საბჭოთა კავშირის იდეოლოგიის კრიტიკა გივი მარგველაშვილის რომანში "კანტაქტი"
DOI: 10.55804/jtsuSPEKALI-16-8
გერმანულენოვანი ქართველი მიგრანტი ავტორის გივი მარგველაშვილის ერთ-ერთი მეტაფიქციური ნაწარმოები, რომელშიც საბჭოთა კავშირში გაბატონებული იდეოლოგიის კრიტიკას ვხვდებით, არის მეტარომანი "კანტაქტი", ქალაქის აღმწერლის მკითხველისეულ-ცხოვრებისეული გამოცდილებებიდან (Der Kantakt, Aus den Lese-Lebenserfahrungen eines Stadtschreibers, 2009). რომანი შედგება სამი სიუჟეტური შრისგან, რომელთაგან ორი ეფუძნება გერმანელი მწერლისა და პუბლიცისტის კურტ ტუხოლსკის წიგნს რაინსბერგი: სურათებიანი წიგნი შეყვარებულთათვის (Rheinsberg: Ein Bilderbuch für Verliebte, 1912). საცნაურია, რომ "კანტაქტის" აღნიშნულ ორ სიუჟეტურ შრეში, რომლებიც მეტაფიქციური ხასიათისაა, ავტორი თავადვე გვევლინება მთავარ პერსონაჟად. რომანის მესამე – ესეისტური ხასიათის შრე, რომელიც დიდწილად გივი მარგველაშვილის სხვა ნაწარმოებებს ეხმიანება და ამავდროულად მის პირად გამოცდილებებს ასახავს, ისეთი მნიშვნელოვანი საკითხების განხილვა-გაკრიტიკებას ეთმობა, როგორებიცაა: საბჭოთა კავშირი და მისი ძალადობრივი სისტემა, კომუნისტური იდეოლოგია, რეპრესიები, „ცივი ომი“, „რკინის ფარდა“ და სხვ. სწორედ აღნიშნული ესეისტური შრე ექცევა წინამდებარე სტატიის ყურადღების ცენტრში.
გივი მარგველაშვილის შემოქმედების კვლევასა და გავრცელებაში განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის გერმანისტს, მწერალსა და მთარგმნელ ნაირა გელაშვილს. ნაირა გელაშვილის გვერდით უნდა დასახელდნენ გ. მარგველაშვილის შემოქმედების ისეთი ქართველი მკვლევრები, როგორებიც არიან: ალექსანდრე კარტოზია, ნანა გაფრინდაშვილი, ზაალ ანდრონიკაშვილი, ნუგეშა გაგნიძე, ლევან ცაგარელი და სხვ. რომლებიც თავიანთ ნაშრომებში ძირითადად გივი მარგველაშვილის ადრეულ შემოქმედებას განიხილავენ.
გერმანელი პუბლიცისტი დომინიკ ირტენკაუფი სამართლიანად შენიშნავს, რომ გივი მარგველაშვილის თითოეული ტექსტი ტრიუმფია საბჭოთა კავშირის საიდუმლო სამსახურსა და სტალინზე [Irtenkauf, 2018]. აღნიშნული ფრაზა ნამდვილად მიესადაგება რომანს "კანტაქტი". გერმანელი მკვლევარი კარსტენ განზელი გივი მარგველაშვილის შემოქმედების განხილვისას გვერდს ვერ უვლის საბჭოთა კავშირისა და სტალინიზმის ხსენებას. გ. მარგველაშვილის გამოცდილებები სწორედ იმ ეპოქიდანაა, როდესაც მსოფლმხედველობას „მონოლოგურობის“ დაღი ესვა, ეს იყო სტალინიზმის ეპოქა, პერიოდი, როცა კონკრეტული სააზროვნო სქემები, იდეოლოგიები დომინირებდა, საზოგადოებრივი ღირებულებები და ჭეშმარიტებები ყალბდებოდა, რაც ყოველგვარ დიალოგს გამორიცხავდა [Gansel, 1992:21][1]. მნიშვნელოვანია, აღინიშნოს თვით გ. მარგველაშვილის დამოკიდებულება სტალინის მიმართ, რომელსაც მონსტრად მოიხსენიებს. მისი გარდაცვალების შემდეგ საბჭოთა კავშირში ნელ-ნელა „გაზაფხული“ დაიწყო [შდრ. Sundermeier, 2017:75], - ამბობს ავტორი ინტერვიუში თავის გერმანელ გამომცემელთან.
გივი მარგველაშვილი, რომლის ბედისწერაც სწორედ საბჭოთა კავშირის ძალადობრივმა რეჟიმმა განსაზღვრა, აკრიტიკებს და ებრძვის საბჭოთა კავშირის ჩაკეტილ სივრცეში გაბატონებულ „მონოლოგურობას“, „მონოთემატურობას“, დოგმებს, იდეოლოგიებსა და ზოგადად, ყოველგვარ ძალადობას; ბრძოლის „იარაღად“ კი ავტორი სიტყვას, მეტაფიქციური წერის ტექნიკასა და ტექსტს იყენებს.
„საკითხავი მასალა“ (გერმ.: „Lesestoff“), ანუ იგივე ტექსტი, რომან "კანტაქტში" გაშლილი მსჯელობის მიხედვით, დიდ გავლენას ახდენს სახელმწიფო წყობილებაზე. იგი დიდი ცვლილებებისა და რევოლუციების გამომწვევია: „საკითხავმა მასალამ, ძირითად შემთხვევაში, უცილობლივ შეიძინა საკითხავი-ასაფეთქებელი ნივთიერების ძალა, რომელმაც არც თუ ისე მცირედი წვლილი შეიტანა უსახურ ადგილს შემორტყმული კედლების აფეთქებაში“ [Margwelaschwili, 2009:57]. „უსახური ადგილი“ კი რომანში ერთმნიშვნელოვნად საბჭოთა კავშირს აღნიშნავს. ცვლილებებისა და განახლებისთვის ბიძგის მიმცემი ტექსტის ერთ-ერთი სახეობა, "კანტაქტის" მიხედვით, ავტობიოგრაფიული რომანია, რომელიც ასევე წარმოჩენილია ისტორიული კონტექსტის, დროის, მოვლენებისა და პირადი ამბების ამსახველ, მეტაფორებით სავსე „სარკე-ტექსტად“. „საკითხავი მასალის“, მათ შორის, ავტობიოგრაფიული ტექსტის შექმნა, ტრავმირებული ადამიანისთვის თვითგამორკვევისა და რეაბილიტაციის საშუალებადაა განხილული რომანში.
„მკითხველი რომ კალამს იღებს და წერას იწყებს, სრულიად ნორმალურია, [...]. იგი წერს საკუთარი სულის გამოძახილს, ყველაფერს რაც მას ტანჯავს. ამ ყოველივეს, ქაღალდზე გადმოტანილს, ერთი უპირატესობა აქვს, შეგიძლია დახიო და მოისროლო, ზუსტად ისევე, როგორც იმ მწუხარე ადგილს მოექცეოდი, რომლის გამოისობითაც ასე იტანჯები“ [Margwelaschwili, 2009:55].
მოცემული ციტატა ეხმიანება გივი მარგველაშვილის ცხოვრებას. როგორც მისი ბიოგრაფიიდანაა ცნობილი, წერის დაწყებამდე ბევრს კითხულობდა. ბევრი მნიშვნელოვანი წიგნი წაუკითხავს მას ზაქსენჰაუზენის ბანაკში ყოფნისას, სადაც საკმაოდ კარგი ბიბლიოთეკა ყოფილა. როგორც ავტორი გამომცემელ იორგ ზუნდერმაიერთან ინტერვიუში იხსენებს, ზაქსენჰაუზენის ბანაკში ყოფნის მძიმე პერიოდის გადატანაში მას სწორედ წიგნების კითხვა დახმარებია, წიგნებში „შეუფარებია“ თავი და ასე გადარჩენილა [Sundermeier, 2017:51]. საბჭოთა საქართველოში გადასახლებიდან რამდენიმე წლის შემდეგ გივი მარგველაშვილმა თავისთვის მშობლიურ გერმანულ ენაზე დაიწყო წერა. ჯერ ფილოსოფიურ, ონტოტექსტოლოგიურ და ნარატოლოგიურ საკითხებზე მუშაობდა, რის შემდეგაც, ძირითადად, პროზის წერას მიჰყო ხელი, ფურცელზე თავისი ტრავმული გამოცდილებების გადმოტანა დაიწყო და, როგორც ავტორი თვითონვე ამბობს, „წერით ემიგრაციაში“ წავიდა [Sundermeier, 2017:73]. გივი მარგველაშვილი მწერლებს ჩიტებს ადარებს. მისი დაკვირვებით, მწერლებს ძირითადად ერთი დასაწერი თემა – ერთი მიმართულება აქვთ. ჩიტებიც ასე არიან, ისინი ერთსა და იმავე ბგერებს გამოსცემენ. მართალია, მათი ჭიკჭიკი განსხვავდება იმ სახეობის მიხედვით, რომელსაც ისინი მიეკუთვნებიან, თუმცა თითოეული სახეობა მაინც ერთსა და იმავე მელოდიას უსტვენს, „[...] და შეხედეთ, გარკვეულ მწერლებთანაც ასე ხდება. ისინი მხოლოდ იმას ამოთქვამენ, რაც ყელში ებჯინებათ. ჩემთან ეს ცარიელი ადგილებია. ამ თემას აღარ დავანებებ თავს, სანამ ვცოცხლობ, ვკითხულობ და ვწერ“ [Margwelaschwili, 2009:23]. აქვე უნდა განიმარტოს „ცარიელი ადგილის“ სემანტიკა, „ცარიელ ადგილად“ (გერმ.: Der leere Platz) "კანტაქტში" მოხსენიებულია საბჭოთა კავშირი, რომლის კრიტიკაც გივი მარგველაშვილის ტექსტების უმრავლესობის, მათ შორის, რომან "კანტაქტის" ერთი-ერთი ძირითადი თემაა.
რომანში "კანტაქტი" განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა საბჭოთა კავშირში დაწერილ ავტობიოგრაფიულ ტექსტებს, რომლებშიც ძირითადად კომუნისტური რეჟიმის კრიტიკა გამოსჭვიოდა, ცენზურისა და მოსალოდნელი საფრთხის გამო კი, იმ პერიოდში ანტისაბჭოური „სარკე-ნაწარმოებების“ გამოქვეყნება ვერ ხერხდებოდა, ავტორებს ხელნაწერების შენახვა უჯრაში უწევდათ იქამდე, ვიდრე პოლიტიკური რეჟიმი არ შეიცვლებოდა და გამოქვეყნებისთვის ხელსაყრელი დრო არ დადგებოდა: „ვინ მოსთვლის იმ ავტობიოგრაფიულ და, ამასთანავე, რეჟიმის მაკრიტიკებელ ხელნაწერებს, [...] რომლებიც საბჭოთა კავშირში დაიწერა და უჯრებში ინახება იქამდე, ვიდრე მათი საჯაროდ წაკითხვისთვის ხელსაყრელი დრო არ დადგება?“ [Margwelaschwili, 2009: 171]. უჯრაში გადანახულ ავტობიოგრაფიულ ტექსტებში, "კანტაქტის" მიხედვით, საბჭოთა კავშირის რეჟიმი აღწერილია, როგორც „მკვლელი რეჟიმი“ (გერმ.: Das mörderische Regime), „გამოუსწორებელი, შეუქცევადი ბოროტება“ (გერმ.: Das unabänderliche Übel), „უდაბური, უკაცრიელი, მწუხარე ადგილი“ (გერმ.: Der öde Platz), „უტოპიური ტყუილი“ (გერმ.: Die utopische Lüge). აღნიშნულიდანაც ნათლად ჩანს ავტორის უარყოფითი და კრიტიკული დამოკიდებულება საბჭოთა კავშირის მიმართ.
„რეჟიმის მაკრიტიკებელი ხელნაწერები, [..] საბჭოთა კავშირის იმპერიას აღწერენ, როგორც გამოუსწორებელ ბოროტებას, რომლის შეცვლა დიდი ხნის განმავლობაშიც კი შეუძლებელია. პერსონაჟები უსიცოცხლო ადგილას არიან გამომწყვდეულნი და მგზნებარედ ელიან ხსნას, რომელიც არა და არ დგება, რაკი თვით ყველაზე თბილ ამინდსაც კი არ შეუძლია იდეოლოგიური გამყინვარების ხანის გალღობა, განახლების ცდები ადრე თუ გვიან მაინც გაყინვის მსხვერპლნი ხდებიან“ [Margwelaschwili, 2009:172].
საბჭოთა კავშირის რეჟიმის მაკრიტიკებელი ერთ-ერთი ავტობიოგრაფიული „სარკე-ტექსტია“ გივი მარგველაშვილის რომანების ციკლი "კაპიტანი ვაკუში", – „წიგნი ხომ საბჭოთა კავშირში დაიწერა და ზუსტად ის არ არის, რომლისთვისაც შეგეძლოთ პროსაბჭოური გეწოდებინათ“ [Margwelaschwili 2009:225], – ვკითხულობთ კომენტარს "კაპიტან ვაკუშზე" მეტარომანში "კანტაქტი". ავტობიოგრაფიული რომანების ციკლის "კაპიტანი ვაკუში" I და II ტომის გამოქვეყნება გერმანიაში მხოლოდ 1991-1992 წლებში, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, მოხერხდა: „რომანი [...] გერმანიაში 1992 წელს გამოქვეყნდა. ცუდად გაიყიდა, იმდენად ცუდად, რომ გამომცემელმა უარი თქვა გეგმაზე, გამოეცა კიდევ ერთი ტომი ჩემი ცხოვრების შესახებ საბჭოთა კავშირში“ [Margwelaschwili, 2009: 221].
„ასეა, სარკე-წიგნებს ახასიათებთ ეს. რაც უფრო მეტს ასახავენ, მეჩვენება, რომ მით უფრო ნაკლები მკითხველი ჰყავთ. ეს მე თვითონაც გამოვცადე, რადგან, სხვათა შორის, სულ მცირე ერთი ასეთი სარკე-წიგნის ავტორი მეც ვარ. რომ დავაზუსტო, ერთი სარკე-ნაწარმოების, რადგან იგი რამდენიმე ტომისგან შედგება. [...] ავტობიოგრაფიული რომანი, რამდენი ფიქციაც არ უნდა იყოს შერეული მასში, ნებისმიერ შემთხვევაში, ყოველთვის სარკე-წიგნია, რაკი იგი თავისი ავტორის ცხოვრებას ასახავს“ [Margwelaschwili, 2009:438].
ზემოთ მოცემულ ავტო-ინტერტექსტობრივსა და ავტორეფლექსიურ მონაკვეთებში ვკითხულობთ, რომ გივი მარგველაშვილის ავტობიოგრაფიული „სარკე-ნაწარმოების“ – "კაპიტანი ვაკუშის", გამოქვეყნება მხოლოდ 90-იანი წლების დასაწყისიდან გახდა შესაძლებელი, თუმცა მას მკითხველი თითქმის არ გამოუჩნდა. ლიტერატურათმცოდნე ლევან ცაგარელი მიიჩნევს, რომ სწორედ დაგვიანებულმა გამოცემამ გამოიწვია ნაწარმოების დაუფასებლობა. მისი აზრით, "კაპიტანი ვაკუში", ისევე როგორც მარგველაშვილის სხვა ნაწარმოებები, მნიშვნელოვნად ასცდა თავის ეპოქალურ კონტექსტს და, შესაბამისად, არც მისი რეცეფცია გამოდგა ადეკვატური [ცაგარელი, 2019:47]. გივი მარგველაშვილი წუხს თავისი ნაწარმოებების დაუფასებლობის გამო და ამ საკითხს თავის შემოქმედებაშიც განიხილავს. "კანტაქტში" ვხვდებით ერთ-ერთი გერმანული გამომცემლობის ლექტორის კომენტარს გივი მარგველაშვილსა და მის შემოქმედებაზე: „რაში სჭირდება შემოვლითი გზები წიგნის სამყაროსა და წიგნის პერსონაჟებზე? რატომ არ ამბობს პირდაპირ იმას, რისი თქმაც სურს? ამბები, რომლებიც თავისთავად ძალიან ამაღელვებელი და ამავე დროს საინტერესოა, ამით მხოლოდ სარგებელს ნახავდნენ“ [Margwelaschwili, 2009:180]. აღნიშნულ მონაკვეთში ჩანს, რის გამო არ სწყალობდნენ გერმანელი გამომცემლები მარგველაშვილს. ონტოტექსტოლოგი, ფილოსოფოსი ავტორის მიერ შემოვლითი გზებით მოთხრობილი ამბები მათთვის ნაკლებად მომგებიანი იყო, – „ეს სიტყვები გავიკარი ჩემს პატარა თბილისური ვართბურგის კედელზე, როგორც თვალსაჩინო გაფრთხილება ჩემთვის, რათა ჩემი ნაწერების გამოქვეყნების დიდი იმედი არ მქონოდა“ [Margwelaschwili, 2009:180-181], – ვკითხულობთ ავტო-კომენტარს რომანში. სხვა ავტო-კომენტარში კი გივი მარგველაშვილი შენიშნავს, რომ მის შემოქმედებას არა მხოლოდ გერმანული ენის, არამედ, როგორც ჰაერიდან მოტანილი, სიურ- და არარეალისტური შინაარსის გამოც, არც საბჭოთა საქართველოში ექცეოდა დიდი ყურადღება და მხოლოდ მეგობრების წრეში, ე.წ. „მიკროკანტაქტში“ ჰყავდა მკითხველები.
რომანში "კანტაქტი", რომელიც ავტო-ინტერტექსტობრივი ეპიზოდებითა და ავტორეფლექსიური კომენტარებითაა გაჯერებული, საკმაოდ ვრცლად და დაწვრილებითაა განხილული "კაპიტანი ვაკუში". იგი მეტაფორებით, ალეგორიებითა და სიმბოლოებით სავსე ავტობიოგრაფიულ ნაწარმოებად ხასიათდება, – „[...] ჩემს წიგნებში არსებული სიმბოლური სიტყვები ჩემთვის ძირითადად სათამაშო ცნებებია“ [Margwelaschwili, 2009:226]. მარგველაშვილი სწორედ „სათამაშო ცნებებით“ (გერმ.: Spielbegriffe, – ცნებები, რომლებითაც „თამაში“ შეიძლება) ასახავს და აკრიტიკებს ცხოვრებას მეორე მსოფლიო ომის პერიოდის ნაციონალ-სოციალისტურ გერმანიაში, საბჭოთა სადამსჯელო ბანაკსა და შემდეგ უკვე საბჭოთა საქართველოში. "კანტაქტში" გვხვდება რომანების ციკლში "კაპიტანი ვაკუში" მოცემულ სიმბოლოთა განმარტებებიც. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სიმბოლოა „გოგლიმოგლი“, რომელიც იდეოლოგიის აღსანიშნად გამოიყენება:
„ქართული სიტყვა გოგლიმოგლი სინამდვილეში ჰქვია ბავშვის საჭმელს: შაქარში ათქვეფილ კვერცხის გულს. ჩვენს ტექსტში ეს სარკე-სიტყვაა, რომელიც იმ იდეოლოგიურ „აზრობრივ ფაფას“ აღნიშნავს, რომელსაც იძულებით აჭმევდნენ მოსახლეობას“ [Margwelaschwili, 2009:439].
იდეოლოგიების თავზე მოხვევით, სოციოლოგისა და ფილოსოფოსის ჰერბერტ მარკუზეს აზრით, ვიღებთ „ერთგანზომილებიან ადამიანს“, „ერთგანზომილებიან საზოგადოებას“ – მასას, რომელიც ადვილად მართვადია [Marcuse, 1967]. ფრანგი სტრუქტურალისტის, კულტურის თეორეტიკოსისა და სემიოლოგის როლან ბარტის კონცეფციის მიხედვით, იდეოლოგია ილუზიური წარმონაქმნია, რომლითაც სინამდვილეა შებურვილი, რომელიც საზოგადოების წევრებს მართავს და მათ სინამდვილის აღქმაში აბრკოლებს. ტოტალიტარული პოლიტიკური იდეოლოგიები იძენენ მითების სახეს. მითი კი ხელს უწყობს გაბატონებული ჯგუფების ინტერესების გავრცელებასა და მათი ფასეულობების განმტკიცებას საზოგადოებაში. საცნაურია, რომ რ. ბარტი ყურადღებას ამახვილებს სოციალიზმის ფარგლებში შექმნილ სტალინის მითზე, მის რეალურსა და ისტორიულ პიროვნებაზე და, ამასთანავე, იმ საკრალიზირებულ ეპითეტებზე, რომლებითაც მას ამკობდნენ [Barthes, 1964]. როდესაც რაიმეს იდეოლოგიურს ვუწოდებთ, მივიჩნევთ, რომ ის იმთავითვე მცდარია, ყალბია, დოგმატურია. იდეოლოგიები (და, შესაბამისად, იდეები), რომლებიც განსაზღვრულ სოციალურ კონტექსტში გამიზნულად ჩნდებიან, ახდენენ რეალობისა და საზოგადოებრივი ცნობიერების გაყალბება-ფალსიფიცირებასა და გაყალბებული რეალობის ცრუ თეორიებით დაცვა-ლეგიტიმაციას. მათ საერთო დოქტრინის, რწმენის, რელიგიის ხასიათი აქვთ და აღიქმებიან უნივერსალურად და ერთადერთ სიმართლედ. სწორედ აღნიშნულს ებრძვის და ეწინააღმდეგება გივი მარგველაშვილი თავისი შემოქმედებით.
როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნეთ, რომანში "კანტაქტი" განსაკუთრებული ადგილი უჭირავს გ. მარგველაშვილის ავტობიოგრაფიული რომანების ციკლის "კაპიტანი ვაკუში" განხილვას. „გოგლიმოგლის“ გვერდით მეტარომანში სხვა საკვანძო მნიშვნელობის მქონე სიმბოლოებიცაა განმარტებული:
„კომპოზიტი მამასახლისი (სახლის მამა, ოჯახის მამა) ჩემს წიგნში სახელმწიფოს მეთაურს ნიშნავს. სიტყვით მამასახლისიმუსი სტალინია აღნიშნული. ტერმინი ექსმამასახლისი ჩემს რომანში აღნიშნავს ემიგრანტს. სიტყვა ექსმამასახლისიმუსი აღნიშნავს გერმანიაში ქართული კოლონიის თავმჯდომარეს, რომელიც მამაჩემი იყო ბოლო დროს. საკუთარ თავს ტექსტში ვუწოდებ მეტსახელს კაპიტანს, რაკი მე ხშირად ვთამაშობდი ახალგაზრდების მცირე ჯგუფის ლიდერს, ეს სიტყვა მოდის caput-იდან (ლათინურად: თავი), და აქ იუმორისტული დამატებაა, თუმცა, ამასთანავე, ჩაფიქრებულია ტერმინების მამასახლისიმუსისა და ექსმამასახლისიმუსის ანტონიმად“ [Margwelaschwili, 2009:223].
ამრიგად, როგორც ციტატაში ვკითხულობთ, „მამასახლისი“ ნიშნავს სახელმწიფოს მეთაურს, სიტყვა „მამასახლისიმუსი“ კი აღნიშნავს გენერალისიმუს სტალინს – საბჭოთა კავშირის ქართველ მეთაურს, „ექსმამასახლისიმუსში“ გივი მარველაშვილის მამა – ტიტე მარგველაშვილი იგულისხმება, რომელიც, როგორც ეროვნულ-დემოკრატი, აქტიურ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში იყო ჩართული. 1921 წელს საქართველოში წითელი არმიის შემოსვლის შემდეგ იგი იძულებული გახდა გერმანიაში გადახვეწილიყო. ტიტე მარგველაშვილი ემიგრაციაშიც აგრძელებდა საზოგადოებრივ-პოლიტიკურ აქტივობას, სხვადასხვა პერიოდში ხელმძღვანელობდა ბერლინში მყოფ ქართულ სათვისტომოს და მის ხელთ არსებული ყველა შესაძლო რესურსით ცდილობდა, წვლილი შეეტანა სამშობლოს წინსვლა-განვითარებაში. 1946 წლის თებერვალში უშიშროების სამსახურის დავალებით მასთან მისულმა საბჭოთა საქართველოს წარმომადგენლებმა ტიტე მარგველაშვილი ქართველებთან საზეიმო შეხვედრის საბაბით ვაჟთან ერთად მოტყუებით წაიყვანეს და გამოკეტეს აღმოსავლეთ ბერლინის კომენდატურაში. შვილთან ერთად მხოლოდ ერთი ღამე გააჩერეს, შემდეგ კი ისინი ერთმანეთს დააშორეს. გივი მარგველაშვილი კომენდატურაში კიდევ ექვსი კვირით დააყოვნეს და ზაქსენჰაუზენის ბანაკში გადაიყვანეს, იქ გატარებული თვრამეტთვიანი პატიმრობის შემდეგ კი მისთვის უცხო ქვეყანაში – საქართველოში გადაასახლეს. ტიტე მარგველაშვილი, როგორც გვიან გახდა ცნობილი, რაკი უშიშროების სამსახურმა ვერ გადაიბირა, საზოგადოებისთვის საშიშ პიროვნებად ცნეს და 1946 წლის ოქტომბერში დახვრიტეს [იხ. მარგველაშვილი].
"კანტაქტში" ყურადღების მიღმა არ რჩება 1951 წელს სტალინის ბრძანების საფუძველზე ხალხის იძულებითი გადასახლება შუა აზიასა და ყაზახეთში:
[....] კოლხოზელი მამასახლისიმუსის პირადი ბრძანებით 1951 წელს საქართველოდან საბჭოთა კავშირის შორეულ აღმოსავლეთში გადაასახლეს არასასურველი (კოლხოზური გოგლიმოგლისთვის საეჭვოდ მიჩნეული) მამასახლისები და მათი პიპოები, პიპები და კაპიტნები [Margwelaschwili, 2009:442].
ცალსახაა, რომ სტალინი იგულისხმება „კოლხოზელ მამასახლისიმუსში“, „კოლხოზურ გოგლიმოგლში“ კი – საბჭოთა იდეოლოგია. მსგავსი, ნაწილობრივ ქართული, რუსული და იტალიური სიმბოლოებითაა აგებული ავტობიოგრაფიული რომანების ციკლი "კაპიტანი ვაკუში". მასში ჩადებულია მეტათემატური შინაარსი – საბჭოეთის კრიტიკა, რომელიც, როგორც "კანტაქტში" ვკითხულობთ, კოლხოზურ-კოლხიდურმა „კაგებემ“, საბჭოთა კავშირის უშიშროების სამსახურმა, ვერ ამოიცნო, მით უმეტეს უცხო ენაზე, გერმანულად დაწერილი:
„[...] აგენტებმა 1986 წელს მოულოდნელად დააკაკუნეს ჩემს კარზე და ჩემი ავტობიოგრაფიული ხელნაწერის ნახვა მოითხოვეს. მათ იცოდნენ, რომ ექვსი ტომიდან სამი სრულად მქონდა აკრეფილი. გასაგებია, რომ ისინი მაინცდამაინც ამ ხელნაწერს ითხოვდნენ: ჩემს ნაწერებს შორის ყველაზე მეტად ეს ეხმიანება ნამდვილ სამყაროსეულ არეალს, ეს აღწერს ჩემს ნამდვილ ცხოვრებისეულ გამოცდილებებს, რომლებიც მქონდა საბჭოთა კავშირთან და საბჭოთა კავშირში. გატაცებული, რეჟიმის მოწინააღმდეგის ვაჟისგან სხვანაირად თითქმის წარმოუდგენელი იყო; მასში შეხვდებით ანტისაბჭოურ სენტენციებს, დამამცირებელ დასკვნებს საბჭოთა კავშირში ცხოვრების წესის შესახებ, ადამიანთა ფუნდამენტური უფლებების ხელყოფასა და მისთანებს. ვაჟბატონები სახელმწიფო უშიშროებიდან სწორ გზას ადგნენ, სწორად უთქვამთ მათთვის: ჩემი ავტობიოგრაფიული ტექსტი შეიცავს ამ ყოველივეს, რადგან იგი ისევე აკრიტიკებს კითხვა-ცხოვრებას საბჭოთა რუსეთში (საბჭოთა საქართველოში), როგორც – მის მსოფლმხედველობრივ იზოლაციაში გაუდაბურებულ ყველა ადგილს“ [Margwelaschwili, 2009: 177].
მოცემული ავტორეფლექსიური და ავტო-ინტერტექსტობრივი მონაკვეთი განსაკუთრებით საყურადღებოა. იგი გივი მარგველაშვილის, როგორც ტიტე მარგველაშვილის ვაჟის, შემოქმედების მოტივაციას ააშკარავებს და პირდაპირ ეუბნება მკითხველს, რომ გივი მარგველაშვილი ავტობიოგრაფიული რომანების ციკლით "კაპიტანი ვაკუში" კრიტიკულად აღწერს საბჭოთა კავშირის რეჟიმს. საცნაურია, რომ გივი მარგველაშვილისთვის კითხვა და ცხოვრება („კითხვა-ცხოვრება“) (გერმ.: „Lese-Leben“) იდენტური და განუყოფელი ცნებებია და მისი პოეტიკის, ანუ ონტოტექსტოლოგიის ამოსავალი კონცეპტიც სწორედ ესაა – ცხოვრება კითხვის პროცესში.
აშკარაა, რომ გივი მარგველაშვილის რომანი "კანტაქტი" ვრცელი კომენტარია მისივე ავტობიოგრაფიული რომანების ციკლზე "კაპიტანი ვაკუში", რაც, თავის მხრივ, "კანტაქტის" მეტაფიქციურ ხასიათზე მიანიშნებს. თუმცა მხოლოდ აღნიშნული არ ხდის რომანს მეტაფიქციურს. ნაწარმოების ძირითადი ნაწილი მეტაფიქციურია[2], ესეისტური თხრობა კი პერიოდულად ენაცვლება მას. გივი მარგველაშვილის შემოქმედებაში მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს მეტაფიქციურობა. სწორედ მეტაფიქციური თხრობით აკრიტიკებს ავტორი საბჭოთა კავშირის იდეოლოგიას, ამ კონკრეტული ნაწარმოების შემთხვევაში კი ტექსტის ძირითად გზავნილს მეტაფიქციურ შრეებს შორის აქცევს.
გერმანელი მკვლევარი ფრანკ თომას გრუბი პირველია, რომელიც მარგველაშვილის ტექსტების თავისებურებების აღსაწერად იყენებს ცნებას „მეტაფიქციურობა“. მისი ყურადღების ცენტრში ისევე ექცევა მუცალი: ქართული რომანი (Muzal: Ein georgischer Roman, 1991) და რომანების ციკლის დიდი კორექტურა (Die große Korrektur) I ტომი: "წიგნის ავბედითი თავი" ("Das böse Kapitel", 1991), ისევე როგორც მინიატურები და ლირიკა. მკვლევრის აზრით, გივი მარგველაშვილი მეტაფიქციური წერის ტექნიკით თხრობასა და მოთხრობილზე დაფიქრების საბაბს იძლევა, რა დროსაც საყოველთაოდ ცნობილი ნარატივები და კანონიკური ტექსტები კითხვის ნიშნის ქვეშ დგება [Grub, 2010:49-58].
რომანში "კანტაქტი" განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მარქსიზმ-ლენინიზმის პოლიტიკური ფილოსოფიის განხილვას, რომელიც წარმოჩენილია, როგორც მასობრივად თავს მოხვეული, ფატალური და ფარისევლური იდეოლოგია, როგორც შეცდომაში შემყვანი უტოპიური „სარკე-წიგნი“:
„თუკი ფილოსოფიაში ოდესმე თვალთმაქცობა ყოფილა, მაშინ ის აქ ყოფილა. მარქსისტულ-ლენინისტური სარკე-წიგნი, საბჭოთაკავშირელი სიტყვის ადამიანების [გერმ.: „Wortmensch“ იხ. ქვემოთ. თ.მ.] მიერ ისეთ წიგნად მიიჩნეოდა, რომლის გვერდით სხვა წიგნები, უპირველესად კი დასავლელი ფილოსოფოსების წიგნები, ან სარკის საწყალობელი ნამსხვრევები იყო, რომლებიც მხოლოდ სინამდვილის ნამსხვრევებს ასახავდნენ, ან ბრმა სარკეები, სარკეები ასახვის გარეშე, ან სულაც კარიკატურები იყვნენ, რომლებიც ადამიანებს ყველაზე დეკადენტურ თვისებებს წარმოაჩენდნენ“ [Margwelaschwili, 2009:404].
მარქსიზმ-ლენინიზმი კარნახობდა მეცნიერს, კვლევისათვის რა მიმართულება მიეცა. საბჭოთა კავშირში მცხოვრები მეცნიერები იძულებულნი იყვნენ, ნაშრომებში მარქსიზმ-ლენინიზმის კლასიკოსთა გამონათქვამები დაემოწმებინათ, იმის განურჩევლად, რამდენად იყო მოყვანილი ციტატა მეცნიერულად ღირებული. მარქსიზმ-ლენინიზმის სამაგიდო წიგნებიდან ციტირება სამეცნიერო ენის კარგ ტონად მიიჩნეოდა და, რაც მთავარია, დისერტაციის იდეოლოგიურ სანდოობაზე მიანიშნებდაო [Margwelaschwili, 2009:404], – წერს გივი მარგველაშვილი.
როდესაც ადამიანი რომელიმე არადემოკრატიულ პარტიაში წევრიანდება, როგორც ინდივიდი, არსებობას წყვეტს, რადგან პარტიის იდეოლოგიურ სულისკვეთებას უერთდება და მისი მორჩილი ხდება. იდეოლოგიური ჰიპოსთაზი და ექსტაზი ყველაზე საშინელი რამაა, რაც კი შეიძლება ადამიანს შეემთხვეს [Margwelaschwili, 2009:319], – „ესაა მისი მონობის გამოხატულება, მისი უფლების აბსოლუტური შეზღუდვა, მორჩილება. ასეთი ადამიანი ყველაფრისთვის მზადაა, თუ საჭირო გახდა, მსხვერპლადაც კი შეეწირება იდეოლოგიურ სიცრუეს“ [Margwelaschwili, 2009:319]. დამონებული (საბჭოეთის იდეოლოგიით გაბრუებული) ადამიანი ყველაფერს აკეთებდა პარტიისთვის. თუ საჭირო იქნებოდა, დაუფიქრებლად გასწირავდა მეგობარს.
„საბჭოთა კავშირში, ოცდაათიან წლებში, წითელი ტერორის დროს, ანტი- და მეტათემატური ელემენტებისგან საბჭოთა კავშირის ეგრეთწოდებული გაწმენდისას, კაპიტალისტური სამყარო, „ანტიკოსმოსის“ მიმართ სიმპათიაში ეჭვმიტანილი ხალხის მასობრივი დეპორტაციებისა და დახვრეტების დროს, ყველა შიშისგან დადუმდა (სახელმწიფოს მხრიდან შურისძიებისთვის საკმარისი იყო მაშინდელი საბჭოური საიდუმლო სამსახურისთვის, გპუ-სთვის ეცნობებინათ, რომ მავანმა სახელმწიფოსა და საბჭოზე აგდებულად ილაპარაკა; თუ ვინმე მსგავს საუბარს მოისმენდა და უშიშროების სამსახურს არ შეატყობინებდა, თვითონაც ცუდ დღეში ჩავარდებოდა, ეს იყო ამ რეპრესიების ლოგიკა). ანტი- ან მეტათემატურ აზრებს ან საერთოდ აღარ გამოთქვამდნენ, ან ძალიან იშვიათად, ისიც მხოლოდ პირად საუბრებში“ [Margwelaschwili, 2009:114-115].
მოცემულ ციტატაში ასახულია საბჭოთა კავშირის მიერ ჩადენილი დანაშაულები, მათ შორის, ოცდაათიანი წლების ცნობილი რეპრესიები, დეპორტაციები, გადასახლებები, დახვრეტები, რამაც ხალხი დააშინა, დაადუმა და ერთმანეთის მიმართ ნდობა დააკარგვინა.
იდეოლოგიის, დოგმებისა და მონოთემატურობის მოწინააღმდეგედ რომანში წარმოდგენილია ე.წ. „სიტყვის ადამიანი“ (გერმ.: „Wortmensch“). „სიტყვის ადამიანები“ არიან ჰუმანიტარული მეცნიერებების წარმომადგენლები, მწერლები, პოეტები, ფილოსოფოსები, და განზოგადებულად რომ ითქვას, ისეთი ადამიანები, რომლებსაც ენასთან, სიტყვასთან აქვთ საქმე; სიტყვასთან, რომელიც უნდა დაიწეროს, წარმოითქვას, გარკვეული ფორმა და ძალა შეიძინოს.
„[...] ანტითემატური სიტყვის ადამიანი, რომელიც გაბატონებული იდეოლოგიის წინააღმდეგია, არ ერიდება ხმის ამოღებას. [...] აკრიტიკებს დიქტატურას, აზროვნების, ლაპარაკისა და მოგზაურობის თავისუფლების შეზღუდვებს, გასაცოდავებულ ეკონომიკასა და მის იდეოლოგიურსა და სასაცილოდ ქცეულ ფსევდოკულტურას; მას არ შეუძლია და არ სურს, მასთან იყოს გაიგივებული და ცდილობს, თავი შორს დაიჭიროს ამ ყოველივესგან. ასეთი სიტყვის ადამიანი, მით უმეტეს, თუ მისი ნათესავები რეპრესირებულთა შორის იყვნენ, არ დაივიწყებს თავისი ქვეყნის სისხლიანი ოციანი და ოცდაათიანი წლების იდეოლოგიურ რეპრესიებს [...]“ [Margwelaschwili, 2009:316-317].
მოცემულ მონაკვეთში კიდევ ერთხელ წარმოჩნდება საბჭოთა კავშირის, როგორც დიქტატორული რეჟიმის, კრიტიკა; რეჟიმის, სადაც გაბატონებულია ძალადობა, ცენზურა, იდეოლოგია და, შესაბამისად, შეზღუდულია ადამიანის უფლებები. ამასთან, გაკრიტიკებულია ეკონომიკურ-სოციალური მდგომარეობა. ე.წ. „ანტითემატური“ „სიტყვის ადამიანი“ კი, რომელიც კრიტიკულად მოაზროვნეა და არა იდეოლოგიისგან გონებადახშული მონა, ამ ყოველივესგან თავის გამიჯვნას ცდილობს. ციტატა ერთმნიშვნელოვნად ეხმიანება მეოცე საუკუნის 20-30-იან წლებში საბჭოთა კავშირის იდეოლოგების მიერ გატარებულ რეპრესიებს. უცხოეთში გადახვეწა წარმოჩენილია გადარჩენად, ხსნად, იმედის ჰორიზონტად:
„ლოგიკურია, რომ ასეთი ადამიანისთვის იმედის ჰორიზონტი უცხოეთია, სადაც თავის ქვეყანაში გამეფებული დიქტატურისგან უარყოფილ და გადაფასებულ ღირებულებებს შენარჩუნებულს ხედავს, სადაც მას შესაძლოა, ნათესავები ჰყავს, რომლებმაც დროულად მოასწრეს გაფრენა, იქამდე, ვიდრე შინ იდეოლოგიური და პოლიტიკური მონოთემატურობა იფეთქებდა“ [Margwelaschwili, 2009:317].
გაბატონებული იდეოლოგიის მიმართ კრიტიკულად განწყობილ „სიტყვის ადამიანს“ თუ გაუმართლა და რეპრესიებს გადაურჩა, მაშინ მას, საბჭოთა კავშირის რეჟიმის მარწუხებში მოქცეულს, უფერული და გარიყული ცხოვრება ელის. თუ მეცნიერია, ვერ შეძლებს დისერტაციის დაცვას, ვერ მიიღებს ნორმალურ სამსახურსა და ანაზღაურებას. არავინ არსად ახსენებს მას, არავის დააინტერესებს, რას ფიქრობს და რას წერს იგი [Margwelaschwili, 2009:317]. შეიძლება ითქვას, რომ აღნიშნული მონაკვეთი გივი მარგველაშვილის გამოცდილებას ეხმიანება, რაკი მას არ მისცეს დისერტაციის დაცვის შესაძლებლობა.
"კანტაქტში" გამოთქმულია მომავლის იმედი, იმედი იმისა, რომ ერთხელაც ამ ყოველივეს ბოლო მოეღება, საზღვრები გაიხსნება და ყველასთვის შესაძლებელი იქნება თავისი გზით წასვლა, იდეოლოგიურად სხვაგვარად განწყობილ საზოგადოებაში განსხვავებული აზრის თავისუფლად, შიშის გარეშე გამოთქმა. თუმცა ავტორი რიტორიკულ შეკითხვასაც სვამს: „საკითხავი მხოლოდ ის არის, მივაღწევთ კი ამ ბედნიერ წუთს ჯანმრთელები და ვიქნებით კი იმ ასაკში, როცა თავისუფალი კითხვა და ცხოვრება სიხარულს მოგვანიჭებს?“ [Margwelaschwili, 2009:55]. გივი მარგველაშვილის ტყვეობა საბჭოთა კავშირის რეჟიმში ე. წ. „პერესტროიკის“ პერიოდში დასრულდა. 1988 წლიდან ავტორი სისტემატურად სტუმრობდა გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკას, შემდეგ კი უკვე გაერთიანებულ გერმანიას.
„რკინის ფარდამ თავის პატარა დასთან, ბერლინის კედელთან, ერთად არსებობა შეწყვიტა. ისევ გახდა შესაძლებელი მოგზაურობა, ერთმანეთთან სტუმრობა, საკუთარი დაბადების ადგილზე დაბრუნება – როგორც ეს ამ სტრიქონების ავტორმა მოახერხა და – ისევ იქ დაფუძნება, საიდანაც ხალხი 50 წლის წინ კატაკლიზმის გამოისობით სისასტიკით იქნა ამოგლეჯილი“ [Margwelaschwili, 2009:59].
ციტატაში მოცემული ფრაზა – „როგორც ეს ამ სტრიქონების ავტორმა მოახერხა“ –ავტორეფლექსიურია და მიემართება გივი მარგველაშვილს, როგორც რომან "კანტაქტის" ავტორს, რომელიც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ბერლინში გადავიდა საცხოვრებლად. ავტორი გერმანიაში 2011 წლამდე იმყოფებოდა, შემდეგ კი, ჯანმრთელობის პრობლემების გამო, კვლავ თბილისში მოუწია დაბრუნება, სადაც სიცოცხლის ბოლომდე ცხოვრობდა.
ამრიგად, ზემოთ მოცემული განხილვის საფუძველზე შეიძლება დავასკვნათ, რომ გივი მარგველაშვილის რომანის "კანტაქტი" ერთ-ერთი ძირითადი თემა საბჭოთა კავშირის რეჟიმისა და მისი იდეოლოგიის კრიტიკაა. საცნაურია, რომ აღნიშნულს ავტორი მეტაფიქციური რომანის ერთგვარ ჩარჩოში აქცევს და რეალისტური და მეტაფიქციური თხრობის მონაცვლეობით ერთობ სერიოზულ საკითხებზე აფიქრებს მკითხველს.
[1]აქ და შემდგომ თარგმანი ჩემია (თ. მ.)
[2]იხ. ჩემი სტატია: გივი მარგველაშვილის "კანტაქტი", ქალაქის მწერლის კითხვითი-ცხოვრებისეული გამოცდილებებიდან როგორც მეტაფიქციური რომანი. სამეცნიერო რეფერირებადი ჟურნალი „ენა და კულტურა“. ქუთაისი, 2021. N.25. გვ. 90-102. https://enadakultura.com/
ლიტერატურა
მარგველაშვილი ა. |
მარგველაშვილი ტიტე თადეოზის ძე. საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია. http://archive.ge/ka/biography/26/documents (ბოლო წვდომის თარიღი: 06.10.2021) |
ცაგარელი ლ. 2019 |
გერმანულ-ქართული ლიტერატურის ისტორიისთვის. ნაშრომში: ქართველთა კულტურული კვალი გერმანიაში. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი. თბილისი. |
Barthes R. 1964 |
Mythen des Alltags. Frankfurt am Main: Suhrkamp. |
Gansel C. 1992 |
Leben im Ontotext oder Künstlerische Rebellion gegen das Schicksal. Zum Werk Giwi Margwelaschwilis. In: Ders. (Hrsg.): Giwi Margwelaschwili - Leben im Ontotext. Poesie - Poetik - Philosophie. Neubrandenburg, Berlin: federchen Verlag. |
Grub F. Th. 2010 |
Ich bin eine Buchperson: Zur Funktion metafiktionaler Schreibstrategien bei Giwi Margwelaschwili. In: Metafiktion. Analysen zur deutschsprachigen Gegenwartsliteratur. (Hrsg.) J. A. Bareis und F. Th. Grub. Berlin: Kulturverlag Kadmos. |
Irtenkauf D. 2018 |
https://t1p.de/tp5l (ბოლო წვდომის თარიღი: 27.09.2021). |
Margwelaschwili G. 2009 |
Der Kantakt, Aus den Lese-Lebenserfahrungen eines Stadtschreibers. Berlin: Verbrecher Verlag. |
Marcuse H. 1967 |
Der eindimensionale Mensch. Frankfurt am Main: Suhrkamp. |
Sundermeier J. 2017 |
Bedeutungswelten: Giwi Margwelaschwili im Gespräch mit Jörg Sundermeier (Hrsg.). Berlin: Verbrecher Verlag. |