ბიბლიური აბრაამისა და სარას საკუთარ სახელთა ქართულად გადმოცემა - ტრანსლიტერაციის საკითხები

II1

2.2. აბრაამისა და სარას სახელები ახალ აღთქმაში.

2.2.1. აბრაამი. აბრაამის სახელი დასტურდება არა მარტო ძველ, არამედ – ახალ აღთქმაშიც. სახარება-ოთხთავში, კერძოდ, მათეს სახარებაში, იგი ჩანს 7-ჯერ (მ. 1:1, 1:2, 1:17, 3:9x2, 8:11, 22:32), მარკოზის სახარებაში – ერთხელ (მკ. 12:26), ლუკას სახარებაში – 15-ჯერ (ლ. 1:55, 1:73, 3:8x2, 3:34, 13:16, 13:28, 16:22, 16:23, 16:24, 16:25, 16:29, 16:30, 19:9, 20:37), იოანეს სახარებაში კი – 11-ჯერ (ი. 8:33, 8:37, 8:39x3, 8:40, 8:52, 8:53, 8:56, 8:57, 8:58).

ოთხთავის ქართული თარგმანის წინაათონური პერიოდის ორი ძირითადი რედაქციიდან (ოპიზური/პროტოვულგატა და ადიშური2) ამ კუთხით გამოწვლილვით შევისწავლეთ ჯრუჭ-პარხლისა და ადიშის ოთხთავები [შანიძე, 1945; სარჯველაძე, 2003], ათონური პერიოდიდან კი – ეფთვიმესეული ვერსიისა და გიორგი ათონელის რედაქციის (ქართული ვულგატა) ის ნუსხები, რომლებიც ი. იმნაიშვილის გამოცემაშია წარმოდგენილი [იმნაიშვილი, 1979]. ამასთანავე, გავითვალისწინეთ სახარების ტექსტის შემცველი დანარჩენი ძველი ხელნაწერების ვითარებაც, რისთვისაც ვისარგებლეთ ქართული ოთხთავის ძველი ქართული თარგმანის ყველა ძველი ხელნაწერისა და უძველესი ლექციონარების საკითხავების მიხედვით მომზადებული კრიტიკული ტექსტით (ამ ეტაპისთვის მომზადებულია ლუკასა და იოანეს სახარებების ტექსტი [თვალთვაძე, 2020]).

თუ როგორც წინაათონური, ისე ათონური პერიოდის რედაქციებისთვის ნორმას წარმოადგენს აბრაჰამ ფორმა (უიშვიათესი გამონაკლისები საერთო სურათს ვერ ცვლის),3 ამ მხრივ ცალკე დგას ადიშის ოთხთავი (897 წ.), როგორც ოთხთავის ერთ-ერთი ძველი რედაქციის შემცველი ნუსხა, რომელიც ამ მხრივ ბერძნულს მიჰყვება, უპირატესობას აბრაამ ვარიანტს ანიჭებს და ოდენ 8-ჯერ გამოავლენს /ჰ/-თანხმოვნიან აბრაჰამ  წაკითხვას (მ. 1:1, მ. 1:2, მ. 3:9x2, მ. 22:32, ლ. 1:55, ლ. 16:29, ლ. 19:9).

საზოგადოდ, სამეცნიერო ლიტერატურაში ადიშის ოთხთავში დაცული  რედაქციის თარგმანის წყაროდ მიჩნეულია როგორც ბერძნული, ისე – სომხური და სირიული. ს. ყაუხჩიშვილმა არაერთი არგუმენტით დაამტკიცა, რომ აღნიშნული ოთხთავის ტექსტი ბერძნული წყაროდანაა თარგმნილი, თუმცა ისიც სამართლიანად შენიშნა, რომ „სწავლული მთარგმნელები გამოიყენებდნენ ყველა იმ თარგმანსაც, რომელზეც ხელი მიუწვდებოდათ, და სრულიად ბუნებრივია, რომ ბერძნულიდან მთარგმნელნი მიმართავდნენ ხოლმე სომხურსაც და ასურულსაც“ [ყაუხჩიშვილი, 1944:101-102]. ზ. სარჯველაძესაც თარგმანის ტექნიკასთან დაკავშირებული არაერთი დამატებითი ლინგვისტური არგუმენტი მოჰყავს ტექსტის ბერძნულიდან მომდინარეობის დასამტკიცებლად [სარჯველაძე, 2003:118-129]. ს. სარჯველაძე ადიშის ოთხთავის 2003 წლის გამოცემაზე დართულ გამოკვლევაში გვთავაზობს დასკვნას, რომ „ადიშის ოთხთავში დაცული რედაქცია თარგმნილია ბერძნული დედნიდან, ხოლო მასში ალაგ-ალაგ დადასტურებული არმენიზმები კი მხოლოდ ლექსიკური ხასიათისაა და არა რედაქციული და, ამდენად, მეორეულია და იმ ფენაში გვხვდება, რომელიც ნუსხის რედაქტორმა ჩაასწორა ოთხთავის სომხური ტექსტის მიხედვით“ [სარჯველაძე, 2003:69]. ამდენად, ივარაუდება ტექსტის სომხურის მიხედვით სწორება და მასში სომხური ლექსიკის შეტანა ზოგიერთი რედაქტორ-გადამწერის მიერ. შესაძლოა, აბრაამ ტიპის ფორმების აბრაჰამ ფორმებით ჩანაცვლებაც ამ პროცესს უკავშირდებოდეს, თუმცა, ა. შანიძის აზრით, პირიქით, „ადიშის ოთხთავი ამ სახელის წერაში სწორედ ბერძნულის მიხედვით არის შესწორებული“ [შანიძე, 1964:36]. თუ ამ მოსაზრებას გავიზიარებთ, მაშინ არქაული ვითარების ამსახველი აბრაჰამ  წაკითხვა გამოვა, რომელიც უნდა ჩაენაცვლებინათ აბრაამ ვარიანტით. დღეს რთულია დაბეჯითებით იმის მტკიცება, ანთროპონიმის რომელი ვარიანტი უნდა ყოფილიყო პირველმთარგმნელის (თუ პირველმთარგმნელთა) ავტოგრაფულ ნუსხაში, რა რით უნდა შეცვლილიყო და როდის. ფაქტია, ტექსტი თარგმნილია უძველეს დროს და შემდეგ არაერთხელ მომხდარა მისი გადაწერა-სწორება, რაზეც ადიშურ ხელნაწერში დადასტურებული ხანმეტობისა და ჰაემეტობის გადმონაშთებიც მეტყველებს [სარჯველაძე, 2003:71].  ფაქტია ისიც, რომ აღნიშნული ანთროპონიმის დაწერილობის საკითხში შეინიშნება როგორც ბერძნული, ისე აღმოსავლური ლიტერატურულ-ტექსტობრივი ტრადიციის გავლენა.

ჩვენთვის საინტერესო ანთროპონიმის ქართულად გადმოღების საკითხში სახარების პირველმთარგმნელთა პოზიციის გასათვალისწინებლად, ჩვენი აზრით, მნიშვნელოვანია უფრო ძველი ხელნაწერის, VII საუკუნით დათარიღებული [სარჯველაძე, 1995:128]4 ხანმეტი ოთხთავის ვითარების გათვალისწინებაც. ტექსტი ფრაგმენტულადაა მოღწეული, მათეს სახარების დასაწყის ნაწილში მსგავსებას ავლენს ადიშის ოთხთავთან (ძირითადი ტექსტი პროტოვულგატისას მიჰყვება) და, ზოგადად, მასთან ბევრი რამ აქვს საერთო [ქაჯაია, 1984:304-305]. ხანმეტი ოთხთავი ექვსჯერ გვიჩვენებს აბრაამის სახელს (მკ. 12:12, ლ. 3:34, ლ. 13:16, ლ. 16:22, ლ. 19:9, ი. 8:52) და ყველა შემთხვევაში /ჰ/ თანხმოვნით (ფრაგმენტულად მოღწეულობის გამო ჩვენთვის საინტერესო დანარჩენი მუხლები აკლია), მაშინ როდესაც შესაბამის ადგილას ადიშის ოთხთავში ანთროპონიმის აბრაამ ვარიანტია წარმოდგენილი.5 იკვეთება, რომ სახარების ტექსტის შემცველი თითქმის ყველა ძველი ხელნაწერისთვის (ადიშის ოთხთავის გარდა), მისი რედაქციული კუთვნილების მიუხედავად, ნორმას წარმოადგენს ამ სახელის /ჰ/-თანხმოვნიანი ფორმა – აბრაჰამ (უიშვიათესი გამონაკლისების გარდა). იქმნება ისეთი შთაბეჭდილება, რომ აღნიშნული ანთროპონიმის გადმოტანის სწორედ ეს წესი უნდა ასახავდეს უძველეს ვითარებას.

თვალსაჩინოებისათვის წარმოვადგენთ იოანეს სახარების ერთ მუხლს, რომელშიც აბრაამის სახელი სამჯერ მეორდება:

ი. 8:39 მიუგეს და ჰრქუეს მას: მამაჲ ჩუენი აბრაამი არს. მიუგო იესუ და ჰრქუა: უკუეთუმცა შვილნი აბრაამისნი იყვენით, საქმეთამცა აბრაამისთა იქმოდეთ  C.

მიუგეს და ჰრქუეს მას: მამაჲ ჩუენი აბრაჰამი არს. ჰრქუა მათ იესუ: უკუეთუმცა შვილნი აბრაჰამისნი იყვენით, საქმესამცა აბრაჰამისსა იქმოდეთ AdODERPBTLAFmGihScw. აბრაამისნი Ad. აბრაჰადამისნი i#. აბრაამისთა Ad. აბრაჰამისთა P. აბრაამისსა Di. აბრაჰამისა Ah.6

მართალია, გიორგი ათონელისეული ტექსტის (ქართული ვულგატა) ჩამოყალიბების შემდეგ სახარება-ოთხთავის ახალი რედაქცია აღარ შექმნილა, მაგრამ ჩვენ მაინც საინტერესოდ მივიჩნიეთ ულტრაელინოფილური პერიოდის ეგზეგეტიკურ თხზულებებში სახარების განსამარტავ ტექსტზე (კიმენზე) დაკვირვება ამ კუთხით. ამ მიზნით შევისწავლეთ თეოფილაქტე ბულგარელის ლუკასა და იოანეს  სახარებების თარგმანების ქართული ტექსტები.

გაირკვა, რომ თეოფილაქტე ბულგარელის ლუკას სახარების თარგმანების ქართულ ვერსიაში აბრაამის სახელის გადმოტანის საკითხში ბერძნულის ვითარებას (არა ყოველთვის) ასახავს XII-XIII საუკუნეების K და ნაწილობრივ J ხელნაწერები, რადგან, როგორც კიმენში, ისე განმარტებაში სწორედ ისინი გვიჩვენებენ აბრაამ ფორმის გამოვლენის ტენდენციას, მაშინ როდესაც გვიანდელი AB ნუსხები (XVIII ს.) უპირატესობას აბრაჰამ ფორმას ანიჭებენ7 და ამ მხრივ უკვე ჩამოყალიბებულ ტრადიციას უჭერენ მხარს.

თეოფილაქტე ბულგარელის იოანეს სახარების განმარტების ულტრაელინოფილური სტილით შესრულებულ ქართულ თარგმანში, რომელიც შემონახულია ერთადერთი ნუსხით (A 52, XII-XIII სს.), შეინიშნება ასეთი ტენდენცია: კიმენში დასტურდება ორივე ფორმა: როგორც აბრაჰამ (8:33, 8:37, 8:39x3, 8:40), ისე – აბრაამ (8:53, 8:56, 8:57, 8:58), თანაც მიყოლებით რამდენიმე მუხლი გამოავლენს //-თანხმოვნიან ფორმებს, ხოლო მომდევნო მუხლები, ასევე მიყოლებით  – მის გარეშე. კიმენში ერთხელ დავადასტურეთ ფორმა ბიზანტიური ბერძნულისთვის დამახასიათებელი ხშულის სპირანტიზებული წაკითხვით – ავრაამ [ი. 8:52]. საინტერესოა, რომ, თუ კიმენში აბრაჰამ ტიპის ფორმაა, განმარტებაშიც ეს სახელი //  თანხმოვნითაა წარმოდგენილი, თუ – აბრაამ ტიპისა, განმარტებაც ასეთ ფორმებს გამოავლენს, ოღონდ, თუ კიმენში ოდენ ერთხელ გამოვლინდა ავრაამ წაკითხვა, თარგმანებაში უფრო ხშირია  ამ ტიპის ფორმები (114:14, 25; 115:25, 34; 116:11, 12, 14).8

მოციქულთა საქმე, მართალია, IV-V საუკუნეებში უნდა ეთარგმნათ, მაგრამ ჩვენამდე მოღწეულია X და მოგვიანო პერიოდის ხელნაწერებით. ტექსტი გამოცემულია X-XIV საუკუნეების ცხრა ხელნაწერის მიხედვით [აბულაძე, 1950]. მოციქულთა საქმეში აბრაამის სახელი 7-ჯერ დასტურდება (3:13, 3:25, 7:2, 7:16, 7:17, 7:32, 13:26). ი. აბულაძის მიერ გამოყოფილი ოთხი რედაქციიდან ორი გიორგი მთაწმიდლისა (Ⴂ) და ეფრემ მცირის (Ⴃ) ნარედაქციებია. მიუხედავად ამისა, მოციქულთა საქმის ტექსტის შემცველი ხელნაწერებისთვის ნიშანდობლივია ოდენ /ჰ/-თანხმოვნიანი აბრაჰამ ფორმა და ამ მხრივ იგი ბერძნულს ემიჯნება.

კათოლიკე ეპისტოლეებში ჩვენთვის საინტერესო ანთროპონიმი ერთხელ გვხვდება, ისიც /ჰ/-თანხმოვნიანი ფორმით როგორც ძველი (ႠႡ), ისე ახალი, გიორგი მთაწმიდლისეული და ეფრემისეული (ႢႣ) რედაქციების ნუსხებში: აბრაჰამს [1 პეტრე 3:6 ALEFGHJ]9 [ლორთქიფანიძე, 1956]. იგი /ჰ/ თანხმოვნითაა წარმოდგენილი უძველეს სინურ ნუსხებშიც, სხვაობას მხოლოდ ემფატიკური ხმოვნის დართვა ქმნის: აბრაჰამსა MN.

პავლეს ეპისტოლეთა წიგნში, რომელიც გამოცემულია X-XIV საუკუნეების თორმეტი ხელნაწერის მიხედვით ოთხ რედაქციად [ძოწენიძე... 1974], რომელთაგან ორი ძველია (A, B), ორი კი – გვიანდელი (C – გიორგი ათონელისეული და D – ეფრემ მცირისეული), აბრაამის სახელი დასტურდება შემდეგი სიხშირით: ჰრომაელთა მიმართ – 8-ჯერ, 2 კორინთელთა მიმართ – ერთხელ, გალატელთა მიმართ – 9-ჯერ, ებრაელთა მიმართ – 10-ჯერ. ყველა შემთხვევაში ეს ანთროპონიმი /ჰ/ თანხმოვნითაა წარმოდგენილი, გარდა ერთი შემთხვევისა, რომელსაც გიორგი ათონელისეული რედაქციის მხოლოდ ერთი, XI საუკუნის ათონური ნუსხა გამოავლენს: აბრამს [ებრ. 7:11 z]. შდრ. აბრაჰამს vHTik.

2.2.2. სარა, როგორც აბრაჰამის მეუღლე, ოთხჯერაა ნახსენები ახალ აღთქმაში (ერთხელ – პეტრეს პირველ კათოლიკე ეპისტოლეში, სამჯერ – პავლე მოციქულის ეპისტოლეებში):

ვითარცა-იგი სარა ერჩდა აბრაჰამს (აბრაჰამსა MN) და უფლით ხადინ (ხადოდა MN, ჰხადინ A) მას... [I პეტრე 3:6 LMN]. სარრა AEFGHJ.10

... რამეთუ მკუდარ იყვნეს ჴორცნი მისნი, ას წლის სადამე იყო,– და უძლურებაჲ იგი საშოჲსა სარაჲსი [ჰრომ. 4:19 ABvz]. სარრაჲსი HTik.11

... ჟამსავე ოდენ ამას მოვიდე და ესუას სარას ძჱ [ჰრომ. 9:9 AB]. სარრას CD.

სარწმუნოებით იგიცა სარრა, ბერწ ღათუ იყო, ძალი მოიღო შესაწყნარებელად... [ებრ. 11:11 ABCD]. სარა bgde.

როგორც ვხედავთ, ახალ აღთქმაში სარას სახელი დასტურდება ორი ფორმით: როგორც ერთი, ისე გემინირებული თანხმოვნით. არ ჩანს სირიულ-ებრაულისთვის დამახასიათებელი სარაჰ ფორმა.

2.3. აბრაამისა და სარას სახელები ძველ ქართულ ლექციონარებში. ამ მხრივ უძველესი ვითარების გასათვალისწინებლად მნიშვნელოვანია ძველი ქართული ლექციონარის შემცველი ხელნაწერების მონაცემებიც. ცნობილია, რომ V-X საუკუნეებში ქართულ ეკლესიაში გაბატონებული იყო ღვთისმსახურების იერუსალიმური წესი. უძველესი იერუსალიმური კანონი შემუშავდა იერუსალიმში ბერძნულ ენაზე IV საუკუნეში (ეს ტექსტი დაკარგულია), მისი ქართულ ენაზე თარგმნა უკვე V საუკუნისთვის ივარაუდება, რასაც ცხადყოფს შედარებით გვიან გადაწერილი ხანმეტი ლექციონარის (VII ს. II ნახ. [შანიძე, 1944]) სტრუქტურაც. სამწუხაროდ, ხანმეტი და გამოკრებილი ჰაემეტი (VIII ს. II ნახ., H-1329 [შანიძე, 1923]) ლექციონარების ჩვენამდე მოღწეული ფრაგმენტები არ შეიცავენ იმ საკითხავებს, რომლებშიც აბრაამისა და სარას სახელები დასტურდება.

VII საუკუნეში შემუშავდა ვრცელი ბერძნული ლექციონარი არსებული იერუსალიმური კანონის შევსება-გავრცობის საფუძველზე. დროთა განმავლობაში ივრცობოდა იერუსალიმური კანონის უძველესი ქართული თარგმანიც. ძველი ქართული ლექციონარის მომდევნო ეტაპის (როცა ლექციონარს გამოეყო იადგარი, VI ს. 70-იანი წლებიდან VII ს. შუა წლებამდე [მეტრეველი... 1980:685-688]) ამსახველია ლატალის (Ll, X ს.), კალის/ლაგურკის (LK, X ს.), სინური (LS, 982 წ.) და პარიზული (LP, X-XI საუკუნეთა მიჯნა) ლექციონარები.12 მათგან მხოლოდ სინური ხელნაწერი წარმოადგენს გამოკრებილ ლექციონარს (სრული ლექციონარიდან მომდინარეს, შეიცავს მხოლოდ ოთხი დღესასწაულის ტექსტებს), დანარჩენი ნუსხები ვრცელი/სრული ლექციონარის ტექსტის შემცველია (თუმცა სრული სახით არ არის მოღწეული).

ცნობილია, რომ პარიზულ ლექციონარში შესული ბიბლიური წიგნების საკითხავების ტექსტი, არსებითად, წარმოადგენს დამოუკიდებელ თარგმანს.  ქართული ლექციონარის პარიზული ხელნაწერის გამოცემის II ნაწილს დანართის სახით ერთვის ლატალის, კალის//ლაგურკისა და სინური ხელნაწერების ის საკითხავებიც, რომლებიც არ მოიპოვება პარიზულისაში, რათა შექმნილიყო ქართულ ლექციონარში შესულ ბიბლიურ საკითხავთა რამდენადმე მთლიანი სურათი [დანელია... 1997:3]. გარდა პარიზული ლექციონარის გამოცემისა, მოსეს ხუთწიგნეულის საკითხავების ვითარების უკეთ გასაანალიზებლად, როგორც პარიზულ, ისე ლატალის, კალისა და სინურ ხელნაწერებში ვისარგებლეთ ნ. მელიქიშვილის მიერ გამოსაცემად მომზადებული ტექსტით [მელიქიშვილი, 1974].13  ახალი აღთქმის საკითხავებისთვის ვისარგებლეთ ლუკასა და იოანეს სახარებების ძველი ქართული თარგმანის კრიტიკული ტექსტით [თვალთვაძე, 2020], რომელშიც გათვალისწინებულია ლექციონარების ვითარებაც.

2.3.1. ძველი აღთქმის საკითხავები. ხუთწიგნეულის ჩვენთვის საინტერესო მუხლები ყველა ხელნაწერში (LP, LL, LK, LS) არ არის წარმოდგენილი. მაგ., დაბადებიდან პარიზულ ლექციონარში შესულია 26 საკითხავი, ლატალის ლექციონარში – 14, კალისაში – 10, სინურში – 4. ამის მიზეზს ხელნაწერთა დაზიანება წარმოადგენს, თორემ ძველი ქართული ლექციონარის ყველა ნუსხა იერუსალიმური ლიტურგიკული პრაქტიკის ამსახველია და, წესით, ყველა მათგანში ერთი და იგივე საკითხავები უნდა იყოს შესული, გარდა სინური ლექციონარისა, რომელიც არა მთელი წლის, არამედ მხოლოდ  ხუთი დღესასწაულის საკითხავებს შეიცავს [მელიქიშვილი, 1974:10].

2.3.1.1. აბრაამი. კალისა და სინური ლექციონარების საკითხავები არ შეიცავს იმ მუხლებს, რომლებშიც, წესით, აბრაამის ორიგინალური სახელი უნდა ჩანდეს, მხოლოდ ლატალისა შეიცავს რამდენიმე მუხლს. ყველაზე სრულად ეს მონაკვეთი პარიზულ ლექციონარშია წარმოდგენილი. ორივე ლექციონარში აბრაამის ორიგინალურ სახელად აბრაჰამ ფორმა დასტურდება. დაბადების 17:5-ს მხოლოდ LP, LL ნუსხები შეიცავს, მათგან ამ მუხლში პარიზის ლექციონარში აბრაამის ორიგინალურ სახელად გვევლინება აბრაამ, ხოლო უფლის მიერ ბოძებულ სახელად – აბრაჰამ ფორმა („და არღარა გეწოდოს სახელი შენი აბრაამ, არამედ აბრაჰამ იყოს სახელი შენი...“ [დაბ. 17:5 LP]), ლატალის ლექციონარში კი გვაქვს აბრამ – აბრაჰამ ოპოზიცია [დაბ. 17:5 LL]. ხუთწიგნეულის ფარგლებში ყველა დანარჩენ შემთხვევაში ოთხივე ლექციონარი აბრაჰამ წაკითხვას გვთავაზობს (ამის მაგალითი საკმაოდ ბევრია), მხოლოდ კიდევ ერთხელ დასტურდება აბრაამ  წაკითხვა პარიზულ ხელნაწერში [დაბ. 22:19 LP]. საერთოდ, LP  ნუსხაში, აღნიშნული ორი შემთხვევის გარდა, მხოლოდ აბრაჰამ ფორმაა გამოყენებული (100-ზე მეტი შემთხვევა), მათ შორის, აბრაამის ორიგინალურ სახელად.

ამგვარად, ძველი ქართული ლექციონარის ყველა ამ ნუსხისთვის (ჩვენამდე მოღწეულ ნაწილში) მხოლოდ აბრაჰამ წაკითხვაა დამახასიათებელი და არ იკვეთება აბრაამის სახელის ორ ფორმას შორის  დაპირისპირების აუცილებლობა (ამის საჭიროება მხოლოდ შეს. 17:5-შია ხელშესახები). ამ მხრივ ძველი ქართული ლექციონარის ვითარება სიახლოვეს ამჟღავნებს ყველაზე ადრეულ, ძველი აღთქმის წიგნების მეტ-ნაკლებად სრულად შემცველ ოშკის ბიბლიასთან.

2.3.1.2. სარა. ძველი ქართული ლექციონარის ხუთწიგნეულის საკითხავებში (ჩვენამდე მოღწეულ ნაწილში) სარრა წაკითხვა დასტურდება მხოლოდ ერთხელ, უფლის მიერ სახელის ცვლილების ეპიზოდში: „სარას, ცოლსა შენსა, არღარა ეწოდოს სახელი მისი სარა, არამედ სარრა იყოს სახელი მისი“ [დაბ. 17:15 LP], დანარჩენ შემთხვევებში ლექციონარის შემცველი ოთხივე ხელნაწერი მხოლოდ სარა წაკითხვას გვთავაზობს აბრაამის ცოლის როგორც ორიგინალურ (LP), ისე – ახალ სახელად (LP,14 LL, LK, LS). ამგვარად, ძველი ქართული ლექციონარის შემცველი ნუსხები, ფაქტობრივად, მხოლოდ სარა ფორმას გვიჩვენებენ და ამ ანთროპონიმის გადმოტანის თვალსაზრისითაც სიახლოვეს ავლენენ ოშკურ ბიბლიასთან.

2.3.2. ახალი აღთქმის საკითხავები. პარიზული ლექციონარის ახალი აღთქმის საკითხავებშიც მხოლოდ აბრაჰამ ფორმა ჩანს (36-ჯერ). იგივე ტენდენცია იკვეთება ლექციონარის დანარჩენ ნუსხებშიც. ჩვენს ხელთ არსებული მასალის მიხედვით, ამ ანთროპონიმის // თანხმოვნის გარეშე გამოყენების თითო-ოროლა შემთხვევა თუ შეიძლება დასტურდებოდეს: მე ვარ ღმერთი აბრამისი... [მ. 22:32 Lp]; რამეთუ შემძლებელ არს ღმერთი აღდგინებად ქვათაგან შვილად აბრაამისა [ლ. 3:8 Lp]. შდრ.: აბრაჰამისად  Ls. აბრაჰამისა Lz [თვალთვაძე, 2020].

პარიზულ ხელნაწერში თითო-თითოჯერ დასტურდება სარა [I პეტ. 3:6] და სარრა [ებრ. 11:11] ფორმები.

3. აბრამ//აბრაამ//აბრაჰამ და სარა//სარრა ფორმები ძველი და საშუალი ქართულის წერილობით ძეგლებში. საკვლევ საკითხზე ზოგადი სურათის შესაქმნელად მივმართეთ კორპუსულ კვლევასაც. გვაინტერესებდა ამ ანთროპონიმების ვარიანტთა გამოყენების სიხშირე (ეპოქისა და ტექსტის ჟანრისა თუ თარგმანის სტილის გათვალისწინებით) და დანიშნულება; ეს სახელები, როგორც ეპონიმები, მათი როლი ონომასტიკურ პროცესებში და სხვ. შევეცდებით მოკლედ ჩამოვაყალიბოთ კორპუსზე დამყარებული კვლევის შედეგები:15

1. ზოგადად, ძველ სამწიგნობრო ქართულში აბრაამის საკუთარი სახელის ფორმებიდან გამოკვეთილი უპირატესობა ენიჭება /ჰ/-თანხმოვნიან აბრაჰამ ვარიანტს. სტატისტიკურად მისი გამოყენების შემთხვევები ბიბლიური მამამთავრის სახელად ბევრად სჭარბობს აბრაამ და, მით უმეტეს, აბრამ ფორმებს. აბრამ ვარიანტი უიშვიათესად დასტურდება ძველ წერილობით ძეგლებში. ძველი ქართული მწერლობა, როგორც ნათარგმნი, ისე ორიგინალური, ფაქტობრივად, აბრაჰამ ფორმას გამოავლენს. ეს ეხება ძველი ქართული სასულიერო მწერლობის ყველა დარგს: როგორც ჰაგიოგრაფიას, ისე ჰიმნოგრაფიას, ეგზეგეტიკას, ლიტურგიკას, ასკეტიკა-მისტიკას, ჰომილეტიკას (ბიბლიოლოგიაზე ვრცლად უკვე გვქონდა საუბარი). აბრაჰამ ფორმა დასტურდება: „ევსტათი მცხეთელის წამებაში“, „ქართლის მოქცევაში“, „აბო ტფილელის წამებაში“, „კონსტანტი კახის წამებაში“, „იოანე ზედაზნელის ცხოვრებაში“, „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაში“ და სხვ. მოვიყვანთ რამდენიმე მაგალითს:

და განმრავლდეს ნათესავნი აბრაჰამისნი დიდად ფრიად... [ევსტ. 37:6].

ნეტარმან აბრაჰამ თჳსთა ნაშობთაგანი შეგიწყნარა [აბო 77:26].

... ვითარცა აკურთხე სახლი ნოვე მართლისაჲ და აბრაჰამ მამათ-მთავრისაჲ [ხანძთ. 259:33].

აბრაჰამ ფორმა დადასტურდა ულტრაელინოფილური სტილის ტექსტებშიც, მაგ., იოანე პეტრიწთან („განმარტებაჲ პროკლესათჳს დიადოხოსისა და პლატონურისა ფილოსოფიისათჳს“), თეოფილაქტე ბულგარელის ლუკასა და იოანეს სახარებების განმარტებებში (ამ შემთხვევაში აბრაამ ვარიანტიც დასტურდება, როგორც სათანადო ადგილას მივუთითეთ).

აბრაამ ფორმა გამოყენების სიხშირით ჩამორჩება //-თანხმოვნიან ვარიანტს, ისიც, ფაქტობრივად, ყველა ტიპის ტექსტში დასტურდება, თუმცა ორიგინალური ჰაგიოგრაფია მაინც აბრაჰამ ვარიანტს ანიჭებს უპირატესობას. როგორც ჩანს, ძველ საქართველოში ამ ანთროპონიმის ჰ-თანხმოვნიანი ფორმები უფრო გავრცელებული უნდა ყოფილიყო (პირველ ყოვლისა, ეს ეხება ნათარგმნ ბიბლიურ წიგნებსა და ლექციონარებს), ამიტომ ორიგინალური თხზულებების ავტორებიც იმ ფორმას იყენებდნენ, რომელსაც მათი ყური მიჩვეული იყო. ამ მხრივ გამონაკლისია „იოვანე ზედაზნელის ცხოვრება“, რომელშიც ხშირად დასტურდება აბრაამ ფორმა.

2. დერივატივების წარმოებისას (ძირითადად, -ეან//-იან სუფიქსით ნაწარმოები ყოლა-ქონების სახელები) ენა აბრამ ფორმას ანიჭებს უპირატესობას: აბრამეანნი [ჰიმნოგ. 25:24], აბრამიანთა [ქ. ცხ. II, 21:10], აბრამიანებრთა [ჰაგ. VI, 322:19] (ეს უკანასკნელი მიღებულია ყოლა-ქონების სახელზე -ებრ თანდებულის დართვით) ... დერივატივები იწარმოება სახელის აბრაამ ვარიანტიდანაც (აბრაამიანი [სამ. ძეგლ. II, 376:18], აბრაამიანებად [გაბაშვ. 59:25]...), თუმცა აბრაჰამ ანთროპონიმისგან ნაწარმოები აბრაჰამიანი ფორმაც დავადასტურეთ ძველ სამწიგნობრო ქართულში: აბრაჰამიანი [გაბრიელ მცირე, 119:21], აბრაჰამიანითა [ფსევდობასილ. 163:2].

3. ძველ ქართულ ნათარგმნ მწერლობაში გამოვლინდა აბრამ ანთროპონიმის ე.წ. ელინიზებული ფორმის (ელინიზებული დაბოლოების მქონე) [Tov, 1999:176] გამოყენების რამდენიმე შემთხვევა, მაგ.: ამბა აბრამიოს [მამათა ცხორ. 252:15], აბრამოს [ფლავიოსი, 89:16], ავრამოჲსგან16  [ფლავიოსი, 19:4] და სხვ.

4. საშუალ ქართულში აბრაჰამ იშვიათად დასტურდება, მეტწილად ადრეული პერიოდის ტექსტებში. რამდენიმე ფორმა შეგვხვდა სამართლის ძეგლებში, ისტორიული და მგზავრობის ჟანრის თხზულებებში. თეიმურაზ I-თან, არჩილთან, ვახტანგ VI-სთან აბრამ ფორმაა გამოყენებული ბიბლიური მამამთავრის სახელად. თეიმურაზ I-თან დავადასტურეთ აბრაამ ვარიანტიც. ნაწარმოების პერსონაჟის სახელად აბრამ  გამოყენებულია „ამირანდარეჯანიანში“, სარგის თმოგველის „დილარიანში“, აბრაამ  – „რუსუდანიანში“.

5. შუა საუკუნეებში  გავრცელებული საკუთარი სახელი უნდა ყოფილიყო აბრამი. იგი დასტურდება როგორც „ქართლის ცხოვრებაში“, ისე – საკმაოდ ხშირად „ქართული სამართლის ძეგლებში“. გვევლინება როგორც სასულიერო პირთა (კათალიკოზი აბრამ, აბრამ მღვდელი, წინამძღვარი აბრამ, აბრამ დეკანოზი...), ისე – ერისკაცთა სახელად (ქურუხულო აბრამ, ნაცუალი აბრამ, ილაური აბრამ, მოურავი აბრამ, აბრამ მჭედლიძის...). „ქართული სამართლის ძეგლებში“ დასტურდება ამ ანთროპონიმის -ა ( -აკ) სუფიქსიანი ფორმებიც (გლეხი აბრამა შალაბერიძე, ურია ყობიაშვილი აბრამა...), ძირითადად, დაბალი სოციალური ფენის წარმომადგენელთა საკუთარ სახელად. დავადასტურეთ, ასევე, ანთროპონიმი აბრამელა (აბრამელა მეძმარიაშვილი, აბრამელასი შვილი ზალიკა)  [სამ. ძეგლ. VIII, 930:20; 930:15].

აბრაჰამი არ ჩანს ისეთი გავრცელებული ფორმა სახელისა, როგორც აბრამი. „ქართლის ცხოვრებისა“ და „ქართული სამართლის ძეგლების“ მიხედვით, აბრაჰამ გვევლინება მხოლოდ სასულიერო პირთა (კათალიკოსი აბრაჰამ, მამამან აბრაჰამ, ალავერდის დეკანოსი აბრაჰამ) და არა ერისკაცთა სახელად. ასკეტიკური ჟანრის თხზულებებიდან ცნობილი არიან: მამა აბრაჰამი, აბრაჰამ მეგვიპტელი, აბრაჰამ მონაზონი [გაბიძაშვილი, 2006:83]. „ქართლის ცხოვრებაში“ ის შეგვხვდა ამირას სახელად: ამირა აბრაჰამ  [ქ. ცხ. I, 257:7]. ამ შემთხვევაში ანთროპონიმის /ჰ/-თანხმოვნიანი ვარიანტის გამოყენება უფრო მოსალოდნელი იყო, რადგან ყურანში ეს სახელი იბრაჰიმ ფორმით დასტურდება.

სახელის აბრაამ ვარიანტი, ასევე, არ ჩანს გავრცელებული. ძირითადად, დადასტურდა სასულიერო პირთა სახელად (ამბა ალავერდელი აბრაამ, კათალიკოზი აბრაამ, აბრაამ კასტიაჲსა ებისკოპოზი). ერისკაცთა სახელად ის ამ ფორმით იშვიათი უნდა ყოფილიყო (ამირ აბრაამ, პოდპოლკოვნიკი მირზა აბრაამ ენაკოლოფოვი).

6. იოანე ბაგრატიონის „ქართლ-კახეთის აღწერაში“ დავადასტურეთ აბრამ ეპონიმისგან წარმომდგარი ტოპონიმიც – სოფელი აბრამეთი („ქ. ოშეთი, ქ. ამლივი, ქ. აბრამეთი, ქ. ღორისთავი...“ ) [ბაგრატ. 32:21a].

7. „ქართული სამართლის ძეგლებში“ დასტურდება აბრამ ანთროპონიმისაგან მომდინარე გვარები: აბრამასშვილი,[17] აბრამაშვილი, აბრამისშვილი, აბრამიშვილი, აბრამისძე, აბრამიძე, აბრამიანი. კორპუსულმა კვლევამ გამოავლინა, ასევე, არაქართული წარმომავლობის გვარი აბრამოვი. აბრაჰამ, აბრაამ ფორმები გვარებში არ ჩანს.

ფაქტობრივად, ანალოგიური ვითარებაა დღესაც: გვარები ნაწარმოებია აღნიშნული ანთროპონიმის აბრამ ვარიანტიდან. 1997 წელს გამოცემული წიგნის, „გვარ-სახელები საქართველოში“, მიხედვით, აბრამ ანთროპონიმისგან მომდინარე გვარებიდან საქართველოში ყველაზე გავრცელებულია აბრამიშვილი (5590), შემდეგ მოდის: აბრამიანი (1508), აბრამიძე (1185), აბრამოვი (651), აბრამაშვილი (580), აბრამია (411), აბრამალაძე (125) [სილაგაძე... 1997:16]. სახელის აბრაჰამ ვარიანტი გვარებში არ ჩანს, თუმცა, ჩვენი აზრით, სწორედ ეს ფორმა უნდა ივარაუდებოდეს ამოსავლად გვარისთვის აბრახამია (90) ← აბრაჰამია.[18]

8. ანთროპონიმის სარრა ვარიანტი დასტურდება მხოლოდ აბრაამის მეუღლის სახელად. გარდა ზემოთ განხილული ბიბლიური წიგნებისა, ეს ფორმა დასტურდება აგრეთვე იოანე ოქროპირის, გრიგოლ ნაზიანზელის, იოსებ ფლავიოსის თხზულებების ქართულ თარგმანებში. შედარებით ხშირი გამოყენებისაა ფორმა სარა, რომელიც გვევლინება როგორც ბიბლიური აბრაამის მეუღლის, ისე სხვა ისტორიულ პირთა და ნაწარმოების პერსონაჟთა სახელად (მაგ., ტობის წიგნის მიხედვით, სარა წარმოადგენდა ტობიას მეუღლის სახელს), მათ შორის – მამაკაცის სახელად („სარა და გრიგოლ ძმანი ფხუელნი“ [ქ. ცხ. I, 269:10]). „ქართლის მოქცევაში“ ერთი და იმავე პირის სახელად დადასტურდა ანთროპონიმის ორივე ფორმა: სარა//სარრა ბეთლემელი. საშუალი ქართული უპირატესობას ანიჭებს სარა ვარიანტს (მაგ., ამ ფორმით დასტურდება მამამთავრის მეუღლის სახელად „ქართული სამართლის ძეგლებში“, არჩილთან), თუმცა არ ჩანს ხშირი გამოყენებისა, ვერ დავადასტურეთ სამართლის ძეგლებსა თუ ისტორიულ დოკუმენტებში ქალის სახელად, ამიტომ, აბრამ ფორმისგან განსხვავებით, ვერაფერს ვიტყვით მის გავრცელებულობაზე შუა საუკუნეების საქართველოში.

4. აბრაამისა და სარას სახელები ბიბლიის თანამედროვე ქართულ თარგმანებში. ბიბლიის ცალკეული წიგნების (ძველი აღთქმა) ორიგინალის ენიდან, ებრაულიდან, თანამედროვე ქართულ ენაზე თარგმნა მე-20 საუკუნის დასაწყისიდან იწყება.[19] ბიბლიის სრული კრებულის (ძველი და ახალი აღთქმა) ორიგინალის ენებიდან (ებრაული, ბერძნული) ახალ ქართულ ენაზე შესრულებული თარგმანი კი საქართველოს საპატრიარქომ 1989 წელს გამოსცა [ბიბლია... 1989]. ჩვენთვის საინტერესო ებრაული სახელები აღნიშნულ გამოცემაში  აბრამ – აბრაამ   (אַבְרָהָ֔ם←  אַבְרָ֑ם) და სარაი – სარა (שָׂרָ֖ה← (שָׂרָ֑יფორმებს გვიჩვენებს. საყურადღებოა, რომ წყარო ენაში (אַבְרָהָ֔ם←  אַבְרָ֑ם)   ב(ბე) თანხმოვანი დაგეშის გარეშეა წარმოდგენილი და, შესაბამისად, სახელის  სწორ წაკითხვას წარმოადგენს ავრამ//ავრაჰამ[20] და არა აბრამ//აბრაამ, როგორც ეს  ქართულშია მიღებული.[21] სახელების პირველადი ფორმები ზუსტად იმეორებს ორიგინალის ვითარებას, ოღონდ ერთი განსხვავებით: აბრამ ანთროპონიმი წარმოდგენილია არა //, არამედ // თანხმოვნით, როგორც ჩანს, ჩვენი მწიგნობრული ტრადიციის გავლენით, რადგან ქართულში სწორედ //-თანხმოვნიანი ფორმა აღიქმებოდა ებრაული ანთროპონიმის მყარ ეკვივალენტად. ბიზანტიური ბერძნულის გავლენით, //-ს სპირანტიზაციით მიღებული ავრაამ  წაკითხვა კი, როგორც სათანადო ადგილას უკვე ვნახეთ, მხოლოდ მოგვიანებით, ულტრაელინოფილური პერიოდის თარგმანებში იჩენს თავს, ისიც – იშვიათად. ამასთანავე, ანთროპონიმების მეორეულ ფორმებში არ ჩანს თეოფორულობის მიმანიშნებელი ებრაული ה (ჰე) თანხმოვანი (ვერ ვხედავთ მოსალოდნელ ავრაჰამ, სარაჰ ფორმებს) და განსხვავება სახელის ორ ფორმას შორის სხვა პრინციპს ეფუძნება: // ხმოვნის გაორმაგებასა (აბრაამი) და ბოლოკიდური //-ს მოკვეცას (სარა):

დაბადება 17: 5 აღარ გერქვას ამიერიდან სახელად აბრამი, არამედ აბრაამი იყოს შენი სახელი, რადგან უამრავ ხალხთა მამად გაქცევ.

დაბადება 17: 15 უთხრა ღმერთმა აბრაამს: სარაის, შენს ცოლს, აღარ ერქვას სახელად სარაი, არამედ სარა იყოს მისი სახელი.

ამრიგად, საქართველოს საპატრიარქოს მიერ გამოცემული ბიბლიის ძველი და ახალი აღთქმის წიგნების სათანადო მუხლებში საანალიზო ანთროპონიმები სახელის ცვლილებამდე აბრამ და სარაი ფორმებით დასტურდება, ხოლო მის შემდეგ – აბრაამ და სარა ვარიანტებით.

ჩვენთვის საინტერესო ანთროპონიმების ქართულში გადმოღების თვალსაზრისით, საყურადღებოა ახალ ქართულ ენაზე თარგმნილი ბიბლიის რამდენიმე გამოცემა. მათ შორის ერთ-ერთია 2001 წელს საქართველოს ბიბლიური საზოგადოების მიერ დაბეჭდილი ძველი და ახალი აღთქმის წიგნები  [ბიბლია... 2001].22 დაბადების წიგნის თარგმანი იმეორებს საპატრიარქოს მიერ გამოცემულ ბიბლიაში მოცემული სახელების ფორმებს ერთი დამატებით – აბრაამის ორიგინალურ და შეცვლილ სახელებს მუხლშივე ერთვის კომენტარები, რომლებიც განმარტავენ მათს მნიშვნელობას (თარგმანში გამოტოვებულია ორიგინალის წინადადების ნაწილი: וְהָיָ֤ה שִׁמְךָ֙ (და იყოს შენი სახელი)):

დაბადება 17: 5 და აღარ გერქმევა შენ სახელად აბრამი (ამაღლებული მამა), არამედ აბრაამი (მრავალთა მამა), რადგან მრავალი ხალხის  მამად გაქცევ.

დაბადება 17: 15 უთხრა ღმერთმა აბრაამს: „და აღარ უწოდო შენს ცოლს სარაი,  არამედ სარა იყოს სახელი  მისი“.

2012 წელს სულხან-საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტმა ცალკე წიგნად დაბეჭდა ხუთწიგნეული23 [ხუთწიგნეული... 2012], რომელშიც ჩვენთვის საინტერესო მუხლები არა მარტო ზუსტად მიჰყვება საპატრიარქოს მიერ გამოცემული ბიბლიის მუხლების თარგმანს, არამედ ზუსტად იმეორებს ანთროპონიმების ფორმებსაც: აბრამ//აბრაამ, სარაი//სარა.24

აღნიშნული ანთროპონიმების გადმოღების კუთხით ყურადღებას იპყრობს ბიბლიის 2015 წლის გამოცემა [ბიბლია... 2015], რომელშიც აბრაამის უფლის მიერ ბოძებულ სახელად გვევლინება ფორმა აბრაჰამ, რომელშიც დედნისეული თეოფორულობის ელემენტი შენარჩუნებულია. მამამთავრის ორიგინალურ სახელად ამ გამოცემაშიც აბრამ ფორმაა წარმოდგენილი.

ცალკე უნდა აღინიშნოს 1988 წელს ისრაელში გამოცემული თორის (ხუთწიგნეულის) ახალ ქართულ ენაზე შესრულებული თარგმანი. წიგნის მთარგმნელები არიან: აბრამ მამისთვალოვი, თამარ მამისთვალოვ-კეზერაშვილი და გერშონ ბენ ორენი (წიწუაშვილი). წიგნი მეორედ დაიბეჭდა 1995 წელს [თორა, 1995]. როგორც მთარგმნელები მიუთითებენ წინასიტყვაობაში, ხუთწიგნეულის მეორედ გამოცემა ორმა მიზეზმა განაპირობა: წიგნზე არსებულმა დიდმა მოთხოვნილებამ და პირველი თარგმანის გამოცემაში არსებული უზუსტობების ჩასწორების სურვილმა. მეორე გამოცემის რედაქტორები არიან აბრამ მამისთვალოვი და თამარ მამისთვალოვ-კეზერაშვილი. აღნიშნულ გამოცემაში მამამთავრისა და მისი მეუღლის უფლის მიერ ბოძებულ სახელთაგან მხოლოდ აბრაამის სახელის შემთხვევაშია შენარჩუნებული თეოფორულობის // ელემენტი:

ბერეშით 17: 5 და შენ აღარ გერქმევა აბრამი, არამედ შენი სახელი იქნება აბრაჰამი,  რამეთუ უამრავ ხალხთა მამად გაქცევ შენ.

ბერეშით 17: 15 და უთხრა ღმერთმა აბრაჰამს: სარაის, შენს ცოლს, აღარ დაუძახო სახელად სარაი, არამედ მისი სახელი იქნება სარა.

ამრიგად, ორიგინალის ენიდან ბიბლიის ახალ ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანებში იკვეთება ანთროპონიმების – אַבְרָהָ֔ם¬  אַבְרָ֑ם,  שָׂרָ֖ה¬ שָׂרָ֑י  გადმოტანის ორი „ლინგვისტური სიტუაცია“ – შეინიშნება ოპოზიცია, ერთი მხრივ, აბრამ – აბრაამ, სარაი – სარა ფორმებსა და, მეორე მხრივ, აბრამ – აბრაჰამ, სარაი – სარა ვარიანტებს შორის. თუ აღნიშნულ გამოცემებში ერთგვაროვანი სურათი არ არის აბრაამის მეორეული სახელის გადმოცემაში, სრული თანხვედრაა სარას სახელის შემთხვევაში: არცერთი თარგმანი არ გვიჩვენებს ებრაული ანთროპონიმის (שָׂרָ֖ה) ტრანსლიტერაციით მოსალოდნელ ეკვივალენტს, სარაჰ ფორმას, რომელსაც არც ქართული მწიგნობრული ტრადიცია უჭერს მხარს.25

5. დასკვნა. ამრიგად, ბიბლიურ წიგნთა ძველი ქართული ვერსიები თუ იერუსალიმური კანონის შემცველი ლექციონარები აბრაამისა და სარას სახელების გადმოღების თვალსაზრისით, პირობითად, შეიძლება ორ ჯგუფად დავყოთ: ა) ტექსტები, რომლებშიც საერთოდ არ იკვეთება ამ ბიბლიურ პირთა ორიგინალურ და უფლის მიერ ბოძებულ სახელებს შორის დაპირისპირების ტენდენცია; ბ) ასეთი ტენდენცია, მიუხედავად დარღვევებისა, მაინც შესამჩნევია. ორივე შემთხვევაში იგულისხმება ტექსტები, რომლებიც შეიცავენ დაბადების წიგნს 17:5-მდე ან 17:15-მდე (აბრაამისა და სარას სახელების ცვლილებამდე) ფრაგმენტულად მაინც.

პირველ ჯგუფს განეკუთვნება ძველი აღთქმის წიგნთა უძველესი თარგმანის შემცველი ოშკის//ათონის ბიბლია (978 წ.) და ძველი ქართული ლექციონარის ამსახველი ხელნაწერები (პარიზული (X-XI სს.) და ლატალის (X ს.)), რომლებიც, ფაქტობრივად, ამ ბიბლიურ პირთა სახელების ერთ ფორმას გამოავლენენ – აბრაჰამ და სარა, თუმცა ამ ხელნაწერებშიც, სახელის ცვლილების ეპიზოდებში, ერთმანეთს უპირისპირდება ანთროპონიმის ორიგინალური და უფლის მიერ ბოძებული ფორმები: აბრაამ – აბრაჰამ (OLp), აბრამ – აბრაჰამ (Ll), სარა – სარრა  (OLp). როგორც სათანადო ადგილას მივუთითეთ, აღნიშნული დაპირისპირება ბოლომდეა გატარებული ებრაულსა და ბერძნულში, ჩვენი დაკვირვებით, სისტემურია სომხურსა და სირიულშიც. ამ მხრივ გამონაკლისს მხოლოდ ქართული წარმოადგენს.

ტენდენცია, არ განირჩეს სარას სახელის ორი ფორმა, ოშკურ ბიბლიაში ბოლომდე არ არის გატარებული: სახელის ცვლილების შემდეგ ორიგინალური ფორმა სარა ჩანს კიდევ გარკვეულ მონაკვეთში (შეს. 17:19-20:2). ამის შემდეგ (გასათვალისწინებელია ხელნაწერის ნაკლულობაც) შეიმჩნევა გადამწერის პოზიციის შეცვლა სარრა ვარიანტის სასარგებლოდ.

მეორე ჯგუფს განეკუთვნება:  ულტრაელინოფილური თარგმანის ტიპის C –  A 179 ხელნაწერი (1669 წ.) და ბაქარის ნაბეჭდი ბიბლია (B A 455, 1743 წ.); ასევე  A –  H 1207 (XVIII ს.) და საბას ანუ მცხეთური ბიბლია (XVII-XVIII სს.).

აშკარაა, რომ დაპირისპირება აბრაამისა და სარას სახელების ორ ფორმას შორის არ ჩანს სწორედ ძველ ხელნაწერებში, ამის საჭიროება ბიბლიურ წიგნთა მხოლოდ გვიანდელ ნუსხებში იჩენს თავს, სავარაუდოდ, ბერძნულთან შედარების საფუძველზე. შედეგად, არა მარტო იკვეთება სახელის ორიგინალური და ახალი ფორმების გარჩევის აუცილებლობა, არამედ აღმოსავლური ტექსტობრივი ტრადიციის ამსახველ აბრაჰამ ფორმას, გარკვეულწილად, ანაცვლებს ბერძნულისთვის დამახასიათებელი აბრაამ წაკითხვა აბრამ ფორმასთან შეპირისპირებით. ეს პროცესი უფრო  ულტრაელინოფილური ტიპის თარგმანებშია ხელშესახები (C, G), რადგან, როგორც ჩანს, ტრადიციით გამყარებული აბრაჰამ წაკითხვა მაინც სერიოზულ კონკურენციას უწევს ანთროპონიმის ელინურ ვარიანტს. სახელის შეცვლის ეპიზოდშიც აბრაამის ახალ სახელად, ფაქტობრივად, ყველა ტიპის ტექსტი მხოლოდ აბრაჰამ ფორმას გვთავაზობს (O Lp Ll C B A S), რომელიც უპირისპირდება აბრაამ (OLp), ან აბრამ (Ll C B A S) ფორმებს.26

ზემოაღნიშნული ორი (აღმოსავლური და ბერძნული) ლიტერატურულ-ტექსტობრივი ტრადიციის სინთეზი ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი უნდა იყოს იმ სიჭრელისა, რომელიც შეინიშნება აღნიშნული ანთროპონიმის გადმოცემის საკითხში.

ბერძნულის გავლენითვე უნდა აიხსნას სარა ® სარრა პროცესიც, რადგან გემინირებული თანხმოვანი ამ ანთროპონიმის დაწერილობაში არც სირიულსა და სომხურშია (თუმცა სომხურში პრინციპი, შეიძლება ითქვას, ბერძნულისებრია) და არც ებრაულში. ქართულმა თითქოს ელინური სარრა ფორმა უფრო მარტივად მიიღო (თუმცა არც ამ შემთხვევაშია ერთგვაროვნება), ვიდრე აბრაამ  (გარდა აბრაჰამ ფორმის გამოყენების ტრადიციისა, შესაძლოა, ერთ-ერთი მიზეზი ისიც ყოფილიყო, რომ ძველ ხელნაწერებში აბრაამ  მამამთავრის ორიგინალურ სახელად მოიაზრება (დაბ. 17: 5 OLp)).

აშკარაა, რომ ბიბლიური წიგნებისა და ლექციონარების უძველესი ქართული თარგმანების შემცველი ჩვენამდე მოღწეული ნუსხები აბრაამის სახელის გადმოღება-ტრანსლიტერაციის საკითხში უფრო აღმოსავლურ ლიტერატურულ-ტექსტობრივ ტრადიციას (სომხური, სირიული, ებრაული) ანიჭებენ უპირატესობას, ხოლო სარას სახელის შემთხვევაში – პირიქით, არა სირიულ-ებრაულს, არამედ უფრო ბერძნულს, რომელსაც პრინციპულად მიჰყვება სომხურიც. 

ახალი აღთქმის შემცველი თითქმის ყველა ძველი ხელნაწერისთვის (ადიშის ოთხთავის (897 წ.) გარდა, რომელიც უპირატესობას აბრაამ ვარიანტს ანიჭებს, თუმცა რამდენჯერმე გამოავლენს აბრაჰამ წაკითხვასაც), მისი რედაქციული კუთვნილების მიუხედავად, ნორმას წარმოადგენს ამ სახელის //-თანხმოვნიანი აბრაჰამ ფორმა (უიშვიათესი გამონაკლისები საერთო სურათს ვერ ცვლის). იქმნება ისეთი შთაბეჭდილება, რომ აღნიშნული ანთროპონიმის გადმოტანის სწორედ ეს წესი უნდა ასახავდეს უძველეს ვითარებას.

სარწმუნო ჩანს მოსაზრება, რომ, თუ მთელი ბიბლია არა, მისი გარკვეული ნაწილი მაინც ქართულად უნდა თარგმნილიყო IV-V საუკუნეთა მიჯნაზე ან V საუკუნის შუა წლებისთვის [დანელია, 1977:67] მეტწილად ბერძნულიდან [დანელია, 1983:128; გიგინეიშვილი, 1989:54; უტიე, 2009:232 და სხვ.]. უძველესი ქართული ლექციონარის არსებობაც უკვე V საუკუნის ბოლოს ან VI საუკუნის დასაწყისში ივარაუდება [იადგარი, 1980:684]. რადგან უძველესი იერუსალიმური კანონი შემუშავდა იერუსალიმში (IV ს.) ბერძნულ ენაზე, ქართული ლექციონარის წყაროდაც ბერძნულია მიჩნეული [მელიქიშვილი, 1974:1-2]. დედნად ბერძნულის არსებობის შემთხვევაში ქართული თარგმანების ჩვენამდე მოღწეულ უძველეს ნუსხებში აბრაჰამ ფორმისთვის უპირატესობის მინიჭებას შეიძლება ასეთი ახსნა მოეძებნოს: ბიბლიის უძველესი ქართული თარგმანები ჩვენამდე მოღწეულია არა პირველმთარგმნელთა ავტოგრაფული ნუსხებით ან ქრონოლოგიურად ახლო პერიოდის ხელნაწერებით, არამედ მათგან საკმაოდ დაშორებული (რამდენიმე საუკუნით) გვიანდელი ნუსხებით. ამიტომ თუნდაც პირველწყაროდ ბერძნულის მიჩნევისა და აღნიშნული ებრაული ანთროპონიმის სეპტუაგინტაში უკვე ბერძნულად ტრანსლიტერირებული ფორმის ზუსტად, უცვლელად გადმოღების დაშვების შემთხვევაშიც კი (ბერძ. Αβρααμ – ქართ. აბრაამ) ტექსტის ტრანსმისიის პროცესში, სომხურთან, სირიულთან, ებრაულთან თუ ისევ ბერძნულთან არაერთხელ შედარების ეტაპების გავლის შემდეგ [გიგინეიშვილი, 1989:54], ბუნებრივია, ეს ანთროპონიმი ვერ იქნება მოღწეული იმ სახით, როგორითაც პირველმთარგმნელთა ავტოგრაფულ ნუსხებში შესაძლოა ყოფილიყო. შესაბამისად, ჩვენ არაფერი ვიცით ამ ანთროპონიმის გადმოღების საკითხზე პირველმთარგმნელთა პოზიციის შესახებ. დღეს რთულია ზუსტად განსაზღვრო, აბრაამის სახელის გადმოცემის საკითხში ოშკის ბიბლიაში წარმოდგენილი ვითარება უძველეს ეტაპს ასახავს და პირველმთარგმნელს (ან პირველმთარგმნელებს) მიეწერება, თუ ტექსტის ტრანსმისიის პროცესში რედაქტორ-გადამწერის მიერ შეტანილი ცვლილების შედეგია.

წყაროდ ბერძნულის მიჩნევის შემთხვევაშიც კი, ცნობილია, რომ ბიბლიის პირველმთარგმნელნი იცნობდნენ და ითვალისწინებდნენ სხვა წყაროების (სომხური, სირიული, ებრაული) ვითარებასაც. ამიტომ არ არის გამორიცხული, უკვე პირველმთარგმნელებს აღნიშნული ებრაული ანთროპონიმი გადმოეღოთ არა ერთხელ უკვე ტრანსლიტერირებული სახით (ბერძნულის ფონოლოგიური სისტემის შესაბამისად), არამედ ორიგინალის ვითარებისა და არაბერძნული, აღმოსავლური ლიტერატურულ-ტექსტობრივი ტრადიციის გათვალისწინებით – //-თანხმოვნიანი აბრაჰამ ფორმით. ამ არჩევანის ხელშემწყობი სხვა გარემოებაც შეიძლებოდა გამხდარიყო: სამეცნიერო ლიტერატურიდან ცნობილია, რომ სეპტუაგინტას უძველეს მთარგმნელებს ანთროპონიმების ეკვივალენტების შერჩევისას შესაძლოა, ყოველთვის არ ეხელმძღვანელათ ებრაული წყაროს მონაცემებით, გამიჯვნოდნენ მას და გამოეყენებინათ სახელის ის ფორმა, რომელსაც მიჩვეული იყვნენ, რომელიც მათს გარემოცვაში იყო გავრცელებული (რეალურად არსებულ სახელს წარმოადგენდა მათს კოლექტივში),27 ერთი სიტყვით, საკუთარ სახელთა გადმოტანისას უპირატესობა ნაცნობი ეკვივალენტებისთვის მიენიჭებინათ [Tov, 2022]. შესაძლოა, სახელის აბრაჰამ ვარიანტი ქართველებისთვის სწორედ ასეთ ნაცნობ ეკვივალენტს წარმოადგენდა, რომელიც გავრცელებული უნდა ყოფილიყო სომხურ თუ იუდეურ თემებში, რომელთა არსებობა უძველესი დროიდანვე მოიაზრება საქართველოს ტერიტორიაზე.28 

სარას სახელის გადმოცემა-ტრანსლიტერაციის საკითხში, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ქართული, ჩვენამდე მოღწეული უძველესი ხელნაწერების მიხედვით, ემიჯნება სირიულ-ებრაულ ლიტერატურულ-ტექსტობრივ ტრადიციას (ქართულში არ ჩანს ებრაულისა და სირიულისთვის დამახასიათებელი სარაჰ ვარიანტი. ზოგადად, ძველ ქართულს არ ახასიათებს /ჰ/ სახელურ ფუძეთა აუსლაუტში) და უფლის მიერ ბოძებულ სახელად სარა ან იშვიათად ბერძნულისთვის დამახასიათებელ როს გემინაციით მიღებულ სარრა ფორმებს წარმოგვიდგენს. სარას სახელის გადმოცემის საკითხში ქართული სიახლოვეს ამჟღავნებს სომხურთან, რომელიც ასევე ემიჯნება სირიულ-ებრაულს, არ იყენებს /ჰ/-თანხმოვნიან სარაჰ ვარიანტს და მამამთავრის მეუღლის მოდიფიცირებული სახელი ბერძნულის პრინციპის მიხედვით აქვს ნაწარმოები: ახალ ფორმაში მაგარი , რომელიც ანაცვლებს რბილ -ს (Սարա Սառա), როგორც უკვე აღვნიშნეთ, ბერძნული გემინირებული როს ეკვივალენტია. ოშკურ ბიბლიასა და ძველი ქართული ლექციონარის შემცველ ნუსხებში გამოვლენილი ტენდენცია, როგორც ორიგინალურ, ისე უფლის მიერ ბოძებულ სახელად მხოლოდ ერთი, სარა, ფორმის გამოვლენისა, შესაძლოა, სომხურის გავლენითაც აიხსნას, რადგან რბილი და მაგარი -ს მონაცვლეობაზე დამყარებული Սարա Սառա დაპირისპირება, ზემოთ წარმოდგენილი ეკვივალენტობის პრინციპის  სათანადოდ გააზრების გარეშე, ქართულად მხოლოდ ერთი – სარა ფორმით შეიძლებოდა გადმოცემულიყო.

ჩვენი აზრით, თუ კომპლექსურად განვიხილავთ ორივე ანთროპონიმის ქართულად ტრანსლიტერაცია-ტრანსკრიფცირების საკითხს, ბიბლიური წიგნებისა და ლექციონარების უძველეს ქართულ თარგმანებზე ამ მხრივ აღმოსავლური ლიტერატურულ-ტექსტობრივი ტრადიციის გავლენაზე საუბრისას, პირველ ყოვლისა, სომხური უნდა მოვიაზროთ.29

ცნობილია, რომ ბიბლიური წიგნები უფრო ხშირად განიცდიდნენ ცვლილებას ბერძნულ წყაროსთან დაახლოების მიზნით (ათონურ პერიოდამდეც), ამიტომ ტექსტის ძველი სახე უფრო უძველეს ქართულ ლექციონარებში უნდა იყოს დაცული, რომლებთან სიახლოვეს ამჟღავნებს ოშკის ბიბლიაც.30 აღნიშნულიდან გამომდინარე, ჩვენი აზრით, შესაძლოა სწორედ ლექციონარები და ბიბლიურ წიგნთა ძველი ქართული თარგმანის შემცველი ოშკური ვერსია ასახავდნენ უძველეს ვითარებას ქართულში აბრაამისა და სარას სახელების გადმოღების საკითხშიც. აბრაამ წაკითხვას უფლის მიერ ბოძებულ სახელად არა ლექციონარები, არამედ ბიბლიის ქართული ვერსიების შემცველი მოგვიანო პერიოდის ნუსხები ავლენენ და ამის მიზეზს ბერძნულ წყაროსთან დაახლოება უნდა წარმოადგენდეს.

ზოგადად, ძველ სამწიგნობრო ქართულში აბრაამის საკუთარი სახელის ფორმებიდან გამოკვეთილი უპირატესობა //-თანხმოვნიან აბრაჰამ ვარიანტს ენიჭება. ორიგინალური ჰაგიოგრაფია აშკარად აბრაჰამ ფორმას ანიჭებს უპირატესობას. საშუალ ქართულში აბრაჰამ იშვიათად დასტურდება, მეტწილად ადრეული პერიოდის ტექსტებში. ენის განვითარების ამავე საფეხურის მოგვიანო პერიოდის ტექსტებში სახელის აბრაჰამ//აბრაამ ვარიანტი არ გვხვდება ხშირად, ძირითადად, დასტურდება სასულიერო პირთა სახელად. სანაცვლოდ, ამ პერიოდში გავრცელებული საკუთარი სახელი უნდა ყოფილიყო აბრამი. იგი გვევლინება როგორც სასულიერო პირთა, ისე – ერისკაცთა სახელად. გვარების წარმოებისას უპირატესობა ენიჭება აღნიშნული ანთროპონიმის აბრამ ვარიანტს (აბრამიშვილი, აბრამიძე...).

ორიგინალის ენიდან ბიბლიის ახალ ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანებში იკვეთება საკვლევი ანთროპონიმების გადმოტანის ორი „ლინგვისტური სიტუაცია“ – შეინიშნება ოპოზიცია, ერთი მხრივ, აბრამ – აბრაამ, სარაი – სარა ფორმებსა და, მეორე მხრივ, აბრამ – აბრაჰამ, სარაი – სარა ვარიანტებს შორის. თუ აღნიშნულ გამოცემებში ერთგვაროვანი სურათი არ არის აბრაამის უფლის მიერ ბოძებული სახელის გადმოცემაში, სრული თანხვედრაა სარას სახელის შემთხვევაში: არცერთი თარგმანი არ გვიჩვენებს ებრაული ანთროპონიმის (שָׂרָ֖ה) ტრანსლიტერაციით მოსალოდნელ ეკვივალენტს, სარაჰ ფორმას, რომელსაც არც ქართული მწიგნობრული ტრადიცია უჭერს მხარს.

 

[1]სტატიის პირველი ნაწილი დაბეჭდილია ამავე ელექტრონური ბილინგვური სამეცნიერო ჟურნალის, სპეკალის, მე-17 ნომერში: https://www.spekali.tsu.ge/index.php/ge/article/viewArticle/17/315  DOI: 10.55804/jtsuSPEKALI-17-21

[2]გამოყოფენ მათი სინთეზის შედეგად მიღებულ ნარევ ტექსტსაც.

[3]მაგ., ოპიზური (პროტოვულგატა) რედაქციის ნუსხებიდან: აბრამისა [ლ. 3:8 E], აბრამი [ი. 8:57 D], აბრამისა [ი. 8:58 D]… აბრამ//აბრაამ ტიპის ფორმებს შედარებით ხშირად გამოავლენს Ad ნუსხა (ანბანდიდი): აბრაამ [ი. 8:52], აბრამსა [ი. 8:56], აბრაამი [ი. 8:57]... ოთხთავის ათონური პერიოდის ხელნაწერებისათვის დამახასიათებელია მხოლოდ აბრაჰამ ფორმა, თითო-თითო გამონაკლისის გარდა: აბრაამისა [ლ. 3:34 I], აბრაამისა [ლ. 20:37 F]. ყურადღებას იპყრობს გიორგისეული რედაქციის ეჩმიაძინის ოთხთავი, რომელშიც მათეს თავის 1:1-2-ში ნახსენები აბრაჰამ ფორმები გაცხოველებულია და აბრამისი [1:1] და აბრამ [1:2] იკითხება, თუმცა „პირვანდელი ნაწერის კვალი მკრთალად ახლაც ჩანს“ [იმნაიშვილი, 1979:259]. როგორც ჩანს, არაბერძნული ტექსტობრივი ტრადიციის ამსახველი ფორმები მართებულად არ მიუჩნევიათ.

[4]ტექსტის გამომცემელი, ლ. ქაჯაია, ხელნაწერს V-VI საუკუნეებით ათარიღებს [ქაჯაია, 1984:303]. ხანმეტობის ნორმების იმ დარღვევების საფუძველზე, რომლებიც შეინიშნება ტექსტში, უფრო მართებული ჩანს მისი VII საუკუნით დათარიღება. ოთხთავში დასტურდება ერთი ს-პრეფიქსიანი ფორმაც: დასთესის [მკ. 4:26].

[5]ერთი გამონაკლისის გარდა: აბრაჰამის [ლ. 19:9 C], რომელიც ოპიზური რედაქციის ტექსტით შევსებულ მონაკვეთშია.

[6]ოთხთავის ძველი ქართული თარგმანის ყველა ძველი ხელნაწერის ლიტერისთვის იხ. „ქართული ოთხთავი“ [თვალთვაძე, 2020].

[7]J – Jer. 22 (XII-XIII სს.); K – K 78 (XII-XIII სს.); A – A 113 (XVIII ს.); B – A 284 (XVIII ს.).

[8]ანტონ I-ის მოღვაწეობის პერიოდის ახალი აღთქმის წიგნთა გამოცემებში ბერძნულ-სლავურის გავლენით შეინიშნება უჰაეო ფორმების გატარების ტენდენცია. როგორც ა. შანიძე შენიშნავს, „ირაკლისეულ ოთხთავში, Ⴃ-ში, ყველგან უჰაეო ფორმებია გატარებული... სამაგიეროდ, სამოციქულოში ჰაესთვის არსად ხელი არ უხლიათ...“ [შანიძე, 1964:36].

[9]ძველი (ႠႡ) და ახალი (ႢႣ) რედაქციების ნუსხები:  Ⴀ რედაქციისა –  A – S 407 (X ს.); Ⴁ რედაქციისა – L - ლაგურკის ლექციონარი (X ს.); Ⴂ გიორგი მთაწმიდლისეული რედაქციისა – E – A 584 (1083 წ.), F – A 34 (XIII ს.); Ⴃ ეფრემისეული რედაქციისა – G – A 137 (XIV ს.), H – A 677 (XII ს.), J – K-12 ლენინგრადისა (XIII ს.). Ⴀ1  რედაქციის სინური ნუსხები:   M - ც17/ჯ39 (974 წ.),  N - ც16/ჯ31 (977 წ.)   [ლორთქიფანიძე, 1956:143].

[10]გიორგი მთაწმიდლისეული და ეფრემისეული რედაქციების ნუსხები უპირატესობას ანიჭებენ გემინირებულთანხმოვნიან სარრა ფორმას. ამავე ვითარებას გვიჩვენებს ძველი Ⴀ რედაქციის A ხელნაწერიც.

[11]A რედაქციის ნუსხები (უძველესი):  a – S 407 (X ს.), l – S 1398 (X ს.); B რედაქციის ნუსხები: b – S 1138 (X ს.), g – K 176 (XI ს. I ნახ.), d – S 58/31 (X ს.), e – Ath. 42/11 (X ს.); C გიორგისეული რედაქციის ნუსხები:  v – A 584 (XI ს.), z – Ath. 78/12 (XI ს.), H – A 34 (XIII ს.); D ეფრემ მცირისეული რედაქციის ნუსხები: T – A 137 (XIV ს.), I – A 677 (XI-XII სს.), k – K4 (XIII ს.) [ძოწენიძე... 1974].

[12]ამ ჩამონათვალს ემატება ფრაგმენტულად მოღწეული ლექციონარებიც.

[13]LP, LL, LK, LS ნუსხებში წარმოდგენილი ძველი ქართული ლექციონარის მოსეს ხუთწიგნეულის საკითხავები გამოსაცემად მოამზადა ნ. მელიქიშვილმა. ტექსტი დანართ ნაწილად ერთვის მის საკანდიდატო დისერტაციას.

[14]პარიზული ხელნაწერის ძველი აღთქმის საკითხავებში სარა ფორმა დასტურდება 16-ჯერ აბრაამის ცოლის როგორც ორიგინალურ, ისე უფლის მიერ ბოძებულ სახელად.

[15]კორპუსული (TITUS) კვლევის გათვალისწინებით, ბიბლიოგრაფიაში ცალკე აღარ ვუთითებთ ემპირიულ მასალას, რომელშიც საძიებელი ფორმა დასტურდებოდა.

[16]ხშულის სპირანტიზაციით (ბ → ვ), ბიზანტიური ბერძნულის წაკითხვის შესაბამისად.

[17]თუკი დღეს გვარებში, რომელთა მეორე კომპონენტია შვილ-ი და ძე, პირველი კომპონენტის ნათესაობითი ბრუნვის ნიშნის ს თანხმოვანი ელემენტი დაკარგულია (მაგ., აბრამიშვილი), საშუალ ქართულში ის ჯერ კიდევ ხელშესახებია (აბრამისშვილი // აბრამიშვილი, აბრამისძე // აბრამიძე).

[18]ჩვენი აზრით, შესაძლოა, რამდენიმე გვარის ეტიმოლოგია ამავე საკუთარ სახელს უკავშირდებოდეს. ამ ეტაპზე აღნიშნული საკითხის კვლევა არ წარმოადგენს ჩვენი ინტერესის სფეროს.

[19]ამ მხრივ საინტერესოა ძველი აღთქმის ერთ-ერთი წიგნი „ქებათა ქება“, რომლის წყარო ენიდან, ებრაულიდან, შესრულებული თარგმანი მე-20 საუკუნის 20-იან წლებს განეკუთვნება და იმ დროისთვის ცნობილ მწერალსა და საზოგადო მოღვაწეს, გერცელ ბააზოვს, ეკუთვნის. 20-იანი წლებიდან 90-იან წლებამდე „ქებათა ქება“ არაერთგზის ითარგმნა ქართულ ენაზე უშუალოდ ებრაულიდან.

[20]ებრაული ენის ბგერითი სისტემის ქართულ ენაზე ტრანსკრიფცია-ტრანსლიტერაციის სახელმძღვანელო წესებს (განხილულ იქნა 2024 წლის 7 ივლისს სახელმწიფო ენის ექსპერტთა კომისიის სხდომაზე (https://enadep.gov.ge/index.php?m=42&news=286&lang=ka). ვიმოწმებთ ხელნაწერი ვარიანტიდან, რადგან ჯერ არ ჩანს ატვირთული სახელმწიფო ენის დეპარტამენტის ოფიციალურ გვერდზე) დართული აქვს რამდენიმე შენიშვნა, მათ შორის ერთი ბიბლიური სახელების გადმოტანას ეხება: „ბიბლიური ანთროპონიმებისა და ტოპონიმების ქართული დაწერილობა ტრადიციას უნდა მისდევდეს, მაგ.: מֹשֶׁה მოსე (და არა – მოშე), אַברָהָם აბრაამი (და არა – ავრაჰამი), יְרוּשָׁלַיִם  იერუსალიმი (და არა – იერუშალაიმი), שֹׁמְרוֹן სამარია (და არა – შომრონი) და მისთ“. ბიბლიური წიგნების ახალ ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანებში საკუთარ სახელთა გადმოღება, არსებითად, ამ წესს მისდევს, თუმცა – არა ყოველთვის. კერძოდ, ქართული მწიგნობრული ტრადიცია აბრაამის მეორეულ სახელად აბრაჰამ ფორმას ანიჭებს უპირატესობას (და არა აბრაამ წაკითხვას), ხოლო სარაი ვარიანტი საერთოდ არ ჩანს. ზემოაღნიშნულ წესს არ მისდევს 1988 წელს ისრაელში გამოცემული ხუთწიგნეულიც, რომელშიც შენარჩუნებულია, ფაქტობრივად, ყველა ებრაული ონომასტიკური ერთეულის ეროვნული კოლორიტი და ჟღერადობა.

[21]2012 წელს გამოცემულ წიგნში „სახელები და ცნებები „თანახ“-იდან, მოკლე განმარტებითი ლექსიკონი“   ზემოაღნიშნული ანთროპონიმი შემდეგნაირადაა განმარტებული: „ავრაჰამ ავინუ – ჩვენი მამა ავრაჰამი – ის ჩვენს სამ მამამთავართაგან პირველია. იგი სიცოცხლის რისკის ფასად პირველი იბრძოდა კერპთაყვანისმცემლობის წინააღმდეგ და ერთი ღმერთის რწმენის ფუძემდებელია“ [12]. ამ შემთხვევაში ჩვენთვის საყურადღებოა არა იმდენად სახელის განმარტება, არამედ ფორმა – ავრაჰამი, რომელშიც ზუსტადაა გადმოტანილი ორიგინალის ჟღერადობა და, ასევე, შენარჩუნებულია  ה (ჰე)  თანხმოვანი. წიგნში არ გვხვდება ანთროპონიმ სარას განმარტება.

[22]მთარგმნელ-რედაქტორები არიან ზურაბ კიკნაძე და მალხაზ სონღულაშვილი, არაკანონიკური ტექსტების მთარგმნელი კი ბაჩანა ბრეგვაძეა.

[23]მთარგმნელია ზურაბ კიკნაძე, რედაქტორი – მერაბ ღაღანიძე.

[24]მუხლს – „აღარ გერქვას ამიერიდან სახელად აბრამი,* არამედ აბრაამი** იყოს შენი სახელი,რადგან უამრავ ხალხთა მამად გაქცევ“ – სქოლიოში დართული აქვს განმარტებები: *ებრ.აბ რამ „მამა მაღალი“. **ებრ. აბ რაჰამ „მამა მრავლისა“. მუხლში მთარგმნელი სახელს  ორი ა-თი წარმოადგენს: აბრაამი, სქოლიოში კი დაცულია ჰ თანხმოვანი: აბ რაჰამ.

[25]საყურადღებოა, რომ საკვლევად აღებული ონომასტიკური ერთეულები  ბიბლიის თანამედროვე უცხოენოვან თარგმანებში განსხვავებულ წაკითხვას გვიჩვენებს. მაგ., ბერძნულენოვან თარგმანებში გვაქვს დაპირისპირება:  Άβραμ – Αβραάμ; Σάρα – Σάρρα [Aγία Γραφή…]; ბერძნულის ვითარებას ზუსტად ასახავს რუსული თარგმანი: Аврам – Авраам, Сара – Сарра [Библия... A]; (ორივე ანთროპონიმის შემთხვევაში მოდიფიცირებულ სახელში გაორმაგებულია ფუძისეული ბგერა, თანაც რუსული ასახავს /β/ თანხმოვნის ბიზანტიური პერიოდის ბერძნულის წაკითხვას). ინგლისურენოვან  თარგმანებში დაცულია როგორც თეოფორულობის ელემენტი, ისე – ორიგინალის ჟღერადობა: Abram – Abraham; Sarai – Sarah [Bible…]; ფრანგულენოვან თარგმანებში ერთ შემთხვევაში შენარჩუნებულია /ჰ/ თანხმოვანი, მეორე შემთხვევაში – არა: Abram – Abraham;  Saraï – Sara [Bible… A]. ამდენად, უცხოენოვან თარგმანებშიც იკვეთება აღნიშნული ანთროპონიმების გადმოტანის ორი გზა: თეოფორული ელემენტის გადმოტანისა და მისი უგულებელყოფისა.

[26]როგორც ჩანს, უძველეს ხელნაწერებში დადასტურებული აბრაჰამ და სარა ფორმები ქართველთა ცნობიერებაში იმდენად მყარ ეკვივალენტებად იქნა აღქმული (საკუთარ სახელთა გადმოცემაში ეკვივალენტთა სიმყარე დიდ როლს თამაშობს [Tov, 2022: 20-21]), რომ ტექსტის ტრანსმისიის პროცესშიც კი ამ ეკვივალენტებს ცვლილება, ფაქტობრივად, არ შეხებია.

[27]ბერძნული შემოკლებული ფორმა Ἰησοῦς სახელის ვრცელი ფორმის – יְהוֹשֻׁעַ-ის – ეკვივალენტს წარმოადგენს ხუთწიგნეულში, გამოსვლათას 17:9-იდან მოყოლებული, არადა, რეალურად, იგი ამ სახელის მოკლე ფორმის (יֵשׁוּעַ  (Jeshua)) ტრანსლიტერაციაა. ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც მთარგმნელი უნდა დაშორებოდა წყაროს, შესაძლოა ისიც ყოფილიყო, რომ მოკლე Ἰησοῦς, ქრისტემდე პირველი საუკუნის დოკუმენტების თანახმად, ეგვიპტის ალექსანდრიაში რეალურად არსებული ანთროპონიმი უნდა ყოფილიყო [Tov, 2022:3-4]. ე. ტოვი ვარაუდობს, რომ ზოგიერთ ეკვივალენტს შესაძლოა, სეპტუაგინტას თარგმნამდეც ეარსება.

[28]საქართველოში ასურელთა ცხოვრების შესახებ ინფორმაციას კი უკვე ლეონტი მროველის თხზულებაში ვხვდებით. ცნობილია, რომ  ასურელი მამების სახელთანაა დაკავშირებული ადრეულ შუა საუკუნეებში საქართველოში სამონასტრო ცხოვრების დაწყება. მართალია, საქართველოში მთარგმნელობითი საქმიანობის არა საწყის, მაგრამ უფრო მოგვიანო ეტაპზე, დაახლოებით VIII საუკუნიდან, არ არის გამორიცხული, რომ აბრაჰამ ფორმის დამკვიდრება-მოხშირებისთვის საქართველოში არაბთა ბატონობასაც (VII-XI სს.) გარკვეული როლი ეთამაშა. რადგან მუსლიმანები აბრაჰამის უკანონო შვილის, იშმაელის, შთამომავლებად მიიჩნევიან, აბრაჰამი პირველ მუსლიმანად და მათს მამამთავრადაც არის მიჩნეული ყურანში. იგი ყურანის 25 სურის 245 აიაშია ნახსენები [McAuliffe, 2001:5-10] ანთროპონიმის იბრაჰიმ (ابراهيم), ანუ /ჰ/-თანხმოვნიანი ფორმით. თუმცა, მეორე მხრივ, ამ ანთროპონიმის /ჰ/ თანხმოვნით დაწერილობას მანამდეც რომ დიდი ტრადიცია უნდა ჰქონოდა, ისიც მოწმობს, რომ უკვე ხანმეტ ოთხთავში (VII ს.) ეს სახელი აბრაჰამ ფორმითაა წარმოდგენილი.

[29]მცხეთურ ბიბლიაში აბრაჰამ ფორმისთვის უპირატესობის მინიჭება ისევ სომხურით, კერძოდ, ტექსტის სომხური ვულგატის მიხედვით სწორებით იხსნება [დოჩანაშვილი, 1981].

[30]ნ. მელიქიშვილმა მოსეს ხუთწიგნეულის ფარგლებში ოშკური ბიბლიისა და ლექციონართა შესატყვისი ტექსტები ერთი რედაქციის ვარიანტებად მიიჩნია [მელიქიშვილი,  1974:34-36].

 

ძირითადი პირობითი აღნიშვნები

A  – H 1207 (XVIII ს.)

B –  A 455 (ბაქარის ნაბეჭდი ბიბლია, 1743 წ.)

C – A 179 (1669 წ.)

O – Ivir. Geo. #1 (ოშკის ბიბლია, 978 წ.)

S – A 51 (მცხეთური ხელნაწერი ანუ საბას ბიბლია, დაცული  თბილისის კ. კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში, XVII-XVIII სს.)

C – ს.ი.ე.მ. 22, ადიშის ოთხთავი (897 წ.)

D – H 1660,  ჯრუჭის ოთხთავი (936 წ.)

E – A 1453, პარხლის ოთხთავი (973 წ.)

F – ურბნისის ოთხთავი (XI ს.)

G – პალესტინური ოთხთავი (1048 წ.)

H – A 1335, ვანის ოთხთავი (XII-XIII სს.)

I – ეჩმიაძინის ოთხთავი (XII-XIII სს.)

K – Q 908, გელათის ოთხთავი (XII-XIII სს.)

Ls – Sin 37. სინის ლექციონარის სახელით ცნობილი იერუსალიმური ლექციონარი. ინახება სინის მთაზე, წმინდა ეკატერინეს სახელობის მონასტერში. იერუსალიმური კანონის გამოკრებილი ნუსხა (982 წ.)

Lk – Q 1653. კალის (ლაგურკის) ლექციონარი. დაცულია თბილისში, ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში (X ს.)

 Lლატალის ლექციონარი. ინახება მესტიაში, სვანეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმში (X ს.)

LP – Geo. 36.  პარიზის ლექციონარი. დაცულია პარიზის ნაციონალური ბიბლიოთეკის აღმოსავლურ ფონდში (X-XI საუკუნეების მიჯნა)

ლიტერატურა

აბულაძე ი.
1950
საქმე მოციქულთა. ძველი ხელნაწერების მიხედვით გამოსცა ილია აბულაძემ. ა. შანიძის რედაქციით. თბილისი: საქ. სსრ მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა.
ბიბლია
1989
თბილისი: საქართველოს საპატრიარქოს გამომცემლობა.
ბიბლია
2001
ძველი და ახალი აღთქმის წიგნები. საქართველოს ბიბლიური საზოგადოება. თბილისი.
ბიბლია...
2015
http://old.holybible.ge/georgian (ბოლო წვდომა: 20.10.23).
ბიბლია...
2017
ბიბლია. ძველი აღთქმა. I. თბილისი: კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი.
გაბიძაშვილი ე.
2006
ძველი ქართული მწერლობის ნათარგმნი ძეგლები. ბიბლიოგრაფია. 2. ასკეტიკა და მისტიკა. თბილისი: „არტანუჯი“.
გიგინეიშვილი ბ.
1989
წიგნნი ძუელისა აღთქუმისანი. ნაკვეთი 1. შესაქმისაჲ, გამოსლვათაჲ. ყველა არსებული ხელნაწერის მიხედვით გამოსაცემად მოამზადეს ბაქარ გიგინეიშვილმა და ცოტნე კიკვიძემ. გამოკვლევა ბაქარ გიგინეიშვილისა. თბილისი: „მეცნიერება“.
დანელია კ.
1977
ევთალეს სტიქომეტრიის ძველი ქართული რედაქციები. ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ძველი ქართული ენის კათედრის შრომები. ტ. 20. თბილისი: თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა.
დანელია კ.
1983
ქართული სამწერლობო ენის ისტორიის საკითხები. თბილისი: თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა.
დანელია...
1997
ქართული ლექციონარის პარიზული ხელნაწერი (ძველი და ახალი აღთქმის საკითხავები). ტ. I. ნაწ. II. ტექსტი გამოსაცემად მოამზადეს კ. დანელიამ, სტ. ჩხენკელმა და ბ. შავიშვილმა. გამოკვლევა და ლექსიკონი დაურთო კ. დანელიამ. თბილისი: თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა.
დოჩანაშვილი ე.
1981
მცხეთური ხელნაწერი (მოსეს ხუთწიგნეული, ისო ნავე, მსაჯულთა, რუთი). ტექსტი გამოსაცემად მოამზადა და გამოკვლევა დაურთო ელ. დოჩანაშვილმა. თბილისი: „მეცნიერება“.
თვალთვაძე დ.
2020
ქართული ოთხთავი. ოთხთავის ძველი ქართული თარგმანის ყველა ძველი ხელნაწერისა და უძველესი ლექციონარების საკითხავების მიხედვით მომზადებული კრიტიკული ტექსტი (პროექტის სამეცნიერო ხელმძღვანელი – პროფ. დ. თვალთვაძე): https://ogg.tsu.ge/ (ბოლო წვდომა: 20.10.2023).
თორა
1995
ქართულ ენაზე ებრაულ ტექსტთან ერთად. იერუშალაიმი: გამომცემლობა „შუქურა“.
იადგარი
1980
უძველესი იადგარი. გამოსაცემად მოამზადეს, გამოკვლევა და საძიებლები დაურთეს ელ. მეტრეველმა, ც. ჭანკიევმა და ლ. ხევსურიანმა. თბილისი: „მეცნიერება“.
იმნაიშვილი ი.
1946
ადიშის ოთხთავი რედაქციულად, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შრომები. XXVIII. თბილისი: თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა.
იმნაიშვილი ი.
1979
ქართული ოთხთავის ორი ბოლო რედაქცია. ტექსტი გამოსცა და გამოკვლევა დაურთო ივანე იმნაიშვილმა. თბილისი: თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა.
კიკნაძე ზ.
1989
საუბრები ბიბლიაზე. თბილისი: „მეცნიერება“.
კიკნაძე ზ.
2003
ძველი აღთქმის წუთისოფელი. მესამე გამოცემა. თბილისი: „კავკასიური სახლი“.
ლორთქიფანიძე ქ.
1956
კათოლიკე ეპისტოლეთა ქართული ვერსიები. X-XIV საუკუნეთა ხელნაწერების მიხედვით გამოსცა ქეთევან ლორთქიფანიძემ. ა. შანიძის რედაქციით. თბილისი: საქ. სსრ მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა.
მელიქიშვილი ნ.
1974
ხუთწიგნეული ძველი ქართული ლექციონარების მიხედვით. სადისერტაციო ნაშრომი ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხის მოსაპოვებლად. სამეცნ. ხელმძღვანელი: მ. შანიძე. თბილისი.
მეტრეველი...
1980
უძველესი იადგარი. გამოსაცემად მოამზადეს, გამოკვლევა და საძიებელი დაურთეს ელ. მეტრეველმა, ც. ჭანკიევმა და ლ. ხევსურიანმა. თბილისი: „მეცნიერება“.
სარჯველაძე ზ.
1995
კიდევ ერთხელ ხანმეტობისა და ჰაემეტობის ურთიერთმიმართების შესახებ. ფილოლოგიური ძიებანი. II. თბილისი: „ნერგი“.
სარჯველაძე ზ.
2003
ადიშის ოთხთავი 897 წლისა. ტექსტი გამოსაცემად მოამზადეს, გამოკვლევა და ლექსიკონი დაურთეს ე. გიუნაშვილმა, დ. თვალთვაძემ, მ. მაჩხანელმა, ზ. სარჯველაძემ და ს. სარჯველაძემ. ზურაბ სარჯველაძის საერთო რედაქციით. თბილისი: „საქართველოს მაცნე“.
სახელები...
2012
სახელები და ცნებები „თანახ“-იდან, მოკლე განმარტებითი ლექსიკონი. შემდგენლები: ზაირა დავარაშვილი, ეთერ თოფჩიაშვილი. თბილისი: „ვექტორი“.
სილაგაძე ა., თოთაძე ა.
1997
გვარ-სახელები საქართველოში. თბილისი.
უტიე ბ.
2009
ზმნისწინები და ქართული ბიბლიის დედანი. ენათმეცნიერების საკითხები. I-II. თბილისი.
ქაჯაია ლ.
1984
ხანმეტი ტექსტები. ნაკვეთი I. ტექსტი გამოსაცემად მოამზადა, გამოკვლევა და სიმფონია დაურთო ლამარა ქაჯაიამ. თბილისი: „მეცნიერება“.
ყაუხჩიშვილი ს.
1944
ადიშის ხელნაწერის ბერძნიზმები. ენიმკის მოამბე. XIV. თბილისი: საქ. სსრ მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა.
შანიძე ა.
1923
ჰაემეტი ტექსტები და მათი მნიშვნელობა ქართული ენის ისტორიისათვის. ტფილისის უნივერსიტეტის მოამბე. III. თბილისი: თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა.
შანიძე ა.
1944
ხანმეტი ლექციონარი. ფოტოტიპიური რეპროდუქცია. გამოსცა და სიმფონია დაურთო ა. შანიძემ. თბილისი: საქ. სსრ მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა.
შანიძე ა.
1945
ქართული ოთხთავის ორი ძველი რედაქცია სამი შატბერდული ხელნაწერის მიხედვით (897, 936 და 973 წწ.). გამოსცა აკაკი შანიძემ. თბილისი: საქ. სსრ მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა.
შანიძე ა.
1964
ანტონ I-ის გავლენა სალიტერატურო ქართულზე და ძველი ქართული ენის ძეგლების ვითარება ახალი აღთქმის წიგნების გამოცემებში. თსუ ძველი ქართული ენის კათედრის შრომები. 9. თბილისი.
ძოწენიძე ქ., დანელია კ.
1974
პავლეს ეპისტოლეთა ქართული ვერსიები. გამოსაცემად მოამზადეს ქ. ძოწენიძემ და კ. დანელიამ. ა. შანიძის რედაქციით. თბილისი.
ხუთწიგნეული
2012
თარგმნილი ზურაბ კიკნაძის მიერ. თბილისი: სულხან-საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტის გამომცემლობა.
Bible…
https://holybible.ge/english (ბოლო წვდომა: 20.10.23).
Bible… A
https://holybible.ge/french (ბოლო წვდომა: 20.10.23).
McAuliffe Jane Dammen
2001
Encyclopaedia of the Quran. Volume One (A – D). Leiden – Boston – Köln: Brill.
TITUS
https://titus.uni-frankfurt.de/
Tov E.
2022
The LXX Translators' Procedures in Representing Proper Names. Consistency in Representation. საერთაშორისო სიმპოზიუმი ბიბლია სიტყვებსა და სახეებში. 27-29 მაისი. თბილისი: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
Библия...
https://holybible.ge/russian (ბოლო წვდომა: 20.10.23).
Aγία Γραφή…
https://holybible.ge/greek (ბოლო წვდომა: 20.10.23).