ძალაუფლების ბალანსის ანგლო-ამერიკული გამოცდილების ასახვა ქართულ პოლიტიკურ-სამართლებრივ რეალობაში
ამერიკული პოლიტიკური პრაქტიკის კოლონიური ფესვები
ამერიკული დემოკრატიის ორ საუკუნეზე ვრცელი ტრადიცია რამდენიმე განსხვავებულ ფაქტორს ეფუძნება, რომელთაგან, როგორც მკვლევარები, ასევე პრაქტიკოსი იურისტები და პოლიტიკოსები, გამოყოფენ ძალაუფლების შეკავებისა და გაწონასწორების სისტემას. ამის მაგალითია 2011 წლის 11 ოქტომბრის სენატის იურიდიული კომიტეტის სხდომა, რომელზეც მოსამართლე ანტონინ სკალიამ ამერიკული კონსტიტუციის ჭრილში მოსამართლის განსაკუთრებულ როლზე ისაუბრა. თავის გამოსვლაში მან ხაზი გაუსვა, თუ რატომ ფუნქციონირებს ჯერ კიდევ ამერიკული დემოკრატია და რა განასხვავებს მას ისეთი ავტორიტარული რეჟიმისგან, როგორიც საბჭოთა კავშირი იყო, რომელსაც, ყველასთვის გასაკვირად, ადამიანის უფლებების ნაწილი ბრწყინვალედ ჰქონდა ჩამოყალიბებული. ა. სკალიას თქმით, ასეთი ქვეყნების კონსტიტუციების ყველაზე სერიოზული პრობლემა ხელისუფლების ცენტრალიზაციისგან თავის დაზღვევის მექანიზმების არქონაა, რაც თავად ადამიანის უფლებების ნაწილსაც, „როგორც დამფუძნებლები იტყოდნენ, უსარგებლო ქაღალდის გროვად აქცევს“ [Scalia, 2011]. შემთხვევითი არ არის, რომ ამ გამოსვლაში სკალია სწორედ ძალაუფლების დანაწილების პრინციპის მნიშვნელობას უსვამს ხაზს, რომელიც ხელისუფლების სხვადასხვა შტოს შორის ძალაუფლების გადანაწილებას გულისხმობს. ამ კონცეფციაზე მითითებისას, სკალია მოიხმობს როგორც ამერიკის შეერთებული შტატების კონსტიტუციას, ასევე დამფუძნებელ მამებს, რომლებიც ძალაუფლების გამიჯვნის იდეას კონსტიტუციის შექმნამდეც მისდევდნენ. სწორედ ამაზე მიუთითებს ჯონ ადამსის 1776 წელს გამოქვეყნებული წერილი - „ფიქრები მმართველობის შესახებ“, რომელშიც იგი აღნიშნავს, რომ „თუკი საკანონმდებლო ხელისუფლება ერთ ასამბლეაშია წარმოდგენილი და აღმასრულებელი მეორეში, ეს ორი ძალაუფლება შეეწინააღმდეგება და გააწონასწორებს ერთმანეთს“ [Adams, 1776].
მკვლევარებისთვის სიახლეს არ წარმოადგენს ის ფაქტორი, რომ ამერიკული სისტემის წარმომავლობა უშუალოდ კოლონისტებთან და ახალმოსახლეებთანაა დაკავშირებული, რომლებიც ამერიკის კონტინენტზე ძირითადად ინგლისიდან ჩავიდნენ. ამდენად, ინგლისში მიმდინარე ისტორიულმა პროცესებმა და მე-17 საუკუნის რევოლუციურმა ქარტეხილებმა ამერიკის კოლონიებზეც პირდაპირი გავლენა მოახდინეს. ბევრ სხვასთან ერთად, ინგლისში განვითარებული მოვლენების ძირითადი მიზეზი აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ ძალაუფლების უზურპაციის მცდელობა იყო, რაც თავის თავზე ზედმეტად მაღალი წარმოდგენის მქონე ჯეიმს I-ის მხრიდან პარლამენტის გარეშე გადასახადების დაწესებისა და კანონების მიღების მცდელობით გამოვლინდა [Beard… 1944:15]. ასევე, შემთხვევითი არ არის 1649 წელს კრომველის მიერ ძალაუფლების აღება, რომელმაც მეფე სიკვდილით დასაჯა და საპარლამენტო რესპუბლიკის შექმნა სცადა. პურიტანეტის ფართო მხარდაჭერით, მან გადაჭრით უთხრა უარი როგორც მეფეს, ასევე - ლორდთა პალატას და ძალაუფლება თემთა პალატას ჩააბარა. თავის მხრივ, კრომველის დიქტატურაც იმავე აღმასრულებელი ხელისუფლების უზურპაციის გამოვლინება იყო, რომელიც უფრო ფართო ძალაუფლებას ხალხსა და თემთა პალატას გადასცემდა. მონარქიის რესტავრაციის შემდგომ პურიტანები ამერიკის კოლონიებში გადასახლდნენ, რის შედეგადაც კოლონები უფრო მეტად დაემსგავსა ინგლისს [Schudson, 1999:14]. ამასთან ერთად, სახელოვანი რევოლუციიდან 1763 წლის პარიზის ზავამდე, იმპერიული მთავრობის ზეწოლის გაძლიერებამ ამერიკულ კოლონიებს ინგლისთან კიდევ უფრო მეტი მსგავსება შესძინა [Murrin, 1987:334]. ამდენად, პოლიტიკური მიდრეკილებები და იდეალებიც სწორედ ინგლისურ გავლენას დაეფუძნა და ბრიტანული კონსტიტუცია პოლიტიკის დიდებულ ინსტრუმენტად იქნა აღქმული [Schudson, 1999:15]. ეს უკანასკნელი კი, ამერიკის დამფუძნებელი მამებისთვის მეტად მისაბაძი კანონებისა თუ სამართლებრივი ტრადიციების ერთობლიობა იყო, რადგან იგი სწორედ ძალაუფლების დანაწილებისა და სხვადასხვა შტოს შორის ბალანსის მექანიზმის დამკვიდრებას ისახავდა მიზნად, ავტოკრატიული მმართველობის თავიდან არიდების მოტივით. ამის ნათელი მაგალითია 1689 წელს ინგლისში მიღებული „ბილი უფლებათა შესახებ“, რომლის მიხედვითაც, „კანონების შეჩერება ან აღსრულება სამეფო ძალაუფლების მხრიდან პარლამენტის თანხმობის გარეშე აკრძალული იყო“. ასევე, „გადასახადების აკრეფა მონარქის მიზნებისათვის პარლამენტის თანხმობის გარეშე უკანონოდ იყო მიჩნეული“ [Bill of Rights, 1689]. აღნიშნული დოკუმენტი ცალსახად მიუთითებს როგორც მონარქის ძალაუფლების შეკავების, ისე ორ, საკანონმდებლო და აღმასრულებელ, შტოს შორის ბალანსის შენარჩუნების შესახებ, რამაც, როგორც უკვე აღვნიშნე, ერთ-ერთი გადამწყვეტი როლი შეასრულა ამერიკული კონსტიტუციის სულისკვეთების ჩამოყალიბებაში. ალექსის დე ტოკვილი ოსტატურად შენიშნავს, „იმ ქვეყნის შვილებს, რომელშიც ფრაქციების დაპირისპირება საუკუნეებს ითვლის და სადაც ყველა პოლიტიკურმა ჯგუფმა თავის თავს წესად კანონის უზენაესობის პრინციპი დაუდგინა, პოლიტიკური განათლების მკაცრი სტილი ემიგრაციაშიც გამოჰყვათ. მათ დახვეწეს ეს ცოდნა ემიგრაციაში, რის შედეგადაც უფლებებისა და თავისუფლების პრინციპების არსი თავიანთ ევროპელ თანამედროვეებზე უფრო მეტად გაითავისეს. პირველი ემიგრაციის პერიოდში, ქალაქური სისტემა, თავისუფალი ინსტიტუტების ეს ნაყოფიერი ჩანასახი, ღრმად იყო ფესვგადგმული ინგლისელთა წესჩვეულებებში; ამასთან ერთად, სახალხო სუვერენიტეტის დოქტრინა, რომელიც აღმოცენდა ტიუდორების მონარქიის წიაღში“ [Tocqueville, 2010:39]. თვითმმართველობის ამგვარი ტრადიციის მიუხედავად, რომელიც დღემდე ამერიკული საზოგადოების თვალნათელი მახასიათებელია, ძლიერი და სტაბილური ცენტრალური მთავრობის შექმნა, სულაც არ იყო მარტივი პროცესი. მეტიც, თვითმმართველობისა და დეცენტრალიზაციის ტრადიცია კიდევ უფრო ართულებდა კონსტიტუციის შედგენას რევოლუციური ომის შემდეგ, რისი მაგალითიც 1777-1783 წლებში მოქმედი კონფედერაციის მუხლებია, რომლებიც შტატებს სუვერენიტეტის დიდ პორციას სთავაზობდა. მაგალითისთვის, ამ დოკუმენტის მეორე მუხლი შტატებს აღწერს, როგორც „სუვერენულს, დამოუკიდებელსა და თავისუფალს ყველა უფლებაში“ [Articles..., 1777], რაც, 1787 წელს მიღებული კონსტიტუციისგან ბევრად განსხვავებული მოცემულობაა.
ძალაუფლების დანაწილების მოქმედება ამერიკის შეერთებული შტატების კონსტიტუციაში
მიუხედავად ამერიკის კონსტიტუციის თითქმის 250-წლიანი არსებობისა, რაც მის მაღალ ლეგიტიმაციაზე მიუთითებს, მისი შექმნის პროცესი არ ყოფილა ადვილი, რადგან 13 შტატიდან უმეტესობას თავიანთი კერძო ინტერესი და ხედვა ჰქონდა მთავრობის მოწყობის შესახებ. როგორც შლომო სლომინი აღნიშნავს, კონსტიტუციურ კონვენტზე მრავალი ცნობილი დაპირისპირება გაიმართა, მაგალითად დიდ და პატარა შტატებს შორის, ფედერალისტთა და ნაციონალისტთა შორის, მონათმფლობელთა და არამონათმფლობელთა შორის და სხვ. [ამერიკის... 1986:37]. პედოვერის მიხედვით, ზოგიერთ შტატში, კონსტიტუციისთვის ხმის მიცემა იმდენად რთული პროცესი გამოდგა, რომ მის მომხრეებს „მჭერმეტყველების, ლოგიკისა და პოლიტიკური ანალიზის ნაკადულებად დაღვრა მოუწიათ“. ამის მიუხედავად, ნიუ იორკის ადგილობრივ ასამბლეაში კონსტიტუციას სულ რაღაც 27-30 ადამიანმა შეფარდებით დაუჭირეს მხარი [Padover, 1960:90]. ამ მიზნის მხარდაჭერისათვის, ალექსანდრ ჰამილტონმა, ჯეიმს მედისონმა და ჯონ ჯეიმ მცირე ჯგუფი შექმნეს, თავიანთ თავს ფედერალისტები უწოდეს და შეუდგნენ შტატების ერთიანობის მხარდამჭერი მოძრაობის გავრცელებას. იმავე პედოვერის მიხედვით, სამართლიანი იქნება, თუ ჯეიმს მედისონს განვიხილვათ, როგორც დასავლური სამყაროს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან და გავლენიან პოლიტიკურ მოაზროვნედ. [Padover, 1960:96]. სწორედ მედისონი იყო ის, ვინც კონსტიტუციის უმეტესი ნაწილი თავად დაწერა, ხოლო 47-ე ფედერალისტური წერილი ძალაუფლების დანაწილების პრინციპს მიუძღვნა [Meany, 2018]. მითითებულ წერილში ვკითხულობთ, „როცა მთელი ძალაუფლება, მისი სამი – საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო – შტოს სახით თავმოყრილია ერთ ხელში, ასეთი ვითარება სამართლიანად იწოდება ტირანიად, ამ სიტყვის ყველაზე ზუსტი მნიშვნელობით“... „ერთმანეთისგან უნდა გაიმიჯნოს საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლება; უპრიანია, ისინი ერთმანეთისგან განკერძოებულად მოქმედებდნენ, რამდენადაც ამის შესაძლებლობას თავისუფალი მართვის სისტემის ბუნება იძლევა“ [The Federalist, 1961:327]. ძალაუფლების დანაწილების სისტემა ამერიკის შეერთებული შტატების კონსტიტუციაში, ყველასთვის კარგად ცნობილი, შარლ ლუი დე მონტესკიეს ნააზრევიდან გადმოიტანეს, ვისთვისაც, „ბრიტანეთის პოლიტიკური წყობა ... იგივეა, რაც ჰომეროსი – დიდაქტიკოსი მწერლებისთვის, რომლებიც ეპიკურ პოემებს თხზავენ. ამ უკანასკნელთ ხომ უკვდავი ბარდის შემოქმედება იმ სრულყოფილ ნიმუშად მიაჩნიათ, საიდანაც ეპიკური ხელოვნების საწყისებსა და წესებს ხაპავენ! ზუსტად ასევე, ამ დიდ პოლიტიკურ კრიტიკოსს ინგლისის პოლიტიკური წყობა ნიმუშად დაუსახავს. ანდა თუ მისივე სიტყვებით ვიტყვით, მისთვის იგი სარკეა პოლიტიკური თავისუფლებისა“ [The Federalist, 1961:324]. მედისონისთვის მონტესკიე ნამდვილი სიმბოლო იყო იმისა, თუ როგორ მიჰყოლოდა ამერიკა სამართლის ინგლისურ ფესვებს. საბოლოო ჯამში, ფედერალისტების ძალიხსმევამ შედეგად გამოიღო ის, რომ კონგრესი დაიყო ორ ნაწილად, რომელთაგან თითოეული განსხვავებული სისტემით აირჩევა, ხოლო აღმასრულებელ ხელისუფლებას ხელმძღვანელობს პრეზიდენტი, რომელსაც ირჩევს ხალხი, საარჩევნო კოლეგიის საშუალებით.
კონსტიტუციური არასტაბილურობა საქართველოში დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ
როგორც ცნობილია, დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომ, საქართველოში მძიმე პოლიტიკური ქარტეხილების პარალელურად, პირველი კონსტიტუციის მიღება მხოლოდ 1995 წელს მოხერხდა. თუმცა, დღემდე მან 3 ძირეული ცვლილება - ჯერ 2004, შემდეგ 2010 და ბოლოს, 2017 წელს - განიცადა. თითქმის ყველა ჯერზე საგრძნობლად იცვლებოდა მმართველობის სისტემა. დღევანდელი მდგომარეობით, 28 წლის განმავლობაში საქართველოს კონსტიტუცია 36-ჯერ შეიცვალა, როდესაც 240 წლის მანძილზე ამერიკის შეერთებული შტატების კონსტიტუციამ სულ 27 ცვლილება განიცადა, რომელთაგან ორი მშრალი კანონის მიღება-გაუქმება იყო, ხოლო პირველი ათი, ბილი უფლებათა შესახებ.
აღსანიშნავია, საქართველოს კონსტიტუციის თითოეულ ცვლილებას საკმაოდ ფართო კრიტიკა ხვდებოდა ისეთი გავლენიანი ორგანიზაციისგან, როგორიცაა ვენეციის კომისია. მაგალითისთვის, 2010 წლის ცვლილებების ძალაში შესვლის მომენტში, როდესაც საპრეზიდენტო სისტემა ნახევრად საპარლამენტოდ უნდა გადაკეთებულიყო, ვენეციის კომისიამ სწორედ ძალაუფლების დანაწილების პრინციპი დაიწუნა და განაცხადა, რომ სასურველი იქნებოდა, მეტად გაძლიერებულიყო პარლამენტის ძალაუფლება. ეს იმიტომ, რომ მათ კარგად ესმით, თუ რამდენადაა მიდრეკილი ხელისუფლების უზურპაციისკენ აღმასრულებელი ხელისუფლება, რის საწინააღმდეგოდაც, პარლამენტის ძლიერი ბერკეტებია საჭირო. ვფიქრობ, უკანასკნელი ცვლილებებით, როდესაც პარლამენტის ძალაუფლება შედარებით გაძლიერდა, პრობლემას უკვე პრეზიდენტის როლის მეტისმეტად შემცირება წარმოადგენს, რომელსაც, თავის მხრივ, კარგი იქნებოდა, ერთგვარი ხალხის მანდატის გამომხატველი, დამაბალანსებელი როლი შეენარჩუნებინა. დღევანდელი მდგომარეობით, პრეზიდენტის როლი უმეტესად ნომინალური, სიმბოლურია და ვერ ახდენს სერიოზულ გავლენას სოციალურ თუ პოლიტიკურ პროცესებზე. ვფიქრობ, პრეზიდენტის ამგვარი ჩამოშორება ძალაუფლების ვერტიკალიდან დიდი შეცდომაა, რაც ძალაუფლების დანაწილების კონტექსტში შემდეგნაირად შეიძლება აიხსნას. პირველ რიგში პრობლემურია, რომ პრეზიდენტს აღარ ირჩევს ხალხი. საქართველოს კონსტიტუციის 50-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, „საქართველოს პრეზიდენტს 5 წლის ვადით დებატების გარეშე ღია კენჭისყრით ირჩევს საარჩევნო კოლეგია“[საქართველოს...], ხოლო იმავე მუხლის მესამე პუნქტის მიხედვით, „საარჩევნო კოლეგიის შემადგენლობაში შედის 300 წევრი, მათ შორის საქართველოს პარლამენტის და აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების ყველა წევრი“[საქართველოს...]. მართალია, საქართველომ მკაფიო ნაბიჯი გადადგა საპარლამენტო რესპუბლიკის მოწყობისკენ, თუმცა, თუკი პრეზიდენტი კვლავ ხალხის მიერ იქნებოდა არჩეული, მას უფრო მაღალი ლეგიტიმაცია ექნებოდა პოლიტიკურ პროცესში ჩასართავად. ამასთან, მიმდინარე მოწყობით გამოდის, რომ უშუალოდ ქართველი ხალხი ხელისუფლების მხოლოდ ერთ შტოს, საკანონმდებლოს ირჩევს, რაც შტოებს შორის ურთიერთგაწონასწორების მექანიზმის მოქმედების კუთხით, ძალაუფლების უზურპაციისკენ მიდრეკილი სახელმწიფოების მაგალითზე, ნამდვილად არასასურველია. მეტიც, ვენეციის კომისიის მიერ მითითებული საპარლამენტო კონტროლის ნაკლებობის გამო, პრეზიდენტს უნდა დარჩენოდა საკმარისი ძალაუფლება, ამ შემთხვევაში აღმასრულებელი ხელისუფლების დასაბალანსებლად. როგორც ჯეიმს მედისონი 51-ე ფედერალისტურ წერილში აღნიშნავს, „პატივმოყვარეობას პატივმოყვარეობა უნდა დაუპირისპირდეს“ [The Federalist, 1961:349]. თუმცა, ამისათვის პრეზიდენტის შემთხვევაში, ჯერ საკმარისი ძალაუფლება და ლეგიტიმაციაა საჭირო. ამ არგუმენტის წონა კიდევ უფრო იმატებს, როდესაც სახეზე გვაქვს საქართველოს მსგავსი ჯერ კიდევ გარდამავალი დემოკრატია და დაბალი საპარლამენტო კონტროლის კულტურა, რაც მდგომარეობს სხვადასხვა ინტერესჯგუფის, სამთავრობო საათებისა და საგამოძიებო კომისიების პასიურ მუშაობაში.
გარდა იმისა, რომ პრეზიდენტის არჩევის წესი მას მაღალ ლეგიტიმაციასა და მთავრობის დაბალანსების ამბიციას მისცემდა, არის რიგი მექანიზმები, რომელთა სწორად დაგეგმვის შემთხვევაშიც, ძალაუფლების დანაწილებისა და წონასწორობის პრინციპი უკეთ ამოქმედდებოდა. ასეთი შესაძლებლობაა პრეზიდენტის ვეტო, რომელიც, საქართველოს კონსტიტუციის დღევანდელი რედაქციით იმდენად ბუტაფორიულია, რომ მისი ასეთი ფორმით არსებობას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს. მაგალითად, კონსტიტუციის 46-ე მუხლის მე-3 პუნქტში აღნიშნულია, რომ „თუ საქართველოს პრეზიდენტი დააბრუნებს კანონს, პარლამენტი კენჭს უყრის საქართველოს პრეზიდენტის შენიშვნებს. შენიშვნათა მისაღებად საკმარისია ხმათა იგივე რაოდენობა, რაც ამ სახის კანონის პირვანდელი მიღებისათვის არის დადგენილი“. გამოდის, პრეზიდენტის შენიშვნებს, იმავე ვეტოს მხოლოდ საზოგადოებრივი დისკუსიის შექმნის ფუნქცია აქვს და პარლამენტს შეუძლია მის მიერ დაწუნებული კანონი ხმების იმავე რაოდენობით, ხელმეორედ, სირთულეების გარეშე მიიღოს.
ქართული პოლიტიკური სისტემის კიდევ ერთი ნაკლი, რომლის გამოსწორებაც უფრო მეტად დააბალანსებდა ხელისუფლების შტოებს, არის ორპალატიანი პარლამენტის არარსებობა. საქართველოს კონსტიტუციას, 37-ე მუხლის პირველი პუნქტით, რომლის მიხედვითაც „საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საქართველოს იურისდიქციის სრულად აღდგენის შემდეგ პარლამენტის შემადგენლობაში იქნება ორი პალატა: რესპუბლიკის საბჭო და სენატი“[საქართველოს...], დროებით აქვს გადადებული ორპალატიანი პარლამენტის შექმნა. ზემოთ უკვე აღვნიშნე, თუ რატომ თვლიდნენ საჭიროდ ამერიკის დამფუძნებელი მამები ჯერ კიდევ ამერიკის კონსტიტუციამდელ პერიოდში ორპალატიანი საკანონმდებლო ორგანოების ჩამოყალიბებას. საქართველოს შემთხვევაში კი, რომელიც დღევანდელი მდგომარეობით საკმაოდ ცენტრალიზებული სახელმწიფოა როგორც პოლიტიკურად, ისე ეკონომიკურად, მეორე პალატას შეუძლია, მრავალპარტიულობის შესაძლებლობის გაჩენასთან ერთად, ერთგვარი დეცენტრალიზაციისა და პერიფერიების განვითარების ელემენტების ამოქმედება. ეს უკანასკნელი კი, რეგიონული თვითმმართველობის პრობლემების ფონზე, ვფიქრობ, ნამდვილად აუცილებელია. ორპალატიანი პარლამენტის დადებითი მხარეები კიდევ უფრო უკეთ შეიძლება გამოჩნდეს, თუკი მისი საარჩევნო ციკლი არ დაემთხვევა რესპუბლიკის საბჭოსას. ასეთ შემთხვევაში, არჩევნების სიხშირე უფრო ანგარიშვალდებულს გახდის ხელისუფლების ორგანოებსა და პოლიტიკურ პარტიებს, რისი მაგალითიც სწორედ შეერთებული შტატების კონგრესია, ხოლო, მეორე მხრივ, გააჩენს რეგიონული პრობლემატიკის უმაღლესი ხელისუფლების ორგანოების წინაშე წარმოჩენის უფრო მეტ შესაძლებლობას. დამატებით, პრეზიდენტის ვეტოს ფაქტობრივი არარსებობის ფონზე, პარლამენტის მეორე პალატას შეუძლია, გასწიოს საკანონმდებლო ზედამხედველის ფუნქციაც, რაც უკეთ აამოქმედებდა ძალაუფლების წონასწორობის პრინციპსაც. ასე მაგალითად, თუკი რესპუბლიკის საბჭოს არჩევნების შედეგად ქვედა პალატა ნდობას გამოუცხადებს კონკრეტულ სამთავრობო ჯგუფს, ხოლო ეს უკანასკნელი ვერ გაამართლებს მას, სენატის მორიგ არჩევნებს (რომელიც ქვედა პალატის მორიგ არჩევნებამდე ჩატარდება) შეუძლია, შექმნას სამთავრობო ჯგუფის საწინააღმდეგო უმრავლესობა ზედა პალატაში, რომელიც, აამოქმედებს აქტიური ზედამხედველობისა და ანგარიშვალდებულების ფუნქციებს. ასეთი მრავალმხრივი პოლიტიკური პროცესი კი, ვფიქრობ, გაართულებს ძალაუფლების უზურპაციას, რაც ქართული პოლიტიკური სისტემის უმთავრესი მანკიერება და გამოწვევაა.
ლიტერატურა
საქართველოს... 1995 |
საქართველოს კონსტიტუცია https://matsne.gov.ge/ka/document/view/30346?publication=36 [ნანახია: 24/06/2024] |
Adams J. 1776 |
Thoughts on government. https://founders.archives.gov/documents/Adams/06-04-02-0026-0004 |
Articles … 1777 |
Articles of Confederation https://www.archives.gov/milestone-documents/articles-of-confederation |
Beard Ch., Beard M. 1944 |
A basic history of the United States. New York: Doran & Company |
English… 1689 |
English Bill of Rights. https://avalon.law.yale.edu/17th_century/england.asp?ref=stanfordreview.org |
Hamilton A., Madison J., Jay J. 1961 |
The Federalist. http://www.federalistpapers.ge/index.php |
Meany P. 2018 |
The separation of powers: from Polybius to James Madison. https://fee.org/articles/the- separation-of-powers-from-polybius-to-james-madison/ |
Murrin J. 1987 |
A roof without walls: the dilemma of American national identity. University of North Carolina Press. |
Padover S. 1960 |
The genius of America. McGraw-Hill Book Company. |
Scalia A. 2011 |
American exceptionalism. https://www.youtube.com/watch?v=Ggz_gd--UO0 |
Tocqueville A. 2010 |
Democracy in America. New York. |