აფხაზეთის ტოპონიმიის მეტამორფოზები

საქართველოს ჩრდილოეთ-დასავლეთი კუთხის, ამჟამინდელი აფხაზეთის, ისტორიის მრავალი საკითხი დღემდე არაა საბოლოოდ გარკვეული. მეცნიერთა შორის განსხვავებული თვალსაზრისებია სხვადასხვა ისტორიულ ეპოქაში აფხაზეთის მოსახლეობის ეთნიკური შემადგენლობის, აფხაზთა (აფსუათა) თავდაპირველი საცხოვრისისა და მათი ეთნოგენეზისის საკითხთან დაკავშირებით.

        XIX საუკუნის დასაწყისიდან ჯერ მეფის რუსეთის, შემდგომ საბჭოთა  იმპერიის მარწუხებში მოქცეულ საქართველოში სხვადასხვა მიზეზთა გამო მეცნიერები (უმნიშვნელო გამონაკლისის გარდა), რბილად რომ ვთქვათ, ნახევარი სიმართლით ასახავდნენ ამ რეგიონში საუკუნეების განმავლობაში მიმდინარე არაერთგვაროვან პოლიტიკურ, ეთნო-კულტურულ და ფსიქოლოგიურ ცვლილებებს. ქართველი ერის ისტორიის ფალსიფიკაციამ, ადგილობრივი ქართველების უფლებების შეზღუდვის ხარჯზე აფხაზური სეპარატიზმისადმი პოლიტიკურმა დათმობებმა ლამის სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა ქართულ სახელმწიფოებრიობას, რაც რუსეთის მხრიდან ცალმხრივი, მაგრამ მაინც აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებით დასრულდა.

       ასეთ პირობებში უფრო მძლავრად ამუშავდნენ როგორც აფხაზი, ასევე მათი დამკვეთი რუსი ისტორიკოს-პოლიტოლოგები და მსოფლიოს ამცნობენ, თითქოს ამ ტერიტორიაზე აბორიგენი მოსახლეობა უძველესი დროიდან მხოლოდ აფხაზები იყვნენ და ქართველებს აქ არასოდეს უცხოვრიათ.

        მსგავს განცხადებებზე არაერთხელ გაუციათ არგუმენტირებული პასუხი ქართველ მეცნიერებს, მაგრამ სხვადასხვა მიზეზთა გამო თითოეულ მათგანში მაინც იგრძნობოდა "შერბილებული", "თავშეკავებული" ტონი. აუცილებელია (თუ დაგვიანებული არა) მეცნიერების სხვადასხვა დარგის მონაცემების გამოწვლილვითი ანალიზის საფუძველზე საბოლოოდ გაკეთდეს ობიექტური დასკვნები და ამის შესახებ ემცნოს როგორც "გაორებულ" ქართველ მეცნიერებს, ისე საერთაშორისო საზოგადოებას.

          უცხოელ ავტორთა (ანტიკური ხანიდან მოყოლებული დღემდე) შრომების კრიტიკული ანალიზი, ძველი ქართველი მემატიანეების ცნობები, აგრეთვე უკანასკნელ პერიოდში ისტორიკოსთა და ლინგვისტთა მიერ ჩატარებული კვლევა-ძიებანი ადასტურებენ, რომ დასახელებულ რეგიონში "საკუთრივ აფხაზებს მათი დღევანდელი ტერიტორიის დიდ ნაწილზე წინ უსწრებდა ქართველური მოსახლეობა ერთი მხრით, სვანური შტოთი, მეორე მხრით - ჭანურ-მეგრულისა"[ჯანაშია, 1959: 15]. ყველა მონაცემებით დასტურდება, რომ თანამედროვე აფხაზთა საცხოვრისი მდებარეობდა კავკასიონის ქედის ჩრდილოეთით, მდ. ყუბანის აუზში, "ხოლო თანამედროვე აფხაზები გვიან და მომდევნო საუკუნეებში ჩრდილო კავკასიიდან გადმოსახლებული აფსუები არიან"  [ლორთქიფანიძე, 1990].

        ბუნებრივია კითხვა: რა ფაქტორებმა განაპირობეს კავკასიის ქედს მიღმა მცხოვრები ტომების მიგრაცია სამხრეთ კავკასიაში?

        XV საუკუნიდან საქართველოში ძლიერდება სხვადასხვა ადმინისტრაციული ერთეულების სწრაფვა განკერძოებულობისაკენ, რასაც თან ერთვოდა გარეშე ძალების (სპარსელები, ოსმალები, ჩრდილოკავკასიელი ტომები...) სისტემატური შემოსევები; შედეგად ძლიერი მონარქიული სახელმწიფოსაგან მივიღეთ დაქუცმაცებული ქვეყანა, რასაც მოჰყვა მოსახლეობის ფიზიკური განადგურება და მათ ნაფუძარზე უცხო ტომთა ჩასახლება. ეს პროცესი ჩვეულებრივზე სწრაფად მიმდინარეობდა ქვეყნის განაპირა კუთხეებში, მათ შორის აფხაზეთშიც, რომელსაც XVI საუკუნიდან ძლიერი ეთნიკური ნაკადი მოაწყდა ჩრდილო კავკასიიდან.

        სწორედ "მცოცავი კოლონიზაციის" ამ პერიოდიდან ფიქსირდება ამჟამინდელი აფხაზეთის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, კერძოდ, ბიჭვინთის მიდამოებში აფხაზთა (აფსუათა) ჩამოსახლების პირველი შემთხვევები; ამ დროიდან მოკიდებული აფსუათა მომრავლება მდ. ენგურის მიმართულებით რამდენიმე ეტაპად განხორციელდა:

   1) XVI საუკუნის 20-30-იანი წლებიდან XVII საუკუნის 50-იან წლებამდე აფსუათა ტომებმა ხელთ იგდეს ტერიტორია მდ. კოდორამდე. აფხაზეთის ქართული მიწა-წყლის ამ სისხლიან აგრესიას თან სდევდა მოსახლეობის ნაწილის ამოხოცვა, სარწმუნოების შერყვნა, ნგრევა და აწიოკება, რაც კარგად ჩანს იმ დროს საქართველოში მყოფი უცხოელი მისიონერებისა და მოგზაურების ჩანაწერებში, რომელთა თვალწინაც ხდებოდა ეს ყოველივე;

   2) აფსუათა მიერ აფხაზეთის დაპყრობა ხორციელდებოდა XVII საუკუნის მეორე ნახევარშიც, როცა მათ ტერიტორია გაიფართოვეს მდ. ღალიძგამდე. ცხადია, კოდორ-ღალიძგის ოკუპაციამაც ისეთივე სისასტიკით ჩაიარა, როგორც პირველ შემთხვევაში;

   3) მესამე პერიოდი თარიღდება XVII საუკუნის ბოლოთი, როცა აფსუებმა თავიანთი საზღვრები მდ. ღალიძგიდან გადაიტანეს მდ. ენგურამდე, რასაც სხვა ფაქტორებთან ერთად ხელი შეუწყო ოდიშის ძლიერი მთავრის, ლევან II დადიანის, გარდაცვალებამაც.  [გვანცელაძე, 2000: 44]

          ამდენად, აფხაზი ფეოდალები დაქირავებული თუ მოხალისე ჩრდილოკავკასიელების დახმარებით  დაეუფლნენ ვრცელ ტერიტორიას მდ. ღალიძგიდან მდ. ენგურამდე და ენგურგამოღმაც დაიწყეს თარეში, რასაც ადასტურებს პატრი ძამპის მიერ იტალიაში გაგზავნილი წერილიც: "ლევან დადიანის სიკვდილით სამეგრელოს კეთილდღეობასაც ბოლო მოეღო. თითქმის წელიწადი ისე არ გავიდოდა, სამეგრელო რომელსამე მტერს არ აეკლო "  [თამარაშვილი, 1902: 203].

        ამჟამინდელი აფხაზეთის ისტორიის ობიექტური სურათი დაფიქსირებულია არა მარტო თვითმხილველი ევროპელი მოგზაურების, კათოლიკე მისიონერების ცნობებსა და ქართულ წყაროებში, არამედ თვით აფხაზი სწავლულების მიერაც. 1630 წელს აფხაზეთში ჩამოსული იტალიელი მისიონერი ჯოვანი ჯულიანი და ლუკა წერს, რომ "აბაცას" ტომი, "აბსნეს" რომ უწოდებენ, ჩრდილოეთ კავკასიიდან ჩამოვიდა; არქანჯელო ლამბერტის (XVII ს.) აფხაზეთ-სამეგრელოში მოგზაურობისას შენიშნული აქვს: "კოდორს გაღმა ცხოვრობენ აფხაზები, თავისი განსაკუთრებული ენით... კოლხეთის სახელით იგულისხმება ის ქვეყანა, რომელიც მდებარეობს კოდორსა და ფაზისს შუა და რომელსაც დღეს სამეგრელოს უწოდებენ [ლამბერტი, 1938]; XVI საუკუნის საბუთში მითითებულია, რომ გურიელის ქვეყნის შემდეგ  სოხუმამდე არის დადიანის ქვეყანა [აბულაძე, 1983: 5].

         აფხაზთა (აფსუათა) ჩამოსახლების ფაქტი ხაზგასმულია რუს ავტორებთანაც. რუსული ისტორიის მამად აღიარებული ვ. ტატიშჩევი (1686-1750) წერს: ,,Паче же мною, Часть  Мингрелии северная, которую турки и кабардинцы именуют абхазос, Наши древние именовали обези...  Нине оной большую часть кубанцы населяют" [Татищев, 1967]. ა. დიაჩკოვ-ტარასოვი კი აღნიშნავდა: ,,Абхазцы  не всегда обитатели  там, где тепер  живут... Они пришли с севера и потеснили картвельские племена, пока не остоновились у Ингури"   [Дьячков-Тарасов, 1905: 65].

        XV საუკუნის იტალიურ რუკებზე მდ. კელასურის შესართავთან აღნიშნულია "მეგრული პორტი," ხოლო 1561 წელს იტალიელი ჯაკოპო გასტალდის მიერ შედგენილ რუკაზე აფხაზეთი, აფსუათა ოლქი და ქალაქი "აყვა" (სოხუმის აწინდელი აფხაზური სახელწოდება) გამოსახულია ჩრდილოეთ კავკასიაში, ყუბანის შუა წელზე, ხოლო ამჟამინდელი აფხაზეთი სამეგრელოს შემადგენლობაშია [გვანცელაძე, 2008: 49]. იგივე დასკვნა გამომდინარეობს უცხოელი მოგზაურებისა თუ მისიონერების (ჯოვანი ლუკა, მაკარი ანტიოქელი, ჟან შარდენი, ჟაკ გამბა და სხვ.) ნაწერებიდანაც.

       აფხაზეთ-სამეგრელოს საზღვრად XVII საუკუნის ბოლომდე მდ. კოდორი საეჭვოდ არ მიაჩნდა ცნობილ აფხაზ ისტორიკოსს ზ. ანჩაბაძესაც: "აფხაზეთის სამთავროს საზღვარი იყო მდ. კოდორი. აფხაზი ფეოდალები სამთავროს საზღვრების გასაფართოებლად ებრძოდნენ დადიანებს, ცდილობდნენ დაპატრონებოდნენ სამეგრელოს მიწა-წყალს მდ. კოდორის მარცხენა ნაპირზე. ბრძოლა ცვალებადი წარმატებით მიმდინარეობდა. ბოლოს, XVI საუკუნის მიწურულს, შერვაშიძეებმა სამთავროს სამხრეთ-აღმოსავლეთით საზღვარი მდ. ენგურამდე გადასწიეს [Анчабадзе, 1959].

      ზემოთქმული და სხვა მრავალი წყარო ნათლად წარმოაჩენს ამჟამინდელი აფხაზეთის ტერიტორიაზე ქართველურ ტომთა ავტოქტონობას  ბოლშევიკური რუსეთის მიერ იდეოლოგიურად შემზადებული აფხაზი სეპარატისტი მეცნიერების დებულებების საწინააღმდეგოდ, რომლებმაც საკუთარი ხალხის ისტორია ისე წარმოაჩინეს, თითქოს ქართველები აფხაზეთში მხოლოდ XIX საუკუნიდან ცხოვრობენ, ხოლო ამ მხარის ერთადერთ აბორიგენ და ავტოქტონ მოსახლეობად აფხაზები ჰყავთ მიჩნეული.

   აფხაზეთის ისტორიის გაყალბებას დიდი გასაქანი ეძლევა საბჭოთა პერიოდში. წინასწარაკვიატებული და ტენდენციური აზროვნებით გამორჩეული აფხაზი ისტორიკოსები და მოსკოვში მოქმედი ნ. მიკლუხო-მაკლაის სახელობის ეთნოგრაფიის ინსტიტუტის თანამშრომლები მიზანმიმართულად აყალბებდნენ ობიექტურ სინამდვილეს, რასაც, სამწუხაროდ, ქართველი მეცნიერები სხვადასხვა მიზეზით ნახევარი სიმართლით თუ უპირისპირდებოდნენ; ასეთი მიდგომა აქეზებდა ზემოთხსენებულ მკვლევართ, აფხაზები (აფსუები) არათუ აფხაზეთის ერთადერთ აბორიგენ მოსახლეობად მიეჩნიათ, არამედ მათი განსახლების არეალში მოექციათ სამეგრელო-იმერეთის, გურიისა და სხვა მიმდებარე ტერიტორიებიც. განსაკუთრებით არ ეთმობოდათ სამურზაყანო, რისთვისაც "ეყრდნობოდნენ" ვითომცდა ლინგვისტურ მონაცემებს; rogorc S. inal-ifa aRniSnavda,  სიმჭიდროვე და ეთნიკური მკაფიოობა აფხაზეთის ტოპო- და ჰიდრონიმიკისა და მდ. მზიმთის აუზიდან...(აფხაზეთის უკიდურესი ჩრდილო ნაწილი) თითქმის მდ. ენგურამდე... ცხადყოფს, რომ აფხაზი ტომები წარმოადგენდნენ მთელი ამ ტერიტორიის ძირითად მცხოვრებლებს [Инал-Ипа, 1976: 381], ხოლო სამურზაყანოში აფხაზური ტოპონიმიის შესუსტება ახსნილია ქართული ტოპონიმიკური ლექსიკის გვიანდელობით (შუა საუკუნეების ხანისად), რაც გამოწვეული ყოფილა აფხაზეთ-საქართველოს გაერთიანებული ფეოდალურ-მონარქიული სახელმწიფოს არსებობით; ამ ფაქტს, აგრეთვე, უკავშირებდნენ ბატონყმურ ექსპლოატაციასა და უმიწობას გამოქცეულ მეგრელ გლეხთა სამურზაყანოში მასობრივ გადასახლებასაც, რასაც ვითომ გამოუწვევია გეოგრაფიული ნომენკლატურის შეცვლა და თითქოს ამის შედეგი ყოფილა შავიზღვისპირა ზოლში "შედარებით გვიანდელი ქართული ელემენტი" [Инал-Ипа, 1976: 382].

   ასეთი ისტორიული რეალობის ფონზე მიმდინარეობდა და დღესაც გრძელდება გეოგრაფიულ სახელთა ცვლა აფხაზეთში, რასაც უკანასკნელ პერიოდამდე ნაკლები ყურადღება ექცეოდა იმ მიზეზით, რომ თითოეული მეცნიერული არგუმენტი ამ მხრივ განსაკუთრებულ მწვავე რეაქციას იწვევდა აფხაზებში; ამიტომ ზოგიერთი რუსი ვაიმეცნიერის მხარდაჭერითა და უშუალო მონაწილეობით აფხაზეთის ისტორიოგრაფიაში მეცნიერებისათვის ყოვლად მიუღებელი  მეთოდებით ხდებოდა სინამდვილის იგნორირება და გაყალბება.

   წინამდებარე სტატიაში ჩვენი მიზანია აფხაზთა (აფსუათა) აფხაზეთში მიგრირების დროის გარკვევის ცდა ლინგვისტურ (ამ შემთხვევაში ტოპონიმიკურ) მონაცემებებზე დაყრდნობით და ჩვენება იმისა, თუ როგორ ხდებოდა დროის სხვადასხვა მონაკვეთში გეოგრაფიულ სახელთა მიზანმიმართული ცვლა.

      აფხაზეთში ტოპონიმების  ისტორიული ცვლის შესახებ ქართველოლოგიაში თითო-ოროლა ნაშრომი თუ მოგვეპოვება; ამ მხრივ საყურადღებოა პროფ. ო. მიქიაშვილის შრომა [მიქიაშვილი, 2000].  ავტორის აზრით, ტოპონიმთა მიზანმიმართული ცვლა იწყება მეოცე საუკუნის 40-ანი წლებიდან, ხოლო ამ პროცესის მეორე ეტაპად მიჩნეულია სტალინის გარდაცვალების შემდგომი პერიოდი (ხრუშჩოვის მმართველობის პერიოდი). ასევე მნიშვნელოვანია პროფ. თ. გვანცელაძის ნაშრომი, რომელშიც მკვლევარს 1864 წლიდან 1990-იან წლებამდე გამოყოფილი აქვს ტოპონიმთა  ცვლის ხუთი პერიოდი [გვანცელაძე, 2000].

     ჩვენი აზრით, აფხაზეთის ტოპონიმთა ცვლის ეტაპებზე მსჯელობა უნდა დაიწყოს XVI ს-ის დასაწყისიდან, იმ პერიოდიდან, როცა ამჟამინდელი აფხაზეთის უკიდურეს ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, ბიჭვინთის მიდამოებში, სადაც დასტურდება აფხაზთა ჩამოსახლების პირველი შემთხვევები, ასევე პირველადაა ნახსენები აფხაზური ენის ნორმებით გაფორმებული ორი გეოგრაფიული სახელი  - აითარნე და არუხა.[1]   ისტორიული წყაროებისა და კარტოგრაფიული ცნობების ლინგვისტური ანალიზიდან გამომდინარე ვფიქრობთ, რომ ამ დროიდან მოყოლებული აფხაზეთის ტოპონიმთა ისტორიულ ცვლაში უნდა გამოიყოს შვიდი ეტაპი:

   პირველი ეტაპი უნდა განისაზღვროს XVI საუკუნიდან XIX საუკუნის 60-იან წლების პირველ ნახევრამდე (1864 წლამდე, აფხაზეთის სამთავროს გაუქმებამდე). ეს არის  ტოპონიმთა სტიქიური, არაგეგმაზომიერი ცვლა, რომელიც გამორიცხავდა სხვა სახელმწიფოს მიზანმიმართულ ჩარევას;

    მეორე ეტაპი მოიცავს 1864-1918 წლებს. მუჰაჯირობის შედეგად აფხაზეთის ტერიტორიის დიდი ნაწილი დაიცალა მოსახლეობისაგან. ვაკუუმის შესავსებად იმპერიამ რუსული, უკრაინული, სომხური, ბერძნული, გერმანული, ბულგარული და ესტონური სოფლების შექმნა დაიწყო, რასაც თან მოჰყვა ქართველური და აფხაზური   ტოპონიმების გაქრობა და მათი რუსული გეოგრაფიული სახელებით ჩანაცვლება, რაც სამი მიმართულებით წარიმართა:

   ა) როგორც ნებისმიერი ეპოქის იმპერიისათვის არის დამახასიათებელი, გეოგრაფიულ პუნქტთა სახელდების უმრავლესობა სამეფო დინასტიის (ამ შემთხვევაში რომანოვების) ოჯახის წევრთა სახელებით შეიცვალა; ბ) მეორე ნაწილს ჩაენაცვლა რუსეთის არმიის გენერლების, მსხვილ ჩინოსანთა თუ მემამულეთა გვარები; გ) ტოპონიმთა მცირე ჯგუფში აისახა რელიგიური წარმოდგენები, ჩამოსახლებულ კოლონისტთა სადაურობა  და სხვა. მაგალითად:

ა) 1869 წელს გადასახლებულ აფხაზთა საცხოვრისზე (ამჟამინდელი გულრიფშის რაიონის სოფ. ბაღმარანის ტერიტორიის ნაწილი) შეიქმნა ანატოლიელ ბერძენთა დასახლება ალექსანდროვსკოე //ალექსანდროვკა (უფლისწულ ალექსანდრეს დაბადების აღსანიშნავად). ნიკოლოზ II-ის ვაჟის, უფლისწულ ალექსის, დაბადების აღსანიშნავად ალექსეევკა ეწოდა სოხუმის რაიონის სოფ. ახალსოფლის ტერიტორიას. იმპერატორის შვილიშვილის, ანდრეის, პატივსაცემად ანდრეევკა დაერქვა აფხაზურ სოფელ აფრას. უფლისწულ ოლგა თევდორეს ასულ რომანოვას საბერძნეთის უფლისწულზე დაქორწინების აღსანიშნავად ოლგინსკოე უწოდეს ბერძენი მოახალშენეებით დასახლებულ აფხაზურ სოფელ ბარიალს [კვარჭელია,1985: 39-41].

ბ) რუსეთის არმიის გენერალთა გვარების უკვდავსაყოფად გაჩნდა სახელწოდებანი:

პილენკოვო ცანდრიფშის ნაცვლად ( გენერალ პილენკოს პატივსაცემად);

ევდოკიმოვკა (გენერალ ევდოკიმოვის პატივსაცემად);

ერმოლოვკა, ერმოლოვსკი სოფლების სახელებად გაჩნდა გენერალ ერმოლოვის გვარის უკვდავსაყოფად;

ამავე ტიპისაა ვლადიმიროვკა, ვორონცოვკა, ზახაროვკა და სხვ.

გ) სხვა ტიპის რუსული სახელწოდებანი: ბოგოიავლენსკოე, ტროიცკოე, სპასსკოე, ვესიოლოე, ოტრადნოე, გრებეოკი, ერნიგოვკა, პოლტავსკოე და სხვ.

დ) ჩამოსახლებულ კოლონისტთა სადაურობის მიმანიშნებელი სახელწოდებანი: ესტონკა//ესტონსკოე, ნაა-არმიანსკოე, ერი-არმიანსკოე, ნაიდორფი.

 1914 წელს შედგენილ სოხუმის ოლქის დასახლებული პუნქტების სიაში 213 მსხვილი სოფლის სახელიდან 33 სოფელს ახალი რუსული ანდა რუსიფიცირებული სახელი ჰქვია. ესენია:

   ბაკლანოვკა, ბელორეენსკი, ვესიოლი, პეტროვსკოე, ალექსანდრევსკოე, ალექსანდრევსკოე პერვოე, ალექსანდრევსკოე ვტოროე, ანდრეევსკოე, ვასილევკა, ვორონცოვკა, ივანოვკა, მარიინსკოე, მატროსსკაია სლობოდკა, მიხაილოვსკოე, ნაა-არმიანსკოე, ნიკოლაევო-ანასტასიევსკოე, ნოვოერნიგოვკა, ოლგინსკოე, ვლადიმიროვკა, გეორგიევსკოე, დმიტროვსკოე, ეკატერინენსკოე, კონსტანტინოვსკოე, პავლოვსკოე, პეტროვსკოე, პოლტავსკოე, როდესტვენსკოე, სპასოვსკოე, სტაროერნიგოვკა, ესტონსკოე, ერი-არმიანსკოე, ერი-აბხაზსკოე, იურიევსკოე [გვანცელაძე, 2000: 44-51].

   ტოპონიმთა მასობრივი ცვლის მესამე ეტაპი XX საუკუნის 20-30-იან წლებს მოიცავს და კომუნისტურ-იდეოლოგიური ხასიათისაა. ამ პერიოდში საბჭოთა კავშირის მასშტაბით ისტორიული სახელწოდებებისა და ცარიზმის მიერ დამკვიდრებული ტოპონიმების ადგილას მასობრივად ჩნდება კომუნისტური პარტიის ლიდერების გვარ-სახელებთან თუ რევოლუციურ ცნებებებთან დაკავშირებული ხელოვნური სახელები. რა თქმა უნდა, ამ მხრივ გამონაკლისი ვერც აფხაზეთი იქნებოდა. ამ პერიოდში დამკვიდრდა ტოპონიმები: ოქტიაბრსკოე ფსირძხა//ფსირცხა'ს ნაცვლად, აუმიანოვსკოე//აუმიანოვკა (წყუბუნ-არხირეისკოე), კულტუასტოკ ← (ასაბულეი), კონსოვხოზ←(კაციქთა), ლენინო←(რეპერ), კომინტერნსკოე←(კესიანოვკა), მიასნიკოვო//მიასნიკოვკა←(დალი), სვობოდა←(იაშთხვა), სოფელ ეშერის შემადგენლობიდან გამოყოფილი ტრეტი ინტერნაციონალ, კარლ მარქს და ლაკობა40-იან წლებში ქართულით  შეიცვალა ცარიზმისდროინდელი შემდეგი ტიპის სახელები: ოლგინსკოე→ოქტომბერი, ტროიცკოე→ცოდნისკარი, ანასტასიევკა→განახლება, მიხაილოვსკოე→რომა და სხვ. ანალიზმა უჩვენა, რომ 20-40-იან წლებში კომუნისტების მიერ შემოღებული   ტოპონიმებიდან აფხაზური მხოლოდ ერთია - ლაკობა; რაც შეეხება იდეოლოგიზებულ ქართულ სახელებს, არც ერთ მათგანს არ გამოუდევნია რომელიმე აფხაზური ტოპონიმი მაშინ, როდესაც იდეოლოგიზებული რუსული სახელებით შეიცვალა როგორც ცარიზმის დროს შემოღებული, ისე ცარიზმის ენობრივ პოლიტიკას გადარჩენილი აფხაზურენოვანი სახელწოდებანიც (ფსირცხა, ასაბულეი, კაციქთა, იაშთხვა) [გვანცელაძე, 2000: 48].

  რუსიფიკაციის პოლიტიკით კრემლი იმდენად იყო გატაცებული, რომ, მიუხედავად რომანოვებისა და მათი გენერალიტეტისადმი კომუნისტების სიძულვილისა, ამ პერიოდში არ გაუქმებულა მრავალი ცარიზმისდროინდელი სახელდებანი (მეფის ოჯახის წევრთა  და რუსეთის არმიის გენერალთა სახელები), რაშიც თავისი როლი ითამაშა მათმა რუსულმა წარმომავლობამ.

ტოპონიმთა ცვლის მეოთხე ეტაპი მოიცავს XX საუკუნის 40-იანი წლებსა და 50-იანი წლების პირველ ნახევარს. დროის ეს მონაკვეთი გამოირჩევა აფხაზ სეპარატისტთა ანტიქართული ბრალდებებით საქართველოს ხელისუფლებისადმი, თითქოს მისი პოლიტიკა აფხაზეთში მიზნად ისახავდა აფხაზური ტოპონიმების გაქართულებას, რათა წაეშალა აფხაზეთში აფხაზთა ცხოვრების კვალი. მეტიც, აფხაზთა სეპარატისტულ ლიტერატურაში უსაფუძვლოდ სდებენ ბრალს ქართველებს აფხაზთა ძალდატანებით გაქართველებაში, აფხაზური ენისა და კულტურის დევნა-შევიწროებაში. 

        მართალია, 1940-1952 წლებში აფხაზეთის ტოპონიმიაში, ისევე როგორც მთელ ქვეყანაში, ბევრი რამ შეიცვალა, მაგრამ იგი არ ყოფილა მიმართული აფხაზი ხალხის ინტერესების წინააღმდეგ; თუმცა აფხაზური ბრალდების გასაბათილებლად საქართველოს ხელისუფლებას არაფერი გაუკეთებია, პირიქით, ეს ბრალდება ფაქტობრივად აღიარებულ იქნა.

1943-1952 წლებში აფხაზეთში შეიცვალა 109 ტოპონიმი, რომელთაგან ქართულით ჩანაცვლებულია მხოლოდ 10 გეოგრაფიული სახელი [მიქიაშვილი, 2000: 5-9]. ესენია: ფითა, იცრა, კალმუთი, მეხადირი, აბგაბორთა, აგუაა, ატიადუ, ლაგანიაარხუ, არადუქვა და წალამური; თუმცა,  პროფ. თ. გვანცელაძე დასახელებული 10 ტოპონიმიდან უეჭველ აფხაზურ წარმომავლობისად მხოლოდ ექვსს მიიჩნევს, რომელთაც აფხაზურ ენაზე ეტიმოლოგია იოლად ეძებნებათ მათი გამჭვირვალობის გამო. ესენია: აშიცრა (აფხ. "ბზის კორომი, ბზიანი"), ა-ბგა-ბარ-თა ("მგლის, მელიის სანახავი ადგილი"), ატიშადუ ("დიდი ხრამი"), ლაგანიაარხუ ("ლაგანიანთ გორა"), არადუქვა ("დიდი კაკლის ხეები"); ხოლო დანარჩენი ოთხის აფხაზური წარმომავლობის დადგენა ძნელდება. ისინი შეიძლება სულ სხვა წარმოშობისა იყოს [გვანცელაძე, 2000: 49].

ზემოთქმულიდან გამომდინარე, სპეციალურ ლიტერატურაში გაკეთებულია დასკვნა, რომ 1940-1954 წლებში აფხაზეთში 109 ტოპონიმიდან 10 აფხაზური სახელის შეცვლა ქართველურით, ნამდვილად ვერ გამოდგება აფხაზი ხალხის ინტერესების შელახვის დასამტკიცებლად. მეტიც, აფხაზეთის მაშინდელი კომუნისტური ხელისუფლება ძალიან ერიდებოდა აფხაზური ტოპონიმების შეცვლას. ამითაა გამოწვეული, რომ ძირითადად შეიცვალა ცარიზმის დროს შემოღებული რუსული და უფრო ადრინდელი სხვაენოვანი ტოპონიმები.

ტოპონიმთა ცვლის მეხუთე ეტაპ ვგულისხმობთ პერიოდს XX ს. 50-იანი წლების მეორე ნახევრიდან 80-იან წლებამდე. ამ დროს ქართული ტოპონიმების დიდი ნაწილი გაუქმდა და მათ ჩაენაცვლა აფხაზური და განსაკუთრებით რუსული ტოპონიმები. ანტიქართული ქმედებით დაბრმავებული ხელისუფლება იქამდეც კი მივიდა, რომ ქართველური სახელწოდებანი ცარიზმის ეპოქის (!) სახელებითაც  შეცვალა; მაგალითად:

,,XIX საუკუნეში დაარსებულ რუს კოლონისტთა სოფელ ერნიგოვკას მე-20 ს. 40-იან წლებში ეწოდა ყაზბეგი, ხოლო 50-იან წლებში კვლავ დაერქვა ჩერნიგოვკა, მაგრამ არ აღდგენილა მისი აფხაზური სახელი ინ();

კოლონისტთა სოფელ ალექსეევკას XX ს. 40-იან წლებში დაერქვა ბაგრატისციხე, 50-იან წლებში კი აფხაზური აგვა სახელის მაგიერ კვლავ ალექსეევკა უწოდეს.

XX ს. დასაწყისში დაარსებულ სოფელ ალპიისკოეს 40-იან წლებში ალპური ეწოდა, 50-იან წლებში კი კვლავ ალპიისკოე.

ასეთივე ცვლილებები მოხდა სხვა შემთხვევებშიც:

არმიანსკოე უშჩელიე → სომხური ხეობა → არმიანსკოე უშჩელიე;

გრუზინსკოე უშჩელიე → საქართველოს ხეობა → გრუზინსკოე უშჩელიე; 

სერებრიანი → ვერცხლიანი → სერებრიანი;

მეტელევკა → კორიანტელი → მეტელევკა;

ვლადიმიროვკა →კოდორი → ვლადიმიროვკა;

პავლოვსკოე →  ურავი → პავლოვსკოე;

გეორგიევსკოე →  საგიორგიო → გეორგიევსკოე;

ესტონკა → ბაღნაშენი → ესტონკა;

         პოლტავო-ალექსანდრევსკოე → ქვემო ახუთი  →  პოლტავო-ალექსანდრევსკოე...[Кварчелия, 1985: 39].

 

1953-1967 წ.წ. შეიმჩნევა ტენდეცია ქართულის ნაცვლად აფხაზური და განსაკუთრებით რუსული ტოპონიმების რაოდენობის  გაზრდისა. მათ შორის არ არის არც ერთი შეგნებულად შევიწროებული აფხაზური ტოპონიმი. მიზეზი მარტივია: ისინი, უბრალოდ, არ არსებობდნენ. ამიტომაცაა, რომ ქართული პოზიციის გასანეიტრალებლად აფხაზები იყენებდნენ რუსულ ტოპონიმებს. მათ აღნიშნულ პერიოდში ქართულის ხარჯზე აღადგინეს 20  მათგანი:

 გაგრაში - 6: ალპიისკოე, ოტრადნოე, ხოლოდნაია რეჩკა, პიცუნდა, ორეხოვო, გრუზინსკოე უშჩელიე;

გუდაუთში - 7: ვესიოლოვკა, არმიანსკოე უშჩელიე, ვერხნი მწარა, ანუხვა არმიანსკაია, ნიჟნი მწარა, ვტოროი არასაძიხ, ათარა არმიანსკაია;

 სოხუმში - 7: ესტონკა, სერებრიანოე, ვერხნი ეშერა, ვერხნი იაშთხვა, ვერხნი აფიანჩი, ვლადიმიროვკა, ნიჟნი იაშთხვა.

აღდგა ორი სომხური ტოპონიმი: ერთი გაგრაში (ფსოუსხევი → დემერჩენც) და ერთი ოჩამჩირეში (დიდი აგარაკი → არაკიჩ). 

4 რუსული ტოპონიმი შეიცვალა ქართულით: ერთი გუდაუთაში (ნოვი აფონ → ახალი ათონი) და სამი ოჩამჩირეში (ვტოროი არასაძიხ →  მეორე არასაიხი, ვტოროი კოპიტ → მეორე კოპიტი, პერვი კოპიტ → პირველი კოპიტი). ე.ი. დაიკარგა სულ 4 რუსული ტოპონიმი. სამი აფხაზური ტოპონიმი შეიცვალა აფხაზურითვე. გაგრაში: ლძაანი → ლიავა, ოჩამჩირეში: აჭანდარა → გუფ-აგუ, ახუწა → გვადა ახუწა. ერთი ქართული ტოპონიმი შეიცვალა ქართულითვე გულრიფში: ქვემო გულრიფშს ეწოდა გულრიფ.

გალის რაიონში აღნიშნულ წლებში ტოპონიმები არ შეცვლილა.

         თავისებურებებით ხასიათდება ტოპონიმთა ცვლის მეექვსე ეტაპი, რომელიც განისაზღვრება XX საუკუნის 80-იანი წლებიდან 1992 წლამდე (აფხაზეთის ომამდე) პერიოდით. ქვეყანაში ეროვნული მოძრაობის აღმავლობას იმპერიამ აფხაზური სეპარატიზმი დაუპირისპირა, რაც ქართული ტოპონიმების წინააღმდეგ ბრძოლაშიც გამოიხატა. ეს უკანასკნელი  ყოველთვის იყო ცილობის საგანი აფხაზ-ქართველთა შორის. ამის დასტურად გამოდგება ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში, გასული საუკუნის 80-იან წლებში, ქვეყანაში ეროვნული მოძრაობის აღმავლობის ჟამს აფხაზური სეპარატიზმის გაღვივება, რაშიც დიდი როლი ითამაშა ქართული ტოპონიმების მასობრივი ცვლის შესახებ გამოჟონილმა ინფორმაციამ. სახელდობრ : აფხაზეთის უმაღლეს საბჭოსთან არსებული ტოპონიმიკის დამდგენი კომისიის მიერ აფხაზეთის მთელ ტერიტორიაზე იგეგმებოდა ,,ტოპონიმიკური ომი'', რაც გულისხმობდა ქართული წარმოშობის სახელების აფხაზური ენის ფონეტიკურ კანონზომიერებათა შესაბამისად გადაკეთებას ან მათ მაგიერ აფხაზური გეოგრაფიული სახელების დამკვიდრებას. თუმცა, ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურმა პროცესებმა ამ კომისიის ჩანაფიქრი დროებით შეაჩერა და მხოლოდ რეკომენდაციის სახე მიიღო; ასეთი რეკომენდაციები დაეგზავნა აფხაზეთის ა/რ ყველა რაიონის ხელმძღვანელობას. კერძოდ, 1989 წლის მაისში სოხუმიდან გაგზავნილი ცირკულარით გალის რაიონში სოფელ მზიურს (ყოფილი ცხირო გალი) უნდა დარქმეოდა შაიკვარა, ჭუბურხინ აკვალია;  სოფელი სუბეიის სახელი, რომელსაც მე-18 საუკუნეში ეწოდა აჩიგვარა, კომისიის რეკომენდაციით გუა'თი უნდა შეცვლილიყო;  გალი -  ალეკუმარა'თი, რეფო-ელეთი - აკვარიქ'თი, სოფ. ხორთოლი - ჩხუართალ'ათი, უმური  -  გუმრიშ'ით და სხვ. სამურზაყანოში, სადაც ისტორიულად აფხაზს არ უცხოვრია (თუ არ ჩავთვლით გვიან შუა საუკუნეებში შარვაშიძეების მიერ ჩასახლებულ თითო-ოროლა აფხაზურ ოჯახს), თუ ტოპონიმთა ასეთი მასობრივი ცვლა იყო ჩაფიქრებული, ადვილი წარმოსადგენია, რა ვითარება იქნებოდა ოჩამჩირის, სოხუმის, გუდაუთის, ტყვარჩელისა თუ გაგრის ზონაში. თუმცა აფხაზეთში ქართულ სახელწოდებათა შეცვლა-გაუქმებას არც ამ პერიოდში მორიდებიან. ამ მხრივ პირველი ნაბიჯი იყო სოხუმში ზღვისპირა ქუჩის - რუსთაველის პროსპექტის - გაყოფა და მისთვის კოღონიას სახელის შერქმევა (შდრ.: დიდ მგოსანს აფხაზეთის სხვა ქალაქშიც არ სწყალობდა ბედი; კერძოდ, გაგრის მაგისტრალურ შოთა რუსთაველის სახელობის ქუჩას აფხაზმა სეპარატისტებმა კომკავშირელი მუშაკის, დემირჯ-იფას, სახელი უწოდეს).

ქართულ სახელწოდებათა მასობრივი ცვლის ბოლო, მევიდე, ეტაპი დაიწყო მოსკოვის მიერ ინსპირირებული 1992-1993 წლების აფხაზეთის ომის დასრულების შემდეგ და დღემდე გრძელდება. ცვლილებები ძირითადად ორი მიმართულებით წარიმართა : ა) ქართველური ტოპონიმები შეიცვლა სხვაენოვანი სახელებით და ბ) დარჩა ძველი სახელწოდებები გარკვეული ტრანსკრიფციული ცვლილებებით. სოხუმის სეპარატისტული რეჟიმი ყველა საშუალებით ცდილობს წაშალოს აფხაზეთის მიწა-წყალზე ქართველთა ოდინდელი ბინადრობის კვალი. ანტიქართულად განწყობილმა სეპარატისტებმა გააუქმეს არა მარტო ქართველური ტოპონიმები, არამედ მთლიანად შეცვალეს ქართველ საზოგადო მოღვაწეთა სახელობის ქუჩების, სანატორიუმების, მოედნების, სხვადასხვა დაწესებულებათა ქართული სახელები და ა.შ. მათი ადგილი დაიკავა რუსულ-აფხაზურმა ტოპონიმებმა, ქართველთა გენოციდში მონაწილე ჩრდილოკავკასიელ კონფედერანტთა სადაურობის აღმნიშვნელმა სახელებმა, სხვადასხვაენოვანმა სახელწოდებებმა. თუმცა, აქვე უნდა ევნინოთ, რომ ახალ სახელებ ნაკლებადაა გათვალისწინებელი თვით აფხაზი ხალხის ინტერესები.

ნიმუშად მოვიყვანთ ე.წ. აფხაზეთის რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 1994 წლის მაისის დადგენილებას გალის რაიონში დასახლებული პუნქტების სახელთა გადარქმევისა და ტრანსკრიფციული ცვლილებების შესახებ, რაც ახსნილია "ისტორიული სამართლიანობის"  (восстановления исторической справедливости)  აღდგენის სურვილით:

 გალი → გალ, სოფ. აგვავერა → აგუაიუარა, აკვარეიკვა → აკუარეიკუა, აჩიგვარა → აჩგუარა, გუდავა → გუდაა, აკვაგა → აკუაგა, ბარღები → ბიარგიაპ, ღუმურიში → გუმრიშ, ლეკუმხარა →ალამკუმხარა, ოქუმი → უაქუმ, წარჩე→ წარჩა, ჩხორთოლი → ჩხუართალ, შაშიკვარა → შაშიკუარა... პარალელურად შეცვალეს იმ ქუჩების სახელებიც, რომლებიც ქართული სახელდების მატარებელნი იყვნენ: საქართველოს ქუას ეწოდა აფსნის ქუ, ბარათავილისას → ქეცბა, წალენჯიხისას →არშბა, რუსთაველისას→ ლეონის.... 

ჩამოთვლილი ცვლილებები განხორციელდა გალის რაიონში, სადაც დღესაც მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა ქართველია. ადვილი წარმოსადგენია, თუ რა ვითარება იქნება აფხაზეთის ტერიტორიის სიღრმეში (რასაც საერთაშორისო სტრუქტურებიც კი ვერ აკონტროლებენ), სადაც  შემორჩენილ თითო-ოროლა ქართველს არათუ ქართული ლაპარაკი, არამედ საკუთარი წარმომავლობის შენიღბვაც კი უხდება. ამჟამად აფხაზეთის ქალაქებში მთლიანადაა შეცვლილი ქართველ მწერალთა, ხელოვანთა, საზოგადო მოღვაწეთა გვარ-სახელების მატარებელი ქუჩების სახელები, მიუხედავად მათი უმრავლესობის დიდი ღვაწლისა აფხაზი ხალხის წინაშე. ახალი სახელდებანი მრავალმხრივ არის საყურადღებო. დომინირებს რუსულენოვანი თუ ქართველთა წინაამდეგ მებროლ კონფედერანტთა სადაურობის მნივნელი სახელდებანი. ვითარების წარმოსაჩენად მოვიყვანთ ქ. სოხუმის ქუჩების ომამდელ და ომისშემდგომ სახელწოდებებს:

  გუმისთის → სლავების, ფილიას → ალანების, ორახელაშვილის → კონფედერატების, თარხნიშვილის → იმამ შამილის, გელოვანის → ყაბარდოს, კუხალეიშვილის → დაღესტნის, ძიძარიას → ადიღეელების, ციტრუსების პირველი შესახვევი → გ. რიბინსკის, ადამიას → ბაშკირეთის, ბაგრატიონის → ბიგუაას, ბარათაშვილის → გუმის, გულიას → შოტლანდიის, ყაზბეგის → ჭოჭუას, კვარაცხელიას → ვავილოვის, ლესელიძის → აბაზინების, მარქსის → ინალ-იფას; მატარაძის → პატე-იფას; მიმინოშვილის → უბიხების; ნაგორნაიას → არცახის; ნინოშვილის→ ჩერნიავსკის; ოლიმპისკაია → ყარაჩაელების; ორჯონიკიძის → ვორონოვის; რუსთაველის →მუჰაჯირების სანაპიროს; სვანიძის → სოლოვიოვის; თავაძის → აშხვაცავას; თბილისის გზატკეცილის → კოდორის გზატკეცილის; ფრუნზეს → აიდგილარას; წერეთლის → ზვანბას;  ჭავჭავაძის → გულიას;  შუქურას → კაზაჩიას და სხვ  [ნაჭყებია, 2009: 110].

ამჟამინდელ აფხაზეთში მიმდინარე რთული პოლიტიკური პროცესები, რაც ძირითადად გამოიხატება ქართველთა ბინადრობის კვალის წაშლის მცდელობაში, მრავალმხრივ დაკვირვებას, გაანალიზება-აღნუსხვასა და შესწავლას მოითხოვს, რადგანაც ნათელია სეპარატისტული ხელისუფლებისა და მათი მხარდამჭერების მიზანი და სამომავლო გეგმები.

 


[1] ეს სახელწოდებანი მოხსენიებულია ოდიშის მთავრის, მამია III  დადიანის (1512-1573 წ.წ.), სახელით შედგენილ „ბიჭვინთის იადგარში".

ლიტერატურა

აბულაძე ი.
1983
თურქული წყაროები XVI ს. I მეოთხედის ისტორიისათვის. თურქული დოკუმენტები ქართული თარგმანით, გამოკვლევითა და შენიშვნებით გამოსცა ც. აბულაძემ. თბილისი.
გვანცელაძე თ.
2000
ტოპონიმთა მასობრივი ცვლა აფხაზეთში 1864 წლის შე¬მდ¬გომ. იბერიულ-კავკასიური ენათმეცნიერება. XXXIV. თბილისი.
გვანცელაძე თ.
2008
აფხაზეთის ეთნიკური ისტორიის ლინგვისტური საფუძვლები. თბილისი.
თამარაშვილი მ.
1902
ისტორია კათოლიკობისა ქართველთა შორის. ტფილისი.
ლამბერტი ა.
1938
სამეგრელოს აღწერა. მეორე გამოცემა, ლევან ასათიანის წინასიტყვაობით, რედაქციითა და შენიშვნებით. თბილისი.
ლორთქიფანიძე მ.
1990
,,არა უწყიან, თუ...”. ლიტერატურული საქართველო. 16 თებერვალი.
მიქიაშვილი ო.
2000
აფხაზეთის ტოპონიმიის ისტორიიდან. 1943-1952, 1953-1967 წ.წ. ქართველური მემკვიდრეობა. ტომი IV. ქუთაისი.
ნაჭყებია მ.
2009
ენობრივი სიტუაცია თანამედროვე აფხაზეთში. თბილისი.
ჯანაშია ს.
1959
თუბალ-თაბალი, ტიბარენი, იბერი. შრომები. III. თბილისი.
Анчабадзе З.
1959
Из истории средневековой Абхазии (VI-XVвв.). Суху¬ми.
Дьячков-Тарасов А.
1905
Бзибская Абхазия. – Известия Кавказского отделения Русского географического общества (ИКОРГО). 18. Тифлис.
Инал-Ипа Ш.
1976
Вопросы этно-куълтурной истории абхазов. Сухуми.
Кварчелия В.
1985
Ойконимы Абхазии в писъменных памятниках. Сухуми.
Татищев В.
1967
Труды. Том 1-2. Москва.