დარწმუნება და ემოციის ფრეიმინგი საჯარო გამოსვლებში: აუდიტორიაზე ორიენტირებული მიდგომა

DOI: 10.55804/jtsuSPEKALI-16-16

შესავალი

ტექნოლოგიურმა წინსვლამ საშუალება მოგვცა, გვქონდეს წვდომა ინფორმაციასთან მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში. შესაბამისად, საჯარო გამოსვლები მიმართულია როგორც კონკრეტული სოციუმისადმი, მაგალითად, ცოცხალი, დამსწრე საზოგადოებისადმი, აგრეთვე, ონლაინ მსმენელისადმი მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ამრიგად, მსმენელი საზოგადოება გამოირჩევა სოციალური ჯგუფებისა თუ კულტურების მრავალფეროვნებით და ბუნებრივია, რომ საჯარო გამომსვლელის მიერ გამოყენებული ტექნიკა მეტ-ნაკლებად უნდა შეეფერებოდეს სხვადასხვა კულტურის ან გამოცდილების მქონე პირებს.

საჯარო გამოსვლის საფუძვლებს რომ დავუბრუნდეთ, რიტორიკა შეიძლება განიმარტოს, როგორც დარწმუნების საშუალება.  როგორც ე. გრიფინი [Griffin, 2011:290] მიიჩნევს,  არისტოტელე საკმაოდ სკეპტიკურად უყურებდა ემოციურად წარმართულ საჯარო დისკუსიებს და ამჯობინებდა ლოგიკაზე დაფუძნებულ მსჯელობას. თუმცა პათოსის თეორია გვთავაზობს არა აუდიტორიის ემოციებზე თამაშს, არამედ ამ ემოციების გამოყენებას, როგორც საზოგადოებისთვის სასარგებლო, გარკვეულწილად, მაკორექტირებელი ღონისძიებისას, რომელიც ეხმარება, შთააგონოს მსმენელი საზოგადოება და ხელი შეუწყოს „სასარგებლო“ გადაწყვეტილებების მიღებას. შესაბამისად, არისტოტელე გამოყოფს ურთიერთსაპირისპირო ემოციების ჯგუფს და განიხილავს, თუ რა არის საჭირო მსმენელში ამ ემოციების გასაღვიძებლად. თუ პარალელს გავავლებთ ემოციის შესწავლასთან, არსებობს ორფაქტორიანი მოდელი [Schacter...1962:397], რომელიც გულისხმობს ურთიერთსაწინააღმდეგო (პოზიტიური და უარყოფითი ემოციური) საწყისების დაპირისპირებას. შესაბამისად, მსმენელი აფასებს საჯარო გამომსვლელს, როგორც კარგს ან ცუდს, სანდოს ან საეჭვოს, მართალს ან მტყუანს და ..

ასევე, აღსანიშნავია კენეტ ბურკის მიდგომა, რომელიც ყურადღებას დრამაზე ამახვილებს და მსმენელის მოტივაციასაც უსვამს ხაზს. კ. ბურკის მიხედვით [Burke, 1963:308], როდესაც საჯარო გამომსვლელი ცდილობს მსმენელზე ემოციური გავლენის მოხდენას, ამ უკანასკნელში ემოციის გაღვივების მიზეზი შეიძლება იყოს კათარზისი, რომელიც მიიღწევა მსხვერპლის როლის შეთავაზებით. მსხვერპლად, შესაძლოა, დახატული იყოს თავად გამომსვლელი, ან არსებობდეს სხვა, მსხვერპლი პერსონაჟი.  საკუთარი თავის მსხვერპლად წარმოჩენა შეიძლება ნიშნავდეს იმ პროცესს, როდესაც მოსაუბრე ახსენებსმტერს“, რომელიც კონკრეტულ ადამიანს პირად თუ სოციალური ხასიათის ტკივილს აყენებს.

 

დარწმუნების სცენარი საჯარო გამოსვლაში

 

საჯარო გამოსვლის კონტექსტში ემოციის ფრეიმინგი გულისხმობს დარწმუნების პროცესის იმ  ნაწილს, როდესაც საჯარო გამომსვლელი ცდილობს საზოგადოებაში გავრცელებული პოპულარული რწმენა-წარმოდგენების გადაფასებას და, ამის შედეგად, მსმენელში კონკრეტული ემოციური შეფასების ჩამოყალიბებას. საჯარო გამომსვლელი, როგორც წესი, მიჰყვება მსგავს სცენარს გამოსვლის დაგეგმვის დროს. ჩვეულებრივ, გამოსვლა იწყება აუდიტორიისთვის საკუთარი სოციალური იდენტობის წარდგენით, ინტერესების, ან სოციალური როლების (პროფესიების) და/ან სხვა მსგავსი ასპექტების ხაზგასმით. დარწმუნების აქტის წარმატებით განსახორციელებლად და, შესაბამისად, ემოციის ფრეიმინგისთვის აუცილებელია, საჯარო გამომსვლელი აღიქმებოდეს პოზიტიური სოციალური იდენტობის მატარებლად [Tajfel... 1986:284]. მას შემდეგ, რაც მომხსენებლებმა აღძრეს“ პოზიტიური სოციალური შეფასება საკუთარი თავისადმი, იწყება ემოციის ფრეიმინგი, რომელიც გულისხმობს მორალური ღირებულებების ეჭვქვეშ დაყენებას. ეს, ძირითადად, ხორციელდებამსხვერპლისანმასწავლებლისსიმბოლური კოდის მორგებით. ემოციის ფრეიმინგი შეიძლება განხორციელდეს თემატური ან ეპიზოდური ფრეიმების გამოყენებით [Gross, 2008:169], რომლებიც ასახავენ თხრობას ორი განსხვავებული პერსპექტივიდან: თემატური ფრეიმი გულისხმობს მოთხრობას ობიექტური თვალსაზრისით, როდესაც მომხსენებელი იყენებს გარკვეულ მონაცემებს ან ფაქტობრივ ინფორმაციას თემის ირგვლივ ყურადღების მისაპყრობად, ხოლო ეპიზოდური ფრეიმინგი გულისხმობს პერსონაჟის პერსპექტივიდან თხრობას. პერსონაჟი შეიძლება იყოს თავად მოსაუბრე ან ვინმე სხვა პირი მისი გამოცდილებიდან.

ზემოთ მოყვანილი მსჯელობიდან გამომდინარე, შეგვიძლია ჩამოვაყალიბოთ სცენარისმაგვარი მოდელი, რომელიც საჯარო გამომსვლელის მიერ გამოიყენება დარწმუნების მცდელობისას:

საფეხური 1: მომხსენებლის ჯგუფის წევრად მიღება / პოზიტიური ემოციების აღძვრა მოსაუბრის მიმართ

მომხსენებელი ცდილობს, თავი წარმოაჩინოს პოზიტიური იდენტობის მქონედ: იყენებს იუმორს, ან თავს წარმოაჩენს შიდა ჯგუფის წევრად, ან იზიარებს საზოგადოებაში არსებულ რწმენებსა და წარმოდგენებს. მსმენელს უყალიბდება მყისიერი ნდობა და დადებითი ემოციური შეფასება მოსაუბრის მიმართ.

საფეხური 2: მსმენელში სამყაროსთან ჰარმონიულობის დარღვევა

მას შემდეგ, რაც მსმენელი უკვე ენდობა მოსაუბრეს, ამ უკანასკნელს ეჭვი შეაქვს X ღირებულებაში, რის შედეგადაც, მსმენელი ეჭვქვეშ აყენებს X ღირებულებას. მაყურებელი ამჟღავნებს ფიზიოლოგიურ რეაქციას, როგორიცაა – აღგზნება ან აღტაცება. მსმენელის კონტექსტი არის სოციალური და მოსაუბრისა და მსმენელის მიერ აღიარებული სოციალური ნორმები თანხვედრაშია. მსმენელი მიიჩნევს, რომ შეიძლება დაუჯეროს მოსაუბრეს.

საფეხური 3: მსმენელში ემოციების აღძვრა

გარკვეული სტიმულის შედეგად, ხდება მსმენელის შეხედულებების გადაფასება.

საფეხური 4: რეალობის შეცვლა

მსმენელი იზიარებს მოსაუბრის შეხედულებებს და გამომსვლელისთვის სასურველ ემოციურ პასუხს გრძნობს.

საფეხური 5: სამყაროსთან ჰარმონიულობის აღდგენა

მსმენელი განიცდის და/ან გამოხატავს გარკვეულ ემოციას; შესაბამისად, მოსაუბრის პოზიციის გააზრებითა და  ჯგუფის შიდა წევრად ცნობის შედეგად, აღდგენილია სამყაროსთან ჰარმონიულობა.

თუ ჩვენ განვსაზღვრავთ კომუნიკაციას, როგორც ინფორმაციის გაცვლას, გადაცემას, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ საჯარო გამოსვლა  არის კომუნიკაციის გარკვეული ტიპი, საკომუნიკაციო აქტი, როდესაც საჯარო გამომსვლელი ინფორმაციას უცვლის მსმენელს. ამ პროცესში მსმენელი  პასიური აქტორია იმ გაგებით, რომ ის  არ იძლევა ვერბალურ პასუხს მიღებულ ინფორმაციაზე, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ მსმენელი ნაკლებად მნიშვნელოვანია დისკურსში. ზემოთ მოყვანილი მსჯელობის საილუსტრაციოდ განვიხილოთ ნაწყვეტი ერთ-ერთი საჯარო გამოსვლიდან (იხილეთ მაგალითი N1):

 

მაგალითი N1

The power of introverts[1]

 

When I was nine years old, I went off to summer camp for the first time. And my mother packed me a suitcase full of books, which to me seemed like a perfectly natural thing to do. Because in my family, reading was the primary group activity. And this might sound antisocial to you, but for us it was really just a different way of being social ...“

„როდესაც ცხრა წლის ვიყავი, პირველად წავედი საზაფხულო ბანაკში. დედაჩემმა წიგნებით სავსე ჩემოდანი გამატანა, რაც ჩემთვის სავსებით ბუნებრივი მოვლენა იყო იმიტომ, რომ ჩემს ოჯახში კითხვა მიღებული იყო ძირითად ჯგუფურ საქმიანობად. ეს შეიძლება, თქვენთვის ანტისოციალურად ჟღერდეს, მაგრამ ჩვენთვის ეს მხოლოდ სოციალური ყოფის სხვა გზა იყო...“ (თარგმანი ჩვენია).

 

 

ზემოთ მოყვანილ მაგალითში ნათლად ჩანს ეპიზოდი, როდესაც სიტყვით გამომსვლელი ახდენს სოციალურ თვითკატეგორიზაციას. მოსაუბრე თავს მიაკუთვნებს კითხვის მოყვარულთა სოციალურ ჯგუფს, რისი საშუალებითაც მსმენელში ქმნის გარკვეულ მოლოდინებს. სოციალური იდენტობის შექმნის შემდეგ საჯარო გამომსვლელი ცდილობს, მოახდინოს სოციალური შედარება (იხილეთ მაგალითი N2):

მაგალითი N2

Camp was more like a keg party without any alcohol. And on the very first day, our counselor gathered us all together and she taught us a cheer that she said we would be doing every day for the rest of the summer to instill camp spirit. And it went like this: "R-O-W-D-I-E", that's the way we spell rowdie. Rowdie, rowdie, let's get rowdie." Yeah. So I couldn't figure out for the life of me why we were supposed to be so rowdy, or why we had to spell this word incorrectly.

 

„ბანაკი უფრო ჰგავდა წვეულებას ყოველგვარი ალკოჰოლის გარეშე. პირველ დღესვე ჩვენმა აღმზრდელმა  ყველა ერთად შეგვკრიბა და გვასწავლა შეძახილი, რომელსაც ზაფხულის ბოლომდე ყოველდღე გავიმეორებდით ბანაკის სულისკვეთების ასამაღლებლად.  შეძახილი შემდეგნაირად ჟღერდა: "R-O-W-D-I-E,“ დიახ, ასე ვმარცვლავდით სიტყვას: “Rowdie,“ rowdie, let's get rowdie." ჰო, ასე რომ, ვერაფრით ვხვდებოდი, რატომ უნდა ვყოფილიყავით ჩხუბისთავები, ან რატომ უნდა დაგვემარცვლა ეს სიტყვა არასწორად“ (თარგმანი ჩვენია).

მაგალითი N2 გვაჩვენებს სოციალურ შედარებას ბანაკის წევრებს (მოსწავლეებს), ამ კონკრეტულ შემთხვევაში, თავად მოსაუბრესა და აღმზრდელს შორის. ამათგან  აღმზრდელს, რა თქმა უნდა, უფრო მაღალი სოციალური მდგომარეობა აქვს. მისი „დაკნინებით“ საჯარო გამომსვლელი ეჭვქვეშ აყენებს  სტერეოტიპულ შეხედულებებს,  რომლებსაც ეფუძნება ნებისმიერი ამ სახის სოციალური კონტრასტი. სტერეოტიპული შეხედულება ამ კონკრეტულ კონტექსტში კი გულისხობს საზოგადოების მიერ ბანაკების აღქმას, როგორც სოციალური უნარებისა და სულისკვეთების გამყარების საუკეთესო საშუალებას. ამრიგად, აქვე მოსაუბრე წარმოაჩენს ინდივიდუალისტური საზოგადოებების ღირებულებებს [Hofstede, 1983:54], რომლებსაც ემოციის ფრეიმინგის პროცესზე გადასვლისას გადააფასებს და ეჭვქვეშ დააყენებს (იხილეთ მაგალითი N3):

 

მაგალითი N3:

 

Now, I tell you this story about summer camp. I could have told you 50 others just like it  – all the times that I got the message that somehow my quiet and introverted style of being was not necessarily the right way to go, that I should be trying to pass as more of an extrovert. And I always sensed deep down that this was wrong and that introverts were pretty excellent just as they were. But for years I denied this intuition, and so I became a Wall Street lawyer, of all things, instead of the writer that I had always longed to be ...“

„მე მოგიყევით ამბავი საზაფხულო ბანაკის შესახებ. შემეძლო მსგავსი 50 სხვა ამბავიც გამეხსენებინა – ყოველი შემთხვევა, როდესაც მიმიღია შეტყობინება, რომ რატომღაც ჩემი მშვიდი და ინტროვერტული სტილი არ იყო სწორი, რომ მე უნდა მეცადა და მოვქცეულიყავი, როგორც ექსტროვერტი. ყოველთვის ვგრძნობდი გულის სიღრმეში, რომ ეს არასწორი იყო და რომ ინტროვერტობაც მშვენიერი იყო. წლების განმავლობაში უარს ვამბობდი ამ ინტუიციაზე და, შესაბამისად, გავხდი უოლ სტრიტის იურისტი, ნაცვლად იმისა, რომ გამოვსულიყავი მწერალი, რაც ყოველთვის მინდოდა...“ (თარგმანი ჩვენია).

 

მაგალითი N3, აგრეთვე, გვიჩვენებს მოსაუბრის მიერ ეპიზოდური ფრეიმის გამოყენებას, რაც გულისხმობს პირადი მაგალითის საფუძველზე მასშტაბური პრობლემის წარმოჩენას. კერძოდ, მომხსენებელი აღწერს გამოწვევებს, რომელთა  გადალახვაც ცხოვრების მანძილზე მოუხდა. ეპიზოდური ფრეიმინგის საშუალებით მოსაუბრე კვლავ იყენებს მსხვერპლის სიმბოლურ კოდს, შედეგად კი, საზოგადოება მეტად ემოციურად ჩართული ხდება ნარატივში. პრობლემა, რომელსაც მომხსენებელი წინ წამოწევს, ეხება საზოგადოებრივ მოწყობას და რწმენა-წარმოდგენები, რომელთა გადაფასებასაც ის ცდილობს, უკავშირდება საზოგადოების კულტურას. კერძოდ, ცდილობს, გადააფასოს კოლექტივისტური საზოგადოების მახასიათებელი, რომ ჯგუფის წევრი პასუხისმგებელია, დაიცვას თავისი ჯგუფის ინტერესები და ჰქონდეს მასთან საერთო მისწრაფებები თუ რწმენა-წარმოდგენები [Hofstede,1983:54]. შედეგად, მომხსენებელი საზოგადოებაში გადააფასებს ექსტროვერტული ბუნების პოზიტიურობას და ეჭვქვეშ აყენებს აზრს, რომ აუცილებელია ექსტროვერტული ბუნების ქონა წარმატებული საზოგადოებრივი ცხოვრებისთვის. ასევე, ხდება ინტროვერტების შესახებ არსებული სტერეოტიპული რწმენა-წარმოდგენების გადაფასებაც, რისი მაგალითიც თავად მომხსენებელია. შესაბამისად, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ეპიზოდური ფრეიმის და მსხვერპლის სიმბოლური კოდის გამოყენებით, მოსაუბრე ახერხებს საზიარო რეალობის შექმნას მსმენელთან, ეს უკანასკნელი გრძნობს ემპათიას მოსაუბრის მიმართ და რწმენა-წარმოდგენებს, რომლებსაც მოსაუბრე ეჭვქვეშ აყენებს, მსმენელი აფასებს უარყოფითად, ანუ მოსაუბრე ახდენს ემოციის ფრეიმინგს, რომელიც წარმატებით ასრულებს დარწმუნების პროცესს.

 

 

კვლევის მასალა  და მეთოდოლოგია

კვლევის მთავარი მიზანია,  გამოვავლინოთ, რამდენად რეალიზდება აღნიშნული სქემატური მოდელი პრაქტიკაში. ამასთან დაკავშირებით,  გამოვლინდა შემდეგი საკვლევი მიზნები და შეკითხვები:

რამდენად მოქმედებს მსმენელზე ზოგადი ემოციური ფონი საჯარო გამოსვლისას გადმოცემული ინფორმაციისა და შესაბამისი ემოციური გზავნილის გაშიფვრის თვალსაზრისით.

რამდენად აღიქვამს მსმენელი საჯარო გამომსვლელს პოზიტიური იდენტობის მატარებლად.

როგორი (დადებითი თუ უარყოფითი) დამოკიდებულება აქვს მსმენელს საზოგადოებაში გავრცელებული შეხედულებებისა და იდეების მიმართ.

რამდენად მიიჩნევს მსმენელი საჯარო მოსაუბრეს პოპულარული შეხედულებების მსხვერპლად.

იცვლება თუ არა მსმენელის ზოგადი ემოციური ფონი საჯარო გამოსვლის შემდეგ.  

რაოდენობრივი კვლევის მეთოდი ორიენტირებული იყო მსმენელზე. რაოდენობრივი კვლევისთვის გამოვიყენეთ ელექტრონული კითხვარი. კვლევის მონაწილეებმა უყურეს TED.COM-ის ერთ-ერთ საჯარო გამოსვლას (The power of introverts) და უპასუხეს კითხვებს გამოსვლის ყურებამდე და შემდეგ. მონაწილეებმა შეაფასეს საკუთარი ემოციური მდგომარეობა და ემოციური ჩართულობა გამოსვლაში 1-დან 5-მდე შკალით, რომელშიც 1 წარმოადგენდა უაღრესად უარყოფით ემოციურ ფონს, ხოლო 5 უაღრესად დადებითს. ამ კვლევამ საშუალება მოგვცა, დაგვენახა, იცვლებოდა თუ არა ზოგადი ემოციური ფონი საჯარო გამომსვლელის მიერ დარწმუნების მცდელობის პროცესში. გამოკითხვაში სულ 40 ადამიანი მონაწილეობდა. კვლევაში მონაწილეობის მინიმალურ ასაკად დადგენილი იყო 18 წელი, ხოლო მაქსიმალური ასაკი არ იყო განსაზღვრული. აღსანიშნავია, რომ გამოკითხვა ჩატარდა ინგლისურ ენაზე და გამოიკითხნენ როგორც მონაწილეები, რომლებისთვისაც  ინგლისური ენა მშობლიური იყო (17.9%), ასევე, ორენოვანი მონაწილეები, რომელთათვისაც ინგლისური წარმოადგენდა უცხო ენას (L2) (82.1%). 40 მონაწილიდან ერთმა უარი განაცხადა გამოკითხვაში მონაწილეობაზე და გამოეთიშა კვლევას, ხოლო დანარჩენმა 39-მა მონაწილემ სრულად შეავსო წარმოდგენილი კითხვარი.

კვლევაში გამოყენებული იყო  შეკითხვები, რომლებიც, ძირითადად, ეხებოდა მომხსენებელს, თემას, სოციალურ ღირებულებებსა და ემოციურ განწყობას. ქვემოთ წარმოგიდგენთ კითხვარში გამოყენებულ შეკითხვებს, მათს ფუნქციურ დატვირთვას და განმარტებებს:

1.On a scale from one to five, one being negative and five - positive, how would you asses your emotional state at the moment? (შკალაზე 1-დან 5-მდე, სადაც 1 არის ყველაზე ნეგატიური და 5 - ყველაზე პოზიტიური,  როგორ შეაფასებდით თქვენს ემოციურ მდგომარეობას?)

ამ შეკითხვის მიზანი იყო, გამოგვეკვლია,  რამდენად მოქმედებს ადამიანის ზოგადი ემოციური ფონი ემოციის ფრეიმინგის პროცესში და შესაძლებელია თუ არა, ზოგადმა ემოციურმა ფონმა გავლენა მოახდინოს საჯარო გამომსვლელისა და გამოსვლის შეფასებაზე.

2.On a scale from one to five, one being the weakest and five - the strongest, how strongly do you believe in your beliefs and values? (შკალაზე 1-დან 5-მდე, სადაც 1 არის ყველაზე სუსტი და 5 - ყველაზე ძლიერი, რამდენად მტკიცედ გწამთ საკუთარი  რწმენებისა და ღირებულებებისა?)

3.On a scale from one to five, one being negative and five - positive, what is your attitude to social norms in your culture? (შკალაზე 1-დან 5-მდე, სადაც 1 არის ყველაზე  უარყოფითი  და 5 - ყველაზე დადებითი , როგორი დამოკიდებულება გაქვთ თქვენი კულტურის სოციალური ნორმებისადმი?)

როგორც ზემოთ აღინიშნა, ემოციის ფრეიმინგის პროცესში ხორციელდება  მსმენელის რწმენა-წარმოდგენების გადაფასება. დარწმუნების სცენარის მიხედვით, მეორე ეტაპი გულისხმობს მსმენელის ცნობიერებაში ჰარმონიულობის დარღვევას და  ემოციური რეაქციის გამოწვევას. საკუთარი რწმენა-წარმოდგენებისა და საზოგადოებაში გავრცელებული ნორმების შეფასებით საშუალება გვეძლევა ვიმსჯელოთ, რამდენად მართებულია აღნიშნული მსჯელობა. წინასწარი ვარაუდით, თუ მსმენელში  რწმენა-წარმოდგენებისა და სოციალური ნორმების მიმართ აღინიშნება დადებითი განწყობა, გაცილებით რთული იქნება მსმენელში ჰარმონიის „დარღვევა“; ხოლო, თუ  შეფასება უარყოფითია, ემოციის ფრეიმინგი  გაცილებით მარტივი უნდა იყოს. 

4.On a scale from one to five, one being not interesting and five - interesting, how would you assess the speech? (შკალაზე 1-დან 5-მდე, სადაც 1 არის სრულიად უინტერესო და 5 - ყველაზე საინტერესო, როგორ შეაფასებდით ამ საჯარო გამოსვლას?)

5.On a scale from one to five, one being negative and five - positive, how would you assess the speaker’s identity? (შკალაზე 1-დან 5-მდე, სადაც 1 არის უაღრესად უარყოფითი და 5 - უაღრესად დადებითი, როგორ შეაფასებდით გამომსვლელის იდენტობას?)

დარწმუნების სქემატური გამოსახულების მოდელის მიხედვით, პირველი საფეხური გულისხმობდა პოზიტიური სოციალური იდენტობის შექმნას. შეკითხვებით N4 და N5 საშუალება გვეძლევა, ვიმსჯელოთ, რამდენად აღიქვამს მსმენელი საჯარო გამომსვლელს, როგორც პოზიტიური იდენტობის მატარებელს, და, შესაბამისად, რამდენად სწორია მსჯელობა, რომ პოზიტიური სოციალური იდენტობა განსაზღვრავს და იწყებს დარწმუნების სამეტყველო აქტს.

6.Do you think the speaker is a victim to any social norms? (ფიქრობთ თუ არა, რომ საჯარო გამომსვლელი არის რაიმე სოციალური ნორმის მსხვერპლი?)

როგორც ზემოთ, მსჯელობაში, აღინიშნა, საჯარო გამოსვლა, როგორც კომუნიკაციის ერთ-ერთი სახე, შესაძლებელია შევადაროთ დრამას, რომელშიც საჯარო გამომსვლელი ირგებს სიმბოლურ კოდებს, ამ კონკრეტულ შემთხვევაში – მსხვერპლის სიმბოლურ კოდს და, შესაბამისად, ახორცილებს ემოციის ფრეიმინგს ეპიზოდური ფრეიმის გამოყენებით, რომელიც პირადი გამოცდილებების საფუძველზე ასახავს „პერსონაჟის“ საჯარო თუ პირად ტრაგედიებს. შეკითხვა N6 საშუალებას გვაძლევს, ვიმსჯელოთ ხსენებული მსჯელობის მართებულობაზე.

7.If your answer to the previous question was "Yes", how does that make you feel? (If your answer was "No", you can skip this question) (თუ თქვენი პასუხი წინა შეკითხვაზე იყო „დიახ“, გთხოვთ, დაასაბუთოთ, რა ემოციას იწვევს თქვენში ეს ფაქტი? თუ უპასუხეთ „არა“, შეგიძლიათ გამოტოვოთ ეს შეკითხვა).

შეკითხვა N7-ის ფუნქციური დატვირთვა იყო, სიღრმისეულად დაგვედგინა ემოციის ფრეიმინგის შედეგად აღძრული ემოციების გადანაწილების ხვედრითი წილი  დადებითი თუ უარყოფითი ემოციების ჯგუფში. შესაბამისად, დავადგენდით, რამდენად წარმატებით განხორციელდა ემოციის ფრეიმინგის პროცესი.

8.Where any social norms you believed in challenged through the speech? (საჯარო გამოსვლის განმავლობაში ეჭვქვეშ დადგა თუ არა რომელიმე სოციალური ნორმა, რომლისაც გწამდათ?)

დარწმუნების მესამე საფეხურის მიხედვით, მსმენელში ხდება შეხედულებების გადაფასება, შესაბამისად, შეკითხვა N8-ის მიზანს წარმოადგენს, დავადგინოთ, რამდენად შეიცვალა მსმენელის შეხედულება დასმული საკითხის მიმართ. აღნიშნული შეკითხვა, ასევე, უკავშირდება  N2 და N3 შეკითხვებს, რადგან იმ შემთხვევაში, თუ დამსწრე საზოგადოება იზიარებს საჯარო გამომსვლელის რწმენა-წარმოდგენებს, შეხედულებების გადაფასების მაგივრად, შესაძლოა, არსებული რწმენა-წარმოდგენა გამყარდეს.

9.On a scale of one to five, one being negative and five - positive, how would you assess your feelings to the speaker after the speech? (შკალაზე 1-დან 5-მდე, რომელზეც 1 არის ყველაზე  ნეგატიური და 5 - ყველაზე პოზიტიური, როგორ შეაფასებდით თქვენს დამოკიდებულებას გამომსვლელისადმი საჯარო გამოსვლის მოსმენის შემდეგ?)

დარწმუნების მეოთხე საფეხურის მიხედვით, მსმენელი იზიარებს საჯარო გამომსვლელის რეალობას და შესაბამის ემოციურ პასუხს გრძნობს. შესაბამისად, შეკითხვა N9 საშუალებას გვაძლევს ვიკამათოთ, რამდენად სწორია მსჯელობა, რომ საჯარო გამომსვლელი აღიქმება შიდა ჯგუფის წევრად, როგორც დადებითი იდენტობის მატარებელი.

10.Did you identify yourself with the speaker emotionally during the speech? (დაუკავშირეთ თუ არა ემოციურად თქვენი თავი მოსაუბრეს?)

11.Name specific emotion you feel towards the speaker after watching the speech. (გთხოვთ, დაასახელოთ კონკრეტული ემოცია, რომელსაც გრძნობთ გამომსვლელის მიმართ სიტყვის დასრულების შემდეგ).

12.If you could assess your emotional involvement into the subject-matter from one to five, one being the weakest and five - the strongest, how would you assess it? (რომ შეგეძლოთ თქვენი ემოციური ჩართულობის შეფასება დასმულ საკითხში, 1-დან 5-მდე, სადაც 1 არის ყველაზე სუსტი ჩართულობა და 5 - ყველაზე ძლიერი, როგორ შეაფასებდით მას? )

დარწმუნების პროცესის ბოლო ეტაპი გულისხმობდა ჰარმონიულობის აღდგენას, რომელშიც იგულისხმება ემოციური პასუხი გამოსვლის მიმართ, რომელიც  შეიძლება გამოხატული იყოს სხვადასხვა ქცევით ან/და მოსაუბრის იდეოლოგიის გაზიარებით. შეკითხვები N10, N11 და N12 საშუალებას გვაძლევს ვიმსჯელოთ, განხორციელდა თუ არა მსმენელის მიერ ემოციური შეფასება და, შედეგად, რამდენად წარმატებით დასრულდა დარწმუნება.

 

კვლევის შედეგები

მთლიანობაში, 40 აპლიკანტიდან 39-მა სრულად მიიღო მონაწილეობა კვლევაში. 21.9%-ითვის ინგლისური მშობლიური ენა იყო, ხოლო 78.1% იყო ბილინგვალი. ენის ცოდნის დონე ბილინგვალებში შემდეგნაირად მიუთითეს: A1-A2 (8%), B1 (8%), B2 (36%), C1-C2 (48%). აპლიკანტთა 87.2% წარმოადგენდა მდედრობით სქესს, ხოლო 12.8% მამრობითს.

მონაწილეთა უმრავლესობამ ემოციური მდგომარეობა დადებითად შეაფასა, 1-დან 5-მდე შკალაზე (5 დადებითი და 1 უარყოფითი), 12.8%-მა აირჩია „5“, 48.7%-მა - „4“, 25.6 % -მა „3“. 10.3 % აფასებდა თავის ემოციურ მდგომარეობას უარყოფითად „2“ ნომრის არჩევით და 2.6 % ნომრით „1“. ეს რიცხვები გააზრებულია შემდეგნაირად: რიცხვები 4 და 5 უტოლდება პოზიტიურ ემოციურ მდგომარეობას, რიცხვი 3 არის ნეიტრალური, ხოლო რიცხვები 1 და 2 წარმოადგენენ უარყოფით ასოციაციებს. თუ შედეგებს განვაზოგადებთ, ცხადი ხდება, რომ აპლიკანტთა უმრავლესობამ (61.5%) საკუთარი ემოციური მდგომარეობა დადებითად შეაფასა, უმცირესობამ (12.9%) ნეგატიურად, ხოლო დანარჩენმა 25.6% -მა – ნეიტრალურად.

საინტერესოა კორელაცია მომხსენებელთა პირად შეხედულებებსა და სოციალური ნორმებისადმი მათს დამოკიდებულებას შორის. კერძოდ, აპლიკანტთა 26% უარყოფითად აფასებს თავის კულტურაში არსებულ სოციალურ ნორმებს, მაშინ, როცა პირადი შეხედულებების შეფასებისას მხოლოდ 3%-მა აღნიშნა უარყოფითი შეფასება.

კვლევის მონაწილეთა 53.8% ფიქრობს, რომ მოსაუბრე სოციალური ნორმების მსხვერპლია, თუმცა 71.8% აცხადებს, რომ გამოსვლის ყურებისას არანაირი პირადი რწმენა-წარმოდგენა არ დაუყენებია ეჭვქვეშ. ეს მიუთითებს იმაზე, რომ პიროვნული ფასეულობების რწმენა უფრო ძლიერია და ის, შესაძლოა, არ შეესაბამებოდეს ფართოდ გავრცელებულ სოციალურ ნორმებს. ამრიგად,  ადამიანები შესაძლებელია, კონფლიქტში აღმოჩნდნენ სოციალურ ნორმებთან.

იმისათვის, რომ განგვესაზღვრა, წარმატებული იყო თუ არა ემოციების ფრეიმინგი და, საბოლოოდ, დარწმუნების აქტი,  ვკითხეთ კვლევის მონაწილეებს, ემოციურად აიგივებდნენ თუ არა საკუთარ თავს მომხსენებელთან. საინტერესოა, რომ 51.3%-მა თქვა, რომ ისინი ემოციურად აიგივებდნენ თავს მოსაუბრესთან, 15.4%-მა არ იგრძნო მსგავსება და 33.3%-მა აღნიშნა პასუხიშეიძლება“.

შეკითხვაზე, თუ კონკრეტულად რომელ ემოციას განიცდიან საჯარო გამომსვლელის მიმართ, კვლევის მონაწილეებმა შემდეგი ემოციები დაასახელეს: თანაგრძნობა, სიმპათია, სევდა, სინანული, შთაბეჭდილების ქვეშ ყოფნა, პატივისცემა, ნდობა, აღტაცება, მადლიერება, ღელვა, შთაგონება, დაფასება, თვითდაჯერებულობა, აღელვება, ცნობისმოყვარეობა და ნეიტრალური ემოციები (ინდიფერენტულობა).

 

დასკვნები:

 

მიღებული შედეგები პასუხს სცემენ სტატიის დასაწყისში დასმულ შეკითხვებს, კერძოდ:

1.ზოგადი ემოციური ფონი საჯარო გამოსვლისას გადმოცემული ინფორმაციისა და შესაბამისი ემოციური გზავნილის გაშიფვრის კუთხით მნიშვნელოვანია, თუმცა, შედეგების მიხედვით, ვერ ვიტყვით, რომ დადებითი ემოციური ფონი ნიშნავს გამოსვლის დადებითად შეფასებას და პირიქით. სავარაუდოა, რომ ემოციური ფონი მეტად ახდენს გავლენას ემოციის შეფასების ინტენსივობაზე, რაც დამოკიდებულია თითოეული ინდივიდის ცხოვრებისეულ გამოცდილებაზე.

2.მეორე შეკითხვა, თუ რამდენად აღიქვამს ინდივიდი გამომსვლელს, როგორც პოზიტიური იდენტობის მატარებელს, მნიშვნელოვანი იყო, რადგან, როგორც  ზემოთ აღინიშნა, დარწმუნების პროცესის წარმატებულობისთვის აუცილებელია მსმენელი საზოგადოების დადებითი შეფასება. აღნიშნული კვლევაც ადასტურებს სოციალური იდენტობის როლს. შედეგებიდან გამომდინარე, 31-მა მონაწილემ საჯარო გამომსვლელის იდენტობა დადებითად შეაფასა.

3.გვაინტერესებდა, თუ რა როლს თამაშობს მსმენელის რწმენა-წარმოდგენები და საზოგადოებაში გავრცელებული შეხედულებები თუ სოციალური ნორმები გამომსვლელის შეფასებაში. შედეგების მიხედვით, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ პირადი რწმენა-წარმოდგენები და სოციალური ნორმები შესაძლებელია, ერთმანეთთან თანხვედრაში არ იყვნენ და შეფასებისას საკუთარი რწმენა-წარმოდგენები მეტად დადებითად შეფასდა, ვიდრე – საზოგადოებაში გავრცელებული სოციალური ნორმები.

4.რაც შეეხება იმას, თუ რამდენად მიიჩნევს მსმენელი საჯარო მოსაუბრეს პოპულარული შეხედულებების მსხვერპლად, შედეგების მიხედვით, აღინიშნა, რომ უმრავლესობას (53.8 %) საჯარო გამომსვლელი მიაჩნია საზოგადოებაში გავრცელებული ნორმების მსხვერპლად. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მსმენელმა მოირგო მსხვერპლის სიმბოლური კოდი, რაშიც იგულისხმება თავის დანახვა ჩაგრულის პერსპექტივიდან. თხრობის პროცესში მოსაუბრე იყენებდა ეპიზოდურ ფრეიმებს, რომელთა საშუალებითაც წარმოაჩენდა საკუთარ გამოცდილებებს, როგორც ჩაგრულისას, და, შესაბამისად, წარმატებით ირგებდა მსხვერპლის როლს.

ამგვარად, საჯარო გამომსვლელი ამკვიდრებს პოზიტიურ სოციალურ იდენტობას. შედეგად, ამ შემთხვევაში, ემოციის ფრეიმინგი, რწმენა-წარმოდგენების გადაფასება, არღვევს გარკვეულ ჰარმონიას მსმენელში. კვლევის შედეგად გამოიკვეთა, რომ მსმენელთა უმრავლესობა (51.3%) ემოციურად უკავშირებს თავს საჯარო გამომსვლელს, რაც, აგრეთვე, ადასტურებს დარწმუნების ბოლო საფეხურის, ემოციის შეფასების პროცესს და დარწმუნების, როგორც სამეტყველო აქტის, წარმატებულ განხორციელებას.

 

[1]ეს და ქვემოთ მოყვანილი მაგალითები აღებულია გვერდიდან: https://www.ted.com/talks/susan_cain_the_power_of_introverts/transcript?referrer=playlist-the_most_popular_talks_of_all&language=en#t-1053

 

ლიტერატურა

Barrett L. F., Mesquita B., Gendron M.
2011
Context in Emotion Perception. Current Directions in Psychological Science, 20(5), https://doi.org/10.1177/0963721411422522
Burke K.
1963
Definition of Man. The Hudson Review,16(4), doi:10.2307/3848123
Burke K
1969
A rhetoric of motives. Berkeley: University of California Press.
Griffin E.
2011
A first look at communication theory. New York: McGraw-Hill.
Gross J. J.
2008
Emotion regulation. In M. Lewis, J. M. Haviland-Jones, & L. F.
Halperin E., & Pliskin R.
2015
Emotions and emotion regulation in intractable conflict: Studying emotional processes within a unique context. Political Psychology, 36(Suppl 1), https://doi.org/10.1111/pops.12236
Hofstede G.
1983
National Cultures Revisited. Behavior Science Research, 18(4), https://doi.org/10.1177/106939718301800403
Iyengar S.
1991
Is anyone responsible? How television frames political issues. University of Chicago Press. https://doi.org/10.7208/chicago/9780226388533.001.0001
Izard C. E
1992
Basic emotions, relations among emotions, and emotion-cognition relations. Psychological Review, 99(3), https://doi.org/10.1037/0033-295X.99.3.561
Schachter S., Singer J.
1962
Cognitive, social, and physiological determinants of emotional state. Psychological Review, 69(5), https://doi.org/10.1037/h0046234
Tajfel H., Turner J.C.
1986
The Social Identity Theory of Intergroup Behavior. In: Worchel, S. and Austin, W.G., Eds., Psychology of Intergroup Relation, Hall Publishers, Chicago.