სულხან-საბა ორბელიანის „სამოთხის კარის“ დღემდე შეუსწავლელი ხელნაწერი – A-627

სულხან-საბა ორბელიანის „სამოთხის კარი“ დოგმატური ხასიათის თხზულებაა, რომელშიც დიალოგის, კითხვა-პასუხის ფორმით გადმოცემულია ქრისტიანული სარწმუნოების ძირითადი დოგმატები და განკუთვნილია ყრმათა და უსწავლელ ბერთა კატეხიზაციისთვის.

თხზულების ტექსტოლოგიური პრობლემატიკა შეისწავლა ივანე ლოლაშვილმა. მკვლევარმა გამოავლინა ტექსტის შემცველი 21 ხელნაწერი [ლოლაშვილი, 1959: 105-106] და გამოყო ოთხი რედაქცია, რომლებიც შესაბამისი ლიტერებით აღნიშნა:

 

  • A რედაქცია – ნიკოლოზ ჩაჩიკაშვილისეული რედაქცია (S-2951; 1790 წ.) 
  • B რედაქცია – ავტოგრაფული რედაქცია (A-303; 1701 წ.) 
  • E რედაქცია – ნიკოლოზ ორბელიანისეული რედაქცია (H-581; 1725-1729 წწ.) 
  • T რედაქცია – ვახუშტი ბატონიშვილისეული რედაქცია (H-108; 1750 წ.) 

 

საგულისხმოა, რომ რედაქციათა შორის სხვაობებს დოგმატური საფუძველი1 აქვს: B რედაქცია გამოხატავს კათოლიკურ პოზიციას სულიწმინდის გამომავლობისა და პაპის უზენაესობის შესახებ, E და T რედაქციებში ჩანს მართლმადიდებლური დოგმატური პოზიცია, A რედაქცია კი „კონფესიურად ნეიტრალურია“.2

ქვემოთ მოცემულ ცხრილში წარმოდგენილია რედაქციებს შორის არსებული უმთავრესი სხვაობები.

N1

რედაქცია

რედაქცია

რედაქცია

რედაქცია

1. „ოდეს იყო მამა, მაშინვე ძე და მაშინვე სული წმიდა, რამეთუ მამა უშობელ არს, ხოლო ძე – მამისაგან შობილ და სული წმიდა – მამისაგან და ძისაგან გამოსული.

 

1. „ოდეს იყო მამა, მაშინ ძე და მაშინ სული წმიდა, რამეთუ მამა უშობელ არს, ძე – შობილ და სული წმიდა – გამოსულ.

 

1. „ოდეს იყო მამა, მაშინვე ძე და მაშინვე სული წმიდაჲ, რამეთუ მამა უშობელ არს, ხოლო ძე –მამისაგან შობილ, და სული წმიდაჲ – მამისაგან გამოსრულ.

 

1. „ოდეს იყო მამა, მაშინვე ძე და მაშინვე სული წმინდა. მამა უშობელ არს, ძე – მამისაგან შობილი და სული წმინდა – მამისაგან გამოსული.

 

2. „მ.:3 ვინ დაადგინა რომის პაპი ეკლესიის თავად?

ყ.:4 თვით ქრისტემან, ოდეს ჰრქვა პეტრეს მათეს სახარების ივ თავსა შინა: „შენ ხარ კლდე და ამას კლდესა ზედა აღვაშენო ეკლესია ჩემი, რომელსა ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდიან“.

 

2. მუხლები რომის პაპის უზენაესობის შესახებ ამოღებულია.

2. მუხლები რომის პაპის უზენაესობის შესახებ ამოღებულია.

2. „მ.: ვინ განაჩინა ეკლესიისა მორჩილება ...?

ყ.: თვით ქრისტემან, ოდეს რქვა პეტრესა და პირსა შინა პეტრესსა – ყოველთა მოციქულთა(...) მათეს მე-16 თავსა შინა: „შენ ხარ კლდე, და ამას კლდესა ზედა აღვაშენო ეკლესია ჩემი, რომელსა ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდიან“.

თხზულების ოთხი ძირითადი რედაქციიდან ამოსავალია B რედაქცია, რომლის  რედაქტირების შედეგად წარმოიშვა E და T რედაქციები. რაც შეეხება A რედაქციას, მიუხედავად იმისა, რომ, ივანე ლოლაშვილის აზრით, ისიც საბას ხელიდანაა გამოსული, მისი და B რედაქციის ტექსტების შედარება აჩვენებს, რომ, დიდი ალბათობით, ჩაჩიკაშვილისეული ვერსიაც (A), სხვათა მსგავსად, ავტოგრაფული რედაქციის (B) საფუძვლიანი გადაკეთების შედეგი უნდა იყოს.

სულხან-საბა ორბელიანის ლიტერატურული მემკვიდრეობის კიდევ ერთი მკვლევარი, მერაბ ღაღანიძე, ერთ-ერთ სტატიაში „სამოთხის კარის“ შესახებ წერს: „არც ისე დიდი ხნის წინათ, ..., გაკვრით გამოითქვა ვარაუდი, რომ, შესაძლოა, არსებობდეს „სამოთხის კარის“ კიდევ ერთი, მეხუთე რედაქცია, ... რომელიც მზეჭაბუკ ორბელიანს შეუქმნია ... საქმე ისაა, რომ ჯერჯერობით საგანგებო კვლევის საგნად არ ქცეულა „სამოთხის კარის“ არც ეს შესაძლო უცნობი რედაქცია, რომელიც მოთავსებულია თხზულების კვლევისას აქამდე გაუთვალისწინებელ ხელნაწერში (ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, A-627) და არც ამ რედაქციის მიმართება დანარჩენ, აქამდე ცნობილ რედაქციებთან5 [ღაღანიძე, 2009: 147]. თავის მხრივ, მ. ღაღანიძე ეყრდნობოდა ექვთიმე კოჭლამაზაშვილის ცნობას A-627-ში მზეჭაბუკ ორბელიანისეული ტექსტის არსებობის შესახებ [კოჭლამაზაშვილი... 1999: 162].

კვლევის მიზანია, წინარე ტექსტოლოგიური კვლევებისას აქამდე გაუთვალისწინებელ ხელნაწერში (A-627) დაცული ტექსტისა და არსებული რედაქციების ურთიერთმიმართების დადგენა. საამისოდ გამოყენებულია ემპირიული (ხელნაწერი ტექსტის გადმოწერა), კომპარატივისტული (რედაქციათა ურთიერთმიმართების კვლევა), ანალიზისა და სინთეზის მეთოდები.

A-627 სასულიერო თხზულებათა კრებულია, რომელიც 1758-1760 წლებით თარიღდება. გადაწერილია მხედრულად მზეჭაბუკ ორბელიანის მიერ.

საინტერესოა, რატომ არ იყო ეს ხელნაწერი გათვალისწინებული ივანე ლოლაშვილის ფუნდამენტურ კვლევაში. საფიქრებელია, ამის მიზეზი ის გარემოება უნდა იყოს, რომ A ფონდის ხელნაწერთა ნაწილის ქართულენოვანი აღწერილობა დღემდე არ არის გამოცემული. თუმცა, აქვე უნდა ითქვას ისიც, რომ ამ ხელნაწერთა რუსულენოვანი აღწერილობა ჯერ კიდევ 1902 წელს, ანუ ივანე ლოლაშვილის მონოგრაფიის გამოცემამდე 57 წლით ადრე, გამოსცა თედო ჟორდანიამ.6 მასში შესულია A-627-იც. როგორც ჩანს, ივანე ლოლაშვილი არ იცნობდა ამ შრომას. სხვაგვარად აუხსნელია, რატომ არ უნდა გაეთვალისწინებინა 21 სხვა ხელნაწერთან ერთად ეს ხელნაწერიც.

ხელნაწერზე დართულ ანდერძში ნათქვამია:

„ესე სარწმუნოების წიგნი ბატონის საბა ბიძის ჩემისაგან გაკეთებული იყო და მე, მზეჭაბუკ ორბელიანმან, ვინადგან ვიხილე რა ესე, რამეთუ იყო ახლსა(!) ჴმასა ზედა ნამოძღვრის, რაოდენსაცა ჩემი უმეცარი გონება მისწვდებოდა, დავშვერ და განვმარე(!) მართალსა სარწმუნოებასა ზედა, ხოლო რომელიცა საზოგადო იყო და მართლმძღვება, მივიღე იგი და შემოვკრიბე, ხოლო რომელნიცა სახლ-მტყუარისა და საცთურ მექონ იყო, განვყარე იგი და მტერითგან მაცხოვარება მოვსთვალ“.

აღსანიშნავია, რომ ეს არის პირველი შემთხვევაა, როდესაც თხზულების გადამწერი/რედაქტორი ანდერძში აღიარებს, რომ ტექსტი მის მიერაა გადაკეთებული და საბას ხელიდან გამოსულად არ მოიხსენიებს. აქედან ვიგებთ, რომ მზეჭაბუკ ორბელიანს რედაქტორული მუშაობა ჩაუტარებია და ტექსტი გაუწმენდია „მართალი სარწმუნოების“ საწინააღმდეგო დებულებებისგან, როგორც თვითონ ამბობს, „საცთურებისაგან“ – მან „ახალ ხმასა ზედა ნამოძღვრი“ განმარტა მართალი სარწმუნოების მიხედვით, საცდური და „სახლ-ნატყუარი“ განაგდო და დატოვა „საზოგადო და „მართლმოძღვრება“.

საინტერესოა, კონკრეტულად რა ცვლილებები შეიტანა მზეჭაბუკ ორბელიანმა თხზულების ტექსტში და რომელი რედაქციებით ისარგებლა?

ამის დასადგენად განხორციელდა შემდეგი ამოცანები:

1. მზეჭაბუკისეულ ვერსიასა და არსებულ რედაქციებში გამოვყავით და ერთმანეთს შევადარეთ რედაქციული სხვაობების შემცველი მუხლები, რის შედეგადაც დადასტურდა, რომ მზეჭაბუკისეული ტექსტი ნამდვილად მართლმადიდებლური თვალსაზრისითაა ნასწორები.

2. A-627-ში დაცული ტექსტი ასევე შევადარეთ მართლმადიდებლური თვალსაზრისით ნასწორებ დანარჩენ რედაქციებს: E-სა და T-ს.

3. მზეჭაბუკისეულ ვერსიაში პაპის უზენაესობის დოგმატის წინააღმდეგ პოლემიკის არარსებობამ ცალსახად გამოავლინა სხვაობა მასა და ვახუშტი ბატონიშვილისეულ T რედაქციას შორის, რის გამოც A-627-ის ტექსტი დეტალურად შევადარეთ E რედაქციას.

4. მზეჭაბუკისეული ტექსტისა და E რედაქციის შედარებამ ცხადყო, რომ მასში სწორედ E რედაქციის მსგავსადაა გადაწყვეტილი ძირითადი დოგმატური საკითხები: ერთი მხრივ, სულიწმინდის მამისაგან გამომავლობაა ხაზგასმული, მეორე მხრივ კი, ამოღებულია რომის პაპისადმი მორჩილების მუხლები და იგი ოთხი პატრიარქისადმი მორჩილების ქადაგებითაა შეცვლილი.

ქვემოთ მოცემულ ცხრილში (N2) წარმოდგენილია პარალელური ადგილები ნიკოლოზ ორბელიანისეული (E) და მზეჭაბუკ ორბელიანისეული ვერსიებიდან.

N2

ნიკოლოზ ორბელიანისეული
რედაქცია (H-581)

მზეჭაბუკ ორბელიანისეული
ვერსია
(A-627)

1. ოდეს იყო მამა, მაშინვე – ძე და მაშინვე – სული წმიდაჲ, რამეთუ მამა უშობელ არს, ხოლო ძე – მამისაგან შობილ, და სული წმიდაჲ – მამისაგან გამოსრულ.

1. ოდეს იყო მამა, მაშინვე – ძე და მაშინვე – სულიწმინდა, რამეთუ მამა უშობელ არს, ძე – მამისაგან შობილი და სული წმინდა – მამისაგან გამომავალი.

2. ოდესცა იქმნა სული ჩვენი, მუნთუქესვე – გონება, სიბრძნე და სიტყვა, რამეთუ გონებისაგან იშვების სიბრძნე და გონებისა და სიბრძნისაგან გამოვალს სიტყვა.

2. ოდესცა იქმნა სული ჩვენი, მუნთქუესვე – გონება, სიტყვა და სული, რამეთუ გონებისაგან იშვების სიტყვა და სულიცა გონებისაგან გამოვალს.

3. ვინათგან შეიყვარა ქრისტემან სძალი თჳსი წმიდაჲ ეკლესია და ბრძანა ერთი შესაკრებელი ყოველთა მართლმადიდებელთა ქრისტეანეთა, და რომელმანცა ნათელ-იღოს და რწმენეს მართალი სარწმუნოება იესო ქრისტესი, მათგან ჯერ-არს მორჩილება წმიდათა ოთხთა პატრიარქთა კონსტანტინეპოლეს ხარისხითა მსხდომარეთა.

3.მე ესეც მრწამს, რომ ეკლესია ერთი არის, რომელ არს შემოკრება ყოველთა მართლმორწმუნეთა ქრისტანთა (sic!), რომელნიც ნათელ ღებულ არიან უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს სარწმუნოებასა ზედა და ქვეყანაზე ემორჩილებიან ოთხთა პატრიაქთა, ვითარცა ქრისტესა მაგიერთა.

 

საყურადღებოა ცხრილში მოცემული მე-2 მუხლი, რომელიც საინტერესო სურათს გვიჩვენებს. სავარაუდოდ, ეს მუხლი E რედაქციაში შემთხვევით ჩარჩა, რადგან მასში სულიწმინდის გამომავლობის კათოლიკური დოგმატია გადმოცემული. მუხლში გადატანითი მნიშვნელობითაა საუბარი მამაზე, ძესა და სულიწმინდაზე: „გონებისაგან იშვების სიბრძნე და გონებისა და სიბრძნისაგან გამოვალს სიტყვა“ (აქ „გონება“ მამაა, „სიბრძნე“ – ძე, „სიტყვა“ კი – სულიწმინდა. გამოდის, რომ მამისგან იშვება ძე, მამისა და ძისაგან კი – სულიწმინდა). მზეჭაბუკთან ეს ადგილიც მართლმადიდებლური თვალსაზრისითაა გასწორებული: „გონებისაგან იშვების სიტყვა და სულიცა გონებისაგან გამოვალს“  (ანუ მამისაგან იშვება ძე და სულიწმინდაც მამისაგან გამოდის).

გარდა ამისა, მზეჭაბუკისეული ვერსიისა და E რედაქციის შედარების საფუძველზე გაირკვა, რომ, B რედაქციასთან ერთად, მზეჭაბუკს ნიკოლოზ ორბელიანისეული რედაქციითაც უნდა ესარგებლა. ამას ადასტურებს ტექსტის ის მონაკვეთები, რომლებიც B რედაქციიდან გადახვევის დროს ზუსტად მიჰყვება E რედაქციის ტექსტს. მაგალითად, იქ, სადაც შვიდ საიდუმლოზეა მსჯელობა, E რედაქცია გარკვეულ განსხვავებებს აჩვენებს. კერძოდ, თავდაპირველად B-ს მსგავსად ასახელებს შვიდი საიდუმლოს რიგითობას, მათი განმარტებისას კი, რატომღაც, ადგილებს უცვლის რამდენიმე საიდუმლოს და არღვევს B რედაქციაში არსებულ რიგითობას (მაგალითად, მეხუთე საიდუმლოდ ასახელებს მღვდლის კურთხევას, როდესაც რიგით მეხუთე B-ში ზეთის კურთხევაა; მეექვსე საიდუმლოდ სახელდებს ქორწინებას, როდესაც B-ში ამ ადგილას მღვდლის კურთხევაა; მეშვიდე საიდუმლოს უწოდებს სნეულის ზეთის კურთხევას, როდესაც B-ში აქ ქორწინებაა). მზეჭაბუკისეულ ტექსტში საიდუმლოთა რიგითობა ზუსტად ემთხვევა E-ში მოცემულ თანმიმდევრობას. ცხადია, ამას უბრალო დამთხვევას ვერ მივაწერთ, რადგან შეუძლებელია ამ ტიპის ცვლილებები ორივე ტექსტში ერთმანეთისგან დამოუკიდებლად მომხდარიყო.

იშვიათად, თუმცა მაინც არის საპირისპირო შემთხვევებიც, როდესაც მზეჭაბუკისეული ტექსტი B-ს უჭერს მხარს და არა – E-ს. ნებისმიერ შემთხვევაში, ზემოთქმული ამყარებს ვარაუდს იმის შესახებ, რომ A-627-ის ტექსტი, B რედაქციის გარდა, იცნობს და სარგებლობს E რედაქციითაც.

ჩნდება კითხვა: თუკი მზეჭაბუკ ორბელიანს B-ს სწორებისას მართლმადიდებლურად  უკვე ნასწორები E რედაქცია წინ ედო,  რატომ ამბობს თავის ანდერძში, რომ „ფრიად დაშვრა“, რათა საბასეული ტექსტი გაემართა?

გასათვალისწინებელია, რომ არც ერთი სხვა დანარჩენი რედაქციის ანდერძის ავტორი თავისი რედაქტორული საქმიანობის შესახებ სიმართლეს არ ამბობს. მათი ანდერძების მიხედვით გამოდის, რომ ყველა ვერსიის ავტორი თავად სულხან-საბაა, რაც, ცხადია, სიმართლეს არ შეესაბამება. მზეჭაბუკმა ორი რედაქციის კომპილაციით შექმნა თავისი ვერსია, რომელიც, სხვათა შორის, გარკვეული ენობრივი თავისებურებებითაც გამოირჩევა. ტექსტში ჩანს არქაული ენობრივი ფორმების გათანამედროვებისა და სინტაქსური კონსტრუქციების გამარტივების ტენდენცია, თუმცა, ამის მიუხედავად, მთლიან ტექსტში მაინც ძველი ქართული ენისთვის დამახასიათებელი ფორმები დომინირებს.

საბოლოოდ, კვლევის ძირითადი დასკვნები ასეთია:

 

  • „სამოთხის კარის“ მზეჭაბუკ ორბელიანისეული ვერსია ერთადერთი ტექსტია, რომლის ანდერძშიც გადამწერი/რედაქტორი აღიარებს, რომ მან გადააკეთა და „გამართა“ სულხან-საბას შრომა (ყველა სხვა შემთხვევაში ანდერძების ავტორები ამტკიცებენ, რომ ტექსტი სულხან-საბას ხელიდანაა გამოსული); 
  • A-627-ში დაცული ტექსტი მართლმადიდებლური თვალსაზრისით ნასწორები ტექსტია, რადგან უმთავრესი საკითხები სწორედ მართლმადიდებლური დოგმატური პოზიციიდანაა გადაწყვეტილი, ამასთანავე, ის ყველაზე ახლოს დგას ნიკოლოზ ორბელიანისეულ E რედაქციასთან, სხვა რედაქციებისგან კი მეტ-ნაკლებად განსხვავდება; 
  • A-627-ში არსებული ტექსტის B და E რედაქციებთან შედარების საფუძველზე ირკვევა, რომ მზეჭაბუკ ორბელიანს უნდა ესარგებლა როგორც უშუალოდ ავტოგრაფული (B), ისე ნიკოლოზ ორბელიანისეული (E) რედაქციითაც
  • უშუალოდ E რედაქციასთან მიმართებით ტექსტი არ იძლევა ისეთ კონცეპტუალურ განსხვავებას, რომ ის დამოუკიდებელ რედაქციად მივიჩნიოთ.

[1]იგულისხმება დოგმატები სულიწმინდის გამომავლობისა და პაპის უზენაესობის შესახებ. როგორც ცნობილია, მართლმადიდებლობა აღიარებს სულიწმინდის მამისაგან გამომავლობას, ხოლო კათოლიციზმი მიიჩნევს, რომ იგი გამოდის მამისაგან და ძისაგან. გარდა ამისა, კათოლიციზმის მიხედვით, პაპი დედამიწაზე ქრისტეს მონაცვლე და მისი ერთადერთი მემკვიდრეა, რის გამოც საეკლესიო და ზნეობრივ საკითხებში უცდომელია, რასაც არ აღიარებს მართლმადიდებლობა. 

[2]ივანე ლოლაშვილის ტერმინი

[3]მოძღვარი

[4]ყრმა

[5]ხაზგასმა ეკუთვნის სტატიის ავტორს.

[6]იხ.: Описание рукописей Тифлисского церковного музея карталино-кахетинского духовенства, составленное Ф. Д. Жордания, Кн. 2, Церк. музей, N9, Тифлис, 1902.

 

ლიტერატურა

კოჭლამაზაშვილი ე., ღამბაშიძე ა.
1999
ათანასე ალექსანდრიელის „სიმბოლოს“ ძველი ქართული თარგმანი. მრავალთავი, ფილოლოგიურ-ისტორიული ძიებანი. ტომი XVIII. საქართველოს მეცნიერებათა აკადემია. კ. კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ინსტიტუტი. თბილისი.
ლოლაშვილი ი.
1959
სულხან-საბა ორბელიანის ლიტერატურული მოღვაწეობიდან (1698-1713 წწ.). საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემია. თბილისი.
ღაღანიძე მ.
2009
„სამოთხის კარის“ ტექსტის ისტორია: წყაროები, რედაქციები, კონფესიური პოზიციები. სულხან-საბა ორბელიანი – 350. შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი. თბილისი.