რამდენიმე ელამურ ზმნასთან დაკავშირებული ახალი ეტიმოლოგიების ანალიზი

DOI:  10.55804/jtsu-1987-8583-15-10

წინამდებარე ნაშრომი წარმოადგენს შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის ირანის ზეგანის ხალხები ლურსმული წყაროების მიხედვით” (პროქტის N PHDF-19-1113) ფარგლებში შესრულებულ კვლევას.

შუამდინარული ცივილიზაციის გავრცელების არეალიდან აღმოსავლეთით, თანამედროვე ირანის ტერიტორიაზე მდებარე ზაგროსის მთიანეთის რეგიონში ჯერ კიდევ ძვ.წ. XXVII საუკუნეში არსებობდა საკმაოდ მძლავრი ძველაღმოსავლური სახელმწიფო, რომელიც ისტორიოგრაფიაში ელამის სახელით არის ცნობილი. კონკრეტული ნაშრომი სწორედ ელამის ტერიტორიაზე მცხოვრები ხალხის ენის, კერძოდ კი, ელამური ზმნების კვლევას ისახავს მიზნად.

წლების მანძილზე მკვლევრების მიერ არაერთი მოსაზრება გამოითქვა ელამური ენის წარმომავლობისა და მისი მონათესავე ენების შესახებ, მიუხედავად ამისა, ხსენებული პრობლემა საბოლოოდ არ არის გადაჭრილი.

ზაგროსის მთიანეთის სხვა ეთნოსებისა და ტომობრივი გაერთიანებებისგან განსხვავებით, ელამურ ენაზე შემორჩენილი გვაქვს არაერთი ტექსტი, რაც გრამატიკული სტრუქტურის მეტ-ნაკლებად სრულყოფილად აღდგენის საშუალებას იძლევა და ამავდროულად წარმოდგენას გვიქმნის ამ ერთ-ერთი უძველესი ენის ლექსიკაზეც.

აღსანიშნია ის ფაქტი, რომ ელამური ენის პირველი ნიმუშების ჩაწერა დაახლ. ძვ.წ. IV ათასწლეულის დასაწყისში უნდა მომხდარიყო, თუმცა ამ მიზნით გამოყენებული იყო ე.წ. ელამური ხაზოვანი და პროტოელამური დამწერლობა, რომლის წაკითხვაც დღემდე ვერ მოხერხდა ბილინგვური ტექსტების არარსებობის გამო. ელამურ ენაზე შესრულებული, წაკითხული და ნათარგმნი ტექსტების ისტორია კი ძვ.წ. III ათასწლეულის შუა პერიოდს და ზაგროსის მთიანეთში ლურსმული დამწერლობის გავრცელებას უკავშირდება. პერიოდიზაციის მხრივ, ელამური ენის სამ ეტაპს გამოყოფენ: პროტოელამური (ზემოთ ნახსენები ხაზოვანით ჩაწერილი წაუკითხავი ტექსტები), შუა (საშუალო) ელამური –ლურსმული დამწერლობის გავრცელების შემდეგ ჩაწერილი ტექსტები (დაახლ. ძვ.წ. XXV-IV საუკუნეები) და აქემენიდური ელამური – შედარებით გვიანდელი ეტაპი [McAlpin, 1974:90-91].  აქემენიდურ ელამურში საკმაოდ ხშირად ვაწყდებით ნასესხობებს, რომელთა ეტიმოლოგიაც აშკარად ინდოევროპულ ენებს უნდა უკავშირდებოდეს, შესაბამისად, კონკრეტული კვლევისთვის ყველაზე მნიშვნელოვან საკითხს საშუალო ელამურზე შესრულებული ტექსტების შესწავლა წარმოადგენს.

უშუალოდ ელამურ ენაზე წარმოდგენის შექმნის მიზნით, მოკლედ მიმოვიხილოთ მორფოლოგიური თავისებურებები. ტექსტების ანალიზის შედეგად დასტურდება, რომ ელამური აგლუტინაციური ენაა. სიტყვის წარმოებისთვის გამოიყენება ძირი და ერთი ან რამდენიმე სუფიქსი, ძირი კი შეიძლება იყოს როგორც ერთ, ასევე – მრავალმარცვლიანი [Grillot-Susini, 1998:332]. სიტყვათწარმოებისათვის ელამური ასევე მიმართავს სიტყვების შეერთებასა და რედუპლიკაციას, გარდა ამისა, საშუალო ელამურში საკმაოდ დიდი რაოდენობით დასტურდება აქადური ნასესხობები [Дьяконов, 1979]. აგლუტინაციურობის გათვალისწინებით, დიდი მნიშვნელობა ენიჭება ზმნურ სუფიქსებს. ზმნას აქვს შემდეგი კატეგორიები: რიცხვი (მხოლოობითი და მრავლობითი), პირი, ასპექტი/დრო, კილო და გვარი (მოქმედებითი და ვნებითი) [Khačikjan, 1998:33].  ზმნის ძირს შეიძლება დემატოს უღლების შედეგად მიღებული პირის აღმნიშვნელი სუფიქსები. ზოგადად, ელამური სრული ზმნა განარჩევს უღლების სამ ტიპს (I, II, III). პირველი ტიპის უღლებისთვის, როგორც წესი, დამახასიათებელია სპეციფიკური სუფიქსები, მეორე და მესამე ტიპები კი ერთგვარ პერიფრაზულ კონსტრუქციებსა და მიმღეობებზე დაფუძნებულ უღლებებს წარმოადგენსროგორც წესი, უღლების პირველ ტიპს მიეკუთვნება გარდამავალი ზმნები, რომლებსაც წარსულ დროში შემდეგი სუფიქსები ახასიათებს [Khačikjan, 1998:34]:

შუაელამური აქემენიდური ელამური

I sg.   –h pl. –hu sg. pl. -u

II sg.    –t pl. –ht sg. -t pl. -t

III sg.    š pl. –hš sg. pl

უღლების მეორე ტიპს გარდაუვალი ზმნები უნდა მივაკუთვნოთ, ხოლო მესამეს – ზმნები,  რომლებიც არ არიან წარსული დროის გამომხატველნი [Khačikjan, 1998:34-35]. ელამური ენის შესახებ შექმნილ სტატიაში იგორ დიაკონოვი გვთავაზობს ზმნის სუფიქსების განლაგების ცხრილს, რომელიც, სავარაუდოდ,  შუმერული აგლუტინაციური ზმნის გავლენით უნდა შეექმნა: ზმნის ძირი + პირდაპირი ობიექტი + ტიპი (ქმედების სივრცითი მიმართულება) + გერუნდიული მაჩვენებელი + პრედიკატული მაჩვენებელი + კილო [Дьяконов, 1979:46].

წლების მანძილზე იდუმალებით მოცული ელამური ენის გამოკვლევა არაერთმა ცნობილმა ენათმეცნიერმა სცადა. ლინგვისტთა დაინტერესებას ის ფაქტიც იწვევდა, რომ მახლობელი აღმოსავლეთის რეგიონში, შედარებით პატარა ტერიტორიაზე წარმოდგენილი წამყვანი ეთნოსები არამცთუ სხვადასხვა ჯგუფს, არამედ ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებულ ენათა ოჯახებს მიეკუთვნებიან. იზოლირებული (ცალკე მდგომი) შუმერულის პარალელურად, შუამდინარეთში აქტიურად შემოდიოდნენ სემიტურ ენათა ოჯახის წარმომადგენლები (აქადელები, მოგვიანებით ბაბილონის სამეფო და ასურეთი), დასავლეთით კი ყვაოდა ინდოევროპელი ხეთების სახელმწიფო. შუამდინარეთიდან ჩრდილოეთით, თანამედროვე ვანისა და ურმიის ტბების მიდამოებში, ხურიტულ-ურარტული ენების წარმომადგენლები საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში მართავდნენ მითანის სამეფოს. მსგავსად ანატოლიაში არსებული ხათურისა, მათი ენის წარმომავლობაც დღესაც კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. ამგვარი ლინგვისტური სიჭრელის ფონზე არანაკლებ რთული ვითარება იყო ზაგროსის მთიანეთის რეგიონში, სადაც ზემოხსენებული ენებისგან სრულიად განსხვავებულ ელამურზე ათასწლეულების მანძილზე საუბრობდნენ და წერდნენ.

XIX საუკუნის მიწურულს დაიწყეს ელამურის სხვა ენებთან დაკავშირების ახალი გზების ძიება. ამ მხრივ ერთ-ერთ პირველ წინ გადადგმულ ნაბიჯს რობერტ კოლდუელის 1856 წლის ნაშრომი წარმოადგენდა, სადაც მკვლევარმა იმ მორფოლოგიურ მსგავსებებს გაუსვა ხაზი, რომლებიც ელამურსა და დრავიდულ ენებს შორის არსებობდა [Caldwell, 1856]. მოგვიანებით ეს თეორია განავრცო ცნობილმა დრავიდოლოგმა დევიდ მაკალფინმა [McAlpin, 1974]. ამავე თეორიას მისდევდა რუსი ასირიოლოგი იგორ დიაკონოვიც [Дьяконов, 1979]. ლექსიკურ ნაწილზე მუშაობდა ვაცლავ ბლაჟეკი და ცდილობდა ელამური სემიტურ და ზოგადად, აფრაზიული ენების ოჯახთან დაეკავშირებინა, რის საფუძვლადაც ასზე მეტი ლექსიკური შესაბამისობა მოჰყავს [Blazek, 1992]. ასევე საინტერესო ცნობებს გვაწვდის გიორგი სტაროსტინი, რომელიც ვ. ბლაჟეკის და დ. მაკალფინის მიერ გამოკვლეულ ელამურ ლექსიკას ნოსტრატულ თეორიას არგებს და გვთავაზობს რამდენიმე მსგავსებას ინდოევროპულ, ურალურ, ალთაურ და კავკასიურ ენებთან [Starostin, 2002].

ელამურ და ქართველურ ენებს შორის არსებულ მსგავსებებთან დაკავშირებით ძალზე მწირი სამეცნიერო მასალა მოიპოვება. გარდა რამდენიმე კერძო მაგალითისა, სერიოზული კვლევა ამ მიმართულებით პრაქტიკულად არ ჩატარებულა. თუმცა, აღნიშვნას იმსახურებს ის ფაქტი, რომ რამდენიმე ნაშრომია შექმნილი ქართველურ და დრავიდულ ძირებს შორის არსებული მსგავსებების შესახებ. ამ კუთხით გამორჩეულია ჰაინც ფენრიხის კვლევები. ერთ-ერთ სტატიაში მას შეგროვებული აქვს 130-მდე დრავიდული ძირი, რომლებიც, მისი აზრით, გარკვეულ მსგავსებას ავლენენ ქართველურ ენებში არსებულ სიტყვებთან [Fähnrich, 1991]

ლექსიკაზე მუშაობის პროცესში დამუშავდა ვ. ჰინცისა და ჰ. კოხის მიერ შედგენილი ელამური ენის ლექსიკონი [Hinz... 1987]. გარდა იმისა, რომ ხსენებულ ნაშრომში ყველაზე მეტი ლექსიკური ერთეულია გარჩეული, გვხვდება მნიშვნელოვანი მითითებები და ამონარიდები უშუალოდ პირველწყაროებიდან, რაც ელამური ტექსტების უფრო დეტალურად კვლევის საშუალებას გვაძლევს. კომპარატივისტული კვლევისთვის საჭირო გახდა ისეთი ნაშრომების გამოყენება, როგორებიც არის დრავიდულ ენათა ეტიმოლოგიური ლექსიკონი [Burrow... 1984]. ქართველური ენების შემთხვევაში დამუშავდა ჰაინც ფენრიხისა და ზურაბ სარჯველაძის [ფენრიხი... 2000] , ასევე გიორგი კლიმოვის ქართველურ ენათა ეტიმოლოგიური ლექსიკონები [Klimov, 1998].

ელამური ენის სპეციფიკიდან გამომდინარე, ხშირ შემთხვევაში ამა თუ იმ სიტყვის მნიშვნელობა სათუოა და თარგმანი მეტწილად კონტექსტზეა დამოკიდებული. ნაშრომზე მუშაობის პროცესში დამუშავდა რამდენიმე ელამური ტექსტი, რომლებშიც განსახილველი ზმნები განსხვავებული სემანტიკით არის წარმოდგენილი. კვლევის შედეგად გამოვლინდა რამდენიმე ელამური ზმნის ძირი, რომლებიც მსგავსებას ავლენენ ქართველურ ენებში არსებულ სიტყვებთან. გარდა ამისა, ქვემოთ მოყვანილი იქნება რამდენიმე ახალი პარალელი დრავიდული ჯგუფის ენებთანაც.

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ლექსიკურ დონეზე ელამური ძირები მსგავსებას ავლენენ პრაქტიკულად ყველა მეზობელი ხალხების ენებში არსებულ სიტყვებთან. ადრეულ ელამურ ტექსტებში საკმაოდ დიდი რაოდენობით ფიქსირდება ნასესხობები როგორც შუმერული, ასევე – აქადური ენებიდან. ხშირია ისეთი ძირებიც, რომლებიც პრაქტიკულად ყველა ჯგუფის ენებში ფიქსირდება. მაგალითისთვის, შეგვიძლია მოვიყვანოთ ელამური ზმნა kura, რომელიც გვხვდება დაწვის, შეწვის მნიშვნელობით [Hinz... 1987: 519]. გ. სტაროსტინს მოჰყავს შედარება როგორც ინდოევროპულ ძირთან -*gʷher- ,,ცხელი, დაწვა“, ასევე – პროტოურალურ ენებში არსებულ რამდენიმე იდენტური სემანტიკის მქონე ზმნასთან [Starostin, 2002: 9]. ვ. ბლაჟეკი დაწვის აღმნიშვნელ საერთო სემიტურ ძირად აღადგენს *Kawr- [Blazek, 1992]. საინტერესოა, რომ აქადურ ენაში ცეცხლის აღმნიშვნელი ლექსიკური ერთეულიც შესაძლებელია დაუკავშირდეს მოცემულ ძირს. აქადურში ცეცხლის მნიშვნელობით იხმარება სიტყვა gīru [Black... 2000: 93]. ანალოგიურ ძირს ვაწყდებით შუმერულ ენაში, სადაც KUR ზმნა წვის მნიშვნელობას ატარებს. აქვე შეგვიძლია ვახსენოთ ქართულ ენაში არსებული სიტყვა ქურა, რომელიც სხვა სემიტური ენიდან, კერძოდ კი, არაბულიდან უნდა იყოს ნასესხები [ჩიქობავა, 1986: 458]. ამავე სემანტიკას შეგვიძლია დავუკავშიროთ დრავიდული ძირი *kar. დრავიდული ენის ეტიმოლოგიური ლექსიკონის თანახმად, ამ ძირის ერთ-ერთ მნიშვნელობას დაწვა, საჭმლის ცეცხლზე მომზადება წარმოადგენს [Burrow... 1984: 118].

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ინდოევროპული გავლენა ელამურ ენაზე განსაკუთრებით თვალსაჩინო ხდება აქემენიდურ პერიოდში, რაც არაერთ ნასესხობაში გამოიხატება, რაზეც ამ ნაშრომში აღარ შევჩერდებით. თუმცა, მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, მოვიყვანოთ რამდენიმე პარალელი, რომლებსაც ინდოევროპულ ენებთან ავლენს საშუალო ელამურის ლექსიკა, სადაც აქემენიდურ ნასესხობებზე საუბარი ფიზიკურად შეუძლებელია. მეთიუ სტოლპერის ნაშრომში, რომელშიც ელამური ადმინისტრაციული ტექსტებია განხილული, ვაწყდებით ფრაგმენტს საშუალო ელამურზე შესრულებული ტექსტიდან: a]-ni du-ru-un - სადაც ზმნა Durun სხვა ტექსტთან შედარების საფუძველზე საუბრის, ლაპარაკის მნიშვნელობით არის ნათარგმნი [Stolper, 1974: 142]. მიუხედავად სტოლპერის მოსაზრებისა, ნაკლებ სავარაუდოა, რომსაუბრის“ აღმნიშვნელი ზმნა du- ლურსმული ნიშნით ჩაეწერათ, ნაცვლად ნიშნისა tu4 -, რომელიც ელამურ ტექსტებში საკმაოდ ხშირად ფიქსირდება. ამ მოსაზრებას ვ. ჰინცი და ჰ. კოხიც ამყარებენ ელამური ენის ლექსიკონში [Hinz... 1987: 375]. მეტად სავარაუდოა, რომ ელამურ ენაში თქმის, საუბრის აღმნიშვნელი ზმნის ძირი იყო turu, რომელიც უფრო ხშირად აქემენიდურ ელამურ ტექსტებში გვხვდება. მაგალითისთვის: tu4-ru-uk-ni - დაე, თქვას! [Konig, 1965:166]. კონკრეტული ძირი აშკარა მსგავსებებს ავლენს ინდოევროპულ ლექსიკასთან. ყველაზე თვალსაჩინო მაგალითს ხეთურ ენაში მივაგენით. tar-, te- (ხეთ.)  ლაპარაკი, თქმა, დასახელება, გამოცხადება, აღიარება  [ტატიშვილი, 2012: 32]. საერთო პროტო-ინდოევროპული ძირიდან უნდა იყოს ნაწარმოები ხეთური tar და თოხარულ B-ში არსებული ზმნა tär [Adams, 1999: 293]. ხსენებული მაგალითების გათვალისწინებით, უნდა ვივარაუდოთ, რომ აქემენიდურ ელამურში არსებული ამ ფართოდ გავრცელებული ზმნის ეტიმოლოგია ინდოევროპული უნდა იყოს.

ერთ-ერთ ადმინისტრაციულ ტექსტში გვხვდება შემდეგი პასაჟი: 5. si-ra-ka4 6. ma-si-i-ka4 PI+PIR  7. dMaš-ti-ak-šir8  [Stolper, 1974: 55]. ,,აუწონა, გაუგზავნა ღვთაება მაშთიაქშირს“.

ზმნა ma-si ადმინისტრაციულ ტექსტებში ითარგმნება მოშორების, გატანის, თანხის გაგზავნის მნიშვნელობით, თუმცა სხვა კონტექსტში, ხსენებული ელამური ზმნა უნდა ატარებდეს გაჭრის, დაყოფის მნიშვნელობას [Hinz... 1987: 891]. საინტერესოა, რომ იდენტური სემანტიკით მსგავსი ძირი ფიქსირდება როგორც დრავიდულ, ასევე ალთაურ ენებში. დრავიდული ენების ეტიმოლოგიური ლექსიკონის თანახმად, მალტოს ენაში, რომელიც ჩრდილო-დრავიდულ ჯგუფს განეკუთნება, ზმნა mōce დღესაც იხმარება დაჭრის მნიშვნელობით, ისევე როგორც ქურუხის ჩრდილო-დრავიდულ ენაში, სადაც გვხვდება mōc ძირი პატარ-პატარა ნაწილებად დაჭრის, დანაკუწების მნიშვნელობით [Burrow... 1984: 464]. საინტერესოა, რომ პროტოიაპონურ ენაში აღდგება ძირი *màsà- სხვადასხვა მნიშვნელობით, რომლებიც საჭრელ ან საჩეხ ინსტრუმენტს, ხმალს, ნაჯახს უკავშირდება [Martin, 1987: 472]. დრავიდოლოგ დ. მაკალფინს მოჰყავს ზემოთხსენებული ელამური ძირის მაგალითი, როდესაც საუბრობს დრავიდულ ზმნაზე vacc დატყვევება, გაძარცვა [McAlpin, 1974: 98], თუმცა ამ შემთხვევაში მიგვაჩნია, რომ პარალელი უფრო აშკარაა mōc ძირთან მიმართებაში.

უშუალოდ ელამური ზმნების ეტიმოლოგიაზე საუბრისას მსურს, განვიხილოთ ზმნა kuti გაზიდვა, მოტაცება, გატაცება, წაღება [Hinz... 1987: 546]. დ. მაკალფინი ხსენებულ ლექსიკურ ერთეულს აკავშირებს თამილურ ენაში არსებულ ზმნა kuti-სთან, მნიშვნელობით ,,ხტომა, გაქცევა, ცახცახი“ [McAlpin, 1974: 98]. ცხადია, ამ შემთხვევაშიც, შესაძლოა იყოს გარკვეული სემანტიკური კავშირი, თუმცა გვსურს, სხვა თეორიაზე გავამახვილოთ ყურადღება. ელამური ზმნის ეტიმოლოგია, შესაძლოა, უკავშირდებოდეს ზაგროსის მთიანეთსა და მის მახლობელ ტერიტორიაზე მცხოვრები გუთიების ტომის ეთნონიმს. საუკუნეების მანძილზე მესოპოტამიური ცივილიზაციების მიწებზე განხორციელებულმა არაერთმა სამხედრო კამპანიამ გუთიებს ერთგვარი ანტაგონისტის სტატუსი მიანიჭა, რამაც განაპირობა ის ფაქტი, რომ შუმერული, ბაბილონური და შედარებით გვიანდელი წყაროები საკმაოდ ხშირად იხსენიებენ ამ ხალხს. ამასთან, უნდა აღვნიშნოთ, რომ ლურსმულ ტექსტებში დაცული ინფორმაციის უმეტესი ნაწილი უარყოფით კონტექსტში გვიხატავს გუთიურ ტომობრივ გაერთიანებებს და უფრო მეტად მათ დაკნინებას და ადგილობრივი მმართველებისათვის ხოტბის შესხმას, ცალსახა პროპაგანდას ისახავს მიზნად. ცხოვრების სტილით მომთაბარე ტომისთვის ძირითადად მარბიელი ლაშქრობები იყო მახასიათებელი, რა დროსაც ისინი არ ერიდებოდნენ შუამდინარეთიდან ტყვეების გატაცებას, ძარცვასა და ალაფის გაზიდვას. შუმერულ წყაროებში ხსენებული ხალხი ღვთის რისხვასთანაც არის შედარებული: ,,ენლილმა მთებიდან ჩა(გა)მოიყვანა ხალხი, რომლებიც სხვებს არ გვანან, ვინც მიწის ნაწილად არ ითვლებიან (მიწას არ ეკუთვნიან)” [Black... 2004: 121-122]. შუმერული ტექსტები თვალნათლივ გვიხატავს სურათს, დამპყრობლები იტაცებენ საქონელს და უმოწყალოდ უსწორდებიან ადგილობრივებს [Black... 2004: 121-122]. მათი საცხოვრისი მოიხსენიება როგორც Gu-ti-umki (ki-მიწის, ქვეყნის აღმნიშვნელი პოსტდეტერმინატივი), შესაბამისად, მათ ეთნონიმად აღადგენენ სიტყვებს Guti და Kuti. ზემოთთქმულიდან გამომდინარე, უსაფუძვლო არ უნდა იყოს მოსაზრება, რომ გუთიების ეთნონიმსა და გატაცების, წაღების აღმნიშვნელ სიტყვებს საერთო ეტიმოლოგია ჰქონდეთ. ისტორიული წყაროების ანალიზის შედეგად შეგვიძლია დავასკვნათ, რომ გუთიები სწორედ ელამისა და შუმერის ქალაქ-სახელმწიფოებს შორის მდებარე ტერიტორიაზე მომთაბარეობდნენ, შესაბამისად, არ უნდა გამოვრიცხოთ, რომ მათ სახელი ელამური ზმნის მიხედვით ეწოდათ. ასევე, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ კონკრეტული ეთნონიმის ქვეშ მოიაზრებოდა ყველა ის მომთაბარე ტომი, რომლებიც ელამის მიწებს აყაჩაღებდა და, ამგვარად, ერთ კონკრეტულ ეთნოსზე სულაც არ არის საუბარი. ხსენებულ მოსაზრებას ამყარებს კიდევ ერთი დეტალი, რომელიც დ. მაკალფინმა შენიშნა, კერძოდ კი ის ფაქტი, რომ თამილურ ენებში შემორჩენილია არსებითი სახელი kutiray, რომელიც დღეს ცხენს აღნიშნავს [McAlpin, 1974: 98]. იმის გათვალისწინებით, რომ მომთაბარეები გადაადგილებისთვის ცხენებს ან ვირებს იყენებდნენ, არ უნდა გამოვრიცხოთ ის ფაქტი, რომ ხსენებული ცხოველის აღმნიშვნელი ლექსიკური ერთეული გარკვეულ სემანტიკურ კავშირში იყოს გუთიების ეთნონიმთან. ცხენის მოშინაურების პრობლემა დამოუკიდებელ საკითხს წარმოადგენს და ჩვენ გადაჭრით ვერ ვიტყვით, იცნობდნენ თუ არა გუთიები ცხენის კულტურას. თუმცა, როგორც ცნობილია, შუამდინარული ცივილიზაციის განვითარების ადრეულ ეტაპებზე კავალერია ვირებით იყო დაკომპლექტებული, მოგვიანებით კი სიტყვა „ცხენის“ აღსანიშნად სწორედ ვირის აღმნიშვნელ არსებით სახელს გამოიყენებენ.

რაც შეეხება მსგავსებებს ქართველურ ენებთან. კვლევის პროცესში გამოვლინდა რამდენიმე ისეთი ელამური და დრავიდული ზმნა, რომლებიც ძირის დონეზე ქართველურ ენებში არსებულ ლექსიკურ ერთეულებთან ავლენს საერთოს.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ქართველური და დრავიდული ენების საერთო მახასიათებლებს წლების მანძილზე იკვლევდა ჰაინც ფენრიხი. მის ერთ-ერთ ნაშრომში მოყვანილია მკვლევრის მიერ შეგროვებული ძირები, რომლებიც, ფენრიხის აზრით, საერთო უნდა იყოს ქართველური და დრავიდული ენებისთვის. მაგალითისთვის, დრავიდულ ძირს *cav - ჭამა, ღეჭვა, ის აკავშირებს ქართულ ძირთან *ჭამ - ჭამა, გატეხვის აღმნიშვნელი დრავიდული ძირი *tak შედარებულია ქართველურ *ტეხ-თან და .. [Fähnrich, 1991: 340-341] რაც შეეხება ელამურისა და დრავიდულის საერთო მახასიათებლებს, სრულყოფილი კვლევები შემგვთავაზა დევიდ მაკალფინმა. დრავიდული ენებიდან ერთ-ერთ ყველაზე იზოლირებულ და ცალკე მდგომად ითვლება ბრაჰუის ენა, რომელზეც დღევანდელი პაკისტანის ტერიტორიაზე, ბალოხისტანის პროვინციაში საუბრობენ. დ. მაკალფინმა ერთ სტატიაში შეკრიბა ასობით ძირი, რომლებიც, მისი აზრით, მსგავსი ან საერთო უნდა ყოფილიყო ელამურისა და ბრაჰუის დრავიდული ენის შემთხვევაში და ერთგვარი თეორია შემოგვთავაზა, რომელიც ე.წ. პროტოზაგროსული ენის არსებობას გულისხმობს (რომელიც მოგვიანებით ელამურ და პროტო-დრავიდულ ენებად დაიშალა) [McAlpin, 2015]. დ. მაკალფინი ცდილობს, წარმომავლობის მიხედვით განაცალკევოს ბრაჰუის ენაში არსებული ძირები, მათი ნაწილის ეტიმოლოგიას მკვლევარი ელამურ ენასთან აკავშირებს, ხოლო ნაწილისას – ინდოევროპულ, კერძოდ კი, აქემენიდურ სპარსულთან. დრავიდულის და ელამურის შემთხვევაში ის ხშირად აღადგენს ე.წ. პროტოზაგროსულ ძირებს. მკვლევარი აქტიურად ეყრდნობა მის მიერ შემუშავებულ ბგერათშესატყვისობების ცხრილს და ხშირ შემთხვევაში სწორედ დრავიდული ენის ფონოლოგიის მოშველიებით ამყარებს საკუთარ მოსაზრებებს [McAlpin, 2015].

ხსენებული ნაშრომის და, ზოგადად, დ. მაკალფინის კვლევების დამუშავებისას ყურადღება მიიქცია რამდენიმე ძირმა, რომლებიც ქართველურ ენებთან გვსურს დავაკავშიროთ. კერძოდ, პროტო-დრავიდულში აღდგენილ ძირს *xarr- და ელამურში არსებულ ზმნას hara მკვლევარი საერთო *xar ან *qar ძირით აღადგენს და ანიჭებს მნიშვნელობას, რომელიც ინგლისურად ჟღერს როგორც to sprout [McAlpin, 2015: 564] ­– გაღვივება, ამოსვლა, აღმოცენება [მარგალიტაძე, 2019: 888].

ხსენებულ ძირთან კავშირში ნახსენებია ბრაჰუის ენაში არსებული სიტყვა xarrun, რომლის ძირითადი მნიშვნელობაა მწვანე ფერი, ასევე ზედსართავი ნაყოფიერი. ამ მაგალითების გათვალისწინებით, კონკრეტული ზმნის პროტო-ზაგროსულ ძირად დ. მაკალფინი აღადგენს *xarr- [McAlpin, 2015: 564]. თუკი ხსენებულ რეკონსტრუქციას ვენდობით, შესაძლოა, მსგავსება დავინახოთ ქართველურ ენებში არსებულ ისეთ სიტყვასთან, როგორიცაა გა-ხარ-ებ-, რომელიც ხშირ შემთხვევაში გაღვივების და ნაყოფის მოსხმის სინონიმად ითვლება. საკუთრივ ამ ზმნის ძირის და ეტიმოლოგიის შესახებ რამდენიმე მოსაზრება არსებობს. გიორგი კლიმოვის ეტიმოლოგიურ ლექსიკონში მოყვანილია ძირი *xiar - მხიარულება, გახარება, სიხარული და .., იქვეა ნახსენები სვანური *xiad- : xid- [Klimov, 1998: 329]. ჰ. ფენრიხისა და ზ. სარჯველაძის ლექსიკონში ხსენებული ზმნის ძირად აღადგენენ *ხი- და იქვე ახსენებენ კლიმოვის მიერ აღდგენილ *ხიად ძირს [ფენრიხი... 2000:700]. სტატიაში განხილული მაგალითებიდან ყველაზე საეჭვოდ სწორედ ეს ზმნა გვევლინება, თუმცა, ფაქტია, რომ *ხარ ძირი ქართულ ენაში მცენარის აყვავებასთან, გაღვივებასთან დაკავშირებული სემანტიკის მქონე სიტყვებში ფიგურირებს და შესაძლოა, კავშირი ჰქონდეს დ. მაკალფინის მიერ აღდგენილ საერთო ელამურ და დრავიდულ ძირებთან.

ძველ ქართულ ენასთან პარალელს ვაწყდებით ელამური ზმნის huma- შემთხვევაში. ვ. ჰინცისა და ჰ. კოხის ლექსიკონის თანახმად, ხსენებული ერთეული უნდა ითარგმნოს როგორც აღება, მიღება [Hinz... 1987: 692-693]. გვსურს, მოვიყვანოთ პარალელი ქართულ ენაში არსებულ ზმნა მოხმარება-სთან, უფრო კონკრეტულად კი, ძველ ქართულში დაფიქსირებულ ფორმა ხმევა-სთან,[1] რომელიც, ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონის თანახმად, წარმოადგენს სინონიმს ზმნებისა მოხმარება, მირთმევა, გემება.

საშუალო ელამურ ტექსტებში (ანშანის ტექსტები) ეს ზმნა უფრო ხშირად მიღების ფორმით იხმარება. მაგ.:

1. 1 GU.UN 40 [+x MA.NA ]  2. h.ITI.A-pi [ ] 3. hu-ma-ak[ ]

1 ტალანტი, 40 მინა [ვერცხლი] აპი[მ] (საკ. სახ.) მიიღო.

ძველ ქართულ ტექსტებში ხმევა-ს, როგორც წესი, საკვების ან სასმელის მიღების კონტექსტში იყენებდნენ. ყველაზე თვალსაჩინო მაგალითი, ამ მხრივ გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაში ფიგურირებს:

,,და მრავალნი მათგანნი არა სუმიდეს ღვინოსა ყოვლადვე და რომელნიცა

მიიღებდეს, მცირედ იხმევდეს“  [მერჩულე, 1979: 213]

დალევასთან და, ზოგადად, სითხის მიღებასთან დაკავშირებული ლექსიკის მხრივ, შესაძლოა კიდევ ერთი ელამური ზმნის მოყვანა. ელამური ზმნის ფორმა si-kaš-da მან დალია [Hinz... 1987: 1080] მსგავსებას ავლენს სემიტურ ენებში, კერძოდ კი, აქადურში არსებულ ზმნასთან šequ / šaqu დალევა [Black... 2000: 359]. ქართველურ ენებთან სავარაუდო პარალელის მოშველიება ამ შემთხვევაშიც არის შესაძლებელი, რაც გულისხმობს ქართველურ ძირ *სხ-ს, საიდანაც არის ნაწარმოები ზმნა დასხმა. ამ შემთხვევაში უფრო უპრიანი უნდა იყოს ელამურზე მეტად აქადურსა და ქართველურ ძირებს შორის არსებული მსგავსების ხაზგასმა. ამასთანავე, არ უნდა გამოვრციხოთ ის ფაქტიც, რომ კონკრეტული მსგავსება ონომატოპეასთან იყოს დაკავშირებული.

ელამური და დრავიდული ზმნების შედარებისას დ. მაკალფინთან გვხვდება კიდევ ერთი მაგალითი, რომელშიც მკვლევარი ერთმანეთს უკავშირებს ელამურ ზმნას laki გადაჭრა, გასწვრივ წასვლა და თამილურში არსებულ Vilaηk   ერთეულს, რომელსაც მსგავსი სემანტიკური მნიშვნელობა აქვს [McAlpin, 1974: 98]. ცხადია, ამ შემთხვევაში დრავიდულთან კავშირი არ უნდა გამოვრიცხოთ, თუმცა, ელამური ზმნის შინაარსისა და ძირის გათვალისწინებით, გადაჭრის, გადალახვის სემანტიკა იწვევს ასოციაციას ქართულ ზმნასთან – გადალახვა. ლახ ძირის ეტიმოლოგია დავის საგანს წარმოადგენს, თუმცა, შეგვიძლია, გამოვთქვათ ვარაუდი, რომ კონკრეტული ერთეული შესაძლოა, დაკავშირებული იყოს მთის აღმნიშვნელ სვანურ სიტყვასთან ლახუ. ქართულ-ჩერქეზულ-აფხაზურ ეტიმოლოგიურ ლექსიკონში მერაბ ჩუხუა საერთო ქართველურ ძირად აღადგენს *ლახა-ს, მთის მნიშვნელობით [ჩუხუა, 2017: 252]. გადალახვის, როგორც ამა თუ იმ დაბრკოლების დაძლევის სემანტიკა შესაძლებელია, ახლო კავშირში იყოს მთასთან. ყოველ შემთხვევაში, კონკრეტული მაგალითის ფონზე, დრავიდულ ერთეულზე უფრო აშკარა პარალელად ქართველურ ენებში არსებული ძირის მოშველიება გვეჩვენება.

ცხადია, ზემოთ მოყვანილი მაგალითების საფუძველზე ჩვენ არ ვცდილობთ ელამური, დრავიდული და ქართველური ენების ნათესაობის დამტკიცებას. კვლევის მთავარ მიზანს ხსენებულ ენებში არსებული ტიპოლოგიური მსგავსებების წარმოჩენა და ფართო სამეცნიერო საზოგადოებისთვის გაცნობა წარმოადგენს. საკითხის გარშემო არსებული სამეცნიერო ლიტერატურის შესწავლამ გვიჩვენა, რომ ათწლეულების მანძილზე არაერთი ინდივიდუალური, დამოუკიდებელი კვლევა განხორციელდა, თუმცა, საბოლოო დასკვნების გაკეთება მაინც ვერ ხერხდება. ელამური ტექსტების სტრუქტურულმა დამუშავებამ შესაძლოა, პასუხი გასცეს იმ შეკითხვებს, რომლებიც ქართველური და დრავიდული ენების წარმომავლობასთან დაკავშირებით არსებობს. ხსენებული ენების შედარებითი კვლევა საკმაოდ დიდი მოცულობის მასალის დამუშავებას მოითხოვს, რაც დარგთაშორისი კვლევის აუცილებლობაზე მიუთითებს.  იმის ფონზე, რომ ქართულ აკადემიურ სივრცეში დრავიდოლოგია არც თუ ისე პოპულარულ სფეროს წარმოადგენს, გვსურს, ხაზი გავუსვათ ამ მიმართულებით განხორციელებული სამომავლო კვლევების მნიშვნელობას. როგორც უკვე აღვნიშნეთ, დრავიდულ და ქართველურ ძირებს შორის არსებული მსგავსებანი ადრეც არის შემჩნეული, თუმცა სტატიაში ელამური ენიდან მოყვანილი რამდენიმე ახალი მაგალითი გვაფიქრებინებს, რომ საკითხს ასირიოლოგიურ ჭრილში შესწავლას სამომავლო პერსპექტივა აქვს.



[1]ხმევა (ხმევისა) ძვ. სახელი იხმევს ზმნის მოქმედებისა, _ მოხმარება. || მირთმევა, გემება.

 

 

ლიტერატურა

მარგალიტაძე თ.
2019
ინგლისურ-ქართული სასწავლო ლექსიკონი. თბილისი.
მერჩულე გ.
1979
გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება. თვარაძე რ. - ძველი ქართული მოთხრობა. საბჭოთა საქართველო. თბილისი.
ტატიშვილი ი.
2012
ხეთურ-ქართული ლექსიკონი. ნაკვეთი 7: T. თბილისი.
ფენრიხი ჰ., სარჯველაძე ზ.
2000
ქართველურ ენათა ეტიმოლოგიური ლექსიკონი. თბილისი.
ჩიქობავა ა.
1986
ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი ((ერთტომეული). საქ. სსრ ენათმეცნიერების ინსტიტუტი. თბილისი.
ჩუხუა მ.
2017
ქართულ-ჩერქეზულ-აფხაზური ეტიმოლოგიური ლექსიკონი. თბილისი.
Adams D.
1999
A dictionary of Tocharian B. Leiden Studies in Indo-European 10. Amsterdam.
Black J., George A. & Postgate N.
1999
Concise Dictionary of Akkadian - Harrassowitz Verlag. Wiesbaden.
Black J.; Cunningham G.; Robson E.; Zólyomi G.
2004
The literature of ancient Sumer Oxford University Press, London.
Blazek V.
1992
The new Dravidian-Afroasiatic parallels. Preliminary report. In: Nostratic, Dene-Caucasian, Austric and Amerind, Bochum: Brockmeyer.
Burrow, T., Emeneau M. B.
1984
A Dravidian etymological dictionary. 2nd ed. Oxford [Oxfordshire]: Clarendon Press.
Fähnrich H.
1991
Kartwelisch-Drawidische Sprachparallelen - STUF - Language Typology and Universals, 44. Berlin.
Grillot-Susini F.
1998
ELAM V. Elamite Language - Encyclopaedia Iranica, VIII/3
Hinz W., Koch H.
1987
Elamisches Wörterbuch (in 2 Teilen). Berlin.
Khačikjan M.
1998
The Elamite Language - Documenta Asiana IV, Consiglio Nazionale delle Ricerche Istituto per gli Studi Micenei ed Egeo-Anatolici. Roma.
Klimov G.
1998
Etymological Dictionary of the Kartvelian Languages. Berlin ; New York : Mouton de Gruyter.
König, F. W.
1965
Die elamischen Königsinschriften. Graz.
Martin S. E.
1987
The Japanese Language Through Time. New Haven – London.
McAlpin D. W.
1974
Toward Proto-Elamite-Dravidian – Language, Vol. 50. No. 1. Linguistic Society of America.
McAlpin D. W.
2015
Brahui and the Zagrosian Hypothesis - Journal of the American Oriental Society, Vol. 135, No. 3. American Oriental Society.
Starostin G.
2002
On the genetic affiliation of the Elamite language, Mother Tongue (ISSN: 1087-0326), vol. VII.
Stolper M.
1984
Texts form Tall-I Malyan. Elamite Administrative Texts I. USA.
Дьяконов И. М.
1979
Эламский язык - Языки Азии и Африки. — М.,. Т. III.