- "სპეკალის" მეთვრამეტე ნომერი
- ენათმეცნიერება
- მანანა რუსიეშვილი; რუსუდან დოლიძე; სოფიო თოთიბაძე; მარიამ ქებურია
სიძულვილის ემოციის მეტაფორული კონცეპტუალიზაცია ქართულ და ინგლისურ ენებში
კვლევა განხორციელდა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით (FR-21-563)
1. შესავალი
როგორც ცნობილია, კონცეპტუალური მეტაფორის თეორიამ ბიძგი მისცა მეტაფორის, როგორც ადამიანის მიერ სამყაროს შემეცნების ერთ-ერთი ხერხის, გააზრებას კოგნიტური ლინგვისტიკის პოზიციიდან.ჯ. ლეიკოფისა და მ. ჯონსონის (2003) კონცეპტუალური მეტაფორის ფუნდამენტური თეორიის მიხედვით, მეტაფორა აადვილებს ადამიანის მიერ სამყაროს აღქმასა და ერთ-ერთ აუცილებელ იარაღად გვევლინება სამყაროს დიფერენციაციისა და კონცეპტუალიზაციის პროცესში.
სამყაროს აღქმის მეტაფორიზაცია, როგორც კოგნიტური მოვლენა, გულისხმობს მეტაფორის საწყისი (კონკრეტული) სფეროდან მის სამიზნე (აბსტრაქტულ) სფეროზე კონტექსტისათვის რელევანტური ასოციაციების (ან დამახასიათებელი თვისებების) გადატანასა და მისადაგებას. ეს ადვილად ხელშესახებს ხდის სამიზნე ცნებას და თვალსაჩინოდ წარმოაჩენს მის თვისებებს. საინტერესოა ისიც, რომ ადამიანი სამყაროს შემეცნების პროცესს საკუთარ თუ საზოგადოების გამოცდილებაზე აფუძნებს, რაც დიდწილად აბსტრაქტულის კონკრეტულად ქცევის მეშვეობით ხდება შესაძლებელი.
ემოცია და მისი ვერბალური თუ არავერბალური გამოხატვა კულტურული თვალსაზრისით, ასევე, სპეციფიკურ ფენომენად ითვლება [Sharifian, 2017]. რადგანაც კონცეპტუალური მეტაფორა ადამიანის აზროვნების როგორც უნივერსალურ, ისე სპეციფიკურ თვისებებს წარმოგვიჩენს და ენობრივად გამოხატულ კოგნიტურ პროცესს ასახავს. იგი ბუნებრივად წარმოშობს მეტაფორული აზროვნების უნივერსალურ და ვარიანტულ მოდელებს. შესაბამისად, ორივე შემთხვევაში სახეზეა გარკვეული კულტურული მოვლენის მეტაფორული ინტერპრეტაცია [Maleej, 2007; Kövecses, 2015; Sharifian, 2017; Rusieshvili-Cartledge & Dolidze, 2020].
სტატიის მიზანია „სიძულვილის“ ემოციის მეტაფორული კონცეპტუალიზაციის სპეციფიკის შესწავლა ქართულ და ინგლისურ ენებში, ამ ენებსა და კულტურებში უნივერსალური და ვარიანტული მოდელების გამოყოფა და ანალიზი.
2. მეთოდოლოგია და ემპირიული საკვლევი მასალა
ნაშრომის მეთოდოლოგიურ საფუძველს შეადგენს (1) ზ. კოვეჩეშის კულტურული მეტაფორული მოდელების თეორია [Kövecses, 2010] და (2) მ. რუსიეშვილის მეტაფორის სემანტიკურ-პრაგმატიკული მოდელი [რუსიეშვილი 2005, 2023, 2024].
ზ. კოვეჩეში მიჩნევს, რომ კონცეპტუალური მეტაფორიზაციის მრავალწახნაგოვანი პროცესი დაკავშირებულია კულტურულ კონტექსტთან. შესაბამისად, კონცეპტუალური მეტაფორა კულტურული ფენომენია და შეიძლება წარმოშობდეს უნივერსალურ და ვარიანტულ მოდელებს. უნივერსალური მეტაფორული მოდელი შეიძლება განმეორდეს ბევრ, მსგავსსა თუ განსხვავებულ კულტურაში და დაეყრდნოს საზოგადოებების მსგავს გამოცდილებას. მეორე მხრივ, მეტაფორის ვარიანტულობა ასევე რთული და მრავალწახნაგოვანია და შეიძლება უკავშირდებოდეს კულტურულ, სოციალურ, რეგიონალურ, ეთნიკურ, დიაქრონულ თუ ინდივიდუალურ ცვლადებს.
მ. რუსიეშვილის (2005, 2023, 2024) მიერ შემოთავაზებული უზუალური, გაცვეთილი მეტაფორის დეკოდირების სემანტიკურ-პრაგმატიკული მოდელის მიხედვით, მეტაფორა შედგება სამი ურთიერთდაკავშირებული შრისგან. პირველ შრეზე განთავსებულია მეტაფორის ვერბალური, ზედაპირული სტრუქტურა, მისი გადატანითი მნიშვნელობა. მეორე შრეზე - მისივე სემანტიკურ-პრაგმატიკული (კონტექსტური) პარამეტრები, ხოლო მესამე შრეზე ფიქსირდება მეტაფორის მიერ ასახული სამყაროს კულტურული მოდელი, რომელიც ეყრდნობა საზოგადოების სოციალურ, კულტურულ თუ ისტორიულ გამოცდილებას. მესამე შრეზევე ფიქსირდება მეტაფორის სფეროებს შორის ბმის /კავშირის ხასიათი და ტიპი. უზუალური მეტაფორის სემანტიკურ-პრაგმატიკული მოდელის სამივე შრე მნიშვნელოვანია და მათი სინთეზი ქმნის ამ საინტერესო ხერხს.
მეტაფორის საწყისი სფეროდან სამიზნე სფეროზე ასოციაციებისა და დამახასიათებელი თვისებების გადატანისა და მისადაგების ტიპის მიხედვით, შეიძლება სამი ტიპის მეტაფორაზე მსჯელობა [რუსიეშვილი, 2023]. ესენია: ანთროპომორფული მეტაფორა, საზოგადოების კულტურულ გამოცდილებაზე დაფუძნებული მეტაფორა და კომბინირებული მეტაფორა. ანთროპომორფული მეტაფორის დროს მეტაფორიზაციის საწყისი სფერო და მისი საფუძველი არის ადამიანის სხეული ან მისი ფიზიოლოგიური და ფსიქოლოგიური მახასიათებლები. მაგალითად, სიძულვილი შემოაფრქვია თვალებით; ზიზღისგან შეაჟრჟოლა.1
მეტაფორების მეორე ჯგუფი დაფუძნებულია საზოგადოების გამოცდილებით შექმნილ კულტურულ მოდელზე და ემსახურება გარკვეული ემოციის კულტურული თვალსაზრისით სპეციფიკურ გამოხატვას. ასეთი მეტაფორის საწყისი სფერო ხშირად ეფუძნება სოციუმში გავრცელებულ გარკვეულ წარმოდგენას ან მნიშვნელოვან კულტურულ გამოცდილებას. მაგალითად, ჩვენმა თაობამ არ უნდა დაუშვას, რომ სიძულვილმა ფესვები გაიდგას. ამ ერთეულში სიძულვილის გავრცელება შედარებულია მცენარის მიერ ფესვების გადგმასთან. შესაბამისად, ეს მეტაფორა შედის კონცეპტუალურ მოდელში - სიძულვილი არის მცენარე.
მესამე ტიპის მეტაფორა (კომბინირებული მეტაფორა), მოიცავს ზემოთ აღწერილ ორივე ტიპის ერთეულს. მაგალითად, სოფლის გულში შური, მტრობა და სიძულვილი ფუთფუთებდა. ამ შემთხვევაში სოფლის გული ასოციაციებით უკავშირდება ანთროპომორფულ მეტაფორას, ხოლო ლექსიკური ერთეული ფუთფუთებდა, მწერების მოძრაობის მეტაფორული ტრანსპოზიციით სიძულვილზე ქმნის კულტურულ გამოცდილებაზე დაფუძნებულ მეტაფორას. კომბინირებული მეტაფორა, როგორც წესი, რამდენიმე კონცეპტუალური მეტაფორული მოდელის ნაწილი შეიძლება იყოს. მაგალითად, ზემოთ განხილული მაგალითი შეიძლება მივაკუთვნოთ შემდეგ კონცეპტუალურ მოდელებს: გული არის სიძულვილის ჭურჭელი და სიძულვილი არის მწერის ბუდე.
სტატიაში გაანალიზებული ერთეულები შეირჩა ენობრივი კორპუსებიდან (Georgian National Corpus, British National Corpus). მასალის შეგროვების დროს ძირითადი კრიტერიუმი იყო სემანტიკური და, ასევე, მეტაფორის მნიშვნელობის დეკოდირების სიმარტივე. რიგ პირობებში მეტაფორების უზუალურობა და კონვენციურობა გადამოწმდა იდიომებისა და მეტაფორის ლექსიკონებში.
შეგროვებული მასალა გაანალიზდა ორ ეტაპად. პირველ ეტაპზე ორივე საკვლევი ენის მასალაში მოიძებნა და გამოიყო სიძულვილის ემოციის მეტაფორული კონცეპტუალიზაციის მოდელები. ამ ეტაპზე ყურადღება გამახვილდა ემოციის სემანტიკური ველის ყველა მნიშვნელოვან ერთეულზე. მაგალითად, შემოწმდა ქართულ და ინგლისურ ენებში სიძულვილის სემანტიკის მქონე სხვა ერთეულების მეტაფორული კონცეპტუალიზაციის პოტენციალი. ქართულში ეს ჯგუფი, თავად „სიძულვილის“ გარდა, მოიცავს შემდეგ ერთეულებს: ზიზღი, ბოღმა, ხოლო ინგლისურ ენაში disgust, loathe, revulsion, repugnance. ანალიზის მეორე ეტაპზე შედარდა და გამოიყო უნივერსალური და ვარიანტული მოდელები. როგორც ითქვა, ანალიზის დროს დიდი ყურადღება დაეთმო მეტაფორის პლანებს შორის კავშირს და, ასევე, ემოციის მეტაფორული კონცეპტუალიზაციის დროს ასოციაციებისა და თვისებების გადატანის ტიპს საწყისი სფეროდან სამიზნე სფეროზე. მეტაფორული მოდელების შედგენის პროცესში დავეყრდენით მ. რუსიეშვილის (2023) კლასიფიკაციას და კონცეპტუალური მეტაფორის თეორიის გამოცდილებას (G. Lakoff & M. Johnson), რომელთა მიხედვითაც მეტაფორები ერთიანდება განზოგადებულ სემანტიკურ-კონცეპტუალურ მოდელებში.
3. სიძულვილის მეტაფორიზაცია ქართულ და ინგლისურ ენებში
3.1 ჩვენ მიერ მოპოვებულ ქართული ენის მასალაში გამომჟღავნდა სიძულვილის (და მისი სემანტიკური ველის) ემოციის კონცეპტუალიზაციის შემდეგი მოდელები:
I. ადამიანის სხეული ( გული) არის სიძულვილის ჭურჭელი
1) ნუ ჩაიდებ გულში, ამოიგდე ეგ ბოღმა და სიძულვილი, თორემ გაგიჭირდება სიარული.
2) სიძულვილით აივსო/აევსო გული
II. სიძულვილი არის შეკუმშული სითხე ჭურჭელში ( გული, თვალები, სული, ყელი)
3) იფეთქებს [გულში/სულში] სრულიად გარკვეული წყენა და სიძულვილი.
4) რისხვა და სიძულვილი შემოაფრქვია თვალებით.
5) ბოღმა ყელში აწვებოდა.
III. სიძულვილი არის სინათლე/ცეცხლის ალი/სიმხურვალე
6) მისმა ნათქვამმა გააღვივა სიძულვილი.
7) სიძულვილი წვავდა [მას].
IV. სიძულვილი არის მჭრელი საგანი
8) თითქოს თავს დაეცა მას ნადირის საშინელი ბოღმა, როგორც გალესილი სამართებელი.
V. სიძულვილი არის ბუნებრივი მოვლენა (ვულკანი)
9) ჯურღმულში მთვლემარე ბოღმა იღვიძებდა.
VI. სიძულვილი არის ზღვა (წყალი)
10. ბორგავს გულში დაგუბებული ბოღმა.
VII. სიძულვილი არის მწერების ბუდე
11) სოფლის გულში შური, მტრობა და სიძულვილი ფუთფუთებდა.
VIII. სიძულვილი არის (შხამიანი) მცენარე
12) ნელ-ნელა გულში ლენცოფა, ზიზღი და ფიზიკური მძულვარება აღმოცენდა და გაიშალა.
13) ჩვენმა თაობამ არ უნდა დაუშვას, რომ სიძულვილმა ფესვები გაიდგას.
14) ეს ყველაფერი სიძულვილსა და ზიზღს მინერგავდა.
15) სიძულვილის მთესველები, უფასოდ დადიან და ტკბებიან ამ პარკით.
XIX. სიძულვილი არის ავადობა
16) ზიზღით გულს აზიდებს.
X. სიძულვილი არის მტერი/მეტოქე
17) კითხვაზე ყეენმა დამაკმაყოფილებელი პასუხი ვერ მიიღო, ბოღმა მოერია, დასუსტდა და სახლიდან გავიდა.
XI სიძულვილი არის საკვები/სასმელი
18) სიძულვილის მფრქვეველი და სიძულვილით ნაკვები საზოგადოება გამოვდივართ.
19) სიძულვილით/ზიზღით სავსე ფიალა გამოსცალა.
XII. სიძულვილი არის სიცივე
20. მის დანახვაზე ზიზღით შეაჟრჟოლა.
XIII. სიძულვილი არის საწამლავი
21. წამლავენ საზოგადოებას სიძულვილით, რომელიც გვიბრუნდება ყველას.
XIV. სიძულვილი არის ცხოველი
22. სიძულვილით სისინებს.
როგორც მაგალითებიდან ჩანს, ქართულ ენაში არსებობს სიძულვილის მეტაფორული კონცეპტუალიზაციის რამდენიმე მნიშვნელოვანი მოდელი, რომელთა სპეციფიკურობა განსაკუთრებით ვლინდება მეტაფორის საწყისი სფეროს ანალიზისა და მისი დამახასიათებელი თვისებების სამიზნე სფეროზე (სიძულვილი) გადატანისა და მისადაგების დროს. ამ მხრივ, საკმაოდ ხშირად, სიძულვილის ემოციის მეტაფორული კონცეპტუალიზაცია ადამიანის სხეულთან ასოცირდება. მაგალითად, მოდელში ადამიანის სხეული (გული) არის სიძულვილის ჭურჭელი ადამიანის ყველაზე მნიშვნელოვანი სასიცოცხლო ორგანო (გული) მეტაფორულად იტევს სიძულვილის ემოციას. ხოლო მეორე, როგორც ჩანს, ყველაზე პროდუქტიული მოდელი, სიძულვილი არის შეკუმშული სითხე ჭურჭელში სიძულვილის ემოციიის საწყის წერტილად მიიჩნევს ადამიანის სხეულის კონკრეტულ ნაწილებს. ამასთანავე, ჭურჭლის ფუნქცია შეიძლება შეასრულოს ადამიანის სხეულთან დაკავშირებულმა ნებისმიერმა ლექსიკურმა ერთეულმა (ზემოთ მოყვანილ მაგალითებში - გული, თვალები, სული, ყელი). საინტერესოა, რომ ამავე მოდელში სიძულვილი არის შეკუმშული სითხე ჭურჭელში იკვეთება კონტროლის დაკარგვის მნიშვნელობაც, რომელიც ადამიანის სხეულიდან, როგორც ჭურჭლიდან, სიძულვილის, როგორც შეკუმშული სითხის / ნივთიერების, გათავისუფლებას გულისხმობს. განსხავებულია გათავისუფლების ან მისი მცდელობის ტიპი და ხარისხი (აფეთქება, შემოფრქვევა, დაგუბება და ბორგვა). შესაბამისად, ყოველ ცალკეულ შემთხვევაში, მეტაფორიზაციის დროს, საწყისი სფეროდან სამიზნეზე (რომელიც, როგორც აღვნიშნეთ, მეტაფორის სემატიკურ-პრაგმატიკული დეკოდირების მოდელის მესამე შრეზე მატერიალიზდება) გადაიტანება მხოლოდ კონტექსტისთვის რელევანტური ასოციაციები. მაგალითად, (3) ნიმუშში ეს არის აფეთქების თანმდევი ასოციაციები (ხმაური, ალი, კვამლი, სირენების ხმა, ა.შ), რომელთა სისავსე და დრამატულობა შეიძლება ინდივიდუალურ მოვლენად მივიჩნიოთ.
საინტერესოა ასევე მეორე ტიპის (საზოგადოების კულტურულ გამოცდილებასთან დაკავშირებული) მეტაფორული კონცეპტუალიზაცია. ამ თვალსაზრისით, ქართულმა მასალამ გვაჩვენა, რომ, მაგალითად, სიძულვილი შეიძლება გაუტოლდეს ცეცხლის ალში ჩადგებული საგნის წვას, ხოლო ადამიანის ემოციური მდგომარეობა - წვის პროცესს. სიძულვილის ინტენსიურობა გაიგივებულია ცეცხლის ალთან და, გარდა ამ ძირითადი სემანტიკური კომპონენტისა, ასოციაციების გადატანის პროცესში გააქტიურდება ცეცხლის სხვა რელევანტური თვისებებიც, მაგალითად, სიმხურვალე. მეორე მხრივ, გადატანის პროცესში შეიძლება არსებობდეს ისეთი ნიშანი, რომელიც, მიუხედავად იმისა, რომ დაკავშირებულია საწყის წყაროსთან, არ გვევლინება გადამწყვეტად ამ კონკრეტული ემოციისათვის. კერძოდ, ასეთია ალის მინავლების ასოციაცია.
გამოიკვეთა მესამე, კომბინირებული ტიპის მეტაფორიზაციაც. მაგალითად, მეტაფორულ მოდელში სიძულვილი არის მჭრელი საგანი (თითქოს თავს დაეცა მას ნადირის საშინელი ბოღმა, როგორც გალესილი სამართებელი), ბოღმა წარმოჩინდება, როგორც მჭრელი საგანი, რომელიც ადამიანს, გადატანითი მნიშვნელობით, თავზე ეცემა. როგორც აღინიშნა, კომბინირებული მეტაფორები რამდენიმე (ერთზე მეტი) მოდელის წევრი შეიძლება იყოს. მაგალითად, (17) ეხმაურება მოდელებს სიძულვილი არის შეკუმშული სითხე ჭურჭელში და სიძულვილი არის საკვები.
3.2 სიძულვილის მეტაფორული კონცეპტუალიზაცია ინგლისურ ენაში
I. ადამიანის სხეული არის სიძულვილით სავსე ჭურჭელი (სახე, სული)
23. At demonstrations, he had seen faces' filled with hatred' which reminded him of the months preceding Hitler's rise to power in 1933.2
24. His voice was full of anger and hatred.
II. სიძულვილი არის შეკუმშული სითხე/ნივთიერება ჭურჭელში
25. When I told Chris I was pregnant, I expected panic certainly, but not the hatred that came pouring from him.
III. სიძულვილი არის სინათლე/ცეცხლის ალი/სიმხურვალე
26. The good eye glittered with fear and hatred.
27. Her green eyes gleamed with hatred.
28. The fires of fury and hatred were smouldering in her small black eyes.
IV. სიძულვილი არის სასმელი /საკვები
29. Then he remembered how the Worm was said to feed off hatred.
V. სიძულვილი არის წყლის დინება/ზღვა
30. Jack could feel the waves of hatred washing over him — a real force which literally buffeted him.
VI. სიძულვილი არის ცხოველი
31. He sweats hatred like an angry boar.
32. They faced each other across the room, their hatred bristling and crackling between them.
33. ‘Robert,’ he said, eventually, in a slow hiss of hatred.
VII. სიძულვილი არის შენობა
34. In that space of time you're going to build up hatred.
VIII. სიძულვილი არის საწამლავი
35. Hatred ran like poison through his every thought.
IX. სიძულვილი არის ფიზიკური დასჯა
36. He would feel my hatred like a whip on his back.
X. სიძულვილი არის წვეტიანი/მჭრელი საგანი
37. She meant it, a fierce spike of hatred which seemed to impale her.
XI. სიძულვილი არის ცივი რამ
38. Mute, drunken dislike was easier than the cold hatred of the last few weeks.
XII. სიძულვილი არის (შავი) ფერი
39. Nuadu felt the black hatred emanating from him again.
XIII. სიძულვილი არის საწვავი
40. He had been a keen and willing convert to the cause, his hatred fueled by Grob Mitzer whom he knew and trusted as a friend and corporate colleague.
XIV. სიძულვილი არის დაავადება
41. How was such malignant hatred brought to birth, when he had meant nothing but good, and tried with all his soul to work no evil against them?
XV. სიძულვილი არის ბუნებრივი მოვლენა (ქარი)
42. Irene had lived surrounded by the gales of hatred, but remained untouched by them behind the high wall that had protected her since childhood.
XVI. სიძულვილი არის მცენარე
43. But the 5Os was also a time of the Festival of Britain, and of looking forward with hope and determination to bury the roots of hatred and grow the fruits of love.
XVII. სიძულვილი არის სიმწარე
44. Now she would have given up every lingering resentment, every long and bitter hatred, to have the boy back at Adam's banker, humbly cutting stone.
XVIII. სიძულვილი არის ცოცხალი ორგანიზმი
45. Unionists may not be ready to judge the republic on its merits for years yet, and the hatred bred by three centuries of religious animosity is not going to be bartered away by any group of politicians.
როგორც მასალის ანალიზი გვიჩვენებს, ინგლისური ენაში სიძულვილის მეტაფორიზაცია მრავალფეროვანი და ფართო სპექტრით არის წარმოდგენილი. მასალაში სამივე ტიპის მეტაფორა გამოიკვეთა. კერძოდ, სიძულვილის (და მისი სემანტიკური ეკვივალენტების) მეტაფორული კონცეპტუალიზაციის დროს, ანთროპომორფული მეტაფორების შემთხვევაში, სიძულვილის ჭურჭლად ხშირად გამოიყენება - სახე, გული, ხმა, სხეული. საინტერესოა ადამიანის ფიზიოლოგიური შეგრძნებების დაკავშირება ამ ემოციასთან. მაგალითად, სიძულვილი მეტაფორიზდება, როგორც სიცივე და სიმწარე. მეტაფორული გადატანის დროს, ამ შემთხვევაშიც, წინ წამოიწევს კონტექსტურად რელევანტური სიცივის, სიმწარისა და სიძულვილის (ზიზღის) თანმხლები და გამაერთიანებელი ასოციაციები.
მეორე ტიპის მეტაფორიზაცია წარმოშობს საზოგადოების კულტურული გამოცდილების ამსახველი მეტაფორებს. ამ მხრივ, საინტერესოა, მაგალითად, სიძულვილის დაკავშირება მცენარესთან. მასალაში დადასტურდა სიძულვილის თესლის თესვასთან, მცენარის ზრდასთან და ფესვის გადგმასთან დაკავშირებული მეტაფორები. ასევე, საინტერესოდ მიგვაჩნია სიძულვილის უარყოფითი კონოტაციის ცხოველთან (ტახთან, გველთან) ასოცირება.
მასალაში დადასტურდა მესამე ტიპის (კომბინირებული) მეტაფორიზაციაც. მაგალითში (28), the fires of fury and hatred were smouldering in her small black eyes, (სიძულვილისა ( და სიშმაგის) ალები მის პატარა შავ თვალებში ინავლებოდანენ), ლექსიკური ერთეული were smouldering ხაზს უსვამს ცეცხლის სიმხურვალისა და ინტენსივობის შემცირების სემას.
4. სიძულვილის ემოციის მეტაფორული კონცეპტუალიზაციის უნივერსალური მოდელები ქართულ და ინგლისურ ენებში
კვლევის ბოლო ეტაპია ქართულსა და ინგლისური ენებსა და კულტურებში სიძულვილის ემოციის უნივერსალური და ვარიანტული მოდელების გამოვლენა.
ჩვენი მასალის მიხედვით, გამოვლინდა შემდეგი უნივერსალური მოდელები:
1. სიძულვილი არის კონტეინერი.
2. სიძულვილი არის შეკუმშული სითხე კონტეინერში.
3. სიძულვილი არის სინათლე/ცეცხლის ალი/სიმხურვალე.
4. სიძულვილი არის მჭრელი საგანი.
5. სიძულვილი არის ბუნების მოვლენა.
6. სიძულვილი არის მცენარე.
7. სიძულვილი არის ცივი რამ.
8. სიძულვილი არის ავადობა.
9. სიძულვილი არის საწამლავი.
10. სიძულვილი არის ცხოველი.
11. სიძულვილი არის საკვები/სასმელი.
12. სიძულვილი არის წყლის დინება.
უნივერსალური მოდელები მიუთითებს მეტაფორიზაციის პროცესის ზოგად მსგავსებაზე, რომელსაც კიდევ უფრო საინტერესოს ხდის ის ფაქტი, რომ უნივერსალური მოდელი არ გულისხმობს თავად მეტაფორის ხატის სრული დამთხვევის აუცილებლობას. მაგალითად, მოდელი სიძულვილი არის ცხოველი ორივე ენაში უარყოფითი კონოტაციის მქონე ცხოველების ხატებს მოიცავს, თუმცა ინგლისურში ფიქსირდება როგორც გველის (როგორც ქართულში), ისე ველური ტახის მეტაფორა. ასევე, ბუნების მოვლენებისა და სიძულვილის კავშირის მეტაფორიზაციის დროს ინგლისურ მასალაში გამოიკვეთა ქარის/ქარიშხლის სემა, ხოლო ქართულში - ვულკანისა და მორევისა.
5. დასკვნა
საინტერესოა, რომ ერთმანეთისგან განსხვავებულ ენებსა და კულტურებში - ქართულსა და ინგლისურში - სიძულვილის ემოციის ათზე მეტი უნივერსალური მეტაფორული მოდელი გამოვლინდა. კერძოდ, სიძულვილის მეტაფორული კონცეპტუალიზაციისას ორივე კულტურა, გარკვეულ შემთხვევებში, მსგავს საზოგადოებრივ გამოცდილებას უკავშირებს (სიცივეს, სტიქიურ უბედურებას, მცენარესა თუ ჭურჭელში განთავსებულ სითხეს და ა.შ).
როგორც ამ ემოციის მეტაფორული კონცეპტუალიზაციის შესწავლის დროს დადგენილი უნივერსალური და ვარიანტული მოდელების ანალიზმა და შედარებამ ცხადყო, რომ ამგვარი კვლევები საინტერესოა სამყაროს მეტაფორული კონცეპტუალიზაციის სპეციფიკის გამოსავლენად. ამ მხრივ, განსაკუთრებით ღირებული ჩანს ისტორიულ-კულტურული და ენობრივი თვალსაზრისით არამონათესავე მასალის შესწავლაც.
[1]ყველა ქართული მაგალითი მოყვანილია ქართული ენის ეროვნული კორპუსიდან http://gnc.gov.ge/gnc/corpus-list
[2]ყველა ინგლისური მაგალითი მოყვანილია ბრიტანული ეროვნული კორპუსიდან (http://www.natcorp.ox.ac.uk/)
ლიტერატურა
რუსიეშვილი მ. 2024 |
კონცეპტუალური მეტაფორის ტიპოლოგია. საენათმეცნიერო ძიებანი. N45. თბილისი. |
რუსიეშვილი მ. 2005 |
ანდაზა, „ლეგა“. თბილისი. |
Kövecses Z. 2015 |
Where Metaphors Come From: Reconsidering context in metaphor. Oxford: Oxford University Press. |
Kövecses Z. 2010 |
Metaphor: A practical introduction. Oxford: Oxford University. |
Lakoff G., Johnson M. 2003 |
Metaphors we live by. London: The university of Chicago press. |
Maalej Z. 2007 |
The embodiment of fear expressions in Tunisian Arabic’. In Farzad Sharifian and Gary B. Palmer (eds.), Applied Cultural Linguistics: Implications for Second Language Learning and Intercultural Communication. 87-104. Amsterdam: John Benjamins. |
Sharifian F. 2017 |
Cultural Linguistics. Amsterdam/Philadelphia: JohnBenjamins. |
Rusieshvili M. 2023 |
The Semantic Model of the Metaphor Revisited. Scripta Manent. N1 (55). |
Rusieshvili-Cartledge M., Dolidze R. 2020 |
A contrastive study of metaphoric idioms in English, Georgian, Russian, French and Turkish. Contrastive Phraseology: Languages and Cultures in Comparison. Cambridge Scholars Publishing. |