ქართულ ტერმინთა წარმოების მეთოდები: ბოტანიკური, ზოოლოგიური და ანატომიური ტერმინების მაგალითზე
1. შესავალი
თანამედროვე ეპოქაში, როდესაც მუდმივად ვითარდება მეცნიერება და ტექნიკა, განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ტერმინოლოგიის პრობლემების შესწავლა. დარგების განვითარება მრავალ ახალ სამეცნიერო ცნებას წარმოშობს. შესაბამისად, ერთი მხრივ, საჭიროა ცნების აღწერა, მისი ძირითადი მახასიათებლების დადგენა და ადეკვატური განმარტების ჩამოყალიბება [ISO 704: 2022: 53-82], მეორე მხრივ კი, საჭიროა ცნებისთვის სახელის დარქმევა, ანუ ახალი ტერმინის შექმნა, რომელიც ასევე საერთაშორისო სტანდარტებისა და მოცემული ენის თავისებურებებისა და ენობრივი ნორმების გათვალისწინებით უნდა მოხდეს [ISO 704: 2022: 83-104]. ასეთი საქმიანობის გარეშე დარგების განვითარებაც ფერხდება, რადგან ტერმინოლოგია დარგის სპეციალისტებს შორის ურთიერთობის აუცილებელი პირობაა. სწორედ ამიტომ ექცევა მას დიდი ყურადღება როგორც ეროვნულ, ისე - საერთაშორისო დონეზე.
ტერმინოლოგია ეწოდება ამა თუ იმ დარგის ტერმინების ერთობლიობას.
რ. ღამბაშიძე, თავის მონოგრაფიაში ქართული ტერმინოლოგიის შესახებ, ტერმინს განმარტავს როგორც განსაკუთრებულ ენობრივ ნიშანს, რომელიც უზრუნველყოფს ურთიერთობას და ურთიერთგაგებას სპეციალისტებს შორის [ღამბაშიძე, 1986].
ალ. ღლონტი ტერმინს შემდეგნაირად განმარტავს: „ტერმინი ცნების აღმნიშვნელი სიტყვაა, ან სიტყვით გამოხატული ცნება. ის მაქსიმალური სიზუსტითა და სისწორით უნდა გამოხატავდეს შესაბამის ცნებას“ [ღლონტი, 1964: 45]. მისივე აზრით, ცნება წარმოადგენს ადამიანის აზროვნების ფორმას, რომელშიაც გამოხატულია საგნის, მოვლენის, ობიექტური სინამდვილის არსებითი ნიშნები. საგნებს, მოვლენებს ობიექტურ სინამდვილეს სწავლობს და იკვლევს ცოდნის სხვადასხვა სფერო - მეცნიერება, ტექნიკა, ხელოვნება, რომელთა ცალკე დარგებს მოეპოვებათ საკუთარ ცნებათა სისტემა, საკუთარი ტერმინოლოგია. ალ. ღლონტის აზრით, ტერმინოლოგია ისევე აუცილებელია მეცნიერების ენისათვის, როგორც ჰაერი ადამიანისათვის. ტერმინების მთავარი ღირსება სიზუსტეა, რაც განაპირობებს მათ გამძლეობას. „ტერმინთა მნიშვნელობის ნებისმიერად შეცვლა ქაოსს იწვევს მეცნიერებაში. ამიტომაც მეცნიერება ფრთხილად უნდა მოეკიდოს ტერმინთა შერჩევის საკითხს და შერჩეულ სიტყვას უნდა მოუფრთხილდეს, მოუაროს და არავის მისცეს მისი დამახინჯების უფლება“, - აღნიშნავს ალ. ღლონტი [ღლონტი, 1964: 47].
დ. მელიქიშვილი ხაზს უსვამს იმას, რომ მეცნიერული ენის მთავარ სპეციფიკას სწორედ სპეციალური ტერმინები ქმნიან. „სანამ ცნებას მოპოვებული არ აქვს თავისი საკუთარი დასახელება - ტერმინი, მას აკლია გარკვეულობა, ხოლო თავის მხრივ, განსაზღვრული ტერმინი მეცნიერული ცნების მომწიფებას უწყობს ხელს და, ამდენად, თვით ამ მეცნიერების განვითარებასაც. ტერმინოლოგიური მუშაობა გაცნობიერებული პროცესია. მეცნიერების ყველა დარგი მიისწრაფვის გამოიმუშაოს საკუთარი ენა, სადაც ინფორმაციის სემანტიკური განსაზღვრულობა უნდა ეყრდნობოდეს ენობრივი ნიშნისა და აღსანიშნი ცნების ცალსახა მიმართებას“ [მელიქიშვილი, 2022: 30-31].
ტერმინოლოგიაში განსაკუთრებული მნიშვნელობა ტერმინისა და ცნების ადეკვატურობის საკითხს ეთმობა. „კარგად შედგენილი ტერმინი უთუოდ უნდა იძლეოდეს წარმოდგენას შესაბამის საგანსა თუ მოვლენაზე. ამიტომ ისეთი ტერმინია მიჩნეული იდეალურად, რომელიც გამჭვირვალეა თავისი შინაარსის მიხედვით და საშუალებას გვაძლევს ადვილად ამოვიკითხოთ ის მნიშვნელობა, რომელიც მის შესაბამის ცნებას გააჩნია“ [ღამბაშიძე, 1986: 14].
ბოლო დროინდელმა მეცნიერებისა და ტექნიკის დაჩქარებულმა განვითარებამ გამოიწვია ბევრი ახალი ცნების გაჩენა, რაც თავისთავად გულისხმობს მათთვის სახელის დარქმევას, ანუ ახალი ტერმინის გაჩენას. ტექნოლოგიებმა შეაღწიეს საზოგადოების საქმიანობის ყველა სფეროში, რაც ქმნის კომუნიკაციის ახალი საშუალების არსებობის საჭიროებას. იმ ენების ლექსიკური მარაგი, რომლებზეც ესა თუ ის საზოგადოება მეტყველებს, მოითხოვს მუდმივ განახლებას. სამეცნიერო და ტექნოლოგიური განვითარება განსაკუთრებით აქტიურად მიმდინარეობს ეკონომიკურად ძლიერ ქვეყნებში, შესაბამისად, ცოდნის მიღება ძირითადად ხდება ამ ქვეყნებიდან. ეს ყოველივე იწვევს სხვა, ნაკლებად ძლიერი ქვეყნების მიერ ტექნიკური თუ სამეცნიერო ლექსიკის დიდი რაოდენობით სესხებას. ამასთან საბრძოლველად და ამის გასაკონტროლებლად აუცილებელია ამ ქვეყნებმა შეიმუშაონ ტერმინოლოგიური პოლიტიკა, რომელიც ძირითადად თავდაცვითი ხასიათის მატარებელია, რათა ამ პროცესებმა არ წალეკოს მათი ენა და არ მოხდეს ამა თუ იმ ენაში ტერმინთა უკონტროლო შემოდინება. მაშასადამე, ტერმინოლოგიური საქმიანობა არის ენის სტანდარტიზებისა და დაგეგმარების მნიშვნელოვანი ნაწილი [Cabre, 1992]. ერთი ფაქტი კი რჩება უცვლელი, რომ ყველა ქვეყანაში ტერმინოლოგიური საქმიანობის მიზანი და მეთოდები მეტნაკლებად განსხვავებულია, რასაც განაპირობებს ქვეყანაში არსებული პოლიტიკური, სოციალურ-ეკონომიკური თუ ლინგვისტური ვითარება [Rondeau… 1986].
მეცნიერებისა და ტექნიკის განვითარება, ბუნებრივია, ქართულ ენაშიც იწვევს ახალი სამეცნიერო ცნებების მოზღვავებას, რაც თანამედროვე ქართულ ტერმინოლოგიას დიდი გამოწვევების წინაშე აყენებს. ქართველი ლექსიკოგრაფები, დარგის სპეციალისტები წერენ იმის შესახებ, რომ ტერმინოლოგიური მუშაობა საქართველოში გარკვეულად შეფერხებულია, რომ ბევრი ტერმინი სხვადასხვა დარგში, ძირითადად, სესხების გზით შემოდის და მკვიდრდება, რასაც ნამდვილად ვერ მივიჩნევთ დადებით ტენდენციად [Gogia, 2023; მარგალიტაძე, 2019; ქაროსანიძე, 2012].
ამ ტენდენციის შესამოწმებლად 2022-2023 წლებში ჩავატარეთ რაოდენობრივი კვლევა ბიოლოგიის სხვადასხვა დარგის 1,600 ტერმინის მასალაზე. ჩვენი მიზანი იყო, გამოგვეკვლია ტერმინთა სესხების პროცენტულობა თანამედროვე დარგებში, რისთვისაც შეირჩა გენეტიკის, იმუნოლოგიისა და ბიოტექნოლოგიის დარგები. გაანალიზდა აღნიშნული დარგების 800 ტერმინი და გამოვლინდა, რომ მათი 75-80 % ნასესხები ტერმინია. ეს შედეგი შევადარეთ უფრო ტრადიციული დარგების ტერმინოლოგიას, რისთვისაც შევარჩიეთ 800 ტერმინი ბოტანიკის, ზოოლოგიისა და ანატომიის დარგებიდან. ამ დარგების ტერმინების ანალიზმა სრულიად სხვა ვითარება წარმოაჩინა, კერძოდ, გაანალიზებული ტერმინების თითქმის 80 % ქართული ენის რესურსებით აღმოჩნდა ნაწარმოები [Kvitsiani, 2023].
სწორედ აღნიშნული კვლევის შედეგებმა განაპირობა ჩვენი ინტერესი უფრო სიღრმისეულად შეგვესწავლა ტრადიციული დარგების, კერძოდ ბოტანიკის, ზოოლოგიისა და ანატომიის ტერმინების წარმოების მეთოდები ქართულში. ქართული ტერმინთშემოქმედების მეთოდების ანალიზისათვის დავეყრდენით რ. ღამბაშიძის მონოგრაფიას (1986) და საერთაშორისო სტანდარტს „ისო 704-2022, ტერმინოლოგიური მუშაობა - პრინციპები და მეთოდები“. კვლევაში გამოვიყენებთ ეტიმოლოგიური ანალიზის მეთოდი. ქართული ტერმინები შევადარეთ მათ შესატყვის რუსულსა და ინგლისურ ტერმინებს.
როგორც ცნობილია, XX საუკუნეში ქართული ტერმინოლოგია რუსული ენის დიდ გავლენას განიცდიდა, რამაც განაპირობა რუსული ტერმინების ჩართვა კვლევაში. ინგლისურ ტერმინებთან შედარება გამოიწვია ტერმინთა წარმოების მეთოდების შეპირისპირებითი კვლევის მოტივაციამ. ინგლისური ტერმინების ეტიმოლოგიის დასადგენად გამოვიყენეთ „ინგლისური ენის ლექსიკონი ისტორიულ პრინციპებზე“ (OED) და ინგლისური ენის ეტიმოლოგიური ონლაინლექსიკონი, რომელიც განთავსებულია შემდეგ მისამართზე: etymonline.com.
საკვლევ მასალად გამოვიყენეთ ზემოხსენებული სტატიისთვის შერჩეული 800 ტერმინი ბოტანიკის, ზოოლოგიისა და ანატომიის დარგებიდან [Kvitsiani, 2023]. ტერმინები ამოკრებილია ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ონლაინლექსიკონიდან, ციალა მენაბდის ინგლისურ-რუსულ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონიდან, ალექსანდრე მაყაშვილის ბოტანიკური ლექსიკონიდან და სხვა წყაროებიდან (იხილეთ გამოყენებული ლიტერატურის სია). ტერმინები შერჩეულია შემთხვევითობის პრინციპით და შესწავლილია ტერმინთა წარმოების თვალსაზრისით. ამ მიზნით, როგორც აღინიშნა, გამოყენებულია ტერმინთა სამ ენაში შეპირისპირების მეთოდი, აგრეთვე ეტიმოლოგიური კვლევის მეთოდი.
2. ბოტანიკური, ზოოლოგიური და ანატომიური ტერმინების წარმოების მეთოდები
ნაშრომის ამ თავში წარმოვადგენთ ჩვენ მიერ გაანალიზებული ტერმინების ნიმუშებს. კვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ ისეთ ტრადიციულ დარგებში, როგორებიცაა: ბოტანიკა, ზოოლოგია და ანატომია, ქართული ტერმინები ძირითადად იქმნებოდა რუსული ან ლათინური ენიდან სტრუქტურული ან სემანტიკური სესხების გზით. ძირითადი წყარო ტერმინთა კალკირებისა (სტრუქტურული სესხებისა) მაინც იყო რუსული ენა, რაც განპირობებული იყო იმ დროისათვის ქვეყანაში არსებული პოლიტიკური ვითარებითა და რუსული ენის დომინანტობით. თუმცა აღსანიშნავია, რომ ტერმინების შესაქმნელად გამოიყენებოდა ქართული ენის რესურსები, ანუ რუსული ან ლათინური ტერმინის სტრუქტურაში რუსული და ლათინური სიტყვები ჩანაცვლებული იყო ქართული სიტყვებით (იხილეთ მაგალითები 1-20):
1. Aardvark - ინგლისური ზოოლოგიური ტერმინია, რომელიც ინგლისურში ნასესხებია აფრიკაანსიდან და სიტყვასიტყვით ნიშნავს „მიწის ღორს“ (aard „მიწა“+ vark „ღორი“) (etymonline.com). აღნიშნული სამხრეთ-აფრიკული ცხოველის გერმანული სახელწოდებაა Erdferkel. გერმანული ტერმინი კალკირებულია აფრიკაანსის ენიდან და აფრიკაანსის სიტყვები aard + vark ჩანაცვლებულია გერმანული სიტყვებით Erd + Ferkel.
რუსულ ენაში ამ ტერმინის შესატყვისია „африканский трубкозуб“. სავარაუდოდ, რუსული ტერმინი მიღებულია ამ ცხოველის ერთ-ერთი ლათინური სახელის კალკირებით - Tubulidentata, რაც სიტყვასიტყვით ნიშნავს პატარა მილს და კბილს.
ტერმინის ქართული ეკვივალენტია „აფრიკული მილკბილა“.
***
როგორც ვხედავთ, ინგლისური ტერმინი ნასესხებია აფრიკაანსის ენიდან, გერმანული ტერმინი კალკირებულია აფრიკაანსიდან, რუსული ტერმინი, სავარაუდოდ, ამ ცხოველის ერთ-ერთი ლათინური სახელის კალკია, ქართული შესატყვისი კი, რუსული ტერმინის კალკირებითაა მიღებული.
2. Aardwolf - ინგლისური ზოოლოგიური ტერმინია, რომელიც აღნიშნავს „მიწის მგელს“.
ინგლისური ტერმინი ნასესხებია აფრიკაანსის ენიდან და შედგება 2 ძირისგან: aard - მიწა და wolf - მგელი (etymonline.com).
ტერმინის რუსული ეკვივალენტია: „земляной волк“, რომელიც აფრიკაანსის ტერმინის კალკია.
ტერმინის ქართული ეკვივალენტია „მიწის მგელი“.
***
ინგლისური ტერმინი ნასესხებია აფრიკაანსის ენიდან, რუსული ტერმინი, სავარაუდოდ, კალკირებულია აფრიკაანსიდან, შესაძლოა ჰოლანდიური ენიდან (ასევე aardwolf), ქართული ტერმინი კი ნაწარმოებია რუსული ტერმინის კალკირების გზით.
3. Barnacle - ინგლისური ზოოლოგიური ტერმინია, რომელიც ნასესხებია საშუალო ინგლისურ პერიოდში ფრანგულიდან. მისი თავდაპირველი მნიშვნელობა იყო „გარეული ბატი“, ხოლო მნიშვნელობა „კიბოსნაირთა კლასის წარმომადგენელი“, დასტურდება ინგლისუში 1580 წლიდან. საინტერესოა ტერმინის გერმანული შესატყვი Entenmuschel, რაც სიტყვასიტყვით ნიშნავს „ბატ-მოლუსკს“ (etymonline.com).
ტერმინის რუსული ეკვივალენტია „усоногий рак“.
ტერმინის ქართული შესატყვისია „ულვაშფეხიანი კიბო“.
***
როგორც ამ ანალიზიდან ჩანს, ქართული ტერმინი შექმნილია რუსული ენიდან სტრუქტურული სესხების გზით.
4. Bream - ინგლისური ზოოლოგიური ტერმინია, რომელიც ნასესხებია ფრანგულიდან საშუალო ინგლისურ პერიოდში (etymonline.com).
ტერმინის რუსული შესატყვისია „белоглазка“.
ტერმინის ქართული შესატყვისია „თეთრთვალა“.
***
ინგლისური ტერმინი ნასესხებია ფრანგულიდან. ქართული ტერმინი კი შექმნილია რუსული ენიდან კალკირების გზით.
5. Icefishes - ინგლისური ზოოლოგიური ტერმინია, რომელიც შედგება ძირეული ინგლისური სიტყვებისაგან ice და fish. ტერმინი გამოიყენება თევზების ერთ-ერთი სახეობის აღსანიშნად (etymonline.com).
ტერმინის რუსული შესატყვისია „белокровные“.
ტერმინის ქართული შესატყვისია „თეთრსისხლასებრნი“.
***
ინგლისური ტერმინი ნაწარმოებია ინგლისურ ენაში მშობლიური ძირის სიტყვების გამოყენებით. ქართული ტერმინი რუსული შესატყვისი ტერმინის კალკია.
6. Half-beak - ინგლისური ზოოლოგიური ტერმინია და შედგება ძირეული ინგლისური სიტყვისაგან half და ფრანგული ძირის სიტყვისაგან beak (OED).
ტერმინის რუსული შესატყვისია „длиннорыл“.
ტერმინის ქართული შესატყვისია „გრძელდინგა“.
***
როგორც ამ ანალიზიდან ჩანს, ქართული ტერმინი შექმნილია რუსული ენიდან სტრუქტურული სესხების გზით.
7. Weevil - ინგლისური ზოოლოგიური (ენტომოლოგიური) ტერმინია, რომელიც მშობლიურია ინგლისურ ენაში (OED).
ტერმინის რუსული ეკვივალენტია „жук-долгоносик“.
ტერმინის ქართული ეკვივალენტია „ცხვირგრძელა ხოჭო“.
***
ქართული ტერმინი შექმნილია რუსული ენიდან სტრუქტურული სესხების გზით.
8. racket-tail - ინგლისური ზოოლოგიური ტერმინია, რომელიც შედგება ფრანგული ენიდან ნასესხები სიტყვისგან racket და ძირეული ინგლისური სიტყვისგან tail (OED).
ტერმინის რუსული შესატყვისია „колибри-знамёнщик”.
ტერმინის ქართული ეკვივალენტია „კოლიბრი ალმოსანი“.
***
ქართული ტერმინი რუსული ტერმინის კალკია.
9. Cabbage rose - ინგლისური ბოტანიკური ტერმინია, რომელიც შედგება ნასესხები სიტყვებისგან: cabbage ნასესხებია ფრანგულიდან საშუალო ინგლისურ პერიოდში, ხოლო rose ნასესხებია ლათინურიდან ძველ ინგლისურ პერიოდში (etymonline.com).
აღნიშნული ტერმინის ლათინური სახელწოდებაა Rosa centifolia.
ტერმინის რუსული შესატყვისია „роза столистная, центифолия“.
ტერმინის ქართული შესატყვისია „ასფურცელა ვარდი, ცენტიფოლია“.
***
ინგლისური ტერმინი ნაწარმოებია ინგლისურ ენაში ნასესხები ძირის სიტყვებით. რუსული შესატყვისი ორ სინონიმს მოიცავს, роза столистная, რომელიც კალკირებულია ლათინურიდან და центифолия, რომელიც ნასესხებია ლათინურიდან. ანალოგიური სურათია ქართული ტერმინის შემთხვევაშიც, რის საფუძველზეც შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ქართული ტერმინი შექმნილია რუსული და ლათინური ენების გავლენით, სესხებით და კალკირებით.
10. Blue herring - ინგლისური ზოოლოგიური ტერმინია, რომელიც მიღებულია ძირეული ინგლისური სიტყვებისაგან blue და herring.
ტერმინის რუსული შესატყვისია „зеленоспинка“.
ტერმინის ქართული შესატყვისია „მწვანეზურგა“
***
ქართული ტერმინი ნაწარმოებია რუსული ენიდან სტრუქტურული სესხების გზით.
11. Needlefish - ინგლისური ზოოლოგიური ტერმინია, რომელიც მიღებულია ძირეული ინგლისური სიტყვების needle და fish შეერთებით (OED).
ტერმინის რუსული შესატყვისია „игла-рыба“.
ტერმინის ქართული შესატყვისია „ნემსთევზა“.
***
როგორც ამ ტერმინების შედარებით ჩანს, სამივე ეკვივალენტს საერთო სტრუქტურა აქვს. რუსული ტერმინი კალკია ლათინური ენიდან ან რომელიმე ევროპული ენიდან. ქართული ტერმინი, სავარაუდოდ, შემოსულია რუსული ენიდან და ორმაგი კალკირების შედეგია.
12. Threadfin breams - ინგლისური ზოოლოგიური ტერმინია, რომელის შედგება ინგლისურისათვის მშობლიური სიტყვების (thread და fin) და ფრანგულიდან ნასესხები სიტყვის (bream) შეერთებით (OED). ამ ტერმინის ლათინური სახელწოდებაა Nemipteridae. ტერმინის რუსული შესატყვისია „нитеперые“. ტერმინის ქართული შესატყვისია „ბაწარფარფლიანები“.
***
აღსანიშნავია, რომ როგორც რუსული, ისე ინგლისური ეკვივალენტი ამ ტერმინისა ლათინური სახელწოდების კალკირებითაა მიღებული. შესაბამისად, ტერმინის კალკირება ტერმინთა წარმოების საკმაოდ გავრცელებული მეთოდია. ქართული ეკვივალენტი, სავარაუდოდ, რუსული და ლათინური ენებიდანაა ნაწარმოები სტრუქტურული სესხების გზით.
13. White marlin - ინგლისური ზოოლოგიური ტერმინია და შედგება ძირეული ინგლისური სიტყვებისაგან white და marlin (etymonline.com).
ტერმინის ლათინური სახელწოდებაა Tetrapturus albidus.
ტერმინის რუსული ეკვივალენტია „копьеносец белый“.
ტერმინის ქართული შესატყვისა „თეთრი შუბოსანი“.
***
რუსული ტერმინი, სავარაუდოდ, ლათინური სახელწოდების კალკია. ქართული ტერმინი ნაწარმოებია რუსული ტერმინისგან და ორმაგი კალკირების შედეგია.
14. Dragon’s head - ინგლისური ბოტანიკური ტერმინია, რომელიც შედგება ფრანგულიდან ნასესხები სიტყვისგან dragon და ინგლისურისათვის მშობლიური სიტყვისგან head (etymonline.com).
ტერმინის რუსული შესატყვისია „змееголовник“.
ტერმინის ქართული შესატყვისია „გველთავა“.
***
ეს ბოტანიკური ტერმინიც კალკირებითაა მიღებული რუსული ენიდან.
15. Helianthemum - ინგლისური ბოტანიკური ტერმინია, რომელიც ინგლისურში ნასესხებია ბერძნული ენიდან (OED).
ტერმინის რუსული შესატყვისია „солнцецвет“.
ტერმინის ქართული შესატყვისია „მზეყვავილა“.
***
ინგლისური ტერმინი ნასესხებია ბერძნული ენიდან. რუსული ტერმინი ბერძნულიდანაა ნაწარმოები სტრუქტურული სესხების გზით. ქართული ტერმინი მიღებულია რუსული ენიდან კალკირების გზით.
16. Meadow foxtail - ინგლისური ბოტანიკური ტერმინია და მიღებულია ძირეული ინგლისური სიტყვებისაგან meadow, fox და tail (etymonline.com).
ტერმინის რუსული შესატყვისია „лисохвост луговой“.
ტერმინის ქართული შესატყვისია „მდელოს მელაკუდა“.
***
ამ ტერმინის ეკვივალენტების შედარება სამივე ენაში ავლენს მსგავს სტრუქტურას. სავარაუდოდ, ტერმინები რუსულსა და ინგლისურ ენებში ნაწარმოებია კალკირების გზით ლათინური სახელწოდებიდან. ქართული ტერმინი რუსული ენიდან უნდა იყოს მიღებული სტრუქტურული სესხების გზით.
17. Abducens - ინგლისური ანატომიური ტერმინია და ინგლისურში ნასესხებია ლათინურიდან (OED).
ტერმინის რუსული ეკვივალენტია „отводящий нерв“.
ტერმინის ქართული ეკვივალენტია „განმზიდველი ნერვი“.
***
ქართული ტერმინი ნაწარმოებია რუსული ენის გავლენით.
18. Adductor - ინგლისური ანატომიური ტერმინია და ინგლისურში ნასესხებია ლათინური ენიდან (OED).
ტერმინის რუსული ეკვივალენტია „приводящая мышца“.
ტერმინის ქართული შესატყვისია „მომზიდველი კუნთი“.
***
ეს ქართული ტერმინიც ნაწარმოებია რუსული ენის გავლენით.
19. Cnida - ინგლისური ზოოლოგიური ტერმინია, რომელიც ნასესხებია ლათინურიდან (OED).
ტერმინის რუსული ეკვივალენტია „нематоцист“, „жгучая клетка“.
ტერმინის ქართული შესატყვისია „ნემატოცისტი“, „მსუსხავი უჯრედი“.
***
ტერმინი შექმნილია რუსული ენის გავლენით.
20. Levator - ინგლისური ანატომიური ტერმინია, რომელიც ინგლისურში ნასესხებია ლათინურიდან (etymonline.com).
ტერმინის რუსული ეკვივალენტია „поднимающая мышца“.
ტერმინის ქართული შესატყვისია „ამწევი კუნთი“.
***
ქართული ტერმინი შექმნილია რუსული ენის გავლენით.
როგორც მასალის ანალიზმა გამოავლინა, დიდია რუსული ენის გავლენა განხილული დარგების ტერმინების წარმოების პროცესზე. სტრუქტურული სესხება ტერმინთა წარმოების ყველაზე გავრცელებულ მეთოდად გამოიკვეთა. გარდა ზემოთ განხილული მაგალითებისა, ეს ტენდენცია კარგად ჩანს ქვემოთ მოყვანილი მაგალითებიდანაც (იხ. 21-35).
21. Акула гребнезубая - სავარცხელკბილა ზვიგენი
22. Амур плоскоголовы - ბრტყელთავა ამური
23. Белоглазка южная - სამხრეთული თეთრთვალა
24. Белорыбица - თევზთეთრა
25. Бесчелюсные позвоночные - უყბო ხერხემლიანები
26. Большеглаз - თვალდიდა, დიდთვალა
27. Бородатка длинноусая - გრძელულვაშა წვეროსანი
28. Бычки широколобки - განიერშუბლა ღორჯო
29. Бычок трехзубый темный - მუქი სამკბილა ღორჯო
30. Губан гребенчатый серый - რუხი სავარცხლურა ტუჩოსანი
31. Длинноперы - გრძელფარფლა
32. Долгохвост вооруженный - შეიარაღებული ბოლოგრძელა
33. Желтопер чернобрюшка - შავმუცელა ფარფლყვითელა
34. Зубан большеглазый - დიდთვალა კბილანა
35. Зубатка тонкохвостая - წვრილკუდა კბილანა
ქართული ტერმინები ხშირად ორმაგი კალკირების შედეგია. რუსული ტერმინი ნაწარმოებია ლათინური, ბერძნული ან რომელიმე ევროპული ენიდან, ქართული კი რუსული ენიდან. კალკირებისას, უცხო ენის სტრუქტურაში უცხო სიტყვებს ანაცვლებს მშობლიური ენის სიტყვები, რის შედეგადაც ვიღებთ გამჭვირვალე, ადვილად გასაგებ და აღსაქმელ ტერმინებს. ტერმინთა კალკირებას ბერძნული ენიდან ხშირად მიმართავდნენ შუა საუკუნეების ქართველი მთარგმნელებიც [მელიქიშვილი, 2022].
ტერმინთა წარმოება სტრუქტურული სესხების, ანუ კალკირების გზით, ტერმინთა წარმოების გავრცელებული მეთოდია, რომელიც ევროპულ ენებშიც გვხვდება და მას აგრეთვე ანალოგურ მეთოდსაც უწოდებენ.
განხილული დარგების ტერმინოლოგიის შესწავლამ ასევე გამოკვეთა, რომ ქართველი ტერმინოლოგები მიმართავენ მეტაფორას და საერთო ლექსიკის სიტყვები გადააქვთ ტერმინოლოგიაში, ანიჭებენ მათ ტერმინოლოგიურ მნიშვნელობას: თვალის ფსკერი, ფილტვის მწვერვალი, მარყუჟი, ორგანოს შესასვლელი, კბილის ფესვი, ფოთლის უბე და სხვა. ხშირია ტერმინის გადატანა დარგიდან დარგში, მაგ. გრდემლი, როგორც ანატომიური ტერმინი, კონუსი, როგორც ბოტანიკური ტერმინი და სხვა. საერთო ლექსიკის სიტყვების მეტაფორული გადააზრება ხშირად ასევე უცხო ენის, განხილული დარგებისათვის, რუსული ენის ეკვივლენტური სიტყვების ანალოგიით ხდება, რასაც სემანტიკურ სესხებას ვუწოდებთ.
ქართველი ტერმინოლოგები ხშირად მიმართავენ შედარებას ტერმინქმნადობისას და ამისათვის იყენებენ მსგავსების გამომხატველ სადერივაციო ელემენტს, -ებრ სუფიქსს. მაგ.: ფრთისებრი, სოლისებრი, მილაკისებრი, მარყუჟისებრი, ფარვანასებრი და სხვა. ასევე გვხვდება სხვა დერივანტებიც: -ოვან (ჯირკვლ-ოვან-ი), სა-ე (სა-ცრემლ-ე), -იან (მილაკებ-იან-ი), უ-ო (უ-სადინარ-ო) და ა.შ.
განხილული დარგების ტერმინებში გვხვდება პირდაპირი ნასესხობაც და ასეთია გაანალიზებული 800 ტერმინის 20 %. ყურადღებას იპყრობს ის გარემოება, რომ ხშირ შემთხვევაში, ტრანსლიტერაციით შექმნილ ტერმინებს ახლავს სინონიმებიც ქართულ ენაზე, ანუ ხშირია საერთაშორისო ტერმინისა და მისი ქართული სინონიმის თანაარსებობა (იხ. მაგალითები 36-43):
36. areola-ანატ. არეოლა, ძუძუს ბაკი, ძუძუს გვირგვინი
37. brachycephaly - ანატ. ბრაქიკეფალია, მოკლეთავიანობა.
38. circumduction - ანატ. ცირკუმდუქცია, წრიული მოძრაობა (ძვლის სახსარში).
39. dolichocephaly - ანატ. დოლიკოკეფალია, გრძელთავიანობა.
40. endocranium - ანატ. ენდოკრანიუმი, ქალასშიგა კანი.
41. gangliform – ანატ. განგლიოზური, კვანძოვანი
42. postbranchial - ანატ. პოსტბრანქიალური, ლაყუჩუკანა
43. postcranial - ანატ. პოსტკრანიალური, თავისქალისუკანა.
ტერმინთა სესხების ერთ-ერთი მეთოდია ფლორის ან ფაუნის წარმომადგენელთა ლათინური სახელწოდების ტრანსლიტერაცია. ლათინური სახელის ტრანსლიტერაციას ხშირად ვხვდებით ანატომიური ტერმინების წარმოების დროსაც. ამ შემთხვევაშიც იგრძნობა რუსული ენის გავლენა, რადგან ქართველი ტერმინოლოგები ამ მეთოდს, ხშირად, მიმართავენ რუსული ენის ანალოგიით. ქვემოთ წარმოდგენილია ასეთი სესხების რამდენიმე მაგალითი (იხ. 44-50).
44. Гимнелисы (Gymnelinae) - ზოოლ. გიმნელისები.
45. Гиодон (Hiodon selenops) - ზოოლ. ჰიოდონი.
46. Гирелла (Girella) - ზოოლ. გირელა.
47. Идиакантовые (Idiacanthidae) - ზოოლ. იდიაკანთისებრნი.
48. Каламихты (Calamoichthus) - ზოოლ. კალამიქთი.
49. Каллихтис (Callichthys thoracicus) - ზოოლ. კალიქთისი.
50. Каранкс (Caranx) კარანქსი.
განხილული დარგების ტერმინები, რომლებიც ქართულია და 80%-ს შეადგენს, ცხადია მოიცავს საკუთრივ ქართულ ტერმინებსაც, რომლებიც შეიქმნა ქართულ ენაში მისი განვითარების სხვადასხვა ეტაპზე როგორც მცენარეების, ისე ცხოველებისა თუ სხვადასხვა ბოტანიკური, ზოოლოგიური და ანატომიური ცნების გადმოსაცემად.
3. დასკვნა
ტერმინოლოგიას უდიდესი მნიშვნელობა აქვს მეცნიერების განვითარებისათვის ჩვენს ქვეყანაში. ტერმინოლოგიის როგორც ქართველი, ისე უცხოელი თეორეტიკოსები ხაზს უსვამენ ტერმინთა გამჭვირვალობისა და მოტივირებულობის აუცილებლობას, რადგან ტერმინოლოგია არის დარგის წარმომადგენელთა შორის ურთიერთობის ძირითადი საშუალება. ისინი ასევე ხაზს უსვამენ იმ ზიანს, რაც ბუნდოვანმა და დაუმუშავებელმა ტერმინოლოგიამ შეიძლება მოუტანოს ენას. საყურადღებოა მათი გაფრთხილება იმ რისკებთან დაკავშირებით, რაც ტერმინთა უცხო ენებიდან დიდი რაოდენობით სესხებამ შეიძლება გამოიწვიოს [ღამბაშიძე, 1986; ღლონტი, 1964; მელიქიშვილი, 2022; Cabre, 1992 და სხვები].
2022-2023 წლებში ჩვენ მიერ ჩატარებულმა კვლევამ დაგვანახა, რომ თანამედროვე ქართული ტერმინოლოგია სწორედ ინგლისური ენიდან პირდაპირი სესხების გზით ივსება [Kvitsiani, 2023] და რომ მნიშვნელოვნადაა გაზრდილი ენაში ნასესხები და, ამდენად, ბუნდოვანი, გაუმჭვირვალე ტერმინების რაოდენობა. სწორედ ამ ფაქტმა განაპირობა ჩვენი დაინტერესება უფრო ღრმად შეგვესწავლა რამდენიმე ტრადიციული დარგის ტერმინები და მათი წარმოების მეთოდები.
როგორც ჩვენმა ანალიზმა აჩვენა, ბოტანიკური, ზოოლოგიური და ანატომიური ქართული ტერმინების წყარო ძირითადად ქართული ენაა და ასეთია ჩვენ მიერ შესწავლილი ტერმინების 80%. კვლევამ კიდევ ერთხელ დაგვანახა, როგორი რუდუნებით, ქართული ენის ნორმების დაცვითა და ქართული ენის რესურსების აქტიური გამოყენებით იქმნებოდა ტერმინოლოგია მე-20 საუკუნის პირველ ნახევარში.
ქართველი ტერმინოლოგები ყველაზე ხშირად მიმართავდნენ სტრუქტურული სესხების მეთოდს ტერმინების შექმნისას. აქვე გამოვლინდა, რომ ქვეყანაში არსებული პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, XX საუკუნეში შექმნილ ქართულ ტერმინოლოგიაზე დიდი იყო რუსული ენის გავლენა და ტერმინების უმრავლესობა ნაწარმოებია რუსული ენის ტერმინოლოგიის სტრუქტურის მიხედვით. მიუხედავად ამისა, შედეგად მივიღეთ გამჭვირვალე, ადვილად გასაგები და აღსაქმელი ქართული ტერმინები. სტრუქტურული სესხებისას ქართველი ტერმინოლოგები ასევე აქტიურად იყენებდნენ ლათინური ენის მოდელებს.
განხილული დარგების ტერმინოლოგიის შესწავლამ ასევე გამოკვეთა, რომ ქართველი ტერმინოლოგები მიმართავენ მეტაფორას და საერთო ლექსიკის სიტყვები გადააქვთ ტერმინოლოგიაში, ანიჭებენ მათ ტერმინოლოგიურ მნიშვნელობას. საერთო ლექსიკის სიტყვების მეტაფორული გადააზრება ხშირად სემანტიკური სესხების გზით ხდება, ძირითადად, რუსული ენის ეკვივალენტური სიტყვების ანალოგიით.
ქართველი ტერმინოლოგები ხშირად მიმართავენ შედარებას ტერმინქმნადობისას და ამისათვის იყენებენ მსგავსების გამომხატველ სადერივაციო ელემენტს და სხვა.
განხილულ დარგებში ნაკლებად გვხვდება პირდაპირი სესხება, ასეთი იყო შესწავლილი ტერმინების 20%. ტერმინთა პირდაპირი სესხების წყაროც რუსული და ლათინური ენებია.
ამ ვითარების საპირისპიროდ, თანამედროვე ქართული ტერმინების თითქმის 80% ნასესხები ტერმინია და ტრანსლიტერაციით გადმოდის ქართულ ენაში. ეს ხდება მაშინ, როდესაც ინგლისური ტერმინოლოგია აქტიურად იყენებს საერთო ლექსიკის სიტყვებს ახალი ცნებების სახელდების მიზნით და საოცრად გამჭვირვალე, გასაგებ ტერმინებს ქმნის [მარგალიტაძე, 2019].
სასურველია, ქართული ტერმინთშემოქმედების ტრადიციისა და მეთოდების გათვალისწინებით წარიმართოს ტერმინოლოგიური საქმიანობა დღესაც, რათა არ მოხდეს ტერმინთა სტიქიური და უკონტროლო შემოდინება ქართულ ენაში. მიგვაჩნია, რომ თანამედროვე ქართული ტერმინთშემოქმედება უნდა დაუბრუნდეს ტრადიციას, როდესაც ტერმინები იქმნებოდა ქართული ენის რესურსების გამოყენებით, იმ მეთოდებით, რომლებიც აღვწერეთ წინამდებარე სტატიაში, სემანტიკური სესხებით, სტრუქტურული სესხებით, სიტყვათმაწარმოებელი საშუალებების გამოყენებით და სხვა.
მიგვაჩნია, რომ ტერმინოლოგია არის საერთო საქმე, რომლის ირგვლივაც მთელი საზოგადოება უნდა გაერთიანდეს. ტერმინქმნადობა ეს არის პროცესი, რომელშიც თანაბრად უნდა იყვნენ ჩართულები როგორც ტერმინოლოგები და ენის სპეციალისტები, ისე თავად დარგის წარმომადგენლებიც. ვფიქრობთ, რომ ერთ-ერთი უპირველესი ამოცანა არის ტერმინოლოგიური პოლიტიკის შემუშავება იმ ტრადიციისა და მეთოდების გათვალისწინებით, რითაც ხასიათდება ქართული ტერმინთშემოქმედება.
ლიტერატურა
მარგალიტაძე თ. 2019 |
ტერმინოლოგიური პოლიტიკის საკითხისათვის საქართველოში. საერთაშორისო კონფერენციის კრებული ჰუმანიტარული მეცნიერებები ინფორმაციულ საზოგადოებაში III. ბათუმი: ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა. ISSN 1987-7625 ISBN 978-9941-462-86-3 |
მელიქიშვილი დ. 2022 |
იოანე პეტრიწის ენა და სტილი. გამომცემლობა „მერიდიანი“. |
ქაროსანიძე ლ. 2012 |
ქართული ტერმინოლოგიის სირთულენი (ისტორია და თანამედროვეობა). II საერთაშორისო სიმპოზიუმი ლექსიკოგრაფიაში. ბათუმი. |
ღამბაშიძე რ. 1986 |
ქართული სამეცნიერო ტერმინოლოგია და მისი შედგენის ძირითადი პრინციპები. მეცნიერება. თბილისი. |
ღლონტი ა. 1964 |
ქართული ლექსიკოლოგია. გამომცემლობა „ცოდნა“. |
Cabre M. T. 1992 |
Terminology-Theory, Methods and Application. Vol. 1. Amsterdam: John Benjamins publishing company. |
Gogia N. 2023 |
Terminological Inconsistences and Translation Problems in Legislative and Other Institutional Documents. Proceedings of the International Conference LEXICOGRAPHY IN THE 21ST CENTURY. Tbilisi. |
ISO 704 2022 |
Terminology work- Principles and Methods |
Kvitsiani T. 2023 |
Georgian Terminology: Tradition and Present State. Proceedings of the International Conference LEXICOGRAPHY IN THE 21ST CENTURY. Tbilisi: Ilia University Press. |
Rondeau G., Sager J. C. 1986 |
Termia 84. Terminologie et cooperation international. Quebec: GIRSTERM. |
გოგმაჩაძე თ. 2018 |
თევზების ნომენკლატურა. გამომცემლობა აჭარა. ბათუმი. |
ინგლისური... 2016 |
ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ონლაინლექსიკონი. თსუ, ლექსიკოგრაფიის ცენტრი. http://bio.dict.ge/ka/. |
ინგლისური... 2017 |
ინგლისური ენის ეტიმოლოგიური ონლაინლექსიკონი. https://www.etymonline.com/. |
კუტუბიძე მ. 1973 |
ფრინველების ნომენკლატურული ტერმინოლოგია. მეცნიერება. თბილისი. |
მაყაშვილი ა. 1961 |
ბოტანიკური ლექსიკონი. საბჭოთა საქართველო. თბილისი. |
მენაბდე ც. 1983 |
ინგლისურ-რუსულ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი. მეცნიერება. თბილისი. |
Lawrence E. 2008 |
Henderson’s Dictionary of Biology (14th edition). Publisher: Benjamin Cummings. |
OED 2009 |
Oxford English Dictionary on historical principles. Oxford University Press |