ნიკოლოზ ბარათაშვილის ნაკლებად შესწავლილი ოფიციალური წერილები

DOI: 10.55804/jtsuSPEKALI-17-5

 

XIX საუკუნის ქართული ლიტერატურა მდიდარია ქართველ მწერალთა  ეპისტოლური ნიმუშებით. ისინი მხატვრულ თხზულებებზე არანაკლები ინტერესით იკითხება. მიუხედავად იმისა, რომ ნიკოლოზ ბარათაშვილის პირადი ბარათები რაოდენობრივად ბევრად ჩამოუვარდება მე–19 საუკუნის სხვა მწერლების მრავალფეროვან ეპისტოლურ მემკვიდრეობას, ისინი არ კარგავენ დიდ მნიშვნელობას პოეტის ცხოვრებისა და მის ირგვლივ არსებული ისტორიულ-პოლიტიკური მდგომარეობის შესასწავლად. აქედან გამომდინარე, ნ. ბარათაშვილის წერილები ერთგვარი გასაღებია არა მარტო მწერლის  შინაგანი სამყაროს, არამედ მისი ეპოქის გაგებისათვის.

ნიკოლოზ ბარათაშვილის დოკუმენტების მოგროვებასა და აღრიცხვას თავის დროზე ყურადღება არ მიექცა. ამის გამო მრავალი დოკუმენტი სამუდამოდ დაიკარგა. აღმოჩენილი არ არის ისეთი საბუთები, როგორებიცაა: ბარათაშვილის ატესტატი გიმნაზიის დასრულების შესახებ, 1840 და 1845 წლებში ნიკოლოზ ბარათაშვილის ავადმყოფობის საბუთები და ნახიჩევანში მისი სამსახურებრივი ზოგიერთი მოხსენება, აგრეთვე, უკანასკნელი წლის „ფორმულარი“ და ა.შ. ამგვარი საბუთების კვალი ჩანს სხვა შემონახულ დოკუმენტებში.

ჩვენამდე მოღწეულია ნიკოლოზ ბარათაშვილის არაოფიციალური (პირადი) 18 ეპისტოლე და ისინი მრავალმხრივაა შესწავლილი. ოფიციალურ წერილები კი თანამედროვე მკვლევრებს რატომღაც ყურადღების მიღმა დარჩათ. ამ სამსახურებრივი დოკუმენტების ერთადერთი აღწერა 1945 წელს გაკეთებული და გამოცემული აქვს პროფესორ შ. ჩხეტიას წიგნში „ნიკოლოზ ბარათაშვილი“ (მასალები ნიკოლოზ ბარათაშვილის შესახებ), თუმცა მათზე ყურადღება ამის შემდეგ ნაკლებად მახვილდება.

აქ თავმოყრილი და აღნუსხულია საქართველოს ეროვნული არქივის 16 ფონდის შესწავლის შედეგად აღმოჩენილი ნიკოლოზ ბარათაშვილთან დაკავშირებული დოკუმენტები. ამ 16 ფონდიდან პოეტის მიერ სრულად ან ნაწილობრივ შექმნილი დოკუმენტები აღმოჩნდა საქართველოს ცენტრალური არქივის 11 ფონდში.

შ. ჩხეტიას აღმოჩენილი დოკუმენტების ქრონოლოგიური ჩარჩო 1835-1845 წლებით განისაზღვრება. ყველაზე მეტი დოკუმენტი ინახება საქართველო-იმერეთის სამოქალაქო და სისხლის სამართლის პალატის ფონდში, რაც სავსებით ბუნებრივია იმიტომ, რომ სწორედ ამ დაწესებულებაში მსახურობდა პოეტი თავისი სიცოცხლის უკანასკნელ წლებში.

აღმოჩენილი ავტოგრაფებიდან ორასამდე საბუთი მთლიანად შედგენილი და დაწერილია ნ. ბარათაშვილის ხელით; დანარჩენი საბუთები კი მხოლოდ ნაწილობრივაა ნ. ბარათაშვილის ხელით დაწერილი. ამ წერილებში არის ბარათაშვილის ჩანართები და მინაწერები.

1. განსაკუთრებულ მნიშვნელობის საქმეთა ფონდი

განსაკუთრებულ მნიშვნელობის საქმეთა ფონდში საქმე #9264-ში დაცულია ნიკოლოზ ბარათაშვილის ოფიციალური დოკუმენტების 49 გვერდი. საქმის სათაურია „ბარათაშვილის ლექსები“. თუმცა ეს სათაური არ შეესაბამება დოკუმენტების შინაარსს, რადგან აქ, ლექსების გარდა, მოთავსებულია ნ. ბარათაშვილის, მელიტონის, ეფემიას, ილია ორბელიანისა და ერთი უცნობი პირის წერილებიც. აღნიშნული წერილებიდან სრულად ბარათაშვილის ავტოგრაფს წარმოადგენს 5 ბარათი. ხუთივე წერილი პირადი ხასიათისაა და გრიგოლ ორბელიანისადმი მიწერილია.

განსაკუთრებულ მნიშვნელობის საქმეთა ფონდის წერილები ძირითადად  პირადი ხასიათისაა და ოფიციალურ წერილებს შინაარსობრივად არ განეკუთვნება, მაგრამ შ. ჩხეტიას ამ ფონდის წერილებიც აღნუსხული აქვს ოფიციალურ დოკუმენტებთან ერთად. ვინაიდან ჩვენი სტატია შინაარსობრივად მიჰყვება შ. ჩხეტიას აღნუსხულ დოკუმენტებს, ოფიციალური წერილების გვერდით განვიხილავთ პირადი ხასიათის ამ რამდენიმე ეპისტოლესაც.

დასახელებულთაგან პირველ წერილი მიწერილია 1837 წლის 1 მარტს. იგი საინტერესოა იმით, რომ დაწერილია ნიკოლოზ ბარათაშვილის მიერ, თუმცა მას მამამისი, მელიტონი კარნახობს. წერილი იწყება სიტყვებით: „საყვარელო ძმაო გრიგოლ! შენი წიგნი მომივიდა...“ თავდება: „მე კი ისე ავად ვარ, რომ ამ წიგნსაც ტატოს ვაწერინებ. შენი ძმა მელიტონი“. მელიტონის ხელმოწერაც (ხვეულად) შესრულებულია ნიკოლოზის ხელით (ჩხეტია, 1945:65). ეს ფაქტი მიგვანიშნებს, რომ მელიტონის ჯანმრთელობის მდგომარეობა იმდენად გართულებულია, მას თავად აღარ შეუძლია წერა და მხოლოდ კარნახობს წერილის ტექსტს შვილს.

ბიძისადმი გაგზავნილ დანარჩენ წერილებს ათარიღებენ 1842 წლის ივლისის პირველი დეკადით, 1841 წლის 18 ოქტომბრით, 1842 წლის 2 მაისითა და 1843 წლის 21 აგვისტოთი. ისინი გვაწვდიან მნიშვნელოვან ინფორმაციას ნიკოლოზ ბარათაშვილისა  და ბიძის ურთიერთობის შესახებ. გრიგოლ ორბელიანს უდიდესი სიყვარულითა და პატივისცემით მიმართავს როგორც მელიტონი, ასევე –ზრდასრული ნიკოლოზ ბარათაშვილი. ჩანს, რომ გრიგოლ ორბელიანისადმი ოჯახის ყველა წევრს განსაკუთრებით გულთბილი დამოკიდებულება აქვს და მათთვის ბიძა დიდი იმედია. ამ წერილებში ნახსენებია, რომ გრ. ორბელიანი მონაწილეობს პოლკოვნიკ მოსე არღუთინსკის რაზმის მიერ გურული გლეხების აჯანყების ჩახშობაში. გრიგოლ ორბელიანის ბიოგრაფიიდან სწორედ ამ ფაქტს ეხება ნიკოლოზ ბარათაშვილი 1841 წლის 18 ოქტომბერს ბიძისადმი გაგზავნილ წერილში, რომელშიც იგი აღფრთოვანებას გამოხატავს ბიძის დიპლომატიური შესაძლებლობების გამო.

1843 წელს გრ. ორბელიანი დანიშნეს ავარიის მმართველად, ან როგორც თავის თავს უწოდებდა „ავარიის ხანად“. ამ წლის 2 ივნისს ორბელიანი ჩავიდა ხუნძახში, ავარიის ყოფილი ხანების რეზიდენციაში. 1843 წლის 21 აგვისტოს გაგზავნილ წერილში სწორედ ამ ფაქტზე ხუმრობს ნიკოლოზ ბარათაშვილი და ბიძას ატილლას ტახტზე მჯდომარეს უწოდებს. ეს ყოველივე მოწმობს ბიძა-დისშვილის ძალიან ახლო, მეგობრულ ურთიერთობას.

2. საქართველოს უმაღლესი მთავრობის სასამართლო ექსპედიციის ფონდი

ნიკოლოზ ბარათაშვილის ავტოგრაფები შემონახულია საქართველოს უმაღლესი მთავრობის სასამართლო ექსპედიციის ფონდის 15 საქმეში. სულ 26 ავტოგრაფი.

საქართველოს უმაღლესი მთავრობის სასამართლო ექსპედიციის ფონდში დაცულ ნასყიდობის სიგელთაგან ყურადღებას იქცევს 1837 წლის 3 ნოემბრით დათარიღებული სიგელი, რადგან იგი ნ. ბარათაშვილის არა სამსახურებრივი, არამედ ოჯახური ცხოვრების შესახებ გვაძლევს ცნობებს. ნიკოლოზი მამის ნაცვლად წერს დოკუმენტს და ყარამან არღუთინსკი-დოლგორუკოვს სთხოვს შეძენილ გლეხებზე ნასყიდობის სიგელის დამტკიცებას.

1838 წლის 19 მაისით დათარიღებული ფიცითი აღთქმა გვატყობინებს ნიკოლოზ ბარათაშვილის მზად ყოფნას ახალ თანამდებობაზე სამსახურებრივი მოვალეობის ერთგულად და პირნათლად შესასრულებლად. ფიცი ფორმალური ხასიათის ტექსტია (საქმე # 5324).

აღნიშნული დოკუმენტები გვიქმნის წარმოდგენას ნ. ბარათაშვილის სამსახურებრივი საქმიანობის შესახებ. ვიგებთ, რის კეთება ევალებოდა ნიკოლოზ ბარათაშვილს სამსახურში და რატომ იყო ეს საქმე მისთვის უინტერესო.

ნიკოლოზს სამსახურში ძირითადად ბიუროკრატიული, სრულიად არაშემოქმედებითი ხასიათის სამუშაოს შესრულება უწევდა. იგი წერდა პატაკებს, ბრძანებებს, ოფიციალური პირებისადმი მიმართვებს, დადგენილებებს და სხვა მსგავსი შინაარსის მქონე დოკუმენტებს. ეს სამუშაო მისთვის, როგორც შემოქმედი პიროვნებისათვის, სრულიად უინტერესო და სულისშემხუთველი საქმე იყო.

3. საქართველოს მთავარმმართველის კანცელარიის ფონდი

საქართველოს მთავარმმართველის კანცელარიის ფონდში ნიკოლოზ ბარათაშვილის ავტოგრაფები დაცულია სამ საქმეში, სულ 10 დოკუმენტი.

ისინი წმინდად სამსახურებრივი ხასიათისაა. ეს არის შუამდგომლობები ფულადი ჯილდოების გაცემაზე, ამავე პალატის მოხელეთა სიები, უწყისი და მოხსენება პალატის შემადგენლობაში მომხდარ ცვლილებათა შესახებ. აგრეთვე, გაცემული ქვითრების, სიგელების, მოწმობების, ოქმებისა და ფინანსების შესახებ ანგარიშები.

4. ა-კავკასიის მთავარმმართველის კანცელარიის ფონდი

ა-კავკასიის მთავარმმართველის კანცელარიის ფონდში ნიკოლოზ ბარათაშვილის ხელნაწერები შემორჩენილია სამ საქმეში: #2658, #2934 და #2979. თითოეულ მათგანში დაცულია თითო ავტოგრაფი, სულ სამი დოკუმენტი. ისინი გვიქმნის წარმოდგენას ნიკოლოზ ბარათაშვილის ოჯახის ფინანსური პრობლემების შესახებ.

1844 წლის 28 აპრილით დათარიღებულია მელიტონ ბარათაშვილის თხოვნა ა-კავკასიის სამოქალაქო მმართველობის უფროსისადმი. მელიტონი უჩივის საგუბერნიო სამმართველოს იმის გამო, რომ ამ სამმართველომ მის მამულს ყადაღა დაადო. მთელი საბუთი შედგენილია ნ. ბარათაშვილის ხელით (საქმე #2658).

1844 წლის 16 ოქტომბრითაა დათარიღებული მელიტონ ბარათაშვილის თხოვნა ა-კავკასიის მთავარმმართველ ნეიდგარდტისადმი. ამ საბუთით მელიტონი მთავარმმართველს სთხოვს სამსახურში მიღებას. მთელი საბუთი შედგენილია ნ. ბარათაშვილის ხელით. მელიტონის ხელმოწერაც ნიკოლოზს უნდა ეკუთვნოდეს (საქმე #2934).

1844 წლის 28 ნოემბრითაა დათარიღებული ლ. მელიქიშვილის „მოხსენებითი ბარათი“ მაზრის უფროსის თანაშემწის თანამდებობაზე ნ. ბარათაშვილის დანიშვნის შესახებ. მთელი საბუთი დაწერილია ნ. ბარათაშვილის ხელით (საქმე #2979).

5. ა-კავკასიის სამოქალაქო მმართველობის უფროსის კანცელარიის ფონდი

ა-კავკასიის სამოქალაქო მმართველობის უფროსის კანცელარიის ფონდში ნიკოლოზ ბარათაშვილის ავტოგრაფები დაცულია ერთ საქმეში. სახელდობრ, საქმე # 4211-ში, სულ ექვს დოკუმენტში. ექვსივე მათგანი შინაარსობრივად პატაკია 1845 წლით დათარიღებული და ისინი სრულად სამსახურებრივია.

ეს პატაკები წარმოადგენს ნ. ბარათაშვილის ოფიციალურ მიმართვებს თანამდებობის პირებისადმი, რომ მათ მიიღონ შესაბამისი ზომები ვინმე უსუფ ალავერდი-ოღლის უცნობი პირის მიერ დაჭრის გამო, აგრეთვე, ორი ადგილობრივი თათრის გაძარცვის, სოფ. ამირვარის მცხოვრებ მამედიოლჩივის მკვლელობისა და სხვა ამგვარი კრიმინალური ფაქტების შესახებ.

ამ დროს ნ. ბარათაშვილი ნახიჩევნის მაზრის უფროსის თანაშემწეა და ამ საბუთების შედგენა მისი პირდაპირი სამსახურებრივი მოვალეობაა.

6. საქართველოს თავად-აზნაურთა სადეპუტატო საკრებულოს ფონდი

საქართველოს თავად-აზნაურთა სადეპუტატო საკრებულოს ფონდში დაცულია ნიკოლოზ ბარათაშვილის ერთადერთი ავტოგრაფი საქმე #2029-ში. ეს დოკუმენტი წარმოადგენს 1841 წლის 4 თებერვლით დათარიღებულ თხოვნას მელიტონ ბარათაშვილისა საქართველო-იმერეთის გუბერნიის თავად-აზნაურთა სადეპუტატო საკრებულოსადმი, რომ მას მიეცეს ოქმი, რომლითაც ის დამტკიცებულია თავადის წოდებაში. მთელი საბუთი დაწერილია ნ. ბარათაშვილის ხელით (საქმე #2029).

7. საქართველოს გუბერნიის თავად-აზნაურობის წინამძღოლის ფონდი

საქართველოს გუბერნიის თავად-აზნაურობის წინამძღოლის ფონდში ნიკოლოზ ბარათაშვილის ავტოგრაფები დაცულია საქმე #261-სა და 262-ში. აქ დაცული 6 პატაკი გვაუწყებს მელიტონ ბარათაშვილის ავადმყოფობის ამბებს და ამ ერთი შეხედვით მშრალი, ოფიციალური წერილებით ცხადი ხდება ნიკოლოზ ბარათაშვილის მამის საკმაოდ მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობა. ვიგებთ, რომ მას საბოლოოდ ამის გამო სამსახურის დატოვებაც უწევს და ოჯახი მძიმე ფინანსური გაჭირვების პირისპირ აღმოჩნდება.

1837 წლის 9 აპრილს მელიტონი თხოულობს შვებულებას ავადმყოფობის გამო, ამავე წლის 18 ივნისს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა იმდენად უარესდება, რომ საქმეს ოფიციალურად გადააბარებს მელიქიშვილს, 12 აგვისტოს შვებულებიდან დაბრუნების შესახებ წერს მამის სახელით ნიკოლოზი პატაკს, მაგრამ 25 ნოემბერს იმედი გამოჯანმრთელების შესახებ გადაწურულია და ნიკოლოზის ხელით დაწერილი პატაკით მელიტონ ბარათაშვილი სამსახურიდან გათავისუფლებას ითხოვს. ლამის ერთი წლის შემდეგ, 1838 წლის 12 მაისს მელიტონი თავს გამოჯანმრთელებულად გრძნობს და განკურნების შემდეგ სამსახურში დაბრუნებას ითხოვს. თუმცა, როგორც ვიცით, ამ ავადმყოფობების შემდეგ მისი კარიერული და ფინანსური მდგომარეობა უკვე გამოუსწორებლად დაზიანებულია, რაც გადამწყვეტად იმოქმედებს ნიკოლოზ ბარათაშვილის ბედზეც. ფინანსური გაჭირვების მარწუხები ერთ-ერთი ფაქტორი ხდება ბარათაშვილისთვის, რის გამოც იგი ვერ ისრულებს საკუთარ ოცნებას სამხედრო კარიერის შესახებ.

8. საქართველო-იმერეთის სინოდალური კანტორის ფონდი (ფონდი #138)

საქართველო-იმერეთის სინოდალური კანტორის ფონდში დაცულია ნიკოლოზ ბარათაშვილის ერთი ავტოგრაფი საქმე # 4953-ში. ეს დოკუმენტი წარმოადგენს მელიტონ ბარათაშვილის თხოვნას საქართველოს-იმერეთის სინოდალური კანტორისადმი. 1835 წლის 30 ოქტომბრით დათარიღებული ამ დოკუმენტით მელიტონი ითხოვს ნიკოლოზ ბარათაშვილის დაბადების მეტრიკულ მოწმობას. მთელი საბუთი დაწერილია ნიკოლოზ ბარათაშვილის ხელით. საბუთი წარმოადგენს ნ. ბარათაშვილის ავტოგრაფებს შორის ყველაზე ადრინდელ ავტოგრაფს (საქმე #4953).

ჩვენთვის უცნობია, კონკრეტულად რისთვის დასჭირდა მელიტონ ბარათაშვილს ნიკოლოზის დაბადების მეტრიკული მოწმობის გამოთხოვა, მაგრამ, საფიქრებელია, რომ ჯერ კიდევ თავისი კარიერული გზის დასაწყისში, ეს საბუთი ნიკოლოზს სამსახურში მოსაწყობად სჭირდებოდა.

9. თბილისის სამოქალაქო მმართველობის უფროსის კანცელარიის ფონდი (ფონდი #152)

თბილისის სამოქალაქო მმართველობის უფროსის კანცელარიის ფონდში ნიკოლოზ ბარათაშვილის ავტოგრაფები დაცულია ოთხ საქმეში: #6264, 7243, 8411 და 8636, ჯამში 18 საბუთია.

ყურადღებას იქცევს 1845 წლის 10 მაისით დათარიღებული ნიკოლოზ ბარათაშვილის მოხსენება სამოქალაქო გუბერნატორ სოტნიკოვისადმი. ამ მოხსენებით ნიკოლოზი უჩივის საგუბერნიო სამმართველოს, რომ მან არ შეასრულა ა-კავკასიის მთავარმმართველის ნეიდგარდტის განკარგულება, ნ. ბარათაშვილი დაენიშნათ ნახიჩევნის მაზრის უფროსის თანაშემწედ და სთხოვს გუბერნატორს, დანიშნოს ის რომელიმე მაზრაში მაზრის უფროსის თანაშემწედ (საქმე #8636).

1845 წლის 15 ივნისით გვაქვს დათარიღებული ნიკოლოზ ბარათაშვილის პატაკი სამოქალაქო გუბერნატორისადმი იმის შესახებ, რომ ის თანახმაა გადაიყვანონ თელავის მაზრის უფროსის თანაშემწის თანამდებობიდან ელისავეტოპოლის მაზრის უფროსის თანაშემწის თანამდებობაზე. მთელი საბუთი შედგენილია ნიკოლოზ ბარათაშვილის მიერ (საქმე #8636).

ამ ორი ოფიციალური წერილით ვხედავთ საკუთარი მომავლისთვის მებრძოლ პოეტს, რომელიც არ აპირებს, შეეგუოს მის მიმართ გამოჩენილ უყურადღებობას. ითხოვს და იღებს კიდეც მაზრის უფროსის თანაშემწის თანამდებობას, თუმცა, როგორც მომავალში ვნახავთ, ეს სულაც არ არის ბარათაშვილის საოცნებო საქმე და მისი თავისუფალი, შემოქმედი პიროვნების სული ვერაფრით შეეგუება ამგვარ ბიუროკრატიულ საქმიანობას.

10. საქართველო-იმერეთის საგუბერნიო მმართველობის ფონდი

საკუთარი მდგომარეობისთვის ბრძოლა გრძელდება საქართველო-იმერეთის საგუბერნიო მმართველობის ფონდში დაცულ ნიკოლოზ ბარათაშვილის 48 ავტოგრაფთაგან ზოგიერთიც.

საქართველო-იმერეთის საგუბერნიო მმართველობის ფონდში ნიკოლოზ ბარათაშვილის ავტოგრაფები დაცულია 17 საქმეში: #97, 119, 223, 251, 253, 254, 258, 269, 303, 318, 325, 504, 505, 5098, 6164, 7294 და 7297,  ჯამში 48 ავტოგრაფია.

ამ საბუთებით ნიკოლოზ ბარათაშვილი ძირითადად სხვადასხვა თანამდებობის პირებისგან ითხოვს ხარისხით დაჯილდოებას, სასამართლო ექსპედიციაში მიღებას ან მისთვის რაიმე შესაფერისი თანამდებობის მიცემას. ეს დოკუმენტები ოფიციალური ხასიათისაა.

1840 წლის 9 ნოემბერს ბარათაშვილი მიმართავს სამოქალაქო და სისხლის სამართლის პალატის საგუბერნიო სამმართველოს, რომ აღიძრას შუამდგომლობა მისი ხარისხით დაჯილდოების შესახებ. ამავე ფონდში დაცულია კიდევ ერთი მსგავსი შინაარსის ნიკოლოზ ბარათაშვილის ხელით შესრულებული მოხსენება, რომელშიც იგი „წარჩინების ნიშნით“ დაჯილდოების შუამდგომლობას მამის, მელიტონ ბარათაშვილისათვის ითხოვს.

უკეთესი თანამდებობისთვის ბრძოლას აგრძელებს მელიტონ ბარათაშვილიც. იგი 1839 წლის 6 ოქტომბერს ნიკოლოზ ბარათაშვილის ხელით დაწერილი წერილით სამოქალაქო გუბერნატორს ოკრუგის უფროსის თანამდებობაზე დანიშვნას სთხოვს. ამავე წლის 21 იანვარს კი მოხსენებითი ბარათით გუბერნატორ ახლესტიშევისაგან ითხოვს მისთვის რაიმე შესაბამისი თანამდებობის მიცემას.

11. საქართველო-იმერეთის სამოქალაქო და სისხლის სამართლის პალატის ფონდი

საქართველო-იმერეთის სამოქალაქო და სისხლის სამართლის პალატის ფონდში ნიკოლოზ ბარათაშვილის ავტოგრაფები დაცულია 85 საქმეში, სულ 388 ავტოგრაფია.

საქართველო-იმერეთის სამოქალაქო და სისხლის სამართლის პალატის ფონდში დაცულ დოკუმენტთაგან თითქმის ყველა სამსახურებრივი ხასიათისაა. ეს დოკუმენტები გვატყობინებს, თუ რა საკითხებზე უწევდა მუშაობა ნ. ბარათაშვილს.

გარდა პირადი ოჯახური დამოკიდებულებებისა, დოკუმენტებში ჩანს ნ. ბარათაშვილის კარიერული გზა:  1836 წლის 4 ივლისის მიმართვა საქართველოს უმაღლესი მთავრობის სასამართლო ექსპედიციისა აღმასრულებელი ექსპედიციისადმი იუწყება ნიკოლოზ ბარათაშვილის სასამართლო ექსპედიციაში მიღების შესახებ (საქმე #7294). სამსახურში მიღებამდე კი, იმავე დღეს, ნიკოლოზი წერს ხელწერილს, რომ იგი არ ეკუთვნის „საიდუმლო საზოგადოებებს“ (საქმე #7294). 1838 წლის 19 მაისით დათარიღებული ფიცითი აღთქმა გვატყობინებს ნიკოლოზ ბარათაშვილის ფიცს სამსახუროებრივი მოვალეობის ერთგულად და პირნათლად შესრულების შესახებ (საქმე # 5324).  1840 წლის 9 ნოემბერს კი იწერება მიმართვა სამოქალაქო და სისხლის სამართლის პალატისა საგუბერნიო სამმართველოსადმი იმის შესახებ, რომ აღძრულ იქნას შუამდგომლობა პალატის სამი მოხელის, მათ შორის „კოლეჟსკი რეგისტრატორ“ ნიკოლოზ ბარათაშვილის ხარისხით „დაჯილდოების“ შესახებ (საქმე # 97). შემდეგია სამოქალაქო და სისხლის სამართლის პალატის დადგენილება, 1840 წლის 27 ნოემბრის თარიღით, რომელიც გვატყობინებს, რომ გრიგორიევის ნაცვლად, მეორე განყოფილების მეოთხე მაგიდის უფროსად ნ. ბარათაშვილი ინიშნება (საქმე # 20317). 1841 წლის 18 მარტის თარიღით იწერება ნ. ბარათაშვილისა და გრიგორიევის საერთო პატაკი, პირველის მიერ მეორესაგან მეოთხე მაგიდის საქმეების მიღების შესახებ (საქმე #20317).

ნ. ბარათაშვილის თანამდებობრივი დაწინაურება შემოგვინახა 1844 წლის 28 ნოემბრით დათარიღებულმა ლ. მელიქიშვილის „მოხსენებითმა ბარათმა.“ ეპისტოლე იუწყება, რომ მაზრის უფროსის თამაშემწის თანამდებობაზე ნ. ბარათაშვილი დანიშნეს (საქმე #2979).

ნიკოლოზ ბარათაშვილი უკმაყოფილოა საკუთარი სამსახურით. მისი ბუნება ბევრად დიადი საქმეებისკენ მიისწრაფვის და იბრძვის უკეთესი სამსახურისთვის. ნ. ბარათაშვილი არ ეგუება ბედს: 1845 წლის 10 მაისით დათარიღებული, სამოქალაქო გუბერნატორ სოტნიკოვისადმი მოხსენებით ნიკოლოზი უჩივის საგუბერნიო სამმართველოს, რომ მან არ შეასრულა ა-კავკასიის მთავარმმართველის ნეიდგარდტის განკარგულება, რომლის მიხედვითაც ნ. ბარათაშვილი უნდა დაენიშნათ ნახიჩევნის მაზრის უფროსის თანაშემწედ. მის შეუპოვრობას შედეგი გამოაქვს და იმავე წელს იგი ელისავეტოპოლის მაზრის უფროსის თანაშემწე ხდება.

ამრიგად, ეს დოკუმენტები უტყუარი მასალაა ნიკოლოზ ბარათაშვილის ბიოგრაფიული ცნობების შესავსებად. მათში თვალნათლივ ჩანს პოეტის კარიერული განვითარების გზა, მისი ბრძოლა უკეთესი სამსახურისთვის და მძიმე სოციალურ მდგომარეობაში აღმოჩენილი ბარათაშვილების ოჯახის ისტორია.

არანაკლებ საინტერესოა თანამდებობრივი მოვალეობების ფარგლებში შექმნილი ეპისტოლეები. სამსახურებრივი დოკუმენტების ადრესატები არიან საქართველოს უმაღლესი მთავრობის სასამართლო ექსპედიცია, საქართველო-იმერეთის სამოქალაქო და სისხლის სამართლის პალატა, ნახიჩევნის სამაზრო სამმართველო და ა.შ. ამ ავტოგრაფებს შორის არის როგორც ვრცელი და დიდი მოცულობის, ისე მოკლე და მცირე მოცულობის საბუთები. ძირითადად გვხვდება ნ. ბარათაშვილის მიერ შედგენილი, ან შესწორებული და შევსებული მოხსენებითი ბარათები, დასკვნები, მოხელეთა სიები, თანამდებობის პირთა ფორმულარები, საქმეების მიღება-ჩაბარების აქტები და სხვა. როგორც დოკუმენტები ცხადყოფს, ამ დროს სახელმწიფო მმართველობის აპარატში იყო გაბატონებული ფორმალიზმი და ტრაფარეტი. ამ დაწესებულებათა საქმის წარმოება დამყარებული იყო ფორმალური და შაბლონური წესების შესრულებაზე.

დოკუმენტების წერის სტილი და ენა გვარწმუნებს, რომ ნიკოლოზ ბარათაშვილმა სრულყოფილად იცოდა რუსული ენა, იგი კარგად ერკვეოდა საქმის წარმოებასა და კანონმდებლობაში. მიუხედავად იმისა, რომ მას სრულებითაც არ მოსწონდა საკუთარი სამსახური, შინაგანი პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობის წყალობით, მუდამ გულმოდგინედ ასრულებდა ძალიან ბევრ ბიუროკრატიულ საქმეს.

დოკუმენტებში დეტალურადაა აღწერილი საქართველოს მაშინდელი პოლიტიკური მდგომარეობა და ის შედეგები, რომლებიც ქვეყანას რუსულმა მმართველობამ მოუტანა. ეპისტოლეები თვალნათლივ გვაჩვენებს რუსული მმართველობის შედეგებს: ქართული ენის ფუნქციურ დაქვეითებასა და რუსული ენის მომძლავრებას როგორც პირად ბარათებში, ისე ოფიციალურ-საქმიან დოკუმენტებში. ოფიციალურ-საქმიან დოკუმენტებში მხოლოდ რუსული ენაა. რუსული ენის მომძლავრება პირად ბარათებშიც წარმოჩნდება. ვხედავთ რუსეთისგან დანიშნულ სახელმწიფო მოხელეებს, რომლებიც უხვად არიგებენ რუსულ ჩინ-მედლებს და რუსეთისადმი დამსახურების მიხედვით ანაწილებენ თანამდებობებს. მიუხედავად საჯარო მოხელეობისადმი ნიკოლოზის უინტერესო, სულის დამამძიმებელი დამოკიდებულებისა, ნ. ბარათაშვილიც ისწრაფვის ამ თანამდებობებისკენ, რადგან ეს ოჯახის ეკონომიური მდგომარეობის გაუმჯობესების ერთადერთი საშუალებაა.

ლიტერატურა

ჩხეტია შ.,
1945
ნიკოლოზ ბარათაშვილი, (მასალები ნიკოლოზ ბარათაშვილის შესახებ), სსსრ შინსახკომის საარქივო სამმართველოს გამომცემლობა, თბილისი.