De Sectis-ის ავტორობის პრობლემა და თხზულების ძველი ქართული თარგმანი არსენ ვაჩეს ძის „დოგმატიკონში“

საკითხის ისტორიისთვის

De Sectis-ის სახელით ცნობილი თხზულება, რომელიც 10 სიტყვისაგან, ანუ 10 თავისაგან შედგება, ქრისტოლოგიური საკითხების განხილვას ეძღვნება და მიზნად ერეტიკული მოძღვრებების განქიქებას ისახავს. სწორედ აქედან გამომდინარე ეწოდა მას დასავლურ სამეცნიერო ტრადიციაში De Sectis, ანუ „ერესების შესახებ“. მიუხედავად იმისა, რომ მის კვლევას დიდი ხნის ისტორია აქვს, ამ დრომდე ტექსტის მხოლოდ ერთი კრიტიკული გამოცემა არსებობს, რომელიც ბელგიელ მკვლევარს, მარიზა ვაგმანს ეკუთვნის [Waegman, 1982]. გამომცემელს, სამწუხაროდ, ტექსტის ისტორიის შესწავლისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ქართული წყარო გათვალისწინებული არ აქვს, რადგან ლეილა დათიაშვილის გამოცემამდე დასავლეთის მეცნიერებს De Sectis-ის ქართული თარგმანის არსებობის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდათ.

1980 წელს ლ. დათიაშვილმა გამოსცა წიგნი „თეოდორე აბუკურა - ტრაქტატები და დიალოგები“ [დათიაშვილი, 1980]. წიგნში VIII-IX საუკუნეების აღმოსავლური ღვთისმეტყველების ერთ-ერთი გამორჩეული წარმომადგენლის, თეოდორე აბუკურას შრომების არსენისეულ თარგმანებს შორის წარმოდგენილია ტრაქტატი, რომლის სათაურია: „თეოდორე, ყოვლად ღმრთის-მოყუარისა მონაზონისა და უფროჲსად ბრძნისა ფილოსოფოსისა თუ ვითარ სათანადო არს გულისჴმის-ყოფაჲ საღმრთოჲსა და გარეშისა ფილოსოფოსობისა სიტყუათაჲ“ [დათიაშვილი, 1980: 24-77]. აბუკურას შრომების ქართული თარგმანის გამოსვლისთანავე მისით მალევე დაინტერესდნენ უცხოელი ქართველოლოგები - ბერნარ უტიე და მიშელ ვან ესბროკი. ბ. უტიე Bedi Kartlisa-ს 1982 წლის ნომერში აქვეყნებს ინფორმაციას ლ. დათიაშვილის აბუკურას ქართულ გამოცემასთან დაკავშირებით [Outtier, 1982], შესაბამისი ბერძნული ორიგინალებითურთ უთითებს ყველა შრომას, რაც აბუკურას ქართულ გამოცემაშია შესული და ამგვარად ირკვევა, რომ: 1. ლ. დათიაშვილის მიერ გამოცემულ წიგნში პირველ თხზულებად წარმოდგენილი შრომის ავტორია არა თეოდორე აბუკურა, არამედ VI საუკუნის მოღვაწე, ქართული მთარგმნელობითი ლიტერატურისათვის სრულიად უცნობი ავტორი, ვინმე ლეონტი. 2. De Sectis-ის ბერძნული ორიგინალი, რომელიც ქართველ მეცნიერებს დაკარგულად მიაჩნდათ, არსებობს და მის კვლევას ევროპაში მრავალწლიანი ისტორია აქვს; ქართველი მეცნიერები De Sectis-ის ბერძნულ ორიგინალს დაკარგულად გარკვეული გაუგებრობის გამო მიიჩნევდნენ: მიაკუთვნებდნენ რა ამ შრომას თეოდორე აბუკრას კალამს [დათიაშვილი, 1977: 21], მის ბერძნულ დედანსაც PG1 97-ე ტომში ეძებდნენ, იქ, სადაც აბუკურას თხზულებების ბერძნული და ლათინური თარგმანებია წარმოდგენილი. ხოლო მას შემდეგ, რაც ტექსტი იქ ვერ აღმოაჩინეს, ლ. დათიაშვილმა ივარაუდა, რომ აღნიშნული თხზულების ბერძნულ ხელნაწერს ან გამომცემელმა ვერ მიაგნო, ან კიდევ De Sectis-ის ბერძნული დედანი დაკარგულია და ჩვენამდე მხოლოდ მისმა თარგმანმა მოაღწია [დათიაშვილი, 1977: 23].

ბ. უტიეს შემდეგ De Sectis-ის ქართული თარგმანის შესახებ კიდევ ერთი ქართველოლოგი, მ. ვ. ესბროკი, აქვეყნებს ორ გამოკვლევას: „De Sectis-ი, მიკუთვნებული ლეონტი ბიზანტიელისადმი, არსენ იყალთოელის2 ქართულ თარგმანში“ [Esbroeck, 1984] და „ლეონტი ბიზანტიელისადმი მიკუთვნებული De Sectis-ი, თარიღი და ავტორი“ [Esbroeck, 1985]. როგორც ლ. დათიაშვილი აღნიშნავს, ქართული თარგმანის გამოჩენით ბელგიელ მეცნიერს საშუალება მიეცა, კიდევ ერთხელ შეესწავლა ეს საკითხები და, რაც მთავარია, არსენისეული ტექსტი ბერძნული ორიგინალისათვის შეეპირისპირებინა, რისი შესაძლებლობაც, ტექსტის არსენისეული თარგმანის გამოცემისას,  ქართველ მეცნიერებს არ ჰქონდათ [დათიაშვილი, 1989: 210]. თავის წერილში მ. ვ. ესბროკი საუბრობს, ქართველი გამომცემლის მიერ, VI-VIII საუკუნეების ავტორების აღრევაზე [Esbroeck, 1984 : 35] და, ანაქრონიზმის ფაქტიდან გამომდინარე, გამორიცხავს თეოდორე აბუკურას, VIII-IX საუკუნეების მოღვაწის, ავტორობას De Sectis-ისა, თხზულებისა, რომელიც შესულია 668-680 წლებს შორის შედგენილ დოგმატიკურ კრებულში Doctrina Patrum  [Esbroeck, 1984 : 39].

საანალიზო ტექსტი რამდენიმე ქართულ ხელნაწერში გვხვდება, რომელთაგანაც ყველაზე სრული S-1463 ხელნაწერია, შესაბამისად, ძირითადი ნუსხაც ის არის [კეკელიძე, 1980: 277]. ნაშრომი ყველა ხელნაწერში ერთი და იმავე სათაურით არის შესული: „თეოდორე, ყოვლად ღმრთის-მოყუარისა მონაზონისა და უფროჲსად ბრძნისა ფილოსოფოსისა თუ ვითარ სათანადო არს გულისჴმის-ყოფაჲ საღმრთოჲსა და გარეშისა ფილოსოფოსობისა სიტყუათაჲ“ [დათიაშვილი, 1977: 22]. ქართველ მეცნიერთა მიერ ამ თეოდორეს, რომელიც სათაურში იხსენიება, გაიგივებას ხარანის ეპისკოპოს თეოდორე აბუკურსთან ლ. დათიაშვილი თავის ერთ-ერთ სტატიაში ამგვარად ხსნის: გაუგებრობის ერთ-ერთი მიზეზი არსენის ავტორიტეტი იყო; მისი ცნობის სისწორეში ეჭვის შეტანა არც ერთ მკვლევარს და, მათ შორის, არც ჩვენ არ გვიფიქრიაო [დაათიაშვილი, 1989: 296].  ამასთან დაკავშირებით უნდა ითქვას, რომ არსენი სათაურში არსად არ ახსენებს აბუკურას, არამედ ის მოიხსენიებს მხოლოდ სახელს - თეოდორე, რაც სრულებით არ ნიშნავს, რომ იგი მაინცადამაინც თეოდორე აბუკურას გულისხმობს.  „ყოვლად ღმრთის-მოყუარე მონაზონი და უფროჲსად ბრძენი ფილოსოფოსი“- ამგვარ გამოთქმას სხვა პირების მიმართაც შეიძლება შევხვდეთ.

„თეოდორე ყოვლად ღმრთის მოყვარე ფილოსოფოსში“  აბუკურას შეიცნობდა კ. კეკელიძეც. იგი შენიშნავდა, რომ თეოდორე აბუკურა, ხარანელი ეპისკოპოსი „უნდა იგულისხმებოდეს აგრეთვე „ყოვლად ღმრთისმოყუარე მონაზონად და უფროჲსად ბრძენ ფილოსოფოსად“ [კეკელიძე, 1980: 281].  ქართველ მეცნიერთა პოზიციას ამ საკითხთან მიმართებაში, სავარაუდოდ, განაპირობებდა „დოგმატიკონში“ თეოდორე აბუკურას სახელით შესული არაერთი შრომა. შესაძლოა, სწორედ, აქედან გამომდინარეც გააიგივეს „ყოვლად ღმრთისმოყვარე მონაზონი თეოდორე“  მასთან.  თუმცა, ამასთან დაკავშირებით, ვფიქრობთ, გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ „დოგმატიკონის“ S-1463 ხელნაწერში თეოდორე აბუკურას შრომები 226r-256r და 288r-301r გვერდებზეა წარმოდგენილი, ხოლო De Sectis-ი - 190v-202v-ზე. გამომდინარე იქიდან, რომ S-1463 ხელნაწერი, მეცნიერთა მიერ, ყველაზე ადრეულ და სრულ ვერსიად არის მიჩნეული, მკვლევრები ვარაუდობენ, რომ შრომების რიგითობის არსენისეულ ვერსიასთანაც ყველაზე ახლოს ეს ხელნაწერი უნდა იდგეს [Otkhmezuri, 2022: 379]. ამიტომ მიგვაჩნია, რომ არსენი,  იმ შემთხვევაში, თუკი ყოვლად ღმრთის-მოყუარე მონაზონსა და უფროჲსად ბრძენ ფილოსოფოს თეოდორეში თეოდორე აბუკურას გულისხმობდა, სავრაუდოდ, ამ შრომასაც თეოდორე აბუკურას შრომათა წყებაში განათავსებდა.

ამგვარად, თუკი თხზულების სათაურში მოხსენიებულია არა თეოდორე აბუკურა, არამედ სხვა თეოდორე, მაშინ ვინ არის ეს „სხვა თეოდორე“? გარდა ამისა, თუკი ამ შრომის ნამდვილი ავტორი ვინმე ლეონტია, როგორც ამას ბ. უტიეს წერილიდან ვიგებთ, მაშინ რა აკავშირებს საანალიზო ტექსტთან სათაურში მოხსენიებულ თეოდორეს? სწორედ ამის გარკვევას ცდილობენ უკვე მრავალი წელია De Sectis-ის მკვლევრები, თუმცა საბოლოოდ დადგენილი პასუხი ჯერ კიდევ არ არსებობს. ჩვენ შევეცდებით, შეძლებისდაგვარად სრულად, რის საშუალებასაც სტატიისათვის განკუთვნილი გვერდების რაოდენობა გვაძლევს, გადმოგცეთ ყველა ის ძირითადი ჰიპოთეზა, რაც ამ საკითხთან დაკავშირებით არსებობს და შემდეგ გაგიზიაროთ საკუთარი მოსაზრებაც.

De Sectis-ის ავტორობის საკითხის დასადგენად ყველაზე მნიშვნელოვან წყაროს ტექსტის სათაური წარმოადგენს, რომელიც შემდეგნაირად ჟღერს: Σχόλια Λεοντίου σχολαστίκου Βυζαντίου ἀπὸ φωνῆς θεοδώρου τοῦ θεοφιλεσάτου Ἀββᾶ καὶ σοφωτάτου φιλοσόφου, τήν τε θείαν καὶ ἐξωτικὴν ὠς χρὴ φιλοσοφήσαντος γραφήν [Waegman, 1982: 1]. ამგვარად, სათაურში ტრაქტატის ავტორად წარმოდგენილია ლეონტი: Σχόλια Λεοντίου ანუ „სქოლიონები ლეონტისა“3. ვინ არის ეს ლეონტი და რა ვიცით მის შესახებ?

ზემოთ აღვნიშნეთ, რომ ბ. უტიესა და მ. ვ. ესბროკის თანახმად, De Sectis-ის ავტორი უნდა იყოს VI საუკუნის მოღვაწე - ლეონტი ბიზანტიელი. მეცნიერთა ნაწილი, მათ შორის, ტექსტის პირველი მკვლევარი, ფრიდრიხ ლოოფსი, ამ ლეონტის აიგივებდა, ასევე, VI საუკუნის მოღვაწე, ლეონტი იერუსალიმელთან და მას მიაწერდა შემდეგი სამი ტრაქტატის ავტორობასაც: 1. Tres libri contra Nestorianos et Eutychianos. „ნესტორიანელთა და ევტიქიანელთა წინააღმდეგ მიმართული სამი სიტყვა“. 2. Solutio argumentorum a Severo objectorum. „სევეროსის მიერ წამოყენებულ არგუმენტთა გაბათილება“. 3. Capita triginta contra Severum. „ოცდაათი თავი სევეროსის წინააღმდეგ“ [Rees, 1939: 346].4 თუმცა დღეს გაზიარებული მოსაზრებით De Sectis-ისა და ზემოხსენებული სამი ტრაქტატის ავტორი სხვადასხვა პიროვნებაა. სხვადასხვა პიროვნებები არიან ლეონტი ბიზანტიელი და ლეონტი იერუსალიმელიც [Rees, 1939. Evans 1970].

ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ვერსია, ტრაქტატის ავტორობის საკითხთან დაკავშირებით, ფ. ლოოფსს ეკუთვნის. ლოოფსი გასაღებს ხედავდა ფრაზაში - Σχόλια Λεοντίου და ვარაუდობდა რომ De Sectis-მდე არსებობდა სხვა შრომა, ლეონტი ბიზანტიელის მიერ შექმნილი, რომლის სათაურიც უნდა ყოფილიყო, სწორედ, Σχόλια Λεοντίου ანუ „ლეონტის სქოლიონები“. ხოლო De Sectis-ი კი წარმოადგენს ლეონტის თავდაპირველი შრომის ანუ „ლეონტის სქოლიონების“ გადამუშავებულ ვერსიას ვინმე ამბა თეოდორეს მიერ. მკვლევრის აზრით, გადამუშავებული ვერსია საკმაოდ განსხვავდებოდა ორიგინალი შრომისაგან, რომელსაც იგი დაკარგულად მიიჩნევდა.  ლოოფსი ვარაუდობდა, რომ ლეონტი ბიზნატიელს შრომის თავდაპირველი ვერსია 538-543 წლებს შორის უნდა შეექმნა [Rees, 1939: 346-349]. გარკვეულწილად, ლოოფსის თეორიის მომხრე იყო მ. ვ. ესბროკიც. ისიც მიიჩნევდა, რომ თავდაპირველმა ტექსტმა, რომლის ავტორიც ლეონტი ბიზანტიელი იყო, შემდგომში სერიოზული ცვლილებები განიცადა ამბა თეოდორეს მიერ [ინტერნეტრესურსი 1].

აღსანიშნავია, რომ ქართულ თარგმანში ფრაზა -Λεοντίου σχολαστίκου Βυζαντίου - ამოღებულია [S-1463: 190v; დათიაშვილი, 1980: 24]. ამის მიზეზი, სავარაუდოდ, განსხვავებული ხელნაწერი უნდა იყოს. საინტერესოა, რა ხელნაწერით სარგებლობდა არსენი და როგორია ბერძნულ ხელნაწერთა მონაცემები ლეონტი ბიზანტიელთან დაკავშირებით, რამდენი მათგანი იხსენიებს მას შრომის ავტორად? De Sectis-ის შემცველ ხელნაწერთა მონაცემების შეჯერების შედეგად, შეგვიძლია, ვთქვათ, რომ ლეონტი ბიზანტიელის სახელი მხოლოდ 5 ხელნაწერში დასტურდება, ხოლო სახელი თეოდორე, გარდა არასრული O ხელნაწერისა,  მოხსენიებულია უკლებლივ ყველა მათგანში არსენისეული თარგმანის შემცველი ქართული ვერსიის ჩათვლით. აღსანიშნავია, რომ ბერძნულ ხელნაწერთა მონაცემების გათვალისწინებით, მ. ვაგმანი მიდის დასკვნამდე, რომ De Sectis-ის სათაურის მთავარი და ყველაზე საგულისხმო ნაწილია არა Λεοντίου σχολαστικοῦ Βυζαντίου, არამედ - ἀπὸ φωνῆς θεοδώρου. იგი იზიარებს მ. რიშარის მოსაზრებას, რომ სწორედ ἀπὸ φωνῆς (სიტყვასიტყვითი თარგმანია: „ხმიდან“.  ἀπὸ φωνῆς θεοδώρου ანუ „თეოდორეს ხმიდან“) გულისხმობს და მიემართება ავტორს. აქედან გამომდინარე, მკვლევარი ვარაუდობს, რომ ტრაქტატი დაწერილი უნდა იყოს ვინმე თეოდორეს მიერ [Waegman, 1976: 191-192]. რაც შეეხება არსენისეული დედნის საკითხს, დიდი ალბათობით, არც მის ხელთ არსებულ წყაროში იხსენიებოდა ლეონტი ბიზანტიელის სახელი. ამ ვარაუდის საფუძველს გვაძლევს მ. ვ. ესბროკის კვლევა. მეცნიერი De Sectis-ის ქართული თარგმანის გაცნობის შემდეგ მას უდარებს ბერძნულ ორიგინალებს და ასკვნის, რომ ყველაზე მეტ სიახლოვეს ქართული თარგმანი  XII ს-ის ხელნაწერთან აჩვენებს - Athos Vatopedi N 236, რომელიც მ. ვაგმანის კრიტიკულ აპარატში C ლიტერით აღინიშნება. ხოლო ამ ხელნაწერში კი სათაური წარმოდგენილია შემდეგნაირად: Σχόλια ἀπὸ φωνῆς θεοδώρου τοῦ θεοφιλεστάτου Ἀββᾶ καὶ σοφωτάτου φιλοσόφου τήν τε θείαν καὶ ἐξωτικὴν ὠς χρῂ φιλοσοφῄσαντος γραφήν [Waegman, 1976: 191]. ესბროკის თანახმად, სათაურის ეს ვერსია უნდა ყოფილიყო არსენის ხელთ არსებულ ხელნაწერშიც [Esbroeck, 1984: 40-41], თუმცა არსენთან, როგორც უკვე ვიცით, შემდეგი ვერსია გვაქვს: „თეოდორე, ყოვლად ღმრთის-მოყუარისა მონაზონისა და უფროჲსად ბრძნისა ფილოსოფოსისა თუ ვითარ სათანადო არს გულისჴმის-ყოფაჲ საღმრთოჲსა და გარეშისა ფილოსოფოსობისა სიტყუათაჲ [დათიაშვილი, 1980: 24].

არსენის ქართულ თარგმანში, ერთი შეხედვით, არ არის გადმოღებული ისეთი მნიშვნელოვანი ტერმინი, როგორიც არის ἀπὸ φωνῆς. თუკი ამ გამოთქმის  პირველადი მნიშვნელობიდან ამოვალთ, რაც გულისხმობდა „მიხედვით“, მისი თარგმნა სრულიად შეცვლიდა სათაურის შინაარსს (გვექნებოდა არა „სიტყვები თეოდორესი“, არამედ „თეოდორეს ზეპირი სწავლების მიხედვით“). თუმცა, მ. რიშარის დაკვირვებით, ტერმინის ასეთი გაგება ეხება მხოლოდ V-VII საუკუნეებს, VIII საუკუნიდან კი ეს ფორმულა აღნიშნავს მხოლოდ კუთვნილებას და მიემართება ავტორს. ანუ არა „თეოდორეს ზეპირი სწავლების მიხედვით“, არამედ „თეოდორესი“ [Richard, 1950: 222]. ასე რომ, თუკი ეს ასეა და თუკი არსენს მართლაც C ნუსხიდან მომდინარე ხელნაწერი ედო წინ, გამოდის რომ მას ტერმინ ἀπὸ φωνῆς-ის თარგმნა არ „დავიწყებია“. არამედ არსენი მას თარგმნის თავისი ეპოქის, ანუ XII საუკუნის შესაბამისად, როდესაც ეს ტერმინი ნიშნავდა კუთვნილებას: ἀπὸ φωνῆς θεοδώρου - „თეოდორესი“ [Esbroeck, 1984: 40-41]. ჩვენ არ გვაქვს საფუძველი ვიფიქროთ, რომ არსენს ტერმინის ზუსტი ეკვივალენტი არ გადმოაქვს, ან, საერთოდაც, მას უთარგმნელს ტოვებს, რადგან მისი თარგმნის სტილი ელინოფილური ანუ სიტყვასიტყვითი თარგმანის პრინციპებს ემყარება, ამიტომ საეჭვოა, მას ასეთი მნიშვნელოვანი ტექნიკური ტერმინი უყურადღებოდ დაეტოვებინა. ხოლო თუკი ესბროკის ვერსია სინამდვილეს შეესაბამება და არსენი მართლაც C ნუსხიდან მომდინარე რომელიმე ხელნაწერით სარგებლობდა, მაშინ ქართულ თარგმანში ტერმინ ἀπὸ φωνῆς-ის გამოტოვება შეიძლება, დამატებითი არგუმენტიც იყოს მ. რიშარის ზემოხსენებული მოსაზრებისა, რომ რაღაც პერიოდიდან ეს ტერმინი აღნიშნავდა და მიემართებოდა მხოლოდ ავტორს.

საინტერესოა მკვლევარ სილას რისის პოზიციაც, რომელიც ფ. ლოოფსის ვერსიას არ იზიარებს. მკვლევრის აზრით, De Sectis-ის ავტორი, შესაძლოა, თავისი წინამორბედის, ლეონტი ბიზანტიელის მასალას (ანუ ზემოხსენებულ სამ ტრაქტატს: Contra N. et E., Epilysis და Triginta capita.) იყენებს, როგორც წყაროს, ხოლო შრომის შემქმნელი და ნამდვილი ავტორი კი არის, დამოუკიდებელი მწერალი, ამბა თეოდორე [Rees, 1939: 351]. ს. რისი ფიქრობს, რომ, სავარაუდოდ, ტრაქტატი თავდაპირველად წარმოადგენდა თეოდორეს მიერ წაკითხულ ლექციათა სერიას რელიგიური მიმდინარეობებისა და ერესების ისტორიის შესახებ. სწორედ ამას უნდა ნიშნავდეს სათაურის ცნობა ἀπὸ φωνῆς θεοδώρου. თეოდორეს მსმენელთა შორის უნდა ყოფილიყო ვინმე ლეონტიც, ბიზანტიელი სქოლასტიკოსი (მაგრამ არა ამ სამი ტრაქტატის ავტორი, არამედ ვიღაც სხვა ლეონტი), თანამედროვე ამბა თეოდორესი. მას უნდა მიემართებოდეს სათაურის შემდეგი ტერმინი - σχόλια Λεοντίου ანუ „ლეონტის სქოლიონები“. ს. რისის თანახმად, სწორედ, ეს ლეონტი ბიზანტიელი უნდა იყოს პასუხისმგებელი თეოდორეს ლექციების, ანუ De Sectis-ის იმ ფორმით არსებობისა, რაც დღეს გვაქვს [Rees, 1939: 359]. რაც შეეხება, შრომის შექმნის თარიღს, მკვლევარი მას 579-607 წლებით ათარიღებს. ამის საფუძველს მას აძლევს ფრაზა: „იუსტინიანეს დროიდან მოყოლებული“ (ἀπὸ τῶν χρόνων). მისი აზრით, ამ სიტყვების დამწერი, ჩანს, რომ იხსენებს იუსტინიანეს მეფობის ხანას, ანუ 527-565 წლებს, რაც არ შეეძლო გაეკეთებინა 543 წელს გარდაცვლილ ლეონტი ბიზანტიელს, ავტორს ზემოხსენებული სამი ტრაქტატისას [Rees, 1939: 353-354].

თუკი რისი-რიშარის მოსაზრებას გავიზიარებთ, გამოდის რომ De Sectis-ის ავტორობის საკითხის კვლევისას ჩვენ საძიებელი გვყავს ორი პიროვნება. ამბა თეოდორე - სავარაუდო ავტორი ტრაქტატისა და ლეონტი ბიზანტიელი - სავარაუდო „რედაქტორი“.

ამბა თეოდორე

ამბა თეოდორეს შესახებ ბევრი არაფერი ვიცით. მეცნიერები მას აიგივებდნენ VI-VII საუკუნეებში მოღვაწე თეოდორე რაითელთან, რომელიც მონოთელიტურ დისკუსიაში მონაწილეობდა. ზოგიერთი წყაროს მიხედვით თეოდორე რაითელი იგივე თეოდორე ფარანელია, ეპისკოპოსი ფარანისა, რომლის გარდაცვალების თარიღადაც ოქსფორდის ბიზანტიის ლექსიკონში არა უგვიანეს 625 წელია მითითებული [Baldwin…, 1991: 2044]); ჩვენ მოვიძიეთ 1921 წელს გამოცემული „სინას ისტორია“ [Eckenstein, 1921: 133], რომელიც მოკლე ცნობას გვაწვდის ფარანის, სავარაუდოდ, უკანასკნელ ეპისკოპოსსა და მონოთელიტური მოძღვრების მამამთავარ თეოდორეს შესახებ, რომლის აქტიური მხარდამჭერიც იყო კონსტანტინოპოლის პატრიარქი სერგი (610-638). პატრიარქი თეოდორეს პროტექციას უწევდა პაპ ჰონორიუსთან, რომლის მოღვაწეობის პერიოდი 625-638 წლებით განისაზღვრება. ამგვარად, ამ ცნობის თანახმად, გამოდის, რომ თეოდორე ფარანელი  625 წელს, მართლაც, ჯერ კიდევ ცოცხალია.

თეოდორე რაითელსა და თეოდორე ფარანელს ერთსა და იმავე პიროვნებად მიიჩნევს კირილ ჰოვორუნი. მას ეკუთვნის ვრცელი გამოკვლევა ამ მოღვაწის შესახებ, ხოლო ჩვენთვის საგულისხმოა ის ფაქტი, რომ თავის კვლევაში მკვლევარი საერთოდ არ ახსენებს De Sectis-ს. მეტიც, იგი ხაზსგასმით აღნიშნავს, რომ ერთადერთი შრომა თეოდორე რაითელისა, რომელმაც ჩვენამდე მოაღწია არის Προπαρασκευή („სამზადისი/მომზადება“), რომელიც, ზოგჯერ, იხსენიება, როგორც Περὶ τῆς ἐνσαρκώσεως  ანუ „განკაცების შესახებ“ [ინტერნეტრესურსი 2].

De Sectis-ის ავტორთა შორის მონოთელიტ თეოდორე რაითელს არ მოიაზრებს არც მ. ვ. ესბროკი. მისი აზრით, ყველა ის პასაჟი, რომელიც შრომის შექმნის თარიღად VI ს-ის მიწურულს, ან VII ს-ის დასაწყისს გვავარაუდებინებს, მოგვიანებით არის ჩამატებული [ინტერნეტრესურსი 1]. თუმცა საწინააღმდეგოს ფიქრობდა ს. რისი, რომელიც ამბა თეოდორეში, სწორედ, თეოდორე რაითელს შეიცნობდა [Rees, 1939: 359]. ზემოთ უკვე ვისაუბრეთ, რომ ს. რისი ტრაქტატის გვიანი დათარიღების (579-607 წლები) მომხრეა. გვიანდელი დათარიღების მომხრეა უვე მიქაელ ლენგიც, ოქსფორდის უნივერსიტეტის თეოლოგიის დოქტორი. მისი აზრით, ესბროკის არგუმენტები, De Sectis-ის შექმნის თარიღად შემოგვთავაზოს უფრო ადრეული, 543-551 წლები, საკმარისად დამაჯერებელი არ არის, რადგან ტექსტი გვაწვდის მყარ მტკიცებულებებს იმ მოსაზრების სასარგებლოდ, რომ შრომა 580-608 წლებს შორის უნდა იყოს შექმნილი [Lang, 1998: 98].

ლეონტი ბიზანტიელი

ლეონტი ბიზანტიელის, De Sectis-ის სავარაუდო ავტორის/„რედაქტორის“ პიროვნებისა და მრწამსის შესახებ სხვადასხვა მოსაზრება არსებობს. ტრადიციული ვერსიით, იგი იყო მტკიცე ქალკედონიტი, თუმცა ზოგიერთი მკვლევარი  მას ორიგენეს მიმდევრადაც მიიჩნევს. საკითხავია, რამდენად ეხება აზრთა ეს სხვადასხვაობა ერთსა და იმავე პიროვნებას. იმ პერიოდისათვის, როდესაც ფ. ლოოფსი De Sectis-is შექმნას ვარაუდობდა, ოცამდე ცნობილი ადამიანი მაინც ატარებდა ამ სახელს. მათ შორის არიან - ბერი ლეონტი ბიზანტიელი და ლეონტი იერუსალიმელი, რომელთაც ფ. ლოოფსი ერთ პიროვნებად მიიჩნევდა [Rees, 1939: 346]. თუმცა დღემდე არ არის საბოლოოდ დადგენილი, ამ მრავალ ლეონტითა შორის რომელი მათგანია De Sectis-ის სქოლიონების შესაძლო ავტორი/„რედაქტორი“.

ოქსფორდის ბიზანტიის ლექსიკონის მიხედვით, ლეონტი ბიზანტიელი და ლეონტი იერუსალიმელი სხვადასხვა პიროვნებაა [Baldwin..., 1991: 1213]. De Sectis-ის სავარაუდო ავტორად დასახელებულია ლეონტი ბიზანტიელი (გარდაცვალების თარიღი 543 წელი). იგი უნდა ყოფილიყო მოწაფე და თანამედროვე წმ. საბასი, რომელთან ერთადაც უმოგზაურია კონსტანტინოპოლში 531 წელს, თუმცა მათ შორის დაპირისპირება მოხდა მას შემდეგ, როცა საბამ ლეონტის ორიგენიზმისაკენ მიდრეკილება შეიტყო. ამ მოსაზრებას არ იზიარებს ლ. დათიაშვილი. მიუხედავად ქრონოლოგიური დაშვებულობისა, მას უჭირს, ერთმანეთთან გააიგივოს ავტორი De Sectis-ისა, მწვალებელთა მიმართ ერთობ კრიტიკული ტრაქტატისა, „საბას ცხოვრებისეულ“ ლეონტისთან, რომელიც მოიხსენიება, როგორც „განმხრწნელისა ოროგინჱს“ და დასახელებულია ერეტიკოსთა ყველაზე მძლავრ წარამომადგენელთა გვერდით [დათიაშვილი, 1989: 301].

ლ. დათიაშვილი, ვფიქრობთ, სწორი იყო, რადგან, როგორც გავარკვიეთ, „საბას ცხოვრებაში“ მოხსენიებული VI საუკუნის მოღვაწე, ორიგენეს მოძღვრების მიმდევარი ბერი ლეონტი ბიზანტიელი ავტორია ტრაქტატებისა Contra N. et E; Epilysis და Triginta Capita, მაგრამ არა De Sectis-ისა. „საბას ცხოვრების“ ლეონტი და De Sectis-ის ავტორი ლეონტი ერთი და იგივე პირი ვერ იქნება ს. რისის თანახმადაც. მისი აზრით, გარდა იმ ტექსტუალური და ქრისტოლოგიური სხვაობებისა, რაც De Sectis-სსა და ამ სამ ტრაქტატს შორის არსებობს, „საბას ცხოვრების“ ლეონტი ანაქრონიზმიდან გამომდინარეც ვერ იქნება საანალიზო ტექსტის ავტორი, რადგან კირილე სკვითოპოლელის ცნობით, ლეონტი გარდაიცვალა დაახლ. 543 წელს, ხოლო De Sectis-ის ავტორს კი შრომა, ყველაზე ადრე, 579 წელს უნდა შეექმნა [Rees, 1939: 359]. თუმცა, ჩვენი მხრივ, დავძენთ, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუკი შრომის ლოოფსის, ანუ ადრეული დათარიღების მომხრენი ვართ (538-543), ვფიქრობთ, „საბას ცხოვრებაში“ მოხსენიებული, 543 წელს გარდაცვლილი ლეონტი ბიზნატიელი, მაინც, ვერ იქნება შრომის ავტორი. ამ ვარაუდის საფუძველს  შრომაში დასახელებული გვიანი პერიოდის მოღვაწეთა სახელები გვაძლევს (იუსტინიანე I და სხვ.).

ს. რისის პოზიციას იზიარებს ლეონტი ბიზანტიელის კიდევ ერთი მკვლევარი, დევიდ ევანსი. იგი ზემოხსენებულ სამ ტრაქტატს და, ასევე, შრომას - Adversus fraudes Apollinaristarum ანუ „აპოლინართა ცრურწმენის წინააღმდეგ“ (თუმცა უკანასკნელის ავთენტურობას ეჭქვეშ აყენებს) „ლეონტის კორპუსად“ მოიხსენიებს, დეტალურად განიხილავს მათ და ამტკიცებს, რომ ამ შრომების ავტორის, ანუ ლეონტი ბიზანტიელის, ღვთისმეტყველება ორიგენისტულია [Evans, 1970: I]. დ. ევანსის თანახმად, ლეონტიმ თავისი შემოქმედებით დიდი გავლენა მოახდინა მის შემდგომ თაობებზე - ლეონტი იერუსალიმელზე, პამფილიუსზე, მაქსიმე აღმსარებელსა და იოანე დამასკელზე. სწორედ, ამ გავლენიდან გამომდინარევე  მოხდა მისი აღრევა ჯერ ლეონტი იერუსალიმელთან, ხოლო შემდგომ უკვე De Sectis-ის ავტორ, ლეონტისთან [Evans, 1970: 3-4]. ამგვარად, ლ. დათიაშვილის სკეპტიციზმი, რომელიც De Sectis-ის ავტორის „საბას ცხოვრებისეულ“ ლეონტი ბიზანტიელთან გაიგივებით იყო გამოწვეული, არც თუ ისე უსაფუძვლო გამოდის. თითქოს, ყველაფერი ლაგდება, თუკი გავიხსნებთ მ. ვ. ესბროკის შენიშვნასაც, როდესაც ის იმ „გადაულახავ განსხვავაბებზე“ საუბრობს, რომელიც ლეონტი ბიზანტიელსა და De Sectis-ის ავტორს შორის არსებობს, ფილოსოფიური ტერმინოლოგიის თვალსაზრისითაც და ქრისტოლოგიური კუთხითაც. ესბროკი ამ სხვაობათა ახსნას კი ცდილობს ინტერპოლაციითა და გვიანი დროის ჩამატებებით [ინტერნეტრესურსი 1], თუმცა, შესწავლილი მასალების საფუძველზე, უფრო მართებულია, ვიფიქროთ, რომ საქმე უნდა გვქონდეს არა ინტერპოლაციასთან, არამედ ორ სხვადასხვა ლეონტი ბიზანტიელთან. ერთი ლეონტი არის ავტორი/„რედაქტორი“ De Sectis-ისა, ხოლო მეორე კი, ორიგენისტი ბერი, ავტორი ე.წ. „ლეონტის კორპუსისა“ .

დაბოლოს, გვინდა მოკლედ შევეხოთ ლეონტი იერუსალიმელის საკითხსაც, ავტორს მონოფიზიტთა და ნესტორიანელთა წინააღმდეგ დაწერილი ორი ნეოქალკედონური შრომისა (Adversus Nestorianos და Contra Monophysitas).  კვლევის საწყის საფეხურზე ჩვენ ვუშვებდით ვერსიას, რომ De Sectis-ის ავტორი, შესაძლოა, სწორედ, ლეონტი იერუსალიმელი ყოფილიყო. ვფიქრობდით, რომ მისი გაიგივება ორიგენისტ ლეონტი ბიზანტიელთან არაერთი დამთხვევის გამო მოხდა: გარდა იმისა, რომ ორივე VI ს.-ის მოღვაწეა, ემთვხევა მათი გარდაცვალების თარიღიც - ორივე მათგანი გარდაიცვალა 543 წელს; ორივე მათგანი იუსტინიანე I-ის მიერ მოწვეულ, კონსტანტინოპოლის 532  და 536 წლების, კრებებზე იღებდა მონაწილეობას [Hollingsworth, 1991: 1213]. დამთხვევა იმდენად ბევრი იყო, რომ სრულიად ბუნებრივი გვეჩვენა მრწამსით ორთოდოქსი ლეონტი იერუსალიმელის აღრევა ორიგენეს მოძღვრების მიმდევარ ლეონტი ბიზანტიელთან. De Sectis-ის შესაძლო ავტორად/„რედაქტორად“ კი პირველ მათგანს ვვარაუდობდით. თუმცა დამატებითი მასალების გაცნობის და ზემოთ წარმოდგენილი მსჯელობის საფუძველზე, აზრი შევიცვალეთ. ვფიქრობთ, შრომის ავტორი არც ლეონტი იერუსალიმელია და არც ორიგენისტი ლეონტი ბიზანტიელი. სიმართლესთან ყველაზე ახლოს ს. რისის მოსაზრება უნდა იყოს, რომლის თანახმადაც, „ლეონტის სქოლიონების“, იმავე De Sectis-ის, ავტორი ვიღაც სხვა ლეონტია, ბიზანტიელი სქოლასტიკოსი, რომელიც უნდა იყოს თანამედროვე ამბა თეოდორესი და მისი ლექციების მსმენელი.

მოკლედ რომ შევაჯამოთ ჩვენი მოსაზრება De Sectis-ის ავტორთან დაკავშირებით, შემდეგია:

„დოგმატიკონის“ S-1463 ხელნაწერში თეოდორე აბუკურას შრომები 226r-256r და 288r-301r გვერდებზეა წარმოდგენილი, ხოლო De Sectis-ი კი 190v-202v-ზე. მიგვაჩნია, რომ არსენი  იმ შემთხვევაში, თუკი „ყოვლად ღმრთის-მოყუარე მონაზონსა და უფროჲსად ბრძენ ფილოსოფოს თეოდორეში” თეოდორე აბუკურას იგულისხმებდა, სავარაუდოდ, ამ თხზულებასაც თეოდორე აბუკურას შრომათა რიგში განათავსებდა. გარდა ამისა, არსენი არსად არ ახსენებს ზედწოდებას - აბუკურა, არამედ მხოლოდ სახელს - თეოდორე: თედორე, ყოვლად ღმრთის-მოყუარე მონაზონი და უფროჲსად ბრძენი ფილოსოფოსი. კონკრეტული პიროვნების ასე მოხსენიება სხვა პირების მიმართაც შეიძლება შეგვხვდეს, ამიტომ არ მიგვაჩნია, რომ არსენი აქ, მაინცდამაინც, თეოდორე აბუკურას გულისხმობს. გარდა ამისა, თეოდორე აბუკურას ავტორობა გამორიცხულია ანაქრონიზმის ფაქტიდან გამომდინარეც. De Sectis-ი შეტანილია კრებულში „მამათა მოძღვრება“, რომელიც 668-680 წლებს შორის არის შედგენილი, ხოლო თეოდორე აბუკურა კი VIII-IX საუკუნეების მოღვაწეა.

ტექსტში დასახელებული გვიანი პერიოდის მოღვაწეთა სახელების ფონზე, შრომის 579-607 ან 580-608 წლებში შექმნის ვერსიას ვემხრობით, ხოლო შრომის თავდაპირველი ვერსიის  (რომელსაც ლეონტი თავის სქოლიონებში გადმოსცემს) ავტორად ამბა თეოდორეს მივიჩნევთ. ამ მოსაზრებას გვიმყარებს ხელნაწერთა მონაცემები: სახელი თეოდორე მოხსენიებულია უკლბელივ ყველა მათგანში (გარდა არასრული O ხელნაწერისა), არსენისეული თარგანის შემცველი ქართული ვერსიის ჩათვლით. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ტერმინი ἀπὸ φωνῆς (რომელიც ორი ხელნაწერის - B, O - გარდა ყველა სხვა ხელნაწერში დასტურდება) ყველა შემთხვევაში მიემართება თეოდორეს. ვფიქრობთ, ეს ფაქტიც ამბა თეოდორეს ავტორობაზე მიუთითებს.

თავად ამბა თეოდორეზე კი ბევრი არაფრის თქმა არ შეგვიძლია. შრომის შექმნის თარიღიდან გამომდინარე, ვვარაუდობთ, რომ უნდა იყოს VI-VII საუკუნეების მოღვაწე, თუმცა თავს ვიკავებთ, დავაფიქსიროთ ჩვენი პოზიცია ამბა თეოდორესა და თეოდორე რაითელის იგივეობასთან დაკავშირებით. მიგვაჩნია, რომ საბოლოო დასკვნის გამოტანამდე, სულ მცირე, ჩასატარებელია Προπαρασκευή-ს ფილოლოგიური ანალიზი, ტექსტუალური კვლევა და შესაპირისპირებელია De Sectis-თან. მხოლოდ ამის შემდეგ იქნება შესაძლებელი ამბა თეოდორეს და თეოდორე რაითელის ერთმანეთისაგან განსხვავება ან ერთმანეთთან იდენტიფიცირება. თუმცა კი შევნიშნავთ იმას, რომ კ. ჰოვორუნის ცნობა, რომლის თანახმადაც 649 / 680-681 წლის საეკლესიო კრებების მიერ აიკრძალა და განადგურდა თეოდორე რაითელის ყველა შრომა5, გარდა ერთისა - Προπαρασκευή, გვაძლევს ეჭვის გამოთქმის საფუძველს, რომ ამბა თეოდორე და თეოდორე რაითელი სხვადასხვა პიროვნებაა.

De Sectis-ის ავტორ/„რედაქტორთან“ დაკავშირებით ჩვენ ვიზიარებთ მოსაზრებას, რომ ერთმანეთისაგან უნდა გავმიჯნოთ ორი ლეონტი: 1. ამბა თეოდორეს წინამორბედი, „საბას ცხოვრებაში“ მოხსენიებული ლეონტი ბიზანტიელი - ორიგენეს მიმდევარი, ავტორი ტრაქტატებისა Contra N. et E („ნესტორიანელთა და ევტექიანელთა წინააღმდეგ მიმართული სამი სიტყვა“) Epilysis (სევერუსის მიერ წამოყენებულ არგუმენტთა გაბათილება.); Triginta Capita („30 თავი სევეროსის წინააღმდეგ“) და Adversus fraudes Apollinaristarum („აპოლინარელთა ცრურწმენის წინააღმდეგ“). 2. ამბა თეოდორეს თანამედროვე ლეონტი ბიზანტიელი, მსმენელი მისი ლექციებისა. დავესესხებით ს. რისს და ვიტყვით, რომ, სწორედ, ეს ლეონტი უნდა იყოს პასუხისმგებელი თეოდორეს ლექციების, ანუ De Sectis -ის იმ ფორმით არსებობისა, რაც დღეს გვაქვს.

შრომების -  Adversus Nestorianos („ნესტორიანელთა წინააღმდეგ“) და Contra Monophysitas („მონოფიზიტთა წინააღმდეგ“) ავტორია ლეონტი იერუსალიმელი, ასევე VI ს-ის მოღვაწე. დღეს გაზიარებული მოსაზრებით იგი დამოუკიდებელი ავტორია და არც ერთ ლეონტი ბიზანტიელთან (არც De Sectis-ის და არც „ლეონტის კორპუსის“ ავტორებთან) საერთო არ აქვს.

თუკი მ. ვ. ესბროკის მოსაზრება სწორია და არსენს წინ C ნუსხიდან წარმომავალი დედანი ედო, მაშინ ქართული თარგმანი ადასტურებს მ. რიშარის დაკვირვებას, რომ VIII საუკუნიდან ტერმინი ἀπὸ φωνῆς აღნიშნავდა და მიემართებოდა მხოლოდ ავტორს. აქედან გამომდინარე, არსენი ტერმინს თარგმნის თავისი ეპოქის, XI-XII საუკუნეების, შესაბამისად. ანუ არა თეოდორეს ზეპირი სწავლების მიხედვით, არამედ სიტყვები თეოდორესი: „თეოდორე, ყოვლად ღმრთის-მოყუარისა მონაზონისა და უფროჲსად ბრძნისა ფილოსოფოსისა თუ ვითარ სათანადო არს გულისჴმის-ყოფაჲ საღმრთოჲსა და გარეშისა ფილოსოფოსობისა სიტყუათაჲ“.6 ეს კი ვფიქრობთ, უნდა მიუთითებდეს იმ ვერსიის სასარგებლოდ, რომ De Sectis-ის თავდაპირველი ვერსიის ავტორია ამბა თეოდორე და არა ლეონტი ბიზნატიელი.

 

[1]PG = Patrologia Graeca ანუ „ბერძნული პატროლოგია“, ეკლესიის მამათა ბერძნულენოვანი შრომების კრებული.

[2]მ. ვ. ესბროკის დროს არსენ იყალთოელი და არსენ ვაჩეს ძე ჯერ კიდევ არ არიან ერთმანეთისაგან დიფერენცირებულნი. დღეს გაზიარებული მოსაზრებით კი არსენ იყალთოელი და არსენ ვაჩეს ძე სხვადასხვა პირია. „დოგმატიკონის“ შემდგენილია არსენ ვაჩეს ძე,  თუმცა არ არის გამორიცხული, რომ კრებულში შესულ შრომათა ნაწილის მთარგმნელი არსენ იყალთოელიც იყოს.

[3]Σχόλια მრავლობითი ფორმაა ტერმინისა τὸ σχόλιον, რომელსაც რამდენიმე მნიშვნელობა აქვს. ის შეიძლება ვთარგმნოთ, როგორც კომენტარი, ინტერპრეტაცია, ასევე, შენიშვნა, სქოლიონი, სიტყვა, ლექცია. არსენი ამ ტერმინს თარგმნის, როგორც „სიტყვები“.

[4]სტატიაში გამოყენებულ იქნება ამ შრომების შემდეგი აბრევიატურები: Tres libri contra Nestorianos et Eutychianos = Contra N. et E. 2. Solutio argumentorum a Severo objectorum = Epilysis 3. Capita triginta contra Severum = Triginta capita.

[5]კ. ჰოვორუნის ცნობით, ზემოხსენებული კრებების მიერ თეოდორე რაითელი, რომელიც ამ დროისათვის უკვე გარდაცვლილია, მონოენერგიზმში იქნა დადანაშაულებული. ამის გამო ის დაგმობილ იქნა, ხოლო მისი შრომები აიკრძალა და განადგურდა [ინტერნეტრესურსი 2].

[6]მეტი თვალსაჩინოებისათვის მოგვყავს შესაბამისი ადგილი ბერძნულად და ვურთავთ ჩვენ მიერ შესრულებულ ახალ ქართულ თარგმანს: (Σχόλια ἀπὸ φωνῆς θεοδώρου τοῦ θεοφιλεσάτου Ἀββᾶ καὶ σοφωτάτου φιλοσόφου τήν τε θείαν καὶ ἐξωτικὴν ὠς χρὴ φιλοσοφήσαντος γραφήν [Esbroeck, 1984: 40]; „სქოლიოები თეოდორესი (ან: სქოლიონები წარმოთქმული თეოდორესგან), ღვთისთვის ძალზე საყვარელი ამბასი და უბრძენესი ფილოსოფოსისა, რომელიც ფილოსოფოსობს როგორც საჭიროა როგორც საღვთო, ისე გარეშე ნაწერზე.“

ლიტერატურა

დათიაშვილი ლ.
1980
ტრაქტატები და დიალოგები. თეოდორე აბუკურა. თბილისი.
დათიაშვილი ლ.
1989
ლეონტი ბიზანტიელი თუ თეოდორე აბუკურა?. ლიტერატურული ძიებანი. 3 (XVIII). თბილისი.
დათიაშვილი ლ.
1977
არსენ იყალთოელის თარგმანი თეოდორე აბუკურას ტრაქტატისა „საღმრთოისა და გარეშისა ფილოსოფოსობისათვის“. ძველი… გამომცემლობა „მეცნიერება“. თბილისი.
კეკელიძე კ.
1957
ეტიუდები. ძველი ქართული ლიტერატურის ისტორიიდან. ტ. V. თბილისი.
კეკელიძე კ.
1960
ეტიუდები. ძველი ქართული ლიტერატურის ისტორიიდან. ტ.VI. თბილისი.
კეკელიძე კ.
1980
ძველი ქართული ლიტერატურის ისტორია. ტ. I. თბილისი.
ლოლაშვილი ივ.
1978
არსენ იყალთოელი (ცხოვრება და მოღვაწეობა). თბილისი.
სურგულაძე მ.
2023
საქართველო და ბიზანტიური თანამეგობრობა: პოლიტიკა, კულტურა და იდენტობა იმპერიის საზღვრებზე (XI საუკუნე). თბილისი.
Baldwin B.
1991
Leontios of Byzantium. The Oxford Dictionary of Byzantium. volum 2.
Baldwin B.
1991
Leontios of Jerusalem. The Oxford Dictionary of Byzantium. volum 2.
Eckenstein L.
1921
History of Sinai. London.
Esbroeck M. V.
1984
Le “De Sectis” attribué à Léonce de Byzance (CPG 6823) dans la version géorgienne d’Arsène Iqualtoeli. vol. 42. Paris.
Esbroeck M. V.
2023
Online resource 1 La date et l’auteur D e S e c t i s attribué à Léonce de Byzance: http://krotov.info/libr_min/26_ae/sb/ruk_7.htm seen 07. 11. 2023.
Evans D. B.
1970
Leontius of Byzantium an Origeneist Christology. Washington.
Hovorun C.
2023
Online resource 2 Theodore of Raith. https://lmu0-my.sharepoint.com/:b:/g/personal/serhiy_hovorun_lmu_edu/EQoO-ibKP-9MjmeNnV2Tn7sBjuEXnUihHNpoiluMfypWsA?e=zCdUOV seen 10. 11. 2023.
Lang U. M.
1998
The Date of the Treatise De Sectis Revisited, in Orientalia Lovaniensia Periodica 29.
Otkhmezuri T.
2022
Medieval Georgian Literary culture and Book Production in the Christian Middle East and Byzantium.
Outtier B.
1982
Bedi Kartlisa. vol. 40. Paris.
Rees S.
1939
The De Sectis: A Treatise Attributed to Leontius of Byzantium. The Journal of Theological Studies. Volume 40. Issue 4.
Richard M.
1950
ΑΠΟ ΦΩΝΗΣ. Byzantion. Vol. 20
Waegeman M.
1976
The Text Tradition of the Treatise De Sectis (Ps. Leontinus Byzantinus). L'Antiquité Classique. vol. 45-1.
Waegeman M.
1982
Het traktaat De Sectis (ps. Leontius Byzantius) Tskstkritische uitgava en vertaling. Gent.