ჟარგონიზმები ქართულ–რუსულ ენობრივ ურთიერთობათა კონტექსტში
ქართულ-რუსული ენობრივი ურთიერთობების ერთ-ერთ განსაკუთრებულ სფეროს ჟარგონული ლექსიკა წარმოადგენს. სპეციალური ლიტერატურის განხილვის შედეგად ქართულ ჟარგონში უკვე ნაცნობი რუსული სიტყვების გვერდით ბევრი „ახალი" რუსული სიტყვა გამოვლინდა, თუმცა არანაკლებ საინტერესოა ისიც, რომ რუსულ ჟარგონში საკმაო რაოდენობის ქართული სიტყვა დავადასტურეთ [ქურდაძე, 2009]. სიტყვათა სესხების ამ ორმხრივ ურთიერთობებს ეხება წინამდებარე წერილიც. მასში ნაჩვენებია, თუ როგორ იყენებს ქართული ჟარგონი რუსულ ლექსიკურ ნასესხობებს და, პირიქით, რუსული ჟარგონი ქართული ენიდან ახლად ნასესხებ ლექსიკას.
საქართველოს რუსულენოვანი სოციუმიდან მომდინარე როგორც რუსული, ასევე ეტიმოლოგიურად არარუსული ჟარგონული ლექსიკური ერთეულები მრავლად გვხვდება ქართულ ჟარგონში. ზოგი ძალზე გამჭვირვალეა და, ერთი შეხედვით, ბარბარიზმს წარმოადგენს, თუმცა, ხმარების სპეციფიკისა და გავრცელების არეალის მიხედვით ჟარგონს მიეკუთვნება, მაგ.: ზადნი - "უკან" და აქედან: „დაზადნა", "უკან წავიდა"; "მანქანა უკან წაიყვანა"; კრიშა _ "სახურავი" და აქედან: "მცველი", "მფარველი"; სტრელკა _ "ისარი" და აქედან: "შეხვედრა", "პაემანი" და სხვ. ზოგი ჟარგონული ერთეული არაა იმდენად გამჭვირვალე, რომ მათი წარმოშობა რუსულენოვან სოციუმს დავუკავშიროთ, მათი წარმომავლობის დასადგენად სპეციალური კვლევაა საჭირო. ჩვეულებრივ ლექსიკონებში მითითებულია ამა თუ იმ ქართული ჟარგონული სიტყვის წარმომავლობა, მაგრამ არა ყოველთვის და ზოგჯერ არათანმიმდევრულად, უსისტემოდ.
ასე მაგალითად, მხოლოდ "დიდი ქართულ-ინგლისური ლექსიკონიდან" ვიგებთ, რომ ჟარგონული ლექსიკური ერთეული პადაგრევი, რაც საჩუქარს ნიშნავს, რუსულიდან მომდინარეობს, მაგრამ იმავე ლექსიკონში არაფერია ნათქვამი გრევის წარმომავლობაზე, რაც ასევე საჩუქარს ნიშნავს, რუსულიდან მომდინარეობს და, ფაქტობრივად, პადაგრევის ვარიანტს წარმოადგენს.
რუსულში ამ სიტყვებს შემდეგი განმარტებები აქვს: პადაგრევს ფინანსური, ფულადი დახმარების მნიშვნელობით წარმოაჩერნს ამერიკაში გამოცემული რუსული ჟარგონის ლექსიკონი და მას უკავშირებს რუსულსავე ზმნურ ფორმებს «подогревать ⁄ подогреть»:
«ПОДОГРЕВ, -а, m., crim. Financial support. See подогревать.
ПОДОГРЕВАТЬ ⁄ ПОДОГРЕТЬ, crim. To support with money (lit., to warm up).
- А на эти деньги подогреешь наших. "Here's a contribution for the support of our boys". ПОДОГРЕТЬ БРАТВУ, idiom. crim. To support imprisoned fellow criminals from a general fund. На то и есть общяк - подогревать братву. "That's why we keep a general fund, to support our brothers in prison" [Shlyakhov. . . 1999].
რუსეთში გამოცემულ ჟარგონის ლექსიკონში ამ სიტყვებს სხვაგვარი მნიშვნელობა აქვს: «ПОДОГРЕВ, а, м., нарк. Употребление наркотиков. . .; ПОДОГРЕТЬ, ею, еет, сов., кого. Дать ком-л. что-л. (в основном - наркотики) бесплатно.» [Никитина, 2003].
ასეთივე განმარტებები აქვს ამავე ლექსიკონში წარმოდგენილ სიტყვა გრევს: «ГРЕВ, а, м., 1. Материальная помощь, оказываемая находящимся в заключении членам группировки, «конторы». . . 2. Наркотики, алкоголь. . .» [Никитина, 2003].
მართალია, რუსულ ლექსიკონებში ამ სიტყვათა განმარტებებში ერთგვარი სხვაობა შეინიშნება, მაგრამ მაინც შეიძლება მათი გაერთიანება რაიმეს გაცემის, რაიმეს მიცემის, ჩუქების შინაარსით. სწორედ ამ მნიშვნელობით დამკვიდრდა ეს სიტყვები ქართულში. ეს ორივე ლექსიკური ერთეული იოლად შეითვისა ქართულმა ჟარგონმა და ამათგან ზმნური ფორმებიც განივითარა: უგრევა, დაუპადაგრევა _ აჩუქა. ამათგან პირველის, უგრევა-ს დასახელებისათვის ცოცხალ მეტყველებას ვეყრდნობით, ხოლო დაუპადაგრევას განმარტება ლექსიკონებიდან მოგვყავს:
"დაუპადაგრევა _ აჩუქა (შდრ. "გრევი" და "პადაგრევი")" [ბრეგაძე, 2005]; "დაუპადაგრევებს (დაუპადაგრევა, დაუპადაგრევებია) Rus c will give sb sth (ingratiating present)" [დიდი . . . 2006].
ამგვარად, როგორც ირკვევა, ქართულ ჟარგონში დადასტურებული გრევიც რუსული წარმოშობისაა.
რასაკვირველია, ერთ სტატიაში შეუძლებელია რუსულიდან ან სხვა რომელიმე ენიდან მომდინარე ლექსიკის სრული კორპუსის გამოვლენა ქართულ ჟარგონში. ეს დიდი და შრომატევადი საქმეა, რაც მომავალშიც გაგრძელდება ისევე, როგორც საერთოდ გაგრძელდება ჟარგონული სიტყვების გამოვლენა, აღნუსხვა და შესწავლა.
ამჯერად სწორედ რუსულენოვან სოციუმთან, რუსულ ჟარგონთან მიმართებით განვიხილავთ ზოგიერთი ქართული ჟარგონული სიტყვის წარმომავლობას. ასეთებია: ამბალი: "ამბალი _ ახმახი" [ბრეგაძე, 2005; დიდი . . . 2006].
„ამბალი" რუსული ჟარგონიდან მომდინარეობს. ამერიკაში გამოცემული რუსული ჟარგონის ლექსიკონის მიხედვით იგი ძლიერს, ღონიერს, ჯმუხს (ჩასხმულ, ჩასკვნილ, ადამიანს), ჩხუბისთავს აღნიშნავს: «АМБАЛ, -а, m., neg. A strong, thickset fellow, thug, muscle-man. • Муж у неё уж больно амбалистый. "Her husband is awfully brawny" [Shlyakhov. . . 1999];
მანდრაჟი, სამანდრაჟო: "მანდრაჟი _ მღელვარება (სპორტსმენისა); სამანდრაჟო _ საშიში (იხ. "მანდრაჟი")" [ბრეგაძე, 2005].
ეს სიტყვაც რუსული ჟარგონიდან მოდის, შდრ.: «МАНДРАЖИРОВАТЬ, ую, ует, несов. Бояться чего-л. . .» [Никитина, 2003];
რამსები, მრავლობითის ფორმით გვხვდება შემდეგ გამოთქმაში: "რამსები არ აგერიოს _ არაფერი შეგეშალოს" [ბრეგაძე, 2005].
ეს სიტყვაც რუსული ჟარგონიდან მომდინარეობს, სადაც ასევე მრავლობითის ფორმით გვხვდება სხვადასხვა გამოთქმაში:
«РАМСЫ, ов, мн. ** Раскидывать рамсы. Рассказывать что-л. . . **Навести (развести) рамсы. Разузнать о чём-л., разведать что-л. . . **Попутать рамсы. Ошибаться» [Никитина, 2003].
სტოსი - ეს სიტყვა ქართულში დასტურდება შემდეგ გამოთქმაში: "სტოსი მი(ჰ)ყავს - ლიდერობს, ავანგარდშია" [ბრეგაძე, 2005]. იგი უნდა მომდინარეობდეს ასევე რუსულ ჟარგონში დადასტურებული სიტყვისაგან სტოსი: «СТОС, а, м. Игральные карты.» [Никитина, 2003].
ჩმორი, ამ სიტყვასთან ერთად მისსავე სახელურ და ზმნურ ვარიანტებსაც წარმოვადგენთ: "ჩმორი _ უხეირო, ჯაბანი, ბედოვლათი; ჩმორიკი _ იგივეა, რაც ჩმორი, ოღონდ რუსული კნინობითი სუფიქსით (-ик) გაფორმებული; დააჩმორა _ დაჩაგრა; დააბეჩავა, დააგლახაკა. (შდრ. "ჩმორი"); დააჩმორიკა _ დააბეჩავა, სულიერად დათრგუნა (შდრ. "ჩმორი" და "ჩმორიკი")" [ბრეგაძე, 2005].
ეს სიტყვაც რუსული ჟარგონიდან მომდინარეობს, მოვიყვანთ მის რუსულ ვარიანტებსაც: «ЧМО, ср. и м., пренебр. 1. Морально опустившийся человек. Чмо - плохой человек ⁄ возможная этимология - аббревиатура от «человек, морально опустившийся» ⁄ . . . деаббр. Чмо - «Человек из Московской области». Первоначально употреблялось в значении «провинциал». . . 2. арм. Деградировавший, опустившийся в условиях дедовщины солдат. . .» [Никитина, 2003; Shlyakhov. . . 1999].
რუსულში დასტურდება "ჩმოკიც": «ЧМОК, [-а, m., youth, neg. A worthless or unpleasant person. • Отойди отсюда, чмок, видеть тебя не хочу. "Get out of here, you schmuck! I don't want to see your face» [Shlyakhov. . . 1999].
გვხვდება ამ სიტყვიდან ნაწარმოები სხვა ფორმებიც: «ЧМОРИТЬ, рю, рит, несов., кого. Издеваться над кем-л., высмеивать кого-л. » [Никитина, 2003].
აშშ-ში გამოცემული რუსული ჟარგონის ლექსიკონის მიხედვით ეს სიტყვა შეშინებას ნიშნავს: «ЧМОРИТЬ ⁄ ЗАЧМОРИТЬ, youth. To frighten, terrify. • Рэкетиры его совсем зачморили, требуют деньги, грозятся избить. "Those racketeers have got him completely terrorized with their demands for money and their threats of violence." [Shlyakhov. . . 1999].
ასეთივე მცირე განსხვავებაა რუსული სიტყვა "ჩმოშნიკ"-ის განმარტებისას ზემოთ მითითებული ლექსიკონების მიხედვით: «ЧМОШНИК, а, м. То же, что ЧМО 1. Чмо, чмошник - морально униженный человек. . .» [Никитина, 2003]. ამერიკაში გამოცემული ლექსიკონის მიხედვით ეს სიტყვა უსიამოვნო, ჭუჭყიან, ბინძურ პიროვნებას ნიშნავს, კერძოდ, «ЧМОШНИК, -а, m., youth, neg. An unpleasant, dirty person. • Этот чмошник загадил всю квартиру. "That slob has messed up the whole apartment" [Shlyakhov. . . 1999].
სიტყვა "ჩმოშნი" თითქმის ერთნაირადაა განმარტებული აღნიშნული ლექსიკონების მიხედვით: «ЧМОШНЫЙ, ая, ое. Неприятный на вид, вызывающий отвращение (о человеке). . .» [Никитина. . . 2003]. შდრ.: «ЧМОШНЫЙ, ая, ое, ая, ое, neg. Unpleasant, dirty. • Там у вас чмошня компашка, туда не пойду. "Those friends of yours are such slobs, I wouldn't want to go to their place." [Shlyakhov. . . 1999].
ხანიგა ეს სიტყვაც რუსულიდან მომდინარეობს და ქართულ ჟარგონშიც ზუსტად იმავე მნიშვნელობით გვხვდება, როგორც რუსულში: "ხანიგა _ გალოთებული, დაშვებული (ფსკერზე)" [ბრეგაძე, 2005]. შდრ.: «ХАНЫГА, -и, m., neg. A drunkard (cf. хань). • Этот ханыга уже пьян с утра. "That boozer has been drunk since this morning."
თავის მხრივ, რუსულში ხანიგა "ხან" სიტყვიდან მომდინარეობს, რაც სასმელს აღნიშნავს: «ХАНЬ, - -и, f. A drink. • Давай сначала сделаем, а потом будем хань глотать. "Let's do the job first, and then we'll have ourselves a drink." [Shlyakhov. . . 1999].
მიუხედავად ზემოთ მოყვანილი მაგალითების სიმცირისა, ცხადია, თუ რა დიდი გავლენა აქვს რუსულენოვან სოციუმს და მის მეტყველებას ქართულ ჟარგონზე. ყოფილი საჭოთა ერთიანობა (ჯარი, ციხე და ყოფითი ურთიერთობები) ერთგვარად განაპირობებდა საერთო ჟარგონული ფორმების არსებობას. ვერ ვიტყვით, რომ ასეთი ურთიერთობა ამჟამად მთლიანად შეწყვეტილია. ამას ადასტურებს პოსტსაბჭოურ პერიოდში შემოსული ჟარგონიზმები ქართულში. ამის ნიმუშად დავასახელებთ თანამედროვე ქართული ჟარგონის მაგალითებს ცოცხალი მეტყველებიდან, რომელთაც ასევე ვადასტურებთ რუსული ჟარგონის ლექსიკონებში. კერძოდ:
მუზონი (მრ. მუზონები) _ მუსიკა, შდრ.: «МУЗОН, а, м. Музыка.» [Никитина, 2003].
ფანატი _ უცნაური ადამიანი; ადამიანი, რომელმაც რაიმე საკითხი ძირისძირობამდე იცის, ფანი (სპორტის ან მუსიკის), შდრ.: «ФАНАТ, а, м. 1. Человек со странностями. . . 2. одобр. Умный, сообразительный, эрудированный. . .» [Никитина, 2003]. ამერიკაში გამოცემულ რუსული ჟარგონის ლექსიკონში ფანატის სხვა მნიშვნელობაც გვხვდება, კერძოდ, სპორტის ფანი: «ФАНАТ, -а, m. A sports fan (from фанатик). • Вчера фанаты устроили драку после матча. "The fans got into a fistfight after yesterday's match" [Shlyakhov. . . 1999].
ასეთია რუსული ლექსიკური ნაკადის ერთი შრე ქართულ ჟარგონში.
ახლა გვინდა წარმოვადგინოთ ის ქართული ლექსიკური ერთეულები, რომლებიც რუსულ ჟარგონში დავადასტურეთ. ბუნებრივია, მათი არსებობაც იმ ფაქტორებითაა განპირობებული, რომელთა შესახებაც ზემოთ იყო საუბარი.
რუსული ჟარგონი და სკაბრეზული გამოთქმები მეტად მრავალფეროვანი და თავისებურია. მას კარგა ხანია, სწავლობენ როგორც რუსეთში, ისე მის ფარგლებს გარეთაც. სრულიად გასაგებია რუსული საენათმეცნიერო-ლექსიკოლოგიური წრეების ინტერესი რუსული ჟარგონისადმი, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანია ამ საკითხისადმი სხვა ქვეყნების ინტერესიც, რადგანაც ჟარგონი ერთგვარად შეუნიღბავად, დაუფარავად წარმოადგენს ამა თუ იმ ხალხის ბუნებასა და ხასიათს. ჟარგონშივე ჩანს ამა თუ იმ ხალხის დამოკიდებულება სხვა ხალხების მიმართ.
რუსულ ჟარგონში, უპირველეს ყოვლისა, საყურადღებოა ის, თუ როგორ იხსენიებენ ქართველს ან როგორ მიმართავენ მას. ასეთ მიმართვას ირონიული ელფერი აქვს. ამ დამოკიდებულების გამოხატვა ხდება ქართული ლექსიკის გამოყენებით. ასეთია ქართული სიტყვა კაცი წოდებითი ბრუნვის ფორმით: კაცო. ეს მაგალითი ამერიკაში გამოცემული რუსული ჟარგონის ლექსიკონიდან მოგვყავს. შევნიშნავთ, რომ ამ ლექსიკონში კაცო არასწორად არის გაიგივებული ქართულ სიტყვა „მეგობართან".
«КАЦО, m., indecl. A Georgien (from the Georgian word for friend). ♦ Где этот кацо живёт? "Where does that Georgian guy live?" [Shlyakhov. . . 1999].
საყურადღებოა, რომ ქართული სიტყვით, ხაჭაპურით, იხსენიება საერთოდ კავკასიელი. რუსულ ჟარგონში ქართული სიტყვა ხაჭაპური წარმოდგენილია რუსული -ик დაბოლოებით - «ХАЧАПУРИК» და ნიშნავს კავკასიელს. აქვე ლექსიკონის შემდგენელს სხვა ჟარგონული სიტყვებიც მოჰყავს, კერძოდ, «ХАЧА», «ХАЧЕК», «ХАЧИК» აქვე დასახელებულია ასეთი ჟარგონული სიტყვაც: «ХАЧЬЁ, -я, ср., в зн. собир. южане, кавказцы» [Елистратов, 2008]. როგორც ვხედავთ, ეს ბოლო მაგალითი კრებითი სახელის მნიშვნელობით იხმარება და სამხრეთელს, კავკასიელს, აღნიშნავს.
ამ შემთხვევაში, ფაქტობრივად, ორი სიტყვა გამოიყენება სამხრეთელის, კავკასიელის, აღსანიშნავად: ერთი ქართული ხაჭაპური _ «ХАЧАПУРИК» და მეორე სომხური ანთროპონიმი «ХАЧЕК», «ХАЧИК» და შესაძლებელია ამასვე უკავშირდებოდეს კრებითი სახელი «ХАЧЬЁ»-ც. თუმცა, ვფიქრობთ, რომ იმავე მნიშვნელობით ნახმარი «ХАЧА» უნდა უკავშირდებოდეს ქართულ სიტყვას, ხაჭაპურს. ის «ХАЧАПУРИК»-ის შემოკლებით უნდა იყოს მიღებული.
ქართველს მოიხსენიებენ ქართული ანთროპონიმებითაც. ამისათვის იყენებენ სხვადასხვა ქართული სახელის მოფერებით ფორმებს, მაგ.: «ГÓГИЯ, им., шутл.-ирон. Грузин. Елистратов, 94» [Никитина, 2003]. ამ სალექსიკონო ფორმას განმარტებისას მიწერილი აქვს: шутл.-ирон. - ხუმრობით, ირონიულად. ასევე ირონიული ელფერი აქვს სახელებს: გოგი, გივი, ვანო.
ასევე ხუმრობით, ირონიულად, უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, დაცინვითაა შექმნილი რუსეთში მოღვაწე ზოგი ქართველის ან ქართული წარმოშობის ადამიანის ჟარგონული მეტსახელი. ამ შემთხვევაში ზოგჯერ ქართულ სიტყვას იყენებენ, რომელიც ერითმება ამ ადამიანის გვარს:
«РКАЦИТЕЛИ, неизм., м., шутл.-ирон. Скульптор Зураб Церетели». (Запись 1999) [Никитина, 2003].
მოქანდაკე ზურაბ წერეთელთან დაკავშირებით საყურადღებოა სხვა გამოთქმებიც. კერძოდ: «ПЁТР ЦЕРЕТЕЛЕВИЧ» _ ასე უწოდებენ პეტრე პირველის ძეგლს მოსკოვში, რომლის ავტორი ზ. წერეთელია; «ЦЕРЕТЕЛИЗАЦИЯ» _ ამით იმას აღნიშნავენ, რომ ზურაბ წერეთლის ძეგლები უხვადაა მოსკოვში. მეტად საინტერესოა ამ ჟარგონიზმის საილუსტრაციო განმარტება, რომელიც „სრული და უსიტყვო კაპიტულაციის" შესახებ განცხადების სტილითაა შესრულებული: «ЦЕРЕТЕЛИЗАЦИЯ _ Полная и безоговорочная церетелизация всей Москвы». [Елистратов, 2008].
ამავე ლექსიკურ ერთეულებთან დაკავშირებით საინტერესოა რუსულ ჟარგონში დადასტურებული სიტყვა «ЗАРЖАВЕЛИ». იგი ქართველს აღნიშნავს. ლექსიკონის შემდგენლის აზრით, ეს სიტყვა ქართული წერეთლის ტიპის გვართა დაბოლოების და რუსული ზმნური ფორმის შერწყმით არის მიღებული. ლექსიკონის შემდგენელი რუსულ ზმნას არ ასახელებს, თუმცა მოჰყავს გამოცანა, რომელიც ალბათ ასევე ჟარგონულ მეტყველებაში უნდა გვხვდებოდეს და რომლის შინაარსის მიხედვით აქ დაჟანგვა ზმნა _ «ЗАРЖАВЕТЬ» უნდა ვიგულისხმოთ: «ЗАРЖАВЕЛИ _ Грузин. Обыгрывается созвучие окончания типичных груз. собств. имен (типа «Церетели» и т. п.) и рус. гл. формы; часто употр. В контексте загадки: «какая получится грузинская фамилия, если гвозди положить в воду?» [Елистратов, 2008].
ასევე ქართული გვარის -ძე დაბოლოების შენარჩუნებით და სიტყვათა თამაშითაა მიღებული «МАРМЕЛАДЗЕ, неизм., м. **Валерий Мармеладзе, шутл., Певец Валерий Меладзе. Я - молодой, 1997, № 38» [Никитина, 2003].
ხშირად ქართული გვარების დაბოლოებით და რუსული სიტყვებითაა ნაწარმოები რუსული ჟარგონიზმები, კერძოდ, -ძე დაბოლოებით. მაგალითად, მაიმუნის ერთ-ერთი სახეობის აღმნიშვნელი სიტყვა შიმპანზე -ძე დაბოლოებით აღნიშნავს ქართველს: «ШИМПАНИДЗЕ - Грузин» [Елистратов, 2008]. ასევე -ძე დაბოლოებით გვხვდება კომპოზიტი «ЦЕЛКОЛОМ», რაც პირდაპირი მნიშვნელობით მთელის მტვრეველს, მსხვრეველს აღნიშნავს, ჟარგონში კი ამ ლექსიკური ერთეულითაც ქართველს აღნიშნავენ, თუმცა, ზოგადად, მექალთანის მნიშვნელობაც აქვს: «ЦЕЛКОЛОМИДЗЕ - 1. Грузин. 2. Бабник» [Елистратов, 2008].
ქართულ -ძე დაბოლოებას სხვა შემთხვევებშიც იყენებს რუსული ჟარგონი, კერძოდ, სულელ ადამიანს აღნიშნავენ შემდეგი ლექსიკური ერთეულით: «ТУПИДЗЕ». ამ ჟარგონულ ერთეულს ასახელებენ შემდეგი ჟარგონიზმების გვერდით: «ТУПАК», «ТУПАРЬ», «ТУПОК - Тупой, глупый человек» [Елистратов, 2008]. -ძე დაბოლოებით ვხვდებით ვერმუტს, არომატიზებული ღვინის სახელს: «ВЕРМУТИДЗЕ - Вермут» [Елистратов, 2008].
გვხვდება აგრეთვე -ძე დაბოლოების მქონე მაგალითი, რომელიც სიზარმაცეს, რაიმის კეთების სურვილის უქონლობას აღნიშნავს: «ВЛОМИНАДЗЕ - лень, нехотение» [Макловски. . . 1999]. მართალია, ამ მაგალითის განმარტებაში არაა ნახსენები არც ქართველი და არც კავკასიელი, მაგრამ დაბოლოების მიხედვით აშკარაა, რომ ის ქართულ გვართა მაწარმოებელ ფორმანტს, -ძე-ს, უკავშირდება. აღსანიშნავია ისიც, რომ ამ მაგალითთან წარმოდგენილია ფოლკლორული ნიმუშები, რომლებიც ქართველებზეა, მათი მოქმედი გმირები არიან ქართველები, ვინმე გივი, გოგი და ვანო. ეს პერსონაჟები ჰომოსექსუალისტები არიან. აქ ხუთი ფოლკლორული ნიმუშია. ჩვენ მხოლოდ ერთს მოვიყვანთ მაგალითად, თუმცა, ამითაც გასაგებია, თუ როგორაა წარმოდგენილი ქართველის სახე ამ ლექსიკონში:
«- Дети, разберите предложение: "Гоги и Гиви пошли мыться в баню".
- Здесь Гоги - надлежащее, Гиви - подлежащее, баня - местоимение, а помыться - предлог» [Макловски. . . 1999].
რუსულ ჟარგონში ნეგატიური მნიშვნელობით ვხვდებით ქართულ გვართა
-შვილი დაბოლოებით ნაწარმოებ სიტყვასაც: «МУДАШВИЛИ» - აღნიშნავს სულელს, იდიოტს. ეს სიტყვა საკმაოდ გავრცელებულია, იგი ორ სხვადასხვა რუსულ ჟარგონულ ლექსიკონში დასტურდება.
«МУДАШВИЛИ, m., indecl., joc. A fool, an idiot (from мудак and typical Georgian surname formative -швили). ♦ Что хочет этот мудашвили? "What does that idiot want?" [Shlyakhov. . . 1999]; მეორე ლექსიკონის მიხედვით ეს სიტყვა ასევე სულელს აღნიშნავს და თანაც კავკასიელს: «МУДАШВИЛИ - просто дурак - в кавказском исполнении. То же самое - МУДАК, МУДИК, МУДИЛО, МУДОФЕР, МУДОТЯП, МУДОЕБ» [Макловски. . . 1999].
ამ სიტყვის პირველ ნაწილს ბევრი ვარიანტი აქვს და ამავე ლექსიკონების მიხედვით უკავშირდება ჟარგონულ სიტყვებს: «МУДА», «МУДЕ», რომლებსაც მამაკაცის წელსქვემოთა ნაწილად, გენიტალიებად, განმარტავენ; გადატანით კი უმნიშვნელო ამბავს, წვრილმანსაც ნიშნავს [Колесников. . . 1996; Shlyakhov. . . 1999].
საყურადღებოა რუსულ ჟარგონულ ლექსიკაში იაკობის შემოკლებული ქართული ვარიანტი კობაც: «КОБА - партийная кликуха И. Сталина. . .» [Макловски. . . 1999]. სხვათა შორის, ამ სიტყვას ჟარგონული სიტყვითვე განმარტავენ «кликуха»-ც ჟარგონულია, ის მეტსახელს ნიშნავს [Shlyakhov. . . 1999]. ეს მაგალითი სექსუალური ჟარგონის ლექსიკონიდან მოგვყავს. ვფიქრობთ, ავტორების მიზანი იყო სტალინი ავხორც პიროვნებად ეჩვენებინათ. ამიტომ გამიზნულად თვლიან კობას ჟარგონიზმად და ეს სიტყვა ამგვარ ლექსიკონში შეაქვთ. საქართველოში ყველასათვის კარგადაა ცნობილი, რომ კობა იაკობის მოფერებითი ფორმაა და სტალინის რევოლუციური პერიოდის მეტსახელია. რუსული ჟარგონული ლექსიკონის ავტორებმა კი, როგორც აღვნიშნეთ, კობა ჟარგონად მიიჩნიეს და ამ ლექსიკურ ერთეულთან თითქმის გვერდნახევრიანი მინაწერი წარმოადგინეს, რომლის მიხედვითაც სტალინი სომხური წარმოშობისაა და საკმაოდ გარყვნილი პიროვნებაა, რომელსაც სისხლის აღრევაც კი ბრალდება. რასაკვირველია, ყოველივე ეს ქართველისა და ქართულის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულების გამოვლენაა.
ირონიული დამოკიდებულებით სხვა ქართული სიტყვებიც გვხვდება რუსულ ჟარგონში. ვფიქრობთ, ასეა, როცა პოპულარული ამერიკული მუსიკალური ჯგუფის სახელს „ბონ ჯოვი" მასთან ხმოვანობით ახლო მდგომი ქართული სიტყვით, ბორჯომით, ცვლიან: «БОРЖОМИ, неизм. шутл. Американская группа "Бон Джови", пользующаяся огромной популярностью у девочек всего Союза (СНГ). МК, 07.08.92+Я - молодой, 1995, №6; Я - молодой, 1997, №45» [Никитина. . . 2003].
ხშირად ქართულ სიტყვებს ირონიით განსხვავებული მნიშვნელობით ხმარობენ, კერძოდ, „თამადას" დაცინვით სუფრაზე თვითნებურად მოთავე ქალიშვილს ან ქალს უძახიან: «ТАМАДА - ДЕВКА, верховодящая за столом. То же самое - МАССОВИК-ЗАТЕЙНИК» [Макловски. . . 1999].
ქართველებისა და კავკასიელების მიმართ ირონიული დამოკიდებულება მჟღავნდება რუსული და სხვა უცხო ენათა სიტყვებით შექმნილ ჟარგონულ გამოთქმებშიც, მაგ.: «ДЖОРДЖИЯ-БЕНЦ, ДЖОРДЖИИ-БЕНЦ» - კავკასიური, მეტწილად ქართული ფირმა მოსკოვში [Елистратов, 2008]; ხოლო საქართველოს ირონიულად იხსენიებენ აბრევიატურით «ФРГ (Федеративная Республика Грузия)» [Елистратов, 2008] მსგავსად გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკისა.
ასევე ირონიული მნიშვნელობითაა ნახმარი რუსულ ჟარგონში ზოგი რუსული სიტყვა, რომლითაც საქართველოს ან მის რომელიმე რეგიონს აღნიშნავენ: ასეთია ქართული ჩაის აღმნიშვნელი სიტყვა «ГРУЗИНКА - Грузинский чай» და შესიტყვება "აფხაზეთის ბუკეტი", რომელიც რუსულ ჟარგონში აღნიშნავს რამდენიმე ვენერიული დავადების ერთად ქონას: «БУКЕТ АБХАЗИИ - Сразу несколько венерических болезней у одного человека» [Елистратов, 2008]. ლექსიკონის ავტორის განმარტებით, ეს ჟარგონიზმი სამარკო ღვინის «Букет Абхазии»-ის დასახელებიდან მომდინარეობს.
ქართველების მიმართ ირონია ჩანს არა ცალკეულ ქართულ თუ რუსულ სიტყვებში, არამედ მთელ გამონათქვამებში: «МЫ, ГРУЗИНЫ, НАРОД ГОРЯЧИЙ, СЕМЕРО ОДНОГО НЕ БОИМСЯ» [Елистратов, 2008].
აღსანიშნავია, რომ რუსულ ჟარგონში გვხვდება რამდენიმე ქართული სიტყვაც, რომლებშიც არაა გამოვლენილი ირონიული დამოკიდებულება ქართველების მიმართ, კერძოდ: ბატონი, რაც აღნიშნავს მამას, უფროსს, საპატიო ადამიანს, წინამძღოლს. იქვე მიუთითებენ, რომ შესაძლებელია მომდინარეობდეს ქართული "ბატონოდან", თუმცა ამ სიტყვას არასწორად განმარტავენ, კერძოდ, რუსულად მამად, «отец»-ად თარგმნიან: «БАТОН - Отец; старший по званию, начальник, уважаемый человек, предводитель. Возм. от грузинского «батоно» - отец» [Елистратов, 2008]. «БАТОН»-ს რუსულ ჟარგონში სხვა მნიშვნელობებიც აქვს, კერძოდ: სიმპათიური ქალიშვილი; უცნაური, უმეგობრო ადამიანი; დიდი ჩანთა და სხვ. ამ მნიშვნელობებს არც ლექსიკონის შემდგენელი უკავშირებს ქართულს და ჩვენთვისაც ძნელია ამ შემთხვევაში ეს ერთეული ქართულ „ბატონს" დავუკავშიროთ.
საინტერესო ვითარებაა რუსულ ჟარგონში დადასტურებულ სიტყვა ხანუმა ან დეიდა ხანუმასთან დაკავშირებით, რაც მორჩენას, მოთავებას, ჩავარდნას, საკმარისს ნიშნავს: კერძოდ, «ХАНУМА (или ТЁТЯ ХАНУМ) - хана, конец, капут, провал» [Елистратов, 2008]. ამ სიტყვებს არავითარი კავშირი არა აქვს არც პიესა "ხანუმასთან" და არც საქართველოსთან. ლექსიკონის შემდგენლის მითითებით, ამ შემთხვევაში ხანუმასა და რუსულ ჟარგონში არსებულ სხვა სიტყვა «ХАНА»-ს დამთხვევით მივიღეთ ეს ჟარგონული გამოთქმები. სიტყვა «ХАНА»-ც მორჩენას, მოთავებას, ჩავარდნას ნიშნავს, ხოლო სახელი «ХАНУМА» პიესა „ხანუმას" გ. ტოვსტონოგოვისეული რუსული ვარიანტით იყო ცნობილი რუსეთში.
საყურადღებოა, რომ რუსულ ჟარგონში ვხვდებით ქართული წარმოშობის შორისდებულებს, როგორიცაა: «ВА», «ВАЙ», «ВАЙМЕ», «ВАХ» _ ესენი როგორც უარყოფით, ისე დადებით ემოციებს გამოხატავენ. ლექსიკონის შემდგენელი შენიშნავს, რომ ესენი კავკასიელ ხალხთა ექსპრესიული შეძახილებიდან მომდინარეობს. «ВА»-ს ლექსიკონის შემდგენელი სავსებით სამართლიანად «ВАЙ»-ის შემოკლებულ ვარიანტად მიიჩნევს: «ВАЙ _ Обычно выражает неодобрение, несогласие, горечь и т. п.» [Елистратов, 2008].
ჩვენი მხრივ დავამატებთ, რომ შესაძლებელია ასეთი ექსპრესიული შეძახილები, ქართველების გარდა, სხვა კავკასიელი ხალხების გამოთქმებშიც გვხვდება, როგორც შორისდებულები, მაგრამ ყველა ეს შორისდებული ქართულია. ამას «ВАЙМЕ» _ ვაიმე შორისდებულის შედგენილობაც კარგად გვიჩვენებს. იგი ორი ნაწილისაგან შედგება: ვაი და მე, რომლის მეორე ნაწილი პირველი პირის მე ნაცვალსახელია ქართულში.
საყურადღებოა, რომ რუსულ ჟარგონში ამავე შორისდებულების მნიშვნელობით გამოიყენება, აგრეთვე, ჩვეულებრივი ანთროპონიმი «ВАХТАНГ», რაც ლექსიკონის შემდგენლის აზრით, კონტამინირებული ფორმაა: «ВАХТАНГ _ То же, что ВАХ. Контаминация ВАХ и собств. груз. «ВАХТАНГ» [Елистратов, 2008].
წარმოდგენილი მასალის მიხედვით აშკარაა, რომ ქართულ ჟარგონში დადასტურებული რუსული თუ რუსულის გზით შემოსული სიტყვები ჟარგონული ლექსიკის სხვადასხვა სფეროს განეკუთვნება, მათში არანაირი ირონიული დამოკიდებულება არაა გამოვლენილი რუსებისა და რუსეთის მიმართ; ხოლო რუსულ ჟარგონში დადასტურებული ქართული ლექსიკა უმთავრესად ირონიული, დამცინავი და ერთგვარად ზიზღნარევი დამოკიდებულების მაჩვენებელია ქართველის, ქართულ რეალობათა და საქართველოს მიმართ. რასაკვირველია, ეს არ ნიშნავს იმას, რომ აქ მოყვანილი მაგალითები ასახავს მთელი რუსეთის დამოკიდებულებას ქართველებისადმი, მაგრამ საზოგადოების ერთ ნაწილში, რომელიც ამ ჟარგონული ლექსიკის მომხმარებელია, ქართველების მიმართ ასეთი დამოკიდებულება ნამდვილად არსებობს. თუმცა, რუსულ ჟარგონში გვხვდება ქართული ლექსიკური ერთეულებიც, რომლებშიც არ არის გამოვლენილი ირონული დამოკიდებულება ქართველებისა და საქართველოს მიმართ.
ლიტერატურა
ბრეგაძე ლ. 2005 |
ქართული ჟარგონის ლექსიკონი. თბილისი. |
დიდი . . . 2006 |
დიდი ქართულ–ინგლისური ლექსიკონი, ორ ტომად, მთავარი რედაქტორი დონალდ რეიფილდი. ლონდონი. |
ქურდაძე რ. 2009 |
ზოგი სიტყვის წარმომავლობისათვის ქართულ ჟარგონში. „წახნაგი“ ფილოლოგიურ კვლევათა წელიწდეული, 1. თბილისი. |
Елистратов В. С. 2007 |
Толковый словарь руввкого сленга. Москва. |
Колесников Н. П., Корнилов Е. А. 1996 |
Поле русской брани. Словарь бранных слов и выражений в русской литературе (от Н. С. Баркова и А. С. Пушкина до наших дней). Ростов-на-Дону. |
Макловски Т., Кляйн М., Щуплов А. 1999 |
Жаргон-энциклопедия сексуальной туссовки для детей от 8 до 18 лет. Научное издание. (Жест-1); Жаргон-энциклопедия сексуальной туссовки для детей от 8 до 80 лет и дальше. Научное изданиею (Жест-2). Москва. |
Никитина Т. Г. 2003 |
Словарь молодежного сленга. Санкт-Петербург. |
Shlyakhov V., Adler E. 1999 |
Dictionary of Russian Slang & Colloquial Expressions. |