ლიდერი და კომანდა ახალ ქართულ სამხედრო ტერმინოლოგიაში
თანამედროვე ეპოქაში ისტორიულ ფაქტად იქცა 1999 წლის 27 იანვარს ევროსაბჭოს გენერალური ასამბლეის სხდომაზე საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ჟვანიას, გამოსვლა, რომელზეც მან განაცხადა: ,,მე ვარ ქართველი და, მაშასადამე, ვარ ევროპელი“. ,,ვარდების რევოლუციის“ შემდეგ კიდევ უფრო დაუახლოვდა საქართველო ევროპას. ევროპულ-ქართული სამხედრო ურთიერთობის გაღრმავებამ ახალი ქართული სამხედრო ტერმინების შექმნა მოითხოვა. ამ მიმართულებით მნიშვნელოვანია თავდაცვის სამინისტროში 2003 წელს შექმნილი დოქტრინების განვითარების სამმართველო (2015 წლიდან დოქტრინების განვითარების ცენტრი). სამწუხაროდ, სათარგმნი და დასამუშავებელი სახელმძღვანელოების სიმრავლის გამო ვერ ხერხდება ამ მასალის საფუძვლიანი კვლევა. ერთბაშად უამრავი ახალი ტერმინის შემოდინება უკონტროლოა, ირღვევა ნორმალიზაციის წესები, რაც იწვევს ბევრი უმართებულო ფორმის დამკვიდრებას. ეს ყოველივე საფრთხეს უქმნის ენას.
ევროპულ-ქართული სამხედრო ურთიერთობა და ახალი ქართული სამხედრო ტერმინები
ოცდამეერთე საუკუნის დასაწყისიდან საქართველომ მკვეთრი პროდასავლური ორიენტაცია აირჩია და ქვეყნის პოლიტიკაც ამ მიმართულებით მიდის. შესაბამისად, საქართველომ სამხედრო პარტნიორად აირჩია ჩრდილოატლანტიკური ორგანიზაცია (ნატო) და ამერიკა.
საქართველოსა და ნატო-ს დაახლოების შემდეგ აუცილებელი გახდა ბევრი ინგლისურენოვანი სამხედრო ლიტერატურის თარგმნა. ეს ლიტერატურა არის ყველა მიმართულებისა და ყველა დონის სამხედრო მოსამსახურეებისთვის, ასევე - იმ ახალი ტექნიკის შესახებ, რომლითაც ანაცვლებენ ძველ, საბჭოთა კავშირის დროინდელ ტექნიკასა და აღჭურვილობას. ინგლისურის გარდა, ხშირად ითარგმნება გერმანული და ფრანგული სამხედრო სახელმძღვანელოები. დასავლეთ საქართველოში, ქალაქ საჩხერესთან, 2006 წლის 14 აგვისტოს დაარსდა საჩხერის სამთო მომზადების სკოლა, რომელსაც მართავს თავდაცვის ძალების სამხედრო მომზადებისა და განათლების სარდლობის გაერთიანებული შტაბი. სკოლა გაიხსნა ამერიკისა და საფრანგეთის მხარდაჭერით. საფრანგეთმა ასევე მოამზადა ინსტრუქტორები ქართველ ოფიცერთა სკოლაში. 2010 წელს, ნატო-საქართველოს თანამშრომლობის ფარგლებში, სკოლას მიენიჭა კვალიფიკაცია: პარტნიორობა მშვიდობისათვის სასწავლო და განათლების ცენტრი. სკოლაში ხშირად ჩამოდიან ფრანგი ინსტრუქტორები. ამ ყოველივედან გამომდინარე, ალპინიზმის სახელმძღვანელოები, ძირითადად, ნათარგმნია ფრანგული ენიდან.
დარგობრივ ტერმინოლოგიაში ახალი მიმართულებების გაჩენასა და დამკვიდრებას მოსდევს ახალი ტერმინების შემოდინება, რასაც ენა ხშირად მოუმზადებელი ხვდება. ამ დროს საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. თითოეული ტერმინი სათანადოდ უნდა იყოს განხილული და შესწავლილი არამარტო დარგის სპეციალისტების, არამედ ენათმეცნიერების მიერაც და მათი ერთობლივი დასკვნის შედეგად იქნეს მიღებული ოპტიმალური ტერმინი. საჭიროა გარკვეული ბალანსის დაცვა: მიუხედავად იმისა, რომ სასურველია, უპირატესობა მიენიჭოს ეროვნული სიტყვებისა და ძირების გამოყენებას, ხშირად საერთაშორისო ტერმინს უფრო იღებს ენობრივი საზოგადოება და ამ შემთხვევაში სწორედ ამ უკანასკნელზე უნდა შეჩერდეს არჩევანი; ამის საპირისპიროდ, არც მხოლოდ უცხოური სიტყვებისა და ძირების პირდაპირ, უთარგმნელად გადმოღება ივარგებს.
თანამედროვე ქართველ ენათმეცნიერთა ნაწილი ემხრობა საბჭოთა პერიოდში არსებულ ტერმინოლოგიურ პოლიტიკას. ბევრი ხელოვნურად შექმნილი ტერმინი ვერ დამკვიდრდა ენაში და საერთაშორისო ტერმინს მიენიჭა უპირატესობა, ამას თან ერთვოდა საბჭოთა წნეხი. ამის მიუხედავად, ენათმეცნიერებმა და ტერმინოლოგიის ექსპერტებმა გადაწყვიტეს პარალელური ფორმების შემოღება: ინტერნაციონალურისა და ქართულის, რაც, ვფიქრობ, საუკეთესო გამოსავალი იყო. ამის ინიციატორი ვუკოლ ბერიძე იყო. „ფილიპე მახარაძის ბრძანების მიუხედავად, ამ პერიოდში გამოსულ ტერმინოლოგიურ ლექსიკონებში ინტერნაციონალურ ტერმინებს გვერდით ქართულიც უწერია“ [ქაროსანიძე, 2013:66].
დღესაც ხშირად არის ენაში ამა თუ იმ ახალი ცნებისა და მისი ამსახველი ტერმინის შესატყვისი ფორმა, მაგრამ ენა უპირატესობას ანიჭებს საერთაშორისო ტერმინს. ასეთებია, მაგალითად, ინფილტრაცია - შეჟონვა, ექსფილტრაცია - გამოჟონვა, კომბატანტი - მებრძოლი, არაკომბატანტი - არამებრძოლი, ლეტალური - სასიკვდილო და სხვ. ასევე ხშირია შემთხვევები, როდესაც მშობლიურ ენაში არ არის ახალი ცნების, აღსანიშნის ზუსტი შესატყვისი. ასეთ დროს აუცილებელია ცნების გამომხატველი ტერმინის სესხება. არის შემთხვევები, როდესაც ტერმინი არ მიესადაგება ჩვენს რეალობას და სჭირდება ჩანაცვლება, ადაპტაცია. ასეთებია, მაგალითად, არმია, კორპუსი, პოლკი, რომლებიც არ ჰყავს საქართველოს თავდაცვის ძალებს, შესაბამისად, უნდა შეირჩეს სხვა, აღსანიშნი საგნის მკაფიოდ გამომხატველი ტერმინი.
ტერმინი ლიდერი
როგორც ზემოთ იყო აღნიშული, ბევრი ახალი ტერმინი არასაჭიროდ არის დამკვიდრებული ენაში. ამგვარ უამრავ უჯეროდ დამკვიდრებულ უცხოურ ტერმინთან ბრძოლის ფონზე პარადოქსულია შემთხვევა, როდესაც საჭიროა სესხება, მაგრამ ამას ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავს. ერთ-ერთი ამგვარი სადავო ტერმინია სამხედრო ტერმინოლოგიაში ,,ლიდერი“ (leader).
ეს ტერმინი მომდინარეობს ძველი ინგლისური სიტყვიდან lædere, რომელიც, თავის მხრივ, მოდის სიტყვიდან lædan. ეს უკანასკნელი ნიშნავს გაძღოლას და ენათესავება ფრიზულ ledera-ს, ნიდერლანდურ leider-ს, ძველგერმანულ leitari-სა და გერმანულ Leiter-ს. ტერმინი ლიდერი, როგორც ტიტული ავტორიტარული სახელმწიფოს ხელმძღვანელის აღსანიშნავად, გამოიყენება 1918 წლიდან და ითარგმნებოდა, როგორც ფიურერი (გერმ. Führer - ჰიტლერის წოდება), დუქს, დუჩე (ლათ. Duce - მუსოლინის წოდება), კაუდილო (ესპ. Caudillo - პოლიტიკური ლიდერი ან სახელმწიფო მოღვაწე ლათინო-ამერიკულ ქვეყნებში, ფრანსისკო ფრანკოს წოდება) და სხვ. ლიდერი (leader) ამ ფორმით პირველად დამოწმებულია 1837 წელს ბრიტანულ გაზეთში, ხოლო ტერმინოლოგიური შესიტყვება ლიდერთა საბჭო გამოიყენება 1970 წლიდან. უფრო ადრე, 1900 წლიდან ამერიკულ ინგლისურში გვხვდება cheer-leader (გულშემატკივარი) [etymonline.com/word/leader].
გლობალიზაციამ გამოიწვია ამ სიტყვის მნიშვნელობის გაფართოება და დღეს თითქმის ყველა სფეროში აქტიურად გამოიყენება. „საჭირო გახდა არა ჩვეულებრივი მენეჯერი, არამედ გლობალურად მოაზროვნე მენეჯერი ანუ ლიდერი“ [მხეიძე, 2016:13]. იმისათვის, რომ ვიყოთ მსოფლიო საზოგადოების სრულფასოვანი წევრები, ფეხი უნდა ავუწყოთ და მოვერგოთ სწრაფად ცვალებად გარემოს, სადაც „ორგანიზაციების მოქნილობა და ცვლილებების განხორციელების უნარი უფრო მეტად მნიშვნელოვანი გახდა, ვიდრე თვითონ ამ ცვლილებების შინაარსი. ყველაზე მნიშვნელოვანი, რასაც ახალი რეალობა ითხოვს ორგანიზაციებისგან, არის მართვის ახალი სტილი, პრინციპულად ახალი ლიდერი“ [მხეიძე, 2016:30].
დღეს მსოფლიოში მიმდინარე პროცესებმა განაპირობა ლიდერის მოთხოვნილება. ლიდერი არის ყველგან და ყველაფერში, განსაკუთრებით - კერძო კომპანიებში, თუმცა სახელმწიფო სამსახურებშიც მძლავრად მოიკიდა ფეხი, ლიდერობის ორგანიზაციული კულტურიდან გამომდინარე. ამ მხრივ სამხედრო სფერო ცოტა რთულად ეგუება სიახლეებს და ახლა ინერგება აღნიშნული ტერმინი. ეს პროცესი, რა თქმა უნდა, აისახება სამხედრო ტერმინოლოგიაზეც.
„ლიდერი“ არის ინგლისური სიტყვა და ითარგმნება, როგორც წინამძღოლი, ხელმძღვანელი. ,,ქართული ენის განმარტებით ლექსიკონში“ (რვატომეული) ლიდერის განმარტება მხოლოდ ორ კონტექსტშია მოცემული: 1. პოლიტიკური პარტიის, საზოგადოებრივ-პროფესიული ორგანიზაციის ხელმძღვანელი. 2. რაიმე სპორტულ შეჯიბრებაში დაწინაურებული პირი ან გუნდი. დღესდღეობით ამ სიტყვის მნიშვნელობა არის გაფართოებული და თითქმის ყველა სფეროში აქტიურად გამოიყენება, მაგრამ სამხედრო სფეროში გაჭირდა ტერმინის დამკვიდრება. თანამედროვე ,,ქართულ სამხედრო ენციკლოპედიურ ლექსიკონში“ (2017) საერთოდ არ არის ტერმინი ,,ლიდერი“. სამხედრო ინგლისურ-ქართულ ლექსიკონში (თინა მარგალიტაძის რედაქციით) ორგვარად არის ნათარგმნი leader: 1. ლიდერი (მხოლოდ პოლიტიკური ნიშნით. მაგ.: პოლიტიკური ლიდერი). 2. მეთაური, ხელმძღვანელი. აქედან გამომდინარე, სხვადასხვა სახელმძღვანელოში სხვადასხვა სიტყვით არის გამოყენებული ეს ტერმინი. მაგალითად, აშშ-ის არმიის სახელმძღვანელოებში - ,,სახმელეთო ჯარების საბრძოლო მომზადებისა და შეფასების პროგრამა“ - რომლებიც არის სხვადასხვა მიმართულებისა და დონის სამხედრო პერსონალისთვის, ტერმინი ,,leader“ ნათარგმნია, როგორც ,,მეთაური“ ან ,,ხელმძღვანელი“. რეალურად, ოცეულის ან ათეულის დონეებზე შეიძლება დაემთხვეს ლიდერისა და მეთაურის ფუნქცია-მოვალეობები, მაგრამ უფრო მაღალ დონეებზე მათ განსხვავებული ფუნქცია-მოველეობები აქვთ. ზოგ შემთხვევაში ლიდერისა და სერჟანტის ფუნქციები ერთმანეთს ემთხვევა და ვერ ვთარგმნით ,,ლიდერს“, როგორც ,,მეთაურს“ ან ,,ხელმძღვანელს“. შესაბამისად, არასწორია ამ ტერმინის თარგმნა, რადგან მეთაური არის თანამდებობა, სერჟანტი - წოდება, ლიდერი კი არის სათანადო უნარ-ჩვევების მქონე ავტორიტეტული პირი. ეს ტერმინი თავდაცვის სამინისტროს ზოგიერთ უწყებაში უკვე მიღებულია. როგორც ცნობილია, თავდაცვის ძალებში აქტიურად ინერგება მართვის ახალი მეთოდი, რომელიც ,,ამოცანით მართვის“ სახელით არის ცნობილი. ეს არის დეცენტრალიზებული მართვის მეთოდი და განსაკუთრებული როლი აკისრია სწორედ ლიდერს და არა - მეთაურს. მეთაური თავის ქვედანაყოფში ქმნის მცირე ჯგუფს და მასში ნიშნავს ლიდერს. შესაბამისად, უკვე აღარ გამოდის ამ ტერმინის გვერდის ავლა და მისი თარგმნა, როგორც ,,მეთაური“, ,,სერჟანტი“ თუ ,,ხელმძღვანელი“. ამიტომ ამოცანით მართვასთან დაკავშირებულ სახელმძღვანელოებში აღარ ითარგმნება ეს სიტყვა და გამოიყენება საერთაშორისო ტერმინი ,,ლიდერი“. ეროვნული თავდაცვის აკადემიაში იუნკერთა შეფასების სქემაში, რომლის მიხედვითად გამოჰყავთ კოეფიციენტი, 2014 წელს დაამატეს კომპონენტი - ლიდერობის უნარის დაუფლება და ამ კომპონენტშიც ფასდებიან იუნკრები. საბოლოოდ, ტენდენცია ისეთია, რომ ტერმინის გამოყენების არეალი გაფართოვდება და ყველა უწყება და მიმართულება გამოიყენებს მას. ამჟამად „მეთაური/ლიდერი“ ხშირად გამოიყენება, როგორც პარალელური ფორმები.
ტერმინი კომანდა
სამხედრო ტერმინოლოგიაში ისევე, როგორც თითქმის ყველა დარგობრივ ტერმინოლოგიაში, ბევრი უჯერო ნასესხობაა, რომელთა უმეტესობა უკვე დამკვიდრებულია. სამხედრო ტერმინოლოგიაში ერთ-ერთი ამგვარი ტერმინია „კომანდა“.
დიდ ინგლისურ-ქართულ ონლაინლექსიკონში command-ის ძირითადი მნიშვნელობა არის ბრძანება, განკარგულება, ბრძანების გაცემა. იქვე მითითებულია, რომ სამხედრო მნიშვნელობით აგრეთვე არის კომანდა. დამოწმებულია მაგალითებიც: „command to open fire სამხ. ცეცხლის გახსნის კომანდა“ [dictionary.ge].
ტერმინი „კომანდა“ შეტანილია დოქტრინების განვითარების ცენტრის შიდა მოხმარების ლექსიკონში და ინგლისურ ტერმინს შეესაბამება სამი ქართული ლექსიკური ერთეული. ესენია: „მართვა“, „კომანდა“ და „სარდლობა“. პირველ შემთხვევაში, ეს არის გარკვეული უფლებამოსილება. ამ მნიშვნელობით გამოყენებულია შემდეგ შემთხვევებში: unity of command მართვის ერთიანობა, art of command მართვის ხელოვნება, battle command ბრძოლის მართვა და სხვ. მეორე შემთხვევაში გამოიყენება სიტყვიერი ბრძანების მნიშვნელობით. განმარტებაშიც წერია: „მეთაურის მიერ გაცემული ბრძანება. ეს არის მისი ნება, რომ შესრულდეს კონკრეტული მოქმედება“ [სამხედრო-განმარტებითი..., 2017:130]. რაც შეეხება მესამე მნიშვნელობას, მას შეესაბამება „სარდლობა“ და გამოიყენება შემდეგ შემთხვევებში: Service component command ზურგის სარდლობა, national command ეროვნული სარდლობა. აქ იგულისხმება მმართველი რგოლი.
საქმე ის არის, რომ სამხედრო სფეროში (ქართულ სამხედრო ტერმინოლოგიაში) „ბრძანება“ და „კომანდა“ არის დიფერენცირებული ისევე, როგორც ინგლისურში: command და order. აქ ბრძანებას უწოდებენ წერილობით განკარგულებას, ხოლო სიტყვიერ განკარგულებას, სიტყვიერ ბრძანებას - კომანდას. თავდაპირველად, რა თქმა უნდა, ეს იყო ნასესხობა, თუმცა ახლა რთულია „კომანდას“ ნასესხობა ვუწოდოთ, რადგან ათეულ წელზე მეტია, რაც დამკვიდრებულია სამხედრო სფეროში.
ინგლისურ-ქართულ სამხედრო ლექსიკონშიც (თ. მარგალიტაძის რედაქციით) command-ის სახელად მნიშვნელობას ბევრი შესატყვისი აქვს (სულ 5): პირველი შესატყვისი წერია „კომანდა, სიტყვიერი ბრძანება“, მეორე მნიშვნელობად მითითებულია მეთაურობა, ხელმძღვანელობა. აღნიშნავს აგრეთვე სარდლობას, სამხედრო ნაწილს, სამხედრო შენაერთს და სამხედრო ოლქსაც კი. აქედან გამომდინარე, მხოლოდ სიტყვიერი ბრძანების აღსანიშნავად ვიყენებთ ნასესხებ ფორმას.
მიუხედავად იმისა, რომ ტერმინი ოპერატიული დონის სამხედრო ტერმინად მოიაზრება, ის ძალიან ხშირად არის გამოყენებული ტაქტიკური დონის სახელმძღვანელოებშიც. მაგალითად, გამოყენებულია „სახმელეთო ჯარების საბრძოლო მომზადებისა და შეფასების პროგრამის“ სხვადასხვა დონის (ქვეითი ათეული და ოცეული, ქვეითი ასეული, მექანიზებული ოცეული და სხვ.) სახელმძღვანელოებში. „ოცეულის მეთაური გასცემს ოცეულის მიერ ცეცხლის გახსნის კომანდას...“ [სახმელეთო ჯარების..., 2017:93). ანალოგიური, სიტყვიერი ბრძანების, მნიშვნელობით არის გამოყენებული სხვა შემთხვევებშიც.
ტერმინი „კომანდა“ გამოყენებულია ისეთ ოფიციალურ დოკუმენტშიც, როგორიცაა, „საქართველოს მთავრობის დადგენილება №181“ (2018წ.). აქ ტერმინთა განმარტებით ნაწილში გვხვდება სხვადასხვა კომანდა: დამატებითი კომანდა, სამწყობრო კომანდა. ასევე გვხვდება: მოსამზადებელი კომანდა, შესასრულებელი კომანდა და სხვ. დოკუმენტში ტერმინი მოხსენიებულია 935-ჯერ, რაც გვაძლევს იმისი დასკვნის საფუძველს, რომ ის ოფიციალურად მიღებული და გავრცელებულია თავდაცვის ძალებში, ენათმეცნიერული თვალსაზრისით, რაც არ უნდა არასწორად იყოს ის დამკვიდრებული. აქვე, რა თქმა უნდა, გვხვდება ტერმინი „ბრძანებაც“, თუმცა მხოლოდ 26-ჯერ და აქედან 16-ჯერ ნაგულისხმებია წერილობითი ბრძანება, ექვსჯერ წერია „ნაბრძანები“, ამ უკანასკნელში კი იგულისხმება სიტყვიერად გაცემული ბრძანება, მაგრამ „ნაკომანდები/ნაკომანდარი“ ხელოვნურად ნაწარმოები ფორმა გამოვიდოდა და ამიტომაც გამოიყენეს „ბრძანება“. ტერმინი „ბრძანება“ ორგან გვხვდება კომანდების განმარტებაში, რაც, ცხადია, ლოგიკურია. აქედან გამომდინარე, ცალსახად და გადაჭრით შეგვიძლია ვთქვათ, რომ, კომანდა“ ასოცირდება სიტყვიერ ბრძანებასთან, „ბრძანება“ კი - წერილობითთან.
რაც შეეხება თავად „ბრძანებას“, ის გამოყენება ინგლისური order-ის შემთხვევაში. მისი უპირველესი მნიშვნელობა, თ. მარგალიტაძის ლექსიკონის მიხედვით, არის ბრძანება, განკარგულება; ინსტრუქცია, თუმცა ასევე გამოიყენება oral/verbal order - სიტყვიერი ბრძანება/კომანდა. ამ შემთხვევაშიც ავტორი დასაშვებად მიიჩნევს „კომანდის“ გამოყენებას, თუკი კონტექსტი იძლევა ამის საშუალებას. ამავე ლექსიკონში მოცემულია იგივე ტერმინი, მხოლოდ მრავლობით რიცხვში (orders) და ამ შემთხვევაში აღარ არის ქართულად კომანდა ან სიტყვიერი ბრძანება, არამედ მხოლოდ „ბრძანებები; განკარგულებები; ინსტრუქციები“. რაც შეეხება შიდა ლექსიკონს, აქ order-ს მხოლოდ ერთი მნიშვნელობა აქვს - ბრძანება და ახლავს საინტერესო განმარტება: „წერილობითი, ზეპირი ფორმით ან კავშირგაბმულობის საშუალებების მეშვეობით ზემდგომის მიერ დაქვემდებარებულისათვის ინსტრუქციის მიცემა. ფართო გაგებით, ტერმინები „ბრძანება“ და „კომანდა“ სინონიმებია, თუმცა ბრძანება შესრულების დეტალების მიხედვით ცალკეული ნაწილებისგან შედგება, ხოლო კომანდა - არა“ [სამხედრო-განმარტებითი..., 2017:35).
ზემოთ მოყვანილი განმარტების მიხედვით, კომანდასა და ბრძანებას შორის არსებითი განსხვავება არ არის, თუმცა მცირედი სხვაობა მაინც ფიქსირდება, რაც დამოკიდებულია შესრულების დეტალებზე. კომანდა არის მარტივი სიტყვიერი ბრძანება, რომელსაც გასცემს მეთაური ოპერაციების/წვრთნების დროს ერთჯერადად და ერთი ქმედებით უნდა შესრულდეს. მაინც რამ გამოიწვია ამგვარი ფორმათა გადაფარვა? რატომ გახდა საჭირო ტერმინ „კომანდის“ გამოყენება მაშინ, როდესაც არის მისი შესატყვისი ენაში?
ამგვარ პარალელურ ფორმებად ბევრი ინგლისური ტერმინია დამკვიდრებული, რაც გამოწვეულია ისევ და ისევ ამერიკული/ინგლისურენოვანი წიგნების შემოდინებით და მათი უკონტროლო თარგმნით. სამწუხაროდ, შეინიშნება იმის ტენდენციაც, რომ ბევრ მთარგმნელს (სამოქალაქოსაც და სამხედროსაც) მიაჩნია, რომ რაც უფრო მეტ უცხოურ ტერმინს გამოიყენებს, მით უფრო განსხვავებული და გამორჩეული იქნება მის მიერ თარგმნილი ტექსტი. ამგვარად დამკვიდრდა ტერმინები „კომბატანტი/არაკომბატანტი“, „ლეტალური/არალეტალური“ და სხვ.
ამას გარდა, როგორც ზემოთ იყო აღნიშნული, ინგლისურშიც ანალოგიურად არის დიფერენცირებული ეს ორი ტერმინი: order და command. შესაბამისად, მთარგმნელები ცდილობენ, რომ თარგმანი იყოს დედანთან მაქსიმალურად მიახლოებული და არ დაწერონ order-ზე წერილობითი ბრძანება, ხოლო command-ზე - სიტყვიერი ბრძანება.
რუსულად multitran-ში command ნათარგმნია, როგორც 1. (საერთო მნიშვ.) приказ, приказание, команда. 2. (სამხედრო მნიშვ.) руководство, соединение, управление, формирование, часть, командирование. ინგლისური ძირი აქაც გამოყენებულია და ნასესხებია. ამის მიუხედავად, ამავე ლექსიკონში order-ის რუსულ ენაში არსებულ უამრავ მნიშვნელობას შორის არ გვხვდება ძირი команд, მათ შორის - არც სამხედრო მნიშვნელობებში.
დარგობრივი ტერმინოლოგიის მართვა
ტერმინები ამდიდრებს ენას და ჩვენი საზოგადოება ამ მხრივ ყოველთვის გახსნილი იყო, თუმცა ამის გამო ქართული ენა რამდენჯერმე დამდგარა საფრთხის წინაშე. ეს პროცესი არაერთხელ დროულად შეუჩერებიათ და დაურეგულირებიათ ჩვენს წინაპრებს.
ტერმინოლოგიის შედგენისა და გადმოტანის პრინციპები დეტალურად აქვს განხილული ცნობილ ქართველ ენათმეცნიერს, როგნედა ღამბაშიძეს, ნაშრომში ,,ქართული სამეცნიერო ტერმინოლოგია და მისი შედგენის ძირითადი პრინციპები“. ნაშრომში განხილულია მეცნიერთა განსხვავებული მოსაზრებები ტერმინოლოგიასთან დაკავშირებით. თუკი ნაწილი თვლის, რომ ტერმინოლოგია შეიძლება იყოს ორგვარი: ა) სპეციალური ტერმინები, რომლებსაც აქვთ ხმარების თავისი სფერო და რომლებსაც იცნობენ მხოლოდ სპეციალისტები, და ბ) ენის ყველა მატარებლისათვის ცნობილი საერთო სახმარებელი ტერმინები, მეორე ნაწილი ამას ეწინააღმდეგება და მიაჩნია, რომ ტერმინები უნდა იყოს ზოგადი, საერთო და ყოვლისმომცველი. თავად ავტორი ,,გაუფერულებულს“ უწოდებს ტერმინოლოგიის როლს იმ შემთხვევაში, როდესაც ტერმინი გამოიყენება, როგორც დამოუკიდებელი და გარკვეული სისტემის მქონე ერთეული და ის დაყვანილია სპეციალისტთა პრაქტიკულ, კონსტრუქციულ საქმიანობამდე. ანუ, ტერმინის როლი დაკარგულია, თუ ის მხოლოდ ვიწრო სპეციალობის ფარგლებში გამოიყენება.
დარგობრივ ტერმინოლოგიაზე მუშაობა მეტად შრომატევადი საქმეა. ეს პროცესი მოითხოვს მკაცრ კონტროლს, რათა ენა არ დაბინძურდეს. საბჭოთა კავშირის დროს ამ პროცესს წარმატებით მართავდა ენათმეცნიერების ინსტიტუტი. ის დარგის სპეციალისტებთან შეთანხმებით ადგენდა ტერმინებს, რომლებიც აისახებოდა ლექსიკონებში. „ასეთი ერთობლივი მუშაობის შედეგი იყო ის, რომ იმ დროს არ იყო ტერმინოლოგიური არევ-დარევა, სიჭრელე ქართულში“ [ქაროსანიძე, 2013:66]. ამ პროცესში აქტიურად იყო ჩართული და ენათმეცნიერების ინსტიტუტთან ერთად მართავდა ქართული სალიტერატურო ენის ნორმების დამდგენი სახელმწიფო კომისია. დღეს ეს კომისია ჩაანაცვლა სახელმწიფო ენის დეპარტამენტმა.
სამწუხაროდ, ძალიან გვიან, მხოლოდ 2017 წელს შეიქმნა ოფიციალურად სახელმწიფო ენის დეპარტამენტი და კანონი სახელმწიფო ენის შესახებ. კანონის მიხედვით: „სახელმწიფო ენის დეპარტამენტი არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი და მისი საქმიანობა საქართველოს მთავრობის კონტროლქვეშაა. იგი უზრუნველყოფს სახელმწიფო ენის კონსტიტუციური სტატუსის დაცვასა და პოპულარიზაციას, ქართული სალიტერატურო ენის სტანდარტებს და ახალი სპეციალური ტერმინების დადგენასა და დამკვიდრებას“ [9, მუხლი 3. ე]. სახელმწიფო ენის დეპარტამენტის მთავარი ფუნქციაა “ქართული სალიტერატურო ენის ნორმებისა და ტერმინოლოგიური სტანდარტის დამტკიცება, ასევე სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისთვის, კერძო და საჯარო სამართლის იურიდიული პირებისთვის რეკომენდაციების მიცემა ენის გამოყენების სფეროში არსებული დარღვევების აღმოსაფხვრელად“ [საქ.ორგანული კანონი. 10:36]. სახელმწიფო ენის დეპარტამენტი იცავს ქართული სალიტერატურო ენის ნორმებს და ამ მიმართულებით მასთან თანამშრომლობა წინ და სწორად გადადგმული ნაბიჯია.
დასკვნა
სტატიაში წარმოდგენილი ტერმინები მცირედ ასახავს იმ ვითარებას, რაც არის დღეს სამხედრო სფეროში. მართალია, ბევრ შემთხვევაში სახელმძღვანელოებში პარალელურ ფორმებად გამოიყენება „ლიდერი“ და „მეთაური“ (იწერება ასე: მეთაური/ლიდერი), მაგრამ ძალიან ხშირად უპირატესობას ანიჭებენ „მეთაურს“, როდესაც უნდა იყოს გამოყენებული „ლიდერი“. ამას ხსნიან იმით, რომ მეთაურისა და ლიდერის ფუნქციები ემთხვევა ერთმანეთს. რაც შეეხება „კომანდას“, ეს ტერმინი დამკვიდრებულია ინგლისურის გავლენით, ვინაიდან ინგლისურში დიფერენცირებულია და ორი სხვადასხვა ტერმინით აღინიშნება სიტყვიერი ბრძანება (command) და წერილობითი ბრძანება (order), ქართულშიც ანალოგიურად გამოიყენება „კომანდა“ და „ბრძანება“. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ „კომანდა“ არასაჭირო ენობრივი ნასესხობაა, რომელიც დამკვიდრდა. ამგვარი ნასესხობა უამრავია სამხედრო ტერმინოლოგიაში და მოითხოვს კვლევას.
ევროპა და საქართველო უფრო და უფრო უახლოვდება ერთმანეთს მრავალ სფეროში (პოლიტიკა, ტექნიკა, კულტურა, იურიდიული, სამხედრო, სამოქალაქო განათლება, საბანკო-საფინანსო და სხვ.) და ახალ-ახალი საერთაშორისო ტერმინი შემოდის და მკვიდრდება ქართულ ენაში. ტერმინოლოგია ამდიდრებს ენას, მაგრამ ეს პროცესი უნდა იყოს გაკონტროლებული, წინააღმდეგ შემთხვევაში, ენა უარესად დაბინძურდება.
ახალი სამხედრო ტერმინები უნდა დამკვიდრდეს სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის შედეგად. ეს მოითხოვს საკითხის სიღრმისეულ შესწავლასა და სხვადასხვა ინსტიტუციის ჩართულობას. მხოლოდ ამის შემდეგ გვექნება უკეთესი შედეგები და ხარისხიანი სამხედრო ლიტერატურა.
ლიტერატურა
ამოცანით... 2019 |
ამოცანით მართვა. დოქტრინული პუბლიკაცია 6-0. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, თავდაცვის ძალების წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობა. დოქტრინების განვითარების ცენტრი. თბილისი. |
ამოცანით... 2019 |
ამოცანით მართვის სტრატეგია (2019-2021წლები). საქართველოს თავდაცვის სამინისტრო. დოქტრინების განვითარების ცენტრი. სამეთაურო-საშტაბო კოლეჯი). თბილისი. |
ამოცანით... 2019 |
ამოცანით მართვის ფილოსოფია. მხარდამჭერი დოქტრინული პუბლიკაცია 6-0. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო. თავდაცვის ძალების წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობა. დოქტრინების განვითარების ცენტრი. თბილისი. |
დათეშიძე ნ. 2020 |
ახალი მიმართულებები თანამედროვე ტერმინოლოგიურ ლექსიკონებში. ტერმინოლოგიის საკითხები. ტომი IV. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი. თბილისი. |
დავით... 2018-2023 |
დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის ვებგვერდი -https://eta.edu.ge/ |
დიდი... 2010 |
დიდი ინგლისურ-ქართული ონლაინლექსიკონი https://dictionary.ge/ |
ინგლისურ-ქართული... 2009 |
ინგლისურ-ქართული სამხედრო ლექსიკონი [რედ.: თინათინ მარგალიტაძე]. https://mil.dict.ge |
მხეიძე ნ. 2016 |
ლიდერობა და ორგანიზაციული კულტურა მენეჯმენტის სისტემაში. კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი. თბილისი. |
სამხედრო... 2017 |
სამხედრო-განმარტებითი ლექსიკონი და გრაფიკული ნიშნები. საველე სახელმძღვანელო (FM (Field Manual) 1-02). საქართველოს თავდაცვის სამინისტრო. წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობა. დოქტრინების განვითარების ცენტრი. თბილისი. |
საქართველოს... 2020 |
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის დადგენილება №181. matsne.gov.ge |
საქართველოს... 2017 |
საქართველოს ორგანული კანონი სახელმწიფო ენის შესახებ. კონსოლიდირებული ვერსია (საბოლოო). საქართველოს 2017 წლის 13 ოქტომბრის კონსტიტუციური კანონი №1324, 19.10.2017. https://matsne.gov.ge/ka/document/view/2931198?publication=3 |
საქართველოს... 2018 წლის 16 აპრილი |
საქართველოს სამხედრო ძალების სამწყობრო წესდების დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება №181. თბილისი. |
ქართული... 1955 |
ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი (ქეგლ). რვატომეული [რედ.: არნ. ჩიქობავა] ტ.4. თბილისი. |
ქართული... 2017 |
ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი [რედ.: ელგუჯა მეძმარიაშვილი]. თბილისი. |
ქაროსანიძე ლ. 2013 |
ტერმინოლოგია - ქართული ენის ხვალინდელი დღე. არნ. ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის კონფერენციის - ტერმინოლოგია - ქართული ენის მომავალი - მასალები. თბილისი. http://www.ice.ge/batumi/terminologia-2013.pdf |
ქვეითი... 2017 |
ქვეითი ათეული და ოცეული. სახმელეთო ჯარების საბრძოლო მომზადებისა და შეფასების პროგრამა. ამოცანაზე ორიენტირებული საბრძოლო მომზადების გეგმა. მეორე შესწორებული გამოცემა. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, თბილისი. |
ქვეითი... 2018 |
ქვეითი ასეული, სახმელეთო ჯარების საბრძოლო მომზადებისა და შეფასების პროგრამა, ამოცანაზე ორიენტირებული საბრძოლო მომზადების გეგმა. მეორე შესწორებული გამოცემა. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო. თბილისი. |
ღამბაშიძე რ. 1986 |
ქართული სამეცნიერო ტერმინოლოგია და მისი შედგენის ძირითადი პრინციპები. ,,მეცნიერება“. თბილისი. |
Mission… 1994, 29 September |
Mission Training Plan for the Infantry Rifle Platoon and Squard. Army Training and Evaluation Program (ARTEP) 7-8-MTP. Headquarters Department of the Army. Washington. DC. |
Mission… 2002, 1 June |
Mission Training Plan for the Infantry Rifle Company. Army Training and Evaluation Program No. ARTEP 7-10-MTP. Headquarters Department of the Army. Washington. DC. |
Multitran 2001-2024 |
Multitran – English-Russian Dictionary https://www.multitran.com |
The Online… 2001-2024 |
The Online Etymology Dictionary by Douglas R. Harper etymonline.com |