მაგიურ-რეალისტური ტექნიკა სალმან რუშდის რომანში „შუაღამის შვილები“

DOI:  10.55804/jtsuSPEKALI-17-10

თანამდროვე ინგლისელი ავტორი სალმან რუშდი, რომელსაც სკანდალური პოპულარობა მოუტანა რომანმა „ეშმაკეული აიები“, პოსტკოლონიალისტ მწერლად მოიაზრება. სხვა პოსტკოლონიალისტი ავტორების მსგავსად, ისიც განიცდის ორი განსხვავებული კულტურისა და რელიგიის გავლენას. ს. რუშდის რომანების კომპლექსურობა მისი, როგორც ემიგრანტი ავტორის, რთული ცხოვრებისეული გამოცდილებით აიხსნება. მისმა შემოქმედებამ დიდი გავლენა მოახდინა პოსტკოლონიალიზმის მიმართულებით უამრავ ინდოელ მიგრანტ მწერალზე და არაერთი კრიტიკული და თეორიული ნაშრომი ეფუძნება ს. რუშდის იდეებს.

რომანი „შუაღამის შვილები“ პოსტკოლონიური ლიტერატურის ცენტრალურ ტექსტად რჩება. აღნიშნული რომანი ს. რუშდის რიგით მეორე რომანია და საკმაოდ წარმატებულიც: მან პრესტიჟული „ბუკერის“ პრემია მოუტანა ავტორს, თანაც სამჯერ, პირველად 1981 წელს, შემდეგ – 1993 წელს, დაბოლოს,  2008 წელს, როგორც საუკეთესოთა შორის საუკეთესომ „ბუკერის“ 40-წლიან ისტორიაში. კითხვაზე, თუ რომელმა წიგნმა შეცვალა მისი ცხოვრება, სალმან რუშდი პასუხობს, რომ ეს „შუაღამის შვილები“ იყო, რადგან ამ წიგნმა ისეთი ცხოვრება მოუტანა, რომელზეც ოცნებობდა − მწერლის ცხოვრება.

ს. რუშდის ამბიციური რომანი უარყოფს ინდოეთის ბრიტანულ ვერსიას და ცდილობს, მკითხველს ინდოეთის ისტორია უშუალოდ დაპყრობილი ქვეყნის პოზიციიდან უჩვენოს, ის გარკვეულწილად ისტორიის გადაწერას ცდილობს.  ამისთვის  მაგიურ-რეალისტურ კოდს იყენებს, რაც პოსტკოლონიური ლიტერატურის ერთ-ერთი მახასიათებელია. მაგიურ-რეალისტური ტექსტები სავსეა ეგზოტიკური, მაგიური, მითიური, გროტესკული ელემენტებით. მსგავსი ელემენტების გამოყენება ითვლება ერთგვარ რეგიონალურ ალტერნატივად და პროტესტად სამყაროს ევროცენტრული კლასიფიკაციის წინააღმდეგ.

უნდა აღინიშნოს, რომ მაგიურ-რეალისტური ტექნიკით განსაკუთრებით ბრიტანეთის ყოფილი კოლონიები დაინტერესდნენ. აფრიკული, ამერიკული და კარიბის ქვეყნების ლიტერატურის მკვლევრის, ნილ ტენ კორტენაარის, აზრით, „მაგიური რეალიზმი კარგად  ერგება ე. წ. „მესამე სამყაროს“ ქვეყნების რეალობას, სადაც კოლონიალიზმმა განსხვავებულ კულტურებს შორის არსებული ჩარჩოები გააუქმა, არათანაბარი განვითარება კი გულისხმობს განსხვავებული წარმოების წესების თანაარსებობას“ [Kortenaar, 2002:766].

ტერმინი „მაგიური რეალიზმი” თავისთავად ოქსიმორონია, რის გამოც ძნელად აღსაქმელია მკითხველისთვის. ტერმინის ბუნდოვანება კვლევისას იწვევს ორაზროვნებას. ტერმინის საინტერსო განმარტებას გვთავაზობს კრიტიკოსი სიმორ მენტონი, რომლის აზრითაც, „მაგიური რეალიზმი არის ძნელად დასაჯერებელი და არა შეუძლებელი“. მას მიაჩნია, რომ მაგიური რეალიზმი მკითხველში სიზმრისეულ განცვიფრებას იწვევს − ერთი შეხედვით, ეხება ყოველდღიური ცხოვრების ობიექტებს, მაგრამ ამავდროულად სრულიად წარმოუდგენელ, დაუჯერებელ ფაქტებს მოიცავს [Menton, 1982:412].

მიუხედავად იმისა, რომ თითქმის ერთი საუკუნის განმავლობაში კრიტიკოსები ბევრს საუბრობენ მაგიური რეალიზმის შესახებ, ისინი ვერ თანხმდებიან ტერმინის დეფინიციაზე, რადგან ტერმინი „მაგიური რეალიზმი” წინააღმდეგობრივია, ის, ერთი მხრივ, მოიცავს ლიტერატურის რეალისტურ გამოცდილებას, რომელიც სამყაროში მიმდინარე მოვლენებს აღწერს ზედმიწევნითი სიზუსტით, ყოველდღიური დეტალებითა და პრობლემებით, ხოლო, მეორე მხრივ, მაგიური რეალიზმი რეალისტურ სამყაროს ფანტასტიკური, არაორდინარული და ზებუნებრივი მოვლენებით ავსებს.

ამდენად, ტერმინი პარადოქსულია, თუმცა სწორედ რეალურ სამყაროსთან ჯადოსნური ელემენტების ასეთი პარადოქსული ურთიერთშეთანხმება ანიჭებს ჟანრს იდენტობასა და უდიდეს ესთეტიკურ ხიბლს. უპირველეს ყოვლისა, უნდა გაანალიზდეს, რას წარმოადგენს მაგიური რეალიზმი, თუმცა, არც თუ ისე მარტივია მოკლედ ჩამოვაყალიბოთ მისი რაობა, რადგან, როგორც მეგი ენ ბაუერსი აღნიშნავს,  საქვეყნოდ ცნობილი ფაქტია, რომ რთულად განსასაზღვრი ტერმინია და კრიტიკოსებს ერთმანეთისგან განსხვავებული მოსაზრებები აქვთ მასთან დაკავშირებით. არაერთი თანამედროვე პოსტკოლონიური თუ არადასავლური ლიტერატურის წარმომადგენელი იყენებს მაგიურ რეალიზმს, როგორც თხრობის სტილს, საკუთარ შემოქმედებაში. მ. ბაუერსი ასეთ ავტორებს შორის ასახელებს ყველასთვის კარგად ნაცნობ გაბირელ გარსია მარსკესსა და სალმან რუშდის.  თავად მ. ბაუერსის მიხედვით, ტერმინ მაგიური რეალიზმის გამოყენება შეიძლება თითქმის ყველა სფეროში: ტელევიზიაში, ფილმოგრაფიაში, ხელოვნებასა და ლიტერატურაში. თუმცა აღნიშნული ტერმინი ლიტერატურასთან მიმართებით შეგვიძლია განვიხილოთ როგორც „განსაკუთრებული თხრობის მანერა, რომელიც გვთავაზობს გზას წარმოვაჩინოთ დასავლური ფილოსოფიის რეალობის ალტერნატიული მიდგომები“ [Bowers, 2004:1].

ნენსი პერლის  მიხედვით, მაგიური რეალიზმი წარმოადგენს ლიტერატურულ ჟანრს. რიჩარდ ჯერი მას სუბ-ჟანრად განიხილავს, ხოლო  მეგი ენ ბაუერსისა და ემერილ ჩენედის აზრით, მაგიური რეალიზმი უნდა განვიხილოთ თხრობის ერთ-ერთ ხერხად და არა ჟანრად [Bowers, 2004:2]. ე. ჩენედი ამტკიცებს, რომ ჟანრი არის „კარგად განსაზღვრული და ისტორიულად დადასტურებული ფორმა“, მაშინ, როცა ხერხი არის „გამოგონილი სამყაროს განსაკუთრებული თვისება, რომელსაც შეუძლია ნაწარმოებები მიაკუთვნოს რამდენიმე სხვადასხვა ჟანრს, პერიოდს ან ეროვნულ ლიტერატურას“. მისი აზრით, „მაგიური რეალიზმი არის არა ისტორიულად ჩამოყალიბებული ჟანრი, არამედ ლიტერატურული ხერხი და მისი მიმდინარეობად მოხსენიება არასწორი იქნება“ [Chanady, 1985: 1-2]. ეს განსხვავება ასევე უზრუნველყოფს მაგიური რეალიზმის გაგების საფუძველს  ხელოვნების სხვადასხვა  მიმართულებაში, როგორებიცაა – მხატვრობა, კინო და ლიტერატურა. აქედან გამომდინარე, მაგიური რეალიზმის განსაზღვრა, ტერმინის გენიალოგიის მიკვლევა აუცილებელია ჯერ ევროპული ხელოვნების, შემდეგ კი ლათინური და პოსტკოლონიური ლიტერატურის კონტექსტში [Can, 2011: 16].

მსგავსად სხვა მაგიურ-რეალისტური ტექსტებისა, „შუაღამის შვილებშიც“ ერთმანეთს ენაცვლება მაგიური და რეალური სიუჟეტები. თხრობა ქაოტურია, წარსულისა და აწმყოს მოვლენები ერთმანეთშია არეული.

ჰაროლდ ბლუმი, ცნობილი ამერიკული ლიტერატურის კრიტიკოსი, სალმან რუშდის შესახებ დაწერილ წიგნში რომანის შესახებ ამბობს:  „შუაღამის შვილები არის ირონიული და უცნაური, მაგრამ ამავდროულად ის წარმოადგენს უმოქმედობის, უკან დახევისა და უგულებელყოფის დაუნდობელ კრიტიკას“ [Bloom 2003: 158].

როჯერ იანგ კლარკს თავის სადისერტაციო ნაშრომში მოჰყავს  ნაწყვეტი ს. რუშდის მიერ ერთ-ერთი უნივერსიტეტის ჟურნალისთვის მიცემული ინტერვიუდან, რომელშიც ის ამბობს: „შუაღამის შვილები“ ჩაფიქრებული იყო როგორც კონკრეტული ოჯახის საგა, შემდეგ კი ბომბი დაიმალა მის ქვეშ“  [Clark 1996: 75].

სავარაუდოა, რომ ამ ფრაზაში ავტორი გულისხმობს იმ სოციოპოლიტიკურ მდგომარეობას, რომელიც აღწერილია რომანში. რომანის მთავარი გმირი, სალემი, ამ შემთხვევაში წარმოადგენს მთლიანი ინდოეთის ალეგორიულ სახეს. მისი ოჯახის ისტორიაში იხლართება ყველა ის ისტორიული მოვლენა, რომელიც ინდოეთის გარშემო განვითარდა: ინდოეთ-პაკისტანის ომი, პაკისტანის სამოქალაქო ომი, ინდოეთის მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადება, ინდირა განდის გარდაცვალება და 1971 წელს მისი ახალი კონგრესის პარტიის დიდი უპირატესობით გამარჯვება, ბირთვული იარაღის გამოცდა, აჯანყებები და სისხლისღვრა, ჩინეთის აგრესია, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება და ა.შ. რომანის მთავარი გმირი, სალემი, მოგვითხრობს ინდოეთის უახლესი წარსულის დეტალებს, რაც რეალისტურს ხდის სიუჟეტს, თუმცა, ამავდროულად, თხრობას ალეგორიული ხასიათი აქვს. ერთი მხრივ, თხრობის ორი განსხვავებული – რეალისტური და ზებუნებრივი – კოდი, მეორე მხრივ კი, ალეგორიულობა მკითხველისთვის ერთგვარ სირთულეს წარმოადგენს. ფაქტობრივად, სალმან რუშდი ვირტუალურად გადმოგვცემს ინდოეთის ისტორიას, რომელსაც მაგიურ საბურველში ახვევს, შეიძლება ითქვას, რომ ის ერთგვარად ხელახლა წერს ისტორიას.

ჯენიფერ სანტოსს მოჰყავს მაიკლ რედერის აზრი, რომლის მიხედვითაც „შუაღამის შვილებში“ რუშდი ცდილობს, აჩვენოს, რომ ისტორიას მნიშვნელობა აქვს და რომ ის, ფაქტობრივად, მრავალმნიშვნელოვანია. ს. რუშდისთვის ისტორია   ინდივიდუალურია და მისი მნიშვნელობა განისაზღვრება აწმყოთი. თუ უფრო ფართოდ შევხედავთ, მიუხედავად იმისა, რომ ისტორია არ არის ლოგიკური, არც მეცნიერული და ობიექტური, ის მაინც ბევრის მთქმელია [Santos, 2001:5].

ავტორს თხრობაში შემოჰყავს ქვრივის პერსონაჟი, რომელიც ინდირა განდის პროტოტიპია. ს. რუშდი რომანში ქვრივს შემდეგნაირად ახასიათებს: „ქვრივი მაღალ სკამზე ზის, სკამი მწვანეა, დასაჯდომი ადგილი – შავი; ქვრივის შუაზე გაყოფილი თმა მარჯვნივ მწვანეა, მარცხნივ − შავი.  ცასავით მაღალი სკამი მწვანეა, დასაჯდომი ადგილი. ქვრივის მკლავი გრძელია, როგორც სიკვდილის ლანდი, რომელსაც მწვანე კანი და გრძელი, ბასრი და შავი ფრჩხილები აქვს. ქვრივის მკლავი გველივით ეშვება ძირს, გველი მწვანეა, ბავშვები წივიან, ფრჩხილები შავია და მკაწრავი, ქვრივის მკლავი გველივით ნადირობს, ბავშვები წივილით გარბიან, ქვრივის ხელი შავ-მწვანედ ეხვევა ბავშვებს. ახლა ყველა ბავშვი ჩახშულ-ჩაჩუმებულია. ქვრივის ხელი თითო-თითოდ იყვანს მათ, მწვანე ბავშვების სისხლი შავია, მჭრელმა ფრჩხილებმა რომ გამოუშვეს, შავად ესხმება მწვანე კედლებს. გველივით ხელი ბავშვებს ცასავით მაღლა იყვანს. ვარსკვლავებგამქრალი ცა შავია, ქვრივი იცინის, ენა მწვანე აქვს, კბილები – შავი. ქვრივის ხელები ბავშვებს შუაზე გლეჯს და ბურთებად აქუცმაცებს; ბურთები მწვანეა, ღამე შავია. პატარა ბურთები ღამეში მიფრინავენ, კედლებს შორის ბავშვები წივიან თითო-თითოდ ქვრივის ხელში“ [რუშდი, 2013: 263].

როგორც ვხედავთ, ს. რუშდი მაგიურ−რეალისტური ტექნიკისთვის დამახასიათებელი სტილით აკრიტიკებს ინდირა განდის ტირანულ პოლიტიკას, რელიგიურ დემაგოგიასა და ადამიანთა უფლებების დარღვევას. გარდა ქვრივის სახის შექმნისა, ს. რუშდი რამდენჯერმე მოიხსენიებს განდის ირონიულად კრიტიკულ კონტექსტში. როგორც ცნობილია, განდიმ სასამართლოში უჩივლა ს. რუშდის ცილისწამებისთვის, თუმცა პროცესი ვერ მოიგო. რომანი აიკრძალა ინდოეთში ნერუს დინასტიის იმ სახით აღწერისთვის, რა სახითაც ს. რუშდი წარმოადგენს მას.

არარეალისტური, მაგიური ეფექტის შესაქმნელად, როგორც უკვე აღვნიშნეთ, არაერთი ხერხი გამოიყენება. ავტორი ხშირად მოიხმობს ცრურწმენებს, წინასწარმეტყველებას, წყევლას და ა. შ. ს. რუშდის თითქმის ყველა რომანი შეიცავს მსგავს ელემენტებს. მისი პერსონაჟები დაჯილდოებულნი არიან წინასწარმეტყველების უნარით ან ნახულობენ წინასწარმეტყველურ სიზმრებს და მათი შეხედულებები სამყაროს შესახებ ხშირად ეფუძნება რწმენის ტრადიციულ სისტემასა თუ ცრურწმენებს.

ქაშმირელი მენავე თაი ექიმ აზიზსს არწმუნებს, რომ ყოველთვის მიჰყვეს საკუთარი ცხვირის რჩევას: „თუ ცხვირი რაღაცას განიშნებს, ფრთხილად უნდა იყო, თორემ გათავებულია შენი საქმე“ [რუშდი, 2013:19]. ევროპაში განათლებამიღებული ექიმი ცალსახად არ უარყოფს თაის ნათქვამს, მიუხედავად იმისა, რომ მეცნიერებას არ სჯერა ცრურწმენების. მისი შვილიშვილი სალემი კი დარწმუნებულია აზიზის ცხვირის შესაძლებლობებში და ყოველთვის, როდესაც მნიშვნელოვანი მოვლენა ხდება, ხაზს უსვამს ბაბუამისის ცხვირის სანდოობას. მაგალითისთვის, როდესაც ვკითხულობთ სალემის თვალით დანახულ 1919 წლის აპრილში ამრიცარში მომხდარ მასობრივი ხოცვა-ჟლეტის ამბებს, აშკარაა, ის დარწმუნებულია, რომ ბაბუამისს ცხვირი ქავილით გაფრთხილებას აძლევს: „მშვიდობიანი პროტესტია − ვიღაცა ეუბნება აზიზს, რომელიც ბრბომ სადღაც გააქანა და ქუჩის გასასვლელთან აღმოჩნდა. ჰაიდელბერგული  ჩანთა მარჯვენა ხელში უჭირავს (ჩანთა გახსნილია). ვიცი, ძალიან ეშინია, რადგან ცხვირი, როგორც არასდროს, ისე ექავება. მაგრამ გამოცდილი ექიმია, შიში თავიდან მოიშორა და ბარაკში შევიდა“ [რუშდი,2013: 41].

უფრო მეტიც, სალემს მტკიცედ სწამს, რომ ადამ აზიზს სწორედ თავისმა ცხვირმა შეუნარჩუნა სიცოცხლე ამრიცარში განვითარებული მოვლენების დროს: „ორმოცდათერთმეტი კაცი შუკას მიუყვება და ბაბუაჩემს ახლა ცხვირის ფხანა ღიტინმა შეუცვალა. ორმოცდათერთმეტი კაცი ბარაკში შედის და პოზიციას იკავებს, ოცდახუთი კაცი დაიერის მარჯვნივ დგება, მეორე ოცხადუთი კი მის მარცხნივ იკავებს ადგილს; ადამ აზიზი უკვე ვეღარ ფიქრობს, მის ირგვლივ რა ხდება, რადგან ცხვირის ხიცინმა აუტანელ ზღვარს მიაღწია, ბრიგადრიმა დაიერმა რაღაც ბრძანება გასცა თუ არა, ბაბუას ისე დააცემინა, თითქოს სახეში დაარტყესო. ძირს ეცემა, რადგან წონასწორობას კარგავს, ცხვირს მიჰყვება და თავის სიცოცხლესაც იხსნის“ [რუშდი, 2013: 41-42].

აღნიშნულ მონაკვეთში აღწერილი მოვლენები იმგვარადაა გადმოცემული, რომ მკითხველი თანხმდება ზებუნებრივი კოდის ნამდვილობას და იჯერებს, რომ ადამ აზიზი, მართლაც, თავისმა ცხვირმა იხსნა სიკვდილისგან. ბუნებრივია, სალემი  რუშდის ერთადერთი პერსონაჟი არ არის, რომელიც ადვილად ექცევა ცრურწმენის გავლენის ქვეშ.

როგორც ურსულა კლუვიკი აღნიშნავს,  ცრურწმენები  იწვევს  ჭორებს, რომლებიც ეხება არასარწმუნო შემთხვევებს და ზებუნებრივი კოდის გააქტიურება დამოკიდებულია უფრო მეტად ფაქტებზე, რომლიდანაც ის წარმოიშვა. „შუაღამის შვილებში“ ჯადოქრების გეტოს გაწმენდის შემდეგ ჩნდება მითქმა-მოთქმა, ჭორები უფრო მისტიკური მოვლენების შესახებ [Kluwick, 2011: 71]. „ამბობდნენ, ქალაქის შუაგულში ახალი ჯურღმული აიგოო და ბულდოზერებიც იქითკენ გაემართნენ, მაგრამ ვერაფერი ნახეს. იმასაც ამბობდნენ, რომ გაქცეულმა ილუზიონისტებმა მოძრავი ბანაკი დააარსესო, მაგრამ მნგრეველებმა ვერც ეს ბანაკი იპოვეს. თითქოს მეჰრაულიში არიანო. დამსაჭურისებლებიც იქითკენ გაემართნენ ჯარისკაცებთან ერთად, თუმცა იქ ღატაკთა ქოხები აღარ იდგა. ზოგმა თქვა, რომ დიდი მოგოლების ობსერვატორიასთან არიან, ჯანთარის ბაღშიო. მნგრეველები იქაც მივიდნენ. იქ მარტო თუთიყუშები და მზის საათები დახვდათ“ [რუშდი,2015 : 490].

ფრაზები „ამბობდნენ“, „ზოგმა თქვა“, კლუვიკის აზრით, ცხადჰყოფს რომ ისტორია ვარაუდებს ეფუძნება და უბრალო მითქმა-მოთქმის შედეგია.  მსგავსი ვარაუდის შემცველი ფრაზები აჩენს აზრს, რომ ქოხების არსებობა დადასტურებული ფაქტი არ არის. საბოლოოდ, ისტორია „მოძრავი ბანაკის“ შესახებ დაუდასტურებელ ფაქტად რჩება და მკითხველის გარკვეულ უნდობლობას იწვევს, თუმცა არ ირღვევა არარეალისტური ეფექტი. ჭორების დიდი რაოდენობა ს. რუშდის რომანებში არარეალურობის განცდას იწვევს, რადგან გაურკვეველი რჩება, თუ რამდენად სანდოა ესა თუ ის ინფორმაცია [Kluwick, 2011: 71].

ასევე ცრურწმენებთანაა დაკავშირებული წინასწარმეტყველება, რომელიც არაერთხელ იჩენს თავს ს. რუშდის რომანებში. „შუაღამის შვილებში“ სალემის ცხოვრება ჯერ კიდევ მის დაბადებამდე იწინასწარმეტყველა მკითხავმა რამრამამ.

ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ხერხი, რომელიც მაგიურ ეფექტს ქმნის, არის ჯადოსნური მიზეზ-შედეგობრივი ურთიერთობების შემოტანა თხრობაში. როდესაც სალემი, აიუბა, შაჰიდი და ფარუქი სუნდარბანის ჯუნგლებში დაიკარგებიან, ისინი თანდათან დაემორჩილებიან ჯუნგლებში არსებულ ლოგიკას. ისინი ცდილობენ, დაინახონ მიზეზ-შედეგობრივი კავშირი ისეთ მოვლენებში, რომლებშიც ამის საფუძველი არ არსებობს და ხედავენ ამ სამყაროს ყოველდღიური მოვლენების მაგიურობას. გაანალიზება იმისა, რომ დაიკარგნენ, მენტალურად თრგუნავს ბიჭებს: „აიუბა განუწყვეტლივ ტიროდა საათების, დღეებისა და, შესაძლოა, კვირების განმავლობაში, მაგრამ მერე ისეთი წვიმა წამოვიდა. რომ მისი ცრემლები საჭირო აღარ იყო. შაჰიდამ უთხრა: შეხედე, ბიჭო, შენმა ტირილმა წვიმა მოიყვანაო. ისინი თანდათან დამერჩილნენ ჯუნგლის ლოგიკას და ეს მხოლოდ დასაწყისი იყო, რადგან ღამით, სუნდარბანი წვიმისა და ხეების მისტერიიდან ამოიაზრდა“ [რუშდი, 2013: 419].

აიობას ცრემლებსა და წვიმას შორის არსებული კავშირი მაგიური უფროა, ვიდრე –მიზეზ-შედეგობრივი. შეიძლება ითქვას, რომ ეს არის მაგიური რეალიზმი, სადაც მაგიური ურთიერთობა, ერთი შეხედვით, არამონათესავე მოვლენებს შორის ვლინდება.

კიდევ ერთი ხერხი, კლუვიკის მიხედვით, რომელიც მაგიურ-რეალისტური ტექნიკისთვისაა დამახასიათებელი, არის ე. წ. ანიმაციური ხერხი, რაც გულისხმობს უსულო, უსიცოცხლო საგნების და ცნებების ცოცხალი სახით აღწერას. საგნების გაცოცხლების საშუალებით მწერალი ცდილობს, დაანახოს მკითხველს, თუ რამდენად არამყარი და პირობითი საზღვარია სულიერ და უსულო სამყაროს შორის. ცხოველები, ადამიანები, საგნები არაა დაშორებული ერთმანეთისგან ისე, როგორც ჩვენ ეს წარმოგვიდგენია. სწორედ ამ პირობითი საზღვრების  გაუქმებას ცდილობს რუშდი თავის რომანებში. მისი პერსონაჟები ცხოვრობენ სამყაროში, რომელშიც ამგვარი დენომინაცია თითქმის გაუქმებულია.  მაგალითისთვის, ადამ აზიზი ჰაიდელბერგიდან დაბრუნების შემდგომ ქაშმირის ბუნებას ცოცხლად აღიქვამს და აცნობიერებს, რომ გარემო შეიცვალა [Kluwick, 2011: 78]. „ქვეყანა ისევ გაახლდა. ზამთრის ორსულობის დასრულებისთანავე გამოამტვრია ყინულის ნაჭუჭი სველმა და ყვითელმა მიდამომ. მიწის ქვეშ აფუთფუთებული ბალახი ამოსასვლელად ხელსაყრელ დროს ელოდა. მთები თბილი სეზონისთვის ემზადებოდნენ. ზამთარში, როცა მინდორი ყინულქვეშ ჩაიმალა, მთებმა კარები შეკეტეს და ტბისპირა ქალაქს კბილებს უღჭენდნენ“ [რუშდი, 2013: 9].

ბუნების მსგავსი უჩვეულო აღწერა აბუნდოვნებს საზღვრებს ცოცხალ და არაცოცხალ კატეგორიებს შორის. ადამ აზიზის მიერ აღქმული გარემომცველი სამყარო არ არის უძრავი მოცემულობა. უფრო მეტიც, როცა ადამ აზიზი ლოცვის დროს ცხვირს მიწაზე დაარტყამს, მინდორი თავს ესხმის მას: „დილით, როცა ხალიჩის ხელთათმანიანმა მინდორმა ცხვირზე უჩქმიტა, თავი მოიკატუნა, თითქოს არაფერი შეცვლილა“ [რუშდი, 2013: 10].

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მაგიურ-რეალისტური ელემენტი „შუაღამის შვილებში“ არის შუაღამის შვილთა კონფერენცია. რომანის მიხედვით, 1947 წლის 15 აგვისტოს, შუაღამესა და დილის პირველ საათს შორის, ინდოეთის ახალშობილ დამოუკიდებელ ქვეყანაში 1001 ჩვილი დაიბადა, რომელთაც უცნაური თვისებები აღმოაჩნდათ − შუაღამის შვილები სხვადასხვა ზებუნებრივი ნიჭით იყვნენ დაჯილდოებული: ქერალას სარკეში გაუჩინარების უნარი ჰქონდა, გოანელ გოგონას - თევზების გამრავლების ნიჭი; ტრანსფორმაციის უნარის მქონე ბავშვები ხან მგლად იქცეოდნენ და ხან ნილგირის მთებად. ვინდიასის დიდ ჩანჩქერთან მცხოვრებ ბიჭს სურვილისამებრ შეეძლო საკუთარი სიმაღლის გაზრდა-დაპატარავება. ქაშმირში კი ერთი ცისფერთვალა ბავშვი ცხოვრობდა, გოგო იყო თუ ბიჭი ვერავინ დაადგინა, რადგან წყალში ჩასვლისას სასქესო ორგანოს თავისი სურვილისამებრ იცვლიდა. სალემმა გაიცნო გოგონა, რომელსაც სიტყვით ხალხისთვის ფიზიკური ჭრილობების მიყენება შეეძლო. მადრასელი მრეცხავი კაცის ქალიშვილს ფრენა შეეძლო, ოქრომჭედელი ბენარსის ვაჟი დროში მოგზაურობდა, მომავალს წინასწარმეტყველებდა და წარსულში მომხდარ მოვლენებს ნათელს ჰფენდა. მათ შორის იყო ბიჭი, რომელსაც სახე აბსოლუტურად ცარიელი და უნაკვთო ჰქონდა და რასაც მოისურვებდა, იმ სახეს მიიღებდა. მას, ვინც შუაღამესთან ახლოს დაიბადა, უფრო დიდი ნიჭი მიებოძა. სალემი და მისი ოპონენტი შივა არიან სწორედ ის ბავშვები, რომლებიც ზუსტად შუაღამის შესრულებისას დაიბადნენ და შესაძლებლობებით სხვებს აღემატებიან. შივა ბრძოლის ნიჭით დაჯილდოვდა, სალემს კი, როგორც თვითონ ამბობს, ყველაზე დიდი ნიჭი ებოძა – კაცის გულსა და გონებაში ჩახედვა შეეძლო.  ტელეპათიის უნარი საშუალებას აძლევს მას, შევიდეს სხვათა გონებაში. გამოდის, მთელი ინდოეთის ხმა ესმის მას თავისი განსხვავებული რელიგიითა და კულტურული მრავალფეროვნებით. შეიძლება ითქვას, რომ შუაღამეს დაბადებული ბავშვები არიან ინდოეთის ყველაზე სრულყოფილი ანარეკლი, მათი განსხვავებული წარმომავლობისა და ნიჭის ჩვენებით ს. რუშდი წარმოაჩენს ინდოეთისთვის დამახასიათებელ როგორც ეთნიკურ, ასევე – რელიგიურ მრავალფეროვნებას: „ბავშვები, რომლებიც იმ ღამით დაიბადნენ, ნახევრად იყვნენ თავიანთი მშობლების შვილები. ისინი დროის შვილებიც იყვნენ, რომელთა მამა თვით ისტორია იყო“ [რუშდი, 2013: 154]. შივა ღარიბ ინდუისტურ ოჯახში გაიზარდა, სალემი  კი – მდიდარ მუსლიმურ ოჯახში. ისინი ინდოეთის ორი განსხვავებული ფენისა და რელიგიის წარმომადგენლები არიან.

ს. რუშდი იყენებს „შუაღამის შვილების“ კონგრესს იმისთვის, რომ შექმნას ინდოეთის პლურალისტური და სეკულარული ვერსია ალეგორიულ დონეზე. 1001 დაბადებული ბავშვი ქვეყნისთვის ნიშნავს ამდენივე ახალ, განსხვავებულ ხედვას. მიუხედავად მათი ზებუნებრივი უნარებისა, რაც  ქმნის მაგიურ ეფექტს, შუაღამის შვილების კონფერენციის წევრებს სრულიად რეალისტური სურვილები და კონკრეტული მიზნები აქვთ: „ყველა ჩვენგანის მოვალეობა ამ ნიჭის გამოყენებაა ისევ ჩვენდა სასიკეთოდ... ჩვენს ქვეყანას ნიჭიერი ხალხი სჭირდება. მთავრობას ჩვენი უნარების გამოყენება უნდა შევთავაზოთ“  [რუშდი, 2013: 287]. თავად რუშდი თავის ერთ-ერთ  ინტერვიუში აღნიშნულ ეპიზოდთან დაკავშირებით ამბობს: „შუაღამის შვილების იდეა ჩემი თაობის აღწერა იყო, თუმცა, დამატებით მინდოდა, რომ ნაწარმოების პერსონაჟებს შესაძლებლობის გამოყენების უნარი ჰქონოდათ.  შუაღამეს დაბადებულთათვის  სხვადასხვა ძალის მინიჭებით მინდოდა, მეთქვა, რომ თავისუფლება მაგიური მომენტია და აი, გეძლევათ მისი მოპოვების შესაძლებლობა“.

მაგიურ-რეალისტურ ტექსტებში ხშირად  არის ეპიზოდები, როდესაც ავტორი ორივე – ბუნებრივ და ზებუნებრივ – კოდს ერთდროულად იყენებს. მსგავს ეპიზოდს ვხვდებით „შუაღამის შვილებშიც“, როდესაც სალემი ჰყვება მათხოვარი გოგოს, სუნდარის, ისტორიას, რომელიც ისეთი ლამაზი დაიბადა, რომ მისმა სიტურფემ დააბრმავა არა მარტო დედამისი, არამედ ის ქალებიც, რომლებიც გაჩენაში ეხმარებოდნენ. მამას თვალი გაექცა ქალიშვილისკენ და მისმა წამიერმა მზერამ მხედველობა დაუზიანა. „სუნდარი იძულებული გახდა სახეზე ტილო აეფარებინა მანამ, სანამ ბებერმა და დაუნდობელმა ბებიამ თავის ძვლოვან მკლავებში მოიმწყვდია და ცხრაჯერ  დაუსვა სამზარეულოს დანა“ [რუშდი, 2013: 251].

ამ ეპიზოდიდან მკითხველისთვის მნიშვნელოვანი ფაქტია სუნდარის სახის სილამაზე. ბებიის მკლავებზე ყურადღების გამახვილება, კონკრეტიკა, რომ დანა იყო სამზარეულოსი და თან ცხრაჯერ დაუსვა გოგონას სახეზე, კონტექსტისათვის უმნიშვნელო დეტალებია, თუმცა ამ დეტალების შემოტანით ს. რუშდი ცდილობს ზებუნებრივი მოვლენა − პირდაპირი მნიშვნელობით გოგონას დამაბრმავებელი სილამაზე − დააბალანსოს და რეალურს შეუთავსოს. სწორედ რეალურისა და არარეალურის ერთმანეთში არევა, კომბინირება წარმოადგენს მაგიურ- რეალისტური თხრობის ერთ-ერთ მახასიათებელს.

გარდა ამისა, მაგიურ თხრობაში რეალისტური ხაზის შენარჩუნებას, ს. რუშდი ფაქტობრივი ადგილების, ისტორიული პირების, მოვლენებისა თუ ხელოვნების ნიმუშების ჩართვით ცდილობს. მაგალითისთვის, აიუბ-ხანი, რომელსაც რომანის მთავარი გმირი სალემ სინაი ბიძამისის სახლში ხვდება, რეალურად არსებული პიროვნებაა და ის პაკისტანის მეორე პრეზიდენტი იყო 1960-1969 წლებში. ასევე უილიამ მეთვოლდი, რომელიც, რომანის მიხედვით, სალემის ბიოლოგიური მამაა, ინგლისელი ვაჭარი და კოლონიის ადმინისტრატორი იყო ინდოეთში.

ს. რუშდი არა მხოლოდ გვაძლევს კონკრეტულ ფაქტებსა და თარიღებს, არამედ ტექსტშივე ასახელებს ისტორიულ მოვლენას, რადგან რიგითი მკითხველისათვის სრულებით შესაძლებელია, რომ არაფრის მთქმელი არ იყოს მხოლოდ თარიღის მოყვანა, ხოლო კითხვის პროცესში მისი რეალურობის გადამოწმება ნაკლებ სავარაუდოა. ისტორიული ფაქტებისა და თარიღების ტექსტში ჩართვა ავტორისადმი ნდობას უჩენს მკითხველს და რეალურ სამყაროში აბრუნებს მას. „შუაღამის შვილების“ ერთ-ერთ ყველაზე ფანტასტიკურ ეპიზოდში, როდესაც სალემი პაკისტანის არმიაში თავისი ჯადოსნური ცხვირის გამო ადამიან ძაღლად მუშაობს იმისათვის, რომ სუნთქვით მიაგნოს დასაფლავებულებს, ვხვდებით არარეალისტურ თხრობაში ჩართულ მნიშვნელოვან ისტორიულ მოვლენას: „25 მარტს იაჰიამ და ბჰუტომ მუჯიბთან მოლაპარაკება შეწყვიტეს და დასავლეთის ფრთას დაუბრუნდნენ. დაღამდა. ბრიგადირი ისკანდარი, ნაჯმუდინი და ლალა მოინი, რომელიც ძლივის მიბარბაცებდა, რადგან სამოცდაათი უნიფორმა და ცხრამეტი ძაღლის ყელსაბამი ჰქონდა აკიდებული, კუტიას ბარაკში შევიდნენ. ახლა ნაჯმუდინი ამბობს: დაიმახსოვრეთ, საქმე სიტყვის ნაცვლად! თანაც ორმაგი საქმე ნახევარ დროში“. ავიალაინერის მგზავრებმა უნიფორმები ჩაიცვეს და იარაღი აისხეს. ბრიგადირმა ისკანდერმა ბოლოს ამ მოგზაურობის მიზანი გაგვიმჟღავნა: მუჯიბს დედა უნდა ვუტიროთო. 25 მარტს, ბჰუტო-იაჰიასთან ჩაშლილი მოლაპარაკების შემდეგ შეიხმა მუჯიბ-ურ-რამანმა ბანგლადეში სახელმწიფოდ გამოაცხადა“  [რუშდი, 2013 :413].

მაგიურ-რეალისტურ რომანებში ხშირად საკვებს სიმბოლური დატვირთვა აქვს. რაჰულ კრიშნა გაიროლა თავის სტატიაში „საკვები როგორც მაგიურ-რეალისტური ფაქტორი სალმან რუშდის შუაღამის შვილებში“ აღნიშნავს, რომ ს. რუშდი საკვებს იყენებს მეტაფორული თვალსაზრისით, როგორც ერთგვარ გარდამტეხ წერტილს რეალურსა და მაგიურს შორის. ამის დასადასტურებლად ის ამბობს, რომ საკვები ასრულებს გარკვეულ კულტურულ როლს როგორც ვიწრო, ასევე – გლობალურ კონტექსტში. საკვები და მისი მოხმარება იკავებს მთლიან კომუნალურ სივრცეს მესამე სამყაროს ქვეყნების უმეტესობაში. განსხვავებით სწრაფი კვების კულტურებისგან, რომელთა დიდი პოპულარობა დასავლეთის ქვეყნებში კაპიტალიზმმა განაპირობა,  აშშ-ს სამხრეთ და აღმოსავლეთ ქვეყნებში კვება არის ერთგვარი საკონომუნიკაცო საშუალება. როგორც პირველი, ასევე, მესამე სამყაროს ქვეყნების კულტურებში, საკვები არის სიცოცხლის ერთ-ერთი წყარო, რადგან ხელს უწყობს ადამიანის ცხოვრების საბაზისო ასპექტს − სიცოცხლისუნარიანობას. იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ მიუხედავად გეოგრაფიული ადგილმდებარეობისა საკვები ადამიანის სიცოცხლისუნარიანობისთვის საჭიროა, მაგიურ-რეალისტურ ტექსტებში ავტორები იყენებენ მას როგორც ყოვლისმომცველ კომპონენტს, რომელთანაც ყველას აქვს კავშირი.

რაჰულ კრიშნა გაიროლა ამტკიცებს, რომ საკვები ასრულებს მაგიურ-რეალისტური აგენტის როლს. ის რომანში წარმოადგენს ტექსტუალურ მაკავშირებელ რგოლს „რეალურ“ ისტორიულ და „მაგიურ“ მოვლენებს შორის. დაყოფის შემდგომი ინდოეთის ისტორია შეკუმშულია საწებლის ქილებში და თაროზეა შემოდებული. ეს ქილები, როგორც სალემი მოგვითხრობს, მიუთითებს ფაქტზე, რომ დრო და ისტორია ისე  ერწყმიან ერთმანეთს, როგორც საწებელში სხვადასხვა სანელებელი. რუშდი საკვებს იყენებს პერსონაჟების მაგიური ტრანსფორმაციის აღსაწერად და ამავდროულად საკვები ასრულებს კატალიზატორის როლს პაკისტანისა და დაყოფის შემდგომი ინდოეთის  მნიშვნელოვან პოლიტიკურ და სოციალურ მოვლენებში [Gairola, 2012: 45].

ამგვარად, მაგიურ-რეალისტური ტექსტები წარმოადგენს ისტორიული ფაქტების და ზღაპრული ელემენტების ერთგვარ ნარევს, სადაც ერთმანეთის გვერდით დგას წარსული და აწმყო, დასავლეთი და აღმოსავლეთი, ტრადიცია და თანამედროვეობა. რაციონალური და თანმიმდევრული იმპერიალიზმის დომინანტური სტილის საპირისპიროდ, მაგიური რეალიზმი აერთიანებს ფანტაზიასა და რეალობას, ფაქტსა და მითს, რაც  მას პოსტკოლონიალისტი ავტორებისთვის შეუცვლელ ტექნიკად აქცევს.

ზებუნებრივი კოდის, სხვადასხვა მაგიურ-რეალისტური ტექნიკის გამოყენებით ს. რუშდი ცდილობს, შექმნას რეალისტური რომანი, რომლისთვისაც ჯადოსნური ეფექტი ერთგვარ საფარველს წარმოადგენს. მიუხედავად თხრობაში შემოტანილი ბევრი  ჯადოსნური, არარეალისტური სიუჟეტისა, რაშიც ავტორს ზემოთ მოხმობილი სხვადასხვა ელემენტი ეხმარება, არასდროს იკარგება რეალისტური მხარე და ყოველთვის ახერხებს მწერალი ყველაზე მაგიურ, დაუჯერებელ მომენტშიც კი რეალობაში დააბრუნოს თხრობა. იმდენად ბუნებრივად უნაცვლებს ერთმანეთს რეალურ და არარეალურ კოდებს, რომ მკითხველისთვის ეს არ ქმნის უხერხულობის განცდას. ზოგ შემთხვევაში მაგიური კონოტაციის სიტყვები ისეა ჩაქსოვილი თხრობაში, რომ კითხვის პროცესში რთულად შესამჩნევიც კი ხდება.

სტრუქტურული თვალსაზრისითაც გამორჩეულია ს. რუშდის „შუაღამის შვილები“. რომანში მთავარი სიუჟეტის გვერდით ყოველთვის ვითარდება სხვადასხვა გვერდითი სიუჟეტები. თხრობა ფრაგმენტულია და ერთმანეთში ურევს წარსულის, აწმყოსა და მომავლის მოვლენებს. ერთი მხრივ, რამდენიმე სიუჟეტური ხაზი, მეორე მხრივ კი, მაგიური და რეალისტური კოდების დაპირისპირება სირთულეს და ამავდროულად ერთგვარ ხიბლს ანიჭებს რომანს.

ლიტერატურა

რუშდი ს.,
2013
„შუაღამის შვილები“, თარგმანი ნინო რამიშვილისა, გამომცემლობა „პალიტრა L “, თბილისი.
Bloom H.,
2003
Salman Rrushdie - Bloom’s Modern Critical Views, published by Chelsea House Pub (L).
Bowers M.,
2004
Magical Realism, Routledge, London.
Can T.,
2011
Magical Realism in Postcolonial British Fiction: History, Nation, and Narration. Ankara.
Chanady A. B.,
1985
Magical Realism and the Fantastic: Resolved Versus Unresloved Antinomy, Garland Publishing, New York.
Clark R. Y.,
1996
Cosmology, Mythology and Mysticism in the novels of Salman Rushdie, PhD. Diss. The University of British Columbia.
Gairola R. K.,
2012
Engendering Cuisines: Food as a ‘Magico-Realist Agent’ in Salman Rushide’s Midnights’s Children, Universitu of Washingot and Seattle University. “Journal of the School of Language, Literature, & Culture Studies”, Vol. 17, pp. 43-55.
Kluwick, U.,
2011
Exploring Magic Realism in Salman Rushdie’s Fiction. New York : Routledge.
Kortenaar N.,
2002
Salman Rushdie’s Magical Realism and the Return of Inescapable Romance, University of Toronto Press.
Menton S.,
1982
Jorge Luis Borges, Magic Realist. “Hispanic Review”, Vol. 50. No. 4.
Santos J.,
2001
Historical Truth in Salman Rushdie’s Midnight’s Children: A question of Perspective, Arizona State Univeristy.