ოდისევსის მისია „ილიადაში“: იყო კი ის ყოველთვის წარუმატებელი?
DOI: 10.55804/jtsuSPEKALI-17-6
თვალსაზრისი, რომ ჰომეროსის მიერ ეტაპობრივი გაფართოების გზით „ილიადის“ შექმნას არაერთი ათწლეული დასჭირდებოდა, არ ეწინააღმდეგება ჰომეროლოგიაში უნიტარიზმად სახელდებულ თეორიას. მისი თვალსაჩინო წარმომადგენლის, რ. გორდეზიანის, აზრით, „ის, რომ „ილიადა" და „ოდისეა" არაა ერთი ამოსუნთქვით დაწერილი პოემები, სრულიად აშკარაა. უნდა ვიფიქროთ, რომ პოეტი მათ თანდათანობით, ნაწილ-ნაწილ ქმნიდა. […] ასევე დასაშვებია, რომ პოემის ნაწილები დროში იმ თანმიმდევრობით არ იქმნებოდა, რაც მათ ახლა აქვთ“ [გორდეზიანი, 2002: 125]. ახლად აღორძინებული ნეოუნიტარული თეორია (გულდი, ჰოიბექი, მიულერი, უესთი) „ილიადის“ უპრეცედენტო სიგრძეს თავად ჰომეროსის მიერ მისი მრავალწლიანი გაფართოებით ხსნის და ცდილობს ამ პროცესის ძირითადი (ზეპირი და წერილობითი) ეტაპების დადგენას [Goold, 1977; Heubeck, 1977; Mueller, 1984: 159-176; West, 2011].
XIX-XX სს.-ის თითქმის ყველა ანალიტიკური ნაშრომის [Leaf, 1886: 285-6; West, 2011: 55-8] და მ. მიულერისა და მ.ლ. უესთის ბოლოდროინდელი გამოკვლევების თანახმად, მე-9 წიგნი მიჩნეულია უკვე ფაქტობრივად დასრულებულ „ილიადაში“ განხორციელებულ ერთ-ერთ უკანასკნელ (ჰომეროსისეულ) ჩანართად [Mueller, 1984: 173-4; West, 2011: 53-4, 60]. მაგრამ თუკი მაინც დავუშვებთ, რომ მე-9 წიგნი იმთავითვე იყო წინარე „ილიადის“ ნაწილი (დაწვრ. [ხინთიბიძე, 2012]), მაშინ გაჩნდება კითხვა: როგორ სრულდებოდა თავდაპირველი ელჩობა, ისე როგორც ამჟამინდელ „ილიადაში“, ანუ წარუმატებლად, თუ, პირიქით, წარმატებით? ოდისევსის, როგორც ტრადიციულად უბადლო მომლაპარაკებლის, ფაქტორის გათვალისწინებით, ჩემი არჩევანი მეორე პასუხისკენ იხრება. ამ შემთხვევაში პოემის დასაწყისში იქნებოდა კონფლიქტი აქილევსსა და აგამემნონს შორის, მის ბოლოს კი ამავე გმირების შერიგება, ოღონდ პატროკლოსის (და ამდენად, შემდგომში ჰექტორის) სიკვდილის გარეშე. წინარე „ილიადის“ სტრუქტურული სიმეტრიის თაობაზე ჩემს ზემოგამოთქმულ ვარაუდს, ვფიქრობ, ამყარებს დ. ლომანის დაკვირვება [Lohmann, 1970: 173-4], გაზიარებული მ.ვ. ედუარდსის მიერ [Edwards, 1991: 239]: „[ლომანის] თანახმად, [მე-19 წიგნში აქილევს-აგამემნონის შესარიგებელი] შეკრება შეიცავს იმავე თემატურ ნაწილებს, რომლებსაც 1-ელ წიგნში [აქილევსისა და აგამემნონის კონფლიქტის სცენა], ოღონდ შებრუნებული თანმიმდევრობით: სინანული წარსული ქმედებების გამო, რისხვის დასრულება, მიყენებული შეურაცხყოფის გამო ძღვენის შეთავაზება და ბრისეისის დაბრუნება. ორივე კრებას იწვევს და ხსნის აქილევსი. ამ სცენების მსგავსებას ამჩნევს [ვ.] არენდიც [Arend, 1933: 117-8]“. წინარე „ილიადის“ სტრუქტურულ სიმეტრიას, ვფიქრობ, კიდევ უფრო გამოკვეთდა მის დასაწყისსა და ბოლოს ოდისევსის მიერ წარმოთქმული ორი სიტყვა (იხ. ქვემოთ). „ილიადაში“ ესოდენ ზუსტი სიმეტრია, ალბათ, მხოლოდ 1-ელ და ბოლო, 24-ე წიგნებს შორისაა [Bowra, 1930: 15-6; Whitman, 1958: 157-83]. ამდენად, საფიქრებელია, რომ ზეპირი პოეზიისათვის დამახასიათებელი კომპოზიციური მოჩარჩოების ეს ხერხი პოეტს პოემის თავდაპირველ ვერსიაშიც გამოეყენებინა, რომელშიც მე-9 წიგნის იმ დროისათვის, სავარაუდოდ, წარმატებული ელჩობა პირდაპირ გაგრძელდებოდა მე-19 წიგნში ახლაც არსებული გმირების შერიგებით (დაწვრ. [ხინთიბიძე, 2018]).
ს.ჰ. უითმენის აზრით, „აქილევსის მიერ კომპრომისული პირობების მიღება მას არშემდგარ გმირად გადააქცევდა“ [Whitman, 1958: 191-2]. გ. ნეგის აზრით, „‘ილიადის’ ტრიუმფი ისაა, რომ ტროის დაულაშქრავად ‘აქაველთაგან უდავოდ საუკეთესო’ აქილევსია. ‘ილიადისეულმა’ ტრადიციამ ოდისევსის დიდება ტროასთან აქილევსის დიდებით ჩაანაცვლა. ელჩობისას ოდისევსის წარმატება გამოიწვევდა აქილევსის წარუმატებლობას მისსავე ეპოპეაში“ (Nagy, 1979: 41, 52). მ.ლ. უესთის აზრით, „როგორმე აქილევსი ბრძოლას უნდა დაბრუნებოდა. ეს შეიძლება მარტივადაც მომხდარიყო: აქაველთა გართულებული მდგომარეობით იძულებული აგამემნონი ბოდიშს მოუხდიდა აქილევსს და სოლიდურ კომპენსაციას გადაუხდიდა, რის შემდეგ კიდევ უფრო დიდი სახელის მოსახვეჭად გმირი ტროელებს განდევნიდა და განგმირავდა ჰექტორს. ეს არის ინდოევროპული მოტივი, როცა ხანგრძლივ ცხოვრებას გმირი დიდებას ამჯობინებს; ეს ტაეპებიც [9.410-5, თეტისის წინასწარმეტყველება] სწორედ იმაზე მიუთითებს, რომ აქილევსი თავდაპირველად ასეც იქცეოდა. მაგრამ პოეტმა ეს პასაჟი ახლებურად გამოიყენა; აქილევსი იმედგაცრუებულია და საგმირო ყოფას სიმშვიდესა და კომფორტს ამჯობინებს“ [West, 2011: 46, 224]. ჯ. გრიფინის თანახმად, „ჩვენი მოლოდინით, აქილევსს უნდა მიეღო აგამემნონის ძღვენი; პოემის პერსონაჟები სწორედ ამგვარად იქცევიან. აქილევსის უარმა გმირის ბრძოლიდან განდგომისა და ბოლოს ტრიუმფით დაბრუნების ტრადიციული სიუჟეტი ‘ილიადად’ გადააქცია. სწორედ აქედან მოყოლებული ‘ილიადის’ სიუჟეტი გარდაიქმნება და სხვაგვარად ვითარდება. ტრადიციული ამბის განრისხებული გმირი აიძულებს მეფეს ღირსება დაუბრუნოს მას, მაგრამ აქილევსის შეუვალი უარი მოვლენების წინასწარ განჭვრეტას შეუძლებელს ხდის და უკვე არც აგამემნონმა იცის და აღარც თავად გმირმა, რა მოიმოქმედოს. კომპრომისი მიიღწევა პატროკლოსით [აქილევსის] ჩანაცვლებით, რასაც აქილევსი პიროვნულ ტრაგედიამდე მიჰყავს; ამდენად, აქ მისი უარი უმნიშვნელოვანესია მთელი სიუჟეტისათვის. შესაბამისად, აუცილებელია, რომ ის შთამბეჭდავი და დამარწმუნებელი იყოს“ [Griffin, 1995: 25-6, 109]. ზემოდამოწმებულ მკვლევართა დაკვირვებები უდავოდ ყურადსაღებია, თუმცა, არასაკმარისი; „ილიადის“ ფორმირების პროცესის სრულად გააზრებისათვის, ვფიქრობ, უნდა დადგინდეს, ხომ არ იძებნება ამჟამინდელ პოემაში იმის კვალი, რომ წინარე „ილიადაში“ აქილევსი თანხმდებოდა მისი მეგობარი ოდისევსის შეთავაზებას, შერიგებოდა აგამემნონს და ... მსმენელთა მოლოდინისამებრ ელჩობა წარმატებულად სრულდებოდა? ამგვარი „ილიადის“ ავტორი, ვფიქრობ, იქნებოდა ახალგაზრდა ზეპირი პოეტი ჰომეროსი, ჯერაც გამოუცდელი, თავისი შემოქმედებითი გზის დასაწყისში მყოფი ხელოვანი, ხოლო მის სიმღერაში გადმოცემული ერთადერთი ამბის (აგამემნონისგან აქილევსის განრისხებისა და ოდისევსის მიერ მათი შერიგების) პროტაგონისტი კი - სწორედ ოდისევსი, ან მასთან ერთად აქილევსიც. ასე რომ, ხელმეორედ ვსვამ კითხვას: მოიპოვება ჩემი ვარაუდის მხარდასაჭერი რაიმენაირი კვალი ამჟამინდელ „ილიადაში“? პასუხი დადებითია: XIX-XX სს.-ის ანალიტიკურმა თეორიამ პოემის სიუჟეტში არაერთი ბუნდოვანი ადგილი გამოავლინა.
ამგვარად, სტატიაში მოხმობილ ფაქტობრივ მონაცემთა უმეტესობას მკვლევარები დიდი ხანია იყენებენ, თუმცა „ილიადის“ დასაყოფად და ამდენად, პოემის ერთავტორობის უარსაყოფად. მაგრამ ნეოუნიტარული თეორია მათ განსხვავებულად გაიაზრებს: „ილიადის“ ტექსტში რეალურად არსებულ შეუსაბამობათა უარყოფა საჭირო აღარაა, რადგან პოემის ცალკეულ ნაწილთა შორის წინააღმდეგობები ავლენს ერთი (და არა მრავალი) პოეტის, კერძოდ, ჰომეროსის მიერ „ილიადის“ ეტაპობრივი გაფართოების კვალს. კერძოდ, მიულერის თანახმად, ჰომეროსი ქმნის „ვრცელ ნაშრომს ორგვარი ტექსტური მოდალობის [ზეპირისა და წერილობითის] ზღვარზე. რაკი ჰომეროსი არ იყო თავისი ტექსტის, თანამედროვე სტანდარტებით, უნაკლოდ გამომცემელი, ‘ილიადის’ ფორმირების პროცესში შესაძლებელია გამოიყოს რამდენიმე სავარაუდო ეტაპი" [Mueller, 1984: 172]. ჯ.ფ. გულდის აზრით, „მტკიცებულებები მიუთითებენ: თავის ტექსტს ჰომეროსი წერდა და თანაც იმდენი დაბრკოლების გადალახვით, რომ [უკვე დაწერილის] წაშლა-გადაკეთებას მის განვრცობა-განმარტებას ამჯობინებდა“ ([Goold, 1977: 17]; შდრ. [West, 2011: 11, ტ. 14]). დაბოლოს, უესთის თანახმად, „პოეტი თანდათანობით აფართოებდა თავის ნაშრომს, მაგრამ არა, უპირატესად, უბრალოდ ბოლოდან მიმატებით, არამედ უკვე შექმნილ ნაწილებში ჩანართების ჩასმით; ზეპირი პოეზიის თეორიის მომხრეები თვალს უხუჭავენ პოემაში არსებულ მრავალრიცხოვან სტრუქტურულ პრობლემებს. მათი უმეტესობა საკმაოდ მარტივად იხსნება ავტორისეულ გაფართოებათა ჰიპოთეზით“ [West, 2011: V, 13]. ფორმატის გამო სტატიაში „ილიადის“ მხოლოდ მე-9 და მე-19 წიგნების რამდენიმე სიუჟეტურ შეუსაბამობას განვიხილავ. თუმცა, მათ გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვთ ჩემი თვალსაზრისის დასაბუთებისათვის. დავიწყებ აქილევსთან ელჩობის შედეგის ოდისევსის მიერ არასრულად გადმოცემით (9.677-92), რაც აგამემნონსა და დანარჩენ აქაველებს აფიქრებინებს, რომ აქილევსი დილით სამშობლოში მიემგზავრება (690-5). სინამდვილეში, ფოინიქსთან საუბრის შემდეგ (434-619) მან შეიცვალა აზრი და დარჩენა გადაწყვიტა (618-9), მოგვიანებით, აიასთან დიალოგის შემდეგ (624-55) კი ბრძოლის ველზე დასაბრუნებელი პირობებიც წამოაყენა (649-55). ვფიქრობ, ნათელია, რომ ეს ბუნდოვანი ადგილი ვერ აიხსნება ანალიტიკური მიდგომით, ანუ ორი [Mühll, 1952: 180-2, ბიბლ.-ით] ან მეტი [Page, 1959: 297..., ბიბლ.-ით] ავტორის არსებობის დაშვებით, რადგან წარმოუდგენელია, რომელიმე ინტერპოლატორს, ზეპირს თუ წერილობითს, ესოდენ უხეში შეცდომა დაეშვა. უნიტარები, პირიქით, ამ ბუნდოვან შემთხვევას ხსნიან ჰომეროსის სურვილით, თავიდან აეცილებინა შემდგომი კომპოზიციური სირთულეები (ვ. შადევალდტის, ლომანის და სხვათა მოსაზრებათათვის [Griffin, 1995: 145-6]). ვფიქრობ, მათგან ყველაზე დამაჯერებელია რ. სქოუდელი [Scodel, 1989]; მას ეთანხმება გრიფინიც: „მომდევნო წიგნებში აქაველებმა უნდა იბრძოლონ აქილევსის დაბრუნების იმედის გარეშე, დამარცხების და განადგურების შიშით; მხატვრული თვალსაზრისით, დამღუპველი იქნებოდა, თუ ეცოდინებოდათ, რომ უკანასკნელ წამს ის დაბრუნდებოდა. ამას ოსტატურად აფერმკრთალებს დიომედესის სიტყვა (702-3): თითქოს, იცის, რომ აქილევსი მაინც დარჩა ტროადაში“ ([Griffin, 1995: 146], შდრ. [West, 2011: 231, ტ. 683]).
პრობლემის ამგვარად გადაწყვეტა, ვფიქრობ, მხოლოდ ახალ პასუხგაუცემელ კითხვებს ბადებს: თუ, პოეტის ჩანაფიქრით, აგამემნონისადმი ოდისევსის არასრული ანგარიშის მიზანია, აქაველებმა აქილევსის გარეშე გააგრძელონ ბრძოლა და (ამიტომ) არ იცოდნენ, რომ ის ბოლო წამს დაბრუნდება, მაშინ, მართალია, ბუნდოვნად, მაგრამ რატომღა ამხნევებს დიომედესი აქაველებს (701-3); და თუკი ეს აუცილებელია, რატომ დიომედესი და არა თავად ოდისევსი? და კიდევ: თავისი ტყუილებით ტრადიციულად ოდისევსია ცნობილი, მაგრამ არა აიასი, რომელსაც, აქილევსის დავალებით, აქაველთათვის უნდა ეცნობებინა, რა შემთხვევაში დაუბრუნდებოდა გმირი ბრძოლას (649); მაშ, რატომღა დუმს აიასი, როდესაც ოდისევსს შეცდომაში შეჰყავს აქაველები და თანაც მას იმოწმებს (688-9)? უფრო მეტიც: ჩვენ ვხედავთ, რომ დიომედესმა იცის ელჩობის რეალური შედეგი, მიუხედავად იმისა, რომ იქ არ ყოფილა (701-3)! ამდენად, უფრო დამაჯერებელი ხომ არ იქნებოდა, რომ დიომედესის ეს გამამხნევებელი სიტყვები პოეტს ოდისევსისთვის ეთქმევინებინა, ან აიასისთვის მაინც?! მაგრამ, ვფიქრობ, ეს შეუძლებელი იყო, რადგან, როცა ოდისევსი აგამემნონს ანგარიშს აბარებდა (677-92), აქილევსს წარმოთქმული ჰქონდა მხოლოდ ერთი, ოდისევსის საპასუხო, სიტყვა (308-429)! ამდენად, ისევ ძალაშია კითხვა: რატომ ცრუობს ასე აშკარად ოდისევსი? ეს აიხსნება რომელიმე ზეპირი პოეტის, მართლაც, შემოქმედებითი ჩავარდნით, თუ ჰომეროსის მიერ პოემის მრავალგზის გაფართოებით და ამ შემთხვევაში იქნებოდა კი ოდისევსის მონათხრობი აგამემნონისთვის თავიდანვე არასრული, როგორც ეს ამჟამადაა?! ასე რომ, აუცილებელია ჰომეროსის მიერ ელჩობის სცენის გაფართოების პროცესის აღდგენა. ჩემი დაკვირვებით, განსახილველ პასაჟს (677-92) შემოუნახავს პოემის ადრეული ვერსიების კვალი. მათგან ერთ-ერთში, როგორც ამჟამინდელ „ილიადაშიც“, აქილევსს სამი ელჩი, ოდისევსი, აიასი და ფოინიქსი, სწვევია. თუმცა (ოდისევსის - როგორც ირკვევა, მართებული - მონათხრობის მიხედვით), მასპინძელთან უსაუბრია არა სამივეს, როგორც ახლაა პოემაში, არამედ მხოლოდ ოდისევსს: აშკარაა, რომ გმირმა იცის აქილევსის პასუხი მხოლოდ მის მიმართვაზე. ამდენად, როცა ეს პასაჟი ამჟამინდელი ფორმით შეიქმნა, როგორც ჩანს, მყარადაც დაფიქსირდა, ანუ ჩაიწერა და შემდეგ აღარასდროს შეცვლილა. მოვლენების შემდგომი განვითარება, სავარაუდოდ, ამგვარად შეიძლება წარმოვიდგინოთ: პოემის გაფართოების მომდევნო ფაზაში ოდისევსისა და აქილევსის დიალოგს ფოინიქს-აქილევსის და აიას-აქილევსის საუბრებიც დაემატა (იხ. ქვემოთ); შედეგად, ოდისევსის ანგარიში არა უბრალოდ მოსაუბრეთა რაოდენობის, არამედ ელჩობის საბოლოო შედეგის მხრივაც არასრული გახდა (იხ. ზემოთ). მაგრამ პოემაში ეს მოძველებული პასაჟი ახლაც დასტურდება, რაც განმიმტკიცებს ვარაუდს, რომ პოეტს ის აღარასდროს შეუცვლია და მხოლოდ შეავსო დიომედესის გამამხნევებელი მიმართვით (701-3). ოდისევსის ანგარიშისგან განსხვავებით, მასში ასახულია აქილევსის პასუხი ფოინიქსისა და აიასისადმი: „არა, წავა თუ დარჩება, ეს თავად აქილევსს მივანდოთ. ის მაშინ იბრძოლებს, როცა გული მკერდში ძალუმად აუძგერდება და ღმერთიც ამასვე მოუწოდებს“ [Hammond, 1987: 181).
ახლა კი შევეხები სტატიაში განხილულ საკითხთა შორის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვანს: იმ მიზეზს, რის გამოც, საფიქრებელია რომ, ჰომეროსმა ელჩობის სცენა ფოინიქს/აქილევსის და აიას/აქილევსის საუბრებით განავრცო. როგორც უკვე აღინიშნა, გ. ნეგის თანახმად, „ილიადაში’’ ოდისევსი, ფაქტობრივად, აქილევსის მიერაა ჩანაცვლებული. მაგრამ მისი ცხოვრება იმდენად ხანმოკლე იყო, რომ ტროის აღებას ვერ მოესწრო. ამდენად, ნეგის მცდელობა, რომ ამგვარი ჩანაცვლება ახსნას არა ჰომეროსის ნოვატორობით, არამედ ზეპირი პოეზიის თეორიაზე დაყრდნობით, კერძოდ, ე.წ. „ილიადისეული“ ტრადიციით, სრულიად არადამაჯერებელია: ოდისევსის ტრადიციულ ავტორიტეტს, ვფიქრობ, გამოუსწორებელი ზიანი მიადგა მაშინ, როცა წინა ვერსიაში მდუმარე ფოინიქსმა და აიასმა, ჰომეროსის ინოვაციური ჩანაფიქრისამებრ, საუბარი დაიწყეს და მეტიც, აქილევსთან მოლაპარაკების პროცესში საგრძნობ წარმატებებს მიაღწიეს. თუმცა, მე-9 წიგნის კიდევ ერთი ბუნდოვანების, ფოინიქსთან დაკავშირებული პასაჟების (იხ. ქვემოთ), ანალიზი ნათლად აჩვენებს, რომ ოდისევსის სახის შესუსტების პროცესი დაიწყო მანამდე, ელჩობის სცენის უფრო ადრეულ და ამდენად, სავარაუდოდ, ზეპირად შექმნილ, მაგრამ წერილობით მალევე დაფიქსირებულ, ვერსიაში. ვფიქრობ, ელჩობის ამსახველი სწორედ ეს ზეპირი ჰომეროსული ვერსია, მხოლოდ ოდისევსითა და ორი თანმხლები მაცნით (იხ. ქვემოთ), იყო უძველესი და ამდენად, შექმნილიც ზემოაღდგენილ ვერსიამდე. ეს უკანასკნელი კი, თავის მხრივ, დროში უსწრებდა იმ ვერსიას, რომელიც შემონახულია ამჟამინდელ „ილიადაში“. მკვლევართა უმრავლესობა პოემის ცნობილ ტექსტოლოგიურ პრობლემას (ორობითი რიცხვის ფორმათა ‘არასწორ’ გამოყენებას მე-9 წიგნში [ხინთიბიძე, 2016, ბიბლ.-ით]) ხსნის ელჩობაში აქილევსის მოხუცი ძიძის, ფოინიქსის, გვიანი ჩართულობით. ვფიქრობ, სავსებით შესაძლებელია, რომ პოემის მონუმენტალიზების ადრეულ ეტაპებზე სხვადასხვაგვარი (და განსაკუთრებით ფოინიქსის შემცველი) ჩანართი პასაჟებით ტექსტის გაფართოება ჰომეროსს განეხორციელებინა მის მიერვე მანამდე წერილობით უკვე დაფიქსირებულ ზეპირ ვერსიაში. „ილიადაში“ ზოგიერთი მსგავსი ჩანართის კვალი დღემდეა შემორჩენილი. თუმცა, მათი შემჩნევა საკმაოდ რთულია, რადგან ბუნდოვანი არც საკუთრივ ჩანართი პასაჟებია და არც მათი წინარე ან უშუალოდ მომდევნო ტაეპები. მაგრამ ამ ჩანართების დაფიქსირება მაინც შესაძლებელია უფრო გვიანდელი ჰომეროსული ჩანართებით დატოვებულ კვალზე დაკვირვებით. თავიანთი მხრივ, ეს უფრო გვიანდელი, ახალი ჩანართები საჭირო იყო ადრეული ჩანართების ადაპტირებისთვის მათგან უფრო დაშორებულ პასაჟებთან/სცენებთან, რომლებიც ჰომეროსს თავდაპირველ, უძველეს ვერსიაში ჰქონდა შექმნილი (ადრეული ჩანართები, ძირითადად, მათგან საკმაოდ დაშორებულ თავდაპირველ პასაჟებსა თუ სცენებთან მიმართებითაა სტრუქტურულად შეუთავსებელი). სწორედ ამგვარ წინააღმდეგობათა შესარბილებლად ჰომეროსის მიერ განხორციელებული უფრო გვიანდელი, ახალი ჩანართების კვალია დღემდე ხილული, საიდანაც შეიძლება დავასკვნათ, რომ მომხდარა პოემის ზეპირი, მაგრამ უკვე მყარად დაფიქსირებული, ანუ ჩაწერილი, ვერსიის გაფართოება. ეს კი, თავის მხრივ, ნიშნავს, რომ გაფართოება მომხდარა „ილიადის“ შექმნის უკვე ერთ-ერთ ე.წ. წერილობით ეტაპზე; და რომ, შესაბამისად, ზემოგანხილული შემთხვევებიც შეიძლება მიეკუთვნოს ‘წერილობით’ ჩანართთა რიცხვს: რჩება შთაბეჭდილება, რომ ჰომეროსი ხვეწდა მის (ან თანაშემწეთა) მიერ უკვე წერილობით დაფიქსირებულ ამბავს, რადგან ხილული კვალის დაუტოვებლად მასში ცვლილებ(ებ)ის შეტანა შეუძლებელი აღმოჩნდა (შდრ. [West, 2011: 3]: „არსებითი ისაა, რომ პოეტმა ჩანართები შეიტანა პოემის იმ ადგილებში, რომლებიც უკვე დაფიქსირებული იყო; და დაფიქსირებული ნიშნავს დაწერილს, რადგან, თუ ისინი [პოემის ნაწილები] მხოლოდ მის გონებაში იქნებოდა დაფიქსირებული, მაშინ, ბუნებრივია, ჩანართების გარშემო იმაზე უფრო მოქნილად იქნებოდნენ განლაგებული, ვიდრე ახლა არიან“).
ამგვარად, ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ვფიქრობ, შესაძლებელია ელჩობის სცენის გაფართოების სამი ძირითადი ჰიპოთეტური ეტაპის აღდგენა. ჩემი ვარაუდით, ზეპირად შესრულებისთვის განკუთვნილი, მოკლე, ტრადიციული სიმღერა, ანუ წინარე „ილიადა“, რომელიც შექმნიდან მალევე კარნახის პროცესში, ან პოეტის მიერვე, ჩაიწერა და ამგვარად, წერილობით დაფიქსირდა, არის ჰომეროსის „ილიადის“ თავდაპირველი ვერსია. მასში აქილევსთან ელჩობა წარმატებული იყო და შედგებოდა მხოლოდ ოდისევსისა და ორი მაცნისაგან (იხ. ქვემოთ). მსმენელთა წინაშე შემდგომი გამოსვლებისას ჰომეროსი შექმნიდა ახალ პასაჟებს. ასე გაფართოვდა ელჩობა ორი დამატებითი - თუმცა, თავიდან მდუმარე - ელჩით, აიასითა და მისიის ახალი თავკაცი ფოინიქსით. მოგვიანებით თავად ჰომეროსი (ან მისი თანაშემწე/ები) ამ პასაჟებს ჩასვამდა მანამდე უკვე ჩაწერილ წინარე „ილიადაში“, რის გამოც წარმოქმნილ ბუნდოვან ადგილთა განმარტებისა თუ დანარჩენ ტექსტთან მისადაგებისთვის საჭირო გახდებოდა დამატებითი ჩანართები (შდრ.: მ. ფერისა და ა.ბ. ლორდის მიერ აღწერილ თანამედროვე ზეპირი პოეტების პრეზენტაციებს [Parry, 1971; Lord, 1960]; აგრ. [West, 2011]). ჩემი წარმოდგენით, ეს არის ელჩობის სცენის შექმნის მომდევნო ეტაპი, მისი მეორე ვერსია, რომელშიც ოდისევსის მისია, ვფიქრობ, ისევ წარმატებული იყო და „ილიადაც“ – არსებითად გაუფართოებელი. პოემის იმგვარი გაფართოება, რომელსაც უესთი „ტექტონიკურსა და ეპიზოდურს“ უწოდებს, ჩემი აზრით, მიმდინარეობდა პოემის გამონუმენტალურების მესამე, დამასრულებელ ეტაპზე. ის გრძელდებოდა ათწლეულების მანძილზე და შედგებოდა მრავალი ფაზისაგან (შდრ. [West, 2011: 58]: ”[...] ტექტონიკური გაფართოებები მნიშვნელოვნად ცვლიან ნაწარმოების არქიტექტონიკას, სტრუქტურულ ლოგიკასა და პროპორციებს. შემდეგ დონეზე ხდება ეპიზოდური გაფართოებები, ანუ რამდენიმე ასეულ ტაეპზე მეტი სიგრძის ერთი თვითდასრულებული ეპიზოდის პოემაში ჩართვა. ასეთებია აქაველთა და ტროელთა კატალოგები [და სხვ.]“). ჩემი აზრით, ეს პროცესები დაიწყო მაშინ, როცა პოემის ფორმირების მესამე ეტაპის/ვერსიის პირველ ფაზაშივე ოდისევსის წარმატებული მისია ჰომეროსის ნოვატორობის გამო წარუმატებლით ჩანაცვლდა. მომდევნო ფაზაში მანამდე მდუმარე ფოინიქსი და აიასი ალაპარაკდნენ და ოდისევსზე უკეთეს შედეგებს მიაღწიეს. მესამე ვერსიის ფორმირებისას მსმენელთა წინაშე პოეტის ყოველი გამოსვლისას წინა ზეპირი ვერსია ფართოვდებოდა ახალი პასაჟებით/სცენა-ეპიზოდებით; მოგვიანებით ისინი ჩანართებად ემატებოდა მანამდე ჩაწერილ წინა ზეპირ ვერსიას, წარმოქმნილ ბუნდოვანებათა განმარტება/ადაპტაცია კი ხდებოდა უკვე შემდგომი ახალი ჩანართებით და ა.შ.
სტატიის ფორმატში ამ ყოველივეს დეტალურად ილუსტრირება შეუძლებელია. ამიტომ დაწვრილებით განვიხილავ მხოლოდ ერთ ცნობილ პასაჟს (9.168-70), რომელშიც ნესტორი ურჩევს აგამემნონს, აქილევსთან შესარიგებელ მისიას ფოინიქსმა უთავკაცოს. ამ პასაჟით, როგორც ჩანს, ჩანაცვლდა წერილობით დაფიქსირებული წინა ზეპირი ვერსიის ტაეპები, რომლებშიც აგამემნონს ურჩევდნენ, აქილევსთან ოდისევსი და ორი მაცნე გაეგზავნა. თუმცა, 168-70 ტაეპებს მაინც ატყვიათ ინტერპოლაციის კვალი, მიუხედავად იმისა, რომ არც წინამდებარე და არც უშუალოდ მომდევნო პასაჟებთან შედარებისას რაიმე სახის შეუსაბამობას არ ავლენენ. შეუსაბამობა მთლიანად ელჩობის სცენასთან მიმართებითაა, რომელშიც მისიის ფაქტობრივი ლიდერი ოდისევსია (შდრ.: ელჩობას წინ უძღვის ოდისევსი, 192; ისვე ზის ნადიმზე აქილევსის წინ, 218, დაბოლოს, არა ფოინიქსი, არამედ ოდისევსი გადასცემს აქილევსს აგამემნონის შეტყობინებას, 224...). რაკი უკვე ჩაწერილი და ოდისევსის ლიდერობით წარმართული ელჩობის სცენის მთლიანად შეცვლა შეუძლებელი იყო, შეუსაბამობა, როგორც ჩანს, მოგვარდა გაფართოების მეორე ეტაპზევე გაკეთებული ახალი ჩანართებით (შდრ.: ნესტორი თვალის ჩაკვრით ამხნევებს აქილევსთან მიმავალი ელჩობის თითოეულ წევრს, მაგრამ განსაკუთრებით ოდისევსს, 179-81: 192-ის ადაპტირებისთვის; ოდისევსი ხვდება ფოინიქსისადმი აიასის მინიშნებას და მის ნაცვლად იწყებს აქილევსთან მოლაპარაკებას, 223: 218, 224...-ის ადაპტირებისთვის). გაფართოების მესამე ეტაპის/ვერსიის ერთ-ერთ ადრეულ ფაზაში, როცა აქილევსთან ელჩობამ წარუმატებლობა განიცადა (ტექტონიკური გაფართოება), საჭირო გახდა მისიის წარუმატებლობის შესახებ ოდისევსის ანგარიში აგამემნონისადმი (677-92). მასში, ბუნებრივია, ნახსენები იქნებოდნენ მოლაპარაკებისას ჯერაც მდუმარე ფოინიქსი და აიასი (689-92). მომდევნო ფაზაში ელჩობის სცენა განივრცობა ფოინიქს-აქილევსის (434-619) და აიას-აქილევსის (624-55) წარმატებული მოლაპარაკებებით (ეპიზოდური გაფართოება). საჭირო გახდა ახალი ჩანართით, დიომედესის გამამხნევებელი სიტყვით (697-709), ტექსტის შემდგომი ადაპტაცია. ოდისევსის არასრული ანგარიშის მიუხედავად აიასის დუმილით გამოწვეული მოუგვარებელი შეუსაბამობა, ფაქტობრივად, აღარ იგრძნობა, რადგან აქაველთა შეკრება დიომედესის სიტყვის დამთავრებისთანავე იშლება. ამდენად, ვფიქრობ, ტექსტში ვლინდება როგორც გამაფართოებელი ჩანართებით გამოწვეული შეუსაბამობები, ისე შემდგომი (მათი მაკორექტირებელი) ჩანართები.
ამგვარად, აიასისა და ფოინიქსის ჩასმამ დელეგაციაში და თანაც, ამ უკანასკნელის არჩევამ ელჩობის თავკაცად გამოიწვია ოდისევსის გაფერმკრთალება და აქილევსის გადაქცევა ამჟამინდელი „ილიადის“ ერთადერთ პროტაგონისტად. სხვა ჰომეროლოგთაგან განსხვავებით, ცნობილი მკვლევარის, ბ. ლაუდენის აზრით, ელჩობაში ჩამატებულია აიასი და არა ფოინიქსი [Louden, 2002: 75]. მაგრამ, ჩემი ანალიზით, ორივე ერთდროულადაა ჩასმული ფოინიქსის თავკაცად არჩევისას, რაც, ვფიქრობ, ყველაზე კარგად 9.192-3 ტაეპებში ჩანს ([ხინთიბიძე, 2016; დაწვრ. 2023: 74-6]) და არანაკლებ ცნობილ 218-შიც: ნადიმზე აქილევსი ოდისევსის წინ ჯდება, მაგრამ არაფერია თქმული აიასსა და ფოინიქსზე, თითქოს, იქ არც ყოფილიყვნენ. ამ ბუნდოვანების აღმოსაფხვრელად ჰომეროსი, სავარაუდოდ, ამატებს ან ცვლის 223-ე ტაეპს (იხ. აგრ. ზემოთ; შდრ. [M. West, 2011: 218-9, ტ. 168; 220, ტ. 223; 224, ტ. 421-4, ბიბლ.-ით], მაგრამ შდრ. [Griffin, 1995: 101-2, ტაეპები 223-4, ბიბლ.-ით], რომელიც ტრადიციული უნიტარული გააზრებით უარყოფს აქ რაიმენაირ შეუსაბამობას); ამის კვალი, ვფიქრობ, პოემის მე-19 წიგნშიც ჩანს: აქილევსთან შერიგებისას აგამემნონი ახსენებს მხოლოდ ოდისევსს, როგორც წინღამით მის წარგზავნილს, რომელიმე სხვა გმირის დაუსახელებლად (140-1). ამდენად, წინარე „ილიადაში“ სხვა ელჩები, სავარაუდოდ, არც ყოფილან: მისია მხოლოდ ოდისევსისგან შედგებოდა (ორ მდუმარე მაცნესთან ერთად; დაწვრ. [ხინთიბიძე, 2018]) და წარმატებით სრულდებოდა. თუმცა, აქილევსის ტრაგიკულმა შეცდომამ მისი უახლოესი მეგობარი პატროკლოსის სიკვდილი გამოიწვია, რამაც შესაძლებელი გახადა, ფაქტობრივად, მთელი ტროის ომის ასახვა. ამდენად, წარმატებული ელჩობა ნიშნავდა აქილევსისა და აგამემნონის შერიგებას პატროკლოსის სიკვდილის გარეშე და იმასაც, რომ აქილევსს არ ექნებოდა ჰექტორის მოკვლის მიზეზი. ამგვარად, როგორც ირკვევა, ამჟამინდელი „ილიადის“ 10-18 და 20-24 წიგნები ჰომეროსს, სავარაუდოდ, მოგვიანებით უნდა დაემატებინა წინარე „ილიადისათვის“! რაც შეეხება ახლანდელი „ილიადის“ 1-9 წიგნებს, მკვლევარები თანხმდებიან, რომ 2-9 წიგნებიც გვიანდელი ჩანართია ([Mueller, 1984: 172-4]; შდრ. [West, 2011: 51-8]). მაგრამ, ჩემი აზრით, მე-9 წიგნი იმთავითვე იყო წინარე „ილიადის“ ნაწილი, რადგან მას ატყვია ჰომეროსისეულ გაფართოებათა, სულ მცირე, სამი ეტაპის კვალი და პირველსა და უადრესში პროტაგონისტი, სავარაუდოდ, ოდისევსია, ან მასთან ერთად აქილევსიც. ამასთან, მე-9 წიგნისაგან განუყოფელი მე-8 წიგნის (შდრ. [Mueller, 1984: 173-4; West, 2011: 56, 60]) სტრუქტურულად ძირითადი ნაწილიც ასევე იქნებოდა წინარე „ილიადაში“. დაბოლოს, სხვა მკვლევართაგან განსხვავებით, ვიზიარებ უესთის რეკონსტრუქციას, რომ მე-2 წიგნიც, ე.წ. კატალოგებისა და ზოგი სხვა ნაწილის გარეშე, მიეკუთვნებოდა წინარე „ილიადას“ ([West, 2011: 52, შენ. 6]), რომლითაც საწყისი და ბოლო ნაწილების სიმეტრია - კონფლიქტი/შერიგება (რაც ახასიათებს ამჟამინდელ მონუმენტურ „ილიადასაც“ - სიმეტრია 1-ელ/24-ე წიგნებს შორის), ვფიქრობ, დამატებით გამყარდებოდა ოდისევსის ორი სიტყვით: პირველით, როგორც ეს ამჟამადაცაა (2.284-332), ის დაარწმუნებდა აქაველებს წინარე „ილიადის“ დასაწყისში, ხოლო მეორით კი აქილევსს მის ბოლოს (9.225-306), რომ აგამემნონის შეცდომის გამო არ შეეწყვიტათ ომი.
ერთი კითხვა მაინც რჩება: ჰომეროსმა რატომ არ განავრცო აქილევსის სიტყვა (19.56-73 ან თუნდაც 146-53) მაკორექტირებელი ჩანართით? პასუხი, ვფიქრობ, ისაა, რომ მან მოგვიანებით მართლაც გააკეთა აუცილებელი ჩანართი (198-214), რომელშიც გმირი მიანიშნებს თავის გარდაცვლილ მეგობარზე (209-14), რითიც პოეტმა მიაღწია მეორე მიზანსაც: მე-9 წიგნის მსგავსად ოდისევსის ავტორიტეტი ამჯერადაც შეილახა (იხ. ზემოთ), რადგან მისი რჩევა ბრძოლის წინ დანაყრების აუცილებლობაზე აქილევსის მიერ უარყოფილი იქნა (155-71). თუმცა, გმირთა ეს გრძელი კამათი (154-237, 270-5) მთლიანად ჰომეროსულ ჩანართად, ვფიქრობ, არ უნდა მივიჩნიოთ (მაგრამ შდრ.: [Leaf, 1888: 263-4; Page, 1959: 314]), რადგან მისი ერთი ნაწილი იმთავითვე უნდა ყოფილიყო წინარე „ილიადაში“; ჯ.ბ. ჰაინსუორთმა დიდი ხნის წინ დაასაბუთა: „ილიადაში“ ბრძოლის დაწყების ტიპური სცენის ერთ-ერთი განუყოფელი ნაწილია ჯერ ჯარის დანაყრება ([Hainsworth, 1966]; შდრ. [Edwards, 1991: 253]). ამდენად, მასში ჰომეროსის მიერ ჩართული ჩანს მხოლოდ აქილევსის მიერ ოდისევსის რჩევის უარყოფა, პატროკლოსის დატირება და ოდისევსის შესაბამისი პასუხი (198-237). გმირთა დიალოგის წინარე „ილიადაში“ იმთავითვე არსებულ ნაწილს, ვფიქრობ, უნდა ჰქონოდა პოემის დამასრულებელი ფუნქციაც: მასში კარგად ჩანს, რომ აქაველთა სადილის შემდეგ ომი მალევე გაგრძელდება (270-5). ამგვარადვეა ახლანდელი „ილიადის“ ფინალურ პასაჟშიც: ჰექტორისთვის ტროელთა მიერ გადახდილი ქელეხი და ომის მალე განახლებაზე ნათლად მინიშნება (24.799-803). თუკი სწორედ ასე მთავრდება მონუმენტური „ილიადა“, რატომ ვერ დასრულდებოდა ამგვარადვე მოკლე წინარე „ილიადაც“?!
19.198-237 ტაეპების შესახებ ჩემს ვარაუდს ამყარებს სხვა ჰომეროლოგთა დაკვირვებები: მ.ლ. უესთი იზიარებს ლ. ერჰარდტის არგუმენტს [Erhardt, 1894: 382], რომ 19.198-224 (ჰომეროსული) ინტერპოლაციაა („241-ისგან განსხვავებით, 242 პირდაპირ ებმის 192-7-ს. აქილევსისა და ოდისევსის ეს საუბარი, ფაქტობრივად, იმეორებს მათ წინა საუბარს 145-83-ში“ [West, 2011: 357]), თუმცა აუხსნელად ტოვებს ინტერპოლაციის მიზეზს და იმ ფაქტსაც, რომ შერიგების სცენისთვის უმნიშვნელოვანეს წინა ორ სიტყვაში (56-73, 146-53) აქილევსი არც პატროკლოსის სიკვდილს ახსენებს, როგორც შერიგების უშუალო მიზეზს, და არც შურისძიების სურვილს ამჟღავნებს [West, 2011: 355-6]. საქმე ისაა, რომ, უესთის თანახმად, „ილიადის“ 17-24 წიგნები ითვალისწინებენ როგორც პირველადი ჰომეროსული შრის მე-11 და მე-16 წიგნებს (მისი აზრით, ამგვარია 1-2 წიგნებიც), ისე მეორად (3-9, 12-15) წიგნებს [West, 2011: 54-5]. ე.ი., მისი აზრით, როცა გაფართოების პროცესში „ილიადას“ დაემატა მე-19 წიგნი (რომელიც იმხანად მოიცავდა ყველა მნიშვნელოვან ნაწილს ჰომეროსის მიერვე ადაპტირებისთვის მოგვიანებით ჩამატებული პასაჟების გარდა), პოემაში უკვე იყო 1-16 წიგნები (მე-10 წიგნის, ანუ პოსტჰომეროსული ინტერპოლაციის, გამოკლებით); ამასთანავე, მე-9 წიგნი (ელჩობა) მე-11 (სამი აქაველი თავკაცის დაჭრა) და მე-16 (პატროკლოსის სიკვდილი) წიგნებზე გვიანდელია. ამდენად, მე-19 წიგნის შერიგების სცენის უდავოდ თავდაპირველი ნაწილების მიერ მხოლოდ მე-9 წიგნის (მაგრამ არა ამასთანავე 11-18 და მით უმეტეს, პირველადი შრის მე-11 და მე-16 წიგნების) რეალობების ასახვა (იხ. ქვემოთ) ეწინააღმდეგება უესთისა და იმ მკვლევართა თვალსაზრისს, რომლის მიხედვითაც, „ილიადის“ მე-11 და მე-16 წიგნები ჰომეროსმა მე-9-ზე ადრე შექმნა. ალბათ, ამიტომაა, რომ 19.56-73, 146-53-ისა და მსგავსი ტაეპების მიერ 11-18 წიგნების არგათვალისწინება ამ მკვლევართა დაინტერესებას ნაკლებად იწვევს. მაგრამ მე-19 წიგნის შესწავლა ნათელყოფს, რომ მე-9 წიგნთან ის დაკავშირებულია თავისი თავდაპირველი ნაწილებით, 11-18 წიგნებთან კი გვიანდელი (ჰომეროსული) ჩანართებით. 198-241-ის მსგავსი ტაეპები, რომელთაც უესთთან ერთად არაერთი მკვლევარიც (ჰომეროსულ) ინტერპოლაციად მიიჩნევს, სავარაუდოდ, არის ასევე 282-302, ანუ ბრისეისის მიერ პატროკლოსის დატირება [West, 2011: 358; Erhardt, 1894: 382; Leaf, 1888: 263-4] და პოსტჰომეროსულ ჩანართად მიჩნეული 326-37, რომელშიც აქილევსი იხსენებს ვაჟს, ნეოპტოლემოსს და სხვ. [West, 2011: 359; Leaf, 1888: 263-4]. 326-37 ტაეპები აქილევსის მიერ პატროკლოსის დატირების (314-37) შემცველი უფრო დიდი პასაჟის (309-39) ნაწილია, რომელსაც უესთი „ბრისეისული დატირების საპირწონედ“ მიიჩნევს [West, 2011: 359]. მაგრამ, რაკი ბრისეისული დატირება (282-302) ჩანართადაა მიჩნეული (იხ. ზემოთ), ვფიქრობ, ლოგიკურია, რომ ასეთად ჩაითვალოს (პოსტჰომეროსული 326-37 ტაეპების გამოკლებით) ეს მისი საპირწონე პასაჟიც (303-39; და არა 309-39, როგორც უესთი თვლის). ნებისმიერ შემთხვევაში, აქილევსის მიერ პატროკლოსის დატირება შერიგების სცენის მიწურულს, მაგრამ მის დასაწყისში ამ ფაქტის შესახებ დუმილი (იხ. ზემოთ), აქილევსისეული დატირების შემცველი პასაჟის (303-39) სავარაუდო გვიანდელობით თუ აიხსნება. ამდენად, ჩემი აზრით, შერიგების ეპიზოდისთვის ჰომეროსმა თავდაპირველად შექმნა შემდეგი ტაეპები: 19.56-94 (95-133 პასაჟი ჰერაკლეს შესახებ, სავარაუდოდ, ინტერპოლაციაა; შდრ. [Leaf, 1888: 264; West, 2011: 355]), 134-97 და 238- ან 242-77 ან -81; ხოლო მოგვიანებით, მე-9 წიგნის რედაქტირების და ჩანართი 11-18 წიგნებით პოემის გაფართოების შემდეგ, პოეტმა მე-19 წიგნში ჩართო დამატებითი მაკორექტირებელი პასაჟები (იხ. ზემოთ), ოდისევსის მისიის წარუმატებლობითა და ამდენად, პატროკლოსის სიკვდილით გამოწვეულ ძირეულ სიუჟეტურ ცვლილებებთან მისი ადაპტირებისთვის. რაც შეეხება მე-19 წიგნის დასაწყისს, პატროკლოსის სიკვდილის ამსახველი 1-39 პასაჟი, უდავოდ, მე-18 წიგნის დამასრულებელი ნაწილია და დიდი ალბათობით, მასთან ერთადაა ჩასმული წინარე „ილიადაში“ (შდრ.: [Leaf, 1888: 263-4; West, 2011: 354; Edwards, 1991: 235-9] და მე-3 ტაეპში თეტისის სახელის მოუხსენიებლობის მ. ნეგლერისეული ახსნა [Nagler, 1974: 141-3]). ასე რომ, პატროკლოსის სიკვდილზე მე-19 წიგნში ინფორმაციის არსებობას მის გაფართოებამდე, 303-39-ის მსგავსად, ვერც 1-39 ადასტურებს. იგივე ითქმის მოკლული პატროკლოსის ხსენებაზე მე-19 წიგნის ბოლოსაც (340-423). ეს ნაწილიც, სავარუდოდ, ჰომეროსული ინტერპოლაციაა, რათა პოეტს საბოლოოდ განევრცო წინარე „ილიადა“ ამჟამინდელი 20-24 წიგნებით (შდრ.: [Edwards, 1991: 283], [West, 2011: 360, n. 404-18], [Leaf, 1888: 263-4]).
კიდევ ერთი ბმა მე-19 წიგნსა და 11-18 წიგნებს შორის უკავშირდება აგამემნონის, დიომედესისა და ოდისევსის დაჭრას მე-11 წიგნში (შესაბ., 251-72, 369-78, 434-58). ისინი ისევ გამოჩნდებიან მე-14 წიგნში (27..., 379-82), მაგრამ ბრძოლა აღარ ძალუძთ. მე-19 წიგნში კი ამის შეხსენებას სულ რამდენიმე ტაეპი ეთმობა (47-53, 77/9). შენიშნულია, რომ 77-ეში აგამემნონი ისევ დაჭრილია, 79-ეში კი - არა, რაც იმით იხსნება, რომ 79-ე, თითქოს, ეხება აქილევსს და არა აგამემნონს [Edwards, 1991: 243-5]. 47-52 ტაეპების კომენტირებისას მ.ვ. ედუარდსი შენიშნავს, რომ ”მომდევნო დღეს [23-ე წიგნში პატროკლოსის] დაკრძალვისადმი მიძღვნილ სპორტულ შეჯიბრებებში სამივე გმირის მონაწილეობისას ჭრილობები დავიწყებულია“ [Edwards, 1991: 240]. მ.ლ. უესთის ზუსტი გამოთვლით, შეჯიბრებები ორ დღეში იმართება, რაც, ალბათ, საკმარისია ეპიკურ კომპოზიციაში გმირების ჭრილობების მოსაშუშებლად [West, 2011: 394, 401, ტ. 290]. თუმცა, ჩემი დაკვირვებით, 23-ე წიგნში ჰომეროსს ახსოვს, რომ აგამემნონი ყველაზე უფრო მძიმედაა დაჭრილი: დანარჩენი ორი გმირისგან განსხვავებით, აქილევსი მას გამარჯვებულად აცხადებს შეჯიბრებაში მონაწილეობის მიუღებლად (884-97). მაგრამ ესეც რომ არა, წიგნები 11 და 23 იმდენადაა დაშორებული, რომ შეუსაბამობა, ფაქტობრივად, შეუმჩნეველია. მე-19 წიგნის კომენტირებისას ედუარდსი მაინც აღნიშნავს 23-ე წიგნის ამ სადავო ადგილს; თუმცა, უკომენტაროდ ტოვებს, ვფიქრობ, უფრო საყურადღებო ადგილებს ამავე მე-19 წიგნში: იმ თავყრილობის ბოლოს, რომლის დასაწყისშიც აგამემნონმა თითქოს ვერ შეძლო მდგომარეს ესაუბრა, იგი უპრობლემოდ წამოდგება, სწირავს მსხვერპლს და ცალ ხელში დაჭრილი გმირი (11.251-3) ფიცის დადებისას ორივე ხელს ზეცისკენ აღაპყრობს (249-55). ვფიქრობ, მსგავსი წინააღმდეგობაა ოდისევსთან მიმართებითაც: ის ათ ტალანტ ოქროს გადაწყავს და აგამემნონის ბანაკიდან თავადვე მიუტანს აქილევსს აქაველთა კრებაზე (247-8), თუმცა ცოტა ხნით ადრე ჭრილობების გამო შუბზე დაყრდნობილი ოდისევსი და დიომედესი კოჭლობით მიდიან იმავე კრებაზე (47-50). ამდენად, ვფიქრობ, ეს ორი პასაჟი (47-50, 247-8) წინააღმდეგობრივია. ედუარდსი და უესთი ამ ფაქტს უკომენტაროდ ტოვებენ [Edwards, 1991: 264; West, 2011: 358]. 47-53-ის (რომელშიც სამივე გმირი დაჭრილია) ჩანართად მიჩნევის შემთხვევაში ოდისევსთან მიმართებით გაუგებარი აღარაფერი რჩება. რაც შეეხება აგამემნონს, გმირების დაჭრით პოემის გაფართოებამდე ორივე ტაეპში (77/79), როგორც ჩანს, ის იგულისხმებოდა: სიტყვის სათქმელად გმირი არ გამოსულა კრების შუაში, ის თავის ადგილზე რჩებოდა; ფეხზე მდგარი ან დამჯდარი (77). რომ იგი ნამდვილად იდგა, ეს უკვე მისი სიტყვებიდან ჩანს, როცა მოითხოვს, მოუსმინონ ფეხზე მდგარ კაცს, ანუ თავად მას (79). ასე რომ, განუვრცობელ წინარე „ილიადაში“ ჰომეროსის მიერ 77/79 ტაეპების შექმნისას აგამემნონი, სავარაუდოდ, ჯერაც უვნებელი იყო.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან, ვფიქრობ, შემდეგი განმაზოგადებელი დასკვნა გამომდინარეობს: პატროკლოსის სიკვდილის (წიგნი 16) და გმირების დაჭრის (წიგნი 11) ამსახველი ფრაგმენტები (იხ. ზემოთ), რომლებიც ამჟამინდელი „ილიადის“ მე-19 წიგნს 11-18 წიგნებს უკავშირებენ, წინარე „ილიადის“ გაფართოების შემდეგ ამ (მე-19) წიგნში, სავარაუდოდ, მისი ადაპტირებისთვის ჰომეროსის მიერვეა ჩართული; „ილიადის“ თავდაპირველ, გაუფართოებელ ვერსიაში მე-9 წიგნი (ოდისევსის, სავარაუდოდ, წარმატებული მისია აქილევსთან) პირდაპირ გაგრძელდებოდა მე-19 წიგნით (ოდისევსის მიერ აქილევსისა და აგამემნონის შერიგებით). ამდენად, უნდა ვიფიქროთ, რომ წინარე „ილიადის“ შერიგების სცენის თავდაპირველი ვერსიის შექმნის პროცესში ოდისევსის მისია წარმატებული იყო: ჰომეროსს ჯერაც არ ჰქონდა დაწყებული იმ დროისათვის წარმოუდგენელი შემოქმედებითი პროცესი, რომლის დასრულების შემდეგ განრისხებული გმირის (მისი მეგობარი ოდისევსის, პოემის პროტაგონისტის, დახმარებით) მეფესთან შერიგების ზეპირად მოარული, მოკლე და ტრადიციული სიმღერა ეტაპობრივად გაფართოვდა მონუმენტურ „ილიადამდე“, რომელიც, ფაქტობრივად, მთელი ათწლიანი ტროის ომის ამსახველია. [1]
[1]შემოკლებული სახით წაკითხული იყო თსუ-ში საერთაშორისო ონლაინ კონფერენციაზე - „ანტიკური და ბიზანტიური სამყარო ინტერდისციპლინური კვლევების შუქზე“, 22-24.09.2021.
ლიტერატურა
Arend W. 1933 |
Die typischen Scenen bei Homer, Problemata, 7, Berlin, Weidmann. |
Bowra C.M. 1930 |
Tradition and Design in the Iliad, Oxford. |
Edwards M.W. 1991 |
The Iliad: A Commentary, Gen. ed. G. S. Kirk, v. V: b. 17-20 Cambridge. |
Erhardt L. 1894 |
Die Entstehung der homerischen Gedichte, Leipzig. https://archive.org/details/dieentstehungde00erhagoog/page/381/mode/2up |
Goold G.P. 1977 |
The Nature of the Homeric Composition, ICS, 2, გვ. 1-34. |
გორდეზიანი რ. 2002 |
ბერძნული ლიტერატურა, ტომი I, თბილისი. |
Griffin J. 1995 |
Homer, Iliad, Book Nine, Clarendon Press, Oxford. |
Hainsworth J.B. 1966 |
Joining Battle in Homer, Greece and Rome, 13 (2), გვ. 158-166. |
Hammond M. 1987 |
Homer, The Iliad, A new Prose Translation, Penguin Books. |
Heubeck A. 1977 |
Homeric Studies Today: Results and Prospects, გვ. 1-17, in: Homer: Tradition and Invention, ed. by B.C. Fenik, Leiden. |
ხინთიბიძე ზ. 2012 |
არისტოტელე ჰომეროსისეული ნოვატორობის შესახებ და „ილიადის“ IX სიმღერა, "სპეკალი", 6. |
ხინთიბიძე ზ. 2016 |
აქილევსის ორგვარი „მისალმება“, "სპეკალი", 10. |
ხინთიბიძე ზ. 2018 |
აგამემნონის აქილევსისადმი ელჩობის აღდგენილი ვერსიები და ზეპირი წინარე „ილიადის“ სტრუქტურული სიმეტრია, "სპეკალი", 12. |
ხინთიბიძე ზ. 2023 |
ორობითი რიცხვით მისალმება ჰომეროსის ეპოსში (არგუმენტი „ილიადისა“ და „ოდისეის“ ერთავტორობის თვალსაზრისისათვის), „მაცნე“ (ენის, ლიტერატურისა და ხელოვნების სერია), 1, გვ. 58-88. |
Leaf W., 1886 |
The Iliad, edited by Walter Leaf, vol. I, Books I-XII, London and New York. |
Leaf W., 1888 |
The Iliad, edited by Walter Leaf, vol. II, Books XIII-XXIV, London and New York, Macmillan and Co. https://catalog.hathitrust.org/Record/009797173 |
Lohmann D., 1970 |
Die Komposition der Reden in der Ilias, Berlin, de Gruyter. |
Lord A.B., 1960 |
The Singer of Tales, Cambridge, Massachusetts. |
Louden B., 2002 |
Eurybates, Odysseus, and the Duals in Book 9 of the Iliad, CQ, 38/1, გვ. 62-76. |
Mueller M., 1984 |
The Iliad, MCL, London. |
Mühll P. von der., 1952 |
Kritisches Hypomnema zur Ilias, Basel. |
Nagler M.N., 1974 |
Spontaneity and Tradition: a Study in the Oral Art of Homer, Los Angeles. |
Nagy G., 1979 |
The Best of the Achaeans: Concepts of the Hero in Archaic Greek Poetry, London. |
Page D. L., 1959 |
History and the Homeric Iliad, University of California Press, London. |
Parry M., 1971 |
The Making of Homeric Verse, ed. by Adam Parry, Oxford. |
Scodel R., 1989 |
The Word of Achilles, CP 84 (2), გვ. 91-9. |
West M. L., 2011 |
The Making of the Iliad, Oxford UP. |
Whitman C. H., 1958 |
Homer and the Heroic Tradition, Cambridge Mass., Harvard UP. |