ალენ გინზბერგის პოეზიის აღქმა ქართულ ლიტერატურაში (ლექსის ,,ყმუილი’’ შოთა იათაშვილისეული თარგმანის მაგალითზე)
ლექსი ,,ყმუილი’’, რომელიც 1954-1955 წლებში დაიწერა, ალენ გინზბერგის შემოქმედებაში საუკეთესო ნაწარმოებად არის მიჩნეული. ალენ გინზბერგი ბით თაობის ერთი-ერთი გამორჩეული წარმომადგენელი და სულისჩამდგმელია. ბით მოძრაობა ამერიკული სოციალური და ლიტერატურული მიმდინარეობაა, რომელსაც საფუძველი 1944 წელს ნიუ იორკში, კოლუმბიის უნივერსიტეტის კამპუსში, ჩაეყარა მაშინ, როდესაც ერთმანეთს ალენ გინზბერგი, უილიამ ბეროუზი და ჯეკ კერუაკი შეხვდნენ.
1956 წელს ა. გინზბერგმა პოეტთან და კრიტიკოსთან, რიჩარდ ებერჰარტთან, საუბრისას აღნიშნა, რომ ამ ლექსის დაწერისას მიზნად ისახავდა მკითხველები გაეთავისუფლებინა ,,არასწორი ... საკუთარი თავის დამამცირებელი მესგან’’ და სურდა დაერწმუნებინა ისინი, რომ ,,ანგელოზები’’ იყვნენ [Raskin, 2004: XIX]. თავად პოეტისთვის ლექსი ,,ყმუილი’’ ჯადოსნური სარკე იყო. როდესაც მასში იყურებოდა სხვა მხარეს, სხვა ასპექტს, ხედავდა [Raskin, 2004: XX].
ლექსში გაერთიანებულია ალენ გინზბერგის ცხოვრების სხვადასხვა პერიოდი: ბავშვობისა და კოლუმბიის უნივერსიტეტში სწავლის წლები, ნიუ იორკში გატარებული ჰიპსტერული დღეები, 1940-50-იანი წლების განმავლობაში მოგზაურობა. რადგან ლექსში უამრავი ცნობაა ა. გინზბერგის ცხოვრებასა და გამოცდილებაზე, სავარაუდოა, რომ ამბის მთხრობელი თავად პოეტია. ,,ყმუილი’’ წარმოადგენს თავისუფალ ლექსს და სტრუქტურის თვალსაზრისით ერთგვარი ექსპერიმენტია. მასში ა. გინზბერგი საკუთარ პოეტურ ფორმას იყენებს და თავად არის პოეტიც და მთავარი როლის შემსრულებელიც. ლექსი სამი ნაწილისგან შედგება.
1955 წლის 7 ოქტომბერს The Six Gallery-ს (გალერეა ექვსის) პოეზიის საღამო მოეწყო. მაიკლ მაკკლური აღნიშნავდა: ,,გალერეა ექვსის პოეზიის საღამო რომ არ ყოფილიყო, არც მზარდი ბით თაობა იარსებებდა’’. ,,მაკარტიზმისა და საშინელი, მკაცრი, ცივი ომის დუმილის დროს ლექსმა ,,ყმუილმა’’ ბევრი ჩვენგანის სათქმელი თქვა’’ [Raskin, 2004: 7].
სწორედ ამ ღონისძიებაზე წაიკითხა ა. გინზბერგმა ლექსის ,,ყმუილი’’ პირველი დასრულებული ნაწილი. კითხვისას მან აღმოაჩინა, რომ ახალ იდენტობას იძენდა, როგორც საზოგადო პოეტი, რომელიც თავის ფიქრებსა და გრძნობებს უზიარებდა აღფრთოვანებულ მსმენელს. ,,ყმუილმა’’ ალენ გინზბერგი შექმნა. მაყურებლებიც ამ მოვლენის აქტიურ მონაწილედ იქცნენ [Raskin, 2004: 18]. ,,ყმუილი’’ მკითხველს უნდა აღექვა როგორც შეშლილი ადამიანის კივილი. პოეტისთვის ეს ლექსი იყო კულტურული იარაღი იმდროინდელ გაბატონებულ პოეზიასთან წინააღმდეგ ბრძოლაში.
1955 წელს, როდესაც უილიამ კარლოს უილიამსმა ლექსის ,,ყმუილი’’ ხელნაწერი მიიღო, აღნიშნა: ,,ა. გინზბერგის გადარჩენის, მოგზაურობისა და წერის გაგრძელების უნარი მაოცებს. არანაკლებ გასაოცარია ჩემთვის ის, რომ მან თავისი შემოქმედების განვითარება და სრულყოფა განაგრძო’’. მან პოეტი დანტეს შეადარა. უილიამსის აზრით, ,,ყმუილი’’ გვთავაზობს ჯოჯოხეთის რუკას, რომელშიც ა. გინზბერგი ცხოვრობდა და ეს იყო 1940-1950-იანი წლების ნიუ იორკი [Raskin, 2004: 108].
რატომ ასათაურებს პოეტი თავის ლექსს სიტყვით ,,ყმუილი’’? ყმუილი არის ხმამაღალი, ინსტინქტური, ველური, ცხოველის მიერ წარმოქმნილი ბგერების მსგავსი ხმა. ალენ გინზბერგი, როგორც ლექსის ავტორი და ლექსის მთხრობელი, არ ყვირის, კივის ან ღრიალებს, არამედ ყმუის და ეს ხმა დაუფარავად მოდის მისი შინაგანი სამყაროდან. ,,ყმუილი’’ არის ადამიანის შინაგანი მე-ს ამოძახილი იმ ყველაფრის წინააღმდეგ, რასაც საზოგადოებრივი შეზღუდვები ანადგურებს. ა. გინზბერგი ცდილობს, მკითხველს დაანახოს, რომ დიდი მოაზროვნეების განადგურების მიზეზი ომი, პოლიტიკა, თანამედროვე კულტურა და კაპიტალიზმია.
ლექსს სათაურთან ერთად ქვესათაურიც აქვს - For Carl Solomon (კარლ სოლომონისთვის) - რომლის საშუალებითაც ვიგებთ, რომ იგი პოეტის ახლო მეგობარს, კარლ სოლომონს, ეძღვნება, რომელიც მან ნიუ-იორკის სახელმწიფო ფსიქიატრიულ დაწესებულებაში მკურნალობისას გაიცნო. პოეტისთვის კარლ სოლომონი განასახიერებს იმ დიდი მოაზროვნე ადამიანების მთელ თაობას, რომელმაც 1940-1950-იანი წლების აშშ-ის სოციალურ-პოლიტიკურ ვითარებას, ფსიქოლოგიურ ზეწოლას ვერ გაუძლო და გაგიჟდა.
ლექსის პირველი სტრიქონი (,,I saw the best minds of my generation destroyed by madness, starving hysterical naked, dragging themselves through the negro streets at dawn looking for an angry fix’’1 [Ginsberg, 1956, 1959: 9]) ა. გინზბერგის პოეზიაში ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ტაეპად არის აღიარებული. რა თქმა უნდა, ,,საუკეთესო მოაზროვნეებში’’ არ იგულისხმებიან ცნობილი პიროვნებები. ისინი არიან საზოგადოების მიერ უარყოფილი ადამიანები, რომლებსაც არ სურდათ, მის მკაცრ წესებს დამორჩილებოდნენ. ლექსის ლირიკული გმირი ამბობს, რომ მან იხილა თავისი თაობის ,,საუკეთესო მოაზროვნეები’’ სიგიჟისგან განადგურებულნი. კარლ სოლომონი ერთ-ერთი მათგანია. სიტყვა minds მიანიშნებს ინტელექტზე, გონებრივ შესაძლებლობებზე. მკითხველი ინტერესდება, თუ რატომ არიან ეს ადამიანები ასეთი ჭკვიანები, რა გააკეთეს მათ ასეთი განსაკუთრებული და რატომ დაიღუპნენ სიგიჟით.
მომდევნო სტრიქონებში პოეტი აღწერს, თუ ვინ არიან და რა გააკეთეს ამ ადამიანებმა. ადვილი შესამჩნევია, რომ სტრიქონების უმრავლესობა იწყება სიტყვით Who (ვინც), რომელსაც მოსდევს საუბარი კონკრეტულ მოქმედებებზე. პოეტი დაწვრილებით აღწერს ,,საუკეთესო მოაზროვნეთა’’ ყოველდღიურ ყოფას, გაჭირვებულ მდგომარეობას, ნარკოტიკების მოხმარებას, ინტიმურ ცხოვრებას. ლექსის ლირიკული გმირი სასოწარკვეთილია, რადგან საზოგადოებამ გარიყა. იგივე განცდა აქვთ მისი თაობის იმ ადამიანებს, რომლებიც ცდილობენ, სასოწარკვეთილებას თავი დააღწიონ ხელოვნების, მუსიკის, ნარკოტიკებისა და სექსუალური კავშირის საშუალებით. ლექსის ამ ნაწილში ჯერ კიდევ არ ჩანს, თუ რამ გაანადგურა ისინი. მკითხველი მალევე აცნობიერებს, რომ ეს ,,საუკეთესო მოაზროვნეები’’ არ არიან იურისტები, მეცნიერები, ექიმები, არამედ ლექსის მიხედვით, ეს ადამიანები არიან ნარკომანები, მეძავები, მოგზაურები, პოეტები, მუსიკოსები, პოლიტიკური დისიდენტები.
ლექსის მეორე ნაწილში უკვე თვალსაჩინოა, რომ ამ ადამიანების განადგურება მოლოქის ბრალია. ძველი აღთქმის მიხედვით, მოლოქი იყო კერპთაყვანისმცემლების ღმერთი. ბავშვებს ცეცხლში ყრიდნენ და ამ ფორმით სწირავდნენ მას შესაწირს. შესაბამისად, ალენ გინზბერგიც ამ წარმართულ ღმერთს ომთან, გაბატონებულ კაპიტალიზმთან, კულტურასთან და ქვეყნის მმართველ ძალასთან აიგივებს. ლირიკული გმირი დანანებით ამბობს, რომ მოლოქის ზეცამდე აყვანაში ზურგებიც კი დაიმტვრიეს ადამიანებმა.
მესამე ნაწილში მთხრობელი უშუალოდ კარლ სოლომონს მიმართავს. როგორც უკვე აღვნიშნეთ, იგი ალენ გინზბერგის ახლო მეგობარი იყო, რომელიც ნიუ-იორკის სახელმწიფო ფსიქიატრიულ დაწესებულებაში მკურნალობისას გაიცნო. ავტორის მიერ გამოგონილ როკლენდში სწორედ ეს ფსიქიატრიული საავადმყოფო იგულისხმება. ალენ გინზბერგი ხშირად იმეორებს ფრაზას ,,მე შენთან ვარ როკლენდში’’ და, ამგვარად, თანაუგრძნობს მეგობარს.
საბოლოოდ, ლექსი მთხრობელის ოცნების წარმოსახვაში გაცოცხლებით მთავრდება, რომლის მიხედვითაც, სოლომონი ნიუ-იორკიდან მასთან მიდის კოტეჯში, ბერკლიში, კალიფორნიაში და ისინი ერთმანეთს ისევ ხვდებიან.
ლექსში რამდენიმე მნიშვნელოვანი თემა იკვეთება. ერთ-ერთი მათგანია სიგიჟე. ალენ გინზბერგმა ამერიკის, როგორც ,,საგიჟეთების ერის’’, პოეტური ხატი შექმნა და იგი ლექსის შუაგულში ჩააქსოვა. ანონიმური გმირი ე.წ. ,,ვინც’’, რომელიც მთელი პირველი თავის განმავლობაში გვხვდება და რომელიც ,,სიგიჟემ გაანადგურა’’, შეშლილი ადამიანია - ,,შეშლილი მაწანწალა და ანგელოზი’’. ამ ლექსში ამერიკა ,,შეიარაღებული საგიჟეთია’’. ეს არის ,,შეშლილთა ხილული ბედისწერის’’, ,,შეშლილთა ქალაქებისა’’ და ,,უძლეველი საგიჟეთების’’ ქვეყანა [Raskin, 2004: 92].
ცუდ ფსიქიკურ მდგომარეობას სიღარიბეში ცხოვრება მოსდევს. ეს ნიჭიერი ადამიანები, რომლებსაც საზოგადოება გიჟებად მიიჩნევს, გარიყულნი არიან ამერიკის საზოგადოებიდან, სასწავლებლებიდან, დომინანტური ხელოვნებიდან და ლიტერატურიდან. ისინი ან ფსიქიატრიულ საავადმყოფოებში ხვდებიან, ან დახეტიალობენ, ან მოუწყობელ, იაფასიან ბინებში ცხოვრობენ, სადაც არანაირი პირობები არ არის. ისინი ფულს ხარჯავენ ისეთ ნივთიერებებზე, რომლებიც მათ ყოველდღიურ ყოფას ავიწყებს. საინტერესოა ის, რომ ვისაც საზოგადოება შეშლილად მიიჩნევს, პოეტი თვლის ,,საუკეთესო მოაზროვნედ’’ და გენიოსად, რომელიც სათანადოდ არ დააფასეს.
ა. გინზბერგის წარსული ნათელს ხდის, თუ რატომაა სიგიჟე მისთვის ასეთი მნიშვნელოვანი. ცნობილია, რომ ალენის დედა ნაომი გინზბერგი მრავალი წლის განმავლობაში შიზოფრენიით იტანჯებოდა. მას ჰალუცინაციები, ბოდვები და თვითმკვლელობის არაერთი მცდელობა ჰქონდა. 1940-1950-იან წლებში, როდესაც ფსიქიატრები ფსიქიკურად დაავადებულ ადამიანებს თავისუფლების შეზღუდვისა და ზიანისმომტანი მკურნალობის გარდა ვერაფერს სთავაზობდნენ, ამ დროს დიდი პასუხისმგებლობა ოჯახის წევრებს ეკისრებოდათ. ამ რთული ამოცანის წინაშე დადგა პატარა ალენი, რომელიც თვითონ უვლიდა დედას. ეს ყველაფერი მის გონებაში ილექებოდა. ამას თან ერთვოდა მშობლებს შორის არსებული უთანხმოება, შემდგომში მათი განქორწინება და დედის მონატრება, რომელიც ხშირად იწვა ფსიქიატრიულ საავადმყოფოში და საბოლოოდ იქ გარდაიცვალა.
ალენ გინზბერგის ფსიქიკურ მდგომარეობაზე უარყოფითად აისახა ის ფაქტი, რომ 1947 წელს პილგრიმის სახელმწიფო საავადმყოფოში ნაომი გინზბერგისთვის ლობოტომიის ოპერაციის ჩატარებაზე სწორედ მას მოაწერინეს თანხმობაზე ხელი. პრეფრონტალური ლობოტომია ქირურგიული პროცედურაა, რომელსაც ფსიქიატრები შიზოფრენიისა და სხვა ფსიქიკური დაავადებების სამკურნალოდ იყენებდნენ [Weine, 2023: 22]. აღსანიშნავია, რომ 1955 წლამდე შეერთებულ შტატებში ლობოტომიის 30 000-მდე ოპერაცია ჩატარდა [Weine, 2023: 25]. საფიქრებელია, რომ პოეტისთვის დედის ლობოტომიის ოპერაციაზე თანხმობის მიცემა ძალიან რთული და საპასუხისმგებლო გადაწყვეტილება იქნებოდა. ცნობილია, რომ ამ მოვლენიდან 6 თვეში ალენსაც დაეწყო ხილვები. 1948 წელს მას სმენითი ჰალუცინაციები ჰქონდა და უილიამ ბლეიკის შემოქმედების კითხვის დროს თავად უ. ბლეიკის ხმა გაიგონა. ხილვების არსებობამ გინზბერგის ფსიქიკური ჯანმრთელობა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა. მისი ხილვები კიდევ ერთხელ გახდა განხილვის საგანი, როდესაც 1949 წელს იგი დააპატიმრეს ჰერბერტ ჰანკთან და ჰ. ჰანკის ორ ნარკომან მეგობართან ერთად, რადგან ალენმა უფლება მისცა მათ მიერ მოპარული ქონება თავის საცხოვრებელში შეენახათ. ალენის ადვოკატმა და პროფესორებმა ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ იგი ციხეში არ მოხვედრილიყო და დაამტკიცეს, რომ მისი წარსულიდან გამომდინარე, მას ფსიქიატრიული დახმარება ესაჭიროებოდა. შედეგად, მან 8 თვე ნიუ-იორკის სახელმწიფო ფსიქიატრიულ დაწესებულებაში იმკურნალა.
ალენ გინზბერგისთვის სიგიჟე არ შემოიფარგლება მხოლოდ ავადმყოფობით, დისფუნქციით, ფსიქიკური აშლილობით, როგორც ამას ფსიქიატრები ამბობენ. სიგიჟე ასევე შეიძლება იყოს ნორმიდან გადახრა, ექსტაზი, ხილვები, შთაგონების წყარო და შემოქმედებითობა [Weine, 2023: 238].
ა. გინზბერგმა ,,საკუთარი სიგიჟე’’ და დედის ცხოვრებისეული გამოცდილება გონივრულად გამოიყენა და იგი თავისი შემოქმედების ცენტრად აქცია. შემდგომში მან არაერთი ლექსი შექმნა თავისი ხილვების საფუძველზე. პოეტისთვის სიგიჟე ადამიანის ის შესაძლებლობაა, რომელიც სასარგებლო საქმის კეთების პოტენციალს მოიცავს.
აღსანიშნავია, რომ ალენ გინზბერგმა დედის ხსოვნას მიუძღვნა პოემა ,,კადიში ნაომი გინზბერგისთვის’’, რომელიც 1961 წელს გამოიცა. აქ პოეტი მოგვითხრობს ნაომის ფსიქიკურ ავადმყოფობასა და არაეფექტურ მკურნალობაზე, სიგიჟესა და სიკვდილზე. მასში ამხელს იმ სამყაროს, რომელიც სავსეა გამოუვალი მდგომარეობებით, რომელმაც ახალგაზრდა ქალი სიგიჟემდე მიიყვანა და შემდეგ ეს სიგიჟე მის ვაჟს გადასცა.
ლექსში ,,ყმუილი’’ საუბარია ალენ გინზბერგის ჰომოსექსუალიზმზე, ასევე, მისი მეგობრების განსხვავებულ სექსუალურ ორიენტაციაზე. როგორც მამაკაცებთან, ასევე ქალებთან სექსუალურ კავშირზე საუბრით, პოეტი თავის აზრს გამოხატავს და უარს აცხადებს რელიგიისა და საზოგადოების მიერ დაწესებული ნორმების მიღებაზე. ლექსში პოეტი ხაზს უსვამს სექსუალურ ექსპერიმენტს, რომლის საშუალებითაც ადამიანებმა ბევრი ახალი რამ აღმოაჩინეს. იმ პერიოდისთვის ის, რაც არ შეესაბამებოდა ჰეტერონორმატიულობას, საფრთხეს უქმნიდა ერის მორალურ მდგომარეობას. ლექსში პოეტმა წარმოაჩინა კავშირი სექსუალობასა და 1950-იანი წლების ცხოვრების ისეთ ასპექტებს შორის, როგორებიცაა კაპიტალიზმი, რელიგია და სიგიჟე. თუმცა, არ გამოყო საკუთარი სექსუალური ორიენტაცია. როგორც ჩანს, პოეტს იდენტობის კრიზისი ჰქონდა. იგი ლექსს იყენებდა საკუთარი გრძნობების გადმოსაცემად, რათა დაეძლია კრიზისი და შეგუებოდა საკუთარ იდენტობას. ლექსის საჯაროდ წაკითხვით ა. გინზბერგი საკუთარ სულს აშიშვლებდა [kaiissar, 2020: 1290].
პოეტმა და გამომცემელმა ლოურენს ფერლინგეტიმ ა. გინზბერგის ლექსი ,,ყმუილი’’ 1956 წელს დაბეჭდა და მალე ლექსი, პოეტი და ბით თაობა მთელმა ქვეყნამ გაიცნო. ალენ გინზბერგის მიერ სექსუალურ კავშირზე თამამად საუბრისა და ბევრი უხამსი სკაბრეზის გამოყენების გამო ლოურენს ფერლინგეტი სან-ფრანცისკოს პოლიციამ დააკავა. სასამართლო პროცესი დიდხანს გაგრძელდა. პოეტები, კრიტიკოსები, მასწავლებლები და მეცნიერები ლექსის სოციალური და ლიტერატურული ღირებულების დამტკიცებას ცდილობდნენ. ისინი ა. გინზბერგის მიერ ვულგარული ენის გამოყენებას ამართლებდნენ იმით, რომ მას ეს ესაჭიროებოდა იმ პოეტური ხატების შესაქმნელად, რომელთა წარმოჩენაც სურდა. საბოლოოდ, გამომცემლობა გაამართლეს და ლექსს უხამსობის ბრალდება მოეხსნა.
ლექსში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი არის განხილული, კერძოდ, საზოგადოებრივი წესები და წესრიგი. ,,საუკეთესო მოაზროვნეები’’ ეწინააღმდეგებოდნენ იმ წესებს, რომლებიც 1950-იანი წლების ამერიკაში საზოგადოებრივ წესრიგს განსაზღვრავდა. ალენ გინზბერგი თვლიდა, რომ ქვეყანაში ჯანდაცვის, სამართლისა და, გარკვეულწილად, განათლების სისტემები ერის ყველაზე გონიერი პიროვნებების შემოქმედებით უნარს ახშობდა. იგი ლექსის ყველა მეამბოხეს ,,თავისი თაობის საუკეთესო მოაზროვნეებს’’ უწოდებდა და მათში საკუთარ თავსაც გულისხმობდა. შესაბამისად, ,,ყმუილი’’ ხოტბას ასხამს ადამიანებს, რომლებიც პოლიტიკურ პროტესტებსა და რევოლუციებს აწყობენ, საჯარო ადგილებში სქესობრივ კავშირს ამყარებენ უცხოებთან, ხიდებიდან ხტებიან, ნარკოტიკებით ვაჭრობენ, რაც სრულიად ეწინააღმდეგება 1950-იანი წლების ამერიკის საზოგადოებრივ ნორმებს.
ლექსში ,,ყმუილი’’ საუბარია პიროვნულ თავისუფლებასა და სოციალური ნორმების ზეგავლენისგან გათავისუფლებაზე. ,,უმიზნოდ დავდივარ’’ წერდა ალენ გინზბერგი თავის ჟურნალში. ეს პოეტური ხატი წლების შემდეგ ,,ყმუილში’’ გამოჩნდა, ჰიპსტერებზე საუბრისას: “who wandered around and around” (ვინც დახეტიალობდა) [Raskin, 2004: 107]. ლექსის პირველ ნაწილში ჩანს, რომ მოგზაურობა თავისუფლების მოპოვების ერთ-ერთი საშუალებაა, რადგან პერსონაჟები ძალიან ბევრს მოგზაურობენ.
მაკარტიზმის ეპოქაში თავისუფლად მოაზროვნე ხელოვნებს, მწერლებს, მეცნიერებსა და მსახიობებს ჯაშუშობის უსაფუძვლო ბრალდებებს უყენებდნენ და, ამის გამო, მათ ეშინოდათ საკუთარი თავის გამოხატვის. მთხრობელი აკრიტიკებს უნივერსიტეტებს და აღნიშნავს, რომ ვინც საკუთარი თავის სრულ გამოხატვას შეეცადა, უმაღლესი სასწავლებლებიდანაც კი გარიცხეს. მათ შორის იყო ალენ გინზბერგიც. უმეტეს შემთხვევაში, განსხვავებულად მოაზროვნე ადამიანების საბოლოო განაჩენი ლობოტომიის ოპერაცია იყო.
ლექსის ბოლო ორ ნაწილში საუბარია პატიმრობაზე. მოლოქი არის ციხეების, მთავრობებისა და გარეუბნების ღმერთი. ლექსის მიხედვით, რეპრესირებული ადამიანები საბოლოოდ ხვდებიან ციხეში, ან ფსიქიატრიულ საავადმყოფოში, ან თვითმკვლელობას ცდილობენ. როკლენდში, რომელიც ფსიქიატრიულ საავადმყოფოს განასახიერებს, ადამიანები არა მარტო ფიზიკურად არიან გამოკეტილნი, არამედ გონებრივ პატიმრობასაც განიცდიან. ა. გინზბერგი საავადმყოფოს უწოდებს ,,შეიარაღებულ საგიჟეთს’’ და არა გამოსაჯანმრთელებელ დაწესებულებას, სადაც თერაპიისა და ადამიანური მიდგომის ნაცვლად, პაციენტებთან შოკს იყენებენ და არაჰუმანურად ეპყრობიან მათ.
ლექსი ,,ყმუილი’’ ქართულად თარგმნა შოთა იათაშვილმა. თარგმანი განთავსებულია Demo.ge-ზე. თუმცა, მისი გამოქვეყნების თარიღი უცნობია. პოეტი, პროზაიკოსი, მთარგმნელი და კრიტიკოსი შოთა იათაშვილი 1966 წელს დაიბადა. იგი 10 პოეტური და 4 პროზაული კრებულის ავტორია. მისი ნაწარმოებები ნათარგმნია ოცზე მეტ ენაზე. აღსანიშნავია, რომ შ. იათაშვილი სიტყვა-სიტყვით არ თარგმნის დედანს, ზოგიერთ შემთხვევაში დედნისეული ფრაზის საკუთარ ინტერპრეტაციას გვთავაზობს. თუმცა, ამავდროულად, ინარჩუნებს ორიგინალის ფორმასა და შინაარსს. განვიხილოთ რამდენიმე სიტყვა და ფრაზა, რომელთა შ. იათაშვილისეული თარგმანი განსაკუთრებით საინტერესოა.
,,dragging themselves through the negro streets at dawn looking for an angry fix’’ [Ginsberg, 1956, 1959: 9].
,,დილაბნელზე მოლასლასე ზანგთა კვარტლებში, წამლის დოზის საძებნელად გამოსული’’ [იათაშვილი].
ადამიანებს, რომლებსაც ლექსის ლირიკული გმირი ,,საუკეთესო მოაზროვნეებს’’ უწოდებს, გადაადგილება უჭირთ, ქუჩებში საკუთარ თავებს ,,მიათრევენ’’, თითქოს მათი სხეულები დამძიმებულია. როგორც ლექსიდან ირკვევა, ეს ,,საუკეთესო მოაზროვნეები’’ თავიანთი ბრაზისა და იმედგაცრუების დასაცხრობად ნარკოტიკებს დაეძებენ. არსებითი სახელი fix დიდი ინგლისურ-ქართული ონლაინ-ლექსიკონის განმარტებით არის სლენგი და აღნიშნავს ,,ნარკოტიკის დოზას’’ [დიდი ინგლისურ-ქართული...]. შოთა იათაშვილის თარგმანში იგი გვხვდება, როგორც წამლის დოზა, რაც სრულიად შეესაბამება აღნიშნული სლენგის ქართულ მნიშვნელობას, ხოლო ზედსართავი სახელი angry, რომელიც ამავე ლექსიკონის განმარტებით აღნიშნავს „გაზბრაზებულს, გაჯავრებულს, განრისხებულს’’ [დიდი ინგლისურ-ქართული...], დაკარგულია ქართულ თარგმანში და მოცემულია მხოლოდ წამლის დოზა. ჩვენი აზრით, აღნიშნული ზედსართავი სახელის უგულებელყოფით არ იგრძნობა, თუ რას განიცდის ნარკოდამოკიდებული ადამიანი, რომელიც ცდილობს, სასწრაფოდ მიიღოს ნარკოტიკი.
,,who were expelled from the academies for crazy & publishing obscene odes on the windows of the skull’’ [Ginsberg, 1956, 1959: 9].
,,ვინც გააძევეს უმაღლესი სასწავლებლიდან სიგიჟისთვის თუ ურცხვი ოდების თავის ქალის ფანჯრის რაფებზე მიბღაჯნისათვის’’ [იათაშვილი].
ისინი სასწავლებლებიდან გარიცხეს სიგიჟისა და თამამი სიტყვებით გაჯერებული პოეზიის შექმნისთვის. ლექსიდან ვიგებთ, რომ მათ ეს ,,ოდები’’ ,,თავის ქალის ფანჯრებზე’’ დაწერეს, რაც, რა თქმა უნდა, თვალებს გულისხმობს. აღნიშნული სტრიქონი მკითხველს ალენ გინზბერგის ცხოვრებაზე მიანიშნებს. როგორც ცნობილია, პოეტი საერთო საცხოვრებელში თავისი ოთახის ფანჯარაზე უხამსობების დაწერისთვის გარიცხეს კოლუმბიის უნივერსიტეტიდან. ზმნა publish Dictionary.ge-ზე მოცემული განმარტებით არის: 1. ,,გამოქვეყნება, გამოცემა’’ და 2. ,,დაბეჭდვა’’ [დიდი ინგლისურ-ქართული...]. შოთა იათაშვილმა იგი თარგმნა, როგორც მიჯღაბნა, რომელიც არ შეესაბამება სიტყვის ქართულ მნიშვნელობას, მაგრამ, ჩვენი აზრით, საკმაოდ შესაფერისი თარგმანია ლექსის კონტექსტიდან გამომდინარე. ფრაზის - on the windows of the skull - სიტყვა-სიტყვით თარგმნის შემთხვევაში, ქართულად მივიღებთ თავის ქალის ფანჯრებზე. ა. გინზბერგი ამბობს, რომ მათ ოდები თავის ქალის ფანჯრებზე მიაწერეს, მთარგმნელი კი თარგმანში ფანჯრის რაფას ამატებს, რომელიც დედანში ნახსენები არ არის.
,,Peyote solidities of halls, backyard green tree cemetery dawns, wine drunkenness over the rooftops, storefront boroughs of teahead joyride neon blinking traffic light, sun and moon and tree vibrations in the roaring winter dusks of Brooklyn, ashcan rantings and kind king light of mind’’ [Ginsberg, 1956, 1959:10].
,,პეიოტისგან მოგვრილი სიმყარე დარბაზების და ალიონი სასაფლაოს მარადმწვანე ხეთა ფონზე, ღვინით თრობა სახურავებზე უფრო მაღლა, გაბრუებულთა გარეუბნების ვიტრინები, ნეონური მოციმციმე სინათლეები, მზე, მთვარე და ხეების რხევა ზამთრის ბრუკლინის ხმაურიან ბინდბუნდებში, სანაგვე ურნის მაღალი სტილი და მსუბუქი აღქმადობა მეფური გონის’’[იათაშვილი].
ამ სტრიქონში პოეტი რამდენიმე შემთხვევაზე საუბრობს, როდესაც ,,საუკეთესო მოაზროვნეებმა’’ სხვადასხვა სახის ნარკოტიკი მოიხმარეს. Dictionary.ge-ს მიხედვით, backyard განიმარტება, როგორც „ადგილობრივი“ [დიდი ინგლისურ-ქართული...]. შესაბამისად, დედანში ავტორი ადგილობრივი მწვანე ხეების სასაფლაოზე საუბრობს. აღნიშნული სიტყვა ქართულ თარგმანში არ გვხვდება და საუბარია მხოლოდ სასაფლაოს მარადმწვანე ხეთა ფონზე.
ჩვენთვის საინტერესო აღმოჩნდა ფრაზა storefront boroughs of teahead joyride neon blinking traffic light, რომელშიც რამდენიმე სიტყვაა თავმოყრილი, ხოლო სასვენი ნიშნები არ გვხვდება, რაც ართულებს წინადადების საერთო შინაარსის გაგებას. Dictionary.ge-ს მიხედვით, borough არის „პატარა ქალაქი, დაბა“ [დიდი ინგლისურ-ქართული...], ხოლო მეორე მნიშვნელობით „ნიუ-იორკის ხუთი რაიონიდან ერთ-ერთი“ [დიდი ინგლისურ-ქართული...]. ჩვენი აზრით, პოეტი სწორედ ამ მნიშვნელობით იყენებს აღნიშნულ სიტყვას. Teahead (ამერ. საუბ. იშვ.) ,,მარიხუანის რეგულარულად მწეველია’’ [დიდი ინგლისურ-ქართული...]. Joyride – 1. (საუბ.) ,,გართობის მიზნით მგზავრობა’’; 2. (საუბ.) ,,დაუფიქრებელი/უგუნური საქციელი’’ (გართობის ან სიამოვნების მიზნით ჩადენილი); 3. (ამერ. სლ.) ,,ლოთობა, სმა, ქეიფი’’ და ,,ნარკოტიკების მიღებით გამოწვეული აგზნებული/ევფორიული მდგომარეობა’’ [დიდი ინგლისურ-ქართული...]. თუ თითოეული მნიშვნელობიდან გამომდინარე, წინადადებას პწკარედულად ვთარგმნით, მივიღებთ შემდეგს: მაღაზიის ვიტრინა, მარიხუანას რეგულარულად მწეველების რაიონები, ლოთობა, ნეონის მოციმციმე შუქნიშანი. შოთა იათაშვილის თარგმანი ამგვარად გამოიყურება: გაბრუებულთა გარეუბნების ვიტრინები, ნეონური მოციმციმე სინათლეები. მთარგმნელი სიტყვა borough-ს თარგმნის, როგორც გარეუბანს. სიტყვა joyride მის თარგმანში გვხვდება როგორც გაბრუებული, ანუ ნარკოტიკების მიღებით გამოწვეულ აგზნებულ/ევფორულ მდგომარეობაში მყოფი ადამიანი. რაც შეეხება სიტყვას teahead, ქართულ თარგმანში დაკარგულია. neon blinking traffic light ანუ ნეონის მოციმციმე შუქნიშანი თარგმანში წარმოდგენილია როგორც ნეონური მოციმციმე სინათლეები, შესაბამისად, დედნისგან განსხვავებით, არ ჩანს, ეს შუქნიშნის სინათლეა, თუ ლამპიონის.
,,who sank all night in submarine light of Bickford’s floated out and sat through the stale beer afternoon in desolate Fugazzi’s, listening to the crack of doom on the hydrogen jukebox’’ [Ginsberg, 1956, 1959:10].
,,ვინც ყვინთავდა მთელი ღამე ბიკფორდის წყალქვეშა ნათებაში, ხოლო მერე კი გამოყვინთა, ნაშუადღევს ფუგაზის ბარში ფსელივით ლუდს შემოუჯდა და ატომური მუსიკალური ავტომატიდან მეორედ მოსვლის ხმებს აყურადებდა’’ [იათაშვილი].
,,ბიკფორდი’’ ღამის სასადილოების ქსელი იყო ნიუ იორკში და ,,ფუგაცი’’ კი ლუდის დასალევი ბარი უნდა ყოფილიყო. ლექსიდან ვიგებთ, რომ საუკეთესო მოაზროვნეები დიდ დროს ატარებდნენ იაფასიან ბარებსა და რესტორნებში. Dictionary.ge-ს განმარტებით, ზედსართავი სახელი stale აღნიშნავს ,,ძველს, დაძველებულს’’ [დიდი ინგლისურ-ქართული...]. Stale beer უნდა გულისხმობდეს დაძველებულ ან გაზგასულ ლუდს. შ. იათაშვილის ქართულ თარგმანში იგი წარმოდგენილია, როგორც ფსელივით ლუდი. ზედსართავი სახელი desolate, რომელსაც პოეტი ,,ფუგაცის’’ დასახასიათებლად იყენებს, განიმარტება როგორც ,,უპატრონოდ მიტოვებული; გავერანებული’’ [დიდი ინგლისურ-ქართული...]. აღნიშნული ზედსართავი სახელი ქართულ თარგმანში არ გვხვდება. ჩვენი აზრით, სწორედ მისი საშუალებით ესმევა ხაზი, თუ როგორი ბარი იყო და ვინ იქნებოდა მისი ხშირი სტუმარი. არსებითი სახელი doom განიმარტება როგორც ,,ბედისწერა’’ და (რელიგ. მოძვ.) ,,განკითხვის დღე’’ [დიდი ინგლისურ-ქართული...]. ქართულ თარგმანში მის შესატყვისად შ. იათაშვილი იყენებს მეორედ მოსვლას. მართალია, ამ რელიგიური მოვლენის დროსაც ადამიანების განკითხვა მოხდება დედამიწაზე, მაგრამ განკითხვის დღე შეიძლება ნებისმიერისთვის დადგეს იესო ქრისტეს დედამიწაზე მეორედ დაბრუნებამდეც, როდესაც გარდაცვლილი ადამიანის სული თავისი ცოდვებითა და კარგი საქმეებით უფლის წინაშე წარსდგება განსასჯელად. აქედან გამომდინარე, ჩვენი აზრით, მეორედ მოსვლის ნაცვლად, ამ კონტექსტში უმჯობესი იქნება განკითხვის დღის გამოყენება.
ამ სტრიქონში კარგად ჩანს ალენ გინზბერგის ერთ-ერთი პოეტური ტექნიკა, რომელიც გულისხმობს ერთმანეთთან კაშირის არ მქონე სიტყვების გაერთიანებას. ამისი ნათელი მაგალითია hydrogen jukebox - წყალბადის ავტომატური ფირფიტასაკრავი. Jukebox (საუბ.) ,,ავტომატური ფირფიტასაკრავია’’ [დიდი ინგლისურ-ქართული...], რომელიც ძირითადად კაფეებსა და პაბებში გვხვდება, ხოლო hydrogen კი ,,წყალბადია’’ [დიდი ინგლისურ-ქართული...]. ქართულ თარგმანში აღნიშნული ფრაზა ამგვარად გამოიყურება: ატომური მუსიკალური ავტომატი. ქართველი მთარგმნელი წყალბადის ნაცვლად სიტყვა ატომურს იყენებს.
,,who studied Plotinus Poe St. John of the Cross telepathy and bop kaballa because the cosmos instinctively vibrated at their feet in Kansas’’ [Ginsberg, 1956, 1959:11].
,,ვინც სწავლობდა პლოტინს, სან ხუანს, პოს, ბოპ კაბალას, ტელეპათიას, რადგან კანზასში მათ ფეხთა ქვეშ ინსტინქტურად ზანზარებდა მთელი კოსმოსი’’ [იათაშვილი].
პოეტის თქმით, ,,საუკეთესო მოაზროვნეები’’ ჭკვიანი ადამიანები არიან. მათ შეისწავლეს ფილოსოფოსი პლოტინუსი, მე-19 საუკუნის ამერიკელი პოეტი და ნოველისტი ედგარ ალან პო. დაინტერესდნენ ერთ-ერთი დიდი ქრისტიანი მისტიკოსითა და ესპანელი პოეტით სან ხუანით. შეისწავლეს ტელეპათია და რელიგიური მისტიციზმის სხვადასხვა ფორმა. აღნიშნულ სტრიქონში ჩვენი ყურადღება მიიპყრო ანთროპონიმის გადმოტანის პრინციპმა. ჩვენი აზრით, St. John of the Cross ჯვრის წმინდა ჯონი, იგივე სან ხუან დე ლა კრუზია (ესპანურად). საინტერესოა, რომ შ. იათაშვილის თარგმანში დასახელებული პიროვნების სახელი წარმოდგენილია შემოკლებული ესპანური ფორმით - სან ხუანი. ამ ასპექტში თარგმანი დედნისაგან განსხვავდება. თუმცა, მკითხველი ადვილად მიხვდება, თუ რომელ პიროვნებაზეა საუბარი.
,,who plunged themselves under meat trucks looking for an egg’’ [Ginsberg, 1956, 1959:13].
,,ვინც ხორცით სავსე სატვირთოებს ბორბლების ქვეშ უვარდებოდა’’ [იათაშვილი].
აღნიშნული სტრიქონის ქართულ თარგმანში უგულებელყოფილია, რომ ეს ადამიანები ხორცით სავსე სატვირთო მანქანებს კვერცხის მოსაპოვებლად უვარდებოდნენ. შესაბამისად, არ ჩანს ამგვარი ქმედების მიზეზი.
,,who drove crosscountry seventytwo hours to find out if I had a vision or you had a vision or he had a vision to find out Eternity’’ [Ginsberg, 1956, 1959:14].
,,ვინც ამ ქვეყნის ერთი ბოლოდან მეორემდე სამ დღე-ღამეში აღწევდა, რათა გაეგო, ვინმეს, მე, შენ ან მას მარადისობის განსაჭვრეტად თუ ჰქონდა ხილვა’’ [იათაშვილი].
ისინი მანქანით დადიოდნენ ზუსტად სამი დღის განმავლობაში, ანუ 72 საათი, იმ იმედით, რომ ვინმეს მანქანაში ექნებოდა სულიერი ხილვა მარადისობისა. აღნიშნულ სტრიქონში მთარგმნელი ცვლის დედანში ნახსენებ სამოცდათორმეტ საათს სამი დღე-ღამით, რაც, რა თქმა უნდა, იმავე აზრის მატარებელია.
,,who in humorless protest overturned only one symbolic pingpong table, resting briefly in catatonia’’ [Ginsberg, 1956, 1959:15].
,,ვინც ანთებულმა პროტესტის ჟინით ერთადერთი სიმბოლური პინგ-პონგის მაგიდა ააყირავა და მცირეხნით ნერვულმა სპაზმამ მოჰგვარა შვება’’ [იათაშვილი].
ფსიქიატრიულ დაწესებულებაში პაციენტებმა მკურნალობის მეთოდების წინააღმდეგ პროტესტის ნიშნად, საავადმყოფოს პინგ-პონგის მაგიდა გადააყირავეს. შემდეგ დამშვიდდნენ და უცნაურ პოზაში გაშეშდნენ. ზოგადად, ეს მოვლენა ცნობილია როგორც კატატონია.
მოცემული სტრიქონის ქართულ თარგმანში საინტერესოდ მიგვაჩნია მთარგმნელის მიერ ქართული სიტყვათშეთანხმების - რაღაცის ჟინით ანთებულის - გამოყენება. ნაცვლად ფრაზისა - ვინც იუმორს მოკლებული პროტესტით, მთარგმნელი წერს - ვინც ანთებულმა პროტესტის ჟინით. ჩვენი აზრით, შ. იათაშვილის მთარგმნელობითი საქმიანობის ერთ-ერთი ღირსებაა ის, რომ იგი სიტყვა-სიტყვით არ თარგმნის დედანს და თარგმანში საკუთარი შტრიხები შეაქვს, რაც დედნის აზრს არ ცვლის, მაგრამ კითხვის პროცესს ამარტივებს. ქართველი მთარგმნელი სიტყვა კატატონიას არ იყენებს. მისი პირდაპირ გადმოტანის ნაცვლად, წერს: ნერვულმა სპაზმამ მოჰგვარა შვება.
,,Moloch the incomprehensible prison! Moloch the crossbone soulless jailhouse and Congress of sorrows! Moloch whose buildings are judgment! Moloch the vast stone of war! Moloch the stunned governments!’’ [Ginsberg, 1956, 1959:17].
,,მოლოქი, ამოუცნობი საპატიმრო! მოლოქი, გადაჯვარედინებული ძვლების უსულგულო ჯურღმული და მწუხარების კონგრესი! მოლოქი, რომლის შენობები განაჩენია! მოლოქი, ომის უშველებელი დოლაბი! მოლოქი, შეძრწუნებული მთავრობები! [იათაშვილი].
მთხრობელი კონკრეტულ ბრალდებებს უყენებს მოლოქს. აღნიშნულ სტრიქონში საინტერესოა ფრაზა Moloch the vast stone of war!, რომელიც ითარგმნება, როგორც მოლოქი ომის უზარმაზარი ქვა! საინტერესოა, რომ შოთა იათაშვილი მას თარგმნის, როგორც მოლოქი, ომის უშველებელი დოლაბი. საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ვებგვერდზე მოცემული ჯავახური ლექსიკონის განმარტებით, დოლაბი არის წისქვილის ზედა ქვა, დიდი, ბრტყელი მრგვალი ქვა, შუაში გახვრეტილი [საქართველოს...]. ქართველი მთარგმნელის მიერ ქვის ნაცვლად დოლაბის გამოყენება შეიძლება იმით აიხსნას, რომ მისთვის მოლოქი დოლაბის ასოციაციას ქმნის. თუმცა, ჩვენი აზრით, სიტყვა დოლაბის გამოყენება ქართულ კოლორიტს ქმნის, რომელიც ამერიკულისგან განსხვავდება.
,,I’m with you in Rockland where you pun on the bodies of your nurses the harpies of the Bronx’’ [Ginsberg, 1956, 1959:19].
,,მე ვარ შენთან ერთად როკლენდში იქ სადაც ერთობი შენი მომვლელების - ბრონქსელი ჰარპიების სხეულებზე’’ [იათაშვილი].
ლექსის ლირიკული გმირი სოლომონის ექთნებს ჰარპიებს უწოდებს. ბერძნულ მითოლოგიაში ჰარპია იყო ფრთოსანი ქალ-ურჩხული. ზმნა pun Dictionary.ge-ს განმარტებით არის ,,კალამბურის შეთხზვა’’ [დიდი ინგლისურ-ქართული...]. დედანში პოეტი ამბობს, რომ კარლ სოლომონი თავისი ექთნების სხეულზე კალამბურს თხზავს, რაც შესაძლოა, გულისხმობდეს ინტიმურ კავშირს. ქართველი მთარგმნელი კალამბურის შეთხზვას არ ახსენებს. თუმცა, თარგმანში წარმოდგენილი აქვს ის, რაც ფრაზაში იგულისხმება - სადაც შენ ერთობი შენი მომვლელების ... სხეულებზე.
დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ ლექსი ,,ყმუილი’’ პოეტის შინაგანი მე-ს ამოძახილია იმ ყველაფრის წინააღმდეგ, რაც ბით თაობისთვის მიუღებელი იყო. ა. გინზბერგმა პოეზიის საშუალებით თავისი თანამოაზრეების ნაცვლად ილაპარაკა. სააშკარაოზე გამოიტანა, თუ რას განიცდიდნენ დომინანტური საზოგადოების მიერ გარიყული ადამიანები. მან მკითხველს დაანახა, რომ საზოგადოება მხოლოდ იდეალური წევრებისგან არ შედგება, არამედ მასში არიან ნარკომანები, ლოთები, მეძავები, ღარიბები, განსხვავებული ორიენტაციის მქონე ადამიანები და ეს სრულიად ნორმალურია. ლექსი არაერთ მინიშნებას შეიცავს პოეტისა და მისი მეგობრების ცხოვრებისეულ მომენტებზე. შესაბამისად, იგი მრავალფეროვანია თემატიკის თვალსაზრისით. მასში წარმოდგენილია სიგიჟე, განსხვავებული სექსუალური ორიენტაცია, სკაბრეზი, საზოგადოებრივი წესები და პიროვნული თავისუფლება.
სტატიის მეორე ნაწილში განვიხილეთ რამდენიმე მაგალითი ლექსის ,,ყმუილი’’ შ. იათაშვილის თარგმანიდან. გამოვყავით ის ფრაზები და სიტყვები, რომელთა თარგმნა განსაკუთრებულ ძალისხმევას მოითხოვდა. ვიმსჯელეთ, თუ როგორ გაართვა ამ ამოცანას თავი ქართველმა მთარგმნელმა. ზოგიერთ შემთხვევაში, შ. იათაშვილმა არ წარმოგვიდგინა ინგლისური ლექსიკური ერთეულის ზუსტი ქართული მნიშვნელობა, არამედ კონტექსტიდან გამომდინარე თარგმნა. დასახული მიზნის მისაღწევად, ზოგჯერ სიტყვის დამატების ან გამოტოვების ხერხსაც მიმართა. რამდენიმე ადგილას მთარგმნელმა ფრაზას მხოლოდ ქართულ ენაში დამკვიდრებული ეკვივალენტი მიუსადაგა.
დაბოლოს, განხილული თარგმანის საფუძველზე, შეიძლება ითქვას, რომ შოთა იათაშვილი შეეცადა თავის თარგმანში მაქსიმალურად გადმოეცა ორიგინალის აზრი, ფორმა, შინაარსი, პოეტის გრძნობები და სათქმელი. მისი ქართული თარგმანის უმთავრეს ღირსებად შეიძლება ჩაითვალოს მთარგმნელის მცდელობა, გადმოიღოს სკაბრეზული ლექსიკა იმგვარად, რომ იგი ქართველი მკითხველისთვის ბუნებრივად ჟღერდეს და, ამასთანავე, ინარჩუნებდეს ავტორის სტილსაც.
[1]ჩვენი თარგმანი: ვნახე ჩემი თაობის საუკეთესო მოაზროვნეები სიგიჟისგან განადგურებულნი, დამშეულნი, ისტერიულნი, შიშველნი, გარიჟრაჟზე საკუთარ თავებს რომ მიათრევენ ზანგების ქუჩებში და ეძებენ ნარკოტიკის დოზას ბრაზის დასაცხრომად.
ლიტერატურა
დიდი ინგლისურ-ქართული... |
დიდი ინგლისურ-ქართული ონლაინ ლექსიკონი https://dictionary.ge/ |
DEMO.GE |
DEMO.GE https://demo.ge/index.php?do=full&id=710 |
პირველი... |
პირველი არხი https://1tv.ge/elit_author/shota-iatashvili-2/ |
საქართველოს... |
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა http://www.nplg.gov.ge/gwdict/index.php?a=term&d=28&t=8545 |
Ginsberg A. |
Howl. https://poemanalysis.com/allen-ginsberg/howl/ |
Ginsberg A. |
Howl. https://www.coursehero.com/lit/Howl/themes/ |
Howl… |
Howl Summary https://www.shmoop.com/study-guides/poetry/howl/summary |
Kaiissar J. 2020 |
Sexuality and its relation to capitalism, religion, and madness in Allen Ginsberg’s ,,Howl’’. International Journal of Literature and Social Sciences. 5(4). Bangladesh. |
Raskin J. 2004 |
American scream Allen Ginsberg’s Howl and the making of the Beat Generation. University of California Press. |
Sederberg J. |
The Howl obscenity trial. Historical essay. https://www.foundsf.org/index.php?title=The_Howl_Obscenity_Trial |
Weine S. M. 2023 |
Best minds, how Allen Ginsberg made revolutionary poetry from madness. Fordham University Press. |