რუსული ტექსტის ქართული პრობლემები: ლინგვოკულტუროლოგიური კონცეპტები ორი კულტურის კონტექსტში
,,უცხო წამიერად გაითავისო" - კულტურათა ამ კომუნიკაციური სტრატეგიის მნიშვნელოვანი წინაპირობაა თარგმანი, რადგანაც სწორედ ის უზრუნველყოფს კულტურათაშორის კომუნიკაციას ტექსტის დონეზე.
თარგმანი, როგორც ცნობილია, ენობრივი შუამავლობის ერთ-ერთი ძირითადი ფორმაა. იგი ასახავს ეპოქის თავისებურებებს, საზოგადოების როგორც მიმდინარე, ასევე ციკლური განვითარების პროცესს.
უცხო კულტურის ახალი ელემენტები, კულტურული ფენომენები (ყოველდღიური აზროვნებიდან ხელოვნების ჩათვლით) აუცილებლად დამკვიდრებულია სემიოტიკური მინიშნებით და წარმოადგენს სემიოტიკურ მექანიზმს, რომლის დანიშნულების გათვალისწინება და ექსპლიცირება (თარგმნის პროცესში რაციონალურად ახსნა) აუცილებელია.
სრული ეკვივალენტურობა თანამედროვე ცივილიზაციის პირობებში აუცილებელი მოთხოვნაა, თუმცა, სრული ეკვივალენტობის მისაღწევად მიმართული ძალისხმევა ხშირად არასასურველ უკუეფექტსაც იწვევს. უცხო, ,,შემოჭრილი" კულტურის ელემენტები და ერის კულტურის ყველა ნიუანსი მის ენაში აისახება. ნებისმიერი ენა სპეციფიკური და უნიკალურია, რადგანაც სხვადასხვაგვარად ასახავს სამყაროს და ადამიანს ამ სამყაროში. მაგალითად, თითქმის შეუძლებელია, ვთარგმნოთ რუსული ენის მონათესავე ჩეხურ ენაზე რუსი ნობელიანტის, ბორის პასტერნაკის, ცნობილი წიგნის ,,Сестра моя жизнь" სათაური, რადგანაც ,,Жизнь" ჩეხურ ენაზე მამრობითი სქესისაა. ყველა ხალხს, როგორც უნივერსალურ კულტურულ კონცეპტს, აქვს სამყაროსთან დამოკიდებულების კონცეპტუალიზების თავისი ხერხები. უცხო კულტურასთან შეხებისას ყველაზე უფრო დიდ სირთულეს ქმნის ამ კულტურის კოდის არცოდნის გამო მისი სიმბოლური არსის გათავისების შეუძლებლობა.
ეროვნული კულტურის ნიმუშების თარგმანი ამოუწურავ მასალას იძლევა შედარებითი კულტუროლოგიური ძიებისათვის და უზრუნველყოფს კულტურათა კონსტრუქციულ დიალოგს. თვით კულტურათა დიალოგი ქმნის კულტურული პროცესის პარიტეტული დაახლოების პირობებს. როდესაც ისინი ერთმანეთს ,,ეჯახებიან", ,,ურთიერთზემოქმედებენ", როდესაც იშლება უცხო კულტურის ელემენტები, ისინი ან მკვიდრდებიან, ან დროთა განმავლობაში არქაიზებას განიცდიან, ან იცვლებიან უფრო ,,მოდური" ერთეულებით პრინციპით - "Other time - other minners." [ Хахутаишвили, 2006: 77]
ცხადია, აბსოლუტურად ზუსტი თარგმანი სამყაროს აღქმის სხვადასხვაგვარი სურათისა და განსხვავებული ენობრივი ქსოვილის გამო შეუძლებელია. სხვა ენის კონცეპტუალური ასახვა, მისი გამოყენება ცოცხალ, უშუალო ურთიერთობაში ან თარგმანში ახალ სიტუაციურ პოზიციაში აყენებს სამყაროს აღქმის წინა სურათს. ამიტომაც ჟ. დერიდას გახმაურებული კონცეფციის მიმდევრების კვალდაკვალ შეიძლება ვამტკიცოთ ნებისმიერი თარგმანის ონტოლოგიური ფარდობითობა.
ლინგვოკონცეპტუალური ფენომენების სტრუქტურული წყობის თავისებურებების შესწავლა (მათ შორის თარგმანის პროცესში) გვაძლევს დომინირებული სტრატეგიების მექანიზმების გამოვლენის საშუალებას (რა უფრო პრიორიტეტულია: "თარგმანი და კულტურა" თუ "თარგმანის კულტურა"). მიგრატორის კულტურის სპეციფიკურობის შენარჩუნება მთავარ ამოსავალ მეcნიერულ პოსტულატად გვისახავს შემდეგს: თარგმანის პროცესში გარდასახვის ობიექტად შეიძლება ჩავთვალოთ არა თვით რეალობა, არამედ იმიჯი, რაგვარობა, ნასესხები ობიექტის იდეალური კომპონენტი, კონსტრუქტი.
ისტორიული და კულტუროლოგიური ცოდნის სიმწირე და კულტურულ-ისტორიული ფონის გაუთვალისწინებლობა მთარგმნელობითი შეცდომების ძირითადი მიზეზი და ერთგვარი ,,წყალქვეშა ქვებია" მთარგმნელისათვის.
ნებისმიერი ენის მთავარ, განმსაზღვრელ კონცეპტს ენა წარმოადგენს. ნებისმიერი მთარგმნელი, რომელსაც შესწავლილი აქვს სხვა კულტურის ენა, ხდება იმ კულტურის თავისებური მკვლევარიც და მატარებელიც. რუსულ პოეზიაში ხშირად გვხვდება ქართული ლექსიკური ერთეულები. მაგალითად, რამდენიმე ქართული სიტყვა (,,ორიგინალურ ენობრივ სამოსელში") ე. ევტუშენკოს ლექსებშიც არის წარმოდგენილი:
«Я тоскую по Тбилиси, по домам, чей срок на слом,
по лихому остромыслью-ну хотя бы за столом,
по Отару, по Тамазу, по «Давльот!», «Аллаверды!»,
по горбатому томату на лице у тамады...». [Грузия... 1977: 82]
Пузатые мараны по бокам
просили их похлопать ну хоть разик!.. [Грузия... 1977: 78]....
В рубахе пестрой и в шляпе войлочной
пил на базаре хванчкару. [Грузия... 1977: 81]
აზრთა ჰარმონიზების შედეგად მთარგმნელობით სივრცეში, ახალ ენობრივ და კულტურულ განზომილებაში, ახალ სისტემაში, თარგმანის ტექსტი ისეთივე ბუნებრივი მოვლენა ხდება, როგორც ორიგინალში იყო.[1]
თარგმანი ამბივალენტურიც არის თავისი ბუნებით. იგი გვევლინება, როგორც ორი სხვადასხვა ენის პოტენციის რეალიზების ნაყოფი. სხვაგვარად რომ ვთქვათ, თარგმანი არის ორი სტრუქტურის სინთეზი, სადაც უცხო და მშობლიური ერთ მხატვრულად იდენტიფიცირებულ თვისობრიობად უნდა იქცეს.იცვლება საზოგადოება, იცვლება ცნებები: ენობრივი ერთეულები (ჩვენს შემთხვევაში ქართული) ზოგჯერ განიცდის სხვა კულტურულ სინამდვილეში (გარემოცვაში) არქაიზებას.
კულტუროლოგიური ფენომენების მიგრაცია ისტორიული პროცესია. ჩვენს დროში სესხების ასეთი გზა განიხილება (მათ შორის ჩვენ მიერაც), როგორც ახალი ენობრივი სინამდვილის ბიზნეს-ატრიბუტი. სიტყვებისა და ცნებების მიგრაციას ერთი ენიდან მეორეში ენობრივი სესხება ჰქვია. სხვა ენის ერთეულების სესხება პირობითად შეიძლება განვიხილოთ, როგორც ენის gaღaribebis ფაქტი, როგორც ენობრივი თვითმყოფადობის დაკარგვის ერთგვარი მაჩვენებელი. როდესაც ექსტრალინგვისტური ფაქტორები დომინირებს, ნებისმიერ ნიუანსს, მითუმეტეს ენობრივს, დიდი მნიშვნელობა ენიჭება. ამ კონტექსში სწორედ სესხება ითვლება ახალი ენობრივი სინამდვილის ერთ-ერთ ატრიბუტად.
მაგალითისათვის გამოგვადგება ქართული ღვინის სახელწოდებათა მიგრაცია ქართულიდან რუსულ ენაში. საქართველო, მისი მრავალი რეალია და ტრადიცია დაკავშირებულია მეღვინეობასთან. ქართული მეღვინეობა, როგორც კულტურის ფაქტი, უძველესი დროიდან იქცევდა მოგზაურების, სხვადასხვა თაობისა და ეპოქის საქმიანი ადამიანების ყურადღებას. საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩენილი უძველესი პერიოდის ყურძნის ფოთლების ანაბეჭდები, სამარხებში ნაპოვნი ბრინჯაოს ეპოქის სურები, აგრეთვე, სხვა არქეოლოგიური მონაცემები, უდავოდ ადასტურებს, რომ საქართველო ითვლება ველური და კულტურული ვაზის სამშობლოდ; არქეოლოგიური გათხრების დროს ქვეყნის ტერიტორიაზე ნაპოვნი იარაღები და ხელსაწყოები (ქვის პრესი, ყურძნის საწური, ღვინის სხვადასხვაგვარი ჭურჭელი) ადასტურებს, რომ უძველესი დროიდან მეღვინეობა წარმოადგენდა ქართველი ხალხის საქმიანობის ერთ-ერთ მთავარ დარგს. XI-XII საუკუნეებში იყალთოში არსებობდა უმაღლესი სასწავლებელი, იყალთოს აკადემია, სადაც ღვთისმეტყველების, რიტორიკის, ასტრონომისა და სხვა დისციპლინების გვერდით მევენახეობა-მეღვინეობასაც ასწავლიდნენ.
ღვინოსთან დაკავშირებული ენობრივი მასალის გაცნობამ მიგვიყვანა იმ ლოგიკურ დასკვნამდე, რომ ჩვენ წინაშეა არაჩვეულებრივი სამყარო სიტყვათწარმოებისა, თითოეული სიტყვა მთელი სამყაროა, ისტორიისა და კულტურის ნაწილია, განსაკუთრებულია როგორც შინაარსით, ასევე ჟღერადობით. საქართველოში საეკლესიო ღვინოს ზედაშეს უწოდებენ; წყალწყალა ღვინოს - დგვიფს, ჟოქოს, სახარჯოს, შალამურას, წყალკვინტელას; უწყლო, ურიოშო ღვინოს - შუმსა და არმუჯს; წყალნარევს - შუაღვინოს; ახალდაყენებულს - მაჭარს; ჭაჭის მეორად ნაწურს - შამანს, მახალს; საბავშვო უძალოს - თავანკარს; დიდხანს შენახულს - ძველ ღვინოს; სუსტსა და უძალოს - გალა ღვინოს ა. შ. ღირს კი ან შესაძლებელია ამ ლინგვოკონცეპტუალური ფენომენების თარგმნა?
კულტურათაშორისი კომუნიკაცია, როგორც აღვნიშნეთ, რეალიების ურთიერთსესხებასაც გულისხმობს. ყურადღება უნდა მივაქციოთ ლინგვოკულტუროლოგიური კონცეპტების უჩვეულო სემანტიკურ კოლერაციას ახალ ენობრივ სივრცეში. როდესაც ახალ სიტუაციას ერგებიან ან ზოგ შემთხვევაში თავის უცხოენოვან იერსახეს კარგავენ, ისინი ემორჩილებიან პრინციპს: "ვის პურსაც ვჭამ, მას ვემსახურები" (ვლ. დალი).
ენათა და კულტურათა დიალოგის პროცესში ან ერთი კულტურის მეორე კულტურაში შეჭრის შემდეგ ვაწყდებით პარადოქსულ მოვლენებსაც: ლექსიკოგრაფიულ გამოცემაში დაფიქსირებულია ასეთი სახელწოდება: "Тавквери" - азербайджанский урожайный сорт с женскими цветами, с черными ягодами, дает столовые и десертные вина.[Большая... 1953: 111] ,,თავკვერი" ქართული სიტყვაა და ქართულიდან არის შესული სხვა კულტურებში.
საქართველო სრულიად სამართლიანად მიეკუთვნება უძველესი მეღვინეობის კულტურისა და ტრადიციების მქონე ქვეყნებს. ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ მეღვინეობასთან დაკავშირებული ქართული სიტყვები და ტერმინები ქართულიდან სხვა ენებსა და კულტურებშიც შევიდა და დამკვიდრდა[2].
როგორც ვხედავთ, საქმე გვაქვს სამყაროს შეცნობის ,,ენობრივ ასიმეტრიასთან". ჩვენს შემთხვევაში ეს ნიშნავს კულტურათა კომუნიკაციის პროცესში ნათარგმნი ტექსტისა და ნასესხები სიტყვების სიცოცხლისუნარიანობას, მის უნარს, გააგრძელოს ევოლუციური პროცესი პირველწყაროსგან (ორიგინალისაგან) დამოუკიდებლად, თავისი პრინციპული სემანტიკური პოლინტერპრეტაცია დაუქვემდებაროს სიტუაციას, რადგანაც, როგორც ი. ლოტმანი აღნიშნავდა, "Человек обречен жить в культуре так же, как он живет в биосфере." [Хахутаишвили, 2006: 111]
რუსეთში კარგად იცნობენ და უყვართ უფროსი თაობის ქართველი მწერლები. თუმცა, სამწუხაროდ, მათი მომდევნო თაობა მეტწილად უცნობია როგორც ფართო მკითხველთათვის, ასევე ლიტერატურული წრეებისათვისაც. პოლიტიკა, საერთაშორისო კონიუნქტურა და ბაზარი იმპერატიულ სახეს აძლევს ურთიერთობებს. მცირდება ნათარგმნი ლიტერატურის ნიმუშების რაოდენობა. დღეს უკვე ძალიან ცოტა რამ ითარგმნება როგორც ქართულიდან რუსულად, ასევე რუსულიდან ქართულ ენაზე.
როგორც ცნობილია, თარგმანის პროცესში ნებისმიერი ხალხის კულტურული და ეროვნული თავისებურებების ცოდნა საშუალებას იძლევა, მინიმუმამდე დავიყვანოთ კულტურული შოკი. კულტურასთან შეხების პროცესში ხდება ურთიერთობის ალგორითმის ოპტიმიზება.
თარგმნის პროცესში საჭიროა იმ იდეალის პოვნა, რომლისკენაც უნდა მიისწრაფოდეს მთარგმნელი. თარგმანმა ის ღირებულება უნდა შეიძინოს, რაც მას თavis კულტურაში ჰქონდა. ორი კულტურის კავშირი კულტურათაშორისი კომუნიკაციის დროს თანაბარღირებულია და ერთიანად მნიშვნელოვანია მთარგმნელთათვის მთარგმნელობითი საქმიანობის პროცესში.
თუ ორიგინალის ტექსტი არ ,,ბერდება", ხოლო თარგმანი უკვე ,,ეპოქისათვის შეუსაბამოა," ანუ განიცდის სიტუაციურ არქაიზებას, ჩნდება განმეორებით თარგმნის აუცილებლობა. თუმცა, კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ: ნათარგმნმა ტექსტმა აუცილებლად უნდა შეინარჩუნოს ორიგინალის ღირებულება. აზრთა ჰარმონიზების შედეგად მთარგმნელობით სივრცეში, ახალ ენობრივ და კულტურულ განზომილებაში, ახალ სისტემაში თარგმანი სიტუაციურად მორგებული უნდა გახდეს. ამგვარი დასკვნების საფუძველს საკმაოდ დიდი საილუსტრაციო მასალა გვაძლევს.
რუსულ მედიასივრცესთან და მედიამასალასთან დაკავშირებით განსხვავებული სიტუაციური ფონია, სადაც, ერთი მხრივ, ორიგინალი-დისკურსის ,,სიცოცხლისუნარიანობა" და მთარგმნელობითი დრო ქმნის ტექსტ-მატრიცას მაქსიმალურად რედუცირებული ლინგვისტური მახასიათებლებითა და მწირი პოეტიკით და ,,პრივილეგირებულ საკითხავს" საქართველოს შესახებ თანამედროვე მკითხველთათვის, რომლებიც წარმოადგენს ე. წ. იდეოლოგიზებულ და პოლიტიკას მორგებულ ტექსტებს[3], მეორე მხრივ, მედიატექსტებში მუდმივი მონაცვლეობაა ამ ორ ინტენციას შორის.
ასეთი ტიპის მედიატექსტები, რომლებშიც წარმოჩენილია „ქართული პრობლემები," თავიანთი დისკურსიდან გამომდინარე, a priori გამოირჩევიან. მათი შესწავლა საშუალებას მოგვცემს, დავაკვირდეთ ენობრივ ლინგვოკულტუროლოგიურ ერთეულებს, თუ როგორ სცდებიან ისინი საკუთარ კულტურას და იძენენ კულტურის მედიატორე თვისებებს თავისი კულტურული იდენტურობის დაკარგვის გარეშე. ეს, ჩვენი აზრით, აკულტურაციის საკმაოდ გამარტივებული ფორმა, საშუალებას გვაძლევს, მონოკულტურული თვითიდენტიფიკაცია განვიხილოთ, როგორც აუცილებელი რგოლი კულტურათშორისი კომპეტენციის პროცესის ფორმირებისა ლინგვოკულტუროლოგიური ფენომენების (ჩვენს შემთხვევაში ქართულის) ტრანსლაციის დროს.
[1] თუმცა, განსხვავებული პოზიციებიც არსებობს. მაგ., ე. ევტუშენკო წერდა:,,Я верю в лишь одни стихи, не верю просто в переводы ."[Грузия... 1977: 77]
[2] თუმცა, გადამეტებული იქნება ამ მოვლენის გლობალურობაზე საუბარი. გლობალური სესხების მაგალითია იტალიური მუსიკალურ ტერმინოლოგია. ვიოლონჩელო, ფორტე, პიანო, არია, ფლეიტა და სხვ. ნასესხები აქვს თითქმის ყველა ერსა და კულტურას. რაც იმან განაპირობა, რომ იტალიას მუსიკის განვითარების ისტორიაში უპირველესი ადგილი უჭირავს.
[3] ამის მაგალითი უამრავია რუსულ მედიასივრცეში.
ნიმუშად მოვიყვანთ ino press-ის ერთ საინფორმაციო ტექსტს: Ему благоволил Джордж Буш, зато Барак Обама его сторонится. О том, как президент Грузии Михаил Саакашвили пытается поправить свою пошатнувшуюся репутацию в США, рассказывает Беньямин Биддер в статье, опубликованной на сайте еженедельника Der Spiegel.
Вначале обозреватель подробно описывает историю с псевдорепортажем грузинского телеканала "Имеди", контролируемого правительством, который в своей субботней передаче показал сюжет о нападении России на Грузию и гибели президента Саакашвили. На следующий день глава государства, как ни в чем не бывало, предстал перед прессой и заявил, что показанное - это реалистичное изображение того, что может случиться уже в ближайшие месяцы. Вряд ли подобными средствами можно улучшить имидж страны в глазах Запада.
С приходом в Белый дом Барака Обамы грузинский президент оказался на обочине американской политики. Чтобы способствовать визиту Саакашвили в США и его личной встрече с Обамой, Совет безопасности Грузии заключил договор с известным пиар-агентством Podesta Group. Компанией руководит Тони Подеста, брат Джона Подесты, который когда-то возглавлял штаб Билла Клинтона и помогал Обаме при вступлении в должность президента.
Кроме того, Грузия заплатила почти 437 тыс. долларов лоббистской фирме, принадлежащей бывшему главе демократов в Палате представителей Конгресса США Дику Гепхардту. Лишь за период с лета 2008 года Тбилиси израсходовал примерно 1,7 млн. долларов на оплату американских лоббистов. Грузия также интенсифицирует свое присутствие на американском телевидении и публикует крупноформатную рекламу в англоязычных журналах и газетах. Биддер объясняет это тем, что Саакашвили, прославленный западными СМИ как герой "революции роз", ощущает себя все в большей изоляции.
Грузия проявляет активность и в Голливуде. Недавно Саакашвили запустил проект, предполагающий съемку фильма, в котором будет показано грузинское видение кавказского конфликта 2008 года. В фильме будут заняты грузинские актеры, а режиссура поручена Ренни Харлину, пятикратному обладателю приза "Золотая малина" за худший фильм года. Проект, сообщает немецкое издание, хотя и считается американским, но, по меньшей мере частично, финансируется из Грузии, там же был написан и сценарий. [ino-press. 4-05-2010]
ლიტერატურა
Большая... 1953 |
Большая советская энциклопедия. Москва. |
Грузия ... 1977 |
Грузия в русской советской поэзии. Если пелось про это. Тбилиси. |
Хахутаишвили Н. 2001 |
Массовая информация и воздействующие тексты//Язык и образование. Сборник научных трудов. Великий Новгород. |
Хахутаишвили Н. 2006 |
Некоторые аспекты перевода названий грузинских вин//Индустрия перевода и информационное обеспечение внешнеэкономической деятельности предприятий. Международная научно-практическая конференция. Сборник материалов. Пермь. |
Хахутаишвили Н. 2008 |
О специфике перевода воздействующих текстов// Индустрия перевода и информационное обеспечение внешнеэкономической деятельности предприятий. Вторая Международная научно-практическая конференция. Сборник материалов. Пермь. |
ino press 2010 |
ino press 4-05– 2010 |