საქართველოს სასაზღვრო სისტემა: ჩრდილოეთი საზღვრის პრობლემები ანტიკურ ეპოქაში

საქართველოს საზღვრის თავდაცვითი სისტემა მუდამ განიცდიდა მნიშვნელოვან გამოწვევებს, მათ შორის: პოლიტიკურს, სოციალურსა და ეკონომიკურს. ამ მხრივ მნიშვნელოვანია საქართველოს ჩრდილოეთი საზღვარი. სტატიის მიზანია, იმ ვითარების შესწავლა, რომელიც დღევანდელი საქართველოს ჩრდილოეთ საზღვარზე  არსებობდა ანტიკურ ხანაში.

ჯერ კიდევ პროტოფეოდალიზმის ეპოქაში[1] საქართველოს დღევანდელ ტერიტორიაზე ორი ძირითადი ეკონომიკური სისტემა ჩამოყალიბდა:[2]

  1. დასავლეთით კოლხური, რომელიც ძირითადად ელინურ ბაზარზე იყო ორიენტირებული;
  2. აღმოსავლეთიბერიული, რომელიც ჩრდილოური ექსპანსიის (სკვითების და უფრო ადრე კიმერიელების) გამო აღნიშნულ სივრცესა და ეკონომიკურად განვითარებულ აღმოსავლურ სამყაროს დაუკავშირდა.

ქართლი/იბერიის შემთხვევაში ჩრდილოური ექსპანსია აღმოსავლური ტექნიკური საშუალებებით იყო გასანეიტრალებელი. აღმოსავლეთი, რომელთანაც ქართლის ეკონომიკური სივრცე აქტიურად იყო დაკავშირებული, ურარტუს, მიდიისა და აქემენიდური სპარსეთის სამეფოებით იყო წარმოდგენილი. ამდენად, ჩვენი შესწავლის ობიექტი არის ორი ეკონიმიკურად დამოუკიდებელი სივრცე: თანამედროვე დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს ჩრდილოეთი საზღვრები.

პროტოფეოდალიზმის ეპოქაში ლიხთ-იმერეთი წარმოდგენილი იყო კოლხეთის პოლიტიკური ერთეულით. კოლების (იგივე კოლაქსები/კორაქსები) სამხრეთქართული ეთნიკურ ელემენტის ექსპანსიის შედეგად აღნიშნული სივრცე გაერთიანდა. კოლხური ცულების გავრცელების არეალი გვიჩვენებს კოლხეთის პოლიტიკური ერთეულის საზღვრებს: დასავლეთით ესაა შავი ზღვა, აღმოსავლეთით _ ლიხის ქედი, ჩრდილოეთით _ კავკასიის მთავარი ქედი, სამხრეთით _ პონტოსა და მცირე კავკასიონის ქედები.

კოლხეთის სამეფოს ჩრდილოეთი საზღვრის ცვალებადობაზე ცნობები თითქმის არ მოგვეპოვება, თუმცა, როგორც ივარაუდება, აღნიშნულ საზღვრებთან მოსახლეობდნენ გვაროვნული წყობის მქონე სვანური ტომები, რომლებიც, ბერძნულ-რომაული წყაროების მოწმობით, ძველთაგანვე კოლხეთის მეფეს ემორჩილებოდნენ. აღნიშნული მხარე ორი ძირითადი პროვინციით იყო წარმოდგენილი: სვანეთი და თაკვერი. მოგვიანებით ჩნდება აფხაზეთი.[3]

 პირველი სერიოზული საფრთხე ჩრდილოეთიდან კიმერიელების შემოსევას მოჰყვა. კიმერიელები კოლხეთი-მეოტიდის გზით შავი ზღვის სანაპიროს გავლით შემოდიან დაახლოებით ძვ. წ. VIII ს-ის 20-30-იან წლებში, რასაც მოჰყვა ე.წ. ძველი კოლხეთის სამეფოს დაცემა. [საქართველოს ... 1970: 392-395]

ძველი კოლების სუპერსტრატს მალე მთიანი რეგიონებიდან ჩამოსული ეგრების მეგრულენოვანი მოსახლეობა ჩაენაცვლა. აღნიშნულ პოლიტიკურ ერთეულს ეგრისი ეწოდა. ეგრისის სამეფო ძვ. წ. VII-VI საუკუნეების მიჯნაზე ძველი კოლხეთის სამეფოს ადგილზე ჩამოყალიბდა, თუმცა, ძირითადად მოიცავდა თანამედროვე დასავლეთ საქართველოს ტერიტორიას. აღნიშნული სივრცე ეკონომიკურად მძლავრად იყო დაკავშირებული ელინურ სამყაროსთან, აქვე მიმოიქცეოდა კოლხური თეთრი. პოლიტიკურად კოლხეთი აქემენიდური სპარსეთის გავლენას განიცდიდა.[4] ჩრდილოეთი საზღვარი ეგრისის ქვეშევრდომობაში მყოფი სვანების მიერ კონტროლდება, რომლებიც მებრძოლი ტომების სახელით იყვნენ ცნობილი. [სტრაბონი, 1957: IX, 2, 19]

დიდი ცვლილებები ალექსანდრე მაკედონელის გამოჩენასა და სპარსეთის იმპერიის დამხობას უკავშირდება. ამ პერიოდში პოლიტიკურად თავისუფალი კოლხეთი  ბერძნული ახალშენების წყალობით ეკონომიკურად მჭიდროდ იყო ინტეგრირებული დასავლეთთან. ალექსანდრეს გარდაცვალების (ძვ. წ. 323) შემდეგ მის იმპერიაში დიდი სამოქალაქო ომი დაიწყო, რომელიც თითქმის 40 წელს გაგრძელდა. ამ ომებმა პოლიტიკური სიტუაცია კიდევ ერთხელ შეცვალა. ცვლილებები შეეხო კოლხეთსაც. ალექსანდრეს დიადოხოსების სელევკოსისა და ლისიმახეს დაპირისპირებამ გარკვეული ეკონომიკური სარგებელი მოუტანა კავკასიას. მოგვიანებით აქ აბრეშუმის გზა გავიდა.

მაკედონიის იმპერიაში სამოქალაქო ომის დროს წარმოქმნილმა კონფლიქტებმა ახალი კოლხეთის სამეფო შეიწირა, ის ქართლის სამეფომ დაიპყრო. ადგილობრივი მთავრები - სკეპტუხიები _ ქართლის მონარქს დაემორჩილნენ, ხოლო იქ,ადაც მათი და ქართლის გავლენა სუსტი იყო, დაიწყო მთიელთა ჩამოსახლების პროცესი. ამდენად, ჩრდილოეთის საზღვარზე მნიშვნელოვანი ცვლილებები ძვ. წ. III-I საუკუნეებში მიმდინარეობდა და აღნიშნულ ტერიტორიაზე (აფხაზეთის ერთი ნაწილი და სოჭის მიმდებარე მხარე) ჩრდილო კავკასიიდან წამოსული ადიღეურ-აფხაზური ტომები: აფშილები, აბაზგები, აქეელები და სხვა მთიელები სახლდებოდნენ. ეთნიკური სურათი მნიშვნელოვნად შეიცვალა. ქართლისა და სკეპტუხიების ბატონობას ჯერ პონტოს, ხოლო შემდეგ რომის პროტექტორატი ჩაენაცვლა.[5]

ახ. წ. I საუკუნეში დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე ახალი პოლიტიკური ერთეული _ ლაზიკა _ წარმოიშვა. მის სუპერსტრატს მეგრულ-ზანურ ენაზე მოსაუბრე ლაზების ტომი ქმნიდა. იგი თავს ძველი კოლხეთის სამართალმემკვიდრედ მოიაზრებდა. ლაზიკის არსებობა მნიშვნელოვან სამსახურს უწევდა რომის იმპერიის ინტერესებს, ვინაიდან ის იცავდა რომის იმპერიის ჩრდილო-აღმოსავლეთ საზღვარს. ამდენად, ლაზიკას ზემოაღნიშნული ტომები დაექვემდებარა.

ლაზეთის სამეფოს არსებობის პერიოდში (ახ. წ. I-VII ს.ს.) ჩრდილოეთ საზღვარზე მნიშვნელოვანი ცვლილებები არ მომხდარა. აბაზგებისა და აფშილების გაერთიანებამ აფხაზეთის სამთავროს ჩაუყარა საფუძველი. ბიზანტია-ირანის დაპირისპირებამ VI საუკუნეში მნიშვნელოვნად დააზარალა დიდი აბრეშუმის გზის ქართული მონაკვეთი, სამაგიეროდ, ამუშავდა ახალი გზა ხაზარეთის გავლით.

სასანიდებმა იბერიისა და კოლხეთის საკუთარ სამფლობელოებში ინტეგრაციის მიზნით მათ შორის საკვანძო სატრანზიტო გზა გაიყვანეს. გზამ ლიხის მთის აღმოსავლეთითა და დასავლეთით მდებარე ტერიტორიები ეკონომიკურად მჭიდროდ დააკავშირა ერთმანეთს, რაც მომავალში საქართველოს გაერთიანების ერთ-ერთი საფუძველი გახდა. [Bround, 1999:13-14]

ქართლი ადრეული რკინის ხანიდან მრავალი კვაზი-სახელმწიფოსაგან შედგენილ  დაქსაქსულ სივრცეს ქმნიდა, სადაც, ძველი გადმოცემების მიხედვით, მამასახლისი მმართველობდა. აღნიშნული პოლიტიკური ერთეულები მოგვიანებით გაერთიანებული სამეფოს შემადგენელ ნაწილებად იქცნენ, ასეთები იყო: ჯავახეთი (ზაბახა), ოძრხე (უიძერუხი), ჰერეთი (ერიახი), კახეთი, კუხეთი, უფლისციხე (შიდა ქართლის პოლიტიკური ცენტრი), კლარჯეთი და ასე შემდეგ. აღმოსავლეთ საქართველოს ჩრდილოეთი საზღვარი ეკავათ გვაროვნული წყობის საფეხურზე მყოფ მთაში მოსახლე ტომებს: დვალებს, წანარებს, თუშებს, ფხოველებს, დიდოელებს და აშ. აღნიშნული სურათი ძვ. წ. VIII-VII საუკუნეებში კიმერიელებისა და სკვითების შემოსევებმა შეცვალა.

ჩრდილოეთის გადმოსასვლელები ჯერ კიმერიელებმა, ხოლო შემდეგ სკვითებმა დაიკავეს. სკვითების შემოსევებმა კიმერიელები აიძულა, ქვეყნის დაბლობებიდან ცენტრალურ ნაწილში მდებარე მთებისათვის შეეფარებინათ თავი. აღნიშნულ ტერიტორიას კიმერიული მოდგმის ტომები თრერები დაეუფლნენ და მათი სახელის მიხედვით ქართლის ცენტრალურ ნაწილს თრიალეთი ეწოდა. [საქართველოს... 1970: 393]

სკვითების შემოსევები პერმანენტული ხასიათისა იყო. მან მოიცვა, არამარტო ქართველური ტომებით დასახლებული მიწები, არამედ მახლობელი აღმოსავლეთის მთელი რიგი ტერიტორიები. ძვ. წ. VII-VI საუკუნეების მიჯნაზე აღმდგარი კოლხეთის სამეფო კვლავ აკონტროლებს დასავლეთით მდებარე ჩრდილოეთის გადმოსასვლელებს. ამდენად, VI საუკუნიდან მოყოლებული სკვითები ძირითადად დარიალისა და დარუბანდის კარებს იყენებენ ჩრდილოეთ კავკასიიდან სამხრეთის მიმართულებით მოძრაობისას.  

სკვითების ექსპანსია სამი საუკუნის განმავლობაში გრძელდებოდა. ქართლში ძლიერი იყო აქემენიდების გავლენაც, თუმცა, ამ ფაქტს რაიმე ცვლილებები ჩრდილოეთ საზღვარზე არ მოუხდენია.

ძვ. წ. IV-III საუკუნეების მიჯნაზე ყალიბდება ქართლის სამეფო. სკვითების მიერ ოკუპირებული ტერიტორიები ამჯერად ქართლის მონარქმა დაიკავა, მანვე გაავრცელა თავისი ხელისუფლება ჩრდილოეთ საზღვრებზე. მიუხედავად გარკვეული ცვლილებებისა, მეფის მიერ მთის დამორჩილება სწრაფად არ მომხდარა. ეს საკმაოდ ხანგრძლივი პროცესი იყო. მთის ცხოვრების რითმს გვაროვნული საზოგადოებები განაპირობებდნენ, რომლებიც თემებად ეწყობოდნენ, ხოლო თავად თემები ხევებად ერთიანდებოდნენ. ამდენად, არ არსებობდა რაიმე ცენტრალიზებული სტრუქტურა, რომელსაც შეეძლო, ცენტრალური ხელისუფლების თავდაცვითი პოლიტიკა გაეტარებინა ჩრდილოეთ საზღვარზე. თავად საზღვრის უსაფრთხოება თემის უშიშროებასთან იყო დაკავშირებული, რასაც თავად თემი უზრუნველყოფდა.

ამავე პერიოდში საზღვრის ახლოს მოსახლე თემებსა თუ ტომებს შორის ზოგჯერ იქმნებოდა კონფლიქტი. იგი შესაძლოა ყოფილიყო როგორც სოციალურ-ეკონომიკური, ასევე ყოფითი ხასიათისა. გამორიცხული არ იყო პოლიტიკური სახის კონფრონტაციებიც. სტრაბონის ცნობით, მსგავს კონფლიქტებს როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მეზობელ ტომებთან თუ ქვეყნებთან ქურუმთა სოციალური ფენა აგვარებდა. ეს არის სტრაბონის კლასიფიკაციით მეორე კლასი სეფე-წულთა ფენის შემდეგ.[6]

მეორე კლასის შესწავლას მრავალი კვლევა მიეძღვნა. მათი ბუნების შესახებ შეიძლება ითქვას ის, რომ აღნიშნული სოციალური ჯგუფი წარმოადგენდა ქვეყნის კლერიკალურ ანკლავს, რომელსაც საერო ფუნქციებიც უნდა ჰქონდა შეთავსებული. მათი მოვალეობები შემდეგი იყო: სამართლის წარმოება ადგილობრივ თემებსა თუ ხევებს შორის, რელიგიური რიტუალების აღსრულება, შესაწირის დაწესება, მეზობელ სამყაროსთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარება და ა. შ.

რითი უნდა ყოფილიყო განპირობებული ქურუმთა ფენის მიერ ქვეყნის შიდა (თემთაშორისი) თუ გარე მეზობლებთან დიპლომატიური ურთიერთობისა და სამართლის წარმოება?  უპირველეს ყოვლისა, ქურუმთა სოციალური ჯგუფის დაწინაურება მათ პრივილეგირებულ პოზიციაზე მიუთითებს ანტიკურ საზოგადოებაში. ისინი ქმნიდნენ წარმართი ღმერთების მსახურეულ ფენას. მათზე ლოცულობდნენ ქვეყნის საზღვრებთან მოსახლე თემები. ქურუმებს ჰქონდათ უფლება, რომ  კერპზე (მოგვიანებით ის ხატმა ჩაანაცვლა) დაფიცების შემთხვევაში თემთა შორის არსებული დავები გადაეჭრათ; საჭიროების შემთხვევაში მათ შეეძლოთ ძალის გამოყენებაც, ვინაიდან, როგორც აღვნიშნეთ, ისინი წარმოადგენდნენ საერო პირებს, რომელთაც ამავე დროს სასულიერო ფუნქციებიც ჰქონდათ. ადრე ფეოდალური თუ გვიან ფეოდალური ქართული რეალობიდან ვიცით ისეთი ინსტიტუტების არსებობის შესახებ, როგორებიც იყო: ხევისბერი, თავბერი, ქორეპისკოპოსი და ა. შ. აღნიშნული სახელოები ინსტიტუციურად ჯერ კიდევ პროტოფეოდალიზმის ეპოქაში ჩამოყალიბდა. მთაში ამ სისტემამ უფრო დიდხანს გაძლო და არსებობას განაგრძობდა მაშინაც კი, როდესაც ბარში ის უკვე  ისტორიის საკუთრება იყო. აღსანიშნავია ისიც, რომ მთაში ხევისბერის ტრადიცია გარკვეული ფორმით დღემდე არის დაცული და მას, როგორც ადრე, სარიტუალო პროცესში საეროსთან ერთად რელიგიური ფუნქციებიც აქვს შეთავსებული.

ამდენად, ურთიერთობისა თუ კონფლიქტების მოგვარება როგორც მეზობელ ტომებთან, ასევე თემებს შორის ქართლში მოღვაწე ე.წ. ქურუმთა ფენის პრეროგატივა იყო. ამასთან, არ იყო სავალდებულო, ქურუმთა ფენა მხოლოდ წარმართი სასულიერო პირებისგან ყოფილიყო დაკომპლექტებული, უფრო მეტიც, მთაში არსებული ტრადიციების გათვალისწინებით შეიძლება ითქვას, რომ ჩრდილოეთ საზღვარზე ადგილობრივ მოსახლეობასთან ურთიერთობის წარმართვა საერო პირებს ევალებოდათ, რომლებიც ქურუმების მსგავსად ითავსებდნენ მათს ფუნქციებს და აღასრულებდნენ რელიგიურ რიტუალებს. ისინი საკუთარი თემისა თუ ხევის საერო ლიდერებს წარმოადგენდნენ.

ძვ. წ. IV-III საუკუნეების მიჯნაზე ჩრდილოეთიდან საფრთხე ნაკლებად იყო მოსალოდნელი, ხოლო საზღვარზე მოსახლე ტომებსა თუ თემებს შორის კონფლიქტი ნაკლებ საფრთხეს უქმნიდა არმაზის აკროპოლისს. მთიელებს ამ პერიოდში მნიშვნელოვანი ავტონომია გააჩნდათ, ცენტრს აღნიშნულ რეგიონებზე ხელი ნაკლებად მიუწვდებოდა.

სამეფო ხელისუფლება ჩრდილოეთით მოსახლე ტომებთან ურთიერთობის მოგვარებას დიპლომატიური გზით ცდილობდა:Lფარნავაზმა ცოლად შეირთო დურძუკთა უფლის ასული, ხოლო საურმაგმა ორგული დიდებულების წინააღმდეგ სწორედ დურძუკები და მთიელები გამოიყენა. საურმაგმა სწორედ მათი დახმარებით შეძლო, დაებრუნებინა სამეფო ტახტი, სამაგიეროდ, მეფემ მათ ქართლის ჩრდილოეთი დაუთმო. [ცხოვრება... 1955: 25-27]

ქართული წყაროების ცნობით, სიტუაცია უკვე აირია მეფე მირიანის მეფობის დროს: ,,დურძუკთა დაივიწყეს სიყვარული ფარნავაზისი და საურმაგისი და გარდამოვიდეს დურძუკეთს მყოფნი, და გაერთნეს თანა ჭართალეთსა მსხდომნი კავკასიანნი, მოტყვევნეს კახეთი და ბაზალეთი." [ცხოვრება... 1955: 25-27] მირიანი იძულებული გახდა, არაგვის კარები აეგო, რისთვისაც მშენებლებს ქვიტკირის მძიმე მასალა გამოუყენებიათ. მოგვიანებით, ალანების ჩრდილოეთ კავკასიაში გამოჩენის შემდეგ, აღნიშნულ ციხეს დარიალი, იგივე დარიალანი, ეწოდა. [ცხოვრება... 1955: 25-27]

იმავე ჩრდილოურმა საფრთხემ აიძულა მეფე  ფარნაჯომი (ძვ. წ. II ს. 80-70-იანი წ.წ.) მცხეთის ჩრდილოეთ მისაგდომებთან, მდინარე არაგვის მარცხენა ნაპირზე, ზედაზნის მთაზე, აღემართა ზადენის ციხესიმაგრე ამავე სახელწოდების კერპთან ერთად. [ცხოვრება... 1955: 29] ზადენის ციხის აგება არაგვის კარის დაცემის შემთხვევაში ქვეყნის ცენტრის თავდაცვის უზრუნველყოფის მიზნით  იყო აუცილებელი.

ამდენად, ჩრდილოეთი საზღვრის გამაგრება, საზღვარზე მოსახლე ტომებისგან მომდინარე საფრთხემ განაპირობა. წყაროში სახელდება დურძუკთა აჯანყება, თუმცა, საქმე უფრო კომპლექსულ პრობლემასთან უნდა გვქონდეს, კერძოდ, მთიელთა წინააღმდეგობასთან, რომელსაც ცენტრალური ხელისუფლება აწყდებოდა მათი ინტეგრაციის პროცესში.

ჩრდილოეთი საზღვრის გამაგრებამ მთაში შედარებით გააძლიერა მეფის ხელისუფლება. მეფეს უწევდა ზედაზენი-არაგვის კარის მონაკვეთის საკუთარი ძალებით გაკონტროლება. ამავე მონაკვეთში მდებარეობდა ჟინვალიც, რომელიც მცხეთას ჩრდილოეთიდან იცავდა, ხოლო სამხრეთით _ ნაქულბაქევის ტერიტორიაზე მდებარე ფორტიფიკაცია. [Bround, 1994:130] არაგვის კარმა განსაკუთრებული დატვირთვა მას შემდეგ მიიღო, რაც ჩრდილოეთ კავკასიაში ახალი ძალა გამოჩნდა სარმატების სახით. სარმატულ ტომებს შორის არ არსებობდა ერთობა. მათგან გამორჩეული ადგილი ალანებსა და სირაკებს ეკავათ. [ფიფია, 2008: 38-39] აღნიშნული ტომების ქართლის ჩრდილოეთ საზღვართან განსახლებამ საფრთხე შეუქმნა არა მარტო მახლობელ აღმოსავლეთს, არამედ თავად ქართლის სამეფოსაც. ამდენად, ერთ-ერთი მიზეზი არაგვის კარის შექმნისა და გამაგრებისა, რომელიც მოგვიანებით ალანთა კარად, ანუ დარიალად, იწოდა, იბერიის ჩრდილოეთით მთიელების მომძლავრებასა და ალანების მომთაბარე ტომების გამოჩენას უნდა უკავშირდებოდეს.[7]

ალანებისა და სირაკების ძალაუფლება, თანამედროვე ალან-ოსეთის რესპუბლიკის სამხრეთ საზღვრებამდე ვრცელდებოდა. ისინი ვერ ახერხებდნენ კავკასიის სამხრეთით გადანაცვლებას, რაც ქართლის სამეფოს მდგრადობით უნდა აიხსნას. ეს გარემოება იმანაც განაპირობა, რომ ჩრდილოეთის გადმოსასვლელები ქართველებს ჯერ კიდევ ალანების მოსვლამდე უნდა ჰქონოდათ გამაგრებული. ამ შემთხვევაში საჭირო იყო ორი ძირითადი მიმართულების _ არაგვისა და დვალეთის მხარეების _ ჩარაზვა.

არაგვის კარისაგან (დარიალისაგან) განსხვავებით დვალეთის კარის გამაგრების შესახებ ინფორმაცია არ მოგვეპოვება. წყაროში ჩანს, რომ არსებობდა ,,დიდი კარი ოვსეთვე და ორნი დვალეთს" [მოქცევაჲ...1963:94-95], რაც, დარიალის გარდა, მამისონისა და როკის უღელტეხილების არსებობის შესახებ მიანიშნებს, რომლებსაც ჩრდილოეთ საზღვრებზე თავდაცვითი მნიშვნელობა ჰქონდათ. აღნიშნული უღელტეხილების დაცვა მათი ბუნებრივი თვისებებიდან გამომდინარე არ წარმოადგენდა განსაკუთრებულ პრობლემას. დვალეთის უღელტეხილების ირგვლივ დვალების ტომი მოსახლეობდა. ამდენად, მათი დაცვა დვალებს ევალებოდათ.

ალანების გამოჩენა საფრთხეს უქმნიდა არა მარტო ქართლს, არამედ მისი ჩრდილოეთი საზღვრის ორივე მხარეს მცხოვრებ ტომებს. სარმატების გამოჩენას, ბუნებრივია, უნდა გაეძლიერებინა მეფის მორჩილებაში მყოფი მთიელი ტომების კონტროლი. ამ შემთხვევაში ალანებისაგან თავდაცვას ორმხრივი ინტერესი განაპირობებდა. ალანების დამკვიდრება ჩრდილოეთ კავკასიაში ძვ. წ. I საუკუნით თარიღდება.

მიუხედავად ძლიერი სამხედრო ძალისა, სარმატები ვერ ახერხებდნენ ვერც კონსოლიდაციას და ვერც სამხრეთ კავკასიაში ფეხის მოკიდებას. ამ ფაქტორმა აიძულა ალანები და სირაკები ქართლის მეფის სამსახურში ან მასთან შეთანხმებით მოეწყოთ მარბიელი ლაშქრობები იბერიის მოსაზღვრე მიწებზე. I-II საუკუნეებში ბერძნულ-რომაულ წყაროებში ალანები ხშირად მოიხსენიებიან იბერიის მეფის მოქირავნეებად. ისინი არბევდნენ რომის იმპერიის, პართიის, სომხეთის, ალბანეთისა და სხვა  ქვეყნების ტერიტორიებს.[8]

ამგვარად, ჩრდილოეთ საზღვრების გამაგრებამ, დარიალისა და დვალეთის კარების შექმნამ არა მარტო დაიცვა ქართლის ცენტრალური ოლქები  მომთაბარეებისა თუ მთიელების შემოტევებისგან, არამედ უფრო გააძლიერა მეფის კონტროლი ჩრდილოეთ საზღვრებთან მოსახლე მთიელ ხალხებზე.

 III საუკუნე მეფე ამაზასპის მმართველობით აღინიშნა. მას გამეფებისთანავე უწევდა ბრძოლა ალანების წინააღმდეგ. ეს ადასტურებს იმ ფაქტს, რომ კავკასიის გადმოსასვლელები II-III საუკუნეების მიჯნაზე ალანების ხელში მოექცა. ჩრდილოეთი საზღვრების მოშლამ გამოიწვია ის, რომ ალანები მცხეთის მისადგომებთან იბრძოდნენ. იბერიის დედაქალაქს დაცემის რეალური საფრთხე შეექმნა. ამაზასპის აქტიურმა ჩარევამ მცხეთას ააცილა ,,ოვსთა" საფრთხე, ხოლო შემდეგ მოკავშირე სომხების დახმარებით მეფემ ოსეთში ილაშქრა და ჩრდილოეთის გადმოსასვლელები კვლავ დაიბრუნა. ამაზასპის ჩრდილოური პოლიტიკა წარმატებული აღმოჩნდა, აღმოსავლურმა კი კრახი განიცადა. მეფე მისმა ძველმა მოკავშირეებმა, სასანიდებმა, დაამხეს. ამაზასპის სიკვდილს სპარსეთის ბატონობის დამყარება მოჰყვა ქართლში. [სანაძე, 2001: 130]

IV საუკუნეში ჩრდილოეთში ვითარება მნიშვნელოვნად შეიცვალა. ალანების დიდი ნაწილი ჰუნების მოწოლის შედეგად იძულებული გახდა, დაეტოვებინა საკუთარი ნასახლარი და დასავლეთით, შავი ზღვის ჩრდილოეთი სანაპიროების მიმართულებით, გადაენაცვლებინა. ჰუნების შემოტევებმა ე. წ. ,,ხალხთა დიდ გადასახლებას" დაუდო საფუძველი. ალანების ერთი ნაწილი სამხრეთით დამკვიდრდა კავკასიის მთიან ტერიტორიაზე, სადაც ისინი ადგილობრივ მოსახლეობას შეერწყნენ, რამაც ოსი ხალხის ეთნოგენეზი განაპირობა.

ალანების საფრთხე მოიხსნა. სამაგიეროდ, ჩრდილოეთ კავკასიაში მომრავლდნენ თურქულენოვანი მომთაბარე ტომები, მათ შორის ჰუნები. ჰუნების მომძლავრების საპასუხოდ აიგო დარუბანდის, ანუ კასპიის, კარები, იგივე ჩორი. ჩორი სასანიდი მონარქების ბრძანებით აშენდა, რათა ჰუნების შეკავება მოეხერხებინათ. დარუბანდის კარის აგების სახსრები თანაბრად უნდა გაეყოთ ბიზანტიისა და ირანის მესვეურებს. მას შემდეგ, რაც შაჰმა ვერ მიიღო დაპირებული თანხა, ეს ფაქტი გამოიყენა მიზეზად, რათა აღმოსავლეთ რომის იმპერიის წინააღმდეგ გაელაშქრებინა. შაჰ კავადის (488-531) განცხადებით, აღნიშნული გასასავლელის დაცვა თანაბრად უპასუხებდა ბიზანტიისა და სპარსეთის ინტერესებს. [პროკოპი, 1965: 58-60] ალბანეთი სასანიდების ხელში აღმოჩნდა, ხოლო ქართლის მეფე ვახტანგმა დარიალის კარების დაკავებისა და მის ჩრდილოეთით მოსახლე ჰუნებისა და ოსების განეიტრალების შემდეგ სპარსეთის მეფისგან ალანთა მბრძანებლისა და დიდი მეფის წოდება მიიღო. [მიწიშვილი, 2003: 408-421]

ამგვარად, V საუკუნეში ჩრდილოეთი საზღვრის დაცვა ახლო აღმოსავლეთში არსებული ორი ძლიერი იმპერიის _ რომისა და სასანიდური სპარსეთის  _ უსაფრთხოებას დაუკავშირდა.

აქედან გამომდინარე შეიძლება დავასკვნათ, რომ კავკასიის წყალგამყოფი ქედის გადმოსასვლელების დაცვა, რომელიც ევრაზიის ვრცელ სტეპებს ახლო აღმოსავლეთის განვითარებულ ქვეყნებთან აკავშირებდა, მნიშვნელოვანი იყო არამარტო ქართული სამეფო-სამთავროებისთვის, არამედ მათი მეზობელი რომისა თუ სასანური ირანის იმპერიებისთვისაც. ამგვარად, საქართველოს ჩრდილოეთი საზღვრის პრობლემას როგორც დღეს, ასევე ანტკურ ეპოქაში საერთაშორისო დატვირთვა ჰქონდა.


[1] ვგულისხმობთ ფეოდალიზმამდელ ეპოქას.

[2] ორი ეკონომიკური სივრცის შესახებ იხ.: დუნდუა, 1993; დუნდუა, 1999; Dუნდუა, 2003; დუნდუა, 1997.

[3] კოლხეთის სამეფოს შესახებ იხილეთ: საქართველოს... 1970;  ლომოური,  1968.

[4] აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით იხილეთ:  ინაძე, 1999: 173-181;  დუნდუა, 1997: 268-273.  

[5] აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით იხილეთ:  საქართველოს ... 1970:  500-507;  ლომოური, 1955: 19-20.

[6] ,,მეორე [გვარი] არის ქურუმთა, რომლებიც ზრუნავენ (მოსამართლეობისა და მხედართმთავრობის გარდა, - ლ. თ.), აგრეთვე, მეზობლებთან სამართალზე". [სტრაბონი, გეოგრფია, IX, 3, 6]

[7] უცხოურ წყაროებში ამ გასასვლელს დარი ალანი, ანუ ალანთა, კარი ეწოდება, რაც მიუთითებს იმაზე, რომ აღნიშნული ციხის აგება მათი პრევენციის მიზნით უნდა მომხდარიყო. წყაროებში დარიალი სარმატიის კარად ან საკუთრივ იბერიის კარადაც მოიხსენიება (იხ. A. Alemany. 6th century Alania: between Byzantium, Sasanian Iran and the Turkish World, Webfestschrift Marshak , 2003. გვ. 2. სქ. 1).

[8] სარმატების გამოჩენასთან დაკავშირებით იხ.:  ლომოური, 1959; ქართული ... 2003. 

ლიტერატურა

დუნდუა თ.
1997
კოლხეთი, იბერია და გარესამყარო (ძვ. წ. VI-IV ს.ს.). ქართული დიპლომატია. ტომი IV. თბილისი.
დუნდუა თ.
1993
კოლხეთი, იბერია და პონტოს სამეფო. ნუმიზმატიკური მასალების მიხედვით. თბილისი.
ინაძე მ.
1999
კოლხეთ-ირანის დიპლომატიური ურთიერთობის ისტორიიდან (ძვ. წ. VI ს. II ნახ.). ქართული დიპლომატია. ტომი VI. თბილისი.
ლომოური ნ.
1959
რომისა და ამიერკავკასიის ქვეყნების ურთიერთობა ახ. წ. I ს.-ში. თსუ შრომები. ტომი 77. თბილისი.
ქართული ....
2003
ქართული დიპლომატიის ისტორია. მთ. რედ. რ. მეტრეველი, თბილისი.
მოქცევაჲ...
1963
მოქცევაჲ ქართლისაჲ. ძველი ქართული აგიოგრაფიული ლიტერატურის ძეგლები. წგნ. 1 (V-X სს.). თბილისი.
მიწიშვილი ნ.
2003
დიდი მეფე ვახტანგ გორგასალი. ქართული დიპლომატია. ტომი X. თბილისი.
პროკოპი კესარიელი
1965
De Bello Persico. გეორგიკა. ტომი II. თბილისი.
სანაძე მ.
2001
“ქართლის ცხოვრება” და საქართველოს ისტორიის უძველესი პერიოდი (ქართლოსიდან მირიანამდე). თბილისი.
საქართველოს...
1970
საქართველოს ისტორიის ნარკვევები. ტომი I. თბილისი.
სტრაბონი
1957
გეოგრაფია. თარგმანი თ. ყაუხჩიშვილისა. თბილისი.
ფიფია კ.
2008
პართია-იბერიის ბრძოლა სომხეთისათვის I საუკუნის 30-50- იანი წლების დამდეგს. საისტორიო ძიებანი. ტომი X_XI. თბილისი.
ქართული...
1975
ქართული საბჭოთა ენციკლოპედია. ტომი I. თბილისი.
ცხოვრება...
1955
ცხოვრება ქართველთა მეფეთა. ქართლის ცხოვრება. ტომი I. თბილისი.
Alemany A.
2003
6th century Alania: between Byzantium, Sasanian Iran and the Turkish World. http://www.transoxiana.org/Eran/Articles/alemany.pdf
Dundua T.
1999
Georgia within the European Integration. Tbilisi.
Dundua T.
2003
Georgians and Roman Frontier Policy in the East. Tbilsi.
Bround D.
1994
Georgia in Antiquity: A History of Colchis and Transcaucasian Iberia 550 BC- AD 562. Clarendon Press, Oxford.
Bround D.
1999
Peacful Caucasus: an ancient perspective. Caucasica, Vol. 3, Tbilisi state university press. Tbilisi.