აშშ-ის ეკონომიკური ინტერესები საქართველოში (XX საუკუნის დასაწყისი)
აშშ-ის მხრიდან საქართველოს ეკონომიკური პოტენციალით დაინტერესებას იმდენივე ხნის ისტორია გააჩნია, რამდენიც ქართულ-ამერიკულ კონტაქტებს. შეიძლება ითქვას, რომ პირველივე ამერიკელები, ვინც აქ იმოგზაურეს, დაინტერესებულნი იყვნენ საქართველოთი, როგორც მნიშვნელოვანი სავაჭრო გზისა და მადნეულის მქონე ადგილით. მაგალითად, ჯორჯ დითსონი, რომელმაც საქართველოში 1847-48 წლებში იმოგზაურა თავისი მოგზაურობის ამსახველ დღიურებში ხშირად საუბრობს კავკასიის, კერძოდ, საქართველოს სავაჭრო პოტენციალზე, ის დიდ ყურადღებას აქცევს შავი ზღვის პორტებს. ერთგან აღნიშნავს, რომ აღმოსავლეთთან ვაჭრობას შავ ზღვაზე მდებარე პორტი – რედუტ-კალე ამარტივებსო. გრაფ ვორონცოვთან შეხვედრისას კი აქტიურად მიმოიხილავდა შავ ზღვაზე ვაჭრობის საკითხს [Ditson, 1850]. XIX საუკუნეში საქართველოსა და კავკასიის რეგიონის ეკონომიკური პოტენციალის შესახებ ბევრს საუბრობდნენ სხვა ამერიკელი მოგზაურებიც: ილაის სმითი და ჰარისონ გრეი ოტის დუაითი ნაშრომში „მისიონერული ძიებები სომხეთში“, უილიამ კიორტისი მოგზაურების დღიურებში სათაურით „შავი ზღვის გარშემო“; აგრეთვე, XIX საუკუნის სხვა ამერიკელი მოგზაურები [ჯაგუნავა…, 2021].
XIX საუკუნის მეორე ნახევრიდან აშშ-ის ეროვნული ინტერესი იყო მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში ეკონომიკური სარგებლის პოვნა. აშშ-ის მიზანია ამერიკული კომპანიების მსოფლიო ბაზარზე აქტიური გასვლა და სადავეების ხელში აღება, რაც, რა თქმა უნდა, ავტომატურად მოიტანდა პოლიტიკურ გავლენასაც. შეერთებული შტატების მზარდი ინტერესი საგარეო ბაზრის მიმართ ნაწილობრივ განპირობებული იყო 1870-იანი წლებისა და 1890-იანი წლების ეკონომიკური კრიზისით, რომელსაც შედეგად მოხმარების შემცირება და ჭარბწარმოება მოჰყვა. 1880 წელს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი უილიამ ევარტსი ამბობდა: „ჩვენ ვავითარებდით გადამამუშავებელ მრეწველობას და სოფლის მეურნეობას, ვიდრე შიდა პირობებმა არ გვიბიძგა, გაგვეხედა გარეთ“. შეერთებული შტატები საჭიროებდა საგარეო ბაზრის გაფართოებას, წინააღმდეგ შემთხვევაში „საკუთარი ქონი გაგუდავდა“ [ჯენტლესონი, 2015:131].
XIX საუკუნის მიწურულს, ეკონომიკური ინტერესებიდან გამომდინარე, ბათუმში, მანამდე კი ოდესაში, აშშ-ის საკონსულოები გაიხსნა. თავისი წარმომადგენლობის ბათუმში წარგზავნა დამოწმებაა იმ ფაქტისა, რომ აშშ-ის რეგიონში მზარდი ინტერესები გააჩნდა. საკონსულო აგენტი ნებისმიერ შემთხვევაში აშშ-ის ეკონომიკური ინტერესების წარმომადგენელი იყო და არის დღემდე. აშშ-ის ერთ-ერთმა ელჩმა არგენტინაში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ის იყო „საკუთარი ერის ბიზნესის მთავარი ლობისტი“ [ჯენტლესონი, 2015:62]. ასე იყო საქართველოს შემთხვევაშიც.
საქართველოთი დაინტერესება აშშ-ს პოლიტიკურ-ეკონომიკურ სარბიელზე განსაკუთრებით აქტიური და თვალსაჩინო უნდა გამხდარიყო 1917-1918 წლებიდან, როდესაც ჯერ კავკასია გახდა რუსეთისგან დამოუკიდებელი, ხოლო 1918 წლის მაისში კავკასიის რეგიონში 3 ახალი სახელმწიფო - საქართველო, სომხეთი და აზერბაიჯანი - აღმოცენდა. ამერიკელებმა გაააქტიურეს დიპლომატიური ხიდები, წარგზავნეს მისიები კავკასიის რეგიონში, თუმცა, აშშ-ს მკაფიო მხარდაჭერა საქართველოსადმი არ გამოუხატავს, რასაც რამდენიმე ფაქტორი განაპირობებდა. უპირველეს ყოვლისა, აშშ-ისთვის ეკონომიკურად არახელსაყრელი იყო საქართველოს სოციალისტური მთავრობის გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, დაკანონდა კერძო საკუთრების, მათ შორის, უცხოური კომპანიების ხელთ არსებული სხვადასხვა სიმდიდრის ნაციონალიზაცია, კომპენსაციის გარეშე; ასევე, გასათვალისწინებელია, რა დამოკიდებულება ჰქონდათ ამერიკელებს მემარცხენე იდეოლოგიის – სოციალიზმისადმი, განსაკუთრებით კი, აღნიშნულ დროს, როდესაც კერძო საკუთრება ხელშეუხებელი უნდა ყოფილიყო. შესაძლოა, აშშ-ს დიდი მხარდაჭერა ჰქონოდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკისადმი, თუკი მის ხელისუფლებაში არა სოციალ-დემოკრატები, არამედ ეროვნულ-დემოკრატები იქნებოდნენ.
ამერიკის ეკონომიკური ინტერესები მთელ კავკასიასა და მის ბუნებრივ წიაღისეულზე ვრცელდებოდა, თუმცა, საქართველოს გარეშე შეუძლებელი იყო აქედან ამ წიაღისეულის გატანა.
სავაჭრო ნედლეულის მთავარი გამტარი საქართველოს გზა იყო: კავკასიის რკინიგზა, რომელიც ბაქოს ნავთობის გარდა, სხვა სავაჭრო ნედლეულის გატანის, ბაქოს ნავთობის ექსპორტირების მთავარი საშუალება იყო ბაქო-ბათუმის ნავთობსადენთან ერთად. როგორც ცნობილია, რუსეთი მე-19 საუკუნისათვის ნავთობის მთავარი მომმარაგებელი იყო მსოფლიოში, 1916 წლისათვის კი მისი მარაგის 81 %-ს ბაქოს ნავთობი შეადგენდა [Gillette, 1973:478]. ფოთისა და ბათუმის ნავსადგურიდან ხდებოდა ჭიათურის მანგანუმის (რომელიც საქართველოს მიწაზე მოიპოვებოდა) გატანაც; სწორედ ეს ორი პორტი უნდა ყოფილიყო სხვა საშუალებების (სპილენძი თუ სხვ.) გატანის არხი. გარდა ამისა, კავკასიის რეგიონის მთავარი სავაჭრო ჰაბის ფუნქციას ქალაქი „ტიფლისი“ ასრულებდა.
შეერთებული შტატების მხრიდან საქართველოსადმი ეკონომიკური დაინტერესება განსაკუთრებით თვალსაჩინო გახდა XX საუკუნის დასაწყისში, როდესაც არამხოლოდ არაოფიციალური წრეები ინტერესდებოდნენ ამ საკითხით, არამედ აშშ-ის ოფიციალური სახელმწიფო უწყებები ადგენენ დოკუმენტებს, რომლებშიც დაწვრილებითაა საუბარი საქართველოს შესახებ.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, ამერიკას ქალაქ ბათუმში საკონსულო ჰქონდა გახსნილი (ბათუმის კონსული სახელმწიფო მდივანს ექვემდებარებოდა), რომლის მოვალეობაშიც შედიოდა სახელმწიფო დეპარტამენტის რეგულარულად ინფორმირება რეგიონში არსებული მდგომარეობის შესახებ, მათ შორის ეკონომიკურ ჭრილში. გარდა ამისა, კონსულები, ხშირ შემთხვევაში, ადგილობრივ კერძო კომპანიათა ინტერესებს ლობირებდნენ. მაგალითად, ცნობილია, რომ ბათუმში ამერიკის ვიცე-კონსული უილიამ ჰორვუდ სტიუარტი რამდენიმე კომპანიისათვის მუშაობდა; კერძოდ, ასეთი კომპანიები იყო Mac-Andrew Forbes Company, F. A. Matinevich & Co და კიდევ რამდენიმე ბრიტანული ფირმა. სტიუარტი, აგრეთვე, ლობირებდა ამერიკული სპილენძის მომპოვებელთა ინტერესებს კავკასიის რეგიონში [The United States Department of State/Papers… 2011:1293]. კონსულების საქმიანობის დეტალებს ქვემოთ უფრო ვრცლად შევეხებით. მანამდე კი განვიხილოთ, თუ რაში იყენებდნენ აშშ-ის სამთავრობო უწყებები ამ ინფორმაციას, რომლებიც, საბოლოოდ, აშშ-ის სავაჭრო დეპარტამენტის ერთ-ერთ განყოფილებაში – „საშინაო და საგარეო ვაჭრობის ბიუროში“ – იყრიდა თავს.
„საგარეო და საშინაო ვაჭრობის ბიურო“ იყო ორგანიზაცია, რომელიც მუდმივად ადევნებდა თვალს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებს. უწყება მიზნად ისახავდა ამერიკული კომპანიების საგარეო ვაჭრობის ხელშეწყობას. მაგალითად, 1923 წლისთვის „ბიუროს“ ექსპორტიორთა რიგებში 15 000-მდე ამერიკული კომპანია იყო გაწევრიანებული, რომლებიც ყოველდღიურად ათასობით შეკითხვით მიმართავდნენ; შეკითხვები, რა თქმა უნდა, შეეხებოდა საგარეო ვაჭრობის საკითხებს, რომელთა გამოკვლევაც, თავის მხრივ, ბიუროს თანამშრომლებს ევალებოდათ. თუკი კონკრეტული ფირმა დაინტერესდებოდა ქვანახშირის საგარეო ვაჭრობის კონკრეტული დეტალებით, ბიუროს უნდა მოეძიებინა ინფორმაცია და მიეწოდებინა მეწარმისათვის [Klein, 1923:132.]. შესაბამისად, „საგარეო და საშინაო ვაჭრობის ბიურო“, რომელიც დროის განსაზღვრულ მონაკვეთებში სხვადასხვა სახელებით ფუნქციონირებდა, სახელმწიფო ინტერესების ფარგლებში თანამშრომლობდა სხვა უწყებებთან და აგროვებდა ინფორმაციას მსოფლიოს კონკრეტული ქვეყნისა თუ რეგიონის სავაჭრო-ეკონომიკური პოტენციალის შესახებ.
მოკლედ რომ ვთქვათ, ხსენებული ბიურო ამერიკის კომპანიებისთვის სამთავრობო საინფორმაციო სერვისის უწყება იყო, რომლის მიზანიც ამერიკულ კომპანიათა ნაწარმის ექსპორტირების ხელშეწყობა იყო; აღნიშნული ორგანიზაციის შორსმიმავალ გეგმას ამერიკის ეკონომიკური წინსვლა და მსოფლიოში აშშ-ის სავაჭრო ეკონომიკური ჰეგემონია უნდა მოეტანა.
ბიურო აქტიურად თანამშრომლობდა უცხოეთში სხვადასხვა ქალაქში განთავსებულ ამერიკის საკონსულოებთან. ხშირ შემთხვევაში კონკრეტულ ამერიკულ კომპანიას თავისთვის საინტერესო ინფორმაციის მიღება უშუალოდ კონსულთან კომუნიკაციის შედეგად შეეძლო მიეღო, რაც დროში საკმაოდ იწელებოდა და სირთულეებთან იყო დაკავშირებული. ბიურომ ეს საქმე გაამარტივა – ის ერთიანად იღებდა ინფორმაციას ყველა საკონსულოდან და შესაბამის დოკუმენტებს ანბანურად ან სხვა მეთოდით ალაგებდა, რაც მნიშვნელოვნად ამარტივებდა საჭირო ინფორმაციის მომზადებას დაინტერესებული ამერიკული კომპანიებისთვის, „მაგალითად, ინფორმაციის მიღების მიზნით, ნიუ იორკელმა მეწარმემ შესაძლოა მისწეროს ინდოეთში, კალკუტაში ამერიკის გენერალურ კონსულს ან სავაჭრო აგენტს, ამ დროს მას შეუძლია ბიუროში დარეკოს და 10 წუთში მიიღოს სასურველი ინფორმაცია“ [Klein, 1923:133].
უნდა ითქვას, რომ „ბიურო“ აშშ-ის საგარეო უწყებიდან იღებდა ხსენებულ ინფორმაციას სავაჭრო ინტერესებისათვის, რაც მკაფიოდ გამოკვეთდა საკონსულოს მრავალმხრივ ფუნქციებს, რომლებიც არ შემოიფარგლებოდა მხოლოდ ოდენ სავაჭო-ეკონომიკური საკითხების მეთვალყურეობით. აშშ-ის კონსული, რა თქმა უნდა, თავისი სახელმწიფოს პოლიტიკური ვითარების შესახებაც აწვდიდა ინფორმაციას.
აღნიშნული ბიურო და მისი პოლიტიკა ამერიკის შეერთებული შტატების ხელმძღვანელ პირთა განსაკუთრებული ინტერესის საგანს წარმოადგენდა. საგარეო სავაჭრო საქმიანობის მიზნით ჯერ კიდევ პირველმა პრეზიდენტმა – ჯორჯ ვაშინგტონმა მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში წარგზავნა სავაჭრო აგენტები, რომლებსაც ხელი უნდა შეეწყოთ საგარეო ვაჭრობისათვის. აშშ-ის სავაჭრო სამსახური (The U.S. Commercial Service) დღემდე მოქმედებს და მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ჰყავს წარმომადგენლები; მისი ძირითადი ფუნქცია ამერიკული კომპანიების საგარეო ვაჭრობის ხელშეწყობაა [Kumar, 2017].
საგარეო და საშინაო ვაჭრობის ბიურო, როგორც აღვნიშნეთ, საკონსულოებისგან ყოველდღიურად იღებდა რეპორტებს, მათ შორის საქართველოში – ბათუმისა და, მოგვიანებით, თბილისის საკონსულოებისგან. ამის მაგალითია თბილისში აშშ-ის ვიცე-კონსულის ჰუკერ დულითლის რეპორტი, რომელიც აღინუსხა და გამოიცა სავაჭრო დეპარტამენტის მიერ. დულითლის აღნიშნული რეპორტი 1920 წლის 1 ივლისით თარიღდება. რეპორტში აღნიშნულია, რომ ტრანსკავკასიის რეგიონი, რომელიც აქამდე გეოგრაფიულად და ეკონომიკურად გაერთიანებულ სუბიექტს წარმოადგენდა დაიშალა და მის ადგილას სამი ახალი სახელმწიფო წარმოიქმნა [Doolittle, 1920:1].
დულითლი ამ რეპორტში საუბრობს საქართველოს მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე. ის აღნიშნავს, რომ საქართველოს მოსახლეობა სამ კლასად იყოფა, ესენია: 1) ფეოდალური არისტოკრატიის ნარჩენები, რომლებიც კავკასიელ პრინცებად იწოდებიან (ქართული არისტოკრატიის ტიტულატურის გამოსახატად ამერიკელები ხშირად იყენებენ სიტყვას „Prince“, რაც ამ შემთხვევაში თავადს ნიშნავს პ.ჯ.). 2) ქალაქების ბურჟუაზია. სავაჭრო მაღაზიების მფლობელები და ვაჭრები. თბილისში ბურჟუაზიის წარმომადგენლები, ძირითადად, სომხები არიან, ქართველი ვაჭრები შედარებით პატარა ქალაქში ცხოვრობენ. 3) გლეხები, რომლებიც ქართველთა უმრავლესობას შეადგენენ, სოფლის მეურნეობითა და მეცხვარეობა-მეცხოველეობით არიან დაკავებულნი [Doolittle, 1920:1].
აქვე დულითლი საუბრობს ქართული ბონის გაუფასურებაზე: ის ანგარიშში წერს, რომ ქართული ბონი 1919 წლის დასაწყისიდან იმავე წლის დასასრულამდე ოქროს ფასთან მიმართებით 20-დან 200-მდე გაიზარდა, რაც კუპიურის გაუფასურების წარმოუდგენელი სისწრაფეა. დულითლი მიიჩნევს, რომ ამ ყველაფრის მიზეზი ხელისუფლების ჩარევა იყო, რომელმაც მთელი წიაღისეულის კონფისკაცია მოახდინა (ნაციონალიზაცია) და სამთავრობო მონოპოლია დაამყარა იმპორტსა და ექსპორტზე. დულითლი წერს, რომ დევალვაცია ჭარბი ფულის ოდენობიდან იყო გამოწვეული, გარდა ამისა, მისი აზრით, ქაღალდის გაუფასურების მიზეზი მანუფაქტურისა და რესურსების არ ქონა, შესაბამისად, ვაჭრობის შემცირება იყო [Doolittle, 1920:2].
დულითლის ანგარიშის ძირითადი არსი საქართველოს სოციალისტური მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის კრიტიკაა. დულითლი მიიჩნევს, რომ ქვეყნის ეკონომიკური კრიზისის მიზეზი სახელმწიფოს არასწორი ნაბიჯებითაა გამოწვეული, ამის მაგალითებად ამერიკელ კონსულს მოჰყავს სახელმწიფოს მხრიდან ქვეყნის მდიდარი წიაღისეულის ნაციონალიზაცია და ექსპორტსა და ვაჭრობაზე სახელმწიფოს მონოპოლიზაციაა.
დულითლს საქართველოში არსებული ეკონომიკური მდგომარეობა საფუძვლიანად აქვს შესწავლილი; მის მიერ შედგენილ ანგარიშებში ვლინდება აღნიშნული მოხელის ერუდიცია და ეკონომიკური განათლება. აშკარაა, რომ ის ლიბერალური ეკონომიკური პოლიტიკისა და კაპიტალიზმის მიმდევარია, სწორედ აქედან გამომდინარე აკრიტიკებს საქართველოს სოციალისტურ ხელისუფლებას. აკრიტიკებს რა საბანკო სისტემას, წერს, რომ აქაური ბანკები რუსეთის იმპერიის დროინდელი ნარჩენებია, რომლებიც, ძირითადად, ნაციონალიზდა და გაიძარცვა [Doolittle, 1920:3].
დულითლი თავის ანგარიშში განსაკუთრებით უსვამს ხაზს ბათუმის პორტის მნიშვნელობას. მისი აზრით, ბაქოს ნავთობის საერთაშორისო ბაზარზე გასატანად ბათუმს „სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს“. მისი თქმით რამდენიმე სახაზო გემმა 1919 წ., უკვე დაიწყო ნავთობის რეგულარული გადაზიდვა, მათ შორის გემმა Paquet line მარსელიდან, The Cunard Line ბრიტანული პორტიდან, Lloyd Trentino იტალიიდან და Green Star Line მა ნიუ იორკიდანო [Doolittle, 1920:4].
დულითლი ანგარიშში ყურადღებას ამახვილებდა სოფლის მეურნეობაზე, ის წერდა, რომ ქვეყნის მოსახლეობის 90 % სოფლის მეურნეობაში იყო ჩართული; ასევე, აღნიშნავდა, რომ მოძველებულ და პრიმიტიულ სამუშაო იარაღების გამოყენების გამო არც ეს სფერო იყო პოპულარული [Doolittle, 1920:5].
დულითლი ანგარიშში გასცემს რეკომენდაციებს ამერიკული კომპანიებისათვის. ის მიუთითებს იმ სავაჭრო პროდუქტებზე, რომლებიც რეგიონში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ამერიკელი ვიცე-კონსული წერს, რომ რეგიონი ომის შემდეგ დაიცალა უცხოური კომპანიებისაგან, რამაც ადგილობრივი ბაზარი გამოათავისუფლა ახალი კომპანიებისათვის; მისი ვარაუდით, რეგიონი მიმზიდველი ადგილი იქნებოდა პირველადი მოხმარებისა და ფუფუნების საგნების გასაყიდად. ის, აგრეთვე, მიუთითებს რომ რეგიონში დიდი მოთხოვნაა შემდეგ ნაწარმზე: ქაღალდი, წამლები, ტანისამოსი, ქიმიური ნაწარმი, ტყავის ნაწარმი და ა.შ.; დულითლი ფიქრობს, რომ ამერიკელებს შეუძლიათ აღნიშნული ბაზრის ათვისება [Doolittle, 1920:6].
ანგარიშის ბოლოს დულითლს დეტალურად აქვს აღწერილი ყველა ის მასალა, საქონელი, ნივთი თუ პროდუქტი, რომლებზეც საქართველოში იყო მოთხოვნა, შესაბამისად, ამერიკულ კომპანიებს შეეძლოთ მიწოდება და გაყიდვა [Doolittle, 1920:7].
დულითლის ანგარიშების მსგავსი რეპორტი მანამდეც ხშირად იგზავნებოდა შეერთებული შტატების სავაჭრო დეპარტამენტის საგარეო და საშინაო ვაჭრობის ბიუროში. მაგალითად, 1919 წლის 1 სექტემბერს ვინმე ბორის ბაიევსკი აგზავნის ანგარიშს, რომლითაც ამერიკის უწყებას აწვდის დეტალურ ეკონომიკურ მონაცემებს კავკასიის შესახებ. როგორც ჩანს, ბორის ბაიევსკი ამერიკის საკონსულოს თანამშრომელი, ან რაიმე სახის აგენტი იყო. ბაიევსკი თავის ანგარიშში აღნიშნავს, რომ ინფორმაციას ეკონომიკური პოტენციალის შესახებ აშშ-ის კონსულები არაერთი ოფიციალური საშუალებით აგროვებენ. სავარაუდოდ, შესაბამის კონსულებს ხელი მიუწვდებოდათ როგორც სახელმწიფოს მიერ ოფიციალურად წარმოებულ დოკუმენტებზე (აღწერები და ა.შ.), ასევე, სხვა სახის მასალებზე, ნაშრომებსა თუ სხვ. [Baievski, 1919].
თავის ანგარიშში ბაიევსკი დეტალურად აღწერს კავკასიასა და საქართველოში შექმნილ ვითარებას, გეოგრაფიული მდებარეობიდან დაწყებული ეკონომიკური პოტენციალის სტატისტიკის ჩათვლით. მისი რეპორტის სკრუპულოზურობის ხაზგასასმელად მოგვყავს რამდენიმე ციტატა: „ცხოველებს შორის კასპიის ზღვის სანაპიროზე, ლენკორანთან ახლოს ბინადრობს ვეფხვი და პანთერა. მთიან ნაწილში შეხვდებით ბიზონს, ჯიხვს, ღორს, მელიებს, ჩრდილოეთის ირმებს, ანტილოპას და ა.შ.. დასავლეთ საქართველოში, მდინარე რიონის შემოგარენში მრავლადაა ხოხობი. მთლიანობაში აქ 400 სახეობის ფრინველი ბინადრობს“ [Baievski, 1919:3].
დოკუმენტში დაწვრილებითაა აღწერილი კავკასიის მოსახლეობაც; მაგალითად, ერთგან ავტორი აღნიშნავს, რომ ოფიციალური დოკუმენტების მიხედვით, 1915 წლის 1 იანვრისათვის ბათუმის ოლქის დახასიათება შემდეგი იყო: მოსახლეობის რაოდენობა – 186 000, ფართობი – 2 693 კვადრატული მილი; მოსახლეობის სიმჭიდროვე – 69 ადამიანი კვადრატულ მილზე. ქუთაისის გუბერნიასთან დაკავშირებით ავტორის ცნობები შემდეგია: ფართობი: 8 145 კვადრატული მილი, მოსახლეობა – 1 070 300; მოსახლეობის სიმჭიდროვე – 130 ადამიანი კვადრატულ მილზე. სოხუმის ოლქი: ფართობი – 2545 კვადრატული მილი, მოსახლეობა – 147 600, სიმჭიდროვე – 58 ადამიანი კვ. მილზე. თბილისის გუბერნია – ფართობი – 15 776 კვადრატული მილი, მოსახლეობა – 1 394 800, სიმჭიდროვე 88 ადამიანი კვ. მილზე. მისი მონაცემებით იმ დროს საქართველოს მოსახლეობა სოხუმისა და ბათუმის ოლქებსა და თბილისისა და ქუთაისის გუბერნიებში, საერთო რაოდენობით, 2 798 700 ადამიანს შეადგენდა [Baievski, 1919:3].
ანგარიშში სტატისტიკურადაა შესწავლილი განათლების სისტემაც. მაგალითად, ავტორის ცნობით (რომელიც, ავტორისავე მტკიცებით, სახელმწიფო დოკუმენტების მასალებს ეყრდნობა), 1913 წლისათვის ჩრდილოეთ კავკასიაში 3 938-მდე სკოლა ფუნქციონირებდა, სადაც 302 640 მოსწავლე სწავლობდა, მათ შორის, 199 439 – ვაჟი და 103 201 კი – გოგონა. სამხრეთ კავკასიაში კი, მისივე მონაცემებით, 2 965 სკოლაში 132 904 ვაჟი და 41 815 გოგონა იღებდა განათლებას [Baievski, 1919:4].
ანგარიში შეიცავს დეტალურ ცნობებს რეგიონის ეკონომიკური პოტენციალის შესახებ. ამ ცნობის მიხედვით, კავკასიის რეგიონი რუსეთის თამბაქოს მარაგის 69 პროცენტის მწარმოებელი იყო. ავტორი აღნიშნავს, რომ, მაგალითად, სოხუმის ოლქში თურქულ თესლზე მოყვანილი თამბაქო რუსეთის მთელი მარაგის 30 პროცენტს შეადგენდა; აღნიშნული საკითხები დეტალურად აქვს ცხრილში აღწერილი პლანტატორთა რაოდენობისა და რეგიონული პლანტაციების ფართობის მიხედვით [Baievski, 1919:7].
აქვე აღნიშნულია, რომ 1913 წლისათვის კავკასიაში 190 000 აკრის ფართობის ვენახები იყო, სადაც 40 000 000 გალონ ღვინოს აწარმოებენო (წლიურად,1913 წელს), ხსენებული ფართობიდან 31 124 დესეტინა ქუთაისის გუბერნიაზე მოდის, 32 485 – თბილისის გუბერნიაზე, 3098 – სოხუმის, 1469 – ბათუმის ოლქის. აქვე ნათქვამია, რომ „აქ წარმოებული ღვინო საუცხოო ხარისხისაა, და იქ, სადაც თანამედროვე ქიმიის მიღწევებს იყენებენ წარმოებაში, ღვინის ხარისხი არაფრით ჩამოუვარდება ფრანგულ და იტალიურ ღვინოს“ [Baievski, 1919:7-8].
ანგარიშში, ასევე, ყურადღებაა გამახვილებული ბათუმის ოლქსა დ ქუთაისის გუბერნიაში ჩაის ინდუსტრიის პროგრესზე; აქ აღნიშნულია, რომ ჯერ კიდევ 1895 წელს ჩაის პლანტაციები მხოლოდ 6 აკრ ტერიტორიაზე იყო გაშენებული, 1913 წელს კი 2 210 აკრამდე გაიზარდაო. მისივე შენიშვნით, მიმდინარე პერიოდისათვის, მხოლოდ 85 ფუნტი ჩაი მოიკრიფა 1895 წელს, 1913 წელს ის 1 220 000 ფუნტამდე გაიზარდაო. ავტორი აქვე უთითებს, რომ ჩაის წარმოება აქ ჯერ ექსპერიმენტების სტადიაზეა, თუმცა უახლოეს მომავალში დიდი წარმატებები ექნებაო [Baievski, 1919:8].
ამავე დოკუმენტში აღნიშნულია, რომ კავკასიიდან შეერთებული შტატების მიმართულებით სხვადასხვა პროდუქტის ექსპორტირება ხდებოდა. მაგალითად აქ აღნიშნულია, რომ 1913 წელს კავკასიიდან შტატების მიმართულებით 848 581 $-ის ღირებულების მატყლის პროდუქცია იქნა ჩატანილი, 1914 წელს კავკასიიდან აშშ-ში 608 825 დოლარის ღირებულების იგივე პროდუქცია ჩაიტანეს [Baievski, 1919:10]. ანგარიშში აღნიშნულია, რომ, ხშირ შემთხვევებში, კავკასიიდან ექსპორტირებული პროდუქტი რეექსპორტით ხვდება აშშ-ში, მაგალითად კავკასიის რეგიონიდან გატანილი ზღვის პროდუქტების ნაწილი გერმანიაში გადის, საიდანაც ხვდება აშშ-შიო, აღნიშნავს ავტორი [Baievski, 1919:13].
დოკუმენტში საუბარია, რომ ამერიკელები განსაკუთრებით დაინტერესდნენ გურიის რეგიონით ნავთობის მოპოვებასთან დაკავშირებით: აღნიშნულია, რომ კავკასიაში ერთ-ერთი ადგილი, სადაც ნავთობი მოიპოვება არის გურია, რომელიც ზღვასთან სიახლოვის გამო საინტერესოა თავისი მდებარეობით [Baievski, 1919:14].
ავტორის ინფორმაციით ჭიათურის მანგანუმი მსოფლიოს უმდიდრესი საბადოა. აქ რუსმა გეოლოგებმა დაითვალეს, რომ ჭიათურის მაღაროების რესურსი 1 070 000 000 ტონა მანგანუმია, რაც, ავტორის შენიშვნით, ევროპისა და აშშ-ის მარაგს ნახევარი საუკუნით შეავსებდა. „თანაც – ხაზს უსვამს ავტორი – ჭიათურის მადნის ხარისხი უმაღლესი ხარისხისაა“ [Baievski, 1919:21].
ჭიათურის მანგანუმს მნიშვნელობის ნათლად აღსაქმელად მოგვყავს ანგარიშში მოცემული რიცხვები: 1914 წლისათვის მსოფლიოში მანგანეცის 2 უდიდესი ექსპორტიორი ქვეყანა იყო რუსეთი და ინდოეთი. ამავე წელს ინდეოთიდან 693 824 ტონა მანგანეცი იქნა გატანილი, რუსეთში კი ამ წელს 737 300 ტონა მანგანუმი მოიპოვეს, რუსეთის მანგანეცის უდიდესი ნაწილი კი სწორედ ჭიათურის მანგანეცზე მოდიოდა. ცნობისთვის, აშშ-ს მაჩვენებელი ამ წელს 2 077 ტონა მანგანუმი იყო [Baievski, 1919:24].
აღსანიშნავია ანგარიშის ავტორის მითითება გარკვეულ ცნობათა წყაროდ დავით ღამბაშიძის წიგნის –„საქართველოსა და კავკასიის მინერალური რესურსები – მარგანეცის ინდუსტრია საქართველოში“ – გამოყენების შესახებ, რომელიც ლონდონში გამოიცა 1919 წელს [Baievski, 1919:24].
მაიევსკის ანგარიშში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა წყლის ენერგიის პოტენციალს რეგიონში, განსაკუთრებით კი – საქართველოში. ავტორი შენიშნავს რესურსების არასათანადო გამოყენების შესახებაც და მაგალითად მოჰყავს თბილისის შემთხვევა: „თბილისში 18 ელექტროსადგურია, რომელთაგანაც ნაწილი ბელგიურ კომპანიას – Belgian Tramway co-სა და ადგილობრივ წარჩინებულებს ეკუთვნის. გორის ელექტროსადგური ვინმე „პრინც ამილახვარს“ ეკუთვნისო, აღნიშნავს ავტორი. ქუთაისში 2 ასეთი ელექტროსადგურია მდინარე რიონზე მოწყობილიო – აღნიშნულია აქვე. სინათლის ენერგიის გამომუშავების მიზნით მსგავსი ელექტროსადგურები აჯამეთს, ბორჯომს, ახალციხეს, ბათუმსა და ახალქალაქს აქვსო, აგრეთვე, სოხუმს 600 ცხენის ძალის მქონე ელექტროსადგური ამარაგებსო. აქვე აღნიშნულია, რომ ელექტროენერგიის წარმოება მნიშვნელოვნად წასწევდა წინ ქვეყანის მანუფაქტურისა თუ მადნის წარმოების სხვადასხვა საქმეს [Baievski, 1919:40].
საბოლოოდ, შეიძლება ითქვას, რომ ხსენებულ ანგარიშებში დეტალურადაა ჩამოთვლილი და დახასიათებული კავკასიის რეგიონის მასშტაბით არსებული ბუნებრივი წიაღისეული, დაწყებული ნავთობით, დასრულებული ანტიმონიტით. ავტორები ამერიკულ კომპანიებს დეტალურ ინფორმაციას აწვდიდნენ მადნეულის წარმოების და კომერციის შესახებ. აქვე დეტალურად არის დახასიათებული სოფლის მეურნეობის პროდუქტები (მატყლი, თამბაქო და სხვ.).
ამგვარად, ბათუმის საკონსულოს თანამშრომლები თუ სხვა სახის აგენტები სიღრმისეულ ინფორმაციას აგზავნიდნენ აშშ-ის სახელმწიფო უწყებებში, რომლებსაც, თავის მხრივ, ამერიკულ კომპანიათა ინფორმირების ვალდებულება ჰქონდათ; ამას თავისი კონკრეტული გამოხატულებაც ჰქონდა ბათუმის პორტში, თბილისსა თუ სხვა ქართულ ქალაქებში ამერიკელ ვაჭართა ყოფნა ჩვეულებრივ ამბად გადაიქცა. ბათუმში რეგულარულად ჩამოდიოდა ამერიკული სავაჭრო საქონლით დატვირთული გემი. 1914 წელს კავკასიის რეგიონში 4-4.5 მილიონი დოლარის ღირებულების ამერიკული საქონელი იქნა შემოტანილი, სანაცვლოდ კი აქედან აშშ-ში გატანილ იქნა 2 238 000-დან 2 738 000 აშშ დოლარის ღირებულების საქონელი [Baievski, 1919:43]. ბათუმის პორტიდან აშშ-ს მიმართულებით 1913 წელს გაიტანეს ხე-ტყის მასალები, ღვინო (მცირე რაოდენობით), თამბაქო, ნუში, კაკალი და ა.შ. ამ ყველაფერს – აშშ-ისკენ გატანილ ექსპორტს, მის ფასსა თუ რაოდენობას დეტალურად აღწერდა ამერიკის საკონსულო წარმომადგენლობა ბათუმში [Baievski, 1919:43]. ზემოთ ხსენებულ ანგარიშში ბორის ბაიევსკი წერდა, რომ ბათუმში ამერიკის კონსულს 1919 წლისათვის მობილიზებული ჰქონდა 1 მილიონი დოლარი, „რათა ხელი შეეწყო კავკასიიდან სხვადასხვა პროდუქციის ექსპორტირებისთვის აშშ-ში“. როგორც ჩანს, ამ დროს ამერიკელებთან მჭიდრო სავაჭრო კავშირი ჰქონდათ თბილისელ სომეხ ვაჭრებს, რომლებსაც თბილისში 750 000 დოლარის ღირებულების საქონელი მოემზადებინათ გამოსატანად. თავის მხრივ, ამერიკა ცდილობდა, იმავე ღირებულების ამერიკული საქონლის მობილიზებას, რათა შემდგარიყო ე.წ. ბარტერი. მისი აზრით, ბარტერი ყველაზე ხელსაყრელი სავაჭრო გზა უნდა იყოს ამერიკასა და კავკასიას შორის, რადგან რეგიონში, განსაკუთრებით კი საქართველოში, ადგილობრივი ვალუტის კურსი სწრაფად იცვლებოდა და უფასურდებოდა, სწორედ აქედან გამომდინარე, ამ პირობებში ამერიკელებისთვის ვაჭრობის უკეთესი ფორმა საქონლის გაცვლა უნდა იყოსო [Baievski, 1919:54-55].
დასკვნის სახით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს სწორედ ზემოთ აღნიშნულ პერიოდში გაუჩნდა ინტერესი საქართველოსადმი მისი ეკონომიკური რესურსების გამო; ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც საქართველო დამოუკიდებელი სახელმწიფო არ იყო. ბაიევსკის ხსენებულ ანგარიშში ერთ მნიშვნელოვან და ყურადსაღებ ფრაზას წავაწყდებით – „Large grazing interests could be developed in the Caucasus“ [Baievski, 1919:55]. რომელიც, შესაძლოა, განიმარტოს და გაგებულ იქნას შემდეგნაირად: „მომგებიანი ინტერესები შეიძლება განვითარდეს კავკასიის მიმართ“. ჩემი აზრით, სწორედ ეს ფრაზა გამოხატავს აშშ-ის დამოკიდებულებას საქართველოსა და ზოგადად კავკასიისადმი. ამერიკის საგარეო პოლიტიკაზე გავლენას ახდენდნენ გარკვეული ჯგუფები; საკითხი დღემდე არ კარგავს აქტუალურობას; ასეთი ჯგუფის წევრები შეიძლება ყოფილიყვნენ უცხო ქვეყნების მთავრობათა მიერ დაქირავებული გავლენიანი ადამიანები – ლობისტები, რომლებსაც მნიშვნელოვანი სიტყვა ეთქმოდათ ამერიკულ საზოგადოებაში; ისინი შეიძლება ყოფილიყვნენ პოლიტიკოსები – კონგრესმენები თუ სხვადასხვა სახელმწიფო უწყების თანამშრომლები, აგრეთვე, სხვადასხვა იურიდიული ფირმის წარმომადგენლები. საგარეო პოლიტიკაში მნიშვნელოვან როლს ასრულებდნენ გარკვეული თემები, მათ შორის: ამერიკელი ებრაელები, ამერიკელი ბერძნები, ამერიკელი სომხები და ა.შ. ამ ჯგუფის წარმომადგენლები ცდილობდნენ, გავლენა მოეხდინათ ამერიკისა და მშობლიური ქვეყნების ურთიერთობებზე. აშშ-ის საგარეო პოლიტიკის ფორმირებაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენდნენ, აგრეთვე, ეკონომიკური ჯგუფები, იმ პერიოდში არსებული სხვადასხვა ბიზნესკორპორაცია, მაგალითად, ნავთობმწარმოებელი ამერიკული გიგანტი კომპანია Standard Oil [ჯენტლესონი, 2015:68-69].
არაერთი მკვლევრის თანახმად, აშშ-ის საგარეო პოლიტიკაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენდა სხვადასხვა კორპორაცია. ამის ნათელი მაგალითი იყო აშშ-ის პოლიტიკა და დამოკიდებულება გვატემალასა და ირანისადმი; ცნობილია, თუ როგორ ჩამოაგდეს თანამდებობიდან ირანის პრემიერ-მინისტრი – მოჰამედ მოსადეყი ამერიკულმა ძალებმა 1953 წელს, რადგან ეს უკანასკნელი გეგმავდა ნავთობკომპანიების ნაციონალიზაციას; ნაცვლად მოსადეყისა, ირანში ხელისუფლებაში ამერიკელებმა მოიყვანეს შაჰი, რომელიც ამერიკელთა გათვლით ნაციონალიზებულ კომპანიებს ამერიკელებს დაუბრუნებდა [ჯენტლესონი, 2015:176]. ბრიუს ჯენტლესონის აზრით, „ამერიკის საგარეო პოლიტიკის ფორმირებისას გადამწყვეტი ფაქტორი მრავალეროვნული კორპორაციების, დიდი ბანკებისა და მსოფლიო კაპიტალიზმის სხვა ლიდერების ინტერესები იყო“ [ჯენტლესონი, 2015:176].
კვლევა განხორციელდა (PHDF-21-1547) შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით.
ლიტერატურა
ჯენტლესონი ბ. 2015 |
ამერიკის საგარეო პოლიტიკა. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა. თბილისი. |
ჯაგუნავა პ., ნოდია ი. 2021 |
ამერიკელი მოგზაურები საქართველოში (XIX საუკუნის I ნახევარი). ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა. თბილისი. |
Baievski B. November 3, 1919 |
Supplement to commerce reports, daily consular and trade reports, issued by the bureau of foreign and domestic commerce, department of commerce. Washington, D.C. |
Curtis W. E. 1911 |
Around the Black Sea - Asia minor, Armenia, Caucasus, Circassia, Daghestan, The Crimea, Roumania. New York: Hodder & Stoughton, George H. Doran Company. |
Ditson, G. L. 1850 |
Circassia, or, a tour to the Caucasus. New York: Strixger & townsexd. |
Doolittle H. A. November 10, 1920 |
Supplement to commerce reports, daily consular and trade reports, issued by the bureau of foreign and domestic commerce, department of commerce. Washington, D.C. |
Gillette P. S. 1973 |
American Capital in the Contest for Soviet Oil, 1920-23. Soviet Studies. 24 (4). |
Klein J. 1923 |
Work of the Bureau of foreign and domestic commerce. Advocate of Peace through Justice, 85 (4). |
Kumar A. M. 2017 |
The U.S. Commercial Service: Serving SMEs and U.S. businesses around the world. https://www.huffpost.com/entry/the-us-commercial-service_b_14106484 |
Smith E. Dwight H. G. O. 1834 |
Missionary researches in Armenia: including a journey through Asia minor, and into Georgia and Persia, with a visit to the Nestorian and Chaldean Christians of Oormiah and Salmas. London: George Wightman, paternoster row. |
The United… 1906 |
The United States Department of State/Papers relating to the foreign relations of the United States with the annual message of the president transmitted to Congress December 3, 1906. Foreign Relations of the United States. University of Wisconsin Digital Collections. http://images.library.wisc.edu/FRUS/EFacs/1906/reference/frus.frus1906v02.i0020.pdf |