აზერბაიჯანული პრესა თბილისში /XIX საუკუნე/
DOI: 10.55804/jtsuSPEKALI-17-4
XIX ს-ის 20-იანი წლებიდან აზერბაიჯანის ეკონომიკური და კულტურული ცხოვრების ამსახველი სტატიები ქვეყნდებოდა გაზეთებში, რომლებიც გამოდიოდა თბილისში რუსულ ენაზე («Тифлисские ведомости», «Закавказский вестник», «Кавказ», «Новое обозрение» და სხვ.). «Тифлисские ведомости» („ტფილისის უწყებანი“ - 1828-1833) იყო პირველი რუსული სამთავრობო გაზეთი ამიერკავკასიაში და მისი რედაქტორი იყო პ. ს. სანკოვსკი (1798-1832). გაზეთში იბეჭდებოდა სამთავრობო განკარგულებები და განცხადებები, ცნობები რუსეთ-ირანისა (1826-1828) და რუსეთ-ოსმალეთის (1828-1829) საომარი მოქმედებების შესახებ, „ამ მხარისათვის საინტერესო“ სხვადასხვა ახალი ამბავი და, საერთოდ, ყველა ცნობა, რომლებიც შეთანხმებული იყო ხელისუფლებასთან. გაზეთს ჰქონდა დამატებებიც: 1829 წლიდან – ქართულ ენაზე, 1830 წლიდან – სპარსულ (ფარსი) ენაზე და მხოლოდ 1832 წლიდან სპარსულის ნაცვლად – აზერბაიჯანულ ენაზეც. გაზეთის ყოველკვირეულ დამატებას აზერბაიჯანულ ენაზე ეწოდებოდა “Tatar xeberleri” („თათრული ცნობები“) [АКАК, VIII, 14]. მისი რედაქტორი იყო აზერბაიჯანელი მეცნიერი და მწერალი აბას ყული აღა ბაქიხანოვი (1794-1846) და გამოდიოდა ტირაჟით – 300 ეგზემპლარი [Qasımzadə,1974:114]. მას კითხულობდნენ არა მხოლოდ ამიერკავკასიაში, არამედ – ოსმალთა იმპერიასა და ყაჯართა ირანშიც.
„თათრული უწყებანის“ არც ერთი ეგზემპლარი არ შემონახულა, მაგრამ მასალები ამ გამოცემის შესახებ დაცულია საქართველოს ეროვნულ არქივში [სცა, 1831/1833: 1-35]. საარქივო საქმე იხსნება ირანის ქ. თავრიზში რუსეთის გენერალური კონსულის, ნ. პ. ბეზაკის, ოფიციალური წერილით დიპლომატიური კანცელარიისადმი, რომელშიც ის ითხოვს „რეგულარულად მიაწოდონ“ გაზეთი „თათრულ ენაზე“. საარქივო მასალებიდან ირკვევა, რომ 1831 წლის 30 დეკემბერს საქართველოს მთავარმართებელმა, ბარონ როზენმა (გრიგოლ ვლადიმერის ძე როზენი − 1831-1837), „თათართა უწყებანის“ დაფუძნების თაობაზე გაუგზავნა რუსეთის იმპერიის სახალხო განათლების მინისტრს, კ. ა. ლივენს, წერილი, რომელშიც მოკლედ აღწერილია ბეჭდვითი ორგანოს − „თათრული უწყებანის“ − დაარსების ისტორიაც:
„ჩემი წინამორბედის განკარგულებით, მისმა უწმინდესობამ ვარშავის პრინცმა და ერევნის გრაფმა (ივანე პასკევიჩი – ნ.გ.), მიიღეს გადაწყვეტილება თბილისის უწყებების გამოცემაზე ფარსის (სპარსულ) ენაზე. მე დამხვდა ეს გამოცემა შეწყვეტილი, რადგანაც არ ჰყავდა საჭირო რაოდენობის ხელმომწერები.
ეს ნაკლოვანება წარმოიშვა ორი მიზეზის გამო: ერთი მხრივ, მართალია, „თათრები“ ბუნებით საკმაოდ ცნობისმოყვარები არიან და კმაყოფილებით მიიღეს მათთვის გამომავალი გაზეთი, მაგრამ კმაყოფილდებოდნენ ეგზემპლარების ძალიან ცოტა რაოდენობით; მეორე მხრივ, სპარსული ენა ნაკლებად გამოყენებადი იყო არა მხოლოდ „თათრებით“ დასახლებულ ამიერკავკასიის ქვეყნებში, არამედ თვითონ აზერბაიჯანშიც.
… ამ გამოცემის მომავალმა სარგებელმა დამარწმუნა მე მის განახლებაში, მაგრამ არა ფარსის ენაზე, არამედ „თათრულ“ ენაზე. … ჩემი მოვალეობაა მოვახსენო თქვენს აღმატებულებას დამატებით, რომ ამ გამოცემაში შესული სტატიები იქნება ზუსტად იმავე შინაარსის, როგორიც იყო 1831 წლამდე სპარსულ ენაზე გამომავალ გაზეთებში, ანუ სტატიები იქნება შემდეგი შინაარსის: ა) უმაღლესი ჯილდოები, რომლებითაც ჯილდოვდებიან ამიერკავკასიის მუსლიმები; ბ) ადგილობრივი და უცხოური სიახლეები, რომლებიც გასაგები და მნიშვნელოვანი იქნება აზიელებისათვის და გ) სხვადასხვა სტატიები, რომელთაც შეუძლიათ გაუღვივონ ადგილობრივ მოსახლეობას ევროპული განათლებისა და მრეწველობის სურვილი.
პატივისცემით....ბარონი როზენი“ [სცა, 1831/1833: 1-35].
ანალოგიური შინაარსის წერილით საქართველოს მთავარმართებელმა როზენმა მიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროს აზიური დეპარტამენტის ხელმძღვანელს, კ. კ. როდოფინიკინს (1831წ. 31 დეკემბერი, №660), მთავარი შტაბის მმართველს, ე. ი. ვ. გრაფ ჩერნიშევს (1831წ. 31 დეკემბერი, №661). გაზეთის გამოცემის თაობაზე თავისი გადაწყვეტილების შესახებ მან აცნობა მისდამი ქვემდებარე უწყებების მმართველებსაც (1832წ. 2 იანვარი). რადოფინიკინის საპასუხო წერილი ასეთი შინაარსისაა:
„მოწყალეო ხელმწიფევ, ბარონ გრიგორ ვლადიმერის ძევ,
თქვენი აღმატებულების მიერ „თბილისის უწყებანის“ თათრულ ენაზე გამოცემასთან დაკავშირებით როდოფინიკისადმი გასული წლის 31 დეკემბერს გაგზავნილი წერილის (№660) პასუხად, თავს ვალდებულად ვთვლი, გიპასუხოთ, რომ ამ გამოცემის საშუალებით ჩვენს ამიერკავკასიის ქვეშევრდომებს შორის და ასევე სპარსეთსა და თურქეთში, საგნების სწორი აღქმის, ჩვენი კეთილშობილური ზრახვების და საინტერესო ამბების გავრცელება, უეჭველია მოიტანს არსებით სარგებლობას; თუმცა, ამასთან ერთად, გამოიჩინეთ უკიდურესი სიფრთხილე, რათა გაზეთში გამოქვეყნებულ სტატიებში არ იყოს რაიმე საწინააღმდეგო სპარსეთის და თურქეთის მთავრობების, ამ ქვეყნებში გაბატონებული სარწმუნოების, ასევე მათი თანამდებობის პირების.
პატივისცემით და ერთგულებით, ნესელროდე“ [სცა, 1831/1833, 1-35].
გაზეთმა მალევე მიიპყრო „იმპერიაში წესრიგის დამცველის“, ჟანდარმერიის შეფის, გრაფი ა. ქ. ბენკერდოფის (1782-1844), ყურადღება. შესაბამისად, 1832 წელს გამოიცა სპეციალური განკარგულება, რომლის თანახმადაც, იმპერიაში გამომავალი ყველა ჟურნალისა და ალმანახის ცალკეული ნომრის ბეჭდვაზე ნებართვის მისაღებად თითო ეგზემპლარი, გავრცელებამდე, ტიპოგრაფიიდან უნდა გადაგზავნილიყო მისი საიმპერატორო უმაღლესობის კანცელარიის III განყოფილებაში. ამას სჭირდებოდა დაახლ. 40-50 დღე, რაც ართულებდა გაზეთის გამოცემას. 1832 წლის 19 ოქტომბერს მოულოდნელად გარდაიცვალა პ. ს. სანკოვსკი, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა პერიოდულ პრესას კავკასიაში. სავარაუდოდ, გაზეთის გამოცემა, მათ შორის აზერბაიჯანულ ენაზეც, უნდა შეწყვეტილიყო 1833 წლის დასაწყისისათვის [Şahverdiyev, 2006:7].
1841 წელს აზერბაიჯანელი მწერალი-განმანათლებელი მირზა ფათალი ახუნდოვი (1812-1878) და აზერბაიჯანელი პოეტი მირზა შაფი ვაზეჰი (1794-1852) შეეცადნენ, გაეხსნათ თბილისში ტიპოგრაფია, მაგრამ რუსეთის ხელისუფლებისაგან დახმარება ვერ მიიღეს და მათი წამოწყება წარუმატებელი აღმოჩნდა. 1845 წელს რუსულენოვანი სამთავრობო გაზეთის «Закавказский вестник»-ის („ამიერკავკასიის მაცნე“ − 1837-1855) რედაქცია უშვებდა დამატებას აზერბაიჯანულ ენაზე, სახელწოდებით – “Qafqazın bu tərəfinin xəbəri” („ახალი ამბები კავკასიის ამ მხარიდან“). გაზეთი მალე დაიხურა, სავარაუდოდ 1846 წელს, ხელმომწერთა შეზღუდული რაოდენობის გამო (1844 წელს ამ დამატებას 14 ხელმომწერი ჰყავდა, ხოლო 1845 წელს − 5) [Керимов, 2011: 89-92].
ეს გამოცემები − რუსული გაზეთების დამატებები − არ შეიძლება ჩაითვალოს დამოუკიდებელი აზერბაიჯანული პერიოდული პრესის პირველ ნიმუშებად, რადგანაც ისინი მოკლებული იყო ორიგინალობას და მათში იბეჭდებოდა მხოლოდ იმავე გაზეთებიდან აზერბაიჯანულ ენაზე თარგმნილი მასალები.
1871 წელს „სასოფლო გაზეთის“ რედაქტორმა, გიორგი წერეთელმა, სამეურნეო საზოგადოებაში შეიტანა განცხადება, რათა ნებართვა მიეღო ამავე გაზეთის გამოცემაზე „თათრულ ენაზეც“ „თფილისის გუბერნიის თათრებისათვის“. გ. წერეთელი განცხადებაში ასაბუთებდა ამგვარი გაზეთის აუცილებელ საჭიროებას და სარგებლობას თფილისის გუბერნიის თათრებისათვის [დროება, 1871:2]. თუმცა, როგორც გაზ. „დროება“ აღნიშნავდა, „საზოგადოება არ დათანხმებულა უფ. წერეთლის წინადადებაზე ერთის მხრით იმიტომ, რომ ფულები არ გვაქვსო და მეორეთ იმიტომა, რომ ჩვენი თათრები კითხვას არ არიან შეჩვეულნი და, მაშასადამე, გაზეთი იმათ სარგებლობას ვერ მოუტანსო. ამაზე უფ. ქალანთაროვი ამბობს „კავკასში“, რომ ფულები თუ არ არის, ამაზე არაფერი არ ითქმისო, მაგრამ ის საბუთი, რომ ჩვენი თათრები არ არიან კითხვას შეჩვეულნი, სრულებით უსაფუძვლო საბუთი არისო: თუ არ არიან შეჩვეულნი, შეეჩვევიან, გამოსცადეთ, იქნებ იკითხონო. ჩემი აზრით, ამბობს უფ. ქალანთაროვი, ის 900 მანეთი, რომელიც კავკასიის სამეურნეო საზოგადოებამ უნდა აძლიოს წელიწადში გაზეთისთვის, არაოდეს დაკარგული ფულები არ იქნებოდა მხარისთვისო და ცოტა ხნის შემდეგ ერთი-ასად მოიტანდა სარგებლობასაო“ [დროება, 1871:2].
აზერბაიჯანული ტიპოგრაფიის და პერიოდული პრესის დაფუძნების ისტორიული მისია დაეკისრა მეცნიერ-პუბლიცისტს − ჰასან ბეგ ზარდაბის (1842-1907), რომელიც „პრესის მართალ სიტყვას“ თვლიდა მნიშვნელოვან იდეურ იარაღად და დაძლია ყველა წინააღმდეგობა პირველი აზერბაიჯანული გაზეთის „ექინჩის“ (აზერბ. Əkinçi — „მთესველი“) გამოსაცემად 1875 წელს. ჰასან ბეგ ზარდაბიმ სტამბოლიდან ჩამოიტანა ბაქოში სპეციალური არაბული ტიპოგრაფიული შრიფტი, ხოლო თბილისიდან და სხვა ქალაქებიდან – ტიპოგრაფიული მოწყობილობა. 1875 წლის 22 ივლისს მას ნება დართეს, გამოეშვა ბაქოს საგუბერნიო ტიპოგრაფიაში გაზეთ „ექინჩის“ პირველი ნომერი, რითაც საფუძველი ჩაეყარა აზერბაიჯანის ეროვნულ პრესას. გაზეთი გამოდიოდა თვეში ორჯერ, ტირაჟით − 300-400 ეგზემპლარი [Swietochowski, 1995: 175-183].
1870-1890-იან წლებში სამი ძმა – საიდ, ჯალალ და ქამალ უნსიზადეები – შემახიდან გადმოვიდნენ თბილისში განათლების სრულყოფისათვის და მოგვიანებით ისინი გახდნენ აზერბაიჯანული პრესის ფუძემდებლის, ჰასან ბეგ ზარდაბის, საქმის პირველი გამგრძელებლები და გამოსცეს გაზეთები და ჟურნალები - „ზიჲა“ (Ziya), „ზია‘ი კავკაზიე“ (Ziyayi-Qafqaziyyə), „ქეშქული“ (Kəşkül).
გაზეთი „ზიჲა“
გაზეთ „ექინჩის“ დახურვის შემდეგ, 1878 წლის 4 დეკემბერს, აზერბაიჯანელმა განმანათლებელმა და რელიგიურმა მოღვაწემ – ჰაჯი საიდ უნსიზადემ – მიმართა კავკასიის სამეფისნაცვლოს მთავარი სამმართველოს უფროსს, რათა მიეღო ნებართვა გაზეთის, „ზიჲას“ (Ziya – „სინათლე“), გამოცემაზე აზერბაიჯანულ ენაზე. დასაბუთებაში ის აღნიშნავდა, რომ აღმოსავლეთის მოსახლეობას ისევე სურდა სინათლე და სიმართლე, როგორც დასავლეთის მოსახლეობას. მან აღწერა გაზეთ „ზიჲას“ მისია და მიზანი და ხაზი გაუსვა, რომ გამოცემას სურდა, მიეწოდებინა თავისი მკითხველისათვის ინფორმაცია ქვეყანაში და საზღვარგარეთ მიმდინარე მოვლენებზე.
წერილი-თხოვნის ტექსტი:
„მსურს, გამოვცე ქ. თბილისში ჩემს ლითოგრაფიაში ან ტიპოგრაფიაში ყოველკვირეული გაზეთი აზერბაიჯანულ ენაზე სათაურით „სინათლე“ და უმორჩილესად ვითხოვ თქვენი უმაღლესობის შუამდგომლობას ზემოაღნიშნული გაზეთის გამოცემაზე მომავალი 1879 წლის 1 იანვრიდან თანდართული პროგრამის მიხედვით. დავამატებ, რომ გაზეთზე ხელმოწერის ფასი წელიწადში იქნება 6 რუბლი გადაგზავნით. პასუხისმგებელი რედაქტორი და გამომცემელი „სინათლე“-სი ვიქნები მე. ჩემი საცხოვრებელი მისამართია თბილისი, მე-6 ნაწილი, ვორონცოვის ქუჩაზე ქარბალაი ლაფიტის სახლში. თან ვურთავ: 1. გაზეთის „სინათლე“ პროგრამას; 2. გაზეთის გამოცემის დასაბუთების ახსნა-განმარტებას; 3. დამოწმებულ ასლს ჩემი სამსახურეობრივი გამოცდილების თაობაზე“ [სცა, 1878:1-37].
ზემოაღნიშნული წერილი გადაეგზავნა კავკასიის საცენზურო კომიტეტს, რომელმაც დაასკვნა, რომ გაზეთი ხელს შეუწყობდა ცარიზმის პოლიტიკის განმტკიცებას კავკასიის მუსლიმებში და 1879 წლის 1 იანვარს გამოუგზავნა კავკასიის სამეფისნაცვლოს მთავარი სამმართველოს უფროსს შემდეგი შინაარსის პასუხი:
„საცენზურო კომიტეტმა განიხილა ჰაჯი საიდ უნსიზადეს თხოვნის შესაბამისობა პრესის შესახებ კანონთან და ასევე გაზეთ „ზიჲას“ („სინათლე“) პროგრამა და დაადგინა, რომ ის აკმაყოფილებდა ყველა მოთხოვნას. ამის გამო და იმის გათვალისწინებითაც, რომ გაზეთის გამოცემამ აზერბაიჯანულ ენაზე შეიძლება მოგვიტანოს განსაკუთრებული სარგებელი, დაადგინა − იშუამდგომლოს თქვენი აღმატებულების წინაშე ჰაჯი საიდ ეფენდი უნსიზადეს თხოვნის დაკმაყოფილებაზე [“Ziya”, 2015; Vəliyev, 2009:28].
გაზეთის პირველი ნომერი თბილისში გამოვიდა 1879 წლის 16 იანვარს. გაზეთი გამოდიოდა ყოველკვირეულად, ლითოგრაფიული წესით, მოცულობით − 4-დან 8 გვერდამდე. გაზეთში იბეჭდებოდა ახალგაზრდა ინტელექტუალების სტატიები განათლების სისტემის რეფორმირების საკითხებზე, ინფორმაცია აზერბაიჯანული ენის სახელმძღვანელოებზე და ამ ენის სწავლების ახალ მეთოდებზე, კლასიკური და თანამედროვე ლიტერატურული ნაწარმოებები და სხვ.
აზერბაიჯანელმა პოეტმა და განმანათლებელმა – სეიდ აზიმ შირვანიმ (1835-1888), სპეციალური მისალმება დაწერა გაზეთ „ზიჲას“ გამოცემასთან დაკავშირებით და უწოდა მას „რელიგიური განათლება“ და „მეცნიერების წყარო“ [Ширвани, 2005:65-67]. საიდ უნსიზადეს და მის გაზეთს ჰყავდა მოწინააღმდეგეებიც. მრავალი სწავლული, რომელთაც რუსეთში ჰქონდათ მიღებული საერო განათლება (მაგ., ჰ. ზარდაბი, ნ. ვეზიროვი, მ. ალიზადე, და სხვ.), არ იზიარებდა საიდ უნსიზადეს რელიგიურ შეხედულებებს და მისი გაზეთის იდეებს და აცხადებდნენ, რომ გაზეთი „ზიჲა“ არანაირ როლს არ ასრულებდა აზერბაიჯანელი ხალხის კულტურულ აღმავლობაში. ისინი თვლიდნენ, რომ გაზეთმა თავიდანვე აირჩია არასწორი გზა: კავკასიელი აზერბაიჯანელების განათლების ნაცვლად, გაზეთი უფრო მეტად „ამკვიდრებდა სიბნელეს, რომელიც გამეფებული იყო იმ ეპოქაში“. იმ პერიოდის ზოგიერთი გაზეთიც მიუთითებდა, რომ თვითონ რედაქტორი საერთოდ არ ფლობდა არა მარტო რუსულ ენას, არამედ – აზერბაიჯანულ ენასაც. შესაბამისად, გაზეთში იყო ბევრი უზუსტობა. თუმცა, გარკვეული ნაწილი თვლიდა, რომ გაზეთი იყო ლიბერალური, მასში იბეჭდებოდა სამეცნიერო და პუბლიცისტური წერილები და არ იყო ორიენტირებული მხოლოდ ისლამზე [Şahverdiyev, 2006: 20].
გაზეთ „ზიჲას“ ოფიციალური ცენზორი იყო სოლომონ მელიქ-მეგრაბოვი, რომელმაც ხელი მოაწერა გაზეთის დაბეჭდვის ნებართვას, მაგრამ საცენზურო კონტროლს მთლიანად ახორციელებდა კავკასიის საცენზურო კომიტეტის მთავარი ცენზორი (აღმოსავლური და ადგილობრივი ენების), ვ. ბეზობრაზოვი, რომელსაც უფლება ჰქონდა, ამოეღო მასალები, შეეცვალა ისინი სხვა პუბლიკაციებით, გაეკონტროლებინა თანამშრომლები და სხვ. ის აცხადებდა, რომ აზერბაიჯანული პრესა „მოძველდა“ და ისეთი ინტელექტუალების შრომას, როგორიც იყო საიდ უნსიზადე, „არასაჭიროდ“ და „უსარგებლოდ“ მიიჩნევდა. ხშირად გაზეთზე საცენზურო ზედამხედველობას ახორციელებდა კომიტეტის შტატგარეშე ცენზორი (აზერბაიჯანულ, სპარსულ და არაბულ ენებზე), „ნადვორნი სოვეტნიკი“ – მირზა მუსტაფა ახუნდოვი. საინტერესოა მ. მ. ახუნდოვის წერილი, გაგზავნილი 1879 წლის 20 ივლისს საცენზურო კომიტეტისადმი. წერილში ის ამცნობდა კომიტეტს იმ უზუსტობების შესახებ, რომლებიც დაშვებული იყო მ. შაჰტახტინსკის არაბულ ანბანთან დაკავშირებული სტატიის თარგმანისას (სტატია აღებული იყო რუსული გაზეთიდან «Тифлисские ведомости»). წერილს თან ერთვოდა სტატიის ორიგინალი და ასევე მირზა ფათალი ახუნდოვის პუბლიკაციები არაბული ანბანის რეფორმირებასთან დაკავშირებით. შესაბამისად, გაზეთის ამ ნომრის მასალების მნიშვნელოვანი ნაწილი არ დაიბეჭდა სრული სახით [ სცა, 1879:10].
გაზეთის 30 ნომრის გამოსვლის შემდეგ, 1880 წლის 26 ივნისს, შეჩერდა „ზიჲას“ გამოცემა მატერიალური და ტექნიკური პრობლემების გამო. 1880 წლის 29 ნოემბერს, კავკასიის საცენზურო კომიტეტის წესდების შესაბამისად, საიდ უნსიზადემ აიღო შემდეგი ვალდებულება:
„მე, ქვემორე ხელისმომწერი, შემახის მცხოვრები, ჰაჯი საიდ ეფენდი უნსიზადე, გაზეთ ზიჲას („სინათლე“) რედაქტორ-გამომცემელი, ვაძლევ ამ ხელწერილს ვორონცოვის მე-6 ნაწილის ბ-ნ ზედამხედველ მაჭავარიანს იმაზედ, რომ ბ-ნი ტიფლისის პოლიცმეისტერის განკარგულების თანახმად, მე არ მაქვს უფლება, გამოვცე ზემოაღნიშნული გაზეთი ცენზურის გავლისა და ხელმძღვანელობის შესაბამისი ნებართვის გარეშე. წინააღმდეგ შემთხვევაში დამეკისრება მკაცრი პასუხისმგებლობა, რაზედაც ხელს ვაწერ“ [სცა, 1881: 25].
გაზეთი „ზიჲაი კაფკაზიე“
1880 წლის 6 დეკემბრიდან გაზეთი „ზიჲა“ გამოდიოდა სახელით - „ზიჲაი კაფკაზიე“ (Ziyayi-Qafqaziyyə –„კავკასიის სინათლე“). საიდ უნსიზადეს განმარტებით, გაზეთს ეს სახელი უწოდა მოქანდაკემ, რომელმაც დაამზადა კლიშე. ეს ცვლილება ნიშნავდა იმას, რომ გაზეთი გახდებოდა „კავკასიის სინათლე“[სცა, 1872: №330]. გაზეთის დასაწყისში საიდ უნსიზადე წერდა: „ეს გაზეთი გამოდის ორ კვირაში ერთხელ თბილისში თურქულ აზერბაიჯანულ ენაზე (türkü azərbaycan dili) და მოგვითხრობს სხვადასხვა მოვლენაზე„ [Эфендиев, 1959: 355; Karimov, 2020:1719-1721].
გაზეთში იყო 7 განყოფილება: სახელმწიფო განკარგულებები (Dövlət sərəncamları); საერთაშორისო სააგენტოების დეპეშები (Beynəlxalq agentliklərin teleqramları); უცხოური ამბები (Xarici xəbərlər); ადგილობრივი ამბები (Daxili xəbərlər); ადგილობრივი სიახლეები (Yerli xəbərlər); ინფომაციული მაჩვენებლები და განცხადებები (Məlumat göstəricisi və elanlar); ფელეტონები (Felyetonlar) [Vəliyev, 2009:17-19].
თბილისში გამომავალ რუსულ პრესაში აკრიტიკებდნენ რედაქტორს, საიდ ეფენდი უნსიზადეს, რუსული ენის არცოდნისა და საგაზეთო პუბლიკაციებში დაშვებული შეცდომების გამო (არაზუსტი თარგმანები, ევროპული და რუსული სიტყვების არასწორი ტრანსკრიფცია, გრამატიკული და ორთოგრაფიული შეცდომები) თათრულ/აზერბაიჯანულ ენაზე გამოქვეყნებულ სტატიებში, მაგ., გაზეთ „კავკაზის“ რედაქციის დავალებით კავკასიის საცენზურო კომიტეტის წარმომადგენელმა, ვ. ბეზობრაზოვმა, განიხილა გაზეთის 5 ნომრის სტატიები და დაასკვნა, რომ ხსენებული გაზეთის რედაქტორი „ყველა თვალსაზრისით სრულიად მოუმზადებელია იმ სამუშაოსათვის, რაც თავის თავზე აიღო“. გაზეთ „კავკაზში“ გამოქვეყნებულ სტატიაში ის ხაზგასმით აღნიშნავდა, რომ მის ზემოხსენებულ მოსაზრებას დაეთანხმებოდა ყველა, ვინც თეორიულად და პრაქტიკულად იცნობდა აღმოსავლურ ენებს და დიალექტებს. ბეზობრაზოვის აზრით, რედაქტორს, რომელიც გამოსცემდა რუსეთში გაზეთს აზერბაიჯანულ ენაზე, აუცილებლად უნდა სცოდნოდა რუსული ენა. მისი სტატია მთავრდებოდა ასე:
„უკეთესი იქნებოდა თავდაპირველად ენის გრამატიკის შესწავლა და შემდეგ უკვე ამ ენაზე გაზეთის რედაქტორის როლში გამოსვლა, და მთავარი, ურიგო არ იქნებოდა გასცნობოდა რამდენადმე სარედაქციო ტექნიკას და შეესწავლა ტიპოგრაფია ისე, რომ არ დაეწერა სიტყვის თავში ასო, რომელიც იხმარება მხოლოდ შუაში და არა პირიქით“ [Безобразов,1881:3-4].
გაზეთ „კავკაზში“ გამოქვეყნდა აგრეთვე სომხური გაზეთის (მშაკ) თანამშრომლის, აბრამ ამირხანიანცის (სომეხი-გრიგორიანელი, რომელმაც მიიღო ლუთერანობა), წერილი, რომელშიც მან გააკრიტიკა ვ. ბეზობრაზოვი და ხაზი გაუსვა შემდეგ ფაქტს:
„არიან ადამიანები, რომელთაც კარგად იციან როგორც აღმოსავლური ენები, ისე რუსული ენა, მაგრამ „მაჰმადიანისათვის სასურველია, რომ თათრულ გაზეთს გამოსცემდეს მაჰმადიანი და ასევე რელიგიური პირი, და დამატებით კიდევ, რომ ის იყოს ლიტერატურის კორიფე. და ყველაფერს ამას თქვენ მოიძიებთ სეიდ ეფენდიში, რომელიც თავისი განვლილი ცხოვრებითა და გამოცდილებით იცნობს თავისი თანამორწმუნეების მოთხოვნებს და თავისებურებებს, ძალიან კარგად იცის, როგორ უნდა მიუთითოს მათ გზა განათლებისაკენ, ისე რომ არ შეეხოს მათ რელიგიურ მრწამს“ [Амирханянц,1881:2-3].
1883 წელსვე ტიპოგრაფია და გაზეთის რედაქცია გადავიდა შემახაში, რასაც მოწმობს საცენზურო კომიტეტის მიერ საიდ უნსიზადესადმი გაცემული ერთ-ერთი დოკუმენტი. გაზეთი გამოდიოდა არაგეგმაზომიერად − წელიწადში 52 ნომრის ნაცვლად − 43, 30 და ბოლოს 1884 წელს შემახაში გამოვიდა 11 ნომერი. მთლიანობაში „ზიჲას“ სახელით სულ გამოვიდა 76 ნომერი, ხოლო „ზიჲაი კაფკაზიეს“ სახელით − 107 ნომერი. 1884 წელს გაზეთი დაიხურა მატერიალური პრობლემების გამო. გაზეთის დახურვიდან რამდენიმე წლის შემდეგ (1890წ.) საიდ უნსიზადე შეეცადა მიეღო ნებართვა ცენზურის კომიტეტისაგან „ზიჲაი კაფკაზიეს“ გამოცემის გაგრძელებაზე ბაქოში, მაგრამ – წარუმატებლად.
გაზეთი „ქეშქული“
1882 წელს, ჯერ კიდევ „ზიჲაი კაფკაზიეს“ გამოცემის პერიოდში ჯალილ ეფენდი უნსიზადემ (კავკასიის საცენზურო კომიტეტის მასალებში ის დახასიათებულია როგორც უკიდურესად საქმიანი ადამიანი, რომელმაც იცოდა არაბული, სპარსული და რუსული ენები) შუამდგომლობით მიმართა კავკასიის საცენზურო კომიტეტს ყოველთვიური ჟურნალის „ქეშქულის“ (Kəşkül) გამოცემაზე აზერბაიჯანულ, სპარსულ და არაბულ ენებზე [სცა, 1882:1-2]. ჟურნალ „ქეშქულის“ გამოცემაზე ნებართვა გაიცა 1882 წლის 20 ოქტომბერს. 1883 წლის 31 იანვარს ტიპოგრაფიაში „ზიჲა“ დაიბეჭდა ჟურნალ „ქეშქულის“ პირველი ნომერი (გაზეთის ტირაჟი – 160 ეგზემპლარი).
ჟურნალის 11 ნომრის გამოსვლის შემდეგ „ქეშქულის“ ფუნქციონირებდა როგორც გაზეთი (1884 წლის 22 მარტიდან). თავდაპირველად გაზეთის ტირაჟი შეადგენდა დაახლ. 430 ეგზემპლარს. გაზეთის გარშემო შეიკრიბა ახალგაზრდა თაობა, რომელთაც განათლება მიღებული ჰქონდათ რუსეთის იმპერიის ცენტრალურ ქალაქებში, გორის სამასწავლებლო სემინარიაში და სხვ. სეიდ აზიმ შირვანი, ფირიდუნ ბეგ ქოჩარლი, მ. შაჰტახტინსკი, ა. გაიბოვი და სხვები აქტიურად თანამშრომლობდნენ გაზეთთან.
პრინციპული განსხვავება ჟურნალსა და გაზეთს შორის არ იყო. მათ ჰქონდათ შემდეგი განყოფილებები (რუბრიკა): შიდა განყოფილება (Daxili şöbə); ისტორიული და პოლიტიკური განყოფილება (Tarixi və siyasi şöbə); კრიტიკა და ბეჭდური გამოცემების მიმოხილვა (Tənqid və mətbuat xülasəsi); პედაგოგიკა (pedagogika); ექიმის რჩევები (Həkim məsləhəti); პოეტური განყოფილება (Şer şöbəsi); კალენდარი (Təqvim); სხვადასხვა მასალა (Müxtəlif materiallar); განცხადებები (Elanlar).
რუბრიკებიდან კარგად ჩანს, რომ გაზეთი „ქეშქული“ მიზნად ისახავდა, მოეცვა ყველა სფერო და უფრო მეტი ინფორმაცია მიეწოდებინა მკითხველისათვის. გაზეთი წერდა ეკონომიკურ, პოლიტიკურ, კულტურულ და სოციალურ მოვლენებზე; ქვეყნდებოდა როგორც აზერბაიჯანული ლიტერატურის კლასიკოსების (ა. ბაქიხანოვი, მ. ფ. ახუნდოვი, ს. ა. შირვანი და სხვ.), ისე თანამედროვე ახალგაზრდა ავტორების ნაწარმოებები. ასევე იბეჭდებოდა თარგმანები აზერბაიჯანულ ენაზე დასავლეთევროპელი და რუსი (ა.ს. პუშკინი, მ. ლერმონტოვი, ნ. ნეკრასოვი, ი. კრილოვი, ი. ტურგენევი, ვ. ჰიუგო, ი. ფ. შილერი და სხვ.), სომეხი და ქართველი (ი. ჭავჭავაძე, დ. ერისთავი, ღ. აღაიანი) ავტორების ნაწარმოებები. თუმცა, ცენზურა მკაცრად აკონტროლებდა საგაზეთო მასალებს. მაგ., ქართველი პოეტის ი. ჭავჭავაძის ლექსი „გაზაფხული“, რომელიც ითარგმნა აზერბაიჯანულ ენაზე, არ დაიბეჭდა, რადგანაც ცენზურას არ მოეწონა ლექსის დასასრული: „მამულო საყვარელო, შენ როსღა აყვავდები?!“ [Kəşkül, 1887].
ჯ. უნსიზადე გეგმავდა სტატიების გამოქვეყნებას არაბულ, სპარსულ და რუსულ ენაზეც, საკუთარი კორესპონდენტების გაგზავნას რუსეთში, ოსმალეთის იმპერიაში, ყაჯართა ირანსა და ეგვიპტეში, რათა მიეტანა მკითხველამდე სწორი ინფორმაცია. თუმცა, გაზეთის რედაქტორმა ვერ შეძლო ამ ინიციატივის განხორციელება და მხოლოდ რამდენიმე სტატიის გამოქვეყნება მოხერხდა არაბულ და რუსულ ენებზე. გაზეთის 52 ნომრის შემდეგ ყველაზე მეტი სტატია დაიბეჭდა სპარსულ ენაზე.
სწორედ გაზეთ „ქეშქულში“ პირველად დაისვა ეთნიკური იდენტობის პრობლემა და გაჩნდა ტერმინი „აზერბაიჯანელი“, რომელიც იმ დროს, პრაქტიკულად, არ გამოიყენებოდა. თვითონ აზერბაიჯანელები თავს უწოდებდნენ „მუსლიმს“ (“müsəlman”), „თურქს“ (“türk”) და „აზერბაიჯანელ თურქებს“ (“azərbaycan türkü”).
1890-იან წლებში ცარიზმმა გააძლიერა ცენზურა, ადმინისტრაციული და პოლიციური ზედამხედველობა ტიპოგრაფიაზე. „ქეშქულის“ ცენზურას ახორციელებდა კავკასიის საცენზურო კომიტეტის უფროსი ცენზორი მელიქ-მეგრაბოვი. მხოლოდ 1890 წელს ჩატარდა გაზეთის 84 რევიზია [სცა, 1891].
ჟურნალი და გაზეთი „ქეშქული“ გამოდიოდა 1883 წლიდან 1891 წლამდე (ფასი 4 რუბლი) არაგეგმაზომიერად. სულ გამოვიდა 123 ნომერი. მკაცრმა ცენზურამ და მატერიალურმა პრობლემებმა გამოიწვია გაზეთის ტირაჟის მნიშვნელოვნად შემცირება. გაზეთის დახურვის საბაბი კი გახდა ბეჭდვითი შეცდომა: გაზეთის 121-ე ნომერში დაიბეჭდა მუსტაფა სულტანოვის სტატია და აწყობისას მისი გვარი მოხვდა იმ სვეტში, რომელშიც უნდა ყოფილიყო რედაქტორის გვარი. ამის შემდეგ გამოვიდა მხოლოდ გაზეთის ორი ნომერი. 1891 წლის 11 ოქტომბერს თბილისის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებლის – ა. ალიმოვის – განკარგულებით, შეწყდა გაზეთ „ქეშქულის“ გამოცემა. თვითონ ჯ. უნსიზადემ მიიპყრო სახელმწიფო ორგანოების ყურადღება, როგორც „არასაიმედო“ ადამიანმა და იძულებული გახდა გადასულიყო თურქეთში [სცა, 1892].
გაზეთმა „ქეშქულმა“ დადებითი გავლენა მოახდინა თბილისის ლიტერატურულ გარემოზე. მისი დახურვის შემდეგ თბილისში გამოდიოდა ამ ტიპის საგანმანათლებლო გაზეთები რუსულ, ქართულ და სომხურ ენებზე. თუმცა, თბილისში არ გამოდიოდა არცერთი ბეჭდვითი ორგანო აზერბაიჯანულ ენაზე. ცარისტული ხელისუფლების კავკასიის საცენზურო კომიტეტმა აკრძალა პერიოდული გამოცემების დაარსება აზერბაიჯანულ ენაზე. ეს აკრძალვა დაკავშირებული იყო ცარისტული მთავრობის კოლონიური პოლიტიკის გამკაცრებასთან და მის მცდელობასთან, დაეჩქარებინა რუსიფიკაციის პროცესი და მოქმედებდა 1903 წლამდე. ამიტომ XIX საუკუნის ბოლოს აზერბაიჯანული ინტელიგენციის არაერთგზის მცდელობისა, მათ ვერ მიიღეს ნებართვა ცარისტული ადმინისტრაციისაგან, რომ გამოეცათ გაზეთები და ჟურნალები მშობლიურ ენაზე. თუმცა, XIX საუკუნის ბოლოს რუსეთში გამოდიოდა 19 სომხური და ქართული გაზეთი, მაგრამ 2 მლნ. აზერბაიჯანელ თურქს საშუალება არ ჰქონდა, ინფორმაცია მიეღო მშობლიურ ენაზე [Баберовски, 2010: 51].
დასკვნის სახით აღვნიშნავთ, რომ XIX საუკუნის II ნახევრიდან აზერბაიჯანის კულტურა და ეროვნული იდენტობის ჩამოყალიბება მჭიდროდ იყო დაკავშირებული თბილისის კულტურულ გარემოსთან და მუსლიმურ თემთან. ქალაქ თბილისში, რომელიც ხანგრძლივი პერიოდის მანძილზე იყო ამიერკავკასიის (სამხრეთ კავკასიის) ადმინისტრაციული და კულტურული ცენტრი, აზერბაიჯანელი ინტელიგენციის მთელი თაობა ცხოვრობდა და მოღვაწეობდა და აქტიურ მონაწილეობას იღებდა ქალაქის საზოგადოებრივ-კულტურულ ცხოვრებაში. სწორედ თბილისის კულტურულ-ლიტერატურულმა გარემომ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა აზერბაიჯანული პრესის ჩამოყალიბებაში. აზერბაიჯანელმა ძმებმა უნსიზადეებმა თბილისში დააარსეს რამდენიმე ბეჭდვითი ორგანო („ზიჲა“, „ზიჲაი კაფკაზიე“, „ქეშქული“) აზერბაიჯანულ ენაზე და მათ ტიპოგრაფიაში იბეჭდებოდა სამეცნიერო, სასწავლო და მხატვრული ლიტერატურა. აზერბაიჯანულენოვანმა პრესამ ხელი შეუწყო ამ ენის გავრცელებასაც ადგილობრივ მოსახლეობაში.
ლიტერატურა
დროება 1847 |
3 დეკემბერი, №47. |
სცა 1831-1833 |
საისტორიო ცენტრალური არქივი, ფონდი №11, ანაწ.1, საქმე №89. |
სცა 1878 |
ფონდი №5, ანაწ. 1, საქმე №5295. |
სცა 1879 |
ფონდი №480, ანაწ.1, საქმე №388. |
სცა 1881 |
ფონდი №17, ანაწ. 1, საქმე №828. |
სცა 1882 |
ფონდი №480, ანაწ.1, საქმე №506. |
სცა 1872 |
ფონდი №480, ანაწ. 1, საქმე №114. |
სცა 1882 |
ფონდი №480, ანაწ. 1, საქმე №506. |
სცა 1891 |
ფონდი №480, ანაწ.1, საქმე №1056. |
სცა 1892 |
ფონდი №17, საქმე №3304. |
Karimov Z., 2020 |
From the History of Periodical Press of North Azerbaijan in the XIX – early XX centuries, Journal of Critical Reviews, 7/10. |
Swietochowski T., 1995 |
Akinchi 1875-1878. The Rise of Azerbaijani Press and Public Debates in the Readers’ Correspondence, Presse und Offentlichkeit in Nahen Osten, ed. Herzog, Ch. ...., Heidelberg, Orientverlag. |
АКАК 1881 |
Акты, собранные Кавказской археографической комиссией,VIII, Тифлис. |
Амирханянц А., 1881 |
По поводу издающейся в Тифлисе татарской газеты, Кавказ, 5 марта, №50. |
Баберовски Й., 2010 |
Враг есть везде. Сталинизм на Кавказе, Москва. |
Безобразов В., 1881 |
[По поводу издающейся в Тифлисе татарской газеты], Кавказ, 18 Февраля, №39. |
Керимов З., 2011 |
Становление, формирование и оссобенности периодической печати в Северном Азербайджане (конец XIX - начало ХХ веков), Хабаршы/Вестник КазНУ. Серия историческая, №2 (61). |
РГИА 1883-1903 |
Российский государственный исторический архив, ф. 776, оп. 12, д. 614. |
Петрушева Н. Г., 2013 |
Цензурное Ведомство в Государственной Системе Российской Империи во второй половине XIX начале XX века. СПб. |
Ширвани С. А., 2005 |
Избранные произведения, II том, Баку. |
Эфендиев З., 1959 |
Азербайджанская печать в Тифлисе в XIX ‒ начале XX века, თსუ შრომები, ტ.13. |
Kəşkül, 11 noyabr, № 59. 1887 |
|
Qasımzadə F., 1974 |
XIX əsr Azərbaycan ədəbiyyatı tarixi. Bakı. |
Şahverdiyev A.B., 2006 |
Azərbaycan mətbuatı tarixi. Bakı. |