ევაგრე პონტოელის სწავლათა წმ. ექვთიმე ათონელისეული თარგმანები
DOI: 10.55804/jtsuSPEKALI-17-20
ევაგრე პონტოელმა († 394 წ.), IV საუკუნეში მოღვაწე განდეგილმა, დიდი კვალი დატოვა ასკეტურ მწერლობაში. მისი შემოქმედება ძველ ქრისტიანულ ენებზე (ლათინურ, სომხურ, სირიულ, კოპტურ, არაბულ, ეთიოპიურ, სოგდიურ და ქართულ) ადრევე ითარგმნა. ევაგრე ორიგენიზმის ბრალდებით V მსოფლიო საეკლესიო კრებამ (553 წ.) ანათემას გადასცა, ამიტომ მისი შრომები ბერძნულ ენაზე ნაწილობრივ დაიკარგა, ნაწილობრივ კი სხვა ავტორთა სახელით შემორჩა. მათი უმრავლესობა წმ. ნილოს სინელს (IV-V სს.) მიეწერება. კ. კეკელიძის აზრით, ევაგრე წარმოშობით ქართველი უნდა ყოფილიყო, რადგან ბერძენ საეკლესიო მწერალთა და ისტორიკოსთა (პალადი ჰელენოპოლელი, სოკრატე სქოლასტიკოსი, ერმია სოზომენე, ნიკიფორე კალისტე) თქმით, იგი პონტოელი იყო, იბერთა ქალაქიდან (πόλεος Ἰβήρων) [კეკელიძე, 1960: 5-17]. აღნიშნული მოსაზრება სხვა ქართველმა მეცნიერებმაც გაიზიარეს [ყაუხჩიშვილი, 1967: 106-117; ლოლაშვილი, 1978: 31-52].
ევაგრე პონტოელის შრომები ძველი ქართული მწერლობის განვითარების პირველ სამ ეტაპზე ითარგმნა: ე. წ. წინაათონურ პერიოდში (V-X სს.); ათონურ პერიოდში (X-XI ს-ის II ნახ.) – წმ. ექვთიმე ათონელის († 1028 წ.) მიერ; ელინოფილურ პერიოდში (XI ს-ის II ნახ.) – სავარაუდოდ, წმ. ეფრემ მცირის (XI ს.) მიერ.
ევაგრეს სახელით რამდენიმე შრომის ფრაგმენტი მხოლოდ 907 წელს გადაწერილ სინურ ხელნაწერს – O/Sin.geo.35 – შემოუნახავს [მახარაშვილი, 1984: 3-39]. მეორე უძველეს ნუსხაში – H-622 (X ს.) – ევაგრეს ნაშრომი უკვე წმ. ნილოს სინელს მიეწერება. ექვთიმესეულ თარგმანებში ევაგრეს შემოქმედება, ბერძნული ორიგინალისგან განსხვავებით, წმ. ბასილი დიდისა († 379 წ.) და წმ. მაქსიმე აღმსარებლის († 662 წ.) სახელით გამოვლინდა. წმ. ეფრემ მცირე ევაგრეს შრომებს წმ. ნილოს სინელის სახელით თარგმნის, როგორც ეს ბერძნულ ხელნაწერულ ტრადიციაში იყო გავრცელებული.
წინაათონურ პერიოდში ევაგრე პონტოელის შრომები ფრაგმენტულად არის თარგმნილი [Garitte, 1956: 99-102; კეკელიძე, 1960: 8-9; ტყებუჩავა, 2020ა: 183-187]. ისინი შემორჩენილია ორ ხელნაწერში – O/Sin.geo.35 (907 წ., 26v-39r) [მახარაშვილი, 1984: 21-38] და H-622 (X ს., 57r-61v, 103v-105v). ეს შრომებია:
1. „მონაზონთა მიმართ კრებულთა“ (Sententiae ad monachos: CPG 2435) – 1-5 სენტენცია, O/Sin.geo.35, 26v-27r.
2. „წესი ახლად მონაზონქმნილთათჳს“ (Ad juniores monachos instructio) [PG 79, col. 532 D 9 – 533 B 3], O/Sin.geo.35, 27r.
3. „რვა გულისზრახვის შესახებ“ (De octo spiritibus malitiae: CPG 2451) – პირველი ორი თავი, O/Sin.geo.35, 27r-29r; 37r-39r.
4. „პრაქტიკოსის“ (Practicus: CPG 2430) პირველი თექვსმეტი შეგონება, O/Sin.geo.35, 29r-32r.
5. „ევლოგის მიმართ“ ტრაქტატის (Tractatus ad Eulogium monachum: CPG 2447) პროლოგი, O/Sin.geo.35, 32r-v.
6. „თანაშეუღლვილთათჳს“ (De uitiis quae opposita sunt: CPG 2448) – ექვსი ანტითეზისური წყვილი (ცხრის ნაცლად), O/Sin.geo.35, 32v-35v.
7. „ცუდადზუაობისათჳს“ (De vana gloria), O/Sin.geo.35, 35v-37r; H-622, 103v-105v. მისი ბერძნული ორიგინალი არ იძებნება.
8. „ლოცვისათჳს“ (De oratione: CPG 2452), H-622, 57r-61v. 153 შეგონების ნაცვლად, მხოლოდ 48-ს შეიცავს. ბ. უტიეს აზრით, იგი თარგმნილი უნდა იყოს არაბული ენიდან [უტიე, 2003: 198-200].
აქვე აღვნიშნავთ, რომ ელინოფილურ პერიოდში ევაგრეს „ლოცვისათჳს“ ნილოს სინელის სახელით სრულად არის თარგმნილი, სავარაუდოდ, ეფრემ მცირის მიერ. შემორჩენილია ერთადერთ ხელნაწერში – A-60 (XIII ს.), 130v-138r (გვ. 270-285) [კოჭლამაზაშვილი, 2017: 192-230; კოჭლამაზაშვილი, 2022: 7-50]. დიდი ალბათობით, ევაგრესვე უნდა ეკუთვნოდეს ამავე ნუსხაში დაცული ფსევდონილოსის „სენტენციებიც“ (Sententiae: CPG 6583a, 6583b):
ა) „ღნომნი სწავლითნი სარგებელად სულისა“ (Capita Paraenetica: CPG 6583a), A-60, 138r-141r (გვ. 285-291) [ჭყონია, 1963: 103-121].
ბ) „ღნომნი განმაყენებელნი განხრწნადთაგან და შემაერთებელნი უხრწნელთა თანა“ (Sententiae abducentes hominem a corruptibilibus, et incorruptibilibus unientes: CPG 6583b), A-60, 141r-142v (გვ. 291-294).[1]
ათონურ პერიოდში (X-XI სს.) ევაგრეს შრომები წმ. ექვთიმე ათონელის მიერ ითარგმნა. ისინი ამ თარგმანებში, როგორც აღვნიშნეთ, წმ. ბასილი დიდსა და წმ. მაქსიმე აღმსარებელს მიეწერება. ბერძნულ პატრისტიკაშიც ევაგრეს ზოგიერთი შრომის ავტორად მართლაც დასახელებული საეკლესიო მწერლები ითვლებიან. კერძოდ, ბასილის ავტორობით ცნობილი VIII წერილი – „რწმენის შესახებ“ (Epistula fidei: CPG 2439) [PG 32, col. 245-268] – სინამდვილეში ევაგრე პონტოელს ეკუთვნის, რასაც სირიული თარგმანი ადასტურებს [Frankenberg, 1912: 620-635; Quasten, 1986: 176]. აგრეთვე გარკვეულია, რომ ფსევდომაქსიმეს „პრაქტიკული თავების“ (Capita Practica) [Епифанович, 1917: 56-59], ძირითადი ნაწილი ევაგრეს „გნოსტიკური თავების“ (Kephalaia Gnostica: CPG 2432) ავთენტური ტექსტია [Hausherr, 1939: 229-233].[2] თუმცა ექვთიმე ათონელის მიერ თარგმნილი ევაგრეს არც ერთი შრომა ორიგინალში ბასილი დიდისა და მაქსიმე აღმსარებლის სახელით არაა ცნობილი. აღნიშნული ტექსტების უმრავლესობა, რომელთაც ქვემოთ შევეხებით, ბერძნულ ტრადიციაში ნილოს სინელს მიეწერება.
წმ. ბასილი დიდის სახელით ექვთიმე ათონელის მიერ თარგმნილია:
1. „წმიდისა და ღმერთშემოსილისა მამისა ჩუენისა ბასილისნი სწავლანი ლოცვისათჳს და სხუათა თითოსახეთა სათნოებათათჳს საცხორებელად სულისა“ [ჩიხორლიშვილი 2015: 9-62; სამასეული 2018: 33-57; კოჭლამაზაშვილი 2022: 126-179]. დასახელებული ტექსტი 129 მუხლისაგან შედგება, იგი შეტანილია ხელნაწერ-კრებულში – A-1101 (1047 წ.), 88r-108v, 137v-140r – ბასილი დიდის უსათაურო „სწავლათა“ შორის (A-1101, 83r-132v). სამი ნუსხით (S-1595, A-116, A-57) ამავე ტექსტის მოკლე რედაქციაც არის ცნობილი („ლოცვისათჳს“), რომელიც ვრცელ ვერსიამდე ჩანს თარგმნილი [კოჭლამაზაშვილი, 2022: 70-89; ტექსტი: იქვე, 180-188].
„სწავლანის“ ვრცელი რედაქციიდან ნ. ქაჯაიას მიერ იდენტიფიცირებული იყო 127-ე და 128-ე შეგონებები. ისინი ექვთიმეს მიერ თარგმნილი ბასილი კესარიელის „ფსალმუნთა თარგმანების“ კომპილაციები აღმოჩნდა, მათგან პირველი (127-ე) 33-ე ფსალმუნის მე-12 მუხლის კომენტარის ფრაგმენტია, ხოლო მეორე (128-ე) – ამავე ფსალმუნის მე-6 მუხლისა. მკვლევარი აღნიშნავდა, რომ ტექსტის იდენტიფიცირებისთვის ვრცელი პატრისტიკული ლიტერატურის გათვალისწინება იქნებოდა საჭირო [ქაჯაია, 1992: 67-68].
ახლახან ე. კოჭლამაზაშვილმა გამოაქვეყნა ფსევდობასილის თხზულების ორივე რედაქციის (მოკლე და ვრცელი) კრიტიკულად დადგენილი ტექსტები გამოკვლევითურთ [კოჭლამაზაშვილი, 2022: 51-201]. მეცნიერის მიერ იდენტიფიცირებულია პირველი 43 შეგონება ვრცელი „სწავლანიდან“, ხოლო 15 – მოკლედან. ეს სენტენციები გამოკრებილი აღმოჩნდა ევაგრე პონტოელის ტრაქტატიდან – „ლოცვის შესახებ“ (De Oratione) [კოჭლამაზაშვილი, 2022: 89-125].[3] ჩვენ დავამატებთ, რომ ვრცელი ვერსიის 44-ე სწავლაც აღნიშნული ტრაქტატის დასკვნითი ორი შეგონებისაგან შედგება (152+153).
ამავე პერიოდში, ჩვენც შევისწავლეთ ფსევდობასილის „სწავლანი ლოცვისათჳს“ და გავარკვიეთ, რომ ტექსტის ძირითადი ნაწილი ევაგრე პონტოელის შრომათა კომპენდიუმს წარმოადგენს. კერძოდ, 129 შეგონებიდან 123 ევაგრეს რვა ნაშრომიდან არის გამოკრებილი. 76-ე სწავლა წმ. მაკარი დიდის „25-ე ჰომილიის“ ფრაგმენტია; სწ. 125-ე აღებულია ნეტარი თეოდორიტე კვირელის „ფილოთეონ ისტორიის“ (CPG 6221) პროლოგიდან (მეექვსე პარაგრაფი), ხოლო სწ. 126-ე – მისივე ქადაგებიდან „საღვთო სიყვარულის შესახებ“ (CPG 6224); 129-ე შეგონება ბასილისეული აღმოჩნდა, კერძოდ, იგი 167-ე წერილის (ქვრივის მიმართ) ფრაგმენტია [ტყებუჩავა, 2022: 196-198].
აღსანიშნავია, რომ ხელნაწერში – A-1101 (1047 წ.) – ე. წ. 127-ე–129-ე შეგონებები („თქუა წმიდამან ბასილი...“, 137v-139r), რომლებიც ფრაგმენტები აღმოჩნდა ბასილის შრომებიდან, წმ. გრიგოლ ნაზიანზელის უსათაურო „სწავლაჲს“ (134r-137v) მოსდევს, ყოველგვარი მინიშნების გარეშე, ხოლო დანარჩენ ნუსხებში (Jer.Geo.14, 1055 წ. და სხვა) ფსევდობასილის „სწავლანის“ დამამთავრებელ ნაწილს წარმოადგენს. ვფიქრობთ, ამ სამი შეგონების ფსევდობასილის ტექსტში გადატანა გადამწერის ნახელავი უნდა იყოს, ხელნაწერებში კი, როგორც ჩანს, სწორედ ეს გვიანდელი ვარიანტი დამკვიდრდა. ჩვენი აზრით, მართებული იქნება, თუ სწ. 127-ე–129-ეს ცალკე „თქუმულად“ გამოვყოფთ. ამგვარად, გამოდის, რომ „სწავლანი ლოცვისათჳს“ სინამდვილეში 126 თავისაგან შედგება.
რაც შეეხება ფსევდობასილის თხზულების მოკლე რედაქციას „თქუმული წმიდისა ბასილისი ლოცვისათჳს“ (S-1595, XI ს., 147r-151v), ისიც ევაგრეს იმავე შრომებიდან არის შედგენილი რომელთაგანაც ვრცელი ვერსია. მოკლე რედაქციაში ბევრად ნაკლები შეგონებაა და თანაც შემოკლებული სახით. ამასთან, რვის ნაცვლად გამოყენებულია ევაგრეს ექვსი ნაშრომი. აღნიშნული ვერსია სრულდება თეოდორიტე კვირელის „ფილოთეონ ისტორიის“ პროლოგიდან თარგმნილი მცირე ფრაგმენტით (S-1595, 151v). შემდეგ მას მოსდევს წმ. ბასილი დიდის „XI ასკეტური სიტყვიდან“ (CPG 2889) გამოკრებილი გამონათქვამები: „თქუა კუალად: უკუეთუ ჰპოო ნებითა ღმრთისაჲთა კაცი მასწავლელი კეთილთა საქმეთაჲ... მოთმინე იყავ სენაკსა შინა შენსა, რაჲთა იხილო უფალი ლოცვასა შინა შენსა“ (S-1595, 151v-152v) [ტექსტი იხ. კოჭლამაზაშვილი, 2022: 186-188]. ამით სრულდება ფსევდობასილის „სწავლანის“ მოკლე რედაქცია.
ამდენად, ფსევდობასილის „სწავლანის“ ვრცელი და მოკლე რედაქციების მიმართება ევაგრეს შრომებთან ამგვარია:[4]
ა) სწ. 1-44 = „ლოცვის შესახებ“ (De oratione: CPG 2452) [SC 589; PG 79, col. 1165-1200]:[5] 1 = 3; 2 = 4; 3 = 5; 4 = 6; 5 = 7; 6 = 9; 7 = 10+11; 8 = 12; 9 = 20; 10 = 28; 11 = 27; 12 = 31; 13 = 33; 14 = 39; 15 = 43; 16 = 45; 17 = 47; 18 = 48; 19 = 49; 20 = 50; 21 = 54; 22 = 59; 23 = 62; 24 = 65; 25 = 66; 26 = 71; 27 = 72; 28 = 78; 29 = 79; 30 = 81; 31 = 87+88; 32 = 89; 33 = 90; 34 = 91; 35 = 92+93; 36 = 95; 37 = 96; 38 = 102; 39 = 104; 40 = 133; 41 = 134; 42 = 149; 43 = 150; 44 = 152+153. მოკლე რედაქციაში „ლოცვის შესახებ“ ტრაქტატიდან გამოკრებით თარგმნილია 17 შეგონება: 3, 5, 6, 7, 20, 28, 31, 33, 43, 45, 47, 49, 79, 81, 87, 92, 93.
ბერძნულ ხელნაწერულ ტრადიციაში ეს ნაშრომი ნილოს სინელს მიეწერება, თუმცა მისი სირიული და არაბული თარგმანები ევაგრეს ავტორობას ადასტურებენ [Quasten, 1986: 174]. ტრაქტატი ნილოსისვე სახელით შეტანილია ბერძნულ „ფილოკალიაში“ წმ. ნიკოდიმოს მთაწმიდელის მიერ [Φιλοκαλία (Α΄), 1893: 102-110].
ბ) სწ. 45 = „შეგონებითი თავები“ (Capita Paraenetica: CPG 6583a) [PG 79, col. 1252 B – 1262 C]. შეერთებულია სამი სენტენცია: 25(1) + 26(2) + 31(7). ეს შეგონებები მოკლე რედაქციაში არ აღმოჩნდა.
ბერძნულ ტრადიციაში ტექსტი წმ. ნილოს სინელსა და წმ. ევსუქი იერუსალიმელს მიეწერება, Clavis Patrum Graecorum-ში (CPG) ევსუქის სახელით არის შეტანილი. ზემოთ აღინიშნა, რომ ეს გნომები ნილოსის სახელით ქართულად თარგმნილია ელინოფილურ პერიოდში: „ღნომნი სწავლითნი სარგებელად სულისა“ [ჭყონია, 1963: 103-121].
გ) სწ. 46-62 = „პრაქტიკოსი“ (Practicus: CPG 2430) [SC 171]:[6] 46 = 15; 47 = 19; 48 = 24; 49 = 25; 50 = 30; 51 = 33; 52 = 44; 53 = 49; 54 = 52; 55 = 53; 56 = 61; 57 = 64; 58 = 65; 59 = 67; 60 = 75; 61 = 83; 62 = 86. მოკლე რედაქციაში „პრაქტიკოსიდან“ თარგმნილია მხოლოდ ორი შეგონება: 15 და 49.
ნაშრომი ცნობილი ტრილოგიის „სამონაზვნოს“ (Monachicos)[7] პირველ წიგნს წარმოადგენს და 100 თავისაგან შედგება.[8]
დ) სწ. 63-65 = „სამონაზვნო განწესება“ (Rerum monachalium rationes: CPG 2441) [PG 40, 1252-1264]: 63 = 2+3; 64 = 6; 65 = 11. მოკლე რედაქციაში „სამონაზვნო განწესებიდან“ თარგმნილია მხოლოდ მე-11 შეგონება.
თავად ნაშრომი 11 თავისაგან შედგება და ევაგრეს ავტორობით არის ცნობილი, თუმცა ზოგიერთ ბერძნულ ნუსხაში მისი მნიშვნელოვანი ნაწილი (თავი 2-8) წმ. ათანასე დიდს (IV ს.) მიეწერება [PG 28, col. 845-849], ხოლო მცირე ფრაგმენტი (თავი 9) – წმ. ამონა ნიტრიელს (IV ს.) [Nau, 1915: 486-487].
ე) სწ. 66-75, 77-79 = „ვნებათა და გულისზრახვათა გარჩევის შესახებ“ (De malignis cogitationibus: CPG 2450) [SC 438]:[9] 66 = 1; 67 = 9; 68 = 11; 69 = 14; 70 = 15; 71 = 17; 72 = 39; 73 = 22; 74 = 43; 75 = 26; 77 = 34; 78 = 35; 79 = 37. მოკლე რედაქციაში დასახელებული შრომიდან მხოლოდ ორი შეგონება გვხვდება: 43 და 26.
ტრაქტატი ორი ბერძნული რედაქციით არის ცნობილი – მოკლე (22 თავი) და ვრცელი (43 თავი). მოკლე რედაქცია შეტანილია „ფილოკალიაში“ [Φιλοκαλία (Α΄), 1893: 25-33], იმავე ვერსიის ოდნავ გავრცობილი ვარიანტი (27 თავი) წმ. ნილოს სინელსაც მიეწერება [PG 79, col. 1200 D – 1233 A]. ვრცელი რედაქცია ევაგრე პონტოელის ავტორობით არის ცნობილი [Muyldermans, 1932: 47-55], ამ თხზულებიდან რამდენიმე თავი შეცდომით ევაგრეს სხვა ნაშრომშიცაა (Capita Practica) ჩართული [PG 40, col. 1236 C 9 – 1244 B 7].[10]
ჟ. მიულდერმანსმა ვრცელი რედაქციის მხოლოდ ის ნაწილი გამოაქვეყნა, რომელიც მოკლე ვერსიაში არ მოიპოვება, მკვლევარმა ბერძნული ტექსტი ხელნაწერ Coislin 109-ის (X ს.) მიხედვით გამოსცა და 44-ე თავად უცნობი შეგონება დაურთო, რომელიც ნუსხაში დასახელებულ ნაშრომს მოსდევდა, როგორც იმავე ავტორის გამონათქვამი „განწმენდის შესახებ“ (Τοῦ αὐτοῦ περὶ ἁγιασμοῦ) [Muyldermans, 1932: 55-60]. მოგვიანებით გაირკვა, რომ ეს 44-ე თავი სინამდვილეში წმ. მაკარი დიდის 25-ე სიტყვა [PG 34, col. 668-673] იყო „50 სასულიერო ჰომილიიდან“ (Homiliae spiritales: CPG 2411) [Peterson, 1933: 271-273]. ასეთივე სურათია კიდევ ორ ბერძნულ ხელნაწერში – Protaton 26 (X ს., 64v-70r) და Lavra Γ 93 (XI ს., 267r-271v) [SC 170: 171, 179]. ნაშრომის ექვთიმესეულ თარგმანში ცოტათი განსხვავებული ვითარებაა, აქ მაკარის სიტყვა შეტანილია არა თხზულების დასასრულს, არამედ თავად ტექსტის შიგნით (სწ. 76) და თანაც ფრაგმენტულად, მხოლოდ ჰომილიის ბოლო ნაწილი – 7-10 პარაგრაფი [PG 34, col. 672 C 3 – 673 D 11]. ვფიქრობთ, აღნიშნული ფაქტი მიუთითებს, რომ ექვთიმე ათონელს თხზულების თარგმნისას შედგენილობით ზემონახსენებ ბერძნულ კრებულთა მსგავსი ხელნაწერით უნდა ესარგებლა.
ვ) სწ. 80-106 = „ევლოგის მიმართ“ (Tractatus ad Eulogium: CPG 2447) [SC 591: 268-408; PG 79, col. 1093-1140]:[11] 80 = 11; 81 = 12; 82+83+84 = 13; 85+86 = 14; 87+88 = 15; 89+91 = 17; 90+92+93+94 = 18; 95 = 19; 96+97+98 = 20; 99 = 21; 100 = 22; 101+102 = 24; 103 = 25; 104+105 = 28; 106 = 29. მოკლე რედაქციაში „ევლოგის მიმართ“ ტრაქტატიდან გამოკრებით თარგმნილია ოთხი პარაგრაფი: 14, 15, 24, 25.
ბერძნულ ხელნაწერთა უმრავლესობა ნაშრომს წმ. ნილოს სინელს მიაწერს, მხოლოდ რამდენიმე – ევაგრე პონტოელს, თუმცა სირიულ და სომხურ თარგმანებში ავტორად ევაგრე სახელდება [Quasten, 1986: 175].
ზ) სწ. 107 = „რეფლექსიები“ (Skemmata, Capita cognoscitiva: CPG 2433). ქართულად თარგმნილია მხოლოდ 25-ე (12b) გამონათქვამი [Muyldermans, 1931: 377; 52]. ამ შეგონების ნაცვლად, ფსევდობასილის თხზულების მოკლე რედაქციაში ევაგრეს ამავე შრომიდან სხვა (66-ე) მუხლია თარგმნილი: „თქუა წმიდამან ბასილი: ვითარცა მგელმან მშიერმან განაბნიის სამწყსოჲ ცხოართაჲ, ეგრეთვე სულმან სიძვისამან – აღმავსებელნი მუცელთა მათთანი“: Λύκος πεισῶν ἐξιχνιάσει ποίμνην· καὶ πνεῦμα πορνείας τοὺς πληροῦντας γαστέρα αὐτῶν [Muyldermans, 1931: 57].
„რეფლექსიები“ (Skemmata) მოკლე გამონათქვამებისაგან შედგება, იგი ზოგიერთ ბერძნულ ხელნაწერსა და ლათინურ თარგმანში წმ. ნილოს სინელის სახელითაც არის ცნობილი.[12] მიიჩნეოდა, რომ ნაშრომი „გნოსტიკური თავების“ (Kephalaia Gnostica: CPG 2432) ერთგვარ დამატებას წარმოადგენს. აღნიშნული ტრატქატი „სამონაზვნოს“ (Monachicos) მესამე ნაწილია, რომელიც ექვსი წიგნისაგან შედგება, ხოლო თითოეული თავი – 90 მოკლე შეგონებისგან, მთლიანად კი – 540-ისგან. თუმცა ტრილოგიის ეპილოგში ევაგრე ტრაქტატის ადრესატ ანატოლის წერს, რომ უგზავნის ტექსტს 600 რჩევით [SC 171: 492]. როგორც ჩანს, ამ შეუსაბამობის გამო, გვიანდელმა რედაქტორებმა „გნოსტიკური თავები“ 60 გამონათქვამის დამატებით 600-მდე განავრცეს, რაც მის სირიულ და სომხურ თარგმანებშიც გადავიდა [Frankenberg, 1912: 422-471; Sarghisean, 1907: 207-216].[13] ამგვარად, ამ დამატებით თავებში „რეფლექსიებიდან“ შეტანილია 1-39 შეგონება და კიდევ სხვა 21 რჩევა [Harmless... 2001: 503].
თ) სწ. 108-124 = „შეგონებები მონაზვნებს“ (Institutio ad monachos: CPG 2454):[14] 108 = I,7+ I,8+ I,10+I,11; 109 = I,14; 110 = I,15; 111 = II,4; 112 = II,5; 113 = II,6; 114 = II,7; 115 = II,9; 116 = II,11; 117 = II,12; 118 = II,13; 119 = II,15; 120 = II,16; 121 = II,18; 122 = II,20; 123 = II,35; 124 = II,39. მოკლე რედაქციაში ეს სენტენციები არ აღმოჩნდა.
ტრაქტატი, როგორც სათაურიდანვე ჩანს, მონაზვნებისადმი განკუთვნილი რჩევებისგან შედგება, ბერძნულ ხელნაწერთა უმრავლესობა მას წმ. ნილოს სინელს მიაწერს. ცნობილია ნაშრომის მოკლე (33 შეგონება) [PG 79, col. 1235-1240] და ვრცელი (58 შეგონება) რედაქციები [Muyldermans 1938: 198-204].
ვრცელი ვერსია ევაგრე პონტოელის სახელით შეტანილია ევაგრეს შრომათა ორ მთავარ ბერძნულ კრებულში – Protaton 26 (X ს., 108v-113v) და Lavra Γ 93 (XI ს., 304v-307r) [SC 170: 173, 181-182]. ამ ხელნაწერ-კრებულებში თხზულება წარმოდგენილია ორ ნაწილად, პირველი 16 გამონათქვამისგან შედგება, ხოლო მეორე – 42-ისგან [Sinkewicz, 2003: 217-223]. ვრცელი რედაქციის სირიული თარგმანი ევაგრეს ავტორობით არის ცნობილი [Muyldermans, 1952: 61-62].
ამდენად, ფსევდობასილის თხზულების („სწავლანი ლოცვისათჳს“) ვრცელი ვერსია თითქმის მთლიანად ევაგრე პონტოელის შრომებიდან არის გამოკრებილი. მასში 76-ე შეგონებად ჩართულია მაკარი დიდის 25-ე ჰომილიის ფრაგმენტი [PG 34, col. 672 C 3 – 673 D 11], ხოლო ევაგრეს სენტენციებს ამთავრებს ორი გამონათქვამი (სწ. 125, 126) ნეტარი თეოდორიტეს შრომებიდან – „ფილოთეონ ისტორია“ (პროლოგის მეექვსე პარაგრაფი) [SC 234: 132-134, 6.5-17; PG 82, col. 1288 C 9 – D 8] და „საღვთო სიყვარული შესახებ“ [SC 257: 254-314; PG 82, col. 1497-1522]. სამივე შრომა შეტანილია ევაგრე პონტოელის თხზულებათა ათონურ კრებულებში – Protaton 26 (X ს.) და Lavra Γ 93 (XI ს.).[15]
ორივე ბერძნულ ნუსხაში მაკარი ეგვიპტელის 25-ე ჰომილია მოსდევს ტრაქტატს „ვნებათა და გულისზრახვათა გარჩევის შესახებ“ და მისივე შემადგენელ ნაწილად მიიჩნეოდა. რაც შეეხება თეოდორიტეს ორ შრომას, ზემოხსენებულ ბერძნულ ნუსხებში განსხვავებული სურათია: Protaton 26-ში თეოდორიტე კვირელის შრომები ევაგრეს სწავლათა შემდეგაა (127v-330r) და ამ ხელნაწერის მეორე ნაწილს მოიცავს [SC 170: 174]. Lavra Γ 93-ში თეოდორიტეს თხზულებანი დასაწყისშია, როგორც ხელნაწერის პირველი ნაწილი (1r-114v), ხოლო ევაგრეს შრომები მის ბოლო, მეოთხე ნაწილს წარმოადგენს (226r-315v) [SC 170: 177-182].[16]
როგორც ითქვა, ათონური წარმოშობის ორივე ბერძნულ კრებულში ევაგრეს შრომები ავტორისვე სახელით არის შეტანილი და სხვა საეკლესიო მწერლებს არ მიეწერება. ორივე ნუსხაში ევაგრეს შემოქმედება იწყება „პრაქტიკოსით“ და სრულდება „რვა გულისზრახვის შესახებ“ სწავლით. ფსევდობასილის თხზულების შესაქმნელად ექვთიმეს მიერ გამოყენებული ექვსი ნაშრომი აღნიშნულ ბერძნულ კრებულებშიც დასტურდება, მათი თანმიმდევრობაც კი თანხვდება ერთმანეთს. ამ ბერძნულ ნუსხებში არაა მხოლოდ „სწავლანის“ პირველი ორი თხზულება – „ლოცვის შესახებ“ (სწ. 1-44) და „შეგონებითი თავები“ (სწ. 45).[17]
აღნიშნული მონაცემებიდან გამომდინარე, ვფიქრობთ, რომ ექვთიმე ათონელს ფსევდობასილის თხზულების შექმნისას სწორედ Protaton 26-ის მსგავსი შედგენილობის ბერძნული ხელნაწერი ჰქონდა ხელთ. სწორედ ამიტომ ექვთიმემ ევაგრეს შრომებიდან გამოკრებილ სენტენციებს ნეტარი თეოდორიტეს შეგონებებიც დაურთო. მაკარი დიდის 25-ე ჰომილია კი, როგორც ითქვა, ათონურ ნუსხებში ევაგრეს თხზულებათა შორისაა და არცაა გასაკვირი, თუკი მისი ფრაგმენტი ზემოაღნიშნულ ტექსტში („ვნებათა და გულისზრახვათა გარჩევის შესახებ“) ჩართული აღმოჩნდა. ამდენად, ექვთიმემ ჯერ თხზულების მოკლე რედაქცია („ლოცვისათჳს“) შექმნა, ხოლო შემდეგ – ვრცელი („სწავლანი ლოცვისათჳს“), ორივე ვერსია კი წმ. ბასილი კესარიელს მიაწერა. ამგვარად, ევაგრეს მიმართ გაჩენილი უნდობლობა წმიდა მამის სახელით გადაიფარა, რათა სულიერი სარგებელი ევაგრე პონტოელის შემოქმედებიდანაც მიეღო მკითხველს.
2. „სწავლაჲ მისივე, წმიდისა მამისა ჩუენისა ბასილისი“ [ხუნდაძე, 2004: 16-19; ტყებუჩავა, 2021ბ: 320-334]. ტექსტი ბასილი დიდის უსათაურო „სწავლათა“ შორის იმავე ხელნაწერებში ფიქსირდება (A-1101, 132v-134r; Jer.Geo.14, 340v-342v), რომლებშიც ფსევდობასილის „სწავლანი ლოცვისათჳს“ არის შეტანილი. ესაა აპოფთეგმა – „კელიაში მოღვაწეობის შესახებ“, რომელიც ევაგრეს „სამონაზვნო განწესების“ (Rerum monachalium rationes: CPG 2441) მე-9 თავს წარმოადგენს. აღნიშნული შეგონება შეტანილია Apophthegmata Patrum-ის ორივე კოლექციაში (ანბანურ-ანონიმური და სისტემატური). იგივე აპოფთეგმა ამონა მონაზონის (ნიტრიელი) სახელით სისტემატური პატერიკის თეოფილე ხუცესმონაზონისეულ ქართულ თარგმანშიც გვხვდება [დვალი... 2004: 172].[18] ბერძნულ ტრადიციაში ეს ფრაგმენტი წმ. ამონას მართლაც მიეწერება [Nau, 1915: 486-487].
ზემოთ ვაჩვენეთ, რომ ფსევდობასილის „სწავლანი ლოცვისათჳს“ ევაგრეს „სამონაზვნო განწესების“ რამდენიმე თავსაც შეიცავს (2+3, 6, 11), თუმცა მათ შორის არაა დასახელებული პარაგრაფი. როგორც ჩანს, ექვთიმე ათონელმა ეს მე-9 თავი განსაკუთრებულად გამოარჩია და დამოუკიდებელი ნაშრომის სახე მისცა. ტექსტი დედანთან მიმართებით გავრცობილია, კერძოდ, ორ ადგილას ჩართული აქვს შეგონებები „უფლის მეორედ მოსვლის შესახებ“, რომელთა იდენტიფიკაციაც დაუდგენელი რჩება [ტყებუჩავა, 2021ბ: 324-325].
წმ. მაქსიმე აღმსარებლის სახელით ექვთიმე ათონელის მიერ თარგმნილია:
1. „სწავლანი სულიერნი წმიდისა მაქსიმე აღმსარებელისანი“ [წმ. მაქსიმე აღმსარებელი, 2006: 3-36; სამასეული, 2018: 59-100]. ფსევდომაქსიმეს „სწავლანი სულიერნი“ 100 შეგონებისაგან შედგება (A-146, XIV ს., 65r-89v).[19] როგორც გავარკვიეთ, აღნიშნული „სწავლანის“ ძირითადი ნაწილი (სწ. 9, 37-100) აღებულია გნომური თხზულებიდან, რომელსაც „შეგონებითი თავები“ (Capita Paraenetica: CPG 6583a) ეწოდება [PG 79, col. 1252 B – 1261 C]. ტექსტი ბერძნულ ხელნაწერულ ტრადიციაში წმ. ნილოს სინელისა და წმ. ევსუქი იერუსალიმელის სახელით არის გავრცელებული,[20] თუმცა სტილით ევაგრე პონტოელის შრომებს ჰგავს. პატროლოგია გრეკაში ნილოს სინელის ავტორობით გამოქვეყნებული ტექსტი 139 გნომისაგან შედგება [PG 79, col. 1249 C – 1261 C]. საგულისხმოა ის ფაქტი, რომ მათგან 1-24 სენტენცია [PG 79, col. 1249 C – 1252 B 3] ბერძნული ანბანის რიგითაა მოტანილი. აღნიშნული მონაკვეთი (სწ. 1-24) ცალკე ევაგრეს სახელითაც გამოვლინდა (Capita Paraenetica: CPG 2443) [Elter, 1892: LII], რაც გვაფიქრებინებს, რომ „შეგონებითი თავების“ რეალური ავტორი, შესაძლოა, ევაგრე პონტოელი იყოს. ამას გარდა, როგორც ზემოთ ითქვა, ფსევდობასილის თხზულების – „სწავლანი ლოცვისათჳს“ – 45-ე მუხლი სწორედ „შეგონებითი თავებიდან“ აღებული სამი გნომის (25, 26, 31) სინთეზს წარმოადგენს. ფსევდობასილის ტექსტში, რომელიც ევაგრეს შრომათა კომპენდიუმს წარმოადგენს, ექვთიმეს მიერ ამ გამონათქვამების შეტანა, ვფიქრობთ, თხზულების ავტორად ევაგრე პონტოელის მისაჩნევად დამატებითი არგუმენტია [ტყებუჩავა, 2022: 199-202].
ფსევდომაქსიმეს „სწავლანში“ „შეგონებითი თავები“ გამოკრებით არის თარგმნილი და თითოეული სენტენცია, თავის მხრივ, გავრცობილია კომენტარებით. ამგვარად, მაქსიმე აღმსარებლის სახელით „შეგონებითი თავებიდან“ ექვთიმე ათონელის მიერ თარგმნილია 69 გნომი (ქართ.=ბერძ.):[21] 37 = 25; 38 = 26; 39 = 28; 40 = 29; 41 = 31; 42 = 32; 43 = 33; 44 = 34; 45 = 35; 46 = 38+39; 47 = 41; 48 = 42; 49 = 43; 50 = 46; 51 = 47; 52 = 48; 53 = 49; 54 = 53; 55 = 54; 56 = 55+56; 9 = 57; 57 = 58; 58 = 59; 59 = 60; 60 = 61; 61 = 62; 62 = 63; 63 = 64; 64 = 67; 65 = 69; 66 = 70; 67 = 74; 68 = 71; 69 = 76; 70 = 77; 71 = 78; 72 = 79; 73 = 80; 74 = 81; 75 = 82; 76 = 83; 77 = 85; 78 = 86; 79 = 134; 80 = 135+136; 81 = 93; 82 = 94; 83 = 95; 84 = 96; 85 = 97; 86 = 99; 87 = 100; 88 = 101; 89 = 103; 90 = 104; 91 = 106; 92 = 107; 93 = 108; 94 = 110; 95 = 111; 96 = 112; 97 = 115; 98 = 118; 99 = 128+129; 100 = 137 [ტყებუჩავა, 2022: 198-219].
2. „წმიდისა და ნეტარისა მამისა ჩუენისა მაქსიმე აღმსარებელისაჲ სიტყჳსგებისათჳს ვნებათაჲსა, მიწერილი მამისა თალასეს მიმართ“ [კოჭლამაზაშვილი, 2019]. ფსევდომაქსიმეს „სიტყჳსგებისათჳს ვნებათაჲსა“ ევაგრე პონტოელის ორი ნაშრომის, „ანტირეტიკოსისა“ (Antirrheticus: CPG 2434) და „რვა გულისზრახვის შესახებ“ (ანდა „ბოროტების რვა სულის შესახებ“), სწავლის (De octo spiritibus malitiae: CPG 2451) სინთეზია [ტყებუჩავა, 2019: 127-138; კოჭლამაზაშვილი, 2019: 9-68]. ევაგრე პონტოელის ორივე ნაშრომი, რვა მთავარი ვნების შესაბამისად, რვა-რვა თავისაგან შედგება, ანალოგიურად „სიტყჳსგებისათჳს ვნებათაჲსაც“ რვა ნაწილად იყოფა, წინ შესავალი-ეპისტოლე უძღვის. ტექსტის თითოეული თავი ევაგრეს ორივე ნაშრომს აერთიანებს, ჯერ „რვა გულისზრახვის შესახებ“ სწავლიდან არის მოტანილი შესაბამისი მონაკვეთი, ხოლო შემდეგ – „ანტირეტიკოსიდან“. მაგალითად, პირველ თავში – „ნაყროვანებისათჳს“ – ჯერ „ნაყროვანების შესახებ“ შეგონებაა, ხოლო შემდეგ – ამავე ვნების მამხილებელი ბიბლიური ციტირებები „ანტირეტიკოსიდან“. ამგვარი ფორმა აქვს რვა მთავარი ვნების აღსაკვეთად შედგენილ თითოეულ თავს.
„რვა გულისზრახვის შესახებ“ ბერძნულად ორი რედაქციითაა ცნობილი – ვრცელი (B) [Muyldermans, 1939: 235-274; Sinkewicz, 2003: 294-299] და მოკლე (A) [PG 79, col. 1145-1164]. ბერძნულ ხელნაწერთა უმრავლესობა ნაშრომს ნილოს სინელს მიაწერს, ევაგრეს ავტორობა მხოლოდ ორ ათონურ ხელნაწერში დასტურდება – Protaton 26 (X ს., 115r-127r) და Lavra Γ 93 (XI ს., 308r-315v) [SC 170: 166-182]. როგორც ითქვა, ტრაქტატის ორი თავი („ნაყროვნებისა და სიძვის შესახებ“) ქართულად ადრევე იყო თარგმნილი (O/Sin.geo.35, 27r-29r; 37r-39r) [მახარაშვილი, 1984: 22-24, 36-38]. ექვთიმესეულ თარგმანში ტექსტი სრული სახით არის წარმოდგენილი, იგი რედაქციულად ვრცელ (B) ვერსიას მისდევს. როგორც გავარკვიეთ, ექვთიმეს ტექსტთან განსაკუთებულ ვარიანტულ სიახლოვეს ავლენს ათონური ნუსხა – Lavra Γ 93 [ტყებუჩავა, 2020ა: 183-264].
„ანტირეტიკოსი“ მხოლოდ სომხური [Sarghisean, 1907: 217-323] და სირიული [Frankenberg, 1912: 472-545] თარგმანებით იყო ცნობილი, მისი ბერძნული ორიგინალი დაკარგულია.[22] ნაშრომის ექვთიმესეული თარგმანი რედაქციულად აშკარად განსხვავდება სომხურ-სირიული ვერსიებისგან. სომხური და სირიული ერთმანეთთან ახლოს მდგომი რედაქციები ჩანს. სომხური თარგმანი სიტყვისგებითი თავების რაოდენობით უფრო სრულია და უფრო ახლოსაც უნდა იდგეს დაკარგულ დედანთან [ტყებუჩავა, 2020ბ: 165-196].
„სიტყჳსგებისათჳს ვნებათაჲსა“ ევაგრეს ე. წ. მე-4 ეპისტოლეთი [Frankenberg, 1912: 568-569; Guillaumont, 1987: 219-220] იწყება, რომელიც სწორედ „ანტირეტიკოსის“ ადრესატს, ვინმე ლუკიოსს, მიემართება [Brakke, 2009: 1]. ეპისტოლეს ექვთიმესეულ თარგმანს მეოთხე პარაგრაფი მთლიანად აკლია, ხოლო მის ნაცვლად ჩართულია წმ. თეოდორე სტუდიელის 56-ე კატეხიზისის (Catechesis LVI) ფრაგმენტი [Auvray, 1891: 202,21-203,42]. იგივე ინტერპოლაცია „წმ. თეოდორე ედესელის ცხოვრებაშიც“ (BHG 1744) გამოვლინდა [ტყებუჩავა, 2021ა: 333-340].[23] აღნიშნულ ეპისტოლეს „ანტირეტიკოსის“ წინასიტყვა მოსდევს და ამგვარად ნაშრომისთვის ერთგვარი შესავალია შექმნილი [ტყებუჩავა, 2019: 132-133; ტყებუჩავა, 2021ა: 325-351].[24]
ამდენად, როგორც ვხედავთ, ძველ ქართულ მწერლობაში ევაგრე პონტოელის შემოქმედების საკმაოდ დიდი ნაწილი გამოვლინდა. ევაგრეს შრომათა ფრაგმენტები ავტორისვე სახელით მხოლოდ უძველესი თარგმანების (წინაათონური) შემცველი სინური ხელნაწერით (O/Sin.geo.35) იყო ცნობილი. როგორც გაირკვა, წმინდა მამათა ავტორობით ევაგრეს სწავლანი ქართულად შემდგომაც ითარგმნებოდა. თუკი წინაათონურ და ელინოფილურ პერიოდში მთარგმნელი ბერძნულ ხელნაწერულ ტრადიციას ეყრდნობა, ათონურ პერიოდში განსხავებული ვითარებაა. კერძოდ, წმ. ექვთიმე მთაწმიდელი ევაგრეს შრომებს წმ. მაქსიმე აღმსარებლისა და წმ. ბასილი დიდის სახელით თარგმნის. ექვთიმეს ევაგრეს სწავლებები ძირითადად გამოკრებით აქვს თარგმნილი, თუმცა ორი ნაშრომი – „ანტირეტიკოსი“ და „რვა გულისზრახვის შესახებ“ – სრული სახითაც უთარგმნია, რომელთა სინთეზის შედეგად მაქსიმე აღმსარებლის სახელით ერთი ტრაქტატი არის შედგენილი, სახელწოდებით – „სიტყჳსგებისათჳს ვნებათაჲსა“.
[1]ეს სენტენციები, A-60-ის გარდა, კიდევ ოთხ გვიანდელ ნუსხაში გვხვდება: A-67 (XVI ს.), 84r-91v; S-269 (XVII ს.), 111r-125r; H-1246 (1754 წ.), 153r-164r; ლიტ. მუზ. 24 (XVIII ს.), 25r-36v.
[2]ევაგრეს შრომა სახელწოდებით „გნოსტიკური თავები“ (Kephalaia Gnostica) ცნობილი ტრილოგიის „სამონაზვნოს“ (Monachicos) მესამე ნაწილს წარმოადგენს. იგი ორიგინალში მხოლოდ ფრაგმენტებითაა შემორჩენილი, მათგან ყველაზე ვრცელი ფრაგმენტი კი სწორედ მაქსიმე აღმსარებელს მიეწერება [Сидоров, 1994: 16]. „გნოსტიკური თავები“ სრულად სირიული [Frankenberg, 1912: 48-423; Guillaumont, 1958] და სომხური [Sarghisean, 1907: 143-207] თარგმანებით არის ცნობილი [Quasten, 1986: 174].
[3]ე. კოჭლამაზაშვილს ადრევე ჰქონდა აღნიშნული, რომ ევაგრე პონტოელის „ლოცვის შესახებ“ ტრაქტატიდან მრავალი ფრაზა ჩართული იყო ფსევდობასილის თხზულებაში [კოჭლამაზაშვილი, 2019: 140].
[4]ფსევდობასილის „სწავლანს“ დეტალურად ცალკე სტატიაში შევისწავლით.
[5]ბერძნული ტექსტის ნუმერაციას ვუთითებთ SC 589-ის მიხედვით.
[6]ბერძნული ტექსტის ნუმერაციას ვუთითებთ SC 171-ის მიხედვით.
[7]„სამონაზვნო“ (Monachicos): ა) „პრაქტიკოსი“ (Practicus: CPG 2430), ბ) „გნოსტიკოსი“ (Gnosticus: CPG 2431), გ) „გნოსტიკური თავები“ (Kephalaia Gnostica: CPG 2432).
[8]PG-ში გამოქვეყნებულია ფრაგმენტულად: PG 40, 1220C-1236C (1-5, 15-42, 50-53, 63-90); PG 40, 1244B-1252C (29, 31, 43-49, 54-62, 91-100); PG 40, 1272A-1276B (6-14).
[9]ბერძნული ტექსტის ნუმერაციას ვუთითებთ SC 438-ის მიხედვით.
[10]სულ ჩართულია ცხრა ფრაგმენტი [PG 40, col. 1236C-1244B]: 63=3; 64=22; 65=31; 66=33; 67=34; 68=36; 69=38; 70=39; 71=40.
[11]ბერძნული ტექსტის ნუმერაციას ვუთითებთ SC 591-ის მიხედვით.
[12]ნაშრომის ბერძნული ვერსიები 1931 წელს გამოაქვეყნა ჟ. მიულდერმანსმა. მკვლევარმა პირველ სტატიაში გამოსცა Skemmata-ს ბერძნული ტექსტი Codex Barberini gr. 515-ის მიხედვით, რომელიც 67 შეგონებისაგან შედგება. იქვე გამოაქვეყნა ლათინური (59 გნომი) და სომხური (18 გნომი) თარგმანები [Muyldermans, 1931: 37-68]. მეორე სტატიაში მეცნიერმა ნაშრომის ორიგინალი Codex Parisiensis gr. 913-ის (X ს.) მიხედვით გამოსცა, იგი 62 გამონათქვამისგან შედგება და შეიცავს პირველი ვერსიის 49 შეგონებას [Muyldermans, 1931: 369-380], დანარჩენი 50-67 თავი ცნობილია ზემოხსენებული სომხური თარგმანით [Muyldermans, 1931: 65-68]. ცოტა ხანში მეცნიერმა ნაშრომის სირიული და სომხური ვერსიებიც შეისწავლა [Muyldermans, 1934: 73-106].
[13]Capita Gnostica-ს და მის დამატებას (Capita cognoscitiva) სირიულ თარგმანში თავის მხრივ ნესტორიანელი ბაბაი დიდის (569-628 წწ.) კომენტარებიც ერთვის.
[14]ბერძნული ტექსტის ნუმერაციას ვუთითებთ რ. სინკევიჩის ინგლისური თარგმანის მიხედვით [Sinkewicz, 2003: 218-223].
[15]ორივე ხელნაწერი-კრებული ევაგრე პონტოელის ერთსა და იმავე ნაშრომებს შეიცავს [SC 171: 166-182].
[16]Lavra Γ 93 (XI ს.) ოდნავ გვიანდელი და გავრცობილი კრებულია, იგი ოთხი ნაწილისაგან შედგება.
[17]აქ აღსანიშნავია, რომ ფსევდობასილის „სწავლანი“ თემატურად მსგავსია წმ. თეოდორე ედესელის (IX ს.) ასეულისა „ასკეტური თავები“ (Capita ascetica). თეოდორე ედესელის ბერძნული „ცხოვრების“ შემცველ ხელნაწერებში აღნიშნული შრომა თეოდორეს ცხოვრებას მოსდევს. იგი წმ. ნიკოდიმოს მთაწმიდელის მიერ შეტანილია ბერძნულ „ფილოკალიაში“ [Φιλοκαλία (Α΄), 1893: 182-194]. ჟ. გულიარდის მიერ გარკვეულია, რომ თეოდორეს ასეულის ძირითადი ნაწილი ევაგრე პონტოელის ექვსი ნაშრომიდან პერიფრაზულად არის გამოკრებილი [Gouillard, 1947: 143-149]. ამ ორ სწავლათა შორის მსგავსებას დეტალურად ცალკე შევისწავლით, ამჯერად მხოლოდ აღვნიშნავთ, რომ თეოდორე ედესელის „ასკეტურ თავებში“ გამოვლენილი ექვსი შრომიდან ხუთი ფსევდობასილის „სწავლანშიც“ ფიქსირდება („პრაქტიკოსი“, „სამონაზვნო განწესება“, „ვნებათა და გულისზრახვათა გარჩევის შესახებ“, „ევლოგის მიმართ“, „შეგონებები მონაზვნებს“). ამასთან, ორივე თხზულებაში ჩართულია ინტერპოლაცია წმ. მაკარი ეგვიპტელის 25-ე ჰომილიიდან, თეოდორეს ასეულში (სწ. 68-69) – პერიფრაზი ქადაგების 1-3 პარაგრაფიდან, ხოლო ფსევდობასილის „სწავლანში“ (სწ. 76) – 7-10 პარაგრაფი (ჰომილიის ბოლო ნაწილი).
[18]ანბანურ პატერიკში ევაგრეს გამონათქვამები სწორედ ამ შეგონებით იწყება [PG 65, col. 173-176], ხოლო სისტემატური კოლექციის III თავში (De Compunctione – „სინანულის შესახებ“) ევაგრეს აპოფთეგმა ამონა მონაზონის (IV ს.) სწავლას მოსდევს [PL 73, col. 860-861]. სისტემატური პატერიკის ზოგიერთ ბერძნულ ნუსხაში იგი ორ ნაწილად იყოფა, სადაც საწყისი მონაკვეთი წმ. ანტონი დიდს მიეწერება, ხოლო მეორე ნახევარი – ვინმე თეოდორეს, ამგვარი სახითვეა გამოქვეყნებული ბერძნული ტექსტის კრიტიკულ გამოცემაში [SC 387: 148-150].
[19]ტექსტის ხელნაწერული დაცულობისთვის იხ.: გაბიძაშვილი, 2009: 227-228 (N 714).
[20]როგორც ზემოთ ითქვა, თხზულება ეფრემ მცირის მიერ თარგმნილია ნილოს სინელის სახელით: „ღნომნი სწავლითნი სარგებელად სულისა“ [ჭყონია, 1963: 103-121].
[21]ბერძნული ტექსტის ნუმერაციას ვუთითებთ ჟ. პ. მინის გამოცემის მიხედვით [PG 79, col. 1249 C – 1261 C].
[22]ნაშრომის ფრაგმენტები შემორჩენილია უძველესი სოგდიური თარგმანითაც [Sims-Williams, 1985: 168-182].
[23]„წმ. თეოდორე ედესელის ცხოვრება“ ბერძნულად ექვთიმე ათონელის შედგენილად მიგვაჩნია, ისევე როგორც თეოდორეს „ასკეტური თავები“ (Capita ascetica). საკითხს ვიკვლევთ ნანა ჩიკვატიასთან ერთად.
[24]ევაგრეს მე-4 ეპისტოლეს ექვთიმესეულ თარგმანს „ლე-მუზეონის“ 2022 წლის ნომერში (3-4) საგანგებო წერილი მიუძღვნეს ცნობილმა ფრანგმა მეცნიერებმა, ბერნარ უტიემ და პოლ გეჰინმა. მკვლევართა მიერ განხილულია ევაგრეს ეპისტოლე და მასში ჩართული თეოდორე სტუდიელის კატეხიზისი [Outtier… 2022: 393-416]. ამავე საკითხზე ვმსჯელობთ ჩვენც ზემომითითებულ წერილში, რომელიც საეკლესიო-სამეცნიერო კრებულ „გრაგნილის“ (თბილისის სასულიერო აკადემია) 2021 წლის ნომერში (VIII) გამოქვეყნდა [ტყებუჩავა, 2021ა: 325-351].
კვლევა განხორციელდა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით (PHDF-19-438, წმინდა მაქსიმე აღმსარებლის სახელით ცნობილი ასკეტური ძეგლი „სიტყჳსგებისათჳს ვნებათაჲსა“ და მისი ექვთიმე ათონელისეული თარგმანი).
ლიტერატურა
გაბიძაშვილი ე. 2009 |
ჰომილეტიკა, ძველი ქართული მწერლობის ნათარგმნი ძეგლები, ბიბლიოგრაფია, 3, თბილისი. |
დვალი მ., ჩიტუნაშვილი დ. 2014 |
თეოფილე ხუცესმონაზონი, მამათა სწავლანი და თხრობანი, შუა საუკუნეთა ნოველების ძველი ქართული თარგმანები, ტომი III, თბილისი. |
კეკელიძე კ. 1960 |
მეოთხე საუკუნის საზღვარგარეთელი ქართველი მოაზროვნე და მოღვაწე, ეტიუდები ძველი ქართული ლიტერატურის ისტორიიდან, VI, თბილისი. გვ. 5-17. |
კოჭლამაზაშვილი ე. 2017 |
წმ. ნილოს სინელის სახელით წარწერილი სწავლანი ლოცვისათვის და მისი ძველი ქართული თარგმანი, ქრისტიანულ-არქეოლოგიური ძიებანი, IX. გვ. 192-230. |
კოჭლამაზაშვილი ე. 2019 |
ევაგრე პონტოელის Antirrhetikos-ის ძველი ქართული თარგმანი, პატრისტიკული კვლევა საქართველოში, IV, თბილისი. |
კოჭლამაზაშვილი ე. 2022 |
ევაგრე პონტოელის De Oratione-ს ძველი ქართული ვერსიები, პატრისტიკული კვლევა საქართველოში, VI, თბილისი. |
ლოლაშვილი ი. 1978 |
ქართველთა კულტურული ურთიერთობა ბიზანტიასთან (IV ს.), ქართული წიგნისა და მწერლობის საწყისებთან, თბილისი. |
წმ. მაქსიმე აღმსარებელი 2006 |
სწავლანი სულიერნი, თბილისი. |
მახარაშვილი ს. 1984 |
ევაგრე პონტოელის ცხოვრება-მოღვაწეობა და მის თხზულებათა ქართული თარგმანი, ძველი ქართული მწერლობის მატიანე, I, თბილისი. გვ. 3-39. |
სამასეული 2018 |
ქართული სასულიერო მწერლობა, წიგნი III, ტექსტი გამოსაცემად მოამზადეს: გიორგი კალანდაძემ, მიხეილ ქავთარიამ, გამომცემლობა „მთაწმინდა“. |
ტყებუჩავა ლ. 2019 |
წმინდა მაქსიმე აღმსარებლის სახელით ცნობილი ასკეტური ძეგლი „სიტყჳსგებისათჳს ვნებათაჲსა“ და მისი ექვთიმე ათონელისეული თარგმანი, მრავალთავი, ფილოლოგიურ-ისტორიული ძიებანი, 26. გვ. 127-138. |
ტყებუჩავა ლ. 2020ა |
ევაგრე პონტოელის შრომა „ბოროტების რვა სულის შესახებ“ და მისი წმ. ექვთიმე ათონელისეული თარგმანი, საღვთისმეტყველო-სამეცნიერო შრომები, X-XI. გვ. 183-264. |
ტყებუჩავა ლ. 2020ბ |
ევაგრე პონტოელის „ანტირეტიკოსი“ და მისი წმ. ექვთიმე ათონელისეული თარგმანი, გრაგნილი, საეკლესიო-სამეცნიერო კრებული, VII. გვ. 165-196. |
ტყებუჩავა ლ. 2021ა |
ევაგრე პონტოელის მე-4 ეპისტოლე და მისი წმ. ექვთიმე ათონელისეული თარგმანი, გრაგნილი, საეკლესიო-სამეცნიერო კრებული, VIII. გვ. 325-351. |
ტყებუჩავა ლ. 2021ბ |
ევაგრე პონტოელის აპოფთეგმის ექვთიმე ათონელისეული თარგმანი, ენრიკო გაბიძაშვილი 90. 320-334. |
ტყებუჩავა ლ. 2022 |
წმ. ექვთიმე ათონელის მიერ თარგმნილი კომპილაციური შრომა „სწავლანი სულიერნი წმიდისა მაქსიმე აღმსარებელისანი", გრაგნილი, საეკლესიო-სამეცნიერო კრებული, IX. გვ. 191-224. |
უტიე ბ. 2003 |
ფსევდო-ნილოსის ლოცვისათვის, არაბულიდან ქართულად ძველი ნათარგმნი თავები. კონსტანტინე წერეთელი 80, საიუბილეო კრებული. გვ. 198-200. |
ქაჯაია ნ. 1992 |
ბასილი კესარიელის თხზულებათა ძველი ქართული თარგმანები, თბილისი. |
ყაუხჩიშვილი ს. 1967 |
გეორგიკა, ბიზანტიელი მწერლების ცნობები საქართველოს შესახებ, ტომი მეშვიდე, თბილისი. |
ჩიხორლიშვილი დ. 2015 |
წმიდისა და ღმერთშემოსილისა მამისა ჩუენისა ბასილისნი სწავლანი ლოცვისათჳს და სხუათა თითოსახეთა სათნოებათათჳს საცხორებელად სულისა, გრაგნილი, საეკლესიო-სამეცნიერო კრებული, III. გვ. 9-62. |
ჭყონია თ. 1963 |
ერთი ძეგლი გნომური ლიტერატურისა, ხელნაწერთა ინსტიტუტის მოამბე, V. გვ. 103-121. |
ხუნდაძე ლ. 2004 |
წმიდა ბასილი დიდი, სწავლანი, თბილისი. |
Auvray, E. 1891 |
Sancti Patris Nostri et Confessoris Theodori Studitis Praepositi Parva Catechesis. Paris. |
Brakke, D. 2009 |
Evagrius of Pontus, Talking Back, A Monastic Handbook for Combating Demons. Collegeville, Minnesota. |
CPG |
Clavis Patrum Graecorum, vol. II (Ab Athanasio ad Chrysostomum), III (A Cyrillo Alexandrino ad Iohannem Damascenum), ed. M. Geerard, Brepols – Turnhout, 1974, 1979. |
Elter, A. 1892 |
Gnomica I, Sexti Pythagorici, Clitarchi, Euagrii Pontici sententiae, Lipsiae. |
Frankenberg, W. 1912 |
Euagrius Ponticus, Abhandlungen der königlichen Gesellschaft der Wissenschaften zu Göttingen, Philologisch-historische Klasse, Berlin. |
Garitte, G. 1956 |
Catalogue des manuscrits géorgiens littéraires du Mont Sinaï. Corpus christianorum orientalium, 165, Subsidia Tome 9, Louvain. |
Gouillard, J. 1947 |
L'oeuvre de saint Théodore d'Édesse, Revue des études byzantines, tome 5. pp. 137-157. |
Guillaumont, A. 1958 |
Les Six Centuries des “Kephalaia Gnostica” d'Evagre le Pontique, édition critique de la version syriaque commune et édition d'une nouvelle version syriaque, intégrale, avec une double traduction française, dans Patrologia Orientalis, t. XXVIII, fasc. I, Paris. |
Guillaumont C. 1987 |
Fragments grecs inédits d’Evagre le Pontique. Texte und Untersuchungen zur Geschichte der altchristlichen Literatur 133, ed. Jürgen Dummer (Berlin: Akademie). pp. 209-221. |
Harmless, W. & Fitzgerald, R. 2001 |
The sapphire light of the mind: The 'Skemmata' of Evagrius Ponticus (So-called "reflections" on early Christian mystical theology), Theological Studies 62. pp. 498-529. |
Hausherr, I. 1939 |
Nouveaux fragments grecs d'Évagre le Pontique. Orientalia Christiana Periodica, vol. 5. pp. 229-233. |
Muyldermans, J. 1931 |
Evagriana, Le Muséon, Revue d'Études Orientales 44. pp. 37-68; 369-383. |
Muyldermans, J. 1932 |
À Travers la Tradition Manuscrite d’ Èvagre le Pontique, Essai sur les manuscrits grecs conservés a la bibliothèque nationale de Paris, Bibliothèque du Muséon 3, Louvain. |
Muyldermans, J. 1934 |
'Evagre le Pontique. Les Capita cognoscitiva dans les versions syriaque et arménienne', Le Muséon, Revue d'Études Orientales 47. pp. 73-106. |
Muyldermans, J. 1938 |
Evagriana, Le Vatic. Barb. Graecus 5I5, Le Muséon, Revue d'Études Orientales 51. pp. 191-226. |
Muyldermans, J. 1939 |
“Une nouvelle recension du De octo spiritibus malitiae de S. Nil”, Le Muséon, Revue d'Études Orientales 52. pp. 235-74. |
Muyldermans, J. 1952 |
Evagriana Syriaca. Textes inedits du British Museum et de la Vaticane, Bibliotheque du Museon, 31 (Louvain: Publications Universitaires). |
Nau, F. 1915 |
Ammonas successeur de saint Antoine, Textes grecs et syriaques, Patrologia Orientalis, XI, Fasc. 4, Paris. |
Outtier, B. & Géhin P. 2022 |
L'importante découverte de deux traités d'Évagre le Pontique sous le nom de Maxime le Confesseur en géorgien, Le Muséon, Revue d'Études Orientales 134 (3-4). pp. 393-416. |
Peterson, E. 1933 |
Irrige Zuweisungen asketischer Texte. Zeitschrift für katholische Theologie, Vol. 57, No. 2. pp. 271-274. |
PG |
Patrologiae cursus completus, Series Graeca, accurante et recognoscente J. P. Migne, Paris, 1857-1866. |
PL |
Patrologiae cursus completus, Series Latina, accurante et recognoscente J. P. Migne, Paris, 1844-1880. |
Quasten, J. 1986 |
Patrology, vol. III, The Golden Age of Greek Patristic Literature, Westminster. |
Sarghisean, P. B. 1907 |
The Life da Works of the Holy Father Evagrius Ponticus in an Armenian Version of the Fifth Century with Introduction and Notes (in Armenian), Venice. |
SC 170 |
Sources chrétiennes 170, Évagre le Pontique, Traité pratique ou le moine. tome I, Introduction par Antoine Guillaumont et Claire Guillaumont, Paris, 1971. |
SC 171 |
Sources chrétiennes 171, Évagre le Pontique, Traité pratique ou le moine. tome II, Édition critique du texte grec, Traduction, Commentaire et tables par Antoine Guillaumont et Claire Guillaumont, Paris, 1971. |
SC 234 |
Sources Chrétiennes 234, Théodoret de Cyr, Histoire des moines de Syrie, “Histoire Philothée” I-XIII. tome I, Introduction, Texte critique, Traduction, Notes par Pierre Canivet et Alice Leroy-molinghen, Paris, 1977. |
SC 257 |
Sources Chrétiennes 257, Théodoret de Cyr, Histoire des moines de Syrie, “Histoire Philothée” XIV-XXX, Traité sur la Charité (XXXI). Tome II, Texte critique, Traduction, Notes, Index par Pierre Canivet et Alice Leroy-molinghen, Paris, 1979. |
SC 387 |
Sources Chrétiennes, N° 387, Les Apophtegmes des Pères, Collection Systématique, Chapitres I-IX. Introduction, texte critique, traduction et notes par Jean-Claude Guy, Paris, 1993. |
SC 438 |
Sources Chrétiennes 438, Évagre le Pontique, Sur les pensées. Edition du texte grec, Introduction, traduction, Notes et Index par Paul Géhin, Claire Guillaumont et Antoine Guillaumont, Paris, 1998. |
SC 589 |
Sources Chrétiennes 589, Evagre le Pontique, Chapitres sur la priere. Edition du texte grec, Introduction, traduction, Notes et Index par Paul Géhin, Paris, 2017. |
SC 591 |
Sources Chrétiennes 591, Evagre le Pontique, A Euloge; Les vices opposes aux vertus. Introduction, Texte critique, Traduction et Notes par Charles-Antoine Fogielman, Paris, 2017. |
Sims-Williams, N. 1985 |
The Christian Sogdian Manuscript C2, Schriften zur Geschichte und Kultur des alten Orients, Berliner Turfautexte 12 (Berlin, 1985). pp. 168-182. |
Sinkewicz, R. 2003 |
Evagrius of Pontus, The Greek Ascetic Corpus, Translation, Introduction and Commentary by Robert E. Sinkewicz, Oxford. |
Φιλοκαλία (Α΄) 1893 |
Φιλοκαλία των Ιερών Νηπτικών. Τόμος Πρώτος (Α΄). Συνερανισθείσα παρά των Αγίων και Θεοφόρων Πατέρων ημών εν η διά της κατά την πράξιν και θεωρίαν ηθικής φιλοσοφίας ο νους καθαίρεται, φωτίζεται, και τελειούται και εις ην προσετέθησαν τα εκ της εν Βενετία εκδόσεως ελλείποντα κεφάλαια του μακαρίου Πατριάρχου Καλλίστου. Εκδιδομένη υπό Παναγιώτου Αθ. Τζελάτη, Εκ του Τυπογραφείου Παρασκευά Λεώνη, Εν Αθήναις. |
Сидоров А. И. 1994 |
Творения Аввы Евагрия, Аскетические и богословские трактаты. |
Епифанович С. Л. 1917 |
Материалы к изучению жизни и творений преподобного Максима Исповедника, Киев |