სარდიონ ალექსი-მესხიშვილი XIX საუკუნის პირველი ნახევრის ქართველი მთარგმნელი

DOI: 10.55804/jtsuSPEKALI-17-19

 

XIX საუკუნის  პირველი ნახევრის  ლიტერატურა საქართველოში, მიუხედავად მწირი პუბლიკაციისა, მრავალფეროვნებით გამოირჩევა. ცნობილ სახეთა შორის არიან ისეთებიც, რომლებმაც ღირსეული კვალი დატოვეს ქართულ მთარგმნელობით სივრცეში.  ერთ-ერთი ასეთი პიროვნებაა პროფესიით შტაბს-კაპიტანი სარდიონ დიმიტრის ძე ალექსი-მესხიშვილი (1814-1863). სარდიონ ალექსი-მესხიშვილს დაუმთავრებია თბილისის სასულიერო სემინარია და სწავლის გასაგრძელებლად ჩაუბარებია მისაღები გამოცდები 1832 წელს რუსეთის სამედიცინო ქირურგიული აკადემიის მოსკოვის განყოფილებაში.  შეიძლება ითქვას, რომ ის იყო ერთ-ერთი პირველი ექიმი-ქირურგი, რომელსაც,  დისერტაციის დაცვის   საფუძველზე, 1848 წელს მიანიჭეს შტაბს-დოქტორის წოდება, ცოტა მოგვიანებით კი, „ნადვორნი სოვეტნიკობა“. სარდიონ ალექსი-მესხიშვილ  ეწეოდა სამედიცინო პრაქტიკას თელავსა და სიღნაღში.  1848 წელს  გადმოდის თბილისში სამუშაოდ. ცნობილია, რომ მისი ხელმძღვანელობით წარმოებდა ახტალის ტალახის სამკურნალო დანიშნულების სამეცნიერო შესწავლა. ანჩისხატის უბანში მცხოვრები სარდიონ ალექსი-მესხიშვილის ოჯახი, სამედიცინო სფეროს გარდა, გამოირჩეოდა ლიტერატურული ურთიერთობებით იმდროინდელ ინტელიგენციასთან. ამის ტრადიციული საფუძვლებიც არსებულა. სარდიონ ალექსი-მესხიშვილს დარჩენია მემკვიდრეობით მესხიშვილების ხელნაწერები და გამოცემები. ერთ-ერთ მათგანზე, რომელიც წარმოადგენს ქართულ პირველნაბეჭდ ბიბლიას, „დაბადებას“, სარდიონ ალექსი-მესხიშვილი მაშინდელი ტრადიციისამებრ აწერდა თავისი შვილების დაბადების, ნათლობის თარიღებს. როგორც ფილოლოგი დალი მაჩაიძე აღნიშნავს: „სარდიონ ალექსი-მესხიშვილმა საფუძველი დაუდო კიდევ ერთი ისეთი შტოს  ჩამოყალიბებას, რომელმაც არაერთი საჩინო მოღვაწე მისცა საქართველოს. ამიტომაც არის მნიშვნელოვანი ასე აღიარებული და დაფასებული პიროვნების კუთვნილი წიგნის მინაწერები. მითუმეტეს, რომ ისინი შეიცავენ ცნობებს სარდიონის ოჯახის წევრთა შესახებ, დეტალურად ასახავენ მისი შვილების დაბადებისა და ნათლობის თარიღებს, ასახელებენ ნათლიებსაც. ამით კი ვეცნობით წარჩინებულთა იმ წრეს, რომელთანაც განსაკუთრებული სიახლოვე ჰქონია სარდიონის ოჯახს“ [მაჩაიძე, 2013:154].

ს. ალექსი-მესხიშვილი იყო ერთი პირველთაგანი, რომელიც თარგმნიდა ფრანგული და ლათინური ენებიდან (ის იყო მთარგმნელი როჟე დე ბოვუარის, მარმონტელის,  ეჟენი სიუს ნაწარმოებებისა).  ბევრი მისი თარგმანი დარჩა გამოუქვეყნებელი. ამ მხრივ აღსანიშნავია „სწავლულ კაცთა ბიოგრაფიები“, რომელსაც  წამძღვარებული აქვს შემდეგი წარწერა: „ლათინურიდან ქართულსა  ენასა ზედა გადმოღებული დიმიტრის ძის სარდიონ ალექსეევის მიერ“ [კასრაძე, 1984:34]. ის იყო ერთ-ერთი პირველი მთარგმნელი  გამოჩენილი  ინგლისელი რომანტიკოსი პოეტის ჯორჯ გორდონ ბაირონის (1784-1824) ნაწარმოებისა „ოსკარ დ’ალვა“, რომელმაც მხოლოდ ხელნაწერის სახით მოაღწია ჩვენამდე (ინახება კ. კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში, ფ. H. N 359). ასევე, ის იყო ერთი პირველთაგანი, რომელმაც  პასუხი გასცა ილია ჭავჭავაძეს წერილით „უსტარი ანტიკრიტიკული“ [„ცისკარი“, 1861, N6].

ამავდროულად სარდიონ ალექსი-მესხიშვილი ქართული ჟურნალ „ცისკრის“ ერთ-ერთი დამაარსებელიცაა. ეს ღირსებები მეტ-ნაკლებად დაიჩრდილა „მამათა და შვილთა“ პაექრობის ფონზე და სათანადოდ არ შეფასებულა საბჭოური ლიტერატურათმცოდნეობის კუთხით. თუმცა, არსებობს საჟურნალო თუ საგაზეთო მიმოხილვები მესხიშვილების ოჯახისა და უშუალოდ სარდიონის შესახებაც.

XIX საუკუნის  60-იან წლებში მესხიშვილების ოჯახს დიდი უბედურება დაატყდა თავს. 1863 წელს 49 წლის ასაკში გარდაიცვალა სარდიონ დიმიტრის ძე. ის პატივით დაკრძალეს შუამთის ღვთისმშობლის მონასტერში, ჩრდილოეთის კედელთან. საფლავის თავთან, კედელში ჩასმულია მარმარილოს ფილა, რომელზეც  ლათინური ასოებით ამოტვიფრულია: „აქ განისვენებს ექიმი სარდიონ ალექსი-მესხიევი“. ცოტა ქვემოთ კი, იმავე ფილაზე შემდეგი ქართული წარწერაა: „მოიხსენე, უფალო, სული მონისა შენისა ნადვორნი სოვეტნიკის სარდიონ დიმიტრის ძის ალექსიევ-მესხიევისა, რომელი დაფლულ იქმნა წმიდასა ამას ტაძარსა შინა... 1863 წელსა, შობითგან 49  წლისა“ [კასრაძე, 1984: 38-39].

სარდიონ ალექსი-მესხიშვილის საფლავის ქვის წარწერა შესრულებულია ფრანგი მოქანდაკის, ეჟენ გრასეს, მიერ.

წინამდებარე სტატიის მიზანია, გამოკვეთოს სარდიონ ალექსი-მესხიშვილის როლი ბაირონის ქართულად თარგმნის საქმეში და გაარკვიოს, თუ საიდან უნდა ეთარგმნა სარდიონ ალექსი-მესხიშვილს ბაირონის პოემა „ოსკარ დ’ალვა“,  რომლის შესახებაც არაფერია თქმული მკვლევარ მაყვალა კუჭუხიძის კვლევებში.

სარდიონ ალექსი-მესხიშვილი ინტერესით ეკიდებოდა უცხოელი მწერლების ნაწარმოებების ქართველი მკითხველისათვის გაცნობის საქმეს, ამიტომ თარგმნა ფრანგი სენტიმენტალისტის მარმონტელის „მეუდაბნოენი“, რომელიც დაიბეჭდა  ჟურნალ „ცისკარში“[ ალექსი-მესხიშვილი, 1857: 9-44].

სარდიონ ალექსი-მესხიშვილი ძირითადად ფრანგული ენიდან თარგმნიდა, რადგან ამ ენაზე ეცნობოდა ევროპული ლიტერატურის პროცესებს.

1857-1859 წლებში ჟურნალ „ცისკარში“ გამოქვეყნებული ლიტერატურის სისტემური მიმოხილვისას კრიტიკოსმა ნიკოლოზ ბერძნიშვილმა ყურადღება გაამახვილა უცხოური ლიტერატურის თარგმნის პრინციპებზე და განაცხადა, რომ არასწორია უცხოური ლიტერატურის ხელაღებით თარგმნა:  ის, რაც მოძველებულია და თანამედროვე მწერლობის ტენდენციებს არ ეხმაურება, არ შეიძლება ხელშემწყობი იყოს ქართული ლიტერატურის განვითარებისათვის. უნდა ითარგმნოს ის, რაც მწერლობის სასიცოცხლო ინტერესებთან არის დაკავშირებული:  «А Мармонтель как хотите ничего не имеет общего с нашею литературой даже по мнению своих соотечественников он утратил обаяние и давно уже причислен к разряду писателей устарелых» [Алекси-Месхишвили, 1857: 4-5].  ამიტომ გააკრიტიკა  ნ. ბერძნიშვილმა  ჟურნალ „ცისკრის“ ერთ-ერთი მუდმივი თანამშრომლის, სარდიონ ალექსი-მესხიშვილის, მთარგმნელობითი საქმიანობა, რამდენადაც  კრიტიკოსმა კარგად იცის, რომ მარმონტელის „მეუდაბნოენი“ სენტიმენტალიზმის გავლენითაა შექმნილი, რომელიც დიდი ხანია ჩაბარდა ისტორიას.  აღნიშნულ საკითხს გამოეხმაურა სარდიონ ალექსი-მესხიშვილი სტატიაში „ანტიკრიტიკა“ [«Кавказ», 1857, N11],   რომელშიც იგი ცდილობს, თავი დაიცვას ნ. ბერძნიშვილის თავდასხმისაგან,  მარმონტელთან დაკავშირებით კი აღნიშნავს, რომ სწორედ მაშინ იყო  ევროპულ ცივილიზაციასთან დანათავების დრო. ს. მესხიშვილი ალექსანდრე დიუმას მამის, ეჟენი სიუს, რასინისა და მოლიერის შემოქმედებას უპირისპირებს „ვისრამიანს“, „ამირანიანს“, „ყარამანიანს“ და აცხადებს, რომ ნუთუ ამათ უნდათ შეცვალონ ევროპული მწერლობაო (აღსანიშნავია, რომ ზემოდასახელებული უცხოელი მწერლები, როგორც მისაბაძი ავტორები, ს. ალექსი-მესხიშვილმა პირველად დაიმოწმა ქართული კრიტიკის ისტორიაში) [ჭუმბურიძე,  1966 :137].

მოგვიანებით, 1992 წელს გამოცემულ გამოკვლევაში „ბაირონი და XIX საუკუნის ქართული მწერლობა” მ. კუჭუხიძე იძლევა მინიშნებას, რომ სწორედ სარდიონ ალექსი-მესხიშვილს ეკუთვნის აზრი იმის შესახებ, თუ როგორ უნდა ითარგმნოს ბაირონი და როგორ უნდა შეფასდეს მისი შემოქმედება [კუჭუხიძე, 1992:37]. თუმცა ეს არაა რაიმეთი დამოწმებული თავად ს. ალექსი-მესხიშვილისაგან. მკვლევარი ამავე დროს ასახელებს ფრანგულიდან რუსულ ენაზე მთარგმნელებს (ა.ე. ვოეიკოვი, პ. კუდრიაშჩევი), რომელთა თარგმანებსაც შესაძლოა ეყრდნობოდა სარდიონ ალექსი-მესხიშვილი.

სარდიონ ალექსი-მესხიშვილი ასევე დაინტერესებულა ცნობილი ინგლისელი პოეტის ჯორჯ გორდონ ბაირონის შემოქმედების ქართველი მკითხველისათვის გაცნობით.   მან რუსული ენიდან კი არ თარგმნა ბაირონი, არამედ ევროპაში არსებული პოპულარული ფრანგული თარგმანიდან, რასაც მოწმობს მის მიერ თარგმნილი ოსკარ დ’ ალვა [ინტერნეტ რესურსი 1].

ჯ.გ. ბაირონის ერთ-ერთი პირველი პოემაა „ოსკარ დ’ალვა“. მკვლევარ მ. კუჭუხიძის მოსაზრებით,  სწორედ „ოსკარ დ’ალვა“  ბაირონის შემოქმედებასთან ქართული ლიტერატურული საზოგადოების შეხების ერთ-ერთი ადრეული ფაქტია ( ინახება ხელნაწერის სახით, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ფონდში, H-359). ჯ.გ. ბაირონის ზემოდასახელებული პოემის თარგმანი წარმოადგენს ხელნაწერის შავ ვარიანტს  ქართულ თარგმანს ახლავს სქოლიო, რომ  „ოსკარ დ’ ალვა“ არის ერთი პირველი თხზულება ლორდ ბაირონისა, რომელიც გამოსცა თავად ავტორმა კრებულში სახელწოდებით “Hours of Idleness” („თავისუფალნი  ჟამნი“, 1807) და რომლის გამოქვეყნების შემდეგ კრიტიკული წერილი დაიწერა “Edinburgh Review”-ში. ჩვენთვის საინტერესოა, თუ საიდან უნდა ეთარგმნა სარდიონ ალექსი-მესხიშვილს ზემოდასახელებული ნაწარმოები? ნ. გერბელის კრებულში შეტანილია „ოსკარ დ’ალვას“ რუსული  თარგმანი, რომელსაც თან ახლავს შენიშვნა, რომ სიუჟეტი პოემისა მომდინარეობს შექსპირის „მაკბეტის“ პირველი მოქმედებიდან, რომელიც შილერმა გამოიყენა თავის პირველ წიგნში „Der Geisterseher” და  რომლის  გავლენაც განიცადა, სავარაუდოდ,  ბაირონმა „იერონიმოსა“ და „ლორენცოს“ ტრაგიკული ლეგენდიდან გამომდინარე.  აღნიშნული პოემა შეტანილია ნ. გერბელის კრებულში და ეკუთვნის მეამბოხე პოეტსა და მთარგმნელს ა. პოლეჟაევს (1804-1838), მაგრამ, ჩვენი ვარაუდით,  სარდიონ-ალექსი მესხიშვილს რუსული ენიდან არ უნდა ეთარგმნა ტექსტი [Гербель,1874:14]. სარდიონ ალექსი-მესხიშვილის ეპოქაში რუსულ ლიტერატურულ სამყაროში მიღებული იყო ფრანგული ენიდან თარგმნა. ამ პერიოდში, 1819-1822 წლებში,  დაიბეჭდა კიდევაც ათ ტომად ამიდი პიშუსა და ეზებ დე სალის თანამშრომლობით ბაირონის შემოქმედება ფრანგულ ენაზე. ეს თარგმანები, ვ. ვ. ნაბოკოვის აზრით, იყო  მონუმენტურიც, ამავდროულად უნიჭო, სწორედ ამ წიგნებით გაეცნენ ბაირონის შემოქმედებას საფრანგეთსა და რუსეთში [ინტერნეტ რესურსი 2].

კვლევის პროცესში, ერთმანეთს  შევუდარეთ ჯ. გ. ბაირონის წყაროტექსტი, ფრანგული და სარდიონ ალექსი-მესხიშვილის ქართული თარგმანები. მოგვყავს პირველი და ბოლო სტროფები.

პირველი სტროფი:

“How sweetly shines through azure skies,

The lamp of heaven on Lora’s shore;

Where Alva’s hoary turrets rise,

And hear the din of arms no more!“

[ინტერნეტ რესურსი 3].

შდრ.:

—  Le  flambeau  des  nuits  brille  au  milieu  des  cieux

d'azur,  et  répand  une  douce  lumière  sur  le  rivage  de

Lora.  Les  vieilles  tours  d'Alva  élèvent  jusqu'aux  nues

leurs  créneaux  grisâtres.  Le  bruit  des  armes  ne  retentit

plus  dans  le  château  solitaire“

[ინტერნეტ რესურსი 1].

შდრ.:

„კანდელი ღამეთა ბწყინუალებს საშუალ ლაჟვარდოვანთა ცათა,

გარდამი განაჰფენს ნაზსა ნათელსა კიდესა ზა ლორასა. ძველნი კოშკნი

ალვასნი აღიმაღლებენ ღრუბელთადმდე უამრალთა კბილთა თვისთა.

ხმაი საჭურველთა უმეტეს არღარა განეცემის სასახლესა შა განშორებულსა“

[ალექსი-მესხიშვილი, ფ. H359].

ბოლო სტროფი:

“No lyre of fame, no hallow’d verse,

Shall sound his glories high in air:

A dying father’s bitter curse,

A brother’s death-groan echoes there“

[ინტერნეტ რესურსი 3].

შდრ.:

“— Aucune lyre, aucun  chant  de  gloire,  ne

feront  résonner  les  airs  de  son  nom.  L'écho  répète  à

côté de sa  tombe  la  malédiction  d'un  père  expirant  et

les accents de mort de son frère“

[ინტერნეტ რესურსი 1].

შდრ.:

„რომელიმე ქნარი რომელიმე გალობა დიდებისა,

არა დაუკვრენ ხმათა სახელისა მისისათვის. ეხო მისისა განამეორებს.

გვერდით საფლავსა მისისა წყევასა სულთმთქმელის მამისა სათქმელთა და

ხმათა სიკუდილისათა ძმისა მისისათა“

[ ალექსი-მესხიშვილი, ფ. H359].

მართალია,  ჯ.გ. ბაირონს არ მოსწონდა ფრანგულ ენაზე თარგმანთა გამოცემები, მაგრამ სტროფთა შედარებამ გვიჩვენა, რომ სარდიონ ალექსი-მესხიშვილმა უნდა ესარგებლა ერთადერთი და მიღებული ფრანგული გამოცემით. თარგმანი დასრულებულია, რასაც მოწმობს ხელნაწერის ბოლოში თვით ნთარგმნელის მიერ გაკეთებული წარწერა: „დასასრული ოსკარ დ’ ალვასი“. ბუნებრივია, სარდიონ ალექსი-მესხიშვილის თარგმანის სტილი საკმაოდ მძიმეა და, როგორც მკვლევარი მ. კუჭუხიძე აღნიშნავს, იგი შესრულებულია პროზად. შესაბამისად, თარგმანში დარღვეულია ფორმისა და შინაარსის ერთიანობა, რაც წყარო ტექსტისათვის იყო დამახასიათებელი. ჩვენი აზრით, სარდიონ ალექსი-მესხიშვილი არამცთუ პირველი მთარგმნელია ქართველ ბაირონისტთა შორის, არამედ პირველია, რომელიც შუალედური ფრანგული ენიდან თარგმნის თითქმის ეკვივალენტურად.

აღსანიშნავია,  მ. კუჭუხიძემ  ვერ მიაკვლია ფრანგული თარგმანის ტექსტის ავტორს, საიდანაც უნდა ესარგებლა ს. ალექსი- მესხიშვილს.

კვლევის საფუძველზე, შეგვიძლია დავასკვნათ,  რომ სარდიონ ალექსი მესხიშვილის თარგმანი შესრულებულია უშუალოდ  1822 წლის ფრანგული გამოცემიდან “Ouvres complétes de Lord Byron”.

სარდიონ ალექსი-მესხიშვილის ჯ.გ. ბაირონის შემოქმედებით დაინტერესება კარგად ჩანს  მისი კიდევ ერთი წერილიდან, კერძოდ, „უსტარი ანტიკრიტიკულიდან“, რომელიც დაიბეჭდა ჟურნალ „ცისკრის“ 1861 წლის წლის მეექვსე ნომერში. წერილი მიმართული იყო როგორც კრიტიკოს ნ. ბერძნიშვილის, ასევე,  ახალგაზრდა ილია ჭავჭავაძის მიმართ.

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ნ. ბერძნიშვილმა უარყოფითად შეაფასა სარდიონ ალექსი-მესხიშვილის მიერ თარგმნილი მარმონტელის „მეუდაბნოენი“.

პასუხად სარდიონ ალექსი-მესხიშვილი ცდილობს, თავი გაიმართლოს  „მეუდაბნოენის“ თარგმანის გამო და  მიმართავს ი. ჭავჭავაძეს: „თავადო ჭავჭავაძე, გაკვრით შეხებიხართ ჩემს მეუდაბნოებსაცა და, უმიზეზოდ, უშვერით სიტყვით მოიხსენიებთ პატივცემულთა აუქსონთა მარმონტელს და კარამზინს... ლუი მეთოთხმეტის მეფობაში ამაღლდა ყოველი შტო. ხელოვნებისა და ჰსწავლისა და აღყვავდა ფრანციცული სიტყვიერება. ამ საუკუნისა სხოლამ უკუდავჰყო მრავალნი მწერალნი, რომელთაცა ენამჭევრობა დღევანდლამდინ პატივდებულია მრთელს ევროპაში. ამ სხოლის შემდეგი მწერალი იყო. მარმონტელიცა. კალამი მარმონტელისა არი მსუბუქი, მოთხრობანი გულწრფელნი, ბუნებითნი, საამონი“  [ალექსი-მესხიევი,1861: 260-262].

ცოტა ქვემოთ სარდიონ ალექსი-მესხიშვილი სენტიმენტალურ მიმართულებასაც მიაგებს პატივს, განმარტავს მას, „როგორც სენტიმენტალური ჩვენებურად არის სათუთი, მგრძნობელი“ და აქვე შენიშნავს, რომ ილიას მიერ მოყვანილი სიტყვა „წირპლიანისა“ და „სათუთის“ იგივეობის შესახებ არასწორია. ამას ხსნის ის სიჭაბუკის სიფიცხით და არიგებს ახალგაზრდა ავტორს, რომ როდესაც ის დაღვინდება, ამის გამო მას მკაცრად არ განსჯის და შეურიგდება: „როდესაც სიჭაბუკისა სიფიცხე თქუენი გაგრილდების და ზეფიროსანნი მოლექსისა ლანდები მიმოიფანტებიან და მაშინ მკაცრად აღარ განმსჯით და შევრიგდებით. ნიჭიერება თქუენი, ნამეტნავად ლექსაობისა, გამომჭვირვალებს და, სანუგეშოდ ქართველთა, როგორც ყმაწვილი კაცი, მაღალს სასწავლებელში მყოფი, რასაკვირველია, ეცდებით ყოველი ნაკლულევანება თქუენი განმართოთ მრავალი კეთილი ჰსწავლა შეიძინოთ და აღმოსჩნდეთ სასიქადულოს შვილად მამულისა ორსავე ნაწილში ქართულის სიტყვიერებისა, როგორც წყობილსიტყვაობაში, ეგრეთვე სადაგსიტყვაობაში“ [ალექსი-მესხიევი,1861:267-268] სწორედ ამიტომ აღნიშნავენ ქართველი ლიტერატურათმცოდნეები (ნ. გრიგალაშვილი, ზ. ჯიჯეიშვილი), რომ სარდიონ ალექსი-მესხიშვილი, როგორც უფროსი თაობის წარმომადგენელი ლმობიერ მამა-შვილურ პოზიციას იჭერს ახალგაზრდა ავტორის ილია ჭავჭავაძის მიმართ, რასაც საპასუხო წერილში ილია ჭავჭავაძეც ინარჩუნებს და მკითხველს მიანიშნებს და უფრო რისხვას ატეხს ძველი თაობის წარმომადგენელს ბარბარე ჯორჯაძეს [ილია ჭავჭავაძე, 1861:212].

უნდა აღინიშნოს, რომ პირველ წერილში „ანტიკრიტიკა“ და მეორეშიც „უსტარი ანტიკრიტიკული“ სარდიონ ალექსი-მესხიშვილი თავისუფლად, დამაჯერებლად იყენებს სიტყვა „კრიტიკას“, რომლის განმარტებასაც ილია ჭავჭავაძე იძლევა „პასუხშიც“.

სარდიონ ალექსი-მესხიშვილი ერთ-ერთი პირველთაგანია, რომელიც ახსენებს ბაირონს და გამოკვეთს, რომ  მასთან შედარებით სხვები პაწაწკინტელა  პოეტები არიან, მაგრამ აქვე მიანიშნებს, თუ კრიტიკაა, მას ბაირონის უარყოფითიც უნდა ეჩვენებინა: „მიკვირს, რო ის დიდი ბაირონი ისეთს კარგ ბუნებაზე განგიხილავსთ, რო არ შეგიმცნევიათ იმისათვის არაფერი ნაკლულევანება და ხელთ არ გიგდიათ სასტიკი იმაზე გამოცემული ედინბურღში...“[ ალექსი-მესხიევი, 1861:266].

აშკარაა სარდიონ ალექსი-მესხიშვილი თვალყურს ადევნებდა არა მარტო ბაირონის შემოქმედებას, არამედ იმ კრიტიკოსების ნააზრევსაც, რომლებიც პოეტზეც მსჯელობდნენ.

სარდიონ ალექსი-მესხიშვილის ნააზრევის გაცნობამ მიგვიყანა შემდეგ დასკვნებამდე:

1.სარდიონ ალექსი-მესხიშვილი არის ჯორჯ გორდონ ბაირონის  შემოქმედების პირველი ქართველი მთარგმნელი;

2.სარდიონ ალექსი-მესხიშვილმა ბაირონის პოემა „ოსკარ დ’ალვა“ თარგმნა უშუალოდ ფრანგული გამოცემიდან  “Ouvres complétes de Lord Byron”;

3.სარდიონ ალექსი-მესხიშვილი კარგად იცნობდა ბაირონის მთელ შემოქმედებას ( სავარაუდოდ ფრანგულ ენაზე თარგმანებს) და მის შესახებ კრიტიკასაც;

4.სარდიონ ალექსი-მესხიშვილის „უსტარი ანტიკრიტიკული“, რომელიც ახალგაზრდა ილია ჭავჭავაძის „ორიოდე სიტყვა თავად რევაზ შალვას ძის ერისთავის კაზლოვის-მიერ „შეშლილის“ თარგმნაზედას“ საპასუხოდ დაიწერა,  საკმაოდ მულტიინფორმაციულია ტრანსლატოლოგიისთვისაც.

ლიტერატურა

ალექსი-მესხიშვილი ს.,
1857
მეუდაბნოენი. ჟურნალი ცისკარი, #11.
ალექსი-მესხიევი ს.,
1861
უსტარი ანტიკრიტიკული, ჟურნალი ცისკარი, #6.
ალექსი -მესხიშვილი ს.,
საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის კ. კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი. H. N.359.
ჭავჭავაძე ი.,
1861
პასუხი, ჟურნალი ცისკარი, #6/
კასრაძე ო.,
1984
კვალი ნათელი კაცისა, თბილისი.
კუჭუხიძე მ.,
1992
ბაირონი და XIX საუკუნის ქართული მწერლობა, თბილისი.
მაჩაიძე დ.,
2013
მწიგნობარი, საქართველოს ბიბლიოთეკა, თბილისი.
ჭუმბურიძე ჯ.,
1966
ქართული კრიტიკის ისტორია, თბილისი.
Алекси-Месхишвили С.
1857
„Антикритика“, газеты Кавказъ, 7 Февраля. N11.
Гербель Н. В.,
1874
Сочинения Лорда Байронав, в переводах русских поэтов, Том I. Санкт – Петербург.
ინტერნეტრესურსი 1
https://archive.org/stream/oeuvrescompltesd01byro/oeuvrescompltesd01byro_djvu.txt
ინტერნეტ რესურსი 2
(https://ru.wikipedia.org/wiki/%D0%9F%D0%B8%D1%88%D0%BE,_%D0%90%D0%BC%D0%B5%D0%B4%D0%B5%D0%B9)
ინტერნეტ რესურსი 3
Byronttps://www.poeticous.com/byron/oscar-of-alva-a-tale