-დ ფორმანტიან ფორმათა სინტაქსური ფუნქცია და ფორმალური შეთანხმების საკითხი (K14 ხელნაწერის საფუძველზე)
DOI: 10.55804/jtsuSPEKALI-17-16
ქუთაისის სახელმწიფო ისტორიულ მუზეუმში დაცულია XII საუკუნის ხელნაწერი კოდექსი (K14), რომელიც შეიცავს წმინდა მაქსიმე აღმსარებლის თხზულებათა ქართულ თარგმანებს. ხელნაწერი ტექსტი მდიდარ მასალას შეიცავს და მეტად საინტერესოა თეოლოგიური, ფილოსოფიური, ისტორიული, ლინგვისტური თუ სხვა თვალსაზრისით.
ხელნაწერში გვხვდება R-თა-დ(ა) სტრუქტურის თავისებური ფორმები: გონიერთადა, არსთადა, ყოველთადა, რომელთადა, მოსწავლეთადა, ქმართადა, მღდელთადა, საუნჯეთად, სხეულთად... მათ თავისებურს ვუწოდებთ იმის გათვალისწინებით, რომ ასეთი ფორმები ნაკლებადაა გამოვლენილი ძველი ქართული ენის ძეგლებში. სტატიაში განვიხილავთ: (1) ხელნაწერში დადასტურებული -და ფორმანტიანი ფორმების სინტაქსურ ფუნქციას და (2) -დ სუფიქსიანი მსაზღვრელის საზღვულთან ბრუნვაში შეთანხმების საკითხს.
სპეციალურ ლიტერატურაში გაზიარებულია მოსაზრება, რომ ძველ ქართულში ვითარებითი ბრუნვის საწარმოებლად გვაქვს: თანხმოვანფუძიანებთან -ა და -დ, ან ორივე ერთად − -ად, ხოლო ხმოვანფუძიანებთან − -დ (საბერძნეთ-ა, ბეთლემ-დ, ძმა-დ, კაც-ად) [ჩიქობავა, 1956:20]. ვ. თოფურია დასახელებულ ფორმანტებს ამატებს -და ნიშანს [თოფურია, 1956:32].
-და სუფიქსი გამოყენებულია ნანათესაობითარ ნაცვალსახელებთან, რომლებიც დანიშნულების ფუნქციისაა:
„და ხიყო სიტყუაჲ უფლისაჲ ჩემდა „ (ხანმ. მრ. 374);
„აღაპი განგჳწესებია მამისა იოანე სასიკონელისა და ძმათა მისთადა“ (ათონ. 2269);
„ვქმნეთ აქა სამ ტალავარ: ერთი შენდა...“ (მ. 17, 4; C შენდად) [შარაძენიძე, 1956:421-422];
„რამეთუ დასაბამ სიხარულისა იქმნა ჩემდა ღამჱ ესე;
უმჯობეჱს არს ჩემდა ჴელთა მისთაგან სიკუდილი“ [მიქელაძე, 1956:407]; ვითარებითის ფორმა დანიშნულების ფუნქციით შემორჩენილია ხევსურულშიც: ამ დღისად = ამ დღისთვის, თუშებისად = თუშებისთვის [იქვე].
-და ელემენტიანი ფორმები აქტიური იყო ნაცვალსახელებთან. იგი სხვა სახელებში ძალზე იშვიათია. სპეციალურ ლიტერატურაში, ჩვენს ხელთ არსებული მასალის მიხედვით, ერთი ნიმუშია დამოწმებული: გაეწესა მეტრაპეზისადა [შარაძენიძე, 1956:422].
აქვე უნდა შევნიშნოთ, რომ -და სუფიქსში -ა არ არის ემფატიკური ელემენტი. ძველ ქართულში ვითარებითი ბრუნვა -ა ემფატიკურ ელემენტს არ დაირთავდა. აქ ერთი ფუნქციის ორი ფორმანტის თანხვედრაა [შარაძენიძე, 1956:422; ზურაბიშვილი, 1956:224]. ასევე, ჰ. ფოგტს -ისა სეგმენტში -ა ვითარებითის ფორმანტად მიაჩნდა [გიგინეიშვილი, სარჯველაძე 1978:125].
ზემოთ დასახელებული ხელნაწერისეული ნიმუშები გონიერთადა, არსთადა... აღნაგობით ჰგავს ჩემდა, შენდა ტიპის ფორმებს. ნ. მარი I და II პირის ნაცვალსახელურ ფორმებში (ჩემდა, შენდა) -და ელემენტს თანდებულის კვალიფიკაციას ანიჭებს, ხოლო კაცად, ჴელად ფორმებში -დ არის -და თანდებულის ნარჩენი ელემენტი. ნ. მარისეული კვალიფიკაციით, კაც-ა-დ და ჴელ-ა-დ ფორმებისთვის ამოსავალია კაც-ა-და, ჴელ-ა-და [Марр, 1925:28]. ვითარებითის -და სუფიქსს აღადგენს ვ. თოფურია მისა და მათა ფორმებში, რომლებშიც -დ დაკარგულია ფონეტიკურ ნიადაგზე: მის-და > მის-ა, მათ-და > მათ-ა [თოფურია, 1956:32]. არნ. ჩიქობავა მიუთითებს საპირისპირო პროცესზე, კერძოდ, უანო -დ არის ამოსავალი -და-სთვის და არა პირუკუ [ჩიქობავა, 1956:21].
სინქრონიულ დონეზე სხვაგვარი ვითარებაა. ახალ ქართულში ვითარებითის -დ ფორმანტს ხშირად მოჰყვება -ა ელემენტი, რომელიც იმავე ოდენობისაა, როგორიც არის მიცემითში, ნათესაობითსა და მოქმედებითში დართული -ა (ძმა-ს-ა-ც, ძმ-ის-ა-ც, ძმ-ით-ა-ც). ეს -ა ყოველთვის გამოჩნდება -ც(ა) ნაწილაკის წინ და იგი ბრუნვის ნიშნის ნაწილი არ არის. -და კომპლექსში ბრუნვის ნიშნად -დ უნდა მივიჩნიოთ [ჩიქობავა, 1956:20; ზურაბიშვილი, 1956:227], თუმცა ვერ ვიტყვით, რომ ძველი ქართულის ჩემ-და ტიპის ფორმებში -ა მავრცობია.
ჩვენთვის საინტერესო -და ელემენტიანი ფორმების სინტაქსური ფუნქციის დადგენისათვის მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ ძველ ბერძნულ (შემდგომში – ბერძნული) ორიგინალში ქართულ -და-ელემენტიან ფორმათა შესატყვისების ფუნქცია. ტექსტის ამა თუ იმ ენობრივი ერთეულის სინტაქსური ფუნქციის დადგენის თვალსაზრისით ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. აქ პირველ პლანზე არ დგას ბერძნულ და ქართულ ენობრივ ერთეულთა ზედმიწევნითი ფორმალური შესატყვისობის საკითხი. სათარგმნი ტექსტის ენობრივ ერთეულთა სემანტიკისა და წინადადებაში მათი ფუნქციის ადეკვატურად ასახვისათვის არ არის აუცილებელი ორი ენის ერთეულთა ბრუნვის ფორმებს შორის ცალსახა ფორმალური შეთანხმება იყოს. თარგმნის პროცესში არსებითია არა რომელიმე ბრუნვის იმავე ბრუნვის ფორმით თარგმნა, არამედ სათარგმნი ენის ბრუნვის ფუნქციის, სემანტიკის ადეკვატურად გადმოტანა. ეს კი პირდაპირ კავშირშია ენობრივი ერთეულების სინტაქსური ფუნქციის განსაზღვრასთან. განვიხილოთ რამდენიმე ნიმუში:
„οἷς εἰκότως κατʹ ἀλήθειαν διʹ αὐτῶν τῶν ἔργων δέδοται τὸ θεῖον εὐαγγέλιον“ [Laga... 1980:73, 29-30 – 75, 31]. ხაზგასმული ერთეული მრავლობითი რიცხვის დატივის ფორმაა. ჩვეულებრივ, ბერძნული დატივი ქართულში გადმოიცემა მიცემითი ბრუნვით. დამოწმებული წინადადების კონსტრუქციაა dativus possessivus. შესაბამისად, დატივის ფორმის სახელის ფუნქციაა დანიშნულების (კუთვნილების) გამოხატვა. ამ შემთხვევაში, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, არ არის აუცილებელი ბერძნული ფორმა (dative) ქართულში გადმოიცეს მიცემითით, სემანტიკა ფორმალურ შეთანხმებას არ ითხოვს, მაგრამ იგი უკომპრომისოა სემანტიკური შეუთანხმებლობის მხრივ. ამ შემთხვევაში ბერძნული ფორმა ქართულად შესაძლებელია გადმოვიდეს თანდებულიანი ნათესაობითით, რადგან მას შეუძლია კუთვნილება/დანიშნულების ფუნქციის გამოხატვა, თუმცა ფუნქციურად მას შეიძლება ჩაენაცვლოს მიცემითის ფორმაც. მთარგმნელობითი მეთოდის და სტილისტიკის საკითხია, თუ რა არჩევანს გააკეთებს მთარგმნელი.
დამოწმებულ ნიმუშში οἷς ფორმის ზუსტი ეკვივალენტია რომლებისთვის (რომელთათვის) (თანდებულიანი ნათესაობითი), რომელსაც თავისუფლად ენაცვლება მიცემითი ბრუნვის ფორმა რომლებსაც (რომელთაც). ხელნაწერში გვაქვს -და გაფორმებული თანიანი მრავლობითის ფორმა რომელთადა: „რომელთადა სამართლად თჳთ მათ საქმეთა მიერ მიცემულ არს ჭეშმარიტებით საღმრთოჲ სახარებაჲ“ (K14, 15r). როგორც გამოჩნდა, ბერძნული dativus possessivus-ი ქართულში გადმოვიდა -და ფორმანტიანი თანიანი მრავლობითის ფორმით, რომლითაც ასევე კუთვნილებაა (დანიშნულება) ასახული. ამ შემთხვევაში სპეციფიკურ სურათს ქმნის ბერძნული დატივის ქართულში გადმოტანა -და ფორმანტიანი ფორმით. როგორც ზემოთ იყო აღნიშნული, -და ელემენტიან ფორმებს დანიშნულების ფუნქცია ეკისრება მხოლოდ I და II პირის ნაცვალსახელებში (ჩემდა, შენდა). სხვა სახელებში ასეთი ფორმები არ დასტურდება. ამდენად, ხელნაწერის ნიმუშები ახალი მასალაა:
„მასწავლელთაგან მიცემულსა მოსწავლეთადა“ [K14, 22v] „τοῖς μανθάνουσι παρὰ τῶν διδασκόντων διδόμενον“ [Laga... 1980:109, 95-97];
„შემსგავსებით მინიჭებასა არსთადა განღმრთობისასა“ [K14, 28r] „ἀναλόγως τοῖς οὖσι χαρίζεσθαι θέωσιν„ [Laga... 1980:141, 95-96];
„და მხოლოჲსა სარწმუნოებისა მიერ ოდენ წარმართთადაცა სწორებით მიცემითა მადლსა ყოვლადწმიდისა სულისასა“ [K14, 37r] „διά τε τῆς ἴσως αὐτῷ κατὰ μόνην τὴν πίστιν δοθείσης καὶ τοῖς ἔθνεσι χάριτος τοῦ ἁγίου πνεύματος“ [Laga... 1980:191, 14-16].
დამოწმებულ ნიმუშებში გამოყენებულია დანიშნულების ფუნქციის თანიანი მრავლობითის -და ფორმანტიანი ფორმები. ბერძნულ ორიგინალში მათი ეკვივალენტია დატივის ფორმა, რომელსაც, ასევე, დანიშნულების (კუთვნილების) ფუნქცია აქვს.
დავიმოწმებთ სხვა ნიმუშებსაც:
„ვითარ-ღა მერმე კუალად შემდგომად ამათსა გონიერთადა“ [K14, 5v]; „πῶς τε αὖ, μετὰ τούτους πάλιν τοῖς νοητοῖς“ [Laga...1980: 27, 171-172];
„ყოველთადა შეტყუჱბად შემძლებელისაებრ აღყვანებისა“ [K14, 8v]; „κατὰ τὴν πᾶσιν ἁρμόσαι δυναμένην ἀναγωγήν“ [Laga... 1980: 37, 350-351];
„მასწავლელთაგან მიცემულსა მოსწავლეთადა“ [K14, 22v]; „τοῖς μανθάνουσι παρὰ τῶν διδασκόντων διδόμενον “[Laga... 1980: 109, 95-97];
„შემსგავსებით მინიჭებასა არსთადა განღმრთობისასა“ [K14, 28r]; „ἀναλόγως τοῖς οὖσι χαρίζεσθαι θέωσιν „ [Laga... 1980: 141, 94-96];
„რომელთაცა, ვითარცა ქმართადა ზრახებულსა, არცა ერთისაგან აქუნდა ძე“ [K14, 49r]; „οἷς ὡς ἀνδράσιν ὁμιλήσασα, παρʹ οὐδενὸς ἔσχεν υἱόν“ [Laga... 1980: 255, 15-16];
„და მჴარი განნაჩინებისაჲ პატივად ღმრთისა განჩინებული მღდელთადა“ [K14, 58r]; „καὶ ὁ βραχίων τοῦ ἀφαιμέματος, εἰς τιμὴν θεοῦ τοῖς ἱερεῦσιν ἀφιερούμενον“ [Laga... 1980: 306, 2-4];
„ღირსთადა გამოჩინებადისა პირმშოსახისა მორფისაჲ“ [K14, 58v]; „ἐμφανισθῆναι τοῖς ἀξίοις πρωτοτύπου μορφῆς“ [Laga... 1980: 309, 10-12];
„ხოლო შეწუხებაჲ, ვითარცა მრავალსა მიზეზსა დასამტკიცებელად ურწმუნოებისა მიმმადლებელთაგან იუდეანთადა“ [K14, 73v]; „λυπεῖσθαι δέ, ὡς πολλὰς εἰς βεβαίωσιν ἀπιστίας τοῖς Ἰουδαίοις ἀφορμὸς παρεχόντων“ [Laga... 1980: 381, 66-68];
„ხოლო ლოცვა არს, თხოაჲ, რომელთა მომნიჭებელ არს ღმერთი კაცთადა საცხოვნებელად“ [K14, 74r]; „προσευχὴ δέ ἐστιν αἴτησις ὧν πέφικε θεὸς ἀνθρώποις δωρεῖσθαι πρὸς σωτηρίαν“ [Laga... 1980: 383, 87-88];
„ღმრთისაგან საცხოვნებელად კაცთადა მონიჭებადთა კეთილთა გამოთხოაჲ“ [K14, 74r]; „τῶν ἐκ θεοῦ πρὸς σωτηρίαν χορηγουμένων τοῖς ἀνθρώποις ἀγαθῶν ἐξαίτησις“ [Laga... 1980: 383, 90-92];
„ძღუნად იგინი ითქუმიან დანიშნვით, რომელნი უმოქენოთა შეეწირვოდინ, ხოლო საცემელად, მოქენეთადა მიცემულნი ... სახელ-სდვა ძღუნად“ [K14, 77r]; „δῶρα σεσημειωμένως ἐκεῖνα λέγεται τὰ τοῖς ἀπροσδεέσιν εἰσκομιζόμενα, δόματα δὲ τὰ τοῖς δεομένοις διδόμενα ... προσηγόρευσε δῶρα“ [Laga... 1980: 397, 53-56];
„ვინაჲთგან ძღუენ არს კუალად, არარაჲს წინაშემომღებელთადა მიცემული“ [K14, 77v]; „ἐπειδὴ δῶρον πάλιν ἐστὶ τὸ τοῖς μηδὲν προεισενεγκοῦσι διδόμενον“ [Laga... 1980: 399, 72-73];
„ლოცვისა მიერ მართალთაჲსა ძიებაჲ მაცხოვარებისაჲ, მოსასრველთადა შეყოფილისაგან მოწლეობისაებრ“ [K14, 105r]; „διʹ εὐχῆς δικαίων ἐπιζητεῖν σωτηρίαν τὸν κατὰ διάθεσιν τοῖς ἀλεθρίοις ἡδόμενον“ [Laga... 1990: 25, 37-38].
დამოწმებული ნიმუშების ბერძნულ ვერსიებში უგამონაკლისოდ გვაქვს dativus possessivus, რომლებიც, ასევე, უგამონაკლისოდ, ქართულში გადმოიცემა დანიშნულების ფუნქციის -და მარკერიანი ფორმებით.
როდესაც კ. დანელია -და ფორმანტის დისტრიბუციაზე საუბრობს, აღნიშნავს, რომ იგი რეალიზდება მხოლოდ ნანათესაობითარ პირის ნაცვალსახელებთან (ჩემ-და, შენ-და, ჩუენ-და, თქუენ-და) [დანელია, 1998:502]. ჩვენ მიერ დამოწმებულ მასალაში კი, გარდა ნაცვალსახელებისა, -და ნიშანი იხმარება სხვა სახელებშიც, რომელთაც დანიშნულების ფუნქცია აქვს. ასევე, შეინიშნება ტენდენცია: როდესაც წინადადებაში წარმოდგენილია ვითარებითში დასმული საზღვრული, მართულ-შეთანხმებული მსაზღვრელი გაფორმებულია არა -და, არამედ -დ ნიშნით (ძალად სხეულთად). ასეთი ფორმა არ არის დანიშნულების ფუნქციის (ამაზე ქვემოთ).
-და ფორმანტიანი ფორმები მიწევნითობის ფუნქციასაც გამოხატავს. ისინი, ჩვეულებრივ, πρός ან εἰς წინდებულიანი ფორმების შესატყვისია. მათზე არ შევჩერდებით, რადგან ისინი ჩვეულებრივია ძველი ქართული ენის დონეზე.
(2) ძველ წერილობით ძეგლებში თანიანი მრავლობითის ვითარებითის უთანდებულო ფორმები ძალზე იშვიათია. უფრო მეტად თანიანი ვითარებითი წარმოდგენილია თანდებულით ან -დ ფორმანტით გაფორმებული თანდებულიანი ფორმით (ბჭეთამდე, მთათადმდე, დაბადებულთადმდე) [იმნაიშვილი, 1957:279].
ა. კიზირია მიუთითებს, რომ ჩვეულებრივი შეთანხმებაა ასეთ შემთხვევაში: ჴმა-დ დიდ-ად, თანიან მრავლობითში: ჴმა-თ-ა დიდ-თ-ა (მოთხრ., მიც., ნათ.), მაგრამ არ გვაქვს ასეთი სინტაგმა თანიან ვითარებითში. ასევე, ნანათესაობითარი მსაზღვრელის შემთხვევაში: სახლისა უფლად. თანიან მრავლობითში: სახლისა უფალ-თ-ა (მოთხრ., მიც., ნათ.). არც ამ შემთხვევაში გვაქვს თანიანი ვითარებითი. იშვიათია ასეთი სინტაგმები: გზა-დ სიმართლისა-დ. ასევე, ჩვეულებრივია: გზათა სიმართლისათა (მოთხრ., მიც., ნათ.), მაგრამ ვითარებითის ფორმა არ გვაქვს [კიზირია, 1956:345-346].
ივ. იმნაიშვილი მიუთითებს, რომ თანიანი ვითარებითი უმეტეს შემთხვევაში კარგავს -დ-ს: დედად წმიდათა (< წმიდათად), დასაბამად სასწაულთა (< სასწაულთად), საქმედ მოციქულთა (< მოციქულთად). მეცნიერის თქმით, აქა-იქ გვხვდება დონიანი ფორმები: მეუფედ ჰურიათად, საყოფელად ვეშაპთად. დონის დაკარგვა ვითარებითისათვის ძირითადი ხაზია [იმნაიშვილი, 1957:593-594, 598).
ნ. მარი თავის პარადიგმაში ასახელებს ამგვარ შესიტყვებას: სახელად მამათად [Марр, 1925:66], თუმცა დასახელებული ნიმუშის წარმომავლობას არ მიუთითებს.
კ. დანელიას დამოწმებული აქვს სინტაგმა, რომელიც ფორმალური შეთანხმების აშკარა ნიმუშია: ქუეყანად ქალდეველთად [დანელია, 1992:348].
როგორც აღწერილი მასალიდან ჩანს, ძველი ქართული ენის ძეგლებში იშვიათად გვხვდება -დ ფორმანტით გაფორმებული უთანდებულო თანიანი ფორმები.
K14 ხელნაწერში გვაქვს -დ ფორმანტიანი ისეთი ფორმები, რომლებიც წარმოდგენილია თანდებულის გარეშე. საყურადღებო მოვლენაა, როდესაც -დ ფორმანტიანი თანიანი მრავლობითის ფორმებით გადმოღებულია ბერძნული გენეტივი წინადადებაში – „φυλακτικὴν τῶν θείων κατὰ ψυχὴν θησαυρῶν“ [Laga… 1980: 179, 113-114] – ხაზგასმული სინტაგმა ქმნის გენეტიურ კონსტრუქციას. მისი ზუსტი თარგმანია: საღმრთო საუნჯეების (ძვ. ქართ. – საღმრთოთა საუნჯეთა). ქართულ თარგმანში გვაქვს: „დამცველობითად საღმრთოთა სულისაებრთა საუნჯეთად“ [K14, 34v]. მეორე ხაზგასმული ფორმა (საუნჯეთად) თანიანი მრავლობითია -დ ფორმანტით გაფორმებული. სხვა ნიმუში:
„ნათესავობითად უკუჱ სათნოებათად სიყუარულსა იტყჳან ყოფად“ [K14, 51v]; „γενικωτάτην οὖν τῶν ἀρετῶν φασιν εἶναι τὴν ἀγάπην“ [Laga… 1980: 269, 61]. ამ შემთხვევაშიც ქართულ სინტაგმაში ფორმალური შეთანხმებაა. აქ უკვე პირველი ორი ხაზგასმული ფორმა განაპირობა ყოფად ერთეულმა. მან ფორმალურად შეითანხმა ნათესავობითად და სათნოებათად. პირველ სინტაგმაში (ნათესავობითად ... ყოფად) კანონზომიერი ფორმალურ-სემანტიკური შეთანხმებაა, რასაც ბერძნული სინტაგმაც უჭერს მხარს (γενικωτάτην ... εἶναι), ხოლო მეორე სინტაგმაში (სათნოებათად ... ყოფად) არაბუნებრივი შეთანხმებაა, რასაც არ ითხოვს არც სემანტიკა და არც – ბერძნული წინადადების სინტაქსური კონსტრუქცია. ბერძნულში τῶν ἀρετῶν genetivus partitivus-ის კონსტრუქციას ქმნის. წინადადება შეიძლებოდა ასე გადმოთარგმნილიყო: სათნოებათაგან სიყუარულსა იტყჳან ნათესავობითად ყოფად. ასეთი თარგმანი, ფორმალური ეკვივალენტური მთარგმნელობითი პრინციპის გათვალისწინებით, გელათური ტექსტისათვის ჩვეულებრივია, მაგრამ მთარგმნელი ამ შემთხვევაში ვითარებითში დასმულ მასდართან (ყოფად) ფორმალურად ათანხმებს τῶν ἀρετῶν-ის ქართულ შესატყვისს და ქმნის ვითარებითბრუნვიან სიტყვათშეხამებას − სათნოებათად ყოფად. მსგავსი ფორმალური შეთანხმება არაერთხელ გვხვდება ხელნაწერ ტექსტში. დავასახელებთ რამდენიმე ნიმუშს:
„რომელნიმე ყვნა გულისმთქუმელად ზეციერთად“ [K14, 39r]; „τοὺς μὲν ἐποίησε τῶν οὐρανίων ἐπιθυμητάς“ [Laga… 1980: 197, 108-112]. ძველი ქართულის მონაცემებით, მოსალოდნელი იყო მართულ-შეთანხმებულ მსაზღვრელთან აუსლაუტში -დ-ს დაკარგვით მიღებული ფორმები: გულისმთქუმელად ზეციერთა;
„უფროჲსღა ძალად სულიერთა და მგრძნობელობითთა სხეულთად მყოფი“ [K14, 56r]; უნდა იყოს: ძალად სხეულთა; „μᾶλλον δέ, δύναμις ὑπάρχουσα ἐμψύχων καὶ αἰσθητικῶν σωμάτων “[Laga… 1980: 295, 46-47];
„ხოლო მეუფედ მამათად უწესს მას“ [K14, 86v]; უნდა იყოს: მეუფედ მამათა; „δεσπότην δὲ πατέρων αὐτὸν προσαγορεύει“ [Laga… 1980: 447, 85-86];
„ძედ მშობელთად გამოჩინებულმან“ [K14, 86v]; უნდა იყოს: ძედ მშობელთა; „γονέων υἱὸς γεγενημένος“ [Laga… 1980: 449, 93-95];
„დაცემად სადმე ურწმუნოქმნილთად, ხოლო აღდგომად მრწმუნებელთად“ [K14, 91r]; უნდა იყოს: დაცემად ურწმუნოქმნილთა ... აღდგომად მრწმუნებელთა; „πτῶσιν μὲν τῶν ἀπιστούντων, ἀνάστασιν δὲ τῶν πιστευόντων“ [Laga… 1980: 465, 367-368];
„რამეთუ წმიდანი ანგელოზნი გუქონან თან-მოქმედად კეთილთად“ [K14, 104r]; უნდა იყოს: თან-მოქმედად კეთილთა; „ὅτι τοὺς ἁγίους ἀγγέλους ἕχομεν τῶν καλῶν συλλήπτορας“ [Laga… 1990: 15, 190-191];
სხვაგან: ვეშაპთად ... ასპიტთად [K14, 87r] – δρακόντων ... ἀσπίδων [Laga… 1980: 449, 93-95]; მრავალთად [K14, 101v] – πολλῶν [Laga… 1990: 5, 53-54]; მჩენთად [K14, 102r] – φαινομένων [Laga… 1990: 5, 33-35]; თჳსთად ... აღთქუმათად [K14, 129r] – τῶν οἰκείων ... ἐπαγγελίας [Laga… 1990: 137, 362-364]; სიტყუათად [K14, 2v] – λόγων [Laga… 1980: 43, 4-6]; წყლებად გარეშეთა წყაროთად [K14, 67r] − ὕδατα τῶν ἔξω πηγῶν [Laga... 1980:369, 4-5]; დასაბამად სათნოებათად [K14, 94r] − ἀρετῶν ἀρχὴ [Laga... 1980:519, 98-99].
როგორც ჩანს, ბერძნულ ტექსტში ყველგან გვაქვს გენეტივის ფორმა, რომელიც ქართულში გადმოდის ვითარებითის -დ ფორმანტიანი ფორმით. ბუნებრივი იყო ბერძნული გენეტივი ქართულში ნათესაობითით გადმოსულიყო, მეტიც, ამას სემანტიკაც ითხოვდა, მაგრამ აქ დომინირებს ფორმალური შეთანხმების ტენდენცია, რის შედეგადაც წინადადებაში მოქმედი ვითარებითბრუნვიანი ფორმა ბერძნული გენეტივის ქართულ შესატყვისს ფორმალურად ითანხმებს და აჩენს -დ ფორმანტს.
წინადადებაში შესაძლოა გამოყენებული იყოს თანიანი მრავლობითის ფორმა, მაგრამ მისი სინატაქსური ფუნქცია ვითარებითისა იყოს. ეს საცნაურდება იმ შემთხვევაში, როდესაც ქართულ ფორმებს განვიხილავთ შესაბამის ბერძნულ ტექსტთან მიმართებით. მაგალითად, ასეთი წინადადებაში: „საქმითთა ვიტყჳ და საღმრთოთა მცნებათად, გუარითა წინგანგებისაჲთა წამართ განვრცომაჲ მოუგიეს. რამეთუ ათეულობად მცნებათად განვრცნების ღმრთისა სიტყუაჲ“ [K14, 124v]; „τὰς ἑμπράκτους λέγω καὶ θείας ἑντολάς, τῷ τῆς προνοίας τρόπῳ κατὰ πρόοδον πλατύνεσθαι πέφυκεν. εἰς δεκάδα γὰρ ἑντολῶν ὁ τοῦ θεοῦ πλατύνεται λογός“ [Laga... 1990: 121, 99-102].
ხაზგასმული სიტყვათშეხამების საღმრთოთა მცნებათად საზღვრული წევრი თანიანი მრავლობითია ვითარებითის -დ ფორმანტით გაფორმებული. ასეთი ფორმები უცხო არ არის K14 ხელნაწერის ენისთვის. ეს ზემოთაც ვაჩვენეთ. სინტაგმის საღმრთოთა მცნებათად საზღვრული წევრი ფუნქციურად ვითარებითია, რომელიც მარკირებულია შესაბამისი ფორმანტით და თანიან მრავლობითში ქმნის ვითარებითის ახლებურ წარმოებას. ამავე წინადადებაში საქმითთა ფორმაც ფუნქციურად ვითარებითია. ბერძნულში მისი შესატყვისია τὰς ἑμπράκτους, რომელიც, ასევე, მრავლობითი რიცხვის აკუზატივის ფორმაა. საფიქრებელია, მთარგმნელი, ფუნქციის თვალსაზრისით, τὰς ἑμπράκτους-ის ქართულ შესატვისს საქმითთა ვითარებითად აღიქვამს, რადგან იქვე მსგავსი სინტაქსური ფუნქციის accusativus-ის ფორმას ἑντολάς ვითარებითად აღიქვამს და აფორმებს კიდეც შესაბამისი ფორმანტით. მოსალოდნელი იყო, მთარგმნელს ბერძნული τὰς ἑμπράκτους λέγω καὶ θείας ἑντολάς ასეთი ვერსიით გადმოეღო: საქმითთად ვიტყჳ და საღმრთოთა მცნებათად; ანუ, საქმითთა ფორმაც გაეფორმებინა -დ მარკერით. ამას მთარგმნელს კარნახობდა ფორმალური შეთანხმების ტენდენცია, რომელსაც ის ასე აქტიურად უჭერს მხარს. მსჯელობა რომ შევაჯამოთ, ასეთ ვითარებას მივიღებთ:
ორწევრიანი სინტაგმა: Θείας (acc.) ἑντολάς (acc.)
საღმრთოთა (ვით.) მცნებათად (ვით.)
სამწევრიანი სინტაგმა: τὰς ἑμπράκτους (acc.) ... καὶ θείας (acc.) ἑντολάς (acc.)
საქმითთა (ვით.)... საღმრთოთა (ვით.) მცნებათად (ნანათ. ვით.)
ბერძნულ ვერსიაში სამივე წევრი არის აკუზატივში. ქართულში ფუნქციის თვალსაზრისით სამივე ერთეული ვითარებითია, ხოლო ფორმალურად თანიანი მრავლობითია, რომელთა მესამე წევრი (მცნებათად) გაფორმებულია -დ ფორმანტით.
ამავე წინადადებაში (იხ. ზემოთ) გვაქვს სიტყვათშეხამება δεκάδα γὰρ ἑντολῶν, რომლის საზღვრული წევრი აკუზატივის ფორმაა, ხოლო მსაზღვრელი – გენიტივისა. ქართულ ვერსიაში მისი შესატყვისია ათეულობად მცნებათად (იხ. ზემოთ), რომლის საზღვრული წევრი (ათეულობ-ად) ვითარებითშია, ხოლო მართულ-შეთანხმებული მსაზღვრელი (მცნება-თა-დ) ნაგენეტივარი ვითარებითია. ქართული სინტაგმის მსაზღვრელი წევრის მცნებათად ფორმა ფუნქციურად ნათესაობითია, თუმცა ის გაფორმებულია -დ ფორმანტით, რაც განპირობებულია ფორმალური შეთანხმების ტენდენციით. ამ შემთხვევაში ათეულობად ფორმამ განსაზღვრა მცნებათად ფორმა.
δεκάδα (acc.) γὰρ ἑντολῶν (gen.)
ათეულობად (ვით.) მცნებათად (ნანათ. ვით.)
მსგავსი ფორმალური შეთანხმების რამდენიმე შემთხვევა დასტურდება ერთი წინადადების ფარგლებშიც:
„ὅτι ποιμὴν ὁ κύριος λέγεται τῶν διὰ τῆς φυσικῆς θεωρίας πρὸς τὴν ἄνω μάνδραν ὁδηγουμένων, βασιλεὺς δὲ τῶν ὑποταγέντων τῷ νόμῳ τοῦ πνεύματος καὶ τῷ θρόνῳ τῆς χάριτος τοῦ θεοῦ διὰ τῆς κατὰ τὴν ἀμερῆ γνῶσιν τοῦ νοὸς ἁπλῆς προσβολῆς παρισταμένων“ [Laga... 1980:439, 22-26]. ქართული თარგმანი:
„რამეთუ მწყემსად ითქუმის უფალი, ბუნებითისა ხედვისა მიერ ბაკად მიმართ ჴელპყრობილთად, ხოლო მეფედ – შჯულსა სულისასა დამორჩილებულთად და საყდარსა მადლისა ღმრთისსა, შეწყნარებითა განუნაწილებელისა და მარტივისა მეცნიერებისაჲთა წარდგომილთად“ [K14, 83v].
ხაზგასმული ერთეულები ქმნიან შემდეგ სინტაგმებს:
τὴν μάνδραν ὁδηγουμένων βασιλεὺς δὲ τῶν ὑποταγέντων ... παρισταμένων
ბაკად ჴელპყრობილთად მეფედ ... დამორჩილებულთად ... წარდგომილთად
ბერძნულში ორივე სინტაგმის საზღვრული წევრი accusativus-ში დგას, ხოლო მათი შესატყვისი ქართული საზღვრული წევრები – ვითარებითში (ბაკად, მეფედ). ბერძნულის მსაზღვრელი წევრები genetivus-ის ფორმებია. მოსალოდნელი იყო ისინი ქართულში გადმოსულიყო თანიანი ნათესაობითის ფორმებით, ყოველგვარი დამატებითი ფორმანტის გარეშე: (1) ბაკად ჴელპყრობილთა; (2) მეფედ დამორჩილებულთა ... წარდგომილთა. ნაცვლად ასეთი ვერსიისა, მთარგმნელი ერთმანეთთან ფორმალურად ათანხმებს მსაზღვრელ-საზღვრულს. შედეგად, ვიღებთ ვითარებითფორმანტიან სინტაგმებს, რომელთა მსაზღვრელი წევრები ფუნქციურად ნათესაობითია, ვითარებითის -დ ფორმანტით გაფორმებული. მსგავსი ნიმუშები მრავლადაა ტექსტში:
წარმოდგენილი მასალის განხილვის საფუძველზე გამოიკვეთა:
ძველი ქართულის შენ-და და ჩემ-და ნაცვალსახელური ფორმები დანიშნულების ფუნქციისაა. ქართული ენის განვითარების გარკვეულ საფეხურზე (დაახლოებით XII საუკუნიდან) -და ელემენტი იფართოებს მოქმედების არეალს და აქტიურდება სხვა სახელებთანაც (მოსწავლეთა-და, ღირსთა-და). დანიშნულების ფუნქციის -და ელემენტიანი ნაგენეტივარი ფორმებით რეგულარულად გადმოტანილია ბერძნული დატივი.
K14 ხელნაწერში ბერძნული გენეტივის თანიანი მრავლობითის -და ფორმანტიანი ფორმებით გადმოცემა არ არის განპირობებული სემანტიკური აუცილებლობით. ფორმალური შეთანხმების გამო, ბერძნული გენეტივი გადმოდის -დ ფორმანტიანი თანიანი მრავლობითის ფორმებით.
ქართული ენის განვითარების გარდამავალ საფეხურზე (XII ს.) აქტიურად გამოიყენება R-თა-დ(ა) სტრუქტურის თანიანი მრავლობითის -დ ფორმანტიანი ფორმები. ასეთი სტრუქტურის ფორმები მეორეული მოვლენაა.
ბერძნული გენიტივის შესატყვისად -დ ფორმანტიანი ნანათესაობითარი ფორმების აქტიური გამოყენება განპირობებულია ფორმალური შეთანხმების ტენდენციით. ამას არავითარი ლინგვისტური საფუძველი არ აქვს, ის მხოლოდ მთარგმნელის ინდივიდუალიზმსა და სტილზე მიუთითებს. ვითარებითბრუნვიან ფორმებთან ასეთი ფორმალური შეთანხმების წესი ქართულ ენაში არ განვითარდა და, შესაბამისად, არც დამკვიდრდა.
კვლევა (PHDF-21-5365) განხორციელდა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით.
ლიტერატურა
გიგინეიშვილი ბ., სარჯველაძე ზ., 1978 |
ნანათესაობითარი მიმართულებითისა და ნანათესაობითარი დანიშნულებითის ადგილისათვის ძველი ქართული და ქართველური ენების ბრუნვათა სისტემაში, მრავალთავი VI, თბილისი. |
დანელია კ., 1992 |
იერემიას წინასწარმეტყველების ძველი ქართული ვერსიები, თბილისი. |
დანელია კ., 1998 |
მიმართულებითი ბრუნვის ადგილისათვის ძველი ქართულის ბრუნვათა სისტემაში, ნარკვევები ქართული სამწერლობო ენის ისტორიიდან I, თბილისი. |
დვალი მ., 1966 |
შუა საუკუნეთა ნოველების ძველი ქართული თარგმანები, თბილისი. |
თოფურია ვ. 1956 |
ვითარებითი ბრუნვის დაბოლოების საკითხისათვის ქართულში (თეზისები), სბიქე, I, თბილისი. |
იმნაიშვილი ი., 1957 |
სახელთა ბრუნება და ბრუნვათა ფუნქციები ძველ ქართულში, თბილისი. |
მიქელაძე ქ., 1956 |
მიმართულებითი ბრუნვის ფუნქციისათვის ძველ ქართულში, სბიქე, I, თბილისი. |
კიზირია ა., 1956 |
ნანათესაობითარი მსაზღვრელის ურთიერთობისათვის საზღვრულთან, სბიქე, I, თბილისი. |
შანიძე ა., 1979 |
ძელი ქართული ენის გრამატიკა, თბილისი. |
შარაძენიძე თ., 1956 |
-თა სუფიქსიანი მრავლობითი მოქმედებითსა და ვითარებითს ბრუნვებში, სბიქე, I, თბილისი. |
შარაძენიძე თ., 1956 |
მოქმედებითი და ვითარებითი ბრუნვების წარმოება და ფუნქციები ძველ ქართულში, სბიქე, I, თბილისი. |
ჩიქობავა ა., 1952 |
ენათმეცნიერების შესავალი, თბილისი. |
ჩიქობავა ა., 1956 |
მიმართულებითი (გარდაქცევითი) ბრუნვის მნიშვნელობისა, წარმოებისა და ისტორიისათვის, სბიქე, I, თბილისი. |
ჩიქობავა ა., 1956 |
ისტორიულად განსხვავებული ორი მორფოლოგიური ტიპისათვის ქართულ ბრუნვათა შორის, სბიქე, I, თბილისი. |
ხელნაწერი №14 ქუთაისის სახელმწიფო ისტორიული მუზეუმი. |
|
Laga C., Steel C., 1980 |
Maximi Confessoris, Quaestiones ad Thalassium, Brepols. |
Laga C., Steel C., 1990 |
Maximi Confessoris, Quaestiones ad Thalassium, Brepols. |
Марр Н., 1925 |
Грамматика древнелитературного грузинского языка, Ленинград. |