დღემდე მოქმედებს 1565 წელს ააშენა კახეთის მეფემ ლეონ I-მა (1518- 1574), რასაც მოწმობს ტაძრის დასავლეთ კარის ზემოთ არსებული ბერძნული წარწერა [ზაქარია, 1975: 21-23]. ეს არის ჯვარ-გუმბათოვანი ეკლესიის ტრადიციული ტიპი, რომელსაც აქვს ორი ცალკეული ბურჯი, თუმც მკვეთრი კონცენტრაციით ტაძრის სიმაღლეზე. ინტერიერის კედლის მხატვრობა 1577 წლით თარიღდება [Mepishashvili, 1979:179]. მთავარანგელოზთა ეკლესია და სამეფო კოშკი აგებულია აგურით, ნაცვლად ქვისა, რაც აღნიშნულ პერიოდში ირანის არქიტექტურულ გავლენაზე მიუთითებს. ირანული ფორმისა და გემოვნების გავრცელება აისახება ფასადების დეკორაციაზეც, სადაც გვხვდება შეისრული თაღები, ნაცვლად ნახევარწრიული ფორმისა. 

მთავარანგელოზთა ეკლესიას რელიგიური, კულტურული მემკვიდრეობის, არქიტექტურული, ისტორიული, სამეცნიერო და ასევე ესთეტიკური ღირებულება აქვს. 

მთავარანგელოზთა ეკლესიის მსგავსად, ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის ღირებულებები აქვს სამეფო კოშკსაც. ის სამსართულიანია, მოიცავს საცხოვრებელ და მისაღებ ოთახებს, მის ბოლო სართულზე კი სამრეკვლოა, რომელიც მოგვიანო მინაშენი უნდა იყოს. 1975 წლიდან ეს შენობა მუზეუმის ფუნქციას ასრულებს. ვიზიტორებს აქ შეუძლიათ იხილონ არქეოლოგიური არტეფაქტები, სამეფო ოჯახის წევრების პორტრეტები და უყურონ ქალაქ გრემის ქრონოლოგიური რეკონსტრუქციის  ამსახველ ვიდეოს. კოშკში, დერეფნიდან მარჯვნივ, მდებარეობს მეფის საპირფარეშო, საკანალიზაციო სისტემით. მისი განსაკუთრებული კეთილმოწყობა 21-ე საუკუნეშიც აოცებს დამთვალიერებელს. კოშკის ზედა სართულიდან იშლება პანორამული ხედი ალაზნის ველებისა და კავკასიონის მთების მწვერვალებისკენ [Mepishashvili, 1979: 179], რაც ესთეტიურ ღირებულებას სძენს გრემის ისტორიულ ლანდშაფტს. 

სამეფო უბანში (20 ჰა) არქეოლოგებმა აღმოაჩინეს სასახლის კომპლექსის, საცხოვრებელი სახლების, შადრევნიანი პავილიონის, აუზების, აბანოების, საცხობის, მარანისა და სხვა ნაგებობების ნაშთები [ზაქარაია, 1975: 51-91; ჭილაშვილი, 1980: 86-104]. მიუხედავად იმისა, რომ აქ ყველა შენობა განადგურებულია, სამეფო უბანი მაინც ინარჩუნებს არქეოლოგიურ და ისტორიულ ღირებულებებს როგორც თანამედროვე, ისე – მომავალი თაობებისთვის, მიუხედავად შემორჩენილი სტრუქტურების კონსერვაციის მდგომარეობისა.

ჩანს, რომ ქალაქის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი კომერციული კვარტალი იყო (30 ჰა), სადაც უცხო ქვეყნებიდან  სავაჭროდ ჩამოსული ქარავნები და მოგზაურები იყრიდნენ თავს [ჭილაშვილი, 1980: 45]. ქალაქის ამ მჩქეფარე ნაწილში მდებარეობდა სავაჭრო ქულბაქები, ქარვასლა, საცხოვრებელი სახლები და საწარმოო შენობები, საზოგადოებრივი აბანო, რამდენიმე სამრევლო ეკლესია და გრემის ე. წ. „თარსა გალავანი“ [ზაქარაია, 1975, 92 - 114; ჭილაშვილი, 1980: 46-72].  აქ ძირითადად სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფის (ქართველი, სომეხი და ებრაელი) ვაჭრები, ხელოსნები და მოსამსახურეები ცხოვრობდნენ [ჭილაშვილი, 1980].  

ქულბაქებს, ეზოს (500 კვ.მ) ჩათვლით, 1400-მდე კვ.მ ეკავა. ეზოს ირგვლივ განლაგებული სათავსები ერთი სისტემითაა გადაწყვეტილი. შექმნილია ერთი უჯრედი, რომელიც მცირე ვარიაციით მეორდება ოთხივე მხარეს. ეს უჯრედი წარმოადგენს მოგრძო კამაროვან სათავსს, რომლის წინაც იქმნება იმავე სიგანის აივანი. 

სავაჭრო ქულბაქები მთელი წლის განმავლობაში ფუნქციონირებდნენ, რაზეც მიუთითიებს თითოეულ მათგანში გამოვლენილი ბუხრები. ზოგიერთი ქულბაქი ორსართულიანი იყო, ღრმა სარდაფით, რომელიც, საფიქრებელია, რომ მაცივრის ფუნქციას ასრულებდა. არქეოლოგიური გათხრების შედეგად მრავლად აღმოჩენილი ფერადი მოჭიქული ფილები, სავარაუდოდ, ქულბაქების მოსაპირკეთებლად იყო გამოყენებული. თიხის ჭრაქების სიმრავლე კი ქარვასლის ღამის საათებში ფუნქციონირებას უნდა მოწმობდეს [ჭილაშვილი, 1980].  

თითოეული ქულბაქი განსხვავებულ დანიშნულებას ასრულებდა. ზოგი მათგანი სავაჭრო პუნქტს, ზოგი კი სახელოსნოს წარმოადგენდა. შესასვლელთან მდებარე სათავსები კი დაცვისა და მებაჟისთვის იყო განკუთვნილი. ერთ-ერთ ქულბაქში წიდებისა და მონეტების აღმოჩენა ქურის ნაშთებისა და სპილენძის დამწვარი საგნების ნარჩენებთან ერთად აქ მჭედლის სახელოსნოს არსებობაზე მიუთითებს. სავარაუდოდ, ერთი აუზიანი ქულბაქი, ადგილობრივი და უცხოელი ვაჭრების მხიარული თავშეყრისთვის გამოიყენებოდა, რომლებიც მომიჯნავე ქარვასლაში ათენებდნენ ღამეს [ჭილაშვილი, 1980]. 

ქარვასლის აღდგენილი გეგმის მიხედვით, მისი სიგრძე 75 მ იყო,  დერეფნის ორივე მხარეს 32 ოთახი იყო გამართული. ქარვასლა უშუალოდ უკავშირდება ქულბაქებს საგანგებო შესასვლელით [ჭილაშვილი 1980:53].

ქულბაქებსა და ქარვასლას შორის სამმეტრიანი გასასვლელი ხელს უწყობდა ბაზრების საქონლით მომარაგებას [ჭილაშვილი, 1980: 48-56]. გრემის სავაჭრო უბანი ასახავს ქალაქის აყვავების სოციალურ-ეკონომიკურ და პოლიტიკურ ღირებულებებს. დღეს ის შეიძლება ასოცირდეს ისტორიულ, არქეოლოგიურ და კულტურული მემკვიდრეობის ღირებულებებთან. სავაჭრო უბანი, მიუხედავად მისი ფიზიკური მთლიანობის რღვევისა, გრემის ბიოგრაფიისა და კულტურული მემკვიდრეობის ისეთივე ნაწილია, როგორც მთავარანგელოზთა ეკლესია.

გრემის მეოთხე ნაწილი წმინდა სამების თავდაცვითი კომპლექსი იყო, რომელიც მდებარეობს ქედზე, მთავარანგელოზთა ეკლესიის მოპირდაპირე მხარეს. იგი მოიცავდა წმინდა სამების ეკლესიას, დარბაზს, კოშკს, სამეურნეო ნაგებობებს, წყალსადენს და გალავანს [ზაქარაია, 1975: 132-138].  სამების ციხისკენ მიმავალ გზაზე, მთავარანგელოზთა კომპლექსის დასავლეთით მდებარე ეკლესია, სავარაუდოდ, საგუშაგოდ გამოიყენებოდა. აქედან კარგად ჩანს ქალაქის სამივე ნაწილი, მთელი ხეობა რამდენიმე კილომეტრზე, კავკასიონი და ალაზნის ველი. ზემოთ ნახსენები შენობები ხაზს უსვამენ წარსულში მათ ღირებულებას ამ აყვავებული ქალაქის უსაფრთხოებისა და დაცვის უზრუნველყოფის მიზნით და, ამასთანავე, ასახავენ მის ისტორიულ ღირებულებას დღეს.

სამეცნიერო ღირებულება აქვს გრემში აღმოჩენილ ინტენსიური წყალმომარაგების სისტემასა და რამდენიმე წყლის არხს, რომლებიც საჭირო იყო ამ მჭიდროდ დასახლებული ქალაქის, მისი აბანოებისა და აუზების მომარაგებისათვის. ლოპოტას ხეობიდან გრემში ჩამოსული კერამიკული წყლის არხების კვალი მიუთითებს, რომ წყალმომარაგების თვალსაზრისით ქალაქი მხოლოდ ინწობასა და ბოლიას მდინარეებზე არ იყო დამოკიდებული. ვარაუდობენ, რომ მცირე არხები გამოიყენებოდა სასმელად, დიდი არხები კი სასოფლო სავარგულების მოსარწყავად. 1938-1939 წლებში ჰიდროტექნიკოსთა ჯგუფის მიერ ჩატარებული წყალმომარაგების სისტემის კვლევის თანახმად, არხს შეეძლო 4000 ჰექტარი მიწის მორწყვა, აქედან 2900 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო იყო [ჭილაშვილი, 1980: 152-153].

2007 წლიდან ამ ისტორიული ლანდშაფტის თითოეულ არქეოლოგიურ ნაშთსა და არქიტექტურულ ნაგებობას, მათ შორის ქულბაქებს, ქარვასლას, აბანოს, მთავარანგელოზთა ეკლესიას, სამეფო კოშკს, ციხესა და სხვა შენობებს, ინდივიდუალურად მინიჭებული აქვთ ეროვნული მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი, კულტურული მემკვიდრეობის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად [საქართველოს კულტურული... 2019].

გრემის ძირითად კულტურულ მემკვიდრეობასა და მის ისტორიულ ღირებულებებს  წარმოადგენს არა მხოლოდ მთავარანგელოზის ეკლესიისა და სამეფო კოშკის არქიტექტურული გადაწყვეტა, არამედ თავად ადგილის ისტორია და ამ ისტორიულ ფაქტებთან დაკავშირებული კულტურული ატრიბუტები, რომლებიც შეიქმნა იმ დროის სხვადასხვა სავაჭრო კვანძებთან ურთიერთკავშირის შედეგად. 

2.5. გრემი როგორც მიმართულება აბრეშუმის გზებზე
გრემის აქტიური ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ისტორიული მოვლენა უკავშირდება სპარსეთსა და აღმოსავლეთის სხვა ქვეყნებთან, როგორც აბრეშუმის გზების ნაწილებთან, სავაჭრო ურთიერთობებს, რაც, თავის მხრივ, განსაზღვრავს ადგილის ასოციაციურ და სიმბოლურ ღირებულებებს. არქეოლოგიურმა გათხრებმა აქ სპარსეთის სხვადასხვა სავაჭრო ცენტრებიდან (ქერმანი, ქაშანი) იმპორტირებული არტეფაქტები გამოავლინა, მათ შორის სხვადასხვა სახისა და ფერის მოჭიქული კერამიკული ნაწარმი, ე.წ. „ფაიანსი“, სპილენძისა და ვერცხლის ნივთები. საყურადღებო აღმოჩენებს შორის იყო ჩინური ფაიფურისა და სელადონის ფრაგმენტებიც [მინდორაშვილი, 2015: 207-208].

XV-XVI საუკუნეებში კახეთის სამეფოს მიერ ექსპორტირებული საქონელი შედგებოდა აბრეშუმისა და ხალიჩების, ოქროს ქსოვილის, რუბიის (საღებავის დასამზადებელი მცენარე), ღვინის, ცხენების, ცხვრის და ძვირფასი ბეწვეულობისაგან [ჭილაშვილი, 1980: 151-152]. ვაჭრობისა და ტრანსპორტირების ხელშესაწყობად ინფრასტრუქტურის უზრუნველყოფას უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა კახეთის სამეფო კარისათვის. არქეოლოგებმა აღმოაჩინეს სამი მეტრის სიგანის წითელი აგურის გზა, რომელიც გრემიდან იწყება და კახეთში რამდენიმე ათეულ კილომეტრზეა გადაჭიმული [ჭილაშვილი, 1980: 233].

გრემი შემახის (აზერბაიჯანი) გავლით უკავშირდებოდა სპარსეთს, დაღესტანსა და რუსეთს. გრემიდან შემახის მიმართულებით მგზავრობას ათი დღე სჭირდებოდა. დღეში საშუალოდ 30 კილომეტრის დაფარვა იყო შესაძლებელი. ამ ტემპით მანძილი შემახიდან დერბენდამდე ექვს დღეში იფარებოდა. ამრიგად, გრემიდან დერბენდამდე მოგზაურობის დრო 16 დღეს შეადგენდა. ცნობილი ტოპოგრაფიული და კულტურული მახასიათებლების, აგრეთვე ზოგიერთი უცხოელი ელჩის ცნობების გათვალისწინებით, ჭილაშვილმა (1980) აღადგინა მარშრუტი გრემიდან შემახამდე. გრემის შემდეგ პირველი საგზაო პუნქტი, რომელიც მგზავრს შეხვდებოდა, იყო გავაზი, შემდეგ არეში, თოღა, ზაგემი, კაკი და შექი, ვიდრე შემახამდე მიაღწევდა.

გავაზში, არეშსა და თოღაში გამოვლენილი შენობები ქარვასლის ან ფუნდუკის ნაშთებადაა მიჩნეული. ამასთან, გავაზსა და თოღას შორის არსებულ სეგმენტზე გამოვლენილია ძველი გზის კვალი თავდაცვითი კოშკის ნაშთებთან ერთად [ჭილაშვილი, 1980: 238].

გრემიდან შემახის მიმართულებით კომერციული საქმიანობის საფუძველზე წარმოიშვა კახეთის სამეფოს კიდევ ერთი დაწინაურებული ეკონომიკური და პოლიტიკური ცენტრი ზაგემი (ბაზარი), რომელიც ახლა აზერბაიჯანში, ზაქათალას რაიონში, სოფელ ალიაბადში მდებარეობს. ზაგემი ნაკლებად არის არქეოლოგიურად შესწავლილი, აქ ჩატარებულია მხოლოდ საველე-დაზვერვითი გამოკვლევები. რუსული და თურქული წყაროების თანახმად, ზაგემი სამი ოლქისაგან შედგებოდა: ეკლესიის უბანი, რომელიც ტაძრის გარდა, მოიცავდა სამეფო უბანსაც, სასახლითა და დამხმარე ნაგებობებით; რაბათი  (გარეუბანი) და ბაზარი ზღუდეშემოვლებული სავაჭრო ადგილი, ქარვასლითა და დუქნებით. 

გარდა აღნიშნული შენობებისა, ზაგემში  ზარაფხანის არსებობა XIII საუკუნის ბოლოდან ივარაუდება. როგორც ჩანს, აქ მონეტების მოჭრის ტრადიცია XVI საუკუნეში აღდგა: ნაქალაქარზე შემთხვევით იპოვეს ათ სხვადასხვა ადგილას მოჭრილი 189 მონეტა, რომელთაგან რვა მონეტა ზაგემის ზარაფხანაშია მოჭრილი. გამოვლენილ მონეტებს შორის იყო ევროპული დუკატები, რაც ადასტურებს ევროპელ და ადგილობრივ ვაჭრებს შორის კავშირს. ხვნის დროს თიხის ჭურჭელში აღმოჩენილია რამდენიმე მონეტა, რომლთაგან უძველესი 1602-1603 წლებით თარიღდება, ხოლო უახლესი 1615 წლით. ზაგემმა, გრემის მსგავსად, არსებობა 1616 წელს შეწყვიტა [ზაქარაია, 1975: 94]. 

გრემიდან მიმავალი მოვაჭრეების ერთ-ერთი მთავარი მიმართულება იყო შემახა − კულტურისა და ვაჭრობის მნიშვნელოვანი ცენტრი, VIII-XV საუკუნეებში შირვან შაჰების სამეფო დედაქალაქი. 

გერმანელი მოგზაურისა და დიპლომატის, ადამ ოლეარიუსის (1599-1671) თანახმად, რომელიც შირვანს ეწვია 1630-იან წლებში, შემახა სამხრეთი და ჩრდილოეთი ნაწილებისგან შედგებოდა. ორივე მხარე გარშემორტყმული იყო კედლებით. შემახის ჩრდილოეთ ნაწილში ცხოვრობდნენ თურქები, სომხები და ქართველები, მაგრამ ყველა მოსახლე თურქულ ენაზე ლაპარაკობდა, რაც საერთო სალაპარაკო ენა უნდა ყოფილიყო არა მხოლოდ შირვანის, არამედ მთელი სპარსეთისთვის. ქალაქის ამ ნაწილის მკვიდრთა ძირითადი საქმიანობა იყო რთვა, ქარგვა და ქსოვა აბრეშუმისა და ქაღალდის გამოყენებით  [Mustafayev, 2018].

შემახის მთავარი ბაზარი სამხრეთ ნაწილში მდებარეობდა, სადაც რამდენიმე რიგად იყო გაწყობილი დუქნები და სავაჭრო კარვები. აქ ძირითადად აბრეშუმისა და ბამბის ქსოვილი, ვერცხლისა და ოქროს ფარჩები, მშვილდი, ისრები და სხვა ხელნაკეთობები იყიდებოდა. ქალაქის სამხრეთ ნაწილში მდებარეობდა ასევე ორი დიდდუქნებიანი ქარვასლა, სადაც უცხო ქვეყნის ვაჭრები ყიდდნენ თავიანთ ნაწარმს. პირველის სახელია შაჰ-ქარვასლა. აქ ძირითადად ჩერდებოდნენ რუსები და ცვლიდნენ ტყვიას, ტყავს, შევარდნებს და სხვ. მეორეს ერქვა „ლეკების ქარვასლა“ ან „თათრების სახლი“, სადაც ჩრდილო კავკასიელები (დაღესტნელები, ჩერქეზები, თათრები) ვაჭრობდნენ ცხენებით, მოტაცებული ბავშვებითა და ტყვეებით [Mustafayev, 2018: 39]. 

ჰოლანდიელი მოგზაურის, იან სტრეისის (1670) ცნობების თანახმად, შემახის ეკონომიკურ ცხოვრებაში ქართველებიც დიდ როლს ასრულებდნენ. ქალაქის ერთ-ერთ ნაწილში უნდა ყოფილიყო გიურჯი-ბაზარი, ე.ი ქართველთა ბაზარი, რომელიც ამ სახელწოდებითვეა აღნიშნული 1902 წლის 31 იანვარს მიწისძვრით დანგრეული შემეხის  დ. ერმაკოვის  კუთვნილ ფოტო-დოკუმენტაციაში [ჭილაშვილი 1980:249].

ცხადია, შემახა არ იყო გრემიდან და სხვა ადგილებიდან ჩამოსული ვაჭრების საბოლოო დანიშნულების ადგილი. შემახაში სხვადასხვა მიმართულებით იყრებოდა გზები. ჩვეულებრივ, ქარავანი მიდიოდა სამხრეთით არდაბილისკენ (თანამედროვე ირანი), სამხრეთ აზერბაიჯანის ერთ-ერთი მთავარი ქალაქისაკენ [Mustafayev, 2018: 39-40] და სხვა სავაჭრო პუნქტებისაკენ. შემახიდან არდაბილამდე მოგზაურობას რვა დღე სჭირდებოდა [Matthee, 1999: 55]; ამრიგად, გრემიდან არდაბილამდე მოგზაურობის ხანგრძლივობა 18 დღეს შეადგენდა [ჭილაშვილი, 1980: 252].

ჰოლანდიელი მოგზაურის, იან სტრეისის, გადმოცემით, არდაბილი ძალიან ცნობილი და დიდი სავაჭრო ქალაქი იყო, სავსე მომსვლელ-წამსვლელი ვაჭრებით გილანიდან, ქურთისტანიდან, საქართველოდან და სხვა ქვეყნებიდან [ჭილაშვილი, 1980: 252]. არდაბილიდან ორი გზა იყრებოდა: დასავლეთით მარშრუტი თავრიზისკენ, ხოლო სამხრეთ-აღმოსავლეთით კი გზა ქალაქების ყაზვინისა და ქაშანისკენ მიდიოდა. გილანის პროვინციის აბრეშუმი კასპიის ზღვის გასწვრივ ასტრახანშიც გაჰქონდათ [Matthee, 1999: 54]. შამახიდან ნაზიაბადში მოგზაურობას ხუთი დღე სჭირდებოდა. სეზონისა და ვითარების გათვალისწინებით კი ნავით შესაძლებელი იყო ნაზიაბადიდან ასტრახანამდე მანძილის ხუთ-ცხრა დღეში დაფარვა  [Matthee, 1999: 55].
 
3. დისკუსია

სულ უფრო მზარდად გლობალიზებულ მსოფლიოში კულტურული მემკვიდრეობა აღიარებულია არა მხოლოდ ეროვნული, არამედ – პოტენციურად საერთაშორისო მნიშვნელობის მქონე ფასეულობად. თითოეული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის მნიშვნელობა განისაზღვრება იმ ღირებულებით, რომლსაც ამ ადგილს მიაეკუთვნებენ. გრემის ისტორიული წარსულის დეკონსტრუქციამ სხვაგვარად წარმოაჩინა მისი პერსპექტიული საერთაშორისო პოტენციალი, გასხვავებით საცდელ სიაში წარდგენილისაგან.  კულტურის მატერიალურ და ხელშესახებ მანიფესტაციებზე  კონცენტრაცია კვლავ ზღუდავს ლანდშაფტის წარმოსახვასა და მის ინტერპრეტაციას [Baird, 2017: 5-6]. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ გრემის შედარებით ახალი მუზეუმი, რომელსაც საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო მართავს, დამთვალიერებელს სთავაზობს შესაბამის ინტერპრეტაციას გრემის ისტორიული ლანდშაფტის, ქალაქის ხასიათისა და მისი აბრეშუმის გზებთან ურთიერთკავშირის შესახებ. გარდა ამისა, 2014 წელს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ გამოაქვეყნა ორენოვანი (ქართული/ინგლისური) გამოცემა გრემის ახალი მუზეუმის შესახებ, რომელიც შეესაბამება მუზეუმში წარმოდგენილი გრემის ისტორიული ლანდშაფტის ინტერპრეტაციას [საქართველოს კულტურული... 2014]. გამოცემას ახლავს დოკუმენტური ფილმი „გრემი“, რომელიც გრაფიკულად აღადგენს გვიან შუა საუკუნეების გრემის ყოველდღიურ საქმიანობას, სავაჭრო პრაქტიკასა და ისტორიულ მოვლენებს. 

გრემის ლანდშაფტის ისტორიული წარსულის გააზრებაზე ორიენტირებული მიდგომა ცხადყოფს, რომ უპირატესად ქალაქის საუკეთესოდ შემონახულ ნაწილებზე, მაგალითად, მთავარანგელოზთა ეკლესიასა და მის მომიჯნავე სამეფო კოშკზე, ფოკუსირება მნიშვნელოვანწილად ზღუდავს ამ ადგილის არსის წარმოდგენასა და გადმოცემას. მეორე მხრივ კი, გრემის წარმოჩენა როგორც აბრეშუმის გზასთან დაკავშირებული პუნქტისა, მის შესახებ უფრო სრულყოფილი და მდიდარი ამბის გადმოცემის საშუალებას იძლევა და ყველა იმ ღირებულებას წამოწევს წინ, რომელიც მას შეიძლება მიენიჭოს, მათ შორის, სიმბოლურს, ასოციაციურს, ისტორიულს, არქეოლოგიურს და სხვ. ამასთან, აშკარაა, რომ გრემის ისტორიული ლანდშაფტი განმხოლოებულად ვერ ჩაითვლება როგორც აბრეშუმის გზის განსაკუთრებული კულტურული მანიფესტაცია. ამ შემთხვევაში, შეიძლება განხილულ იქნას სერიული ნომინაციის შემუშავების იდეა, რომელიც ასახავს კონკრეტულ გეოკულტურულ სისტემას. 

აბრეშუმის გზების სერიული ნომინაციებისთვის ღირსშესანიშნავი ძეგლებისა და ლანდშაფტების შერჩევის მიზნით, აბრეშუმის გზების თაობაზე ICOMOS-ის თემატური გამოკვლევა რეკომენდაციას უწევს დერეფანზე დაფუძნებულ მიდგომას, რომელიც საშუალებას იძლევა ერთი ნომინაციის ფარგლებში შეიკრიბოს სავაჭრო ქალაქები მათი ყველა კომპლექსური ატრიბუტებით, მცირე ძეგლები და ინფრასტრუქტურული ობიექტები, რომლებიც ხელს უწყობდა ვაჭრობასა და ტრანსპორტირებას, და ასევე აბრეშუმის გზების მრავალფეროვანი მანიფესტაციები, რომლებიც დაკავშირებულია სოციალურ, კულტურულ და რელიგიურ სფეროებთან [Williams, 2014: 58]. კულტურულ-ისტორიული თვალსაზრისითა და ეკოგეოგრაფიული საფუძვლების გათვალისწინებით, გრემს შეუძლია საფუძველი ჩაუყაროს ორი სერიული ნომინაციის პროექტს აზერბაიჯანის, ირანისა და თეორიულად რუსეთის ზოგიერთ ძეგლთან ერთად. 

პირველი ვარიანტი პროექტის შემუშავებისათვის შეიძლება იყოს გრემი-შემახა-არდაბილის მარშრუტი,  შესაბამისი ძეგლების ჩართვით, აზერბაიჯანიდან და ირანიდან. მეორე ვარიანტი იქნება გრემი-შემახა-დერბენდის მარშრუტი აზერბაიჯანისა და რუსეთის წევრ-სახელმწიფოებთან თანამშრომლობით. თუმცა ეს უკანასკნელი არ ჩანს რეალისტური რუსეთის ფედერაციასა და საქართველოს შორის არსებული პოლიტიკური დაძაბულობისა და გაყინული კონფლიქტის გათვალისწინებით. გარდა ამისა, აქ მთავარი საკითხი, რომელიც ორივე მარშრუტისთვის მნიშვნელოვანია, არის ფიზიკურ მტკიცებულებათა და არქეოლოგიურ მასშტაბთა დემონსტრირება. 

გრემი-შემახა-არდაბილის აბრეშუმის გზის დერეფნის საცდელ სიაში წარდგენის პერსპექტივა დამოკიდებულია მემკვიდრეობის რესურსების სათანადო ცოდნასა და ძეგლების ფიზიკურ მდგომარეობაზე. აშკარაა, რომ საჭიროა, შემდგომი კვლევებისა და დაზვერვების ჩატარება თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებითა და ადგილობრივ ექსპერტთა მონაწილეობით, მემკვიდრეობის რესურსების დასადგენად გრემი-შექის მონაკვეთზე, განსაკუთრებით გავაზში, არეშში, თოღაში, ზაგემში, კახში, შემახასა და არდაბილს შორის არსებულ მონაკვეთზე და მის მიღმა ირანში. აღნიშნული მარშრუტის მთავარ გამოწვევას წარმოადგენს ის ფაქტი, რომ არაერთი პოტენციური ძეგლი ნაკლებად არის შესწავლილი, ხოლო ზოგი ცუდად არის შემონახული. კარგად შესწავლილი და კარგად დაცული ძეგლები კი, როგორებიცაა: შექი, არდაბილი და თავრიზი, უკვე ინდივიდუალურად არის შეტანილი მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში [UNESCO, 2020d].

დასკვნა

გრემის ნომინაცია აბრეშუმის გზების ტრანსსასაზღვრო პროექტის ფარგლებში რთული ამოცანაა და ის ბევრ გამოწვევას ქმნის, რომელთა გადალახვას შესაძლოა დიდი ძალისხმევა დასჭირდეს, აბრეშუმის გზების კონცეფციის ფიზიკური მანიფესტაციების დაზიანების ან განადგურების გამო. თუმცა გრემის ისტორიული ლანდშაფტის, როგორც  აბრეშუმის გზების ერთ-ერთ განშტოებაზე მდებარე სავაჭრო ცენტრის, კომპლექსური ღირებულებები უნდა იქნეს არა უგულვებელყოფილი, არამედ – ხაზგასმული და წინწამოწეული, მისი ნომინირების შემთხვევაში. ამ კუთხით სასარგებლო იქნება, რომ საქართველომ მჭიდროდ ითანამშრომლოს აზერბაიჯანთან, მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში ნაკლებად წარმოდგენილ ქვეყანასთან, შემოთავაზებული დერეფნის (გრემი-შემახა) გასწვრივ მდებარე ძეგლების პოტენციალის იდენტიფიცირებისა და შეფასების მიზნით, რათა უზრუნველყოფილ იქნას „გამორჩეული ზოგადსაკაცობრიო ღირებულების“ დასაბუთება და სამომავლო კულტურათშორისი თანამშრომლობის განვითარებისათვის შესაძლო გზების ერთობლივად დასახვა. 

აბრეშუმის გზების სერიულ ნომინაციაში კავკასიის რეგიონის ჩართულობა განსაკუთრებულ მრავალფეროვნებასა და განზომილებას  შესძენს  მსოფლიო მემკვიდრეობის ტრანსნაციონალურ პროექტს, რითაც თვალსაჩინო გახდება, რომ ისტორიული აბრეშუმის გზები ბევრად უფრო ფართო მასშტაბებსა და გეოგრაფიულ არეალს მოიცავდა, ვიდრე ეს აკადემიური წრეებისა და საზოგადოების აღქმასა და წარმოსახვაშია ასახული.


[1] საქართველოს ეროვნული „წინასწარული“ ნუსხა 2007 წლის შემდეგ არ განუახლებია.
[2] მსოფლიო მემკვიდრეობის კონვენციის იმპლემენტაციის სამოქმედო სახელმძღვანელოს (2017) 59. ბ პუნქტის თანახმად, წარმომადგენლობითი, დაბალანსებული და სანდო მსოფლიო მემკვიდრეობის სიის შექმნის ხელშესაწყობად, კონვენციის წევრმა სახელმწიფოებმა ნომინირებისათვის უნდა წარადგინონ მხოლოდ ის ღირსშესანიშნავი ადგილები, რომლებიც მიეკუთვნებიან ნაკლებად წარმოგდენილ კატეგორიებს.
[3]განსაკუთრებული ზოგადსაკაცობრიო ღირებულება წარმოადგენს მსოფლიო მემკვიდრეობის იდენტიფიკაციის ძირითად კრიტერიუმს და განმარტებულია როგორც კულტურული ან/და ბუნებრივი მნიშვნელობა, რომელიც იმდენად გამორჩეულია, რომ სცდება ეროვნულ საზღვრებს და თანაბრად მნიშვნელოვანია მთელი კაცობრიობის აწმყო და მომავალი თაობებისათვის. 

კვლევა განხორციელდა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით [PhD_F_17_52].

ლიტერატურა

მინდორაშვილი დ.
2015
საქართველოს არქეოლოგია II-III: განვითარებული და გვიანდელი შუა საუკუნეები. ბათუმი: ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტი.
ზაქარაია პ.
1975
ნაქალაქარ გრემის არქიტექტურა. მეცნიერება. თბილისი
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო
2014
მუზეუმი, ისტორია, არტეფაქტები: გრემის მუზეუმი. თბილისი.
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო
2020
ინფორმაცია მოძიებულია 2020 წლის 29 სექტემბერს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: https://www.heritagesites.ge/uploads/files/5d9b295f1fa11.pdf
ჭილაშვილი ლ.
1980
კახეთის ქალაქები. თბილისი.
ჭილაშვილი ლ.
1980
კახეთის ქალაქები. თბილისი.
Baird M. F.
2017
Critical Theory and the Anthropology of Heritage Landscapes. University Press of Florida.
ICOMOS.
2004
The World Heritage List: Filling the Gaps – An Action Plan for the Future. Paris: ICOMOS.
Jing F.
2019
Safeguarding cultural heritage along the Silk Roads. In: M. Rossler, G. Doubleday, eds. World Heritage N93. London: Publishing for Development Ltd.
Matthee R.
1999
The Politics of Trade in Safavid Iran: Silk for Silver, 1600-1730. Cambridge University Press.
Mepisashvili R.
1979
The arts of ancient Georgia. London: Thames and Hudson.
Mustafayev S.
2018
The Trade Routes and the Silk Trade along the Western Coast of the Caspian Sea from the 15th to the First Half of the 17th Century Vol. 3, No. 2.
Rayfield, D.
2012
Edge of empires: A history of Georgia. London: Reaktion Books.
Suny R.
1994
The making of the Georgian nation. Bloomington: Indiana University Press.
UNESCO
2020a
ინფორმაცია მოძიებულია 2020 წლის 29 სექტემბერს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: https://whc.unesco.org/en/tentativelists/state=ge
UNESCO
2020b
ინფორმაცია მოძიებულია 2020 წლის 29 სექტემბერს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: https://whc.unesco.org/en/list/1442/
UNESCO
2020c
ინფორმაცია მოძიებულია 2020 წლის 31 სექტემბერს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: https://whc.unesco.org/en/tentativelists/5226/
UNESCO
2020d
ინფორმაცია მოძიებულია 2020 წლის 30 სექტემბერს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: https://whc.unesco.org/en/statesparties/ir
Williams T.
2015
Mapping the Silk Road. The Silk Roads: Interwoven History, (eds) M. N. Walter, J. P. Ito Adler. Cambridge: Cambridge Institutes Press.
Williams T.
2014
The Silk Roads: an ICOMOS thematic study. Paris: ICOMOS.