ბერლინის ჰუმბოლდტ-უნივერსიტეტის აუდიოარქივი და იქ არსებული ქართულენოვანი აუდიოჩანაწერები (1915–1918)
DOI: 10.55804/jtsuSPEKALI-17-3
1. შესავალი – მიზანი, ამოცანები
წინამდებარე პუბლიკაციის მიზანია, იკვლიოს ბერლინის ჰუმბოლდტის სახელობის უნივერსიტეტის საცავებში ინტეგრირებულ, ე.წ. ხმოვან არქივში შემონახული ქართულენოვანი ჩანაწერები, შესრულებული როგორც ქართველ, ისე არაქართველ კავკასიელ ტყვეთა მიერ 1915–1918 წლებში პირველი მსოფლიო ომის შემდგომი პერიოდის გერმანიის ტერიტორიაზე მოქმედ ბანაკებში. ამ კონტექსტში საჭიროდ მივიჩნიეთ, ზოგად შტრიხებში გაგვეშუქებინა შემდეგი საკითხები:
– ჰუმბოლდტ-უნივერსიტეტის აუდიოარქივის რაობა და მისი არსებობის ისტორია;
– პირველი მსოფლიო ომის შემდეგ გერმანიის მიწაზე ჩამოყალიბებულ ტყვეთა ბანაკების ზოგადისტორიული და კულტურული კონტექსტი, მათი საჭიროება, ფორმალური ფუნქცია და რეალური დანიშნულება, ზოგიერთი მათგანის საგანგებო პროფილის არსი;
– ხმოვანი ჩანაწერების გაკეთების იდეის დაბადება, იდეის ავტორები და მისი რეალიზაციის ინიციატორები; ჩანაწერების შესრულების ტექნოლოგიები და ხარისხი; თვით ჩანაფიქრის თავდაპირველი დანიშნულება და მისი მისადაგება ბანაკებში რეალურად არსებული ვითარებით ნაკარნახევ მოთხოვნებთან;
– არქივში წარმოდგენილი ქართულენოვანი კორპუსები, მათი კატალოგიზაციის ზოგადი პრინციპები; მანჰაიმის კორპუსი, როგორც უშუალო კვლევის ობიექტი;
– მანჰაიმის კორპუსზე დაყრდნობით ლინგვისტური და სემანტიკური ასპექტების კვლევის კრიტერიუმების შემუშავება; ჩამოყალიბებული მოდელის განზოგადება სხვა კორპუსთა შესწავლა-აღწერის მიზნით.
2. ბერლინის ჰუმბოლდტის სახელობის უნივერსიტეტთან არსებული ფონოარქივი/აუდიოარქივი
ბერლინის ჰუმბოლდტ-უნივერსიტეტთან არსებული ფონოარქივი/აუდიოარქივი (Lautarchiv der Humboldt-Universität zu Berlin; შემოკლებით ასევე Berliner Lautarchiv) არსებობის ერთ საუკუნეს ითვლის. ის დაარსდა 1920 წლის 1 აპრილს გერმანელი ენათმეცნიერის, ანგლისტის ვილჰელმ დიოგენის (Wilhelm Doegen; *1877 ბერლინი –†1967 ბერლინი) თაოსნობით და აერთიანებს დღემდე კატალოგიზირებულ 7.500[1] აუდიოჩანაწერს, შესრულებულს ცვილის, შელაკის, ჟელატინისა და ალუმინის ფირფიტებზე. საგულისხმოა, რომ მათ გვერდით არქივში (მართალია ფრაგმენტულად, მაგრამ მაინც) ასევე შემონახულია იმავე პერიოდის ფონოგრამები, ხელნაწერები და ფოტოდოკუმენტები.
ფონოარქივი კარგა ხანს ხელუხლებლად იყო დაცული პირვანდელი სახით; 1990 წელს ფონეტისტმა დიტერ მენერტმა (Dieter Mehnert) განახორციელა ჩანაწერების კოპირება დ არქივის რესტრუქტურირება; 2019 წელს დასრულდა ჩანაწერების დიგიტალიზაცია და არქივი შევიდა ე.წ. ჰუმბოლდტ-ფორუმის შემადგენლობაში; ამჟამად მიმდინარეობს ფონოარქივის ხელახალი კატალოგიზაცია ქრისტოფერ ლის (Christopher Li) ხელმძღვანელობით; განახლებული და გაფართოებული ფონოარქივი 2023 წლიდან შეძლებს ერთდროულად მოემსახუროს რამდენიმე მომხმარებელს – როგორც ვიწრო დარგის ინდივიდუალურ მკვლევრებს, ისე – ფართო პროფილის ინტერდისციპლინურ პროექტებზე მომუშავე ჯგუფებს.[2]
აუდიოარქივი ყურადღებას იპყრობს რამდენიმე გარემოების გამო:
– ისტორიულ ჭრილში ის აცოცხლებს გერმანიის იმპერიისა (Deutsches Kaiserreich; 1871–1918), როგორც კონსტიტუციური მონარქიისა, და ვაიმარის რესპუბლიკის (Weimarer Republik; 1918–1933), როგორც პირველი პარლამენტური დემოკრატიული რესპუბლიკის, თვალსაჩინო წარმომადგენელთა აუდიოპორტრეტებს;
– ტექნიკურ პლანში ის არის უტყუარი მატიანე იმხანად გერმანიაში აუდიოჩანაწერების შესრულების ტექნოლოგიებისა და სათანადო ინვენტარის შექმნა-განვითარებისა;
– ლინგვისტური თვალსაზრისით საარქივო მასალა არის მსოფლიოს 250-მდე ენისა და დიალექტის ერთ სივრცეში თავმოყრის პირველი მცდელობა, რომელიც სულიერი კულტურის ძეგლად ითვლება და თავისი მოცულობისა და მრავალფეროვნების მიხედვით დღესაც უნიკალურია;
– ევროპის მასშტაბით ეს არის აკუსტიკური არქივის შექმნის პირველი მცდელობა, რომლის სიმძიმის ცენტრიც თეორიულ პლანში გადატანილია ლინგვისტური, ფოლკლორისტული და ანთროპოლოგიური პროფილის კვლევაზე; პრაქტიკული მნიშვნელობით კი ეს არის ამ განხრით ემპირიული მასალის მეცნიერული შეგროვების, სისტემატიზაციისა და დაარქივების თვალსაჩინო ნიმუში;
– დაბოლოს, არქივი გამორჩეულია თავისი ინტიმური და ფაქიზი ხასიათითაც როგორც ფიზიკური, ისე – სემანტიკური პლანის პარამეტრების მიხედვით (მას ხშირად „Sensible Sammlung“-საც უწოდებენ): ჯერ ერთი, იმ გაგებით, რომ მწირი ტექნიკური შესაძლებლობების პირობებში შესრულებული ჩანაწერები ვერ უძლებს ინტენსიურ გამოყენებას და საფრთხე ექმნება ორიგინალის ხარისხს; მეორეც, ტყვეების მიერ გახმოვანებულ სტანდარტულ, ტრაფარეტულ ტექსტებში (იგავ-არაკები, ლექსები, და ა.შ.; იხ. ქვეთავი 5) გამიზნულად შეტანილი უმნიშვნელო ლექსიკური ცვლილებები, და ამ გზით კოდირებული ფაქიზი პირადული ინფორმაცია, არ არის იოლი ამოსაცნობი რიგითი მსმენელისთვის, მათ ადეკვატურ დეკოდირებაზე რომ აღარაფერი ვთქვათ.[3]
წინამდებარე გამოკვლევის საგანია უშუალოდ ფონოლოგიური დანიშნულებით შესრულებული აკუსტიკური ჩანაწერები (მათი საერთო რაოდენობა 3.800 აღემატება), კონკრეტული სიმძიმის ცენტრი კი მოდის საკუთრივ ქართულენოვან ნაწილზე, რომელიც წინამდებარე პუბლიკაციით პირველად ხდება დღის შუქზე გამოტანის ობიექტი (იხ. ქვეთავები 4, 5.).
3. პირველი მსოფლიო ომის ტყვეთა ბანაკები გერმანიის მიწაზე
3.1. ბანაკების ბინადარნი
პირველი მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ გერმანიაში თავი მოიყარა სრულიად სხვადასხვა კატეგორიის, პროფესიის, სტატუსის, სოციალური ფენისა და ასაკის (17-დან 55-წლამდე) უამრავმა უცხოელმა მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან (ზუსტი რიცხვი, მიუხედავად წყაროთა სიმრავლისა, დღემდე უცნობია). მათ დიდ ნაწილს სამხედრო პირები/ომის მონაწილე ტყვეები (Kriegsgefangene) შეადგენდნენ; მათ გვერდით იყო ე.წ. პრივილეგირებულ უცხოელთა კატეგორიაც, კერძოდ, სამოქალაქო პირები (Zivilisten), რომლებიც პირადი საქმის გამო (სამსახურებრივი მოვალეობა, კვალიფიკაციის ამაღლება, სწავლა, ქორწინება, ტურიზმი და ა.შ.) შემთხვევით მოხვედრილიყვნენ გერმანიის მიწაზე და ომის დაწყების მომენტისთვის ვერ მოესწროთ ქვეყნის დატოვება; მაგრამ რადგან ისინიც „უცხოელებად“ კვალიფიცირდებოდნენ, ვალდებულნი იყვნენ, მსგავსად ომის ტყვეებისა, საზოგადოდ მოქმედ რეგულაციებს დამორჩილებოდნენ. ეს რეგულაციები კი მოითხოვდა, იზოლაციაში მოექციათ ნებისმიერი მათგანი, რათა არ მომხდარიყო მათი ასიმილაცია ადგილობრივ მოსახლეობასთან და მათზე ზედამხედველობის პროცესი არ გამხდარიყო უმართავი.
3.2. ბანაკის ტიპები
„ბანაკი“[4] იყო განზოგადებული სახელი იმ ტიპის დაწესებულებებისა, რომლებიც ზემოჩამოთვლილი ნებისმიერი კატეგორიის უცხოელის თავშესაფრად მოიაზრებოდა; თუმცა განსხვავებული იყო თითოეული მათგანის დანიშნულება, ისევე როგორც იქ მოქმედი ქცევის წესები, ზედამხედველობის ფორმები, სიმკაცრის ხარისხი, დაკავებულ პირთა უფლება-მოვალეობანი, ბანაკში ცხოვრების ვადები და ტყვეთა შრომითი დასაქმების რეგულაციები. შესაბამისად, განსხვავებული იყო, ასევე, საკუთრივ ბანაკთა საკვალიფიკაციო სახელებიც: ომის მონაწილე სამხედრო პირთათვის განკუთვნილ ბანაკს ეწოდებოდა „ომის ტყვეთა ბანაკი“ (Kriegsgefangenenlager); ითვლებოდა დაბალი კატეგორიის სამყოფლად, რომლის ბინადართ ეკრძალებოდათ მუშაობა, თავისუფალი გადაადგილება ბანაკის ტერიტორიაზე, კონტაქტი ერთმანეთთან; ზედამხედველობის სიმკაცრის ხარისხი დგინდებოდა შესაბამისად კონტინგენტის სადაურობისა: მაგალითად, გაუსაძლისი იყო რუსი ტყვეების ცხოვრების პირობები (ქართველების შესახებ იხ. ქვემოთ), როგორც ეს კლასიკურ ისტორიულ და ენციკლოპედიურ წყაროებშია აღწერილი. უახლესი ლიტერატურიდან საკმარისია დავასახელოთ რუსი სოციოლოგის ოქსანა ნაგორნაიას კვლევითი პროექტი, რომელიც მან გერმანიის საცავებში თავმოყრილ მასალაზე დაყრდნობით განახორციელა და 2010 წელს წიგნად გამოსცა [Нагорная, 2010].
გარდა ზემოაღწერილისა, არსებობდა საგანგებო/პროპაგანდისტული დანიშნულების ბანაკები არაბ, ინდოელ და აფრიკელ მუსლიმთათვის: ე.წ. „ჰალბმონდლაგერი“ – ვიუნსდორფში (Halbmondlager in Wünsdorf) და „ვაინბერგლაგერი“ – ცოსენში (Weinberglager in Zossen), რომლებიც გამოიყენებოდა იდეოლოგიური მიზნებისთვის, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ბინადართა შორის კოლონიური რეჟიმის საწინააღმდეგო სულისკვეთების დასანერგად.[5]
პრივილეგირებული კასტისთვის – ომის პერიოდში გერმანიაში შემთხვევით მოხვედრილ სამოქალაქო პირთათვის/ცივილისტებისთვის (მათი რიცხვი 800.000 აღემატებოდა) – მოქმედებდა „ინტერნირებულთა/ინტერნისტთა ბანაკები“, იგივე „ინტერნირების ბანაკები“ (Internierungslager),[6] რომელთა ბინადარნიც გარკვეული შეღავათებით სარგებლობდნენ: აქ არ არსებობდა რეჟიმის დაცვის წინასწარ გაწერილი პუნქტები, ბინადართ არ ეკრძალებოდათ ერთმანეთთან კონტაქტი და თავისუფალი გადაადგილება ბანაკის ტერიტორიაზე; უფრო მეტიც, შეეძლოთ დაკავებულიყვნენ სპორტით, მუსიკით, მხატვრობით, მოეწყოთ გამოფენები, თვითშემოქმედების საღამოები და ა.შ. მათვე ჰქონდათ მინდობილი ზრუნვა წესრიგზე; გერმანელი ზედამხედველები რამდენადმე ფორმალურად უწევდნენ მეთვალყურეობას გარედან და მხოლოდ აუცილებლობის (თვითმკვლელობის, ბანაკიდან გაპარვის და სხვა მსგავს) შემთხვევაში ერეოდნენ მათ ყოფაში.
3.3. ქართველების გაწვევა პირველ მსოფლიო ომში და მათი განთავსება ბანაკებში
პირველ მსოფლიო ომში ქართველთა/კავკასიელთა გაწვევა ძირითადად სამი გზით ხდებოდა: ა) სავალდებულო ბრძანებით რუსეთის იმპერიის მხრიდან, რომელსაც თავისი წიაღიდან, განურჩევლად ეროვნებისა, რაც შეიძლება მეტი მეომრის მოზიდვა სურდა საკუთარი ინტერესების გასატარებლად მსოფლიო სარბიელზე; ბ) დაქირავების საშუალებით; გ) ნებაყოფლობით, ანუ მოხალისეებად წასვლით ე.წ. „ქართულ ლეგიონში“ (Georgische Legion)[7] გაერთიანების გზით. ეს ლეგიონი ჩამოყალიბდა გერმანიაში იმხანად მოქმედი, პროგერმანულად განწყობილი „საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტის“ (Komitee für die Unabhängigkeit Georgiens) მხარდაჭერით; ფუნქციონირებდა 1915–1917 წლებში და ალიანსში იყო გერმანიასთან იმის იმედით, რომ გერმანიის იმპერია სამომავლოდ მხარში ამოუდგებოდა ქართველებს რუსეთის იმპერიის უღლისგან თავის დახსნისა და დამოუკიდებლობის მოპოვების საქმეში.[8]
საგულისხმოა, რომ ე.წ. „ქრისტიან ქართველ მეომრებს“ [ციურერი, 1978: 85] შორის ბევრი არაქართველი მუსლიმანიც ერია კავკასიის მთის რეგიონებიდან: ლაზები, ჭანები, აჭარლები, აფხაზები, ოსები. იყვნენ ასევე ქართულის მცოდნე, საქართველოს ბინადარი სომხები, აზერბაიჯანელები, ბერძნები. ომის ბოლო ეტაპზე ისინი გადაყვანილ იქნენ ზაქსენ-ანჰალტის ქალაქ ზალცვედელის ბანაკში [იქვე: 96], სადაც ერთხანს სასოფლო-სამეურნეო საქმიანობა ევალებოდათ, შემდეგ კი სხვადასხვა ტიპის შემთხვევითი დავალებების შესრულება. შესაძლოა ქართველ მეომრებს საკუთარი პროგერმანული და ანტირუსული განწყობაც უწყობდათ ხელს საიმისოდ, რომ ბანაკებში განაწილებისას თურქ, ინდოელ და არაბ მუსლიმთა გვერდით მოხვედრილიყვნენ და ეცხოვრათ შედარებით შეღავათიან, ადამიანურ პირობებში. უფრო მძიმე იყო რუსეთის ჯარში გაერთიანებულ ქართველთა ყოფა, რომლებიც მსგავსი შეღავათებით არ სარგებლობდნენ, თუმცა გარკვეულ შემწეობას მაინც იღებდნენ საქართველოდან იმხანად გადახვეწილი ემიგრანტებისგან.
4. ბანაკი, როგორც სამეცნიერო კვლევის ლაბორატორია
ცალკე მსჯელობის საგანია ის ფაქტი, თუ როგორ იქცა ზემოაღწერილი ბანაკები ე.წ. სამეცნიერო კვლევის ლაბორატორიად. ამ მოვლენის საწინდარი გახდა 1915–1918 წლებში გერმანიის იმპერიის ოფიციოზისა და ინტელექტუალთა მხრიდან თითქმის ერთდროულად აღმოცენებული დაინტერესება, საგანგებო ყურადღება მიეპყროთ ქვეყანაში მოქმედი ბანაკების ბინადართა პიროვნული და ეროვნული მახასიათებლების შესწავლა-აღწერისთვის:
– ინტელექტუალთა მხრიდან (ესენი იყვნენ ჰუმანიტარული პროფილის მეცნიერები: ლინგვისტები, ისტორიკოსები, ანთროპოლოგები, ეთნოლოგები, ფოლკლორისტები, მუსიკათმცოდნეები) ერთდროულად მოქმედებდა როგორც წმინდა დარგობრივი, ისე – პრაქტიკული ინტერესები, ომის გამო გართულებულ სამიმოსვლო და ფინანსურ ვითარებაში მოეპოვებინათ ემპირიული მასალა უშუალოდ ადგილზე/საკუთარ ტერიტორიაზე, ნაცვლად შორეულ ქვეყნებში ძვირადღირებული ექსპედიციების მოწყობისა; იდეალურ წინაპირობად ესახებოდათ თვით ტყვეთა მრავალეროვნება ნებისმიერ ბანაკში – განმაპირობებელი ფაქტორი მაქსიმალური მოცულობის მასალის შესაგროვებლად დროის მოკლე მონაკვეთში, ერთ ლოკაციაში, პარალელურად რამდენიმე ენასა და დიალექტზე;[9] კვლევის ერთიანი კონცეფციის შემუშავებისთვის მეცნიერებს განსაკუთრებულად ხელსაყრელ გარემოებად ესახებოდათ კოლექტიური ქმედება, რათა კატალოგიზაციისა და დაარქივების თვალსაზრისით სწორ/მართებულ კრიტერიუმებზე დაფუძნებულ მონაცემთა ბაზას გაეადვილებინა მათი სამუშაო უკვე მომდევნო, უფრო მაღალ ეტაპზე;
– მკვლევართა სურვილები აბსოლუტურ შესაბამისობაში მოდიოდა გერმანიის მთავრობის დაინტერესებასთან, რომელსაც ასაზრდოებდა პოლიტიკური მოტივაცია, საჭიროების შემთხვევაში გაადვილებულიყო ტყვეების იდენტიფიკაცია მათ ზუსტ მონაცემებზე დაყრდნობით, ამასთანავე, რამდენადმე გამოკვეთილიყო ცალკეულ ერთა ტიპური, ზოგადეროვნული მახასიათებლები.
არსებულ ვითარებაში 1915 წელს გამოიცა საიმპერიო დადგენილება სწავლულთა კომისიის[10] ჩამოყალიბების შესახებ, რომლის წევრებსაც ეძლეოდათ ბანაკებში შეუზღუდავად მიმოსვლის უფლება; კომისიას სათავეში ჩაუდგა ლინგვისტი ვილჰელმ დიოგენი. თვით კომისიის არსებობის ფაქტით (ნებსით თუ უნებლიეთ) უკვე დაშვებული იყო პოლიტიკური არაკორექტულობა, კერძოდ, ბანაკთა ბინადარნი – როგორც ტყვედ ჩავარდნილი სამხედროები, ისე სამოქალაქო პირები – ქცეულიყვნენ „ცდის პირებად“, „დაკვირვების ობიექტებად“, რომელთა შესახებაც უნდა შემდგარიყო დეტალური დოსიე ყველა პარამეტრის გათვალისწინებით (სადაურობა, გარეგნობა, სოციალური წარმომავლობა, სარწმუნოებრივი მონაცემები, მეტყველება, ინტერესთა სფეროები და ა.შ.; იხ. დანართი 1.).
ძირითადი აქცენტი მოდიოდა ტყვეების მეტყველების შესწავლაზე, შესაბამისად, ლინგვისტურ ასპექტზე, რამაც განაპირობა აკუსტიკური ჩანაწერების დამზადება – ანუ იმ აუდიოგრამებისა, რომლებიც დღეს ჰუმბოლდტ-ფორუმის სიამაყეს წარმოადგენს და წინამდებარე გამოკვლევის უშუალო ანალიზის ობიექტია. პრიორიტეტების ასეთი განაწილება ნაკარნახევი იყო, ერთი მხრივ, მასშტაბური ჩანაფიქრით – სხვა კულტურათა პატივისცემის, შთამომავლებისთვის ენათა მრავალფეროვნების ფართო პანოს შენახვის კეთილშობილური სურვილით – შეექმნათ სულიერი კულტურული მემკვიდრეობის ხელთუქმნელი ძეგლი;[11] თუმცა ამის მიღმა მოქმედებდა პრაქტიკული ჩანაფიქრიც – გამოეყენებინათ ჩანაწერები საზოგადოდ ენების, უპირველესად კი, ბანაკის ბინადართათვის გერმანულის დაჩქარებული წესით სწავლებისა და ამ პროცესში აუდირების მეთოდის დანერგვის მიზნით; ამით სურდათ, გადაეჭრათ პრობლემა, ეპოვათ ტყვეებთან საურთიერთოდ[12] რაციონალური გამოსავალი. მეორე მოტივის სასარგებლოდ ის ფაქტიც მეტყველებს, რომ ომის წლებში შეიქმნა საკუთრივ უცხოელთათვის (ბულგარელებისთვის, პოლონელებისთვის, რუსებისთვის და ა.შ.) განკუთვნილი გერმანული ენის რამდენიმე სახელმძღვანელო, რომელთაგან ქართველი მკითხველისთვის საინტერესოდ გვესახება ქართულ სათვისტომოსთან დაახლოებული პირის, სლავისტისა და კავკასიოლოგის რიხარდ მეკელაინის „გერმანული ენის შესავალი კურსი ქართველებისთვის“ [Meckelein, 2022].
5. აუდიოარქივის ქართული ჩანაწერები. მანჰაიმის კორპუსი
ჩვენ მიერ ფონოარქივში მოკვლეული ქართულენოვანი ჩანაწერები შესრულებულია ქალაქების: მანჰაიმის (Mannheim), ორდრუფის (Ohrdruf), მიუნსტერის (Münster), პუხჰაიმისა (Puchheim) და ზაგანის (Sagan) სხვადასხვა პროფილის ტყვეთა ბანაკებში. მასალის სიმრავლისა და დამუშავების ტექნიკური მხარის სპეციფიკურობის გამო წინამდებარე გამოკვლევისთვის არჩევანი შევაჩერეთ მხოლოდ მანჰაიმის კორპუსზე, რომელიც თავისთავად 24 ჩანაწერს აერთიანებს. არსებულ საარქივო მასალებზე დაყრდნობით შეგვიძლია ზოგადად ვიმსჯელოთ, თუ რაოდენ მაღალი იყო ვილჰელმ დიოგენისა და ადოლფ დირის (იხ. ქვემოთ) მხრიდან სარეგისტრაციო ბარათების შესრულების კულტურა, აღწერის ასპექტებისა და სტრუქტურირების ერთტიპურობისკენ სწრაფვა. ცალკე მსჯელობის საგანია, რამდენად წარმატებულად ართმევდა თავს ამ ამოცანას ან ერთი ან მეორე მკვლევარი იმხანად არარსებული ტექნიკური შესაძლებლობებისა (გრაფიკული ჩანაწერები სრულდებოდა ხელით, აუდიოგრამებისთვის არ არსებობდა სათანადო ტექნიკური დონის აპარატურა) და თვით აღსაწერი კონტინგენტის უპირატესად დაბალი სოციალური წარმომავლობის ფონზე, რომელთა უმეტესობამ წერა-კითხვა არ იცოდა, საკუთარ ოჯახში გასაგზავნ წერილებსაც კი მათ ვინმე სხვა, მესამე/შუამავალი პირი უწერდა.
5.1. ადოლფ დირი – პასუხისმგებელი ქართულენოვან ჩანაწერებზე
1915–1918 წლებში ბანაკებში ქართულენოვანი ჩანაწერების შესრულების ხელმძღვანელობა დაევალა ფართო პროფილის ფილოლოგს, ლინგვისტს, ეთნოლოგსა და კავკასიოლოგს ადოლფ დირს (Adolf Dirr; *1867 აუგსბურგი – †1930 პასაუ), რომელიც უკვე სტუდენტობის წლებში დაინტერესდა კავკასიური ცივილიზაციით; ჯერ კიდევ პირველ მსოფლიო ომამდე შეისწავლიდა ქართულსა და კავკასიურ ენებს, რამდენჯერმე იმოგზაურა საქართველოში. თბილისში ცხოვრების პერიოდში საგანგებო გამოკვლევები მიუძღვნა უდურსა და დაღესტნურის დიალექტს თაბასარანულს (როგორც ეგზოტიკურ ენებს) [Dirr, 1903]; ომის შემდგომ პერიოდში კი გამოსცა გერმანულად თარგმნილი „ქართული ხალხური ზღაპრები“ [Dirr, 1920 a] (შესული ციკლში: მსოფლიოს ხალხთა ზღაპრები) და „ქართული ხალხური სიმღერების“ [Dirr, 1920a] საკუთარი თარგმანები (ციკლიდან: რუსი ჯარისკაცების სიმღერები).
დამაინც, ადოლფ დირის მოღვაწეობაში საგანგებო ყურადღებას იპყრობს მის მიერ 1928 წელს ლაიპციგში დასტამბული ოთხასგვერდიანი ფუნდამენტური ნაშრომი „კავკასიური ენების შესწავლის შესავალი კურსი“ ენათა გენეალოგიური რუკითურთ [Dirr, 1928 b], რომელიც, ვფიქრობთ, თავისთავად უდავოდ იმსახურებს, იქცეს ქართველ თუ არაქართველ კავკასიოლოგთათვის საგანგებო შესწავლისა და პატივისცემის ობიექტად (ცალკე განსჯის საგანია, რამდენად გაიზიარებენ ავტორის პოზიციას კავკასიოლოგები).
5.2. ჩანაწერთა სარეგისტრაციო კარტოთეკის ფორმა და შინაარსი
კომისიის მიერ სარეკომენდაციოდ შემუშავებული მოდელის მიხედვით თითოეული ჩანაწერის ირგვლივ სავალდებულო ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა ყოფილიყო ოთხი დოკუმენტის სახით:
– ანკეტა, რომელშიც პასუხი უნდა გასცემოდა პრობანდთან/დაკვირვების პირთან დაკავშირებულ ობიექტურ მონაცემებს: ჩანაწერის ნომერი / ბანაკის ადგილმდებარეობა / პიროვნების ნომერი, გვარი, ეროვნება, წარმომავლობა / საცხოვრებელ ადგილი / მშობლიური ენა / განათლება, წერა-კითხვის ცოდნა, რუსულის ფლობა, სხვა ენის ფლობა / მუსიკალური მონაცემები: ვოკალური უნარები, მშობლიური ფოლკლორის ფლობა, დაკვრა ამა თუ იმ მუსიკალურ ინსტრუმენტზე და ა.შ.;
– მეორე დოკუმენტი, პროტოკოლი, ნაწილობრივ იმეორებდა ანკეტაში ჩამოთვლილ პუნქტებს (პრობანდის გვარ-სახელი, პირადი ნომერი, ბანაკის ნომერი და ა.შ.), მაგრამ მათ იმავდროულად სრულყოფდა მონაცემებით ჩასაწერად შერჩეული მასალის ირგვლივ, იგულისხმება: ტექსტის სათაური, ჟანრი, ჩაწერის ადგილი, დრო, ფორმა (ლექსად წარმოთქმა, სიმღერით შესრულება) და ა.შ.;
– მესამე დოკუმენტი წარმოადგენდა ქაღალდის ფურცელზე გადატანილ ტექსტს ქართულად, რომელსაც ახლდა ტრანსკრიპტი გერმანულად და, ასევე, გერმანული თარგმანი;
– მეოთხე დოკუმენტი იყო თვით ფონოგრამა, ანუ ფირზე ჩაწერილი ცოცხალი პრეზენტაცია – სიმღერის შესრულება, ტექსტის წაკითხვა ფურცლიდან, თხრობა ზეპირად.
პუბლიკაციის ფორმატიდან გამომდინარე, ნიმუშად წარვუდგენთ მკითხველს მხოლოდ ერთ პირს, ვინმე პლატონ მაჩაიძეს (იხ. დანართი 1), რომელიც ყოფილა რუსული ბანაკის ბინადარი – პირადი ნომრით 17308, დაბადებული 1891 წელს ქუთაისის გუბერნიაში, წარმოშობით რაჭველი, სარწმუნოებით კათოლიკე, მშობლიური ენა ქართული, წერა-კითხვის მცოდნე, გარკვეულ დონემდე სცოდნია რუსული, პროფესიით სოფლის მეურნე; არტიკულირებდა გარკვევით და ხმამაღალა, შეეძლო ეროვნული სიმღერების შესრულება, არცერთ მუსიკალურ ინსტრუმენტს არ ფლობდა; ყურადღებას იპყრობს ანკეტის ბოლო პუნქტზე – „სავარაუდოდ ექნებოდა თუ არა სურვილი, ფირზე ჩაეწერა საკუთარი ხმა“ – სრულიად ცალსახად გაცემული უარყოფითი პასუხი „Nein“[13], რომლის მიუხედავად (როგორც მომდევნო დოკუმენტებიდან ირკვევა), მას ჩანაწერები მაინც შეუსრულებია, თანაც რამდენიმე ერთდროულად და გარკვეული აქტიურობაც გამოუჩენია ტექსტების გადაწერა-გამრავლების საქმეში.
6. ქართულენოვანი ჩანაწერების ლინგვისტური და სემანტიკური ანალიზი
წინამდებარე ქვეთავი ეძღვნება ტყვეების მიერ ქართულ ენაზე შესრულებული გრაფიკული და ხმოვანი ჩანაწერების ანალიზს სხვადასხვა ენობრივ დონეზე.
წასაკითხად/შესასრულებლად ტექსტების შერჩევა სავარაუდოდ ხდებოდა თვით ადოლფ დირის მიერ, რამდენადაც ის კარგად იცნობდა ქართულ და კავკასიურ ფოლკლორს; არ გამოვრიცხავთ ამ პროცესში ტყვეთა ჩართულობასაც. ნიმუშთა ჟანრობრივი და თემატური სიჭრელე (იგავი, სიმღერა, საგმირო ეპოსი და ა.შ.) ართულებს მათ კლასიფიკაციას რაიმე კრიტერიუმის მიხედვით (მანჰაიმის კორპუსში შეინიშნება სატრფიალო სიმღერების სიჭარბე), ზოგადი წარმოდგენის შესაქმნელად კი საკმარისია, დავასახელოთ ისეთი ნიმუშები, როგორებიცაა საქართველოში კარგად ცნობილი: „ლექსი ვეფხისა და მოყმისა“, „გაფრინდი, შავო მერცხალო“, „რა ლამაზად გიხდება ეგ ჟუჟუნა თვალები“, „ვინც მე მიყვარდა“, „სევდის ბაღს შეველ შენაღონები“, „ტანო-ტატანო“, „ტანი ალვის ხეს მიგიგავს“, „გახსოვს, ტურფავ“, „ორი გოგო მოდიოდა“, „გოგო შემხვდა მოხვეულში“, „ყურძენმა თქვა, მეც ხილი ვარ“, „ავანთოთ ქუჩის ფარანი“..., მათ გვერდით ასევე „უძღები შვილის იგავი“ ლუკას სახარებიდან, ამონარიდები „ვეფხისტყაოსნიდან“ და ა.შ.
ტექსტების ანალიზმა გრაფიკულ დონეზე გამოავლინა, რომ მათი გადატანა ქაღალდზე მეტწილად ტყვეებს ევალებოდათ, რაზეც ხელწერის სხვადასხვაობა და დაბალი კალიგრაფიული კულტურაც მეტყველებს (არცთუ იშვიათად შეუძლებელია ჩანაწერის ამოკითხვა); მაგრამ, მეორე მხრივ, მათ გვერდით გვხვდება ასევე მაღალი კალიგრაფიული კულტურით, ერთი და იმავე ხელწერით ჩაწერილი ტექსტებიც, რაც გვაფიქრებინებს, რომ მათი შემსრულებელი თვით ადოლფ დირი უნდა ყოფილიყო. შემონახულია ასევე დუბლიკატები, შეტანილი სასკოლო რვეულებში გიორგი ნალიკრიშვილისა და პლატონ მაჩაიძის მიერ.[14]
გრაფიკულ დონეზე ორთოგრაფიული შეცდომების გვერდით ხელნაწერებში იკვეთება ასევე, ერთი მხრივ, ქართული ლექსიკისა და გრამატიკის ფლობის დაბალი დონე, მეორე მხრივ – არქაიზმების, დიალექტების, კუთხური მეტყველების ზეგავლენა. ნიმუშად მხოლოდ ზემოხსენებული პლატონ მაჩაიძის ერთი ჩანაწერის ფრაგმენტის განხილვაც კმარა გიორგი ჭალადიდელის ლექსიდან „მახსოვს პირველად სასწავლებელში“: „მახსობს პირველათ სასწავლებელშიდ წასაყვანათ რომ მამაზადეს“ [...] მხოლთ ეს მახსობს გამამყვა დედა [...] /მაჩაიძე 346 b/; საგულისხმოა, რომ იგივე ლექსიკური ერთეულები ადოლფ დირის მიერ გაკეთებულ გერმანულ ტრანსკრიპტში ზოგან ასევეა გადატანილი, ზოგან კი, გამოირჩევა საწარმოთქმო ნორმების დაცვით. მაჩაიძისეულ რვეულში შესულ ხალხურ სიმღერას „ცოლი გამიდიდგულდა“ სახელი აქვს შეცვლილი და ჰქვია: „ქალი გამიკუნტულდა“, როგორც ჩანს, მის მშობლიურ კუთხეში გავრცელებული დიალექტის ზეგავლენით.
ზემოგანხილული უზუსტობები, დაფიქსირებული გრაფიკულ დონეზე, მეორდება, ასევე, ხმოვან ჩანაწერებშიც, სადაც ისინი კიდევ უფრო ხვდება ყურს სალიტერატურო ქართულის პროსოდიული ნორმების დარღვევის გამო; ცალკე განსჯის საგანია სოციოლინგვისტური ხასიათის მომენტები, მაგალითად, არაქართველ პირთა ჩანაწერები, რომელთა აქცენტშიც, მიუხედავად შემსრულებლის ქართული გვარისა, (ფილიპ მურჯიკნელის შემთხვევაში, წარმოშობით ახალქალაქიდან) ცალსახად ამოიცნობა ატიპური არტიკულაცია/არაქართული (კერძოდ სომხური) აქცენტი.
მანჰაიმის კორპუსში გაერთიანებულ ჩანაწერებში უხვადაა ზემომოტანილი სახის უზუსტობები. ოცდაოთხი გრაფიკული და აუდიოჩანაწერიდან ფაქტობრივად არც ერთი არ არის შესრულებული გამართული ქართულით, რაც თავისთავად არც გასაკვირია დაბალი სოციალური ფენიდან წამოსულ, განათლების არმქონე, არაპროფესიონალ ჯარისკაცთა კვალობაზე.
ისმება კითხვა, მაშ, რით არის ეს ჩანაწერები საინტერესო, გარდა თვით მათი არსებობის ფაქტისა? მათ საინტერესოს ხდის სემანტიკური დონის ფარული ნიუანსები, კოდირებულ ტექსტში ლექსიკური ერთეულების ჩანაცვლების გზით, რომელთა დეკოდირება და მათში გამიზნულად ჩადებული სათქმელის ამოკითხვა ყოველთვის იოლი არ არის, თუნდაც იმიტომ, რომ შეიძლება ის მკითხველის მიერ უმნიშვნელო მექანიკურ შეცდომად იქნეს მიჩნეული.
ნათქვამის საილუსტრაციოდ წინამდებარე გამოკვლევაში ორი ნიმუშით ვიფარგლებით: პირველია „გაფრინდი, შავო მერცხალოს“ მაჩაიძისეული ვარიანტი, რომელშიც ტაეპი – „ამბავი ჩამოგვიტანე ომში წასულის ძმისაო“ – ჩანაცვლებულია სიტყვებით „ამბავი ჩამოგვიტანე ჩემის სამისა ძმისაო“, რითაც შემსრულებელი არაორაზროვნად გვაუწყებს მაჩაიძეების ოჯახის საწუხარს ომში უგზო-უკვლოდ დაკარგული სამი ვაჟკაცის გამო (მეოთხე თვითონ პლატონი იყო) [ჩანაწერი 375 b]; მეორე ნიმუშია „ვაიმე, ჩემო ვენახოს“ მურჯიკნელისეული ჩანაწერის ტაეპი „შვიდ წელიწადს ვერ გნახო“, რომელშიც რიცხვითი სახელი „შვიდი“ ჩანაცვლებულია „ოთხით“ – „ოთხ წელიწადს ვერ გნახო“ [ჩანაწერი 435 b] და ამით მინიშნებულია ბანაკში გასატარებლად მისჯილი დროის ხანგრძლივობა.
7. დასკვნები თუ პერსპექტივები
წინამდებარე პუბლიკაცია ჰუმბოლდტ-ფორუმის ფონოარქივში არსებული ქართულენოვანი მასალის შესწავლის პირველი მცდელობაა და მიღებული შედეგებიც პირველად მიეწოდება ქართულ საზოგადოებას. გამოკვლევის დოკუმენტური ხასიათისა და მასში მანჰაიმის კორპუსის შესახებ წარმოდგენილი ფაქტობრივი ინფორმაციის სიმრავლის გამო თავი ავარიდეთ, დასკვნების ტრადიციული სახით ჩამოყალიბებას, რომელიც, საუკეთესო შემთხვევაში, უკვე განხილულის სელექციურ-ქრონოლოგიურ გამეორებას დაემსგავსებოდა. ამის ნაცვლად შევეცადეთ, შეძენილ გამოცდილებაზე დაყრდნობით წინ წამოგვეწია კვლევის სამომავლო პერსპექტივები:
– ჩანაწერების ანალიზმა გამოავლინა ჩვენ მიერ შემუშავებული კვლევის საფეხურებრივი მეთოდის – კულტურულ, ისტორიულ, ლინგვისტურ, სემანტიკურ და სოციოლინგვისტურ დონეებზე (იხ. ქვეთავი 5.3.) – მართებულობა, რომელიც ასევე შეიძლება გამოვიყენოთ დანარჩენ ქართულენოვან ჩანაწერთა (ორდრუფის, მიუნსტერის, პუხჰაიმის, ზაგანის კორპუსების) მიმართაც, რათა მანჰაიმის კორპუსის დღის შუქზე გამოტანა არ დარჩეს ამ ტიპის მცდელობის ერთადერთ ფაქტად და, შეძლებისდაგვარად, გავეცნოთ, ასევე, პირველი მსოფლიო ომის მონაწილე სხვა თანამემამულეების ჭირ-ვარამს, კოდირებულს გრაფიკულ თუ აკუსტიკურ ჩანაწერებში;
– ანალიზის შემდგომ საფეხურად გვესახება, სხვადასხვა ტიპის ბანაკებში შესრულებული ქართულენოვანი ჩანაწერების კონტექსტუალიზაცია, ანუ მათი გამოკვლევა შედარება-შეპირისპირებით პლანში დოკუმენტაციის შედგენისა და ჩანაწერების შესრულების თვალსაზრისით;
– ნაშრომში შემოთავაზებული მეთოდოლოგიური საფუძველი, ასევე, წარმატებით შეიძლება იქნეს გამოყენებული მსოფლიოს სხვა ენებზე (ესტონურზე, სომხურზე, ინდურის დიალექტებზე და ა.შ.) შესრულებულ ჩანაწერთა კვლევის შემთხვევაშიც;
– უფრო შორეულ მომავალში, როცა სხვა ენაზე შესრულებულ ჩანაწერთა შედეგებიც დაიდება, საინტერესოდ გვესახება მათთან ქართულენოვანი ჩანაწერების შედარება-შეპირისპირების გზით ჩვენი თანამემამულეების შესახებ მოპოვებული ინფორმაციის კონტექსტუალიზაცია საზოგადოდ პირველი მსოფლიო ომის ზოგადისტორიულსა და კულტურულ ნარატივში.
[1]არ გამორიცხავენ უფრო დიდი რაოდენობის მასალის არსებობასაც, რამდენადაც აუდიოარქივი დღემდე მხოლოდ ეპიზოდურად/ფრაგმენტულად არის შესწავლილი; ამას თავისი ახსნაც აქვს: ჯერ ერთი, კატალოგიზაციის ზოგად პრინციპებზე დაფუძნება ვიწროთემატური კლასიფიკაციის გარეშე, ბუნებრივია, ვერ წარმოაჩენდა ყველა კორპუსს სათანადო სისავსით; არის შემთხვევები, როცა – ვთქვათ, ამა თუ იმ კომპლექსური კორპუსის მიზნობრივი კვლევისას – მოულოდნელად ვლინდება მასში შემთხვევით მოხვედრილი მასალა, რომელიც წესით, დამოუკიდებელი თემატური კორპუსის სახით გამოცალკევებას იმსახურებს; მეორე მიზეზი არის დაბალი აქტივობა თანამედროვე სამეცნიერო წრეების მხრიდან აუდიოარქივით დაინტერესებისა მისი სხვადასხვა ასპექტით კვლევის თვალსაზრისით, მით უმეტეს, სათანადო დაფინანსების არარსებობის ფონზე.
[2]არქივის დაწვრილებითი ისტორია აღწერილია იოხენ ჰენიგის პუბლიკაციაში „ცვალებადი ფორმატები“ [Hennig, 2016].
[3]ამასთან დაკავშირებით იხ. თომას ჰარტმანის, ბრიტა ლანგეს და იოხენ ჰენიგის რედაქციით გამოცემული ინტერნეტკრებული „შენს ხელთაა ჩემი სიტყვა“, წაკითხული სალექციო კურსის სახით 2015 წლის ზაფხულის სემესტრში ბერლინის ჰუმბოლდტის სახელობის უნივერსიტეტში [Hartmann, Thomas / Lange, Britta / Hennig, Jochen, Hrsg.].
[4]შევნიშნავთ, რომ სახელწოდება „საკონცენტრაციო ბანაკი“ დამკვიდრდა გერმანიაში მხოლოდ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, როცა ნაციონალსოციალისტური რეჟიმის დიქტატის ქვეშ თავდაპირველად მოქმედი ახალგაზრდული სპორტული ბანაკები გადაკეთდა ჯერ შრომა-გასწორების, შემდეგ კი დამსჯელ ინსტიტუტებად მათში გერმანელებთან ერთად ასევე არაგერმანელი მოსახლეობის (ებრაელების, ბოშების და ა.შ.) დატყვევების გზით.
[5]კოლექციონერ მარკუს კრაიზის (Markus Kreis) მიერ 2018 წელს ფონდებისადმი გადაცემული კოლექციიდან ერთ-ერთ ფოტოზე მინაწერში ვკითხულობთ, რომ მუსლიმ ტყვეთა კეთილგანწყობის მოსაპოვებლად მათ საგანგებოდ ლოიალურად ექცეოდნენ, ეროვნულ კერძებს უმზადებდნენ, რამადანის წესს აღასრულებინებდნენ; სამლოცველოც კი აუგეს – პირველი ხის მეჩეთი გერმანიაში. ფოტოდოკუმენტები იხ.: http://www.dortmund-postkolonial.de/?page_id=3392
[6]ამ ტიპის სამყოფლის ნიმუშია, მაგალითად, ბერლინის უბან რულებენში მოქმედი ბრიტანელთა ინტერნირების ბანაკი, რომლის ბინადარი-ცივილისტები, ჟენევის კონვენციის თანახმად, ნდობით სარგებლობდნენ და მათდამი ადამიანური მოპყრობაც თავისთავად ცხადი იყო. ფოტოდოკუმენტები იხ.: http://www.zitadelle-berlin.de/wp-content/uploads/2018/04/Pressemitteilung-Abstrakt-dt.pdf; https://www.maz-online.de/lokales/havelland/falkensee/ueber-das-leben-im-internierungslager-ruhleben-Z545DM3IABDHZOJZMESFBMHKIQ.html; https://dewiki.de/Lexikon/Internierungslager_Ruhleben.
[7]„ქართული ლეგიონის“ შექმნის საწინდარი იყო 1914 წელს თურქეთის ქალაქ სამსუნში 1.500 ქართველი/კავკასიელი მეომრის თავმოყრა გენერალმაიორ ლეო კერესელიძის მეთაურობით; ამ მეომართა რეკრუტირება „ლეგიონად“ განხორციელდა 1915 წელს ფრიდრიხ-ვერნერ გრაფ ფონ დერ შულენბერგის მიერ (Friedrich-Werner Graf von der Schulenburg), რომელიც იმავე წელს დაინიშნა ლეგიონის მეთაურად. ლეგიონმა არსებობა შეწყვიტა 1917 წელს თურქეთსა და „საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტს“ შორის მომხდარი კონფლიქტის ნიადაგზე. ავტორი: Das Georgische Emigrationsmuseum. http://german-georgian.archive.ge/de/blog/32 2018-04-10
[8]„ქართული ლეგიონის“ პერიპეტიების აღწერა სცილდება წინამდებარე პუბლიკაციის ინტერესებს, მითუმეტეს, რომ ის არაერთხელ ქცეულა საგანგებო მსჯელობის საგნად როგორც საკუთრივ ქართველ [სურგულაძე, 1972], ისე უცხოელ მკვლევართათვის; გამოვყოფთ მხოლოდ ვერნერ ციურერის ოცგვერდიან თხზულებას, რომელიც მოვლენების სიღრმისეული განჭვრეტით, მიუკერძოებლად, იმავდროულად გარკვეული სარკაზმით წარმოაჩენს იმ პერიოდის გერმანულ-ქართულ ურთიერთობებს, ორივე მხარის ინტერესებსა და „ქართული ლეგიონის“ წილხვედრს იმპერიალისტური ომისთვის დამახასითებელი ინტრიგების, სახელმწიფოთაშორისი ინტერესების კონფლიქტების ფონზე: [Zürrer, 1978].
[9]სიმძიმის ცენტრი მოდიოდა ინგლისური ენის დიალექტებზე, რომლებითაც პირადად იყო დაინტერესებული ვილჰელმ დიოგენი, როგორც ანგლისტი-ფონეტისტი.
[10]კომისიის შემადგენლობაში შედიოდნენ: ანთროპოლოგი ფელიქს ფონ ლუშანი (Felix von Luschan), მუსიკათმცოდნე გეორგ შიუნემანი (George Schünemann), აფრიკანისტი და კარიბიკანისტი ოტო დემპვოლფი (Otto Dempwolff), ირანისტი ფრიდრიხ კარლ ანდრეასი (Friedrich Carl Andreas), ანგლისტი ალოის ბრანდლი (Alois Brandl), კავკასიოლოგი ადოლფ დირი (Adolf Dirr) და სხვ. კომისიის შესახებ დაწვრილებითი მონაცემები იხ. [Mahrenholz, 2020]
[11]Lautarchiv – Geschichte und Perspektive [Hartmann u.w.: 2022].
[12]საკომუნიკაციოდ გამოიყენებოდა ე.წ. Pidgin-Sprache/Pidgin-Deutsch, რათა თუნდაც მინიმალურ დონეზე შემდგარიყო ენობრივი კონტაქტი.
[13]ტყვეს/დამხმარე პერსონალს ხაზი უნდა გაესვა მოცემული ოთხი შესაძლებლობიდან ერთ-ერთისთვის: Ja „დიახ“ / Wahrscheinlich „შესაძლოა“ / Ungewiss „დარწმუნებული არ ვარ“ / Nein „არა“.
[14]დანარჩენ გადამწერთა გვარები უცნობია; საერთოდ, მანჰაიმის ჩანაწერებში ეს ორი პირი დომინირებს.
ლიტერატურა
სურგულაძე ა. 1972 |
პირველი იმპერიალისტური ომი და თებერვლის ბურჟუაზიულ-დემოკრატიული რევოლუცია საქართველოში. საქართველოს ისტორიის ნარკვევები. ტომი მეექვსე. თავი მეხუთე. თბილისი: საბჭოთა საქართველო. |
Dirr A. 1903 |
Грамматика Удинскаго языка. Тифлис: изд. Кавказского Учебного Округа. |
Dirr A. 1905 |
Грамматический очерк табассаранского языка с текстами, сборником табассаранских слов и русским к нему указелем. Тифлис: изд. Кавказского Учебного Округа. |
Dirr A. 1920 |
Kaukasische Märchen. (Die Märchen der Weltliteratur). Jena: Diederichs. |
Dirr A. 1928 a) |
Kaukasusvölker. Georgische Gesänge. In: Gesänge russischer Kriegsgefangener. Band 3, Abt. 1. Wien u. Leipzig: Hölder-Pichler-Tempsky |
Dirr A. 1928 b) |
Dirr, Adolf. Einführung in das Studium der kaukasischen Sprachen. Mit einer Sprachenkarte. Asia Major. Leipzig (Nachdruck Leipzig : Zentralantiquariat 1978). |
2014 |
Das Georgische Emigrationsmuseum: Georgisches Komitee – 1914 http://german-georgian.archive.ge/de/blog/32 2018-04-10 |
2015 |
Halbmondlager und Weinberglager. Moschee im Kriegsgefangenenlager 1915 file:///C:/Users/Marika/Downloads/40257-Artikeltext-129056-1-10-20170721.pdf |
Hartmann, Th./Lange, B./Hennig, J. (Hrsg.) 2015 |
Du hast mein Wort. Juristische und kulturethische Kriterien für die Nutzung der Aufnahmen aus dem Lautarchiv der Humboldt-Universität zu Berlin – Dossier zum interdisziplinären Forschungsseminar. Humboldt-Universität zu Berlin - Sommersemester 2015. Lautarchiv der Humboldt-Universität zu Berlin. https://edoc.hu-berlin.de/bitstream/handle/18452/14299/20eHbxvECqlY.pdf?sequence=1&isAllowed=y https://www.lautarchiv.hu-berlin.de/einfuehrung/geschichte-und-perspektive/ |
Hennig J. 2016 |
Wechselnde Formate. Zur rezenten Geschichte der Sprachaufnahmen des Berliner Lautarchivs – ein Bericht. In: Berichte zur Wissenschaftsgeschichte: Organ der Gesellschaft für Wissenschaftsgeschichte e.V. Nr. 4, 2016 ISSN 0170-6233, ZDB-ID 134475-4, S. 350–366, doi:10.1002/bewi.201601802 |
Lautarchiv 2022 |
Lautarchiv – Geschichte und Perspektive: https://www.lautarchiv.hu-berlin.de/einfuehrung/geschichte-und-perspektive/ |
Meckelein R. 1922 |
Einführung in die deutsche Sprache für Georgier. Nebst Chrestomathie und Wörterbuch. Bearbeitet von Richard Meckelein, Dozent am Seminar für orientalische Sprachen an der Universität Berlin. Berlin: Kultur-Verlagsgesellschaft m.b.H. „Naher Osten“. |
Meisner J. 2018 |
Über das Leben im Internierungslager Ruhleben. https://www.maz-online.de/lokales/havelland/falkensee/ueber-das-leben-im-internierungslager-ruhleben-Z545DM3IABDHZOJZMESFBMHKIQ.html; https://dewiki.de/Lexikon/Internierungslager_Ruhleben. |
Mahrenholz J K. 2020 |
Das moderne Indien in deutschen Archiven 1706-1989. Südasiatische Sprach- und Musikaufnahmen im Lautarchiv der Humboldt-Universität zu Berlin. https://www.projekt-mida.de/reflexicon/suedasiatische-sprach-und-musikaufnahmen-im-lautarchiv-der-humboldt-universitaet-zu-berlin/ |
Zitadelle 2018 |
Ausstellung in der Alten Kaserne: „Nachbarn hinter Stacheldraht – Das Engländerlager Ruhleben und Kriegsgefangenschaft 1914 bis 1921“ http://www.zitadelle-berlin.de/wp-content/uploads/2018/04/Pressemitteilung-Abstrakt-dt.pdf; |
Zürrer W. 1978 |
Zur Geschichte der Georgischen Legion im Ersten Weltkrieg – ProQuest . file:///C:/Users/Marika/Downloads/10.1524_mgzs.1978.23.1.85.pdf; https://search.proquest.com |
Нагорная О. 2010 |
Другой военный опыт. Российские военнопленные Первой мировой войны в Германии (1914–1922). Москва: Новый хронограф. |