ბიბლიური საგალობლები წმინდა ანდრია კრიტელის „დიდი კანონის“ ძველბერძნულ და ქართულ ვერსიებში

DOI: 10.55804/jtsuSPEKALI-17-18

 

წმინდა ანდრია კრიტელის სინანულის „დიდი კანონი“ მნიშვნელოვანი ჰიმნოგრაფიული ძეგლია. თანამედროვე საღვთისმსახურო პრაქტიკაში „დიდი კანონი“ აღესრულება ორგზის – დიდმარხვის პირველი შვიდეულის ორშაბათს, სამშაბათს, ოთხშაბათსა და ხუთშაბათს, დიდი სერობის ჟამნში, და დიდმარხვის მეხუთე შვიდეულის ხუთშაბათს ცისკრის ჟამნში. პირველ შვიდეულში კანონის შესრულება გვიანდელი ფაქტია, იგი თავდაპირველად სრულდებოდა ერთხელ, მეხუთე შვიდეულის ხუთშაბათის ცისკარში [Sin. Gr. 734-735:69r, Vat. Gr. 771:18v; Par.5:139r].

ქართულ ენაზე მოგვეპოვება „დიდი კანონის“ სამი რედაქცია: წმინდა ეფთჳმე ათონელისა, წმინდა გიორგი მთაწმინდელისა და წმინდა არსენ იყალთოელისა. როგორც წმინდა არსენ იყალთოელის ანდერძიდან ირკვევა, პირველი თარგმანი, წმინდა ეფთჳმე ათონელის მიერ შესრულებული, არასრული იყო, სწორედ ამ გარემოებამ უბიძგა წმინდა გიორგი მთაწმინდელს ხელახლა ეთარგმნა იგი, ოღონდ ეს რედაქცია გაცილებით ვრცელია, ვიდრე შესაბამისი ბერძნული წყარო იქნებოდა, რადგან მას საკუთარ თარგმანში სრულად შეუტანია წმინდა ეფთჳმეს მიერ თარგმნილი ტექსტიც [Par.5:154v].

სწორედ ეს გარემოება გახდა მიზეზი იმისა, რომ, დავით აღმაშენებლის ბრძანებით,  სინანულის კანონი ხელახლა თარგმნა წმინდა არსენ იყალთოელმა: „მეორესა (გიორგი მთაწმინდელი. თ.დ.) - [უზომოდ] განევრცნეს, რამეთუ წმიდისა თქუმული ყოველი სრულებით ეთარგმნა და მამისა ეფთჳმეს შემატებულნი იგი დასდებელნი არავე დაეტევნეს, ვითარცა თჳთ აღიარებს. დაღათუ ჴმაჲ არა შეცვალა, გარნა თჳსთა ძლისპირთა ზედა თარგმნაჲ არცა მას გულს-ედგინა [და] ესრეთ მძიმედ რადმე ტჳრთად ზედა-ესხნეს ორნივე იგი ყოვლისა საქართველოჲსა ეკლესიათა; ამისთჳს მე, უღირსმან მონამან, საღმრთოჲსა მონებისა ღირსქმნულთამან მდაბალმან მონაზონმან არსენი, ვიკადრე მესამედ თარგმნაჲ ამათი უცვალებელად თჳსისა ჴმისაგან თჳთ მათვე ძლისპირთა ზედა მათთა, რომელთა ზედა წმიდასა ანდრეას ბერძულად აღეწერნეს, ბრძანებითა და ჯერჩინებითა კეთილადმსახურისა და ღმრთივდაცვულისა დავით აფხაზთა და ქართველთა და რანთა და კახთა მეფისაჲთა“ [Par.5:154v].

„დიდი კანონის“ ქართული რედაქციები ძირითადად შესწავლილია. ბოლო გამოცემათაგან აღსანიშნავია 2020 წელს ე. მეტრეველისა და ლ. გრიგოლაშვილის ავტორობით დაბეჭდილი გამოკვლევა „წმინდა ანდრია კრიტელი, დიდი კანონი, ძველი ქართული თარგმანები“.  ამ გამოცემაში „დიდი კანონის“ წმინდა არსენ იყალთოელის რედაქციის ტექსტისათვის ეყრდნობიან შემდეგ ხელნაწერებს: par. 5 (XII-XIII სს.); Jer. 67 (XII სს.); Sin. 70 (XII-XIII სს.); Jer. 56 (XII-XIII სს.);  A 258 (XIII ს.); A 446 (XIII ს.); A 147 (XV ს.); A 111 (1703-1715 წწ.); S 4933 (1712 წ.); H 1076 (XVIII ს.); H 263 (XVIII ს.); H 2036 (XVIII ს.) H 3108 (XVIII ს.); ცენტრ. სახელმწიფო არქივის 261-ე ხელნაწერი (1772 წ.) [მეტრველი... 2020:115].

გარდა ჩამოთვლილი ნუსხებისა, „დიდი კანონი“ დასტურდება ქუთაისის სახელმწიფო ისტორიულ მუზეუმში დაცულ K-79 ხელნაწერშიც. ამის შესახებ სამეცნიერო ლიტერატურაშიცაა მითითებული [გაბიძაშვილი, 2011: 452].  ხელნაწერი, ე. ნიკოლაძის აღწერილობით, დათარიღებულია XV-XVI საუკუნეებით. იგი აქამდე გამოუცემელი და შეუსწავლელია [ხელნაწერთა... 1953: 218].

გაირკვა, რომ K-79 ხელნაწერში დადასტურებული ბიბლიურ საგალობელთა ტექსტები, რედაქციული თვალსაზრისით, არაერთგვაროვანია, ამდენად, მხოლოდ ქართულ ხელნაწერთა შედარებაც საინტერესო და ფასეულია ხელნაწერთა ურთიერთმიმართების დადგენისათვის.

კანონის შესრულების თანამედროვე წესი ითვალისწინებს ტროპართა შორის ერთი მუხლის ჩართვას: „მიწყალე მე, ღმერთო, მიწყალე მე!“ როგორც მარხვანის წყაროები მოწმობს, თავდაპირველად სინანულის დიდ კანონს ჩაერთვოდა არა დამოწმებული მუხლი, არამედ ბიბლიური საგალობლები (ჰიმნები). „დიდი კანონის“ ქართული რედაქციები საინტერესო მასალაა კანონში ბიბლიურ საგალობელთა ჩართვის წესის შესწავლის თვალსაზრისით.

ბიბლიური საგალობლები საცისკრო გალობების პირვანდელი სახეა. სწორედ მის საფუძველზე ჩამოყალიბდა და განვითარდა ცხრაგალობიანი სისტემა (კერნი, 2021: 50). აქვე შევნიშნავთ, რომ მეორე გალობა თანდათან დიდმარხვის პერიოდის მახასიათებლად იქცა და ლიტურგიკული წელიწადის სხვა პერიოდებში იგი არ იკითხება.

სამწუხაროდ, ბოლო წლების ქართულ გამოკვლევებშიც კი მითითებულია, რომ „დიდი კანონის“ ძველბერძნული ხელნაწერები ჩვენამდე მოღწეული არ არის. სინამდვილეში ასე არაა. „დიდი კანონის“ ტექსტი შემონახულია ამ ხელნაწერებში: Sin. Gr. 734-735 (X ს.) და Grottaferrata Δβ I. „დიდი კანონის“ შესრულების შესახებ მითითებას ვხვდებით  Vat. Gr. 771-ში. ეს ხელნაწერები „მარხვანის“ ძველბერძნული ტექსტის ერთ-ერთი უძველესი წყაროებია [Mellas, 2020: 64].

ზემოთ დასახელებულ ნაშრომში მითითებულია ისიც, რომ კანონში ბიბლიურ საგალობელთა ჩართვის ტრადიცია მხოლოდ ქართული ხელნაწერებითაა შემონახული: „როგორც ვიცით, „დიდი კანონის“ ძველი ბერძნული ხელნაწერები ჩვენამდე არ არის მოღწეული; ძეგლის ქართულ თარგმანთა უძველესმა ხელნაწერებმა (X-XII სს.) კი შემოგვინახეს კანონზე ბიბლიური გალობების ტექსტთა დართვის ტრადიცია, რაც არ ჩანს „დიდი კანონის“ ბეჭდურ გამოცემებში, არც ბერძნულში, არც სლავურში“ [მეტრეველი... 2020: 17].

აღმოჩნდა, რომ „დიდი კანონის“ Sin. Gr. 734-735 ხელნაწერში გამოვლენილ ვარიანტში (კონკრეტულად, სამ გალობაში)[1]  ჩართულია ბიბლიური საგალობლები. Sin. Gr. 734-735-ში ბიბლიური საგალობლები ახლავს მეორე, მეოთხე და მეშვიდე გალობებს. წმინდა წერილის მუხლები მოცემულია აშიაზე დასაწყისების სახით, რაც კიდევ ერთხელ მოწმობს, რომ ეს ტრადიცია მოშლის გზაზეა. ზემოთქმულის გათვალისწინებით, ამჯერად განივიხილავთ „დიდი კანონის“ მეორე, მეოთხე და მეშვიდე გალობათა ტექსტებზე დართულ ბიბლიურ საგალობლებს.

„დიდი კანონის“ ქართულ რედაქციებში დადასტურებულ ბიბლიურ საგალობელთა შესახებ ე. მეტრეველსა და ლ. გრიგოლაშვილთან  ე. მეტრეველისა და ლ. გრიგოლაშვილის გამოკვლევაში ვკითხულობთ: „ქართულ თარგმანებს დართულ ბიბლიურ გალობათა ტექსტების ურთიერთშეჯერებამ და ამ გალობათა წინაათონურ და გიორგი ათონელისეულ თარგმანებთან შეპირისპირებამ ისიც ცხადყო, რომ პარიზულ ხელნაწერში სამივე თარგმანის ბიბლიური ჩასართავები გიორგი ათონელისეული რედაქციისაა. აქედან კი ის დასკვნაც გამომდინარეობს, რომ ეფთჳმესეული თარგმანი დიდი კანონის (პარიზული ნუსხა) რედაქტირებულია. თუმცა აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ წინაათონური და გიორგისეული რედაქციები ბიბლიური გალობებისა ერთმანეთთან მიმართებაში დიდ სხვაობებს არც უჩვენებენ“ [მეტრეველი... 2020:17-18].

ეს შენიშვნა უნდა ეხებოდეს ტექსტთა რედაქციულ კუთვნილებას, რადგან, განაწილების სქემის თვალსაზრისით (მაგალითად, მეორე გალობაში), წმინდა არსენ იყალთოელის რედაქცია, ძირითადად, განსხვავდება დანარჩენთაგან.

„დიდი კანონის“ წმინდა არსენ იყალთოელის რედაქციაში მეორე გალობის ჩასართავთა განაწილების სქემა განსხვავებულია Sin. Gr. 734-735-ში გამოვლენილი ვარიანტისაგანაც. ბერძნულ წყაროში საგალობელთა ტექსტი იწყება „მეორე სჯულის“ 32:20b-დან:

ὅτι γενεὰ ἐξεστραμμένη ἐστίν, υἱοὶ οἷς οὐκ ἔστιν πίστις ἐν αὐτοῖς“ [Sin. Gr. 734-735: 70r].

რაც შეეხება არსენ იყალთოელის რედაქციას, აქ პირველ ჩასართავად ამავე თავის პირველი მუხლია მოცემული:

მოიხილე, ცაო, და ვიტყოდი და ისმენდინ ქუეყანაჲ სიტყუათა პირისა ჩემისათა“ [Par. 5:239v].

საინტერესოა, რომ Sinai Graecus 734-735-ის მსგავსად, ეფთჳმესა და გიორგის რედაქციებში საგალობელთა ჩართვა მეოცე მუხლის მეორე ნაწილით იწყება:

რამეთუ ნათესავი ესე განდრეკილ არს და ნაშობნი, რომელთა თანა არა არს სარწმუნოებაჲ“ [Par. 5:128v; 140v].

მეორე გალობის ჩასართავი ძველ ბერძნულ და სამივე ქართულ რედაქციაში სრულდება 43-ე მუხლით, რომელიც წმინდა წერილშიც მოსეს გალობის დასასრულია.

მეორე გალობის ჩასართავი „მეორე სჯულის“ წიგნიდან საკმაოდ ვრცელია. გიორგი მთაწმინდელი ძირეულად არ ცვლის ძველი ბერძნულის ვითარებას, რადგან ჩასართავებს გვაძლევს „მეორე სჯულის“ 32:20b-დან, მიუხედავად იმისა, რომ საგალობლის მოცულობა მას ამის საშუალებას აძლევდა (მოსეს გალობა მოიცავს „მეორე სჯულის“ 32-ე თავის 1-43 მუხლებს). ის ამ შემთხვევაში მიჰყვება მის ხელთ არსებულ ბერძნულ წყაროს. მეორე გალობაში ბიბლიურ საგალობელთა ჩართვა რომ „მეორე სჯულის“ 32:20b-დან იწყებოდა, ამას Sinai Graecus 734-735-ჩვენებაც მოწმობს.

არსენ იყალთოელის რედაქციაში ჩასართავებად მოცემულია მოსეს გალობის ორი მონაკვეთი – მრ.სჯ. 32:1-17 და მრ. სჯ. 32:40-43. სწორედ ამ გარემოების გამო თანხვდება ჩასართავთა ბოლო მუხლები ჩვენ მიერ განხილულ წყაროებში.

ქართულ რედაქციებში მეოთხე გალობის ჩასართავი იწყება ამბაკუმის წინასწარმეტყველების მესამე თავის მეორე მუხლიდან:

უფალო! მესმა სმენაჲ შენი და შემეშინა. უფალო! განვიცადენ საქმენი შენნი და დამიკჳრდა“ [Par.5:131r; 144r; 242r].

Sin. Gr. 734-735-ში კი პირველ ჩასართავად ამავე თავის მეოთხე მუხლია მოცემული:

καὶ φέγγος αὐτοῦ ὡς φῶς ἔσται• κέρατα ἐν χερσὶν αὐτοῦ, καὶ ἔθετο ἀγάπησιν κραταιὰν ἰσχύος αὐτοῦ“ [Sin. Gr. 734-735:73v].

განხილულ ძველბერძნულ წყაროში მეშვიდე გალობის ტექსტზე ბიბლიური საგალობლები სრულყოფილად არ არის დართული.  Sin. Gr. 734-735-ში მეშვიდე გალობას ახლავს თერთმეტი მუხლი დანიელის წინასწარმეტყველებიდან. პირველი ჩასართავი მოცემულია მეორე ტროპარის შემდეგ. მუხლთა დართვა წყდება მეთოთხმეტე ტროპარზე. ეს ძველი ტრადიციის მოშლის კიდევ ერთი მტკიცებულებაა. ამასთანავე, იქმნება შთაბეჭდილება, რომ ბიბლიური საგალობლები უკვე გადაწერილ ტექსტს დაურთეს.

ბიბლიურ საგალობელთა დასაწყისი მუხლი ქართულ რედაქციებშიც განსხვავებულია. კერძოდ, წმინდა გიორგი მთაწმინდლის თარგმანში ჩასართავები იწყება მესამე თავის 33-ე მუხლიდან:

და აწ არა არს აღებად პირისა ჩუენისა“ [Par. 5:150r].

წმინდა ეფთჳმე ათონელისა და წმინდა არსენ იყალთოელის რედაქციებში პირველი ჩასართავის პირველ მუხლად მოცემულია მესამე თავის 26-ე მუხლი:

კურთხეულ ხარ შენ, უფალო, ღმერთო მამათა ჩუენთაო, ქებულ და დიდებულ არს სახელი შენი უკუნისამდე“ [Par.5:134r; 245v].

რაც შეეხება Sin. Gr. 734-735-ს, აქ პირველ მუხლად მოცემულია დან. 3:37.

ὃτι, δεσποτα, ἐσμικρύνθημεν“ [Sin. Gr. 734-735:78v]

კარგადაა ცნობილი, რომ წმინდა არსენ იყალთოელი, როგორც ელინოფილიზმის წარმომადგენელი, ბერძნული ტექსტის არა მხოლოდ შინაარსობრივ, არამედ ფორმობრივ ეკვივალენტსაც ქმნიდა. აქედან გამომდინარე, ცხადია, „დიდი კანონის“ არსენისეულ რედაქციაში გამოვლენილი განსხვავებანი ვერ იქნება შემთხვევითი ხასიათისა. შესაბამისად, ლოგიკურია, ვიფიქროთ, რომ არსენისეული რედაქცია ასახავს ბიბლიურ საგალობელთა ჩართვის იმ წესს, რომელიც ამ რედაქციის ძველბერძნულ წყაროში იყო მოცემული.

ზოგადად, ტროპართა შორის ბიბლიურ საგალობელთა განაწილების არაერთგვაროვანი სურათი, რომელიც მეშვიდე გალობაში იჩენს თავს, გვაძლევს საფუძველს, ვიფიქროთ, რომ არსებობდა ჰიმნთა ჩართვის განსხვავებული ვარიანტები, ჩვენ მიერ განხილული წყაროები კი ამ განსხვავებულ ვარიანტებს ასახავს.

საინტერესოა, დიდი კანონის ტექსტზე ბიბლიურ საგალობელთა დართვისას იყენებენ თუ არა ქართველი მთარგმნელები  წმინდა წერილის ქართულ რედაქციებს.

როგორც აღვნიშნეთ, რედაქციული თვალსაზრისით, K-79-ში გამოვლენილი ბიბლიური საგალობლების მუხლები არაერთგზის განსხვავდება Par-5-ის ვერსიისაგან. განსხვავებანი რამდენიმე ხასიათიასაა: 1. დასტურდება მუხლის გელათური იკითხვისი; 2. რედაქციები ერთმანეთშია აღრეული (ეს მოვლენა K-79 ხელნაწერისათვის უცხო არ არის); 3. გვაქვს რედაქციულად განსხვავებული იკითხვისი.

(1) გელათური რედაქციის [2] (აღინიშნება ლიტერით G)  ნიმუშია დასაწყისის სახით მოცემული მუხლი: „შესცოდეს მას შვილთა“ [K-79:165v].

საილისტრაციოდ დავიმოწმებთ ქართულ რედაქციათა ჩვენებას:

შეცოდეს მას ნაშობთა მათ ბილწებისათა, ნათესავმან დრკუმან და გულარძნილმან“ [მრ. სჯ. 32:5 BDES].[3]

შესცოდეს მას შვილთა ნაბილწვართა, ნათესავმან დრკუმან და გულარნილმან“ [მრ. სჯ. 32:5 G].

ანალოგიური ვითარება გვაქვს ამ შემთხვევაშიც: „ვითარცა არწივმან რაჲ დაფარნის ბუდენი თჳსნი“ [K-79:166r].

ვითარცა ორბმან რაჲ დაიფარნა ბუდენი თჳსნი“ [მრ. სჯ. 32:11 BDES].

ნუსხები უჩვენებენ ამ მუხლის განსხვავებულ წაკითხვებს: დაფარნა B. თჳსთა BS.

ვითარცა არწივმან დაიფარნის ბუდენი თჳსნი“ [მრ. სჯ. 32:11 G].

(2) საინტერესოა რედაქციათა აღრევის მაგალითები. უნდა აღვნიშნოთ, რომ, რადგან K-79-ში „დიდი კანონის“ ჩასართავები დასაწყისების სახითაა მოცემული, ხშირად რთულდება აღრევის იდენტიფიცირება. ჩვენ მიერ დამოწმებული მაგალითები, ვფიქრობთ, კარგად წარმოაჩენს რედაქციათა შერევის ზოგად ხასიათს.

გარე-შეიცვა იგი დ“ [K-79:166r].

გარე-მოადგა მათ და განსწავლნა იგინი და დაიცვნა იგინი, ვითარცა გუგა თუალისა“ [მრ. სჯ. 32:10b ABDEKS].

შეიცვა იგი და განსწავლა იგი და დაიცვა იგი, ვითარცა გუგაჲ თუალისაჲ“ [მრ. სჯ. 32:10b G].

ანალოგიური ვითარებაა ამ შემთხვევაშიც:

განმაძჳნეს მე უ...“ [K-79: 166r].

მართალია, ხელნაწერის ამ მუხლის მხოლოდ დასაწყისი დასტურდება, მაგრამ მისი რედაქციული კუთვნილების დასადგენად ესეც საკმარისია.

განმარისხეს მე უცხოთა მათ“ [მრ. სჯ. 32: 16a BDES].

მუხლის ამ ნაწილის წაკითხვაში ნუსხათა შორის გამოვლენილი სხვაობანი უკავშირდება ერთ სიტყვას: უცხოთა]უცხოთესლთა B.

განმაძჳნეს მე უცხოთა ზედა“ [მრ. სჯ. 32: 16a G].

(3) არცთუ ისე იშვიათად K-79-ის ვარიანტი განსხვავებულია ძველი აღთქმის ქართულ რედაქციათაგან. მაგალითად:

უმსხუჱრპლიდეს ეშმაკთა“ [K-79:166r].

უზორვიდეს იგინი ეშმაკთა და არა შესწირვიდეს ღმრთისა, ღმერთთა მათ, რომელი-იგი არა იცოდეს მამათა მათთა“ [მრ. სჯ. 32:17 BDES].

დასტურდება განსხვავებული წაკითხვები: იგინი]იგი S. ეშმაკთა+მიმართ B.

უკლვიდეს ეშმაკთა და არა ღმერთსა, ღმერთთა, რომელნი არა უწყოდნეს მამათა მათთა“ [მრ. სჯ. 32:17 G].

ზოგადად, K-79 ხელნაწერისათვის ასეთი შემთხვევები დამახასიათებელია.

ძველ ბერძნულ და ქართულ წყაროთა ურთიერთმიმართებისა და Par. 5-თან K-79 ხელნაწერის ურთიერთდამოკიდებულების საილუსტრაციოდ   წარმოვადგინეთ ცხრილი, რომელშიც ამჯერად მხოლოდ მეოთხე გალობაზე დართული ბიბლიური ოდები შევიტანეთ. პირველ სვეტში მოცემულია Sin. Gr. 734-735-ის ჩვენება, მეორე და მესამე სვეტებში – წმინდა არსენ იყალთოელის რედაქციის შემცველი ორი ნუსხის (Par.5 და K-79) მონაცემები ვინაიდან წმინდა ეფთჳმე  ათონელისა და წმინდა გიორგი მთაწმინდლის რედაქციები ტროპართა რაოდენობის თვალსაზრისით ძველბერძნული ვერსიებისაგან განსხვავდება, ბიბლიურ საგალობელთა განაწილების სქემაში მათი გათვალისწინება ამჯერად საჭიროდ არ მივიჩნიეთ. წმინდა გიორგი მთაწმინდელიანდერძში მოწმობს „დიდ კანონში“ ბიბლიურ მუხლთა განაწილების მახასიათებლებზე: „ხოლო ვინაჲთგან წმიდასა მამასა ეფთჳმეს სხუასა პირსა ზედა აღეწერნეს და წმიდასა ანდრეას სხუასა რავოდენნიმე დასდებელნი, და მე ვერცა წმიდისა მამისა ეფთჳმესა ვით დავაგდებდი, ვერცა წმიდისა ანდრეაჲსსა, ამის პირისათჳს უმრავლესი ძალი შემოვიდა და უმრავლესი დასდებელი ფსალმუნთა შინა და საჭირო იქმნა მუჴლთა წურილადრე დაჭრაჲ“ [Par.5:158v-159r].

ზემოთქმულიდან გამომდინარე, ამ შემთხვევაში მნიშვნელობა აქვს ჩასართავი ტექსტის პირველ და ბოლო მუხლებს (რაც ზემოთ უკვე განვიხილეთ) და არა მათი განაწილების სქემას, რომელიც, ბუნებრივია, ჩვენ მიერ დამოწმებული ძველბერძნული ვარიანტისაგან განსხვავებული იქნება.

 

IV გალობა

Sinai Graecus 734-735

Par.5

K-79

[73v]κα φέγγος ατο [Hab. 3:4]

[242r] უფალო, მესმა სმენაჲ შენი [ამბ. 3:2a]

 

[167r] უფალო, მესმა სმენა შენი და შემეშინა, უფალო, გან...[ამბ. 3:2ab]

 

πρ προσώπου ατο [Hab. 3:5]

უფალო, განვიცადენ საქმენი შენნი

და დამიკჳრდა [ამბ. 3:2b]

შორის ორთა მათ ცხოველ  [ამბ. 3:2c]

στη, κα σαλεύθη [Hab. 3:6a]

შორის ორთა მათ ცხოველთასა

იცნობე შენ, მოახლებასა წელთა

შენთასა გამოსცხადენ შენ ამბ. 3:2c)

მოწევნასა ჟამთასა საცნ. (ამბ. 3:2d)

διεθρύβη τ ρη βί [Hab. 3:6b-7a]

მოწევნასა ჟამთასა საცნაურ

იყო, შენ, შეძრწუნებასა სულისა

ჩემისასა, რისხვასა შინა

წყალობაჲ მოიჴსენი შენ (ამბ. 3:2d)

[167v] ღმერთი სამხრით მოვიდეს [ამბ. 3:3a]

σκηνώματα Αθιόπων· [Hab. 3:7b]

ღმერთი სამხრით მოვიდეს

და წმიდაჲ იგი მთით ჩრდილოჲთ

მაღნართაჲთ [ამბ. 3:3a]

დაფარნა ცანი [ამბ. 3:3b]

μ ν ποταμος [Hab. 3:8a]

დაფარნა ცანი შუენიერებამან

მისმან, და ქებითა მისითა აღივსო

ქუეყანაჲ [ამბ. 3:3b]

საყოფელნი ეთიოპე [ამბ. 3:7b]

τι πιβήσ [Hab. 3:8b]

შეძრწუნდეს საყოფელნი

ეთიოპელთანი და კარვები ქუეყანისა მადიამისაჲ [ამბ. 3:7b]

ნუ მდინარეთა ზედა [ამბ. 3:8a]

[74r]ντείνων νέτεινας τόξον [Hab. 3:9a]

მდინარეთა ზედა ნუ

განრისხნეა, უფალო, ანუ გულისწყრომაჲ შენი მდინარეთა ზედა,

გინა თუ ზღუასა ზედა სლვაჲ შენი? [ამბ. 3:8a]

რამეთუ აღჰჴდე შენ [ამბ. 3:8b]

ποταμν αγήσεται γ [Hab. 3:9b-10a]

რამეთუ აჰჴდე შენ ეტლთა შენთა ზედა, და მჴედრობაჲ შენი ცხორება არს [ამბ. 3:8b]

გარდაცუმით გაარდაცუ მშჳლდსა [ამბ. 3:9a]

σκορπίζων δατα πορείας· (Hab. 3:10b)

 

გარდაცუმით გარდააცუა

მშჳლდსა შენსა თესლთა ზედა,

იტყჳს უფალი [ამბ. 3:9a]

მდინარეთა ზედა (ამბ. 3:9b-10a)

πήρθη λιος (Hab. 3:11a)

მდინარეთა განიპოს ქუეყანაჲ, გიხილონ შენ და ელმოდის ერთა (ამბ. 3:9b-10a)

განბნევად სლვასა წყალთასა (ამბ. 3:10b)

ες φς βολίδες [Amb. 3:11b]

[242v] განბნევად სლვასა წყალთასა, უფსკრულმან მოსცა ჴმაჲ თჳსი სიმაღლითა საოცრებათა

მისთაჲთა (ამბ. 3:10b)

[168r]ამაღლდა მზე და მთოვარე და დადგა [ამბ. 3:11a]

ν πειλ λιγώσεις [Amb. 3:12]

ამაღლდა მზე, და მთოვარე დადგა წესსა ზედა თჳსსა [ამბ. 3:11a]

ნათლად სასროლნი შენნი  [ამბ. 3:11b]

[74v]ξλθες ες σωτηρίαν [Amb. 3:13a]

ისარნი შენნი ნათლად

ვიდოდიან და ბრწყინვალებად

ელვისა საჭურველი შენი [ამბ. 3:11b]

ქადებით შეამწირო ქუჱყანა [ამბ. 3:12]

βαλες ες κεφαλς [Amb. 3:13b]

თქუმით შეამცირო ქუეყანაჲ და გულის-წყრომით შეჰმუსრნე

წარმართნი [ამბ. 3:12]

გამოხუედ მაცხოვრად ერისა [ამბ. 3:13a]

διέκοψας ν κστάσει [Amb. 3:14]

გამოხუედ მაცხოვრად ერისა შენისა და ჴსნად ცხებულთა შენთა [ამბ. 3:13a]

მოჰჴადე თავებსა ზედა [ამბ. 3:13b]

πιβιβς ες θάλασσαν [Amb. 3:15]

მიავლინე თავსა ზედა

უსჯულოთასა სიკუდილი, აღდგენ საკრველნი ვიდრე ქედადმდე სრულიად [ამბ. 3:13b]

წარჰკუჱთენ განკჳრვებით თავნი ძლიერთანი [ამბ. 3:14]

φυλαξάμην, κα πτοήθη [Amb. 3:16a]

შეჰმუსრენ განკჳრვებით თავნი ძლიერთანი, შეიძრნენ მას შინა, განახუენ აღჳრნი მათნი, ვითარცა ჭამნ რაჲ გლახაკი იდუმალ [ამბ. 3:14]

ივლინეს ზღუასა ზედა [ამბ. 3:15]

κα εσλθεν τρόμος [Amb. 3:16b]

და ივლინენ ზღუასა ზედა

ჰუნენი შენნი აღძრვად წყალთა

მრავალთა [ამბ. 3:15]

დავიცევ და შემიძრწუნდა გული [ამბ. 3:16a]

ναπαύσομαι [Amb. 3:16c)

დავიცევ და შემიძრწუნდა

გული ჩემი ჴმისაგან ლოცვისა

ბაგეთა ჩემთაჲსა [ამბ. 3:16a]

[168v]და შეედვა ძრწოლა (ამბ. 3:16b)

[75r]διότι συκ ο [Amb. 3:17a]

შეედვა ძრწოლაჲ ძუალთა ჩემთა, და ძალი ჩემი შეძრწუნდა ჩემ თანა (ამბ. 3:16b)

განვისუჱნო მე დღესა ჭირი [ამბ. 3:16c]

ψεύσεται ργον λαία [Hab. 3:17b]

[243r]განვისუენო მე დღესა ჭირსა ჩემისასა აღსლვასა მას ჩემსა მის მწირობისა ჩემისასა [ამბ. 3:16c]

რამეთუ ლეღუმან არა გამოიღოს [ამბ. 3:17a]

ξέλιπεν π βρώσεως [Amb. 3:17c]

რამეთუ ლეღუმან არა

გამოიღოს ნაყოფი თჳსი, და ვენაჴისა გამონაღები არა იპოოს [ამბ. 3:17a]

ეცრუოს საქმე ზეთისხილისა [ამბ. 3:17b]

γ δ ν [Amb. 3:18]

ეცრუოს საქმე ზეთის-ხილისაჲ, და ველმან არა აღმოაცენოს საჭმელი [ამბ. 3:17b]

მოაკლდეს საჭმელთაგან ცხოვარნი [ამბ. 3:17c]

Κύριος θες [Amb. 3:19a]

მოაკლდენ საჭმელთაგან

ცხოვარნი, და ჴარნი არა იპოვნენ ბაგასა [ამბ. 3:17c]

ხოლო მე უფლისა მიმართ ვიხარებდე [ამბ. 3:18]

κα τάξει τος πόδας μου [Amb. 3:19b]

ხოლო მე უფლისა მიმართ ვიხარებდე და მხიარულ ვიყო მე ღმრთისა მიმართ, მაცხოვრისა ჩემისა [ამბ. 3:18]

უფალი ღმერთი ძალ ჩემდა, დაამტკიცნა ფერჴნი ჩემნი სრულიად [ამბ. 3:19a]

 

მაღალთა ზედა დამადგინა მე

ძლევად გალობითა თჳსითა [ამბ. 3:19b]

[169r]მთათა ზედა დამადგინა მე [ამბ. 3:19b]

ცხრილი კარგად წარმოაჩენს წმინდა არსენ იყალთოელის რედაქციაში გამოვლენილ ბიბლიურ საგალობელთა მიმართებას Sinai Graecus 734-735-თან. ვფიქრობთ, იგი ზოგად წარმოდგენას ქმნის K-79-ში გამოვლენილ რედაქციული ხასიათის ცვლილებათა შესახებაც, მიუხედავად იმისა, რომ მსგავსი ცვლილებები მეორე გალობაში უფრო მრავლად დასტურდება. აღსანიშნავია ისიც, რომ მეოთხე გალობაზე დართულ ბიბლიურ საგალობელთა განაწილებაში K-79 განსხვავდება Par.5-ის ვარიანტისაგან.

განხილული მასალის საფუძველზე გამოიკვეთა:

„დიდ კანონზე“  ბიბლიურ საგალობელთა დართვის წესი მხოლოდ ქართული ხელნაწერებით არ შემონახულა, იგი დასტურდება, სულ მცირე, ერთ ძველბერძნულ წყაროში (Sin. Gr. 734-735).

ქართულ რედაქციებში განსხვავებულია ტროპარებს შორის ბიბლიურ საგალობელთა განაწილების წესი. ამ თვალსაზრისით, ქართულ თარგმანთა ჩვენება ხშირად არ ემთხვევა განხილულ ძველბერძნულ ნუსხაში გამოვლენილ ვარიანტს. ეს მოწმობს, რომ არსებობდა ბიბლიურ საგალობელთა განაწილების სხვადასხვა ვარიანტი.

რედაქციული თვალსაზრისით, K-79-ში დადასტურებული ბიბლიური საგალობლები განსხვავდება Par.5-ის ვარიანტისაგან. K-79-ში აშკარაა გელათური ბიბლიის გავლენა.

K-79-ში დადასტურდა ისეთი მუხლებიც, რომლებიც ამ ეტაპზე ვერ გამოვავლინეთ ძველი აღთქმის ქართულ რედაქციებში.

 

კვლევა (PHDF-21-7582) განხორციელდა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით.

 

პირობითი აღნიშვნები და შემოკლებათა განმარტება

K-79 ქუთაისის სახელმწიფო ისტორიული მუზეუმი, XV-XVI სს.

Par. 5 საფრანგეთის ნაციონალური ბიბლიოთეკა, X-XIII სს.

Sin. Gr. 734-735 კონკრესის ნაციონალური ბიბლიოთეკა, X ს.

მრ. სჯ. – მეორე სჯული

ამბ. – წინასწარმეტყველება ამბაკუმისი

 

ლიტერატურა

ბიბლია
2017
ბიბლია, ძველი აღთქმა ტომი I, II, თბილისი.
გაბიძაშვილი ე.,
2011
ძველი ქართული მწერლობის ნათარგმნი ძეგლები, 5. ლიტურგიკა, ჰიმნოგრაფია, თბილისი.
კერნი კ.,
2021
ლიტურგიკა, ჰიმნოგრაფია და ეორტოლოგია, თბილისი.
მეტრეველი ე., გრიგოლაშვილი ლ.,
2020
წმინდა ანდრია კრიტელი, „დიდი კანონი“, ძველი ქართული თარგმანები, თბილისი.
Mellas A.,
2020
Liturgy and the Emotions in Byzantium, Cambridge.
ხელნაწერთა...
1953
ხელნაწერთა აღწერილობა, ტომი I, თბილისი