მცხეთისა და მისი შემოგარენის სიძველეები დეკანოზ პოლიევქტოს კარბელაშვილის საარქივო მასალებში

დეკანოზ პოლიევქტოს კარბელაშვილის (1855-1936 წწ.) პირად არქივში დაცული მასალები, აგრეთვე პერიოდულ პრესაში მის მიერ გამოქვეყნებული საგაზეთო წერილები, ცხადყოფს, რომ ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების შესწავლა, მრავალმხრივი ინტერესების მქონე სასულიერო პირის მრავალწლიანი საქმიანობის მთავარი მიმართულება იყო. ამ საკითხის მნიშვნელოვნებას სწავლული სასულიერო პირისთვის შეკრებილი მასალების სიმრავლეც ადასტურებს. ჩანს, რომ პოლიევქტოს კარბელაშვილი ქართული სიძველეებით ადრეული პერიოდიდანვე დაინტერესებულა - მის მიერ 1870-იანი წლებიდან გაკეთებულ ჩანაწერებსა და საგაზეთო წერილებში მოიპოვება მათი აღწერები. უმთავრესად „ივერიასა“ და „დროებაში“ გამოქვეყნებულ პირველ საგაზეთო წერილებში, პოლიევქტოს კარებალაშვილისთვის  მნიშვნელოვანი იყო გადმოეცა ამ სიძველეებთან დაკავშირებული გადმოცემები თუ თქმულებები, რომლებიც თავადვე მოუსმენია და ჩაუნიშნავს - „ბევრჯელ თქმულა, რომ ქართველებმა ერთხელ მიღებულის ჩვეულების, ერთხელ შეძენილის შთაბეჭდილების დაცვა მტკიცედ იციანო დიდ ხანს. რამდენი ჩვეულება, რამდენი ზნეობის გამომხატველი ნაკვეთები არიან ქართველობაში საშვილიშვილოდ შთანერგილნი! რამდენი რამე აქვს ქართველს კაცს, რითაც კი შეუძლიან მას თვისი მამულის წარსული გააცნოს ქვეყანას!..“ [ჭალელი, 1876:1].

სწორედ ამგვარ, წინაპართაგან გადმოცემულ თქმულებებს აღწერს პოლიევქტოს კარბელაშვილი ეკლესია-მონასტრების, ციხესიმაგრეებისა თუ სხვა სიძველეებთან დაკავშირებით - მათი სახელწოდებების, აგებისა და მასთან დაკავშირებული სხვადასხვა ისტორიული მოვლენების შესახებ (კლდე-მაღალას ციხე, დროება, 1875, №38, გვ.1-2; №39, გვ.1-3; ყვავის საყდარი, გადმობრუნებული საყდარი, დროება, 1875, №73, გვ.1).

ისტორიული ლეგენდების გადმოცემასთან ერთად, მოგვიანებით პოლიევქტოს კარბელაშვილის ნაშრომებში ჩნდება ინტერესი სიძველეთა აღწერის, მათი იმჟამინდელი გარეგნული იერ-სახის დაფიქსირების და მათზე დაცული წარწერების შესახებ.

საქართველოს ისტორიის, მისი მრავალფეროვანი კულტურის წარმომჩენი ნივთიერი ძეგლების მოძიების, შესწავლისა და დაცვის სურვილმა განაპირობა ის ექსპედიციები, რომლებსაც პოლიევქტოს კარბელაშვილი ახორციელებდა საქართველოს სხვადასხვა კუთხეში - ქართლში, კახეთში, მცხეთა-მთიანეთში, იმერეთში, ლეჩხუმსა და სვანეთში. იმჟამად მოქმედი კულტურულ-საგანმანათლებლო და სიძველეთა დამცველი საზოგადოებების დავალებით თუ საკუთარი ინიციატივით, პოლიევქტოს კარბელაშვილმა ინახულა არაერთი ეკლესია-მონასტერი და აღნუსხა იქ დაცული სიწმინდეები. მართალია, ამ საქმეს იმჟამად არაერთი ქართველი მკვლევარი ახორციელებდა, მაგრამ სწავლული სასულიერო პირის სამოგზაურო დღიურებში მოიპოვება ძეგლების აღწერები, რომლებიც საზოგადოებას პირველად მისი ჩანაწერებით უნდა გაეცნო, თუმცა, ამა თუ იმ მიზეზთა გამო, მას ეს ვერ მოუხერხებია და დღესაც ამ რიგის ბევრი მასალა გამოუქვეყნებელი რჩება.

დეკანოზ პოლიევქტოს კარბელაშვილის საექსპედიციო მასალების ნაწილი თარიღიანია. შესაბამისად, ცნობილი ხდება, რა დროს და სად იმოგზაურა მან, რა აღწერა. მასალების ნაწილი უთარიღოა, თუმცა ამ შემთხვევაშიც ძირითადად შესაძლებელი ხდება მოგზაურობის მიახლოებითი პერიოდების განსაზღვრა, რადგან ახალი მასალების შეკრების კვალად პოლიევქტოს კარბელაშვილი ცდილობდა, მის მიერ თავმოყრილი მონაცემები საზოგადოებისთვისაც მალევე გაეზიარებინა, რისთვისაც იგი პერიოდულ პრესას მიმართავდა.

საარქივო მასალებიდან ჩანს, რომ პოლიევქტოს კარბელაშვილი ერთსა და იმავე კუთხეს და მის ძეგლებს რამდენჯერმე სტუმრობდა, ახალ მასალებს ინიშნავდა და ადრე მოპოვებულ მონაცემებს ავსებდა. მისი მოგზაურობის ამსახველი დოკუმენტები საკმაოდ მოცულობითია, თუმცა, უმეტესწილად ტექსტები ნაკლულია და აღწერები სრული სახით არ შემორჩენილა; ამის გამო ისინი სრულად ვერ ასახავს სწავლული სასულიერო პირის მიერ ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა შესახებ თავმოყრილ და დამუშავებულ მასალებს.

მოცულობასთან ერთად მრავალგვარია შეგროვებული მასალების ხასიათიც. მკვლევარი აღწერს ეკლესიების ხუროთმოძღვრებას და მოხატულობას; პალეოგრაფიული სიზუსტით გადმოაქვს ფასადებზე დაცული ლაპიდარული წარწერები; იხაზავს ეკლესია-მონასტრების გეგმებს; ასრულებს ფასადებზე შემორჩენილი ჩუქურთმებისა და ორნამენტების, აგრეთვე, ინტერიერში არსებული ფრესკების ჩანახატებს; აღწერს ხელნაწერებს - მათ შედგენილობასა და მინიატიურებს. ამ აღწერილობებს თან ერთვის ანდერძ-მინაწერთა ტექსტები და მათი საისტორიო ანალიზი; აღნუსხულია ხატები, ჯვრები, საღვთისმსახურო ნივთები და ეკლესიაში დაცული სხვა სიძველეები და მათი წარწერები (მაგ. იარაღი, დროშები და სხვ.). ამასთანავე, გადმოწერილი აქვს ეკლესიაში და მის გარშემო არსებული საფლავების ეპიტაფიები.

თავმოყრილი მასალების გამოსაცემად მომზადებისას, როგორც წესი, პოლევქტოს კარბელაშვილი  კომენტარებს ამატებდა. იმ პერიოდისთვის ცნობილ საისტორიო წყაროებში იგი ეძებდა მონაცემებს ეკლესიების, აგრეთვე, ლაპიდარულ და ფრესკულ წარწერებში, ისევე როგორც ანდერძ-მინაწერებში მოხსენიებულ პირთა შესახებ, იმოწმებდა საქართველოს ისტორიის პირველწყაროებს, იმავდროულად კი ეცნობოდა როგორც  თანადროულ, ისე ადრეული პერიოდის ქართველ თუ უცხოელ მოგზაურთა, სიძველეთა მოყვარულთა და მეცნიერთა მიერ მოპოვებულ მასალებს, რომლებსაც ადარებდა საკუთარ აღწერებს, დაკვირვებებსა და დასკვნებს.

* * *

პოლიევქტოს კარბელაშვილის ჩანაწერებში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია საქართველოს ძველ დედაქალაქს - მცხეთას და მის სიძველეებს. 1883 წელს გამოქვეყნებულ ნარკვევში „საქართველოს ძველი ისტორიისთვის“ მას მოჰყავს ხალხური გადმოცემა სახელწოდება „მცხეთის“ წარმოშობის შესახებ – „...ჩვენი ძველი დედა ქალაქის, „მცხეთის“ წოდებაც ეგრევეა გაურკვეველი. რეხის ხეობაზე ს. ჭალაში მე მაქვს გაგონილი ამ წოდების აღსნა: „- ძველად მეფეებს, მთავრებს სასულიერო, პირნი ერთურთ დალოცავდნენ ხოლმეოდ თავზე ზეთს სცხებდნენო (ძველი იუდიანელების მეფედ დამტკიცება ზეგარდმო მადლით, თავზე ზეთის ცხებით იქმნებოდა). საქართველოს მეფეთა და მთავრების გაბატონება მცხეთაში სრულ-იქმნებოდაო. მეფედ, ანუ მთავრად აღრჩეული მივიდოდა წინაშე ერისა და ეტყოდაო: „მცხეთ თავსა ჩემსა ზეთიო!“. აქედან წარმოსდგა „მცხე-თავი“  [კარბელაშვილი, 1883: 3].

მცხეთისა და მისი შემოგარენის სიძველეთაგან ჩანაწერების მოცულობით გამოირჩევა შიომღვიმის სამონასტრო კომპლექსის შესახებ პოლიევქტოს კარბელაშვილის მიერ თავმოყრილი მასალები. იგი აღწერს სამონასტრო კომპლექსის ნაგებობების ფასადებზე არსებულ ლაპიდარულ წარწერებს (ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი: დასავლეთი შესასვლელის თავზე მოთავსებული წარწერა, 1668 წ. - მოხსენიებული არიან გივი იოთამის ძე ამილახვარი, მეუღლე მისი თამარ ბატონისშვილი და ძეები - ანდუყაფარი და დემეტრე; მხედრული წარწერა სამხრეთი შესასვლელის თავზე, 1733 წ. - მოხსენიებულია გივი ამილახვარი; წარწერა ჩრდილოეთ ფასადზე - მოხსენიებული არიან გივი ამილახვარი და მეუღლე მისი, ორბელისშვილის ასული ბანგუა); მონასტერში დაცულ სიძველეებს, მათზე არსებული წარწერებით (ენქერი, ასომთავრული წარწერით - მოხსენიებული არიან ლევან დადიანი, მისი მეუღლე  ნესტან-დარეჯანი და  მათი ძე, ალექსანდრე; გულანი, 1706 წ., მინიატიურებით და მინაწერებით - მოხსენიებულია დამკვეთი, ნიკოლოზ ამილახორისშვილი; წმ. ეფრემ ასურის თხზულებების შემცველი ხელნაწერი, 1803 წ. - მინაწერში მოხსენიებულია მისი შემწირველი დავით ბატონიშვილი; წმ. იოანე სინელის „კლემაქსი“, მინაწერით - მოხსენიებულია ანჩისხატის დეკანოზი გიორგი; ძველი ტრაპეზის სამხრეთ კედელში ჩატანებულ ქვაზე ამოკვეთილი ასომთავრული წარწერა - მოხსენიებულია გაბრიელი), აგრეთვე, ღვთისმშობლის მიძინებისა და წმ. სამების ტაძართა ინტერიერში დაცულ განსასვენებელთა ეპიტაფიებს (1695-1841 წლების თხუთმეტი ეპიტაფია).

პოლიევქტოს კარბელაშვილის სამოგზაურო უბის წიგნაკებში არაა მითითებული შიომღვიმის მონასტერში ყოფნის თარიღები, თუმცა 1891 წელს გამოქვეყნებულ საგაზეთო წერილში „მასალად ამილახვართა ისტორიისა, ა) წარწერანი ხატებზე და კედლებზედ - ს. ჭალასა, შიო-მღვიმესა და ქ. ტფილისში შეკრებილნი“, ავტორს შეტანილი აქვს ღვთისმშბლის მიძინების ეკლესიის ჩრდილოეთ და დასავლეთ ფასადებზე დაცული ლაპიდარული წარწერები, რაც იმაზე მიუთითებს, რომ მონასტერი მას 1890-იანი წლების დასაწყისამდე უნდა ენახა

მოცულობითია წილკნის საკათედრო ტაძრის შესახებ გამოქვეყნებული მასალებიც [წილკნის ტაძარი, ივერია, #131 1894:1-3]. პოლიევქტოს კარბელაშვილი მოკლედ ახასიათებს კომპლექსში შემავალ ნაგებობებს; აღწერს მთავარ ტაძარს, მის გეგმას, ზომებს, იერსახეს, შიდა სივრცეს; აღნიშნავს, რომ ერთ დროს მთლიანად ფრესკებით გამშვენებული კედლები იმხანად კირით ყოფილა შეთეთრებული, თუმცა გუმბათში შემონახული იყო მაცხოვრის ნახევარფიგურა, ირგვლივ შემოყოლებული ასომთავრული წარწერით. ამას გარდა, ნარკვევში დახასიათებულია ეკლესიის კანკელი; საგანგებო ყურადღება ეთმობა ღვთისმშობლის ხატს - მოტანილია მისი 1779 წლის საქტიტორო წარწერა, ჩამოთვლილია ხატისთვის შეწირული ნივთები. ავტორი ყურადღებას ამახვილებს წმ. ისე წილკნელის განსასვენებელზე, აგრეთვე, ეკლესიაში  დაცულ სიძველეებზე (საწინამძღვრო დროშა, წარწერით - მოხსენიებულია ყაფლან ბარათაშვილის ასული როდამი; გარდამოხსნა, ასომთავრული წარწერით - მოხსენიებული არიან  თეიმურაზ ბატონისშვილი და მისი მეუღლე ქეთევან ორბელისშვილი, 1686 წ.; ომოფორი, ასომთავრული წარწერით - მოხსენიებულია როდამ ორბელისშვილი, 1660 წ.; ენქერი, წარწერით -  მოხსენიებული არიან  თეიმურაზ ბატონისშვილი და მისი მეუღლე ქეთევან ორბელისშვილი; მეორე ენქერი, წარწერით - მოხსენიებული არიან  იოანე მუხრანბატონი და მისი მეუღლე ქეთევანი; გინგილა, წარწერით - მოხსენიებული არიან  თეიმურაზი და მისი თანამეცხედრე ქეთევანი); სამღვდელმთავრო არწივი, წარწერით - მოხსენიებულია იოანე წილკნელი; მიტრა, რუსული წარწერით - მოხსენიებულია მთავარეპისკოპოსი ქრისტეფორე ბაგრატიონი, 1762 წ.; ნაბეჭდი სახარება, მინაწერით - მოხსენიებული არიან  გერვასი მაჭავარიანი, წილკნელი მიტროპოლიტი და სამთავნელი ეპისკოპოსი; ეტრატზე ნაწერი, მოხატული სახარება - სხვადასხვა პირის მოსახსენებელი მინაწერებით; ეტრატზე ნაწერი მეორე სახარება, მოჭედილობით, წარწერით - სხვადასხვა პირის მოსახსენებლებით).

პოლიევქტოს კარბელაშვილს უნახავს ძეგვის ეკლესიაც და ჩაუნიშნავს მის ფასადზე არსებული ასომთავრულით შესრულებული ლაპიდარული წარწერა (მოხსენიებული არიან ნიკოლოზ იოთამის ძე ამილახვარი; ნადირა და პეტრე მჭედლის ძეები. სეა, ფონდი 1461, საქმე 128, გვ.31).

* * *

მცხეთისა და მისი შემოგარენის სიძველეთა შორის პოლიევქტოს კარბელაშვილი, ცხადია, გამორჩევით იყო დაინტერესებული სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრით. სწავლული სასულიერო პირის საველე უბის წიგნაკში მასალები საკათედრო ტაძრისა და იქ დაცულ სიწმინდეთა შესახებ ფრაგმენტულად, რამდენიმე გვერდის სახითღაა შემორჩენილი. შესაძლებელია, განისაზღვროს ამ ჩანაწერების შექმნის პერიოდი - 1899-1900 წლები - დრო, როდესაც იმჟამინდელ საზოგადოებაში წამოჭრილი იყო საკითხი სვეტიცხოვლის ტაძრის განახლების თაობაზე.

1895 წელს გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა არქიტექტორ კ. ტატიშჩევის შენიშვნა მცხეთის საკათედრო ტაძრის მძიმე მდგომარეობის შესახებ - „...გარეგანი მხარე ტაძრისა მთლად დამახინჯებულია. სჩანს ტაძარი შეუკეთებია კალატოზს, რომელსაც არა სცოდნია ძველი ქართული ხელოვნება, ზოგან კალატოზს ქართული თაღები რომაულ თაღებად შეუცვლია, მაგრამ ეს თაღები არც რომაულსა ჰგავს. ზოგან თაღები მთლად მოუშლია და მის მაგიერ გაუკეთებია სწორე კედელი. ბურული გაკეთებული ძველს ქართულს გემოვნებაზედ, იმდენად ცუდად ყოფილა მოვლილი, რომ ტაძარში ავდრის დროს წყალი ჩადის, რის გამოც ტაძრის გუმბათი დახეთქულა, კირი ჩამოცვივნულა და დიდრონი ქვები და აგურები საცაა ჩამოინგრევა; იატაკი ხომ იმდენად გაფუჭებულა, რომ ცუდად ქვით დაფენილს ქუჩას მოგვაგონებს. გუმბათი და თაღები ნესტიანია, ფანჯრები იმდენად გაფუჭებულა, რომ ტაძარში ფრინველები შეფრინდებიან ხოლმე. სამწუხარო სურათს წარმოადგენს ის გალესილი ნაწილები ტაძრისა, საიდანაც ცოტათღა მოსჩანს ძველი ხელოვნების მხატვრობა. ეზოში რამდენიმე დაქცეული სახლი სდგას, თვით ეზო სავსეა ნაგავით, მიუმატეთ ამას ვიღაც ბრიყვების მიერ ნაჩხაპნები, რომელიც მრავლად ატყვია კედლების გარეთა პირს და თქვენს თვალს წარმოუდგება სრული სამწუხარო სურათი ამ ძველის-ძველის ტაძრისა“ [მცხეთის ტაძარი, 1895:2].

XIX საუკუნის მანძილზე სარესტავრაციო სამუშაოები სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარზე რამდენჯერმე ჩატარდა. 1840-იან წლებში, საქართველო-იმერეთის სინოდალური კანტორის არქიტექტორის, რიპარდის ხელმძღვანელობით ტაძარი ქვის ლორფინით გადაიხურა; მოგვიანებით, 1860-1870-იან წლებში გადახურვა განახლდა [დოლიძე... 1990:259-260]; თუმცა, 1898 წლის 15 დეკემბერს, საკათედრო ტაძრის მღვდელი პლ. ხუროშვილი გაზეთ „ივერიას“ ატყობინებდა, რომ ძლიერი თოვლის გამო ნაგებობის სახურავი ჩამონგრეულა და შედეგად, ინტერიერში წყალი ჩაედინებოდა [ახალი ამბავი..., 1898:1].

ამ საკითხს საზოგადოებაც მაშინვე გამოეხმაურა. შედგა მცხეთის ტაძრის განმაახლებელი კომიტეტი, ეგზარქოს ფლაბიანეს (გოროდეცკი, 1898-1901 წწ.) თავმჯდომარეობით. აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია ტაძრის გადახურვასთან დაკავშირებულმა საკითხმა [ახალი ამბავი..., 1899:2].

საბოლოოდ, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრის გადახურვა ქვის ფილებით გადაწყდა. ამასთანავე, კომისიამ განიზრახა ტაძრის შესახებ ისტორიულ-არქეოლოგიური ხასიათის ნაშრომის მომზადება, რომლის განსახორციელებაც კომისიის წევრს, ყოვლადუსამღვდელოესის ლეონიდეს მიერ მოწვეულ სწავლულს, ანტონ ნატროშვილს დაევალა.

შედეგად, 1900 წელს გამოიცა ნაშრომი Мцхет и его собор Свэти-Цховели. Историко-археологическое описание. წიგნის პირველი ნაწილი ეთმობა მცხეთასა და მის სიძველეებს, მეორე ნაწილში განხილულია სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარი და მისი ისტორია.

ნაშრომს წამძღვარებულ წინასიტყვაობაში ავტორი მოიხსენებს იმ პირებს, რომლებმაც აქტიური მონაწილეობა მიიღეს მის მომზადებაში. მათ შორის დასახელებულია მღვდელი პოლიევქტოს კარბელშვილი, რომელიც, წიგნის ავტორის მითითებით, მასთან ერთად არაერთხელ სწვევია საკათედრო ტაძარს ძველი წარწერების გადმოსაღებად“ [Натроев, 1900:3-4].

სვეტიცხოვლის ტაძრის განახლების საკითხს პოლიევქტოს კარბელაშვილი იმთავითვე აქტიურად გამოეხმაურა და მას მიუძღვნა საგანგებო წერილი, რომელშიც აღნიშნავდა - „რა დიდმნიშვნელოვანია მცხეთის სვეტი-ცხოვლის საკათალიკოზო ტაძარი ქართველთათვის, ამის შესახებ ბევრი ითქვა დღემდე. სიამოვნებით უნდა აღვნიშნოთ, რომ ამ ქართველთა ეროვნულ თავისებურობის დედაბოძის განახლების საქმემ უიმისოთ ძილით დათენთილნი, მძიმენი, უთადარიგონი როგორღაც გამოგვაფხიზლა, თვალები მოგვაშვნეტინა და სამოქმედოდ აგვიძგერა გული. აგერ შესდგა კომიტეტი და გააბა ღაღადი დიდი საქრისტეანო ერისა შორის შემწეობისათვის: ჰმართავს ზედი-ზედ კრებას ასაწონ-დასაწონად ყოველის წვრილმანის გარემოებისა, რათა განახლების საქმე უკეთ, საშვილიშვილოდ გამოსაყენებლად იქმნას მოწყობილი; აარსებს თვით სვეტიცხოვლის დღევანდელ ტაძრის მეცნიერულად შესწავლის საქმეს რაოდენადმე გასაადვილებლად განზრახულის განახლებისა; იწვევს ყოველ ქართველს მონაწილეობის მისაღებად ამ დიდ საქმეში, გააბა დიდი მიწერ-მოწერა შესაწევარის მოსაკრებად და სხ., ...“ [კარბელაშვილი, 1899:2-3].

პოლიევქტოს კარბელაშვილის საველე წიგნაკებში დაცული ფრაგმენტული ჩანაწერების მიხედვით, წარწერებთან ერთად მას ჩაუხატავს საკათედრო  ტაძრის ჩრდილოეთი ფასადის რელიეფები. მის პირად არქივში დაცული ჩანაწერები სვეტიცხოვლის ტაძრის შესახებ ფრაგმენტულია და სრულ სურათს არ იძლევა. ცხადია, არაერთხელ ნანახი ტაძარი მას საგულდაგულოდ უნდა დაეთვალიერებინა და აღწერა. მიუხედავად ამისა, სვეტიცხოვლისადმი მიძღვნილი, საგანგებოდ მომზადებული ნარკვევი დღეისთვის ცნობილ მისეულ მასალებში არ ჩანს.

უბის წიგნაკში დაცული ფრაგმენტული მასალებით პოლიევქტოს კარბელაშვილს აღუწერია:

აღმოსავლეთი ფასადის მხედრული წარწერა (მოხსენიებულია ნიკოლოზ მაღალაძე) - სეა. ფონდი 1461, საქმე 128, ფ.52r;

სამხრეთი ფასადის მხედრული წარწერა (მოხსენიებულია ნიკოლოზ იოთამის ძე ამილახვარი, 1685 წ.) - სეა. ფონდი 1461, საქმე 128, ფ. 29r;

ჩრდილოეთ ფასადზე, მთავარი სარკმლის ზემოთ არსებული ასომთავრული სააღმშენებლო წარწერები - სეა. ფონდი 1461, საქმე 48, უბის წიგნაკი №1;

ჩრდილოეთი ფასადის რელიეფები - მაცხოვარი; ხელი და გონიო - სეა. ფონდი 1461, საქმე 48, უბის წიგნაკი №1;

ფრესკული წარწერა (მოხსენიებული არიან კათოლიკოსი ნიკოლოზი და მხატვარი გრიგოლ გულჯავარასშვილი) - სეა. ფონდი 1461, საქმე 128, ფ. 52r;

სიწმინდეები:

ვერცხლის შანდალი, წარწერით (მოხსენიებული არიან თეიმურაზი და ელენე) - სეა. ფონდი 1461, საქმე 128, ფ. 1v;

გარდამოხსნა, ასომთავრული წარწერით (მოხსენიებული არიან გივი იოთამის ძე ამილახვარი და მეუღლე მისი თამარ ბატონისშვილი) - სეა. ფონდი 1461, საქმე 128, გვ. 28r-v;

ამას გარდა, პოლიევქტოს კარბელაშვილის პირად არქივში არის მოკლე ნარკვევი სვეტიცხოვლის ტაძრის შესახებ - სეა. ფონდი 1461, საქმე 143, ფ. 9r-v.

დეკანოზი პოლიევქტოს კარბელაშვილი

სვეტიცხოველი, მცხეთაში

დედამიწაზედ მცხოვრებ სხვა და სხვა მოდგმის ხალხს ყველას თავი მოაქვს საკუთარი შემოქმედებით (კულტურით). მათგან საქართველომ დიდი ხანია თავმოწონებით წარუდგინა კაცობრიობას გენიალური „ვეფხისტყაოსანი“ შოთასი, მაგრამ განა მარტო ვეფხის ტყაოსანია ქართველთათვის თავმოსაწონებელი? ქართველ ერს აქვს თავმოსაწონებელი ბევრი რამ: თავისებური სამშობლო ენა, ძველი-ახალი მწერლობა, თავის უებრო ანბანით, საერო-სასულიერო კილოები, ხუროთმოძღვრება და სხ.

დიდმნიშვნელოვანი წარსულის პატრონია საქართველოს ძველი დედაქალაქი მცხეთა სვეტი ცხოვლის ტაძრით. ათას ხუთასი წლის განმავლობაში ქართველ ერთან ერთათ გაიარა ტანჯვაში ბარბაროსთა მიერ და დღეს კიდევ ყელმოღერებით გვიყურებს და ბევრს რამეს გვაყვედრის სვეტიცხოველი...

1. მისს გარშემო ყველა ქართლის მცხოვრებლებმა იციან - სვეტიცხოველი ვახტანგ გორგასალმა ააშენაო. ქართლის ძველი მატიანეებიც ამას მოგვითხრობენ.

2. თვით სვეტიცხოვლის ტაძარში, სვეტის მაღლა თაღზე დახატულია XI საუკ. ტაძრის საფუძვლის ჩაგდება, მეფე ვახტანგ გვირგვინით, ოდნავ წელში მოხრილი და ორი გაწვდილი ხელით დასავლეთისაკენ, კლდის ქვა უჭირავს აქ მდინარ მოსხმული და წელში მოხრილი კათალიკოზი მიქელ ჯვარსა სწერს მარჯვენა ხელით.1

3. ვახტანგი დახატულია იერუსალიმში ჯვარის მონასტერში XI ს. პროხორეს მიერ განახლების დროს. ეს მხატვრობა გადმოიღო პლ. იოსელიანმა 1849 წ. იერუსალიმში ყოფნის დროს და დაბეჭდა 1852 წ. იონა მროველის მოგზაურობაში. ამ ორი გამოხატულების სახე ვახტანგის ერთი და იგივეა პირწმინდათ...

4. 1899 წ. სვეტის ცხოვლის ტაძრის ჩრდილოეთით ჰქონდა გაკეთებული ხარაჩო სიამოვნებით გავსწიე თბილისით, თუმცა მაშინედბნენ - არ გადმოვარდე, არა აიტეხო რაო.2

მცხეთის სვეტისცხოვლის ტაძრის სამხრეთ კედელზედ არის მხედრული წარწერა:

ქ. მეფობასა გიორგისასა ქ. ჩ~ნ ქართლის კათალიკოზმან ამილახორის იოთამის ძემან პატრონმან ნიკოლაოზ განგიახლე მეორედ კედელი ესე შენ ცათა მობაძავსა წმიდასა კათოლიკე ეკლესიასა და სვეტსა ცხოველსა ცოდვათა ჩვენთა საოხად, რათა მცველ-მფარველ მექმნე დღესა მას განკითხვისასა. ქკს ტოგ (1685 წ.).

ჩრდილოეთით, ეს დაბლაა:

xli monisa

ar~sks Z~Á S~d~T

ჯვარის მარჯვნივ ყვითელ ქვაზედ გამოქანდაკებული მაცხოვარი

Ás †† ade m†l Â

ჩრდილოეთით, ეს მაღლაა

w:. nbiTa:. RisTa ganaxlda samire ese brZnbiTa qmrq melqizedegiTa S~e u mona Sni am~si gal~tzni oTxni a~n

სვეტისცხოვლის შანდალი ვერცხლისა, 1 გირვანქა წონით, წარწერით:

ქ. სძალი მეფისა ელენესი ვედრ-ვარ სვეტსა ცხოველსა, თვით თეიმურაზ მეფის ძე განეროს ვნებას ყოველსა3

მცხეთის სვეტისცხოვლის ოქრომკედით საუცხოვო ხელოვნებით ნაკერს გარდამოხსნაზედ აწერია ხუცური ასომთავრულით:

ქ. ჵ მეუფეო ყოველთაო, რომელმან ჯვარი ივნე შენისა მრავლითა მოწყალებითა და ფრიადითა სიმდაბლითა ხორცი შეიმოსე, ვითარცა კაცმან და შენ ხარ ძე ღ~ისა მხოლოდშობილი მამისაგან და თანასწორი სულის წმიდითურთ, ვნებაჲ დაითმინე, ჯვარცმა და გარდამოხსნა ჯვარისა მიერ და შეიგრაგნე ვ~ა მკუდარი, და დაფლვა, რათა აღადგინო მკუდარნი საუკუნითგან უკუნისამდე. შეწევნითა ღ~ისათა ჴელვყავით და შევაკერინეთ წმ. ესე გარდამოხსნა ჩვენ იოთამ ამილახორის შვილმან გივმან და თანა მეცხედრემან ჩვენმან ქართველ ჴელმწიფის შაჰნაოზ მეფის ასულმან ბატონისშვილმან თამარ ცოდვათა ჩვენთა შესანდობელად და ძეთა ჩვენთა წარსამართებელად და აღსაზრდელად და შემოგწირეთ საყდარსა ყ~დ წმინდისა შენისა. ყ~დ წ~აო ღ~ის მშობელო, მცველ და მფარველ გვეყავ ყოველთა დღეთა ცხოვრებისა ჩვენისათა, ამინ.


[1]მხატვრობა მე ვნახე 1900 წ. (შენიშვნა - პ. კ.)

[2]ამ ადგილზე ტექსტი წყდება და გაგრძელება აღარ ჩანს.

[3]იხ. ნატროევისა „Мцхетъ...“, გვ. 429 (შენიშვნა - პ. კ.)

ილუსტარცია - ჩრდილოეთ ფასადი, მთავარი სარკმლის ზემოთ არსებული ასომთავრული სააღმშენებლო წარწერები. ჩრდილოეთი ფასადის რელიეფები - მაცხოვარი; ხელი და გონიო. სეა, ფონდი 1461, საქმე 48, უბის წიგნაკი №1.

 

ლიტერატურა

ჭალელი პ. [კარბელაშვილი პ.]
1876
ს. ჭალის ჯვარ-პატიოსანი და მისი დღეობა. დროება. №67.
ახალი ამბავი...
1898
ახალი ამბავი [შემდეგს სამწუხარო ამბავს გვამცნობს...]. ივერია. №268.
ახალი ამბავი ...
1899
ახალი ამბავი [საიმპერატორო სამეცნიერო აკადემიის ორდინარი...]. ივერია. №241.
დოლიძე ვ.
1990
საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა. V. (გორის, კასპის, მცხეთის, ქარელის, ხაშურის რაიონები). თბილისი.
კარბელაშვილი პ.
1883
საქართველოს ძველი ისტორიისათვის. დროება. №20.
კარბელაშვილი პ.
1899
დიდი საქმე (ბ-ნ მონადირაშვილის კონცერტის შესახებ). ივერია, №74.
კარბელაშვილი პ.
1899-1900
სვეტიცხოველი. საქართველოს ეროვნული არქივი. ფონდი 1461. საქმეები №№ 48, 128, 143.
მცხეთის...
1895
მცხეთის ტაძარი. ივერია. №152.
Натроев А.
1900
Мцхета и его собор Свэти-Цховели: Историко-археологическое описание. Тифлис.