კონტრასტული დისკურსის მარკერების გრამატიკულ-პრაგმატიკული ფუნქციურობის შეპირისპირებითი ანალიზი ინგლისურსა და ქართულ ენებში ტოკშოუს მაგალითზე


1. ლიტერატურის მიმოხილვა

თანამედროვე ლინგვისტიკაში დისკურსის მარკერებს ძირითადად პრაგმატიკულ და სემანტიკურ ასპექტებში იკვლევენ. კვლევების სიმრავლის მიუხედავად, ჯერ კიდევ საკამათოა გამომხატველობითი ფუნქციის მქონე ამ ენობრივი ერთეულების სახელწოდება. სამეცნიერო ნაშრომებში დამკვირდებულია შემდეგი ტერმინები: დისკურსის მარკერები (შიფრინი, 1987), პრაგმატიკული მარკერები (ბრაინტონი, 1996; ფრეიზერი, 1996), დისკურსის მაკავშირებლები (ბლექმორი, 1989), დისკურსის ოპერატორები (რედეკერი, 1991), სასიგნალო ფრაზები (კნოუტი, 1993), დისკურსის ნაწილაკები (შოურუფი, 1985), პრაგმატიკული ნაწილაკები (ოსტმანი, 1983) და პრაგმატიკული გამონათქვამები (ერმანი, 1987). ნაშრომი იზიარებს ამერიკელი ლინგვისტის დებორა შიფრინის[1] აზრს და იყენებს ყველაზე გავრცელებულ ტერმინს, დისკურსის მარკერები DMs, ვინაიდან აღნიშნული ერთეულები წარმოადგენს პრაგმატიკული მარკერების ქვეჯგუფს (ფრეიზერი, 1996) და აერთიანებს არა მხოლოდ დისკურსის ნაწილაკებსა და კავშირებს, არამედ ლექსიკალიზებულ ერთეულებს (you know, I mean), დროის მაჩვენებლებს (now, then) და დამატებებს (so, because). გარდა ამისა, ტერმინები დისკურსის ნაწილაკები და კავშირები სინტაქსური ტერნიმებია, დისკურსის მარკერები კი, უპირველეს ყოვლისა, პრაგმატიკისა და დისკურსის ანალიზის განსახილველ საკითხს წარმოადგენს.

დისკურსის მარკერის ადრეული განმარტება ჯ. ოსტმანთან (1981) გვხვდება, რომელიც წარმოგვიდგენს დისკურსის მარკერების ოთხ ძირითად ლინგვისტურ მახასიათებელს: დისკურსის მარკერი არის: (ა) მოკლე, (ბ) პროსოდიულად სხვა სიტყვაზე დაქვემდებარებული, უმახვილო (გ) წინადადების შინაარსისაგან დამოუკიდებელი და (დ) სინტაქსურად ცალკე მდგომი ენობრივი ერთეული. მ. კოულთარდმა და მ. მონტგომერიმ[2] გაიზიარეს ჯ. ოსტმანის აზრი, რომლის მიხედვითაც დისკურსის მარკერებს არ გააჩნიათ ლექსიკური მნიშვნელობა და სინტაქსურადაც წინადადებისაგან განცალკევებით დგანან. ლ. ბრაინტონმა (1996) გამოყო დისკურსის მარკერების შემდეგი სინტაქსური მახასიათებლები: (ა) ისინი წინადადებაში საწყის პოზიციაზე გვხვდება, (ბ) რჩებიან სინტაქსური სტრუქტურის მიღმა, (გ) მათი გამოყენება ნებაყოფლობითია; მანვე გამოყო შემდეგი ფონოლოგიური მახასიათებლები: (ა) აქვთ მოკლე ფორმა და მოკლებული არიან მნიშვნელობას, (ბ) აქვთ განსხვავებული ტონი, (გ) რთულია მათი მიკუთვნება სიტყვის რომელიმე კონკრეტული კლასისათვის. ბ. ფრეიზერის (1999) მიხედვით,  დისკურსის მარკერები, გარდა იდიომატური ფრაზებისა (still, all, all things considered), წარმოადგენს სამ ძირითად მეტყველების ნაწილს – კავშირებს, ზმნიზედებს და წინდებულიან ფრაზებს, რომლებიც სინტაქსურად დამოუკიდებლებად დგანან წინადადების სტრუქტურისაგან, მაგრამ ამავდროულად ინარჩუნებენ თავიანთი კლასისათვის დამახასიათებელ სინტაქსურ ღირებულებას. სემანტიკურად დისკურსის მარკერები აკმაყოფილებს შემდეგ კრიტერიუმებს: 1) ერთმანეთთან აკავშირებს დისკურსის ორ სეგმენტს ისე, რომ არ წარმოადგენს არც ერთი სეგმენტის ნაწილს; 2) მათი მნიშვნელობა პროცედურულია და არა კონცეპტუალური; 3) მათი საშუალებით ვახდენთ ტექსტის, მოსაუბრის სურვილისა და მიზნის ინტერპრეტაციას. 

ბ. ფრეიზერის (2009) მიხედვით, დისკურსის სეგმენტებს (S1 და S2) შორის არსებული კავშირის მიხედვით დისკურსის მარკერების სამი ქვეჯგუფი[3] გამოიყოფა: 1) კონტრასტული დისკურსის მარკერები (CDMs), მაგალითად, but, however, still, yet, even though, instead (of), გამოხატავს S1 და S2 შორის არსებულ წინააღმდეგობას/კონტრასტს; 2) აზრის განვითარების დისკურსის მარკერები (Elaborative DMs) ემსახურება წინამდებარე დებულების (S1) განვრცობასა და დაზუსტებას. ასეთი დისკურსის მარკერებია and, after all, also, besides, in other words, likewise, otherwise, for instance, moreover და სხვა; 3) დასკვნითი დისკურსის მარკერები (Inferential DMs) მიანიშნებს, რომ მომდევნო დებულებაში (S2) დასკვნა კეთდება წინამდებარე დებულებაზე (S1) დაყრდნობით, მაგალითად, მარკერები so, as a result, because,  therefore, then,  thus და სხვა. ბ. ფრეიზერი სამეცნიერო ნაშრომში ,,The Account of Discourse Markers’’ (ფრეიზერი, 2010) ასახელებს თითოული კლასის ყველაზე გავრცელებულ დისკურსის მარკერებს: but (კონტრასტული), and (აზრის განვითარების), so (დასკვნითი). მისივე განმარტებით, არ მოიძებნება მარკერი, რომელიც მიეკუთვნება ერთზე მეტ ფუნქციურ კლასს, თუმცა მას აღნიშნულ კლასში, შესაძლოა, ჰქონდეს რამდენიმე ქვეფუნქცია. საგულისხმოა, რომ ბ. ფრეიზერის აღნიშნულ ჩამონათვალში არ მოხვდა შორისდებულები (oh, uh, aha, ah, ay, oy, eh, ouch, mhm) და ლექსიკალიზებული ფრაზები (I mean, you know, like), რომლებიც დ. შიფრინთან (1987) დისკურსის მარკერებად განიხილება.

2. ემპირიული კვლევა 

საკვლევ მასალად აღებულია პოპულარული ამერიკული და ქართული ტოკშოუების (ელენის შოუ და ნანუკას შოუ) შემთხვევითობის გზით შერჩეული 10-10 გადაცემა. აღნიშნული შოუები ერთმანეთს ჟანრობრივად ემთხვევა და ორივე მათგანი სამი ძირითადი ნაწილისაგან შედგება: შესავალი (წამყვანის მონოლოგი), ინტერვიუ (წამყვანსა და სხვადასხვა პროფესიის ცნობილ ადამიანს შორის დიალოგი) და დასკვნა (წამყვანის მიერ დღის ამბების შეჯამება, მადლობას გადახდა და დამშვიდობება). დისკურსის მარკერების კვლევის პროცესში განსაკუთრებით ხელსაყრელია ინტერვიუს ნაწილი, სადაც ადრესანტი (წამყვანი) და ადრესატი (სტუმარი) დაუგეგმავი და ცოცხალი საუბრის პროცესში იყებენენ სხვადასხვა სახის პრაგმატიკულ (მათ შორის დისკურსის) მარკერებს. ამგვარად, ტოკშოუს ჟანრის კვლევა განაპირობა: (1) ჟანრის საკომუნიკაციო ფუნქციამ, (2) მასში ,,ცოცხალი’’ დიალოგის არსებობამ; (3) ნაკლებად ფორმალური ენის გამოყენებამ; (4) თანამედროვე, მიმდინარე ენის წარმოდგენის შესაძლებლობამ. 

თვისებრივი კვლევის ფარგლებში, ბ.ფრეიზერის მეთოდოლოგიური ჩარჩოს მიხედვით, დეტალურად მიმოვიხილე დაძებნილი კონტრასტული დისკურსის მარკერების გრამატიკულ-პრაგმატიკულ ფუნქციები. სტატია, ბ. ფრეიზერის თეორიის მსგავსად, აღნიშნულ ენობრივ ერთეულებს განარჩევს მათი ჰომოფონებისაგან, რომლებსაც გააჩნია სხვა სემანტიკური მნიშვნელობა და ისინი არ განიხილება დისკურსის მარკერების ფუნქციურ კლასებში. ენებს შორის შეპირისპირებითი ლინგვოპრაგმატიკული ანალიზის საშუალებით მოვიძიე ინგლისური დისკურსის მარკერის შესატყვისები ქართულ ენაში,  განვიხილე მათი ფუნქციური თავისებურებები და ენობრივი მახასიათებლები. 

შერჩეული გადაცემების დისკურსში განისაზღვრა დისკურსის მარკერების რამდენიმე ტიპი მათი გრამატიკულ-პრაგმატიკული ფუნქციურობის მიხედვით: 

პირველი ტიპი – მომდევნო დებულება (S2) ეწინააღმდეგება წინა დებულებას (S1). ამ ტიპის ყველაზე გავრცელებული კონტრასტული დისკურსის მარკერია but, რომელიც ასახავს დისკურსის სეგმენტებს შორის არსებულ შედარებით სუსტ კონტრასტს, მაგალითად, დისკურსის წინა სეგმენტში გამოხატული მოლოდინის, გამოთქმული ვარაუდის, შთაბეჭდილების არგამართლებას:

(1) ა) ელენი: First of all, I should not call it cycling, it’s an electric bike, but, ah. საიმონ ქოუელი: You still could have cycled.
ბ) ელენი: No, I know. I had one, but it’s not, you know…we are not cyclists. We’re on an electric-powered bike. 
გ) ელენი: I don’t imagine you cry often. საიმონ ქოული: I think three times in my life. ელენი: Is that true?  საიმონ ქოუელი: No, it’s not true, but, there was something about this guy.
დ) ელენი: You are just brutally honest, but, so, it was just “kinda” great to see that. 

(1ა) but ასრულებს დისკურსის მარკერის ფუნქციას, რაც გამოხატავს მოსაუბრის მხრიდან პირველი (წინა) სეგმენტის უარყოფას. ელენი წინადადების დასაწყისში (S1) გამოთქვამს აზრს, რომლის გაბათილებასაც შემგომ but-ის გამოყენებით ცდილობს. (1ა) ამავე მაგალითში, შესაძლოა, წამყვანი ინტერესდებოდეს სტუმრის პოზიციით და განზრახ არ ასრულებდეს თავის სიტყვას, but პაუზის შევსების, სიჩუმის თავიდან არიდების ან ყოყმანის[4] დროსაც იყენებენ. 
(1ბ) ეს წინადადება კონტრასტული მარკერების პირველი ტიპის თვალსაჩინო მაგალითია, რომელიც, ბ. ფრეიზერის ფორმულის მიხედვით, S1,CDMs+S2 (პირველი შეხედულება, კონტრასტული დისკურსის მარკერი + საწინააღმდეგო შეხედულება) ფორმულით შეგვიძლია წარმოვაჩინოთ. 
(1გ) but არ გამოიყენება, როგორც დისკურსის მარკერი, ის ერთი დისკურსის ორ სეგმენტს შორის კავშირს არ წარმოადგენს, არამედ გამოხატავს გარდამავალ კავშირს ორ სხვადახვა საკითხს/თემას შორის. ბოლო მაგალითში 
(1დ) but ცალსახად დისკურსის მარკერია, ვინაიდან S2-ში წამყვანი უარყოფს S1-ში გამოთქმულ მოსაზრებას (დისკურსი, განსახილველი საკითხი არ შეცვლილა), გარდა ამისა, დისკურსის მეორე სეგმენტში დასკვნითი დისკურსის მარკერის so ჩართვა მეორე სეგმენტს მსჯელობის შემაჯამებელ მოსაზრებად წარმოაჩენს. 
ამგვარად, but დისკურსის მარკერად მიიჩნევა იმ შემთხვევაში, თუ მის წინამდებარე და მომდევნო სეგმენტებს შორის შეინიშნება პირდაპირი (explicit) ან, სულ მცირე, ნაგულისხმები (implicit) კავშირი. წინააღმდეგ შემთხვევაში ის წინადადებაში დისკურსის მარკერის ენობრივ ჰომოფონად – თემის შეცვლის კავშირად გვევლინება. 

(2) ა) უილ ფარელი წამყვანს უზიარებს, როგორ მიმართავს საკუთარ შვილებს: I am sorry that your feelings are hurt, I hear what you are saying, however, within five minutes get upstairs, brush your teeth (and go to sleep), Shut up, OK?  
ბ) ბარაკ ობამა: And the reason is because there are bunch of folks who say that we’re widely overspending even though we are not.
გ) ბილ გეითსი: young people do get the flu quite a bit, although they don’t die of it here. 
 (2ა) however წინადადებაში S1 და S2 შორის დგას და მიზნად ისახავს მეორე სეგმენტის დაპირისპირებას წინამდებარე სეგმენტთან. But-ისგან განსხვავებით, however არ წარმოადგენს აბსოლუტურ უარყოფას. ბ. ფრეიზერის მიხედვით, ის შთაბეჭდილებას ქმნის, რომ მოსაუბრე ითვალისწინებს მსმენელის აზრს. ამ კონკრეტულ შემთხვევაშიც უილ ფარელი შვილებს დაძინებისაკენ მოუწოდებს (S2), მიუხედავად იმისა, რომ ესმის მათი და იზიარებს მათ სურვილებს (S1). ბ. ფრეიზერის აზრით, however-ის გამოყენების დროს, როგორც წესი, S2 გამოთქმული აზრი მსმენელისათვის მოულოდნელია. But-ისაგან განსხვავებით, however ძირითადად წინადადების დასაწყისში გვხვდება და მსჯელობის პროცესში მას იყენებს მხოლოდ მოსაუბრე (ის, ვინც წინამდებარე აზრი გამოთქვა), მაშინ როცა, but + S2, შესაძლოა, მსმენელმა S1-ის საპასუხოდ დაამატოს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ however მეტწილად წერილობითი ენისათვისაა დამახასიათებელი და ის საუბრის დროს არ გვხვდება ისეთი სიხშირით, როგორც but. 
(2ბ) even though დისკურსის სეგმენტებს შორის არსებულ კონტრასტს გამოხატავს. DM + S2 უარყოფს და აბათილებს S1 გამოთქმულ აზრს. 
(2გ) although-ს და even though-ს ფუნქციები ემთხვევა, ზოგჯერ განსხვავებულია მათი პოზიცია წინადადებაში. Although ზოგჯერ წინადადების თავში დგას, მაშინ როდესაც though, even though წინადადების შუაში ან ბოლოში დგას. 
მეორე ტიპის კონტრასტულ მარკერებს, but-თან და however-თან შედარებით, შეზღუდული გამოყენება აქვს. ამ ტიპის კონტრასტული მარკერები მიუთითებს, რომ მომდევნო სეგმენტი (S2) უარყოფს პირველ სეგმენტში (S1) გამოთქმულ აზრთან პირდაპირ ან ირიბად ასოცირებულ იდეას. ამ ტიპის გავრცელებული დისკურსის მარკერებია yet, still, even so და სხვ.:

(3) ა) ჯენიფერ ენისტონი: You can recline and relax
უილ ფარელი: I know yet it’s not relaxing, that’s weird.
ბ) ჯენიფერ ენისტონი: It’s nerve-wracking when you’re putting your honesty, your heart out there and yet it always seems to pay off because that’s what people really respond to. 
ორივე მაგალითში (3ა, 3ბ) yet შეგვიძლია but/but still-ით ჩავანაცვლოთ, ისე რომ წინადადება აზრს არ შეიცვლის. აქ yet ითარგმნება, როგორც „და მაინც’’, ,,მაგრამ მაინც’’. 
სხვა ტიპის კონტრასტული მარკერებია instead (of doing this/that) და rather (than (doing) this/that):
(4) ა) ელენი ჰილარი კლინტონს: Because it seems to me, more than ever, we need somebody who is going to go in and be able to kind of steer this ship in the right direction instead of going an extreme. 
(4ა) მოსაუბრისათვის S1 გამოთქმული აზრი მისაღებია და ის instead of-ის საშუალებით ეწინააღმდეგება S2 გამოთქმულ მოსაზრებას. ამგვარად, მოსაუბრე იზიარებს წინა აზრს და უარყოფს მომდევნოს. Instead ან rather than-ის გამოყენების შემთხვევაში პირველ სეგმენტში (S1) გამოთქმული აზრი შესწორებული და მართებულად მოწოდებულია მეორე სეგმენტში (S2). ასე მაგალითად, She should have taken it. Instead/*Rather she left it lying there. 

ქართულ ტოკშოუში ჭარბობს შემდეგი კონტრასტული დისკურსის მარკერები: 

5) ა) ნანუკა ჟორჟოლიანი: გუშინ, როდესაც „ნიუს-რუმში’’ მქონდა შეხვედრა, ვამბობდი, რამდენიმე ჟურნალისტმა გაუგებრობა გამოიწვია მაყურებელში...თუმცა, მე ვფიქრობ, კარგად განვმარტე, მაგრამ მაინც მინდა, დამატებითი ინფორმაცია მოგაწოდოთ.
ბ) მაკა ჩიჩუა: სურათი ძალიან მძიმეა, თუმცა ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი.
გ) ლევან ბერძენიშვილი: ძირითადად გადარჩებიან ხოლმე ისინი (პატიმრები), ვისაც იუმორის გრძნობა აქვთ და ის, ვინც იცის, რომ უსამართლობა არის პატიმრობა, მაგრამ ცხოვრებაში იმდენი კი დაგიშავებია, რომ 3-7 წლით ჩაგსვან... მე რომც არ დამეთვალა (დრო), ისეთი კაცი მყავდა, რომელსაც ყველა დღე დათვლილი ჰქონდა. 
დ) ლევან ბერძენიშვილი: შაქართან პრობლემა გვქონდა. 10 დღეში გვაძლევდნენ 2 კოვზს და ცოტა იყო ძალიან, ,,მარა’’ კანფეტი იყო...შაქრად ,,გადიოდა’’. 
ე) გურამ კაშია: მე მითამაშია ბევრად მეტი მაყურებლის წინაშე, მაგრამ ეს იყო ერთ-ერთი გამორჩეული თამაში.
ვ) ლიკა ქავჟარაძე: მიუხედავად იმისა, რომ გარიგებით მოხდა, მე მაინც ვცდილობდი,  ოჯახი შემექმნა. 
(5ა) „თუმცა“ და „მაგრამ მაინც“ (but still) წინა და მომდევნო სეგმენტებს შორის არსებული კონტრასტული კავშირის მაჩვენებელი დისკურსის მარკერებია. საკითხი წამყვანის მხრიდან უკვე განმარტებულია (S1), მიუხედავად ამისა („მაგრამ მაინც“), წამყვანი საჭიროდ თვლის დამატებითი ინფორმაციის მაყურებლისათვის მიწოდებას (S2). ორივე დისკურსის მარკერის გამოყენების დროს, მომდევნო დისკურსის სეგმენტი პირდაპირ ან ირიბად ეწინააღმდეგება წინა სეგმენტს. 
(5ბ) პირველი სეგმენტი (სურათი მძიმეა) არაპირდაპირი/ირიბი გზით (implicit meaning) შეპირისპირებულია მეორე სეგმენტთან (ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი. აღნიშნულ კონტექსტში შესაძლებელია სხვა ინგლისური დისკურსის მარკერების  – but still, still, yet გამოყენება ისე, რომ არ დაირღვევა ბ. ფრეიზერის სინტაქსური ფორმულა (S1-CDMs+S2). 
(5გ) მაგრამ სეგმენტებს შორის  კონტრასტულ კავშირს გამოხატავს, კი დამატებითობაა უარყოფით კონტექსტში, რაც დაპირისპირებას/კონტრასტს აძლიერებს, ისევე როგორც, -ც ნაწილაკი. აღნიშნულ კონტექსტში მათი ინგლისური შესატყვისი, შესაძლოა, იყოს even so[5]. 
(5დ) S1- „მარა’’[6], მაგრამ + S2, მეორე სეგმენტის ინტერპრეტაცია (კანფეტი ტკბილია) უპირისპირდება S1-ს (შაქრის პრობლემა გვქონდა). 
(5ე) ამ მაგალითშიც (5დ)-ს მსგავსი კონტრასტია ნაჩვენები.
(5ვ) წინადადებაში დისკურსის სეგმენტებს შორის კონტრასტის საჩვენებლად მოსაუბრე იყენებს დისკურსის მარკერს „მიუხედავად (იმისა)“, მისი ინგლისური შესატყვისი კონტექსტუალურად, შესაძლოა, იყოს despite, although, even though, however. 

3. დასკვნა 

ემპირიული მასალის შესწავლამ აჩვენა, რომ კონტრასტულ დისკურსის მარკერებს ორივე ენაში ერთი და იგივე სინტაქსური პოზიცია აქვს და არ არღვევს ბ. ფრეიზერის ფორმულებს: S1.DM+S2 და S1,DM+S2. მათი გამოყენება წინადადებაში ნებაყოფლობითია და ისინი ზეგავლენას არ ახდენენ წინადადების მართებულობაზე[7], არ მონაწილეობენ წინადადების კონცეპტუალური მნიშვნელობის აგებაში. გრამატიკულ-პრაგმატიკული ანალიზის მიხედვით კონტრასტული დისკურსის მარკერები გამოხატავს სხვადასხვა სახის კონტრასტს, მათ შორის ყველაზე გავრცელებული კონტრასტული კავშირებია:

1. სეგმენტებს შორის არსებული ისეთი სახის შეპირისპირება, როდესაც S2 (მართებული) პირდაპირ ან ირიბად უარყოფს S1 (მცდარ) გამოთქმულ აზრს. ორივე ენაში ამ ფუნქციას ძირითადად but „მაგრამ“ ასრულებს. ქართულში მსგავსი ფუნქციის მატარებელია სხვა კონტრასტული დისკურსის მარკერებიც – „ხოლო“, „კი“; 
2. S1 (მოსაუბრის გამოთქმულ) აზრს S2 (მსმენელის) აზრი ეწინააღმდეგება. ინგლისურში მსგავს ფუნქციას however ავლენს, ქართულში კი „თუმცა“, „მიუხედავად ამისა“, „კი, მაგრამ“;
3. S2 აკორექტირებს/ასწორებს S1-ში გამოთქმულ აზრს. ქართულში  გამოიყენება „არამედ“, „თუმცა“, „მეორე მხრივ“, ინგლისურში but, instead, in comparison, contversely, in contrast, on the other hand;
4. S1 მოცემული პირობა არ შესრულდება, („მაშინაც კი“ even so), თუ S2 შესრულდება. „კი“ და even so, როგორც წესი, სხვა კონტრასტულ დისკურსის მარკერთან კომბინაციაში გვხვდება წინადადებაში  – „ -ც კი“, but even so;

5. დისკურსის მომდევნო სეგმენტი (S2) განიხილება წინა სეგმენტის ნაცვლად (S1). 

ამ ფუნქციის შემსრულებლად ქართულში ვიყენებთ „ნაცვლად“, „არამედ“ , ინგლისურში instead, rather (than).

ემპირიული მასალის ანალიზის შედეგად შეიძლება ითქვას, რომ but (მაგრამ) ორივე ენაში ყველაზე გავრცელებული კონტრასტული დისკურსის მარკერია. ინგლისურ, ისევე როგორც ქართულ მაგალითებში, ის ხშირად გვხვდება სხვადასხვა კონტრასტულ დისკურსის მარკერებთან კონბინაციაშიც – but still, but yet (მაგრამ მაინც), but on the other hand (მაგრამ, მეორე მხრივ), but instead (of) (მაგრამ ნაცვლად...; მაგრამ სანაცვლოდ) და სხვ.  რაც შეეხება but-ის (მაგრამ) დისკურსის მარკერის ფუნქციურობას, იგი ორივე ენაში მსგავსია. თუმცა, ინგლისურში, ქართულისაგან განსხვავებით, but-ის გამოყენება შესამჩნევად ხშირია, რაც გამოწვეულია but-ის სხვა ფუნქციებით ინგლისურში: ა) სიჩუმის შემავსებელი, ყოყმანის ნაწილაკი; ბ) ჯერის სიგნალი.
სასურველია სამომავლო კვლევების ჩატარება შემდეგი მიმართულებით: 1. კონტრასტული დისკურსის მარკერების რაოდენობრივი ანალიზი, რომელიც ნათლად წარმოაჩენს, რომელი დისკურსის მარკერები ჭარბობს ტოკშოუს დისკურსში და განსხვავებულია თუ არა მათი გამოყენების სიხშირე ინგლისურსა და ქართულ ენებში; 2. ქართული და ინგლისური კონტრასტული დისკურსის მარკერების ფუნქციურობის შეპირისპირებითი ანალიზი სხვა თეორიული ჩარჩოს ფარგლებში; 3. კონტრასტული დისკურსის მარკერების კომბინაციების ფუნქციონირების შეპირისპირებითი ანალიზი ორივე ენის მაგალითზე. 


[1] მან  პირველად გამოიყენა ტერმინი იმ ენობრივი ერთეულების აღსანიშნად, რომლებსაც დღეს დისკურსის მარკერებად მიიჩნევენ [Schiffrin, 1987].

[2] Coulthard and Montgomery 1981, იკვლიეს well, right, ok და alright.

[3] ბ. ფრეიზერის თავდაპირველ ნაშრომებში გვხვდება დისკურსის მარკერების ოთხი ტიპი: კონტრასტული, აზრის განვითარების, დასკვნითი, თემის მართვის [Fraser, 1999].

[4] მსგავსი ფუნქციების მატარებელია დისკურსის მარკერების უმრავლესობა, რომლებსაც ამ ნაშრომში განვიხილავ. 

[5] ერთ-ერთი კონტრასტული დისკურსის მარკერი ბ. ფრეიზერთან.

[6] ,,მაგრამ’’-ის შემოკლებული ფორმა, რომელიც სასაუბრო, არაოფიციალური ენისთვისაა დამახასიათებელი

[7] Truth condition of the sentence , რაც დისკურსის მარკერების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მახასიათებელია

ლიტერატურა

ასათიანი რ. და ჯანელიძე თ.
2007
მაპირისპირებელი კავშირების ფუნქციონალური ანალიზი ქართულში.
კვაჭაძე ლ.
1977
თანამედროვე ქართული ენის სინტაქსი. განათლება, თბილისი.
შანიძე ა.
1973
ქართული ენის გრამატიკის საფუძვლები. თბილისი.
შენგელაია ნ.
2000
არასრული სიტყვები და ტექსტის სემანტიკური მთლიანობა. დიოგენე. თბილისი.
Blakemore D.
1987
Understanding utterances: An introduction to pragmatics. Oxford: Blackmore.
Blakemore D.
2002
Relevance and Linguistic Meaning: The Semantics and Pragmatics of Discourse Markers. Cambridge: CUP.
Brinton L.
1996
Pragmatic Markers in English: Grammaticalization and Discourse Functions.
Brinton L.
2008
The Comment Clause in English Syntactic Origins and Pragmatic Developments (Studies in English Language). Cambridge: CUP.
Coulthard M. and Montgomery M.
1981
Studies in Discourse Analysis.
Fraser B.
1990
An approach to discourse markers. Journal of Pragmatics.
Fraser B.
1996
Pragmatic Markers. Pragmatics.
Fraser B.
1999
What are discourse markers? Journal of Pragmatics.
Fraser B.
2009
An account of discourse markers
Fraser B.
2015
The combining of discourse markers. Journal of Pragmatics.
Jucker Andreas H.
1993
The discourse marker well: A relevance theoretical account. Journal of Prgmatics 19.
Jucker Andreas H. and Sara W. Smith
1996
Explicit and implicit ways of enhancing common ground in conversations. Pragmatics 6.1.
Redeker G.
1991
Linguistic markers of discourse structure, Linguistics 29.
Ostman J.
1981
You know: A Discourse-functional Approach. (Pragmatics &Beyond) Amsterdam: John Benjamins.
Schiffrin D.
1987
Discourse markers Cambridge: Cambridge University Press.
Tree JF. Schrock JC.
1999
Discourse markers in spontaneous speech 40.