ბურგუნდიის ჰერცოგები – XV საუკუნის ჯვაროსნული ლაშქრობის პროტაგონისტები და ქართველ მეფე-მთავართა პოზიცია
DOI: 10.55804/jtsuSPEKALI-17-1
XV საუკუნეში ოსმალების ექსპანსიონისტური პოლიტიკის შედეგი იმდენად შთამბეჭდავი იყო, რომ ევროპელები, ტრადიციულად, ჯვაროსნულ გეგმებში ყველა პოტენციურ მოკავშირეს, მათ შორის, ქართველ მეფეებსაც განიხილავდნენ. ჩვენი მიზანია, სტატიაში, ერთი მხრივ, ევროპული წყაროებისა და ადგილობრივი მასალის შეჯერების საფუძველზე, გამოიკვეთოს, რა პოლიტიკური და სოციალ-ეკონომიკური ფაქტორებით ხასიათდებოდა ქართული სახელმწიფოების მესვეურთა პოზიცია-ჩართულობა ერთ-ერთ ყველაზე პრობლემურ საერთაშორისო საკითხში; მეორე მხრივ კი, XV საუკუნის წყაროთა (სავაჭრო აგენტების, მოგზაურების, რელიგიური მისიების წარმომადგენელთა და მზვერავთა ცნობები და სხვ.) კომპლექსურმა დამუშავებამ, რომელთა ნაწილი ჯერ კიდევ ნაკლებადაა სამეცნიერო ბრუნვაში შემოტანილი, აჩვენოს ამ პერიოდის შავიზღვისპირეთსა და საქართველოში არსებული ვითარება – როგორი იყო განვითარების პერსპექტივები და როგორი იყო აღქმები – პაპის კურიის გარდა, საერო ხელისუფალთაგან ვინ და რატომ შეიძლებოდა ყოფილიყო მოკავშირე და მხარდამჭერი დასავლეთში; გამოიკვეთოს, რატომ მიგვაჩნია ბურგუნდიის ჰერცოგთა კარი თანმიმდევრული ჯვაროსნული ლაშქრობის იდეისადმი და რაში გამოიხატა ეს. საკვლევი საკითხის რელევანტურობა განპირობებულია ისტორიული წინაპირობების ცოდნის აუცილებლობით, რაც დღევანდელობის დინამიკას დასავლური ინტეგრაციის მიმართულებით უფრო გასაგებს ხდის.
უკვე XIV საუკუნის მიწურულიდან შავიზღვისპირეთის, სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპისა და დუნაისპირა ხალხები, სულთმობრძავ ბიზანტიასთან ერთად, ოსმალური საფრთხის პირისპირ აღმოჩნდნენ. შორსმჭვრეტელნი შედარებით შორსაც – დასავლეთ ევროპაშიც – მიხვდნენ, რომ უმოქმედობის შემთხვევაში გამოწვევის წინაშე მთელი ევროპა დადგებოდა. სათანადო რეაგირების გარეშე ლევანტში, შავიზღვისპირეთში, ბალკანეთსა თუ ეგეოსის ზღვის არქიპელაგზე მოპოვებულ პოზიციებს, ისევე, როგორც დადგენილ სავაჭრო-საკომუნიკაციო ქსელს, უცილობელი ეტაპობრივი გარდაქმნა მოელოდა. მნიშვნელოვანი სავაჭრო გზების[1] ოსმალების ხელში გადასვლით მოისპობოდა საერთაშორისო სატრანზიტო ვაჭრობის საათივით აწყობილი მექანიზმი. თუმცა საფრთხის განცდა ყველას ერთნაირად არ აშფოთებდა[2].
ბალკანეთზე ოსმალთა წინსვლის გამო ძალიან შფოთავდა უნგრეთის მეფე სიგიზმუნდი, რომელმაც შეძლო სქიზმაში მყოფ ორივე პონტიფიკზე[3] ზემოქმედება, რათა ჯვაროსნული ლაშქრობა გამოეცხადებინათ, რომელსაც ამჟამად ვენეციაც ვერ აარიდებდა თავს [Кардини, 2007:155] დასავლეთში საერო პირთაგან ჯვაროსნულ წამოწყებას მხარდაჭერა აღუთქვა ბურგუნდიის ჰერცოგმა ფილიპე II მამაცმა, რომელმაც ფინანსები გამოყო და თავისი შვილი ჟან უშიშარი[4] ჩაუყენა სათავეში სამხედრო კამპანიას[5]. თუმცა, როგორც ცნობილია, იმედისმომცემი წამოწყება დღევანდელი ბულგარეთის ტერიტორიაზე სავალალოდ დასრულდა – ნიკოპოლთან მარცხი ჯვაროსნულ ისტორიაში შავი ასოებით ჩაიწერა და შავ ჭირთან ერთად მსუყე ნიადაგი შეუქმნა XIV საუკუნის მიწურულის ევროპაში გავრცელებულ აპოკალიფსურ წინასწარმეტყველებებს. საერთო მოცემულობას და განწყობას ვერ ცვლიდა ვერც ცალკეული რაინდული ექსპედიციები დასავლეთიდან [6]. ევროპაში განწყობები რადიკალურად თემურ ლენგის გამოჩენამ შეცვალა (თუმცა ახლო და შუა აღმოსავლეთისა და კავკასიის ხალხებისთვის, მათ შორის, ქართველებისთვის, მისი გამოჩენა არანაკლებ დრამატული იყო და შეუქცევადი პროცესები გამოიწვია ამ რეგიონში); ახალი გასაქანი მიეცა ნარატივებს იოანე პრესვიტერზე, მაგებზე, სასწაულებსა და ქრისტიანთა შემწედ აზიის სიღრმეებიდან მოსულ ძალაზე; ასევე – მონღოლთა მსგავს ერთიან იმპერიაზე – „pax mongolica“, რაც ევროპელებისთვის სწრაფ და უსაფრთხო სავაჭრო-სამიმოსვლო გზებს უზრუნველყოფდა [Кардини, 2007:157]. ასეთ ვითარებაში კვლავ აქტუალური ხდებოდა ერთ-ერთი აპრობირებული მარშრუტი, რომელიც საქართველოსთვისაც მნიშვნელოვანი იყო საერთაშორისო ასპარეზზე პოზიციონირებისთვის: შავი ზღვის გავლით – კავკასიაში და ირანზე გავლით – შორეული აზიისკენ. ბიზანტიასაც დამატებითი სვლა გაუჩნდა წასაგებად გამზადებულ პოლიტიკურ საჭადრაკო დაფაზე [7]. მართლაც, „გენუასა და ვენეციას ბრწყინვალე მონღოლი მხედართმთავრისთვის სათანადო გემები რომ შეეთავაზებინათ, რათა მომხდარიყო ბოსფორ-დარდანელის ბლოკირება, ისტორიის მსვლელობა შეიცვლებოდა“ [Кардини, 2007: 158]. ანგორის 1402 წლის ბრძოლის შედეგი ცნობილია. მიუხედავად მძიმე დარტყმისა, ტერიტორიულად დამცრობისა თუ სამხედრო და ეკონომიკური პოტენციალის შესუსტებისა, ოსმალური სახელმწიფო თემურ-ლენგის იმპერიის ნაწილად არ იქცა და თავად ის იმპერიაც, მისი შემქმნელის სიკვდილის შემდეგ, პირველობისთვის სხვადასხვა მმართველის (ყარა-იუსუფი, აჰმედ იბნ ოვეის ჯელაირი, თემურიდები – მირანშაჰი და აბუ-ბექრ-მირზა) დაუნდობელი ბრძოლის ასპარეზად იქცა, რამაც შუა აღმოსავლეთში თურქმანული ხალხების დომინანტური პოზიციების დაკავება გამოიწვია. მარბიელი თარეშები კავკასიის ქვეყნებს, მათ შორის, საქართველოსაც არ ასცდა და მათთან ბრძოლას ორი გვირგვინოსანიც შეეწირა [ჯავახიშვილი, 1982:228-234]. იმის ნაცვლად, რომ დასავლეთს ოსმალების დასუსტებით ესარგებლა, ერთიანი ფრონტით ემოქმედა და ხელსაყრელი მომენტი გამოეყენებინა, „XV საუკუნის ჯვაროსნული ომები აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში ვენეციისა და საფრანგეთის მიერ ზურგგამაგრებული გენუის დაპირისპირებაში გამოიხატა“ [Кардини, 2007:158]. თუმცა XV საუკუნეში არც ჯვაროსნული იდეები ჩამქრალა და არც იდეალისტების ნაკლებობა იყო შესამჩნევი.
1421 წელს ბურგუნდიის ჰერცოგმა ფილიპე III კეთილმა [8], რომელიც ასწლიანი ომის მესამე ეტაპის დაწყებიდან მალევე გახდა ინგლისის გვირგვინოსნის მოკავშირე და ტრუას ზავის[9] შემოქმედი, გადაწყვიტა, თავისი პაპისა და მამის ჯვაროსნული იდეალები აეღორძინებინა. ინგლისის მეფე ჰენრი V ლანკასტერმა, მას შემდეგ, რაც ინგლისისა და საფრანგეთის მმართველად გამოაცხადა თავი, მყისვე დაგეგმა ჯვაროსნული ლაშქრობა თურქების წინააღმდეგ, რომელშიც ცენტრალური და აღმოსავლეთ საქრისტიანოს მონარქებიც უნდა მიეწვიათ და რომელიც მისი მეთაურობით უნდა წარმართულიყო. პოტენციური ჯვაროსნული ლაშქრობა საქრისტიანოს ერთი საერთო, საერო ხელისუფლების ქვეშ დარაზმვის გამოხატულება იყო (რა ამბიციაც, ყველაზე ცხადად, მომავალ საუკუნეში კარლ V ჰაბსბურგმა გამოხატა). ამიტომ ჰენრი V აქტიურად დაეყრდნო კონტინენტზე მის ყველაზე ძვირფას მოკავშირეს, ბურგუნდიის ჰერცოგსა და მის კარზე მოღვაწე, იმ დროის ევროპაში გამორჩეული დიპლომატიური უნარებისა და შესაძლებლობის აგენტებს, კერძოდ, ფლანდრიელ ჟილბერ დე ლანუას, რომელიც დაუღალავი მოგზაური გახლდათ, ბურგუნდიის ჰერცოგის მრჩეველიც იყო და დიპლომატიურ ასპარეზზეც მოღვაწეობდა [10].
შთამბეჭდავია ლანუას მოგზაურობათა (როგორც მისიონერული, ასევე საერო ხასიათის) თუ დიპლომატიურ კომუნიკაციათა მასშტაბი [Wade Labarge, 2005:156-157]. ამის დასტურია ჟურნალი, რომელსაც ის აწარმოებდა არა მხოლოდ ფორმალური დიპლომატიური ურთიერთობების აღსანუსხავად, არამედ ნებისმიერი ტიპის მოგზაურობის შესახებ, განურჩევლად მიზნებისა, ამოცანებისა და გეოგრაფიული არეალისა. ის ფაქტი, რომ ლანუა, როგორც თვითმხილველი, ბრწყინვალე დამკვირვებელია, ცნობისმოყვარეობით გამსჭვალული, გამოირჩევა ზუსტი მიგნებებით და, ამასთანავე, ახერხებს იყოს ლაკონიური და ემოციურად ნეიტრალური, მის ჩანაწერებს (Voiages et Ambassades) ტურბულენტური ეპოქის რეალიების რეკონსტრუქციისთვის ძვირფას წყაროდ აქცევს.
და თუმცა ბურგუნდიის ჰერცოგის კარზე, რომელიც (თუ არ ჩავთვლით საუკუნოვანი გამოცდილების მქონე პაპის კურიას) XIV-XV სს-ის დასავლეთ ევროპის საერო ხელისუფალთაგან ჯვაროსნული იდეის ყველაზე თანმიმდევრული და ერთგული ქომაგი იყო, აღმოსავლეთისა და დასავლეთის ურთიერთობების მკვლევარი არაერთი დიპლომატი მსახურობდა, შემთხვევითი არ იყო, რომ 1420-იანი წლებისთვის აღმოსავლეთში გასაგზავნი კანდიდატურის ძებნისას ფილიპე კეთილისა და ჰენრი V ლანკასტერის არჩევანი ჟილბერ დე ლანუაზე[11] შეჩერდა.
სწორედ მას უნდა შეესწავლა იმჟამინდელი პოლიტიკური კლიმატი, სამხედრო მზაობა და განწყობები ქრისტიანებს შორის, რათა აღნიშნული ექსპედიცია შესაძლებელი გამხდარიყო. აღსანიშნავია, რომ „წმინდა მიწაზე“ მდგომარეობის დაზვერვის მისია მისი მხლებლების უმეტესობისთვისაც არ იყო ცნობილი; დე ლანუას მიერ განხორციელებული მთელი მარშრუტის დროს გამართულ ფორმალურ შეხვედრებში ბევრი რამ გასაიდუმლოებული იყო; შესაბამისად, მათ ცალკე რეპორტები მიეძღვნა [Wade Labarge, 2005:156-157]. დე ლანუას ჭეშმარიტი მიზნები საჭიროებდა ფორმალურ ვიზიტებსა და დიპლომატიურ კავშირებს იმ მმართველებთან, რომლებიც აკონტროლებდნენ სირიასა და პალესტინაში სამომავლო სამხედრო კამპანიის პოტენციური მარშრუტის გარკვეულ ნაწილებს. მათი მხარდაჭერა აუცილებელი გახდებოდა ჯარის წინსვლის შემთხვევაში.
ერთი მხრივ, დიპლომატის პიროვნების [Wade Labarge, 1976], მეორე მხრივ კი, იმის გასაგებად, თუ რა მასშტაბის საერთო პლატფორმა უნდა ყოფილიყო პოტენციური ჯვაროსნული ლაშქრობა, რა გეოგრაფიული და ეკონომიკურ-პოლიტიკური მოცემულობის ცოდნა უნდა გაეთვალისწინებინათ განმახორციელებელ პირებს, უაღრესად საინტერესოა თავად მარშრუტი და ის სუბიექტები, ვისაც ამ მოგზაურობისას შეხვდა დე ლანუა. კერძოდ, ეკლიუზიდან ჰანზის ქალაქებისა და ბალტიის არეალის გავლით, დღევანდელ ჩრდილო პოლონეთის ტერიტორიაზე – ტევტონთა ორდენის მაგისტრს; სამხრეთით – პოლონეთის მეფე ვლადისლავ V-ს, რომელიც თურქების მოკავშირე იყო უნგრელთა წინააღმდეგ; უკრაინის ტერიტორიაზე, რომელიც ამ დროს ლიტვის მმართველობის ქვეშ იყო, შეხვდა ლიტვის დიდ მთავარს, ვიტოლდს, რომლის საგანმგებლო ტერიტორია ამ პერიოდისთვის ერთგვარ სასაზღვრო ბუფერს წარმოადგენდა აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის; ვალახიელ, რუს და თათარ მეგზურებთან ერთად, რომელიც ლიტველმა ვოევოდამ გაატანა, დუნაის დაუყვა, და ვალახიისა და მოლდოვის ვოევოდას, ალექსანდრუ I-თან შეხვედრით დააზუსტა, რამდენად რთული იყო დაპირისპირება ოსმალთა სასულთნოში სულთნის სიკვდილის შემდეგ (რომლის მონახულებასაც აპირებდა) როგორც საბერძნეთის, ისე –აზიის მიწებზე [Halecki, 1944: 314-331]. აქ დიპლომატს პირვანდელი გეგმების შეცვლა მოუწია[12] – მან აღარ გადაკვეთა დუნაი და ხმელეთით აღარ გაეშურა კონსტანტინოპოლისკენ; ამის ნაცვლად, შავ ზღვაზე გენუელთა პორტ კაფასკენ გაეშურა, თუმცა ყირიმელი თათრების მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე ბევრი ხიფათი შეხვდა და ქალაქამდე დიდი დაბრკოლებებით მიაღწია [ Wade Labarge, 2005:159-160].
როგორც ჩანს, ჰენრი V-ისა და ბურგუნდიის ჰერცოგ ფილიპესგან ლანუას დავალებული ჰქონდა, მოენიშნა ყველა ის სავარაუდო მარშრუტი, რომლითაც სამხედრო კონტინგენტის გადაადგილება იქნებოდა ეფექტური. ვფიქრობთ, ამიტომ ცდილობდა ის, ერთგვარი დაჟინებით, ეპოვა მეგზური, რომელიც შეძლებდა შავი ზღვის შემოვლით იერუსალიმისკენ მის გაძღოლას. ამ მიმართულების არჩევის შემთხვევაში, ფოკუსის ქვეშ ქართული მიწებიც უნდა მოხვედრილიყო, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილებით[13] ლანუამ გემით ამჯობინა კონსტანტინოპოლში ჩასვლა. ბიზანტიის დედაქალაქი ლანუას ოფიციალური დიპლომატიური მოგზაურობის პუნქტია, სადაც ის გვირგვინოსან ჰენრი V-ის წერილებითა და საჩუქრებით წარდგა. კონსტანტინოპოლში არსებული იმ დეპრესიული ვითარების ფონზე, რაც გამოწვეული იყო თურქების თანმიმდევრული წარმატებებით, დიპლომატმა ხაზი გაუსვა ტრუას ზავით ინგლისსა და საფრანგეთს შორის მიღწეულ რთულ თანხმობას და ორი მმართველის სურვილს, ბიზანტიის საიმპერიო კარისთვის მისაღები ყოფილიყო სქიზმის დაძლევა ლათინურ და ბერძნულ ეკლესიებს შორის; მით უფრო, რომ იმ დროს აქ პაპის ლეგატებიც იმყოფებოდნენ, იმპერატორ მანუელსა და მის მემკვიდრესთან, მომავალ იოანე VIII-სთან რელიგიური საკითხების განსახილველად [14].
კონსტანტინოპოლიდან გამომგზავრების შემდეგ ლანუამ მხლებლებისა და ბარგის ნაწილი კუნძულ როდოსზე დატოვა და ერთი ჰერალდის თანხლებით გაემგზავრა წმინდა მიწაზე, როგორც პილიგრიმი და, ამავდროულად, რელიეფისა და მოცემულობის მზვერავი. მოკვლეული ინფორმაციით დაბრუნებულ დე ლანუას ინგლისის მეფე გარდაცვლილი დახვდა და დაგეგმილი ჯვაროსნული ლაშქრობა ვერ შედგა [Кардини, 2007:159] [15]. წარსულს ჩაბარდა ინგლისისა და ბურგუნდიის მჭიდრო პოლიტიკური კავშირიც. თუმცა დასავლეთ ევროპის საერო ხელისუფალთაგან ჯვაროსნული იდეის ყველაზე დიდ მხარდამჭერში ამ წამოწყების რეალიზების სურვილი არ გამქრალა: მთელი დეკადის შემდეგ, ბურგუნდიის ჰერცოგი, უკვე ინგლისის გვირგვინოსნის გარეშეც, აგრძელებს აგენტებისა და მზვერავების გაგზავნას აღმოსავლეთში იმავე მიზნით; ამას გარდა, ეხმარება ბალკანელ პატრიოტებს.
როგორც უკვე აღინიშნა, XV საუკუნის 20-50-იან წლებში დასავლეთ ევროპაში აღმოსავლეთით პოტენციური სამხედრო მოკავშირეების მოძიებით, ჯარების გადაადგილების ალტერნატივებითა და, ზოგადად, ჯვაროსნული იდეის კულტივირებით (პაპებს თუ არ ჩავთვლით) ყველაზე აქტიურად ფილიპე კეთილის კარი იყო დაინტერესებული, რომელიც ბურგუნდიის ჰერცოგთა უკვე მესამე თაობის წარმომადგენელი გახლდათ. მას ამ იდეის რეალიზებისთვის თანმიმდევრული მცდელობები არ დაუკლია. ვენეციისა და გენუის ოსმალებთან ურთიერთობა, მართალია, რთული და კომპლექსური იყო, თუმცა ისინი არც ჯვაროსნული ლაშქრობის იდეის ერთგულებით გამოირჩეოდნენ – ქრისტიანული დასავლეთის საერთო წამოწყებების პარალელურად, არცთუ იშვიათად ჰქონდა ადგილი ოსმალებთან მათ გარიგებებსა და ჯვაროსანთა საერთო საქმის ღალატს.
ჟილბერ დე ლანუას მოგზაურობიდან ათიოდე წლის შემდეგ ბურგუნდიის საჰერცოგოდან კვლავ გაეშურა მზვერავი აღმოსავლეთში. ეს გახლდათ რაინდი ბერტრადონ დე ლა ბროკიერი [16]. თავის ანგარიშში ის წერს, რომ მისი მოგზაურობები მიზნად ისახავდა ნებისმიერის ინფორმირებას, ვინც იერუსალიმის აღებასა და ზღვის გადაღმა ჯარების გაძღოლას მოინდომებდა. მისი ანგარიში საშუალებას მისცემდა ამ წამოწყების ლიდერს, სცოდნოდა ყველა ქალაქისა და არსებითი გეოგრაფიული ობიექტების მნიშვნელობა, სადაც კი მოუწევდა გზად გავლა. როგორც ჩანს, ბურგუნდიის ჰერცოგი (იქნებოდა ინგლისის მეფის მოკავშირე თუ არა), კვლავაც ცდილობდა, შეექმნა დაზვერვითი ინფორმაციის შემცველი ანგარიშების ნაკრები, რომლებიც სამომავლო ჯვაროსნული ლაშქრობისთვის გამოდგებოდა. შესაბამისად, მან ბროკიერს დაავალა მოეკვლია თურქული მიწები, რომლის მონახულებაც ათიოდე წლის წინ ლანუამ ვერ შეძლო იქ გაჩაღებული სამოქალაქო ომის გამო. არსებითად, ბროკიერის მთავარი ამოცანაც ალტერნატიული მარშრუტების შესახებ ინფორმაციის მოგროვება იყო.
აღმოსავლეთისკენ მიმავალ მოგზაურს ევროპაში შემდეგი მარშრუტის გავლა მოუხდა: იტალიაში, რომში ჩასვლის შემდეგ, ვენეციისკენ გაეშურა, საიდანაც იაფაში გაცურა. მართალია, „წმინდა მიწაზე“ გადაადგილებისა და, განსაკუთრებით, იერუსალიმის მონახულებისას თავი რიგით პილიგრიმად მოჰქონდა, თუმცა ბროკიერის ჩანაწერებში, მისი წინამორბედი ფლანდრიელისაგან განსხვავებით, ნაკლებად ვხვდებით სალოცავებისა და პორტების დეტალურ აღწერილობებს. სამაგიეროდ, ის გულმოდგინედ აკვირდება და აღწერს გზებს, ადგილებს, სამოსს, სხვა გარეგნულ, ქცევით თუ ეთნიკურ მახასიათებლებს [Wade Labarge, 2005: 222-229]. ალტერნატივების ძიებამ მოგზაური მიიყვანა იმ გადაწყვეტილებამდე, რომ უკან გზაზე ბეირუთიდან შიდა გზების გამოყენებით ემგზავრა დამასკოდან ქარავნით (რომლის შემადგენლობაში ბევრი მუსლიმი იყო აღმოსავლეთის ქვეყნებიდან – მავრები, თურქები, თათრები, სპარსელები და სხვ.), ალეპომდე მისულიყო, იქიდან ტავროსის მთებისა და ანატოლიის მკაცრი ზეგნის გადალახვის შემდეგ ჩასულიყო კონსტანტინოპოლში. ეს მარშრუტი გვარწმუნებს, რომ მან ევროპელებისთვის ნაკლებად ცნობილი სივრცეები და გზები აითვისა, რომლის გავლის საშუალებაც არ ჰქონდა მის წინამორბედს [Wade Labarge, 2005: 222-229].
რადგან ბერტრადონ დე ლა ბროკიერი ერთ-ერთი გულმხურვალე დასავლეთევროპელი მმართველის კურიერი იყო, მას დაუბრკოლებლად მიეცა კონსტანტინოპოლის კარგად დათვალიერების საშუალება და ბიზანტიურ მაღალ საზოგადოებაშიც მარტივად ინტეგრირდა. ამიტომ მისეული თხრობა და ნანახის აღწერა ცოცხალი, ავთენტური და საინტერესოა – მას მოეწონა კონსტანტინოპოლის კედლების მდგომარეობა, თუმცა თვალში მოხვედრია ერთგვარი გავერანების კვალი; ესწრებოდა ცერემონიებს ეკლესიაში, აღფრთოვანებულა ტრაპიზონელი პრინცესათი, რომელიც იოანე VIII-ის ცოლი იყო; იმასაც კი აღნიშნავს, რომ იმპერატორთან ჟანა დ’არკზე უსაუბრია. თურქებზე დაკვირვებით შენიშნავს, რომ მათი გაძევება მიუღწეველი ოცნება არაა: „მე ვფიქრობ, – წერდა მოგზაური, – რომ თუკი კეთილშობილი ხალხი და კარგი მმართველები ჩემ მიერ დასახელებული ხალხებიდან, ანუ ფრანგებიდან, ინგლისელებიდან და გერმანელებიდან, გაერთიანდებიან, და თუ ისინი საკმაო რაოდენობით იქნებიან, შესაძლებელია ხმელეთით იერუსალიმამდეც მივიდნენ“ [Bertrandon de la Broquière, 1892 :150-165; Васильев, 2013: 318 ]. ბერტრადონ დე ლა ბროკიერი კონსტანტინოპოლიდან უკან, საფრანგეთში დაბრუნდა ბალკანეთის, უნგრეთის, ავსტრიისაა და გერმანიის გავლით, და უნდა ითქვას, რომ უკანა გზაზეც საინტერესო ინფორმაციის შემცველი ჩანაწერები აწარმოვა ალტერნატიულ გზებზე, ასევე, აღმოსავლეთ ევროპის ხალხთა საბრძოლო უნარ-ჩვევებზე, სამხედრო პოტენციალსა თუ ბრძოლის სტილსა და მეთოდებზე, ვინაიდან წინამორბედისგან განსხვავებულად იმოძრავა ევროპის კონტინენტზე.
ორი დაკვირვებული და უნარიანი მზვერავის ანგარიშების შედეგად, ფილიპე კეთილს მიეცა საშუალება, ხელთ ჰქონოდა ახალი და გამდიდრებული ინფორმაცია ოსმალების კონტროლქვეშ და მის მიღმა მყოფი მუსლიმური მიწების, იქ მცხოვრებთა ყოფითი თავისებურებებისა და საბრძოლო პოტენციალის შესახებ, რაც მათ წინააღმდეგ ჯვაროსნული ლაშქრობის შემთხვევაში შეიძლება სასარგებლო გამომდგარიყო. ორივე აგენტის შეხედულება თურქების სამხედრო პოტენციალზე და ვარაუდი, რომ მათთან ბრძოლა მარტივი არ იქნებოდა, ერთმანეთს დაემთხვა. თუმცა ფილიპე კეთილს არასდროს მიუტოვებია ჯვაროსნული ლაშქრობის იდეა, რომელსაც ის ერთგვარ ბერკეტადაც მიიჩნევდა საღვთო რომის იმპერატორთან ბურგუნდიისკენ ექსპანსიის მცდელობის გამო არსებული დაძაბულობის გადაწყვეტისთვის. „პაპის მხრიდან ჯვაროსნული ლაშქრობის ერთადერთ ლიდერად ბურგუნდიის ჰერცოგის აღიარება მას მისცემდა საშუალებას, საკუთარი თავი წამოეწია მეფე-მეომრის (Belator Rex) როლზე, რომელსაც აგერ უკვე ნახევარი საუკუნე უიმედოდ ეძებდნენ მუსლიმებთან ომის იდეოლოგები“ [Кардини, 2007:161].
ვერც ფერარა-ფლორენციის მიერ შემოთავაზებულმა უნიამ [Ozment, 1980:174-175], ვერც ყარამანიის მცირეაზიელი მმართველის, ოსმალთა ნათესავ იბრაგიმ-ბეგის მოკავშირეობამ [Menage, 1976:570-584] ვერ უშველა ჯვაროსნებს, რომლებიც კვლავაც შეუთანხმებლობისა და, ამჯერად, გენუელთა მიერ ოსმალებისთვის გაწეული დახმარების გამო ვარნის კატასტროფას (1444 წ.) ვერ გადაურჩნენ, რამაც ოსმალებს ბალკანეთის მიმართულებითაც და ანატოლიაშიც კიდევ უფრო მეტად წინ წაწევის საშუალება მისცა. ძნელი სათქმელია, რატომ არ ჩანს პირადად აქტიურად ჩაბმული ვარნის კამპანიაში ბურგუნდიის ჰერცოგი [17]. თუმცა, სრულიად აშკარაა, რომ მას ოსმალების წინააღმდეგ დაპირისპირებაში თანმიმდევრული პოზიცია ეჭირა. მიუხედავად იმისა, რომ 1448 წლის კოსოვოს მეორე ბრძოლამ არსებითად გააცამტვერა ბალკანეთზე ოსმალთა შეკავების იმედები [18], როცა ერთმანეთთან ბრძოლაში გაბმული ფრაგმენტული ბერძნული სახელმწიფოების ნაგლეჯები სათვალავშიც კი არ იყო ჩასაგდები, კრუას ციხეში გამაგრებული გიორგი კასტრიოტის (სკანდერბეგის) თავგანწირული მოქმედებებით უკუქცეული მურად II და შემდეგ უკვე მისი მემკვიდრეც არაერთგზის აღმოჩნდნენ დამამცირებელ მდგომარეობაში. აღსანიშნავია, რომ გიორგი კასტრიოტის ამ თავგანწირულმა ბრძოლამ ენთუზიაზმი შემატა დასავლეთ ევროპაში ჯვაროსნული იდეის მომხრეებს. პაპთან, ნეაპოლიტანიის მეფესა და უნგრეთის მესვეურთან ერთად, მისი ერთ-ერთი გამოკვეთილი მხარდამჭერი ფინანსებითა და პროვიანტით ბურგუნდიის ჰერცოგიც იყო [Кардини, 2007:169]. თუმცა ქრისტიან მეფე-მთავართა არაერთსულოვნება როგორც დასავლეთში, ისე – ბალკანეთსა და აღმოსავლეთშიც ოსმალების ახალ-ახალ მიღწევებს განაპირობებდა, რაც დამთავრდა კიდეც მურად II-ის შვილის, ახალგაზრდა მეჰმედ II-ის მიერ კონსტანტინოპოლის აღებით.
ჩვენი მოსაზრებით, ფილიპე კეთილის კურიერებისა და მზვერავების ჩანაწერების შესწავლა, ერთი მხრივ, ცხადყოფს ჯვაროსნული იდეის მიმართ ბურგუნდიის კარის თანამიმდევრულ განწყობასა და ამ თვალსაზრისით მათ მიერ გადადგმულ ნაბიჯებს, მეორე მხრივ, ქართული სამეფოების საგარეო ვექტორის შესწავლისთვის მნიშ-ვნელოვანი ინფორმაციის შემცველია.
კონსტანტინოპოლის აღებიდან მალევე, 1454 წელს, ივლისის დასაწყისში, ოსმალებმა შავი ზღვის სანაპიროზე რეიდი განახორციელეს [მამისთვალიშვილი, 2009:456-458] და სებასტოპოლისი (ცხუმი) დაწვეს. ტრაპიზონის იმპერიის ხელში ჩაგდების შემდეგ კი, ბუნებრივია, ოსმალთა მიერ შავი ზღვის აკვატორიის სრულად გაკონტროლების მცდელობები მეტად ინტენსიური გახდა, მათ შორის, გახშირდა საქართველოს სანაპირო ზოლზე თავდასხმები. ბუნებრივია, საქართველოსთვის სანაოსნო გზის გადაკეტვა იზოლაციაში მოქცევას გულისხმობდა [19]; მით უფრო, რომ დასავლური სამყაროსთვის ჯერ კიდევ გადარჩენილი აღმოსავლეთის ქრისტიანული სახელმწიფო (თუმც კი დაშლის პირას მისული) საინტერესო შესაძლო მოკავშირედ რჩებოდა ანტიოსმალურ კოალიციებსა და პოტენციურ ჯვაროსნულ ლაშქრობებში. მაგალითისთვის მინორიტების ორდენის წევრისა და პაპის ნუნციოს, ლუდოვიკო ბოლონიელის ვიზიტის გახსენებაც კმარა, რის შემდეგაც, ერთი მხრივ, რომის კურიასა და, მეორე მხრივ, საქართველოს მეფესა და ყვარყვარე ათაბაგს შორის ეპისტოლარულ გაცვლა-გამოცვლას ჰქონდა ადგილი [20]. ბუნებრივია, უკანასკნელი დღეები ედგა ტრაპიზონის იმპერიას, და მისი მმართველიც, უზუნ-ჰასანთან დანათესავებითა [Шукуров, 2001]. და, აგრეთვე, ლუდოვიკო ბოლონიელის საშუალებით რომთან დამყარებული კავშირებით გადარჩენის იმედს ებღაუჭებოდა. დასავლეთში იმ წრეებს, ვისაც ოსმალეთის სწრაფი ზრდა საფრთხის შემცველად მიაჩნდათ, კარგად ესმოდათ, რომ კონსტანტინოპოლის დასაბრუნებლად თურქების მთელი ძლიერების დამხობა იყო საჭირო, რაც მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნებოდა შესაძლებელი, თუ ოსმალებს მცირე აზიაშიც ნიადაგი ფეხქვეშ გამოეცლებოდათ. ამ მიზნის მისაღწევად აუცილებლად საჭირო იყო ევროპის ჯვაროსნების ამხედრებას ოსმალთა წინააღმდეგ მცირე აზიასა და კავკასიაში - მყოფი ქრისტიანებიც მიმხრობოდნენ. „მით უფრო, რომ ქართველთა ტრადიციული სურათი არც XV საუკუნის ევროპაში იცვლება“ [თვარაძე, 2004:170]. როგორც ჰანს შილტბერგერი წერს, „შემდეგ მოდის საქართველოს სამეფო, რომლის ხალხი ქრისტიანია და საკუთარი ენა აქვს, ისინი მეომარი ხალხია“ [Schiltbergers Reisebuch, 1885: 38-57-66; იხ.: თვარაძე, 2004: 170].
ლოგიკურია, რომ ამ ტიპის წამოწყების ორგანიზება, მიუხედავად იმისა, რომ დამრტყმელი ძალები საერო ხელისუფალთ გამოჰყავდათ, კვლავაც რომის კურიას ეთავა. ცნობილია, რომ სამცხის მთავარი ყვარყვარე ათაბაგი და საქართველოს მეფე გიორგი VIII რომის პაპისაგან საპასუხო წერილების მიღებას არ დასჯერდნენ და წარმომადგენლობითი დელეგაცია ევროპაშიც გაგზავნეს. იგივე გააკეთა ტრაპიზონის უკანასკნელმა იმპერატორმა დავითმა, მისი ელჩებიც ქართველ ელჩებთან ერთად გაემგზავრნენ [პაიჭაძე, 1989:59-75] [21]. 1458 წელს რომიდან საქართველოში მეორედ მოვლინებული ლუდოვიკო ბოლონიელი ამ წარმომადგენლობითი ელჩობით 1460 წლისთვის ჩასულა ევროპაში. მართალია, მათ ვერ ჩაუსწრეს 1459 წელს გამართულ მანტუას კრებას [22], თუმცა ქართველი ელჩების ევროპული ვოიაჟი მაინც ფრიად საინტერესო აღმოჩნდა [ქველიაშვილი, 2005: 76-125].
ჩვენს გამორჩეულ ინტერესს იწვევს ქართველ ხელისუფალთა კორესპონდენციის ის ნაწილი, რომელთა ადრესატი საერო მმართველი, ბურგუნდიის ჰერცოგია. ვრცლად ამ წერილების მოტანის საშუალებას სტატიის ფორმატი არ იძლევა, თუმცა ის სრული სახით ქართველი სამეცნიერო წრეებისთვის კარგადაა ცნობილი [თამარაშვილი, 1902: 56-60; ქართული... 2004: 240-243]. მხოლოდ მცირე ამონარიდებს მოვიყვანთ, რომლებშიც აშკარად იკვეთება განსაკუთრებული დამოკიდებულება სწორედ ბურგუნდიის ჰერცოგისადმი. გიორგი მეფე თავის წერილში უხსნის მას სიტუაციას, არწმუნებს ქართველთა საბრძოლო მზადყოფნასა და ომში ჩართულობის განზრახვის სერიოზულობაში: „ჩვენ, ყველა ქრისტიანმა მთავრებმა, რომელნიც ამ ქვეყანაში ვცხოვრობთ, ურთიერთშორის ზავი, კავშირი და ერთობა დავდეთ და ერთმანეთს შევფიცეთ მთელი ჩვენი ცოდნითა და ძალღონით თურქებს ვეომოთ...“ .
კიდევ უფრო მრავლისმეტყველია ყვარყვარე ათაბაგის ჰერცოგისადმი მიმართული წერილი: „...ამიტომ ბატონ პატრიარქთან ერთად ვგზავნით ჩვენს ელჩებს ყველა ლათინ მთავრებთან და უფროს ერთად თქვენთან, რადგან შევიტყვეთ, რომ დიდი ხანია, ძლიერ ნატრობთ წმინდა ადგილების დაპყრობას. აწ ჩვენის ელჩებისგან სცნობთ, თუ ჩვენ ყველანი რაოდენათ მოწადინებული ვართ ამ სარწმუნოების საქმეში და თუ მისთვის რა გავაკეთეთ ამ დროებში. კვალად დიდად ვნატრობთ და გევედრებით, ჩვენს ელჩებს ყველაფერი კარგად შეატყობინოთ თუ მზად ხართ ჯვაროსანთა ომის დასაწყებად, რათა მათაც გვაცნობონ, თუ რა დროს უნდა შევიჭურვნეთ საომრად...“ [თამარაშვილი, 1902: 58].
ამ უკანასკნელი წერილის ეს პასაჟი, და მთლიანად წერილის პათოსი ორი მიმართულებით ვარაუდის დაშვების საშუალებას გვაძლევს: პირველი – რომ იმთავითვე, ვინაიდან პერმანენტული საფრთხის წინაშე იდგნენ, საქართველოს მეფე-მთავართა წრეები ინტერესით ადევნებდნენ თვალს ევროპელთა ანტიოსმალურ აქტივობებს და ინფორმაციაც არ აკლდათ იმასთან დაკავშირებით, რომ მოცემულ მომენტში ანტიოსმალური კავშირის ღერძს ვატიკანი და ბურგუნდია წარმოადგენდა [23]; მეორე – რომელიც უფრო სარწმუნოდ გვეჩვენება – რომის კურია, რომელიც ამ დროს აღმოსავლეთის ქრისტიანულ სახელმწიფოებს, იქ არსებულ სიტუაციასა და ხალხებს ბევრად უკეთ იცნობს, ვიდრე რომელიმე ევროპელი საერო მმართველი, ადგილზე ჩასულ ქართველ ელჩებს არწმუნებს, რომ ჯვაროსნული იდეით ყველაზე მეტად შთაგონებულ საერო მმართველს დაუკავშირდნენ. როგორც მინიმუმ, მათთვის ხომ ნამდვილად ცნობილი იყო ის აქტივობები, რომელთა ნაწილიც 20-30-იან წლებში, ჯერ კიდევ კონსტანტინოპოლის დაცემამდე განახორციელა ბურგუნდიის ჰერცოგმა [24]. თავად ეს ფაქტი მიუთითებს წარგზავნილი ელჩების მაღალ უფლებამოსილებას – საჭიროების შემთხვევაში დამოუკიდებლად და სიტუაციიდან გამომდინარე მიეღოთ გადაწყვეტილებები, ოღონდ საერთო ინტერესის გათვალისწინებით და სასარგებლოდ.
პაპ ნიკოლოზ V-ის 1453 წლის 30 სექტემბერს გამოცემული ბულა ჯვაროსნულ ლაშქრობაზე, როგორც შემდგომი ისტორიიდანაა ცნობილი, დაგვიანებულიც გამოდგა და ეფექტიც არ მოუტანია, თუმცა ბურგუნდიის ჰერცოგი იმ მცირეთა რიცხვში იყო, რომელმაც საჯაროდ ფიცი დადო ლილში, რომ ჯვაროსნულ მოძრაობაში ჩაებმებოდა. თუმცა, მტრულად განწყობილი სახელმწიფოების მმართველთა ურთიერთდაპირისპირების დაძლევა შეუძლებელი გამოდგა – მათ არ სურდათ ისეთ ომში ჩაბმა, რომელიც გამარჯვების პატივს ერთ სახელმწიფოსა და მის მმართველს მოუტანდა, სხვების ხარჯზე. შესაბამისად, კონსტანტინოპოლის დაცემით გამოწვეულმა ელდამ დასავლეთევროპელთა ნაწილში ნელ-ნელა – დაცხრომა, ხოლო ჯვაროსნულმა ენთუზიაზმმა კლება დაიწყო [25]. თავად ბურგუნდიის ჰერცოგსაც, რომლის მუდმივი მზადყოფნა და გულწრფელი სურვილი ჯვაროსნულ ლაშქრობაში ჩაბმისა ეჭვს არ იწვევს, ამ საქმეზე ბოლომდე ვერ გადაჰქონდა ყურადღება, რადგან შიშობდა, რომ თუ საფრანგეთის მონარქიას ინგლისური საფრთხე აცილებული ექნებოდა, ბურგუნდიის საჰერცოგოს მიაყენებდა დარტყმას[Кардини, 2007:179], რაც ისტორიული კანონზომიერება იყო და ასეც მოხდა. თუმცა, დასავლეთევროპელ საერო ხელისუფალთაგან მაინც ყველაზე თანმიმდევრული ჯვაროსნული ლაშქრობის იდეისადმი ბურგუნდიის კარი უნდა მივიჩნიოთ. შესაბამისად, სრულიად არაა მოულოდნელი, რომ 1459 წელს მანტუას კრებაზე ლუდოვიკო ბოლონიელთან ერთად მიმავალი ქართველ მეფე-მთავართა ელჩების ინტერესის მთავარი სუბიექტი, პაპთან ერთად, სწორედ ბურგუნდიის ჰერცოგი ყოფილიყო.
[1]როგორც ლევანტის, ისე შავი ზღვის, დუნაისა და აღმოსავლეთევროპული ქვეყნების გავლით არსებული (ავტ.)
[2]ბიზანტიის იმპერატორმა მანუელ II-მ ვენეციელებს დახმარების სანაცლოდ კუნძული ლესბოსიც კი შესთავაზა, მათთვის აუცილებელი მოგზაურობა რომ დაეფინანსებინა, თუმცა ვენეციელებს ამ ეტაპზე სულთანთან დაპირისპირება არ უნდოდათ და იმპერატორს სიმშვიდის შენარჩუნება ურჩიეს.
[3]იგულისხმება ავინიონელი პაპი ბენედიქტ III და რომაელი პაპი ბონიფაციუს IX.
[4]ბურგუნდიის საჰერცოგო კარის ინტერესებსა და ხედვებში ეწერება, ჩვენი აზრით, ის ფაქტი, რომ აღმოსავლეთის შესახებ ინფორმაციის შემცველი კრებული, ცნობილი „საოცრებათა წიგნის“ სახელით, 1407 წელს სწორედ ჟან უშიშრის შეკვეთით დამზადდა [თვარაძე, 2004:153].
[5]საერთო საქმეში ჩართულობის მზადყოფნისთვის ომში მყოფმა ინგლისმა და საფრანგეთმა დაზავება მოახერხეს. 1396 წელს მოწყობილ ლაშქრობაში საფრანგეთიდან, ინგლისიდან, გერმანული მიწებიდან და იტალიიდან წამოსული ენთუზიასტი ჯვაროსანი რაინდები იღებდნენ მონაწილეობას, რომელთაც უნგრეთის მიწაზე მეფე სიგიზმუნდი და ვალახიის მთავარიც შეუერთდნენ. ფლოტი ვენეციელებით, გენუელებითა და როდოსელი ჰოსპიტალიერებით შავი ზღვით მიუახლოვდა დუნაის დელტას.
[6]მიუხედავად იმისა, რომ საფრანგეთის მეფის მიერ ლევანტში წარგზავნილმა ჟან II ლე მენგრიმ (მარშალი ბუკიკო) გაარღვია ოტომანთა წინააღმდეგობები დარდანელის სრუტეში და კონსტანტინოპოლში შეაღწია, საიდანაც იმპერატორ მანუელთან ერთად არაერთი გამაჩანაგებელი რეიდი მოაწყო მარმარილოს ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროსა და შავი ზღვის სანაპიროებზე [Васильев, 2013 :305].
[7]დასავლეთ ევროპაში გამგზავრებული იმპერატორ მანუელის ნაცვლად რეგენტად დატოვებულმა მისმა ვაჟმა (მომავალმა იოანე VIII-მ) გადაწყვიტა, გალატაში მცხოვრებ გენუელთა დახმარებითა და ტრაპიზონის კარის შუამავლობით, მყარი მოკავშირე გაეჩინა და ის ხარკი, რასაც ოსმალებს უხდიდნენ, თემურ ლენგისთვის შეეთავაზებინა. საფრანგეთმაც, დომინიკანელი მისიონერების დახმარებით, მოინდომა ხმა მიეწვდინა თემურ ლენგისთვის, ოსმალთა წინააღმდეგ საერთო სამხედრო კამპანიასთან დაკავშირებით. თუმცა ამ ეტაპზე საფრანგეთის მფარველობის ქვეშ მყოფ გენუას შანსი უჩნდებოდა ლევანტში უპირატესობის ხელში ჩაგდება მოეხერხებინებინა [Кардини, 2007:158].
[8]ფილიპე მამაცის შვილიშვილი და ნიკოპოლთან ჯვაროსანთა ერთ-ერთი ლიდერის, ჟან უშიშრის შვილი.
[9]1420 წლის შეთანხმება დაიდო ფრანგულ ქალაქ ტრუაში, ინგლისისა და საფრანგეთის გვირგვინოსნებს შორის, ასწლიან ომში ჰენრი ლანკასტერის წარმატებული სამხედრო კამპანიის შემდეგ. ტრუას შეთანხმებით, საფრანგეთის მოქმედი მეფის, შარლ VI-ის გარდაცვალების შემდგომ საფრანგეთის გვირგვინიც ჰენრი V-ის (რომელიც შარლ VI ვალუას ასულზე იყო დაქორწინებული) შთამომავლებს უნდა რგებოდათ.
[10]ბურგუნდიის ჰერცოგთან სამსახურში ის სწრაფად დაწინაურდა აზენკურის ბრძოლისა და ტრუას ზავში მონაწილეობის გზით. მისდამი კეთილგანწყობა და პატივისცემა ფილიპე კეთილმა ბევრი სიკეთის ბოძებით და, რაც მთავარია, პრესტიჟული „ოქროს საწმისის ორდენის“ წევრად კურთხევით გამოხატა.
[11]Gilbert de Lannoy - იგივე გილბერ დე ლანუა (Guillebert, Guilbert ანდა Ghillebert de Lannoy (1386-1462);
[12]ჯერ არ იყო დამთავრებული სამოქალაქო ომი, რომელიც სულთნების – მეჰმედ I-ისა და მურად II-ის – მმართველობის დასაწყისში ოსმალური სახელმწიფოს ევროპულ და ანატოლიურ ნაწილებსა და ოსმალეთის პრინცებს შორის მიმდინარეობდა. ამ საომარი დაპირისპირებისას აშკარად გამოჩნდა იანიჩრების, ანატოლიელი ბეგებისა და ყარამანიის სულთნის ჩართულობა (Zachariadou,1983:680-690; Бальфур, 2018:74-77). Elizabeth A. (1983) Ottoman Diplomacy and Danube Frontier (1420-1424), Harvard Ukrainian Studies, vol. 7, pp. 680-690, Harvard: Harvard Ukrainian Research Institute, https://www.jstor.org ; ასევე იხ.: Дж. П. Османская Империя – Шесть Столетий От Возвышения До Упадка XIV-XX вв. Москва, ЦЕНТРПОЛИГРАФ, 2018, стр. 74-77.
[13]იმის გამო, რომ კაფამდე მიღწევა ლანუას კინაღამ სიცოცხლის ფასად დაუჯდა, სავარაუდოდ, ამის შემდეგ შავი ზღვის აღმოსავლეთ ან სამხრეთ სანაპიროს გავლით, ხმელეთით გადაადგილება იერუსალიმის მიმართულებით მისი გეგმებიდან ამოვარდა.
[14]ცნობილია, რომ პაპის კურია, რომელიც, ერთი მხრივ, თავის წიაღში კონსილარიზმს, რეფორმაციის წინამორბედთა იდეების გავრცელებასა და კათოლიკური სამყაროს სქიზმას ებრძოდა [Duffy, 2006:170-173] (მეორე მხრივ, ბიზანტიისთვის დახმარების წინაპირობად დასავლური და აღმოსავლური ეკლესიების გაერთიანებას ითხოვდა.
[15]ცნობილია, რომ ჰენრი V-მ – მონარქმა, რომელმაც მთელი ცხოვრება შეალია საფრანგეთის დამორჩილებას, – თავის სასიკვდილო სარეცელთან ფსალმუნების მგალობელნი შეაჩერა და ყველას გასაგონად განაცხადა, რომ მისი ცხოვრების უმაღლესი მიზანი, რისთვისაც სურდა, თავი სრულად მიეძღვნა, როგორც კი სამეფოში ყველა საქმეს მოაგვარებდა, ყოველთვის იყო „წმინდა ქალაქის“ გათავისუფლება. მისი ბოლო სიტყვაც, წმინდა ლუის (ლუი IX - ავტ.) მსგავსად, იყო „იერუსალიმი“ [Кардини, 2007:159].
[16]რაინდი დე ლა ბროკიერი დაახლოებით ოცდაათი წლის ახალგაზრდა კაცი იყო, როცა ბურგუნდიის საჰერცოგოს კარი დატოვა გენტში 1431 წლის თებერვალში და სამხრეთ-დასავლეთის მიმართულებით ალპები (მონ-სენის უღელტეხილი) გადალახა.
[17]თუმცა ისიც ცნობილია, რომ ბურგუნდიული ხომალდები მონაწილეობდნენ როგორც დარდანელის, ასევე ბოსფორის სრუტის ბლოკირებაში. ამდენად, დასავლეთევროპელთაგან ბურგუნდიელთა ჩართულობა ქრისტიანთა ამ წარუმატებელი კამპანიის დროსაც ცალსახაა.
[18]ამ პერიოდისთვის, დასავლეთევროპელებისა და პაპისგან განსხვავებით, აქტიურობდნენ უნგრეთის რეგენტი იანოშ ჰუნიადი, ალბანელები: გიორგი კასტრიოტი და მისტრის დესპოტი, აგრეთვე, კონსტანტინე პალეოლოგი (მოგვიანებით, ბიზანტიის უკანასკნელი იმპერატორი). მათ ვარნის გამო რევანშის წყურვილი ამოძრავებდათ, მაგრამ 1448 წ. მურად II-მ დაამარცხა უნგრულ-ალბანურ-ვალახიური წინააღმდეგობა და ამ კამპანიას ჰუნიადის, როგორც დიდი სტრატეგოსის, სახელიც შეეწირა.
[19]როგორც ქვემოთ დავინახავთ, შავი ზღვითა და დუნაის გასწვრივ მიმავალ გზას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა: „რა წავიდნენ ზემო ხსენებული პატრიარქი [იგულისხმ. ლუდოვიკო ბოლონიელი - ავტ.] და ორი ქართველი ელჩი ნიკოლოზ თბილელი და ქასადან ყარჩეხან სხვა ელჩებთან ერთად, გამოიარეს სამეგრელოში, და დანუბის მდინარით უნგრეთს მივიდენ, იქიდგან წავიდნენ გერმანიას და მიესალმნენ ფრედერიკო იმპერატორს...“ [თამარაშვილი, 1902:61].
[20]ყვარყვარე ათაბაგი 1459 წელს ბურგუნდიის მთავარს სწერდა, რომ 50 წელიწადია ჩვენს ქვეყნებში ზავი, როგორიც ამჟამად შევკარით, არ გაგონილაო [თამარაშვილი, 1902: 58].
[21]დასავლეთ ევროპაში 1460 წ. ჩასულ ქართველ დესპანებს იქაური ქრისტიანებისთვის და პაპისთვის არ დაუმალავთ, რომ ქართველებს უკანასკნელ დროს ერთმანეთში დიდი მტრობა ჰქონდათ და უომიათ კიდეც [თამარაშვილი, 1902: 61].
[22]*** კრებაზე ქართველთა და ტრაპიზონელთა დასწრება შემთხვევითი არ იქნებოდა. პაპი პიუს II, რომელიც გამოჩენილი ჰუმანისტი იყო, მანამდე თავის მეგობარს, ასევე გამოჩენილ უნგრელ ჰუმანისტს, კანცლერსა და ესტერგომის არქიეპისკოპოს იანოშ ვიტეზს წერდა, რომ დადგა დრო, მთელი მსოფლიო გაერთიანდეს ოსმალთა წინააღმდეგ საბრძოლველად, რაშიც „უნგრეთთან, რუსეთთან, გერმანიასთან ერთად შეიძლება იმედი ვიქონიოთ პაპის, ვენეციის, გენუის, ტრაპიზონის იმპერატორისა და ქართველთა მეფისა“ [ქველიაშვილი, 2005: 77].
[23]ეს ვარაუდი საკამათოდ გვეჩვენება, თუმცა მომხდარის შემდეგ სიტუაციის სიმწვავე იმ ბერძნებმაც აღიქვეს, ვისაც „პაპის ტიარას მუსლიმური დოლბანდი ერჩივნა“, ანუ დასავლეთმაც და საქართველოსა და ტრაპიზონის მესვეურებმაც. თუმცა, კონსტანტინოპოლის აღებასა და ოსმალთა იმპერიის ზრდაზე ივ. ჯავახიშვილიც შენიშნავს: „გასაოცარია, მაგრამ იმდროინდელ ქართულ კინკლოსებს თუ დავაკვირდებით, ისეთს შთაბეჭდილებას ახდენს, თითქოს ქართველებს ყველა ეს ამბები გამოჰპარვოდეთ, თითქოს შინაური ბრძოლითა და ერთმანეთის ხოცვა-ჟლეტით გართულნი ისინი ვერც კი ამჩნევდნენ, როგორ შეიქმნა მათ მახლობლად ახალი, დიდი და ძლიერი ოსმალეთის სახელმწიფო, რომელმაც შეუჩერებელი ძლევამოსილობით დედამიწის ზურგიდან აღგავა ოდესღაც ბრწყინვალე ბიზანტია“ [ჯავახიშვილი, 1982 :287]. ასევე, საქართველოსთვის კონსტანტინოპოლის დაცემის მნიშვნელოვანებიდან გამომდინარე (როგორც პოლიტიკური და კულტურული თვალსაზრისით, ასევე სამეფო კარისთვის – იგულისხმება გიორგი მეფის ასულის კონსტანტინე XI პალეოლოგოსზე დანიშვნის ამბავი - ავტ.), მკვლევრის გაოცებას იწვევს ქართულ საისტორიო წყაროებში ოსმალო თურქთა მიერ კონსტანტინოპოლის აღების შესახებ ასეთი მცირე და მხოლოდ მატიანისებური ცნობების არსებობა [ჯავახიშვილი, 1982 წელი? : 290].
[24]როგორც ივ. ჯავახიშვილი წერს, პაპს არ შეეძლო საქართველოდან ჩამოსული ელჩებისთვის დაემალა, რომ მისი ყოველივე ცდა უნაყოფო გამოდგა. ასეთ პირობებში მას სხვა გზა არ დარჩენოდა, გარდა იმისა, რომ ქართველი მეფე-მთავრებისა და მათი მოკავშირე დესპანებისთვის ერჩია, პირადად ენახათ ბურგუნდიის მთავარი და საფრანგეთის მეფე და მათთვის ოსმალთა წინააღმდეგ ბრძოლაში მონაწილეობის მიღება ეთხოვათ [ჯავახიშვილი, 1982: 299]. ქართველი მეფე-მთავრების წერილები (სავარაუდოდ, სიტუაციიდან გამომდინარე, ევროპაში შედგენილი - ავტ.) გვავარაუდებინებს, რომ ბურგუნდიის ჰერცოგი უცილობლად სანახავი პერსონა იყო, ხოლო საფრანგეთის მეფე უფრო გვირგვინოსნობის გამო აღმოჩნდა პოტენციურ მოკავშირეთა სიაში.
[25]სულ უფრო მეტ უკმაყოფილებას იწვევდა ისიც, რომ ეკლესია დაჟინებით ელტვოდა საეკლესიო მეათედის აკრეფას. როცა, მაგალითისთვის, 1454 წლის აპრილში რეგენსბურგში საღვთო რომის იმპერატორმა ასამბლეა მოიწვია, იქ მიწვეულ იქნენ როგორც ბურგუნდიის ჰერცოგი, ისე – იტალიის მმართველები, თუმცა გამოცხადდა მხოლოდ პირველი. დანარჩენებმა, მათ შორის, საღვთო რომის იმპერატორმაც, თავი აარიდეს ასამბლეას, სადაც ეკლესიის მოწოდებაზე უარის თქმა შესაძლოა გაძნელებულიყო [Кардини, 2007:179].
ლიტერატურა
თამარაშვილი მ. 1902, რეპრინტი: 2011 |
ისტორია კათოლიკობისა ქართველთა შორის. სიესტა. თბილისი. |
თვარაძე ა. 2004 |
საქართველო და კავკასია ევროპულ წყაროებში. „სეზანი“. თბილისი. |
მამისთვალიშვილი ე. 2009 |
საქართველოს საგარეო პოლიტიკა და დიპლომატია. ტ. 1 (XV-XVI სს.). თბილისი. |
პაიჭაძე დ. 1989 |
ევროპის ქვეყნების ანტიოსმალური კოალიცია და საქართველო მე-15 საუკუნის 60-იან წლებში. თბილისი. |
ქართული... 2004 |
ქართული დიპლომატიის ისტორია - ქრესტომათია. თსუ გამომცემლობა. თბილისი. |
ქველიაშვილი თ. 2005 |
პოლონეთი და საქართველო ევროპის „დიდ საჭადრაკო დაფაზე“ XV საუკუნის II ნახევარში. თბილისი. |
ჯავახიშვილი ივ. 1982 |
ქართველი ერის ისტორია. თხზულებანი თორმეტ ტომად. ტ. 3. თსუ გამომცემლობა. თბილისი. |
Bertrandon de la Broquière 1892 |
Voyage d’Outremer. Ed. Ch. Schefer. Paris. |
Brotton J. 2002 |
The Renaissance Bazaar - From Silk Road to Michelangelo. Oxford University Press. Oxford. |
Duffy E. 2006 |
Saints and Sinners – A History of the Popes (third edition). Yale Univ. Press. New Haven and London. |
Halecki O. 1944 |
Gilbert de Lannoy and his Discovery East Central Europe, Bulletin of Polish Institute of Arts and Science in America. vol. 2. N 2. pp. 314-331. Publisher: Polish Institute of Arts and Science in America: https://www.jstor.org |
Menage V. L. 1976 |
The Annals of Murad II. Bulletin of the school of Oriental and African studies 39. part 3. pp. 570-584: https://www.jstor.org |
Ozment S. 1980 |
The Age of Reform1250-1550 –An Intellectual and Religious History of Late Medieval and Reformation Europe. Yale Univ. Press. New Haven and London. |
Schiltbergers Hans Reisebuch 1885 |
hrsg.von Valentin Langmantel. Tubingen. |
Wade Labarge M. 1976 |
Ghillebert de Lannoy: Burgundian Traveller- History today. vol. 26. |
Wade Labarge M. 2005 |
Medieval Travelers. The Rich and Restless. London: Phoenix. |
Zachariadou Elizabeth A. 1983 |
Ottoman Diplomacy and Danube Frontier (1420-1424); Harvard Ukrainian Studies. vol. 7, pp. 680-690. Harvard: Harvard Ukrainian Research Institute: https://www.jstor.org |
Бальфур Дж. П. 2018 |
Османская Империя – Шесть Столетий От Возвышения До Упадка XIV-XX вв. ЦЕНТРПОЛИГРАФ. Москва. |
Васильев А. 2013 |
Слава Византийской Империи. Алгоритм, Москва. |
Кардини Ф. 2007 |
Европа и Ислам – История Непонимания. ALEXANDRIA. Санкт-Петербург. |
Шукуров Р.М. 2001 |
Великие Комнины и Восток (1204-1461). СПб.: „Алетейя“. |