ზოია ფირზადის პერსონაჟი იდენტობის ძიებაში

DOI: 10.55804/jtsuSPEKALI-17-9

 

სპარსულ ლიტერატურაში, კულტურაში, ხელოვნებასა და ინტელექტუალურ არეალში  ქალის როლზე მსჯელობა XIX საუკუნის ბოლოსა და XX საუკუნის დასაწყისში დაიწყო. ფემინისტურმა იდეებმა ირანში, ისევე როგორც მთელ აღმოსავლეთში, დასავლეთიდან შეაღწია. ამ პროცესში კი დიდი როლი, თავის მხრივ, საზღვრების გახსნამ, დასავლური ფასეულობების გავრცელებამ და ქვეყნის შიგნით საზოგადოებრივმა დაკვეთამ შეასრულა.

1910-1941 წლებში ირანში – ძირითადად ფარულად – მრავალი ორგანიზაცია დაარსდა. ფარულად იქმნებოდა ქალთა ორგანიზაციებიც, რომლებიც ქალთა უფლებების გაუმჯობესებისთვის იბრძოდნენ. მსოფლიოში მიმდინარე პოლიტიკურმა პროცესებმა და ქალთა უფლებების გაუმჯობესების თვალსაზრისით საერთაშორისო ასპარეზზე მიღწეულმა ცვლილებებმა ბიძგი მისცა ირანში ფემინისტური საქმიანობის გააქტიურებას. ამ საკითხზე წერდნენ ცნობილი პოეტები ირაჯ მირზა და ფარვინ ეთესამი. მათი ფიქრის საგანს წარმოადგენდა ქალის უუფლებო და დამამცირებელი მდგომარეობა ირანში. „ირაჯ მირზა წერდა კიდეც, რომ მისი თანამედროვე ქალის მდგომარეობა მას ბნელი საუკუნეების ვითარებას აგონებდა“ [ბურჯანაძე, 2016:344].

ქალთა მოძრაობა თანდათან უფრო შესამჩნევი გახდა. ქალები, რომელთაც საზოგადოებაში ნებისმიერი მოქალაქეობრივი უფლება შეზღუდული ჰქონდათ, მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ გენდერული თანასწორობის მისაღწევად გზა ქალების განათლებაზე გადიოდა. იმავე პერიოდში დაარსდა არაერთი გამომცემლობა, რომლებიც ქალთა უფლებების დაცვის თემაზე აქტიურად მუშაობდნენ და სისტემატურად აქვეყნებდნენ სტატიებს ქალთა უფლებების გაუმჯობესების აუცილებლობის შესახებ [Sanasarian, 2005:68].

მრავალი დაბრკოლების მიუხედავად, ქალთა უფლებებისთვის ბრძოლა თანდათან გზას იკვლევდა და ძალებს იკრებდა. ეს პროცესი საზოგადოებრივი ცხოვრებიდან ლიტერატურაში პოვებდა ასახვას და, თავის მხრივ, უკუგავლენასაც ახდენდა ქვეყნის ცხოვრებაზე. ამ ლიტერატურულ პროცესში უამრავი მწერალი მონაწილეობდა. თანდათან მამაკაც მწერლებს ქალებიც შეუერთდნენ და საკუთარი სათქმელი თქვეს. ქალი მწერლების სათქმელი და ფორმა კი უფრო მკაფიო და მრავალმხრივი იყო ამ მიმართულებით, ვიდრე მამაკაცი ავტორებისა.

დღეს, როდესაც დიდი ყურადღება ეთმობა ქალის უფლებების დაცვას, მისი როლისა და ადგილის ამაღლებას საზოგადოებაში, ლიტერატურისთვის ეს საკითხები ფართო ინტერესისა და კვლევის საგანს წარმოადგენს. მეოცე საუკუნის მეორე ნახევრიდან სპარსულ ლიტერატურაში ქალი მწერლების გამოჩენამ კიდევ უფრო მეტი დამაჯერებლობა და ინდივიდუალობა შესძინა საკითხს, რადგან მათი თვალით დანახული და აღქმული ქალთა სამყარო განსხვავდება მამაკაცი მწერლების მიერ ასახული სინამდვილისგან. „ნაწარმოებებში ხშირად მამაკაცთა თვალთახედვით ვუმზერთ ქალის საკითხს და, ამდენად, ქალის სახე ნაკლებად დამაჯერებელი ჩანს“  [Abedini, 1998:1109].

ქალმა მწერლებმა თავად დაიწყეს საკუთარ პრობლემებსა და ამ პრობლემების გადაჭრის გზებზე საუბარი. ლიტერატურაში ქალების ხვედრითი წილი განსაკუთრებით ისლამური რევოლუციის შემდეგ გაიზარდა. ეს ფაქტი იმდენად თვალსაჩინო გახდა, რომ სპარსულ ლიტერატურათმცოდნეობაში გაჩნდა ტერმინი - „ქალთა ლიტერატურა“. თანამედროვე ეტაპზე ქალთა ლიტერატურის ფენომენი იმდენად საინტერესო და მრავალფეროვანია, რომ მისი არშემჩნევა შეუძლებელია.

\მწერალ ქალთა ნაწარმოებები მრავალფეროვნებით გამოირჩევა. ამბები, რომლებსაც მწერლები გადმოგვცემენ, ხშირ შემთხვევაში ასახავს მტკივნეულ და დრამატულ რეალობას. თავიანთ ნაწარმოებებში ისინი საუბრობენ ირანის პატრიარქალური საზოგადოებისთვის აქამდე ტაბუდადებულ თემებზე, რომლებიც ძალიან აქტუალური და პოპულარულია დღევანდელ მსოფლიოში. ეს საკითხებია: ოჯახური და გენდერული ურთიერთობები, ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობა, დეპრესია, ნაადრევი ქორწინებები და სხვა. ამიტომ დღითიდღე მატულობს მათი ნაწარმოებების მკითხველთა რაოდენობა.

ქალთა ლიტერატურას ხშირად, მასში დასმული საკითხების გენდერულ პრობლემებთან კავშირის გამო, ერთიანად ფემინისტურ მწერლობად მოიხსენიებენ. რა თქმა უნდა, მწერალი ქალების შემოქმედებაში ნამდვილად შესამჩნევია ფემინისტური ნაკადი, თუმცა ეს არ არის ფემინიზმი ვიწრო გაგებით, როგორც მას ხშირად თანამედროვე რეალობა განიხილავს. მათ თხზულებებში ეს მოვლენა ბევრად უფრო მრავლისმომცველი და ფართოა, ვიდრე ქალის უფლებები ან მისი საზოგადოებრივი დანიშნულების განსაზღვრა.

მწერალმა ქალებმა თავის დამკვიდრებისთვის, როგორც პირდაპირი, ისე გადატანითი მნიშვნელობით, დიდი მსხვერპლი გაიღეს. თუმცა ბოლო ათწლეულების განმავლობაში მათ შექმნეს ყველასაგან გამორჩეული, თვითმყოფადი ლიტერატურა, რომელიც განსაკუთრებულ კვალს ტოვებს არამარტო სპარსულ, არამედ, მე ვიტყოდი, მსოფლიო მწერლობაში. მათ შორის არიან სიმინ დანეშვარი, გოლი თარაყი, შაჰრნუშ ფარსიფური, მონირუ რავანიფური, მაჰშიდ ამირშაჰი, ზოია ფირზადი, ფარიბა ვაფი, პროფესიით იურისტი და ადამიანის უფლებადამცველი შირინ ებადი და სხვანი.

ჩამოთვლილ მწერალ ქალებს შორის ერთ-ერთი გამორჩეული ადგილი ზოია ფირზადს უჭირავს. ზოია ფირზადის ნაწარმოებებმა მკითხველი საზოგადოების დიდი ყურადღება მიიქცია და პოპულარული გახდა როგორც სამშობლოში, ასევე –მის ფარგლებს გარეთ. მისი წიგნების თემა, ძირითადად, ქალის ადგილის, დანიშნულებისა და იდენტობის ძიებაა ოჯახსა და საზოგადოებაში. ზ. ფირზადის ნაწარმოებების პოპულარობას ირანსა და დასავლეთის მრავალ ქვეყანაში, პირველ რიგში, სწორედ მათი ფემინისტური მახასიათებლები განაპირობებს.

მწერალი თემის არჩევისას ყურადღებას ისეთ დეტალებზე ამახვილებს, რომლებიც  ხშირად ტრივიალურად და უმნიშვნელოდ მიიჩნევა. ვფიქრობ, ეს არის მისი ფემინისტური პროზის ერთ-ერთი განმასხვავებელი მახასიათებელი და განსაკუთრებული ხიბლი. მისი ისტორიების მთავარი გმირები ქალები არიან თავიანთი ყოველდღიური ცხოვრებით, რუტინით, დარდითა და სიხარულით. მათი ნაწილისთვის ასეთი ყოფა ნორმალურად ითვლება და არაფრის შეცვლას აპირებენ. პერსონაჟების მეორე ჯგუფში ის ქალები ერთიანდებიან, რომლებიც შეჰგუებიან თავიანთ ცხოვრებას და მას მოთმინებით იტანენ. გრძნობენ რუტინის გაუსაძლისობას, თუმცა არ იციან, რა გზას ეწიონ და როგორ გაუმკლავდნენ სირთულეებს. ქალ პერსონაჟთა მცირე ნაწილი კი დამოუკიდებელი, თავისუფალი ქალია, რომელიც საკუთარი ცხოვრების შესაცვლელად იბრძვის. მართალია, ისინი უკვე ემანსიპაციის ეპოქის შვილები არიან, მაგრამ, ამის მიუხედავად, საზოგადოებრივი აზრისა და ფსიქიკაში ღრმად გამჯდარი ტრადიციის მარწუხებიდან თავის დაღწევას ვერ ახერხებენ.

ერთ-ერთ ინტერვიუში ზოია ფირზადი წერს: „ბევრს ვწერ ქალებზე, რადგან ქალის საკითხი ამჟამად ჩემი ყურადღების ცენტრშია. იმაზე ფიქრი, რომ ქალები კაცებზე არიან დამოკიდებულნი, გულს მტკენს. ირანში, სომხეთში, ინდოეთსა და ბევრ არადასავლურ კულტურაში, გოგონა როცა იბადება, მამის გოგოა, მერე - ქმრის ცოლი, ბოლოს კი - ვაჟიშვილის დედა. ქალის ბედი და სიცოცხლე ყოველთვის ერთი მამაკაცის ცხოვრებასთანაა მიბმული. ეს არის ის, რასაც მოელის საზოგადოება ქალისგან: სახლში შრომას, გათხოვებას და შემდეგ შვილების გაჩენას“ [Pirzad, 2009].

ზოია ფირზადის პროზას დამატებით საინტერესო შტრიხს კონფესიური მრავალფეროვნებაც სძენს, რაც, ასევე, სხვა ირანელი მწერალი ქალების შემოქმედებისგან განასხვავებს და გამორჩეულ ადგილს ანიჭებს ამ ავტორის თხზულებებს.[1]   ნაწარმოებებში მუსლიმურ და ქრისტიანულ ოჯახებსა და საზოგადოებებში მიმდინარე მოვლენებია ასახული. მისი პერსონაჟები ორივე ეთნოსისა და რელიგიის წარმომადგენლები არიან, თუმცა, რელიგიური განსხვავებულობის მიუხედავად, საზოგადოების დამოკიდებულება ქალის საკითხთან მიმართებით მსგავსია, ორივე ეთნოსის წარმომადგენელთა ცნობიერება კი – პატრიარქალური. მათი აზრით, ქალის ადგილი მხოლოდ ოჯახშია, მან ქმარ-შვილს უნდა მიხედოს.

ცხადია, ამ ერთი სტატიის ფარგლებში ვერ შევეხებით ზ. ფირზადის ნაწარმოებების ყველა პერსონაჟ ქალს. ამდენად, გამოვარჩიეთ რამდენიმე მათგანი, რომლებიც ერთმანეთისგან განსხვავებული ქალები არიან და სხვადასხვა კუთხით წარმოაჩენენ საკუთარი ადგილის, დანიშნულებისა და იდენტობის ძიების გზას.

მწერლის ადრეულ მოთხრობებში მოქმედება, ძირითადად, სახლის ოთხ კედელში მიმდინარეობს, რადგან ეს არის ქალების ჩვეული ყოფა, მათზე მორგებული ტრადიციული როლი. მათ გარესამყაროსთან მხოლოდ სახლის პატარა სარკმელი, მხედველობის შეზღუდული არეალი აკავშირებთ და, სურვილის მიუხედავად, ვერ ახერხებენ რაიმეს შეცვლას, ხშირად კი არც წარმოუდგენიათ და არც სურთ რაიმეს შეცვლა. საუკუნეების მანძილზე გონებასა და ფსიქიკაში ღრმად გამჯდარი ტრადიციული შეხედულებები ქალებს განვითარებისა და პასიური მდგომარეობიდან გამოსვლის საშუალებას არ აძლევს.

ზოია ფირზადის შემოქმედების ამოსავალ წერტილად და მწერლურ პოზიციად ნოველა „კურდღლის ზღაპარი და პამიდორი“ შეიძლება მივიჩნიოთ. ნაწარმოების მთავარი პერსონაჟი ქალი ორმოში ჩავარდნილ კურდღელზე ზღაპრის დაწერას აპირებს და ყოველდღე ამაზე ფიქრობს, თუმცა ზღაპრის ნაცვლად ყოველ საღამოს, საოჯახო საქმეების დასრულებისას, მეორე დღისთვის საჭირო პროდუქტების სიას წერს. მისი წარმოსახვის გმირი, ორმოში ჩავარდნილი კურდღელი, იქიდან ამოსვლას ვერ ახერხებს. კურდღელი ორმოდან მხოლოდ ცის პატარა ნაგლეჯს ხედავს, საიდანაც დღისით - თავისუფლად მონავარდე ჩიტებს, ღამით კი - მოციმციმე ვარსკვლავებს შორიდან უმზერს. მოთხრობის მთავარ გმირ ქალს კურდღლის გადარჩენა განუზრახავს, თუმცა არ იცის, როგორ. საბრალო კურდღელი, ალბათ, ვერ შეძლებს თავი დააღწიოს ტყვეობას. ალბათ, ქალიც ვერ დაწერს თავის საოცნებო ზღაპარს, რადგან ყოველდღიური საოჯახო საზრუნავი და ტრადიციული ყოფა არ მისცემს ამის საშუალებას.

ჯერ არ ვიცი, პატარა კურდღელს ღრმა ორმოდან როგორ ამოვიყვან. ხვალ მოვიფიქრებ. რამდენიმე წინადადებას ჩავიწერ, რომ არ დამავიწყდეს... მხოლოდ ორი პამიდორი მაქვს და საკმარისი არაა. ხვალ უნდა ვიყიდო... რაღაცის ჩაწერას ვაპირებდი. რა იყო? ბლოკნოტიდან ქაღალდს ვხევ და ვწერ: „პამიდორი“. ხვალ არ დამავიწყდეს“ [Pirzad, 2002:5].

ამ ნოველით ზოია ფირზადი დაუფარავად ეუბნება მკითხველს, რომ ქალის პრობლემის საწყისი და მთავარი საფუძველი საკუთარი თავის ფსიქოლოგიური დაკაბალება და აზროვნების ტრადიციული ჩარჩოებია. სანამ თავად ქალი არ დარწმუნდება არსებული რეალობის შეცვლის აუცილებლობაში, სანამ საკუთარ ძალებს არ ირწმუნებს, სანამ მიზნად არ დაისახავს რაიმეს შეცვლას და, რაც მთავარია, ამ მიზნის მისაღწევად ქმედით ნაბიჯებს არ გადადგამს, ნებისმიერი რეფორმა და კანონმდებლობა უძლური იქნება შეცვალოს მისი ცხოვრება.

ზოია ფირზადის პროზა, სიუჟეტური და ენობრივი სიმარტივის მიუხედავად, დიდ შთაბეჭდილებას ახდენს მკითხველზე. მის პერსონაჟ ქალებში ბევრი მკითხველი საკუთარ ცხოვრებასა და მოვლენებისადმი საკუთარ მიმართებას ხედავს. ეს პერსონაჟები რეალური ადამიანები არიან, რომლებიც ჩვენ გვერდით ცხოვრობენ და რომელთაც ყოველდღე ვხვდებით ოჯახებში, დაწესებულებებსა და ქუჩებში. ამ ქალებიდან ბევრი უკვე ცდილობს, გამოვიდეს ტრადიციული როლიდან, საკუთარი ცხოვრება საკუთარ სურვილებსა და შესაძლებლობებს დაუქვემდებაროს, ცხოვრება გახადოს ისეთი, როგორიც მას სურს. ესენი არიან ქალები, რომლებიც ცდილობენ, თავი დააღწიონ პატრიარქალურ საზოგადოებაში დამკვიდრებულ ტრადიციულ სტერეოტიპებს და მოუთმენლად ელიან ხვალინდელ დღეს, რომელიც რეალურ ცვლილებებს მოიტანს.

ქალის როლზე, მის ადგილსა და დანიშნულებაზეა საუბარი მოთხრობაში „ბინა“.  ნოველა ორი განსხვავებული ქალის ამბავს მოგვითხრობს, რომლებსაც ქალის როლის შესახებ სხვადასხვაგვარი შეხედულებები აქვთ.

სიმინი ტრადიციულ ოჯახსა და გარემოში გაზრდილი ქალია. მას ბავშვობიდან ასწავლიდნენ, რომ ქალის ადგილი მხოლოდ სახლშია, ოჯახისა და შვილების გვერდით. ის ბავშვობიდან პატრიარქალური ტრადიციული შეხედულებების მსხვერპლად იქცა, რომლის მიხედვითაც „განათლება კაცმა უნდა მიიღოს“ [ფირზადი, 2007:57], ქალისთვის კი ხელსაქმე და მზითვზე ზრუნვა საკმარისია.

მისი ქმრისთვის სიმინის ყოველდღიური საზრუნავი და ოჯახისადმი ერთგული სამსახური შეუმჩნეველი რჩება. მას არ ადარდებს ქალის დაუღალავი მცდელობა, პატარა, მყუდრო ბინაში შექმნას მშვიდი, მოწესრიგებული გარემო, იზრუნოს ქმარსა და ქმრის ნათესავებზე. იგი პირდაპირ ეუბნება ცოლს, რომ მისთვის არ აქვს მნიშვნელობა, უზეწრო ლეიბზე დაიძინებს თუ დაქარგულ თეთრეულში. მას ისეთი ცოლი ურჩევნია, რომელსაც სხვა ინტერესებიც ექნება. სიმინი ქმრისგან ელემენტარულ ყურადღებასა და პატივისცემას ელოდება, ცდილობს, მისთვის შესამჩნევი გახდეს, თუმცა ამაოდ. ქმრის დამცინავი, გულცივი დამოკიდებულებით იმედგადაწურულ ქალს ოჯახის შენარჩუნების ერთადერთ გზად შვილის გაჩენა მიაჩნია და ჰგონია, რომ საფუძველშივე დანგრეულ ოჯახს მემკვიდრის გაჩენა გადაარჩენს.

ნეტავი, ბავშვი გამჩენოდა. ბავშვი რომ მყოლოდა, საქმე აქამდე არ მივიდოდა“ [ფირზადი, 2007:57].

სიმინს გონებაში ღრმად გამჯდარი ტრადიციული შეხედულებები ჩარჩოებში აქცევს. ქალი სამომავლო გეგმებსა და საკუთარი თავის განვითარებაზე ფიქრის მაგიერ, თავს იდანაშაულებს და, პატრიარქალური საზოგადოებრივი აზრის შიშით, სადაც გაყრა ულამაზო და საძრახის მოქმედებად აღიქმება, ერთადერთ იმედს ეჭიდება. „ღმერთო, გადააფიქრებინე! ყველას თვალში შევრცხვები!“ [ფირზადი, 2007:61].

ქალის მდგომარეობის ასახვას, მისი ტრადიციული როლიდან თავის დაღწევას ეხება ზოია ფირზადის რომანი „შუქს მე ჩავაქრობ“. რომანში ამბავი გასული საუკუნის შუახანებში ირანის სამხრეთ რეგიონში მდებარე ქალაქ აბადანში, ქრისტიანულ, სომხურ-გრიგორიანულ ოჯახებში ვითარდება. მიუხედავად იმისა, რომ ამ პერიოდისთვის ქალის მდგომარეობა შედარებით შეცვლილია და მან სახლის ოთხ კედელს მიღმა გააღწია, კვლავ ტრადიციული შეხედულებებისა და ნორმების მორჩილია. ნაწარმოების მთავარი გმირი – კლარისი – განათლებული, კულტურული, მოაზროვნე ქალია, თუმცა მის ერთადერთ საქმიანობას ოჯახზე ზრუნვა და შვილების აღზრდა წარმოადგენს. თავმდაბალი, უპრეტენზიო, უკონფლიქტო კლარისი თავის თავზე იღებს ოჯახზე ზრუნვის პასუხისმგებლობას, ოჯახის წევრებს ყურადღებით ანებივრებს, მათი სიამოვნებისთვის ზედმეტად იხარჯება და პრაქტიკულად მათ მოახლედ იქცევა. ეს არის მისი ე.წ. საოჯახო როლი და ფუნქცია. ოჯახს გარეთ კი, საზოგადოებაში – სხვა ადამიანებისთვის – კლარისი გონიერი, შემოქმედი, საინტერესო ქალია, რომელიც დროგამოშვებით ლიტერატურულ თარგმანებს საბავშვო ჟურნალებში ბეჭდავს, სკოლის დირექტორი კი გამოსაქვეყნებლად მომზადებულ საკუთარ თარგმანებს აკითხებს, რადგან მის აზრს და გემოვნებას ენდობა. მიუხედავად ამისა, კლარისის კულტურული და განათლებული ქმარი, რომელიც საზოგადოებაში ჰუმანურობითა და კეთილშობილებით გამოირჩევა, მის ამ ღირსებებს არ იმჩნევს და მასთან ურთიერთობას ნაკლებ ყურადღებას უთმობს. ის, ერთი შეხედვით, თანამედროვე კაცია, რომელიც იზიარებს შეხედულებას ქალის უფლებებისა და თავისუფლების შესახებ, პატივს სცემს საზოგადოებრივად აქტიურ თანამშრომელ ქალს – ნუროლაჰს, თუმცა სათანადოდ ვერ აფასებს თავისი მეუღლის შესაძლებლობებს. უფრო სწორად, ეს საკითხი მას ფიქრის და განსჯის საგნად არ მიაჩნია. ისიც ისევე ყოფს მოვალეობებსა და უფლებებს „ქალის და კაცის“ კუთვნილებად, როგორც ამას მისი წინაპრები აკეთებდნენ. მისთვის მთავარი ოჯახის ფინანსური უზრუნველყოფაა და მიაჩნია, რომ ეს საკმარისია მეუღლისადმი სიყვარულისა და პატივისცემის გამოსახატად. ავიწყდება, რომ კლარისი, პირველ რიგში, მისი საყვარელი ქალია, რომელიც მისგან ყურადღებას, დაფასებასა და სიყვარულს მდუმარედ ელის.

მნიშვნელოვანია, რომ ამ მხრივ კლარისის ქმარი გამონაკლისი არაა. მისი პოზიცია მთელი ოჯახის – მათ შორის ქალების (დედის, დის, ნათესავების) – პოზიციაცაა, ასეთია მათი ტრადიციული მიმართება. კლარისის ოჯახის წევრები არაფრად აგდებენ მის ინტერესებს, შესაძლებლობებს, ლიტერატურისადმი განსაკუთრებულ სიყვარულს. მათთვის კლარისის შესაძლებლობები და, აქედან გამომდინარე, მისი, როგორც პიროვნების, ღირებულება და მნიშვნელობა მხოლოდ სამზარეულოში ტრიალით, სადილის მომზადებითა და ოჯახში წესრიგის შენარჩუნებით განისაზღვრება. თვლიან, რომ ოჯახზე ზრუნვა, დაუღალავი შრომა, საკუთარ ინტერესებზე უარის თქმა ჩვეულებრივი ამბავია და ამით კლარისი განსაკუთრებულს არაფერს აკეთებს. ქალი დროსთან ერთად აღმოაჩენს, რომ ბავშვებს ჭირვეული და შარიანი ჰგონიათ, აცნობიერებს, რომ პატივისცემას კარგავს და, სამაგიეროდ, ახალ-ახალ პასუხისმგებლობას იძენს. ხვდება, რომ სხვების სიამოვნებაზე ზრუნვისას, მათთვის სადღესასწაულო სუფრების გაშლისას, ისიც კი ავიწყდება, სუფრის წევრებს საკუთარი თავი მიათვალოს. ამ ყველაფერს მისი ახლობლები იმდენად ბუნებრივად მიიჩნევენ, რომ სუფრასთან მის არყოფნას ვერც კი ამჩნევენ.

ჩემთვის თეფში არ იყო. სტუმრებისთვის სუფრის გაშლისას, ყოველთვის მავიწყდებოდა ჩემი თავის მითვლა“ [Pirzad, 2001:209].

იქნებ გაუცნობიერებლადაც, მაგრამ ხვდება, რომ საკუთარი თავის დავიწყებამ ის უახლოესი ადამიანებისთვისაც უჩინარი და უსახელო გახადა. კლარისს ასეთი ყოფა არ მოსწონს, თუმცა ვერც იმას ხვდება, როგორ შეცვალოს მის გარშემო არსებული მოცემულობა. ეს უკმაყოფილება კი უკვე პირველი ნაბიჯია იმისკენ, რომ ქალი ამოძრავდეს, კითხვები გაუჩნდეს და მათზე პასუხების პოვნას შეეცადოს. იგი თავისი თავის მოსმენას და ფაქტების გაანალიზებას იწყებს. აღმოაჩენს, რომ მის გარშემო არსებული გარემო თავად შექმნა თავისივე თავმდაბლობით, უპრეტენზიობით, გარშემომყოფებისადმი ზედმეტი ყურადღებით, საკუთარი ინტერესების უგულებელყოფითა და საზოგადოებრივი აზრის გავლენით. იაზრებს, რომ საკუთარი ნებით აღებული ვალდებულებების ზიდვა ძალიან ღლის, ოჯახის წევრები კი ვერ ამჩნევენ. მისი მომღიმარი სახის მიღმა მისივე აუხდენელი ოცნებები, სურვილები და შეუსრულებელი გეგმები დგას, რაც ოჯახისა და შვილების კეთილდღეობასა და ყოველდღიურ ფაციფუცს შესწირა. მისი სატკივარი ისაა, რომ ახლობლები, დახმარების ნაცვლად, უფრო მეტ ტვირთს ჰკიდებენ მხრებზე, რისი ზიდვაც მისთვის შეუძლებელი ხდება.

უხერხულად ავუხსენი, რომ ამ დღეებში არეული ვარ, სულ სტუმრები მყავს და ბავშვებს ვუვლი, ჰაერი ჩახუთულია, სინესტე მაწუხებს, რაც უფრო იზრდებიან ბაშვები, მათი პრობლემებიც მატულობს. ამ პრობლემების გაგება და მათ გადაჭრაზე ზრუნვა ძალიან მღლის. ხანდახან მგონია, რომ კარგი დედა არ ვარ და გარშემომყოფები, დახმარების მაგიერ, მეტ ტვირთს მკიდებენ მხრებზე“ [Pirzad, 2001:192].

კლარისის ცხოვრებაში, მის პიროვნულ შემობრუნებაში, მნიშვნელოვან და, იქნებ, განმსაზღვრელ როლსაც კი მეზობელი, ემილ სიმონიანი, თამაშობს, რომლის მხრიდან თავაზიანი, ყურადღებიანი, რეალურად თანაბარუფლებიანი მიმართება ქალისადმი მას კიდევ ერთხელ დააფიქრებს თავისი ყოფის ერთფეროვნებასა და სიმძიმეზე. მათი ხშირი საუბრები ლიტერატურაზე, ცხოვრებაზე, სიყვარულსა და პასუხისმგებლობებზე ქალს საკუთარი თავის რწმენას უბრუნებს და შინაგან თავისუფლებას ანიჭებს. კლარისი საკუთარი ტრადიციული სტერეოტიპული ცხოვრების წესის გადაფასებას იწყებს და გადაწყვეტილებას იღებს, რამე შეცვალოს. აცნობიერებს, რომ რეალური ცვლილებები საკუთარი თავის, სურვილების, ინტერესებისა და საყვარელი საქმის აღმოჩენაშია. ცდილობს, თავის თავში იპოვოს ძალა ცხოვრების წესის შესაცვლელად, თავს მოდუნების, ფიქრებთან მარტო დარჩენისა და საოჯახო პასუხისმგებლობების ოჯახის წევრებზე გადანაწილების უფლება მისცეს.

თვითშემეცნების პროცესში კლარისი აღმოაჩენს, რომ მისი მისწრაფება, აქტიურად ჩაერთოს საზოგადოებრივ ცხოვრებაში, მონაწილეობა მიიღოს ქალთა უფლებებისთვის ბრძოლაში, მათთვის თანასწორი და თავისუფალი გარემოს შექმნის პროცესში, მიუღწეველი სულაც არაა. ეს ცვლილებები კი ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ საკუთარი თავისა და ინტერესების გაცნობითა და აღმოჩენით, შინაგანი მზაობითა და თანმიმდევრული, ქმედითი ნაბიჯების გადადგმით მიიღწევა.

ზოია ფირზადის კლარისი და მისი პრობლემები (ისევე, როგორც მწერლის მოთხრობების ბევრი სხვა ქალი პერსონაჟისა) უკვე აღარ წარმოადგენს ქალის შეუფარავი და პირდაპირი ჩაგვრისა თუ მისი პიროვნების უგულებელყოფის ილუსტრაციას. მაგრამ არის საზოგადოებრივ ცნობიერებაში და, აქედან გამომდინარე, მამაკაცის ფსიქიკაშიც მყარად ჩანერგილი და ძნელად ამოსაძირკვი სტერეოტიპული დამოკიდებულებების შესანიშნავი მაგალითი.

ზოია ფირზადის ოსტატობა ამ რომანში სწორედ ისაა, რომ ბუნებრივად და დამაჯერებლად გვიხატავს ქალზე ფსიქოლოგიური ზეწოლის სურათებს და გვიჩვენებს, რომ ამ პრობლემაში ხშირად თვითონ ქალია დამნაშავე, რომელიც თავად უწყობს ხელს საკუთარ „ტყვეობას“.

კლარისისგან განსხვავებულია მოთხრობის „ბინა“ კიდევ ერთი პერსონაჟი ქალი. მეჰნაზი განათლებული, თანამედროვედ მოაზროვნე, წარმატებული, აქტიური ქალია, რომელიც განათლებულ, თუმცა სტერეოტიპული აზროვნების მქონე კაცს მიჰყვება ცოლად. ქალი ქორწინებიდან ძალიან მალე აღმოაჩენს, რომ ის მეუღლისთვის მხოლოდ ქმარზე, სახლსა და წესრიგზე მზრუნველ ქალად და მომავალი შვილების დედად აღიქმება. ქმრის გაუთავებელი საყვედურები, ირონიული დამოკიდებულება, მუდმივი კონტროლი და მისი პიროვნების სრული უგულებელყოფა ფსიქოლოგიურად თრგუნავს მას.

ისეთი ქალი უნდა მომეყვანა ცოლად, რომელიც ევროპელი ქალების მიბაძვის, სამსახურზე გამუდმებული ფიქრისა და ამდაგვარ სისულელეებში წარმატების ნაცვლად ოჯახზე იზრუნებდა... ცხადია, რომ იმ ქალის აბანოს პირსახოცი, რომლის აზრი და გონება ოჯახის გარეთაა, სამზარეულოში იქნება, სამზარეულოს ნივთები  კი - სააბაზანოში!“ [ფირზადი,  2007:56]

ქმარი ყოველნაირად ცდილობს, უარი ათქმევინოს მეჰნაზს სამსახურზე, საკუთარ ინტერესებზე, პროფესიულ წინსვლაზე და დაარწმუნოს, რომ ქალის ერთადერთი საზრუნავი და დანიშნულება შვილების გაჩენა, ოჯახზე ზრუნვა და ქმრის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების მორჩილებაა.

მიუხედავად ქმრის არაერთი მცდელობისა შეცვალოს მეჰნაზის აზროვნება, ქალი საკუთარი შეხედულებების ერთგული რჩება და, ქმრის უსიტყვო მორჩილების ნაცვლად, მასთან გაყრას და მამის მიერ ნაჩუქარი ფულით ნაყიდ პატარა ბინაში გადასვლას გადაწყვეტს. გაყრისას კიდევ ერთხელ რწმუნდება, რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს ქალისთვის განათლებასა და ფინანსურ დამოუკიდებლობას, რომელიც მას განვითარებისა და თავისუფლების შესაძლებლობას აძლევს.

რა კარგი ვქენი, რომ მუშაობას თავი არ დავანებე!.. მამაჩემს რომ ჩემთვის ფული არ მოეცა?“ [ფირზადი, 2007:56]

ამ ნაწარმოებებში, რომლებიც ერთმანეთისგან განსხვავებული ქალების შესახებ გვიამბობენ, ნაწილი – ტრადიციულ ჩარჩოებში მოქცეული, პასიური, ბედს მინდობილი, ნაწილი კი – უკეთესი ხვალინდელი დღისა და რეალური ცვლილებების მომლოდინე ქალია. ამ პერსონაჟებიდან ძალიან ცოტაა განათლებული, აქტიური, პროფესიულად შემდგარი, თანამედროვე ქალი. თითოეულ მათგანს უკვე ჩამოყალიბებული აზროვნება აქვს. სიმინის ცნობიერება მყარი, გაქვავებული და სტერეოტიპულია. მას საკუთარი ქალური საწყისი აკმაყოფილებს, კარგად გრძნობს თავს ოჯახზე მზრუნველის როლში და ამიტომ არაფრის შეცვლას არ აპირებს. კლარისი იმ ქალების კრებით სახეს წარმოადგენს, რომლებიც ცდილობენ, იპოვონ საკუთარი თავი და ინტერესები, გაუმკლავდნენ სირთულეებს და შეცვალონ ცხოვრება უკეთესობისკენ. მეჰნაზი კი უკვე დამოუკიდებელი, ემანსიპირებული ქალია, კარგად გააზრებული სამომავლო გეგმებით. ის თავის ცხოვრებას თავად ქმნის და მასში ჩარევის უფლებას არავის აძლევს. ესაა მხოლოდ, თითოეულმა მათგანმა ცხოვრების შესაცვლელად სწორი არჩევანი უნდა გააკეთოს.

საინტერესოა თავად მწერლის დამოკიდებულება აღნიშნულთან მიმართებით. მწერალი არავის ამტყუნებს და არჩევნის უფლებას თავად პერსონაჟებს უტოვებს, რადგან ხშირ შემთხვევაში სწორედ თითოეული ადამიანის პირად არჩევანსა და გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული მისი მომავალი ცხოვრება.

დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ ზოია ფირზადის ადრეულ ნაწარმოებებში ქალი კვლავ ოჯახისა და ტრადიციული შეხედულებების გავლენას განიცდის. მისთვის სამყარო სახლის ვიწრო ფანჯრიდან დანახული და აღქმული მოვლენების ერთობლიობაა, ამ სამყაროში მისი კუთვნილი ადგილი კი სამზარეულოს კარს მიღმაა. უმიზნოდ დარჩენილი, ყოველდღიურ ყოფასა და რუტინას გადაგებული ბედსშეგუებული ქალები ვერ ახერხებენ რაიმეს შეცვლას.

დროსთან ერთად ქალი უკეთესი მომავლისა და რეალური ცვლილებებისთვის იბრძვის. ის საკუთარი თავისა და ინტერესების აღმოჩენას იწყებს. აცნობიერებს, რომ მისი შინაგანი თავისუფლება მისსავე არჩევანზეა დამოკიდებული, რომ უკეთესი ხვალინდელი დღე მისი ჩართულობის, განვითარების, წინსვლისა და ცვლილებებისადმი მზაობის გარეშე არ დადგება.

განათლებული, პროგრესულად მოაზროვნე ქალი უკვე ცდილობს, რეალურად შეაფასოს საკუთარი შესაძლებლობები და აქტიურად ჩაერთოს საზოგადოებრივ ცხოვრებაში. მან ზუსტად იცის, რომ ბევრად მეტი მონდომება და ძალისხმევა სჭირდება ქალთა უფლებების შესახებ ინფორმაციის საზოგადოებამდე მისატანად, მათი უფლებების აღიარებისა და რეალური თავისუფლების მისაღწევად.

 

[1]ზოია ფირზადი დედით სომეხია და ისევე კარგად იცნობს სომხურ გრიგორიანულ თემს, როგორც ირანულ მუსლიმურ საზოგადოებას.

ლიტერატურა

ბურჯანაძე მ.,
2016
ახალი და უახლესი სპარსული ლიტერატურის ისტორია, თსუ გამომცემლობა, თბილისი.
ფირზადი ზ.,
2017
კურდღლის ზღაპარი და პამიდორი, არმაღანი №3 (71).
ფირზადი ზ.,
2007
ბინა, ჩვენი მწერლობა, №12 (38).
Abedini H.,
1998
Sad Sal-e Dastan Nevisy-e Iran, Tehran, Nashr-e Cheshme.
Pirzad Z.,
2001
Cherayha ra Man Khamush Mikonam, Tehran, Nashr-e Markaz.
Pirzad Z.,
2009
Zoya Pirzad dar Mosahebe ba Kurie Enternasional: Be Donbal-e Kalamat-e Sade va Dorost Hastam (H. Mostafavi, Interviewer) http://www.newisandeganema.blogfa.com/category/20
Sanasarian A. ,
1280 2005
Jonbeshe Hokuk-e Zanan dar Iran (Toyian, Oful va Sarkub az ta Enyelab 57), (N. Kharasani, Trans.) Tehran, Akhtaran.