ქართული ხელნაწერი უცხოეთის საცავებში (საფრანგეთის ნაციონალური ბიბლიოთეკა)
ქართული ხელნაწერი ტრადიცია არ შექმნილა ჩაკეტილ გარემოში. ქრისტიანობის წიაღში საფუძველჩაყრილი, იგი მჭიდროდ დაუკავშირდა შუა საუკუნეების ქრისტიანულ აღმოსავლურ სივრცეს. კულტურულ-პოლიტიკურმა ინტერესმა უკვე V საუკუნეში მიიყვანა ქართველი მწიგნობრები ისტორიულ სირია-პალესტინასა და მოგვიანებით - ბიზანტიაში, X-XI საუკუნეებში დააარსებინა საკუთრივ ქართული მონასტრები ათონის მთაზე (ივირონი), იერუსალიმსა (ჯვრის მონასტერი) და ბაჩკოვოში (პეტრიწონი, ამჟამინდელ ბულგარეთში) [მენაბდე, 1980]; მანვე განაპირობა ქართული ხელნაწერის გავრცელება ქრისტიანული აღმოსავლეთის დიდ სამონასტრო ცენტრებში. ეს კოლექციები დღესაც ინახება ათონის მთის, სინის მთისა და იერუსალიმის ბერძნული საპატრიარქოს წიგნსაცავებში. გვიანი შუა საუკუნეებიდან ევროპელთა დიდმა დაინტერესებამ ქრიატიანული აღმოსავლეთით ხელი შეუწყო ქართული ხელნაწერი წიგნის მოხვედრას ევროპის სიძველეთსაცავებში, რომელთაგან ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სამეცნიერო ცენტრია საფრანგეთის ნაციონალური ბიბლიოთეკა.
საფრანგეთის ნაციონალურ ბიბლიოთეკაში ქართული ხელნაწერის პირველი ეგზემპლარი მე-18 საუკუნის პირველ ნახევარში შევიდა. აქედან მოყოლებული მისიონერების, პოლიტიკური მოღვაწეებისა თუ კერძო პირების მეშვეობით ეს ფონდი თანდათანობით ივსებოდა. დღეს ეს კოლექცია 32 ერთეულს ითვლის, რომელთაგან ორი 1865 და 1897 წლებში ხელნაწერთა ინვენტარიზაციის დროს ვიქტორ ლანგლუასა და ლეონ ფეერის მიერ შედგე-ნილი ფრანგულენოვანი ხელნაწერი კატალოგია. ბუნებრივია, ამ სახის სამუ-შაოს შესრულება დიდ სირთულესთან იყო დაკავშირებული, ვინაიდან შემდგენლებს უნდა დაეთარიღებინათ და დაედგინათ რაობა მათთვის პრაქტიკულად უცნობი კულტურის ძეგლებისა. უნდა აღინიშნოს, რომ ამ საქმეში ბიბლიოთეკას დიდი დახმარება გაუწია ფრანგმა ქართველოლოგმა მარი ბროსემ. კოლექციის ცალკეულ ერთეულებს დღესაც ერთვის ბროსესეული განმარტებები, რომ აღარაფერი ვთქვათ ძეგლების მკვლევრისეულ პუბლიკაციებზე. [Brosset, 1830, 113-128; 1833; 1834,1837]
1908 წელს გამოვიდა პირველი მოკლე ბეჭდური ფრანგულენოვანი კატალოგი. [Makler,1908] მისი შემდგენელი, ფრანგი არმენოლოგი ფრედერიკ მაკლერი, ეყრდნობოდა კოლექციის უკვე არსებულ ხელნაწერ კატალოგებს, ბროსესეულ ცნობებსა და ალ. ხახანაშვილისეული აღწერილობის მონაცემებს. [ხახანაშვილი,1898] მაგრამ კატალოგი ვერ ასცდა ცდომილებებს განსაკუთრებით იმ ხელნაწერთა რაობის, თარიღისა და წარმომავლობის საკითხებთან დაკავშირებით, რომლებიც არ იყო მეცნიერულად შესწავლილი და მხოლოდ ცალკეული პირების სუბიექტურ ვარაუდებს ეყრდნობოდა.
პირველი და ბოლო დრომდე ერთადერთი ქართულ ენაზე შედგენილი სამეცნიერო აღწერილობა, რომელშიც განხილულია ხელნაწერთა ზუსტი რაობა, თარიღი და სხვა რიგის ისტორიულ-ფილოლოგიური საკითხები, ეკუთვნის ექვთიმე თაყაიშვილს, რომელმაც ეს შრომა 1933 წელს გამოსცა პარიზში. [თაყაიშვილი, 1933][1] პუბლიკაცია ეხება იმ დროისათვის ბიბლიოთეკის ფონდებში დაცულ 28 ქართულ ერთეულს. ამ აღწერილობით გაიცნო კოლექცია ქართულმა სამეცნიერო საზოგადოებამ. სავსებით ნათელი გახდა, რომ იგი ქართული ხელნაწერი წიგნის ძალზე საგულისხმო ეგზემპლარებს შეიცავს, რომელთა შესწავლაც არსებითად შეავსებს არა მხოლოდ ძველი ქართული, არამედ, ზოგადად, ქრისტიანული მწერლობის ისტორიის კვლევის შედეგებს. ამგვარი საშუალება ქართულ ისტორიულ-ფილოლოგიურ მეცნიერებას მიეცა XX ს-ის 70-იანი წლებიდან, მას შემდეგ, რაც საფრანგეთში მცხოვრები ნინო და კალისტრატე სალიების დახმარებითა და ხელნაწერთა ინსტიტუტის დირექტორის, ელენე მეტრეველის, ხელმძღვანელობით ბიბლიოთეკასთან შეთანხმების საფუძველზე ხელნაწერთა ინსტიტუტმა (ამჟამად ხელაწერთა ეროვნულმა ცენტრმა) მიიღო ნაციონალური ბიბლიოთეკის ქართული ფონდის ყველა ხელნაწერის მიკროფირი, მათ შორის იმ ახალი ფრაგმენტებისა, კერძოდ, ხანმეტი ლექციონარის 1 და იოვანე-ზოსიმეს იადგრის 4 ფურცლისა, რომლებიც ერთ ხელნაწერად აკინძული ბიბლიოთეკის ფონდებში XX ს-ის 70-იან წლებში შევიდა. ამ ფრაგმენტების იდენტიფიკაციის საქმეში განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის ფრანგ ქართველოლოგ ბერნარ უტიეს [Outtier, 1972; Outtier, 1984; უტიე, 1973], რომელმაც მოგვიანებით ბიბლიოთეკის სომხურ ხელნაწერზე მუშაობისას აღმოაჩინა ყდის საცავად გამოყენებული კიდევ ერთი ქართული ხელნაწერი ფურცელი, დაათარიღა იგი და განსაზღვრა მისი რაობა. ესაა X საუკუნის ლიტურგიკული კრებულის ფრაგმენტი, რომელიც ამჟამად კოლექციის 31-ე ერთეულს წარმოადგენს[2]. ე. მეტრეველმა ჯერ კიდევ ნაციონალურ ბიბლიოთეკაში მუშაობისას განსაზღვრა ამ კოლექციის მნიშვნელობა და მისი დარგობრივი კვლევის აუცილებლობა დაისახა მიზნად. მისი დასკვნებისა და ამოცანების გაცნობა შესაძლებელია ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის საარქივო ფონდში დაცული მასალის საფუძველზე. [ე. მეტრეველის არქ. NN 511-514] მიკროფირების ჩამოტანის შემდეგ იგი თავად ხელმძღვანელობდა ამ მიმართულებით გაშლილ სამეცნიერო საქმიანობას.
ექვთიმე თაყაიშვილის აღწერილობაცა და ქართველ მეცნიერთა კვლევის შედეგებიც საფრანგეთში ცნობილი იყო მხოლოდ ქართველოლოგთა ვიწრო წრისათვის და ენობრივი ბარიერის გამო მათზე ხელი არ მიუწვდებოდა ფართო სამეცნიერო საზოგადოებას. სწორედ ამ მიზეზით გახდა საჭირო შემდგარიყო ახალი ფრანგულენოვანი ელექტრონული კატალოგი, რომელშიც გასწორდებოდა მაკლერისეული პუბლიკაციის ცდომილებები და წარმოდგენილი იქნებოდა როგორც ხელნაწერთა კვლევის უტყუარი შედეგები, ასევე ყოველ ერთეულთან დაკავშირებული ბიბლიოგრაფია. ნაციონალურ ბიბლიოთეკასა და ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს შორის არსებული შეთანხმების საფუძველზე შესაძლებლობა მოგვეცა 2009 წლის აპრილ-ივნისში გვემუშავა პარიზში ნაციონალური ბიბლიოთეკის ქართული კოლექციის აღწერასა და კატალოგიზაციაზე[3]. ამ სამუშაოს შესრულებისას მიზნად დავისახეთ კატალოგში შეგვეტანა თითოეული ხელნაწერის ზუსტი ტექნიკური აღწერილობა, თარიღი და რაობა, დაგვერთო დღეისათვის არსებული სრული ბიბლიოგრაფია და შენიშვნები, რათა ფართო საზოგადოებისათვის წარგვედგინა ქართული ისტორიულ-ფილოლოგიური და უცხოეთის ქართველოლოგიური სკოლების კვლევის შედეგები, ქართული ხელნაწერი წიგნის, როგორც კულტურათა დიალოგის ამსახველი ფენომენის, მნიშვნელობა. იმის გათვალისწინებით, რომ კატალოგი ვებგვერდისათვის იყო გამიზნული, სამუშაოს დასრულებისას მას დაერთო ცალკეული გვერდებისა თუ ყდების ფრაგმენტების ციფრული ფოტოები.
ჩატარებულმა სამუშაომ საშუალება მოგვცა, ერთიანად შეგვეფასებინა როგორც კოლექციის მნიშვნელობა, ასევე მისი შესწავლის მდგომარეობა. უპირველესად უნდა ითქვას, რომ ეს, ერთი შეხედვით, არცთუ მრავალრიცხოვანი კოლექცია მოიცავს ქართული ხელნაწერის ისტორიის ვრცელ პერიოდს - VII-XIX საუკუნეების სასულიერო და საერო შინაარსის ეს წიგნები და ფრაგმენტები ფართო კომპლექსური კვლევის გაშლის საშუალებას
გვაძლევს. ამჯერად გამოვყოფთ რამდენიმე ადრეულ კრებულსა თუ ფრაგმენტს, რომელთაც არსებითი მნიშვნელობა ენიჭებათ ქრისტიანული კულტურის იერუსალიმური პერიოდის საეკლესიო-სამონასტრო ცხოვრების რეგლამენტაციისა და ძეგლების ადრეული რედაქციების შესწავლის თვალსაზრისით.
უპირველეს ყურადღებას იმსახურებს VII საუკუნის ხანმეტი ლექციონარის 1 ფურცელი (16x14,5 სმ), რომელიც Geo. 30-ის ნაწილია. ეს ფრაგმენტი იმ უძველესი, სავარაუდოდ, პალესტინური წარმომავლობის ლექციონარის ნაწილია, რომელიც X ს-დან სინის მთის ქართველ მწიგნობართა ბიბლიოთეკის ნაწილი იყო. იგი ჯერ კიდევ 1883 წელს აღწერა ალ. ცაგარელმა. [Цагарели, 1888] XIX ს-ის დასასრულს ხელნაწერი 29 ფურცელს შეიცავდა. ამავე ეპოქაში იგი, როგორც ჩანს, დაშლილი სახით გამოიტანეს სინის მთიდან. ლექციონარის 27 ფურცელი, პირველისა და ბოლოს გამოკლებით, მოხვდა ავსტრიაში, გრაცის უნივერსიტეტის პროფესორ შუხართთან [Schugardt, 1928], რომელმაც იგი სხვა ხელნაწერებთან ერთად უანდერძა გრაცის უნივერსიტეტს. გრაცის ხელნაწერი შეისწავლა და ხანმეტი ლექციონარის ტექსტი გამოსცა აკ. შანიძემ. [შანიძე, 1929:310-353; შანიძე, 1944] მოგვიანებით გაირკვა, რომ ბოლო ფურცელი, რომელზედაც შემორჩენილია X ს-ის სინელი მოღვაწის, იოვანე-ზოსიმეს, ანდერძი, ინახება დიდ ბრიტანეთში, ბირმინგემში, Selly Oak College-ის ბიბლიოთეკაში [Pearson, 1954:43; Garitte, 1960:239-259], ხოლო საფრანგეთის ნაციონალურ ბიბლიოთეკაში დაცულია პირველი ფურცელი, რომელიც, როგორც ზემოთაც აღვნიშნეთ, იდენტიფიცირებული და სამეცნიერო საზოგადოების წინაშე წარდგენილია ბ. უტიეს მიერ. [Outtier, 1972:393-402; უტიე, 1973:173-175] უცხოეთის სამ სხვადასხვა ცენტრში დაცული ფრაგმენტების კვლევის შედეგების გაერთიანებით შესაძლებელი გახდა როგორც კონკრეტულად ამ ადრეული ლექციონარის ტექსტობრივ-რედაქციული თავისებურებების შესწავლა, ასევე ქრისტიანული აღმოსავლეთის სკრიპტორიუმებს შორის არსებული კავშირებისა და არქაული ტექსტებისადმი მათი დამოკიდებულების გამოვლენაც. როგორც ბირმინგემში დაცულ ფურცელზე არსებული ანდერძი გვამცნობს, ლექციონარი 983 წელს მესამედ ჩაუსვამს ყდაში ცნობილ სინელ მწიგნობარსა და რედაქტორს იოვანე-ზოსიმეს, რაც იმას მიგვანიშნებს, რომ იერუსალიმური ტრადიციის ეს ადრეული ლიტურგიკული კრებული X ს-ის დასასრულსაც, როდესაც ქართულ საღვთისმსახურო პრაქტიკაში ინტენსიურად შემოდიოდა კონსტანტინეპოლური რედაქციის ტექსტები, აქტუალურ წიგნს წარმოადგენდა. საინტერესოა ისიც, რომ ტექსტს გაუვლია ერთგვარი ენობრივი რედაქცია, უცდიათ ხმარებიდან გამოსული „ხანების" ამოშლა, თავად ტექსტი არც გადაუფხიკავთ და საწერ ფურცლად არ გამოუყენებიათ, როგორც ჩვეულებრივ ხდებოდა ხოლმე სკრიპტორიუმებში, სადაც საწერი მასალის ეკონომიის მიზნით ხშირად ხელმეორედ იყენებდნენ ადრე ნაწერ ფურცლებს. არქაული რედაქციის ტექსტები უმეტეს შემთხვევაში პალიმფსესტთა ქვედა ფენებზეა შემორჩენილი.
სწორედ პალიმფსესტურ ფურცლებზეა გადაწერილი იმავე Geo. 30-ის მომდევნო მცირე ზომის (15,4x13,3 სმ.), არათანაბრად შემოჭრილი 4 ფურცელი, რომლებზეც იკითხება იოვანე-ზოსიმეს იადგრის ფრაგმენტი - ბარნაბას მოსახსენებელი.[4] აღსანიშნავია, რომ პალიმფსესტის ქვედა ფენა სირიულია. ტექსტი იდენტიფიცირებულია ბ. უტიეს მიერ. [Outtier,1984:73-79] სირიულ-ქართული პალიმფსესტის არსებობა ქართველ და სირიელ სასულიერო პირთა თანამოღვაწეობის დასტურია, რაც სავსებით ბუნებრივი მოვლენა იყო შუა საუკუნეების აღმოსავლური სკრიპტორიუმების ცხოვრებაში. მიუხედავად იმისა, რომ ქრისტიანობის ოფიციალურ ენას ბერძნული წარმოადგენდა, ამას სრულიადაც არ შეუშლია ხელი ეროვნულ ენებზე მწერლობის განვითარებისათვის ისეთ სამონასტრო ცენტრებშიც კი, რომლებიც კონსტანტინეპოლის დიდი ეკლესიის გავლენაში შედიოდნენ. თუ კარგად დავაკვირდებით შუა საუკუნეების ქრისტიანული მწერლობის ისტო-რიას, თვალნათლივ დავინახავთ, რომ სარწმუნოებრივ-აღმსარებლობითი ერთობის პარალელურად ქრიატიანული აღმოსავლეთის ქვეყნებში ვითარდება ეროვნული ლიტერატურული ტრადიციები, რომლებიც უპასუხებენ ერთიანი ეკლესიის მოთხოვნას, მაგრამ, ამავე დროს, ინარჩუნებენ ტრადიციული არჩევნის უფლებას. სწორედ ამიტომაა, რომ დღეს ქრისტიანული კულტურისა და ბიზანტიური აზროვნების ისტორიის შესწავლისას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება იმ ერთა ლიტერატურულ საქმიანობას, რომლებმაც სასულიერო ცხოვრებისა და მწერლობის კონსტანტინეპოლური ტრადიციის შესაბამისად უნიფიცირების პირობებში არ უარყვეს და დავიწყებას არ მისცეს ქრიატიანობის წიაღიდან - ისტორიული პალესტინიდან - შეთვისებული ცოდნა და კულტურული კონტაქტები. ასეთი სამწერლობო ტრადიციებია ქართული, სირიული, ქრისტიანული არაბული, სომხური, კოპტური. სწორედ ეს ესმოდათ კარგად ევროპელ ორიენტალისტებს, რომელთაც თავიანთი ყურადღება ქართველოლოგიურ კვლევასაც მიაპყრეს.
ნაციონალური ბიბლიოთეკის ქართულ კოლექციაში იერუსალიმური ტრადიციის კიდევ ერთი მეტად მნიშვნელოვანი ხელნაწერია დაცული. ესაა Geo.3 - პარიზის ლექციონარის სახელწოდებით ცნობილი დიდი მოცულობისა (387 ფურცელი) და ფორმატის ( ფურცლის ზომა: 36x25 სმ), ნუსხურით გადაწერილი, X-XI საუკუნეთა მიჯნის ხელნაწერი. წიგნი ნაკლულია, ამიტომაც ძირითადმა ანდერძმა ჩვენამდე ვერ მოაღწია და, შესაბამისად, გადაწერის ადგილი უცნობია. 237v-ზე იკითხება გადამწერ მონაზონას მინაწერი, რომელშიც იგი მოიხსენიებს სულიერ მამა სტეფანეს. ე. თაყაიშვილის თვალსაზრისით, ეს უნდა იყოს X ს-ის მეორე ნახევრის ცნობილი მოღვაწე სტეფანე სანანოისძე-ჭყონდიდელი. [თაყაიშვილი,1933:262] სტეფანე სანანოისძის შესახებ არსებული ცნობების თანახმად, ჭყონდიდის ეპისკოპოსი მთარგმნელობით საქმიანობას ეწეოდა იერუსალიმშიც. [კეკელიძე, 1980:178-179] თუკი გადამწერს სწორედ სტეფანე სანანოისძეს დავუკავშირებთ, სავსებით ბუნებრივი აღმოჩნდება, რომ ასეთი მოღვაწის სულიერი ხელმძღვანელობით გადაიწერებოდა სწორედ იერუსალიმური ტრადიციის ლექციონარი. სადაც არ უნდა ყოფილიყო გადაწერილი, წიგნი საქართველოს ერთ-ერთი მონასტრისათვის იყო განკუთვნილი და აქვე ინახებოდა. ხელნაწერის ყდაზე შესრულებული იტალიური წარწერა სწორედ იმას გვამცნობს, რომ წიგნი 1731 წელს საქართველოდან გაუტანია კაპუცინთა მისიონერების წინამძღვარს. წიგნი ჩასმულია XVI ს-ის ტიპურ ტვიფრულ ტყავის ყდაში[5]. ამჟამად ეს მეტად მნიშვნელოვანი ხელნაწერი რესტავრირებულია[6]. იერუსალიმური საეკლესიო პრაქტიკისა და კალენდრის შესწავლის მიზნით ხელნაწერი ადრევე მოექცა ევროპელ მკვლევართა ყურადღების ცენტრში. 1923 წელს იგი გამოსცა ჰ. გუსენმა. [Goussen, 1923] მოგვიანებით მიხეილ თარხნიშვილმა ქართული ლექციონარის სხვა ხელნაწერებთან ერთად გამოაქვეყნა ეს უმნიშვნელოვანესი საღვთისმსახურო ძეგლი. [Tarkhnichvili,1959-1960] ნაციონალური ბიბლიოთეკის ხელნაწერი გამოიცა საქართველოშიც. [ქართული...1987; ქართული...1997]. [7]
იერუსალიმური ტრადიციისადმი განსაკუთრებული დამოკიდებუ-ლებისა და პალესტინაში არსებული კულტურულ-პოლიტიკური ურთიერთობების კვლევისათვის საინტერესო მასალას გვაწვდის ნაციო-ნალური ბიბლიოთეკის კიდევ ერთი ქართული ხელნაწერი - ოთხთავი Geo.28. ესაა მაღალი ხარისხის ეტრატზე ოქრომელნის გამოყენებით ნუსხურით შესრულებული და მახარებელთა მინიატურებით შემკული წიგნი. გადამწერია მალ დავითისძე. ხელნაწერის სრული ორგანიზება - გვერდების დაკაბადონება, სტრიქონებისა და აშიების პროპორციული და თანაბარი განაწილება, ოქრო-ვერცხლით შემკული ყდა, რომელიც, ანდერძის თანახმად (5v-6r)[8], ჰქონია ოთხთავს - სავსებით გასაგებს ხდის, რომ ეს წიგნი საგანგებოდაა დაკვეთილი და შესრულებული. ეს არცაა შემთხვევითი ფაქტი,
ვინაიდან მასზე დართული ანდერძ-მინაწერები გვამცნობს, რომ ოთხთავი გადაწერილია საქართველოში და შეწირულია იერუსალიმის ჯვრის მონასტრისათვის, რომლის მიმართაც შუა საუკუნეების საქართველოს სახელმწიფო და საეკლესიო პირებს განსაკუთრებული დამოკიდებულება ჰქონდათ. იერუსალიმის ჯვრის მონასტერი იყო შუა საუკუნეების ქართული კულტურისა და სახელმწიფოებრივი სტატუსის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოვლინება ქრისტიანულ აღმოსავლეთში. მასზე მზრუნველობა არც ერთიანი სახელმწიფოს დაშლისა და პოლიტიკური ძნელბედობის ჟამს (XIV-XVIII ს.ს.) შეწყვეტილა.[9] გვიან შუა საუკუნეებში საქართველოში შექმნილი ჯვრის მონასტრის მიწათმფლობელობა ფინანსურად უზრუნველყოფდა იერუსალიმში არსებული ამ მნიშვნელოვანი ცენტრის ფუნქციონირებას [ხუციშვილი, 2006], ხოლო მასში დაცული საეკლესიო სიძველეების დაცვა-განახლებზე ზრუნავდნენ წმინდა მიწაზე ჩასული ქართველი პილიგრიმები. [მეტრეველი,1962] ამგვარი მზრუნველობის კვალი Geo.28-საც ატყვია. 247r/v-ზე დართული ანდერძების თანახმად, XVI ს-ში ოთხთავის ყდა განuaხლებია ურბნისის მთავარეპისკოპოს ევლასეს[10], ხოლო XVIII ს-ში - ვინმე ანდრია ვაზნიძეს. ხელნაწერს პალეოგრაფიული ნიშნით ე. თაყაიშვილი XIII ს-ით ათარიღებს [თაყაიშვილი, 1933: 294], ხოლო ე. მეტრეველს გადაწერის თარიღი XII საუკუნეში გადმოაქვს. [მეტრეველი,2007:278] ჩვენ არ შევუდგებით აღნიშნულ საკითხზე სიღრმისეულ მსჯელობას, მხოლოდ დავძენთ, რომ ოთხთავის მოხატულობა ბევრად ჩამოუვარდება XII საუკუნის მაღალმხატვრული ოთხთავების მინიატურულ ხელოვნებას[11]. ჩვენს ყურადღებას იპყრობს ორი გარემოება: პირველი ეხება გადამწერისეულ მინაწერს (231v), რომლის თანახმადაც, ჯვარელ მოღვაწეებს შეუძლიათ, ისარგებლონ როგორც კონსტანტინეპოლური, ასევე „ქართული" კალენდრით. „ქართულად", საზოგადოდ, მოიხსენიებდნენ იერუსალიმის კანონს. [კეკელიძე, 1980:579] მეორე საყურადღებო საკითხს წარმოადგენს მასზე დართული ჯვაროსანთა მოსახსენებლები (246v)[12]. უნდა ითქვას, რომ ამგვარი მოსახსენებლები ერთვის ჯვრის მონასტრის კიდევ ერთ ხელნაწერს (H1667), რაც იერუსალიმში ქართველთა და ლათინთა, კერძოდ კი, ტამპლიერთა ორდენის წევრებს შორის მჭიდრო ურთიერთობის გამოხატულებას წარმოადგენს. [მეტრეველი, 1962:56]
ამდენად, ნაციონალური ბიბლიოთეკის ეს ხელნაწერი ქრისტიანულ აღმოსავლეთში ევროპელთა მოღვაწეობის ისტორიის კვლევისათვის საინტერესო მასალასაც გვაწვდის.
[1] თაყაიშვილის ეს შრომა ბიბლიოგრაფიულ იშვიათობას წარმოადგენ. იგი ხელმეორედ გამოსცა გ. შარა-ძემ .[შარაძე,1980:236-296]
[2] ეს ერთადერთი ხელნაწერია, რომლის მიკროფირიც არ გვაქვს. ხელნაწერის ჩვენ მიერ მომზადებული აღწერილობა და ტექსტი იბეჭდება ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ჟურნალ „მრავალთავის" 23-ე ნომერში.
[3] ჩვენ მიერ შედგენილი ფრანგულენოვანი ელექტრონული კატალოგი გამოქვეყნებულია ნაციონალური ბიბლიოთეკის ვებგვერდზე: http:///archivesetmanuscrits.bnf/cdc.html
[4] ტექსტი იდენტიფიცირებულია ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის უფროსი მეცნიერ- თანამშრომლის, ლილი ხეცსურიანის, მიერ, რომელიც წლების განმავლობაში იკვლევს იოვანე-ზოსიმეს ლიტერატურულ საქმიანობას.[ხევსურიანი, 1968] იოვანე-ზოსიმეს კალენდარი შესწავლილი და გამოცემული აქვს ბელგიელ ქართველოლოგ ჟ. გარიტს. [Garitte, 1958]
[5] ამავე საუკუნის ანალოგიური ყდა, რომელზეც მეორდება Geo.3-ის ტვიფრული ორნამენტი, დაცულია ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ფონდებში (A 85).
[6] სარესტავრაციო სამუშაოები შესრულებულია ნაციონალური ბიბლიოთეკის რესტავრატორის ჟაკ სიკრის მიერ, რომელმაც ამ თემაზე მოხსენება წარმოადგინა 2009 წლის სექტემბერში ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში გამართულ ქართული ხელნაწერისადმი მიძღვნილ I საერთაშორისო კონფერენციაზე. მოხსენება იბეჭდება კონფერენციის მასალებში.
[7] ლექციონარს საგანგებოდ იკვლევს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ქართული ლიტურგიის ისტორიის შემსწავლელი ჯგუფი ლ. ხევსურიანის ხელმძღვანელობით.
[8].ანდერძ-მინაწერები გამოქვეყნებულია. [თაყაიშვილი, 1933:294-295]
[9] ქართველთა მოღვაწეობა იერუსალიმში საბოლოოდ XVIII ს-ში დასრულდა. [მენაბდე, 1980:69-139]
[10] 1570-1572 წ.წ. ევლასე მთავარეპისკოპოსს ჯვრის მონასტერში განუახლებია არაერთი წიგნი. [Цагарели, 1888: 64, 88-89, 168,182]
[11] მაგალითისათვის მოვიხმობთ H 1667-ჯრუჭი მეორე, Q 908-გელათის, A1335-ვანის ოთხთავებს.
[12] მოსახსენებელთა ტექტები გამოქვეყნებულია. [თაყაიშვილი, 1933:295; მეტრეველი, 2007:278-280]
ლიტერატურა
თაყაიშვილი ე. 1933 |
პარიზის ნაციონალური ბიბლიოთეკის ქართული ხელნაწერები და ოცი ქართული საიდuმლო დამწერლობის ნიშანი. პარიზი. |
კეკელიძე კ. 1980 |
ძველი ქართული ლიტერატურის ისტორია. ტომი I. თბილისი. |
მენაბდე ლ. 1980 |
ძველი ქართული მწერლობის კერები. ნაწილი II. თბილისი. |
მეტრეველი ელ. 2007 |
ჯვრის მონასტრის კიდევ ერთი ქართული ხელნაწერი 2007 ჯვაროსანთა მოსახსენებლებით. ფილოლოგიურ–ისტორიული ძიებანი.1. თბილისი. |
უტიე ბ. 1973 |
ქართული ხანმეტი ლექციონრის ერთი ფურცელი პარიზში. მაცნე. ენისა და ლიტერატურის სერია. I. |
ქართული... 1987 |
ქართული ლექციონარის პარიზული ხელნაწერი (ძველი და ახალი აღთქმის საკითხავები). ტექსტი გამოსაცემად მოამზადეს კ. დანელიამ, სტ. ჩხენკელმა და ბ. შავიშვილმა. გამოკვლევა და ლექსიკონი დაურთო კორნელი დანელიამ. ტომი I. ნაწ. I. თბილისი. |
ქართული... 1997 |
ქართული ლექციონარის პარიზული ხელნაწერი (ძველი და ახალი აღთქმის საკითხავები). ტექსტი გამოსაცემად მოამზადეს კ. დანელიამ, სტ. ჩხენკელმა და ბ. შავიშვილმა. გამოკვლევა და ლექსიკონი დაურთო კორნელი დანელიამ. ტომი I. ნაწ. II. თბილისი. |
შანიძე აკ. 1929 |
ქართული ხელნაწერები გრაცში. ტფილისის უნივერსიტეტის მოამბე. ტომი 9. ტფილისი. |
შანიძე აკ. 1944 |
ხანმეტი ლექციონარი. თბილისი. |
შარაძე გ. 1991 |
დაბრუნება. თბილისი. |
ხაჩიძე ლ. 1987 |
იოანე მინჩხის პოეზია. ტექსტი გამოსაცემად მოამზადა და გამოკვლევა დაურთო ლელა ხაჩიძემ. თბილისი. |
ხევსურიანი ლ. 1968 |
Sin.34–ის შედგენილობისათვის. მრავალთავი. IV. თბილისი. |
ხევსურიანი ლ. 2001 |
გიორგი მთაწმინდლის რედაქციის მარხვანის ავტოგრაფული ნუსხის საკითხისათვის. ლიტერატურული ძიებანი. XXII. თბილისი. |
ხუციშვილი ნ. 2006 |
იერუსალიმის ჯვრის მონასტრის მიწათმფლობელობა საქართველოში. არტანუჯი. |
Brosset M.F. 1830 |
Chronique géorgienne. Paris. |
Brosset M.F. 1833 |
Mémoires inédits relatifs à l’ histoire et à la langue géorgienne. Paris . |
Brosset M.F. 1837 |
Élemants de la langue géorgienne. Paris. |
Brosset M.F. 1884 |
Notice sur le Dictionnaire géorgien de Soulkhan-Saba Orbéliani. Journal Asiatique. |
Garitte G 1958 |
Le calandrier palestino-géorgien du Sinaiticus 34 (X e siècle). Bruxelle. |
Garitte G 1960 |
Les Feuillets géorgiens de la collection Mingana à Selly Oak. Le Muséon, 73,3-4. |
Gussen H. 1923. |
Über georgische Drucke und Handschriften. Die Festordnung und den Heiligenkalender des altchristlichen Jerusalems hetreffend, B. Kühlen, Mönchen-Cladbach. |
Outtier B. 1972 |
Les Feuilles géorgiens de Lectionnaire Hanmeti à Paris. Le Muséon, LXXXV, 3-4 |
Outtier B. 1984 |
« Notule sur les versions orientales de l’histoire Philothée (CPG 6221) in Antidoron, Hommage à Maurits Geerard pour célébrer l’achevement de la Clavis Patrum Graecorum, I, Cultura, Wettem. |
Pearson M. 1954 |
Oriental Manuscript Collection of Great Britain and Ireland.London. |
Tarkhnichvili M. 1959-1960 |
L’église de Jérusalem (5-8e siècle), traduit et édité par Michel Tarkhnichvili, Corpus scriptorum christianorum, scriptorum ibérica, t.9,10,13-14, Louvain. |
Цагарели А. 1888 |
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის საარქივო ფონდი. ე. მეტრეველის არქივი NN 511–514. |