ძველი ბერძნული მეტეოროლოგიური ტერმინოლოგიის ქართულ შესატყვისთა დადგენის თავისებურებები (კლავდიუს პტოლემაიოსის ნაშრომების მაგალითზე)
ადამიანები უხსოვარი დროიდან აკვირდებოდნენ ბუნებრივ მოვლენებსა და ამინდის ცვალებადობას, ვინაიდან, როგორც პრაქტიკული გამოცდილება მოწმობდა, ამინდზე იყო დამოკიდებული მოსავლის ბედი, ზღვაოსნობის წარმატება და სხვა მრავალი პრაქტიკული საქმიანობა. ამინდის ფენომენს გამორჩეული ადგილი ეკავა ანტიკურ საბერძნეთშიც: ძველ ბერძნულ მითოლოგიაში უხვად იყო წარმოდგენილი ღვთაებათა სახით პერსონიფიცირებული ბუნებრივი მოვლენები1. ღმერთებისა და ბუნების ასპექტების კავშირის მაგალითი მრავლადაა ძველი ბერძნული ლიტერატურის სათავეებში: ჰომეროსისა და ჰესიოდეს პოემებში.
ბუნებრივი ფენომენის მითოპოეტური ხერხებით ასახვის პარალელურად პრაქტიკული აუცილებლობა მოითხოვდა ამინდზე საფუძვლიან დაკვირვებასა და მის პროგნოზირებას. ამგვარად, ჯერ კიდევ ჰესიოდეს პოემაში „სამუშაონი და დღენი“ (ძვ.წ. მე-8 ს.) ვხვდებით რჩევებს სოფლის მეურნეობისათვის ბუნების ნიშნების გამოყენების შესახებ2. ტრადიციულად, ამინდის პროგნოზით ძირითადად დაინტერესებულნი იყვნენ მიწათმოქმედები და მეზღვაურები3. თუმცა ინტერესი მეტეოროლოგიისადმი არ შემოიფარგლებოდა მხოლოდ პრაქტიკული აუცილებლობით. სიბრძნისმოყვარე ხასიათიდან გამომდინარე, ელინები ისწრაფვოდნენ, შეეცნოთ სამყარო მათ ირგვლივ, ჩასწვდომოდნენ კოსმოსის ჰარმონიულ მთლიანობას. ამიტომ ძველი ბერძნები არა მხოლოდ ბუნებრივი მოვლენების პროგნოზირებით იყვნენ დაკავებულნი, არამედ - ამ მოვლენათა გამომწვევი მიზეზების კვლევა-ძიებით და სამყაროს ზოგად სურათში მათი ადგილის განსაზღვრით. მომიჯნავე დისციპლინათა, კერძოდ, მათემატიკური ასტრონომიის, მიღწევები ასევე ხელს უწყობდა მეტეოროლოგიის განვითარებას. აქედან გამომდინარე, ამ სფეროთი დაინტერესებული იყვნენ პოეტები, ფილოსოფოსები, ასტრონომები, ასტროლოგები და ა.შ..
ამგვარად, ძველ ბერძნულ ენაში თავი მოიყარა ამინდსა და ბუნებრივ მოვლენებთან დაკავშირებულმა ტერმინოლოგიამ, რომელიც მოიცავდა როგორც მხატვრულ სახეებსა თუ ღმერთების ეპითეტებს, ისე - სპეციფიკურ მეტეოროლოგიურ ტერმინებს. აღნიშნული ტერმინების ანალიზისა და ქართულად ჰარმონიზაციის აუცილებლობა დადგა პტოლემაიოსის „ტეტრაბიბლოსის“ ანუ „ოთხწიგნეულის“ თარგმნისას.
ამ ტერმინთა შესაბამისი ქართული შესატყვისის მოძიებას გარკვეული სირთულეები ახლავს. მათ შორის შეიძლება გამოიყოს: 1) კულტურული და ეთნოგეოგრაფიული თავისებურებები: ძველ ბერძნულ მეტეოროლოგიურ ტერმინოლოგიას აყალიბებს მედიტერანული სივრცის კლიმატური სპეციფიკა, ასეთ ტერმინებს შესაძლოა სხვა ენაში ზუსტი შესატყვისი არ მოეძებნოს; 2) ომონიმური და პოლისემანტური ცნებები, რომელთა ზუსტი განსაზღვრებისათვის აუცილებელია კონტექსტის გააზრება და რომლებიც სხვადასხვა ავტორთან და სხვადასხვა კონტექსტში განსხვავებულად შეიძლება გადმოიცეს; 3) რამდენადმე ბუნდოვანი ცნებები, რომელთა ზუსტი მნიშვნელობის შესახებ მეცნიერთა შორისაც გარკვეული აზრთა სხვადასხვაობა არსებობს.
მასალის მოცულობიდან გამომდინარე, შეუძლებელია ერთ სტატიაში სრულად აისახოს აღნიშნული ტერმინოლოგიის ძველი ბერძნულიდან ქართულად გადმოტანის ყველა ნიუანსი. ამიტომ საკვლევად შერჩეულია ერთი ავტორი - კლავდიუს პტოლემაიოსი (ალექსანდრია, მე-2 ს.) და მისი შრომები: „ტეტრაბიბლოსი“, ანუ „ოთხწიგნეული“ (ასტროლოგია), „ალმაგესტი“, იგივე „მათემატიკური თხზულება“ (ასტრონომია), „უძრავ ვარსკვლავთა ფაზები“ (ყოველდღიური ამინდის პროგნოზირება) და „გეოგრაფია“. სტატიის ფორმატის გათვალისწინებით საკვლევი ლექსიკიდან შეირჩა: 1) ღრუბლის, ნისლის, ნისლეულისა და 2) ქარების აღმნიშვნელი ცნებები და მათი ქართული შესატყვისების დადგენის თავისებურებები.
ღრუბელი, ნისლი, ნისლეული.
ანტიკურ სამყაროში ამინდის პროგნოზირებისათვის ღრუბლებზე დაკვირვებას გამორჩეული ადგილი ეკავა. როგორც ე. ს. მაკარტნი აღნიშნავს, ამინდის უთვალავი პოპულარული ნიშნიდან არაფერი იყო იმაზე საიმედო და ფართოდ გავრცელებული, ვიდრე ის, რომელიც ღრუბლებიდან მიიღებოდა [McCartney, 1929: 612]. ძველ ბერძენ სწავლულებს ამინდის შესახებ დასკვნები გამოჰქონდათ ღრუბლების სიმკვრივის, ზომის, მოხაზულობის, ლოკაციისა თუ ტრაექტორიის განსჯის საფუძველზე. ამ სახის დაკვირვებები შესაბამის ლექსიკურ მარაგს მოითხოვდა. საინტერესოა, რომ ღრუბლებთან დაკავშირებული ძველი ბერძნული სახელწოდებები ძირითადად -νεφ- ძირიდან ნაწარმოები სიტყვებია, როგორიცაა საკუთრივ ღრუბელი: νέφος (néphos) და νεφέλη nephélē (თუკი ეს უკანასკნელი დიდი ასოთი დაიწერება, ძველ ბერძენთა ღრუბლების ქალღმერთს აღნიშნავს). ამ სიტყვათა ეტიმოლოგიის ძიებას მივყავართ ძველ ინდოევროპულ ძირამდე - *nebh-l, რომელიც ღრუბელს აღნიშნავს [Beekes, 2009: 1012]. აქედან იღებს სათავეს არა მხოლოდ ხსენებული ბერძნული სიტყვები, არამედ სხვა ინდოევროპული ენების ლექსიკური ერთეულებიც, როგორებიცაა: ლათინური nubes და nebula, რუსული nebo, გერმანული nebel და ა.შ. (უფრო ვრცელი ჩამონათვალისათვის იხ. Beekes, 2009: 1012). შესაბამისად, აღნიშნული ძირიდან ნაწარმოებ სიტყვებს სხვადასხვა ინდოევროპულ ენაში აქვს როგორც ღრუბლის, ისე - ცის, ნისლისა და მასთან დაკავშირებით - სიბნელის, შემდეგ კი ასტრონომიაში - ნისლეულის მნიშვნელობა. ასეთი ვარიაციები ერთი ენის ფარგლებშიც იჩენს თავს და მთარგმნელისგან დაკვირვებასა და კონტექსტის გააზრებას მოითხოვს, რასაც კლავდიუს პტოლემაიოსის მაგალითზე წარმოვაჩენ.
პტოლემაიოსი გვთავაზობს -νεφ- ძირიდან ნაწარმოები სიტყვების შემდეგ ვარიანტებს: συννέφεια (sunnépheia), ἀνέφελος (anéphelos), νέφος (néphos), νεφέλιον (nephélion), νεφέλη (nephélē), νεφελοειδής (nepheloeidḗs). ზოგიერთი ამ სიტყვის ქართული შესატყვისი სიზუსტისათვის მოითხოვს კონტექსტისა და სხვა ცნებებთან ურთიერთმიმართების გათვალისწინებას.
პირველ რიგში, ვიმსჯელებ იმ ცნების შესახებ, რომელსაც პტოლემაიოსი საკუთრივ ღრუბლის მნიშვნელობით გამოიყენებს. ესაა νέφος (néphos). ძველ ბერძნულში მას რამდენიმე მნიშვნელობა აქვს: იგი ითარგმნება, როგორც ღრუბელი, ღრუბლის გროვა [LSJ, 1940: lsj.gr] ხოლო გადატანითი მნიშვნელობით მოიაზრებს: წყვდიადს, ჩრდილს და ჭექა-ქუხილსაც კი [გიორგობიანი, 2019: 278]. პტოლემაიოსი აღნიშნულ არსებით სახელს იყენებს ოთხჯერ „ოთხწიგნეულში“ (ორჯერ განცალკევებით და ორჯერ შესიტყვებაში παρήλια νέφη (parḗlia néphē)) და ერთხელ „ალმაგესტში“, ყველა ამ შემთხვევაში ღრუბლის მნიშვნელობით. „ალმაგესტის“ პირველი წიგნის მეშვიდე თავში პტოლემაიოსი ახსენებს ღრუბელს νέφος (néphos) და დედამიწაზე მისგან მოფენილ ჩრდილს [Ptol. Almag. H 1984: 25]. „ოთხწიგნეულში“ იმავე სიტყვას ვხვდებით ამინდის პროგნოზირების კონტექსტში: ან თუ [მზეს] ერთი მხრიდან აქვს ეგრეთწოდებული ცრუ მზის (პარჰელიუმის) ღრუბლები [παρήλια νέφη (parḗlia néphē), ან თუ არის მოყვითალო ღრუბლებით [νεφῶν (nephōn)] დაფარული და მისგან თითქოს გამოდის გრძელი სხივები, ეს მიუთითებს ძლიერ ქარებზე [Ptol. Tetr. Hub., 1998: 159]. შესიტყვება παρήλια νέφη (parḗlia néphē) ვარჩიე ქართულად გადმომეცა, როგორც ცრუ მზის ღრუბელი. თავად სიტყვა παρήλιος (parḗlios) ძველბერძნულ-ქართულ ლექსიკონში გადმოთარგმნილია, როგორც მაცდური მზე [გიორგობიანი, 2019: 339], თუმცა, ვინაიდან ის მოვლენა, რომელიც ცის კამარაზე მზის დისკოს ერთ ან ორივე მხარეს ნათელი ლაქის სახით ვლინდება, თანამედროვე ქართულ სალიტერატურო და სამეცნიერო ენაში ცნობილია, როგორც პარჰელიუმი, ანუ ცრუ მზე (იხ. უცხო სიტყვათა ლექსიკონი: პარჰელიუმი [ჭაბაშვილი, 1989: 372]), ამიტომ παρήλιος (parḗlios) უმჯობესია გადმოიცეს, როგორც ცრუ მზე, ხოლო παρήλια νέφη (parḗlia néphē) - როგორც ცრუ მზის ღრუბლები, თუმცა დასაშვებია პარალელური ფორმაც: პარჰელიუმის ღრუბლები, ვინაიდან ქართულ ენაში დამკვიდრებულია ტერმინი პარჰელიუმი - ძველი ბერძნული პარჰელიონის ლათინიზებული ფორმა.
რაც შეეხება -νέφ- ძირიდან ნაწარმოებ სხვა სახელებს, ἀνέφελος (anéphelos) „ოთხწიგნეულში“ გვხვდება მხოლოდ ერთხელ, ხოლო მისი საპირისპირო მნიშვნელობის მქონე სიტყვა συννέφεια (sunnépheia) - ორჯერ. ზედსართავი სახელი ανέφελος (anéphelos) ზოგადად ითარგმნება, როგორც უღრუბლო, ღრუბლებით დაუფარავი [LSJ, 1940: lsj.gr]. ამ მნიშვნელობათაგან უღრუბლო შეიძლება ითქვას მხოლოდ ცაზე, ხოლო პტოლემაიოსი ამ სიტყვას იყენებს მზესთან კონტექსტში: ...როდესაც მზე ამოდის ან ჩადის ἀνέφελος (anéphelos) ღრუბლებით დაუფარავი... [Ptol. Tetr. Hub., 1998: 159], ამ შემთხვევაში ἀνέφελος (anéphelos) უნდა გადმოიცეს, როგორც ღრუბლებით დაუფარავი ან როგორც დაუღრუბლავი და არა როგორც უღრუბლო. არსებითი სახელი συννέφεια (sunnépheia) (შდრ. ზმნა συννεφέω sunnephéō - ღრუბლებს თავს ვუყრი) გულისხმობს ღრუბლების თავმოყრას, ღრუბლიანობას, ღრუბლიან ცას [LSJ, 1940: lsj.gr]. ამ სიტყვას პტოლემაიოსი იყენებს ამინდის მდგომარეობის მნიშვნელობით - პლანეტა სატურნი იწვევს συννέφεια (sunnépheia)-ს ე.ი. ღრუბლიანობას [Ptol. Tetr. Hub., 1998: 137], მეორე შემთხვევაში συννέφεια (sunnépheia) ესაა მზის ამოსვლისა და ჩასვლის შესაძლო თანმხლები ფაქტორი, აქ μετὰ συννεφείας (metà sunnepheías) შეიძლება ითარგმნოს, როგორც ღრუბლების თანხლებით [Ptol. Tetr. Hub., 1998: 159].
როგორც „ოთხწიგნეულში“, ისე - „ალმაგესტში“ პტოლემაიოსი ხშირად იყენებს ზედსართავ სახელს νεφελοειδής (nepheloeidḗs) (νεφέλη (nephélē) - ღრუბელი, εἶδος (eĩdos) - სახე), რომელიც შეიძლება გადმოიცეს, როგორც ღრუბლის მსგავსი, ღრუბლისებრი (ღრუბლისმსგავსი [გიორგობიანი, 2019: 278]). ეს ტერმინი ძირითადად ასტრონომიაში გამოიყენება ისეთ ავტორებთან, როგორებიც არიან: პტოლემაიოსი და ჰიპარქოსი (იხ. Montanari, 2015: 1393). საყურადღებოა, რომ პტოლემაიოსი ამ ზედსართავ სახელს არასოდეს იყენებს მიწიერ და ატმოსფერულ მოვლენებთან კონტექსტში, არამედ მხოლოდ ვარსკვლავებსა და თანავარსკვლავედებთან დაკავშირებით. ამავდროულად νεφελοειδής (nepheloeidḗs) არასოდეს დგას განცალკევებით, არამედ ყოველთვის συστροφή-ს (sustrophḗ) (გროვა, თავმოყრა [LSJ, 1940: lsj.gr] მსაზღვრელად გვევლინება. ლიდლ-სკოტის ძველბერძნულ-ინგლისური ლექსიკონის მიხედვით, ეს მსაზღვრელ-საზღვრული ერთად ითარგმნება, როგორც ნისლეული (nebula) [LSJ, 1940: lsj.gr], თუმცა პტოლემაიოსის შემთხვევაში უფრო ზუსტი იქნება შევუსაბამოთ ვარსკვლავთგროვა ან ვარსკვლავური ღრუბელი. რაც შეეხება ნისლეულს, პტოლემაიოსს ცალკე აქვს მისი აღმნიშვნელი ცნება νεφέλιον (nephélion)4.
არსებითი სახელის νεφέλιον (nephélion) პირველადი მნიშვნელობა პატარა ღრუბელია, ვინაიდან იგი ღრუბლის - νεφέλη (nephélē) - კნინობითი ფორმაა (თუმცა არა ყოველთვის კატეგორიულად კნინობითი [იხ. Sider... 2007: 249]). ბევრ მეტეოროლოგიურ ტექსტში ის ამ მნიშვნელობით გამოიყენება. მაგალითად, თეოფრასტოსის მიხედვით, მცირე ღრუბელი მთა ჰიმეტოსის ხეობაში წვიმის მომასწავებელია [Sider... 2007: 71, 137].
აღნიშნული მეტეოროლოგებისგან განსხვავებით, ძველი დროის ასტრონომები იყენებდნენ ტერმინს νεφέλιον (nephélion) ნისლეულის მნიშვნელობით. პტოლემაიოსი როგორც „ალმაგესტში“, ისე „ოთხწიგნეულში“ ამ სიტყვას მხოლოდ ნისლეულის მნიშვნელობით იყენებს და არცერთგან - ღრუბლის ან პატარა ღრუბლის. მაგალითად: ...ასელუსად წოდებული ვარსკვლავი მათ შორის, რომლებიც გარს ევლება ნისლეულს კირჩხიბში... [Ptol. Almag. H 1984: 387] და ა.შ. ერთხელაა გამოყენებული არსებითი სახელი νεφέλη (nephélē) „ალმაგესტში“: τις ὡσεὶ νεφέλη (tis hōseì nephélē) რაღაც სახის ღრუბლით [Ptol. Almag. H 1984: 177]. ამ შემთხვევაშიც საუბარია ღრუბელზე არა ატმოსფეროში, არამედ - თანავარსკვლავედში. შესაბამისად, იგი შინაარსით უახლოვდება იმას, რასაც გულისხმობს νεφέλιον (nephélion).
პტოლემაიოსი ცალკე ტერმინებს აგრეთვე იყენებს ნისლისა და ბურუსის აღსანიშნავად: ὀμίχλη (omíkhlē) - ნისლი, ბურუსი („ფაზები“), ὀμιχλώδης (omikhlṓdēs) (იგივეა, რაც ὀμιχλοειδής) - ნისლიანი („ფაზები“) და („ოთხწიგნეული“), ἀχλυώδης (akhluṓdēs) - ნისლიანი, ბურუსიანი („ოთხწიგნეული“). პტოლემაიოსი აგრძელებს არისტოტელეს მიერ დამკვიდრებულ ტრადიციას: იგი ერთმანეთისგან განასხვავებს ღრუბლებისა და ნისლის გამომხატველ ცნებებს, თუმცა თავად ნისლის აღმნიშვნელ ცნებებს სინონიმური მნიშვნელობით იყენებს. ეს ლოგიკურიცაა, ვინაიდან ძველ საბერძნეთში არ არსებობდა ნისლის აღმნიშვნელ სიტყვებს შორის ისეთი სხვაობა, როგორიც, მაგალითად, დღეს გვაქვს ინგლისურში: mist და fog.
როგორც ვხედავთ, პტოლემაიოსი თავის ნაშრომებში ნისლის, ღრუბლისა და ნისლეულის აღსანიშნავად მკვეთრად განსხვავებულ ცნებებს იყენებს და განსხვავებათა ამ ტენდენციას თავის ნაწარმოებებში ერთგულად მიჰყვება. თარგმნის დროსაც მიზანშეწონილია, ეს განსხვავებები შენარჩუნდეს და არ მოხდეს ცნებათა აღრევა.
ქარები და მათი სახელწოდებები
სოფლის მეურნეობისა და ზღვაოსნობისათვის გამორჩეული მნიშვნელობა ენიჭებოდა ქარებს და მათ პროგნოზირებას. თუმცა ანტიკურ მეტეოროლოგიაში ქარები წარმოდგენილია არა მხოლოდ როგორც პროგნოზირების მიზანი, არამედ - ამავდროულად - როგორც საშუალება. ლ. ტაუბი აღნიშნავს, რომ ანტიკური ხანის სწავლულებს ქარები სეისმური აქტივობის მიზეზად მიაჩნდათ [Taub, 2003: 148]. გარდა ამისა, ძველ ბერძნებს ქარების ცოდნა მოგზაურობისას ორიენტაციაშიც ეხმარებოდათ: ჰორიზონტის სეგმენტები ბუნებრივად ასოცირდებოდა რომელიღაც ქართან, რომელსაც ძველ ბერძნულად თავისი სახელწოდება ჰქონდა და ეს სახელწოდებები შეესაბამებოდა აღნიშნული ქარების პერსონიფიცირებულ ღვთაებებს. ხშირად ტექსტში ღვთაებათა სახელები დიდი ასოთი იწერებოდა, ხოლო შესაბამისი ქარის სახელი - პატარა ასოთი.
ამგვარად, მთარგმნელის წინაშე ჩნდება დილემა: თარგმნოს ქარის სახელწოდებები ბერძნულიდან ქართულად თუ ტრანსლიტერაციის გზით გადმოიტანოს უცვლელად? მაგალითად, Βορέας (Boréas) უნდა გადმოიცეს, როგორც „ჩრდილოეთის ქარი“ თუ გადმოვიდეს, როგორც ბორეასი?
ჩემი, როგორც მთარგმნელის, დამოკიდებულება საკითხისადმი ამგვარია:
1. მიზანშეწონილად არ მიმაჩნია აღნიშნულ სახელწოდებათა ქართულად გადმოცემა შესაბამისი ჰორიზონტის მხარეების დასახელებათა გამოყენებით, რადგან ანტიკური ხანის ყველა ავტორი ქარების მიმართულებათა ერთიან სქემას არ მისდევს. მაგალითად: ზოგი ავტორისათვის ბორეასი შეესაბამება ჩრდილოეთის მიმართულებას (N), ზოგისათვის (მათ შორის პტოლემაიოსისთვისაც) - ჩრდილო-ჩრდილო-აღმოსავლეთისას (NNE).
2. ქართულ ენაში არსებობს ქარების ძველ ბერძნულ სახელთა ტრანსლიტერაციის დიდი ხნის ტრადიცია. მაგალითად, სულხან-საბა ორბელიანი გვთავაზობს ძველი ბერძნული ქარების სახელწოდებათა „გაქართულებულ“ ვერსიას: Βορέας (Boréas) გადმოაქვს, როგორც ბორიასი და ა.შ. (ქარების სახელწოდებებისათვის იხ. [ორბელიანი, 1993... 213-216]).
3. ამგვარად, ქართული ენისათვის არაა უცხო ქარების ძველ ბერძნულ სახელწოდებათა „გაქართულება“. ამიტომ მიმაჩნია, რომ უფრო გამართლებულია აღნიშნულ სახელთა ტრანსლიტერაცია, რა თქმა უნდა, ანტიკური ხანის სახელთა ქართულად გადმოტანის წესების გათვალისწინებით (იხ. [ტონია, 2023: 17-24]). თუმცა ამავდროულად ვფიქრობ, რომ პირველ პუნქტში აღნიშნული თავისებურების გათვალისწინებით, საჭიროა შენიშვნის სახით ქარების მიმართულებაც მიეთითოს.
ამ პრინციპების გათვალისწინებით პტოლემაიოსის თორმეტქარიანი სისტემა ქართულ ენაზე ამგვარად შეიძლება გადმოვიტანოთ:
ოთხი კარდინალური ქარი:
Ἀπαρκτίας (Aparktías)- აპარკტიასი (ჩრდილოეთის ქარი); „გეოგრ.“, „ფაზ.“
Νότος (Nótos)6 - ნოტოსი (სამხრეთის ქარი); „გეოგრ.“, „ოთწიგნ.“, „ფაზ.“
Ζέφυρος (Zéphuros) - ზეფიროსი (დასავლეთის ქარი); „ოთწიგნ.“, „ფაზ.“
Ἀπηλιώτης (Apēliṓtēs) - აპელიოტესი (აღმოსავლეთის ქარი); „გეოგრ.“, „ოთწიგნ.“, „ფაზ.“
რვა ინტერკარდინალური ქარი:
Καικίας (Kaikías) - კაიკიასი (ჩრდილო-აღმოსავლეთის ქარი) პტოლემაიოსი ამ ქარს სახელწოდებით არ მოიხსენიებს, თუმცა აღნიშნული მიმართულების ქარი შეტანილია მისი ქარების რუკაში (იხ. [Berggren... 2000: 15]).
Εὖρος (Eũros) - ევროსი (სამხრეთ-აღმოსავლეთის ქარი) „გეოგრ.“,„ფაზ.“
Λίψ (Líps) - ლიფსი (სამხრეთ-დასავლეთის ქარი) „გეოგრ.“,„ფაზ.“
Ἰᾶπυξ (Iãpyx) - იაპიქსი (ჩრდილო-დასავლეთის ქარი) „გეოგრ.“
Βορέας (Boréas) - ბორეასი (ჩრდილო-ჩრდილო-აღმოსავლეთის ქარი) „გეოგრ.“, „ოთწიგნ.“, „ფაზ.“
Θρασκίας (Thraskías) - თრასკიასი (ჩრდილო-ჩრდილო-დასავლეთის ქარი) „გეოგრ.“
Λιβόνοτος (Libónotos) - ლიბონოტოსი (სამხრეთ-სამხრეთ-დასავლეთის ქარი) „გეოგრ.“, „ოთწიგნ.“
Εὐρόνοτος (Eurónotos) - ევრონოტოსი (სამხრეთ-სამხრეთ-აღმოსავლეთის ქარი) (იხ. [Berggren... 2000: 15]).
გარდა ხსენებული ძირითადი ქარებისა, პტოლემაიოსის „ფაზებსა“ თუ „ოთხწიგნეულში“ გვხვდება დასახელება სხვადასხვა სეზონური ქარისა, რომელიც მედიტერანული სივრცის კლიმატური პირობებისთვისაა დამახასიათებელი.
χελιδονίας (khelidonías) - ამ ქარის ფუძეშია სიტყვა χελιδών (khelidṓn) - მერცხალი. ბრილის ლექსიკონის განმარტებით ესაა: გაზაფხულის ქარი, რომელსაც მოჰყავს მერცხლები [Montanari, 2015: 2353]. ქარის ეს სახელწოდება წმინდად ელინური კულტურისთვის დამახასიათებელი ფენომენია. ამიტომ ქართულ შესატყვისად ვარჩევ მერცხლის ქარს, რათა სემანტიკაც გასაგები იყოს.
ამ ქარის მსგავსია ὀρνιθίας (ornithías), რომლის ფუძეშია ὄρνις (órnis) ფრინველი. ესეც ერთგვარი ყოველწლიური გაზაფხულის ქარია, რომელსაც ფრინველები შემოჰყავს, ამიტომ შეიძლება გადმოიცეს, როგორც ფრინველის ქარი.
ἐτησίαι ერთგვარი პერიოდული ქარებია, რომლებიც ზაფხულის დროს ჩრდილო- დასავლეთიდან უბერავს, ამ სახელის ფუძეშია ἔτος (étos) - წელიწადი. ეს სახელი მრავლობითშია მოცემული, თანაც ქართული ზუსტი შესატყვისი არ მოეპოვება, ამიტომ მართებულად მიმაჩნია თ. გიორგობიანის მიერ შემოთავაზებული ვარიანტი: ეტესიები [გიორგობიანი 2019: 161].
ზემოაღნიშნული ტერმინების ანალიზიდან, ვფიქრობ, გამომდინარეობს შემდეგი:
ა) ზოგიერთი მეტეოროლოგიური ტერმინის ქართული შესატყვისის დადგენა მარტივია, რადგან არ შეიცავს ბუნდოვანებას და ქართულში ზუსტი ანალოგია მოეპოვება.
ბ) ზოგიერთი სახელწოდების გადმოტანა (მაგალითად, ქარების დასახელება) უმჯობესია ტრანსლიტერაციის გზით, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როცა მათი გადმოღების და გადმოქართულების ტრადიცია უკვე არსებობს. ამას ემატება ისეთი სპეციფიკური ტერმინებიც, რომელთა ქართული შესატყვისი არ მოგვეპოვება. მნიშვნელოვანია, რომ ტრანსლიტერაციის დროს დავიცვათ ანტიკური სახელწოდებების ქართულად გადმოტანის პრინციპები (იხ. ტონია, 2023).
გ) არსებობს ომონიმური და პოლისემანტური ცნებები, რომელთა ქართული შესატყვისების ძიებისას გასათვალისწინებელია კონტექსტი.
როგორც ძველი ბერძნული, ისე - ქართული ენები, მდიდარია ამინდისა და ბუნებრივ მოვლენათა აღმნიშვნელი ცნებებით. ამასთანავე, ანტიკურობაში ცნება „მეტეოროლოგია“ მოიცავდა არა მხოლოდ იმას, რასაც თანამედროვე გაგებით გულისხმობს მეტეოროლოგია, არამედ გეოლოგიურ და სეისმოლოგიურ ფენომენებსაც. მეტეოროლოგიურ ტერმინებზე მსჯელობა ერთი სტატიით ვერ ამოიწურება. ამიტომ სტატიაში წარმოდგენილი თემატიკა მომავალში შეიძლება განივრცოს ორი მიმართულებით: 1) დაემატოს სხვადასხვა ბერძენი ავტორი და გაანალიზდეს მათ მიერ გამოყენებულ ტერმინთა სპეციფიკა; 2) ამას დაემატოს ქართულად ნათარგმნი კლასიკური და ბიზანტიური ხანის ავტორების მიერ გამოყენებული მსგავსი თემატიკის ტერმინოლოგია და განისაზღვროს მათი ადგილი ქართულ ტრადიციაში.
[1] უზენაესი ღვთაება ზევსი ამავდროულად ზეცის ღმერთიცაა, რომელიც განკარგავს ღრუბლებს, მეხსა და ელვას; მისი ძმა, პოსეიდონი, წყლის სტიქიის მბრძანებელია და ამოავდროულად მიწისძვრაზეა პასუხისმგებელი; ზევსის მეუღლეს, ჰერას, აგრეთვე, მიეწერება ამინდის გაკონტროლების უნარი. ძირითადი ღმერთების გვერდით ბერძნულ პანთეონში მრავლად გვხვდება მცირე ღვთაებებიც - ამა თუ იმ სტიქიური ძალისა თუ სეზონური მოვლენის განსხეულებები.
[2] აღნიშნული პოემა, როგორც ლ. ტაუბი განმარტავს, დგას გამორჩეული ტრადიციის სათავეებთან ასტრომეტეოროლოგიური ტექსტებისა, რომლებიც ასტრონომიულ მოვლენებს სეზონებსა და ამინდს უკავშირებს [Taub, 2003: 7].
[3] ანტიკური მეტეოროლოგიური ტექსტების კვლევის შედეგად სიდერი და ბრუნშონი გამოყოფენ ამინდის პროგნოზირების ადრესატ სხვა პროფესიის ადამიანებსაც, კერძოდ: მეწისქვილეებს, სხვადასხვა სახის ნახირის მწყემსებს, სამხედრო სტრატეგებს, მეთევზეებს, ვაჭრებს და, გარკვეულწილად - ექიმებსაც [Sider... 2007: 1, სქ. 1].
[4] თუკი „ალმაგესტის“ ინგლისურ თარგმანს გადავხედავთ, დავინახავთ, რომ ტუმერი სიტყვას νεφέλιον (nephélion) გადმოსცემს, როგორც nebula, ხოლო νεφελοειδής (nepheloeidḗs) συστροφή (sustrophḗ)-ს როგორც nebulous mass ან globular cluster/ galactic cluster (იმ შემთხვევაში, თუ იგულისხმება ერთი კაშკაშა ვარსკვლავი) [Toomer, 1984: 16, 324 და ა.შ.].
[5] დასახელებულია პტოლემაიოსის ის ნაწარმოებები, რომლებშიც მოხსენებულია ამა თუ იმ ქარის სახელწოდება.
[6] აღნიშნული ქარი ნაყოფიერად და ტენიანობის მომტანად მიიჩნეოდა. შდრ. ქართული ნოტიო.
ლიტერატურა
გიორგობიანი თ. 2019 |
ძველბერძნულ-ქართული ლექსიკონი. თბილისი. |
ორბელიანი ს.ს. 1993 |
ლექსიკონი ქართული. თბილისი. |
ტონია ნ. 2023 |
ბერძნული და რომაული საკუთარი სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი. თბილისი. |
ჭაბაშვილი მ. 1989 |
უცხო სიტყვათა ლექსიკონი. თბილისი. |
Beekes R. 2009 |
Etymological Dictionary of Greek (Leiden Indo-European Etymological Dictionary Series; 10), vol. II. Boston: Brill. |
Berggren, J. L. and A. Jones. 2000 |
Ptolemy’s Geography: An Annotated Translation of the Theoretical Chapters. Princeton, NJ/Oxford. |
LSJ 1940 |
lsj.gr |
McCartney E. S. 1929 |
Clouds, Rainbows, Weather Galls, Comets, and Earthquakes as Weather Prophets in Greek and Latin Writers. The Classical Weekly, 23(1), 2–8. |
Ptolemy. 1954 |
Claudii Ptolemaei Opera quae exstant omnia: pars 1. Apotelesmatika. (Original work published ca. 168) |
Taub L. 2003 |
Ancient Meteorology. New York; London. |
Toomer G. 1984 |
Ptolemy Syntaxis Mathematica trans. |
Sider D., Brunschön, C.W 2007 |
Theophrastus of Eresus: On Weather Signs. |