ფერთა ტერმინების სტრუქტურული და ლექსიკურ-სემანტიკური ჯგუფები ქართველ სიმბოლისტებთან
ფერთა თეორიის მეცნიერულ კვლევას დიდი ხნის ისტორია აქვს. რთულია იმის გარკვევა, თუ როგორ აღიქვამდნენ ფერებს ძველად. ამასთან დაკავშირებით ძველი ლიტერატურული წყაროები მწირ ინფორმაციას გვაწვდის.
პირველად ფერისა და ფორმის შესახებ ანტიკური ავტორები მსჯელობდნენ. შემდეგ ლეონარდო და ვინჩი დაინტერესდა ამ საკითხით. გოეთემ გამოყო „ცივი“ და „თბილი“ ფერები.
ფერთა პრობლემატიკის შესახებ კვლევას განსაკუთრებული ყურადღება XIX–XX საუკუნეებში მიექცა. უნდა აღინიშნოს, რომ ფერთა უნივერსალურ კატეგორიებზე მსჯელობა ბაზისურ ფერთა ტერმინების (მარტივი მორფოლოგიური სტრუქტურის) განსაზღვრის საკითხს ეფუძნება. სწორედ ამ საკითხის შესწავლას მიუძღვნეს სპეციალური ნაშრომი ბ. ბერლინმა და პ. ქეიმ (1969). ავტორების აზრით, ფერის ტერმინთა სისტემის ტიპს განსაზღვრავს ბაზისური ფერის ტერმინები, რომლებიც ყველასათვის ერთნაირად გასაგებია.
ეთერ სოსელიას აზრით, როდესაც ამა თუ იმ ფერის ტერმინებს ვეცნობით, ინტუიციურადაც ვგრძნობთ, რომ ამ ტერმინთაგან ზოგიერთი ძირითადია. ასე მაგალითად, ამგვარია ქართულში თეთრი, შავი, წითელი, ყვითელი..., მაგრამ ძირითად ტერმინებად არაფრით არ ჩაითვლება ჟოლოსფერი, ალისფერი, იასამნისფერი, მუქი მწვანე, მოწითალო და სხვა. ბ. ბერლინისა და პ. ქეის თეორია სწორედ ამგვარ ძირითად ტერმინებზეა დამყარებული და მათ ავტორები ბაზისურ ფერთა ტერმინებს უწოდებენ [სოსელია, 2009:10].
ფერთა ამსახველი ლექსიკის სემანტიკის მკვლევართა ერთი ნაწილი ბაზისური (პ. ფრუმკინა. ა. ვეჟბიცკა...) ფერის კატეგორიას თეორიულად არ ცნობს და, შესაბამისად, ამ მხრივ, არც ბ. ბერლინისა და პ. ქეის შრომაში მოცემულ განსაზღვრებას იზიარებენ, თუმცა ამ კატეგორიის აუცილებლობა მნიშვნელოვანია და ისინი თავიანთ შრომებში სხვადასხვა სახელწოდებით მაინც მოიხსენიებენ.
ჩვენი კვლევის მეთოდოლოგიიდან გამომდინარე, აუცილებლად მივიჩნიეთ ნაშრომში გარკვეული ადგილი დაგვეთმო სიმბოლოს, როგორც ესთეტიკური ნიშნის, სემიოტიკური ანალიზისთვის. თანამედროვე სემიოტიკის განვითარებას პრობლემური სიახლე შეაქვს სემანტიკის იმ ნაწილში, რომელიც სიტყვათა კონტექსტური მნიშვნელობის ფორმირების პროცესს იკვლევს. იგი აქტუალურია თანამედროვე ლინგვისტიკისთვის. სიმბოლოს დანიშნულებაა, წარმოადგინოს კულტურული პარადიგმა მის მთლიანობაში.
უნდა აღინიშნოს, რომ სიმბოლური თვალსაზრისით განირჩევა:
ა) პირველი ტიპის ფერის სიმბოლო, ანუ ფერი თავისთავად (ბაზისური ფერები: თეთრი, შავი, რუხი, წითელი, ყვითელი, მწვანე და ლურჯი).
ბ) მეორე ტიპის ფერის სიმბოლო, რომელიც ორ ან მეტ ფერს შეიცავს და რომლის მნიშვნელობა არ არის ცალკეული ფერების მნიშვნელობების ჯამი;
გ) მესამე ტიპია ფერადი ფორმების სიმბოლო, როგორც კონკრეტული ფიზიკური ობიექტები; ასე, მაგალითად, ძვირფასი ქვები: ზურმუხტი, ლალი, გიშერი, ქარვა, ლაჟვარდი, იაგუნდი... ძვირფასი ლითონები: ოქრო, ვერცხლი.
ფერთა სიმბოლური მნიშვნელობა სხვადასხვა კულტურაში განსხვავებულია. მაგალითად, დასავლურ საზოგადოებაში სიკვდილთან შავი ფერი ასოცირდება, ხოლო აღმოსავლეთის ქვეყნებში სიკვდილის სიმბოლოდ თეთრ ფერს მიიჩნევენ.
ფერი დადებით ან უარყოფით ემოციებს იწვევს, ხოლო მის მნიშვნელობას საფუძვლად უდევს პირდაპირ ასოციაციებზე დამყარებული სიმბოლიკა. შეიძლება ითქვას, რომ თითოეულ სიმბოლოს ასოციაციური მნიშვნელობა უნდა მივანიჭოთ, რაც მიანიშნებს მის სემანტიკურ ველს. მაგალითად, წითლის ერთ-ერთი მნიშვნელობა დაკავშირებულია ფიზიოლოგიურ რეაქციასთან – განრისხებით ან სირცხვილით გამოწვეულ მდგომარეობასთან. შესაბამისად, გამოთქმას „სირცხვილისგან გაწითლება“ თავისი ანალოგი აქვს სხვადასხვა ენაში, ისევე როგორც შესიტყვებებს: „შავი ბაზარი“, „შავი სია“, „შავი დღე“, „შავი ჭირი“, „შავი მაგია“, „შავი პარასკევი“, „შავი ყუთი“, „თეთრი რაინდი“, „თეთრი დროშა“, „რუხი კარდინალი“, „ყვითელი ბარათი“, „ყვითელი პრესა“, „ყვითელი შუქი“, „ვარდისფერი სათვალით ყურება“, „წითელი პარასკევი“, „წითელი შუქი“, „წითელი განგაში“, „მწვანე საფარი“, „მწვანე შუქი“ და სხვ.
როგორც ცნობილია, ბაზისურ ფერთა ჯგუფს განეკუთვნება: თეთრი, შავი, რუხი, წითელი, ყვითელი, მწვანე და ლურჯი. ოპოზიცია თეთრი და შავი დაკავშირებულია სინათლისა (დღის) და სიბნელის (ღამის) ცნებებთან; რუხი კი აღიქმება, როგორც ბუნდოვანი ფერი. ქრომატულ ჯგუფში შემავალი წითელი თავის რეფერენციაში შეიცავს სისხლის (ომის, ცეცხლის) კონცეპტს; ყვითელი უკავშირდება მზეს, მწვანე – ბუნებას, მცენარეულობას, ლურჯი კი ცას ან წყალს შეესაბამება.
ბაზისურ ფერებს აქვს დადებითი და უარყოფითი დატვირთვა. განვიხილოთ თითოეული მათგანი:
თეთრი ფერით გამოხატულია: სილამაზე, მშვენიერება, სინათლე („მთვარესავით თეთრი“); დალოცვა („თეთრი მთავარანგელოზი შეგეწიოს!“), წყევლა („თეთრი არ ჩაგეცვასო“), შიში („შიშისგან გათეთრება“), გულისტკივილი, საფიქრალი („თეთრად გამითენდა!“), ავადმყოფობა („ერთობ თეთრი“), ადამიანის თმა (თეთრწვერა), სახის კანის ფერის გამომხატველი (თეთრსახიანი), გულკეთილი ადამიანი („თეთრი“ გულის, სუფთა ადამიანი).
თეთრი გვხვდება აგრეთვე შემდეგ სიტყვებსა და შესიტყვებებში: კომპოზიტებში: თეთრმოსახვევიანი, თეთრქვიანი, თეთრნარევი... მცენარეთა სახელწოდებებში: ძირთეთრა... ზმნებსა და სახელზმნებში: გაათეთრა, გათეთრდა, გათეთრება, გათეთრებული, წამოთეთრებული, უთეთრდება... სინტაგმებში: ცხოველთა სახელწოდებებში – მუცელთეთრი თევზი, თეთრი ცხენი, თეთრი ძაღლი, თეთრი მელა, თეთრი დათვი, თეთრი ღამე...
პოეზიაში თითოეული ფერით შესაბამისი მოვლენა ან თვისება გამოიხატება (მწუხარება, ავადმყოფობა, ცბიერება, სიხარული, სილამაზე, გულისტკივილი, მუქარა, თხოვნა, დალოცვა, გაბრაზება, შიში...).
ქართულ სიმბოლისტურ პოეზიაში თეთრი ხშირად სიცივეს, ზამთრს, მარტოობას, მწუხარებას, სიკვდილს უკავშირდება: ,,თეთრ ყვავილებით დამარხეს ქალი./გაშლილ ზამბახებს ელიან მკვდრები“ („უკანასკნელი ლექსებიდან“, შ. კარმელი); „...და როცა ქვეყნის აღსასრული ჩამოიგრგვინებს, / ჩვენ გავიცინებთ თეთრ ფერებში გადაცმულები“ („ჩვენ - „ცისფერი ყანწები“, ნ. მიწიშვილი).
თეთრი ფერი ხასიათდება შემდეგი თვისებებით: ცივი, ბრწყინვალე, კაშკაშა… ასოცირდება ანგელოზებთან, მთვარესთან, თოვლთან და ყინულთან. თოვლის სითეთრე, ერთი მხრივ, სიწმინდის, მეორე მხრივ, სიცივის სიმბოლოა.
თეთრი ეპითეტად აქვს სიტყვებს: გიორგი, ანგელოზი, მტრედი, თოვლი, მყინვარი, ღრუბელი, ზამთრი, არაგვი, მთები, ალი..
„შორით კი მოჩანს თეთრი მყინვარი“ („შემოდგომის დღე ოქროყანაში“, ტ. ტაბიძე); ,,თეთრი მტრედები / თეთრ ღრუბლებში, / თეთრი გიორგი, / ცხენი ანგელოსით,/ ესხატოლოგია“ („ცხენი ანგელოსით“, ტ. ტაბიძე);
სინათლისა და სიბნელის ფერით მოვლენებს დადებითი და უარყოფითი მნიშვნელობები აქვს. სპეტაკი, ნათელი, სინათლე უკავშირდება იმედს: „შეხვალთ შიგნით, ნახავთ დარბაზს... სადას, ნათელს, კეთილშობილს“ („თეატრი“, პ. იაშვილი).
მკრთალი, ფერმკრთალი, ფერწასული, ფერგადასული, გაფითრება უფერულია, უსიცოცხლო, ნაღვლიანი და უსიხარულო: „დედოფლის სახე ფერმკრთალია, ვით ნისლში გედი“ („მეფის ქორწილი“, პ. იაშვილი).
შავი ფერით გამოხატულია: მწუხარება, გლოვა (შავებჩაცმული, ძაძებშემოსილი); სიკვდილი („...შავ სიკვდილსაც აქვს გაზაფხული“ (ტ. ტაბიძე); მუქარა („შავ დღეს დაგაყრი!“); უბედურება (შავდღიანი, შავბედიანი); დატუქსვა (შავი დღის დაყენება); დამცირება, შეურაცხყოფა, სიმახინჯე („ყვავივით შავი“); ცბიერება („შავი მელა“); გასაჭირი, ჭირი („შავი ჭირი“); ჟამთა სიავე (შავბნელი დრო); ადამიანის სახის, თმის, თვალის ფერის აღმნიშვნელი (შავსახიანი, შავთმიანი, შავთვალება).
ქრომატული ფერების (თეთრი-შავი) ანალიზმა აჩვენა, რომ, ერთი მხრივ, შავი ატარებს არაცნობიერის სემანტიკას, ხოლო, მეორე მხრივ, მომავალ დროს. შდრ. ღამე, აღმა გაღმა... თვალის ამოღამება, ღამურა ... ღმ/ღამ ძირი უნდა უკავშირდებოდეს უხილავობას, ამ მხრივ, ის შეიძლება დაუკავშირდეს მომავლის ბუნდოვანებასაც.
უარყოფითი ემოციის ექსპრესიის გამოვლენისათვის დასტურდება სიტყვები, რომლებიც შეიცავს ფერის ნეიტრალურ წევრს. მაგალითად: გულშავი, შავბნელი, გულშავობა, სიშავე...
ლიტერატურაში (არა მარტო ქართულში) შავი ხშირად ასოცირდება სიცარიელესთან და მწუხარებასთან. „შავი ღამეა, ცა გლოვობს“ („შემოდგომის ღამე“); „..აღარ მშორდება შავი ნაღველი“ („მელოდია“); „თავს დაგსტრიალებს სიკვდილი შავი“ („ძრწოდე, ვალტასარ!“, ტ. ტაბიძე)
უარყოფითი მნიშვნელობა აქვს სიბნელის ფერით მოვლენებს. წყვდიადი, ჩრდილი, ბინდი, ბინდისებური, ბნელი, სიბნელე სიკვდილთან, მწუხარებასთან ასოცირდება, ღამე კი იღებს იდუმალების სახეს: „ცამ სულ დახუჭა თვალი, დაბნელდა“ („წვიმა ქალაქში“, შ. აფხაიძე); „სძინავს სამყაროს, ნისლით დაბურულს, / გაუმჭვირვალე ღამეა ბნელი“ („მუზას“, ტ. ტაბიძე).
რუხის ჯგუფში შემავალი სიტყვებით გამოხატულია: სიმახინჯე („კატასავით იჭყიტება ნაცრისფერი თვალებით“); გაფითრება („ნაცრისფერი დაედო“); გაბრაზება („მიწისფერი გადაედო“); ავადმყოფობა („მომაკვდავის ფერი ადევს“); ადამიანის თვალის, თმის ფერის აღმნიშვნელი (რუხი ფერის თვალები, მონაცისფროთმიანი); გვხვდება ფრინველთა და ცხოველთა სახელწოდებებში (მოშავო-მორუხო ფერის ჩიტი, რუხი ცხენი, რუხი დათვი).
„ცისფერყანწელებთან“ რუხი/ნაცრისფერი იშვიათად გვხვდება და დადებითი კონოტაცია არ აქვს: „ვინც ლექსებს ამბობს ტირილით და რუხ გაბრაზებით“ („დაისი მესამე“, ვ. გაფრინდაშვილი); „ბაღს მიადგა დაფნებიანს, / რუხად ჩააბნელა“ ( „შემოდგომის დღე ფოთში“, პ. იაშვილი).
წითელი ფერით გამოხატულია: სიმახინჯე („წითელი თვალები“; „წითელი კაცი“); მუქარა (წითლად შეგღებავთ!); ავადმყოფობა (წითელი ქარი (ავადმყოფობა), ჩარანდელი); სიკვდილის მოახლოება („წყალი წითლად შეიღება“); გლოვა (წითელ-შავად შეღებილი); მორცხვობა (სირცხვილისგან გაწითლება); სირცხვილის გრძნობა (წამოწითლებული სახე); სიბრაზე (პილპილივით წითელი); ნიადაგის ფერი („წითელი მიწა“); ადამიანის სახის, თმის ფერის აღმნიშვნელი (მოწითალო სახის ადამიანი; ლოყაწითელი, წითელთმიანი).
ქართველ სიმბოლისტებთან წითელი ბოროტების ფერია; უკავშირდება სისხლს, ომს, რევოლუციას, სიკვდილს: „შენს სასახლეში ყეფს წითელი საშინელება“ („ვერჰარნ“, პ. იაშვილი); „ჩვენ გვიგზავნის წითელ სიკვდილს“ („წითელი ხარი“, პ. იაშვილი).
ყვითლის სემანტიკური ველი შემდეგნაირად წარმოგვიდგება: შურის გამომხატველი (შურისგან გაყვითლებული); ავადმყოფური ფერი (მოყვითალო ფერის (ავადმყოფური) სახე); ადამიანის თვალის, სახის კანის, თმის ფერის აღმნიშვნელი (თაფლისფერთვალებიანი, ოქროსფერი (ნათელი) სახე, ოქროსფერთმიანი).
„ცისფერყანწელებთან“ ყვითელს ძირითადად უარყოფითი დატვირთვა აქვს: „შენ ხარ ყვითელი, ვით საგიჟეთი“ („შემოდგომა“, ვ. გაფრინდაშვილი); „შიშიანობა და გაყვითლება!“ („სანბენიტო“, შ.კარმელი).
მწვანე ფერი გამოხატავს: ლანძღვას („მწვანე ფერის სახე“); ბუნების სილამაზეს („მთელი ქვეყანა მწვანედ შეიმოსა“); ავადმყოფობას („ხავსისფერი დასდებია“); ადამიანის თვალის ფერის აღმნიშვნელი (მწვანეთვალება).
„ცისფერყანწელებთან“ მწვანე ყვავილობას, ბუნებას, გაზაფხულს უკავშირდება: ,,იდგა ზაფხული ამწვანებული“ („ხის სიკვდილი“, კ. ნადირაძე); „უკვე მთებში ვარ... ირგვლივ ტყეა ამწვანებული“ („მთებში“, ნ. მიწიშვილი).
ლურჯით გამოხატულია: მუქარა („თვალ-სახე დაგილურჯდება“); ავადმყოფობა (თვალებჩალურჯებული); გაფითრება (გალურჯდა); ცის აღმნიშვნელ სიტყვებად გამოყენებული (ცის ლურჯი გუმბათი, ცის ლურჯი სივრცე); წყლის აღსანიშნავად (მტკვრის ლურჯი ტალღები); ადამიანის თვალის ფერის აღსანიშნავად (ლურჯი თვალები).
„ცისფერყანწელებთან“ ლურჯი ცივი, სევდიანი ფერია: ,,მარტო ვიყავი!.. ჩემ გარშემო ლურჯად ბნელოდა“ („უვერტიურა, პ. იაშვილი),
ამდენად, დასკვნის სახით, შეიძლება ითქვას, რომ ძირითად ფერებს აქვს როგორც დადებითი, ისე – უარყოფითი მნიშვნელობა, თუმცა აღსანიშნავია, რომ რუხს აქვს მხოლოდ უარყოფითი მნიშვნელობა (უიმედობის, მორჩილების, გულგრილობის, დარდის, ჭმუნვის, მოწყენილობის, გაურკვევლობის, გაუბედაობის).
ფერი გვხვდება, აგრეთვე, სხვა კომპოზიტების შემადგენელ ნაწილად: ფერდაკარგული, ფერწასული, ფერმიხდილი, ფერგამქრალი, ფერმკრთალი, ფერისცვალება, მრავალფეროვანი, ფერად-ფერადი... არაფერი, ყველაფერი, მრავალფერი...
„ცისფერყანწელთა“ ლექსებში ზოგჯერ ფერი არ არის ნახსენები, მაგრამ კონტექსტიდან ჩანს, რომ ფერზეა საუბარი. ამ მხრივ, ცალკე ჯგუფად გამოიყოფა ისეთი სახელები, რომლებიც სინათლისა და ფერის მოვლენებს ახასიათებს. გვხვდება ღია და მუქი, მხიარული და მწუხარე კატეგორიები. ფერის მახასიათებლების აღმნიშვნელი სიტყვებია: ბაცი, ბნელი, გაცრეცილი, გახუნებული, ელვარე, კამკამა, კაშკაშა, ლაპლაპა, მბზინავი, მიმქრალი, მკვეთრი, მკრთალი, მოღრუბლული, მოჭერილი, მუქი, მქრქალი, მცხრალი, მხიარული, ნათელი, ნაჯერი, პრიალა, სპეტაკი, ქათქათა, ღია, ციმციმა, ჭრელი, ჭრელ-ჭრელი, ხასხასა...
ფერების აღმნიშვნელი ლექსიკის გამდიდრების ერთ-ერთ წყაროს წარმოადგენს სალიტერატურო ენაზე არსებული მხატვრული შემოქმედება. ქართველ სიმბოლისტებთან დასტურდება ფუძის სახით, ბრუნვის ფორმით, ნარ-თანიანი და ებ-იანი მრავლობითის ფორმით, ზმნისწინიანი და თანდებულიანი ფორმით წარმოდგენილი, აგრეთვე, ვითარების გარემოების ფუნქციით და ოდნაობითი ხარისხით (მო- -ო, -უ -ეს, სი-ე) გამოხატული ფერთა სახელები.
„იმ შავ დილამ წინაპართა...“ („დილა“, ნ. მიწიშვილი); „შემახის გზაზე ვიღაც შავმა...“ („ჰაჯი მურატის მოჭრილი თავი“, ნ. მიწიშვილი); „...და მტკვრის ნაპირი მწვანეში წვება“ („ახლა, როდესაც“ , შ. აფხაიძე); „...და შავნი შაშვნი დააცხრნენ ბაღებს“ („მოგზაურობა სამშობლოში“, გ. ლეონიძე); „მახსოვს შავებში იჯექ ჩემთან და ჩვენს გაზაფხულს...“ („მახსოვს შავებში“ , ს. შანიაშვილი); „თეთრად ათენებ: თავს გესხმიან ავი ბოდვები“ („ფრანგ პოეტს“ , გრ. რობაქიძე); „ჩუმად ჩავსხდეთ მოთეთრო ნავში“ („ბალდახინი“ , კ. ნადირაძე).
ფერთა აღმნიშვნელი ზედსართავი სახელებისაგან იწარმოება ზმნები და სახელზმნები: „თეთრდება პრესნა და თებერვალი“ („ვლადიმერ მაიაკოვსკის დედა და დები“ , ტ. ტაბიძე); „თქვენ სუნთქვით იყო ეს სასტუმრო გალურჯებული“ („სურნელება თქვენი ტანის“, კ. ნადირაძე).
დასტურდება ისეთი შემთხვევები, როცა ფერის აღმნიშვნელი სიტყვა კომპოზიტის პირველ ან მეორე ნაწილს წარმოადგენს: შავბედი, შავნაბდიანი, შავთმაჩაშლილი, შავგრუზა, შავრაშიანი, შავკაბიანი, შავმოგარსული, შავფრთიანი, შავფერი, შავპირი, შავბნელი, შავთვალა, თეთრქაფა, წითელგულა, წითელდროშოვანი, ყვითელმზერიანი, ყვითელფერობს, ლურჯთვალა; თმათეთრი, ბედშავი, პირშავი, ფერშავი, წვერწითელა, თმათეთრი, ფერწითელობა.
„ცისფერყანწელები“ იყენებენ სალიტერატურო ქართულში გაბატონებულ ,,ფერ“ -კომპონენტით ნაწარმოებ რთულფუძიან ფერის აღმნიშვნელ სიტყვებს: აგასფერი, ალისფერი, ატმისფერი, გოგირდისფერი, ვარდისფერი, ვერცხლისფერი, ზღვისფერი, თაფლისფერი, თოვლისფერი, იისფერი, კომშისფერი, კუპრისფერი, ლალისფერი, ლაჟვარდისფერი, მარგალიტისფერი, მარწყვისფერი, მარჯნისფერი, მზისფერი, მთვარისფერი, მიხაკისფერი, მტრედისფერი, ნაცრისფერი, ოქროსფერი, ჟანგისფერი, სანთლისფერი, სისხლისფერი, ფირუზისფერი, ქარვისფერი, ღამისფერი, შვინდისფერი, შინდისფერი, ცეცხლისფერი, ცრემლისფერი, წვიმისფერი, ხავერდისფერი, ხავსისფერი, ხორბლისფერი, ხოხბისფერი.
ამდენად, ლიტერატურაში ფერი სიმბოლური მოსაზრებით სტიმულირდება. „ცისფერყანწელთა“ მხატვრულ სისტემაში ფერების მკვეთრი გამიჯვნა ძნელდება, თუმცა უპირატესობას ანიჭებენ თეთრ, შავ და ლურჯ ფერებს და ამ ჯგუფში შემავალ სინონიმურ ერთეულებს.
ყოველი ახალი საგანი, ფორმა თუ მოვლენა, ახალი სიტყვების გაჩენის მიზეზია, რაც ენაში ახალი ლექსიკური ერთეულების, ანუ ნეოლოგიზმების, წარმოშობას იწვევს. ასე, მაგალითად, „ლომფერი“ ეკუთვნის გალაკტიონ ტაბიძეს.
ქართველ სიმბოლისტებთან გვხვდება ნაცვალსახელისგან ან რიცხვითი სახელისაგან შედგენილი ფერთა სიტყვები: „ცა შვიდფერი ცისარტყელით“ („გზა მშვიდობისა“, პ. იაშვილი); „ის ცა მბრწყინავი პირველი ფერით“ („ჩემი რიონი“, შ. აფხაიძე); „თოვლზე დაფანტულ მრავალფერი ქვის მაქებარი!“ („მალარმე“, პ. იაშვილი); „...და იკაზმება სიკვდილის წინ რაგინდარაფერად“ („ჯვარისწერები დაისში“, ვალ. გაფრინდაშვილი).
ფერთა ამსახველი ლექსიკით შეიძლება აღიწეროს სტიქიის, ბუნების სხვადასხვა მოვლენა: ცეცხლისფერი, ალისფერი; წვიმისფერი, თოვლისფერი, მზისფერი, მთვარისფერი...
გადატანითი მნიშვნელობით გვხვდება წელიწადის დროსთან ან კონკრეტულ თვესთან დაკავშირებული: ზაფხულის ფერი, შემოდგომის ფერი, აპრილის ფერი... დღის მონაკვეთთან დაკავშირებული: დღეების ფერი, ღამისფერი, დაისისფერი...
ძვირფას ქვებთან დაკავშირებული ფერთა სიტყვები ორი სახით გვხვდება „ცისფერყანწელთა“ შემოქმედებაში: ერთი მხრივ, ისინი წარმოადგენენ ფერის აღმნიშვნელ კომპოზიტურ სიტყვათა შემადგენელ ნაწილს: მარჯნისფერი, ქარვისფერი, ლაჟვარდისფერი, გიშრისფერი, იაგუნდისფერი, ლალისფერი, ფირუზისფერი, მარგალიტისფერი, მეორე მხრივ, ძვირფასი ქვების სახელები ზურმუხტი, მარჯანი, ლალი, გიშერი, ალმასი... გამოყენებულია ფერის მნიშვნელობით. იქიდან გამომდინარე, რომ ძვირფასი ქვები გამოირჩევიან ბრწყინვით, განსაკუთრებულ როლს ასრულებს სინათლის ფენომენი. „ნათელი“, ობიექტური სინამდვილის მსგავსად, ფერის გამოვლინების ძირითად პირობად იქცევა.
მხატვრულ ლიტერატურაში ზოგადად ფერთა სიმბოლური მნიშვნელობები სტაბილურ ხასიათს არ ატარებს. ერთი და იგივე ფერი ზოგჯერ ორმაგ თვისებას ავლენს და ურთიერთგამომრიცხავ ახსნა-განმარტებას ექვემდებარება.
ფერებს სიმბოლისტთა შემოქმედებაში, განწყობილებათა გამოხატვის გარდა, სიმბოლური მინიშნებაც აქვს, რითაც ავტორის დამოკიდებულებაც მჟღავნდება. ფერი საშუალებას იძლევა წარმოაჩინოს უჩვეულო და ამასთანავე, ბუნდოვანი პოეტური სახე.
მორფოლოგიური სტრუქტურის თვალსაზრისით გვხვდება:
- მარტივფუძიანი (თეთრი, ლურჯი), წარმოქმნილფუძიანი (თეთრტაიჭოსანი, თეთრქილებიანი, ლაჟვარდოვანი), რთული (შავ-თეთრი, მოცისფრო-ლურჯი) სიტყვები და ორკომპონენტიანი სინტაგმები (თოვლისფერი, მუქი ლურჯი).
- სიტყვაწარმოების სახით ხშირად გვხვდება ფერთა აღმნიშვნელი სიტყვები, ზმნური ფორმები, ზმნისართები (მონაცისფრო, მოყვითალო, სიწითლე, გადააშავებს, მიხაკისფრად, ვთეთრდები, ჩაყვითლებული...). გვხვდება ნაცვალსახელისგან ან რიცხვითი სახელისაგან შედგენილი ფერთა სიტყვები: „შვიდფერი“, „პირველიფერი“, მრავალფერი, ნაირფერი, რაგინდარაფერი, „რაფერი“.
- ზედსართავები და ამავე ფუძის -ა სუფიქსიანი ფორმები (ლალისფერი//ლალისფერა...); გვაქვს ფერის აღმნიშვნელ სახელთა ხარისხის ფორმები, რომელთაც საგანთა გარკვეული ნიშნისა თუ თვისების ურთიერთდაპირისპირების, ურთიერთმიმართებისა და შედარების საფუძველზე ვიღებთ. მო- -ო თავსართ-ბოლოსართით იწარმოება ფერთა სიტყვები, რომლებიც იმავე თვისებას უფრო ნაკლები ხარისხით გამოხატავენ: მო-წითალ-ო (ოდნავ „წითელი“), მო-შავ-ო, მო-თეთრ-ო... მეორე მხრივ, იგივე ნიშან-თვისება მეტი ხარისხით არის გამოხატული: უ-თეთრ-ეს-ი, უ-შავ-ეს-ი...
- კომპოზიტური და სუფიქსიანი ფორმების შემცველი აბსოლუტური სინონიმები (ვერცხლისფერი//ვერცხლოვანი, ზურმუხტისფერი//ზურმუხტოვანი, ალისფერი//ალური...);
- კომპოზიტები „ფერ-ი“ კომპონენტით ნაწარმოები ლექსიკა: (წვიმისფერი, თოვლისფერი, ცეცხლისფერი...) და „ფერის“ გარეშე გამოყენებული ფორმები (ნარინჯი//ნარინჯისფერი, ძოწი//ძოწისფერი...).
- ბგერითი ფორმა გავლენას ახდენს მნიშვნელობაზე. ერთი აღმნიშვნელით („ლურჯი“) აღნიშნული ერთი და იგივე მნიშვნელობა („სილურჯე“), სხვადასხვაგვარად წარმოგვიდგება („დალურჯული“).
- სიტყვაწარმოებას მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ენის ლექსიკური სისტემის ფორმირებაში და მკაცრად შეზღუდულია სემანტიკით. „ცისფერყანწელთა“ ლექსებში გვხვდება ფერთა აღმნიშვნელი სიტყვებისგან ნაწარმოები ახალი სიტყვები, რომლებიც ზეგავლენას ახდენს სიტყვის მნიშვნელობაზეც.
ფერები კონტექსტის შესაბამისად იწვევენ დადებით ან უარყოფით ემოციებს, რაც ნაწარმოების მსვლელობასთან დაკავშირებული ფსიქლოგიური ელემენტის დახასიათებას გულისხმობს.
ამდენად, ფერთა სიტყვები ლექსიკური მარაგის გამდიდრების წყაროს წარმოადგენს, მათი სიუხვე კი ენის ლექსიკური შედგენილობის მრავლფეროვნებას განაპირობებს. ფერთა სიტყვების შინაგანი ფორმა ლექსიკურ-სიტყვაწარმოებითი მნიშვნელობით შეიძლება განვსაზღვროთ, რასაც დამატებითი ინფორმაცია თვით კონტექსტში ემატება.
ლიტერატურა
დარჩია ი. 2005 |
ფერის ფენომენი ბერძნულ ტრაგედიაში. თბილისი. |
ნემსაძე ა. 2011 |
თეთრი ფერის სიმბოლური გააზრებისათვის. ჟურნალი „სემიოტიკა“. №9. თბილისი. |
სანაია ფ. 2023 |
ფერის აღმნიშვნელი ლექსიკა-ფრაზეოლოგიის ლინგვოკულტუროლოგიური ანალიზი (ქართული სიმბოლიზმის ფერები). დისერტაცია. თბილისი. |
სანაია ფ. 2023 |
Color denoting vocabulary of Georgian poetry of the 20s of the 20th Century. Proceedings of the 2nd International Scientific Conference. “Modern Scientific Method”, University of Vienna. Austria. Publisher.agancy. №2. February. |
სოსელია ე. 2009 |
სემანტიკური უნივერსალიები და ქართველური ენები: ფერთა კატეგორიზაციის მოდელები. „ნეკერი“. თბილისი. |
ძაძამია ც. 2006 |
ფერთა აღმნიშვნელი ლექსიკის სემანტიკურ-სტრუქტურული ანალიზი მეგრულში. დისერტაცია. თბილისი. |
Berlin B., Key P. 1969 |
Basic color terms: Their universality and evolution. University of California Press. Berkeley and Los Angeles. |
Wierzbicka A. 1992 |
Semantics, Culture and Cognition: Universal Concepts in Culture-Specific Configuration. New York. |
Гоете 1957 |
Избранние сочинения по естествознанию, учение о цвете. |
Кандинский В. Б. 2008 |
О духовном В искусстве. |
Серов Н. В. 2015 |
Символика цвета. Страта. |
Internet resourses: |
http://www.spekali.tsu.ge/index.php/ge/article/viewArticle/4/34 |