ქალაქის მხატვრული სახეები ლია სტურუას პოეზიაში

DOI: 10.55804/jtsuSPEKALI-17-2

 

ურბანული სივრცე  ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია როგორც ქართული, ისე – მსოფლიო ლიტერატურის ისტორიაში.  ქალაქი არაერთი კუთხითაა შესწავლილი. საინტერესოა, რა ზემოქმედება შეიძლება ჰქონდეს საცხოვრებელ სივრცეს ადამიანის აღქმაზე. ის საყურადღებოა  ემოციური თვალსაზრისით, მენტალური კუთხით, ამიტომაც ქალაქი მხოლოდ სტატიკური სივრცე, პეიზაჟი და ფონი როდია.  ამ თემასთან  მიმართება განსხვავებული და მრავალფეროვანია და, კულტუროლოგიური თუ სოციალური თვალსაზრისითაც, უფრო და უფრო აქტუალური ხდება. საინტერესოა, როგორ ფორმირდება ეს  საკითხი  მხატვრულ ტექსტებში.

ლია სტურუა მეოცე საუკუნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პოეტია. მისი შემოქმედების ყველა ეტაპზე  ვლინდება ინტერესი  ურბანული სივრცის  მიმართ, ამიტომაც მრავალფეროვანი  მასალა  იძლევა დაკვირვებისა და მსჯელობის საშუალებას.

ადამიანები ქალაქის ხატების, მისი კულტურული კოდების აღქმის კვალდაკვალ თვითშემეცნების პროცესს გადიან.   სწორედ  ამგვარი ზემოქმედების ასახვა, გადატანა ხდება პოეტურ ნიმუშებში.  ამიტომაც  საინტერესოა,  სხვადასხვა  პერიოდის კრებულებში  რა აღმნიშვნელებითა და ფუნქციებით წარმოგვიდგება ქალაქი,  როგორც მულტიკულტურული  სივრცე. ფაქტია, ქალაქური სივრცის მოდელები იცვლება ავტორის  ორიენტირის მიხედვით.   სტატიაში დავაკვირდებით, ლია სტურუას შემოქმედებაში რა სახე-ხატებით არის წარმოდგენილი ურბანული სივრცე, რა  საკითხებს უკავშირდება და რა თავისებურებები გამოარჩევს მას.  პოეტური  ნიმუშების მხატვრული  მახასიათებლების  განხილვის პარალელურად,   დავიმოწმებ კულტურის მკვლევართა მოსაზრებებსა და შეხედულებებს, რაც შესაძლებლობას მომცემს,  საკითხი  ფართო ასპექტით წარმოვადგინო.

ლია სტურუას შემოქმედებაში ქალაქური სივრცე  ჩნდება პირველივე  კრებულიდან, რომლის  სათაურია „ხეები ქალაქში" (1965 წ.). ავტორი ლექსში „ავტოპორტრეტი“ მიუთითებს, რომ პირველ წიგნს სათაური ვაჟა-ფშაველას სიყვარულით დაარქვა, ამით ერთგვარად აიხსნება კრებულის მთავარი  თემატიკაც, რომლის წინასიტყვაობაშიც  ვკითხულობთ: „სახელწოდებაში ჩანს პოეტის  სურვილი  –  ერთმანეთს შეუხამოს  ბუნებისა და თანამედროვე  ქალაქის სილამაზე. ზოგჯერ ლექსში ყოფითი დეტალებისა და სასაუბრო ინტონაციის შემოტანით ავტორი გადმოგვცემს   თანამედროვე  ქალაქის რიტმსა და კოლორიტს“.   მართლაც,  ავტორი   ამ და მომდევნო კრებულებში წარმოაჩენს ქალაქს, როგორც აწმყოს – ყოველდღიურობას, როგორც ცვლილებებისა და გულგრილობის ადგილს,  ასევე, კონკრეტული ქალაქის  – თბილისის პოეტურ სახეებს. ლექსში „ხეები დგანან“  – ხე სიმართლის, ბუნებრიობის  გამომხატველია,

„ხეებში არის რაღაც მართალი,

რაღაც ქართული, როგორც ხარებში,

რომლებსაც რქაზე აკრავენ სანთელს“

[სტურუა, 1965:12].

ხეების სემანტიკური მნიშვნელობას განსაზღვრავს კონკრეტული ადგილი – ქალაქი, ლირიკული გმირის ადრესატი,  სწორედ ამ სივრცეში მოიაზრება და  სტრიქონები: „სულში  ატარებ გაჩეხილ ტყეებს“ – გადარჩენის ძიების გზის დაკარგვას უნდა მოასწავებდეს. ხეების ხართან  დასაკავშრებლად ავტორი ხალხური ლექსის – „ორშაბთობით აშენდა“ – ალუზიას მიმართავს. ზეპირსიტყვიერების ნიმუშში  მნიშვნელოვანია დასაწყისი სტრიქონებიც:

„ორშაბთობით აშენდა

ციხე-ქალაქი მთაზედა“

[ხალხური..., 1987 :14].

ლექსის თანახმად, ადამიანის შენახვა ვერავინ ითავა, ამ დროს მხსენელად გამოჩნდება ხარი:

„ხარმა თქვა, პირნათლიერმა:

- მე დამაწერეთ რქაზედა.

მოცვივდნენ ანგელოზები,

დაჰკოცნეს ორთავ თვალზედა.

ჩამოჰქნეს წყვილი სანთელი,

მიაკრეს ორსავ რქაზედა“

[ხალხური,  1987:15].

სწორედ  ეს მოტივია გამოყენებული ხეებისა და ხარის დასაკავშირებლად. „ლექსი „ორშაბათობით აშენდა“ შესანიშნავი სიმღერაა ხარის ბუნება მოვალეობასა და საქმიანობაზე. მასში კარგად ჩანს, რომ ხარი ღვთისგან  არის ბოძებული, იგი დედამიწაზე ადამიანის დამკვიდრების აუცილებელი პირობაა.  ადამიანის შენახვა ხარმა ითავა, რისთვისაც  ღვთისაგან დალოცვლია“ [კუკულაძე, 2008:25]. ვფიქრობთ, სწორედ ადამიანის გადარჩენის ფუნქციას  აკისრებს  ავტორი  ქალაქში არსებულ ხეებს. ხარისა და ხეების შედარების  მეშვეობით კი,   ხალხურ  კონტექსტზეც მიანიშნებს. ამდენად, ზეპირსიტყვიერებაში არსებული ხარის სახის  ინტერპრეტაციის  გათვალისწინებით,  ლია სტურუას  პოეტური  კოდები  ლოგიკური და დამაჯერებია, ხოლო ლექსის მრავალშრიანობა  ექსპრესიას აძლიერებს.

პირველივე კრებულშია შეტანილი ლექსი სახელწოდებით „იცინიან კაცები“. ქუჩაზე ბავშვების მიერ ცარცით  დახატულ კაცებს „მანქანების არ ეშინიათ“. ბავშვების გულუბრყვილო დამოკიდებულება და  სილამაზის შემჩნევის უნარი საოცნებო და  აღტაცების მომგვრელია.  „ორი წერტილი თვალების ნაცვლად“ და „ყურებამდე გაჭრილი პირით“ გადმოცემული სიცილის უკან „მხატვრების“ მიერ ჯერ ვერგაცნობიერებული მკაცრი სინამდვილე   დგას, რომელიც ადამიანების ყოველდღიურობას ქმნის.

არაერთი პოეტური თუ პროზაული ნიმუშის თემაა იმ ადამიანების ბედი, რომლებიც ქალაქს ვერ შეგუებიან. ამ საკითხს საინტერესო მხატვრული სახით გადმოგვცემს  ლია სტურუა ვერლიბრში „მგელი“: „ზის გალიაში ბებერი მგელი და ყოველ დილას წითელ მზეს ეძებს“ და „ხმელი ხეები ესიზმრება“.  უჩვეულოა, რომ ავტორი „ველურებს, ბავშვებს და მხეცებს“ ერთი ნიშნით –  „მზის  (ანუ სიცოცხლისა და თავისუფლების) სიყვარულით“ აერთიანებს.

„სადღაც  ირმები მდინარეს სვამენ,

ის კი ქალაქის მზისგან ბერდება.

და გალიაში, მთვარიან ღამეს,

სწამს ოჩოპინტრე   კეთილი ღმერთი“

[სტურუა, 1965: 36].

გალიაში ჩაკეტილი მგელი თავს გაწირავს ადამიანისთვის, ვისაც მიენდობა და  „სუნით იცნობს“ – თუმცა ასეთი არავინ ჩანს ქალაქში (მგლის სახე  მრავალპლანიანია პოეტის შემოქმედებაში და 2016 წელს გამოცემულ კრებულს ავტორმა სწორედ „მგლის საათი“ დაარქვა).  ხე პირველ პოეტურ კრებულში მნიშვნელოვანი სახეა, ხეები  ქალაქს გარკვეულწილად გარდაქმნიან:

„მე გამიხარდა რომ ასფალტიც სადღაც მიწაა

და რომ  ქალაქში შემოვიდა სული ტყეების....

რომ სიცრუეს ჰგავს ყვავილები თიხის ქოთნებში,

და რომ ხეებში არის სიმართლე“

[სტურუა, 1965:41].

ლია სტურუას პირველ კრებულში ურბანულ სივრცეში წარმოდგენილი ადამიანი ეგზისტენციალური კონფლიქტებითაა დატვირთული.  მთავარი ასახვის საგანია ადამიანის სუბიექტური სამყარო, ქალაქური ხატები ამის საჩვენებელ საშუალებადაა მოხმობილი, ხეები თითქოს მედიუმები არიან და  ქალაქში  მცხოვრებ  გმირს ბუნებასთან, სიცოცხლესთან აკავშირებენ.   ეს  დამოკიდებულება სხვა კრებულებშიც გვხდება:

„ჩემო ტყეებო

ჰორიზონტს რომ ალურჯებთ

და აადვილებთ,

შუამდგომლობას რომ მიწევთ მთებთან,

რომ გვერდით  დამიყენონ,

აკვარელით დახატული ქალაქელი ...

ასე მგონია ყველა ფოთლით ფიქრობთ ჩემზე“

[სტურუა, 2013:85].

მთავარი ღირებულება გამხდარა ტყე, რომელიც იხსნის  ლირიკულ გმირს „მარადიულ შემოდგომაში“ ცხოვრებისგან. ტყე, როგორც სამყაროსთან  ჰარმონიაში ყოფნისა და სიცოცხლის, მარადმწვანეობის სიმბოლო, განსაკუთრებულ დანიშნულებას ქალაქში იძენს. რადგან ის ზემოქმედებს თავისი საცეცებით, უჰაერობითა და ერთფეროვნებით. „ქალაქმაც ნელ-ნელა დამიწყო დაშლა“, – ესაა მთავარი სატკივარი და  მკითხველიც ხვდება, რომ არსებული სტრიქონები ერთ კონკრეტულ ადამიანს კი არ მიემართება, არამედ სხვა მოქალაქეებზეც განზოგადდება, მიუხედავად იმისა, რომ ისინი ვერ ამჩნევენ ამ საფრთხეს.

ქალაქური სივრცისა და კულტურული გარემოს აღქმის გასაგებად, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ტექსტია ვალტერ ბენიამინის ესე „პარიზი, მე-19 საუკუნის დედაქალაქი“.  ავტორმა შარლ ბოდლერის პოეზიის ანალიზისას აღწერა ფლანერი, თანამედროვე ურბანული ყოფის მაყურებელი, ადამიანი, რომელიც  დაეხეტება ქალაქში და  გარემოს აპყრობს მზერას. თუმცა ტერმინმა, რომელიც ძველსკანდინავიური ზმნისგან (flana – უმიზნოდ მოხეტიალე) მომდინარეობს, დამატებითი მნიშვნელობებიც შეიძინა, ის გულისხმობს გამვლელს, რომელიც განიცდის შემთხვევით ან მოსალოდნელ ფსიქოლოგიურ გავლენას გარემოსგან, მისი იერსახისგან. ასევე, ფლანარი  გახდა არაერთი ინტერპრეტაციის საგანი, ის გამოიყენება მასობრივი კულტურის, თანამედროვე ყოფაში გაუცხოების, დამკვირვებელი ადამიანის მზერის ასახსნელად. ლია სტურუას შემოქმედებაშიც ლიტერატურული რემინისცენციით  ვხედავთ ამგვარ  ადამიანს. ამასთან,  საინტერესოა,  რომ  მოხეტიალე  პოეტური გმირი,  ფლანერისგან  განსხვავებით, პოეტურ  ტექსტებში  ახალ მახასიათებლებსაც  გულისხმობს. ის  მზერას უპირველესად საკუთარი სუბიექტური  სამყაროსკენ  მიმართავს და გარემო, რომელსაც  აღიქვამს, სწორედ  ამ  პრიზმაში გადატეხილი  შთაბეჭდილებების  სახით  ვლინდება. ასევე, ფლანერისგან განსხვავებით, ის არ ეძებს თავშესაფარს ბრბოში. საინტერესოა მსგავსება, პოეტი-დამკვირვებლის, ფლენერის როლში მყოფი ლირიკული სუბიექტის ემოციურ-შემეცნებითი  გამოცდილება. მით უფრო, როდესაც  კონკრეტული  ქალაქური  ტოპოსიც შემოდის  პოეტის შემოქმედებითი  ხედვის  არეში. კერძოდ, 1975 წელს „ლიტერატურულ საქართველოში“  ქვეყნდება ლია სტურუას ლექსები, სახელწოდებით „იტალიური ციკლიდან“,  რომელიც ოთხ ლექსს აერთიანებს: „ვია ვენეტოზე“, „ფლორენცია“, „პიეტა“ და „ასიზი ქარიან დღეში“.  ტოპონიმების  გვერდით, ამ სივრცეებთან დაკავშირებული  სახეებია   მოხმობილი: „უნატიფესი ფაიფურის მადონები“, „ასიმეტრიული ლანდი მიქელანჯელოსი“, „წმინდა ფრანცისკოს ეკლესია“,  „ჯოტოს ფრესკები“,  თუმცა ეს ტურისტის მიერ აღწერილი  საცნობარო  ტექსტები როდია, აღმქმელი განიცდის ამ სივრცის მომაჯადოებელ ზემოქმედებას და მის  წარმოსახვაში უჩვეულო ხილვები  ჩნდება.

„ფლორენცია“:

„ზაფრანის ყვავილი რომ მზეზე გახუნდება,

ისეთი ფერის ქალაქში დადის მიქელანჯელო“.

 

„პიეტა“:

„მე მეჩვენება რომ უკვე მოვკვდი

და ვიღაც ქალი წვიმაში მოდის

იხოკავს სანთლის ჩამოქნილ ლოყებს

და ჩემთან მოჰყავს

ჯერ არშობილი ჩემს მიერ კაცი,

დასაბამიდან აღმძვრელი შურის“.

 

„ასიზი ქარიან დღეში“:

„ჯოტო...

ხნიერი ბერი ამბობს მის სახელს

ისე ფრთხილად,

თითქოს  მინანქრის მყიფე ხატი უჭირავს ხელში“

[სტურუა, 1975:4].

უცხოეთში, განსხვავებულ სივრცეში ყოფნით ადამიანს აქვს  შესაძლებლობა, საკუთარი თავი სხვაგვარად დაინახოს, აღმოაჩინოს თავისი ხასიათისა და შეხედულებების  განსხვავებული ასპექტები, გააანალიზოს  შთაბეჭდილებათა სპექტრი. ამდენად, ხელოვნების ნიმუშებისგან, ქუჩებისა და  ქალაქებისგან მიღებული ემოცია, რომელიც მხატვრულ ტექსტშია გადმოცემული, მკითხველისთვის მეტად საინტერესოა.

ქალაქური სივრცეები  ლია სტურუას შემოქმედების ყველა ეტაპზეა წარმოდგენილი.  1977 წელს გამოცემული კრებულის პირველივე ლექსია „მუსიკა“. ლირიკულ ნიმუშში ურბანისტული  გარემოა აღწერილი. ავტობუსებისა და მანქანების წინაშე მუხლმოყრილი დედები ითხოვენ:

„მიეცით მუსიკა მანქანების გამონაბოლქვით

და სტერეოხმაურით გაოგნებულ ბავშვებს!“

[სტურუა, 1977:6].

ერთი შეხედვით, ეკოლოგიურად არაჯანსაღ გარემოში ჟანგბადის მოთხოვნა უფრო ლოგიკურია, თუმცა  ქალაქში, ამ გულგრილ და უფერულ გარემოში, გადარჩენა მხოლოდ მუსიკით  ანუ  ხელოვნებითაა შესაძლებელი.

ლია სტურუას  ლექსებში ქალაქის ხატები ხშირად  უკანა ფონზე გადადის და  ლირიკული სუბიექტი ცდილობს საკუთარ თავთან კომუნიკაციის გაგრძელებასა და იმ შთაბეჭდილების გადმოცემას, რომელიც  გარემოსთან ურთიერთქმედებით წარმოიშობა,  ზოგჯერ კი  დამკვირვებლის მზერა პალიმფსესტურადაა წარმოდგენილი, ურბანული სივრცე და  ემოციური სპექტრი ერთმანეთს ენაცვლება და სხვადასხვა ინტენსივობით წამოიწევს წინ, ამგვარადაა  ასახული მხატვრული ხედვა ტროპული სახეებით გამორჩეულ ლექსში „აგვისტოა ქალაქში“:

„დაშაქრული თაფლივით შედედებული შუადღე...

ასფალტისფერი ცა, თითქოს, არასდროს

არ ყოფილა გამჭვირვალე.

ტრამვაის ვაგონებს ხალხი კი არ დაჰყავს,

გადააქვს სიცხე, წითელი, კაშკაშა,

ზარების გუგუნით გაჟღენთილი,

უსასრულოდ ქცეული ქალაქის

ერთი ბოლოდან მეორეში...

ქუჩაში მიდის ქალი,

ერთადერთი გამჭვირვალე სხეული...“

[სტურუა, 1977:14].

სუბიექტური განცდები პირველ პლანზეა წამოწეული, ამიტომ ურბანულ სივრცეს, რომელსაც სხვა კონტექსტში თავისი, პირადი  მახასიათებლები აქვს, ახლა კონკრეტული ფუნქცია აკისრია. გამოხატავს  დამოკიდებულებას სივრცის მიმართ – „შედედებული შუადღე“, „ასფალტისფერი ცა“, „თამბაქოსფერი მზე“ –  წარმოდგენილი ეპითეტებიც  სწორედ ამაზე მიანიშნებს. არაერთგზის შენიშნულა კრიტიკაში, რომ რომ ლია სტურუა წარმოსახვებისა   და ასოციაციების პოეტია, მას შეუძლია პოეტური სახეების განყენებულად აღქმა. „ლია სტურუა სულაც არ ცდილობს, იყოს მარტივად გასაგები, რადგან ის, რასაც სწრაფად აიტაცენებ ხოლმე, ასევე სწრაფად ავიწყდებათ. რადგან ნაცნობ თვათახედვას მყისვე ეგუება მასების თვალი. ხოლო ლია სტურუა გვთავაზობს ე.წ „ძნელ პოეზიას“, რომელიც შეესაბამება ცივილიზებლი ადამიანის ფსიქიკას და მისი გადატანაა სალექსო სტრიქონებად“ [სიგუა, 2009:33]. განხილულ ლექსში ქალაქი მხოლოდ  მოქმედების განვითარების ადგილი არაა, აქ  კომპოზიციური მთლიანობა  არა ნარატიული ფორმით, არამედ სახე-სიმბოლოთა და  ემოციათა მთელი სპექტრის გააზრებით  მიიღწევა.

უნდა აღვნიშნოთ, რომ  ლია სტურუას შემოქმედებაში კოდები, მინიშნებები და ხედვის რაკურსი მუდმივად იცვლება. ტრაფარეტული  აღწერითი სტილის ნაცვლად  საკუთარი განცდებისა და თვითჩაღრმავების მეშვეობით რთულ წარმოსახვით   სივრცეში ახალი სახეებია შემოტანილი, უჩვეულო და ამავდროულად, იმდენად ზუსტი, რომ მკითხველი არ ბრკოლდება, ამიტომაც,  სიზმარში ნანახი წერო  და ადამიანები, მხატვრული წარმოსახვის მეშვეობით, სრულიად მკაფიო  ნიშნით ერთიანდებიან:

„როცა ერთიორად თეთრი და წაგრძელებული,

მაგრამ მაინც ვერავინ ხედავს,

წამგებიანია მისთვის ქალაქის ფონი,

ქალაქის, რომელიც ადამიანების

და მანქანების მოძრაობაა,

ისეთი გაუთავებელი  და უაზრო,

თითქოს საცერით წყალი მოგაქვს,

მაგრამ შეჩერება სიკვდილის ტოლფასია“

[სტურუა,1986:163].

ამ გარემოში წერო განწირულია, მიუხედავად იმისა, რომ ყელს იგრძელებს და „ჯვარცმულსაც კი ემსგავსება“, ვერ გადარჩება იმ ადამიანის მსგავსად, რომელიც ამ სივრცეს არ ეკუთვნის. განსხვავებულია, მკვეთრი, როგორც მწვანე მინდორზე გვირილა, თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ მკაფიო და შესამჩნევი უნდა იყოს, მზერის მიღმა რჩება:

„ახლა მასზე გამოცდის ქალაქი

ლამის ხელოვნებად ქცეულ

ვერშემჩნევის უნარს“

[სტურუა, 1986:166 ].

მთავარი სატკივარი  ამ უკანასკნელ სტრიქონშია გადმოცემული.  თუმცა, ვფიქრობთ,  ლექსში გამოყენებული სიტყვები: „ჯვარცმული“, „სიკვდილი“, „თანაგრძნობა“, „გაოცება“, „უცხო“, „პირმოთნეობა“ ...  ქმნის  ისეთ შინაარსობრივ ველს, რომელიც  მკითხველს უადვილებს პოეტური ნიმუშის ემოციურ-შემეცნებითი კონტექსტის  აღქმას. საინტერესოა ამ საკითხის კულტუროლოგიური ასპექტები.  ამერიკელი მკვლევარი, ურბანული  სოციოლოგიის  ერთ-ერთი  ფუძემდებელი  ლუის  ვირთი  ამავე  თემას  ეხება ესეში –  "ურბანიზმი,  როგორც  ცხოვრების წესი" (1938 წ.). ის მიიჩნევს, რომ ქალაქში ინდივიდი თავისთავად ცოტას ნიშნავს, მას მნიშვნელობა მხოლოდ მაშინ ენიჭება, თუ ადამიანთა დიდი ჯგუფის ინტერესების გამომხატველია. „ქალაქს მეორადი, და არა პირველადი კონტაქტი ახასიათებს. კონტაქტები ქალაქში, მაშინაც კი, როდესაც პირისპირ ურთიერთობასთან გვაქვს საქმე, უსახო, ზედაპირული, მსწრაფლწარმავალი და სეგმენტირებულია. მოქალაქეთა მიერ ერთმანეთის მიმართ გამოვლენილი ჩაკეტილობა, გულგრილობა და განურჩევლობა შესაძლოა განხილულ იქნას, როგორც სხვათა პირადი მიზიდულობისაგან და მოლოდინებისაგან თავდაცვის საშუალება“ [ვირთი, 2014:36]. ის, რაც სოციალური კვლევების შედეგადაა დადგენილი, ლია სტურუას შემოქმედებაში მხატვრული სახეების, განსხვავებული კოდებისა და პოეტური სახე-სიმბოლოების მეშვეობით ვლინდება.

ქალაქური სივრცის  პოეტური სახე განსაკუთრებული ექსპრესიულობითაა ნაჩვენები ქართველი სიმბოლისტების პოეზიაში, საკითხი ვრცელია და ჩვენი კვლევის საგანს არ წარმოადგენს, ამჯერად  მხოლოდ პაოლო იაშვილის სიმბოლოებითა და  გამომსახველობითი საშუალებებით გამორჩეულ  პოეტურ ნიმუშზე – „ფარშავანგები ქალაქში“ – შევჩერდებით.   სიმბოლისტურ ლექსში  ურბანული სივრცე შემზარავი მხატვრული სახეებითა ასახული:  სისხლი,  სნეულება, სიგიჟე და სიკვდილი დაუფლებია ქალაქს.  ფრთადამწვარი ფარშავანგები ამ საშინელ ქაოსში მოულოდნელად ჩნდებიან. არაერთგზის გამეორებული „წითელი“ მხატვრულ წარმოსახვას უფრო ექსპრესიულს ხდის. ლექსი დინამიკურია, ძრწოლისა და შიშის პოეტურ ილუსტრაციას წარმოადგენს. „სალიტერატურო კრიტიკამ „ფარშავანგების“ პოეტურ ინსტალაციებში წითელი ურჩხულების და ქარტეხილების სიმბოლური განსხვავება წითელი რევოლუციის  კალეიდოსკოპურ გამოხატვად და სიმბოლურ გაგრძელებად აღიქვა.  ფაქტია, რომ ამ ლექსის მდიდარი სახეობრიობა და მრავალფეროვანი მხატვრული პასაჟები  ამგვარი დასკვნის საშუალებასაც იძლევა“ [პაიჭაძე, 2018:138]. პაოლო იაშვილის განხილული ლექსი  ჩვენთვის საინტერესოა, რამდენადაც  მასთან პარალელები, ერთგვარი რემინისცენციები ვლინდება  ლია სტურუას ვერლიბრში  „ფარშავანგი“. სათაურთან ერთად  საერთოა  მოქმედების განვითარების ადგილი,  მხატვრული სახეები. პარალელების  საჩვენებლად პოეტურ სტრიქონებს   დავომოწმებთ:

ა) ლექსების დასაწყისი:

„ქალაქში სიცხე იყო. რეტიან ფიქრებს

მზე აწვალებდა და ახრჩობდა ცხელ ნიაღვარში“

[იაშვილი, 2012:13].

„ივლისის თვეა, ფეხქვეშ

ბუმბულივით რბილია ასფალტი“

[სტურუა, 1985:16].

ბ) მზით, სიცხით გამოწვეული ტკივილის გამოხატვა:

„ავია, როცა წითელ გველებს მზე შემოიკრებს,

და დაიქცევა მკბენარ სისხლად ქუჩების ღარში“

[იაშვილი, 2012:13].

„შუადღე რომ წამოვა, მზის ბრინჯაოსფერი შხეფები

ლურსმნებივით ჩაჯდება სახსრებში“

[სტურუა, 1985 :16].

გ) ხეებისა და ფრინველების  მხატვრულის სახე:

„ვით დაფლეთილი, სისხლისფერი, სოველი ჩვრები,

ხეებზე სხედან დაღალული მზის ფრინველები“

[იაშვილი, 2012:15].

„მტვრიანი ბეღურები და ყვავები

ნაყოფივით ასხია დაბერწებულ ხეებს“

[სტურუა, 1985:17].

ღირებულია, როდესაც ავტორი იყენებს ალუზიას, ამით ის შინაარსობრივ კონტექსტს  ამდიდრებს. თუმცა ლია სტურუას პოეტური ნიმუში პაოლო იაშვილის მაღალმხატვრულ ტექსტთან შედარებისას ღირებულებას დაკარგავდა, რომ არა მკაფიო განსხვავება,  რომელიც ლექსების მთავარ სახეს – „ფარშავნგს“ – მიემართება.  ლია სტურუას თავისი, კონკრეტული  სათქმელი აქვს, ამიტომაც ის არ უშინდება  მკაფიო პარალელებს და პაოლო იაშვილის ლექსთან  მიზანმიმართული ასოციაციის კვალდაკვალ, სრულიად ახალ   პოეტურ სახეებს ქმნის:

„და უცებ ვხედავ, ქუჩის ბოლოს,

ჟანგიან ბუჩქთან, ფარშავანგი დგას,

ჩემი ბავშვობის ნარინჯისფერი, მყვირალა ელდა

ამ ქალაქში, ამ წაშლილ დღეში!

მე ვჩერდები,

თოკი ყელზე დნება, ილევა

და რა ყვირილისაგან გახეული პირით,

არამედ ლამაზად მომრგვალებული  ბაგეებით

წარმოვთქვამ სიტყვას „ფარშავანგი“.

ჩემი მდევარი გაოგნებულია, ირგვლივ არაფერი შეცვლილა,

გამდნარი ასფალტი, მანქანები,

მტვრიანი ბეღურები და ყვავები

ნაყოფივით ასხია დაბერწებულ ხეებს“

[სტურუა, 1985:17 ].

გამვლელს უცხო ადამიანი „საქმიანი ნაბიჯებით“ ასდევნებია,  ისინი შეხვდებიან ფარშავანგს. მხოლოდ ლირიკულ გმირს შეუძლია ამ უჩვეულობის აღქმა, თუმცა მისი მდევარი გაოცებულია და მას „გიჟიას“ ძახილს დაუწყებს,  ქალაქში მოსიარულე ადამიანებს არ შეუძლიათ, დაინახონ   „ფარშავანგის ულამაზესი, უკანონო, აშკარა ცეცხლი“ და სწორედ ეს არის მიზეზი, რის გამოც ლირიკული გმირი იღუპება.  ის სოციუმისგან განსხვავდება და ხალხი, რომელსაც არ შეუძლია ამის  აღიარება – ფარშავანგის დანახვა – გაწირავს მას.  ფარშავანგი  სიმბოლოა, ეს არის გადარჩენის გზა, მაგრამ „ჟანგიანი ბუჩქის“ გვერდით ამ სილამაზის აღქმა  რთულია,  ლირიკული გმირს  ახრჩობს „გულმოდგინე კაცის ხელით გამონასკვილი მარყუჟი“.  ლექსი  შეიძლება ასე  გავიაზროთ: წარმოსახვითი ხეტიალი კონკრეტული ქალაქის სივრცეში, რომელიც   შემოქმედებით პროცესთან ასოცირდება, გულისხმობს შემოქმედებით  პროცესს, სიტყვის ძალას, რომლის  შედეგადაც  წარმოსახვა  აღმოაცენებს უჩვეულო ხატს, რომელიც კონკრეტულ სახედ – ფარშავანგად ტრანსფორმირდება.  ვფიქრობთ, ეს არის მცდელობა, პოეტმა დაგვანახოს, რომ ყველაზე მოულოდნელი შეხვედრების ადგილი პოეზიაა და  ამ სამყაროში გზის გაკვლევის უნარი ყველას არ შესწევს, ამიტომაც შემოქმედის ბედი ასეთ სივრცეში ტრაგიკულიც შეიძლება იყოს.  საინტერესოა, გურამ კანკავასეული გააზრება:  „მკითხველს ხიბლავს არა მარტო გროტესკული გარემო, რომელშიც ლექსის მოქმედება ვითარდება, არამედ ის მძაფრი ირონიზი, რომელიც ალესილი ხმალივით უპყრია ლექსის ლირიკულ პერსონაჟს. ლექსის ზნეობრივი და ესთეტიკური  პერიპეტიები დაკავშირებულია იმასთან, თუ რამდენად დასაშვებია მზეზე ჟანგისფრად აფერადებული ბუჩქი, რომელიც თბილისის ერთ-ერთ ტროტუართან ამოზრდილა, წარმოსახვამ ფარშავანგად დაგანახოს, რომელსაც ყივილის უნარიც შესწევს...“  [კანკავა, 1985:112].

2021 წელს  გამოცემულ კრებულში – „ვაგრძელებ თამაშს?!“ – ურბანული სივრცე  კვლავაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი  თემაა.

„პირველად მაშინ დავიბადე,

როცა დავიბადე მეორედ – ქალაქიდან რომ გავედი

და თავისუფალი ბალახი ვიხილე“

[სტურუა, 2021:7].

„ქალაქში მიწა მარტო სასაფლაოზეა,

ქუჩას ასფალტი რომ ააგლიჯო იქაც“

[სტურუა, 2021:235].

ამდენად, ქალაქურ   სივრცეს  ზოგადად ეხება  ავტორი თუ კონკრეტულ არეალს,  მუდმივად  უფრო მეტი აქვს სათქმელი, ვიდრე მხოლოდ გარკვეული გარემოს  ხატის ჩვენებაა. „ქალაქი ყოველდღიურობის, ყოფის, ცხოვრების, ერთი სიტყვით, სიცოცხლის  მეტაფორული სიმბოლოა... იგი უნდა აღვივებდეს ადამიანში იმანენტურად არსებულ „სიცოცხლისაკენ სწრაფვის“ ინსტინქტს. ფართო სადინარს უხსნიდეს მის წარმოსახვას, მიმართავდეს თავისუფალი მოქმედებისათვის, იმპროვიზაციისათვის,  „თამაშისათვის“ [ანდრიაძე, 1987:33]. მიუხედავად  კრებულის სათაურისა, რომელიც სხვადასხვა საინტერესო ასპექტს გულისხმობს, ლირიკული სუბიექტისთვის ქალაქი სიცოცხლის, თამაშის იმპულსის მიმცემ სივრცედ არაა წარმოდგენილი.

ლია სტურუას  ლექსებში ქალაქი  ნაჩვენებია როგორც ბუნებაში უხეში ჩარევის, ლანდშაფტის ხელოვნურად შეცვლილი სივრცე.  ეს რეალიები ამ ნიშნით სოფელს უპირისპირდება.  გეორგ ზიმელი – გერმანელი  ფილოსოფოსი  და  კულტუროლოგი, იკვლევდა  ქალაქისა და  სოფლის  ურთიერთმიმართებისა და ადამიანებზე მათი ზემოქმედების  ნიშნებს,   ესეში „მეტროპოლისი და მენტალური ცხოვრება“ (1903 წ.) წერს, რომ „სულიერი სიმშვიდის  მიღწევას  ართულებს  ქალაქის აჩქარებული რიტმი, რადგან   შინაგანი და გარეგანი  შთაბეჭდილებები ქალაქში უწყვეტი სახითაა წარმოდგენილი, რაც ადამიანისგან   მეტ    ფსიქოლოგიურ   ძალისხმევას  მოითხოვს. „მეტროპოლისი სწორედ  ასეთ გრძნობად საფუძველს და ფსიქოლოგიურ პირობებს ქმნის თავისი  ქუჩის აურზაურით, სწრაფი ტემპითა და  მრავალფეროვანი სამეურნეო, პროფესიული და საზოგადოებრივი ცხოვრებით.  დიდ  ქალაქში  ცხოვრებისას სიფხიზლის ის დონე, რაც განსხვავებებზე დამოკიდებულ არსებებს  საკუთარი ორგანიზაციისათვის  გვესაჭიროება, ღრმად  კონტრასტულია   მცირე  ქალაქის ან სოფლის ცხოვრებასთან შედარებით, რომელსაც დუნე, თანაბარი რიტმის სულიერი და გონებრივი აქტივობა ახასიათებს“  [ზიმელი, 2014:10]. ქართველი ავტორის ლირიკულ ტექსტებში გადმოცემული  ხედვა  ემთხვევა მეცნიერულ შეფასებას.

ასევე, მნიშვნელოვანია, რომ  ქალაქის ლიტერატურული მოდელები ლია სტურუას შემოქმედებაში  განსხვავდება ერთმანეთისგან. ურბანული სივრცე  ეკოლოგიურად არაჯანსაღი, მეტისმეტად  ხმაურიანი ადგილია, რომელიც ბუნებრიობასაა მოკლებული, ამიტომაც ლირიკული სუბიექტი სიცოცხლისკენ, ბუნებისკენ, ტყეებისაკენ ისწრაფვის.  აქვე უნდა ითქვას, რომ ქალაქი პოეტის  საცხოვრებელია, რომელიც ლირიკული სუბიექტის აწმყოსა და ყოველდღიურობას ქმნის. ამდენად, ლია სტურუასთვის    ქალაქი  მხოლოდ ერთ კონტექსტში კი არ აღიქმება, არამედ მრავალშრიანია  და აერთიანებს პოეტის ცხოვრებისეულ  და წარმოსახვით, მხატვრულ  გამოცდილებას.

კვლევა განხორციელდა (PHDF-22-1585)  შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით.

ლიტერატურა

ანდრიაძე დ.,
1987
ქალაქი, სიტყვა, ნიშანი. საბჭოთა ხელოვნება N1.
ვირთი ლ.,
2014
ურბანიზმი, როგორც ცხოვრების წესი. თბილისი,
კუკულაძე ლ.,
2008
ხარის სიმბოლიკა გიორგი შატბერაშვილის შემოქმედებაში.ბათუმი.
ზიმელი გ.,
2014
მეტროპოლისი და მენტალური ცხოვრება. თბილისი.
კანკავა გ.,
1985
წერილები, პორტრეტები. თბილისი.
პაიჭაძე თ.,
2018
ქალაქი — კულტურული სივრცე სიმბოლისტურ ტექსტში (ინტერტექსტი და ქართული შემოქმედებითი გამოცდილება). სჯანი. N19.
სტურუა ლ.,
1965
ხეები ქალაქში. თბილისი.
სტურუა ლ.,
1975
იტალიური ციკლიდან. ლიტერატურული საქართველო 4 ივლისი. N27.
სტურუა ლ.,
1977
ლექსები პოემა. თბილისი.
სტურუა ლ.,
1986
ლექსები, პოემები. თბილისი.
სტურუა ლ.,
2021
ვაგრძელებ თამაშს?! თბილისი.
ხალხური.,
1987
ლექსის თქმა მწადის ერთისა. თბილისი.