რელიგიური ტოლერანტობის გაღვივება ისტორიის სწავლებისას თანამედროვე შეერთებულ შტატებსა და საქართველოში
სტატიაში განხილულია ისტორიის სწავლების როლი რელიგიური ტოლერანტობის გაღვივებაში თანამედროვე შეერთებულ შტატებსა და საქართველოში. ეს საკითხი აქტუალურია, ვინაიდან ისტორიულად ორივე ქვეყანა ტოლერანტულია, თუმცა დღესდღეობით დისკრიმინაციის შემთხვევებს მრავლად ვხვდებით. სტატია მიზნად ისახავს როგორც დისკრიმინაციის მიზეზების განხილვას, ასევე იმას, თუ რა როლს ასრულებს განათლება რელიგიური ტოლერანტობის გაღვივებაში. კვლევა ეყრდნობა, როგორც საქართველოს განათლების სამინისტროს, ასევე სხვადასხვა შტატის მიერ მიღებული სოციალური მეცნიერებების სასწავლო პროგრამებს, ისტორიის სახელმძღვანელოებს. ასევე, სტატიაში გამოყენებულია სტატისტიკური მონაცემები დისკრიმინაციის შემთხვევების შესახებ შეერთებულ შტატებსა და საქართველოში.
შეერთებულ შტატებში რელიგიური მრავალფეროვნებაა, მისთვის დამახასიათებელია რელიგიური პლურალიზმი და მას რელიგიის თავისუფლების ტრადიცია აქვს. ისტორიულად იგი რელიგიური ტოლერანტობის ადგილად ითვლება, თუმცა, ყოველთვის ტოლერანტული არ იყო განსხვავებული მრწამსის მქონე ადამიანების მიმართ. სხვადასხვა რელიგიური ჯგუფი, რომელიც ამერიკის მიწაზე მოვიდა, რელიგიურ თავისუფლებას ეძებდა და არა ტოლერანტობას. ამერიკელი მწერალი და მეცნიერი ლუის ბ. რაითი აღნიშნავდა, რომ ახალ მიწაზე მოსულ რელიგიურ ჯგუფებს სურდათ, რომ თავისუფლები ყოფილიყვნენ სხვა რელიგიური ჯგუფების ან არამეგობრულად განწყობილი ხელისუფლების ჩარევისგან [Nardo, 2010:10]. მართალია, მილიონობით ადამიანმა იპოვა „სადნობი ღუმელი“, სადაც არსებობდა რწმენის თავისუფლება, თუმცა, პრობლემაა ის, რომ რელიგიის ისტორია ამერიკაში ზოგჯერ შემაძრწუნებელი და სისხლიანი იყო, ზოგი ისტორია კი სასკოლო წიგნებში გადმოცემული არ იყო [Davis, 2010], თუმცა, ამისდა მიუხედავად, ისტორიის სწავლება მნიშვნელოვან როლს თამაშობს ტოლერანტობის დამკვიდრებაში.
მაგალითად, უცნობია ჰუგენოტების ისტორია, რომლებიც 1564 წელს (დააარსეს ფორტ კეროლაინის კოლონია) ჩავიდნენ ახალ მიწაზე რელიგიური თავისუფლების საძიებლად (ესპანელებმა დახოცეს). ესპანელმა სარდალმა, პედრო მენენდეს დე ავილესმა, ესპანეთის მეფეს, ფილიპე II-ს (1527-1598 წწ.), მისწერა, რომ მათ ჩამოახრჩვეს ყველა, ვინც იპოვეს ჰუგენოტთა კოლონიაში, რადგან ისინი ამაზრზენ ლუთერანულ დოქტრინას ავრცელებდნენ. ამგვარად, ევროპელი ქრისტიანების პირველი შეხვედრა ამერიკის მიწაზე საკმაოდ სასტიკი იყო [Davis, 2010].
ნიუ ინგლანდის კოლონიებიდან ყველაზე არატოლერანტულად შესაძლოა მასაჩუსეტსის ყურის კოლონია მივიჩნიოთ. პურიტანები, რომლებიც ამ კოლონიაში ცხოვრობდნენ, არ იყვნენ ტოლერანტულები სხვა რელიგიური ხედვის მიმართ. მაგალითად, მასაჩუსეტსში მიიღეს კანონი (1658 წ.), რომლის თანახმად, კოლონიიდან განდევნილი კვაკერები თუ დაბრუნდებოდნენ, სიკვდილით უნდა დაესაჯათ. ამის შემდეგ, ბოსტონში (1659-1661 წწ.) ოთხი კვაკერი ჩამოახრჩვეს [Nardo, 2010:9]. ხოლო, ცნობილი დისიდენტები, როჯერ უილიამსი და ენ ჰაჩინსონი, თეოლოგიასთან დაკავშირებული უთანხმოების გამო, მასაჩუსეტსიდან განდევნეს, რომლებმაც როდ-აილენდის კოლონია დაარსეს. მათ ფართოდ გაუღეს კარი იმ პლურალიზმს, რომელსაც ტოლერანტობას უწოდებდნენ [Espinosa, 2009:3]. ეს იყო პირველი კოლონია, სადაც რელიგიური თავისუფლება ყველას ენიჭებოდა [History, 2018]. რელიგიური ტოლერანტობა ცენტრალური კოლონიებისთვის უფრო მეტად იყო დამახასიათებელი. მაგალითად, პენსილვანიის კოლონიის დამაარსებელი უილიამ პენი, ცდილობდა ხალხის თავისუფლების გაფართოებას (1680-იანი წლები), რაც გულისხმობდა რელიგიის თავისუფლებასაც [Bridges, 2008:45]. ხოლო, მერილენდის კოლონიაში (სამხრეთის კოლონია), სადაც კათოლიკეები ცხოვრობდნენ, 1640 წლის შემდეგ პურიტანთა რაოდენობა სწრაფად გაიზარდა [Sweet, 1953:33]. ტოლერანტული დამოკიდებულების გაძლიერების მიზნით, „შემწყნარებლობის კანონი“ (1649 წ.) მიიღეს. იგი მსახურების უფლებას აძლევდა პროტესტანტებსა და კათოლიკეებს. მართალია, მოგვიანებით კანონი გაუქმდა, მაგრამ ეს იყო რელიგიური თავისუფლებისკენ მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი [History, 2009].
აქედან გამომდინარე, კოლონიურ ამერიკაში ვხვდებით როგორც ტოლერანტულ, ასევე, სასტიკ დამოკიდებულებას სხვადასხვა რელიგიურ ჯგუფს შორის. საიდან გაჩნდა სიძულვილი ახალმოსახლეთა შორის ამერიკაში? იმისათვის, რომ ამ შეკითხვას პასუხი გავცეთ, უნდა გავეცნოთ რელიგიური ჯგუფების ერთმანეთისადმი დამოკიდებულებას 1500-1600-იანი წლების ევროპაში [Nardo, 2010:10]. მას შემდეგ, რაც მარტინ ლუთერმა რეფორმაციული მოძრაობა დაიწყო, ევროპა დაიყო კათოლიკეებად და პროტესტანტებად. პროტესტანტების მიმართ სასტიკი მოპყრობის არაერთი მაგალითია საფრანგეთში, რელიგიურმა დაპირისპირებამ კულმინაციას „ბართლომეს ღამეს“ (1572 წ.) მიაღწია, როდესაც კათოლიკეებმა ჰუგენოტები დახოცეს [Nardo, 2010:10-12].
მართალია, კოლონიურ ამერიკაში ვხვდებით არატოლერანტობის შემთხვევებს, თუმცა „დიდმა გამოღვიძებამ“ (1720-1750 წწ.) რელიგიური იდეები და ღვთისმსახურება შეცვალა. რელიგიურმა შეკრებებმა ყველა ადამიანი გააერთიანა - ინტელექტუალი ლიდერები, ღარიბი მოსახლეობა, თავისუფალი, დამონებული აფრიკელები და ა.შ. ასეთი თანაბარი ჩართულობა იმ დროისთვის იშვიათი იყო [Hill...2003:252]. ცენტრალური კოლონიები, სადაც „დიდი გამოღვიძება“ დაიწყო, გამოირჩეოდა რელიგიური მრავალფეროვნებით, ხოლო „დიდმა გამოღვიძებამ“ მრავალფეროვნება კიდევ უფრო მეტად შეჰმატა. ამ მოძრაობამ პურიტანიზმს დომინანტური მდგომარეობა დააკარგვინა და ხელი შეუწყო მეთოდიზმისა და ბაპტიზმის გაჩენას. მან ნიადაგი მოამზადა რევოლუციის დასაწყებად, რასაც ახალი სახელმწიფოს შექმნა და საფუძვლიანი ცვლილებები მოჰყვა [ზაქარიაძე, 2018:43].
რელიგიური თავისუფლებისა და ტოლერანტობის უნიკალური ერთიანობა შეერთებული შტატების მამა-დამაარსებლებლებმა ფუნდამენტურ დოკუმენტებში ასახეს. ვირჯინიის გუბერნატორმა, თომას ჯეფერსონმა, შეიმუშავა კანონპროექტი (1779 წ.), რომელიც უზრუნველყოფდა ყველა მოქალაქის თანასწორობას განურჩევლად მრწამსისა, ასევე, იმ ხალხის თანასწორობასაც, რომლებიც არც ერთი რელიგიის მიმდევარი არ იყვნენ [Bridges, 2008:152]. მედისონს სურდა, რომ ჯეფერსონის იდეა ქვეყნის კანონი გამხადარიყო, ამიტომ, შეერთებული შტატების კონსტიტუციის მე-6 მუხლში წერია, რომ თანამდებობის დაკავებისთვის რომელიმე რელიგიისადმი ერთგულება არ უნდა განიხილებოდეს როგორც წინაპირობა [Davis, 2010]. გარდა ამისა, ვირჯინიაში მიღებული კანონის შთაგონებით მიიღეს შეერთებული შტატების კონსტიტუციის პირველი შესწორება, რომელიც კრძალავს რომელიმე რელიგიის დაკანონებას და მოქალაქეებს თავისუფალი აღმსარებლობის უფლებას აძლევს [Harris, 2009].
„დიდი გამოღვიძება“ და სხვა რელიგიური ტოლერანტობის ან არატოლერანტობის შემთხვევები აღწერილია მასაჩუსეტსის, ნიუ-იორკის, კალიფორნიისა და ჰავაის შტატების სოციალური კვლევების სასწავლო გეგმაში.
მასაჩუსესტსის ისტორიისა და სოციალური მეცნიერებების სასწავლო გეგმაში ტოლერანტობა განმარტებულია, როგორც ამერიკული დემოკრატიის ერთ-ერთი პრინციპი. მოსწავლეებმა პირველად წყაროებზე დაყრდნობით უნდა ჩაატარონ კვლევა, ტექსტის ანალიზი და პრეზენტაცია იმის შესახებ, თუ როგორ არის გამოხატული დემოკრატიის პრინციპები იმ დოკუმენტებში, რომელთა საფუძველზე შეერთებული შტატები შეიქმნა [Massachusetts..., 2018:164].
კალიფორნიის სოციალური მეცნიერებების ძველი სასწავლო გეგმის მიხედვით, მე-5 კლასში ისწავლებოდა პირველი დიდი გამოღვიძების მნიშვნელობა, რომელმაც რელიგიური ტოლერანტობა წარმოშვა [California..., 2000:18]. ეს საკითხი გადმოცემულია სახელმძღვანელოში „შეხედულებები, რომლებმაც ახალი ერი შექმნა“. მოცემული დავალებების შესრულებით მოსწავლეებმა უნდა გამოიმუშაონ კრიტიკული აზროვნების უნარი, რაც გულისხმობს მოსწავლის მიერ ფაქტებისა და მოსაზრებების, ფაქტებისა და მოგონილი ამბების ერთმანეთისგან გარჩევას, პირველადი და მეორეული წყაროების ერთმანეთთან შედარებას, ამა თუ იმ მოვლენის გამომწვევი მიზეზების, შედეგების ამოცნობას და ა.შ. გარდა ამისა, მოსწავლემ უნდა გამოიმუშაოს ისეთი უნარი, როგორიცაა ჩართულობა. მას უნდა შეეძლოს პრობლემის მოგვარება და იმოქმედოს, როგორც პასუხისმგებლიანმა მოქალაქემ [Hill...2003:19]. ერთ-ერთი გაკვეთილის, რომლის თემაა „ცხოვრება ცენტრალურ კოლონიებში“, დასაწყისში დასმულია საკვანძო შეკითხვა - როგორ მიიზიდა რელიგიურმა ტოლერანტობამ სხვადასხვა კულტურის ხალხი ცენტრალურ კოლონიებში? მოსწავლეებმა უნდა გაანალიზონ, თუ რა მნიშვნელობა ჰქონდა რელიგიასა და „დიდ გამოღვიძებას“ [Hill...2003:251-252]. გაკვეთილის ბოლოს მოცემულია შემდეგი სახის დავალება - კრიტიკული აზროვნება - მოსწავლემ უნდა უპასუხოს შემდეგ შეკითხვას: რატომ ფიქრობ, რომ „დიდ გამოღვიძებას“ კოლონიებში რელიგიურ ცხოვრებაზე ძლიერი გავლენა ჰქონდა? [Hill...2003: 255]. განახლებულ პროგრამაში „დიდი გამოღვიძება“ აღარ არის მოხსენიებული, თუმცა სასწავლო გეგმა რელიგიური ტოლერანტობის დამკვიდრებას მიზნად ისახავს, მოსწავლეები შეისწავლიან რელიგიური ტოლერანტობისა და რელიგიური თავისუფლების პრობლემებს კოლონიურ ამერიკაში. მაგალითად, მათ უნდა შეაფასონ რელიგიური თავისუფლების დონე პურიტანულ მასაჩუსეტსში [Croddy...2016:25].
2016 წლამდე კალიფორნიის განათლების დეპარტამენტის მიერ შემუშავებული სოციალური მეცნიერებების სასწავლო გეგმის მიხედვით მე-11 კლასში ისწავლებოდა რელიგიური არატოლერანტობის შემთხვევები, მაგალითად, მორმონების დევნა, ანტიკათოლიკური განწყობა და ანტისემიტიზმი [California..., 2000:48]. განახლებულ სასწავლო გეგმაში მხოლოდ ანტისემიტიზმი გვხვდება.
რაც შეეხება ჰავაის შტატს, სოციალური კვლევების სასწავლო გეგმის მიხედვით, მე-5 კლასში ისწავლება რელიგიური ტოლერანტობა და არატოლერანტობა, მოსწავლეებმა უნდა განმარტონ, თუ რა როლი ითამაშა რელიგიამ ადრეულ კოლონიურ საზოგადოებაში [Hawaii..., 2018:9].
ნიუ-იორკის სოციალური კვლევების სასწავლო სახელმძღვანელოს მიხედვით, მოსწავლეებმა უნდა გაანალიზონ „მეიფლაუერის ბილი“ და „მერილენდის შემწყნარებლობის კანონი“ [New York..., 2017:34]. ეს საკითხები მოცემულია სახელმძღვანელოში „ამერიკული ხედვა“ (მე-12 კლასი). აღსანიშნავია, რომ სახელმძღვანელოში მრავლად არის მოცემული სხვადასხვა სახის დავალება. გაკვეთილი, რომელიც ეხება პილიგრიმების ჩამოსვლას ახალ მიწაზე, მოსწავლეები უნდა გაეცნონ პირველად წყაროს - „მეიფლაუერის ბილს“ და უპასუხონ მთავარ შეკითხვას - ახსენით, რა მიზანს ისახავს „მეიფლაუერის ბილი“? ამ დავალებას ეწოდება გაანალიზება. გაკვეთილს თან ახლავს აქტივობა - ერთობლივი სწავლა - მასწავლებელი და მოსწავლეები ერთად განიხილავენ „მერილენდის შემწყნარებლობის კანონის“ მნიშვნელობას. იმ დროისათვის არც კოლონიებში და არც ინგლისში არ არსებობდა ასეთი კანონი. როდესაც მერილენდში პროტესტანტების რაოდენობის ზრდა დაიწყო, კოლონიის ლიდერებს სურდათ, დარწმუნებულნი ყოფილიყვნენ, რომ კათოლიკეები რელიგიურ ტოლერანტობას გამოიჩენდნენ ამ კანონის მიღებით. „მერილენდის შემწყნარებლობის კანონმა“ ხელი შეუწყო რელიგიური თავისუფლების პრეცედენტის შექმნას ამერიკაში. ამის პარალელურად როდ-აილენდში არსებობდა წესდება, რომელიც რელიგიური თავისუფლების გარანტიას იძლეოდა [McGraw-Hill...2010:28].
2017 და 2019 წლებში „პიუს კვლევითი ცენტრის“ მიერ გამოქვეყნებულმა კვლევამ აჩვენა, რომ შეერთებულ შტატებში ყველაზე მეტი დისკრიმინაციის შემთხვევა მუსლიმების მიმართ ის არის, რაც 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტმა განაპირობა [Masci, 2019]. ტერაქტიდან ოცი წლის შემდეგაც კი ამერიკელი მუსლიმების მიმართ აგრესიული დამოკიდებულების შემთხვევები მზარდია - სხვადასხვა შტატში მრავლად არის მუსლიმთა დაშინების, ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის შემთხვევები. მუსლიმებს მოიხსნიებენ ეპითეტით - „ტერორისტი“ [Southern..., 2011].
ტერაქტის შემდეგ პრეზიდენტმა ჯორჯ უ. ბუშმა მუსლიმების მიმართ სიძულვილი დაგმო და განაცხადა, „ტერორიზმის სახე ისლამის რეალური რწმენა არ არის. ისლამი მშვიდობაა“ [Bush, 2002]. ხოლო პრეზიდენტი ბარაკ ჰ. ობამა არ იყენებდა სიტყვებს „ისლამური ტერორიზმი“ და ფიქრობდა, რომ ისინი არა რელიგიური ლიდერები, არამედ ტერორისტები იყვნენ [Dilanian, 2016]. პრეზიდენტობის დროს, რელიგიური ტოლერანტობის წახალისების მიზნით, იგი ბალტიმორში მეჩეთს ესტუმრა. მისი ქმედება დონალდ ტრამპმა გააკრიტიკა. „მას შეუძლია ბევრ ადგილს ესტუმროს და მან მეჩეთი აირჩია“ (2016 წლის 3 თებერვალი). საპრეზიდენტო კამპანიის დროს ტრამპმა არაერთი განცხადება გააკეთა მუსლიმების შესახებ, რაც ცხადყოფს, რომ იგი ტერორიზმსა და ისლამს ერთმანეთთან აიგივებდა. მაგალითად, ტრამპმა ფლორიდაში ყოფნის დროს (2016 წლის 19 სექტემბერი) ხალხს მიმართა: „ისლამური ტერორისტული თავდასხმა მოხდა მინესოტაში, ქალაქ ნიუ იორკსა და ნიუ ჯერსიში, რაც უკიდურესად ღია საიმიგრაციო სისტემით არის გამოწვეული“ [Johnson..., 2017]. 2018 წელს ტრამპმა რამადანის დროს ელჩებსა და დიპლომატებს სადილზე უმასპინძლა, რაც გააპროტესტეს მუსლიმთა სამოქალაქო უფლებების დამცველმა ჯგუფებმა, რომლებიც ამბობდნენ, რომ ტრამპის ცხარე რიტორიკამ მუსლიმი ამერიკელების მიმართ დისკრიმინაციისა და ძალადობის შემთხვევები გაზარდა [NBC News, 2018]. რაც შეეხება პრეზიდენტ ბაიდენს, 2022 წლის 2 მაისს მან განაცხადა, „ჩვენ ვხედავთ, რომ მთელ მსოფლიოში მრავალი მუსლიმი ძალადობის სამიზნე არის. დისკრიმიანცია და რწმენის გამო ხალხის ჩაგვრა დაუშვებელია“ [The White House, 2022]. ტრამპისაგან განსხვავებით, ვფიქრობ, ბუშის, ობამასა და ბაიდენის განცხადებები და ქმედებები ადასტურებს იმას, რომ დადებით როლს თამაშობდნენ მუსლიმთა მიმართ ტოლერანტული დამოკიდებულების ჩამოყალიბებაში. ისინი ამერიკელ ხალხს ეუბნებიან, რომ ისლამი ტერორიზმი არ არის.
კალიფორნია, ოკლაჰომა, მასაჩუსეტსი, პენსილვანია, ნიუ-იორკი, ეს ის შტატებია, რომელთა სოციალური მეცნიერებების სასწავლო გეგმა ისლამის სწავლებას ითვალისწინებს. მაგალითად, როგორც ზემოთ აღვნიშნე, კალიფონიაში მე-7 კლასში ისწავლება მსოფლიო ისტორია და გეოგრაფია. მოსწავლეები შეისწავლიან ისლამის წარმოშობას, მუჰამედის ცხოვრებასა და მის სწავლებებს. მოსწავლეები პირველად წყაროს - „ყურანს“ ეცნობიან. ასევე, „ჰადისს“, რომელშიც გადმოცემულია მუჰამედის გამონათქვამები. მსოფლიო ისტორიის სახელმძღვანელოში აღწერილია, მუჰამედის გარდაცვალების შემდეგ, არაბთა ადრეული დაპყრობები. არაბები დაპყრობილი ხალხების მიმართ ტოლერანტობას იჩენდნენ, რამაც ისლამის გავრცელება გამოიწვია. იგი სხვადასხვა კულტურის რელიგიად იქცა. აღნიშნული თავის ბოლოს მოცემულია დავალება - შეფასება, მოსწავლემ უნდა უპასუხოს შემდეგ შეკითხვას - მუსლიმთა ტოლერანტობამ ხელი შეუწყო თუ შეზღუდა ისლამის გავრცელება? [Burstein...2006:83]
გარდა ამისა, მოსწავლეები შეისწავლიან მე-10 საუკუნის კლასიკური შარიათის ტექსტის ნაწილს და მცირე ჯგუფში განიხილავენ, თუ რას გადმოსცემს მოცემული ტექსტი ადრეული ისლამური ცივილიზაციის შესახებ. მათ შესაძლოა ჩაატარონ კვლევა და წარმოადგინონ პრეზენტაცია - კლასიკური შარიათის გავლენა თანამედროვე ისლამური სახელმწიფოების სამართლებრივ სისტემაზე. ასევე, ისწავლება ოსმალთა სულთანის, სულეიმანის (კანონმდებელი) (1520-1566 წწ.) პოლიტიკა. მან იმ დროისათვის არსებული კანონები ისლამურ კანონს - შარიათს შეუთავსა და ერთიანი სამართლებრივი კოდექსი მიიღო, რომელიც აკანონებდა რელიგიურ ტოლერანტობას ქრისტიანებისა და ებრაელების მიმართ ოსმალეთის იმპერიის ფარგლებში [Croddy..., 2016:39].
როგორც კალიფორნიის, ასევე, მასაჩუსეტსის სასწავლო გეგმა ითვალისწინებს, სხვადასხვა რელიგიის რწმენათა სისტემის სწავლებას, მათ შორის ისლამის. აქვე მოცემულია ყურანის რამდენიმე სურა, როგორც პირველდი წყარო [Massachusetts Department..., 2018:141]. ნიუ იორკის სოციალური მეცნიერებების სასწავლო გეგმის მიხედვით, იგივე საკითხები ისწავლება, მე-6 და მე-9 კლასებში.
სახელმძღვანელოში „ამერიკული ხედვა“ გაკვეთილის თემაა - „ტერორიზმთან ომი იწყება“, რომლის ერთ-ერთი ქვეთავია: „შუა აღმოსავლეთის ტერორიზმი და შეერთებული შტატები“. 1920-იან წლებში, როდესაც შეერთებული შტატების ეკონომიკისთვის ნავთობი მნიშვნელოვანი გახდა, ქვეყანამ შუა აღმოსავლეთში ნავთობის ინდუსტრიაში ფულის დაბანდება დაიწყო, რაც წარმატებული აღმოჩნდა. ამას დასავლური იდეების გავრცელება მოჰყვა, რაც ბევრი მუსლიმისთვის მიუღებელი იყო, რადგან მათ თავიანთი ტრადიციული ღირებულებების შესუსტების ეშინოდათ. გაჩნდა ახალი მოძრაობა, რომელიც „ყურანის“ მკაცრ ინტერპრეტაციას ახდენს და ისლამის ტრადიციულ კანონებს უბრუნდება, რასაც ისლამური ფუნდამენტალიზმი ეწოდება. მათი მიზანია წმინდა ისლამური საზოგადოების შექმნა, მიზნების მისაღწევად კი ტერორიზმს იყენებენ [McGraw-Hill..., 2010:1038]. 2001 წლის 7 ოქტომბერს შეერთებულმა შტატებმა ავღანეთში ალ ქაიდასა და თალიბანის სამხედრო ძალების დაბომბვა დაიწყო. სწორედ ამ დროს, პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა განმარტა - ისლამი ჩვენი მტერი არ არის, არც ავღანელი ხალხი, ამიტომ შეერთებული შტატები ავღანელ ლტოლვილებს საკვებს და მედიკამენტებს გაუგზავნის [McGraw-Hill..., 2010:1041].
როგორც შეერთებულ შტატებში, ასევე საქართველოშიც დისკრიმინაციის ყველაზე მეტი შემთხვევა მუსლიმი მოსახლეობის მიმართ ფიქსირდება [ღია საზოგადოების ფონდი, 2021], ასევე, მრავლად არის არატოლერანტული დამოკიდებულების ფაქტები სხვა რელიგიური ხედვის მიმართ. აქედან გამომდინარე, საქართველოში რელიგიური შემწყნარებლობა აქტუალური საკითხია.
2016 წელს ჩატარებულმა კვლევამ - „რელიგიის თავისუფლება - სახელწიფოს დისკრიმინაციული და არასეკულარული პოლიტიკის კრიტიკა“- აჩვენა, რომ საჯარო სკოლებში დისკრიმინაციის შემთხვევებს და რელიგიური ნეიტრალიტეტის დარღვევებს სისტემატური ხასიათი აქვს [მიქელაძე..., 2016:134]. რელიგიური ნეიტრალიტეტის დარღვევაში იგულისხმება საგაკვეთილო პროცესის დროს კოლექტიური ლოცვა, ასევე, მართლმადიდებელი სასულიერო პირების მიერ სკოლის კურთხევა და ა.შ. გარდა იმისა, რომ ირღვევა რელიგიური ნეიტრალიტეტი, ასევე, ზოგადი განათლების კანონის მე-18 მუხლის მიხედვით, რელიგიური რიტუალის ჩატარება დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი რელიგიური განათლების მიღებას ემსახურება [საქართველოს პარლამენტი, 2005]. კვლევამ აჩვენა მასწავლებლთა მიერ მოსწავლეთა შეურაცხყოფის ფაქტები, რომლებიც რელიგიური ნიშნით იყო გამოწვეული. არაერთი შემთხვევაა აჭარაში ისლამისა და მისი მიმდევრების შეურაცხყოფის, მაგალითად, ერთი მოსწავლე იხსენებს ისტორიის გაკვეთილებს და ამბობს, რომ ისლამს „მოთრეულ რელიგიას“ უწოდებენ. გარდა ამისა, მასწავლებლები ეროვნებასა და აღმსარებლობას ერთმანეთთან აიგივებენ, კვლევის მიხედვით, მასწავლებლები ბავშვებს უსვამდნენ შეკითხვას - ქართველი ხარ? დადებითი პასუხის შემთხვევაში ეუბნებოდნენ, რომ თუ ქართველია, მაშასადამე, ქრისტიანი უნდა იყოს [მიქელაძე..., 2016:148-149], რაც ნიშნავს იმას, რომ საქართველოში ეთნიკური და რელიგიური ნაციონალიზმის იდეოლოგია მძლავრია [მიქელაძე..., 2016:131].
მართალია, დღეს შეუწყნარებლობის ბევრ ფაქტს ვაწყდებით, თუმცა საქართველო ისტორიულად ტოლერანტული ქვეყანაა, რასაც მოწმობს დავით აღმაშენებლის დამოკიდებულება მუსლიმი მოსახლეობის მიმართ. ისტორიული წყაროები მოგვითხრობს, რომ იგი პატივს სცემდა მუსლიმთა ცხოვრების წესს და მეჩეთში ლოცვებსაც ესწრებოდა. შემწყნარებლური პოლიტიკა დავით აღმაშენებლის მემკვიდრემ, დემეტრე I-მა გააგრძელა. არაბი ისტორიკოსი ალ-ფარიკი მოგვითხრობს დემეტრე I-ის შემწყნარებლური დამოკიდებულების შესახებ მუსლიმების მიმართ [ვაშაყმაძე, 2017:80]. აღსანიშნავია, ასევე, ერეკლე II-ის ტოლერანტული დამოკიდებულება სხვადასხვა კონფესიის წარმომადგენლების მიმართ. იმ დროს ქართლ-კახეთში ცხოვრობდნენ მუსლიმები, ლათინური და სომხური წესის კათოლიკეები, სომხური სამოციქულო ეკლესიის მიმდევრები და ა.შ. მისი მეფობის დროს რელიგიურ დაპირისპირებებს მასობრივი ხასიათი არასდროს არ მიუღია [ბარდაველიძე, 2018:100].
შეიძლება დავსვათ შეკითხვა - ისტორიულად ტოლერანტულ ქვეყანაში რატომ არის რელიგიური შეუწყნარებლობის მრავალი ფაქტი დღეს, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლი რელიგიური ნიშნით დისკრიმინაციას კრძალავს [საქართველოს..., 1995]. მიზეზის ძებნა, ვფიქრობ, საბჭოთა პერიოდიდან უნდა დავიწყოთ, ვინაიდან ქართულ საზოგადოებაში რელიგიის შესახებ მცდარი შეხედულებები სწორედ საბჭოთა კავშირის დროს ჩამოაყალიბდა, სადაც არ არსებობდა რელიგიური ტოლერანტობა და რელიგია იდევნებოდა [ვაშაყმაძე, 2017:80]. მიუხედავად იმისა, რომ საბჭოთა კანონი კრძალავდა მოქალაქეთა დევნას მათი რწმენის გამო [ჩიქოვანი, 1969:390], რეალობა საპირისპიროზე მეტყველებდა - საბჭოთა კავშირში რელიგიების დევნასა და ისტორიული ძეგლების განადგურებას სისტემატური ხასიათი ჰქონდა [ვაშაყმაძე, 2017:80]. გარდა ამისა, მიზეზი უნდა ვეძებოთ 1990-იანი წლების საქართველოშიც. როგორც ზემოთ აღვნიშნე, მძლავრია საქართველოში ეთნიკური და რელიგიური ნაციონალიზმი - ეთნიკურობა აღმსარებლობასთან არის გაიგივებული, რაც 1990-იან წლებში გაჩნდა. საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას სიტყვებმა, „ვინც არ არის მართლმადიდებელი, ის ქართველი არ არის“, ბიძგი მისცა არატოლერანტული დამოკიდებულების გაჩენას განსხვავებული აღმსარებლობის ხალხის მიმართ [ვაშაყმაძე, 2017:44], არა მხოლოდ 1990-იან წლებში, არამედ დღესაც, რასაც არაერთი კვლევა ადასტურებს.
ხალხის მსოფლმხედველობისა და ღირებულებების, კერძოდ კი, რელიგიური ტოლერანტობის ფორმირებაში, ვფიქრობ, განათლებას მნიშვნელოვანი როლი უნდა ჰქონდეს. საქართველოში კი რელიგიური დისკრიმინაციის შემთხვევებს ვაწყდებით სასწავლო დაწესებულებებში. ზოგადი განათლების შესახებ კანონის მე-13 მუხლში, რომელიც ეხება ნეიტრალურობასა და არადისკრიმინაციულობას, ვკითხულობთ, რომ სკოლამ ხელი უნდა შეუწყოს შემწყნარებლობის დამკვიდრებას მოსწავლეებს, მშობლებსა და მასწავლებლებს შორის განურჩევლად რელიგიური კუთვნილებისა [საქართველოს პარლამენტი, 2005]. ამიტომ, საქართველოში ხორცილდება რეფორმა (2018 წლიდან), რომლის ქვეპროგრამა „ახალი სკოლის მოდელი“ არის და მისი მიზანია იმ ღირებულებების დამკვიდრება, რაც ზოგადი განათლების შესახებ კანონში არის აღწერილი [საქართველოს განათლებისა..., 2018]. კანონის მე-3 მუხლში ვკითხულობთ, რომ მოსწავლეს უნდა ჩამოუყალიბდეს სამოქალაქო ცნობიერება, რომელიც ემყარება ლიბერალურ-დემოკრატიულ ღირებულებებს [საქართველოს..., 2005].
საინტერესოა, საქართველოში რა როლს ასრულებს ისტორიის სწავლება რელიგიური ტოლერანტობის გაღვივებაში. მაგალითად, მე-8 კლასის სახელმძღვანელოში (2020 წ.) გაკვეთილის თემა ეხება იმას, თუ რატომ გაიხლიჩა ქრისტიანული ეკლესია მე-11 საუკუნეში, სადაც მოცემულია პირველადი წყაროები - მე-9 საუკუნეში მოღვაწე წმ. ილარიონის მიერ კონსტანტინოპოლისა და რომის მოლოცვა, ხოლო მეორე წყარო იოანესა და ექვთიმეს ცხოვრების შესახებ არის, თუ როგორ გაუწიეს დახმარება რომაელ ბერებს. ორივე წყაროს გაანალიზების შემდეგ მოსწავლეებმა უნდა უპასუხონ შემდეგ შეკითხვებს - რაზე მიანიშნებს ილარიონის მიერ კონსტანტინოპოლისა და რომის სიწმინდეების თანაბრად მოლოცვა, ასევე, ქართველი ბერების რომაელი ბერებისადმი კეთილგანწყობა. ხოლო, დამატებითი დავალება კვლევითია, მოსწავლეებმა უნდა ჩაატარონ მინი-კონფერენცია შემდეგ თემაზე - „ქრისტინობა მე-11 საუკუნეში და დღეს“. კლასი იყოფა რამდენიმე ჯგუფად, რომლებმაც უნდა მოიძიონ ინფორმაცია რომისა და ბიზანტიის ეკლესიის შესახებ მე-11 საუკუნეში და დღეს, ასევე, საქართველოს ეკლესიის ისტორიის შესახებ და განიხილონ მისი დამოკიდებულება სხვადასხვა კონფესიის მიმართ. მოსწავლეებმა პრეზენტაციის შემდეგ უნდა გამართონ დისკუსია რელიგიური შემწყნარებლობის შესახებ და დაასაბუთონ, თუ რატომ არის დაუშვებელი რელიგიური შუღლის გაღვივება. გაკვეთილს თან ახლავს აუდიომასალა - საქართველოს კათალიკოს პატრიარქისა და რომის პაპის მიმართვა (2016 წ.) [სურგულაძე..., 2020:85].
მე-9 კლასის სახელმძღვანელოში (2021 წ.) ერთ-ერთი გაკვეთილის თემა ასეთია - „რატომ გახდა საქართველო კულტურათა გზაჯვარედინი?“ პირველადი წყაროების ანალიზის საფუძველზე, მოსწავლეები შეისწავლიან თბილისის მოსახლეობის მრავალფეროვნებას. აღსანიშნავია, სერგო ფარაჯანოვის მონათხრობი თბილისის მრავალკონფესიურობის შესახებ: „თბილისის ერთ მოედანზე დგას სომხური, რუსული, ქართული ეკლესიები, ებრაული სინაგოგა და მუსლიმური მეჩეთი“ [ახმეტელი…, 2021:412]. ასევე, აღსანიშნავია, საქართველოს კათალიკოს პატრიარქის მიმართვა (2003 წ.), რომ დედა ეკლესია კარჩაკეტილობას არ ქადაგებს და ჩვენი ტრადიციისთვის შეუმწყნარებლობა მიუღებელია უცხო ერებისა და სხვა აღმსარებლობის ადამიანების მიმართ. ისტორიულად საქართველოში არასდროს არ ყოფილა ეთნიკური თუ რელიგიური ნიშნით დევნა [ახმეტელი..., 2021:415]. რაც შეეხება დავალებებს, მოსწავლემ უნდა უპასუხოს შემდეგ შეკითხვას - რას გულისხმობს კათალიკოს პატრიარქი სიტყვა კარჩაკეტილობაში და მოსწავლემ უნდა მოამზადოს პროექტი საქართველო, როგორც მრავალეროვნული და მრავალკონფესიური სახელმწიფოს შესახებ.
მე-11 კლასის სახელმძღვანელოში რამდენიმე თავი დავით აღმაშენებლის მეფობის ხანას ეთმობა. მოცემულია არაბი ისტორიკოსების, ალ-ფარიკისა და ალ-ჯაუზის ჩანაწერები დავით აღმაშენებლის დამოკიდებულების შესახებ მუსლიმი მოსახლეობის მიმართ. ალ-ფარიკის ცნობით, დავით აღმაშენებელმა დაადგინა, რომ ქალაქის იმ ნაწილში, სადაც ცხოვრობდა მუსლიმი მოსახლეობა, არავის არ უნდა ჰყოლოდა ან არ უნდა დაეკლა ღორი, ასევე, მეფემ მუსლიმებს თავისუფლად ლოცვის უფლება მისცა. ხოლო, ალ-ჯაუზის ცნობით, დავით აღმაშენებელი ყოველ პარასკევს მეჩეთს სტუმრობდა და ყურანის კითხვას უსმენდა. იგი მუსლიმ მოსახლეობას მეტად სცემდა პატივს, ვიდრე თავად ისლამის მიმდევრები. ამგვარად, ეს ორი წყარო ადასტურებს დავით აღმაშენებლის შემწყნარებლურ დამოკიდებულებას მუსლიმი მოსახლეობის მიმართ [კიღურაძე..., 2012:297]. მოსწავლეებმა მოცემულ წყაროებზე დაყრდნობით უნდა შეაფასონ დავითის პოლიტიკა არაქართული მოსახლეობის მიმართ [კიღურაძე..., 2012:300]. იმავე წყაროების უფრო ვრცელი ვერსია გვხვდება ახალ სახელმძღვანელოშიც, რომელიც 2023 წელს არის გრიფირებული (გამომცემლობა „დიოგენე“, მე-11 კლასის საქართველოს ისტორია), თუმცა დავალება შეცვლილი არ არის - მოსწავლეებმა უნდა იმსჯელონ დავით აღმაშენებლის ტოლერანტობის შესახებ [ახმეტელი..., 2023:36].
ზემოთქმულიდან გამომდინარე, ისტორიულად შეერთებული შტატებიცა და საქართველოც ტოლერანტული ქვეყნებია და ვფიქრობ, რომ ტოლერანტობა ამერიკელებისა და ქართველების საერთო ღირებულებაა. რაც შეეხება განათლების, კერძოდ ისტორიის სწავლების როლს ტოლერანტობის დამკვიდრებაში, ამერიკულ სახელმძღვნელოებში აღწერილია ის მნიშვნელოვანი მოვლენები, რომლებმაც შეერთებულ შტატებში რელიგიური ტოლერანტობა ჩამოაყალიბა, თუმცა რელიგიური შეუწყნარებლობის შემთხვევების სწავლებას ზოგი შტატის სასწავლო გეგმა არ ითვალისწინებს, რასაც ვერ ვიტყვით კალიფორნიასა და ჰავაიზე. ვფიქრობ, არატოლერანტობის შემთხვევების სწავლება მეტად შეუწყობს ხელს ტოლერანტი მოქალაქის აღზრდას. მიუხედავად იმისა, რომ განათლება დადებით როლს თამაშობს მუსლიმთა მიმართ ტოლერანტული დამოკიდებულების ჩამოყალიბებაში, როგორც ზემოთ აღვნიშნე, მათ მიმართ დისკრიმინაციის შემთხვევები კვლავ არის, რაც, ამერიკელ მუსლიმთა აზრით, ტრამპის რიტორიკით არის განპირობებული. 2017 წელს „პიუს კვლევითი ცენტრის“ მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, ამერიკელი მუსლიმების დიდი ნაწილი ფიქრობდა, რომ ტრამპი მათ მიმართ არამეგობრულად იყო განწყობილი, ხოლო ამერიკელ მუსლიმთა ნახევარი მიიჩნევდა, რომ მათთვის შეერთებულ შტატებში ცხოვრება გართულდა [Pew Research Center, 2017].
რაც შეეხება ქართულ სახელმძღვანელოებს, ვფიქრობ, მე-8 და მე-9 კლასის წიგნებისაგან განსხვავებით, მე-11 კლასის სახელმძღვანელოს (როგორც ძველის, ასევე ახალი გამოცემის) უარყოფითი მხარე ის არის, რომ მოცემული არ არის კვლევითი დავალებები, ყოველი გაკვეთილის ბოლოს დასმულია შეკითხვები, რომელთა უმრავლესობა ფაქტობრივი მასალის ცოდნას ამოწმებს. დავით აღმაშენებლის ტოლერანტული დამოკიდებულება, რაც ამ სახელმძღვანელოშია გადმოცემული, დღევანდელი გადმოსახედიდან უნდა განიხილებოდეს, არის თუ არა ქართველი ხალხი ისეთივე ტოლერანტი მუსლიმთა მიმართ, როგორც აღმაშენებლის მეფობის დროს. დღესდღეობით, მუსლიმების მიმართ ტოლერანტული დამოკიდებულების დამკვიდრება, ვფიქრობ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი საკითხია, რასაც ზემოთ აღნიშნული კვლევა ადასტურებს. ამერიკული გამოცდილებიდან შესაძლებელია გავიზიაროთ აქტივობები, განსაკუთრებით კი მასაჩუსეტსის სასწავლო გეგმაში ასახული დავალებები, როგორებიცაა - კვლევის ჩატარება და მულტიმედიური პრეზენტაციების მომზადება, რაც შეეხება წყაროების ანალიზს, გვხვდება როგორც ამერიულ, ასევე ქართულ სახელმძღვანელოებშიც.
გარდა ამისა, საქართველოში მოსწავლეები განათლებას ტოლერანტულ გარემოში უნდა იღებდნენ. ვგულისხმობ, მასწავლებლების ტოლერანტულ დამოკიდებულებას განსხვავებული რწმენის მქონე ხალხის მიმართ, რაც ტოლერანტობას წაახალისებს და მოსწავლეებს მაგალითს მისცემს. საჭიროა მომავალი მასწავლებლების სათანადოდ მომზადება, ხოლო იმ მასწავლებლების გადამზადება, რომლებიც მრავალი წელია, სკოლაში ასწავლიან. „მასწავლებელთა პროფესიული ეთიკის კოდექსის“ მე-3 მუხლის მიხედვით, მასწავლებელმა ხელი უნდა შეუწყოს დემოკრატიული ღირებულებების ჩამოყალიბებას [საქართველოს..., 2010]. მასწავლებლის მიერ ეთიკის კოდექსის დარღვევის შემთხვევაში განათლების სამინისტრომ უნდა მოახდინოს შესაბამისი რეაგირება, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებს დისკრიმინაციის შემთხვევებს.
კვლევებიდან გამომდინარე თუ ვიმსჯელებთ, ზემოთ აღნიშნული დისკრიმინაციის შემთხვევები ცხადყოფს, რომ საქართველოში ტოლერანტობის, როგორც სამოქალაქო ღირებულების მნიშვნელობა გააზრებული არ არის. „Tolerare“, რომელიც ლათინური სიტყვაა და თმენას, მოთმენას ნიშნავს, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი არის დემოკრატიული ქვეყნებისთვის, ვინაიდან დემოკრატია მოქალაქეებს თმენის ვალდებულებას აკისრებს [გიგინეიშვილი, 2015]. სწორედ ეს ვალდებულება არ არის გააზრებული საქართველოში. მომავალმა თაობებმა უნდა ისწავლონ, ტოლერანტობის, როგორც თმენის მნიშვნელობა, რაც ხელს შეუწყობს პასუხისმგებლიანი მოქალაქეების აღზრდასა და დემოკრატიული სახელმწიფოს ფორმირებას.
ლიტერატურა
ახმეტელი ნ. ლორთქიფანიძე ბ. მურღულია ნ. ჯანელიძე ო. სადუნიშვილი ა. ჩივაძე დ. 2023 |
საქართველოს ისტორია. XI კლასი. მოსწავლის წიგნი. თბილისი: დიოგენე. https://diogene.ge/ka/saxelmzgvaneloebi (9 06. 2024). |
ახმეტელი ნ. ლორთქიფანიძე ბ. ფირცხალავა ნ. 2021 |
ისტორია. მე-9 კლასი. თბილისი: დიოგენე. https://shorturl.at/cdhmM (20.04.2022). |
ბარდაველიძე ნ. 2018 |
საქართველოში კათოლიკური ეკლესიის ისტორიის ნარკვევები. https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/306678 (20.01.2022). |
გიგინეიშვილი ლ. 2015 |
ტოლერანტობის იდეა და ლიტერატურა. https://www.youtube.com/watch?v=7VGhDInWzzo ( 20.04.2023). |
ვაშაყმაძე ზ. 2017 |
ინტერრელიგიური დიალოგი მშვიდობისთვის - რელიგიური ტოლერანტობა საქართველოში. https://religion.gov.ge/inter-religiuri-konferencia/inter-religiuri-konferencia-ii-religiuri-tolerantoba-saqartvelosi-2017w ( 20.01. 2022). |
ზაქარიაძე ა. 2018 |
ამერიკული ფილოსოფია. თბილისი: უნივერსიტეტის გამომცემლობა. |
კიღურაძე ნ. სანიკიძე გ. გორდეზიანი ლ. ფირცხალავა ლ. გაჩეჩილაძე რ. ასათიანი ნ. 2012 |
ისტორია. მე-11 კლასი. თბილისი: სულაკაურის გამომცემლობა. |
მიქელაძე თ. ბეგაძე მ. გვრიტიშვილი ე. ჩუთლაშვილი ქ. სუხიშვილი ნ. სართანია ქ. 2016 |
რელიგიის თავისუფლება - სახელმწიფოს დისკრიმინაციული და არასეკულარული პოლიტიკის კრიტიკა. https://socialjustice.org.ge/ka/products/kvleva-religiis-tavisufleba-sakhelmtsifos-diskriminatsiuli-da-arasekularuli-politikis-kritika (20.09.2022). |
საქართველოს პარლამენტი. 2005 |
საქართველოს კანონი ზოგადი განათლების შესახებ - მუხლი 18. https://matsne.gov.ge/ka/document/view/29248?publication=94#! ( 20 01.2022). |
საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტი. 1995 |
საქართველოს კონსტიტუცია. https://matsne.gov.ge/ka/document/view/30346?publication=36 ( 20. 01.2022). |
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო. 2018 |
პროგრამის კონცეფცია - „ზოგადი განათლების რეფორმის ხელშეწყობა“. https://mes.gov.ge/uploads/files/zogadi-ganatlebis-xelshecyoba.pdf ( 20. 04.2022). |
სურგულაძე მ. კეკელია ვ. 2020 |
მე-8 კლასის ისტორია. თბილისი: ლოგოს პრესი. http://www.logospress.ge/saxelmzgvaneloebi.htm ( 20. 04.2022). |
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო 2010 |
მასწავლებლის პროფესიული ეთიკის დამტკიცების შესახებ. https://matsne.gov.ge/ka/document/view/1032919?publication=0 ( 20. 09.2022). |
ღია საზოგადოების ფონდი 2021 |
არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადება რელიგიის თავისუფლების შეზღუდვისა და დისკრიმინაციული სახელმწიფო პოლიტიკის შესახებ. ifo- https://rb.gy/tdk1t (23.04.2021). |
ჩიქოვანი ჯ. 1969 |
სსრკ ისტორია მე-8 კლასის სახემძღვანლო. თბილისი: სსრ კულტურის სამინისტროს მთავარპოლიგრაფ გამომცემლობა. |
Burstein M. S. Shek R. 2006 |
World History Medieval to Early Modern Times, 7th Grade. https://www.chino.k12.ca.us/Page/45102 (15.04.2022). |
Bush W. G. 2002 |
Backgrounder: The President’s Quotes On Islam. https://georgewbush-whitehouse.archives.gov/infocus/ramadan/islam.html (20.04.2022). |
Bridges K. 2008 |
Freedom in America. Upper Saddle River, NJ: Pearson Prentice Hall. https://archive.org/details/freedominamerica0000brid/page/138/mode/2up (15.01. 2022). |
Croddy M. Dogget K. Huss D. 2016 |
Civic-Learning Compendium for the California History-Social Science Framework. https://resources.finalsite.net/images/v1692311176/stancoeorg/a4szklnhvzotdyn66sly/CivicLearningCompendium_CCSS_FINAL.pdf (15.04.2022). |
Davis C. K. 2010 |
America’s True History of Religious Tolerance. https://www.smithsonianmag.com/history/americas-true-history-of-religious-tolerance-61312684/ (10.01.2022). |
Dilanian K. 2016 |
Why Won’t Obama Say Radical Islam? https://www.nbcnews.com/storyline/orlando- nightclub-massacre/why-won-t-obama-say-radical-islam-n591196 (20.04. 2022). |
Espinosa G. 2009 |
Religion and the American Presidency: George Washington to George W. Bush with commentary and primary sources. New York: Columbia University Press. https://archive.org/details/religionamerican0000unse_n6r0/mode/1up (15.01. 2022). |
Hill M. Berson J. M. Howard C. T. Porter H. P. Larson E. B. 2003 |
Reflections The United States: Making A New Nation. https://www.scribd.com/document/376661826/Reflections-Making-a-New-Nation (15.01. 2022). |
Harris, M. 2009 |
Virginia Statute for Religious Freedom. https://www.mtsu.edu/first-amendment/article/880/virginia-statute-for-religious-freedom (15.01. 2022). |
Massachusetts Department of Elementary and Secondary Education 2018 |
History and Social Science Framework. Massachusetts Curriculum Framework - 2018. https://www.doe.mass.edu/instruction/literacy-humanities.html (15.04. 2021). |
Hawaii State Department of Education 2018 |
Hawaii Core Standards for Social Studies. https://www.hawaiipublicschools.org/TeachingAndLearning/StudentLearning/Pages/standards.aspx (15.04. 2021). |
History. August 21, 2018 |
Freedom of Religion. https://www.history.com/topics/united-states-constitution/freedom-of-religion#section_4 (15.04. 2022). |
History 2009 |
Maryland. https://www.history.com/topics/us-states/maryland (15.01. 2022). |
Johnson J. Hauslohner A. 2017 |
‘I Think Islam Hates Us’: A Timeline of Trump’s Comments about Islam and Muslims. https://www.washingtonpost.com/news/post-politics/wp/2017/05/20/i-think-islam-hates-us-a-timeline-of-trumps-comments-about-islam-and-muslims/ (20.04. 2022). |
McGraw-Hill, G. Appleby J. 2010 |
The American Vision Textbook U.S. History. https://www.yonkerspublicschools.org/Page/17908 (20.04. 2022). |
Masci D. 2019 |
Many Americans See Religious Discrimination in U.S. – Especially Against Muslims. https://www.pewresearch.org/fact-tank/2019/05/17/many-americans-see-religious-discrimination-in-u-s-especially-against-muslims/ (20.04. 2022). |
NBC News. 2018 |
Trump Hosts First Iftar Dinner, Recognizes Islam as “One of the World’s Great Religions”. https://www.nbcnews.com/politics/white-house/trump-hosts-first-iftar-dinner-recognizes-islam-one-world-s-n880841 (20.04. 2022). |
Nardo D. 2010 |
Religious Beliefs in Colonial America. Farmington Hills, MI: Lucent Books/Gale Cengage Learning https://archive.org/details/religiousbeliefs0000nard/page/8/mode/2up (10.01.2022). |
New York State Education Department 2017 |
New York Social Studies Framework, Grades 9-12. http://www.nysed.gov/curriculum-instruction/k-12-social-studies-framework (15.04.2021). |
Pew Research Center 2017 |
U.S. Muslims Concerned About Their Place in Society, but Continue to Believe in the American Dream. https://www.pewresearch.org/religion/2017/07/26/findings-from-pew-research-centers-2017-survey-of-us-muslims/ (15.04.2021). |
Southern Poverty Law Center 2011 |
Anti-Muslim Incidents Since SEPT. 11, 2001. https://www.splcenter.org/news/2011/03/29/anti-muslim-incidents-sept-11-2001 (20.04. 2022). |
Sweet W. W. 1953 |
Religion in colonial America. New York: C. Scribner's. Sons. https://archive.org/details/religionincoloni0000swee/page/33/mode/2up (15.01.2022). |
The California Department of Education 2000 |
History – Social Science Content Standards for California Public Schools. https://www.lakebalboacollegeprep.com/apps/pages/index.jsp?uREC_ID=2133435&type=d&pREC_ID=2183920 (15.01.2022). |
The White House 2022 |
Remarks by President Biden at a Reception to Celebrate Eid al-Fitr. https://www.whitehouse.gov/briefing-room/speeches-remarks/2022/05/02/remarks-by-president-biden-at-a-reception-to-celebrate-eid-al-fitr/ (15.06. 2022). |
The White House 2022 |
Remarks by President Biden at a Reception to Celebrate Eid al-Fitr. https://www.whitehouse.gov/briefing-room/speeches-remarks/2022/05/02/remarks-by-president-biden-at-a-reception-to-celebrate-eid-al-fitr/ (15.06. 2022). |