ჩვაბიანის ოთხთავი (H-1791 და მესტიის მუზეუმში დაცული მისი ფრაგმენტი (სიემ N 491)
სახარება-ოთხთავის ძველი ქართული თარგმანის ისტორიის შესასწავლად მეტად მნიშვნელოვანი წყაროა სვანეთში დაცული ხელნაწერები. მათი დიდი ნაწილი მესტიაში, სვანეთის ისტორიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმში (სიემ) ინახება,1 ნაწილი კი - სხვადასხვა სოფლის ეკლესიებში.2
სვანეთის მუზეუმში დაცული ოთხთავის ხელნაწერებიდან რამდენიმე კოდექსი ოთხთავის ტექსტს თითქმის სრულად შეიცავს. მათ შორისაა: სახარების უძველესი თარიღიანი ნუსხა - 897 წელს შატბერდში გადაწერილი ადიშის ოთხთავი (სიემ N478 (კ-82).3 ასევე თარიღიანი, 1033 წელს ოშკში გადაწერილი მესტიის ოთხთავი (სიემ N1(კ-70); XII-XIII საუკუნეებით დათარიღებული მდიდრულად შემკული ლაფსყალდის სახარება (სიემ N482 (კ-71); შედარებით გვიანდელი, XIII საუკუნის ნუსხად მიჩნეული იენაშის ოთხთავი (სიემ N483 (კ-72); XIV საუკუნეში იერუსალიმის აღდგომის ეკლესიაში გადაწერილი და ლაჰილის ეკლესიისთვის შეწირული სახარება (ლაჰილის ოთხთავი, სიემ N620, კ-75). სვანეთის მუზეუმში დაცული ოთხთავის ხელნაწერებიდან ორი თავ-ბოლონაკლული ნუსხაა: XI საუკუნის მანუსკრიპტი ტვიბერის ოთხთავი (სიემ N548 (კ-73) და XIII საუკუნით დათარიღებული ერთი ხელნაწერი სახარება, რომლის მხოლოდ 76 ფურცელი შემონახულა (სიემ. N 3381 (კ-64). მუზეუმში ასევე დაცულია სახარების ხელნაწერების რამდენიმე ფრაგმენტი: სიემ N8, (კ-37); სიემ N491(კ-8); სიემ N13 (1) (კ-4); სიემ N13 (2) (კ-4) [თვალთვაძე... 2018:41-55].
როგორც ჩანს, სვანეთში ბევრად მეტი ხელნაწერი სახარება ინახებოდა, ვიდრე დღეს არის აღნუსხული,4 რასაც მოწმობს XIX საუკუნის II ნახევარსა და XX საუკუნის დასაწყისში სვანეთში განხორციელებული ექსპედიციების შედეგების ამსახველი პუბლიკაციები,5 რომლებშიც დასახელებული ოთხთავის ხელნაწერებიდან ზოგიერთი დღეს სვანეთში აღარაა დაცული, მათი ერთი ნაწილი თბილისში, ქართულ ხელნაწერთა სხვადასხვა კოლექციაში ინახება;6 ზოგიერთი მათგანის სვანეთთან კავშირის შესახებ აღწერილობაშიც არის მითითებული7 (თუმცა არა ყოველთვის). ერთ დროს სვანეთში დაცული ხელნაწერების იდენტიფიცირებას ართულებს ისიც, რომ ცნობები (ხელნაწერის ზომები, მათში ფურცელთა რაოდენობა, შედგენილობა, შენახვის ადგილის დასახელება და სხვ.), რომლებსაც XIX-XX საუკუნეების მკვლევრები გვაწვდიან ხელნაწერთა შესახებ, ყოველთვის არ არის ერთგვაროვანი. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზოგიერთი ხელნაწერი დროთა განმავლობაში შეიძლებოდა უფრო მეტად დაზიანებულიყო, ზოგი კი საერთოდ დაკარგულიყო.
ჩვაბიანის ოთხთავად სახელდებულმა 4-ფურცლიანმა ფრაგმენტმა, რომელიც მესტიაში, სვანეთის ისტორიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმში ინახება (სიემ N491, კ-8) და პალეოგრაფიული ნიშნებით XII საუკუნით თარიღდება, ჩვენი ყურადღება რამდენიმე წლის წინ მიიქცია, როცა ერთ-ერთი პროექტის ფარგლებში კოლეგებთან ერთად სვანეთში დაცული სახარება-ოთხთავის ხელნაწერების გასაცნობად მუზეუმს ვეწვიეთ. იქ დაცული ფრაგმენტების შესწავლისას დავადგინეთ, რომ ჩვაბიანურ ფრაგმენტში დაცულია იოანეს სახარების მე-16, მე-17 და მე-18 თავების რამდენიმე მუხლი და მასში წარმოდგენილი ტექსტი გიორგი მთაწმინდელის რედაქციისაა [თვალთვაძე..., 2018:41-55]. ფრაგმენტის პირველადი კოდექსის იდენტიფიცირება მაშინ ვერ მოხერხდა.
სვანეთში დღემდე დაცული და სვანეთიდან ჩამოტანილი ხელნაწერი სახარებების კვლევისას ჩვენი ყურადღება მიიქცია ალექსანდრე ხახანაშვილის მიერ 1904 წელს ჟურნალ „Материалы по археологии Кавказа“-ს მე-10 ნომერში გამოქვეყნებულმა ნაშრომმა „სვანური ხელნაწერი სახარებები“ („Сванскiя рукописныя Евангелiя“), რომელშიც ავტორი მეტ-ნაკლები სისრულით აღწერს და მიმოიხილავს სვანეთის სხვადასხვა სოფელში დაცულ 10 ხელნაწერ სახარებას [Хаханов,1904:1-21]. ადიშის, მესტიის, ლაფსყალდის, ლახამულის, ლატალის, ლაშხვერის, უვალის სახარებებთან ერთად ალ. ხახანაშვილი ასახელებს სოფელ მუჟალში ნაპოვნ 3 ხელნაწერს, რომელთაც „მუჟალის სახარებებს“ („Мужалскiя Евангелiя”) უწოდებს [Хаханов 1904:18-19].
ალ. ხახანაშვილი მიერ აღწერილი ეს ხელნაწერები დღეს სვანეთში დაცულ სახარების კოდექსებს შორის არ ჩანს. როგორც გავარკვიეთ, მათგან ორი დღეს თბილისში, კ.კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის H ფონდში (ყოფილი საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების მუზეუმის ხელნაწერთა კოლექცია) ინახება (H-1870 და H-1871). ისინი 1921 წელს სვანეთიდან აკაკი შანიძეს ჩამოუტანია [H ფონდის...1950:256], ალ. ხახანაშვილის მიერ მუჟალის პირველ ოთხთავად წოდებული ეტრატზე დაწერილი ხელნაწერი სახარების ბედი კი გაურკვეველია.
ალ. ხახანაშვილის ცნობით, მუჟალის მაცხოვრის ეკლესიაში8 ნაპოვნი ეს ხელნაწერი, პერგამენტზე ნუსხურად ორ სვეტადაა ნაწერი და შეიცავს 151 ფურცელს, რომელთაგან 22 ფურცელი უჭირავს მათეს, 42 - მარკოზის, 68 - ლუკას და 20 ფურცელი - იოანეს სახარებას. მკვლევარი უთითებს ხელნაწერის ფურცლის ზომებს (20X15სმ.) და გვერდზე სტრიქონთა რაოდენობასაც (22 სტრიქონი). ალ. ხახანაშვილს მოჰყავს სახარებათა ბოლოს დართული მინაწერები, რომლებიც სახარებების დაწერასთან დაკავშირებული დეტალების, მათში მუხლებისა და თავების რაოდენობის შესახებ ცნობებს შეიცავს.9 აქვეყნებს რამდენიმე ანდერძსაც და აღნიშნავს, რომ მათი ნაწილი, არასწორად აქვს ამოკითხული დიმიტრი ბაქრაძეს, რომელსაც ალ. ხახანაშვილამდე (1860 წ.) უნახავს ეს ხელნაწერი [Бакрадзе, 1864:108].
ალ. ხახანაშვილის პუბლიკაციაში მოყვანილია ლუკას სახარების ბოლოს მიწერილი ანდერძის ტექსტიც, რომელიც ხელნაწერის დაწერის დროს განსაზღვრავს: „მას ჟამსა დაიწერა ესე ოთხთავი, ოდეს ანტიოქია სომეხთა აიღეს, ლოცვა ყავთ გიორგი ბერისათვის“ [Хаханов 1904:18]. ცნობილია, რომ კილიკიის სომხებმა ანტიოქია ორჯერ აიღეს: ერთხელ 1213 წელს, ხოლო მეორედ - 1216 წელს. სავარაუდოდ, ხელნაწერიც ამ წლებშია გადაწერილი (1213-1216 წწ). აქ დასახელებული გიორგი ბერი, კიდევ ერთ ანდერძშია მოხსენიებული: „წმიდაო მარკოზ მახარებელო, მეოხ-ეყავ გიორგი ბერსა ავად ცოდვილსა“ [Хаханов, 1904:18].10
ალ. ხახანაშვილი წერს, რომ ხელნაწერს მის დროს უკვე აკლდა ის ფურცელი, რომელიც თავის დროზე უნახავს დიმიტრი ბაქრაძეს და რომელზედაც დაწერილი ყოფილა კიდევ ერთი ანდერძი: „ლოცვა ყოველ (ყავთ) გიორგი ბერისათვის. დაიწერა მთასა საკჳრველსა თორნესა წმიდისა სჳმეონისასა. ღმერთმან შეუნდვნენ ბასილსა დეკანოზსა დიდად მოღუწა (იგვაწა?). თქუენცა აკურთხეთ“ [Бакрадзе, 1864 :108].11
ალ. ხახანაშვილი აღნიშნავს, რომ გიორგი ბერის ანდერძს (რომელიც ხელნაწერის გადამწერი უნდა იყოს დ.თ.) მოჰყვება სხვა ტექსტიც, დაწერილი გადამწერისავე ხელით. მას კოდექსის ბოლო გვერდი უჭირავს და ბოლონაკლულია: „მადლი და დიდებაჲ, პატივი და თაყუანისცემაჲ ყოვლად წმიდასა სამებასა, მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, რომელმან აურაცხელითა კაცთმოყურებითა თჳსითა აურაცხელნი დიდებულნი კეთილნი და ნიჭნი სრულნი მოჰმადლნა კაცთა და განგუეცხადა მორწმუნეთა სახიერებით, რომლისა მიმართ გურწმენა და აღვიარებთ და გუჱუწყა ჭეშმარიტება ამისი მართლმადიდებლობით ხარებისაებრ და უწყებისა წმიდათა მოციქულთა და მახარებელთაჲსა და სულითა წმიდითა მათ მიერ აღწერილისა წიგნისა ამის მიერ...“ [Хаханов, 1904:18].12
ალ. ხახანაშვილის მიერ აღწერილი ეს ხელნაწერი („მუჟალის პირველი ოთხთავი“) დღეს სვანეთში დაცულ სახარების კოდექსებს შორის არ არის.
როგორც ზემოთაც აღვნიშნეთ, ეს მანუსკრიპტი ალ. ხახანაშვილამდე ნანახი აქვს დიმიტრი ბაქრაძეს [Бакрадзе,1864:108) და, ექვთიმე თაყაიშვილის ცნობით, ბერ ალექსი ბაქრაძესაც [თაყაიშვილი, 1937:249].13 1910 წელს ლეჩხუმ-სვანეთში მოწყობილი არქეოლოგიური ექსპედიციის ანგარიშში ე. თაყაიშვილი წერს, რომ მუჟალის თემში „ეხლა აღარ არის, მაგრამ დ. ბაქრაძის დროს აქ ყოფილა ეტრატის სახარება“ [თაყაიშვილი, 1937:249].14
რა ბედი ეწია ალ. ხახანაშვილის მიერ მუჟალის პირველ ოთხთავად წოდებულ ხელნაწერს?15
ჩვენი ყურადღება მიიქცია კოდექსის ანტიოქიასთან კავშირმა და მის ბოლო გვერდზე შემორჩენილმა ტექსტმა (იხ. ზემოთ: „მადლი და დიდებაჲ, პატივი და თაყუანისცემაჲ..“), რომელიც ოთხთავის რამდენიმე სხვა ხელნაწერშიც გვხვდება (ჯერ-ჯერობით გამოვლენილია 5 ხელნაწერი). ყველა ეს ხელნაწერი სახარების გიორგი მთაწმიდელის რედაქციის ტექსტს შეიცავს და უკავშირდება ანტიოქიის სამწიგნობრო სკოლას. ტექსტი ოთხთავის პარატექსტული დანართია, პანეგირიკული ჰომილია (პირობითი სათაურით „შესხმაჲ ოთხთავისაჲ“) და ხაზს უსვამს „ცათა და ქუყანისა უზეშთაეს წიგნად“ წოდებული სახარება-ოთხთავის განსაკუთრებულობას და გამორჩეულ მნიშვნელობას. აღნიშნული ტექსტის ავტორად მიიჩნევა XI საუკუნის II ნახევარში შავ მთაზე, კერძოდ, კალიპოსის მონასტერში მოღვაწე ქართველი მწიგნობარი ბასილი თორელყოფილი, რომელსაც 1060 წელს გადაუწერია გიორგი მთაწმიდელის „ახლადთარგმნილი სახარება“ (K-76) და რომლისთვისაც გადამწერის ანდერძთან ერთად ოთხთავის შესხმის ტექსტიც დაურთავს [სილოგავა, 1989: თვალთვაძე, 2010].16
„შესხმაჲ ოთხთავისაჲ“, კალიპოსის ოთხთავის გარდა (K-76, 151v-153r), ნაკლული სახით ერთვის შავ მთაზე გადაწერილ ვატიკანის ოთხთავს (Vat.Iber.1:574-567); მისი ოდნავ შემოკლებული ვერსია დართული აქვს XIV-XV საუკუნეებით დათარიღებულ ქვათახევის ოთხთავსაც (A-357, 251r-155r), ფრაგმენტულად შემონახულია XIII საუკუნის ერთ სახარებაშიც A-37 (308r-309v) და ახლავს ასევე ანტიოქიური წარმომავლობის H-1791 ხელნაწერს (153 r), რომელიც 1213–1216 წლებით თარიღდება. ამ ხელნაწერებში დაცული „შესხმაჲ ოთხთავისაჲს“ ტექსტის შედარება მუჟალის პირველი ოთხთავის ბოლო გვერდზე წარმოდგენილ ტექსტის ფრაგმენტთან გვიჩვენებს, რომ ის ბასილი თორელყოფილის „შესხმის“ დასაწყისია. საინტერესოა, რომ ალ. ხახანაშვილის გამოქვეყნებული ტექსტი სწორედ იმ ადგილზე წყდება, რომელზეც H-1791-ში დაცული ტექსტი:
„შესხმაჲ ოთხთავისაჲ” მუჟალის პირველ ოთხთავში |
„შესხმაჲ ოთხთავისაჲს” დასაწყისი K-76;Vat.Iber.1; A-357; A-37; H-1791-ში |
„მადლი და დიდებაჲ, პატივი და თაყუანისცემაჲ ყოვლადწმიდასა სამებასა, მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, რომელმან აურაცხელითა კაცთმოყუარებითა თჳსითა აურაცხელნი დიდებულნი კეთილნი და ნიჭნი სრულნი მოჰმადლნა კაცთა და განგუეცხადა მორწმუნეთა სახიერებით, რომლისა მიმართ გურწმენა და აღვიარებთ და გუჱუწყა ჭეშმარიტებაჲ ამისი მართმადიდებლობით ხარებისაებრ და უწყებისა წმიდათა მოციქულთა და მახარებელთაჲსა და სულითა წმიდითა მათ მიერ აღწერილისა წიგნისა ამის მიერ“... |
„მადლი და დიდებაჲ, პატივი და თაყუანისცემაჲ ყოვლადწმიდასა სამებასა, მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, რომელმან აურაცხელითა კაცთმოყუარებითა თჳსითა აურაცხელნი მადლნი კეთილნი და ნიჭნი სრულნი მოჰმადლნა კაცთა და განგუეცხადა მორწმუნეთა სახიერებით, რომლისა მიმართ გურწმენა და აღვიარებთ და გუეუწყა ჭეშმარიტებაჲ მისი მართმადიდებლობით ხარებისაებრ და უწყებისა წმიდათა მოციქულთა და მახარებელთაჲსა და სულითა წმიდითა მათ მიერ აღწერილისა წიგნისა ამის მიერ17 ყოვლად წმიდისა, რომელიცა-ესე მოგუეთხრა ოთხთა მიერ მახარებელთა სულითა წმიდითა აღვსებულთა - მათეს, მარკოზის, ლუკას და იოვანეს, რომელი მეტყუელებს საკჳრველებათა და ყოველთავე ღმრთეებასა და კაცებისა განგებულებასა მჴსნელისა და მაცხოვრისა ჩუენისა იესუ ქრისტესსა, რომელი ყოველთავე ბრძანებათა შინა თჳსთა დაამტკიცებს მამისა თანა დაუსაბამოჲსა და ყოვლად წმიდისა სულისა თანასწორებასა, თანადაუსაბამოებასა და სუფევასა თჳსსა, რომელსა აღვიარებთ და ვადიდებთ თანა მამით და სულით წმიდიდითურთ სამგუამოვნებით და ერთღმრთეებით, რომელი სუფევს საუკუნითგან და უკუნითი უკუნისამდჱ , ამინ...“ |
ეჭვგარეშეა, რომ აქ ერთსა და იმავე ხელნაწერთან გვაქვს საქმე: ალ. ხახანაშვილის მიერ მუჟალის პირველ ოთხთავად წოდებული ხელნაწერი არის ოთხთავის ის კოდექსი, რომელიც დღეს თბილისში, ყოფილი საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოების კოლექციაში (H ფონდი) ინახება 1791-ე ნომრით.
მიუხედავად იმისა, რომ დღეს H-1791 ხელნაწერში არა 151, არამედ 153 ფურცელია [H ფონდის...1950:218] და მისი ზომაც (21X15სმ.) მცირედ, მაგრამ განსხვავდება ალ. ხახანაშვილის მიერ მითითებული ზომებისაგან (20X15სმ), სხვა მრავალი მახასიათებელი აშკარად მიგვანიშნებს, რომ H-1791 ხელნაწერი ის ოთხთავია, რომელსაც ალ. ხახანაშვილი მუჟალის პირველ ოთხთავად აღწერს:
1. H-1791 ხელნაწერიც ნაწერია ეტრატზე ნუსხურად, ორ სვეტად და სვეტში 22 სტრიქონია;
2. მისი გადამწერიც გიორგი ბერია („გიორგი ბერსა, გლახ მწარედ ცოდვილსა, ულოცე მკითხველო, ღმრთისათჳს“ (H-1791, 153r);
3. გადაწერის ადგილი და დრო იგივეა, რაც დასტურდება ანდერძით, რომელიც დ. ბაქრაძეს, ა. ბაქრაძეს და ალ. ხახანაშვილსაც (დ. ბაქარაძეზე დაყრდნობით) მოჰყავთ და H-1791-ში 151v-ზეა წარმოდგენილი: „დაიწერა მას ჟამსა ოდეს ანტიოქია სომეხთა აიღეს“; ამ ანდერძის მიხედვით ხელნაწერის თარიღად 1213-1216 წლები განისაზღვრება;
4. იდენტურია ხელნაწერი წიგნის შედგენილობა და მდგომარეობა: შეიცავს მათეს, მარკოზის, ლუკას და იოანეს სახარებებს ნაკლულად; ხელნაწერი უყდოა და დაფურცვლილი;
5. იდენტურია H-1791-ის და ალ. ხახანაშვილის მიერ გამოქვეყნებული სახარებათა კოლოფონები (გიორგი მთაწმიდელის რედაქციისა);
6. და, როგორც ვნახეთ, იდენტურია H-1791-ში დაცული სახარების პარატექსტი, ე.წ. „შესხმაჲ ოთხთავისაჲ“ და მუჟალის პირველ ოთხთავის აღწერისას ალ. ხახანაშვილის მიერ ანდერძის გაგრძელებად მოყვანილი ტექსტი. ისინი ერთსა და იმავე ადგილზე წყდება (H-1791,153r).
ყველაფერი ეს გვაძლევს საფუძველს, რომ ალექსანდრე ხახანაშვილის მიერ აღწერილი და მუჟალის პირველ ოთხთავად წოდებული ხელნაწერი დღეს H ფონდში 1791-ე ნომრად დაცულ ხელნაწერად მივიჩნიოთ.
უცნობია, როდის და ვინ ჩამოიტანა ეს ხელნაწერი თბილისში (ხელნაწერის აღწერილობაში მისი წარმომავლობის შესახებ არაფერია მითითებული), მაგრამ ფაქტია, რომ XX საუკუნის დასაწყისში ის ჯერ კიდევ მუჟალის თემის სოფელ ჩვაბიანის მაცხოვრის ეკლესიის საკუთრება ყოფილა [თაყაიშვილი, 1937:249].19
H-1791 ხელნაწერი ნაკლულია. უყდო და დაშლილ კოდექსში ამოვარდნილია ფურცლები. რადგან მანუსკრიპტის სვანეთთან, კერძოდ კი, მუჟალის თემთან კავშირი დადგინდა, მისი დაკარგული ფურცლების ძებნა სვანეთის ამ სოფელთან დაკავშირებული ფრაგმენტებით უნდა დავიწყოთ. აქ კი, პირველ რიგში, ყურადღებას იქცევს მესტიის მუზეუმში დაცული ჩვაბიანის ოთხთავად სახელდებული ოთხფურცლიანი ფრაგმენტი (სიემ N 491 (კ-8), რომელიც მუზეუმში მუჟალის თემის სოფელ ჩვაბიანის მაცხოვრის ეკლესიდან მოხვედრილა. ეს ხელნაწერი, H-1791-ის მსგავსად, დაწერილია ეტრატზე,20 ორ სვეტად და სვეტში 22 სტრიქონია. ისიც, როგორც H-1791, გადაწერილია კალიგრაფიული ნუსხურით, შავი ფერის მელნით და საზედაო ასოები სინგურით არის შესრულებული.21 ზოგიერთი განსაკუთრებით ლამაზად არის მოხატული. ორივეგან გვხვდება სინგურით დაწერილი ქანწილი. H-1791-ის მსგავსად ამ ფრაგმენეტზეც კარგად ჩანს განკანონების კვალი. ორივეგან მარცხენა აშიებზე და სვეტებს შორის მიწერილია ევსების კანონების ნომერი და მუხლების სათვალავი („ამონიოსის სექციები“). აღსანიშნავია, რომ ქვედა აშიებზე ორივე ხელნაწერში მოთავსებულია სათანხმებელი, ე.წ „განთესულები“, რომლებშიც მახარებლების სახელები სინგურით არის შესრულებული, ხოლო მუხლთა აღმნიშვნელი რიცხვები – შავი ფერის მელნით.
ჩვაბიანურ ფრაგმენტში დაცულია სახარების ის მუხლები, რომლებიც აკლია H-1791-ს (იოანეს სახარების მე-16, მე-17 და მე-18 თავების რამდენიმე მუხლი) და ორივე გიორგი მთაწმიდელის რედაქციისაა. ფრაგმენტისა და H-1791 ხელნაწერის პალეოგრაფიულ-კოდიკოლოგიურმა ანალიზმა დაგვარწმუნა, რომ მესტიაში დაცული და ჩვაბიანის ოთხთავად წოდებული ფრაგმენტი H-1791 ხელნაწერის ნაწილია, რომელიც 1904 წელს ალ. ხახანაშვილმა მუჟალის პირველი ოთხთავად აღწერა, შემდეგ კი თბილისში, საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოების მუზეუმში (H ფონდი) მოხვდა.
H-1791(65r)22
ჩვაბიანის ოთხთავის ფრაგმენტი (სიემ N491 (კ-8),3v-4r.
1213-1216 წლებში სირიაში, ანტიოქიის მახლობლად, „მთასა საკჳრველსა თორნესა წმიდისა სჳმეონისასა“ ბერი გიორგის მიერ გადაწერილი ეტრატის სახარება-ოთხთავის ხელნაწერი, არ ვიცით როდის და როგორ, მაგრამ სვანეთში მოხვდა. შეიძლება დანამდვილებით ითქვას, XX საუკუნის დასაწყისამდე ეს ხელნაწერი მუჟალის თემის სოფ. ჩვაბიანის მაცხოვრის ეკლესიის კუთვნილება იყო; აქ ნახა ის 1860 წელს დ. ბაქრაძემ, 1904 წელს - ალ. ხახანაშვილმა. 1910 წლისთვის მისი დიდი ნაწილი (მინიმუმ 153 ფ.) მესტიაში ბესარიონ ნიჟარაძესთან ინახებოდა [თაყაიშვილი, 1937:307], შემდეგ კი ხელნაწერი თბილისში, საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოების კოლექციაში მოხვედრილა და დღეს კ.კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის H ფონდში 1791-ე ნომრად არის დაცული.
როგორც ჩანს, დაშლილი ხელნაწერის ნაწილი ჩვაბიანშივე დარჩა. 1895 წელს სწორედ ამ სოფელში, მღვდლის სახლში, უნახავს პრ. უვაროვას ხურჯინი, რომელიც სავსე იყო ეტრატზე დაწერილი, დაშლილი და დაზიანებული ძველი ხელნაწერებით [Уварова,1904:154], მათ შორის იყო, ალბათ, H-1791-ის ფრაგმენტებიც, საიდანაც შემორჩენილმა 4 ფურცელმა ბოლოს მესტიის მუზეუმში დაიდო ბინა. დღეს ჩვაბიანის ოთხთავად სწორედ ეს ოთხფურცლიანი ფრაგმენტი – სიემ N491 (კ-8) იწოდება [საქართველოს...2015:282]. მართებული იქნება, იგივე სახელი (ჩვაბიანის ოთხთავი) ეწოდოს H-1791 ხელნაწერსაც, რომელიც მესტიაში დაცულ ფრაგმენტთან ერთად უკვე არა 153, არამედ 157 ფურცელს შეიცავს.
[1]შევნიშნავთ, რომ სვანეთის ისტორიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმში დაცული ხელნაწერების ვრცელი აღწერილობა, სამწუხაროდ, დღემდე არ არსებობს. იქ დაცული ხელნაწერების მოკლე აღწერილობა-კატალოგი გასული საუკუნის 70-იან წლებში შეადგინა აკადემიკოსმა ელენე მეტრეველმა, რომელიც ხელნაწერი და ნაბეჭდი სახით ინახება კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში, მეცნიერის პირად არქივში (საქმე N369) [მეტრეველი, 2007]; სვანეთში დაცული ხელნაწერები, რომელთაც ახლავს მინაწერი საისტორიო საბუთები, მათ შორის, სახარების ხელნაწერებიც, აღწერა და 1986 წელს გამოსცა ვალერი სილოგავამ [სილოგავა, 1986]; სვანეთში შენახული სახარების ხელნაწერები მოხვდა 2015 წელს გამოცემულ საქართველოს რეგიონებში დაცული ქართული ხელნაწერების კატალოგშიც [საქართველოს ... 2015: 279- 298].
[2]კერძოდ: სოფ. ქურაშის წმიდა გიორგის სახელობის ტაძარში ინახება ქურაშის ოთხთავი; სოფ. ლახამულში - ლახამულის ოთხთავი; სოფ. ლახუშტის ეკლესიაში ინახება ლახუშტის აპრაკოსი, რომელშიც მათეს, ლუკასა და იოანეს სახარებების საკითხავებია წარმოდგენილი.
[3]უკანასკნელ წლებში სვანეთის მუზეუმში დაცული ხელნაწერები ხელახლა გადაინომრა და მათი ამჟამინდელი ნუმერაცია ელენე მეტრეველის კატალოგის ნუმერაციას აღარ ემთხვევა. სვანეთის მუზეუმში დაცულ ხელნაწერებს ვუთითებთ მათი ახალი და ძველი ნუმერაციით: პირველ რიგში მითითებულია ხელნაწერის ახალი შიფრი, ფრჩხილებში კი მითითებულია ნომერი, რომელიც მას მინიჭებული ჰქონდა ძველ კატალოგში. ძველი კატალოგი აღნიშნულია ლიტერით კ.
[4]1904 წელს ჟურალ „მოამბეში“დაბეჭდილ სტატიაში ბესარიონ ნიჟარაძე წერდა: „სამწუხაროდ, თავშივე უნდა აღვნიშნო, რომ სვანეთის ხელნაწერებისა ჩვენ დრომდე ერთი მეოთხედსღა თუ მოუღწევია; სამი მეოთხედი კი ან დრო-ჟამს მოუსპია ან და კერძო პირებს გაუტანიათ სვანეთიდან: ქუთაისს, ტფილისს, პეტერბურგსა და მოსკოვს და შეიძლება სხვაგანაც, მაგრამ მე მხოლოდ ამ ქალაქებში მეგულება“ [ნიჟარაძე, 1904]. 1903 წელს „ივერიის“ 194-ე ნომერში (12 სექტემბერი) „თავისუფალი სვანის“ სახელით გამოქვეყნებულ წერილში ბესარიონ ნიჟარაძე ახსენებს სახარების 9 ხელნაწერს, რომელიც მას 11 წლის წინ (1892 წელს) დაწერილ წერილში („სვანეთის მანუსკრიპტები“) განუხილავს, მაგრამ დღემდე არ დაბეჭდილა [ნიჟარაძე, 1903].
[5]სვანეთის წერილობითი ძეგლების შეკრება და გამოცემა ჯერ კიდევ XIX საუკუნის 30-იან წლებში დაიწყო. განსაკუთრებულია ამ საქმეში მ. ბროსეს, ი. ბართოლომეის, ნ. მარის, ბ. ნიჟარაძის და სხვათა წვლილი, მაგრამ სიძველეთა შესწავლის მიზნით სვანეთში მოწყობილი ექსპედიციებიდან უმნიშვნელოვანესი იყო 1860 წელს დიმიტრი ბაქრაძის, 1895 წელს გრაფინია პრასკოვია უვაროვას და 1910 წელს ექვთიმე თაყაიშვილის ხელმძღვანელობით მოწყობილი ექსპედიციები. დ. ბაქრაძის ექსპედიციის ანგარიში გამოქვეყნდა 1864 წელს [Бакрадзе, 1864], 1895 წლის ექსპედიციის ანგარიში დაიბეჭდა 1904 წელს [Уварова, 1904], 1910 წლის ექპედიციის ანგარიში კი - 1937 წელს [თაყაიშვილი, 1937].
[6]ასეთია, მაგალითად, ყოფილი საეკლესიო მუზეუმის ქართულ ხელნაწერთა კოლექციაში (A ფონდი) დაცული სახარების წინაათონური რედაქციის ტექსტის შემცველი კოდექსები A-1699 (X ს); A-18 (XIII ს), ყოფილი საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოების კოლექციის ხელნაწერები: H-1741 (1048 წლის ე.წ. პალესტინური ოთხთავი), რომელსაც სწორედ იმის გამო, რომ ის უკანასკნელ ხანებში სვანეთში ბესარიონ ნიჟარაძესთან ინახებოდა, კ. კეკელიძე „სვანურ ოთხთავს“ უწოდებს [კეკელიძე, 1912:36]; H-1789 (XIII ს.); H-1836 (XIV-XV სს); H-1870 (XIII-XIV სს); H-1871 (XIX-XV სს); H-1872 (XIV-XV სს). ამ ხელნაწერების სვანეთთან კავშირს მათში დაცული სვანური საბუთები ცხადყოფენ [სილოგავა, 1986:36-60].
[7]მაგალითად, ასეთი მითითება აქვს ზემოთ დასახელებული ხელნაწერებიდან H ფონდის ორ ხელნაწერს: H-1871 და H-1872 , რომელებიც 1921 წელს აკაკი შანიძეს ჩამოუტანია სვანეთიდან [H ფონდის...1950:256].
[8]მაცხოვრის სახელობის ეკლესია მდებარეობს მუჟალის თემის სოფელ ჩვაბიანში.
[9]მაგალითად: „დაესრულა მათეს სახარებაჲ თავი ზ. აღიწერა იერუსალიმს ებრაელებრითა სიტყჳთა მერვესა წელსა ქრისტეს ამაღლებითგან“ [Хаханов, 1904: 18] (ხახანაშვილს სწორად ვერ ამოუკითხავს თავების რაოდენობა, უნდა იყოს: თავნი ტნე. დ. თ.).
[10]დ. ბაქრაძისგან განსხვავებით, რომელიც ანდერძში მოხსენიებული გიორგი ბერს გიორგი მთაწმიდელად მიიჩნევს (რასაც მოგვიანებით დაეთანხმა ე. თაყაიშვილიც), ალ. ხახანაშვილი მას გიორგი მთაწმიდელთან არ აიგივებს და მიუთითებს, რომ ხელნაწერის შექმნის თარიღი (1213-1216 წწ) არ ემთხვევა გიორგი მთაწმდელის მოღვაწეობის პერიოდს.
[11]ალ. ხახანაშვილი ასწორებს ანდერძის რამდენიმე ადგილის დ. ბაქრაძისეულ წაკითხვას (ყოველ]ყავთ); მოღუწა]იგვაწა ?), თუმცა ეს მხოლოდ მისი კონიექტურაა, თავად ანდერძის ტექსტი ალ. ხახანაშვილს არ უნახავს. საყურადღებოა, რომ ამ ანდერძში დაკონკრეტებულია ხელნაწერის გადაწერის ადგილი - ესაა საკვირველი მთა, ანუ იგივე შავი მთა და იქ მდებარე წმინდა სვიმეონის თორნე („დაიწერა მთასა საკჳრველსა, თორნესა წმიდისა სჳმეონისასა“).
[12]შევნიშნავთ, რომ ალ. ხახანაშვილის მიერ მოყვანილი ეს ტექსტი დაგვეხმარა სწორედ მის მიერ მუჟალის პირველ ოთხთავად აღწერილი სახარების იდენტიფიკაციაში.
[13]როგორც ჩანს, ის არ უნახავს 1895 წელს სვანეთში ექსპედიციის დროს პრ. უვაროვას, რომელიც 8 ხელნაწერ სახარებას ასახელებს [Уварова, 1904: 148], რომელთა შორის, მუჟალის ზემოთ დასახელებული ოთხთავი არ ჩანს.
[14]სინამდვილეში, როგორც ირკვევა, ე. თაყაიშვილმა ეს ხელნაწერი ნახა მესტიაში, ბესარიონ ნიჟარაძესთან [თაყაიშვილი, 1937:307), თუმცა დ. ბაქრაძისა და ალ. ხახანაშვილის მიერ აღწერილ მუჟალის პირველ ოთხთავთან მისი იდენტიფიცირება ვერ მოახერხა. საინტერესოა ე. თაყაიშვილის მიერ სქოლიოში მოყვანილი განმარტება, საიდანაც ჩანს, რომ სახარება მუჟალის მაცხოვრის ეკლესიაში ინახებოდა: „ბერი ბაქრაძე ასე იხსენიებს ამ სახარებას: „მუჟალის მაცხოვრის ეკლესიაში არს სახარება ესრეთ წარწერით: „მას ჟამსა დაიწერა სახარება ესე ოთხთავი, ოდეს ანტიოხია სომეხთა აიღეს. აღიწერა ხელითა გიორგი ბერისა შავმთასა (შუამთასა?) კალიპოსს“ [თაყაიშვილი, 1937:249, სქოლიო]. აღსანიშნავია, რომ ბერი ალექსი ბაქრაძის მიერ მოყვანილ ანდერძის ტექსტში ხელნაწერის გადაწერის ადგილად დასახელებული შავი მთა ე. თაყაიშვილის ეჭვს იწვევს და ფიქრობს, რომ შავი მთის ნაცვლად აქ შუამთა უნდა ეწეროს, მაგრამ ეს ეჭვი, ცხადია, უსაფუძვლოა, რასაც კარგად აჩვენებს იქვე კალიპოსის დასახელება („აღიწერა ხელითა გიორგი ბერისა შავმთასა, კალიპოსს“). კალიპოსის მონასტერი შავ მთის სავანეში მდებარეობდა.
[15]აღნიშნულ ხელნაწერს სვანეთიდან წამოღებულ და სხვადასხვა კოლექციაში მოხვედრილ მანუსკრიპტთა შორის არ ასახელებს ვ. სილოგავაც (სილოგავა,1986:37).
[16]პარატექსტის ავტორის შესახებ სამეცნიერო ლიტერატურაში გამოთქმულია სხვა აზრიც, მაგ. თ.შურღაია მის ავტორად გიორგი მთაწმიდელს ასახელებს [შურღაია, 2006:165].
[17]აქ H-1791-ში ტექსტი წყდება.
[18]„ შესხმაჲ ოთხთავისაჲს“ სრული ტექსტი ( K-76 -ის მიხედვით) გამოქვეყნებული აქვს ვ. სილოგავას [სილოგავა, 1989:153-165].
[19]ამ ხელნაწერს ე. თაყაიშვილი ეხება ნაშრომის იმ ნაწილშიც, რომელშიც ის მესტიაში ბესარიონ ნიჟარძესთან ნანახ ხელნაწერებს ჩამოთვლის და მოკლედ აღწერს [თაყაიშვილი,1937:299-313]. სიაში მე-10 ნომრად შეტანილი ხელნაწერის შესახებ იგი წერს: „სახარება ეტრატზე, 21X15 სმ, კარგი ნუსხა ხუცურის ხელით დაწერილი. ორ სვეტად, წითლურის მეთაურის ასოებით, უყდო, თავი და ბოლო აკლია, ხელი მე-12 საუკ. უნდა იყოს. ბოლოში უწერია: გიორგი ბერსა გლახ მწარეს ცოდვილსა ულოცე მკითხველო, ღმრთისათვის (აქ უნდა იგულისხმებოდეს გიორგი ათონელი)“ [იქვე, გვ. 307]. როგორც ჩანს, ხელნაწერი მუჟალიდან (ჩვაბიანიდან) მესტიაში ბესარიონ ნიჟარაძემ წამოიღო.
[20]ეტრატი, ძალიან დაზიანებული და დალაქავებულია. 1r იკითხება, 1v და 2r გადარეცხილია და ამოკითხვა მხოლოდ ალაგ-ალაგ არის შესაძლებელი, 2v და 3r შედარებით კარგად იკითხება, შუა ნაწილის გარდა, რომელიც ისეა გაშავებული, რომ ნაწერის ამოკითხვას შეუძლებელს ხდის. სოფ. ჩვაბიანის ტაძარში, რომელშიც ეს ხელანაწერი მუზეუმში მოხვედრამდე ინახებოდა, სახურავიდან წყალი ჩადიოდა. ეს გვერდები, სავარაუდოდ, სწორედ ამ დროს დასველდა და დალაქავდა. 3v და 4r ძლიერ დაზიანებულია, რის გამოც ნაწერის გარჩევა ალაგ-ალაგ ჭირს. შედარებით კარგად იკითხება 4v. [თვალთვაძე..., 2018: 47]
[21]რამდენიმე ადგილას საზედაო ასო გვიან უნდა იყოს სინგურით გაცხოველებული.
[22]ფოტო დაბეჭდილია ალბომში „თარიღიანი ქართული ხელნაწერები“ [თარიღიანი..., 2015:143}
ლიტერატურა
თაყაიშვილი ე. 1937 |
არქეოლოგიური ექსპედიცია ლეჩხუმ-სვანეთში 1910 წელს. პარიზი. |
თარიღიანი... 2015 |
თარიღიანი ქართული ხელნაწერები (IX-XVI სს). ალბომი შეადგინეს ზაზა ალექსიძემ, ქეთევან ასათიანმა, ბუბა კუდავამ, ელენე მაჭავარიანმა, თამარ ოთხმეზურმა, მზია სურგულაძემ, დალი ჩიტუნაშვილმა და თეიმურაზ ჯოჯუამ ზაზა ალექსიძისა და ბუბა კუდავას ხელმძღვანელობით. თარგმნა ნიკოლოზ ალექსიძემ. თბილისი. |
თვალთვაძე დ. 2010 |
დოქსოლოგიური ხასიათის ერთი თხზულება შავ მთაზე გადაწერილ ოთხთავის ხელნაწერებში. მოხსენების მასალები. თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის მე-4 სამეცნიერო კონფერენცია. თბილისი. |
თვალთვაძე დ., კვირკველია ე. 2018 |
სვანეთის მუზეუმში დაცული სახარების ტექსტის შემცველი ხელნაწერების ფრაგმენტები: თსუ ქართული ენის ინსტიტუტის შრომები. ქართველური ენათმეცნიერება. V. გვ.41-55. თბილისი. |
ნიჟარაძე ბ. 1903 |
სვანეთის მანუსკრიპტები: „ივერია“ 1903. N 194 (12 სექტემბერი). |
ნიჟარაძე ბ. 1904 |
სვანეთის ხელნაწერები: სახარებები: „მოამბე“. 1904. N9. |
მეტრეველი ე. 2007 |
ქართული კულტურის დიდი კერა. ფილოლოგიურ-ისტორიული ძიებანი. ნაკვ. I (ეძღვნება ე. მეტრეველის დაბადებიდან 90 წლისთავს). თბილისი. |
საქართველოს... 2015 |
საქართველოს რეგიონებში დაცული ქართული ხელნაწერების კატალოგი. შემდგენლები: გრ. გაგნიძე, შ. გლოველი, დ. გოგაშვილი, მ.კარანაძე, თ. ოთხმეზური, ნ. ჩხიკვაძე, შალვა გლოველის რედაქციით. თბილისი. |
სილოგავა ვ. 1986 |
სვანეთის წერილობითი ძეგლები. 1, ისტორიული საბუთები და სულთა მატიანეები. ტექსტები გამოსაცემად მოამზადა, გამოკვლევები და სამეცნიერო აპარატი დაურთო ვალერი სილოგავამ. თბილისი. |
სილოგავა ვ. 1989 |
XI საუკუნის ქართველი მწიგნობარი ბასილი თორელ-ყოფილი და მისი ანდერძი. მრავალთავი. XV. გვ. 153-165. თბილისი. |
შურღაია თ. 2006 |
ვატიკანის ოთხთავის თავგადასავალი. კლასიკური და თანამედროვე ქართული მწერლობა. №11. საქართველოს მეცნიერებათა აკადემია. შოთა რუსთაველის სახ. ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი. თბილისი. |
H ფონდის... 1950 |
საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის ქართულ ხელნაწერთა აღწერილობა. საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების ყოფილი მუზეუმის ხელნაწერები ( H კოლექცია). ტომი IV. შედგენილი და დასაბეჭდად დამზადებული ელენე მეტრეველის მიერ. კორნელი კეკელიძის საერთო რედაქციით. თბილისი. |
Бакрадзе Д.З. 1864 |
Сванетія. Сванетия // Записки Кавказского отдела Императорского русского исторического общества. Книга VI. Тифлис. |
Кекелидзе К. С. 1912 |
Иерусалимский Канонарь VII века (Грузиская версия). Тифлис. |
Уварова, П. С. 1904 |
Поездка в Пшавию. Хевсуретию и Сванетию графини Уваровой: Материалы по археологии Кавказа. собранные экспедициями Московского археологического общества / под ред. и с предисл. гр. Уваровой; Вып. 10, Моск. археолог. о-во, Москва. |
Хаханов А.С. 1904 |
Сванскiя рукописныя Евангелiя: Материалы по археологии Кавказа, собранные экспедициями Московского археологического общества / под ред. и с предисл. гр. Уваровой ; Вып. 10: Приложение, 1 (ст.1-21); Моск. археолог. о-во. Москва. |