მარიო ვარგას ლიოსას რომანის „ქალაქი და ძაღლები“ მთავარი პერსონაჟების დუალისტური ბუნება
DOI: 10.55804/jtsu-1987-8583-15-9
„ქალაქი და ძაღლების“ სიუჟეტურ განლაგებას წარმართავს ის დუალიზმი, რომელსაც თავად სათური გვიჩვენებს და რომელიც გაძლიერებულია პარალელებისა და კონტრასტების სისტემით. ლეონსიო პრადოს სამხედრო სასწავლებლის მაგალითზე მკითხველი აღმოაჩენს დიდ და მწარე რეალობას, რომელიც მარიო ვარგას ლიოსას ქვეყნის, პერუს, იმდროინდელ რეალობას წარმოადგენს. რომანში ორი პარალელური სამყარო (სასწავლებელი და ქალაქი) დანტეს გამოძახილია. დანტეს პერსონაჟების მსგავსად, მ. ვ. ლიოსას გმირების შეხვედრა არა ნაძალადევი, არამედ შემთხვევითია. მ. ვ. ლიოსა, როგორც დანტე თავის „ღვთაებრივ კომედიაში“, უფრო ჯოჯოხეთში მყოფი პერსონაჟების მოქმედებას აღწერს, ვიდრე – მათისას, ვინც სასურველ სამოთხეში ცხოვრობს [Martos, 2012]. „Creo que las experiencias traumáticas son mucho más fecundas para un escritor, por lo menos para un escritor moderno, que las experiencias felices. Las experiencias que para mí son más fecundas desde el punto de vista literario tienen que ver con conflictos, traumas, con momentos difíciles, con algún tipo de frustración o desgarramiento; o también de gran exaltación. No son hechos convencionales, esos hechos que no dejan mayor huella en la memoria; son hechos más bien conflictivos y muchas veces traumáticos“ [Llosa, 2015].
რომანში ორი ცენტრი – სასწავლებელი და ქალაქი – ფუნქციონირებს, როგორც მიკროკოსმოსი და მაკროკოსმოსი. ეს არის ორი პარალელური სამყარო, რომლებიც ერთდროულად ავსებენ და უპირისპირდებიან ერთმანეთს. სკოლა არის ქალაქის, კერძოდ კი, ლიმას მეტაფორა, სადაც თავს იყრის ყველა სოციალური ფენის, რასისა და წამომავლობის ადამიანი. სკოლაში გაბატონებულია სამხედრო დისციპლინა, იგივე ფარისევლური, მაჩისტური და იერარქიული სამყარო, რომელიც ქალაქში დომინირებს. ამავე დროს, სკოლისა და ქალაქის დაპირისპირება რომანის თანდაყოლილი პირობაა. სკოლაში არსებული ძალადობრივი სამყაროდან თავის დაღწევის ერთადერთი გამოსავალი ქალაქში წასვლაა. სასწავლებლის ძალადობრივ გარემოში კადეტების ცხოვრების ძირითადი მიზანი ქალაქში გასეირნების უფლების მოპოვებაა, რადგან, სკოლისაგან განსხვავებით, ქალაქში მათ არ უწევთ იყვნენ მოძალადეები [Payne, 1991]. სკოლისა და ქალაქის პარალელური სამყაროები რომანის მთავარი გმირების დუალისტური ბუნების განმსაზღვრელია. დახურული სივრცე – სასწავლებელი –პატიმრობის, ჯოჯოხეთური ცხოვრების მეტაფორაა, ქალაქის ღია სივრცე კი – თავისუფლების. თუკი სკოლა იძულებასთან, აგრესიასთან, ძალადობასა და დასჯასთან ასოცირდება და კადეტები იქ მოძალადე, გარყვნილი არსებები არიან, ქალაქი მათი სურვილების ასრულების, მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან ურთიერთობის, საყვარელ ადამიანთან შეხვედრის, გართობისა და თავისუფალი ცხოვრების საშუალებაა, სადაც გმირების მეგობრულ, ადამიანურ, კეთილ ბუნებას ვხედავთ.
რომანის გარკვეული ეპიზოდები გმირების პირად ცხოვრებას ასახავს, სკოლის გარეთ ან სკოლამდე, რათა მკითხველი უკეთ ჩაწვდეს თითოეული მათგანის შინაგან სამყაროს. პერსონაჟები ქალაქში სხვა ადამიანები არიან, კოლეჯში კი – სხვა. კადეტებისთვის სკოლა არის აწმყო და მოზარდობა, ხოლო ქალაქი – ბავშვობა, წარსული და მომავალი. სასწავლებლის თვალთმაქცურ გარემოში ცხოვრება მათ აიძულებს თავი განსხვავებულად, მოძალადე ადამიანებად წარმოაჩინონ. მთავარი გმირების ამ ორმაგ ბუნებაზე მარიო ვარგას ლიოსა რომანის სარტრისეულ ეპიგრაფშივე მიგვანიშნებს: „Kean: Jugamos a ser heroes porque somos indignos y a ser santos porque somos pecadores...“ [Llosa, 1989:4]. თითქმის ყველა პერსონაჟს ზედმეტსახელი აქვს, რაც კვლავ მათ ორმაგ ცხოვრებაზე მიუთითებს.
ალბერტო ფერნანდესს, მეტსახელად „პოეტს“, ორმაგი იდენტობა აქვს. კოლეჯის შიგნით ის უგრძნობი, უხეში და მოჩხუბარი მოზარდია, კოლეჯის გარეთ კი სათუთი ბუნებით გამოირჩევა. იგი თავს უხეშ და ცივ ადამიანად წარმოაჩენს, რეალურად კი, მგრძნობირე და ნოსტალგიურია. მისი შინაგანი სამყარო მხოლოდ „მონასთან“ ურთიერთობაში ვლინდება. მკითხველისათვის უცნობია, მისი ფრაზები გულწრფელია თუ გავლენის მოპოვების მიზნით ნათქვამი. მისი გმირისთვის დამახასიათებელია ბუნდოვანება. ალბერტო ფერნანდესის გარკვეული ქცევები უმიზეზო ან აუხსნელია, რაც მისი სასწავლებლის გარემოსთან ადაპტაციის მცდელობებით აიხსნება: „Yo me hago el loco, quiero decir el pendejo. Eso también sirve, para que no te dominen“ [Llosa, 1989: 10].
პოეტი მარტოსული პერსონაჟია. მასზე, ერთი მხრივ, კოლეჯის ძალადობრივი სისტემა მოქმედებს, ხოლო, მეორე მხრივ, „წრე“, რომელსაც თავად არ ეკუთვნის. მას საკუთარი ემოციებისა და ინსტინქტებისაგან განსხვავებული მორალი არ გააჩნია. ალბეტო არა კოლეჯის, არამედ საკუთარ ინსტინქტურ მორალს ემორჩილება. იგი შუამავალია მკითხველსა და რომანს შორის, რადგან ნაწარმოების უმეტესი ნაწილი მისი მონათხრობია. ალბერტო ერთადერთი პერსონაჟია, რომლის იდენტიფიცირებაც თავიდანვე შეუძლია მკითხველს.
ბელავისტას უბანში მცხოვრები იაგუარის ხასიათის ჩამოყალიბება სოციალური გარემოს გავლენით არის განპირობებული. იაგუარის პერსონაჟი ტემპერამენტიანი, მოქნილი და მამაცია. მის მიერ შექმნილი „წრის“ საშუალებით იგი ებრძვის ძალადობასა და უსამართლობას, თუმცა ბრძოლაც ძალადობრივი ხასიათისაა. სასწავლებელში იაგუარის მთავარი მიზანი თავდაცვაა. მისი უპირატესობა სისხარტითა და შემტევი ხასიათით არის განპირობებული. ძალადობით გამორჩეული იაგუარი სასწავლებელში ყველა კადეტისთვის მისაბაძი მაგალითია, მათ შორის პოეტისთვისაც: „Me estoy riendo como el Jaguar. ¿Por qué lo imitan todos?“ [Llosa, 1989:10]
ნაწარმოების პირველ ნაწილში იაგუარი გამორჩეული, მაგრამ მეორეხარისხოვანი პერსონაჟია, რომელსაც მკითხველი ყოველთვის გარედან და შორიდან ხედავს, როგორც საშინელ, მოძალადე ადამიანს, რომელშიც შეუზღუდავი სისასტიკე და ბოროტებაა [Cercas, 2012], მაგრამ, ამავე დროს, ის არის რომანის ანონიმური ხმა, რომელიც თავიდანვე გვიყვება ტერესას მიმართ თავისი სიყვარულის ისტორიას, რომელიც „მონისა“ და პოეტის სიყვარულზე გაცილებით ძლიერია.
რიკარდო არანა, „მონა“ ფუფუნებაში გაზრდილი, პასიური, ბრძოლის უუნარო პერსონაჟია, რაც კადეტების მხრიდან მის მუდმივ შევიწროებასა და დამცირებას იწვევს. მორჩილი და დამჯერი ხასიათით გამორჩეული მონა, ყოველთვის მსხვერპლის როლშია. სუსტი, არაძალადობრივი ბუნების რიკარდო არანა კადეტებში, განსაკუთრებით კი იაგუარში, „არამამაკაცურ“ შთაბეჭდილებას ტოვებს და ზიზღს იწვევს: „Me das asco. No tienes dignidad ni nada. Eres un esclavo“ [Llosa, 1989:26]. მონა ერთადერთია, ვინც ვერ ახერხებს სასწავლებლის გარემოსთან ადაპტაციას.
ოჯახური ძალადობის მსხვერპლი მონა თავის ისტორიას „შინაგანი მონოლოგის“ საშუალებით მოგვითხრობს. იგი რომანის ყველაზე ტრაგიკული პერსონაჟია. მას არჩევანის უფლება ოჯახმა წაართვა, საკუთარი პიროვნების გამოვლენის შესაძლებლობა კი – კოლეჯმა. სასწავლებელი მას მხოლოდ ძალადობაში მონაწილეობას სთავაზობს, რაც მისთვის სრულიად უცხოა. მონა ერთადერთი გაუცხოებული და უმოქმედო პერსონაჟია სასწავლებლის სხვა კადეტებს შორის, ამასთანავე, იგი სიყვარულისთვის მებრძოლი ადამიანია, რასაც საბოლოოდ ეწირება კიდეც. ნაწარმოების დასაწყისიდანვე აშკარაა მისი გრძნობები და საიდუმლო სიყვარული ტერესას მიმართ.
ლეიტენანტი გამბოა რომანში კადეტების განათლებასა და ქცევაზე პასუხისმგებელი პირია. იგი სასწავლებლის ძალადობრივი სააღმზრდელო სისტემის ნაწილია. ლეიტენანტი გამბოას მიზანი მკაცრი სამხედრო დისციპლინის საფუძველზე ღირსეული ჯარისკაცის აღზრდაა. მამაცობითა და საბრძოლო ისტორიით გამორჩეული გამბოა კადეტებში აღფრთოვანებასა და პატივისცემას იწვევს. გამბოა იაგუარისთვის ავტორიტეტია: „Gamboa es el más fregado de los oficiales, pero el único que es justo“ [Llosa, 1989:161].
ლეიტენანტი გამბოას მთავარი დანიშნულება სასწავლებელში არსებული წესების დაცვაა, თუმცა ნაწარმოების ბოლოს ირკვევა, რომ სამხედრო დაწესებულების პრესტიჟი და იმიჯი აღნიშნული ინსტიტუტის რეგულაციების დაცვაზე მნიშვნელოვანია. იგი დილემის წინაშე დგას: დაიცვას რეგულაციები თუ არ დაემორჩილოს ზემდგომ პირებს, დაარღვიოს წესები და უარი თქვას თავის მთავარ პრინციპზე – დისციპლინაზე. ორივე ვითარებაში გამბოა ღალატობს ინსტიტუტს, მაგრამ მხოლოდ პირველ შემთხვევაში უქმნის მას საფრთხეს, ამიტომ მეორეს ირჩევს. გამბოა თმობს საკუთარ პროფესიულ მისწრაფებებს და საცხოვრებლად პუნაში, პერუს ერთ-ერთ პროვინციაში, გადადის. გამბოა რომანის ყველაზე სუფთა და იმედგაცრუებული გმირია. მისი პერსონაჟი გამოხატავს ავტორის მთავარ სათქმელს, რომ კორუმპირებულ საზოგადოებაში ინდივიდი მარცხდება, თუმცა მისი ბრძოლა უსამართლობის წინააღმდეგ, მისი მცდელობა უკეთესობისკენ შეცვალოს არსებული ძალადობრივი გარემო, გამარჯვების ტოლფასია.
რომანში გმირად ჯერ მონაა გამოყვანილი, შემდეგ ალბერტო, ბოლოს კი ირკვევა, რომ ნამდვილი გმირი იაგუარია. მთავარი გარდატეხა რომანში იაგუარის პერსონაჟის ცვლილებაა. თუკი ნაწარმოების დასაწყისში მკითხველი უარყოფითად არის მის მიმართ განწყობილი, რომანის დასასრულს აღფრთოვანებულია მისით. მიუხედავად განსხვავებული მორალისა და ბრძოლისუნარიანობისა, რომანის ყველა მთავარ პერსონაჟს შეუძლია იყოს მსხვერპლი და ამავე დროს – გმირიც. თითოეული მათგანი როგორც უარყოფითი, ასევე დადებითი თვისებების მატარებელია. მიუხედავად იმისა, რომ რომანის მთავარ გმირებს საზოგადოებაში თავიანთი ადგილის არჩევანის უფლება ჩამორთმეული აქვთ, მწერალი მათ მორალური არჩევანის უფლებას უტოვებს.
რომანის პირველ ნაწილში აღწერილია დისციპლინირებული სწავლებით გამორჩეულ სამხედრო სასწავლებელში ჩადენილი დანაშაული. ასევე, ვეცნობით პერსონაჟებს და მათ საცხოვრებელ გარემოს, გმირების სოციალურ კლასებს, ოჯახებს, მათ მოგონებებსა და სოციალურ როლს. რომანის პირველ ნაწილში პერსონაჟების უმეტესობა მკითხველში ნეგატიურ დამოკიდებულებას იწვევს. მ. ვ. ლიოსა პერსონაჟებს, მათი ცხოვრებისეული გარემოს შესაბამისად, მოძალადე, გარყვნილ, უსამართლო არსებებად წარმოგვიდგენს.
I ნაწილი:
ცხრილი 1
პერსონაჟი |
ნეგატიური აღქმა |
პოზიტიური აღქმა |
პოეტი |
მეგობრის საყვარელი გოგონას გულის მოგებას ცდილობს. |
ნიჭიერი, მოხერხებული, მეოცნებე, მგრძნობიარე, არ არის ბოროტი, შეუძლია მეგობრობა. |
იაგუარი |
წვრილმანი კრიმინალი, ქურდი, მკვლელი, შურისმაძიებელი, მჩაგვრელი, მოძალადე.
|
სძულს ღალატი. |
მონა |
უუნაროა, არ შეუძლია ბრძოლა, ეგუება ჩაგრულის პოზიციას, პირადი ინტერესის გამო აბეზღებს თანაკლასელს.
|
მგრძნობიარე, გაუცხოებული, შეყვარებული.
|
ლეიტენანტი გამბოა |
სამხედრო სასწავლებელში დამყარებული ძალადობრივი და ამორალური სააღმზრდელო სისტემის მონაწილეა.
|
კადეტების პატივისცემას იმსახურებს. |
რომანის მეორე ნაწილში აღწერლია დანაშაულის – კერძოდ, მონას მკვლელობის - შემდეგ განვითარებული კვანძი. მწერალი აღწერს კოლეჯის მმართველობის მხრიდან გამოვლენილ გულგრილობას, პასუხისმგებლობის თავიდან აცილებასა და დანაშაულის დაფარვის მცდელობას. დანაშაული რომანის პერსონაჟებს შინაგანად ცვლის. ამიტომაა, რომ ისინი მკითხველისათვის მოულოდნელ ქცევებსა და ქმედებებს ავლენენ, რაც ტრაგედიის შემდეგ განვითარებული მოვლენების გავლენით არის განპირობებული.
II ნაწილი
ცხრილი 2
პერსონაჟი |
ნეგატიური აღქმა |
პოზიტიური აღქმა |
პოეტი |
აბეზღებს იაგუარს. |
იბრძვის სამართლიანობისათვის, სინდისი აწუხებს, ერთი მხრივ, მონას, მეორე მხრივ, იაგუარის გამო, „დანაშაულის გამოსწორების“ მიზნით ბოდიშს უხდის იაგუარს. |
იაგუარი |
აგრძელებს ძალადობრივ ქმედებებს. |
პოეტს პატიობს ღალატს, „წრის“ მიერ მისი ღალატში დადანაშაულების შემდეგ არ აბეზღებს ნამდვილ მოღალატეს. |
ლეიტენანტი გამბოა |
სასწავლებლის პრესტიჟის შესანარჩუნებლად სიჩუმეს ამჯობინებს და წყვეტს ბრძოლას. |
იბრძვის, ერთი მხრივ, სამართლიანობის დასადგენად, მეორე მხრივ, კი უპირისპირდება კორუფციულ სამხედრო სისტემას. |
ეპილოგში მკითხველი პერსონაჟების ცხოვრების ახალ დეტალებს იგებს. კერძოდ, ვინ არის დამნაშავე და რა ბედი ელით მათ სამხედრო სასწავლებლის დასრულების შემდეგ. პერსონაჟების მიერ გაკეთებული არჩევანი მკითხველს საბოლოო წარმოდგენას უყალიბებს თითოეული პერსონაჟის შესახებ.
ეპილოგი
ცხრილი 3
პერსონაჟი |
ნეგატიური აღქმა |
პოზიტიური აღქმა |
პოეტი |
ამბიციური, კლასობრივ ცრურწმენებს სიყვარულზე მაღლა აყენებს, იმ საზოგადოების წევრი ხდება, რომლის მსხვერპლიც თავად იყო. |
|
იაგუარი |
|
განწირული, ღარიბი, ობოლი ბავშვია, ნანობს და აღიარებს დანაშაულს, წყვეტს ძალადობრივ, კრიმინალურ ცხოვრებას, საყვარელ ადამიანთან ერთად ქმნის ოჯახს და პატიოსანი შრომით აგრძელებს ცხოვრებას. |
ლეიტენანტი გამბოა |
|
ირჩევს მორალს, რასაც მისი საოცნებო სამხედრო კარიერა ეწირება, შორდება პრესტიჟულ სამხედრო დაწესებულებას და განმარტოებულ, მშვიდ ცხოვრებას ირჩევს.
|
რომანის „ქალაქი და ძაღლები“ მთავარი გმირების ანალიზის შედეგად ნათელი გახდა მათი დუალისტური ბუნების მახასიათებლები. აშკარაა, რომ მხოლოდ რომანის ბოლოს იგებს მკითხველი, თუ რომელ „მეს“ განავითარებს ესა თუ ის გმირი, დადებითს თუ უარყოფითს. არჩევანი, რომელიც თითოეული გმირის შემდგომი ცხოვრების განმსაზღვრელია, მათი პიროვნების ნამდვილ სახეს გვიჩვენებს. რომანის ბოლოს ალბერტოს გმირს აღარ აქვს ის მორალური რყევები და მხატვრული მიდრეკილებები, რომლებიც მას სკოლაში სწავლის პერიოდში გამოარჩევდა [Kristal, 2012]. რომანში განვითარებულია აზრი, რომ სასწავლებელი დიქტატურული რეჟიმის მიკროკოსმოსს წარმოადგენს და კადეტების თავისუფალ განვითარებას აფერხებს, თუმცა, მთავარი აქცენტი სასწავლებლის დამთავრების შემდგომ ცხოვრებაზეა გადატანილი და იმაზე, თუ რა როლი ითამაშა სასწავლებლის გარემომ მთავარი პერსონაჟების ცხოვრებაში. პოეტის შემთხვევაში რადიკალური ცვლილება არ შეინიშნება. მას გადაწყვეტილი აქვს მამის კვალს გაჰყვეს და გახდეს იმ საზოგადოების წევრი, რომლის მაჩისტური შეხედულებების მსხვერპლი თავადვე იყო. მონის პერსონაჟი, რომელმაც დაკარგა ან არასდროს ჰქონია მორალი [Cueto, 2012], საკუთარი უსუსურობის მსხვერპლია – მისი ცხოვრება ფატალურად სრულდება. მონა ერთადერთი პერსონაჟია, რომელიც ბედს ეგუება და არანაირი მცდელობა არ აქვს, შეცვალოს რეალობა. ადამიანის ბუნების პარადოქსულობა ყველაზე კარგად იაგუარში ვლინდება. ნაწარმოების ბოლოს ვიგებთ, რომ ისეთ ადამიანსაც კი, რომელიც არის მოძალადე, მჩაგვრელი და კრიმინალი, შეუძლია დიდი სიყვარული. იაგუარს რომანის მთავარ პერსონაჟად აქცევს მისი არჩევანი, დაივიწყოს კრიმინალური წარსული და აირჩიოს საყვარელ ადამიანთან ერთად მშვიდი ცხოვრება. რაც შეეხება ლეიტენანტ გამბოას, ის არის პერსონაჟი, რომელიც წესრიგის, დისციპლინისა და მორალის სადარაჯოზე დგას, იგი არის გმირი, რომელიც მარცხდება კორუფციული სისტემის წინაშე, თუმცა მისი არჩევანი, დადგეს სამართლიანობის მხარეს, მას გამარჯვებულს ხდის. გამბოა რომანში განასახიერებს ღირსეულ წარუმატებლობას – ის მარცხდება, მაგრამ მისი მარცხი ტრიუმფია. ალბერტო კი მისი კონტრფიგურაა – ის ტრიუმფს აღწევს, მაგრამ რეალურად მისი ტრიუმფი წარუმატებლობაა. თუკი იაგუარის წარსულის გამოვლენა და შემდგომი არჩევანი კეთილშობილურ გრძნობებს აღძრავს მკითხველში, ალბერტოს საბოლოო ტრანსფორმაცია არის გარდასახვა გულგრილი ინდივიდიდან ამორალურამდე და განმარტავს რომანის მთავარ თემას: კორუმპირებული ინსტიტუციის ტრიუმფს, რომელიც ხელს უწყობს არაჯანსაღი მორალის მქონე საზოგადოების ჩამოყალიბებას.
ლიტერატურა
Cercas J. 2012 |
La Pregunta de Vargas Llosa, Rae.es. |
Cueto A. 2012 |
„La Ciudad y Los Perros“: El Itinerario Moral, Biblioteca Virtual Miguel de Cervantes. |
Kristal E. 2012 |
Refundiciones Literarias y Biográficas en La Ciudad y Los Perros, Rae.es. |
Llosa M. V. Cruz. J. 2015 |
Interview of Juan Cruz with M. V. Llosa, Mario Vargas Llosa: “No tengo talento natural. Me cuesta escribir”. El País. |
Llosa V.M. 1989 |
„La ciudad y los perros“. Biblioteca de bolsillo. |
Martos M. 2012 |
La Ciudad y Los Perros: Áspera Belleza. Scribd.com |
Payne J. A. 1991 |
Anima Rejection and Systemic Violence in "La ciudad y los perros".JSTOR. |