საქართველოს საინფორმაციო ველი უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მეორე ომის საწყის პერიოდში

DOI: 10.55804/jtsuSPEKALI-16-4

 

თანამედროვე ომების ეპოქაში, როცა ბრძოლა პარალელურად 5 სხვადასხვა  სივრცეში მიმდინარეობს: ზღვაში, მიწაზე, ჰაერში, კიბერ-საინფორმაციო სივრცესა და კოსმოსში, უდიდესი როლი ეკისრება საინფორმაციო ომს და პროპაგანდას, როგორც „ომის ომამდე მოგების“ ყველაზე ეფექტურ და იაფ საშუალებას, ზემძლავრ იარაღს მოწინააღმდეგის, სამიზნე ქვეყნის საზოგადოების, მმართველი ელიტებისა და შეიარაღებული ძალების წინმსწრები და პერმანენტული დემორალიზაციისთვის, რაც მიზნად ისახავს მის კაპიტულაციისთვის შემზადებას და საზოგადოების დიდ ნაწილს ქვეყნის თავდაცვისთვის უუნაროს ხდის. უკრაინის წინააღმდეგ მეორე, არაპროვოცირებულ ომში, რომელიც რუსეთმა 2022 წლის 24 თებერვალს დაიწყო, უდიდესი როლი დაეკისრა საინფორმაციო ომსა და,  განსაკუთრებით, მის წარმოებას სოციალურ მედიაში, რომლის სამიზნე აუდიტორია თავიდანვე რამდენიმე სეგმენტად დაიყო: 1. უკრაინა და უკრაინის მოსახლეობა; 2. ქვეყნები, რომლებიც უკრაინის ბუნებრივ მოკავშირეთა რიგებში აღმოჩნდებოდნენ, მათ შორის, მთელი დასავლური სამყარო და მათი პარტნიორები მსოფლიოში. სახელმწიფოთა სწორედ ამ რიგში მოიაზრებოდა და ჯერ კიდევ მოიაზრება საქართველო; და 3. ქვეყნები, რომლებიც რუსეთს მოკავშირედ ეგულებოდა. თითოეულ ამ ჯგუფთან რუსეთს თავისი მიზნები ჰქონდა: პირველ შემთხვევაში – უკრაინის საზოგადოებისა და შეიარაღებული ძალების დემორალიზაცია და კაპიტულაციისთვის შემზადება; მეორე შემთხვევაში – უკრაინის პარტნიორ ქვეყნებში მოსახლეობაზე ზემოქმედება და საინფორმაციო პროპაგანდის წარმოება, რომლებსაც  უნდა მოეხდინათ უკრაინის ხელისუფლებისა და უკრაინის თავდაცვითი ომის მიზნების იმგვარად დისკრედიტაცია, რომ დასავლეთის საზოგადოება წინ აღდგომოდა საკუთარი ხელისუფლებების სურვილს, დახმარებოდნენ უკრაინას; ხოლო ქვეყნების მესამე ჯგუფის მიმართ (რომელიც რუსეთს თავიდანვე პარტნიორად და მინიმუმ მდუმარე მოკავშირედ ეგულებოდა), რუსეთის საინფორმაციო ომის მიზანი, მაგალითად ჩინეთისათვის, იყო მოსახლეობის რუსულ ნარატივში კიდევ უფრო მეტად დარწმუნება. ჩინეთის ნარატივები რუსეთ-უკრაინის ომზე დიდწილად მხარს უბამს რუსულ პროპაგანდას და აღწერს მოვლენებს რუსული პრიზმიდან, განსაკუთრებით მაშინ,  როცა საქმე დასავლეთის შეფასებას ეხება. ჩინური მედია უკრაინელებს მოიხსენიებს ნეონაცისტებად, ხოლო აშშ-სა და ნატოს – აგრესორებად და არასაიმედო პარტნიორებად, აქტიურად ატარებენ იმ ხაზსაც, რომ თითქოს ამერიკელები უკრაინაში ბიოლოგიურ იარაღს აწარმოებენ [Cooper... 2022].

საქართველო რუსეთის საინფორმაციო ომის ამ სტრატეგიაში, როგორც აღვნიშნეთ, ქვეყანათა მეორე ჯგუფს განეკუთვნებოდა, ამიტომ რუსეთის საინფორმაციო პროპაგანდა მიზნად ისახავდა და ისახავს უკრაინის სახელმწიფოს ლეგიტიმური თავდაცვითი მიზნების დისკრედიტაციას, საქართველოს მოსახლეობაში უკრაინის მხარდაჭერის შესუსტებასა და დაკარგვას.

ჩვენი კვლევის ამოცანაა, ვაჩვენოთ, როგორ აისახებოდა რუსული პროპაგანდა საქართველოში პრორუსული საინფორმაციო არხებისა და „ტროლ-ბოტების“ სისტემის მეშვეობით და რა იყო მისი მიზანი; როგორ გამოიყენებოდა სოციალური მედია მოსახლეობის განწყობების შესაქმენლად და გასაკონტროლებლად. აგრეთვე, როგორ მუშაობდა და მუშაობს საქართველოში ომისა და მშვიდობის დიქოტომია და რა მიზანს ემსახურებოდა მისი გააქტიურება საინფორმაციო ველში. ჩვენი საანალიზო პერიოდი მოიცავს მონაკვეთს 24 თებერვლიდან ივნისის ჩათვლით.

თავდაპირველად ჩამოვთვლით იმ თემებს, რომელთა გავრცელებაც მიზანმიმართულად ხდებოდა საქართველოში (უკრაინაში რუსეთის მეორე ომის დაწყებიდან), უპირატესად სოციალური ქსელებისა და პრორუსული ინტერენეტგვერდების მეშვეობით. ეს თემები  ჯამდება რამდენიმე მსხვილი ბლოკის ქვეშ: 1. უკრაინის ხელისუფლების ქმედებების შეფასება, რომელიც რუსული პროპაგანდის საერთო კონტექსტში ხდება [პუტინის... 2022: 27 ივნისი-3 ივლისი]; 2. დასავლეთის ქვეყნების ქმედებების შეფასება, ასევე რუსული პროპაგანდის საერთო კონტექსტში – ომი დასავლეთის წაქეზებით დაიწყო და ნატო უკრაინელებს საზარბაზნე ხორცად იყენებს რუსეთის დასასუსტებლად [Myth... 2022: February 28-March 7]; 3. საქართველოს ხელისუფლების მიერ წარმოებული საინფორმაციო პოლიტიკა უკრაინის ხელისუფლების მიმართ ზოგადად და საქართველოს ხელისუფლების საინფორმაციო პოლიტიკა დიქოტომიის კონტექსტში – „ჩვენ მშვიდობა გვინდა“, „საქართველოს ოპოზიციას, უკრაინის ხელისუფლებას, ამერიკას  –  ომი“ და „ამერიკას საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა უნდა“. ცალკეა გამოსაყოფი უკრაინის ხელისუფლების შეფასებები საქართველოს ხელისუფლების მიმართ და მათზე საქართველოს ხელისუფლების საპასუხო რეაქციები, რომლებიც გვაძლევს ვარაუდის საფუძველს, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის წარმოების პარალელურად, საქართველო-უკრაინის ხელისუფლებების ურთიერთობა ერთგვარად საინფორმაციო ომის საწყისი ფაზის ნიშნებსაც კი ატარებდა [პუტინის... 2022: 23-29 მაისი; 13-19 ივნისი]; 4. ნეიტრალიტეტის თემა, რომელიც, უკრაინაში რუსეთის შეჭრამდე, რამდენიმე ხნით ადრე გააქტიურდა საქართველოში, კერძოდ, რუსეთის პრეზიდენტისადმი მიწერილი წერილით, რომელშიც საქართველოს პრორუსული სპექტრის წარმომადგენელი პოლიტიკოსები პუტინს საქართველოსთვის საუკეთესო გზად ნეიტრალიტეტს წარმოუსახავდნენ [სამხედრო... 2022].  ომის პირველ თვეებში განსაკუთრებული აქტივობით გამოირჩეოდა პრორუსული საინფორმაციო საშუალებები [პუტინის... 2022: 1-8 მაისი].

საინტერესოა, აგრეთვე, ქართული ანტივაქსერული ფეისბუქგვერდების კორელაცია ანტიუკრაინულ თემატიკასთან დაკავშირებით. მათ შორის გამოირჩევა შემდეგი: ებრაელებმა მიზნად დაისახეს „ახალი იერუსალიმის“ აშენება და ამ მიზნით ანადგურებენ დ ააპირებენ სლავი ხალხის გენოციდს; პარალელურად, ძალზედ პოპულარულია გზავნილი იმის თაობაზე, რომ უკრაინა ნაცისტური ქვეყანაა, მას ნაცისტური ხელისუფლება მარათვს და რუსეთმა უკრაინაში ომი ნაციზმის გასანადგურებლად დაიწყო; ასევე, თემა, რომლის მიხედვითაც, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, ამერიკა და ქვეყნის მთავარი ოპოზიციური პარტია, „ნაციონალური მოძრაობა“, საქართველოს რუსეთთან ომში ითრევს. როგორც ქართული ვებგვერდებისა და სოციალური ქსელების ანალიზი გვიჩვენებს ამ თემებმა უკრაინაში ომის დაწყების პირველივე თვეს იჩინა თავი [ქისტაური, 2022]. ებრაელების მიერ უკრაინის მართლმადიდებელი სლავებისგან გაწმენდის თემა, როგორც ჩანს, რუსეთის საინფორმაციო ომის ერთ-ერთი ხაზია, უკრაინის დენაციფიკაციის პარალელურად, რომელსაც შემდეგ თვეებში – აპრილსა და მაისშიც, ვხვდებით როგორც რუსულენოვან, ასევე – ქართულენოვან ფეისბუქსივრცეებში [რობაქიძე, 2022].

ასევე, პერმანენტულად გრძელდება საქართველოს სამხედრო ნეიტრალიტეტის თემა პრორუსული სენტიმენტებისა და ნარატივის შემცველი მედიებით [Myth... 2022: 9-16 May]. კიდევ 3 ძირითადი პრორუსული საინფორმაციო ხაზი, რომლებიც ომის დაწყებიდან დღემდე თითქმის უწყვეტად მოჰყვება ქართულ საინფორმაციო სივრცეს, არის: 1. ომის გახანგრძლივება დასავლეთს სჭირდება რუსეთის დასასუსტებლად და საკუთარი დომინაციისთვის და ამას უკრაინელი ხალხი ეწირება; 2. რუსეთს ვერაფერს აკლებს დასავლური სანქციები, პირიქით, დასავლეთს  აზიანებს [Myth... 2022: 28 April – 2 May]; 3. უკრაინასა და საქართველოში ამერიკის ბიოლაბორატორიები მუშაობენ იმ ტიპის ვირუსებზე, რომელთაც შეუძლიათ ეროვნული ნიშნით გამოარჩიონ და დააზიანონ ადამიანი. აგრეთვე, ამერიკა და უკრაინა ერთობლივად ამზადებენ პროვოკაციებს ქიმიური იარაღის გამოყენებით, რათა შემდეგ ეს რუსეთს დააბრალონ [Myth... 2022: 18 April -25 April]. როგორც ცნობილია, 2014 წლიდან მოყოლებული ამერიკული ლაბორატორიების თემა წამყვანია რუსულ პროპაგანდაში: „დასავლელი ექსპერტების მიერ გაკეთებული დასკვნების თანახმად, კიევის რეჟიმი ძალიან ახლოს იყო ბირთვული ასაფეთქებელი მოწყობილობის შექმნასთან. ამისთვის საჭირო პლუტონიუმი ქვეყნის ტერიტორიაზე არსებული გადამუშავებული ბირთვული საწვავიდან ფარულად მოიპოვეს. ასეთი მოწყობილობა რამდენიმე თვეში შეიძლებოდა შეექმნათ უკრაინელ სპეციალისტებს“, – აღნიშნავენ   წყარო „რიასა“ და „RT“-ი რუსულენოვან სამსახურთან საუბარში. ამავე ტიპის ინფორმაციის გავრცელებაში აქტიურადაა ჩაბმული რუსეთის დიპლომატიური მისიები მსოფლიოს მასშტაბით, მათ შორის, ჟენევაში, რუსეთის მისია გაეროში [მასობრივი… 2022].

ქართულ პრორუსულ მედიასა და სოციალური ქსელების მომხმარებლებშიც აქტიურად ვითარდებოდა რუსული ნარატივი ბუჩას ტრაგედიაზე, თითქოს, ის უკრაინელების დადგმული იყო რუსეთზე დაბრალების მიზნით [Myth... 2022: 4-11 April]. ასევე, ანალოგიური რიტორიკა ჰქონდა რუსეთს მარიუპოლის თეატრის დაბომბვის დროსაც (რომელსაც ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს), თითქოს, ის განზრახ თავად უკრაინელებმა  დაბომბეს და რუსები ამ შემთხვევაშიც  უდანაშაულოები იყვნენ [Myth... 2022: 14 - 22 March]. ქართულ მედიაში პერმანენტული ხასიათი აქვს, აგრეთვე, პრეზიდენტ ვ. ზელენსკის წინააღმდეგ რუსული ნარატივების გავრცელებას.  ომის პირველ დღეებში განსაკუთრებით აქტუალური იყო თემა, რომ სამოქალაქო, მშვიდობიან პირებს არა რუსები, არამედ თავად უკრაინელები ბომბავდნენ [Myth..., 2022: 28 February - 7 March].

ზემოთქმულიდან გამომდინარე, ქართული პრორუსული მედიის, მათ შორის, სოციალური მედიის თემატიკა, უკრაინაში რუსეთის არაპროვოცირებული ომის დაწყებიდან პირობითად უნდა გავყოთ 2 ძირითად მიმართულებად: 1. პრორუსული ნარატივების გავრცელება უკრაინის თემაზე; 2. ანტიდასავლური განწყობების გაღვივება საქართველოს მოსახლეობაში, რა მიზნითაც დასავლეთს ბრალდება საქართველოს ომში ჩართვის მცდელობა და აქ მის პარტნიორებად, „ომის პარტიად“, გვევლინებიან ყველა ოპოზიციური პარტია, თავისუფალი მედია და არასამთავრობო სექტორი ისევე, როგორც ირიბად ამერიკის შეერთებული შტატები [Myth... 2022: June 13-20; June 27]. მეორე ამოცანის შესრულებაში მათი ინტერესები თანხვედება სამთავრობო რიტორიკას. რუსული მედიის პარალელურად ქართული მედიის ანალიზი ნათლად და შეუფარავად აჩვენებს რუსული გავლენებისა და რუსული საინფორმაციო ომის მთავარი დასაყრდენების კვალს ქართულ მედია სივრცესა და სოციალურ ქსელებში, მაგალითები ნათლად ჩანს მითების დეტექტორის და ფაქტმეტრის ვებგვერდებზე გამოქვეყნებულ მიმოხილვებში [Myth... 2022: April 4-11; პუტინის... 2022: 16-22 მაისი; April 4-11]; ეს რეალურად საქართველოს საზოგადოების დეზინფორმირებასა და რუსეთისთვის მიმხრობას ისახავს მიზნად და საქართველოს სპეცსამსახურებისთვის, რუსული გავლენების აღკვეთის სურვილის შემთხვევაში, იოლად მისაგნებია.

დასკვნის სახით უნდა ითქვას, რომ რუსული დეზინფორმაცია და რუსული ნარატივი უკრაინის ომის თაობაზე სრულად აღწევს საქართველოს საინფორმაციო სივრცეში როგორც მხარდამჭერი და ღიად დეკლარირებული მედიასაშუალებების გავლით, ასევე, ხელისუფლებასთან აფილირებული ფეისბუქგვერდებისა და საიტების დახმარებით. ხაზი უნდა გაესვას იმას, რომ საქართველო, ამ მხრივ, გარკვეულწილად ემიჯნება დასავლეთის საინფორმაციო დისკურსს უკრაინის ომის პერიოდში. ამასთანავე, არამცთუ არ კრძალავს დეკლარირებულად პრორუსული საინფორმაციო-პოლიტიკური რესურსების საქმიანობას, არამედ გარკვეულ აფილიაციაშიც არის მასთან, როგორც ამას არაერთი მოძიებული ფაქტი ადასტურებს.  ომის დაწყებიდან მოყოლებული საქართველოს ხელისუფლება შეეცადა, შეექმნა „მტრის ხატი“, სადაც „გააერთიანა“  უკრაინის ხელისუფლება, საკუთარი ოპოზიცია და კრიტიკული მედია, აგრეთვე, კოლექტიური დასავლეთი. ისინი მოაქცია საერთო ქოლგის ქვეშ სახელით – „ომის მომხრეები: საქართველოში რუსეთთან ომის მეორე ფრონტის გახსნის მხარდამჭერები“, რითიც ახდენს თავის გარშემო არა მხოლოდ საკუთარი მომხრეების, არამედ ომის პერსპექტივით დამფრთხალი მოსახლეობის ფართო ნაწილის მობილიზაციას. ნათლად გამოჩნდა ისიც, რომ უკრაინის ომის ფონზე პრორუსული პროპაგანდა და საინფორმაციო რესურსები საქართველოში რეგულაციების მიღმაა დატოვებული, რაც მათ უქმნის სრულად ხელსაყრელ გარემოს გავრცელებისთვის. ამით საქართველო, ერთი მხრივ, შორდება უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის არაპროვოცირებული მეორე ომის თაობაზე საერთო დასავლური საინფორმაციო მეინსტრიმის შინაარსს (მაგალითად, ახდენს უკრაინის ხელისუფლების დისკრედიტაციას), მეორე მხრივ, სრულიად დაუცველს ტოვებს საკუთარ მოსახლეობას უცხო ქვეყნის საინფორმაციო-დივერსიული ოპერაციების გავლენებისგან.

არსებულ ვითარებაში საინფორმაციო უსაფრთხოების კონცეფციისა და სტრატეგიის შემუშავება, რომელიც მკაფიოდ განსაზღვრავს საფრთხეებსა და გამოწვევებს, მათზე რეაგირებისა და მათი პრევენციის მექანიზმებს, შეკავებისა და თავდაცვის მიზნებს ქვეყნის თავდაცვისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, გადაუდებელ ამოცანად გვესახება.

ლიტერატურა

მასობრივი...
2022
მასობრივი მოტყუების იარაღი, 10 მარტი, 2022, Issue: 274. https://euvsdisinfo.eu/ka/მასობრივი-მოტყუების-იარა/
პუტინის...
2022
პუტინის ომის უკრაინაში - გაზეთი ფაქტმეტრი, https://factcheck.ge/ka/დეზინფორმაციის-ბრიფი-პუტინის-ომი-უკრაინაში 1-8 მაისი: https://factcheck.ge/ka/story/40847-პუტინის-ომი-უკრაინაში-1-8-მაისი 16-22 მაისი: https://factcheck.ge/ka/story/40850-პუტინის-ომი-უკრაინაში-16-22-მაისი 23-29 მაისი: https://factcheck.ge/ka/story/40852-პუტინის-ომი-უკრაინაში-23-29-მაისი 13-19 ივნისი: https://factcheck.ge/ka/story/40932-პუტინის-ომი-უკრაინაში-13-ივნისი-19-ივნისი 27 ივნისი – 3 ივლისი: https://factcheck.ge/ka/story/41004-პუტინის-ომი-უკრაინაში-27-ივნისი-3-ივლისი
რობაქიძე დ.
2022
სოციალურ ქსელში ანტისემიტური კონსპირაციები და არესტოვიჩის ციტატა უკონტექსტოდ ვრცელდება, მაისი 13, 2022 13:16. https://mythdetector.ge/ka/sotsialur-qselshi-antisemituri-konspiratsiebi-da-arestovichis-tsitata-ukonteqstod-vrtseldeba/
სამხედრო...
2022
სამხედრო ნეიტრალიტეტი საქართველოს და უკრაინას-პრორუსული ქართული ორგანიზაციების წერილი პუტინს. რადიო თავისუფლება, 21.02.2022. https://www.radiotavisupleba.ge/a/31714238.html.
ქისტაური ა.
2022
ანტივაქსერების 10 გზავნილი უკრაინის და ზელენსკის წინააღმდეგ. მითების დეტექტორი, 31.03.2022. https://mythdetector.ge/ka/antivaqserebis-10-gzavnili-ukrainis-da-zelenskis-
Cooper Z.
2022
Cooper Z., Schafer B., Soula E. China’s State Media and Government Officials Are Backing Russia on Ukraine, March 13, 2022, 11:39. https://securingdemocracy.gmfus.org/chinas-state-media-and-government-officials-are-backing-russia-on-ukraine-war/?s=09
Myth Detector
2022
მითების დეტექტორის ყოვეკვირეული დაიჯესტი/Weekly disinfo digest, https://mythdetector.ge/en/weekly-disinformation-digest-2/, July 05, 15.30.