მართლმორწმუნე დედათა სახეები ,,წმინდა ნინოს ცხოვრების“ შატბერდული და ჭელიშური რედაქციების მიხედვით

DOI: 10.55804/jtsuSPEKALI-17-14

 

„წმ. ნინოს ცხოვრების“ შატბერდულ-ჭელიშური რედაქციები ქართლის მოქცევის ამსახველი უმნიშვნელოვანესი თხზულებებია, რომლებშიც შენახულია უძველესი პლასტები, მითოსური რეალიები და მათი ქრისტიანული ადაპტაცია. აღნიშნული რედაქციები საყურადღებო მასალას შეიცავს ქართლის გაქრისტიანების პროცესში მონაწილე დედათა შესახებ. ამდენად, მათი შესწავლა გამოკვეთს ქალთა როლის მნიშვნელობას ახალი რელიგიის გავრცელება-დამკვიდრების გზაზე.

„წმ. ნინოს ცხოვრების“ შატბერდულ-ჭელიშური ტექსტების ანალიზმა გამოავლინა, რომ ნაწარმოებში ოცზე მეტი ქალი პერსონაჟი მონაწილეობს, კერძოდ:  ელენე დედოფალი, დედოფალი ნანა, სალომე უჯარმელი, პეროჟავრ სივნიელი, დედოფალი სუჯი, ორი სიდონია (კვართის მიმღები და ტექსტის თანაავტორი), ელიოზის დედა, რიფსიმე და გაიანე, სუსანა და სარა ნიაფორი, ანასტოსი და, რასაკვირველია, „ტყუეჲ“ და „დედოფალი“ ნინო. მათი უმეტესობა ორივე ვარიანტში ფიქსირდება. უნდა აღინიშნოს, რომ ცალკეულ ეპიზოდებში  ჩანან ქალები, რომელთა სახელები ისტორიას არ შემოუნახავს. ავტორებს წმ. ნინოსთან დაკავშირებული მათი მცირედი ქმედებანიც კი დაუფიქსირებიათ, რათა შეექმნათ ქართლის მოქცევის "უტყუელი" ისტორია, თანაც, მკითხველ-მსმენელისათვის ეუწყებინათ, რომ ამ გზაზე ყველა დეტალი მნიშვნელოვანი იყო.

"წმინდა ნინოს ცხოვრების" პერსონაჟ ქალთა სახეები შეიძლება ორ კატეგორიად დაიყოს: ქართლის მოქცევის უშუალო მონაწილეებად და მეორე რიგის პერსონაჟებად, რომლებიც მოციქულთა სწორის სამოღვაწეო ასპარეზზე ჩნდებიან და გარკვეული ფორმით თანადგომა-შემწეობას გამოხატავენ, თუმცა ნაშრომში მხოლოდ ძირითად ქალ გმირთა ღვაწლზე ვისაუბრებთ.

მოციქულთა სწორის შესახებ არაერთი სამეცნიერო ნაშრომია გამოქვეყნებული,  მისი სახე-ხატი ყოველმხრივაა შესწავლილ-წარმოჩენილი, ამდენად, ამჯერად ყურადღებას შევაჩერებთ სხვა წმინდა დედებზე, რომლებიც წმინდა ნინოსთან ერთად უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებენ ქართლის გაქრისტიანებაში.

პირველი ქალი, რომელიც ტექსტის ორივე ვარიანტში ამოიკითხება, ელენე დედოფალია, იმპერატორ კონსტანტინე დიდის დედა. მის შესახებ პირველი ჩანაწერი „მოქცევაჲ ქართლისაჲს“ ქრონიკებშია დაცული, კერძოდ, ქართლის ოცდარვა მეფისა და მათი რელიგიური  საქმიანობის აღნიშვნის შემდგომ. ჭელიშური რედაქციის ტექსტის შემდგენი განსაკუთრებული სიმძაფრით წარმოაჩენს კონსტანტინე იმპერატორისა და ელენე დედოფლის სიხარულს,  რომელიც ქრისტესთან მათ მიახლებას გამოუწვევია: ,,აღეგზნა გულსა მისსა სიყუარული ქრისტესი... და ნათელ იღო მან და დედამან მისმან პალატ-ბანაკითურთ მათით” [ძველი... 1963:83]. აღნიშნული პასაჟი, თითქოს, მოასწავებს მათ ერთგვარ მონაწილეობას ქართლის გაქრისტიანების ისტორიაში.

ნათლობისა და ცხოველმყოფელი ჯვრის მოსაძებნად წასვლის პასაჟით იწყება ნაწარმოებში ელენე დედოფალთან დაკავშირებული ამბის თხრობა – „მათ ჟამითგან მეათესა წელსა წარვიდა ჰელენე იერუსალჱმდ ძიებად პატიოსნისა ჯუარისა“ [ძველი... 1963: 83]. ტექსტიდან ირკვევა, რომ ელენე დედოფალმა წმინდა ნინოს შესახებ ინფორმაცია მოიძია, მოგვიანებით კი სწორედ მისი წერილით შეიტყო, რომ ქართლის მეფეს გადაეწყვიტა ქვეყნის მოქცევა. შატბერდული რედაქცია ამ ეპიზოდის შესახებ დუმს, თუმცა ჭელიშურ ვარიანტში მთელი სისავსითაა გადმოცემული ის სიხარული, რომელიც იმპერატორსა და ელენე დედოფალს ეწვიათ ახალი ინფორმაციის გაგებისას: „და ვითარცა ცნეს მიზეზი მისვლისა მათისაჲ, განიხარეს სიხარულითა დიდითა და აღდგეს მსწრაფლ საყდრისაგან მათისა მეფე კონსტანტინე და ელენე დედოფალი, და პირდადებით თაყუანისცეს მეუფებასა ქრისტესსა და კუალად აემართნეს ზე და აღაპყრნეს ჴელნი მათნი ცად მიმართ, და აღივსნეს თუალნი მათნი ცრემლითა მჴურვალითა, და ღაღადყვეს ჴმითა მაღლითა და თქუეს: ,,დიდება შენდა, ქრისტე ღმერთო, რომელმან ესრეთ სათნო იჩინე“ [ძველი... 1963:85]. ჭეშმარიტად გულწრფელი სიხარულისა და უფლის მიმართ მადლიერების გამომხატველია მეფე-დედოფლის „მხურვალე ცრემლი“, რადგან წმ. ნინომ შეძლო, უფლის სიტყვა მიეტანა ქართველთა გულამდე. ყურადღება უნდა მივაქციოთ ელენე დედოფლის დამოკიდებულებას წმინდა ნინოსა და მეფე მირიანის მეუღლის – ნანა დედოფლის – მიმართ. ის მათ წერილებს სწერს, წმინდა ნინოს მოიხსენებს „დედოფლად და თვისსად სწორად და სწორად წმიდათა მოციქულთა“[ძველი... 1963:85], ხოლო ნანა დედოფალს – „სანატრელად“. აქ თვალნათლივაა გაცხადებული, თუ როგორ აფასებს ელენე დედოფალი  იმ ღვაწლს, რომელიც გაიღეს წმინდა ნინომ და ნანა დედოფალმა ქართლის მოქცევის საქმეში.

საინტერესოა თხზულების ერთი პასაჟი, რომელშიც წარმოჩენილია ელენე დედოფლის სულიერი ცხოვრება ქრისტეს ნათელთან ზიარებამდე; როგორც შატბერდულ, ისე ჭელიშურ ვარიანტებში ვკითხულობთ, თუ როგორ მივიდა აღდგომის ტაძარში ეფესელი დედაკაცი, რომელსაც სარა ნიაფორმა ჰკითხა: „ჰელენე დედოფალი ეგრეთსავე ბნელსა შინა არსა და მეფობაჲ მათი თჳნიერ ღმრთისა?“ [ძველი... 1963:113]. ამ ეპიზოდში საგულისხმო ისაა, თუ როგორ აღიქვამს ქალწულის აღმზრდელი სარა ნიაფორი ადამიანისა (ამ შემთხვევაში – დედოფლისა) და, ზოგადად, უმაღლეს ხელისუფალთა და სამეფოს ყოფიერების საზრისს, რომელიც არაა ქრისტეს მადლით განმტკიცებული. ზემომოხმობილი ფრაზიდან ჩანს, რომ ქალისთვის უმნიშვნელოვანესია, ქვეყანას მართავდნენ უფლის ნათელს ზიარებულნი; მისთვის სიბნელეა იქ, სადაც არ არის ქრისტე.  ეფესელი დედაკაცი ნიაფორს უპასუხებს, რომ დედოფალს ახლოს იცნობს და, ამდენად, იცის, რომ „დიდი წადიერებაჲ აქუს ჰრომთა ქრისტჱს მიმართ შჯულისათჳს და ნათლის-ღებისა“ [ძველი...1963:113]. აქედან გამომდინარე, გვაქვს საფუძველი, ვიფიქროთ, რომ ელენე დედოფალი მთელი გულით მიილტვის ქრისტესკენ (ამის დამადასტურებელია მოგვიანებით მისი გადაწყვეტილება, ღრმად მოხუცებულმაც კი გადალახოს არაერთი დაბრკოლება და მიაღწიოს ცხოველმყოფელ ჯვრამდე). ეფესელის მიერ ნათქვამი სწორედ ეს სიტყვები გახდება წმ. ნინოსთვის ბიძგის მიმცემი, რათა „წარვიდეს წინაშე - ჰელენე დედოფლისა, ნუუკუე მიიახლოს სიტყჳს-გებად მის წინაშე ქრისტჱსთჳს“ [ძველი... 1963:113].

საკითხთან დაკავშირებით ზურაბ კიკნაძე [კიკნაძე, 2008] წერს, რომ, მართალია, დედოფალი ელენე და წმინდა ნინო ერთმანეთს ფიზიკურად არ შეხვედრიან და ამ უკანასკნელმა ვერ მოახერხა, მონაწილეობა მიეღო ხანდაზმული ელენეს გაქრისტიანებაში, თუმცა მათი გზები არ გაყრილა. „ნინო მოაქცევს ქართლს, „ჩრდილო ქვეყანას“, და ამ საქმეში თავის წვლილს ჩადებს იმ დროისთვის უკვე ქრისტიანი დედოფალი ელენე.... ქართლი მოაქცია არსებითად ნინომ, მაგრამ ელენე დედოფალმაც... დედოფალი მონაწილეობს შორიდან, დაუსწრებლად, როგორც ვიცით, წერილით“ [კიკნაძე, 2008:196],  ასე განმარტავს მკვლევარი წმინდა ნინოსა და ელენე დედოფლის „დებად“ სახელდებას.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, ცხადი ხდება, თუ რა დიდი როლი აქვს დედოფალ ელენეს არა მხოლოდ საკუთარი იმპერიის, არამედ – ქართლის გაქრისტიანებაში. წმინდა ნინოს ცხოვრების“ მთხრობელნი გამოკვეთენ ნანა დედოფლის მნიშვნელოვან როლს ქართლის გაქრისტიანებაში.

მიუხედავად იმისა, რომ თხზულების რედაქციებში ნანა დედოფლის სახე (მისი სახასიათო შტრიხები) სრულად არაა წარმოჩენილი  (რაც, ზოგადად, ჰაგიოგრაფიას არც აინტერესებს),  მაინც ვხედავთ მას, როგორც მტკიცე პიროვნებას, რომელიც თავისი პრინციპებისა და ინტერესების ერთგულია. ავტორთა ძუნწი თხრობის მიღმა შეგვიძლია, წარმოვიდგინოთ მისი სულიერი მდგომარეობა, კერძოდ ის, თუ როგორ იტანს წარბშეუხრელად  მეუღლის ეჭვს, საყვედურს, რომელიც ცოლის მიერ ქრისტეს „მიღებითაა“ გამოწვეული.

მოქცევაჲ ქართლისაჲს“ რედაქციებში გამახვილებულია ყურადღება იმაზე, რომ სამეფო ოჯახიდან პირველი სწორედ ქალია, რომელიც უშიშრად იტყვის უარს წარმართულ კერპებზე და ფართოდ გაუღებს გულისკარს ჭეშმარიტ მაცხოვარს, რომელმაც ხორციელად და სულიერად განკურნა. „აჩვენა ღმერთმან ძალი მისი...  მაყულოვანსა მას შინა, ლოცვითა მისითა განჰკურნა სენისა მისგან მძიმისა, რომელი ჴელოვნებამან კაცთამან ვერ შეუძლო განკურნებად მისსა“[ძველი...1963:131]. განკურნების წამიდან ნანა დედოფალი წმინდა ნინოს სულიერ დად და თანამდგომად იქცა. ტექსტებში ხაზგასმულია, რომ დედოფალი ერთი წლით ადრე გადაწყვეტს, ირწმუნოს ქრისტე: და მეექუსესა წელსა არწმუნდა ცოლსა მეფისასა ნანას. სენსა შინა მისსა, და მეშჳდესა წელსა მეფესა არწმუნდა სასწაულითა ქრისტესმიერითა“ [ძველი... 1963:84]. მირიან მეფეს მეტი დრო სჭირდება, აღიაროს უზენაეს მსაჯულად უფალი. მისთვის სიკვდილის პირას მყოფი მეუღლის სასწაულებრივი განკურნება, როგორც ჩანს, არაა საკმარისი, ირწმუნოს ქრისტეს ჭეშმარიტი რჯული და მანამ არ აღიარებს მას, სანამ თავად არ ჩავარდება განსაცდელში და მოწყალე უფლის სულიერი ნათელი არ გამოუბრწყინებს ფიზიკურ მზეს; შემდეგ კი ნინოს ღმერთით არ სძლევს მზის დაბნელებას.

წმინდა ნინო ღვთის შეწევნით მანამდეც კურნავდა ხალხს, თუმცა დედოფლის განკურნებასა და შემდეგ მოქცევას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება, რადგან ქვეყნის პირველი ქალი მთელი ერისთვის მაგალითია ჭეშმარიტი ღმერთის აღიარებისა და უსულო, „ხელით განჭედილი“ კერპების უარყოფისა.  განკურნების შემდეგ წმინდა ნინოსთან სიახლოვე განუმტკიცებს ნანა დედოფალს ქრისტეს ერთადერთობის რწმენას. სწორედ ამ გადაწყვეტილების (რომელსაც ერთი წლის შემდეგ მირიანიც დაემოწმება) შემდეგ უწოდებს მას ელენე დედოფალი „სანატრელს“. ამ ეპითეტითაა მოხსენიებული ქართლის დედოფალი „წმ. ნინოს ცხოვრების“ ჭელიშური რედაქციის თითქმის ყველა ეპიზოდში. ეს დეტალი ავლენს ავტორებისა და, შესაბამისად, ქართლის მკვიდრთა  დამოკიდებულებას დედოფლის მიმართ. აღნიშნული კიდევ ერთხელ გამოკვეთს ნანა დედოფლის ღვაწლს  ქართლის გაქრისტიანების საქმეში. ამასთან, კონსტანტინოპოლის დედოფლის მიერ ნანა დედოფლისადმი მიგებული პატივი მისთვის ძელიცხოვლის ნაწილთა გაგზავნითაც დასტურდება.

რევაზ სირაძე [სირაძე, 1997] შენიშნავს, რომ ნანა დედოფლის სახე პირველად არმაზობის დღესასწაულზე გამოჩნდება, შემდეგ კი იკარგება სამეფო პალატების ატმოსფეროდან. ის უფრო წმინდა ნინოს მიმდევრად აღიქმება მკითხველის ცნობიერებაში, ვიდრე საკუთრივ დედოფლის სახით. „დედოფლობაზე მაღლა დგება სულიერება... იგი ჩვენში აღიბეჭდება, ვითარცა სახე პირველი ქრისტიანი ქართველი დედოფლისა, რომელიც იყო აღვსილი კდემით, მდუმარე რწმენით, თანალმობითა და სიხარულით, ყოველგვარი ქრისტიანული სათნოებით. იგი პირველსახეა წმინდა თამარისა და წმინდა ქეთევანისა. მან პირველმა ცხადყო, რომ ყოველგვარ აღმატებულობაზე, თვით სამეფო ღირსებებზე ზეაღმატებულია ქრისტიანული სათნოებანი, იგი „წმინდა მხედრის“ ქალური იერსახეა“ [სირაძე, 1997:199-201].

ნანა დედოფლის ისტორია ნათელი დადასტურებაა იმისა, რომ უფლის მადლმოსილებით შეჭურვილმა წმ. ნინომ დედათა თანადგომა-თანალმობით აღასრულა მოციქულებრივი მისია და მოაქცია „ჩრდილო“ ქართლი. მართლმადიდებლური ეკლესია ნანა დედოფალს მოციქულთა სწორად აღიარებს. ის ქართლის უკანასკნელი წარმართი და პირველი ქრისტიანი დედოფალია.

„წმ. ნინოს ცხოვრების“ რედაქციების განხილვა მოწმობს იმ უდავო ფაქტს, რომ ქართლის მოქცევის ისტორიაში ქალთა მისია მამაკაცების ,,მუშაკობასთან“ შედარებით უპირატესია. ამას ადასტურებს სახე სალომე უჯარმელისა, რომელიც სომხთა მეფის, თრდატის, ასული და მირიან მეფის ვაჟის, რევის, მეუღლე გახლდათ. პირველ ყოვლისა, გვახსენდება, რომ ელენე დედოფლის მიერ გამოგზავნილი წერილი სწორედ მას უბოძა მოციქულთა სწორმა. ამ,  ერთი შეხედვით, უმნიშვნელო დეტალით იკვეთება სალომე უჯარმელის გამორჩეულობა წმ. ნინოს სხვა თანამდგომ დედათაგან. ამას გარდა, ის გარემოება, რომ მირიან მეფემ თავისი ანდერძი რძალს გადასცა, გვაფიქრებინებს, რომ დედოფალი სამეფო კარზე დიდი პატივითა და ნდობით სარგებლობს, ამასთან, ის ყოველივეს მომსწრე და მცოდნეა, როგორც ამას იაკობ მთავარეპისკოპოსი წერს: „წიგნი, რომელი დაწერა მირეან მეფემან ქართლისამან ჟამსა სიკუდილისასა, აღწერა ჴელითა იაკობ მთავარებისკოპოსისაჲთა და მისცა სალომეს უჟარმელსა, ძის ცოლსა თჳსსა, რომელი მეცნიერ იყო ყოველსა-ვე ჭეშმარიტად“ [ძველი... 1963:157]. უფრო ლოგიკური იქნებოდა, მეფეს ანდერძი საკუთარი ვაჟისთვის გადაეცა, თუმცა, როგორც ზურაბ კიკნაძე წერს, „უფლისწული რევი არის იმის ცოცხალი მაგალითი, თუ როგორ უპირატესობენ ქალები მოქცევაჲში“ და სძლევენ მამაკაცთა ინიციატივას მის ყველა ეტაპზე, ყველა საქმიანობაში“ [კიკნაძე, 2009:60]. აღნიშნულთან დაკავშირებით მარიამ ჩხარტიშვილი ფიქრობს, რომ ამ ეპიზოდით აშკარაა, სალომე უჯარმელი წინაა, ვიდრე მისი თანამედროვე მამაკაცი პოლიტიკოსები, „სალომეს ყველა მასალაზე ექსკლუზიურად მიუწვდებოდა ხელი“ [ჩხარტიშვილი, 2017/2018: 250].

სალომე უჯარმელი ნდობის ღირსია არა მარტო მეფისთვის, არამედ წმ. ნინოსთვისაც: ისაა ერთ-ერთი აღმწერი მოციქულთა სწორის ცხოვრებისა, ამასთან, სწორედ სალომეს დაავალებს წმ. ნინო საპასუხისმგებლო საქმეს - სამ ჯვართაგან ერთ-ერთი წაიღოს და აღმართოს უჯარმაში: „და ერთი იგი მიეც სალომეს უჟარმელსა, ჭეშმარიტსა მხევალსა ქრისტესსა, და აღჰმართოს იგი უჟარმას ქალაქსა“ [ძველი... 1963: 150]. იმავეს იმეორებს ჭელიშური რედაქციაც. წმინდა ნინოს მიერ ნახსენები ეპითეტი (ჭეშმარიტი მხევალი ქრისტესი“) ამჟღავნებს მის დამოკიდებულებას  დედოფლის მიმართ. ყოველივე ზემოაღნიშნულის შემდეგ აღარ ჩანს მეფის საქციელი (ანდერძი გადასცეს სალომეს) მკითხველისთვის უჩვეულო. სალომე უჯარმელი ჩვენ წინაშე იხატება, როგორც ძლიერი, მიზანდასახული ქალი, რომლისაც სჯერათ და საპასუხისმგებლო საქმეებსაც ანდობენ.

ვფიქრობთ, მართებულია, აქვე ვახსენოთ მაღალმხატვრული ოსტატობით აღწერილი სახე ქალისა, რომელმაც გამოავლინა „დედათა იწრო ბუნებისთვის“ უჩვეულო შემართება ქრისტესკენ სავალ გზაზე. საუბარია სოჯი დედოფალზე, რომლის შესახებ მხოლოდ ჭელიშური რედაქცია გვიამბობს. სწორედ ეს სხვაობა გამხდარა მიზეზი, მკვლევრებს ეფიქრათ, რომ სოჯი დედოფლის ეპიზოდი თხზულებაში გვიანდელი ჩანართია, თუმცა, ბოლოდროინდელ კვლევათა მიხედვით, ეს აზრი გასაზიარებელი აღარაა. გოჩა კუჩუხიძე [კუჭუხიძე, 2009] საგანგებოდ ამახვილებს ამ საკითხზე ყურადღებას და წერს, რომ მოქცევაჲ ქართლისაჲს“ ჭელიშური რედაქციის გამართულ კომპოზიციას სოჯის ეპიზოდი კი არ არღვევს, ამთლიანებს, როგორც ნაწარმოების ორგანული ნაწილი. მკვლევარს მიაჩნია, რომ კომპოზიციურად ჭელიშური ვარიანტი ყველაზე უკეთაა გამართული.

ტექსტიდან ირკვევა, რომ  საღვთო შურით აღვსილ დედოფალ სოჯის განუზრახავს ადიდებული არაგვის გადალახვა, რათა შეხვედროდა მეორე ნაპირზე მყოფ სამეფო კარის წარმომადგენლებს. ეს უკანასკნელნი ცდილობდნენ, თავად მიჰგებებოდნენ დედოფალს, თუმცა სოჯი ტალღებს არ შეეპუა,  უფლისმიერი სასწაულით, მტკიცე რწმენითა და და შეუძრავი გულით გადალახა ბობოქარი არაგვი.

გოჩა კუჭუხიძე  შენიშნავს თხზულების მაღალმხატვრულობისა და მუდმივი დინამიკური პასაჟების შესახებ. აღნიშნული მონაკვეთიც ამ თვალსაზრისის მკაფიო ილუსტრაციაა: „მშვენიერია ორი ეპიზოდის შეპირისპირება: ქართლში მომავალი ნინო და მის მიერ მოგვრილი მადლისკენ მსწრაფველი სოჯი, მცხეთაში მომავალი ნეტარი ნინო შვილდაკარგულ, შვილის მაძებარ დედას ჰგავს. როგორც ბავშვი დედის ძუძუსკენ, ისე ილტვის ნინოსკენ, ასევე, მცხეთაში მიმავალი დედოფალი სოჯი. სხვადასხვა დროს მომხდარი  ამბებია აქ აღწერილი, მაგრამ ურთიერთშემხვედრი მოძრაობის დახატვით ავტორი ქმნის ეფექტს, რომ ერთმანეთისკენ ისწრაფოდნენ წმინდა ნინო და მისი „დაკარგული შვილები“, ამ შემთხვევაში სოჯი დედოფალი“ [კუჭუხიძე, 2009:105]. მას შემდეგ, რაც დედოფალი გადალახავს მდინარეს, ყველანი ერთად მიდიან ტაძრისკენ. მთელი ეს ეპიზოდი (ფინალითურთ) ქმნის შთაბეჭდილებას, რომ ყველა პერსონაჟი მიეშურება ნინოსკენ და მათი საქმეები – ნინოს მიერ დაგვირგვინებული – ერთიანად ტელეოლოგიური მიზნის – ქართლის მოქცევისკენ – მიისწრაფვის; ეს უკანასკნელი კი – ტაძრის გუმბათისკენ, რათა შეუერთდეს „ზესთ მწყრობრთა წყობას“.

სალომე უჯარმელთან ერთად სოჯი დედოფალი შემთხვევით არ გვიხსენებია. სამეცნიერო ლიტერატურაში გამოთქმულია მოსაზრება, რომ ეს ორი ადამიანი ერთი და იგივე პირია და მათი ვინაობის აღრევა გამოიწვია რაღაც ეტაპზე რედაქტორის შეცდომამ. აღნიშნულთან დაკავშირებით საინტერესო არგუმენტები მოჰყავს გოჩა კუჭუხიძეს. ვფიქრობთ, უნდა გავიზიაროთ მოსაზრება იმის შესახებ, რომ ეს ორი დედოფალი ერთი პიროვნებაა, კერძოდ, სალომე უჯარმელი,  აღნიშნულის გათვალისწინებით, ამ უკანასკნელის ღვაწლი და მისი მნიშვნელოვნება კიდევ უფრო იზრდება ქართლის მოქცევის საქმეში.

არსებობს სხვა თვალსაზრისიც, რომლის მიხედვითაც, დედოფალი სოჯი იგივე პეროჟავრ სივნიელია. აღნიშნულ მოსაზრებას გამოთქვამენ ლელა პატარიძე და მარიამ ჩხარტიშვილი [პატრიძე, 2010]. ისინი ეყრდნობიან ჭელიშურ რედაქციას, რომელშიც წერია, რომ მას შემდეგ, რაც დედოფალი მდინარეს გადალახავს, ყველანი ლიტანიას აღავლენენ ტაძარში, „რამეთუ ზარისა მისგან ქალაქი იგი ძრწოდა; და ეკლესიას მიისწრაფდეს, რამეთუ პეროჟავრი დედოფალი, ქართლისა ერისთვის დედაჲ იყო“ [ძველი... 1963:100]. აღნიშნული ეპიზოდი სოჯი დედოფალზე თხრობით იწყება და სრულდება პეროჟავრის ხსენებით, რაც ბუნდოვანებას იწვევს; თუმცა, მკვლევართა აზრით, ტექსტის ავტორს მიაჩნია, რომ ამ ორი პიროვნების (სოჯი და პეროჟავრი) იგივეობა ისედაც ცხადია და განმარტება არ სჭირდება.

ბუნებრივია, პეროჟავრ სივნიელის ხატება ქართველი მკითხველის გონებაში გაცილებით უფრო შთამბეჭდავი იქნებოდა, თუ დადასტურდებოდა მისი და სოჯი დედოფლის იგივეობა. მიუხედავად ამისა, ამ მართლმორწმუნე დედის ამაგს ქართლის მოქცევის საქმეში თავისი ღირსეული ადგილი უჭირავს. ამის სათქმელად ისიც კმარა, რომ  „სულისა წმიდისა ქნარ ნინოს“ სწორედ მან (სალომე უჯარმელთან ერთად) სთხოვა, ეამბნა თავისი ამბავი. წმ. ნინო თანამდგომთ ასე მიმართავს: ასულნო სარწმუნოებისანო, მახლობელნო ღმრთისანო, დედოფალნო ჩემნო, ... მოიხუენით აღსაწერელნი წიგნისანი და დაწერეთ სიგლახაკჱ ჩემი და უდები ცხორებაჲ ჩემი, რაითა უწყოდიან შვილთაცა თქუენთა სარწმუნოებაჲ თქუენი... მაშინ მო-ხოლო-იხუნეს საწერელნი სალომე უჟარმელმან და სივნიელმან პეროჟავრი, და იწყო სიტყუად წმიდამან ნინო და იგინი წერდეს“ [ძველი... 1963:105-106]. ამ სიტყვებში იკვეთება წმ. ნინოს დამოკიდებულება, სიყვარული და პატივისცემა თანამდგომთა მიმართ. „დედოფლებად“ მოხსენება მათ მაღალ წარმომავლობას უსვამს ხაზს, თუმცა პეროჟავრ სივნიელის შემთხვევაში ასე რომც არ იყოს, მაინც აშკარაა, რომ წმინდა ნინოსთვის იგი უახლოესი ადამიანია, რომელიც ნეტართან ერთად დგას ქართლის ქრისტესმიერ ნათელთან ზიარების გზაზე.

„წმ. ნინოს ცხოვრების“ რედაქციებიდან ცნობილია, რომ წმ. ნინოს ქართლში წასვლის მიზეზი ქრისტეს კვართის ადგილსამყოფელის ხილვა იყო; ქრისტეს კვართს კი უკავშირდება ერთ-ერთი უმთავრესი მართლმორწმუნე დედა – სიდონია, თუმცა იგი „წმ. ნინოს ცხოვრების“  არც ერთ რედაქციაში ამ სახელით არ იხსენიება.

სიდონიას სახის გამოკვეთამდე საჭიროა, ყურადღება შევაჩეროთ ელიოზის ოჯახის მთავარ დედაბოძზე, ელიოზის დედაზე, რომლის სახელი „წმ. ნინოს ცხოვრების“ არც ერთ რედაქციაში არ ფიქსირდება,  თუმცა მისი სახე-ხატი სამუდამოდ დაასვამს ბეჭედს როგორც შვილების ქმედებებსა და მათ ცხოვრებას, ისე ქრისტიანული საქართველოსა და მართლმადიდებლური ეკლესიის ისტორიას. მივყვეთ თხრობას:

დედაჲ ტომისაგან ელი მღდელისა“ [ძველი... 1963:128] გულმდუღარედ სთხოვდა  ელიოზს, არ მიეღო მონაწილეობა   ებრაელთა განზრახვაში, ეწამებინათ ქრისტე, „რამეთუ სიტყუაჲ არს წინასწარმეტყველთაჲ და იგავი ბრძენთაჲ, საიდუმლოჲ არს დაფარული ჰურიათაგან, ხოლო წარმართთა ნათელ და ცხოვრება საუკუნო“ [ძველი... 1963:128]. ამ პასაჟიდანაც  ცხადად იკვეთება სახე ებრაელი დედისა, რომელსაც სწამს, რომ, ვინც ჯვარზე უნდა გააკრან, მხსნელია. კიდევ უფრო გამაოგნებელია  სიტყვები, რომლებიც გვამცნობს, რომ ქალს  მცხეთაში მოესმა „ჴმაი... ოდეს იგი პასანიკმან ჯუარსა ზედა სამსჭუალსა დასცა  კუერი მჭედლისაჲ  გოლგოთას“ [ძველი... 1963:128]. ასეთივე სიმძაფრითა და გულისშემძვრელი ფრაზებითაა გადმოცემული ელიოზის დედის უკანასკნელი სიტყვები და აღსასრული – „და იკრჩხიალნა მწარედ დედაკაცმან მან და თქუა: მშვიდობით,  მეფობაო ჰურიათაო, რამეთუ მოჰკალთ თავისა მაცხოვარი და მჴსნელი, და იქმნენით ამიერითგან მტერ შემოქმედისა“ [ძველი... 1963:128]. მკითხველზე განსაკუთრებულ შთაბეჭდილებას ახდენს მრავლისმეტყველი სიტყვა „იკრჩხიალნა“, რომელიც ერთოდრულად გამოხატავს არაერთ შეგრძნებას, უდიდესი ტკივილით გამოხატულ მოძრაობას, შემაძრწუნებელ და განწირულ ხმას. ყოველივე ამას მკითხველიც ხედავს, ისმენს და თავადაც ამ შეგრძნებებით იმუხტება.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აღარაა გასაკვირი, საიდან შეიძლება ჰქონოდა სიდონიას უფლის განუზომელი სიყვარული. ტექსტების თანახმად, მას ელიოზისთვის უთხოვია, იერუსალიმიდან ჩამოეტანა უფლის კუთვნილი რამე ნივთი. ელიოზმა მცხეთაში ქრისტეს კვართი ჩამოაბრძანა. მცხეთაში შემოსულ ძმას სიდონია „მიეგება შესუარული ცრემლითა, ვითარცა სისხლითა, და მოეჴვა ყელსა ძმისა თჳსასა და მოუღო სამოსელი იგი იესუჲსი და  შეიტკბო მკერდსა თჳსსა ზედა და მსწრაფლ სულნი წარჰჴდეს სამითა ამით სიმწარითა: სიკუდილითა დედისაჲთა და უმეტჱს ტკივილითა სიკუდილსა ზედა ქრისტჱსსა და სურვილითა მის სამოსლისაჲთა“ [ძველი...1963:129]. ქალისთვის ამქვეყნიური მშობლის გარდაცვალებაზე უფრო გამანადგურებელი მარადიული მშობლის სიკვდილია. ამ განცდით აღსავსეს, უხმოდ აღმოხდება სული, რაც იდუმალებას იწვევს, თუმცა გვახსენდება, რომ სწორედ ასეთი „მოკვდავი ენისთვის გამოუთქმელი უკვდავი გრძნობა“  შეიძლება იყოს ჭეშმარიტი, რადგან, როგორც რევაზ სირაძე წერს, „დუმილი უხმაურო არსებობაა... გარინდებითა და შინაგანი რწმენით ადამიანი საკუთარი სიცოცხლის რიტმს გრძნობს, ეს შეიძლება დიდ ჰარმონიასთან ზიარებად იქცეს, პიროვნება თავის თავშივე შეიგრძნობს, რომ იგი დიდი, საყოველთაო სიცოცხლის ნაწილია“ [სირაძე, 1982:142].  სწორედ ასეთ საყოველთაო სიცოცხლის - ქრისტეს - ნაწილად იქცა სიდონია. მისი უტყვობა მრავლისმთქმელია, რადგან ერთდროულად იტევს ენით აღუწერელ ტკივილსა და სიხარულს - ქრისტესთან სიახლოვით გამოწვეულს. ეს არაა სათქმელის არქონა, ესაა დიდი სათქმელის ართქმა“ [სირაძე, 1982: 142].

საინტერესოა, რომ ამბებს ელიოზის დედისა და სიდონიას შესახებ ვიგებთ ამ უკანასკნელის შთამომავლის წყალობით. სწორედ წმინდა ნინოს თანამედროვე სიდონია, აბიათარ მღვდლის ასული, გვევლინება „მოქცევაჲ ქართლისაჲს“ ერთ-ერთ რედაქტორად, რომელსაც, გარდა ამ ფუნქციისა, მნიშვნელოვანი წვლილი აქვს ქართლის მოქცევის საქმეში.

გასათვალისწინებელია, თუ როგორ აფასებს სიდონია წმინდა ნინოს; მათი პირველი შეხვედრის შესახებ ის ჰყვება: ოდეს ვიხილე ასულმან აბიათარისმან სიდონია წმიდაჲ ნინოჲ თავსა ციხისასა პირველ მცხეთისასა, კოშკსა მას მაღალსა, ბრინჯთა მათ ქუეშე, ბრატმან მეფისა საგრილთა, და სასუენელებელთა ჯდა... სანატრელმან წმიდამან ნინო დაყო ექუსი წელი... და ოდესმე შჳდნი დედანი დაგვიმოწაფნა შჯულსა მისსა“ [ძველი... 1963: 130]. როგორც ირკვევა, სიდონიასთვის წმინდა ნინო არის „სანატრელი“ მასწავლებელი, რომელთანაც მეგობრობდა წლების განმავლობაში და იყო თანამონაწილე ნეტარის მიერ გადადგმული თითოეული ნაბიჯისა. ფაქტი, რომ მას ანდო წმინდა ნინომ ქართლის მოქცევის ჩაწერა, მიუთითებს ამ ქალის ღირსეულობაზე, თანაც, სხვა წყაროების ავტორთა მიხედვით (ნიკოლოზ გულაბერისძე, არსენ ბერი, უცნობი ავტორი), სიდონია ღრმად არის განსწავლული ქრისტიანობაში, რადგან ნანა დედოფალს სწორედ ის ასწავლიდა ჭეშმარიტ რჯულს, ამასთან, ჰქონდა ნიჭი წინასწარმეტყველებისა, სიზმრების ახსნისა. გავიხსენოთ ეპიზოდი, როცა ნეტარი ნინო მეგობარს სიზმრის შესახებ უამბობს: „მოვიდიან მფრინველნი ცისანი და შთავიდიან მდინარესა, დაიბანნიან და მოვიდიან სამოთხესა შინა მას,... და შუენიერ იყო ხილვაჲ იგი მათი“ [ძველი... 1963:123]. „წმინდა ნინოს ცხოვრების“ უცნობი ავტორი ხაზგასმით ხსნის, რომ სიდონიას წინასწარმეტყველების ნიჭი აქვს, რის შესახებაც ნეტარმა ქალწულმა იცის. აბიათარის ასული ასე აუხსნის მოციქულთა სწორს ხილვას: ტყუეო და ტყუეთა მჴსნელო... აჰა ესერა აქაცა მოსრულ არს დედაკაცი ერთი, რამეთუ ამან შეცვალოს ყოველი წესი ამის ქუეყანისა“ [ძველი... 1963:123]. სიდონია სარწმუნოებრივად ახსნის სიზმარს და განმარტავს, რომ წმინდა ნინოს ძალისხმევით მის მიერ ნანახი „ბაღი - სამოთხე“  სულიერ სამოთხედ გადაიქცევა. ზემოაღნიშნული პასაჟით ვასკვნით, რომ აბიათარის ასული წმინდა ნინოსთვის უახლოესი ადამიანია. გამომდინარე აქედან, ის ერთ-ერთი გამორჩეული დედაა, რომელმაც უდიდესი წვლილი შეიტანა ქართლის გაქრისტიანებაში.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, ნათელი ხდება, რომ ქალისა და მამაკაცის თანასწორობის იდეაა გატარებული „წმ. ნინოს ცხოვრების“ ტექსტებში. ამას ადასტურებს წმინდა ნინოს დეკალოგიც, 10 სიტყვა, რომელთაც ქრისტესმიერი სიყვარული უნდა დაენერგა ქართლში. აქ ხაზგასმითაა თქმული: „არცა მამაკაცებაჲ, არცა დედაკაცებაჲ, არამედ თქუენ ყოველნი ერთ ხართ“ [ძველი... 1963:116].

ქართლის მოქცევა რომ ძირითადად ქალთა ღვწას ეფუძნება, ამას ადასტურებს არა მხოლოდ ნაწარმოების მთავარ ქალ პერსონაჟთა ამაგი, არამედ –  ქმედებები ნაკლებ მნიშვნელოვანი პერსონაჟებისაც, რომელთაც ქრისტიანობის აღიარება-დამკვიდრებაში გარკვეული მისია აქვთ. ქართლის გაქრისტიანება უფლის მადლითა და შეწევნით, წმ. ნინოს ძალისხმევითა და შემართებით, ძირითადად, ქალთა მხნეობითა და უდრეკი რწმენით წარიმართა, რის გამოც მათი ღვაწლი გაცილებით აღემატება მამაკაცთა მუშაკობას, სწორედ ამიტომ არიან ისინი „ასულნი სარწმუნოებისანი“.

ლიტერატურა

აბულაძე ა.,
1963
,,ძველი ქართული აგიოგრაფიული ძეგლები“, საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემია, თბილისი.
კიკნაძე ზ.,
2008
,,ახალი ნინო“, კრებ. ,,წმინდა ნინო“, I, რედ. რევაზ სირაძე, მერიდიანი, თბილისი.
კიკნაძე ზ.,
2009
,,ქართლი გაქრისტიანების გზაზე“, ლითერასი, თბილისი.
კუჭუხიძე გ.,
2009
,,წმინდა ნინო და ქართლის მოქცევა“, ლიტერატურის ინსტიტუტი, თბილისი.
სირაძე რ.,
1982
,,სახისმეტყველება, საუბარი ქართულ ესთეტიკაზე“, ნაკადული, თბილისი.
სირაძე რ.,
1987
,,ქართული აგიოგრაფია“, ნაკადული, თბილისი.
სირაძე რ.,
1997
,,წმინდა ნინოს ცხოვრება და დასაწყისი ქართული აგიოგრაფიისა“, თბილისი.
პატარიძე ლ.,
2010
,,პეროჟავრ სივნიელის ვინაობისთვის“, ქართული წყაროთმცოდნეობა, XII, უნივერსალი, თბილისი.
ჩიკვაიძე ე.,
2009
,,ნიკოლოზ გულაბერისძის ,,სვეტიცხოვლის საკითხავი“ და წმინდა ნინოს ცხოვრება, „წმინდა ნინო და ქართლის მოქცევა“, ლიტ. ინსტ. თბილისი.
ჩხარტიშვილი მ.,
2017-2018
,,ქართლში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების უცნობი დეტალები. პეროჟავრ სივნიელი“, ქართული წყაროთმცოდნეობა, XIX/XX, მერიდიანი, თბილისი.