სახელის დიონისესეული განმარტება ანტიკურ გრამატიკაში

DOI: 10.55804/jtsuSPEKALI-16-14

 

მეცნიერების ყველა დარგი ეფუძნება ჭეშმარიტ დებულებებს, გრამატიკის ერთ-ერთ ფუძემდებლურ ჭეშმარიტებად აღიარებულია არსებითი სახელის რეფერენციული განმარტება, რომლის თანახმად, ეს მეტყველების ნაწილი გამოხატავს საგანს. ევროპულ ლინგვისტურ ტრადიციაში არსებითი სახელის ამგვარ გაგებას არ აქვს ალტერნატივა. განსხვავება დეფინიციათა შორის სხვადასხვა გრამატიკულ წყაროში ეხება სიტყვიერ გამოხატვას და არა კონცეპტუალურ მხარეს: „არსებითი სახელი ჰქვია სიტყვას, რომელსაც საგნობრივი წარმოდგენა ახლავს... საგნობრიობა - აი, არსებითი სახელის ნიშანი, მისი ნიშანდობლივი მხარე“ [შანიძე, 1980:36]; „არსებითი სახელი მეტყველების ნაწილია, რომელიც აერთიანებს საგნობრიობის გამომხატველ სიტყვებს, რომლებიც გამოხატავენ მას რიცხვის, განსაზღვრულობა - განუსაზღვრელობის, ბრუნვის, კუთვნილების კატეგორიბით“ [Кононов, 1956:64];  „როგორც მეტყველების ნაწილი, არსებითი სახელი გამოიყოფა სამი ნიშნის საფუძველზე:  სემანტიკურის, მორფოლოგიურისა და სინტაქსურის. სემანტიკური ასპექტით არსებითი სახელი აღინიშნავს სუბსტანციებს, ესე იგი სულიერ არსებებს, ნივთიერებებს,“ – წერს  „ფრანგული ენის თეორიული გრამატიკის“ ავტორი ვ. გაკი [Гак, 1986: 67,68]. „ინგლისური ენის თეორიული გრამატიკის“ ავტორი მ. ბლოხი არსებითი სახელის საგნობრივ მნიშვნელობას უკავშირებს ამ მეტყველების ნაწილის უპირატესობას სახელდებაში: „არსებით სახელს, როგორც მეტყველების ნაწილს, აქვს სუბსტანციის ან საგნობრიობის კატეგორიალური მნიშვნელობა. აქედან გამომდინარეობს ის, რომ არსებითი სახელი მეტყველების ნაწილთა ძირითადი ნომინატივია“ [Блох, 2004: 49-50]. კემბრიჯში გამოცემული რ. ჰადლესტონისა და ჯ. პალამის ინგლისური ენის გრამატიკაში ვკითხულობთ: „Noun: a grammatically distinct category of words which includes those denoting all kinds of physical objects, such as persons, animals, and inanimate objects. (არსებითი სახელი გრამატიკულად განსხვავებული სიტყვების კატეგორიაა, რომელიც მოიცავს ყველა სახის ფიზიკურ ობიექტს, მაგალითად, ადამიანებს, ცხოველებს, უსულო საგნებს [Huddleston... 2007:83].

სახელის განმარტებას საგანზე მითითებით პირველად ვხვდებით დიონისეს ნაშრომში „Τέχνη Γραμματική“ (Téchne grammatiké): „სახელი ბრუნებადი მეტყველების ნაწილია, რომელიც აღნიშნავს სხეულს ან საგანს (უსხეულოს), მაგალითად: ქვა, აღზრდა“ [Десницкая... 1980:216]. წარმოადგენს თუ არა მოყვანილი განმარტება ალექსანდრიელი გრამატიკოსის წინადადებაში სახელის გამოყენებაზე დაკვირვების შედეგს? თუ მხედველობაში მივიღებთ ფუნქციას და არა ფორმას, მაშინ დასმულ კითხვაზე უნდა გავცეთ უარყოფითი პასუხი, რადგან ძველ ბერძნულ ენაში  ისე, როგორც თანამედროვე ენებშიც, სახელი საგანთან ერთად აღნიშნავდა ადგილსაც და დროსაც, მაგალითად: ημέρας, „დღისით“, νύκτος „ღამით“, δευτεραῖος  „მეორე დღეს“, οχοτατος „წყვდიადში“, ἐξ' ἀριστεράς „მარცხნიდან“; „τρίτατοί αφίκοντο ἐἰς τὴν πόλίν“   „მესამე დღეს ისინი მოვიდნენ ქალაქს“. მაგალითები მოგვყავს აკაკი ურუშაძის წიგნიდან „ძველი ბერძნული ენა“. ავტორი გამოყოფს სახელებში ლოკალური მნიშვნელობის სუფიქსებს: „სუფიქსი -i ადგილობითი (ლოკალური) ბრუნვის მაწარმოებელი ელემენტი იყო. მისგან წარმოებული ფორმები ზმნიზედებად იქცნენ. - i  იხმარება მხოლობით რიცხვში, მრავლობითში მას ენაცვლება სუფიქსი -σι“:  Μαραθῶνι” „მარათონში“, “Μέγαρoi” „მეგარაში“, ἐν Ἀθήνήςi „ათენში“, Ὀλυμπιάςi „ოლიმპიაში“ [ურუშაძე, 1987:115, 116]. დიონისეს გრამატიკაში არც ის ფაქტი არის ასახული, რომ ძველ ბერძნულ ენაში სახელი, როგორც ყველა ენაში, გამოიყენებოდა შემასმენლის სახელად ნაწილად (nomen preadicati): ἔργον  ονδὲν δνειδος  „შრომა არაა სირცხვილი“ [ურუშაძე, 1987:301]. „თავის გრამატიკაში დიონისე არ განასხვავებს არსებით, ზედსართავ და რიცხვით სახელებს, მაგრამ ზოგად სახელს მიაკუთვნებს მხოლოდ საგნობრიობის მნიშვნელობას, რაც ეწინააღმდეგება ენობრივ ფაქტებს:

ἄγἄτον (სიკეთე)-ἄγἄτος (კეთილი)

ἀνθρωπός (ადამიანი) - ἄνθρωπίνος (ადამიანური)

ἀρχή  (დასაწყისი) - ἀρχάιος (დამწყები)

ἀγρός  (მინდორი)- ἀγρίος (მინდვრის) [ურუშაძე, 1987: 377]

ამასთან, განსახილველ განმარტებაში დიონისე განასხვავებს ფიზიკურ საგანს (ქვა)  მენტალურისაგან (აღზრდა); ფიზიკური საგნების (პირველადი არსების) და ცნებების (მეორეული არსების) განსხვავებას „კატეგორიებში“ ყურადღებას აქცევდა არისტოტელე, რომელიც ადგენდა ფიზიკური საგნების (პირველადი არსების) აღმნიშვნელი სიტყვების ადგილს მსჯელობა-აზრში. არისტოტელეს თანახმად, თუ მსჯელობაში წარმოდგენილია ფიზიკური საგნებისა და ცნებების (სახე, გვარი) აღმნიშვნელი სიტყვები, ქვემდებარის (სუბიექტის) როლში ყოველთვის გამოდიან პირველნი, რადგან ცნება ითქმის კონკრეტულ საგანზე და არა, პირიქით, კონკრეტული საგანი – ცნებაზე. ამრიგად, პირველადი არსი (ფიზიკური საგანი) მსჯელობაში „არ ითქმის არც ერთ ქვემდებარეზე და არ არის მოცემული არც ერთ ქვემდებარეში“ [Аристотель, 1978: 55].

მეცნიერების ყველა დარგი წარმოადგენს თეორიას, რომელიც შეიძლება ეფუძნებოდეს აქსიომებსაც. არ იქნება დიდი გადაჭარბება, თუ ვიტყვით, რომ განმარტება „არსებითი სახელი არის სიტყვათა კლასი, რომელიც აღნიშნავს საგანს“ [ურუშაძე, 1987]. გრამატიკულ აზროვნებაში დიდი ხანია ითვლება ერთგვარ აქსიომად.  ხანდაზმულობით იგი შეიძლება გავუტოლოთ წინადადების ცნობილ განმარტებას: „წინადადება არის სიტყვათა შეხამება, რომელიც გამოხატავს დასრულებულ აზრს“[ჩიქობავა, 1928]. ორივე განმარტება წარმოდგენილია პირველ ევროპულ გრამატიკაში დიონისესთან. რაკიღა შევადარეთ დღეს გრამატიკაში ფართოდ დამკვიდრებული წინადადებისა და არსებითი სახელის დეფინიციები, უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ მე-19 საუკუნიდან მოყოლებული დღემდე  მეცნიერებმა დაადგინეს წინადადების დიონისესეული განმარტების მცდარობა და ცდილობდნენ მის გასწორებას. ამ პრობლემის შესანიშნავი ანალიზი მოცემულია არნოლდ ჩიქობავას ნაშრომში „მარტივი წინადადების პრობლემა ქართულში“. რაც შეეხება განმარტებას: „არსებითი სახელი არის სიტყვათა კლასი, რომელიც აღნიშნავს საგანს’’, არავის გასჩენია ეჭვი მისი ჭეშმარიტების მიმართ. ჯერ რომაელ ავტორებთან, მარკ ვარონთან, ელიუს დონატუსთან, პრისციანთან, ხოლო შემდეგ არაბ გრამატიკოსებთანაც აქსიომად მიღებული განსახილველი განმარტება  გვიან შუა საუკუნეებში განმეორდება ევროპულ გრამატიკებშიც და ამგვარად მოაღწევს ჩვენამდე. ჩვენ არ შეგვხვედრია არც ერთი გრამატიკული წყარო, რომელშიც არსებითი სახელი იყოს განმარტებული განსხვავებულად.  დიონისეს გრამატიკიდან მოყოლებული ყველა თანამედროვე გრამატიკის ჩათვლით საგნობრიობა დასახელებულია არსებითი სახელის მთავარ ნიშნად.

დიონისესეულ სიახლეს წარმოადგენს ფიზიკურ საგანთან, ავტორის ტერმინოლოგიით, „სხეულთან“ (ქვა) ერთად „უსხეულო საგნის“ (აღზრდა) გამოყოფა. „უსხეულო საგანი’’ (აღზრდა) იდეაა, ცნება, რომელსაც არ მოეპოვება შესატყვისი ფიზიკური საგანი სამყაროში. ნაშრომში „სულის შესახებ“ არისტოტელე წარმოდგენებს უწოდებს „შეგრძნების საგნებს, ოღონდ მატერიის გარეშე“ [Аристотель, 1976:440], მაგრამ არსად მოიხსენიებს საგნებად იდეებს. განყენებულ ცნებებს: „აღზრდა“, „ცოდნა“, „მიმართება“, „კმაყოფილება“, „სიზუსტე“, „სიუხვე“... არ აქვთ პირდაპირი კავშირი ფიზიკურ საგნებთან. მათი გადატანით საგნებად მოხსენიება შეიძლება მხოლოდ რეალურ საგნებთან მსგავსების საფუძველზე. ერთიცა და მეორეც საჭიროებს სახელს: ცნება გამოიხატება, ხოლო ფიზიკური საგანი აღინიშნება სახელით, სხვაგვარად, სახელთან მიმართებაში ცნებაცა და ფიზიკური საგანიც აღსანიშნებია. ცნებისა და ფიზიკური საგნის პირობითი გაერთიანებით დიონისე აყალიბებს „უნივერსალურ საგნის“ ცნებას, რომელზედაც აფუძნებს სახელის დეფინიციას: სახელი ყოველთვის აღნიშნავს საგანს (ფიზიკურს ან კონცეპტუალურს).

აზრის (მტკიცების) სტრუქტურას არისტოტელე სწავლობდა წინადადებაში (გამონათქვამში), ამიტომ უკანასკნელ ორ ტერმინს „ორგანონში’’ იგი იყენებდა როგორც აზრის გამომხატველის, ისე თვით აზრის მნიშვნელობითაც. აზრიცა და წინადადებაც ბერძენი ფილოსოფოსისთვის წარმოადგენდა ლოგოსს წართქმულ მეტყველებას [Аристотель, 1978:95]. დეფინიციით – „წინადადება არის სიტყვათა შეხამება, რომელიც გადმოსცემს დამთავრებულ აზრს“ [Десницкая... 1980: 216] – დიონისემ დაუტოვა წინადადებას მხოლოდ ერთი, ლინგვისტური, აზრის გამომხატველის მნიშვნელობა. მაგრამ დიონისეს განმარტება არ იყო წმინდა ლინგვისტური, იგი ეფუძნებოდა აზრს (მტკიცებას) და ამიტომ იყო ლოგიცისტური. არისტოტელეს ლოგიკური მოძღვრების ზეგავლენა იმდენად დიდი იყო, რომ ვერც ანტიკური და ვერც შუა საუკუნეების პერიოდის გრამატიკოსებმა ვერ შეძლეს ლოგიკური სტრუქტურის მიღმა წინადადების სინტაქსური სტრუქტურის დანახვა. „ამგვარად მოხდა, – წერს არნ. ჩიქობავა, – მსჯელობისა (თუ წინადადებისა)? და მისი ნაწილების,  ქვემდებარე-შემასმენლის შესახებ მოძღვრების გადმონერგვა ლოგიკიდან გრამატიკაში“ [ჩიქობავა, 1967:13]. დავამატებდით იმას, რომ აღნიშნული „გადმონერგვა“ არ მომხდარა თავისთავად და ერთბაშად. ანტიკური გრამატიკები არაფერს გვატყობინებენ ქვემდებარე-შემასმენლის შესახებ, ხოლო საგნის, თვისების და რიცხვის აღმნიშვნელ სახელს, დიონისეს მსგავსად, განმარტავენ ლოგიცისტურად, მხოლოდ საგანზე მითითებით. გრამატიკული კაზუსი ამ შემთხვევაში  ის გახლავთ,  რომ ლოგიციზმის გამო არსებითი სახელის განმარტება, თუნდაც სახელის დეფინიციის სახით,   გრამატიკაში გაჩნდა ძველბერძნულ და ლათინურ ენებში საკუთრივ არსებითი სახელის ჩამოყალიბებამდე. მართლაც, უცნაურია, როდესაც რომაელი გრამატიკოსი ელიუს დონატუსი თავის „მცირე გრამატიკაში“ სახელს განმარტავს ლოგიცისტურად, როგორც არსებით სახელს: „სახელი არის მეტყველების ნაწილი, რომელიც ბრუნვის მეშვეობით აღნიშნავს საგანს ან მოვლენას ცალკე ან როგორც ზოგად ცნებას“ [Донат, 2003:120], ხოლო შემდეგ ლაპარაკობს ამგვარად გაგებული სახელის შედარების ხარისხის ფორმებზე. სახელისა და არსებითი სახელის ერთმანეთში არევა ანტიკური გრამატიკებიდან გადაინაცვლებს სხვა ენათა გრამატიკებში, მათ შორის აისახება იოანე ბაგრატიონის კალმასობისეულ გრამატიკაშიც: „სახელი არს ნაწილი სიტყვისა, მნიშვნელი არსებისა გინა ნივთისა, ანუ პირისა რაისამე, მაგალითად: ცა, ქვეყანა, კაცი, ცხენი, ბრძენი, თეთრი...   სახელი იწვალების არსებითად და ზედშესრულად“[ ბაგრატიონი, 1815:37].

აღწერითი გრამატიკა, მართალია, იყო ლოგიცისტური, მაგრამ მაინც –მიმართული ენისკენ. ენაზე მეცნიერული ხედვის ჩამოსაყალიბებლად საჭირო იყო ლოგიციზმის დაძლევა. მაგრამ ლინგვისტური აზრი განვითარდება სხვა მიმართულებით. ანტიკური ხანიდან მოყოლებული შუა საუკუნეების ჩათვლით შეხედულება ენაზე, როგორც მხოლოდ აზრის გამოხატვის ფიზიკურ ფორმაზე, რჩებოდა უცვლელი. დროთა განმავლობაში გახდა ცხადი, რომ არისტოტელეს მიერ „ორგანონში“ დადგენილი აზროვნების ფორმები და კანონები უნივერსალურია. ჭეშმარიტებად დამკვიდრდა ის აზრი, რომ სხვადასხვა ეროვნების ადამიანები აზროვნებენ ლოგიკურად ერთნაირად, ხოლო ნააზრევს გამოხატავენ ენით განსხვავებულად, ანუ აზროვნება უნივერსალურია, მისი გამომხატველი ენა კი არის ეროვნული. ეჭვი ენის, როგორც აზრის გამომხატველის, მიმართ გაჩნდა ჯერ კიდევ ანტიკურ ფილოსოფიაში. იდეების, საგნებისა და სახელების ურთიერთმიმართებაში პლატონი აბსოლუტურ ღირებულებას ანიჭებდა იდეებს – ცალმხრივად განსაზღვრული საგნების წარმომქნელ მარადიულ არსებს. ითვლებოდა, რომ ფიზიკურ და ამიტომ ცვალებად სიტყვას არ შეეძლო ყოველთვის ზუსტად გამოეხატა ჭეშმარიტი იდეა. არისტოტელეც არ ენდობოდა სიტყვებს მათი მრავალმნიშვნელიანობის გამო, თუმცა, მისი მოძღვრების თანახმად, ჭეშმარიტი შეიძლება იყოს წინადადება და არა ცალკე იდეა. მე-17 საუკუნეში რ. დეკარტი შესაძლებლად მიიჩნევს ბუნებრივი ენის გარდაქმნას მათემატიკური პრიცნიპებით ისე, რომ ნათელი და მარტივი გახდეს ყველა აზრი. ეს ფილოსოფიური დაშვება განაპირობებს ლინგვისტური აზრის განვითარების მიმართულებას.

ლიტერატურა

ბაგრატიონი ი.
1986
კალმასობისეული ქართული გრამატიკა, მეცნიერება, თბილისი.
ურუშაძე ა.
1987
ძველი ბერძნული ენა, განათლება, თბილისი.
შანიძე ა.
1980
თხზულებანი თორმეტ ტომად, ტ. III, თსუ, თბილისი.
ჩიქობავა არნ.
1968
მარტივი წინადადების პრობლემა ქართულში, განათლება, თბილისი.
Διονύσιος ο Θραξ
1816
Τέχνη Γραμματική, Συγγραφέας: Διονύσιος ο Θραξ Προέλευση κειμένου:Immanuel Bekker Anecdota Graeca, Berolini, τόμος 2.
Huddleston R., Pullum G.
2007
A student’s introduction to English Grammar, Cambridge University Press.
Аристотель
1978
Соч. в 4т.,т.2, Мысль, Москва.
Блох М.
2004
Теоретическая грамматика английского языка, Высшая школа, Москва.
Гак В.К.
1986
Теоретическая грамматика французского языка, Высшая школа, Москва.
ЭДонат Э.
1986
Малая грамматика, вестник, Пермского университета, Выпуск 4, Пермь.
Кононов А.Н.
1956
Грамматика современного турецкого языка, Академия наук СССР, Москва.
Десницкая А.В., Кацнельсон С.Д.
1980
История лингвистических учений, Наука, Ленинград.