აფხაზური ენის ფუნქციონირება განათლების სფეროში

   აფხაზური ენა ახალდამწერლობიანი ენაა. ამ ენაზე დამწერლობა 1862 წელს შექმნა გენერალმა პეტრე უსლარმა. დამწერლობის შექმნამდეც და შემდგომაც (XX საუკუნის 20-იან წლებამდე) აფხაზები განათლების მისაღებად იყენებდნენ ქართულ ენას.   

   ნებისმიერი სადამწერლობო ენის ფუნქციონირების სფეროთაგან ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია განათლების სფერო, მაგრამ აფხაზური სამწიგნობრო ენა მისი არსებობის განმავლობაში ან საერთოდ არ გამოიყენებოდა ამ დარგში, ანდა მისი ფუნქციონირება შეზღუდული იყო. სამწუხაროდ, განათლების სფეროში აფხაზური ენის გამოყენება ამჟამადაც შეზღუდულია.

   1810 წელს, როცა აფხაზეთის სამთავრო ჯერ კიდევ ინარჩუნებდა ნომინალურ დამოუკიდებლობას, ისტორიაში პირველად წინადადება განათლების სფეროში აფხაზური ენის გამოყენების შესახებ წამოაყენა აფხაზეთის მთავრის პირადმა მოძღვარმა, ქართველმა დეკანოზმა, იოანე იოსელიანმა. მისი პროექტით, სოფელ ლიხნში, აფხაზეთის მთავრის რეზიდენციასთან უნდა გახსნილიყო სასულიერო სასწავლებელი, სადაც აფხაზ ბავშვებს მიეცემოდათ შესაძლებლობა, მიეღოთ სასულიერო განათლება დედაენაზე. ამ წინადადებას მხარს უჭერდა აფხაზეთის მთავარი, მაგრამ რუსეთის ხელისუფლებამ მასზე უარი განაცხადა.

   1851 წლის 30 მაისს რუსეთის ეკლესიის უწმინდესმა სინოდმა მიიღო გადაწყვეტილება აფხაზეთის სასულიერო სასწავლებლის გახსნის შესახებ. ამ გადაწყვეტილების მიღებამდე თვე-ნახევრით ადრე, 15 აპრილს, დასაარსებელი სასწავლებლის ზედამხედველად (დირექტორად) დაინიშნა ქართველი იერომონაზონი (შემდგომში ეპისკოპოსი) ალექსანდრე ოქროპირიძე, რომელსაც დიდი წვლილი მიუძღვის აფხაზთა შორის ქრისტიანობის აღდგენისა და სასულიერო განათლების  ორგანიზების საქმეში. დასახელებული 4-კლასიანი სასწავლებელი ამოქმედდა სოფ. ლიხნში 1852 წლის 25 სექტემბრიდან. მასში ისწავლებოდა სჯულის კანონი, რუსული ენა, ქართული ენა (სამოქალაქო და საეკლესიო), სუფთა წერა რუსულად, სუფთა წერა ქართულად, არითმეტიკა, რუსული გრამატიკა, ქართული გრამატიკა, გალობა, გეოგრაფია და სავარჯიშოები აფხაზურ ენაში [წმინდა... 2006: 11-17]. ეს იყო ისტორიაში პირველი შემთხვევა აფხაზური ენის სწავლების შემოღებისა.

   ჩვენამდე მოღწეულია ა. ოქროპირიძის ხელით შედგენილი  ლიხნის სასულიერო სასწავლებლის მოსწავლეთა ნუსხა, რომელიც 1853 წლის 27 იანვრით თარიღდება. ამ დოკუმენტიდან ირკვევა, რომ იმ დროს სასწავლებელში სულ 11 მოსწავლე ჰყოლიათ. ჩვენი ვარაუდით, მათგან ეროვნებით აფხაზი უნდა ყოფილიყო 6 მოსწავლე: სპირიდონ ბჟანია ილორიდან, თევდორე ლაკობა სოუქსუდან (ლიხნიდან), დავით მარშანია გუფიდან, მოსე ეშბა ჯირხვიდან, დავით სოსრანის ძე მარღანია (მისი სადაურობა მითითებული არ არის, მაგრამ აღნიშნულია, რომ იგი „თათარი", ე.ი. მაჰმადიანია, აფხაზეთში კი მაჰმადიანი ქართველები არ ცხოვრობდნენ), ფილიპე ლაკერბაია ოთჰარიდან [წმინდა... 2006: 70-71]. ამ ბავშვთა შორის ა. ოქროპირიძე საკუთარი ხარჯით ინახავდა ს. ბჟანიას [წმინდა... 2006: 68-69]. არსებობს 1867 წლის 29 მაისის ცნობა იმ 8 მოსწავლის შესახებ, რომლებმაც განათლება პირადად ა. ოქროპირიძის დაფინანსებით მიიღეს. ესენი ყოფილან: გიორგი მარშანია, გიორგი ეშბა, პეტრე იასკუა, პეტრე ფილია, პეტრე ანთია, ნესტორ გრიგოლია, დავით გვილია, გრიგოლ ტებლია  [წმინდა...2006: 36, 141].

   ლიხნის სასულიერო სასწავლებელმა იარსება 1855 წლის ოქტომბრამდე.

   ა. ოქროპირიძე ყოფილა სოფელ ილორში აფხაზი ბავშვებისათვის სკოლის გახსნის ინიციატორი და ამ სკოლის ხელმძღვანელიც, რისთვისაც იგი 1852 წლის 8 მაისს სამხრეულით დააჯილდოვეს [წმინდა... 2006: 11]. ეპისკოპოს ალექსანდრე ოქროპირიძის ზრუნვით აღიზარდნენ შემდგომში სახელგანთქმული პირველი აფხაზი ქრისტიანი სასულიერო პირები: ივანე (იოანე) გეგია, იოანე არგუნი, პეტრე ფილია და სხვანი [წმინდა... 2006: 34]. მათგან ი. გეგია 1862 წელს მონაწილეობდა იმ კომისიის მუშაობაში, რომელსაც გენერალი ი. ბარტოლომეი ხელმძღვანელობდა და რომელმაც შეადგინა პირველი აფხაზური საანბანო სახელმძღვანელო.

   აქ წარმოდგენილი კონკრეტული მასალა ცხადყოფს მკვლევარ ჯ. გამახარიას შემდეგი დასკვნის ჭაშმარიტებას: „ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ სწავლა-განათლების საქმეს აფხაზთა შორის სწორედ ეპისკოპოსმა ალექსანდრემ ჩაუყარა საფუძველი" [წმინდა... 2006: 37]. სამწუხაროდ, ამ მოღვაწის დამსახურება აფხაზთა წინაშე დღეს  მივიწყებულია.

   1862 წელს „კავკასიაში მართლმადიდებლური ქრისტიანობის აღმდგენმა საზოგადოებამ" თბილისში შექმნა კომისია აფხაზეთის სამრევლო სკოლებისათვის პირველი აფხაზური საანბანო სახელმძღვანელოს შესადგენად. კომისიას თავმჯდომარეობდა გენერალი ი. ბარტოლომეი, ხოლო წევრები იყვნენ: ქართველი დ. ფურცელაძე და რუსი ვ. ტრიროგოვი. კომისიას დახმარებას უწევდნენ აფხაზი მოღვაწეები: უკვე ხსენებული მღვდელი იოანე გეგია, პრაპორშჩიკი გიორგი ქურციკიძე, აზნაური სიმონ ეშბა. კომისიის მიერ შედგენილი სახელმძღვანელოს აფხაზური ტექსტი შეამოწმეს და შეასწორეს ჰასან მარღანიამ, კონსტანტინე გიორგის ძე შარვაშიძემ და გრიგოლ ალექსანდრეს ძე შარვაშიძემ. წიგნი დაიბეჭდა თბილისში 1865 წელს. მასში აფხაზური საკითხავი მასალა თარგმნილია რუსულ და ქართულ ენებზე [აფხაზური... 1986: 12-13].

   1866 წელს რამდენიმე აფხაზური სოფლის სამრევლო სკოლებში შემოღებულ იქნა სწავლება აფხაზურ ენაზე, რაც უეჭველად დადებითი ფაქტი იყო, მაგრამ 1884 წელს „კავკასიაში მართლმადიდებლური ქრისტიანობის აღმდგენმა საზოგადოებამ" საერთოდ აკრძალა სწავლება აფხაზურ ენაზე და არსებულ სამრევლო სკოლებში შემოიღო სწავლება რუსულ ენაზე.

   1866 წელსვე აფხაზეთის სამრევლო სკოლებისათვის თბილისში გამოიცა „მოკლე საღვთო ისტორია", რომელშიც ტექსტი წარმოდგენილია აფხაზურ და რუსულ ენებზე. აფხაზური თარგმანი შეუსრულებიათ იოანე გეგიას, დავით კაცის ძე მარღანიასა და გიორგი ქურციკიძეს [აფხაზური... 1986: 14].

   1892 წელს თბილისში გამოიცა აფხაზური ენის რიგით მეორე საანბანო სახელმძღვანელო. მისი ავტორები იყვნენ აფხაზური მხატვრული ლიტერატურის მომავალი ფუძემდებელი დიმიტრი გულია და მისი ქართველი მასწავლებელი კონსტანტინე მაჭავარიანი. წიგნში შევიდა რუსულიდან თარგმნილი ლოცვები, „ათი მცნება" და „მრწამსი". წინასიტყვაობაში მითითებულია, რომ სახელმძღვანელოს მიზანია, შეაყვაროს აფხაზ ბავშვებს დედაენა და გაუადვილოს მათ რუსული ენის შესწავლა [აფხაზური... 1986: 14].

   უეჭველად პროგრესული მოვლენა იყო XIX საუკუნის შუა წლებიდან რამდენიმე აფხაზურ სოფელში სამრევლო და საერო სკოლების დაარსებაც, სადაც აფხაზ ბავშვებს ექმნებოდათ შესაძლებლობა, მიეღოთ დაწყებითი განათლება, მაგრამ ამ სკოლებში სწავლების ენა რუსული იყო, ხოლო აფხაზურს მხოლოდ დამხმარე ენის ფუნქცია ეკისრებოდა - მას ხელი უნდა შეეწყო რუსულის საფუძვლიანად შესწავლისათვის. აფხაზური ენის ეს ფუნქცია ცხადად ჩანს ზემოთ უკვე ხსენებული დ. გულიასა და კ. მაჭავარიანის მიერ შედგენილი საანბანო წიგნის წინასიტყვაობიდანაც. გარდა ამისა, აფხაზურ ენაზე სრულყოფილი განათლების მიღებას შეუძლებელს ხდიდა ის, რომ ამ ენაზე იმ დროისათვის საერთოდ არ არსებობდა მხატვრული ლიტერატურა, რომლის ნიმუშებსაც გამოიყენებდნენ სწავლებისას; საქმეს ისიც ართულებდა, რომ ხელისუფლება არანაირად  არ იყო დაინტერესებული აფხაზურ ენაზე განათლების სისტემის შექმნით. მეტიც, ცარიზმი გეგმავდა აფხაზი ხალხის დაჩქარებული ტემპით გარუსებას და ამ გეგმას არ მალავდნენ არც ხელისუფლების წარმომადგენლები და არც მისი იდეოლოგები. მაგალითად,    პ. უსლარის მიერ აფხაზური დამწერლობის შექმნიდან მეოცე საუკუნის 10-იან წლებამდე აფხაზური ენა პრაქტიკულად იშვიათად იხმარებოდა განათლების სფეროში. 1864 წლიდან, როცა რუსეთმა საბოლოოდ დაიპყრო აფხაზეთის სამთავრო, რუსული ხელისუფლება თვითონ შეეცადა აფხაზურ ენაზე სწავლების ორგანიზებას და 1865 წელს, პირველი აფხაზური საანბანო სახელმძღვანელოს გამოცემიდან ერთი წლის შემდეგ, რამდენიმე აფხაზურ სოფელში გახსნა სკოლები აფხაზი ბავშვებისათვის, რომლებშიც სწავლება რუსულ ენაზე მიმდინარეობდა, მაგრამ ისწავლებოდა აფხაზური ენაც.

   ამ სკოლებში აფხაზური ენის სწავლება პრიორიტეტი არ ყოფილა: რუსულ გრაფიკაზე დაფუძნებული აფხაზური სამწიგნობრო ენა განიხილებოდა, როგორც დამხმარე საშუალება, რუსული ენის შესასწავლად. გარდა ამისა, რუსიფიკაციის იდეოლოგები მიზნად ისახავდნენ აფხაზი ხალხის მოწყვეტას ქართული კულტურული სივრცისაგან (მანამდე აფხაზები ოჯახებში სწავლობდნენ ქართულ ენას და იყენებდნენ მას ოფიციალური საქმისწარმოების, ქრისტიანული ღვთისმსახურებისა და კულტურის დარგებში). რუსი იდეოლოგები და ხელისუფლება ასახელებდნენ რამდენიმე მიზეზს, რომელთა გამოც შეუძლებელი იყო აფხაზურ ენაზე განათლების დანერგვა:

1.      აფხაზურ ენაზე  საერო და სასულიერო განათლების ორგანიზება შეუძლებელია, რადგან ამ ენაზე არ არსებობს სასწავლო ლიტერატურა;

2.      აფხაზურ ენაზე არ არსებობს არც ორიგინალური და არც თარგმნილი მხატვრული ლიტერატურა;

3.      აფხაზები არ არიან ქართველები, რის გამოც მათთვის ქართულ ენაზე სწავლებისა და ქრისტიანული ღვთისმსახურების განგრძობა  დაუშვებელია;

4.      აფხაზებმა იმ დონეზე უნდა ისწავლონ რუსული ენა, რომ  საბოლოოდ დაივიწყონ დედაენა და გარუსდნენ...

  მაგალითად, რუსიფიკაციის ერთ-ერთი იდეოლოგი ევგენი ვეიდენბაუმი წერდა:

   „აფხაზური ენა, რომელსაც არა აქვს დამწერლობა და ლიტერატურა, რაღა თქმა უნდა, განწირულია მეტ-ნაკლებად ახლო მომავალში  გასაქრობად. საკითხი ასე დგას: რომელი ენა შეცვლის მას? ცხადია, რომ [აფხაზურ] მოსახლეობაში კულტურული იდეებისა და ცნებათა დამნერგავის როლი უნდა შეასრულოს არა ქართულმა, არამედ რუსულმა ენამ. ამიტომ მე მიმაჩნია, რომ აფხაზური დამწერლობის დაფუძნება თვითმიზანი კი არ უნდა იყოს, არამედ ის უნდა გახდეს ეკლესიისა და სკოლის მეშვეობით ქართული ენისადმი მოთხოვნილების დასუსტებისა და მისი [ქართულის] სახელმწიფო ენით [რუსულით] შეცვლის იარაღი" [Гамахария... 1997: 720].

   ე. ვეიდენბაუმი შეგნებულად ჩქმალავდა იმ დროისათვის აფხაზური დამწერლობის არსებობის ფაქტს. გარდა ამისა, მას უნებურად წამოსცდა, რომ აფხაზურ მოსახლეობაში შენარჩუნებული იყო ქართული ენის ცოდნის ტრადიციული მოთხოვნილება.

 

   ასეთ პირობებში გმირობის ტოლფასი იყო იმ აფხაზ და ქართველ მოღვაწეთა საქმიანობა, რომლებიც მაინც ცდილობდნენ აფხაზური ენის სწავლების დანერგვას რეგიონის აფხაზურ სოფლებში დიდი მეცადინეობით შექმნილ სკოლებში. ამ მხრივ განსაკუთრებული წვლილი მიუძღვით აფხაზ განმანათლებლებს: „აფხაზური განათლების პაპად" მიჩნეულ თომა ეშბას, დიმიტრი გულიას, ანდრეი ჭოჭუას, დიმიტრი მარღანიას, სამსონ ჭანბას, ანტონ ჩუკბარს, სიმონ ბასარიას, ნიკოლოზ პატეიფასა და სხვებს, აგრეთვე, მათ ქართველ თანამოაზრეებსა და თანამებრძოლებს: კონსტანტინე მაჭავარიანს, პეტრე ჭარაიას, ნიკოლოზ ჯანაშიას, მარიამ (მაშო) დადიანსა და სხვებს. მაგალითად:  პეტრე ჭარაია, რომელიც ბრწყინვალე ლინგვისტი იყო და ავტორია შესანიშნავი გამოკვლევებისა  ქართული და აფხაზური ენების  სტრუქტურისა და ისტორიის, აფხაზური ფოლკლორისა და ეთნოლოგიის საკითხებზე,  მთელი თავისი შეგნებული ცხოვრების განმავლობაში ასწავლიდა აფხაზურ და ქართულ ენებს სოფელ ეშქითში მოსახლე აფხაზ ბავშვებს.

   აფხაზმა განმანათლებელმა, ანდრეი ჭოჭუამ, 1909 წელს გამოსცა იაკობ გოგებაშვილის მიერ შემუშავებული პედაგოგიური პრინციპების საფუძველზე შედგენილი „აფხაზური ანბანი", რომელშიც ორიგინალური აფხაზური საბავშვო ტექსტების გვერდით შეტანილი იყო ი. გოგებაშვილის „რუსსკოე სლოვო"-დან თარგმნილი რამდენიმე მოთხრობაც. ამ წიგნის ღირსება ის იყო, რომ იგი მისდევდა იაკობის პედაგოგიურ პრინციპს, რომლის მიხედვითაც,  დედაენის შესწავლა მეორეხარისხოვანი საქმე  კი არ უნდა იყოს, არამედ დედაენა მოსწავლეს უნდა ეხმარებოდეს სამყაროს აღქმაში, უვითარებდეს მას ცოდნის წყურვილს, შემოქმედებით უნარს, უმაღლებდეს კულტურის დონეს, ხოლო სხვა ენა უნდა ისწავლებოდეს მხოლოდ მას შემდეგ, რაც მოსწავლეს საფუძვლიანი ცოდნა ექნება დედაენისა და უცხო ენის გავლენა ვეღარ გადააჯიშებს მას. იაკობის ეს პრინციპი ხელს უწყობს ეთნოსის ენობრივი და ეთნიკური იდენტობის გადარჩენას.

   აღსანიშნავია აგრეთვე ი. გოგებაშვილის ზრუნვა აფხაზურ ენაზე სწავლების გასაუმჯობესებლად. მან მხარი დაუჭირა აფხაზეთის ეპისკოპოს კირიონის (საძაგლიშვილის) წინადადებას აფხაზური ლიტერატურის შექმნის, აფხაზურ ენაზე სწავლებისა და ღვთისმსახურების გაძლიერების აუცილებლობის თაობაზე. 1907 წელს იაკობი წერდა აფხაზური ენის შესახებ:  "როგორც დამოუკიდებელ ენას, მას უდავოდ აქვს უფლება თავის ღვთისმსახურებაზე, თავის დამწერლობაზე, თავის ხალხურ ლიტერატურაზე". იქვე იგი მოუწოდებდა სოხუმში მცხოვრებ ქართველ მოღვაწეებს, დახმარება გაეწიათ აფხაზი კოლეგებისათვის აფხაზური ენის სასკოლო სახელმძღვანელოების შედგენაში და თუ ამგვარი წიგნების გამოცემა გაუჭირდებოდათ, გადაეგზავნათ ტექსტები თბილისში, სადაც ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, რომლის გამგეობის წევრიც თვით ი. გოგებაშვილი იყო, თავისი ხარჯით დაბეჭდავდა წიგნებს [გამახარია, 2005: 473-474]. ვვარაუდობთ, რომ სწორედ ი. გოგებაშვილის ამ წინადადებამ გაამხნევა აფხაზი განმანათლებლები და მისი მოწოდების გამოძახილი უნდა იყოს 1908 წელს თბილისში ავტორთა ჯგუფის მიერ შედგენილი ისეთი წიგნის გამოცემა, როგორიც იყო „აფხაზური წიგნი აფხაზთა სკოლებისათვის", რომლის სახელწოდება და შინაარსი აშკარად მიანიშნებს იმაზე, რომ ავტორები მოწადინებულნი ყოფილან, შექმნილიყო არა რუსული სკოლები აფხაზური ენის სწავლების ელემენტებითურთ, როგორც ეს მანამდე იყო, არამედ საკუთრივ აფხაზური ეროვნული სკოლები.

   ბედის ირონიაა, რომ ამჟამად აფხაზი სეპარატისტები ეპისკოპოს კირიონსა და ი. გოგებაშვილს ყველაზე დიდ „აფხაზთმოძულეებად" და „ასიმილატორებად" აცხადებენ.

   განათლების სფეროში აფხაზური ენის გამოყენების გაფართოების თვალსაზრისით მნიშვნელოვანი მოვლენა იყო 1915 წელს ქ. სოხუმში სამასწავლებლო სემინარიის დაარსება და იქ აფხაზური ენის მასწავლებლად დ. გულიას მიწვევა. მართალია, ამ სასწავლებელშიც აფხაზურ ენას დამხმარე დისციპლინის ფუნქცია ჰქონდა, მაგრამ დ. გულიამ შეძლო აფხაზ მოსწავლეთა დაინტერესება დედაენით, რასაც ხელი ხეუწყო საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, 1919 წელს, მის მიერვე სასწავლებელში აფხაზური ლიტერატურის წრის შექმნამ, რომელიც გამოსცემდა ხელნაწერ ჟურნალ  „შარფიეწვა"-ს („ცისკრის ვარსკვლავი"). წრის მუშაობაში მონაწილეობდნენ და ჟურნალში თავიანთ პირველ თხზულებებს აქვეყნებდნენ მომავალი აფხაზი მწერლები: ივა კოღონია, მუშნი აჰაშბა, ძაძ დარსალია, მიხა ლაკრბა, შამილ ხოკერბა და სხვანი [აფხაზური... 1986: 45]. ამავე 1919 წელს დაარსებულ პირველ აფხაზურენოვან გაზეთ „აფსნი"-ში მისი რედაქტორი დ. გულია მოუწოდებდა აფხაზ ხალხს, დაეცვათ დედაენა და მიეღოთ ამ ენაზე საფუძვლიანი განათლება [აფხაზური... 1986: 43].  ჩანს, მას სჯეროდა, რომ დამოუკიდებელ საქართველოში შესაძლებელი იქნებოდა აფხაზურ ენაზე საფუძვლიანი განათლების მიღება. სამწუხაროდ, საქართველომ დამოუკიდებლობა მალე დაკარგა და დამყარდა საბჭოთა ხელისუფლება.

   თუ გვსურს, ობიექტურად შევაფასოთ განათლების საბჭოური სისტემა, მაშინ ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ ამ სისტემის უმთავრესი მიღწევა წერა-კითხვის მასობრივი უცოდინრობის აღმოფხვრა და სასკოლო განათლების სავალდებულოდ გახდა იყო, რამაც უდავოდ აამაღლა მოსახლეობის საერთო კულტურული დონე. მაგრამ ამასვე ვერ ვიტყვით ეროვნულ ენათა განათლების სისტემაში გამოყენების შესახებ. ამ თვალსაზრისით საბჭოთა კავშირში გავრცელებული ენები რამდენიმე კატეგორიად იყო დაყოფილი:

1.      ერთადერთი რეალურად პრივილეგირებული ენა რუსული იყო, რომლის ცოდნა ყველა მოქალაქეს ევალებოდა განურჩევლად ეროვნებისა. მთელ სახელმწიფოში მოფენილ რუსულ სკოლებში უკლებლივ ყველა საგანი (ერთ-ერთი დასავლეთევროპული ენის გარდა) მხოლოდ რუსულ ენაზე ისწავლებოდა;

2.      მოკავშირე რესპუბლიკათა სატიტულო ერების ენებზე სწავლება მიმდინარეობდა ორი კატეგორიის სკოლებში: ზოგ რესპუბლიკაში (უკრაინაში, საქართველოში, სომხეთში, აზერბაიჯანში, მოლდავეთში, ბალტიისპირა ქვეყნებში) არსებულ ეროვნულ სკოლებში სწავლების ენად სატიტულო ერთა ენები გამოდიოდა, ხოლო დანარჩენ რესპუბლიკებში (მაგალითად, შუა აზიის 5 ქვეყანაში) სკოლები ფსევდოეროვნული იყო და მათში დაწყებითი განათლება ეროვნულ ენაზე მიმდინარეობდა, მე-5 კლასიდან კი დისციპლინათა უმრავლესობა (ჰუმანიტარულ საგანთა გარდა) რუსულ ენაზე ისწავლებოდა;

3.      ავტონომიათა მქონე და სხვა უმცირესობათა კომპაქტური დასახლების ადგილებში არსებულ სკოლებსაც „ეროვნული სკოლები" ერქვა, მაგრამ მათშიც დაწყებითი განათლება ეროვნულ ენაზე მიმდინარეობდა, მე-5 კლასიდან კი დისციპლინათა უმრავლესობა (ჰუმანიტარულ საგანთა გარდა) რუსულ ენაზე ისწავლებოდა.

   აფხაზეთში ის სკოლა, რომელსაც დღემდე აფხაზური სკოლა ეწოდება, მესამე კატეგორიას განეკუთვნებოდა. მათში აფხაზი მოსწავლეები დედაენაზე განათლებას იღებდნენ მხოლოდ პირველი ოთხი სასწავლო წლის განმავლობაში, უფროს კლასებში კი სწავლების ენა რუსული იყო და ბავშვს დედაენაზე მხოლოდ აფხაზურ ენასა და აფხაზურ ლიტერატურას ასწავლიდნენ. ეს იმას ნიშნავს, რომ რეალურად ე.წ. აფხაზური სკოლა რუსულენოვანი სკოლა იყო დედაენის სწავლების ელემენტებითურთ, რაც აფხაზთა დენაციონალიზებასა და გარუსებას ისახავდა მიზნად.

   აფხაზურ სეპარატისტულ ლიტერატურაში მძიმე ბრალდებად მიიჩნევა იმის მტკიცება, თითქოსდა საქართველოს სსრ ხელისუფლებამ მიზნად დაისახა აფხაზთა გაქართველება და ამ მიზნის მისაღწევად 1945 წელს აფხაზური სკოლები გადააკეთა ქართულ სკოლებად და აკრძალა მათში აფხაზური ენისა და ლიტერატურის სწავლება. ეს ბრალდება არ შეესაბამება სინამდვილეს. რეალურად საქმე სულ სხვაგვარად იყო:

   1938 წლის 24 იანვარს საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის ორგბიურომ მიიღო გადაწყვეტილება საგანმანათლებლო სისტემის რეფორმირების შესახებ. დადგენილებაში ეწერა:

   „ა. გარდაიქმნას განსაკუთრებული ეროვნული სკოლები (გერმანული, ფინური, პოლონური, ლატვიური, ესტონური, ბერძნული, იჟორული და ა.შ.) ჩვეულებრივი ტიპის საბჭოთა სკოლებად, ასევე, გაუქმდეს ჩვეულებრივ საბჭოთა სკოლებთან არსებული განსაკუთრებული ეროვნული განყოფილებები;

   ბ. ...აუცილებელია, განსაკუთრებული ეროვნული სკოლების რეორგანიზაცია მოხდეს ჩვეულებრივი ტიპის საბჭოთა სახელმძღვანელოებსა და სასწავლო პროგრამებზე მათი გადაყვანის გზით, შესაბამისი რესპუბლიკის ენაზე ან რუსულ ენაზე სწავლების შემოღებით..." [პაპასქირი, 2003: 19].

   ეს დადგენილება გულისხმობდა ე.წ. აფხაზურ სკოლაში სწავლების გადაყვანას ქართულ ენაზე. როგორც სამართლიანად შენიშნავს მკვლევარი დ. ჯოჯუა, საქართველოს სსრ მაშინდელი ხელმძღვანელობა ფრთხილობდა და 7 წლით დააგვიანა ე.წ. აფხაზური სკოლების რეფორმირება [ჯოჯუა, 2007: 327], მაგრამ ბოლოს მაინც გადაიდგა ეს ნაბიჯი, ვინაიდან მოსკოვი საქმის მეტ გადადებას არ მოითმენდა. არსებითია ისიც, რომ 1945 წლიდან ე.წ. აფხაზურ სკოლებში აფხაზური ენისა და ლიტერატურის სწავლება არ გაუქმებულა, რასაც შემდეგი ფაქტები ადასტურებენ:

  1. აფხაზი მწერალი ბაგრატ შინქუბა იგონებს: „იმ წელს [1945 წ., - თ. გ.] დავბრუნდი სოხუმში, მუშაობა დავიწყე აფხაზურ ინსტიტუტში. ვამუშავებდი აფხაზური სიტყვის აგებულების საკითხს, ვაკეთებდი შენიშვნებს აფხაზურ ენაში მახვილის შესახებ. შევუდექი აფხაზური ზეპირსიტყვიერების მუდმივად ჩაწერას. მონაწილეობა მივიღე აფხაზური ლიტერატურის ქრესტომათიის შედგენაში, დავწერე და ახლაც გამოიცემა აფხაზური ენის გრამატიკა II და III კლასებისათვის" [შინქუბა, 1989: 540]. რა თქმა უნდა, თუკი 1945 წელს სკოლებში აფხაზური ენისა და ლიტერატურის სწავლება აკრძალული იყო, არც აფხაზური ლიტერატურის ქრესტომათიისა და არც აფხაზური ენის სასკოლო სახელმძღვანელოების შედგენა-გამოცემა იქნებოდა დასაშვები. აღსანიშნავია ისიც, რომ აფხაზი მწერალი 1945 წლამდე სწავლობდა თბილისში, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ენათმეცნიერების ინსტიტუტის ასპირანტურაში, აფხაზური ენის სპეციალობით და შემდგომში აქვე დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია აფხაზური რთულფუძიანი სიტყვების სტრუქტურის შესახებ;
  2. 1947-1953 წლებში აფხაზი პოეტი ალექსი ჯონუა აფხაზურ ენასა და ლიტერატურას ასწავლიდა სოხუმის სახელმწიფო პედაგოგიურ სასწავლებელში [აფხაზური... 1986: 260]. ეს ფაქტიც იმაზე მეტყველებს, რომ 1947-1953 წლებში არსებობდა აუცილებლობა, მომზადებულიყვნენ აფხაზური ენისა და ლიტერატურის მასწავლებლები, მაშასადამე, არც ამ დისციპლინების სწავლება იყო გაუქმებული.
  3.  XX საუკუნის 50-იანი წლებიდან 1992 წლამდე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის კავკასიური ენების განყოფილებაზე სწავლობდა 70-მდე აფხაზი სტუდენტი, რომლებსაც  აფხაზური ენის სალექციო კურსს უკითხავდა ამ ენის უდიდესი სპეციალისტი, აკად. ქ. ლომთათიძე, რომლის ხელმძღვანელობითაც იმავე პერიოდში დისერტაციები დაიცვა დღეს მოღვაწე და აწ გარდაცვლილ აფხაზ ლინგვისტთა უმრავლესობამ (ლ. ჭკადუამ, შ. არისთავამ, ვ. კონჯარიამ, ს. ამიჭბამ, ვ. ამიჭბამ, ზ. ავიძბამ, ნ. არშბამ, ე. კილბამ, ლ. ჰაგბამ, ა. ხეციამ და სხვ.). თუკი აფხაზური ენა მართლა აკრძალული იყო 50-იან წლებში, მაშინ აფხაზ სტუდენტებსა და ასპირანტებსაც აღარ წაეკითხებოდათ ამ ენის სალექციო კურსები.

 

   ამრიგად, ცხადია, რომ სეპარტისტთა მტკიცება სკოლებში აფხაზური ენისა და ლიტერატურის სწავლების აკრძალვის შესახებ არ შეეფერება სინამდვილეს. რეალურად 1945 წლიდან ქართულმა ენამ დაიკავა რუსული ენის ადგილი, ხოლო აფხაზური ენისა და ლიტერატურის სწავლება დარჩა იმავე დონეზე, რომელზეც 1945 წლამდე იყო. ამ მხრივ ვითარება არ შეცვლილა არც მას შემდეგ, რაც 1954 წლიდან რუსულმა ენამ კვლავ დაიბრუნა თავისი ფუნქცია ე.წ. აფხაზურ სკოლაში.

   სამწუხაროდ, აფხაზური ენისა და ლიტერატურის სწავლების მდგომარეობა ე.წ. აფხაზურ სკოლებში არ გაუმჯობესებულა არც 1993 წელს აფხაზეთის „განთავისუფლებისა" და 2008 წელს რუსეთის მიერ მისი „დამოუკიდებლობის" აღიარების შემდგომ. ამჟამინდელ ე.წ. აფხაზურ სკოლებში აფხაზურ ენაზე სწავლება კვლავ პირველ ოთხ წელიწადს ხორციელდება, მეხუთე კლასიდან კი ყველა საგანი, გარდა რამდენიმე ჰუმანიტარული დისციპლინისა, ისევ რუსულ ენაზე ისწავლება, რაც სერიოზულ საფრთხეს უქმნის არა მარტო აფხაზური ენის, არამედ აფხაზური ეთნიკური იდენტობის მომავალს. 

ლიტერატურა

აფხაზური...
1986
აფხაზური ლიტერატურის ისტორია. წიგნი პირველი. სოხუმი. (აფხაზურ ენაზე)
გამახარია ჯ.
2005
აფხაზეთი და მართლმადიდებლობა (I ს. – 1921 წ.). თბილისი.
პაპასქირი ზ.
2003
მითი ქართველთა მხრიდან აფხაზი ხალხის ეთნოკულტურული ინდივიდუალობის მოშლის ე.წ. „მცდელობის“ შესახებ XX საუკუნის 30–იანი წლების მიწურულსა და 40–იან წლებში. საისტორიო ძიებანი. VI. თბილისი.
შინქუბა ბ.
1989
თხზულებანი ოთხ ტომად. ტომი 3. სოხუმი. (აფხაზურ ენაზე)
ჯოჯუა დ.
2007
აფხაზეთი საბჭოთა სოციალიზმის ეპოქაში. 1938–1990. ნარკვევებისაქართველოს ისტორიიდან. აფხაზეთი. თბილისი.
Гамахария Дж., Гогия Б.
1997
Абхазия - историческая область Грузии. Тбилиси.
წმინდა...
2006
წმინდა მღვდელმთავარი ალექსანდრე (ოქროპირიძე) და აფხაზეთი.კრებული შეადგინა, გამოკვლევა და კომენტარები დაურთო ჯემალ გამახარიამ. თბილისი.